მოკლედ ამ თემას ხელახლა ვხსნი და ვეცდები უფრო სრულყოფილად ჩამოვყალიბდე ყველას ვისაც რაიმეს თქმა შეუძლია ამასთან დაკავშირებით შემომეშველეთ წინასწარ ვიცდი ბოდიშს თუ რაიმე შეცდომა გამეპარება დამავალებთ თუ ფოტო მასალას მომაწვდით
ტრადიციულად ავყვები იერარქიას
ყველამ კარგად ვიცით რომ არსებობენ ტაძრის მსახურები: დამლაგებლები, მესანთლეები, იკონომოსები (ტაძრის ბუღალტრები), მნათეები, მედავითნეები და ა.შ მაგრამ არსებობენ განსაკუთრებული მსახურები რომლებსაც კლირიკოსები ანუ საკურთხევლის მსახურები ეწოდებათ, მათი ყველაზე დაბალი წარმომადგენელია მნათე-სტიქაროსანი
მსახურებისას იმოსება სტიქარით.
სტიქარი ანუ კვართი მის ჩამცმელს ანგელოზებრივ მსახურებას ავალდებულეს, იქნება ეს ხსენებული კლირიკოსი თუ ყველაზე მაღალი იერარქი. მსახურების დროს (მცირე შესვლა, დიდი შესვლა, სახარება და ა.შ) სტიქაროსანს აქვს პატივი განასახიეროს უფლის წინამორბედი, იოანე ნათლისმცემელი. ამ დროს მას სანთელი უნდა ეპყრას ხელთ.
სტიქაროსნებს ადრე "იპოდიაკვნებს" (ჰიპოს. ბერძ.-დაქვემდებარებული) ანუ დიაკვანს დაქვემდებარებულებს ეძახდენენ, მათზე ქიროტონია (ხელდასხმა) არ აღესრულებოდა, მაგრამ აღესრულებოდა ქიროტესია (ხელდადება), ისინი ტრაპეზს ემსახურებოდნენ/ემსახურებიან(ზოგიერთ ეკლესიაში) ასევე შეეძლოთ მცირე კვერექსის თქმა, ქიროტესიის შემდეგ ყოველგვარი ქორწინებითი კავშირი იკრძალებოდა. დღეს ეს წესი შეცვლილია აღარავითარი საკრალური მნიშვნელობის საიდუმლო აღარ აღესრულება, მხოლოდ გარკვეული წესით შემოიფარგლება ბუნებრივია ყოველივე ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
მნათე იხვეწებოდა დამეხმარეთო შესამოსლებშიო და... დავიწყოთ ჯერ საეკლესიო იერარქიაზე ორიოდ სიტყვით:
წმიდა მოციქულებმა ახალი აღთქმის ეკლესიაში დაადგინეს მღვდელმსახურთა სამი ხარისხი: ეპისკოპოსი, პრესვიტერი (ანუ მღვდელი) და დიაკონი. ყველა ისინი იწოდებიან მღვდელმსახურად, რადგან მღვდლობის საიდუმლოთი იღებენ სულიწმიდის მადლს ქრისტიანულ ეკლესიაში წმიდა მსახურებისათვის: აღასრულებენ ღვთისმსახურებას, ადამიანებს ქრისტიანულ რწმენასა და სათნოებებში განსწავლიან და საეკლესიო საქმეებს განაგებენ.
ეპისკოპოსები ეკლესიასი უმაღლეს ხარისხს წარმოადგენენ. ისინი მადლის უმაღლეს სახეს იღებენ. ეპისკოპოსს ეწოდება აგრეთვე მღვდელმთავარი, ანუ მღვდელთა უფროსი. მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლოება და საეკლესიო მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, არა მხოლოდ აღასრულონ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხან მღვდლებს, აკურთხონ მირონი, რაც მღვდელს არ შეუძლია.
სიწმიდის ხარისხით ყველა მღვდელმთავარი თანასწორია, მაგრამ მეტნაკლებად დამსახურებულ მღვდელმთავარს მთავარეპისკოპოსის ხარისხი ენიჭება, ხოლო მასზე აღმატებულია მიტროპოლიტი (საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტზე აღმატებულია). მღვდელმთავართა კრებულს, ანუ წმიდა სინოდს, და საერთოდ, ქვეყნის ეკლესიას მეთაურობს პატრიარქი (საქართველოს ეკლესიის მეთაურს აქვს წოდება კათოლიკოს-პატრიარქისა).
მღვდელი, ანუ პრესვიტერი ეპისკოპოსის შემდეგ მეორე სამღვდელო ხარისხია. ეპისკოპოსის კურთხევით მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლო და საეკლესიო მსახურება, გარდა იმისა, რასაც მხოლოდ მღვდელმთავარი ასრულებს, ე.ი. ხელდასხმისა და მირონის კურთხევისა.
ქრისტიანულ საზოგადოებას, რომელიც მღვდელს ემორჩილება, სამრევლო ეწოდება.
შედარებით ღირსეულ და დამსახურებულ მღვდლებს ენიჭებათ დეკანოზის ხარისხი, მათ შორის აღმატებულს კი - პროტოპრესვიტერისა. პროტოპრესვიტერის წოდებას საქართველოს საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი ატარებს.
თუ მღვდელი ამავე დროს ბერიცაა, მაშინ მას მღვდელმონაზონი ეწოდება, მონასტრის წინამძღვარი იღუმენის ხარისხშია, ხოლო კიდევ უფრო აღმატებულია არქიმანდრიტი. მათ შორის განსაკუთრებულად გამორჩეულთ ეპისკოპოსად ირჩევენ.
დიაკონი მესამე, ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს „მსახურს“. დიაკონი ემსახურება ეპისკოპოსს ან მღვდელს ღვთისმსახურების დროს და საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ თვითონ მათი აღსრულება არ შეუძლია.
დიაკვნის მონაწილეობა ღვთისმსახურებაში აუცილებელი არაა, ამიტომ ბევრ ტაძარში წირვა-ლოცვა მათ გარეშე აღესრულება. ზოგიერთი დიაკონი იღებს პროტოდიაკვნის, ანუ პირველდიაკვნის ხარისხს. თუ პროტოდიაკონი ბერად აღიკვეცა, მაშინ მას არქიდიაკონს უწოდებენ. დიაკვნად ნაკურთხი ბერი ბერდიაკვნად იწოდება, მთავარი ბერდიაკონი კი - მთავარდიაკვნად.
ამ სამი სამღვდელო ხარისხის გარდა ეკლესიაში არსებობს აგრეთვე უფრო დაბალი სამსახურო ხარისხები: იპოდიაკონი, მედავითნე და მნათე. ისინი ეკლესიის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგრამ საიდუმლოს არ აღასრულებენ.
მედავითნეს აქვს მოვალეობა ფსალმუნთა კითხვისა, როგორც ტაძრის კლიროსში ღვთისმსახურების დროს, ასევე მღვდლის მიერ სხვადასხვა მსახურების აღსრულებისას.
მნათე მორწმუნეებს ღვთისმსახურებაზე მოუწოდებს ზარების რეკვით, ტაძარში ანთებს სანთლებსა და კანდელებს, ეხმარება მედავითნეებს კითხვის დროს და ა.შ.
იპოდიაკონი მხოლოდ სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილებს. ისინი შემოსავენ ეპისკოპოსს სამღვდელმთავრო შესამოსელით, უკავიათ სასანთლეები (სამსანთელი და ორსანთელი) და აწვდიან მათ მღვდელმთავარს მორწმუნეთა კურთხევისათვის და სხვა.
ღვთისმსახურების აღსასრულებლად მღვდელმსახურნი იმოსებიან განსაკუთრებული სამღვდელო შესამოსელით. სამღვდელო შესამოსელი მზადდება აბრეშუმის ან რაიმე სხვა შესაფერისი ქსოვილისაგან და ჯვრებით იმკობა.
ახლა შესამოსლები:
დიაკვნის სამოსია: სტიქარი, გინგილა და სამაჯურები.
სტიქარი არის გრძელი სამოსი, რომელსაც განიერი სახელოები აქვს. იგი აცვია იპოდიაკონსაც; მისი ტარების უფლება აქვს მედავითნესაც და ტაძარში მომსახურე ერისკაცსაც. სტიქარი განასახიერებს სულის სიწმიდეს, რომელიც წმიდა ხარისხში მყოფ ადამიანს უნდა ჰქონდეს.
გინგილა არის გრძელი ფართო ზოლი იმავე ქსოვილისაგან, რომლითაც სტიქარია დამზადებული. მას ატარებს დიაკონი მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან. გინგილა განასახიერებს ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.
საბუხრეები ჰქვია ვიწრო სამკლაურებს, რომელიც თასმებით იკვრება. იგი შეახსენებს მღვდელმსახურებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ანდა მასში მონაწილეობის ჟამს ამას საკუთარი ძალით როდი აკეთებენ, არამედ ღვთის ძალითა და მადლით. საბუხრეები აღნიშნავს აგრეთვე იმ ბორკილებს (თოკებს), რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა.
მღვდლის შესამოსელს შეადგენს კვართი, ოლარი, სარტყელი, საბუხრეები და ფილონი.
კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმიდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.
მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან მიკერებული ან რაიმეთი დამაგრებულია. მღვდლის ოლარი დიაკვნისაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია.
სარტყელი კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა.
ფილონს მღვდელი სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს. ეს არის გრძელი, ფართო, უსახელო სამოსი, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. თავისი გარეგნული სახით იგი მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. ფილონზე დაკერებული თასმები მოგვაგონებს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი.
ფილონის ზემოდან მღვდელს მკერზე ჰკიდია ჯვარი.
გულმოდგინე, ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელს ჯილდოდ ეძლევა საგვერდული, რომელიც თასმაზეა მიკერებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება. იგი სულიერ მახვილს აღნიშნავს, ისევე, როგორც კუნკული და ბარტყული.
ეპისკოპოსი იმოსება მღვდლის ყველა შესამოსლით: კვართით, ოლარით, სარტყელით, საბუხრეებით, ფილონის ნაცვლად კი აცვია ბისონი, საგვერდულის ნაცვლად კი უკეთია ენქერი; გარდა ამისა, მღვდელმთავარს აქვს ომოფორი და მიტრა.
ბისონი არის ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომელიც ქვემოდან და სახელოებიდან დამოკლებულ დაიკვნის სტიქარს ჰგავს, ასე რომ, მის ქვეშ მოჩანს კვართიც და ოლარიც. ბისონი მაცხოვრის სუდარას გამოხატავს.
ენქერი ოთხკუთხედი ფორმის ქსოვილია, რომელიც ერთი კუთხიდანაა დამაგრებული და ეპისკოპოსს სამოსის ზემოდან აცვია მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის ენქერის ტარების უფლებით მმართველი მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან აგრეთვე დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია. ენქერი, ისევე, როგორც საგვერდული, აღმნიშვნელია სულიერი მახვილის, ანუ ღვთის სიტყვისა, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად.
ეპისკოპოსი ბისონის ზემოდან მხრებზე ატარებს ომოფორს; ეს არის გრძელი, ფართო თასმებიანი შესამოსელი, რომელიც ჯვრებითაა დამშვენებული. იგი მხრებზე უკეთდება მღვდელმთავარს ისე, რომ ყელზე ეხვევა, ერთი ბოლო წინ ჩამოეშვება, მეორე კი - უკან. ომოფორი ბერძნული სიტყვაა და „სამხრეს“ ნიშნავს. მას მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს. მის გარეშე ეპისკოპოსი, ისევე, როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს. ომოფორი ეპისკოპოსს ახსნებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის, სახარებისეული მწყემსი კეთილის მსგავსად, რომელიც მოძებნის რა დაკარგულ ცხოვარს, საკუთარი მხრებით მიჰყავს იგი სახლში.
მკერდზე, ბისონის ზემოდან, ჯვრის გარდა, ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე პანაღია, რაც „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ეს არის პატარა მრგვალი ხატი მაცხოვრის ანდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ფერადი ქვებით შემკული.
ეპისკოპოსს თავზე აფარია მიტრა, რომელიც შემკულია პატარა ხატებითა და ფერადი ქვებით. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე. მიტრა აქვს აგრეთვე არქიმანდრიტსაც. მღვდელი ხანგრძლივი და ერთგული ღვაწლისთვის მღვდელმთავარმა შეიძლება დააჯილდოვოს მიტრის ტარების უფლებით.
ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე კვერთხი, როგორც უმაღლესი სამწყემსო მსახურების ნიშანი.
ღვთისმსახურების დროს ეპისკოპოსს ფეხქვეშ უფენენ არწივებს. ეს არის პატარა მრგვალი ხალიჩა ზედ გამოსახული არწივით, რომელიც ქალაქს დაჰყრებს. არწივი აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსი, არწივის მსგავსად, მიწიერიდან ზეციურისაკენ უნდა ისწრაფოდეს.
ეს ყველაფერი მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა (დიდი მადლობას მას), აღებულია გაზეთიდან "საპატრიარქოს უწყებანი" N 19 - 2004 წ.
ფოტოებით და ვიზუალური ეფექტებით გაფორმება მნათესთვის მიმინდია
ისე, მე როგორც ვიცი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი რუსული წოდებებია, ადრე ჩვენთან მხოლოდ ეპისკოპოსები იყვნენო, მართალია?
სტიქაროსნებს სხავადსხავ ფერის სტიქარები რატომ აცვიათ? რა განსხვავებაა მათ შორის?
მოდი ისევ ყბდაღებულ ბერძნულ და სლაურ სტილს შევეხები
ფილონის ასეთი ფორმა არის ბერძნული
http://image.700up.com
ასეთი სლაური
http://image.700up.com
სამების გამოსახულებას სამოსზე რა დატვირთვა აქვს???
ჩვენი ეკლესიის წინამძღვრის სამომს ზურგზე მაცხოვარი აქ გამოსახული, ყოველთვის მაინტერესებდა, რას გამოხატავს ნეტავ სიმბოლურად???
mnate
შავი სტიქარი მართლა არსებობს?ერთმა მითხრა მარხვაში იცვამენო!
mnate
საეკლესიო სიმბოლიკა, რომ იქნებოდა კი მივხვდი მაგას...
უბრალოდ, ისე დამაინტერესა, წირვის დროს მიიპყრო ჩემი თვალი, მეტი არაფერი...
აი, რა ვიპოვე ცოტა დიდია, მაგრამ ალბათ საინტერესო
(ლუკა 15,22)
ქრისტეს განკაცების შემდგომ, ეკლესიაში ხდება ძველის განცხადება. ეპისკოპოსი განასახიერებს უკვე არა დაფარულად, როგორც აარონის შემთხვევაში იყო, არამედ განცხადებულად, უფალ იესო ქრისტეს. თავისი შესამოსელით კი ბაძავს მწყემსს, რომელმაც იტვირთა სამწყსოს უძლურებანი. და რადგანაც ძველ აღთქმაში დაფარული ახალი აღთქმის განცხადება ხდება ქრისტეს ეკლესიაში, ამიტომ ახალი აღთქმის მღვდელმთავრის შესამოსელშიც განცხადდება მღვდელმთავარ აარონის შესამოსელის საიდუმლო სემანტიკა. მართალია დროთა განმავლობაში ამ შესამოსელმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, მაგრამ ძირითადი შესამოსელის ფორმა იგივე დარჩა თავისი შინაარსით. ეს შესამოსელია: სტიქარი (კვართი) ორარი, საბუხარები, ოლარი, სარტყელი, საგვერდელი, ენქერი, ფელონი, საკკოსი, ომოფორი და მიტრა. აქედან მღვდელმთავრის შესამოსელია: კვართი, საბუხარები, ოლარი, სარტყელი, ენქერი, ფელონი, საკკოსი, ომოფორი, მიტრა. ამ შესამოსელს მღვდელმთავარი მხოლოდ მსახურების დროს იცვამს. ყველა ეს სამოსელი განასახიერებს ქრისტეს განკაცებას.
ახალი აღთქმის მღვდელმთავრის შიდა სამოსს ისევე, როგორც ძველი აღთქმისა წარმოადგენს კვართი - ტუნიკა. იგი იყო სულ თეთრი და იქარგებოდა ქერცლისმაგვარი რგოლებით [სახიანი სტიქარი]. თუ ძველი აღთქმის მღვდელმთავარი იუდაისტური ტრადიციის მიხედვით ყოველდღიურ შესამოსელს იხდიდა და განბანილი იმოსებოდა, ახალი აღთქმის ეკლესიაში არ არსებობს მსგავსი კანონი, მაგრამ ჩვენგან ხსენებული კვართი მალავს ყოველდღიურ, ჩვეულებრივ სამოსს. იგი საერთოა ყველა ხარისხის სასულიერო პირისათვის მცირედი განსხვავებით. მსგავსად აარონის კვართისა. საეპისკოპოსო კვართი იკერება ვიწრო მკლავებით, მაჯასთან აქვს ჭრილი. ცალი მხრიდან ეკერება თასმა, რომელიც მაჯას ეხვევა გარშემო, რაც განასახიარებს ქრისტეს ბორკილებს. აარონის კვართი განასახიერებს პირველ ყოვლისა ქრისტე მაცხოვრის სამოსს, როგორც ჭეშმარიტი მღვდელმთავრისა. იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში უფალს სწორედ კვართში ჰხედავს “და შორის შჳდთა მათ სასანთლეთა მსგავსი ძისა კაცისაჲ, შემოსილი ზეწრითა, და ერტყა სარტყელი ოქროჲსა ძუძუთა თანა მისთა [იოანე, გამ. 1,13]. ანგელოზებრივი სამოსლით უფალი “დიდი ზრახვის” ანგელოზად გვევლინება, ღვთის მსახურად, რომელიც ამბობს “მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო” (იოანე 17,4). თუმცა მისი მსახურება ყოველგვარ მსახურებაზე აღმატებულია. სიმეონ სალუნელის გადმოცემით კვართი შეიძლება იყოს ჭიაფერის (წითელი ფერის), რაც მაცხოვრის ვნებას განასახიერებს, მის წმიდა სისხლს, რომელიც დაათხია ჩვენი ცოდვებისათვის და მით განგვწმინდა. ასევე განასახიერებს ძოწეულს, რომელიც ჯვარცმის წინ დაცინვით მოასხეს. [ძოწეული სამეფო სამოსელს ნიშნავს] გამოცხადებაში იოანე ღვთისმეტყველი ქრისტეს წითელი ფერის სამეუფო შესამოსელში ხედავს, რაც კარგად შეესატყვისება იესო ქრისტეს სამღვდელმთავრო მსახურებას. მამათა დადგენილებით კვართი უნდა იყოს თეთრი ფერის, ნიშნად ანგელოზებრივი სიწმინდისა და სინათლისა. იგი შეესატყვისება მართალთა ზეციური სამოსელის ფერსაც, რომლებმაც განისპეტაკეს თავისი სამოსელი კრავის სისხლით. ასევე განასახიერებს კვართი თაბორისეულ ნათელს მაცხოვრის სპეტაკ შესამოსელს ფერისცვალებისას. კვართი წარმოადგენს მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და ვნების ხატს, ხოლო ფერით ღვთაებრივი დიდების “ნაცლის” სამოსელს. ამიტომ, როდესაც კვართით იმოსება მღვდელმთავარი, სულიერად იგი ქრისტეს შეიმოსავს, შესაბამისად იკითხება შემდეგი ლოცვა: “იხარებს სული შენი უფლისა მიმართ, რომელმან შთაგაცვა შენ სამოსელი ცხოვრებისა და კვართი სიხარულისა შეგმოსა და ვითარცა სიძე დაგადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შეგამკო შენ”.
კვართს ზურგზე ექარგება ჯვარი, რაც ჯვრის მტვირთველობას, მაცხოვრის მიერ ჯვრის ტარებას მოასწავებს. საეპისკოპოსო გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს ე. წ. “წყაროთა ნაკადულები” ლენტების სახით [რომლებიც წინა მხარეს ჰკიდია]. რაც განასახიერებს მაცხოვრის ჭრილობიდან გადმონადენ სისხლს, ასევე მადლსა და სხვადასხვა ნიჭებს ზეციდან გარდამომავალს და სხვაზე გარდამავალს.
სამღვდელმთავრო შესამოსელის ნაწილს წარმოადგენს ოლარი ანუ ეპიტრახილი - ძირითადად სამღვდელო შესამოსელია, იგი წარმოიშვა ორარისაგან, რაც ნიშნავდა იმას, რომ მღვდელი და მღვდელმთავარი არის არა მხოლოდ მსახური არამედ საიდუმლოს შემსრულებელიც. იგი ორმაგ უღელს წარმოადგენს, როგორც სიმეონ სალუნელი ამბობს: ეპიტრახილი სიმბოლურად განასახიერებს ღვთის მადლს და უღელს, რომელიც ემსგავსება ჯვარს, მღვდელი რომ ატარებს, რითიც ბაძავს ქრისტეს. ეს ნივთი იხსენება ხელდასხმის უძველეს აღწერილობებში. მასზე გამოისახება ჯვრები და იგი აუცილებელი შესამოსელია, როდესაც მღვდელმთავარი შეიმოსება ოლარით წარმოითქმის შემდეგი ლოცვა: “კურთხეულ არს ღმერთი, რომელი გარდამოავლენს მადლსა თვისსა მღვდელმთავართა თავსა ზედა, ვითარცა ნელსაცხებელსა თავსა ზედა, გარდამომავალსა წვერთა ზედა აარონისათა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა.
სარტყელს მღვდელმთავარი კვართისა და ოლარის ზემოდან ირტყამს. იგი წარმოადგენს ვიწრო ზოლს, რომელსაც ბოლოებში შესაკრავი ლენტები აქვს. სათავეს იღებს აარონის სარტყელიდან და განასახიერებს სიმტკიცეს, სიძლიერეს, მუდმივ მზადყოფნას მსახურებისათვის. წმ. წერილში ღვთაებრივი ძალა სარტყელით არის წარმოდგენილი “ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ” (ლუკა 12, 37). ან კიდევ “მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ” (ეფეს. 6,14). ეკლესიურ ცნობიერებაში უძველესი დროიდან სარტყელი იყო ნიშანი სულიერი სიძლიერისა, რომელიც ეძლეოდა ღვთისმსახურს ღვთისაგან ცოდვასთან საბრძოლველად, ღვთის ნების აღსასრულებლად, ვნებათა მოსაკვდინებლად და ა. შ. რაც აისახა ლოცვაში, რომელიც მისი შემორტყმის დროს წარმოითქმის “კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარე შეგარტყა შენ ძალი და დაჰსდვა უბიწოდ გზაჲ შენი, განამტკიცნა ფერხნი შენნი ვითარცა ირემთანი და მაღალსა ზედა დაგადგინა შენ”. მისტაგოგიური თვალსაზრისით იგი თითქოსდა ამზადებს მღვდელს იმისთვის, რომ არ გადაუხვიოს გზიდან. სარტყელი ძველად აუცილებელი ელემენტი იყო მეფეთა და დიდებულთა შესამოსელშიც.
საბუხარები თავდაპირველად არ იხმარებოდა ეკლესიაში. მის ნაცვლად კვართის მაჯებს შემოვლებული ჰქონდა ორი ვიწრო ზოლი შუაში ჯვრით. საბუხარები საიმპერატორო შესამოსლის ნაწილს წარმოადგენდა, XI-XII სს-ში ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინეპოლის პატრიარქებს საკკოსი (იგივე ბისონი) და საბუხარები უწყალობა, ასე გაჩნდა იგი ეკლესიაში. მოგვიანებით ისინი უბოძეს მღვდლებსაც, ხოლო XV ს-დან საბუხარები ჯილდოს სახით ჩნდება არქიდიაკონთა შორის. სამღვდელმთავრო საბუხარები გამოირჩეოდა დაბალი იერარქების საბუხარებისაგან, რომლებზეც მხოლოდ ჯვარი გამოისახებოდა. ეპისკოპოსის საბუხარებზე კი უფლის ხატი იქარგებოდა.
საბუხარს იცვამენ კვართის ზემოდან და კრავენ შიგნითა მხრიდან თასმით, თასმა გარს შემოერტყმის მაჯას, რაც განასახიერებს ღვთის ძალას, სიმტკიცეს, სიბრძნეს, რომელიც ეძლევა ღვთისმსახურს საღვო საიდუმლოთა აღსასრულებლად. საბუხარები ასევე განასახიერებენ იმ ბორკილებს, რომლითაც წარუდგინეს მაცხოვარი პილატეს. ბელსამონის მოწმობით იგი უტოლდება ენქერს. ისინი წმინდა პრაქტიკული დანიშნულებისაც არიან, მოხერხებულს ხდიან ღვთისმსახურის მოძრაობას (მოქმედებას) მსახურებისას.
XI-XII სს-დან კონსტანტინეპოლის ეკლესიაში ჩნდება საკკოსი-ბისონი, (ებრაული სიტყვაა და აღნიშნავს ქლამინდს, კვართს, არის სამოსელი გლოვისა, სინანულისა), რომელიც როგორც უკვე აღინიშნა თავდაპირველად იმპერატორთა და პატრიარქთა შესამოსელს წარმოადგენდა. საკკ - ნიშნავს კვართს, ქლამინდს. დასაბამს იღებს ძველი აღთქმის შესამოსელიდან, კერძოდ ეფოდიდან. [XIX საუკუნის ისტორიკოსი] ფერრარის აზრით უმართებულოა მისი საიმპერატორო შესამოსლად მიჩნევა, თეოდორიტეს ცნობით კი თითქოს კონსტანტინე დიდმა ეს სამოსელი მაკარი იერუსალიმელს უბოძა, რამეთუ აქ ლაპარაკია არა საკკოსზე, არამედ წმ. შესამოსელზე - ბოლოს იგი დასძენს რომ უფრო სწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ იმპერატორებმა, რომლებსაც ქრისტეს ეკლესიის მეთაურის წოდება მიანიჭეს შესამოსელიც მღვდელმთავრისა გადაიღესო ანუ ეფოდი. ბელსამონი ალექსანდრიის პატრიარქ მაკარისადმი მიწერილ წერილში შენიშნავს, რომ “საკკოსი არის მხოლოდ პატრიარქთა შესამოსელი”. ხოლო მისი თანამედროვე დიმიტრი ხომატული (XIII ს ბულგარეთის არქიეპისკოპოსი) აზუსტებს და ამბობს, რომ საკკოსით იმოსებოდნენ წელიწადში სამჯერ: აღდგომას, შობას და ერგასის დღესასწაულებზე. სიმეონ სალუნელის დროს იგი გადაკეთდა საეპისკოპოსო შესამოსელად. საკკოსი სტიქარის ფორმის სამოსი იყო, ოღონდ მოკლე სახელოებით. იგი ჩახსნილია მთელ სიგრძეზე და გვერდებში იკვრება ეჟვნების საშუალებით, რომლებიც ეფოდის მსგავსად ეკერა მას. თავდაპირველად იყო უსახელო. I ს-ში რომში არსებობდა საკკოსის მსგავსი სამოსი ე. წ. დალმატიკი. იგი იკერებოდა ძვირფასი, წითელი ქსოვილისაგან ფორმდებოდა მდიდრულად, იყო მოკლემლკავებიანი. დალმატიკი საიმპერატორო შესამოსელის ნაწილს წარმოადგენდა, გადმოცემის თანახმად სწორედ ასეთი ქლამინდით შემოსეს მაცხოვარი. ამის მოსაგონებლად ბიზანტიელი იმპერატორები მარხვის დღეებში იმოსებოდნენ ქლამინდით (საკკოსით), იმავდროულად ჰქონდათ საზეიმო, სადღესასწაულო დალმატიკი. ამ ორი სამოსის ფორმის მსგავსების გამო მიიჩნიეს სამეფო-საზეიმო დალმატიკი საკკოსად, რომელიც თავისი მნიშვნელობით სინანულს, შერიგებას, მაცხოვრის ქლამინდის გახსენებას ნიშნავდა. პატრიარქთა საკკოსი მკერდზე იმკობოდა თვალმარგალიტით, რითაც მოგვაგონებდა აარონის სამკერდულს.
პარალელურად განვიხილოთ ფელონი, რომელიც იგივე მნიშვნელობისაა. ამ შესამოსელით იმოსება, როგორც მღვდელთმთავარი, ასევე მღვდელიც. იგი ძველი შესამოსელია; წინათ წარმოადგენდა მოსასხამს, რომელიც იკერებოდა გრძელი ოთხკუთხა ქსოვილისაგან, შუაში თავის გასაყოფით. მას ისხამდნენ ორივე მხარზე ან ცალ მხარზე; იგი თავიდან ფეხებამდე ფარავდა სხეულს. იუდეველები ფელონის ბოლოებს აფორმებდნენ მაქმანით, კიდეში უკერებდნენ ლურჯ თასმას ფუნჯებით, ნიშნად უფლის მცნებების და კანონთა დაცვისა “ასე უთხრა უფალმა მოსეს: დაელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ! გააკეთონ ფოჩები სამოსლის კიდეებზე და ასე ჰქონდეთ თაობიდან თაობაში. ლურჯი ძაფი გაურიონ კიდურა ფოჩს, და გქონდეთ ფოჩში, რომ მისი დანახვისას გაიხსენოთ უფლის ყველა მცნება, შეასრულოთ და არ აჰყვეთ გულსა და თვალს, რომლებიც გზაკვალს გირევენ თქვენ, რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ჩემს მცნებებს და წმიდა იყვეთ უფლისათვის”. (რიც. 15, 37, 38, 39, 40).
(ცისფერი - რათა მოეგონებინათ ზეცა - ნეტარი თეოდორიტე)
მსგავსი სამოსი დღესაც არსებობს იუდაისტურ ტრადიციაში, მას ეწოდება “ციცითი” (კიდურა ოთხი კვანძის გამო), რომელიც მუდამ მხრებზე ახურავთ სამოსის ქვეშ. - ფელონს ატარებდა უფალი იესო ქრისტე და მოციქულები. თავდაპირველად იგი თეთრი ფერისა იყო ღვთაებრივი ნათლით მოსილების ნიშნად. ნეტარ სიმეონისაგან ვგებულობთ, რომ ჯერ კიდევ XIV-XV სს.-ში ფელონი ღვთისმსახურთ ფარავდა კისრიდან - ფეხებამდე. მას ზარის ფორმა ჰქონდა, უსახელო, შუაში ამოჭრილი. (ძველად ამ სამოსით იმოსებოდნენ მღვდლები და მაღალი იერარქები) მიტროპოლიტის ფელონზე გამოისახებოდა ჯვრები და ამის გამო ეწოდებოდა პოლისტავრი ანუ მრავალჯვარი. XII ს. პატრიარქები იწყებენ საკკოსის ტარებას ფელონის ნაცვლად. XV ს.-დან პოლისტავრი ყველა ეპისკოპოსის შესამოსელი გახდა.
დროთა განმავლობაში ფელონმა ფორმა იცვალა, მას წინა კალთა ნახევარწრიულად ამოაჭრეს, რომ უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო. ზურგი ტრაპეციის ფორმას იღებს, მნიშვნელოვნად მყარდება და მაღლდება, მასზე გამოისახება ჯვარი, ქვემოთ კი რვაქიმიანი ვარსკვლავი, რაც ზეციური სასუფევლის დამყარებას ახალ მიწასა და ცას განასახიერებს. ეს სიმბოლოები უნდა აღნიშნავდნენ მაცხოვრის შობასა და ჯვარცმას. ბეთლემის ვარსკვლავი თავის თავში მოიცავს მომავალ საუკუნეს, რამეთუ უფლის განკაცებით კაცობრიობა მიუახლოვდა სასუფეველს. ამავე დროს ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიების შეერთებას (ღვთისმსახურება იგულისხმება) უნდა ნიშნავდეს.
სამღვდელმთავრო შესამოსელის მთავარ ელემენტს წარმოადგენს ომოფორი, რომლითაც მხოლოდ მღვდელმთავარი იმოსება. ეს არის გრძელი, ფართო ლენტი, რომლის ერთი ბოლო მარჯვენა მხარიდან ეშვება მკერდზე, შემდეგ ზევით ადის მარცხენა მხრიდან ზურგზე, მეორე ბოლო ომოფორისა ასევე იხვევა საწინააღმდეგო მხრიდან.
გერმანე პატრიარქის მიხედვით ომოფორი უნდა წარმოშობილიყო აარონის ეფოდისაგან სამკერდულთან ერთად (თვლების ნაცვლად აქ ჯვრებს ვხვდებით). ნეტარი სიმეონი ომოფორს ადარებს დაკარგულ ცხოვარს, რომელსაც მაცხოვარი ატარებს მხრებით, ლოცვაშიც ასევე ვკითხულობთ “მხართა ზედა ქრისტე, შეცდომილი კაცობრივი ბუნებაA აღიხვენ, ამაღლდი და მიჰგვარე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.” თუ სამკერდული ისრაელს განასახიერებდა, რომელიც უფალმა გამოირჩია და აარონი შესწირავდა მსხვერპლს მისი ცოდვებისა გამო, ომოფორი განასახიერებს ახალ ჭეშმარიტ ისრაელს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მიიღო ქრისტე მაცხოვარი.
ამგვარად ომოფორი გარკვეულ წილად შეიძლება სამკერდულის ახალი აღთქმის ეკლესიის ინტერპრეტაციად ჩაითვალოს. ნ. ჩოფიკაშვილის ცნობით “ომოფორი ეპისკოპოსის სამოსის განმასხვავებელი იყო უძველესი დროიდანვე და ეწოდება მოსასხამს, რომელიც კისერზე მომდგარი ფარავდა მხრებს, ასეთ მოსასხამებს ატარებდნენ მოციქულები, ღვთისმშობელი და სხვ. წმინდა დედები. საეპისკოპოსო ომოფორი არის დიდი და მცირე. დიდს ეპისკოპოსი ატარებს ლიტურგიის დაწყებიდან სამოციქულოს წაკითხვამდე. სახარების კითხვის დროს ეპისკოპოსი ომოფორის გარეშე დგას ვიდრე დამთავრებამდე (ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტი მღვდელმთავარი იქ იმყოფება). შემდეგ იმოსება მცირე ომოფორით, რომელიც ისეთივეა, მაგრამ მნიშვნელოვნად მოკლეა დიდ ომოფორზე. კისერზე დაკიდებული მცირე ომოფორის ორივე ბოლო მკერდზე ეშვება, ნიშნად ქრისტეს მსახურებისა. ომოფორი გამშვენდება ჯვრებით.
გადმოცემის თანახმად მარკოზ მახარებელი ომოფორს ღვთისმსახურების დროს ატარებდა. ასევე პეტრე მოციქულიც, როდესაც იგი გზავნის მარკოზ მახარებელს ალექსანდრიაში, გადასცემს ომოფორს, რითიც ხელს ასხამს და ომოფორის ტარების უფლებას ანიჭებს.
იმ შესამოსელთა შორის, რომლებსაც აარონი ატარებდა და შემდეგ ქრისტიანულ ეკლესიაშიც გამოიყენებოდა არის თავსაბური ანუ მიტრა, იგი განასახიერებს ეკლის გვირგვინს ან მაცხოვრის წმიდა სუდარას. ან კიდევ სახარებას. სიმეონ სალუნელი წერს: “როცა ჩვენ მივიღეთ ხიროტონია და სული წმინდის მადლი გარდამოვიდა მოციქულებზე, სწორედ მაშინ მიიღეს უფლება კედარის ტარებისა, რომლის დადგმითაც ფსევდო დიონისე არიოპაგელის განმარტებით, ვიდგამთ არა მიტრას, არამედ სახარებას.” (21 პასუხი პენტაპოლინის მიტროპოლიტს) ასევე ხსნის იოანე ოქროპირიც: “ეპისკოპოსის კურთხევისას - ამბობს იგი, - ეკლესიაში მათ თავზე ადებენ წმიდა სახარებას, რათა შთაენერგოს ახლადხელდასხმულს, რომ ის იღებს სახარებისეულ ჭეშმარიტ მიტრას, და მიუხედავად იმისა, რომ იგი ხდება თავი, ასევე ემორჩილება სჯულის კანონს.”) მის თავზე იშლება სახარება, რომელიც აღნიშნავს ქრისტეს და მის ეკლესიას, ამიტომ გამოისახება მაცხოვარი, ღვთისმშობელი და მახარებლები (მსგავსად სახარებისა). აქვე აღვნიშნავთ, რომ აარონის კედარზე ოქროს ფირფიტა იყო ღვთის სახელით (ანუ ტეტრაგრამატონი), შესაძლოა სწორედ მის ადგილას ჩნდება იესო ქრისტეს გამოსახულება. სიმონ სალუნელის მოწმობით მიტრა პირველად მიეცა სილვესტრ I (რომის პაპი) კონსტანტინე დიდის მიერ, რისი დამადასტურებელი სიგელიც არსებობს.
ენქერი (ბერძ. - სამუხლე). იგი აუცილებელი ნაწილია სამღვდელმთავრო შესამოსლისა. სიტყვა ენქერი აღნიშნავს “ჯოხს”, - კვერთხს. (საქ. 16,22; 1 კორ. 4,21). მას აქვს რომბის ფორმა და ერთი კუთხით იკიდება. თეოდორ ბელსამონის (XII ს.) უწყებით იგი განასახიერებს იმ ქსოვილს, რომლითაც მაცხოვარმა შეუმშრალა მოციქულებს ფეხები სერობისას. ამავე დროს განასახიერებს სიკვდილზე გამარჯვებას; იგია სულიერი მახვილი.
ენკოლპიონი - პანაღია, იგივე სამკერდული ან პანაღია - ყოვლადწმიდა. პანაღია ეს არის მრგვალი ფორმის ხატი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებით. იგი ახსენებს ეპისკოპოსს, რომ გამუდმებით გულში ატარებდეს უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიყვარულს. იგი შეიქმნა პანაღიას მიბაძვით ანუ პატარა დასაკეცი კიდობანისა, რომელიც ტრაპეზზე ღვთისმშობლის ხატის წინ იდგმოდა და მასში აბრძანებდნენ ღვთისმშობლის სახელზე სეფისკვერიდან სამკუთხად ამოღებულ ნაწილს. ამ კიდობანს ერთი მხრიდან ღვთისმშობლის ხატი ამკობდა, მეორე მხრიდან კი მაცხოვრის. ზოგჯერ იქ ჩააბრძანებდნენ ხოლმე წმინდა ნაწილებს. გადმოცემის თანახმად რუსეთში ძველად არსებობდა ასეთი ტრადიცია, ლიტურგიის შემდეგ ტრაპეზზე ამ კიდობანს გულზე იკიდებდა წინამძღვარი, ალბათ მათი მიბაძვით იწყეს ცოტა მოგვიანებით წმინდანთა ხატების გულზე ტარება პატრიარქებმა და ეპისკოპოსებმა. ასეთი ხატები საბერძნეთში იწოდებოდა ენკოლპიუმებად, ხოლო რუსეთში კი პანაღიად.
ჯვარი, ერთ-ერთი ატრიბუტია საღვთისმსახურო შესამოსელისა. ჯვრისტარება უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა, რომელიც პირველი საუკუნეებიდანვე გავრცელდა ქრისტიანებში. დევნის დროს ჯვარს ატარებდნენ სამოსელის შიგნით. მას ატარებდნენ არა მარტო სხეულზე, მკერდზე, თავზე, არამედ კედლებზეც კი გამოსახავდნენ, იარაღზე და ა. შ. კონსტანტინე დიდმა საკუთარ იარაღზე გამოასახვინა ჯვარი, V ს-ის დასაწყისში კი ბევრი სასულიერო პირი ჯვარს ხელითაც ატარებდნენ, მხრებითაც.
X ს-დან, კერძოდ ჯვაროსნული ლაშქრობების შემდგომ უფრო გახშირდა ჯვრის გამოსახულებები სამოსზე. რათა განსაკუთრებით გამორჩეულიყვნენ იმპერატორები და მღვდელმთავრები, ჯვრებს ამკობენ წმინდა ნაწილებით, ხშირად ჯვარში აბრძანებდნენ ნაწილს ცხოველსმყოფელი ძელიდან, ასეთი ჯვრებიც ენკოლპიუმად იწოდებოდა. სიმონ თესალონიკელის გადმოცემით, ეს ჯვარი ისევე, როგორც ენქერი შესამოსელის ზემოდან იკიდებოდა. არსად ბიზანტიის ისტორიაში არ ჩანს, რომ მეფეთა და მღვდელმთავართა გარდა, რომელიმე დაბალ იერარქს ჯვარი ეტარებინოს. 1675 წ. მოსკოვის საეკლესიო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამკერდე ჯვრები მხოლოდ პატრიარქებსა და მიტროპოლიტებს ეტარებინათ. ისიც მიტროპოლიტს პატრიარქის თანდასწრებით მხოლოდ პანაგია უნდა ჰკეთებოდა, ჯვრის ტარების უფლება მხოლოდ თავის ეპარქიაში ჰქონდა. მხოლოდ ნოვგოროდის მიტროპოლიტს შეეძლო პატრიარქის თანდასწრებით ჰკეთებოდა ჯვარიცა და პანაღიაც. ამის უფლება ჰქონდა აგრეთვე კიევის მიტროპოლიტსაც, რომელიც ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილებოდა. მოგვიანებით კათოლიკე აბატების მიბაძვით შემოიღეს ზოგიერთი არქიმანდრიტისათვის ჯვრის ბოძება, რაც უფრო გავრცელდა იმპერატრიცა ელისაბედის (პეტრე დიდის ასული) დროს 1742 წ-დან. მისი ბრძანებით სრულიად რუსეთის არქიმანდრიტებს ანიჭებენ სამკერდე ჯვრებს, რათა გამორჩეულიყვნენ იღუმენთა და მღვდელმონაზონთაგან. ბოლოს კი იმპერატორმა პავლე I 1797 წ. თეთრი სამღვდელოების გამოსარჩევად ბრძანა ჯვრების მკერდზე ჯაჭვით ტარება. უნდა აღინიშნოს, რომ პანაღიაცა და ჯვარიც განასახიერებს ძველი აღთქმის მღვდელმთავრის გულსაკიდს: ურიმსა და თუმიმს. ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი ამ ნივთების სიმბოლიკაზე, ამიტომ მხოლოდ ერთს დავსძენთ, ურიმისა და თუმიმის სიმბოლიკებში დაფარული მაცხოვარი პანაღიასა და ჯვარზე გაცხადდება და თუ ზუსტად არ ვიცით რა დატვირთვა ჰქონდათ ძველად ამ ნივთებს, ალბათ ურიგო არ იქნება პანაღიასა და ჯვრის მნიშვნელობით გვემსჯელა. ეს ნივთები მღვდელმთავარს მუდამ შეახსენებენ, რომ გულში ატარონ უფლის სიყვარული, რომელიც დააკავშირებს მათ შემოქმედთან.
საგვერდულიც ასევე საღვთისმსახურო შესამოსელის ნაწილია, მაგრამ იგი ეკუთვნის დეკანოზს და წარმოადგენს ჯილდოს. იგი ბერძნულ შესამოსელში არ გვხდება; ფორმაც განსხვავებული აქვს, წარმოადგენს სწორკუთხედს, რომელიც იკიდება ორი კუთხით, წვერით. საგვერდულიც სულიერი მახვილია, რომლითაც დაიძლევა ბოროტი.
როგორც დავინახეთ ქრისტეს ეკლესიის მღვდელმთავრის შესამოსლის ძირითადი ნაწილი დასაბამს სწორედ აარონის შესამოსელიდან იღებს. ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც მღვდელმთავარი თავისი სამოსელით ქრისტე მაცხოვარს განასახიერებს, რომელმაც სამოსელი პირველი უნდა დაუბრუნოს კაცობრიობას, აღანთოს მასში ჩამქრალი ნათელი. ქრისტემ თავისი განკაცებითა და ჯვარცმით აღასრულა ძველ აღთქმაში დაფარული საიდუმლო და ამით ჭეშმარიტი ისრაელი ზეციურ იერუსალიმში შეიყვანა. “იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე.” (ებრ. 13,8).
ნინო გველესიანი
ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის V კურსის სტუდენტი
ქართული კუნკულ-ბარტყულის ფოტო არავის არ გაქვთ? მაინტერესებს როგორია
მგონი ესაა ქართული....
თუ ვცდები, შეასწორეთ!!
salome
mnate
და კარგად რომ არ ჩანს?
ბერძნულია
ურიმზე და თუმიმზე ალქიმიკოსიდან შევიტყვე როცა ეუბნება სანტიაგოს ინგლისელი ასეთ რამეს: ღმერთმა მხოლოდ ამ ქვებზე მკითხაობის უფლება მისცა ადამიანებსო, ეს ძვ.აღთქმაში იყო და ახლა რა ხდება ვინმე იყენებს კიდევ ამ კრისტალებს ღმერთის ნების გასაგებად?
sanfol
ქრისტიანულ ეკლესიაში არავინ იყენებს .
A.V.M
გასაგებია მადლობა და ღმერთის ნებას როგორ იგებენ ხოლმე ახლა? ანუ ეგ ხო ძირითადად მაგისთვის გამოიყენებოდა და ახლა რითია ჩანაცვლებული რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მიიღონ ღმერთის ნებისამებრ გადაწყვეტილება აი მაგალითად სინოდის კრებაზე როგორ ადგენენ რა სურს ღმერთს? გიორგიმ ამიხსნა რომ სულიწმინდის მოწვევა ხდებაო და სად ხდება სადაა იმ დროს სულიწმინდა რაიმე ნივთშია თუ რომელიმე ადამიანში გადადის და იმის პირით ცხადდება სიმართლე?
sanfol
ურიმი და თურიმი იყო ძველი აღთქმის ეპოქასი , ანუ მაშინ , როდესაც ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა უფრო მეტად დაკნინებული იყო ვიდრე დღეს .
ქრისტემ გამოგვიხსნა ცოდვის ტყვეობისგან და მოგვცა სასუალება რომ ეკლესიის საიდუმლოთა საშუალებით ცოცხალი ურთიერთობა დაგვემყარებინა მასთან , რაც იმას ნიშნავს , რომ აღარ გვჭირდება არანაერი დამატებითი ნივთი ქრისტესთა კონტაქტისთვის. ან რატომ უნდა დაგვჭირდეს , როდესაც წმ.ზიარების საშუალებით თავად ქრისტეს ვიღებთ ჩვენში .
რაც შეეხება წმ. სინოდს , სხდომის დაწყების წინ ლოცვით მიმართავენ უფალს მღვდელთმტავრები , რომ ის მადლი სულიწმიდნისა , რაც მათ საეპისკოპოსო ხარიხზეა გადმოსული ქიროტონიის დროს , შეეწიოთ , საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში .
A.V.M
მე ჩვეულებრივმა მოკვდავმა როგორ გავიგო რა სურს ღმერთს? სინდისის ხმა საკმარისია? ვერ ვხვდები როდის მატყუებს ხოლმე არადა გამოვცადე და რამდენჯერმე მომატყუა და რა გამოდის ღმერთს კი არა ჩემ თავს ველაპარაკებოდი მაგ დროს?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience