ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ.
1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ.
მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება.
მიმაგრებული სურათ(ებ)ი
რა სახის განსხვავებებია სამეუფეო, შავ და თეთრ სამღვდელო მიტრებს შორის?
მიტრა მიტრაა
ალექსანდრე
ზოგს ხომ აქვს ჯვარი?
tamuna m
მაინტერესებს რა დანიშნულება აქვს იმ ''ქუდებს'', რომლებსაც კოპტები ლიტურგიის აღსრულებისას იყენებენ?
და რატომ არ გვხვდება ბიზანტიურ ტრადიციაში? საერთოდ მგონი არსად არ გვხვდება, არც იმავე სომხურში, მხოლოდ კოპტებისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა აქ ამ მართლმადიდებელ მღვდელთმთავარსაც ახურავს რაღაც მსგავსი, ოღონდ სკუფიის ფორმა აქვს:
როგორც ჩანს ეს ძალიან ძველი ტრადიციაა, რაზეც მოწმობს თვით ბიზანტიური ხატები, სადაც ეკლესიის მამები მსგავსი თავსაბურავით არიან გამოსახულნი, როგორც აქ კირილე ალექსანდრიელი:
Lidl
Lidl
დიაკვნის შესამოსელი:
გინგილა - სტიქარი -
სამკლავეები (საბუხრეები) -
მღვდლის შესამოსელი:
კვართი - საბუხრეები (სამკლაურები) -
ოლარი - სარტყელი -
ფილონი -
საგვერდული (ჯილდოვდებიან გულმოდგინე, ხანგრძლივი მსახურებისათვის) -
ენქერი (ჯილდოვდებიან ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის) -
მღვდელმთავრის შესამოსელი და აუცილებელი ნივთები:
კვართი -
ოლარი - საბუხრეები (სამაჯურები) -
ბისონი -
ომოფორი -
ენქერი -
მანტია -
მიტრა -
კვერთხი -
პანაღია -
რიპიდ(ებ)ი - არწივი -
ორსანთელი (დიკირი) - სამსანთელი (ტრიკირი) -
gio--->13
საინტერესო თემაა ,ძალიან ბევრმა არც იცის ამის შესახებ,ანუ არ არის დიდი ინფორმაცია შესამოსელებზე და საეკლესიო ნივთებზე. კარგი იქნება ეს ჩამოთვლილი ნივთები და შესამოსელიც განმარტებული იყოს,რას რა სიმბოლიკა აქვს და ასე შემდეგ. მადლობთ
ძალიან კარგი იქნება განმეორება,ძნელია იპოვო სად და როდის იყო ამ თემაზე საუბარი.ეს მნიშვნელოვანი და თუ გეწერათ რა წყაროებით.
A.V.M
ხო... გავიხსენე...
კარგი საუბარი გვქონდა...
კვართი - ქრისტიანულ ეკლესიაში მღვდელმსახურების დროს დიაკვნის, მღვდლისა და ეპისკოპოსის ჩასაცმელი. ეწოდება აგრეთვე სტიქარი. მიჩნეულია ქრისტეს სამოსლის სიმბოლურ გამოხატულებად. კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმიდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.
შემოსვის ლოცვა - „იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი სიწმიდისა და კვართი ცხოვრებისა შემმოსა მე, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შემამკო მე“
საბუხრეები - მღვდელმსახურის შესამოსელი. ვიწრო სამკლაურები, რომელიც თასმებით იკვრება. იგი შეახსენებს მღვდელმსახურებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ანდა მასში მონაწილეობის ჟამს ამას საკუთარი ძალით კი არა აკეთებენ, არამედ ღვთის ძალითა და მადლით. საბუხრეები აღნიშნავს აგრეთვე, ბორკილებს, რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა.
შემოსვის ლოცვა მარჯვენა ხელზე - „მარჯვენე შენი უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.“
მარცხენა ხელზე - „ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე გულისხმა მიყავ და ვისწავლნე სიმართლენი შენნი.“
ოლარი - მღვდელმსახურის შესამოსელი. მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან ღილებითაა დამაგრებული. მღვდლის ოლარი დიაკვნისაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია.
(გთხოვთ დამეხმარეთ, შემოსვის ლოცვა მიაწერეთ)
რომელი ლოცვა გინდა გიო?
ეხლავე ჩამოვარაკრაკებ რომელსაც შენ მეტყვი...
მგონი ასეა თუ სწორად აღვიდგინე: „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელი გარდამოავლენს მადლსა თვისსა მღვდელთა (მღვდელმთავართა) თვისთა ზედა, ვითარცა ნელსაცხებელსა თავსა ზედა გარდამომავალსა თქვენთა ზედა, ... (აქ ერთი სიტყვა ვერ აღვიდგინე... ) ზედა ... (და ერთიც აქ ), რომელი გარდამოვალს სამხართა ზედა სამოსლისა მისისათვის“.
გინგილა - მღვდელმსახურის (დიაკვნის) შესამოსელი. გრძელი ფართო ქსოვილი დამზადებული იმავე მასალისგან, რომლითაც სტიქარია დამზადებული. მას ატარებს დიაკონი მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან. გინგილა განასახიერებს ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.
(შემოსვის ლოცვებს თუ დაწერთ, დამავალებთ. )
ბისონი - მღვდელმსახურის შესამოსელი. ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომელიც ქვემოდან და სახელოებიდან დამოკლებულ დაიკვნის სტიქარს ჰგავს, მის ქვეშ მოჩანს კვართიც და ოლარიც. ბისონი მაცხოვრის სუდარას გამოხატავს.
მიტრა — მღვდელმსახურის შესამოსელი. ეპისკოპოსს თავზე აფარია მიტრა, რომელიც შემკულია პატარა ხატებითა და ფერადი ქვებით. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე. მიტრა აქვს აგრეთვე არქიმანდრიტსაც. მღვდელს ხანგრძლივი და ერთგული ღვაწლისთვის, მღვდელმთავარი აჯილდოვებს მიტრის ტარების უფლებით.
პატრიარქს მიტრის დადგმის დროს ასე უკითხავს არქიდიაკვანი: „დაგადგა უფალმან თავსა შენსა ზედა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა. ცხოვრება ეთხოვე მას და მოგცეს შენ განგრძობაი დღეთა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“
ომოფორი — მღვდელმსახურის შესამოსელი. ეპისკოპოსი ბისონის ზემოდან მხრებზე ატარებს ომოფორს. ეს არის გრძელი, ფართო თასმებიანი შესამოსელი, რომელიც ჯვრებითაა დამშვენებული. იგი მხრებზე უკეთდება მღვდელმთავარს ისე, რომ ყელზე ეხვევა, ერთი ბოლო წინ ჩამოეშვება, მეორე კი - უკან. ომოფორი ბერძნული სიტყვაა და „სამხრეს“ ნიშნავს. მას მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს. მის გარეშე ეპისკოპოსი, ისევე, როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს. ომოფორი ეპისკოპოსს ახსნებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის, სახარებისეული მწყემსი კეთილის მსგავსად, რომელიც მოძებნის დაკარგულ ცხოვარს, საკუთარი მხრებით მიჰყავს იგი სახლში.
მცირე ომოფორი
პანაღია — მღვდელმსახურის შესამოსელი. მკერდზე, ბისონის ზემოდან, ჯვრის გარდა, ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე პანაღია, რაც „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ეს არის პატარა მრგვალი ხატი მაცხოვრის ანდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ფერადი ქვებით შემკული.
როცა მღვდელმთავარი გულზე იკიდებს პანაღიას, ამბობს (დიაკვანი კითხულობს) შემდეგ ლოცვას: „გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“
მეორე პანაღიის გაკეთების დროს: „აღმოსთქვას გულმან ჩემმან სიტყვაი კეთილი და მიუთხროს საქმენი ჩემნი მეუფესა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“
gio--->13
როგორც ყოველთვის კარგ მასალებს დებ...
მადლობა...
შავი სამღვდელოების შესამოსლის ნაწილია კუნკულ-ბარტყული. რა იცით ამ სამოსის შესახებ და რამდენნაირი განსხვავებაა მათში. ასევე საინტერესოა სამონაზვნო მანდილებზე თუ იცით რამე და მათი მოხვევის (შეკვრის - როგორც ვიცი, ქინძისთავით იკრავენ და ამასაც რაღაც სიმბოლური დატვირთვა აქვს) შესახებ...
ასევე საინტერესოა კიდარზე და სკუფიაზე რა იცით...
სკუფია -
კუნკული (კუნკულია ეს თუ ბარტყული?) -
კიდარი -
კუნკულ-ბარტყულშიც რუსულმა ჩემქმამ დაამჩნია ნაკვალევი .
არადა , ასე არ იყო ...
როგორ მომნატრებია აქაურობა...
იქნებ განვაგრძოთ ეს თემა და უფრო დეტალურად მოვიძიოთ შესამოსელის განმარტებები...
მანტია - მოსასხამი, რომელიც კისრიდან ფეხებამდე ფარავს მთელ სხეულს. მოსასხამი იკვრება საყელოსთან და მთლიანი ნაჭერი დაშვებულია, ისე რომ უკან წაგრძელებული ფორმა აქვს და ძირს ეხება. ზემო და ქვემო კიდეებში დაკერებული აქვს კვადრატული ნაჭრები, რომელიც გამოხატავს „სჯულის ფიცარს“. მანტია სიმბოლურად გამოხატავს ფრთოსან ანგელოზს. ტანის მთლიანად დაფარვა კი ნიშანია მკაცრი მონაზვნური ცხოვრებისა, მოკრძალებისა და სიმდაბლისა.
ღვთისმსახურების დროს მანტიით უნდა იმოსებოდნენ მღვდელმსახურები, მაგრამ, ჩვენთან სამწუხაროდ მხოლოდ მღვდელმთავრები იმოსებიან ეკლესიაში შესვლისას მცირე ხნით და აქა-იქ მონასტერში არქიმანდრიტები.
ბისონი იგივე საკოსი - მღვდელმთავრის შესამოსელი. ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომელიც ქვემოდან და სახელოებიდან დამოკლებულ დიაკვნის სტიქარს ჰგავს. ბისონი სიმბოლურად მაცხოვრის სუდარას გამოხატავს.
ბისონს ატარებდნენ ქართველი და ბიზანტიის მეფეებიც. ქართველების ბისონი უფრო ფართო და უფრო მოკლე იყო, ყელზე ზოგჯერ მრგვლად და ზოგჯერ სამკუთხედად იყო ჩაჭრილი. ბისონში გამოწყობილი ქართველი მეფეების ფრესკები გვხვდება: ატენში ბაგრატ IV-ის, ბედიაში ბაგრატ III-ის, ვარძიასა და ყინწვისში გიორგი III-ის, ბეთანიასა და ბერთუბანში თამარ მეფის და უდაბნოს მონასტერში დემეტრე II-ის.
ბისონი იკერებოდა როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი ქსოვილისაგან. სავარაუდოდ, ბისონის შესაკერად გამოიყენებოდა სტავრა, ატლასი, ზარქაში, სხვადასხვა სახის ოქროქსოვილები და ფერადი ძოწეულები.
შემოსვის ლოცვა არის იგივე, რაც ფილონის: „მღვდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“ (კონდაკი; გვ. 93)
"ენქერი განასახიერებს სულიერ მახვილს - ღვთის სიტყვას, რომლითაც უნდა იყოს შეიარაღებული სასულიერო პირი. ის არის რომბისებური ფორმის ნაჭერი - ერთ წვეროზე მიკერებული ზონრით. და რომელსაც ეპისკოპოსი ბისონის ზემოდან მარჯვენა თეძოზე ატარებს. გამონაკლის შემთხვევაში ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსისგან ღირსეული მსახურებისათვის მღვდელი ჯილდოვდება ენქერის ტარების უფლებით. როგორც ეპისკოპოსის, ისე არქიმანდრიტისათვის ენქერის ტარება აუცილებელია"
ენქერი - ოთხკუთხოვანი რომბისებური ფორმის ქსოვილი ჯვრის გამოსახულებით, რომელსაც ერთ კუთხეზე თასმა აქვს დამაგრებული მხარზე დაკიდვისთვის. ენქერს ეპისკოპოსი სამოსის ზემოდან იკეთებს, მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის, ენქერის ტარების უფლებით მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას ასევე მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია.
სიმბოლურად ენქერი ნიშნავს ღვთის ძალის სიდიადეს და მაცდურზე, ეშმაკზე გამარჯვებას. ისევე როგორც საგვერდული, ენქერიც აღნიშნავს სულიერ მახვილის, ანუ ღვთის სიტყვას, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად. გარდა სიმბოლური დატვირთვისა, მას აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც. სასულიერო პირს შეუძლია გამოიყენოს დაჩოქვისას, მუხლების დასადებად.
წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი ენქერზე წერს:
„სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს. სარტყელზე ენქერის ქონა მოასწავებს, აგრეთვე, პილატეს, რომელმაც ხელები შეიმშრალა მასზე და ეს თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (მათე XXVII.24).“
შემოსვის ლოცვა: „შევიბ მახვილი შენი წელთა შენთა ძლიერო, შვენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა და გიძღოდეს შენ საკვირველად მარჯვენე შენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“
gio--->13
"ოლარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ის სიმბოლურად სამღვდელო მადლს ნიშნავს, რასაც ის მღვდლად კურთხევისას იღებს და გამომხატველია იმისა, რომ მღვდელს იესო ქრისტეს უღელი ადგას.
ოლარი ასევე იმის გამომხატველია, რომ მღვდელი ემორჩილება მაცხოვარს და ავრცელებს მის სწავლა-მოძღვრებას.
როდესაც მოძღვარი აღსარებას იღებს, ის აღმსარებელს ოლარს აფარებს და უკითხავს შენდობის ლოცვას. როგორც დიაკონს გინგილის გარეშე, მღვდელსაც არ შეუძლია არც ერთი მსახურების შესრულება ოლარის გარეშე".
ომოფორი - გრძელი და განიერი ლენტისებური ქსოვილი. იკერება სქელი ქსოვილისაგან და შემკულია ნაქარგი ჯვრებით, გარს შემოუყვება ლენტი და ბოლოვდება ორივე მხარეს ფოჩებით. სამღვდელმთავრო სამოსის ნაწილი, რომელსაც მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს ბისონის ზემოდან შემოხვეულს ისე, რომ მისი ერთი ბოლო (მარცხენა) წინაა ჩამოშვებული, ხოლო მეორე მკერდზე ქვემოდან ზემოთაა ამოტრიალებული და მხარზე ზურგისკენ ეშვება. ადრინდელი ომოფორები შემკული იყო ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით ან მოციქულთა ან მღვდელმთავართა გამოსახულებებით, რაც საქართველოს ხელოვნების მუზეუმში არსებული მასალითაც დასტურდება.
ომოფორი მსგავსია ბიბლიური პირველი მღვდლის, აარონის სამოსელისა, რომელსაც სჯულისეული მღვდელმთავრებიც ატარებდნენ. მათ მარცხენა ბეჭზე გრძელი სუდარები ეხვიათ რაც ქრისტეს მცნებათა უღელს მოასწავებდა. ომოფორი აღნიშნავს უფლის განკაცებას, სიტყვის განხორციელებას ქალწულ მარიამისგან. სიმბოლურად გამოხატავს დაკარგულ ცხვარს, ადამიანთა დაკარგულ მოდგმას. ომოფორით შემოსილი მღვდელმთავარი კი განასახიერებს იესო ქრისტეს, რომელმაც, როგორც კეთილმა მწყემსმა, დაკარგული ცხვარი მხარზე შეისვა და ფარასთან მიიყვანა. ამრიგად ეპისკოპოსს ომოფორი ახსნებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის და სახარებისეული კეთილი მწყემსის მსგავსად, მოძებნოს დაკარგული „ცხვარი“ და საკუთარი მხრებით მიიყვანოს სახლში.
არსებობს ორი სახის: დიდი ომოფორი და მცირე ომოფორი. თავად ტერმინი გვიჩვენებს, რომ მათ შორის განსხვავება არის ზომა. წირვისას, სამოციქულოს წაკითხვის წინ, ეპისკოპოსი იხსნის დიდ ომოფორს და წირვის დასრულებამდე, იმოსება მცირეთი. ომოფორის გარეშე ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ისევე, როგორც მღვდელი ოლარის და დიაკვანი გინგილას გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს.
წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი ომოფორზე წერს:
„ეპისკოპოსის მიერ მოსხმული ომოფორი ასაჩინოებს იმ გზააბნეული ცხვრის ტყავს, რომელიც უფალმა იპოვა, ბეჭებზე შეისვა და მის ფარაში აღრიცხა. ჯვარსაც აღნიშნავს ომოფორი, რადგანაც ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი. ამასთან, ისინი, რომლებიც ქრისტესებრ ცხოვრებას ეშურებიან, ბეჭებით ეზიდებიან თავის ჯვარს ანუ — ტანჯვა-წამებას, რადგანაც ვნების სიმბოლოა ჯვარი.“
ბისონი, დიდი ომოფორი და კვართი
მცირე ომოფორი
შემოსვის ლოცვა: „ჯვარსა ზედა ქრისტე შეცდომილი კაცობრივი ბუნება აღიხვენ და ამაღლდი და მიჰგვარე ღმერთსა და მამასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“
"ომოფორი ბერძნული სიტყვაა და სამხრეს ნიშნავს. ის მხოლოდ ეპისკოპოსის სამოსია"
საბუხარები, სამკლაურები - მაჯაზე წამოსაცმელი, ვიწრო სამკლაურები, რომელიც თასმებით იკვრება და მსახურებისას კვართის სახელოებს იჭერს. ოლარი და საბუხარები ერთნაირი ქსოვილისაგან იკერება. საბუხარები ბიზანტიის საიმპერატორო სამოსიდან, სასულიერო პირთა შესამოსელში გადავიდა. XI საუკუნიდან ეპისკოპოსების შესამოსელში გამოჩნდა, XIII საუკუნიდან – მღვდლების, ხოლო XIV საუკუნიდან დიაკვნების შესამოსელში. იმპერატორები სამოსის სახელოებს იმაგრებდნენ ისე, რომ მანტიიდან მხოლოდ სამაჯურები გამოჩენილიყო.
სამაჯურების გაკეთებისას მღვდელმსახურები კითხულობენ ფსალმუნებიდან საგანგებოდ ამოკრებილ სტრიქონებს, რომლებიც მათ ახსენებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ან მასში მონაწილეობის ჟამს, ამას საკუთარი ძალით კი არა, არამედ ღვთის ძალითა და მადლით აკეთებენ. სიმბოლურად საბუხარები ბორკილებს აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა.
შემოსვის ლოცვა მარჯვენა ხელზე - „მარჯვენე შენი უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.“
შემოსვის ლოცვა მარცხენა ხელზე - „ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე გულისხმა მიყავ და ვისწავლნე სიმართლენი შენნი.“
"ჯვარი, რომელსაც მღვდელი მკერდზე ატარებს, სიმბოლოა თავის უარყოფისა და ღვთისადმი თავის მიძღვნისა"
საგვერდული - ოთხკუთხოვანი, მართკუთხა ფორმის ქსოვილი ჯვრის გამოსახულებით, რომელსაც ორ კუთხეზე თასმა აქვს დამაგრებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება. ბოლოვდება ფოჩებით. გულმოდგინე და ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელმთავრისაგან მღვდელს ჯილდოდ ეძლევა საგვერდული, ისევე როგორც ენქერი. ხოლო ორივე ჯილდოს შემთხვევაში მარცხენა მხარეს კეთდება საგვერდული, მარჯვნივ კი – ენქერი.
საგვერდული რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში XVI საუკუნეში გამოჩნდა და უმაღლეს იერარქიულ ჯილდოს წარმოადგენს. სავარაუდოდ, XIX საუკუნის დასაწყისიდან, რუსულის გავლენით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურთა შესამოსელშიც შემოვიდა და XX საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა. სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მსგავსი შესამოსელი არ არსებობს.
სიმბოლურად საგვერდული ნიშნავს სულიერ მახვილის, ისევე, როგორც ენქერი, კუნკული და ბარტყული, ანუ ღვთის სიტყვას, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად.
შემოსვის ლოცვას ვერ მივაგენი.
gio--->13
გიო, საგვერდული დღევანდელ რეალობაში აღარ გამოიყენება?
კუნკულზე და ბარტყულზე არსებულ ინფორმაციებში ძალიან არეულობაა, როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ბერძნულ წყაროებში. სიტყვის წარმომავლობის დადგენაც კი ჭირს არა თუ მათი განმარტება.
სარტყელი - ქამრის მსგავსი ლენტისებრი მატერია, ორივე ბოლოში დატანებული თასმებით, რომლითაც წელზე იკვრება. ამკობენ ოქროს ან ვერცხლის ძაფებით ნაქარგი ჯვრებით. სარტყელით იმოსებიან მღვდლები და ეპისკოპოსები. მისი პრაქტიკული დანიშნულებაა, რომ მღვდელმსახურმა სამოსის ქამრით შეკვრით უკეთესად ჩაატაროს მსახურება.
სარტყელი კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. სიმბოლურად გამოხატავს სამღვდელო ხარისხის უბიწოებას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა.
შემოსვის ლოცვა - „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელმან გარე-შემარტყა მე ძალი და დასდვა უბიწოდ გზაი ჩემი, განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი, და მაღალთა ზედა დამადგინა მე.“
გინგილა, ორარი - დიაკვნის ოლარი. გრძელი, ვიწრო, შარფის მსგავსი ქსოვილი, დამზადებულია იმავე მასალისგან, რომლითაც სტიქარი. მას ატარებენ დიაკვნები და იპოდიაკვნები. დიაკვანი იკეთებს მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან, ხოლო მისი ბოლო მარჯვენა ხელით უჭირავს კვერექსის წარმოთქმისას. დამსახურებულ დიაკვნებს, ჯილდოს სახით, ორმაგი გინგილას ტარების უფლება ეძლევათ, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო ფართოა. იპოდიაკონი კი გინგილას სარტყელივით შემოიკრავს ზურგზე და მკერდზე გადაჯვარედინებულს ატარებს. გინგილა განასახიერებს ანგელოზთა ფრთებს, სამღვდელო ხარისხის ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.
შესაძლებელია, ტერმინი „ორარი“ მომდინარეობს იმ ქსოვილის გრაგნილისაგან, რომელზედაც დაწერილი იყო კვერექსები და ლოცვები. ამიტომ, ღვთისმსახურების დროს, კვერექსის წარმოთქმისას, დიაკვანი მაღლა წევს ხელს, რომლითაც უჭირავს გინგილა.
შემოსვის ლოცვა - „წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა, ოსანა მაღალთა შინა.“
კვართი, სამღვდელო სტიქარი - მღვდელმსახურის შიდა სამოსი, გრძელი, ფართოსახელოებიანი კაბა, სტიქარის ნაირსახეობა. სტიქარისგან განსხვავებით, კვართი თხელი, ღია ფერის, ძვირფასი ქსოვილისგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული, ვიწრო სახელოები აქვს. კვართს ძველად ქალიც და მამაკაციც ატარებდა. შემდგომში, ეკლესიამ მიიღო მისი ტარების უფლება, როგორც შესამოსელის შიგნით ჩასაცმელი კაბა, რომლითაც იმოსებიან დიაკვნები, მღვდლები და ეპისკოპოსები. კვართი ითვლება ქრისტეს სამოსელის სიმბოლურ გამოხატულებად. ასევე ნიშნავს სულიერ სიმტკიცეს და სიწმინდეს. სახელოების ქვეშ ჭრილები კი განასახიერებს იესო ქრისტეს დაჭრილ გვერდს. მისი ღია ფერი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმინდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს.
შემოსვის ლოცვა - „იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი სიწმიდისა და კვართი ცხოვრებისა შემმოსა მე, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შემამკო მე“
სტიქარი - მღვდელმსახურის შესამოსელი. გრძელი, ფართო სახელოებიანი კაბა. მისი ტარების უფლება აქვს დიაკონს, იპოდიაკონს, მედავითნეს და ტაძარში მომსახურე ერისკაცს, იგივე მნათეს. სტიქარი წარმოადგენს სამოსს, რომლსაც ძველად ქალიც და მამაკაციც ატარებდა. შემდგომში, ეკლესიამ მიიღო მისი ტარების უფლება, როგორც ზედა შესამოსელი კაბა. სტიქარი ყველაზე ძველია საეკლესიო სამოსთაგან და განასახიერებს ძველი აღთქმის კვართს, ამიტომაც მას „ქიტონსაც“ უწოდებენ. მის უძველეს ფერად მიჩნეულია თეთრი აბრეშუმის ქსოვილი, რაზეც მეტყველებს მისი ერთ-ერთი სახელი — „ალბა“.
სტიქარი სახელოების ქვეშ გაჭრილია, რაც სიმბოლურად განასახიერებს იესო ქრისტეს დაჭრილ გვერდს. სამხრეები, რომლებიც სხვა ფერისაა, მოგვაგონებს იესოს გვემის კვალს. ხშირად გვერდებზე და სახელოებზე სტიქარს აკერებენ ბაბთებს, რომელიც ქრისტეს ბორკილებს აღნიშნავს. მღვდლების და მღვდელმთავრების სტიქარი ფართო და განიერია, მას სამღვდელო სტიქარი ანუ კვართი ეწოდება. სტიქარი („ხსნის სამოსი“) სიმბოლურად განასახიერებს სულის სიწმიდეს, მისი ღია ფერი კი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმინდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს.
შემოსვის ლოცვა - „იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი სიწმიდისა და კვართი ცხოვრებისა შემმოსა მე, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შემამკო მე“
ფილონი, ფელონი - მღვდელმსახურის შესამოსელი. გრძელი, ფართო, ერთიანი უსახელო სამოსი, თავზე მრგვალი ჭრილით, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. ფილონს მღვდელი სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს, რითაც მთელ სხეულს იფარავს კისრიდან ფეხებამდე. ფილონის გარეშე, მხოლოდ ოლარით, მღვდელს შეუძლია შედარებით ნაკლებ საზეიმო მსახურებების აღსრულება, როგორებიცაა: მცირე მწუხრი, სერობა ღამისთევით, შუაღამის მსახურება, ჟამნი და სხვა, როდესაც სახარება არ იკითხება. ხოლო, საზეიმო მსახურების დროს, როგორებიცაა: ნათლისღება, მირონცხება, ქორწინება, ზეთის კურთხევა და სხვა, აუცილებელია ფილონით შემოსვა.
ფილონი, თავისი გარეგნული სახით, მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. მასზე დაკერებული თასმები სიმბოლურად აღნიშნავს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ასევე, ფილონი ის ქლამიდია, რომელიც ქრისტეს მოასხეს ჯვარცმის წინ. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი. ღვთისმსახურების დროს, მღვდელი ხელების მაღლა აწევ-დაწევით, ფრთების მსგავსად, სიმბოლურად აღნიშნავს ანგელოზურ ხარისხს და მისი შესრულებული მოქმედება იმ ძალას, რომლის საშუალებითაც ღვთისმსახური ასრულებს საიდუმლოს.
შემოსვის ლოცვა - „მღვდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“
მიტრა - სამღვდელთმთავრო გვირგვინი, პატარა ხატებითა და ძვირფასი, ფერადი თვლებით შემკული. ეპისკოპოსის ლიტურგიული შესამოსელი. საეკლესიო ლექსიკონში ჩამოთვლილია ღვთისმსახურები: მღვდელმთავრები, არქიმანდრიტები და დამსახურებული დეკანოზები, რომელთაც მიტრის ტარების უფლება აქვთ. კათოლიკოს-პატრიარქის, მიტროპოლიტებისა და მთავარეპისკოპოსების მიტრები სავალდებულოა ჯვრებით გვირგვინდებოდეს. ეს წესი მოსკოვის, 1667 წლის საეკლესიო კრებამ დააკანონა.
ძველად საბერძნეთში მიტრას უწოდებდნენ თავზე წასაკვრელ ფართო ბაფთას, ძველი აღთქმის მღვდელმთავართა კიდარის მაგვარს, რომელიც ინასკვებოდა კეფაზე და გრძელი ბოლოებით ზურგზე ეშვებოდა. შედგებოდაა წინა და უკანა ნაწილისაგან. ორივე მათგანი წაწვეტებული ფორმის იყო. თავსაბურავის უკანა მხარეს უერთდებოდა ორი განიერი, კეფასა და მხრებზე დაშვებული ლენტი. დროთა განმავლობაში ბაფთამ მიიღო ქუდის ფორმა, რომელიც ზემოდან ღია იყო, წინა მხარეს კი ამოქარგული ხატებით შემკული.
მიტრის არსებობის პირველი ცნობა XI საუკუნით თარიღდება, როდესაც რომის პაპმა, ლეო IX-მ (1049-1054) მიტრა უბოძა ტრევირის მთავარეპისკოპოსს ევერარდოს, რომელიც მას რომში გაჰყვა. თავდაპირველად მიტრის ტარების უფლებით მხოლოდ ალექსანდრიის პატრიარქი სარგებლობდა, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ (1453 წ.) მიტრის ტარება საყოველთაო გახდა როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში და ეპისკოპოსის შესამოსელ აუცილებელ ნაწილად იქცა.
აღმოსავლეთის ეკლესიაში სიმბოლურად ეპისკოპოსის მიტრა მეფის გვირგვინს გაუთანაბრდა, რადგან ეპისკოპოსი მღვდელმსახურების დროს წარმოადგენს ზეცათა მეუფეს — იესო ქრისტეს. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე (მათე 27, 29). აგრეთვე სუდარას, რომელიც დამარხვისას თავზე შემოახვიეს (იოან. 20, 7).
მართლმადიდებელი ეკლესიაში, მიტრის ტარების მხრივ, გამორჩეულია ალექსანდრიის ეკლესია და მისი მმართველი, რადგან მისი წოდებაა „პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა“, შესაბამისად მსახურების დროს, პატრიარქის მიტრასთან ერთად იყენებს, პაპის ტიარასაც.
სულხან-საბა ორბელიანი მიტრას ასე განმარტავს: „მიტრა - მღვდელმთავრის გვირგვინი, მღვდელმთავრის ქუდი, რომელ ითქმს დედად.“
პატრიარქს მიტრის დადგმის დროს ასე უკითხავს არქიდიაკვანი: „დაგადგა უფალმან თავსა შენსა ზედა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა. ცხოვრება ეთხოვე მას და მოგცეს შენ განგრძობაი დღეთა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“
პანაღია - უმაღლესი იერარქის რეგალია. მღვდელმთავრის შესამოსელის ნაწილი. მომრგვალებული ფორმის, პატარა, ძვირფასი ფერადი ქვებით შემკული, გულსაკიდი ხატი, რომელიც ეპისკოპოსს ბისონის ზემოდან, ჯვართან ერთად მკერდზე უკეთია. „პანაღია“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ამიტომ, მასზე ძირითადად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია გამოსახული, ზოგჯერ კი: მაცხოვარი, სამება, წმინდანები, ჯვარცმა და ბიბლიური სცენები. ჯვარს და პანაღიას ღვთისმსახურები მკერდზე დაკიდებულს ატარებენ ნიშნად იმისა, რომ მათი გული ქრისტეს რწმენითაა ანთებული.
როცა მღვდელმთავარი გულზე იკიდებს პანაღიას, ამბობს (დიაკვანი კითხულობს) შემდეგ ლოცვას: „გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“
მეორე პანაღიის გაკეთების დროს: „აღმოსთქვას გულმან ჩემმან სიტყვაი კეთილი და მიუთხროს საქმენი ჩემნი მეუფესა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“
კვერთხი — სპეციალური ჯოხი. უმაღლესი იერარქის რეგალია, სამწყემსო მსახურების ნიშანი, რომელიც ეპისკოპოსებს ხელთ უპყრიათ. ამზადებენ ძვლის, ხის ან ლითონისაგან. სასულიერო პირები კვერთხს ატარებდნენ, ძველი აღთქმის პერიოდშიც და იგი მიიჩნეოდა მნიშვნელოვან აქსესუარად.
მღვდელმთავარი კვერთხით სიმბოლურად მწყემსს გამოხატავს, ვინაიდან ისე ზრუნავს თავის სამწყსოზე, როგორც მწყემსი ფარაზე. სახარებაში თავად მაცხოვარი ამბობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი“. მღვდელმთავარს კვერთხი გადაეცემა ეპისკოპოსად კურთხევის დროს, ლიტურგიის დამთავრების შემდეგ. იგი ეძლევა აგრეთვე არქიმანდრიტსა და იღუმენს.
სამღვდელმთავრო კვერთხი ორნაირია, ყოველდღიური და საღვთისმსახურო: ყოველდღიური კვერთხი უფრო სადაა და უმეტესად შავი ფერის, რომელსაც ეკლესიის გარეთ ატარებს მღვდელმთავარი. ხოლო ტაძარში შესვლისთანავე გამოართმევენ ყოველდღიურ კვერთხს, შემოსავენ მანტიით და მისცემენ განსხვავებულ, გამშვენებულ საღვთისმსახურო კვერთხს, რომელიც ლიტურგიის დროს გამოიყენება.
სამღვდელმთავრო კვერთხს აქვს ღუზის ფორმის მსგავსი თავი, რომელსაც ჯვარი აგვირგვინებს. ღუზა სამღვდელმთავრო კვერთხზე მორწმუნეთა გადარჩენასა და სარწმუნოების მტრების განდევნას ნიშნავს, ხოლო ჯვარი ქრისტეს რწმენისა და გადარჩენის სიმბოლოა.
"ფილონზე დაყენებული ზონრები სიმბოლურად განასახიერებს იმ სისხლიან ნაკადს, რომელიც მაცხოვრის ტანსაცმელზე გადმოდიოდა"
ანაფორა - გრძელი, ფართო სახელოებიანი, ზემოდან მოსაცმელი, თხელი ან დათბილული, შავი შალის ნაჭრის სამოსი. ანაფორა ბერძნული სიტყვაა და გაფხეკილ, გაცრეცილ, ფერდაკარგულს ნიშნავს. ასეთი ღარიბული სამოსი ეცვათ ძველად ბერ-მონაზვნებს, შემდეგ კი მთელ სამღვდელოებას. მღვდელმსახური წირვის დაწყებამდე იხდის ანაფორას და იმოსება სრული სამღვდელო შესამოსელით. ძველად ანაფორას მსგავს სამოსს ჩოხა ერქვა. მის მატარებელს კი ჩოხოსანს უწოდებდნენ. ჩოხის ჩაცმა ან მისი კურთხევა ბერად შედგომას ნიშნავდა.
ანაფორა სიმბოლურად გამოხატავს სინანულსა და მორჩილებას. სამოსლის სახელწოდება მიუთითებს, რომ მისი მატარებელი უსისხლო მსხვერპლშეწირვას ასრულებს.
ანაფორას რამდენიმე, თემატურად ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობით გამოიყენებენ:
1. ევქარისტიული მსხვერპლის (პურისა და ღვინის) მომზადებას ჟამისწირვისთვის;
2. საიდუმლო ლოცვა, რომელიც იკითხება ჟამისწირვის დროს. მაგალითად, „ბასილი დიდის ანაფორა“, „იოანე ოქროპირის ანაფორა“ და სხვა;
3. ზოგჯერ ეწოდება „დიდ ცას“, დიდ დაფარნას, რომლითაც იბურება ბარძიმი და ფეშხუმი სამსხვერპლოდან ტრაპეზზე საუფლო ძღვენის გადატანისას;
4. ევქარისტიული კანონი, რომელიც ლიტურგიის ძირითად ნაწილს წარმოადგენს და „მრწამსის“ გალობის შემდეგ იწყება. ამ შემთხვევაში, ანაფორის ძირითადი ნაწილია წმინდა ძღვენის აღმართვა ტრაპეზიდან.
დღეს, საქართველოში, სასულიერო პირები ყოველდღიურ შესამოსლად ძირითადად კაბას იყენებენ, მის ზემოთ კი უსახელო მოსაცმელებს, ჟილეტებს ხმარობენ.
https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/6/6b/Eastern_Orthodox_man_in_Jerusalem_by_David_Shankbone.jpg
"კვერთხზე გამოსახული გველი სიბრძნის სიმბოლოა"
სქიმა - მონაზვნობისა და ბერობის უმაღლესი ასკეტიკური ხარისხი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სამონაზვნო სქიმა სიმბოლურად გამოხატავს უდაბნოში მოღვაწე წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც აქლემის ბეწვით იყო მოსილი, წელზე კი ტყავის სარტყელი ერტყა. სქიმა გვხვდება ორ ხარისხში, ესენია: მცირე სქიმა და დიდი სქიმა.
მცირე სქიმით — იმოსებიან მორჩილები ბერად ან მონაზვნად აღკვეცისას.
დიდი სქიმის — მიმღები ბერების ხარისხის სახელწოდებას წინ ემატება „სქიმ“ (სქიმმონაზონი, სქიმიღუმენი, სქიმარქიმანდრიტი). ჩვეულებრივ ისინი ცხოვრობენ სხვა საძმოებისგან განცალკევებით.
იოანე პეტრიწის განმარტება სქიმის შესახებ: „სქიმა ეწოდების ნაკვეთსა, ხოლო მონაზონნი რა შეიმოსენ სქიმასა, ჯერ–არს განიკვეთოს მსოფლიოთა საქმეთაგან. სქიმაჲ, რომელ არს ნაკვეთი.“
https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/7a/Suzdal_Kremlin13.jpg
"გამშვენებული ჯვარი სიმბოლურად ნიშნავს, რომ მღვდელმთავარს არა მარტო გულით უნდა ახსოვდეს მაცხოვარი, არამედ ყველას წინაშე უნდა აღიაროს იგი მხსნელად და მაცხოვრად"
სკუფია - მღვდელმსახურის შესამოსელი. წვეტიანი, ან ბრტყელი, რბილი, შავი, ზოგჯერ ფერადი (იისფერი, შინდისფერი, ლურჯი, მწვანე) ქუდი, რომელსაც ატარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც თეთრი, ასევე შავი სამღვდელოების მსახურნი. წვეტიანი ფორმის სკუფიის ნაკეცები გამოსახავს ჯვარს მღვდელმსახურის თავზე.
მთავარეპისკოპოსთა და მიტროპოლიტთა სკუფია გამშვენებულია ბრილიანტის ჯვრით, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა. ასეთი სკუფიის მფლობელი მიტროპოლიტი უპირატესია სხვა მღვდელმთავრებზე, თუმცა ჯილდო დამატებითი უფლებამოსილებით და მოვალეობებით არ გამოარჩევს დაჯილდოებულ პირს.
დღესდღეობით, ბერძნული და ბალკანური ტრადიციების ეკლესიებში თითქმის აღარ გამოიყენება სკუფია. მის მაგივრად ხმარობენ კამილავკას, რომელიც წარმოადგენს მაღალ, ცილინდრულ თავსაბურავს, რაც მხოლოდ თავის ცენტრალურ ნაწილს ფარავს. კამილავკა რუსული ტრადიციის ეკლესიებში XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა და სკუფია უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დღესაც ორივე თანაბარი მნიშვნელობით გამოიყენება.
ძველი ბერძნული წესის მიხედვით, რუსული ტრადიციის ეკლესიებშიც ყველა სასულიერო პირი თავის დასაფარად ატარებდა სკუფიას. 1797 წლიდან კი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს, მეორე ჯილდოს სახით, საგვერდულის შემდეგ, ეძლევათ ფერადი საღვთიმსახურო სკუფიის ტარების უფლება, თუმცა, ღვთისმსახურების გარკვეულ პერიოდში, უნდა მოიხსნან იგი.
ჩვეულებრივი, შავი სკუფია და პატრიარქი მეწამული, ბრილიანტის ჯვრით გამშვენებული სკუფიით.
კუნკულა, ბარტყულა, კუნკულ-ბარტყული, სკუფია, კამილავკა
მივადექი საკმაოდ ახლართულ თემას არა მარტო ქართულში.
ადრე ამ თემაზე Sotiris, კანონისტი და მნათე საუბრობდნენ. მინდა უფრო გავშალოთ და რაღაც შედეგამდე მივიყვანოთ ამ ტერმინების განმარტება. კარგი იქნება მათი აზრის მოსმენაც.
gif - ასახავს არქიდიაკვანის შემოსვას: სტიქარი, გინგილა, საბუხარები, კამილავკა, საცეცხლური და ტრიკირი (სამსანთელი).
მღვდელმონაზვნის შემოსვა: განიმოსა კამილავკა, შეიმოსა - კვართი, ოლარი, ენქერი, სარტყელი, საბუხარები, ფილონი, სამკერდე ჯვარი, კუნკულ-ბარტყული, ტრაპეზის ჯვარი.
მღვდელმთავარის შემოსვა: განიმოსა - ყოველდღიური კვერთხი, კამილავკა (ან სკუფია), პანაღია და შეიმოსა: კვართი, ოლარი, სარტყელი, საბუხარები, ბისონი, ენქერი, დიდი ომოფორი, სამკერდე ჯვარი, პანაღია, მიტრა, დიკირ-ტრიკირი (ორსანთელი და სამსანთელი). შემდეგ განიმოსა დიდი ომოფორი და შეიმოსა - მცირე ომოფორი და გამშვენებული კვერთხი.
იპოდიაკვანი: სტიქარი, გინგილა და რიპიდი (სამწერობელი).
"პანაღია - მღვდელმთავართა გულსაკიდი ხატია. ეს არის პატარა მრგვალი ხატი, შემკული ფერადი ქვებით მაცხოვრის, ან ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელსაც მღვდელმთავარი ბისონის ზემოდან ატარებს. პანაღიად მართლმადიდებელ სამყაროში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იწოდება"
"როდესაც უწმინდესმა ეფრემმა მაკურთხა, მითხრა, ეს ანაფორა ან სიკვდილმა უნდა გაგხადოს, ან ციხემო. იმიტომ, რომ ეს არის ღვთისმშობლის ტანისამოსი და მისი შეურაცხყოფა დასჯადიაო".
/არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი)/
"მის მიტრას ძვირფას ქვებად განამშვენებდა უბრალოება, თავაზიანობა, ალერსიანობა, ღვთისმსახურების სიყვარული და ყველაზე უძვირფასესი - სამწყსოსთან მამობრივი დამოკიდებულება"
"ხედავ შემოსილ მღვდელს? ის შენთვის უკვე ვიღაც ესა და ეს მღვდელი კი აღარ არის, არამედ თავად ქრისტე დგას. ამქვეყნად არავის აცვია ისე, როგორც მღვდელმსახურებს. ეს რაღაც ზექვეყნიურია. ეს გასაოცარი სანახაობაა, რაღაც ზეციური ხილვაა, როცა თავად ქრისტე ჩამოდის ჩვენთან ზეციური ამბების მოსათხრობად"
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience