"ღვთისმოშიშ ქრისტიანს მტერი და მაჭირვებელი არა ჰყავს, ყველა კაცი მისი მასწავლებელია. ზოგი მოთმინებას ასწავლის, ზოგი - სიყვარულს, ზოგიც - მიტევებას. მამა ვიტალისთან (სიდორენკო) თუ ვინმეს განიკითხავდნენ, ის აუცილებლად იმ კაცის რაიმე კეთილ საქმეს გაიხსენებდა და ილოცებდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა ამას". "უნდა საკუთარი თავი განიკითხო, დაადანაშაულო და დასაჯო, სხვები კი გიყვარდეს და ანგელოზად ჩათვალო," - ამბობდა ის. ერთ ქალს კი, რომელიც სახლის პატრონს ვერაფრით ეწყობოდა, ურჩია: - შენ მას დედა დაუძახე და იფიქრე, რომ ღმერთმა იქ დაგასახლა, სადაც ანგელოზნი ცხოვრობენო. მონაზონ ე-ს კი შთააგონებს: "უნდა მოითმინო და ილოცო შენს მეზობელ დედა ზ-სთვის. მისი ჯანმრთელობისთვის წირვა შეუკვეთე, დაანთე სანთლები, შეაგზავნე სეფისკვერი, გაეცი მოწყალება, ყოველდღიურად 12-ჯერ მოიდრიკე მუხლი და თან ლოცვა წარმოთქვი: "აკურთხე, უფალო, მხევალი შენი ზ-ი და მისი წმინდა ლოცვით შემიწყალე მე ცოდვილი" და მოვა სანატრელი სიმშვიდე. ნურასოდეს იდრტვინებ, გიყვარდეს, ითმენდე, ნუ განიკითხავ და მიიღებ ცხონების გვირგვინს".
"ქრისტეს მსგავსად მოიქცა წმინდა სტეფანე პირველმოწამე. როდესაც მას ქოლავდნენ, სულის ამოხდამდე ლოცულობდა თავის მაჭირვებელთათვის. პირველმოწამის ამგვარ წამებას ესწრებოდა ერთ-ერთი იუდეველი სავლე, ქრისტიანთა მდევნელი, თუმცა შემდგომში ღვთის მადლით მოინათლა და მოციქულიც კი შეიქნა - სახელად პავლე. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: სტეფანე პირველმოწამის ლოცვის ერთ-ერთი შედეგი ისიცაა, რომ ქრისტიანულ ეკლესიას ჰყავს ისეთი სრულყოფილი მოძღვარი, როგორიც პავლე მოციქულია. წმინდა პავლე მოციქულმა ნამდვილად არ იცოდა, რას იქმოდა, როდესაც ქრისტიანებს დევნიდა. ეგონა, ქრისტიანები მისი სამშობლოსა და ჭეშმარიტების მტრები იყვნენ."
/მამა ლუკა სუპატაშვილი/
- ხშირად ადამიანი მაჭირვებელი გვგონია, მერე კი აღმოვაჩენთ, რომ თურმე მასზე უკეთესი მოყვასი არავინ გვყოლია...
- ვიმეორებ, ადამიანი თავის მსგავსს იზიდავს. პარადოქსია, მაგრამ ხშირად ვისაც ვებრძვით და ვინც გვებრძვის, შინაგანად ყველაზე ახლობელია ხოლმე. ვიდრე ჩვენი ნება ღვთის ნებას არ დაემთხვევა და მასთან სინერგიაში არ ვიქნებით, მანამ ადამიანის ნება ილუზიურად აღიქვამს ყოველივეს: მტერი მოყვარე ჰგონია, მოყვარე კი მტერი. შემდეგ აღმოჩნდება, მტერი რომ გვეგონა, მოყვარე ყოფილა, მოყვარე კი შესაძლოა მტერი გამოდგეს. მე ვიტყოდი: არც მტერი გვყავს და არც მოყვარე - ყველა ჩვენი მასწავლებელია.
ადამიანის სული იმდენად ღრმაა, რომ მთელი თანამედროვე ფილოსოფიაც კი ვერ ჩასწვდება. მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული, მართლმადიდებელი რელიგია შეიძლება იყოს ის ორიენტირი, რომლის შემწეობითაც ადამიანი შეძლებს, ნაწილობრივ, თავისი სულიერი განვითარების შესაბამისად, შეიცნოს მისდამი მიმართული მოყვასის განზრახვითი განგებულება. ყველაზე ღრმა ფენაში - მოყვასის გულში კი ვერასოდეს ჩავაღწევთ. მხოლოდ უფალს ძალუძს გაიგოს, გულში რა აქვს ადამიანს - გაყინულია ის თუ სიყვარულით გამთბარი, სიკეთე ბუდობს მასში თუ ბოროტება...
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ვინმე დიდი ბერის სენაკის ახლოს ერთი ძმა ცხოვრობდა, რომელიც მის კელიაში შეიპარებოდა საქურდლად. ბერი ამას არ იმჩნევდა. უფრო მეტს შრომობდა, ამბობდა: შესაძლოა ძმას ძალიან სჭირდება და იმიტომ მიაქვსო. მაგრამ ეს "ძმა" ხშირად არსობის პურსაც კი ჰპარავდა მოხუცებულს. როცა ღირსი მამა კვდებოდა, გარს ბერები შემოეხვივნენ, მათ შორის იყო მისი მაჭირვებელიც. მომიახლოვდიო, უთხრა და ქურდს ხელებზე ეამბორა, მერე კი უთხრა: ძმაო, შენი ხელების მადლობელი ვარ, რადგან მათი შეწევნით ზეციურ სასუფეველში მივდივარო. წმინდა მამის ნათქვამმა ქურდს გული შეუძრა, შეინანა და გამოსწორდა."
"ჩვენი სულგრძელობა უსაზღვრო უნდა იყოს. სახარების "ოქროს კანონია", მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ."
/მამა ლუკა სუპატაშვილი/
"როდესაც უსამართლოდ გეპყრობიან, ნუ იტყვი: "ღმერთმა მოგიზღოს!", რადგან მაშინ შენ ზრდილობიანად წყევლი".
"ვინმე სულიერი ძმისგან გაბრაზებული ბერი მივიდა წმინდა სისო დიდთან და უთხრა: ამა და ამ ძმამ გამაბრაზა და მინდა სამაგიერო გადავუხადოო. წმინდა სისომ თქვა: ვილოცოთო. წამოდგნენ. წმინდა მამამ აღაპყრო ხელები და თქვა: - ღმერთო, ღმერთო, აღარ გვჭირდები და არც შენი მზრუნველობა გვინდა, რადგან თვითონ ვაპირებთ შურისძიებასო. ეს რომ ბერს მოესმა, შეშინებული დაეცა წმინდა მამის ფერხთით და შეღაღადა: აღარ მინდა შურისძიება. შემინდე, მამაო!"
"ვინმე ბერმა თქვა: თუ ვინმე გაჭირვებს, გაწყენინებს, შენ აკურთხე. თუ მიგიღებს, შეგირიგდება, ორივესთვის კარგი, იქნება, თუ არადა შენი კურთხევა შენზედვე მოიწევა, იმას კი ღმერთი შეურაცხყოფსო."
"მე არ ვადანაშაულებ ჩემს მაგინებელთ, არამედ კეთილისმყოფლად მივიჩნევ და ზურგს არ ვაქცევ მათ, ვინც მკურნალია ჩემი ამპარტავანი სულისა, იმის შიშით, რომ უფალმა არ უთხრას ოდესმე ჩემს სულს: "ვკურნავდი ბაბილონს და არა განიკურნა".
/წმ. ზოსომე პალესტინელი/
"ერთმა მამამ თქვა: თუ ადამიანს ახსენდება ვინმე, რომელმაც გაამწარა, გალანძღა, ეჩხუბა და ზიანი მიაყენა, მაშინ ისიც ეხსომება, რომ ის კაცი ქრისტესგან გამოგზავნილი მისი მკურნალია და თავის კეთილისმყოფლად ჩათვლის, ხოლო შეურაცხყოფას - სულის სნეულების ნიშნად, რამეთუ სნეული რომ არ იყოს, არც დაიტანჯებოდა. უნდა გიხაროდეს ასეთი ძმის გამო, რადგან მის მიერ საკუთარი სნეულება შეიტყვე. უნდა ილოცო მასზე, და მისგან ყოველივე ისე მიიღო, როგორც უფლის მიერ გამოგზავნილი წამალი. თუ შენ მასზე დაიბოღმები, მაშინ ქრისტეს გასძალიანებიხარ და ეუბნები: მინდა წყლულები დამილპეს, არ მინდა შენი მკურნალობაო."
"აი, როგორ განმარტავდა წმინდა ამბროსი ოპტელი მაცხოვრის სიტყვებს - როცა მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო: ჩვეულებრივი წესით, როცა სახეში არტყამენ, მარჯვენა ხელით ურტყამენ მარცხენა ლოყაში და არა მარჯვენაში. მაგრამ მარჯვენა ლოყაში დარტყმით უფალს უნდოდა ეჩვენებინა შეურაცხყოფა, დამცირება, წყენინება მართალი საქმისთვის, რომელშიც შენ დამნაშავე არ ხარ. მარცხენა ლოყის მიშვერა კი ნიშნავს, რომ იმ დროს, როცა უმიზეზოდ გლანძღავენ, გაიხსენე უფლის წინაშე ის ცოდვები, რომლითაც ის შეურაცხყავი, ამის შეგრძნების მერე დამდაბლდი და უსამართლო ლანძღვა საჭიროდ ჩათვალე."
"მაჭირვებელს ალბათ ისე უნდა მოექცე, როგორც წმინდა კონსტანტინე (სქემაში კირილე, სლავთა განმანათლებელი):
სარკინოზთა მთავარს ამირა მუმნს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ მათ ეშმაკებს ეძახდა და სამარაში ყოველი ქრისტიანის სახლის კარებზე ეშმაკი გამოასახვინა. ქალაქში საქმეზე ჩასული წმინდა კონსტანტინე გაკვირვებული და შეწუხებული უცქერდა ქრისტიანთა შეჭირვებას.
სარკინოზებმა მისი აბუჩად აგდება გადაწყვიტეს და ჰკითხეს: ბრძენო კონსტანტინე, თუ ხვდები, ეს რას ნიშნავსო. მე ვხედავ ჯოჯოხეთის სულებს და ვფიქრობ, რომ იქ ქრისტიანები ცხოვრობენ, - თქვა წმინდანმა, - ეს დემონები დგანან ქრისტიანთა სახლების გარეთ და ვერც ერთ სახლში შესვლას ვერ ბედავენ. ხოლო სადაც ეს ეშმაკის გამოსახულება არ არის, იმ სახლში ისინი ადამიანებთან, როგორც მეგობრები და ნათესავები, ისე ცხოვრობენო. წმინდანის ნათქვამმა დაადუმა დიდებულები."
"ყოველი ხორციელი ბოროტისმყოფელი განმწმენდელია ჩვენი სულისა, ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი ქრისტეს მიერ მოვლინებული".
/წმ. ზოსიმე პალესტინელი/
"ღირსი მამა იოსებ მღვიმელი (ათონელი) ჰყვებოდა, რომ ადრე მათთან კალივაში დასახლება მოინდომა რამდენიმე "მყუდროების მოსურნე" ადამიანმა, მაგრამ სწორედ ისინი გახდნენ მრავალი უწესრიგობის მოთავენი. მდგომარეობა მძიმე და თითქმის გამოუვალი ხდებოდა. შეჭირვებული ამბა იოსები ლოცვად დადგა და ღმერთს შეწყალებას სთხოვდა. ამ დროს მან საღმრთო გამოცხადება იხილა. ზეციდან ჯვარზე გაკრული უფალი ჩვენი იესო ქრისტე გარდამოვიდა, მის წინ დადგა და მშვიდად უთხრა: - ხედავ, რა დავითმინე თქვენთვის? თქვენ კი ასე მალე როგორ იღლებითო. მამა იოსები მაცხოვრის წინ დაემხო ცრემლმორეული: უფალო, შეგვეწიე ცოდვილებს და ნუ დაგვიტევებო. ჯვარცმული ზეცად ამაღლდა. შეჭირვებულ ბერს საღმრთო ნუგეშად კეთილსურნელება მოჰფინა. მალე მაჭირვებლებმა ვერ დაითმინეს მამა იოსების ცხოვრების პირობები და სათითაოდ გაიკრიფნენ."
"ნუ მიაქცევ ყურადღებას, თუ ვინმემ გაწყენინა, ანდა რატომ გაწყენინა. მხოლოდ გახსოვდეს, შეურაცხყოფას ვერავინ მოგაყენებდა უფლის ნების გარეშე. ამიტომაც უკეთესია უფალს მადლობდე თავს მოწეული მწუხარებისთვის. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ მისთვის უცხონი არა ხართ და ზეციური სასუფევლისკენ მიჰყავხართ."
"უამრავი შეჭირვება დაითმინა წმინდა ლევ ოპტელმა. მაგალითი იყო დათმენისა. არ უყვარდა, როცა მასთან სხვებს განიკითხავდნენ, როცა ყველაფერში სხვები იყვნენ დამნაშავეები.
სქემმონაზონი ანტონი ჰყვებოდა: ვიღაცას წაეკამათები და გწამს, რომ უდანაშაულო ხარ, მიხვალ მოძღვართან და თავს იმართლებ. "აბა, რა თქმა უნდა, ის დამნაშავეა, შენ კი მართალი ხარ, - გეტყვის მამა ლევი, - ესე იგი მე შენთან ანგარიში გასწორებული მაქვს. მართალი ხარ და ჩემთან აღარაფერი გესაქმება. წადი მშვიდობით. შენ უკვე ცხონდი, მე თავი დამანებე, რადგან ჩემი საქმეა შრომა, და დრო ცოდვილთათვის უნდა გამოვიყენო. წადი, წადი შენი სიმართლით, ჩვენ, ცოდვილებს კი ხელს ნუ შეგვიშლიო".
თუ თავის მართლებას განაგრძობდი, მამა ლევი კვლავ გეტყოდა: "ესე იგი შენ უფრო მართალი ყოფილხარ. წადი, წადი, კარებს იქით ცოდვილები იცდიან. შენ კი მათ ხელს უშლიო". გამოხვალ მოძღვრის კელიიდან და ფეხებს ძლივს მიათრევ. დაბრუნდები, თავს იმართლებ და მოძღვარი უარესად გამხილებს. ასე იყო მანამდე, სანამ გულში სინანული არ გაგიჩნდებოდა. მიხვალ მოძღვართან და თავსაც ვერ სწევ. მაშინ ის მოუდრეკელი მსაჯულიდან ალერსიან, ნაზ დედად გადაიქცეოდა".
"ამბა იოანეს როცა მტრისა თუ მაჭირვებელთა სიყვარულზე საუბრობდა, ერთი ამბის მოყოლა უყვარდა: ვინმე ფილოსოფოსი მოწაფემ გააბრაზა და მერე შენდობა სთხოვა. "მაშინ გაპატიებ, თუ სამი წელი დამნაშავეებთან ერთად ქვის სამტეხლოში იმუშავებო". შემდეგ კი მოსთხოვა - ახლა სამი წელი ფული აძლიე, თუ ვინმე შეგაჭირვებსო. როცა მოწაფემ ყველაფერი შეასრულა, მასწავლებელმა უთხრა: ახლა კი წადი ათენში სიბრძნის შესასწავლადო.
ქალაქის შესასვლელთან ერთი ბრძენი კაცი იჯდა და ყოველ შემსვლელს გამოსაცდელად ლანძღავდა. როცა ახალგაზრდასაც ასე მოექცა, მას ხმამაღლა გაეცინა. რას აკეთებ? - ჰკითხა ბრძენმა, - მე გლანძღავ, შენ კი ამაზე იცინიო. როგორ არ გავიცინო, - უპასუხა ახალგაზრდამ, - სამი წელი ფულს ვუხდიდი, ვინმეს რომ გაველანძღე, შენ კი უფასოდ მლანძღავო. ბრძენმა უთხრა: - შედი ქალაქში, შენ ამის ღირსი ხარო. ამ ამბავს მამა იოანე უმატებდა: - ეს ის ღვთის კარებია, რომლითაც ჩვენი მამები მრავალი მწუხარებისა და შეურაცხყოფის მერე მხიარულნი ღვთის ქალაქში შევიდნენო."
მამა ბასილი ათონელი (XIXს.) ამბობდა: "ჩვენი დაცემული ბუნებისთვის თითქოს ბუნებრივია, რომ გული აღგვიშფოთდეს, როცა ვინმე ათასნაირ სისაძაგლეს გვიკეთებს ცხადად თუ დაფარულად. ხოლო თუ დავუშვებთ და მოყენებული ბოროტების გარჩევას დავიწყებთ, მაშინ გული გამძვინვარებული ვეფხვივით გვიხდება, რომელიც მზად არის თავდასასხმელად. ადამიანს ამ დროს თავის ფლობა და დამშვიდება უნდა, მაგრამ გულში თუ გაღვივდა შფოთის გულისთქმები, გონება უკვე უძლურია წინ აღუდგეს აღელვებულ გულს. ლოცვაზე კი ძნელია დადგომა, განსაკუთრებით, თუ შეურაცხმყოფელისთვის ლოცულობ. რამეთუ ამ დროს გულიც და გონებაც თითქოს თავდაყირაა. წინააღმდეგობისას უამრავი ფიქრი გიტრიალებს.
თუ კაცი, მიუხედავად მთელი იმ ქაოსისა, რომელიც ჩვენში ეშმაკმა აღძრა, გადაწყვეტს, რომ თავი აიძულოს, მაშინ ჩნდება ერთი მთავარი საწინააღმდგო აზრი, რომელიც ლოცვისაგან განაშორებს ახალბედებს: როგორ უნდა ილოცო? შეხედე, სულში როგორი შფოთი გაქვს! განა მიიღებს ღმერთი ასეთ ლოცვას? ამით უფრო არ განარისხო უფალი! ხედავს რა გულსა და გონებაში ატეხილ ამგვარ ქარიშხალს, მიხვდება მასში ეშმაკის ხრიკებს, მაშინ მოღვაწე ადამიანი ლოცვას შეუდგება, იღებს სკვნილს, მუხლს იდრეკს და ამბობს: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეიწყალე მონა შენი!
ჰოი, როგორ ძნელია ლოცვა და მუხლთა დრეკა დასაწყისში სკვნილზე ჩამოლოცვისას. მაგრამ ღმერთი ახლოსაა. ამ სწორ თავის იძულებას ყველაზე მეტ მსხვერპლად შეიწირავს, მით უმეტეს, თუ ეს აღესრულება მისი უპირველესი მცნების, სიყვარულის გამო, ამასთან მტრის სიყვარულის გამო აღესრულება. ნელ-ნელა თითქოს სულში ინათებს, სიმშვიდე დაისადგურებს, მერე გულში სიხარული ჩნდება და კაცი მტრისადმი მხურვალე სიყვარულით აღივსება. ისეთი სიყვარულით, რომელიც მზადაა, მტრისთვის თავიც კი გასწიროს, თუ ეს საჭირო გახდა.
წმინდა სიყვარულის რა სისავსე ეფინება ამ დროს სულს! ძნელია ამის გამოთქმა, ეს მხოლოდ მან იცის, ვისაც გამოუცდია, გრძნობს გულში მაჭირვებლის მიმართ სრულყოფილ სიყვარულს და ხედავს ამ დროს თვითონ მტერშიც საოცარ ფერისცვალებას. აქედან ჩანს, რომ მხოლოდ სიყვარულია ახლობელი ჩვენთვის, მტრობა, სიძულვილი კი ბოროტი მტრის დათესილი ღვარძლი!"
"სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) ამბობდა: ილოცეთ თქვენს მაჭირვებლებზე, ცილისმწამებლებზე - ისინი ჩვენი კეთილისმყოფელები არიან და ცხონებაში გვეხმარებიან. უფალი იესო ქრისტე თავის ჯვარმცმელებზეც კი ლოცულობდა! სასოს ნუ წარიკვეთ, თუ ცოდვილი ხარ, ცოდვილები, მაგრამ უფლისები ვართ! მღვდელმოწამე კვიპრიანე ჯადოქარი იყო, მაგრამ შეინანა და ღვთის მეგობარი გახდა."
"ჩვენ თუ ვინმე გვძულს, ეს არა მხოლოდ იმ ადამიანისთვისაა საზიანო, არამედ ჩვენთვის, ჩვენი სულისთვის".
"ერთმა ბერმონაზონმა ამბა პიმენს ჰკითხა: "რის გაკეთებას მირჩევ, მამაო?" "იყავი იმის მეგობარი, ვინც გაწყენინებს", - უპასუხა ბერმა".
"ყველაფერში, რაც უნდა მოხდეს, საკუთარი თავი დაადანაშაულეთ. ილოცეთ მორჩილებით, ნუ იმართლებთ თავს! ხედავთ, მაგალითად, სხვა მხრიდან მეტოქეობასა და მტრობას? სიყვარულით ილოცეთ, რომ მეტოქეობასა და მტრობას სიყვარულით უპასუხოთ. ცილს გწამებენ? ილოცეთ".
/წმ. პორფირი კავსოკალივიტი/
"ადამიანთმოძულეობა"
"ქრისტიანობა ქართველისთვის იმის გამოც აღმოჩნდა მისაღები, რომ ის მტრის დანდობას, სიყვარულს ქადაგებდა."
/ამირან არაბული/
"დღეს მტერნი განიხერხებიან შურით, მოყვარენი კი ხარობენ!"
"ვისაც სურს, რომ ღმერთმა სწრაფად ისმინოს მისი ლოცვა-ვედრება, ვიდრე დადგება ღვთის წინაშე და ზეცისაკენ აღაპყრობს ხელებს, თავის სულზე ლოცვამდეც კი, მოვალეა მთელი გულით ილოცოს თავისი მტრებისთვის."
"მტრების სიყვარულით ადამიანი ყველაზე მეტად ემსგავსება უფალს".
/არქიმანდრტი მაკარი (აბესაძე)/
"მტრების სიყვარული არის აბსოლუტური მიმსგავსება ღმერთთან".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მტერმა შეიძლება დაგჩაგროს, მაგრამ შეიძლება გაგაძლიეროს კიდევაც".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ქართულ გენში ყოველთვის იყო მტრის პატივისცემა და დანდობა".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"თავი უნდა აიძულო, თუნდაც ნების საწინააღმდეგოდ, მტრებს რაიმე სიკეთე გაუკეთო, მთავარი კი ისაა, სამაგიერო არ გადაუხადო მათ და სიფრთხილე გამოიჩინო, არ აწყენინო უგულებელმყოფელი და დამამცირებელი გამომეტყველებით".
/წმ. ამბროსი ოპტელი/
"მტერი არარაობაა, თუ ჩვენთან ღმერთი იქნება"
"კრიტიკოსს სიყვარულით უნდა მოექცე და არა - როგორც მტერს"
"თუკი ღმერთი შენთანაა, ვინ დაგამარცხებს?"
"ჩვენთან სამარცხვინო იყო, თუ კაცს მოკლავდი. ეს ნიშნავდა, რომ მტრის შეგეშინდა. მტერი უნდა დაგემარცხებინა, მაგრამ არ მოგეკლა. არ შეიძლებოდა ღრმა ჭრილობის დადება მოწინააღმდეგისთვის, ვინმე თუ ღრმა ნაჭდევს გააკეთებდა, ხევსურეთში იტყოდნენ: "შაშინდა ბეჩავი, ხელი გაექცაო".
"არც ერთ მტერს არ შეუძლია ისეთი ზიანი მოგვაყენოს, როგორსაც ჩვენ მივაყენებთ საკუთარ თავს. სძლიე შენს თავს, შენს ეგოიზმს და გაიმარჯვებ ყველგან და ყოველთვის".
/ილია II/
"სისასტიკე თუნდაც მტრის მიმართ გამოჩენილი, სიმამაცედ და სიმტკიცედ არასდროს ჩაითვლება".
"იტირე, როცა მტრის მიმართ, სიყვარულის ნაცვლად, ბოროტებას განიზრახავ"
"მე არ შემიძლია ვიყო გულგრილი, მაგრამ არ შემიძლია, აგრეთვე, როგორც ქრისტიანმა, ვინმე შევიძულო, რადგან შეძულება - ეს არის ქრისტიანული პასუხისმგებლობისგან გაქცევა".
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"როდესაც ადამიანს სძულს, მისი მზერა სხვას სიარულშიც კი უშლის ხელს"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"თუ არ შეგიძლია შენი მტრების სიყვარული, ნუ გეძულება მაინც! - და უკვე აღარ ხარ ჭაობში, არამედ საფეხურზე აინაცვლებ. მოდით, ცოტა ავწონოთ ვაჭრულად; ეს ხალხი არ არის დამნაშავე, დამნაშავენი ჩვენ ვართ, მათი სიყვარული და დაფასება რომ ვერ შევძელით".
/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/
"ღირსი მამა სილუან ათონელი (+1938) ამბობდა: "თუ ვინმეს არ უყვარს მტერი, ესე იგი მასზე ჯერ არ განუსვენებია ღვთის მადლს".
"ვისაც მტერი არ უყვარს, იგი ღმერთს არ იცნობს"
/წმიდა ბერი სილოვანე ათონელი/
"ჩვენ სულგრძელნი უნდა ვიყოთ და მაჭირვებელთათვისაც უნდა ვილოცოთ"
"მტერსაც უნდა შევურიგდეთ, თუკი იგი მშვიდობას გვთხოვს, რადგან ვინც სხვას ვერ შეუნდობს, მას არ აცდება ღვთის სასჯელი".
/ღირსი ისიდორე პელუსიოტი/
"მომდურავ და მძულვარე გულში უფალი ვერ დაივანებს"
"ნურავის ატკენთ გულს და ნუ მიაგებთ გინებას გინების წილ, მწუხარებას - მწუხარების წილ და ცხოვრების წიგნში ღირს მამათა გვერდეთ ჩაიწერება თქვენი სახელი"
"გარეულ მტერს შენდობა არა აქვს"
"კითხვა: უფალი გვმოძღვრავს: „შეიყვარე მტერი შენი!“ როგორ უნდა გავიგოთ ეს მოწოდება? როგორ შევიყვაროთ უფლის, სამშობლოს, მოყვასის მტერი?
პასუხი: სიყვარული არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თვალი დახუჭო და უპირობოდ გიყვარდეს. შესაძლოა, მამას უყვარდეს თავისი შვილი და თან სჯიდეს კიდეც დამსახურებისამებრ. ქრისტიანული სიყვარული არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მივუტევოთ და უკეთურება წავახალისოთ. ქრისტიანული სიყვარული მომთხოვნელობაცაა."
"კითხვა: ისე მოხდა, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემს მტერზე შური ვიძიო. როგორ მოვიქცე?
პასუხი: როდესაც პირადი მტერი თქვენს ხელთაა, ეს მის ხსნად ჩათვალეთ და არა სასჯელად. ჩვენ მით უფრო უნდა დავინდოთ ისინი, როდესაც ჩვენზე არიან დაქვემდებარებულნი. შეურაცხმყოფელს შეურაცხყოფითვე ნუ უპასუხებთ, რადგან ბოროტება სიკეთით იკურნება."
"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში შურისძიება იმისთვის არის საზიანო, ვინც ამას განიზრახავს, რადგან ადამიანი, რომელიც ცდილობს ყოველთვის სამაგიერო გადაუხადოს მეორეს ბოროტი განზრახვით, რჩება მადლის გარეშე. უმადლოდ დარჩენილი კი ბოროტი ძალისგან ადვილი სამართავი ხდება"
/იღუმენი ნეოფიტე უროტაძე/
"უფალმა მოგვცეს სიყვარულის და მიმტევებლობის უნარი, რათა ჩვენში დავამარცხოთ ისეთი მავნე ვნებები, როგორიც არის სიძულვილი და შურისძიება"
/იღუმენი ნეოფიტე უროტაძე/
"ერთი ინგლისური გამოთქმაა: თუ შენ იძიებ შურს, უნდა გათხარო ორი სამარე: ერთი მტრისთვის და ერთი შენთვის. შურისმაძიებელი, უპირველეს ყოვლისა თავის თავს ავნებს"
/ილია მეორე/
"შეუძლებელია საკუთარი თავისა და მტრის ცოდნა უფლის გარეშე"
"ღმერთს ყველა უყვარს. ის სიყვარულით ყველასთვის ეწამა, ამიტომაც მის გამო ყველა უნდა გვიყვარდეს, მტერნიც კი"
"მას, ვინც სული წმინდისაგან არის დატყვევებული, არ შესწევს უნარი ვინმე შეიძულოს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ჩვენ ვეცადოთ, რომ ცუდი არავის გავუკეთოთ. როდესაც ძმის შეპასუხებას ვითმენთ, მოწამეობად შეგვერაცხება. სიხარულით გავაკეთოთ ეს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ეკლესია არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ორი ადამიანი მტრად შევიდეს და ძმებად გამოვიდეს"
/მამა პიმენი (ქარდავა)/
"ჭეშმარიტი ქრისტიანის ვალია მტრისადმი თანაგრძნობის გამოჩენა, განსაკუთრებით კი ომის დროს".
"მტერი და მოძულე არ უნდა ვეძიოთ მხოლოდ გარეთ, ის უფრო შიგნით, საკუთარ სულშია მოსაძებნი"
/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/
"ადამიანი თავის მტრის მიმართაც უნდა იყოს შემწყნარებელი"
"ქრისტიანული სიყვარული მტრებთან ურთიერთობით გამოიცდება"
"სრულყოფილება ის არის, გიყვარდეს მტერი შენი! ეს ჩვეულებრივი ადამიანობისაგან გვათავისუფლებს და ეს პროცესი მტრის შეყვარებისა, დინამიკურია და მთელი ცხოვრება გრძელდება, როგორც მონანიება"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"შუა ცეცხლის თავზე დაკიდებული იყო ჯაჭვსაკიდელი (სხვათა შორის, თიანეთში ეს წმინდა ადგილადაც კი ითვლებოდა... ასეთი ტრადიციაც არსებობდა: თუ მკვლელი შეძლებდა, მოკლულის ოჯახში შეაღწევდა და შუა ცეცხლის თავზე დაკიდებულ ჯაჭვ-საკიდელს ხელს წაავლებდა, თავისუფლდებოდა შურისძიებისგან)"
"თუკი შენს შეურაცხმყოფელს შეუნდობ, ამისთვის არა მხოლოდ ყველა შენი ცოდვა მიგეტევება, არამედ ზეციერი მამის შვილობააც მიიღებ"
/ღირსი მოსე/
"თავი უნდა აიძულო, თუნდაც სურვილის საწინააღმდეგოდ, რაიმე სიკეთე გაუკეთო შენს მტრებს; მთავარია - შური არ იძიო და ფრთხილად იყო, რომ რაიმე სახით, სიძულვილის ან დამცირების გამოხატვით, არ გაანწყენო მტერი შენი"
/ღირსი ამბროსი/
"ყველა წყენა დაითმინე: ჯერ დადუმდი, შემდეგ საკუთარი თავი გაკიცხე, ბოლოს კი შენი შეურაცხმყოფელისათვის ილოცე"
"მტერი შეიძლება ბევრია და დიდია, მაგრამ ჩვენ არაფრის გვეშინია, თუ ღმერთი ჩვენთანაა და მით უფრო, ჩვენ თუ ვართ ღმერთთან, რისი უნდა გვეშინოდეს?"
/დეკ. ლევან მათეშვილი/
"ვისაც არ უყვარს მტრები, მასში არ არის ღვთის მადლი"
/წმ. სილუანი/
"რისი უნარია ყველაზე უკეთესი? - პატიების"
/წმ. სიმონ ათონელი/
"არ დაგავიწყდეს შენს შეურაცხმყოფელთა დასაჩუქრება"
/ღირსი სერაფიმე საროველი/
"ნურც ერთ ადამიანის მიმართ ნუ გექნება სიძულვილის გრძნობა და ღმერთი შეგიყვარებს"
/წმ. ეპიფანე კვიპრელი/
"სულს არ ექნება მშვიდობა, თუ არ ილოცა მტრებისათვის"
/წმ. სილუანი/
"არავინაა უფრო მეტი მტერი ადამიანისა, ვიდრე - თავად ის"
/წმ. მარკოზ მოსაგრე/
"თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან"
/იგავნი სოლომონისა/
"ვინც მოსაშორებელია, ის დროზე უნდა მოიშორო, თორემ მთელი ცხოვრება დაიტანჯები!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"გონიერი ადამიანი სხვაში კი არ დაიწყებს მტრის ხატის შექმნას, საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდება, შეცდომებს დაინახავს, მერე ამის აღიარება არ გაუჭირდება და ახალ, სამოქმედო ეტაპზე გადადის, ის იწყებს ყველაფრის სასიკეთოდ შეცვლას.
შენ რომ საშინელებას ჩაიდენ, მერე ვიღაცას ამაზე რეაქცია ექნება, ნუ იტყვი, რომ ის შენი მტერია... არა, შენ ხარ საკუთარი თავის მტერი, სხვას რომ სალაპარაკო მიეცი...
რაც არ უნდა ილოცო, იმარხულო, ქრისტიანობაზე იქადაგო, თუ ცხოვრების წესიც იგივე არ გამოგდის, ყველაფერი ყალბია...
მით უფრო, თუ მართლა ღვთის მოშიში ხარ, პირველ რიგში საკუთარ თავში ეძებ მიზეზებს...
სხვაზე ხელების შეხოცვა, პილატე პონტოელობას ნიშნავს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"არასოდეს არ იჩქაროთ სამაგიეროს გადახდა, გაოცდებით ცხოვრება ამას ისე ლამაზად გააკეთებს."
"მტრის მიმართ დიდი გულმოწყალების გამოჩენით დაემსგავსები ყველაზე დიდ კაცთმოყვარე ღმერთს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"უფლისათვის ჩვენგან სათნოა ლოცვა მაჭირვებელთათვის. ამიტომაც უნდა ვილოცოთ მათთვის".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ, ვინც შეურაცხგვყოფს და გვიყვირის?
- ჩვენ მათზე კარგი უნდა ვილაპარაკოთ და ვაქოთ ისინი".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი შრომა სულიერ ცხოვრებაში?
- ეს არის საკუთარ გულზე შრომა, რათა მან შეძლოს მტრის მიტევება, რომ არ იძიოს შური და სიბოროტე სიკეთით გადაიხადოს".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მტრების სიყვარული ცოდვების უდიდესი გამოსასყიდია"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - შეიძლება მოვხვდეთ ცათა სასუფეველში, თუ მტრები არ გვყავს?
- მტრების გარეშე ცათა სასუფეველში არავინ შესულა. ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ მათ, ვინც უდანაშაულოდ შეურაცხგვყოფს და გვიყვარდეს, რადგან ისინი ჩვენი მწყალობლები არიან - ისინი ჩვენი ძაგებით გვეხმარებიან უფლისაგან გვირგვინის მოპოვებაში"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ღვთის გულს ისე არაფერი იგებს, როგორც მტრის სიყვარული"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"წმიდა სერაფიმე საროველი მაჭირვებლებზე მათი ჯანმრთელობისა და ცხონებისათვის სანთლის დანთებას გვირჩევდა. ისინი ეკლესიის მოსახსენებელშიც მოიხსენიეთ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ნუ შეიძულებ ადამიანებს, არავის ეყვარები."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ის კი არ არის მშვიდი, ვინც არ ლანძღავს თავის მაჭირვებელს, არამედ ის, ვისაც გულში არა აქვს მის მიმართ წყენა"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"მოდით, ჩვენი მაჭირვებლების მიმართ მოთმინება ვიქონიოთ, რადგან ქრისტემაც ცოდვილთა მხრიდან მრავალი ყვედრება დაითმინა ჩვენი სიყვარულისთვის".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"მტრებისთვის უნდა ვილოცოთ, ჩვენ კი ჩვენთვისაც არ შეგვიძლია!"
/დედა ანტონია (კავეშნიკოვა)/
"[დედა ანტონია (კავეშნიკოვა)] მტრებისთვის გულმოდგინედ ლოცულობდა და ახლობლებს უმეორებდა: - ვინც გაწყენინებთ, მათთვის დაჩოქილმა ილოცე, 40 დიდი მეტანია გააკეთე მტრებისთვის, თქვენი მაწყინარისა და მოძალადისთვის".
"გიყვარდეს ღმერთი ნიშნავს, გიყვარდეს ის ადამიანებიც, ვინც შენი მაგინებელია.
ამის მერე შეიძლება თავს უწოდო ქრისტიანი!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"გაითბე გული არა მარტო მათ მიმართ, ვისაც შენ უყვარხარ, არამედ შენი მტრების მიმართაც, ილოცე მათთვის, რათა უფალმა მოულბოს გული, დაეხმარე მათ და გწამდეს, რომ ყოვლისმიმტევებელი სიყვარული შენს მოძულეთა მიმართ განაიარაღებს მათ და აიძულებს, შეგიყვარონ".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ქრისტიანობის უდიდესი სათნოება სწორედ მტრის სიყვარულში მდგომარეობს. დიდი ღვაწლია სულისა, როცა კაცი თავის მოყვასს მიუტევებს - ბოროტებას სიკეთით უხდის და ლოცულობს მისთვის ღვთის წინაშე! მაგრამ ამ ღვაწლისათვის დიდი ჯილდო მოელის კაცს არა მარტო ზეცაში, არამედ აქაც, ამ სოფელში!"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მამწარებელ და მტრულად განწყობილ ადამიანებს ღმერთი გვიგზავნის გამოსასწორებლად და გამოსაცდელად, იმისათვის რომ ჩვენი ზნე ჩვილთა ზნის მსგავსი გახდეს. თქვი: "შევცოდე, მომიტევეთ ღვთის გულისათვის".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული, თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს"
/იგავნი სოლომონისა, 24, 17, 18/
"არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისათვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება"
/ნეტარი ავგუსტინე/
"თუ მივუტევებთ მოძულეს, მივუტევებთ მთელი გულით, საბოლოოდ,ისე, რომ აღარ გავიხსენებთ უწინდელ წყენას, მაშინ დავმშვიდდებით, გავთავისუფლდებით და თითქოს ეს დიდი ლოდი, გულზე რომ გვაწევს, დაიფშვნება და დაცვივა. მაშინ ჩვენი გულიც აღდგება, როგორც მიცვალებული,რომელიც საფლავის წყვდიადიდან აღდგა და ნათელი იხილა".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მტრისაგან უნდა დაიცვა ღირსება, ოჯახი, სამშობლო; მოწინააღმდეგეც უნდა დაამარცხო, მაგრამ სიძულვილით არ უნდა იცხოვრო; სასიცოცხლო ენერგია შურის, ბოღმის მონელებას კი არა, თავდაცვას, მიტევებასა და სიკეთის ქმნას უნდა მოახმარო; ასეთ შემთხვევაში მიაღწევ მყარ წარმატებას; მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებ, იცხოვრო პოზიტივით, სიმშვიდით და სიყვარულით".
/პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე/
"ღმერთო ძლიერო და ყოვლისშემძლევ, მომეცი ძალა, მივუტევო მათ, ვინც გული მატკინა, რომ მიუტევებლობის განსაცდელს გადავურჩე, მრისხანებასა და ბოროტებაში არ დავრჩე, სიმშვიდითა და სიყვარულით ვიცხოვრო და ჩემი სასიცოცხლო ენერგია სიყვარულსა და სიკეთეს ქმნას მოვახმარო!"
/პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე/
"ვისაც მტრები არ ეყვარება, ისე ვერ შეძლებს შეიცნოს უფალი და სული წმიდის სიტკბოება. სული წმიდა გვასწავლის, ისე გვიყვარდეს მტრები, რომ სულს ღვიძლი შვილებივით ებრალებოდეს ისინი"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ვისაც მტრები არ უყვარს, მასში ღვთის მადლი არ არის. მოწყალეო უფალო, გვასწავლე სულითა წმიდითა შენითა, გვიყვარდეს მტრები და ცრემლით ვლოცულობდეთ მათთვის"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"როცა მაცხოვარი იერუსალიმში მიდიოდა და სამარიტელებმა არ მიიღეს იგი, იოანე ღვთისმეტყველი და იაკობი მზად იყვნენ ზეციდან ცეცხლი მოევლინათ და მოესრათ ისინი, მაგრამ უფალმა მოწყალეთ უთხრა: ძე კაცისა არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად (ლუკ.9:56). ჩვენც ერთადერთი სურვილი უნდა გვქონდეს - ყველა ცხონდეს. სულს ებრალება მტრები და ლოცულობს მათთვის, ვინც ჭეშმარიტებას გადაუხვია და ჯოჯოხეთში მიდის. ესაა სწორედ მტრების სიყვარული. როცა იუდამ მაცხოვრის გაცემა განიზრახა, უფალი მოწყალედ შეაგონებდა მას, ჩვენც მოწყალედ უნდა მოვეპყროთ მათ შეცდომილებს - მაშინ გვაცხონებს ღვთის მოწყალება".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"თუ ძმას წყენას მიუტევებ და მტრები გიყვარს, ცოდვათა შენდობას მიიღებ. უფალი მოგცემს სული წმიდის სიყვარულის შეცნობას"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"თუ მივეჩვევით, რომ გულმოდგინედ ვილოცოთ მტრებისთვის და გვიყვარდეს ისინი, ჩვენს სულს მუდამ მშვიდობა ექნება, ხოლო თუ ძმას შევიძულებთ ან განვიკითხავთ, გონება დაგვიბნელდება, დავკარგავთ მშვიდობას და ღვთის წინაშე კადნიერებას".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"უფალმა გვამცნო, რომ გვიყვარდეს მტრები, და ვისაც მტრები უყვარს, უფალს ემსგავსება. მაგრამ მტრების სიყვარული მხოლოდ სული წმიდის მადლითაა შესაძლებელი, ამიტომ, როგორც კი ვინმე შეურაცხგყოფს იმწამსვე ილოცე მისთვის ღვთის წინაშე - მაშინ შეინარჩუნებ სულის მშვიდობას და ღვთის მადლს".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ვისაც მტრები უყვარს, ის ადვილად შეიცნობს უფალს სული წმიდის მიერ, ხოლო ვისაც მტრები არ უყვარს, იმათზე წერა არც კი მინდა. მაგრამ საბრალოა ასეთი კაცი, რადგან თავსაც იტანჯავს და სხვებსაც ტანჯავს, და ვერც უფალს შეიცნობს ოდესმე".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სული, რომელსაც სული წმიდა არ შეუცვნია, ვერ იგებს, როგორ შეიძლება გიყვარდეს მტრები და და ვერ იღებს ამას. მაგრამ უფალს ყველა ეცოდება, ამიტომ, ვისაც ღმერთთან ყოფნა სურს, მას თავისი მტრები უნდა უყვარდეს"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ასე ლოცულობდა პაისი დიდი თავისი მოწაფისათვის, რომელმაც ქრისტე უარყო და ებრაელზე დაქორწინდა - ევედრებოდა ღმერთს, რათა შეენდო მისთვის. და უფალს იმდენად სათნო-ეყო ეს ლოცვა, რომ თავად ინება თავისი მონის ნუგეშისცემა, ეჩვენა მას და უთხრა: "პაისი, შენ მე მომემსგავსე სიყვარულით". ასეთი სათნოა ღვთის წინაშე, როცა კაცი მტრებისთვის ლოცულობს".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ვერ ექნება სულს მშვიდობა, თუ მტრებისთვის არ ილოცებს"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"თუ მტრებისთვის ილოცებ, შენთან მშვიდობა მოვა, ხოლო თუ მტრები გეყვარება, იცოდე, რომ შენში ღვთის დიდი მადლი იქნება - თუმცა არ ვიტყვი, სრული მადლი-მეთქი, მაგრამ ცხონებისთვის საკმარისი. ხოლო თუ აგინებ მტრებს, ეს ნიშნავს, რომ ბოროტი სულია შენში ჩასახლებული და გულში ბოროტ გულისსიტყვებს გინერგავს, რამეთუ, როგორც უფალმა თქვა, გულიდან გამოდიან კეთილი ან ბოროტი გულისსიტყვები".
/ღირსი სილუანე ათონელი/
პატიება დიდი ადამიანების ხვედრია, პატარები შურისძიებას ეწირებიან!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ვისაც თავისი შეურაცხმყოფელი სძულს, მას სიმშვიდე სძულს, და ვინც თავის შეურაცხმყოფელს გაურბის, ის ქრისტესმიერ განსვენებას გაურბის"
/ღირსი დოროთე პალესტინელი/
"არ შეიძლება იყო ღვთის ერთგული და ამავე დროს - ადამიანის მტერი, არ შეიძლება იყო ღვთისმოსავი და ამავე დროს - კაცთმოძულე"
/ილია მეორე/
"ვინც საკუთარ თავს არ ვნებს, მას ვერავინ ავნებს"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თავი უნდა ვაიძულოთ, იმათაც თავაზიანად მოვეპყრათ, ვინც არ მოგვწონს"
/ღირსი ნიკონ ოპტინელი/
"ადამიანის სიძულვილშია მიზეზი იმისა, რომ არ ვიცნობთ ადამიანს"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"სიკეთე გამოვიჩინოთ მტრების მიმართ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ქრისტიანი ერთ მტერსაც კი არ უნდა სცნობდეს მთელ ქვეყანაზე, თუნდაც ქვეყანამ ერთი მეგობარიც კი არ გაიმეტოს მისთვის"
"ვისაც სურს, რომ უფალმა სწრაფად შეისმინოს მისი ლოცვა, მან ყოველი ლოცვის წინ, თვით საკუთარ სულზე ლოცვის წინაც, ჯერ საკუთარი მტრებისთვის უნდა ილოცოს; ამის გამო უფალი მას ყოველგვარ ლოცვას შეისმენს"
"ყოველთვის, როდესაც შენს შეურაცხმყოფელსა და მდევნელებს გაიხსენებ, ნუ დაიჩივლებ მათზე, უმჯობესია, ილოცო მათთვის, როგორც შენთვის მადლის მომნიჭებელთათვის!"
/ამბა ისაია/
"რატომ არ ბრაზდებით, როდესაც ბავშვი გემუქრებათ ან თქვენს გაბრაზებას ცდილობს? იმიტომ, რომ თქვენ მასზე უფროსი და ჭკვიანი ხართ: მისი მუქარა თქვენთვის იგივეა, რაც ბუზის ბზუილი. თქვენ რომ მართლაც ამაღლებული სული გქონდეთ, მოყვასისაგან მიყენებული შეურაცხყოფა და წყენა ამაზე მეტად არ შეგძრავდათ!"
"უნდა ილოცო მტრებისთვისაც: ისინი, უმეტეს შემთხვევაში, თვითონაც ვერ ხედავენ, რას სჩადიან, მაგრამ ხომ არიან ჩვენი კეთილისმყოფელნი?! თავიანთი თავდასხმებით სათნოებებში განგვამტკიცებენ, მიწაზევე ამდაბლებენ ჩვენს სულს, ზეცაში კი სამოთხის გვირგვინს გვიმზადებენ!"
/სქიმმონაზონი თეოფილე/
"არცერთი ადამიანის მიმართ მტრობა არ გქონდეს; სხვაგვარად შენი ლოცვა ღვთისთვის უამური იქნება!"
/ამბა ისაია/
"ნუ მიიჩნევ მტრად სხვას, საკუთარი თავი გარდა… მას შენთვის ყველაზე მეტის დაშავება შეუძლია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ!"
/ნეტარი ავგუსტინე/
"უმჯობესია ერთ ადამიანს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, ვიდრე მოვკლათ ათასი მტერი"
/იმპერატორი ანტონინუს პიუსი/
"ნუ იტყვი: "შურს ვიძიებ მტერზე!" - ზეცაში მართლმსაჯული გვყავს!"
/წმ. ნილოს სინელი/
"რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არ გაწყენინა, არამედ - ეშმაკმა; ავადმყოფობა მოიძულე და არა - ავადმყოფი"
"მშვიდად გადაიტანეთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მტრის მიერ მიყენებულ პირველ წყენას, მიუტევეთ მას მეორეც, მაშინ მესამემდე საქმე არ მივა!"
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"მეგობარს იმდენად უყვარხარ, რომ შენს ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. მაგრამ დადექი შენი მტრის პირისპირ და მასზე უკეთ ვერავინ აღგიწერს შენს სისუსტეებს; იგი ფხიზლად უყურებს მათ, არ გამოტოვებს არცერთ საქციელს და ისე საუბრობს მათზე, რომ მათ დანაშაულს არ ამცირებს. ასე რომ, მშვიდად და ყურადღებით უსმინე შენს მტერს და მაშინ რამდენ ბოროტებაზე გაგამარჯვებინებს შენი მტერი!"
"კეთილი თვისება მტრისაც უნდა შეაქო!"
"ბრძენთ აკვირვებთ ხალხის მძლეველები, მაგრამ საკუთარ თავზე გამარჯვებას მტრის ძლევაზე უძნელესად მიიჩნევენ".
"საკუთარ თავს ნურაფერს აპატიებ, სხვას კი ყველაფერი შეუნდე!"
"ნუ იწუწუნებ სხვებზე, არამედ - შეიბრალე!"
"თუ ვინმეს რაიმეს მიტევება უჭირს, უნდა გაიხსენოს, რომ ქრისტიანია".
"თუ ადამიანურად ძნელია წყენის მიტევება, ქრისტიანულად კიდევ უფრო ძნელია მიუტევლობა"
"შემწყნარებელნი ვიყოთ მტრების მიმართ, რათა იგივე მივიღოთ ღვთისაგან!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"უმოწყალოს მიმართ ღმერთიც უმოწყალო იქნება!"
"საკუთარი თავის გამოსასწორებლად მტრის ცილისწამებითაც უნდა ისარგებლო"
"თუ გაიგებ, რომ ვინმემ შენზე ცუდი თქვა, შემდეგ კი მას სადმე შეხვდები ან შენთან მოვა, კეთილგანწყობითა და მხიარული სახით მიიღე იგი. და თუ გაგახსენდება რა ის, რაც გაიგონე, ნუ ჰკითხავ, რატომ თქვა მან ასე!"
"ზოგიერთი მტერი, შესაძლოა, უფრო ჭეშმარიტი მეგობარი იყოს, ვიდრე - თვით უდიდესი მეგობარიც კი".
"განა არ შეგიყვარდებოდა ის ადამიანი, რომელსაც აწყენინე, მან კი დიდსულოვნად მოგიტევა? ასევე მოიქეცი შენც, რათა მტრებისგანაც კი სიყვარული მოიხვეჭო!"
"გინდათ, არ გყავდეთ მტრები? გიყვარდეს მტერი შენი, - ასეთია სიყვარულის ძალა!"
/ნეტარი ავგუსტინე/
"თქვენი მტერი მიტევების ღირსი არ არის! - მაგრამ განა იესო ქრისტე არ არის იმის ღირსი, რომ მისადმი სიყვარულის გამო შეუნდოთ მოყვასს, რომელმაც გული გატკინათ?"
"თუ სხვას არ მიუტევებ, ამით მას ვერაფერს დააკლებ, მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება".
/ნეტარი ავგუსტინე/
"შურს კი ნუ იძიებ, არამედ მიუტევე მოყვასს წყენა, იმიტომ, რომ თვითონ გჭირდება მიტევება ღვთისაგან!"
"თუკი დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიარდი ადამიანიდან თუნდაც ერთი გვაღიზიანებს და გვძულს, ეს ნიშნავს, ჩვენ უფალი გვძულს".
/ბერი ერმოლაოსი/
"მე ვთხოვე ღმერთს, დაესაჯა ჩემი მტერი, მაგრამ მან მითხრა: "არა, ის შენი მეგობარი უნდა გახდეს".
"მოძღვარი [იოსებ ვატოპედელი] წერდა: "მტრებისთვის ლოცვა არის იმ ადამიანთა გონიერი სრულყოფილების მწვერვალი, რომელთათვის "დაინთქა სიკუდილი ძლევითა სიცოცხლისა მიერ". მტრებისთვის მლოცველები მადლით ღმერთები ხდებიან და ამ მდგომარეობაში რჩებიან, აირეკლავენ რა თავიანთ ღმრთივმიმსგავსებულ ხასიათში ღმერთის თვისებებს, რის გამოც ლოცულობენ, რათა "თვითონვე ყოფილიყვნენ შეჩვენებულები და ქრისტესგან მოკვეთილები მათი ძმების, თუნდაც მჩაგვრელების, გამო".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"ღმერთო ჩემო, გევედრები: დაიფარე ჩემი ძმა, რათა რამე არ შეემთხვას იმის გამო, რომ ცუდად მომექცა. ადამიანია, აპატიე, გევედრები. ნუ დაუშვებ, რომ სამაგიერო მიეზღოს. მიუტევე, მე მივუტევებ. დაიფარე, რომ რამე ცუდი არ შეემთხვას"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"მოძღვარს [ბერ იოსებ ვატოპედელს] ნაგემი ჰქონდა ამ სულიერი საქმიანობის ნაყოფები, რაც ძმებისა და მტრების მიმართ სიყვარულის პრაქტიკულ გამოხატულებას წარმოადგენს. ამბობდა: "ყოვლადსახიერო, დაიფარე ჩემი ძმა, რომ რამე არ შეემთხვეს". რა დიდი სათნოებაა ეს? გამოცდილებით გეუბნებით, ამ განწყობის წყალობით ისეთი მადლის მოზღვავება ვიგრძენი, როგორიც არც ერთ სხვა სულიერ საქმიანობას არ მოუტანია. ამ დროს, როცა სხვებს ვძულდი, ვეზიზღებოდი, მადანაშაულებდნენ, ხოლო მე ვლოცულობდი მათთვის, იცით, როგორ შეიწირა ღმერთმა ასეთი ლოცვა! - რადგან ამგვარად საქმით ვაჩვენებთ ჩვენი მამისადმი მსგავსებას, ქრისტეს ვგულისხმობ, რომელსაც გულს ვტკენთ, ის კი გვაპატიებს, და აი, ჩვენც ვაპატიებთ მათ, რომლებსაც შეცდომა მოუვიდათ. ჩვენ თვითონ ხომ უშეცდომოები არ ვართ?"
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"მტრის სიყვარული საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ იგი მეგობრად აქციო!"
"რკინას რომ ცეცხლში ჩააგდებ,
ის მაშინ გაფოლადდება!..
თუ მტრები არ ჰყავს მიწის შვილს,
როგორღა გაგულადდება?"
/აკაკი წერეთელი/
"გულში არასდროს ჩაიდო შურისძიება, ეს სუსტი ადამიანების თვისებაა… "
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ყველაფერს გაუძლებ და გადაიტან, მაგრამ ახლობელი რომ გგონია და ყველაზე დაუნდობელი მტერია, ძნელი გადასატანია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"...მოყვარე ორგული
კი მტერზე უარესია"
/აკაკი წერეთელი/
"უკეთესია თვითონ განიცადო ტკივილი და დამცირება, ვიდრე მიაყენო იგი მდევნელსა და მაჭირვებელს"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"ძნელია, როცა მოყვრულად
მტერი კაცს შეეპარება"
/აკაკი წერეთელი/
"როგორ იტყვი "უფალო, შემიწყალე!" როდესაც თვითონ შემწყნარებელი არა ხარ?"
"მაგინებელს სანაცვლოს გინებით ნუ გადაუხდი!"
"მტერს უდიდესი სარგებელი მოაქვს შენთვის, თუმცა მისი განზრახვა შენთვის სარგებლის მომტანი როდია!"
"კეთილშობილ ადამიანებს მტერში მომავალი მეგობარი უყვართ"
"თუ სამაგიეროს ადამიანი მიაგებს, მაშინ უფალი არ მიაგებს; ხოლო თუ ადამიანი არ მიაგებს, მაშინ ღმერთი აღასრულებს ამას"
"ყოველი ქმნილების შემოქმედის განმარისხებელი ვალდებულია, მოთმინებით აიტანოს, როდესაც ამ ქმნილებათაგანი აწყენინებს"
"ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული ისაა, რომ სამართლიანი შურისძიებისგანაც კი შეიკავოს თავი და უფალს მიანდოს შურისძიება: "ჩემი არის შურისძიებაი და მე მივაგო!".
"თუ მშვენიერია მტერზე გამარჯვება და მისი ძლევა, უფრო მეტად მშვენიერია გამარჯვება საკუთარ თავზე"
"მტრად ნურავის სცნობ ამ ქვეყანაზე, თუნდაც იგი (ქვეყანა) ერთ მეგობარსაც არ გაძლევდეს"
"გაიხსენე ქრისტე, რომელმაც სისხლი დაღვარა მათთვისაც კი, ვინც მის სისხლს ღვრიდა; გაიხსენე ის, რომელმაც ჯვრიდან აღავლინა ლოცვა მათთვის, ვინც ჯვარს აცვა იგი; და შენ აღარ იფიქრებ მტრისადმი შურისძიებაზე, არამედ სულგრძელად აპატიებ მათ".
"ჩვენი პირადი მტერი, უფლის დაშვებით, გვაფხიზლებს ჩვენი ცოდვების მიმართ და ამიტომ იგი უნდა გვიყვარდეს. თუ ჩვენს გულში შურს, ღვარძლს, ეჭვს, სიძულვილს არ შევუშვებთ, მტრის სიყვარულიც გაგვიიოლდება".
"გიყვარდეს შენი მტრებიც, და უფლის მეგობარი გახდები!"
"იმის მსგავსად, როგორც ბევრი საწამლავი თავისთავად მავნებელია, თუმცაღა ისინი ავადმყოფობისაგან კურნავენ, ასევე, ჩვენს მტრებსაც, - რაოდენ ბოროტნიც არ უნდა იყვნენ თავისთავად, - მხსნელი ზემოქმედება აქვთ ჩვენი სულიერი ავადმყოფობების მიმართ"
"არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისთვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"წყენის მიტევება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მიიღო. უკანასკნელი პირველის გარეშე არ არსებობს: "მიუტევეთ და მოგეტევნენ!", - ბრძანებს უფალი"
"ზოგს საოცარი ნიჭი აქვს, მოყვარე მტრად აქციოს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მაცდუნებელი უდიდესი მტერია ღვთისა, მოყვასისა და საკუთარი თავისა"
"ღმერთმა მცნებად მოგვცა მტრობა მხოლოდ გველთან, - კაცთმოძულე ეშმაკთან"
"შეადარე შენი მდგომარეობა იმისას, ვინც გაწყენინა და მოთმინებით გადაიტან მას, არც იფიქრებ და არც იძიებ შურს მასზე, რადგან უპირატესობა შენს მხარეზეა"
"ქრისტიანული გამარჯვება შურისძიება კი არ არის, არამედ, - მოკრძალება და მოთმინება"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ნაკლებად უნდა ვფიქრობდეთ იმ წყენის შესახებ, რომელსაც ადამიანები გვაყენებენ, მაშინ როდესაც მათდამი მორჩილებამ, შესაძლოა, ღმერთს მიაყენოს შეურაცხყოფა"
"ნურცერთი ადამიანის მიმართ ნუ გექნება სიძულვილის გრძნობა და ღმერთი შეგიყვარებს"
/წმ. ეპიფანე კვიპრელი/
"დაფიქრდი რა სჯობია: იყო ის, ვინც აწყენინა, თუ ვისაც აწყენინეს? - უეჭველია, უმჯობესია უდანაშაულო იყო, ვიდრე - დამნაშავე!"
"ვინც თვითონ იძიებს შურს, მას ღმერთი მიაგებს სანაცვლოს"
"როდესაც მოყვასს წყენის სანაცვლოს მიაგებ, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის; ხოლო როდესაც შენ მიუტევებ, მაშინ უფალი ან მას სჯის, ან შენს ცოდვებს მოგიტევებს"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ვინც მოვალისაგან ვალის გადახდას მკაცრად მოითხოვს, დაფიქრდეს, რომ თვითონაც ღვთის მოვალეა"
"ხშირად ხდება, რომ იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ჩვენ გვაწყენინა, დამნაშავენი არ ვართ, მაგრამ ღვთის წინაშე მრავალი ცოდვა მიგვიძღვის, რომლებსაც ადამიანები ვერ ხედავენ, მხოლოდ ღმერთი ხედავს"
"დაინდეთ ერთმანეთი და უფალი დაგინდობთ თქვენ!"
/წმ. ანტონი დიდი/
"ნუ დავივიწყებთ, ქრისტიანებო, შევიწყალოთ მანამდე, ვიდრე უფალს ჩვენს შეწყალებას ვთხოვთ!"
"თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვთის ტაძარია"
/ნეტარი ავგუსტინე/
"რა საბრალო მდგომარეობაა - სიძულვილს სიძულვილით მიაგო და წყენას - წყენით! მაგრამ თუკი მტერი შენზე ძლიერია? მაშინ რას მოემსახურება შენი შურისგების სიყვარული? შენი დაღუპვის დაჩქარებას ხომ არა? თანაბარი ძალების შემთხვევაში კი რას უნდა მოველოდეთ, თუ არა - ორმხრივ დაცემასა და უბედურებას? ბოლოს: მას რომც არ შესწევდეს შენთვის წინააღდგომის ძალა, განა ნაკლებად საშინელია ფარული განზრახვა, ვიდრე - აშკარა თავდასხმა?! ხოლო ამაფორიაქებელი საზრუნავი, ცბიერება, ზრახვები, საკუთარი თავისთვის მავნე ქმედებები, მტანჯველი ფიქრები - თვით საკუთარ შეუძლებელ წარმატებაზეც კი, და კიდევ უფრო მტანჯველი აზრი მოწინააღმდეგის წარმატებაზე, და ბოლოს, თვით წარმატებები, რომელსაც ახლავს სინდისის უდიდესი მხილებანი, ზოგჯერ კი - საყოველთაო ზიზღი? ჰოი, რამდენი ტანჯვაა მოძულე გულისათვის, - ეს არის შხამი მიწაზე, ჯოჯოხეთის ცეცხლი!"
"წყენის წინააღმდეგ ყველაზე უკეთ მოქმედი საშუალება მისი გადატანაა"
"მტერზე შურისძიების საუკეთესო საშუალება იმაში მდგომარეობს,რომ მას იგივე არ მივაგოთ და ხელისკვრის ნაცვლად მოკრძალებით დავამარცხოთ!"
"განუსჯელ ქმედებებზე განუსჯელობით არ უნდა მივუგოთ!"
"ცეცხლს ზეთით ვერ ჩააქრობ, ვერც ნაპერწკალს ჩააქრობ იმით, რომ მას შებერვას დაუწყებ: პირიქით, ორივე შემთხვევაში ცეცხლი სულ უფრო მეტად გაჩაღდება, და რაც მეტად დაასხამ ზეთს, უფრო საშინელი გახდება ალი. ასევე არიან მოშუღარნიც, რაც უფრო გადადებენ შერიგებას, მით უფრო გაიზრდება მათი გაბოროტება ერთმანეთის მიმართ, წყენის მატებასთან ერთად იმატებს შურისგებაც, რასაც მოსდევს გაბოროტება, ამას კვლავ ახალი შურისგება მოჰყვება, და საბოლოოდ, ორივე მხარე დაუძლურდება!"
"უხეშობაზე უხეშობით მიგება და მასთან ბრძოლა მხოლოდ აღიზიანებს უხეშ ადამიანს"
"ცეცხლს თუ შეაფურთხებ, ჩაქრება, ხოლო თუ შეუბერავ, უფრო გაჩაღდება, და მაშინ ხანძარსაც არაფერი აკლია!"
"წაართვით ცეცხლს საკვები და ის ჩაქრება. წაართვით მტრულ მხარეებს ყოველი ახალი საბაბი მტრობისათის და ძველ მტრობა ნელ-ნელა შესუსტდება, შეწყდება და დავიწყებას მიეცემა!"
"გიყარდეს, კეთილის ქმნით იძიო შური, ანუ - ბოროტებისათვის სიკეთით გადაუხადო, წყენის, ავი სიტყვისა და ცილისწამებისათვის - კეთილი სიტყვით, კეთილი სურვილებითა და მტერზე კეთილი სიტყვის თქმით!"
"შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის მოთმინების, თავაზიანობის, ქველმოქმედების შემხედვარე მისმა მტერმა ოდესმე ჯერ სინანული არ იგრძნოს, შემდეგ უკვე სიბრალული უდანაშაულოდ ტანჯულისადმი, ანდა საკუთარი თავის, - როგორც ბოროტების საბრალო იარაღის მიმართ; და ბოლოს, მას სიყვარულიც კი გაუჩნდება თავისი მოსიყვარულე მტრისადმი. განა არ ყოფილა წუთები, როდესაც საული გრძნობდა თავის უსამართლობას მის მიერ დევნილი დავითისადმი, იაზრებდა მისი საქციელის კეთილშობილებას და ცრემლებით გამოხატავდა თავის პატივისცემას და რაღაც გრძნობას, რომელიც დავითის მიმართ სიყვარულს ჰგავდა?!"
"უეჭველია, მძიმე და მწარეა, გყავდეს მტრები, მაგრამ თუ მათგან თავის დაღწევა გსურს, შეიყვარე და კეთილი მიაგე მათ: იშვიათად, სიყვარულითა და სიკეთის ქმნით, რომ არ მორბილდეს ყველაზე სასტიკი გულიც კი, იშვიათად, რომ არ მოტყდეს ყველაზე შეუდრეკელი ნებაც კი!"
"მტრისთვის შენდობით შეგიძლია, იგი შენს მეგობრად აქციო"
"როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას დაითმენ, იფიქრე იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც შეგიძლია, თუ სულგრძელად გადაიტან მას! - გაიხსენე დიდება, მომზადებული მათთვის, ვინც ყოველივეს მადლიერებით ითმენს, - და უპატიობის გამო უხერხულად და დათრგუნულად აღარ იგრძნობ თავს"
/"სულიერი მარგალიტი"/
"ჩვეულებრივი ადამიანები კმაყოფილდებიან იმიტომ, რომ ყურადღებას არ აქცევენ თავიანთ მტრებს; გონიერთ კი მათგან სარგებლის მიღება შეუძლიათ"
"მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა მივიჩნიოთ და მათთვის უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, ვიდრე - ჩვენი კეთილისმყოფელებისათვის, რადგან კეთილისმყოფელი, რომელიც დროებით სიკეთეს მოგვაგებს, საკუთარ თავს მეტ სიკეთეს უკეთებს, რადგან უფლისაგან მარადიულ საზღაურს იმზადებს; მტრები კი, შესაძლოა, საკუთარი მარადიული ცხონების დაკარგვით ჩვენი ცხონების საქმეს ასრულებენ, რომ განწმენდენ ჩვენს ცოდვებს მათ მიერ მოყენებული მწუხარებებით და თავიანთი დევნით, თითქოს, ძალით გვიბიძგებენ ზეციური სასუფევლისაკენ, საკუთარ თავს კი ჯოჯოხეთის საფრთხეს უქნიან. როგორ არ ვიყოთ მათი მადლიერნი, როგორ არ ვილოცოთ მათთვის, რათა უფალმა დაიფაროს და შეიწყალოს ისინი!"
/სქიმმონაზონი ზოსიმე/
"მტრისთვის მიმტევებელი და ავისათვის სიკეთის მქმნელი მიემსგავსება არომატს, რომლითაც აღვსილია მისი დამწველი ცეცხლი"
"თვით ღირსების გრძნობამ ქრისტეს მცნების - მტრის სიყვარულის - აღსასრულებლად უნდა აღგვძრას, რათა მათ წყენა მივუტევოთ და სიკეთე მივაგოთ"
"მტრისთვის მიტევება სისუსტის კი არა, - უდიდესი სულის ნიშანია!"
"წყენისათვის შურისძიება ნიშნავს, საკუთარი თავი ჩვენივე მტრის დონეზე დავაყენოთ; ხოლო მიტევება - მასზე ამაღლებას!"
"ნუ იტყვით, რომ დათმობა სისუსტის ნიშანია, რა უფრო მეტია - საკუთარ თავზე გამაჯვება, ღვთის წყალობის მიღება და კეთილშობილი ადამიანის სახელი, თუ ის, რომ ზოგიერთმა უგუნურმა ადამიანმა სისუსტისთვის დაგცინოს? - არა, ამ შემთხვევაში ძალგვიძს, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქრისტიანული განათლების ზეობა, შეგვიძლია ჩვენი სათნოების გამოცდა".
"უდიდესი სათნოებაა მტრის სიყვარული! უდიდესია გმირობა ქრისტიანული სულისა, რომელიც მოყვასს წყენას მიუტევებს და მიყენებული ბოროტებისათვის სიკეთით მიაგებს. მისი სიძულვილის ნაცვლად გულითადად ეყვარება და უფლის წინაშე მისთვის ილოცებს! მაგრამ ასეთი გმირობისათვის ჯილდოც უდიდესია - ზეცაშიც და მიწაზეც!"
"რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენ წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისათვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ჩვენ არ გვყავს მტრები, არ არსებობს მტერი, რომლის გამოც ღირს ძალების დახარჯვა და რომელიც შეიძლება გვძულდეს. ამგვარი მტერი სამყაროში არ არსებობს. თუ შენ გაეცნობი იმის ცხოვრებას, ვინც ბოროტება შეგამთხვია და შეეცდები პასუხი მოიძიო კითხვაზე, თუ როგორ და რატომ ჩაიდინა მან ეს, რამ აიძულა ამგვარად მოქცეულიყო, თავად რას განიცდიდა ამ დროს, როგორი ბავშვობა ჰქონდა, რამ მოიყვანა ამ მდგომარეობამდე, მაშინ დაინახავ, რომ იგი არ არის შენი მტერი და მოწინააღმდეგე".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"როგორი გულმოდგინებითაც უნდა ილოცო და რაოდენ უხვადაც გასცე მოწყალება, ჯვარზე რომ გაცვან, - თუკი არ ინდომებ, მტერს მუტევო და არც მიუტევებ მას, მაშინ ვერც ლოცვა, ვერ მოწყალება და ვერც დიდი ღვაწლი ვერ შეგეწევა და ვერც გადაგარჩენს"
"თუკი მტრებისთვის არ ილოცებთ, მაშინ თქვენდამი მათი ბოროტებისა და სიძულვილის ალი უფრო მეტად გაჩაღდება, თითქოს მას ნავთს ასხამდეთ. დემონები, რომლებიც აღვივებენ თქვენდამი მტრობას, უფრო გააძლიერებენ ქმედებას, თუკი არ ილოცებთ. მხოლოდ მტრებზე თქვენი ლოცვით განაგდებს უფალი დემონებს და შეწყევტს მტრობას"
/ღირსი სერაფიმე ვირიცელი/
"არსებობს სულიერი მოწყალების კიდევ ერთი სახე - მიუტევო შეურაცხმყოფელს"
"ქრისტეს ბრძანებით ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვაპატიოთ პირად მტრებს, მაგრამ ღვთის მტრებთან ზავი არ შეგვიძლია! ღვთის მტრებთან ურთიერთობა ღმერთის მტრებად გვაქცევს"
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი დაუშევი/
"მტერს სიყვარულით დაამარცხებთ"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"ვისაც მტრები არ უყვარს, მას ჯერ კიდევ არ შეუცვნია ღმერთი ისე, როგორც უნდა იცნობდეს"
/ბერი სილუანე/
"ყველაზე კარგი უნარი - არის მიტევება"
/ღირსი სილუან ათონელი/
"ქრისტეს ბრძანებით ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვაპატიოთ პირად მტრებს, მაგრამ ღვთის მტრებთან ზავი არ შეგვიძლია! ღვთის მტრებთან ურთიერთობა ღმერთის მტრებად გვაქცევს. ეს არის ღმერთის ღალატი, მისი განხორციელების ყოველგვარი დამაჯერებელი საბაბით და აქ არავითარი ხრიკები და მზაკვრული თვითგამართლება არ გვიშველის!"
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი/
"თუ ძმას წყენას პატიობ და მტრები გიყვარს - ცოდვათა შენდობას მიიღებ და უფალი მოგანიჭებს სულიწმინდისმიერი სიყვარულის შეცნობას"
/წმ. ბერი სილუანი (ათონელი)/
"მოყვასის სიყვარულში, ცხადია, მტრის სიყვარულსაც ვგულისხმობთ. თუ ვინმემ ჩემს წინააღმდეგ ბოროტება ჩაიდინა, შესცოდა, მე უნდა მივუტევო მას, მტრად არ უნდა მოვეკიდო, ბოროტების წილ ბოროტება არ უნდა მივაგო. აი, ეს არის მტრის მიმართ სიყვარულის გამოვლინება, - თუმცაღა მტრის სიყვარულის ყველაზე დაბალი საფეხური.
ვთქვათ, ჩემი მტერი განსაცდელში ჩავარდა, უბედურება დაატყდა თავს, და ამ დროს, მიუხედავად იმისა, შემეძლო რა სამაგიერო გადამეხადა მისთვის, ნაცვლად ამისა, ჩემს მიმართ ჩადენილი ბოროტება მივუტევე, მის მიმართ მოწყალება გამოვიჩინე. დავეხმარე, განსაცდელიდან გამოვიყვანე და გადავარჩინე.
ეს არის მტრის სიყვარულის უმაღლესი საფეხური.
მტრის მიმართ მიტევებას, კეთილმოწყალებას, დახმარებას, ბოროტების წილ სიკეთის კეთებას თან უნდა სდევდეს ლოცვა ჩვენი პირადი მტრებისათვის"
/აკაკი მინდიაშვილი/
"მედიცინიდან, ფსიქოლოგიიდანაც ცნობილია, რომ ადამიანის გულში ჩარჩენილი წყენა და შურისგების სურვილი დიდ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მას"
/აკაკი მინდიაშვილი/
"საერთოდ, ქრისტიანული მოძღვრების გასაღებს მტრის სიყვარული წარმოადგენს.
თუ ჩვენ ამ მცნებას არ ვასრულებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ არა ვართ ნამდვილი ქრისტიანები.
მტრის სიყვარული რომ შევძლოთ, ჯერ მოყვასის სიყვარული უნდა ვისწავლოთ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც.
მტრის სიყვარული რომ შევძლოთ, უნდა ვევედროთ უფალს, რომ ეს შეგვაძლებინოს. ვითხოვოთ და მოგვეცემა; აუციილებლად მოგვეცემა ძალა და მადლი ღვთისგან საიმისოდ, რომ მტრისაგან მოყენებული შეურაცხყოფანი, დამცირებანი, უსამართლობანი, სულიერი ტკივილები შეგვიმსუბუქოს, დაგვავიწყოს, სულიერი სიმშვიდე მოგვგვაროს, მტრისთვის ლოცვა და მიტევება, ბოროტის წიილ სიკეთით მიზღვა შეგვაძლებინოს"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ასევე, როდესაც შეურაცხყოფენ, რაიმე უსიამოვნებას გვამთხვევენ, ჩვენს მაწყენარს სიხარულით უნდა შევუნდოთ, რათა მიმტევებლობის სული შევითვისოთ"
/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"ეცადე, არავინ არაფრის გამო განსაჯო, ხოლო მტრობის შესახებ გამოცდილებით თავად იცი. უფალი მტრობაში არავის ლოცვას არ შეისმენს - მთელი წმინდა სახარება ამაზე საუბრობს"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"მთელი ძალით ეცადე, რომ არავინ არაფერში განიკითხო. რაც საკუთარი თავისთვის არ გსურს, მას სხვასაც ნუ გაუკეთებ და მტრობა ნუ გექნება. სხვაგვარად, ლოცვა გულს არ შეერწყმება"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"უფალო, დალოცე ჩემი მტრები.
მეც ვლოცავ მათ და არ ვწყევლი.
ჩემი მტრები შენი მკლავებისაკენ მეტად მიბიძგებენ, ვიდრე მეგობრები. მეგობრები მიწას მიმაჯაჭვავდნენ, მტრები კი მწყვეტდნენ მიწიდან და მიმსხვრევდნენ ყველა ოცნებას მიწის შესახებ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თუ ადამიანი მოწყალეა, მტერს წყენას პატიობს; ხოლო როდესაც ადამიანი ღვთაებრივად მოწყალეა, იგი სიკეთით აღავსებს მას, ვინც მას ბოროტებას აფრქვევს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თუ არ გვესმის, რატომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი, ვართ კი ქრისტიანები?!"
"თუკი ვინმე თქვენს წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ყურადღებას ნუ მიაქცევ, ლოცვით დაითმინე. დაე, უსამართლოდ მოგეპყრან, წყენაზე წყენით ნუ მიაგებთ; დაე, სილა გაგაწნან, სამაგიეროს ნუ გადაუხდით"
/ეფრემ არიზონელი/
"ნაცვლად იმისა, რომ მტრად ეშმაკი ჩავთვალოთ, ადამიანს მივიჩნევთ მტრად"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"როდესაც შენი მტერი დაეცემა, ღვთის წინაშე მის გადასარჩენად ილოცე, ხოლო იმის გამო, რომ თავად არ დაეცი, მადლობა შესწირე უფალს. შენცა და შენი ძმაც ერთი მასალის ხართ - როგორც მეთუნის ხელით დამზადებული ორი ქოთანი. როცა ერთი ქოთანი იმსხვრევა, ნუთუ მეორეს შეუძლია გაიხაროს და იცინოს?! ის პატარა კენჭი, რომლითაც ერთი ქოთანი იქნა გატეხილი, მხოლოდ ვიღაცის ხელს ელოდება, რათა ახლა მან აიღოს და მეორე ქოთანიც გატეხოს. ორივე ქოთანი ერთი მასალის ხართ, პატარა კენჭს კი მრავალი ქოთნის დამტვრევა ძალუძს.
თუ ერთი ცხვარი დაიკარგება, ნუთუ დანარჩენმა ფარამ უნდა გაიხაროს?! არა, მიუღებელია ასეთი სიხარული! მწყემსი ფარას ტოვებს და შეფიქრიანებული, იმ ერთი დაკარგული ცხვრის მოსაძებნად მიდის. მწყემსის დანაკარგი ფარის დანაკარგიც არის. ასე რომ, მტრის დაცემით არ გაიხარო - რადგან შენსა და მის მწყემსს, უფალ იესო ქრისტეს, მისი დაცემა არ ახარებს.
ჰოი, უფალო იესო ქრისტ, მწყემსო კეთილო, განაგდე ჩვენი გულებიდან გულღვარძლიანობა და ბოროტი სიხარული, ხოლო მის ნაცვლად მოგვმადლე თანაგრძნობა და ძმათა სიყვარული. დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"როდესაც შენი მტერი დაეცემა, ღვთის წინაშე მის გადასარჩენად ილოცე, ხოლო იმის გამო, რომ თავად არ დაეცი, მადლობა შესწირე უფალს. შენცა და შენი ძმაც ერთი მასალის ხართ - როგორც მეთუნის ხელით დამზადებული ორი ქოთანი. როცა ერთი ქოთანი იმსხვრევა, ნუთუ მეორეს შეუძლია გაიხაროს და იცინოს?! ის პატარა კენჭი, რომლითაც ერთი ქოთანი იქნა გატეხილი, მხოლოდ ვიღაცის ხელს ელოდება, რათა ახლა მან აიღოს და მეორე ქოთანიც გატეხოს. ორივე ქოთანი ერთი მასალის ხართ, პატარა კენჭს კი მრავალი ქოთნის დამტვრევა ძალუძს.
თუ ერთი ცხვარი დაიკარგება, ნუთუ დანარჩენმა ფარამ უნდა გაიხაროს?! არა, მიუღებელია ასეთი სიხარული! მწყემსი ფარას ტოვებს და შეფიქრიანებული, იმ ერთი დაკარგული ცხვრის მოსაძებნად მიდის. მწყემსის დანაკარგი ფარის დანაკარგიც არის. ასე რომ, მტრის დაცემით არ გაიხარო - რადგან შენსა და მის მწყემსს, უფალ იესო ქრისტეს, მისი დაცემა არ ახარებს.
ჰოი, უფალო იესო ქრისტ, მწყემსო კეთილო, განაგდე ჩვენი გულებიდან გულღვარძლიანობა და ბოროტი სიხარული, ხოლო მის ნაცვლად მოგვმადლე თანაგრძნობა და ძმათა სიყვარული. დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"როცა არ უნდა გავიხსენოთ ჩვენი მტერი, მასზე არავითარი სხვა აზრი არ დავუშვათ, გარდა ლოცვისა და კურთხევისა"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"სიავით დასნეულებული გული, რომელსაც სახარების მცნებისმიერი სიყვარული მტრებისადმი არ შეუძლია, იმ საშუალებებით უნდა განიკურნოს, რომლებზეც უფალმა მიგვითითა: მტრებისათვის უნდა ილოცოს და ძალებისამებრ სიკეთე უყოს მათ. იმ მოქმედებით აქრობენ სიძულვლის, როცა იგი გულში აღეგზნება, მუდამ ლაგამამოდებული უჭირავთ და მნიშვნელოვნად ასუსტებენ. მაგრამ ბოროტების სრული ამოძირკვა საღმრთო მადლის მოქმედებით სრულდება"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"მტრების სიყვარული გულს სიყვარულის სავსებას ანიჭებს. ასეთ გულში ბოროტებისათვის სრულებით არ არის ადგილი, იგი სიკეთით ყოვლადსახიერ ღმერთს ემსგავსება"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"თავმდაბალს არ შეუძლია მტრობა და სიძულვილი ჰქონდეს; მას არ ჰყავს მტრები. თუკი ადამიანთაგან ვინმე აწყენინებს, ამ ადამიანში იგი მართლმსაჯულების ანდა ღვთის განგებულების იარაღს ხედავს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)