"მეტისმეტად ნუ გაასათუთებ სხეულს, თორემ მარადიულ ცეცხლში ჩააგდებ"
/ღირსი იოსებ ოპტინელი/
"რაც ხორცისთვის ადვილია, სულისთვისაა საზიანო; რაც სულისთვის სასარგებლოა, ხორცისთვის ძნელია"
/ღირსი იოსებ ოპტინელი/
"ნუ ენდობი შენს ხორცს, ლოცვის დროს უძლურებით რომ გაშინებს. ის გატყუებს. ლოცვას რომ შეუდგები, დაინახავ, რომ ხორცი მონასავით მოგყვება. ლოცვა მასაც აცოცხლებს".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ნუ დაუჯერებ ხორცს, როცა სუსტდება და უარს ამბობს გემსახუროს თითქოსდა იმის გამო, რომ საკვები აკლია. ეს გამონაგონია. დაძლიე თავი, გულმოდგინედ ილოცე და ნახავ, რომ სხეულის სისუსტე ცრუ და მოჩვენებითი იყო და არა ნამდვილი, საქმით დარწმუნდები, რომ "არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან" (მათე 4,4); პურზე ნუ დაამყარებ იმედს"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ვინც საკუთარი ხორცის მაამებლობითა დაკავებული, მას ეს ძალა ავადმყოფობაში აგდებს, ხორცს უუძლუებს, სულს კი თავისუფლებასა და ძალას ანიჭებს, რომ გონს მოეგოს და გამოხიზლდეს"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ცოდვაჩვეული სხეული"
"ხორციელი ღვაწლი იმითაა მოსახერხებელი, რომ სხეული ყველაფერს ეგუება. სანამ მიეჩვევა - ყვირის, რომ მიეჩვევა - დადუმდება"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"მხდალი ადამიანი ორი სენით იტანჯება: სხეულისმოყვარეობითა და მცირედმორწმუნეობით"
/ღირსი ისააკ ასური/
"სხეულისმოყვარეთ და გემოთმოყვარეთ სულიერი საგნების გამოკვლევა ისევე არ შეჰფერით, როგორც მეძავს - უმანკოებაზე მსჯელობა"
/ღირსი ისააკ ასური/
"ვინც ლომს ეფერება, ის მას ათვინიერებს, ვინც სხეულს ასიამოვნებს, ის მას ამძვინვარებს"
/ღირსი იოანე სინელი/
"ხორციელი ვნება ქრისტიანობის უარყოფად იქცა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"სხეული მკაცრად მართე საკვებშიც, ძილშიც და დასვენებაშიც. ნურაფერს მისცემ მხოლოდ იმიტომ, რომ მას სწადია"
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"ვისაც საკუთარი სხეული ებრალება, ის მაცდურ, მოლიპულ, ცრუ და საეჭვო გზაზეა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ხორცი ისეთ ამბავს ატეხს ხოლმე, თითქოს სახრჩობელაზე მიჰყავდეთ. სხეულის მოსვენება ჩვენი მტერია. განაგდეთ ის. განრისხდით სხეულზე და ცოტა გააწვალეთ. ვინც მას დაძლევს, ის სათნოეყოფა უფალს და ეს ყოველ წუთს არის საჭირო, ყოველ წამს უნდა შეზღუდოთ თავი სიბრალულის გარეშე"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"სარწმუნოების მასწავლებლებს ჩვეულებად აქვთ დოგმატურ სწავლებას მორალური გაკვეთილები დაურთონ. ამასვე აკეთებს ახლა წმინდა მოციქული პეტრეც. იგი ამბობს, რომ ხორციელი გულისთქმები აღიძვრიან სულის წინააღმდეგ, რადგან, ასევე ნეტარი პავლე მოციქულის თანახმად, ხორცს სულის საპირისპიროდ სურს (გალ. 5,17). რადგან ხორციელი სურვილები ხორციელი ტკბობის ირგვლივ ტრიალებს და ამის წყალობით ბინდავს მეხსიერებას და იმონებს სულს".
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"რა არის "გულისთქმა ხორცისა"? უწესრიგო მანკიერი ხორციელი სურვილები, უზომო ჭამა-სმა, მემთვრალეობა, გარყვნილება, ნაყროვანება, ფუფუნება, განსაკუთრებით უბიწოების საპირისპირო ცოდვები".
/წმ. ევსები ორლინელი/
"ვინც საკუთარ თავში ღმერთისადმი თუნდაც მცირე იმედს იგრძნობს, უკვე აღარ დათანხმდება ამ სასტიკი ბატონის - ხორცის საჭიროების თანახმად იმოქმედოს"
/წმ. ისააკ ასური/
"ხორცისგან შებღალული სამოსელიც კი უნდა გძულდეთ, რადგან ხორცთან შეხებისას იგი თვითონაც შებღალული ხდება" (თეოფილაქტე ბულგარელი). გამონათქვამი მიუთითებს იმაზე, რომ ხორცის სიბილწე, ანუ საერთოდ ცოდვის სიბილწე ადამიანისათვის გადამდებია. ამდენად, მორწმუნე უნდა გაექცეს ამ სიბილწეს, როგორც გადამდებ სნეულებას, ანუ განიწმინდოს თავი"
/ეპისკოპოსი მიხეილ ლუზინი/
"ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად" - ხორცზე ზრუნვა არ იკრძალება, მაგრამ მასზე ისეთი ზრუნვაა დაგმობილი, რომელიც შემდეგ ხორცის ნდომაში გადაიზრდება (შდრ.: "ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო" (მთ. 6,25); მაგალითად, საჭმლისა და სასმლისადმი მოთხოვნის ჩვევა იწვევს გაუმაძღრობასა და მემთვრაელობას, ღირსეული ტანსაცმლის გადამეტებული ძიების ჩვევა იწვევს ჩვევებს, რომლებიც გადამეტებულ კოხტაობასა და კოპწიაობას უკავშირდება"
/თეოლოგი ალექსანდრე ივანოვი/
"სულის გადარჩენით სხეულიც გადარჩება"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"სხეული ხომ მხოლოდ იარაღია, იარაღისთვის კი არავინაა საძულველი და აუტანელი, სძულს მას, ვინც ამ იარაღს ბოროტად იყენებს. ჩვენ გვძულს და ვსჯით არა ხმალს, არამედ კაცისმკვლელს"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"უწმინდურება არსებობს ორგვარი: ხორციელი და სულიერი. სულიერს მიეკუთვნება უწმინდური აზრები, უწმინდური ხედვები, ბოროტი მეხსიერება, ტყუილი და მათი მსგავსი. ხორციელ უწმინდურებას მიეკუთვნება მრუშობა და ყოველივე ხორცის მაამებლობა"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"[პავლე] მოციქულის თქმით, სხეული იმისთვის არ შექმნილა, რომ სიამეებსა და სიძვაში ჩაიძიროს, არამედ რათა დაემორჩილოს ქრისტეს, როგორც საკუთარ თავს"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ვინც ფხიზლად არის, უმანკოა, თავშეკავებული, შრომისმოყვარე და მზად არის ნებისმიერი საქმისათვის, რომლებიც სხეულით აღესრულება მცნებათა დასაცავად, ის თავისი სხეულით ღმერთს განადიდებს"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"განვიწმინდოთ უწმინდურებისგან - ვინაიდან სწორედ ამას აღნიშნავს ხორცის ბიწიერება, ასევე ბილწი და ვნებიანი აზრებისგან - ეს არის სულის ბიწიერება"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ხორცი ყოველგვარი ვნების თავშესაფარია, - როგორც კასიანე გვასწავლის, და როგორც შეიძლება ამის შემოწმება გამოცდილების მიხედვით. ამიტომაც, მისი შევიწროება ვნებების დაძლევას ნიშნავს"
"ჭურჭელი" სხეულს ეწოდება. როდესაც თავშეკავებულნი ვართ, სხეულიც წმინდაა და მას ვფლობთ; როდესაც ის უწმინდურია, ცოდვა ფლობს მას. რადგან, რასაც ის უბრძანებს, სხეულიც მას ემონება. სინამდვილეში, ის მაშინ არის სიწმინდით, როდესაც უბიწოა".
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"სული დამწყვდეულია სხეულში, მაგრამ მას უჭირავს სხეული"
"იზრუნე სხეულზე, ოღონდ არა ისე, თითქოს ის სული იყოს"
"თუ სხეულს სულს არ დაუმონებ, მაშინ იგი დაუმონებს შენს სულს ეშმაკს"
"როგორც ღვთის საქმეა სამყაროს მართვა, ასევე სულის საქმეა სხეულის მართვა"
/ამბა ფალასი/
"ხორცისათვის სამწუხარო, მძიმეა ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრება, მაგრამ სამაგიეროდ, იგი იღებს უხვ ჯილდოს და ღირსეულ მიგებას მართალი მსაჯულისაგან"
"შენი ხრწნადი სხეული, დაე, მორჩილი იყოს სულისა, ხოლო სული კი - თავისი მარადიული შემოქმედისა"
"პროსპერ აკვიტანელი (V ს.) ასე მსჯელობდა: "თუ შენარჩუნებული იქნება სულის სიწმინდე, მაშინ სხეულის უმანკოება რჩება გაუხრწნელი, თუნდაც იგი გახრწნილიყო; პირიქით, რაც ნაკლებადაა დაცული სულის სიწმინდე, იმდენად იოლად ქრება სხეულებრივი უმანკოება, როდესაც იგი არ არის შებღალული".
"მიეცი ხორცს ის, რაც მას სჭირდება, და არა ის - რისი მიღებც მას სურს!"
/წმ. ნილოს სინელი/
"არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეული მოსაგრეობით მოაუძლურეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დაშორდნენ ღმერთს, რადგან მათ გონიერება არ ჰქონდათ"
/წმ. ანტონი დიდი/
"მთელი ცხოვრების განმავლობაში ნუ დაუჯერებ ამ ხრწნად სხეულს და ნუ მიენდობი მას, ვიდრე ქრისტეს წინაშე არ წარსდგები"
/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/
"ხორცი უმადური მეგობარია: როცა მას აამებ, მაშინ კიდევ უფრო მეტად ცდილობს დაგაზიანოს"
"ხორცი მზაკვარი მეგობარია: რაც უფრო მეტად აამებ მას, მით უფრო მეტად აღსდგება შენს წინააღმდეგ!"
/ამბა ისიხი/
"რაც მეტად ნაპატიებია სხეული, სულია დათრგუნული, და პირიქით: რაც უფრო დათგრუნულია სხეული, მით მეტად მტკიცდება სული"
/ამბა დანიელი/
"ვინც საკუთარ თავს ატყუებს იმ იმედით, რომ სულის სრულყოფილებას მიაღწევს სხეულისადმი მკაცრი მოპყრობის გარეშე, იგი იმას ჰგავს, ვისაც სურდა, წყალი საცრით დაეჭირა, ქარი - ხელით, ან წყალზე ეწერა".
"თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაიღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხონებ!"
/ღირსი სერაფიმ საროველი/
"მეტად საშიშია შეუკაზმავი ცხენი მხედრისთვის; ასევე, სულისთვის საშიშია გონებითა და თავშეკავებით აულაგმავი ხორცი!"
"ოქროსა და ძვირფას ქვებს შეუძლიათ, მორთონ სხეული, მაგრამ ისინი ვერ გაამდიდრებენ სულს"
"სხეულის სიჯანსაღე ადამიანს უღებს კარს მრავალი ვნებისა და ცოდვისაკენ, სხეულის უძლურება კი მას უხშობს".
"სხეულისმიერი, ხორციელი, გრძნობისმიერი - ზნეობრივი თვალსაზრისით, გასაკიცხი ცხოვრება არის ის, როცა ადამიანი უკიდურესად გატაცებულია სოფლისმოყვარეობით და სხეულისმოყვარეობით, მთავარ მიზნად და საზრუნავად ისახავს სხეულის მოსვენებას ან მხოლოდ სხეულისმიერი მოთხოვნილებების ყოველმხრივ დაკმაყოფილებას, ივიწყებს სამშვინველს და, მით უმეტეს, სულს".
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"სხეულის მორთვა სულის დაღუპვაა"
/ამბა ისაია/
"არ შეიძლება ერთდროულად რთავდე სულსაც და სხეულსაც"
"ხორცი, თუკი მტკიცდება, მტკიცდება სულის ხარჯზე; და სულიც, თუკი მწიფდება, არა სხვაგვარად, არამედ - ხორცის უძლურებით. არც ერთ წმინდანს არ უცხოვრია უზრუნველი ცხოვრებით: ყველანი მკაცრი, შეჭირვებული ცხოვრებით ცხოვრობდნენ: განსაცდელებითა და ხორცის დათრგუნვით!"
"ვინც ლომს ეფერება, ის ხშირად ათვინიერებს მას; ხოლო ვინც აამებს სხეულს, ის აძლიერებს მის სისასტიკეს"
/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/
"ჩვენი ხორციც უნდა დავიცვათ და მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის, მარხვით, მოთმინებით, სიწმინდით"
"იესო, ვარსკვლავურო და ბრწყინვალე შესამოსელო, შემოსე და დაამშვენე ჩემი სხეული"
"ხორცი სულს ეწინააღმდეგება, სული - ხორცს. ისინი მუდმივად უპირისპირდებიან ერთმანეთს და ჩვენი ცხოვრებაც მუდმივი ბრძოლაა სულიერ მისწრაფებებსა და ხორციელ მიდრეკილებებს შორის. ჩვენ უნდა ვისრაფოთ, რომ სულს ვემსახუროთ და არა ხორცს"
"ქალებს ჰგონიათ, რომ ფართო და გრძელი კაბები ვიწრო და მოკლე შემეცნებისთვისაა განკუთვნილი"
"რას ნიშნავს ეს სიამაყე, რომლითაც ძვირფასი ტანსაცმლით მოსილი ადამიანი ძონძებში გამოხვეულ სიღარიბეს ძლივს მიიჩნევს შეხედვის ღირსად? განა ეს იმის მსგავსი არ იქნებოდა, რომ ავადმყოფს თავისი მრავალრიცხოვანი ჭრილობებისა და სახვევების სილამაზით ეამპარტავნა, ან - მონას, რომელიც იძულებულია ბორკილები ატაროს, მრავალგვარი ორნამენტით და სხვადასხვაგვარი ხელოვნებით დამუშავებული ბორკილი ენატრა?"
"მოდასაყოლილი და "ფრანტი" ან საკუთარ თავზე შეყვარებულია, და მაშინ ის სულელია; ან სურს, რომ სხვებს უყვარდეთ, და მაშინ ის გარყვნილია"
"როცა დილით ტანისამოსს იცვამ, გაიხსენე ჩვენი წინაპრის პირველი ცოდვა, რომელმაც შეგვმოსა ის. როცა საღამოს იმავე ტანსაცმელს იხდი, აზრებით მომავალ მკვდრეთით აღდგომას მიეახლე, როცა კვლავ არანაირი სამოსელი არ იქნება საჭირო!"
"სულზე, როგორც ადამიანის არსების მთავარ ნაწილზე, რომელიც მთელ სამყაროზე უძვირფასესია, მეტად უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე - სხვა დანარჩენზე; მეტად - ვიდრე სხეულზე, ან ისევე მაინც - როგორც სხეულზე. მაგრამ განა პირიქით არ ხდება ადამიანთა უმეტესობაში? განა ადამიანები სხეულს უფრო მეტად არ უვლიან? განა ცოტანი არიან ისეთნი, რომლებიც საკუთარ სულზე სულაც არ ზრუნავენ, თითქოსდა ის არც კი არსებობდეს?"
"ერთი წმიდა ადამიანი მშვენიერი და ძვირფასად ჩაცმული ქალის დანახვისას მწარედ ატირდა და თქვა: "მან თავისი მოკვდავი სხეულის მოსართავად უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მე - ჩემი უკვდავი სულისათვის".
"სხეული მზაკვარი და უმადური მეგობარია: რამდენადაც ვაამებთ - იმდენად გვავნებს"
/ღირსი იოანე სინელი/
"ხორცის სულზე მაღლა დაყენება და მისი ზედმეტად გაფუფუნება - ცოდვაა და კარგს არაფერს მოგვიტანს"
"წმინდა მამათა ცხოვრებაში ჯანმრთელობა ღვთის წყალობად განიხილება, თუმცა ხორციელი სრულყოფილება არასდროს არ ყოფილა მიზანი წმინდანებისთვის. მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის სხეულის მდგომარეობა შეუდარებლად მცირე მნიშვნელობისაა, ვიდრე უკვდავი სული და მისი ხვედრი მარადიულობაში".
"რა თქმა უნდა, ხორცს სულის გარეშე არ შეუძლია და სულს ხორცის გარეშე, მაგრამ ადამიანის დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანის ხორცი მიდრეკილია სიამოვნებისკენ, ამიტომ ბრძანებს წმინდა მამა [იოანე სინელი], - ძნელია ხორცის ბოლომდე შებოჭვაო. ხორცმა რომ სარგებელი მოუტანოს ადამიანს, სული უნდა ბატონობდეს მასზე"
"41. როგორც ლომთან მებრძოლ ადამიანს მოელის სიკვდილი, თუ ერთი წუთით მაინც მოადუნებს ყურადღებას, ისე ხორცთან მებრძოლ ადამიანს დაამარცხებს ხორცი, თუ მას განუსვენებს"
/ღირსი იოანე სინელი/
"მოღვაწეს შეჰფერის, რათა თავის მიზანს მთელი გონებით შეუდგეს. როგორც მარგალიტი, ანუ ძვირფასი ქვა, ასევე დაიუნჯოს გულში ღვთის ხსოვნა. ამისთვის საჭიროა საკუთარი სხეულის უარყოფა და ჭვრეტა ნამდვილი ცხოვრებისა, რომ მხოლოდ ღვთისათვის იყოს ადგილი მის გულში"
/ფილოთეოს სინელი/
"სხეული სამშვინველის ყველა ქმედებაში მონაწილეობს. სხეული თავისთავად ბოროტებას არ წარმოადგენს. როდესაც სხეული ეშმაკის მორჩილებაშია, მასში ხორციელი გონი იწყებს მოქმედებას"
"ხორციელი ცოდვის ჩამდენი პატივს სცემს თავის სხეულს და არ სცემს პატივს ღმერთს, სხეულის შემქნელს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ადამიანის ხორცის, სხეულის მიჩნევა ბოროტების საწყისად, ცხადია, შეცდომაა. უფალმა კეთილად შექმნა ჩვენი სხეულიც, სულიც და სამშვინველიც. ადამიანის სხეული, როგორც ღვთის ქმნილება, ტაძარი უნდა იყოს სულიწმიდისა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენივე ხორცი ჩვენ წინააღმდეგ გემოთმოყვარეობითა და სიძვის ვნებით აღდგება, ხორციელი კომფორტისა და სიამოვნებისაკენ სწრაფვით, სნეულებითა და მცონარებით გვთრგუნავს. ზოგჯერ ყოველნაირად ცდილობს, სულზე თავისი უპირატესობა დაგვიმტკიცოს, გვაიძულოს, მთელი ჩვენი სულიერი ძალები ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოვახმაროთ. ხორციელი კმაყოფილება და განცხრომა, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მარხვით, მღვიძარებით უნდა დავაცხროთ."
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"სანამ ამ "ცოდვის სხეულში" და შესაბამისად, ამ წუთისოფელში ვიმყოფებით, მანამ არ შეწყდება ასკეტური ბრძოლა ჩვენს ხორცში მოქმედ "ცოდვის რჯულთან".
/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/
"ჰოი, სული, ჰოი, სულზე უნდა ვიზრუნოთ და არა ხორცზე, რომელიც მიწაში ჩაწვება და მატლები შეჭამენ"
/წმ. არსენ კაბადოკიელი/
"როცა ცნობიერება და თავისუფლება სულის მხარეზეა, ადამიანი სულიერია; როდესაც ხორცის მხარეზეა, ხორციელია"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"ყველაზე საშიში დამოკიდებულება - არის დამოკიდებულება სხეულზე"
/ღირსი სილუან ათონელი/
"სულის დაყუდებას წინ უნდა უძღოდეს ხორცის დაყუდება, ანი მისი მოწესრიგება"
"წმინდა მამები ამბობენ, რომ მიწიერ ცხოვრებაში სხეულის დანიშნულებაა ყრუ-მუნჯის მსახურება - შეასრულოს ყველაფერი, რასაც უბრძანებენ. წმინდანები საკუთარ სხეულს მკაცრად ეპყრობოდნენ, ნაკლებად უსმენდნენ, იცოდნენ რა, რო მისი სახით ტაძარი სულს მხოლოდ სინანულისთვის ებოძა და არა სხვა რაიმეს გამო"
"ნუ დაუჯერებ შენს სხეულს, რომელიც ლოცვისას სისუსტით გაშინებს, - ცრუობს. ილოცებ და დაინახავ, რომ სხეული შენი მორჩილი მონა გახდება. ლოცვა მასაც გამოაცოცხლებს. ყოველთვის გახსოვდეს, რომ სხეული მატყუარაა"
"როცა ბანაობ, იფიქრე: ჩემს სხეულს დასამარხად ვამზადებ, განვბან და ნელსაცხებელს ვცხებ.
და კიდევ: როგორც განვწმენდ ჩემს სხეულს ჭუჭყისაგან, ასევე შენ, უფალო, "გული წმიდაი დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა".
ამით იძლევა საკუთარი სხეულისთვის სიამოვნების მინიჭება"
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/
"ვინც მკაცრად დაიმორჩილებს თავის სხეულს, იგი მიაღწევს უვნებობას"
/ამბა ევაგრე/
"სხეულიც უნდა შეიმსუბუქოთ ცოტა ჭამით, ცოტა ძილით და ბევრი შრომით"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"საკუთარ ხორცზე ზრუნვა ყველაზე საშინელი მტერია ადამიანისა. ხორცი ითხოვს კომფორტს, ფუფუნებას და გემოთმოყვარეობას; ითხოვს ყოველივე ამაოს, რაც წარმავალია და ადამიანი თავისი ხორცის მონამორჩილი ხდება. სჯობია ვძლიოთ საკუთარ თავს და გავიმარჯვოთ წუთისოფელზე, როგორც უფალმა ბრძანა: მე ვძლიე ამ წუთისოფელსო"
/მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"როდესაც ფიზიკური შრომა - მეტანიები, მღვიძარება, თავგანწირვა - სიყვარულით, ტრფიალებით აღესრულება, არ ვნებს სხეულს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ყველაზე უფრო აუცილებელი კი ისაა, რომ საკუთარი სხეული, უკიდურეს წესრიგში გყავდეთ საკუთარი ხორცი, საკუთარი სხეული - ეს უგუნური მონა. როდესაც მას თრგუნავენ, მორჩილი ხდება. მაგრამ საკმარისია სულ მცირე შვება მისცე, რომ მაშინათვე გამოაჩენს ბრჭყალებს და სიძვისმოყვარე თვალებით მძვინვარებს. მაგრამ საოცარი ის არის, რომ, შესაძლოა, არ თქვა, მაგრამ ყოველაფერი სწორედ ხორცზე დგას და მის საამებლად იგონებენ ათასგვარ რამეს. თითქოს მეცნიერებაც კი იოლად ვერ გადის ამის გარეშე. განა რა მეცნიერება უნდა იყოს ასეთი?"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ხორცის მსახურნი ბევრად მეტნი არიან, რადგან ხორცის მსახურებით, მისი ბრძანებებისა და სურვილების შესრულებით, დაუყოვნებლივ იღებენ სიამოვნებას"
"[დანიელ სკიტელი] იტყოდა ხოლმე - სხეული იმდენად იფურჩქნება, რამდენადაც სული სუსტდება, ხოლო სული მაშინ ხარობს, ოდეს სხეული ინავლებაო"
"მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სხეულის კერპად ქცევასთან, ყოველივე იმის გაკულტებასთან, რაც ხორცთან, სხეულთან არის დაკავშირებული მაშინ, როცა სხეული არის არა ხორციელი, ცოდვიანი სიამოვნებებისათვის, "არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის".
/აკაკი მინდიაშვილი/
"სხეული - სულის ფარდაა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"დაეუფლე შენს სხეულს და დაამდაბლე, როგორც შეგიძლია"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"რას ვიტყვით ღვთის სამსჯავროზე - ამქვეყნიურ ცხოვრებაში მიწისგან შექმნილი სხეული რას მიზნებისთვის გამოვიყენეთ?"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სხეულის დატოვება მოგვიწევს,რაც უნდა ვაფასებდეთ მას, რა სამკაულითაც უნდა ვამკობდეთ, რაც უნდა ვუვლიდეთ და თავს ვევლებოდეთ! მაინც ერთ დღეს მისი დატოვება მოგვიწევს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ხორცისადმი ნებისმიერი ზრუნვა სხეულს ხრწნისაგან ვერ იხსნის, მაინც ხრწნით დასრულდება, სულზე ზრუნვა კი ადამიანის ცხოვრებაში მუდმივი ღირებულება აქვს"
/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/
"ჩემი ხორცის დათრგუნვით ცოტათი მაინც დავემსგავსები ჩემთვის ჯვარცმულ უფალს! ხორცის დათრგუნვით ოდნავ მაინც დავსჯი ჩემს თავს ხორცის ცოდვილი სურვილების დაკმაყოფილებისათვის! ხორცის დათრგუნვით საქმით ვაჩვენებთ, რომ საკუთარ თავს ვურისხდები ჩემ მიერ ჩადენილი შეცოდებებისთვის, თავს განვიკითხავ, გულწრფელად მსურს და ვეძებ გამოსწორებას! შენ თვითონ, ჩემო ხორცო, მარხვით, მღვიძარებითა და ეკლესიაში დგომით შევიწროებულო, უშუამდგომლე საკუთარ თავსა და სულს უხვი შენდობისათვის"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience