ყველაფერი დავითის ფსალმუნების შესახებ!
"ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს".
/ილია II/
ტროპარი:
"უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღმრთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო".
ფსალმუნის ძველ-ქართული სიტყვის განმარტება:
კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ.
"ამ წიგნის მამა არის დავითი, რომელიც აბრაამის მერე ერთი იყო ერების მამა, - ჩვენი საკუთარი ორფეოსი - მგალობელი; სათნოებათა პირველი ფერმწერი; - დავითი, პირველი მაუწყებელი ერთარსება ღმრთეების სამი პირისა, მწყემსი და შესანიშნავი მხედარი, წინასწარმეტყველი და, ამასთანავე, მეფე, - დავითი, რომელიც გახდა გული, ენა და კალამი პირველი მეფისა - ზეციერი მეუფისა, რომელმაც მოიპოვა ყველა ის სათნოება, რომლებიც ადამიანს განაღმრთობს"
მჭელეული (125, 6) - ხელეული (ხელეური), ნამგლით მომკილი პური, რაც მომკელის ერთ მუჭში თავსდება.
„ფსალმუნნი განდევნაა ეშმაკთა. ფსალმუნნი იარაღია შიშისაგან ღამისა. ფსალმუნნი უსაფრთხოებააა ჩვილთათვის. ფსალმუნნი ნუგეშისცემაა მოხუცთა. ფსალმუნნი ყველაზე ღირსეული სამკაულია დედათათვის. ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა, ზეციური სამკვიდრებელი და სულიერი საკმეველია. ფსალმუნნი განანათლებს გონებას, აღმყვანებელია ზეცად, კაცთ ღვთის თანამოსაუბრედ ჰყოფს. ფსალმუნნი სადაც შემუსვრილებით იგალობება, იქვეა ღმერთი ანგელოზთა თანა“
წმიდა ეფრემ ასური
/FB/
ქარქუეტი (101, 3) - დიდი ხმელი ბალახი.
ფსალმუნი 106, 36
„და ითესეს ყანები და დაასხეს ვენახები და ყვეს ნაყოფი იფქლისა “ - უამრავ ადამიანში იქნა დათესილი ღვთის სიტყვა, უამრავი ადამიანი მოექცა და „და დასხეს ვენახები“, როგორც მამები გვეუბნებიან, „დასხეს ვენახებში“ იგულისხმება ეკლესია, ანუ უამრავი ღვთის სახლი აშენდა და უამრავი ადამიანი შეუერთდა ქრისტეს სამწყსოს“.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ფსალმუნთგალობას ნუ დასცხრებიან ბაგენი შენნი, რამეთუ ღვთის სახელის ხმობა განასხავს დემონებს"
/ღირსი ნილოს სინელი/
"ფსალმუნი (სადიდებელი, საგალობელი) ეწოდება მუსიკალურ სიმებიან ინსტრუმენტს. ეს საკრავი დავითის განუშორებელ საკრავს წარმოადგენდა. დავითი ღვთის შთაგონებით თხზავდა უფლის სადიდებელს და ქნარზე გალობდა. მისი ხმა იმდენად შთამბეჭდავი და დამატკბობელი იყო, რომ როცა საულ მეფეს ბოროტი სული შემოაწვებოდა, მოუსმენდა დავითის გალობას და უკეთ ხდებოდა, – გაეცლებოდა ბოროტი სული მეფეს".
108-ე ფსალმუნი
8. "იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ"
- ვიცით, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეში, როდესაც რომაელებმა იერუსალიმი აიღეს, უამრავი ადამიანი მოწყდა, უამრავი დარჩა ობლად და უამრავი დაქვრივდა.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"იგი [ფსალმუნთა წიგნი] კურნავს სულის ძველ წყლულებს და ახლებსაც მსწრაფლ არჩენს, სნეულს აღადგენს, უვნებელს კი ფარავს. საერთოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ანადგურებს ვნებებს, რომელნიც კაცის ცხოვრებაში მის სულზე სხვადასხვაგვარად ბატონობენ. ამასთან, ადამიანში იგი წარმოშობს რაღაც მშვიდ სიამოვნებასა და ტკბობას, რომელიც გონებას უმანკოს ხდის".
/წმ. ბასილი დიდი/
"- ფსალმუნში ვკითხულობთ: "ნეტარ არს რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა" (ფს. 136,10).
ჩვილებში იგულისხმება ჯერ კიდევ მოუმწიფებელი, ცოდვისმიერი ფიქრები და მოძრაობები, რომლებიც ადამიანის სულში წარმოიშობა".
"ლოცვისა და ფსალმუნთგალობის მოუკლებელი ღვაწლით მან თავის სულში მიაძინა ვნება, მრისხანება, სიამაყე და სხვა გარეული მხეცები".
"მიუხედავად იმისა, რომ ფსალმუნი [109] მცირე ზომისაა, უდიდესი ტევადობისაა თავისი წინასწარმეტყველური და სულიერი თვალსაზრისით".
"შენ ხარ მღვდელ წესსა მას ზედა მელქისედეკისსა" (ფს. 109, 4)
- ეს სიტყვები მიმართულია მაცხოვრისადმი, - აარონის წესზე კი არ არის მღვდელი უკუნისამდე, არამედ მელქისედეკის წესზე, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, მელქისედეკის არც დასაწყისი და არც დასასრული არ იცის არავინ.
რათქმაუნდა, მელქისედეკი იყო უბრალო კაცი, რომელიც აღასრულებდა მსახურებას ჭეშმარიტი ღვთისადმი, მაგრამ წმინდა წერილიდან მისი არც დასაწყისი ვიცით და არც დასასრული და სწორედ დაუსაბამო და დაუსრულებელი მღვდელობა იქნება მაცხოვრისა;
"წესსა ზედა მელქისედეკისსა", - მელქისედეკმა პური და ღვინო მიართვა, პურს და ღვინოს სწირავდა, ანუ არა სისხლიანი მსხვერპლით აღუვლენდა მსხვერპლს ღმერთს, არამედ პურისა და ღვინოს შეწირვით.
ვიცით, რომ მაცხოვრის მოსვლის შემდეგ სისხლიანი მსხვერპლშეწირვა შეწყდა და უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღესრულება, რაც, ასე ვთქვათ, მელქისედეკის წესზეა დაფუძნებული".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"უფალი მასზე მსასოებელთ იცავს ცოდვით დაცემისაგან "იხსნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას" (ფს.33,23).
"ნეტარი ავგუსტინე ამბობდა, რომ ფსალმუნთა გალობის სიყვარულმა წარმოშვა მონასტერიო".
"ფსალმუნთგალობას ნუ დასცხრებიან ბაგენი შენნი: რამეთუ ღვთის სახელის ხმობა განასხამს დემონთ"
/წმიდა აბბა დოროთე/
"დადგა დედოფალი მარჯვენით შენსა, ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად" (ფს. 44,9) სხვა რომელი დედოფალია ეს, თუ არა ქალწული მარიამი, და სხვა, ვის მარჯვენით დადგა იგი, თუ არ უფალი ღმერთის მარჯვენით?!"
/წმ. მაქსიმე ბერძენი/
"იგი [წმ. ნიკოლოზ სერბი] წერს თავის ზოგიერთ თხზულებას, მათ შორის "საუბრები ტბის პირას", რომელსაც თანამედროვენი მეორე "ფსალმუნს" ეძახდნენ".
"იკითხეთ ფსალმუნები. მათში შეიძლება იპოვოთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე, სულიერ მოთხოვნილებაზე, ტკივილზე, ავადმყოფობაზე, ფსალმუნები წამალია".
/მღვდელ-მონაზონი ანატილი/
ფსალმუნი 115
6. "პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა"
- ყველაზე დიდი რაც შეიძლება აღვასრულოთ ღვთის სიტყვისათვის, ესაა ღვთის წინაშე მოვკდეთ. ეს არ ნიშნავს მარტო მოწამებრივ აღსასრულს, ნიშნავს მოღვაწეობით აღსასრულსაც. მოწამებრივი აღსასრულია, როდესაც ადამიანი ღვთის სიტყვის გამო, ღვთის რწმენისთვის უფლის წინაშე დაისჯება, მსწრაფლვე აღესრულება, ხოლო მოღვაწეობითი აღსასრული - როდესაც ადამიანმა მთელი სიცოცხლე მიუძღვნა უფალს, ბოლოს კი ღვთივსათნოდ და მართლად აღესრულა.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 117
27. "ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ; განმზადენით დღესასწაული ჟამსა ყვავილთასა, ვიდრე რქათამდე საკურთხევლისა".
- განკაცნა ღმერთი, ხორციელად გამოგვიჩნდა ღმერთი; ყვავილობის ჟამს განამზადეთ დღესასწაულიო, - ეს კვლავ ნათქვამია მაცხოვრის უბრწყინვალეს დღესასწაულზე, აღდგომაზე, რომელიც ყვავილობის ჟამს განემზადა, წინასწარმეტყველებაც კი არის ამ სიტყვებში - აღდგომა ყვავილობის ჟამს, გაზაფხულზე უნდა მომხდარიყო.
"ვიდრე რქათამდე საკურთხევლისა" - საკურთხევლის რქამდე, ვიცით, რომ ისრაელში სოლომონის ტაძარში საკურთხეველს ოთხივე მხარეს რქები ჰქონდა, რომელიც საკურთხეველზე მაღალიც კი იყო, - საკურთხეველზე ამაღლდა, უფრო მეტად აღივსო ყველაფერი სიხარულით, ღვთის განდიდებით, ანუ ძველ აღთქმაზე გაცილებით ზეაღმატებული იყო ის სიხარული, რაც უფალმა თავის მოსვლით მოგვანიჭა, ვიდრე ის სულიერი სიხარული, რომელსაც ძველი აღთქმის პერიოდში განიცდიდა ადამიანი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 118
12. "კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი"
- დავითი განადიდებს უფალს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, იმის გამო, რომ შენი მცნებები და შენი სიმართლენი მასწავლე მეო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"დღეს დავით მეფსალმუნის ხსენების დღეა. ყოველთვის, შობის შემდგომ კვირა დღეს ვიხსენიებთ ამ უდიდეს წმინდანს. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, შემდეგია: თუ გინდა შობის დღესასწაულზე გაიხარო, თუ გინდა, ბედნიერი იყო ამ დღეს, რომელიც თავისთავად, ბედნიერების მომტანია, უნდა გიყვარდეს უფალი. ამაში უდიდეს დახმარებას გვიწევს დავით მეფსალმუნე თავისი ამაღლებული წიგნით. საოცარი რამ არის; სადაც არ უნდა გადაშალოთ, განსაცვიფრებელი სიყვარულია ღმრთისა. ფსალმუნები გულით, გრძნობით უნდა ვიკითხოთ და არა მექანიკურად.
წაიკითხეთ ფართე, გახელილი თვალებით, რა წერია ფსალმუნთა წიგნში, როგორ უყვარდა დავით მეფსალმუნეს უფალი. ეს მადლისმიერი, სულიწმინდისმიერი სიტყვებია და თქვენ გულებში თუ გადაინაცვლებს, დამერწმუნეთ, ძალზე იოლად მოახერხებთ ღმრთის წინაშე სიყვარულით ცხოვრებას".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
ფსალმუნი XXVI
8. "შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო, გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო"
- გულით ვამბობ, რომ უფალი უნდა გამოვიძიო, რადგან შენი პირის ხილვა მსურს. მოსემ ზურგი იხილა უფლისა ანუ მცირე ნაწილი ღვთის დიდებისა. ღვთის პირის ხილვა ნიშნავს სასუფეველში დამკვიდებას, სადაც ადამიანს შეუძლია მთელი სისრულით იხილოს უფალი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"დავითმა ოცდამეექვსე ფსალმუნი მეფედ ცხებამდე დაწერა, როდესაც იდევნებოდა საულის მიერ, რაც აღწერა კიდეც ფსალმუნში. მასში საუბარია ასევე ღვთის განკაცებისა და იმ ცრუ მოწმეების შესახებ, რომლებმაც ცრუ ბრალდებები წაუყენეს მაცხოვარს. ოცდამეექვსე ფსალმუნი გვასწავლის, როგორ უნდა იღვაწოს ადამიანმა, რომ სასუფეველი დაიმკვიდროს, ამისთვის კი უმთავრესი ღვაწლი ღვთის სასოება, ყველაფრის ღმერთზე მინდობაა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ერთ-ერთ მუხლში წერს: "მატლ ვარ და არა კაც..." იოანე საბანისძე განმარტავს, რომ უფალმა ეს სიტყვები საკუთარ თავზე თქვა. ამის წაკითხვისას შევძრწუნდებით კიდეც: როგორ შეიძლება, მაცხოვარს მატლი ეწოდოს?! მაგრამ მივყვეთ განმარტებას: "როგორც გონიერი მეთევზე ფარავს ანკესს მატლით, აგდებს წყალში და მისი დახმარებით ახერხებს უზარმაზარი ვეშაპის დაჭერას, ასევე დაფარა უფალმა თავისი ღვთაებრივი ბუნება ადამიანურით, გადაუგდო და დაიჭირა უზარმაზარი ვეშაპი - ეშმაკი".
"ფსალმუნება ეშმაკთა განმდევნელია - სწავლა წმიდა ეფრემ ასურისა:
"ფსალმუნებასა ნუ განიშორებ მარადის პირით შენით, რამეთუ ხსენებაი სახელსა ღმრთისასა განმდევნელ ეშმაკთა არს, და სადა ფსალმუნებაი არს, მუნ არს ღმერთი".
ფს. XXXII
22. "იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ"
- რაც უფრო მეტად გვაქვს უფლის იმედი, მით უფრო მეტად გვწყალობს შემოქმედი. ვინც სრულადაა მინდობილი უფალს, მას სრულად სწყალობს უფალი. ასეთებს ანიჭებს უცოდველობის მადლს. წმინდა მამები მიწაზევე უცოდველობის მდგომარეობამდე იყვნენ ასული. "ხორცითა ვითარცა ანგელოზნი" - ხორცში იმყოფებოდნენ, მაგრამ სხვამხრივ ანგელოზთა მსგავს მდგომარეობას აღწევდნენ".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მომხიბვლელი ქალისადმი ინტერესი იყო ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დავითი და ურიას ცოლი ბერსაბე უმძიმეს ცოდვაში ჩააგდო. ამ ისტორიაში ბერსაბემ პასიური პოზიცია დაიჭირა - მან ფაქტობრივად არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწია მეფეს, არ შეეცადა დაეცვა თავისი ოჯახის სიწმინდე (თუმცა მოგვიანებით, სოლომონის გამეფებასთან დაკავშირებულ ბრძოლაში, დიდი აქტივობა გამოიჩინა)".
ფს. 118
105. "სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა"
- შენი სჯული სანთელი და ნათელია ჩემთვის, ჩემი ფეხისთვის, - აქ იგულისხმება, რომ ჩვენი მოძრაობა შენკენ არის მომართული და შენი სჯული მინათებს შენკენ სავალ გზას"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ფსალმუნთა კითხვა, - ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი, - ღმერთს ავედრებს კაცობრიობას".
"წმინდა არსენ კაბადოკიელს შედგენილი აქვს ფსალმუნთა კითხვის წესი სხვადასხვა საჭიროებისთვის. თუ რომელი ფსალმუნი შეიძლება წარმოვთქვათ ამა თუ იმ შემთხვევაში, ამას სულიერი მოძღვარი გვირჩევს".
ფს. 118
133. "სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებენ მე ყოველი უშჯულოებაი".
- წინასწარმეტყველი ევედრება უფალს: შენი სიტყვებისამებრ, შენი მცნებისამებრ წარმართე ჩემი გზა, ჩემი ცხოვრება და "ნუ მეუფლება უსჯულოება", დაცემული ანგელოზები ნუ ჩამიგდებენ ხელში, ანუ თუ ღვთის მცნებებს არ აღვასრულებთ, მაშინ ბოროტის ნებას დავემონები. სწორედ ამას ევედრება წინასწარმეტყველი უფალს, - ჩემი სვლანი წარმართნენ, რომ უსჯულოება, ანუ დაცემული ანგელოზები არ მეუფლონ მეო".
"ფსალმუნნი უძველესი ლოცვაა, ამ საგალობელთა აღვლენით საუკუნეების განმავლობაში ესაუბრებოდნენ ღმერთს ადამიანები და ამით მილიონობით მორწმუნე ცხონდა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ფსალმუნთა გაუცნობიერებლად კითხვაა სწორედ ვარჯიში სრულყოფილი მდგომარეობის მისაღწევად".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ფსალმუნთა გალობას ადამიანთა შერიგებაც ძალუძს. მას სხვა გასაოცარი ზემოქმედების ძალაც აქვს - ის კეთილად ზემოქმედებს ადამიანის ხასიათზე და მის გამოსწორებას ემსახურება, სასიკეთოდ ცვლის და აწესრიგებს სულიერ მდგომარეობას".
"ფსალმუნები, დიდებანი და სულიერი გალობანი გულში მხოლოდ მაშინ გამოითქმის, როდესაც ადამიანი სულიწმინდით არის აღვსილი".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"დავით მეფეს აქვს შესანიშნავი სიტყვები: "მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი". როცა სიმშვიდეს დაკარგავთ ოჯახში, როცა გულში სიმშვიდე არ არის, გაიხსენეთ ეს ლოცვა და გაიმეორეთ დღეში ათჯერ მაინც, ასჯერაც შეიძლება".
/ილია II/
"ერთხელ მითხრა [მამა გაბრიელმა]: იცი, წინასწარმეტყველი დავითი როგორ ინანიებდა თავის ცოდვებს. გაახურებდა ორ რკინას, ერთზე დაიჩოქებდა ორივე მუხლით, მეორეზე დაეყრდნობოდა ორივე ხელითო. რატომღაც დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამგვარად თვითონ ინანიებდა თავის უნებურ ცოდვებს".
ფსალმუნი 118
176. "შევსცეთი მე, ვითარცა ცხოვარი წარწყმედული; მომიძიე მონა შენი, რამეთუ მცნებაი შენნი მე არა დავივიწყენ"
- როგორც დაკარგული ცხვარი, ისე შევცდი, ჭეშმარიტებიდანაც კი გადავუხვიე, მაგრამ მომიძიე, უფალოო, - ევედრება დავითი უფალს, - ნუ დამკარგავ ჩემი ჩადენილი ცოდვების გამო, იმის გამო, რომ შენი მცნებები არ დამვიწყებია, შენს მცნებებს აღვასრულებ; მეც ვცოდე, მეც გადავედი შენი მცნებებიდან, მაგრამ მომიძიე, გამომიხსენ და მაცხოვნე მეო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ძველ ქრისტიანებში არსებობდა ტრადიცია: მამები იესოს ლოცვასავით გარკვეული დროის მანძილზე იმეორებდნენ ფსალმუნიდან ამოღებულ სხვადასხვა ფრაზებს".
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
"წმინდა მამათა რჩევით, როცა უკიდურესად შეჭირვებულია ადამიანი პრობლემებით ან დაბრკოლებულია ეშმაკისგან - სხვადასხვაგვარი ბრძოლა აქვს, განსაკუთრებით სასარგებლოა მესამე ფსალმუნის წაკითხვა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი მესამე
5. "მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე"
- ღმერთის იმედით უკვე უშიშრად დავწექი და დავიძინე და უფალიც შემეწია. ადამიანი ყველაზე უძლური ხორციელ თუ სულიერ მტერთა წინაშე ძილის დროს არის, მაგრამ რადგან უფლის იმედით დაიძინა, მტერმა ვერაფერი ავნო დავითს. ასევე შეეწევა უფალი ყველას, ვინც მისი შემწეობის იმედადაა, შემწედ მოუხმობს შემოქმედს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი მესამე
7. "აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ".
- ჩემი მტრების არ შემეშინდება, რადგან შენ "აღდეგ, უფალო", შენ მომხედავ მე, შენ დასცემ ყველა მაჭირვებელს, ჩემს გარშემო რომ შემოკრებილა.
დავითი უფალს მიმართავს: "კბილნი ცოდვილთანი შენ შემუსრენ" - რა საშიშიც უნდა იყოს ძაღლი, თუ მას კბილებს შევუმუსრავთ, ჩავუმტვრევთ, ვეღარაფერს გვავნებს. აღარც ბოროტი სულია საშიში, თუ მას უფალი შემუსრავს. აქ, ასევე წინასწარმეტყველებაა იმის შესახებ, რომ მაცხოვარი განკაცების, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ შემუსრავს ეშმაკს, მის ძალაუფლებას, ხელმწიფებას ადამიანებზე, რომ ბოროტი სულნი ისე ვეღარ გვავნებს, როგორც ძველ აღთქმაში, უფლის განკაცებამდე და ჯვარცმამდე - გამოხსნამდე. მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით ადამიანზე ეშმაკის ხელმწიფება დასრულდა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი მესამე
8. "უფლისა არს ცხონება და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი"
- აქ გრძელდება წინასწამეტყველება იმის შესახებ, რომ მაცხოვარი მოვიდოდა და ადამიანს გაამარჯვებინებდა ბოროტ ძალებზე. "უფლისა არს ცხონებაი" - ეს სიტყვები გვაუწყებს, რომ უფალი მარადის ცოცხალია და მასთანაა მარადიული სიცოცხლე. კურთხეულ ერად კი ქრისტიანები უნდა მივიჩნიოთ, მათ ხომ რწმენა ქრისტეს ერად აერთიანებს და სწორედ ეს ერია კურთხეული".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ფსალმუნის სათაურია "გალობაი აღსავალთაი", ასმეცხრამეტე ფსალმუნიდან იწყება "აღსავალთა გალობები" - ასე ჰქვია მომდევნო რამდენიმე ფსალმუნს, პირველია ასემეცხრამეტე ფსალმუნი. აღსავალთაი, ანუ ღვთის განსადიდებელი, უფალთან მისაახლებელი".
ფსალმუნი მეოთხე
7. "მოეც სიხარული გულსა ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს"
- აქ უნდა ვიგულისხმოთ ზიარების წინასახე. ზიარებისთვის გამოიყენება ღვინო და პური (იფქლისგან გამომცხვარი), რომლებიც ზიარების საიდუმლოს აღსრულებისას ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გარდაიქმნება. "ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა" - ზიარებისგან მიეცემა სიხარული ადამიანის გულს. სწორედ ზიარებაა ჭეშმარიტი სიხარულის მომცემი.
მივყვეთ ფსალმუნს. "ზეთისა მათისა განმრავლდეს" - ყველა ცოდვა სულიერი წყლულია. როგორც ზეთი ალბობს ხორციელ წყლულებს, კურნავს და ამშვიდებს, ასევე უამებს ადამიანს სულს და კურნავს სულიერი წყლულებისგან ზიარება - უფლის სისხლისა და ხორცის მიღება".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"იგია იარაღი დისკუსიისა, თავშესაფარია განმარტოებით მცხოვრებ ადამიანთათვის, დამხმარე სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც გონების ალღოს ავითარებს, ნუგეშია მწუხარეთათვის, კურნებაა სულიერად დამაშვრალთათვის. ორიოდე სიტყვით რომ ვთქვათ, ვინც მას წაიკითხავს, ყოველგვარ ჭეშმარიტ სიკეთეს შეიძენს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ბაღს, სადაც მრავალი ნაყოფი ხარობს, იგია ქილა სავსე თაფლითა და ხულიერი სიტკბოებით, რომელიც მის მიმღებს ახარებს".
/წმ. მაქსიმე ბერძენი/
ფს. 121
7. "იყავნ მშვიდობაი ძალითა შენითა და იეფობაი გოდოლ-ტაძრებსა შენსა"
- ღვთის ძალით იქნება იეფობა. ვიცით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ზეციურ იერუსალიმში დაიმკვიდრებენ უფალთან, უზრუნველად იქნებიან, არავითარი მატერიალური საჭიროება არ ექნებათ და შეიძლება სწორედ ამას გავუთანაბროთ ეს სიტყვები, - იეფობა, ანუ უზრუნველი ცხოვრება ექნებათ ზეცაში დამკვიდრებულ ადამიანებს, მიწიერი, ხორციელი საჭიროებისადმი უზრუნველნი იქნებიან".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფს. 17
4. "გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე"
- როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, "სიკვდილის სალმობა" ბოროტი აზრებია, უსჯულოების ზღვარი კი უკვე ჩადენილი ცოდვაა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"საზოგადოდ, როდესაც ნებისმიერ ფსალმუნს წარმოვთქვამთ, მხოლოდ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს კი არ ვიმეორებთ, არამედ ჩვენც იმასვე შევთხოვთ უფალს, რასაც დავით ფსალმუნთმგალობელი. ის, რასაც დავითი ფსალმუნებში ამბობს, ყველა ადამიანისთვის, ყველას მაგივრადაა ნათქვამი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფს. 104
3. "რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალთასა, რაითა არა მიყვნენ მართალთა უსჯულოებად ხელნი მათნი"
- უსჯულოების, ცოდვილების ძალაუფლებას მარადჟამს არ დატოვებს, დიდხანს არ დატოვებს უფალი მათზე, იმის გამო, რომ მართლებიც ცოდვისკენ არ მიიდრიკონ. ვიცით, რომ ხშირად, როდესაც უსჯულონი ღვთისმოსავებს დაიპყრობენ, ავიწროებენ, დევნიან, ეს არ გრძელდება მარადიულად, რათა მართლებიც არ მიიდრიკონ ცოდვისაკენ. ამის შესახებ ბრძანებს წინასწარმეტყველი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფს. 5
9. "რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო, სამარე ზე-აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს"
- აქ მეფსალმუნე კვლავ უბრუნდება სიცრუის მოქმედ ადამიანებს. წმინდა მამები ფსალმუნთა ამ მუხლის განმარტებისას ბრძანებენ: როგორც სამარიდან ამოდის სიმყრალის სუნი, ასეთივე სიმყრალეა ღვთის წინაშე ცრუ კაცის პირიდან ამოსული ყოველი სიტყვა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფს. 125
4. "მოაქციე, უფალო, ტყუე ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა"
- დატყვევებული, ტყვედ მყოფი ადამიანი გამოიხსნა უფალმა და მოაქცია ისევე, როგორც "ღუარი ბღუარისა", ბღუარი ნიშნავს სამხრეთს - ისევე, როგორც სამხრეთიდან მომავალი მდინარე, ასევე მოაქცია უფალმა "ტყვე ჩვენი", ანუ დატყვევებული ადამიანიო. ისევე, როგორც სამხრეთიდან მომავალი მდინარე, აქ ნილოსი იგულისხმება, როგორც ნილოსია წყალუხვი, ასევე უამრავი ადამიანი გამოიხსნა. უფალმა ყველა ადამიანი გამოიხსნა, მაგრამ აქ იგულისხმება ის, ვინც ეს გამოხსნა მიიღო. გამოხსნა რომ მივიღოთ, ჩვენი სარწმუნოებაა უკვე საჭირო, ამ გამოხსნას ის იღებს, ვისაც სარწმუნოება აქვს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"კანონი კი ასეთი ჰქონდა: ხმამაღლა კითხულობდა მთელ დავითნს და ასევე სხვა ღვთივსულიერ ტექსტებს"
"[128-ე] ფსალმუნის სათაურია "გალობაი აღსავალთაი", ანუ ღვთის განსადიდებელი, უფალთან მისაახლებელი".
"ფსალმუნებში ღვთის განსაკუთრებული სიყვარული გამოსჭვივის".
ფსალმუნი 128
6. "იქმნედ იგინი, ვითარცა თივაი ერდოთაი რომელი-იგი ვიდრე მოფხურადმდე განხმა"
- ერდოზე ამოსულ ბალახს ემსგავსნენ ისინი, რომელი მოფხვრამდე - გაზრდამდე გახმა, რადგან იქ მიწა არ იყო, ამოიწვერა, ზრდა დაიწყო, მაგრამ მალევე გახმა, ასევე, მათ ემსგავსნენ მოქმედნი უსჯულოებისანიო. ანუ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქრისტიანს მოერია, ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ მოერია, უსჯულოების დასასრული ყოველთვის ნაადრევია, ამ ქვეყანაზეც კი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"დავით მეფსალმუნეს ფსალმუნთა წერა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია".
"მეფე-წინასწარმეტყველი ფსალმუნებს სულიწმინდის შთაგონებით წერდა - თითოეული სიტყვა ფსალმუნისა არის სიტყვა ღვთისა".
"ფსალმუნთა" კრებული 150 ფსალმუნისგან შედგება. საგალობლები შეთხზულია ლექსის ფორმით, ებრაული პოეზიის წესით. IV საუკუნეში ფსალმუნები 20 კანონად დაიყო. თითოეულ კანონში სამი დიდება შედის".
"ჯერ კიდევ შვიდი წლის გოგონამ [ღირსმა ათანასიამ] დავითნი ზეპირად იცოდა".
"მთავარი საგანი "ფსალმუნთა" არის ღმერთი და ადამიანი, ღმერთი თავისი დიდებით, სიკეთით, მოწყალებით, კეთილმოქმედებითა და სიმართლით, ადამიანი - თავისი სისუსტით, რწმენით, მწუხარებითა და სიხარულით".
“ყოველ ღამე მთლიანად კითხულობდა „დავითნს“, რომელსაც სხვა ლოცვებსაც უმატებდა“.
"როდესაც მოციქულები იესო ქრისტეს დაჰყვებოდნენ, ფსალმუნთა გალობით მოუწოდებდნენ მორწმუნეებს. ეს წესი მოციქულთა მიერ ეკლესიების დაარსების დროსაც გაგრძელდა. კატაკომბებში მსახურებები ძირითადად ფსალმუნთა გალობით აღესრულებოდა.
გარდა საეკლესიო მსახურებებისა, ფსალმუნების კითხვას სხვა შემთხვევეშიც მიმართავენ: სნეულთათვის (განსაკუთრებით სასარგებლოა სულით ავადმყოფთათვის), მიცვალებულთათვის, განსაცდელის ჟამს, მშვიდობისათვის..."
"ღვთისადმი ვედრება ყველაზე საყვარელი და სასიხარულო საქმე იყო დავითისთვის, რის გამოც ღმერთმა განსაკუთრებით შეიყვარა იგი".
"დავითმა ორმოცი წელი იმეფა".
ფს. 129
6. "ესავს სული ჩემი უფალსა, სახუმილავითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახმილითგან განთიადისა ესავდინ ისრაელი უფალსა"
- ჩემი სული ესავს, ანუ ადიდებს უფალს, განთიადიდან მიმწუხრამდე, - ადრე დილიდან, გვიან ღამემდე, მუდამ ადიდებს ჩემი სული უფალსო. ასევე მოუწოდებს "ისრაილს" - ყველა ღვთისმოსავ ადამიანს, განთიადიდან დაღამებამდე, ანუ დაუცხრომლად ადიდებდეთ და ილოცვიდეთ ღვთისადმიო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფს. 129
"იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა" - ევედრება წინასწარმეტყველი უფალს. შენი ყურები იყოს ჩემი ლოცვის მორჩილი. არ უნდა ვიფიქროთ, რომ დავით წინასწარმეტყველი უფალს სთხოვს, შენ იყავი ჩემი მორჩილიო, არამედ სიმბოლურადაა ნათქვამი - უფალო, შეისმინე ჩემი ლოცვები, ანუ ის, რასაც მე გთხოვ, რასაც მე გევედრები, შეისმინეო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სახელი დავითი საღმრთო მაქსიმეს მიხედვით ნიშნავს "მძლე ხელის მქონეს", სხვების თანახმად კი "ერთადერთს, სასურველსა და საყვარელს".
"წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველმა თქვა: "და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა"... ეს თქვა მან იმიტომ, რომ მრავალი გულისტკივილი შეხვდა. ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას უღალატა საკუთარმა შვილმა".
"ფსალმუნში ხომ მიწა და ზეცაა მოთავსებული".
"როგორც ამბობენ, წესს რომ უგებდნენ [წმ. ილარი, არლელი ეპისკოპოსი], ფსალმუნნი მხოლოდ ებრაულად ისმოდაო, რადგან არლელ ებრაელთაც სურდა მისთვის პატივის მიგებაო".
- შეიძლება თუ არა ფსალმუნთა დამჯდარი კითხვა?
- ღმერთი არასდროს ითხოვს იმას, რისი აღსრულების ძალაც არ შეგვწევს. თუკი ადამიანს რაიმე სნეულება აწუხებს, მოძღვარი აკურთხებს, რომ დამჯდარმა ილოცოს. ზოგიერთი სულაც სარეცელს არის მიჯაჭვული. მათ ამ მდგომარეობაში უნდა ილოცონ. მაგრამ თუკი ადამიანი ჯანმრთელია, არაფერი აწუხებს, ფეხზე მდგარი უნდა ლოცულობდეს. ნებისმიერი ზრდილობიანი ადამიანი არ ჩამოჯდება და ისე არ დაუწყებს საუბარს სხვას. მით უფრო მეტი კრძალვა და რიდი უნდა გამოვიჩინოთ სამყაროს შემოქმედის მიმართ. ლოცვა ღმერთთან საუბარია და ამ დროს უფლის წინაშე კრძალვა ფეხზე დგომითაც უნდა გამოვხატოთ. ეს ჩვენვე გვჭირდება. ღვთის წინაშე უკრძალველობა საბოლოოდ მის დაკარგვამდე მიგვიყვანს.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი მეორე
7. "...თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ"
- ეს არის წინასწარმეტყველება იესო ქრისტეს განკაცების შესახებ. თუ დავუკვირდებით, ამ ფსალმუნში უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით თავისი განკაცებისა და მიწიერი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალ. 132
"ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისათა, რომელი გარდამოვლენ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა"
- ეს არის, რომ როგორც ნელსაცხებელი გარდამოდის თავიდან წვერზე, წვერიდან მხრებზე, როდესაც ადამიანები მას იცხებენ, ასევე სულიწმინდის მადლი გარდამოდის თავიდან წვერზე, წვერიდან მხრებზე, ანუ ის ეკლესიის მადლი გარდამოდის თითოეულ წევრზე, მოციქულებზე, მღვდელმთავრებზე, მღვდლებზე. აქ ნათქვამია ეკლესიის იერარქიის შესახებ. ის, რომ ეკლესიაში არის იერარქია და სწორედ იერარქიის მიხედვით აძლევს მადლს. გამტარობით საღვთო მადლი სწორედ იერარქიის მიხედვით გადაეცემათ მის წინაპრებს. თუ ადამიანი თავის თავს განაყენებს ამ იერარქიიდან, ის ვერ მიიღებს იმ საღვთო მადლს, რაც ეკლესიაში სუფევს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 133
2. "ღამესა აღიპყრენით ხელნი თქვენი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა"
- სულიერი ღამე, სულიერი სიბნელე იყო იმ პერიოდში, მიუხედავად ამისა, აღიპყარნით ხელნი თქვენნი და ევედრეთ უფალს იმის გამო, რომ განკაცდეს, მოვიდეს, შეგვეწიოს და შეგვიწყალოს ჩვენო, მოუწოდებს დავით წინასწარმეტყველი ადამიანებს.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სათნოებათა უდიდესი - სიყვარული ფსალმუნთა გალობის შედეგად იბადება".
/წმ. ბასილი დიდი/
ფსალმუნი 135
16. "რომელმან დასცნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი"
- ვიცით, რომ ისრაელმა უამრავი მეფენი დაამარცხა, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის შეწევნით და დახმარებით და არა საკუთარი ძალისხმევით. რადგან ვიცით, რომ ის მეფენი რომლებიც ისრაელის ერს ებძოდნენ, გაცილებით ძლიერები იყვნენ მიწიერი თვალსაზრისით, მაგრამ ღვთის ძლიერებით და ღვთის სასწაულებით განადგურდნენ.
17. "და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი"
- აქ ჩამოთვლილია ორი მეფე, რომლებიც ყველაზე ძლიერები იყვნენ. წინასწარმეტყველმა ამ ორ მეფეს გაუსვა ხაზი, რადგან თუკი ეს უძლიერესი მეფეები დაამარცხა ისრაელის ერმა ღვთის შეწევნით, რა თქმა უნდა, დანარჩენებს უფრო ადვილად დაამარცხებდა.
18. "სეონ, მეფე ამორეველთა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი"
- სეონ მეფე, რომელიც ისრაელმა ღვთის შეწევნით დაამარცხა.
19. "და ოგ, მეფე ბასანისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი"
- და ოგ მეფე.
20. "და მისცა ქუეყანა მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი"
- მათი, დამარცხებული ერებისა და დამარცხებული მეფეების ქვეყანა მისცა მარადიულ სამკვიდრებელად უფალმა ისრაელის ერს".
"ცოდვებში ჩავარდნას მოჰყვება დაცემა, დაცემას - კვლავ აღდგომა და ეს არის ჩვენი ისტორიის კანონზომიერება, რაც დავით წინასწარმეტყველის სიტყვებშიცაა გაცხადებული: "მივსდერკ ჭენებით დაცემად და უფალმან ხელი აღმიპყრა მე".
ფსალმუნი 16
12. "შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვ ლომისაი, იყოფებინ რაი ფარულთა"
- როგორც ლომია ჩასაფრებული და გამზადებული, რომ დაიჭიროს და შეჭამოს ნადირი, ასეთივე მსხვერპლად შემრაცხეს მეც ბოროტმა სულებმა და განემზადნენ ჩემს დასაღუპავადო.
ფსალმ. 136
6. "აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ განგებულ-ვყო იერუსალიმი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა"
- და ჩემი ენა ჩემს სასას აეკროს, ანუ დავმუნჯდე, ხმის ამოღებაც კი ვერ შევძლო მანამ, ვიდრე არ მოვიხსენო იერუსალიმი, სანამ არ აღვადგინო იერუსალიმი, სანამ ის სიხარული, რაც დასაბამში იყო, ანუ როდესაც იერუსალიმში სოლომონის ტაძარი აშენდა, როდესაც ისრაელიანები განადიდებდნენ სოლომონის ტაძარში უფალს და ის სიხარული, რაც ისრაელის ერმა განიცადა ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, ღვთის მცნებების განცხადების დროს, თუ ამ სიხარულისათვის არ ვიღვაწოთ, თუ იერუსალიმის აღდგენისთვის არ ვიღვაწოთ, ხმის ამოღებაც კი არ შემეძლოსო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალ. 136
8. "ასულო ბაბილოვნისო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მოგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ მომაგე ჩუენ!"
- ბაბილონის ასულო, ანუ ბაბილონო, დამპყრობელო. უბადრუკო, - ამ სიტყვებით მიმართავს მათ დავით წინასწარმეტყველი, ნეტარია ის, ვინც შენ მოსაგებელი მოგაგოს. ანუ რაც შენ ჩვენ მოგვაგე, ამის სამაგიეროს ვინც მოგაგებს, ნეტარია. ჩვენ ვიცით, რომ ნეტარი და ყოვლად დიდებული არის უფალი, რომელიც მიაგებს ყველას სამაგიეროს კაცთმოყვარებით".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"წმინდა დავითი ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელია ლოცვისა. გვქონდეს სამაგალითოდ და სახელმძღვანელოდ მისი რწმენა და სასოება."
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
ფსალმუნი XIV
3. "რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი და ყუედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო"
- დავით წინასწარმეტყველი ჩამოთვლის, რა არ უნდა აკეთოს ადამიანმა, რომ სასუფეველი დაიმკვიდროს. სასუფეველში ის მოხვდება, ვისაც არ აქვს მზაკვარი ენა, არ მტრობს მოყვასს, ცუდს არავისთვის განიზრახავს და არ განიკითხავსო."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მამები დავით წინასწარმეტყველს უწოდებენ ახალი აღთქმის კაცს ძველ აღთქმაში - ის ახალი აღთქმის კაცი იყო თავისი შეხედულებებით, ღვთისმსახურებითა და ღვთის მცნებების დაცვით."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მეშვიდე ფსალმუნი დაწერილია დავითის დევნულობის ჟამს, როდესაც იდევნებოდა თავისი შვილის აბესალომის მიერ.
ფსალმუნის სათაურში მოხსენიებული ქუში დავითის უახლოესი მეგობარი იყო, რომელიც მან აბესალომთან წარგზავნა, რათა წინააღმდეგობა გაეწია აქიტობელისთვის, რომელიც დავითის საწინააღმდეგო რჩევებს აძლევდა აბესალომს. ქუშიმ აბესალომს თავი დავითის მოღალატედ მოაჩვენა. თათბირის დროს, როდესაც აქიტობელი აბესალომს ურჩევდა, პირისპირ დასხმოდა თავს ბრძოლისთვის მოუმზადებელ მამას, ქუშიმ უთხრა: "არა, არ ღირს საკმაო ძალის გარეშე დაესხა თავს იმას, ვინც ერკვევა საბრძოლო საქმეებში" - და დაარწმუნა, რომ საქმე გადაედო. ამით აბესალომსაც ასიამოვნა და დავითიც იხსნა. ამასობაში კი მღვდლების, სადოკისა და აბიათარის პირით შეატყობინა დავითს, რას აპირებდა აბესალომი და მოსთხოვა, აღარ დარჩენილიყო ღამით არაბეთის უდაბნოში, სწრაფად გასცლოდა იქაურობას.
ამ კეთილი საქმის წყალობით გახდა ქუში მარჯვენა ხელი დავითისა და სახელიც თავისი მამაცური საქმიდან გამომდინარე ეწოდა - ძე იემენისა ანუ ძე მარჯვენისაი. ეს არ იყო ქუშის მამის სახელი, მეფეთა წიგნი დავითის უპირველესი მეგობრის, ქუში არაქის ძის შესახებ მოგვითხრობს.
წმინდა ათანასე დიდი წერს: "დავითი, გადარჩენილი თითქოსდა არაადამიანური შეწევნით, ამისთვის სამადლობელ გალობას აღუვლენს ღმერთს, ყველა სიკეთეს მას მიაწერს და არა ადამიანთაგანს".
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"ხელიდან არ უშვებდა ფსალმუნების წიგნს და ხშირად კითხულობდა მას ხმით"
"ფსალმუნთა გალობა გვაძლევს ჩვენ ერთ-ერთს უდიდეს სათნოებათაგანს - სიყვარულს".
/წმ. ბასილი დიდი/
ფს. 140
10. "შეითხინენ სათხეველსა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე, ვიდრემდის თანა-წარვხდე?"
- მათ მახეში ცოდვილები თავადვე გაედინებიან, ხოლო მე ვიცი, რომ განვეშორები ამას, შენი შეწევნით ვიქნები გარიდებული ბოროტებასო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"გაიხსენეთ ფსალმუნი, რომელშიც დავითი უაღრესად თავშეკავებულ ფორმებს მოაყოლებს: "სიხარულო ჩემო!.." ამ წამიდან მთელი ფსალმუნი ცოცხლდება..."
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
ფსალმუნი VIII
3. "რამეთუ ვიხილე მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკვლავნი, რომელ შენ დააფუძნენ" -
უფალო, ყოველივე ხილული და უხილავი "თითთა შენითა" არს დაფუძნებული, - მიმართავს დავითი უფალს. აქ უნდა ვიგულისხმოთ შემდეგი: როგორც თითია სხეულის მცირე ნაწილი, ასევე უფლის მცირედი სურვილიც კმაროდა იმისათვის, რომ მთელი ეს ხილული სამყარო, ხილული სილამაზე შეექმნა.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი მერვე
6-7-8: "და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა; ცხოვარი და ზროხაი ყოველივე, მერმეცა და პირუტყვნი ველისანი; მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი, რაოდენი ვლენან ალაგსა მას ზღუათასა"
- ყოველი ხილული ადამიანს დაუმორჩილეო, - მიმართავს დავითი უფალს. როდესაც უფალმა ადამი შექმნა, ყოველივე ხილული მას დაუმორჩილა. ვიდრე ადამი შესცოდავდა და სამოთხიდან განიდევნებოდა, ეს ასეც იყო. ადამიანი რაც უფრო მეტად ეცემოდა ცოდვით, მით უფრო ნაკლებად ემორჩილებოდა მიწიერი სამყაროც, მაგრამ სიწმინდით მცხოვრები ადამიანების ცხოვრებიდან ვიცით, როგორ ემორჩილებოდნენ მათ გარეული მხეცებიც კი. წმინდა შიო მღვიმელის ცხოვრება გავიხსენოთ - მან მგელი ვირებს დაუყენა მცველად. ამ დროს ცხოველთა ბუნება კი არ იყო შეცვლილი, არამედ ადამიანის ბუნება უბრუნდებოდა პირვანდელ სიწმინდეს, იმგვარს, როგორიც ადამს ჰქონდა ცოდვით დაცემამდე, როგორითაც ის იყო შექმნილი. ამიტომ მათ ცხოველებიც ისევე ექცეოდნენ, როგორც ადამს.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ცოდვისგან თავის დასაღწევად მეფსალმუნე ასეთი სიტყვებით მიმართავს ღმერთს: "სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ ყოველი უსჯულოებაი" (ფსალმ. 118:133).
ფსალმუნი 10
"5. "უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოი, ხოლო ვის უყვარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი"
- აქ განკითხვაში იგულისხმება შეწევნა, დახმარება. ამ მუხლში დავითი ბრძანებს - უფლის თვალი არ შორდება მართალს და განიკითხავს - შეეწევა მასო. ეს არის პასუხი მესამე მუხლში დასმულ კითხვაზე: "ხოლო მართალმან რაი ყო?" სიცრუის, ტყუილის მოყვარეს კი საკუთარი სული სძულს - დასაღუპად ჰყავს განწირულიო. უფალი მართალს მართლისას მიაგებს, უღმრთოს კი უღმრთოსას."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 11
6. "სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვერცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმენდილ შვიდწილად"
- როგორც ვერცხლია ცეცხლში განწმენდის შემდეგ სუფთა მინარევებისგან, ასეთივე წმინდაა ღვთის სიტყვა. ის არ შეიცვლება, მას ვერავითარი სიბილწე ვერ შეერევა. რაც უფალმა ბრძანა, უცილობლად აღესრულება - მოვა მესია და გამოიხსნის კაცობრიობას ეშმაკის ხელიდან."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ქვეყნიერების შემოქმედმა არაფრისგან სიცოცხლედ მოგვიყვანა, ნათელს გვაზიარა, მარადიულობის ულევ გზაზე დაგვადგინა. ნუთუ ამის შემდეგ ისევ უიღბლო ხარ, ადამიანო? ნუთუ კვლავ უფალს აყვედრი უმადურობით? არსებობს სხვა განცდაც, სხვა ტკივილი, რომელიც მხოლოდ ღვთის სიყვარულითა და სარწმუნოებით გაჟღენთილ სულს შეუძლია აღმოხდეს, წმინდა დავით მეფსალმუნისამებრ: "ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა?" (ფს. 12,1-3). ამ სიტყვებში ისმის სულ სხვა განცდა, სულ სხვა ტკივილი დავითისა. ეს კურნების, შვების, სინანულში დაფარული, მასში აღმოცენებული სიხარულის ცრემლებია, რომელიც უფალთან ერთობის, მასთან კიდევ მეტი სიახლოვის წყურვილითაა ნასაზრდოები.
დიდმა მეფემ ნათლად უწყის, რა სიკეთის მომატყვებელია ღმერთთან ერთობა, რადგან თავად განცდილი და შესისხლხორცებული აქვს ეს ენით უთქმელი გრძნობა. იგი, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, გრძნობს, რომ უფალთან სიშორის, მისგან განრიდების ერთადერთი მიზეზი ცოდვაა, რომელიც კედელივით აღიმართება ღმერთსა და ადამიანს შორის, მაგრამ ფსალმუნთმგალობელი, დიდი წინასწარმეტყველი დასძენს: "ხოლო მე ვთქვი განკვირვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან თუალთა შენთაისა, ამისთვის შეგესმა ხმაი ლოცვისა ჩემისაი, რაჟამს ვღაღადებდე მე შენდამი" (ფს. 30,23).
აი, საოცრება სიმდაბლისა, სინანულისა, კეთილგონიერებისა, საკუთარი ყოფიერების, სულიერი მდგომარეობის მართებული დანახვისა. დიდი მეფე იცნობს ღმერთს და საკუთარ თავსაც. მაგალითი რწმენისა და ღვთისმეტყველების სიღრმისა. სული, რომელიც ამგვარად განიცდის, აცნობიერებს საკუთარ უძლურებას, ადამიანური ბუნების სისუსტეს, ყველაზე ახლოა უფალთან."
/დავით სურგულაძე/
ფსალმუნი 54-ე
21. "განიყვნენ იგინი რისხვითა პირითა მისისათა და მიეახლნეს გულნი მათნი, ლბილ იქმნეს სიტყვანი მათნი უფროს ზეთისა და იგინი იყუნეს, ვითარცა ისრისპირნი"
- დავით წინასწარმეტყველი კვლავ უბრუნდება იმ მოვლენებს, რომლებიც მაცხოვრის ჯვარცმის დროს მოხდა. თავიანთი რისხვით თავიანთი პირი განირყვნეს, "ლბილ იყვნეს სიტყვანი მათნი" - სიტყვით კეთილს უზარხავდნენ უფალს. ისევე, როგორც იუდა მივიდა და უთხრა: "გიხაროდენ, რაბი", მაგრამ საქმით ბოროტებას სჩადიოდნენ. მათი სიტყვა ლბილი იყო, ზეთზე უფრო მაამებელი იყო მათი სიტყვა, მაგრამ მათი საქმეები - ორპირი ისარი. ვიცით, იუდეველები რა მზაკვრულად მოექცნენ უფალს, რა მზაკვრულად გაცეს და აცვეს ჯვარს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 6
2. "მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი"
- დავითი უფალს შეწყალებას შესთხოვს: შენი მცნებების წინააღმდგომობის გამო კი არ ვცოდავ, არამედ ჩემი უძლურებით. ამის გამო მიწყალე, უფალო, და განმკურნე ცოდვათაგან, რომელთაც ისე განვიცდი, რომ "ძვალნი ჩემნი შემიძრწუნდესო". ძვლის ტკივილი ყველა ფიზიკურ ტკივილზე საშინელია, ფაქტობრივად, ვერც ერთი ტკივილგამაყუჩებელი ვერ აჩერებს."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 142
5. "მოვიხსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახედ"
- პირველი დღეები გავიხსენეო, - ბრძანებს წინასწარმეტყველი. ის დღეები, როდესაც ის იყო აღზევებული სამეფო ტახტზე. და ვიცი, რომ, უფალო, კვლავ შემეწევი და აღმადგენო. დავითმა მშვენიერად უწყოდა, რომ მის დევნილებას ტახტზე დიდებით დაბრუნება მოჰყვებოდა; "ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ" - რაც ჩემთვის გაგიკეთებია, ის გავიხსენეო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 142
"- და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონა შენი ვარ"
- შენი წყალობით გაანადგურე მტერი ჩემიო, - ევედრება უფალს დავით წინასწარმეტყველი, - ჩემი სულის ყველა მაჭირვებელი წარწყმიდეო.
ვინ არს ჩვენი სულის მაჭირვებელნი? - როგორი ბოროტებაც არ უნდა გაგვიკეთოს ჩვენ ადამიანმა, მაინც არ არის ჩვენი სულის მაჭირვებელი, არამედ დაცემული ანგელოზები არიან ასეთნი და სწორედ მათგან ხსნას ევედრება დავით წინასწარმეტყველი უფალს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 65-ე
14. "საკუერთხები ტვინოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები"
- როდესაც დავითი წერს, რომ ღვთის საკურთხეველზე მსხვერლად უნდა მივიტანოთ საკმეველი, ვერძები, ვაცები, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ; წინასწარმეტყველი გულისხმობს, რომ ყოველივე საუკეთესო უნდა შევწიროთ უფალს. უპირველესად ეს არის ჩვენი განწმენდილი გონება, ჩვენი განწმენდილი სხეული. სწორედ ეს უნდა შევწიროთ უფალს, ეს არის პირველი და უმთავრესი შესაწირი და არა ძველაღთქმისეული შესაწირი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 146
9. "რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყვთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას"
- არა მარტო ადამიანებს, პირუტყვებს და ყორნების მართვეებსაც უფალი აძლევს საზრდელს. რა თქმა უნდა, თუკი პირუტყვს და ფრინველს აძლევს საზრდელს, თუკი მათაც არ ივიწყებს, ადამიანებს როგორ დაივიწყებს? როგორ ხადიან პირუტყვნი უფალს? - თუ დავაკვირდებით, როგორი დიდებულებითაა შექმნილი ეს უგონო არსებებიც, აქედან ჩვენც უფალი უნდა განვადიდოთ".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"აღსარება-შენანება - ეს არის საკუთარი თავის გახსნა ღმერთის წინაშე. როგორც ის სიტყვები ფსალმუნიდან, რომლებიც ირმოსში გადავიდა: "განვჰფინო [გადმოვღვარო] მის წინაშე ვედრება ჩემი" (141:3). თითქოსდა დოქი გაქვს ჭუჭყიანი წყლით და უბრალოდ ღვრი მას ღმერთის წინაშე "და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა" (იქვე). ის უბრალოდ გრძნობს, რომ დაინთქა უფსკრულის ძირამდე, როგორც იონა ვეშაპში, და ახლა ღმერთის წინაშე იხსნება".
"როგორც დავითის ფსალმუნები, ისე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გვეუბნება იმას, რომ ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით წვდება უდიდეს საიდუმლოს - ღვთის მდუმარების საიდუმლოს".
ფსალმუნი 147
5 "დადვის თოვლი, ვითარცა მატყლი, და ნისლი, ვითარცა ნაცარი მიჰფინის"
- თოვლი არის სიცივის გამოხატულება, თოვლი სიცივეს და ზიანს აყენებს ადამიანს, ნისლი მხედველობას უფარავს. წინასწარმეტყველი ბრძანებს, - თოვლი, ვითარცა მატყლი და ნისლი, ვითარცა ნაცარი - ანუ ერთმანეთს უპირისპირებს.
თუ თოვლი ცივია, მატყლი თბილია, ნისლი ჰაერშია გაფანტული და ადამიანს ხელს უშლის მხედველობაში, ნაცარი ჰაერში არ შეიძლება დარჩეს დიდხანს, მალევე მიწაზე დაცვივდება.
ანუ ის თვისებები, რაც თოვლს და ნისლს გააჩნია, უფლისთვის არაფერია, ანუ ის ბოროტება, ის წარმართული და იუდაური სიცივე, რაც სუფევდა მაცხოვრის მოსვლამდე, განაქარვა უფალმა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"კურთხევა - ეს არის თაბორის უხილავი ნათელი, რომელიც გულში აღწევს, სულს ასხივოსნებს, ბნელ ძალას აძევებს, როგორც დავითის გალობა აძევებდა საულისაგან დემონებს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ერთხელ, როცა დავით წინასწარმეტყველი წარმართ ფილისტიმელებს ებრძოდა, რომელთაც ბეთლემი ჰქონდათ დაკავებული, მოსწყურდა და მოინდომა ბეთლემის ჭის წყლის დალევა, საიდანაც ადრე, ცხვრების მწყემსვისას, ხშირად იღებდა წყალს.
მეფემ თავის მეომრებს ჰკითხა: - ვინ გაბედავს, გაიაროს ფილისტიმელთა დაცვა და ჭის წყალი მოიტანოსო. წინ სამი მხნე მამაკაცი წარდგა, რომელთაც შეასრულეს მეფის სურვილი, თავი საფრთხეში ჩაიგდეს და ჭის წყალი მოუტანეს მეფეს.
დავითს გული შეემუსრა, არ მოისურვა ამის დალევა. "ღმერთმა დამიფაროს, რომ ეს გავაკეთო, - წამოიძახა, - განა დავლევ ამ კაცების სისხლს, რომელთაც სული თვისი დადეს ჩემთვის! სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და წყალი მომიტანეს". მეფემ წყალი აღარ დალია და დააქცია სადიდებლად უფლისა".
"წმინდა წერილი და ფსალმუნებიც, რამდენიმე მიმართულებით შეიძლება გავიგოთ".
"შვილო ჩემო, დაიცავი საკუთარი გრძნობები, განსაკუთრებით უფრთხილდი თვალებს - ისინი რვაფეხას საცეცებივით მიიტაცებენ ყოველივეს, რაც მათ წინ მოძრაობს, ყველაზე იოლად კი ცოდვილთ ნადავლს ჩააფრინდებიან ხოლმე. თვალების მიზეზით დაეცნენ და დაიღუპნენ "სვეტნი სულიერნი". დავითმა, როცა არ დაიცვა თვალი, მკვლელობა ჩაიდინა და მრუშობას მისცა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის დიდი წინასწარმეტყველი იყო, ჰქონდა მადლი და ნიჭი წინათმცნობელობისა".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"რა არის ადამიანისათვის სასიკეთო, ამის შესახებ წმიდა წერილი მორწმუნე კაცს მარტივად და გასაგებად მიუთითებს: "ხოლო ჩემი მიახლებაი ღმრთისა კეთილ არს; დადებად უფლისა მიმართ სასოებაი ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა" (ფსალმ. 72:28).
ასე განმარტავს დიდი მეფსალმუნე მეფე დავითის ამ ლექსს დეკანოზი გიორგი რაზუმოვსკი: დაე, ყოველმა თვითონ განსაჯოს, რა არის მისთვის სასიკეთო და სარგებლის მომტანი, ჩემთვის კი არაფერია უკეთესი ღმერთთან შერწყმაზე.
და რადგანაც დღეს, ხილულ ყოფაში, ეს ჩემს ძალას აღემატება, მე სასოებით ღმერთს მინდობილი ვცდილობ მის ქებაში ხელის გაწაფვას, რათა ვადიდო უფალი არა მხოლოდ დახშულ კარს მიღმა - ჩუმად, ლოცვებში, არამედ სიონის კართან, ხალხმრავლობაში, ძახილით და გახმამყვირებით."
"რატომ შეიყვარა ღმერთმა ასე დავითი? რატომ მიაგო გამორჩეული პატივი? შობის ადგილად მისი ქალაქი რატომ ირჩია და თავისი ხორციელი წარმომავლობა მას რატომ დაუკავშირა?!
პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი გახდა მეფე-რჩეული
დავითს ძლევამოსილობის მწვერვალზეც და უდიდესი შეჭირვების ჟამსაც სულით ხორცამდე ჰქონდა განცდა იმისა, რომ ქვეყანაში თვითონ კი არ მეფობდა, არამედ, - ყოვლადსახიერი უფალი. თავად კი იყო ოდენ მსახური და მისი ნების აღმსრულებელი, ამიტომაც თავმდაბლად სრულად იყო მასზე მინდობილი და უდრტვინველად ემორჩილებოდა.
ძველი აღთქმის მეფეთა შორის მეფე-მსახურის ტვირთი ასე სწორად, ასე ღირსეულად არავის უტარებია და დღესაც იგი მისაბაძად რჩება.
დავითს ჰქონდა დიდი შეცდომებიც, მაგრამ ჰქონდა გულმხურვალე, გულწრფელი, სულისშემძვრელი სინანული და ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო მასში, რომ სჭარბობდა ცოდვათა სიმძიმეს და მაგალითად გახდა დაცემულთა წამოდგომისა.
თავმდაბლობისა და გულშემუსვრილობის გამო მიეცა მას წინასარმეტყველების მადლი და უფალთან პირდაპირი საუბრის ძალმოსილება, რითაც იქცა მეფობის, ღვთისმახურებისა და წინასწარმეტყველების ნიჭთა შემომკრებად.
ამ თვისებათა გამო დაფასდა დავითი ღვთის თვალში."
/უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე/
"დიდი მარხვის პერიოდში ხშირად იკითხება ტყვედ ჩავარდნილი ებრაელების საგოდებელი ფსალმუნი "მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით" (136-ე ფსალმუნი). პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანის თქმით, ეს "განდევნის" ფსალმუნია. მას ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდნილი ებრაელები გალობდნენ, როცა თავის წმინდა ქალაქ იერუსალიმს იხსენებდნენ. იგი იქცა იმ ადამიანთა გალობად, რომელიც ღვთისგან თავის შორს ყოფნას გრძნობს".
"წმინდა წერილი გვეუბნება, რომ დავითი ტანადი იყო, ლამაზი ("იყო იგი წითურ, პირითა მხიარულ, გრემან, ქმნულკეთილ ხილვითა" - მეფეთა 16,12)."
"ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის", - ესეც დავითის სიტყვებია (50-ე ფსალმუნი), როცა ის ღმერთს სთხოვდა ბერსაბესგან შეძენილი ახალშობილის გადარჩენას. ამ ქალისგან კიდევ ერთი შვილი ეყოლა დავითს - სოლომონი, რომელიც, ვიცით, ბრძენი იყო, სანამ ცოლები გადაიბირებდნენ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ დავითს თითქმის არც ერთი შვილი არ გამოადგა".
"[წმ. გაბრიელ სალოსს] ჰკითხეს, - დავითის ფსალმუნის კითხვისას თუ ოცი კაცის სახელი მოვიხსენიე, რა ძალა მიდის მათთან და როგორ განაწილდებაო.
- მხოლოდ ერთ კაცზე რომ წაგეკითხა ერთი კანონი, რა ძალაც ამ ერთზე გადავიდოდა, ისევე მიუვიდოდა იმ ოცსაც სათითაოდ".
"- რატომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფსალმუნთა კითხვა მიცვალებულთათვის, საიდან იღებს სათავეს მათთვის ფსალმუნთა კითხვის წესი და როგორ ვიკითხოთ ფსალმუნები გარდაცვლილთათვის?
- როგორც აღვნიშნეთ, ფსალმუნნი ღვთის მადლისა და შეწევნის მომხვეჭელი და ეშმაკის განმდევნელი ლოცვები, საგალობლებია, ამიტომ მათი კითხვით შევეწევით - ძალას ვმატებთ გარდაცვლილის სულს, რათა შეებრძოლოს ბოროტი ძალის შემოტევას, რომელიც ცდილობს მიიტაცოს მისი სული. ამავდროულად მიცვალებულზე მოიწევა ღვთიური მადლი.
რაც შეეხება გარდაცვლილთათვის ფსალმუნთა კითხვის ტრადიციას, იგი ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მომდინარეობს: პირველი ქრისტიანები გარდაცვლილ ადამიანს ღამეს უთევდნენ და ფსალმუნებს უკითხავდნენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია გარდაცვალებიდან ორმოცი დღის მანძილზე, ვიდრე მისი სული ღვთის სამსჯავროს წინაშე წარსდგება გასასამართლებლად."
/მამა დავით ქვლივიძე/
"ფსალმუნზე ამღერებდა დავით მეფე თავის აზრებს."
"დავითნი" 150 ფსალმუნისგან შედგება, რომლებიც შეთხზულია ლექსის ფორმით, ებრაული პოეზიის წესით."
"დავით მეფე ისრაელისთვის იყო ღვთის ნების გამომხატველი, უფალი მისი პირით ამცნობდა ადამიანებს თავის ნებას. შეიძლება ითქვას, რომ მისი ფსალმუნების ყოველი სიტყვა არის სიტყვა ღვთისა. მათ შორის ბევრი წინასწარმეტყველურია, სადაც ახალ აღთქმაში მოსახდენი მოვლენები - ჯვარცმა, უფლის კვართზე წილისყრა თუ სხვა - ისეა გადმოცემული, თითქოს დავითი ცხადად ხედავდა ყოველივეს.
დავითი საოცარი სულიერი თვისებებით გამოირჩეოდა, ამიტომაც იყო დავანებული მასზე ღვთიური მადლი და ამიტომაც წერდა ფსალმუნებს სულიწმინდის შთაგონებით."
/მამა დავით ქვლივიძე/
"- ზოგჯერ ადამიანი იწყებს ფსალმუნების კითხვას, მაგრამ მათი გააზრება და ჩაწვდომა უჭირს...
- ერთხელ თეოფანე დაყუდებულს სულიერმა შვილმა უთხრა, - მამაო, ფსალმუნთა კითხვაზე კურთხევა მომეცი, მაგრამ თავი უნდა დავანებო, რადგან ვკითხულობ და არაფერი მესმისო.
ეს არ გააკეთო, - უთხრა წმინდა მამამ, - მართალია, არ გესმის, მაგრამ ეშმაკებს ესმით და გარბიანო.
აი, რაოდენ დიდი ძალა შესწევს ფსალმუნთა თუნდაც შეუმეცნებლად კითხვას, ამიტომ მათი კითხვა არც იმ დროს უნდა შევწყვიტოთ, როდესაც ვერ ვიაზრებთ და მათში ჩაწვდომა გვიჭირს.
უმჯობესია მზემ დაკარგოს ბრწყინვალება, ვიდრე ფსალმუნების კითხვას თავი დავანებოთ, - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი."
/მამა დავით ქვლივიძე/
"ერთხელ, როცა დავით წინასწარმეტყველი წარმართ ფილისტიმელებს ებრძოდა, რომელთაც ბეთლემი ჰქონდათ დაკავებული, მოსწყურდა და მოინდომა ბეთლემის ჭის წყლის დალევა, საიდანაც ადრე, ცხვრების მწყემსვისას, ხშირად იღებდა წყალს.
მეფემ თავის მეომრებს ჰკითხა: - ვინ გაბედავს, გაიაროს ფილისტიმელთა დაცვა და ჭის წყალი მოიტანოსო. წინ სამი მხნე მამაკაცი წარდგა, რომელთაც შეასრულეს მეფის სურვილი, თავი საფრთხეში ჩაიგდეს და ჭის წყალი მოუტანეს მეფეს.
დავითს გული შეემუსრა, არ მოისურვა ამის დალევა. "ღმერთმა დამიფაროს, რომ ეს გავაკეთო, - წამოიძახა, - განა დავლევ ამ კაცების სისხლს, რომელთაც სული თვისი დადეს ჩემთვის! სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და წყალი მომიტანეს". მეფემ წყალი აღარ დალია და დააქცია სადიდებლად უფლისა".
ფსალმუნი ოცდამერვე
"1. "შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა"
- დავითი ფსალმუნის ამ მუხლში ბრძანებს: ღვთის შვილები შესწირავდით შესაწირავს უფალსო. ღვთის შვილებში იგულისხმება ებრაელი ერის ის ნაწილი, რომელიც მიიღებდა მესიას, გახდებოდა ქრისტიანი, "ვერძების შვილებში" კი, როგორც წმინდა კირილე ალექსანდრიელი გვეუბნება, - წარმართთა შვილები.
როგორც ვერძია თავისი სიჯიუტით ცნობილი, ასევე იყვნენ წარმართნი თავიანთი წარმართული სარწმუნოებით ჯიუტნი, ღვთის წინააღმდგომნი, მაგრამ სწორედ მათი შვილები გახდებიან ღვთის მადიდებლები და უფლისთვის მსხვერპლის შემწირველნი.
ამ მუხლში წარმართთა მოქცევაზეა საუბარი. ბოლო სიტყვებით "შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა" დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: ორივე ერი - "ღვთის შვილები" და "შვილნი ვერძთანი", ებრაელები და წარმართები ერთობლივად შესწირავენ დიდებას უფალს, როდესაც ქრისტეს სჯულზე მოექცევიან და ქრისტეს ეკლესიაში გაერთიანდებიან."
ფს. 39
2. "და აღმომიყვანა მე მღვიმისაგან გლახაკებისა და თიხისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერხნი ჩემნი და წარჰმართნა სლვანი ჩემნი"
- გლახაკების მღვიმეში ცოდვებში, ცოდვის მორევში მყოფი ადამიანები იგულისხმებიან, ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ მთელი ძველი აღთქმის კაცობრიობა. ის მთლიანად იყო დანთქმული ცოდვის მორევში - "გლახაკობის მღვიმეში".
უყი თიხა არის გამხმარი, გამოუსადეგარი მიწა, რომელიც არავითარ ნაყოფს არ გამოიღებს. უყ, უნაყოფო მიწაში იგულისხმება ძველაღთქმისეული პერიოდი, სადაც ხსნა არ იყო - აქედან გამომიყვანა და კლდესა ზედა - მაცხოვარზე, მაცხოვრის სარწმუნოებაზე დამამტკიცა მე და თავისი მოსვლით ჩემი გზები თავისკენ მიმართა უფალმაო."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ნინო (50 წლის): - წინასწარმეტყველთა შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ "დავითნი" წყაროა სიცოცხლისა. ამ წიგნის შესავალში წერია კიდეც: "ეკლესიის კურთხევით თითოეული ქრისტიანი ყოველდღიურად უნდა კითხულობდეს "ფსალმუნს", რათა სულიერად გაძლიერდეს მოძალებული განსაცდელის ჟამს".
სანამ ამას გავიგებდი და საერთოდ "უკეთესი მორწმუნე" გავხდებოდი, ვიდრე ვიყავი, დიდად არ მეხალისებოდა ფსალმუნების კითხვა. მეტიც, მხოლოდ დილის და საღამოს ლოცვებში შემავალ ფსალმუნებს ვკითხულობდი. უფალი ხედავს ჩვენს გულს და ერთხელაც, მესიზმრა-მეთქი, ვერ ვიტყვი, უფრო მეჩვენა, რომ სადღაც, ტაძარში შევედი. საკურთხეველს მივუახლოვდი და ჩემს წინ უზარმაზარი ასოებით გამოისახა: "დავით, წყარო ცხოვრებისა".
რომ გითხრათ, დიდად დამაფიქრა ამან-მეთქი, ვიცრუებ. ადრე ფერისცვალების ეკლესიის მრევლის წევრი ვიყავი. ერთხელაც გადავწყვიტე, წირვას იქ დავსწრებოდი. გზა ამებნა, სულ სხვანაირად მომეჩვენა ის ქუჩები, სადაც წლების განმავლობაში დავდიოდი და ერთ პატარა საყდარს მივადექი.
კი მივხვდი, რომ ფერისცვალების ეკლესია არ იყო, მაგრამ მაინც შევედი. ვიკითხე, ვისი სახელობისაა-მეთქი. დავით წინასწარმეტყველისო, რომ მითხრეს, ყველაფერი ერთად გამახსენდა. მას შემდეგ თითქოს ფსალმუნებსაც სხვაგვარად ვიგებდი. ის ადგილები რომ ვნახე, სადაც მაცხოვრის მოსვლა და ჯვარცმაა ნაწინასწარმეტყველები, ლამის გული გამიჩერდა".
"წმინდა წერილიდან დავითს ვიცნობთ როგორც მეფეს, წინასწარმეტყველს, პოეტს, კომპოზიტორს, უბადლო მგალობელს, მუსიკალური საკრავის ბრწყინვალე მცოდნეს, მამაც მეომარს, ბრწყინვალე ორგანიზატორს, ნიჭიერ მხედართმთავარს, უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეს, ბრძენ მმართველს და შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსს.
ყოველივე ეს ნიჭი მას ღვთისაგან ჰქონდა მიღებული. მას ჰქონდა გული ღვთისთვის სათნო. დავითისთვის მთავარი მარტო ღვთის ნების შესრულება კი არ იყო, იმაზეც ფიქრობდა, რა გაეკეთებინა ისეთი, რითაც ღმერთს ასიამოვნებდა. ასეთი გულისთვის შეიყვარა ის ღმერთმა და გამოარჩია სხვათაგან. ეს გამორჩეულობა მხოლოდ ერთი ისტორიული პირის, დავითის ცხოვრებითა და მოღვაწეობით არ შემოიფარგლებოდა. დავითი ღირსი გახდა იმისა, რომ მაცხოვრის გენეალოგიაში შესულიყო და აქ თავისი ღირსეული ადგილი დაეკავებინა."
"ერთხელ, როდესაც დავითი იერუსალიმიდან გარბოდა თავისი შვილის აჯანყების გამო, ვინმე ბენიამინელი ქვების სროლითა და წყევლა-კრულვით დაედევნა. დავითის მხედართმთავარმა თავხედის დასჯა მოინდომა, მაგრამ დავითმა მკაცრად აუკრძალა - იქნებ უფალი აწყევლინებს ჩემს თავსო".
"დავითის ფსალმუნები ანგელოზებისა და წმინდანების ქოროს სიმბოლოა, იმ საგალობელბის სიმბოლო, რომლითაც ზეციურმა ეკლესიამ უნდა განადიდოს თავისი შემოქმედი და მხსნელი. დავითის ფსალმუნები - ეს სინანულია, ეს სამადლობელია, ეს მიტევებაა, აღიარებაა და ქებაა".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
ფსალმუნი მეცხრე
"28-29. "დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკვლად უბრალოისა. თვალნი მისნი გლახაკსა ხედვენ; მზირინ ფარულად ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისსა"
- გლახაკებში, როგორც უკვე ვთქვით, იგულისხმებიან ძველი აღთქმის ადამიანები. ფსალმუნის ამ მუხლში დავითი ბრძანებს: გლახაკთა, ადამიანთა მოკვლა, სულიერად განადგურება სურდა ბოროტს, "თვალნი მისნი" - მისი მზერა განუწყვეტლივ ადამიანებისკენ იყო მიპყრობილი, მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორ წარეწყმიდა კაცი. როგორც ლომი ელოდება თავის მსხვერპლს, ასე ელოდა ეშმაკი თითოეული ადამიანის სულს, რათა მიეტაცებინა და დაეღუპა.
30. "მახითა თვისითა დაამდაბლოს იგი; დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა"
- ეს მუხლიც ბოროტს მიემართება: ფსალმუნთა ერთ-ერთ მუხლში დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "მატლ ვარ და არა კაც..." იოანე საბანისძე განმარტავს, რომ მატლი თავად მაცხოვარია, უფალმა ეს სიტყვები საკუთარ თავზე თქვა.
ამის წაკითხვისას შევძრწუნდებით კიდეც: როგორ შეიძლება ქრისტეს მატლი ეწოდოს?! მაგრამ მივყვეთ განმარტებას: "როგორც ჭკვიანი მეთევზე მატლით ფარავს ანკესს, ასევე დაფარა უფალმა თავისი ღვთაებრივი ბუნება ადამიანური ბუნებით. გადაუგდო და დაიჭირა უზარმაზარი ვეშაპი - ეშმაკი".
ეშაკს რომ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება ენახა, მაშინვე განეშორებოდა მას. სწორედ ეს შეიძლება ვიგულისხმოთ ფსალმუნთა ამ მუხლშიც. ეშმაკი, როგორც გლახაკს, ადამიანს, ისე დაეუფლა მაცხოვარს, ეგონა, ქრისტე უბრალოდ წმინდა კაცი იყო. სწორედ მაშინ იქნა შეპყრობილი და დამარცხებული. ბოროტი სული სწორედ ადამიანური ბუნებით იქნა მოტყუებული.
31. "რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არახილვად სრულიად" -
ეშმაკმა გულსა შინა თქვა: დაივიწყა უფალმა კაცობრიობა, ადამიანებისგან პირი მიიქცია და როგორც მე მსურს, ისე მოვექცევი ადამიანებსო. ამ იმედით აკეთებდა ბოროტი ყველაფერს."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ფსალმუნი წმინდა წერილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნია. მისი საშუალებით ღვთაებრივი სული ესაუბრება ცოდვილ კაცობრიობას."
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
- რა იგულისხმება სიტყვებში: "ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მოგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩვენ. ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა" (ფს. 136,10)?
- მოგეხსენებათ, ძველი აღთქმა განსხვავდება ახლისაგან. პირველი ნაკლებად სულიერია და მრავლადაა მასში სისასტიკის მაგალითები. ფსალმუნის ეს სიტყვები გამოვლინებაა ძველი აღთქმის პრინციპისა "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ". დამპყრობლები ისრაელს სასტიკად ეპყრობოდნენ. ისინი უმოწყალოდ ხოცავდნენ ისრაელელ ჩვილებს. ფსალმუნი წინასწარმეტყველებს, რომ მათ თავიანთი ნამოქმედარი უკან დაუბრუნდებათ. ახალი აღთქმა სხვაგვარია. იგი გვასწავლის მტრის სიყვარულს და უარყოფს სისასტიკის ყოველგვარ გამოვლინებას.
წმინდა მამების სწავლებით, ამ სიტყვების გაგება ასევე სხვაგვარად შეგვიძლია: ასე უნდა მოვექცეთ უკეთურ აზრებს. ისინი ჩანასახშივე უნდა გავანადგუროთ და შევახეთქოთ კლდეზე იესოს ლოცვით. ამით შევაჩერებთ ბოროტების განვითარებას და წარვმართავთ ჩვენს შინაგან ცხოვრებას მისკენ, ვინც არის: "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება".
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
რა საჭიროების ჟამს რომელი ფსალმუნი უნდა ვიკითხოთ?
"ღვთისადმი მადლობის აღსავლენად ჩვენდამი უსაზღვრო სიკეთისა და სიყვარულისთვის". მე-20 კან. 149.
"ფსალმუნთგალობა ხდის ჩვენდამი მოწყალეს ღმერთს და ზეციდან დახმარებას იზიდავს".
ფს. 30
12. "დავივიწყე მე, ვითარცა მკვდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული"
- ვითარცა მკვდარი, როგორც გატეხილი ჭურჭელი, ისე ვარო, - ბრძანებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლში. ამგვარ მდგომარეობაში იყო კაცობრიობა მაცხოვრის მოსვლამდე.
გატეხილ ჭურჭელს ვემსგავსებით ჩვენც, როდესაც ცოდვაში ვართ. გატეხილი ჭურჭელი თვითონ ვერ გამთელდება, თუ ხელოსანმა ხელახლა არ შეაწება. არც ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანს შეუძლია თვითონ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, თუ უფალი არ შეეწია. ადამიანის ცხონებაც მხოლოდ ღვთის ძალითაა შესაძლებელი."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფს. 19
3. "მოიხსენედ ყოველნი მსხვერპლნი შენნი და ყოვლადდასაწუველნი შენნი განაპოხენ"
- ფსალმუნის ამ მუხლშიც უფალი მიმართავს დავითს: ყველა მსხვერპლს, რაც კი აღგისრულებია უფლის წინაშე, მოიხსენებს ღმერთიო. ძველი აღთქმის პერიოდში მსხვერპლის სხვადასხვა სახეობა არსებობდა. ერთ-ერთი იყო ყოვლადდასაწველი მსხვერპლი, რომელიც მთლიანად იწვებოდა. იყო მსხვერპლი, რომლის მხოლოდ ნაწილს წვავდნენ, ნაწილს კი სამღვდელოება იხმევდა. იყო მსხვერპლიც, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი იწვებოდა, დანარჩენს ჩვეულებრივი ერის ხალხი ჭამდა. ეს ყოველივე მოხსენიებულია და შეწირულია ჩემდამიო, - ბრძანებს უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"წმინდა მამები დავით მეფსალმუნეს უწოდებენ ახალი აღთქმის კაცს ძველ აღთქმაში"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 19
7. "ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაი ვხადოდით"
- აქ საუბარია არა ხორციელ, არამედ სულიერ ეტლებსა და ჰუნებზე - ეშმაკის ხელმწიფებაზე, ეშმაკის ძალაზე. როგორც ეგვიპტის ფარაონს დაუნთქა უფალმა ეტლები და ცხენები წითელ ზღვაში, ასევე დანთქა ღმერთმა ბოროტის ეტლები, ბოროტის ჰუნები - ძალა და ხელმწიფება ადამიანებზე.
ძველი აღთქმის მართალთა ხადილითა და თხოვნით გამოგვიხსენი, უფალო, და ბოროტის ეტლები და ჰუნები დათრგუნეო, - შეჰღაღადებს ღმერთს დავითი."
"ფსალმუნთა სიტყვები შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც დავით წინასწარმეტყველის ნათქვამად, ისე ყველა იმ ადამიანის წარმოთქმულად, რომლებიც ფსალმუნებს კითხულობენ."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 24
7. "ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ: წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო"
- ჩემი სიჭაბუკის ცოდვებს - სულიერი უძლურების ჟამს და უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს ნუ მოიხსენებ, წყალობითა და სიტკბოებითა შენითა მომიხსენე, უფალო. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უფალი ადამიანში ცხონების მიზეზს ეძებს და არა წარწყმედისას. ფსალმუნის ამ მუხლში სწორედ ამას შესთხოვს დავითი უფალს. მისი სიტყვებით მთელი კაცობრიობა, ადამიანებიც ვევედრებით - ცოდვები კი არა, სიკეთეები, საცხოვნებელი საქმენი ეძიე ჩემში, უფალო, და შემიწყალე."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 22
5. "განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა. განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვითარცა ურწყულმან"
- ჩემს წინაშე ტაბლა განაწყოო, - ბრძანებს დავითი. ტაბლაში იგულისხმება ქრისტეს სისხლით და ხორცით ზიარება. "და განაპოხა ზეთითა თავი ჩემი" - ამ ტაბლის - ქრისტეს სისხლი და ხორცის ხმევით, ზიარებით სულიერი მადლი გარდამოვიდა ადამიანებზე.
ზოგიერთი წმინდა მამა ბრძანებს, რომ აქ წმინდა მირონცხებაც შეიძლება ვიგულისხმოთ.
ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება ადამიანს სულიერად აღამაღლებს და განამხიარულებს."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი XXIV
12. "ფერხი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო"
- ჩემი ფეხი შენს სარწმუნოებაზე იდგეს სიწრფოებითო. "ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ამ სიტყვებით დავითი წინასწარმეტყველურად ამბობს: მარადის, საუკუნეთა აღსასრულამდე გაკურთხო და გაქო შენ, უფალოო. როდესაც ფსალმუნებს ვკითხულობთ ყოველდღიურად, ამით არა მარტო ჩვენ, პირველ რიგში, დავით წინასწარმეტყველი ადიდებს უფალს და არა მარტო სასუფეველში, სადაც მკვიდრობს, არამედ მიწაზეც, ჩვენთან ერთად აღუვლენს დიდებას."
რაოდენ დიდი პიროვნებაც არ უნდა იყოს ადამიანი ამქვეყნად, სანამ ცოცხალია, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ სცოდოს
სინანულითა და სულიერი მწუხარებით შეპყრობილმა მეფე-წინასწარმეტყველმა სწორედ ამ დროს დაწერა 50-ე ფსალმუნი
სამოელ წინასწარმეტყველის მიერ დავითის მეფედ ცხებიდან თხუთმეტი წლის განმავლობაში კვლავ საული მეფობდა. როდესაც საული და მისი ვაჟები ბრძოლაში დაიღუპნენ, დავითი მერეღა ავიდა სამეფო ტახტზე. ის შვიდი წლის მანძილზე ბეთლემში მეფობდა, მერე კი აიღო სიონის მთა და იერუსალიმი, სადაც იმ დროს ქანანელები ცხოვრობდნენ. თვითონ დავითი სიონის მთაზე დასახლდა, - ამიტომაც იწოდება სიონი დავითის სახლად, - ისრაელის დედაქალაქი კი იერუსალიმი გახდა.
ისრაელის ერმა თავიდანვე შეიყვარა და აღიარა დავითი თავის მეფედ. იგი ღვთისმოსავი კაცი იყო და მტკიცედ იცავდა საღვთო სჯულს, ამიტომაც შეეწეოდა უფალი მტერთან ბრძოლისას და მომადლებდა გამარჯვებას. ღვთის შეწევნით მან მარტო დამპყრობლებისგან კი არ გაათავისუფლა ისრაელის სამეფო, არამედ მეზობლად მცხოვრები ხალხებიც დაუმორGილა. დავითის მეფობის ეპოქაში ებრაელთა სამეფო ისე გაძლიერდა, რომ მასთან ომს ვერავინ ბედავდა.
დავით წინასწარმეტყველი მეფობდა ქრისტეს შობამდე XI საუკუნეში. გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- რატომ უნდა ემეფა დავითს ერთხანს ბეთლემში - იქ, სადაც შემდგომ მაცხოვარი უნდა შობილიყო?
- მაცხოვარი იმის გამო იშვა ბეთლემში, რომ ბეთლემიდან იყვნენ მისი მიწიერი წინაპრები. დავითმა კი თავდაპირველად ბეთლემში იმიტომ იმეფა, რომ ბეთლემელი იყო, ხოლო ღვთის ქალაქი - იერუსალიმი - იმხანად ჯერ კიდევ უცხოტომელებს ჰქონდათ დაპყრობილი. დავითმა ის მეფობის მეშვიდე წელს გაათავისუფლა ქანანელთაგან. ამის შემდეგ გადაიტანა სამეფო ტახტი ჯერ სიონში, მერე კი იერუსალიმში.
- როდის დაიწყო დავით მეფემ ფსალმუნების შექმნა და რატომ შემორჩა დავითის ფსალმუნები ახალ აღთქმაშიც?
- დავითი ფსალმუნებს მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, სიყრმიდან აღსასრულამდე წერდა. ფსალმუნთა ნაწილი იმ პერიოდშივეა დაწერილი, როდესაც დავითი მეფედ იქნა გამორჩეული უფლისა და სამოელ წინასწარმეტყველის მიერ. იმ დროს დავითი ჯერ სრულიად ახალგაზრდა იყო, მაგრამ შესანიშნავად უკრავდა ფსალმუნზე - ქნარზე - თავის მიერ შეთხზულ საგალობლებს.
ახალ აღთქმაში ძველაღთქმისეული ყველაფერი შემორჩა, გარდა მსახურებისა, რომელიც აღესრულებოდა ძველი აღთქმის - სოლომონის ტაძარში; არა მარტო დავითის საგალობლები, არამედ წინასწარმეტყველ იერემიას გალობა, მოსეს გალობა თანამედროვე მსახურებაშიც არის ჩართული, განსაკუთრებით - ცისკარში. რაც შეხება დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნებს, რაოდენობრივად ისინი ყველაზე მეტი გახლდათ. ამასთანავე, მარტო მსახურება კი არ იყო აგებული ძირითადად დავითის ფსალმუნებზე, ხალხიც უმეტესწილად ფსალმუნებით ლოცულობდა. იუდეველები ლოცვის დროს დღესაც უმეტესად დავითის ფსალმუნებს კითხულობენ.
დავით წინასწარმეტყველი იყო წინასწარმეტყველთა შორის უდიდესი; მის ფსალმუნთაგან ფაქტობრივად ერთიც არ არის ისეთი, მასში მაცხოვრის მოსვლა და კაცობრიობის გადარჩენა რომ არ იყოს ნაწინასწარმეტყველები.
ფსალმუნები არ არის ძველი თუ ახალიაღთქმისეული - ისინი ზოგადსაკაცობრიოა და ძველი აღთქმის დროებაზე მაღლა დგას. წმინდა მამები დავით წინასწარმეტყველს უწოდებენ ახალი აღთქმის კაცს ძველი აღთქმის პერიოდში. თავად პირველი ქრისტიანებიც იუდეველები იყვნენ, რომლებიც ფსალმუნებით ლოცულობდნენ და ხშირად იყენებდნენ მათ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, უწინარესად კი იმისა, რომ ამქვეყნად მესია უნდა მოსულიყო.
- სწორედ დავითის ეპოქაში იქცა იერუსალიმი ებრაელთა სამეფოს სატახტო ქალაქად...
- დავითმა ჯერ იერუსალიმის მახლობლად მდებარე სიონის მთა აიღო, მერე კი იერუსალიმი, რომელიც მთლიანად ქანანელებით იყო დასახლებული. იგი მთაზე იყო გამაგრებული და საკმაოდ ძლიერი ქალაქიც გახლდათ, მაგრამ დავითმა უფლის შეწევნით შეძლო მისი გათავისუფლება. როგორც ვთქვით, მან ჯერ სიონის მთა აიღო და თვითონაც იქ დასახლდა. დავითი მეფობის ბოლომდე სიონში ცხოვრობდა, ამიტომაც იწოდება სიონი დავითის ქალაქად. მან ბეთლემიდან იქ გადააბრძანა აღთქმის კიდობანი. მეფის ბრძანებით, სიონის მთაზე ააგეს მოსეს მოძრავ კარავზე უფრო დიდი და მშვენიერი მოძრავი კარავი, რომელიც სადღესასწაულოდ გადააბრძანეს იერუსალიმში. აღთქმის კიდობანიც ამ ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ გახდა იერუსლიმი სატახტო ქალაქი, თუმცა, როგორც ვთქვით, დავით მეფეს თვით იერუსალიმში არასოდეს უცხოვრია - სიცოცხლის ბოლომდე მისი გალავნის გარეთ, სიონის მთაზე ცხოვრობდა.
დავითმა იცოდა, რომ იერუსალიმში უნდა აშენებულიყო ღვთის ტაძარი, ღვთის საკურთხეველი და თავადვე გადაწყვიტა მისი აგება, მაგრამ უფალმა ნათან წინასწარმეტყველის პირით აუწყა, რომ ეს მის მემკვიდრეს - სოლომონს უნდა გაეკეთებინა, რადგან თვითონ ბევრის სისხლში ჰქონდა გასვრილი ხელი (დავითმა ხომ მთელი მეფობა ბრძოლაში გაატარა), მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო უსამართლოდ დაღვრილი სისხლი, გარდა ურია ხეთელისა. მეორე მხრივ, ღვთის განგებულებას თუ ჩაუკვირდებით, დავინახავთ, რომ დავით მეფეს არც ეცალა ტაძრის ასაგებად - ტაძრის მშენებლობაზე რომ გადართულიყო, მტრის წინააღმდეგ ყურადღებას მოადუნებდა და იმ ომებს ვეღარ გადაიხდიდა, რომლებიც ჰქონდა გადასახდელი. ცხადია, უფალს ისიც შეეძლო, რომ მტრები განექარვებინა და დავითის ტაძარი ააგო, მაგრამ უფალს სურდა, მტრების ძლევა ისრაელის ერის მიერ ყოფილიყო მოპოვებული ღვთის წინამძღოლობით, - თავად მოეპოვებინათ თითოეული გოჯი მიწა, რათა სცოდნოდათ გამარჯვების ფასი. ის მიწაც მეტად ეყვარებოდათ და დაიცავდნენ - საკუთარი შრომითა და ბრძოლით მოპოვებულს ადამიანი ძნელად ელევა. ისრაელი ხედავდა, რომ ღვთის შეწევნით მიეცა ისეთი უდიდესი მეფე, როგორიც დავითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ბრძოლაში არ გაუმარჯვიათ ისე, იუდეველი რომ არ მომკვდარიყო, - ყველა მორწმუნისთვის ცხადი იყო, რომ ეს ღვთის ნებითა და შეწევნით ხდებოდა.
- რატომ ინება უფალმა, რომ იერუსალიმში - იქ, სადაც შემდგომ კაცობრიობის გამოხსნა უნდა მომხდარიყო - ამ დრომდე შემორჩნილიყვნენ ქანანელები?
- მსაჯულთა ეპოქაში აღთქმულ ქვეყანაში იდგა მოძრავი ტაძარი, ეს მოწმობდა, რომ ისრაელის ერი ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული აღთქმული ქვეყნის ტერიტორიაზე. იქ ბევრი სხვა ერის წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ. ამასთანავე, ღვთის განგებულებით სწორედ იერუსალიმში უნდა აგებულიყო ძველი აღთქმის ტაძარი (სოლომონის ტაძრად წოდებული), რადგან იქ იყო დაფლული ადამის თავის ქალა. იქვე იყო მიწიერი სამოთხის - ედემის ტერიტორიაც. ძველი აღთქმის კაცობრიობას იქიდან უნდა შეეწირა მსხვერპლი უფლისთვის, სადაც კაცობრიობის ცოდვით დაცემა მოხდა. შემდგომში სწორედ აქ გაიმართა უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, როდესაც მაცხოვარმა თავისი თავი მიიტანა მსხვერპლად - თავად იყო შეწირულიც, შემწირველიც და ისიც, ვისაც სწირავდნენ. კაცობრიობის გამოხსნაც იქ უნდა მომხდარიყო, სადაც მისი ცოდვით დაცემა მოხდა...
ქანანელებს კი ამ დრომდე იმიტომ ეპყრათ იერუსალიმი, ებრაელებმა იმიტომ ვერ მოახერხეს მათგან ამ ტერიტორიის გამოხსნა, რომ თავად ისრაელის ერი არ იყო სულიერად მზად, ბოლომდე არ იყო მინდობილი უფალს. ეუბნება კიდეც მათ უფალი: ეკლებივით დავტოვებ თქვენ შორის უცხოტომელებს, რათა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბოლომდე არ მენდობოდითო. ისრაელიანები რომ ბოლომდე მინდობოდნენ ღმერთს, მაშინ თავიდანვე სრული სისავსით დაიმკვიდრებდნენ აღთქმულ ქვეყანას, თავიდანვე გაწმენდდა უფალი იერუსალიმს და მაშინვე აიგებოდა იქ ტაძარი. როდესაც ისრაელი ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ ღვთისთვის სათნო იქმნა იქ მოძრავი ტაძრის აგება, სწორედ მაშინ აიღეს იერუსალიმიც უფლის შეწევნით და დავით მეფის წინამძღოლობით.
დავითმა თავის ძეს ტაძრის ასაგებად ყველაფერი მოუმზადა. მან ასევე უფლისგან მიიღო აღთქმა, რომ მისი ტომიდან იშვებოდა მაცხოვარი, მესია, ქრისტე - მსხნელი კაცობრიობისა.
- როგორც ვთქვით, დავით მეფე იყო ღვთის წინაშე უდიდესი პიროვნება, რომელსაც წმინდა მამებმა ძველ აღთქმაში მცხოვრები ახალი აღთქმის კაციც კი უწოდეს. მიუხედავად ესოდენ ღვთივსათნო და მართალი ცხოვრებისა, ვიცით, რომ მასაც მოუხდა მძიმე ცოდვაში ჩავარდნა...
- დავით მეფემ ბანაობისას თვალი მოჰკრა თავისი ქვეშევრდომის ცოლს - ბერსაბეს. მეფე მისი მშვენიერებით ისე მოიხიბლა, რომ განიზრახა, ცოლად შეერთო. ძველი აღთქმის სჯულის თანახმად, ქმრიანი ქალის ცოლად შერთვა იკრძალებოდა, მაგრამ დავითმა ასეთ ხერხს მიმართა: ბერსაბეს ქმარი ურია ხეთელი ომში გაიწვია, მთავარსარდალს კი ბრძანება მისწერა, წინა ხაზზე გაუშვიო. ურია ხეთელი ბრძოლაში დაიღუპა...
დავით მეფესთან სამოელ წინასწარმეტყველი მივიდა და უთხრა: "როგორც მეფემ და წინასწარმეტყველმა, ერთი საკითხი უნდა განსაჯო: კაცს ცხვრის ფარა ჰყავდა; ერთხელ სტუმარი ეწვია, მან კი ერთი ცხვარიც ვერ გაიმეტა, რომ დაეკლა და პატივი ეცა მისთვის; მეზობელს ერთადერთი ცხვარი ჰყავდა, ის წაართვა და სტუმარს დაუკლა. რას იმსახურებს ასეთი კაცი?" დავითმა მიუგო: "სიკვდილს იმსახურებს! მოიყვანე, რომ ახლავე სიკვდილით დავსაჯო". სამოელ წინაწარმეტყველმა კი უთხრა: "შენ ხარ სწორედ ის კაცი. ურიას ერთი ცოლი ჰყავდა და ისიც წაართვი და მიითვისეო".
დავითი უდიდესმა სინანულმა შეიპყრო. ამ დაცემისთვის მკაცრადაც დაისაჯა - ბერსაბესგან შობილი საყვარელი შვილი მოუკვდა. ესეც წინასწარ ეუწყა სამოელ წინასწარმეტყველისაგან.
მეფემ სწორედ ამ დროს დაწერა 50-ე ფსალმუნი, რომელშიც უდიდესი სინანულია გადმოცემული.
- რატომ დაისაჯა ამ ცოდვის გამო დავით მეფე შვილის სიკვდილით?
- ურია ხეთელის გარდაცვალების შემდეგ ბერსაბესთან ქორწინება სჯულიერი ქორწინება გახლდათ, მაგრამ ამ დრომდე მათი ურთიერთობა იყო უსჯულო ქმედება, ამიტომ ამ ურთიერთობის შედეგად მოვლენილი შვილიც ცოდვის ნაყოფი იყო. ეს სასჯელი იყო დავითზე და არა მის შვილზე. დავით მეფე მაინც მიხვდებოდა თავის ცოდვას, მაგრამ მის მიმართ აღსრულებული სასჯელით უფალმა გვაჩვენა, რომ თუკი ადამიანი ამქვეყნად არ რჩება დაუსჯელი ცოდვის გამო, მით უმეტეს არ დარჩება დაუსჯელი მარადისობაში, თუკი არ შეინანებს თავის შეცოდებებს.
თავად გარდაცვლილისთვის სიკვდილი ყოველთვის არ არის სასჯელი. გარდაცვალების შემდგომ მდგომარეობაში ადამიანი ან ცხონდება და სასუფეველს დაიმკვიდრებს, ან წარწყმდება. ვთქვათ, ადამიანმა რაიმე სცოდა და მას შემდეგ დაეღუპა შვილი. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მამის ცოდვის გამო შვილი დაისაჯა. თუ შვილი მონათლული იყო, ის ცხონდება, სასჯელი კი იქნება მშობელზე, მშობელი ისჯება შვილის გარდაცვალებით განცდილი მწუხარებით.
- საინტერესოა, რატომ მოუხდა ესოდენ მძიმე ცოდვით დაცემა ღვთის წინაშე ისეთ უდიდეს პიროვნებას, როგორიც დავით მეფე-წინასწარმეტყველი იყო...
- უფალი ბრძანებს: დავითს არ უცოდავს, გარდა ურია ხეთელის ცოლისაო. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამქვეყნად ეცხოვროს და მცირედი ცოდვით მაინც არ შეეცოდოს. ამით უფალი გვაუწყებს, რომ ისეთი უდიდესი პიროვნებაც კი, როგორიც დავითი იყო, ჩვეულებრივი ადამიანია და შეიძლება ცოდვაში ჩავარდეს, რადგან რა დიდი პიროვნებაც უნდა იყოს ადამიანი ამქვეყნად, სანამ ის ცოცხალია, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, სცოდოს. რომ არა ღვთის მფარველობა და წყალობა, ადამიანი წამითაც ვერ შეძლებდა ცოდვებისთვის თავი აერიდებინა.
დავითის დაცემა იმას არ ნიშნავდა, რომ უფალმა მოწყალება მოაკლო მას - მან სცოდა თავისი თავისუფალი ნებით. დაცემული ანგელოზი მხოლოდ ჩაგვაგონებს და გვიბიძგებს, ჩადენით კი ცოდვას ჩვენ ვჩადით და პასუხისმგებლობაც ჩვენ გვეკისრება, ჩვენ მოგვეკითხება. უფალს შეუძლია, კაცს ცოდვა არ ჩაადენინოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი თავისუფალი ნების მქონე აღარ იქნება, თავისუფალი ნება კი არის მთავარი ღირსება ადამიანისა.
- ამ შეცოდების სანაცვლოდ მოვლენილი სასჯელი იყო თუ არა მოგვიანებით მეორე შვილის - აბესალომის დავით მეფის წინააღმდეგ აჯანყებაც?
- უბედურება ყოველთვის არ უნდა მივიჩნიოთ ცოდვის შედეგად. რაღაცით ყოველთვის აქვს კავშირი ჩადენილ ცოდვასთან, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ღვთის განგებულება, რათა შემდგომ უკეთესი მოგვეცეს. აბესალომის აჯანყების შესახებ ბიბლიაში პირდაპირ არ არის მინიშნებული, რომ ეს დავითს თავისი შეცოდების გამო დაემართა; უფალმა ეს იმის გამო დაუშვა, რომ თავად დავითის სახლი განწმენდილიყო ცოდვისაგან, იმ ადამიანებისაგან, რომლებიც დავითის საქმეებს არ იზიარებდნენ და გამზადებულიყო გზა სოლომონისთვის. ამ აჯანყებით გამოჩნდა, რომ დავითის ერთ-ერთი უსაყვარლესი ძე - აბესალომი არ იყო ღვთის მცნებათა აღმასრულებელი. მან დაარღვია თავად ათი მცნებიდან ერთ-ერთი, რომელიც მშობლების პატივისცემას და მორჩილებას გვავალდებულებს. აბესალომი არათუ არ დაემორჩილა და პატივი არ მიაგო მშობელს, საერთოდ აუჯანყდა მას, განდევნა და შეურაცხყოფა მიაყენა. ის, ვინც ფაქტობრივად უნდა ყოფილიყო ისრაელის ტახტის მემკვიდრე, მამის წინააღმდგომი და, შესაბამისად, ღვთის წინააღმდგომიც შეიქმნა. არ შეიძლებოდა, ისრაელის ერი ასეთი ადამიანის ხელში აღმოჩენილიყო. ამ გზით უფალმა დავით მეფეს აჩვენა, თუ როგორი ბოროტება ბუდობდა მის ზოგიერთ შვილში (მათშიც, ვინც აბესალომს მიემხრო). ბიბლიაში ჩანს, რომ დავითი მკაცრ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა თავისი შვილების წინააღმდეგ თავისი კაცთმოყვარეობის გამო. როდესაც დავითისა და აბესალომის ლაშქარი ერთმანეთს შეება, დავითმა თავისი მხედართმთავრები გააფრთხილა, რომ აბესალომისთვის არ ევნოთ. მიუხედავად ამისა, მხედართმთავრებმა აბესალომი მოკლეს, რადგან იცოდნენ, რა მოჰყვებოდა მის გადარჩენას. მხედართმთავრებმა აბესალომის მოკვდინებით ღვთის განგებულება აღასრულეს. დავით მეფე კი კაცთმოყვარეობისა და მამობრივი სიყვარულის გამო ცდილობდა, თავი აერიდებინა ღვთის განგებულებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველი იყო და კარგად უწყოდა, რა მოელოდა აბესალომ, მაინც ცდილობდა, შვილისთვის ეს სასჯელი აერიდებინა. აბესალომის გადარჩენა უარეს შედეგს გამოიღებდა, ამიტომ უფალმა ინება, თავისი განგებულება დავითის სარდლის ხელით აღესრულებინა.
ქრისტიანობაში არსებობს ასეთი ცნება: აბესალომის ცოდვა. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ თუ დავუკვირდებით, იგი ყველა კაცშია. რას ნიშნავს აბესალომის ცოდვა? - ყველა ადამიანში არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც ადამიანი უფრთხილდება, ვერ ელევა, ცდილობს, არ გამოიტანოს მოძღვრის განსასჯელად, რაღაცნაირად შემოზღუდოს; შესაძლოა, აღსარებაში ყველა ცოდვას აღიარებდეს ამ ერთის გარდა. მაგრამ სწორედ ამგვარი ცოდვაა გამომწვევი ყველა ცოდვისა. საკმარისია, მხოლოდ ეს ცოდვა აღიაროს ადამიანმა და მოიკვეთოს იგი მოძღვრის შეწევნით, რომ ყველა დანარჩენი ცოდვა განადგურდება. მთელი აბესალომის არმია რომ გაენადგურებინა დავით მეფეს და აბესალომი გადარჩენილიყო, მის გარშემო კიდევ შეიკრიბებოდა დავითზე განაწყენებული ხალხი და ახალი აჯანყება მოხდებოდა, აბესალომის სიკვდილის შემდეგ კი მთელი არმია, რომელიც აბესალომს ემხრობოდა, დავითს დაემორჩილა.
ფს. 37
5. "შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა"
- წყლულებს ადამიანი ღებულობს ცოდვის ჩადენის გამო, მაგრამ წყლულის დალპობა და აყროლება ხდება უკვე ცოდვათა გამო უსინანულობით. არ ვინანიებ, უგუნური ვარ და ამის გამო ჩემი წყლულები დალპა და აყროლდაო. შეიძლება წყლული მაშინვე მოვიბანოთ - ჩავვარდებით თუ არა ცოდვაში, მაშინვე ვუმკურნალოთ სინანულითა და აღსარების თქმით, მაგრამ თუ ადამიანი, პირიქით, აგრძელებს ცოდვების ჩადენას, ძველი ცოდვა უკვე ლპება და ყროლდება. სწორედ ესაა საშინელება და მუტევებლობის მიზეზი."
ფს. 37
13. "ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი"
- ფსალმუნის ამ მუხლში დავითი მოგვიწოდებს, რომ ყრუსავით ვიყოთ ბოროტისგან მოწოდებული აზრების მიმართ, არ ვისმინოთ მათი და როგორც უტყვმა, მუნჯმა, არ ვთქვათ, არ აღვასრულოთ, მათი მოწოდებული აზრები საქმედ არ ვაქციოთ".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ფსალმუნი 40
10. "არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე, აღმადგინე მე და მე მივაგო მათ" - ამ სიტყვებს მაცხოვარი, როგორც კაცი, ისე აღავლენს მამის მიმართ: უფალო, შენ შემეწევი, აღმადგენ მკვდრეთით და მე მივაგო მათ სამაგიერო - არა ბოროტებით, არამედ სიკეთით გადავუხადო ადამიანებსო. ის, რომ ადამიანებმა ჯვარს აცვეს მაცხოვარი, იყო არა კაცობრიობის დასასრული, არამედ სწორედ ჯვარცმამ გამოიხსნა ადამიანები. ადამიანებმა ბოროტი მიუზღეს უფალს, უფალმა კი სამარადისო სიკეთე მიაგო მათ."
"კითხვა: ხშირად უნდა ვიკითხოთ თუ არა „ფსალმუნები“?
პასუხი: „ფსალმუნების“ კითხვა ბოროტ სულს განაგდებს თქვენგან და თქვენს სულში სულიწმიდას ჩაასახლებს. წმიდა მამათა გადმოცემით: ფსალმუნთა კითხვითა და მოწყალების გაღებით სული ცოდვებისგან განიწმინდება. ასე რომ, ხშირად იკითხეთ „ფსალმუნები“
"კითხვა: ხშირად გვინახავს სამძიმარზე მისულებს, როგორ კითხულობენ გარდაცვლილის ახლობლები მისთვის „ფსალმუნებს“. ყოველთვის და ყველასთვის შეიძლება „ფსალმუნების“ წაკითხვა?
პასუხი: „ფსალმუნების“ კითხვა გარდაცვლილთათვის ძალზე კეთილი საქმეა. მაგრამ ყველასთვის მისი წაკითხვა არ შეიძლება. კერძოდ: თვითმკვლელებისთვის, ურწმუნოთათვის, მოუნათლავთათვის და სხვა სარწმუნოების პირებისთვის."
"კითხვა: სასარგებლოა თუ არა „ფსალმუნების“ ხშირად წაკითხვა მორწმუნეთათვის?
პასუხი: „ფსალმუნების“ წაკითხვა ბოროტ სულს განაგდებს თქვენგან და თქვენს სულში სულიწმიდის ჩაასახლებს. გიორგი ზადონელი ასე გვმოძღვრავს: „ფსალმუნთა კითხვითა და მოწყალების გაღებით, სული განიწმინდება ცოდვებისგან“.
41-ე ფსალმუნი
1. "ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, უფალო!"
- ირმები, რომლებიც ბინადრობენ ტყეში, მტაცებლებისგან თავის დასაღწევად სწრაფად დარბიან, ამიტომ ხშირად სწყურდებათ, ცივი, წყაროს წყალი მეტ ენერგიას აძლევთ იმისათვის, რომ თავი დააღწიონ მტაცებლებს. როგორც ირმებს სურთ წყაროს წყალი, ასევე სწყურიხარ ჩემს სულს, უფალოო, - მიმართავს დავითი უფალს. ასევე უნდა გვსურდეს, გვწყუროდეს უფლისაგან მომდინარე მაცოცხლებელი წყალი, რადგან მივიღებთ რა მაცოცხლებელ, ცოცხალ წყალს, რასაც უფალი გვაძლევს თავისი მადლით, კიდევ უფრო მეტად, გაცილებით ადვილად დავაღწევთ თავს "მტაცებლებს" - დაცემულ ანგელოზებსა და ცოდვებს."
41-ე ფსალმუნი
5. "რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აღუვარო მას, მაცხოვარსა პირსა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა"
- რატომ ხარ მწუხარე, სულო ჩემო? - მიმართავს დავითი საკუთარ თავს. თითოეულმა ჩვენგანმა ასევე უნდა მივმართოთ ჩვენს თავს, როდესაც მწუხარებაში ვართ: რატომ ხარ მწუხარე? ღვთის სასოება გქონდეს და თუ რაიმე გაწუხებს, ღვთის წინაშე აღიარე - აღსარება თქვი, ითხოვე შეწევნა და წყალობა მისგან და ღვთის პირს იხილავო."
"დავითნი დიდი ხნის წინ მქონდა დაზეპირებული. ყველა ფსალმუნი ვიცოდი, შემეძლო მუხლების დაკავშირება. ფსალმუნები იყო ჩემი გონების საზრდო"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ოდესღაც მეფე საული ეშმაკით იყო შეპყრობილი, ხოლო დავითი მიდიოდა მასთან, უგალობდა და ეშმაკიც გარბოდა. როდესაც მას მოწყინების ეშმაკი იპყრობდა, მიდიოდა დავითი, ფსალმუნზე უკრავდა და ეშმაკიც მიდიოდა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ფსალმუნები - ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი საავადმყოფო, სადაც ნებისმიერი სნეულება იკურნება; ეს არის უეჭველი სამკურნალო საშუალება და რაც ფრიად საკვირველია, მისი სიტყვა ყველა ადამიანს მიესადაგება".
"დავითის ღვთისმოსავი ცხოვრება შებღალა ერთმა უგუნურმა ნაბიჯმა. მას შეუყვარდა ურია ხეთელის ცოლი, მოაკვლევინა მისი ქმარი და ქალი ცოლად დაისვა. რჩეული ხდება მეძავი, წინასწარმეტყველი - უგუნური, ღმერთშემოსილს ხორციელი სიყვარულის სიცოფე იპყრობს; ჭეშმარიტი ხდება მზაკვარი, მწყემსი - მტაცებელი, მზრუნველი - კაცის მკვლელი"
"ფსალმუნი არის გონებისმიერი სიკეთე. ანუ ფსალმუნების გალობა ყველა ლოცვაზე მაღლა დგას"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"როდესაც ფსალმუნებს ვკითხულობთ, აქ ღვთის განდიდებაც არის, ჩვენი ცოდვების ხედვაც, ღვთის მიერ ქმნილი სასწაულებრივი მოვლენების გახსენებაც"
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"იკითხე ფსალმუნი. ნებისმიერ ფსალმუნში ღვთისადმი მოწოდებას შეხვდები. მათგან შეარჩიე, რომლებიც მოგწონს და ყველაზე მეტად შეეფერება შენს სულიერ მდგომარეობას, დაისწავლე და მუდმივად იმეორე"
/ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, ფსალმუნთა გალობისას ადამიანი სულიწმინდის მადლით ივსება. გონება ვნებების ტყვეობისაგან თავისუფლდება"
"დიდება მაღალიანის" შემდეგ იწყება ექვსფსალმუნება. ფსალმუნები გამოხატავენ ადამიანის სულის სიხარულს უფლის წყალობის გამო და სევდას იმ ცოდვის გამო, რომლისთვისაც ესაჭიროება გამოხსნა, ხსნის რწმენა ექვსივე ფსალმუნში გაისმის"
"ექვსფსალმუნება კრძალვით უნდა მოვისმინოთ, ამ დროს ღმერთს ცოდვათა შენდობას უნდა ვევედრებოდეთ. წმინდა მამები გვირჩევენ, ექვსფსალმუნებისას ჩვენი ყოფის ამაოება გავიაზროთ, სიკვდილი და საშინელი სამსჯავრო გავიხსენოთ"
"განვისჯებით თუ არა ფსალმუნებისა და ლოცვების შეუსრულებლობის გამო?
ფსალმუნებისა და ლოცვების მიტოვების გამო არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოსდევს."
/წმ. ისააკ ასური/
"ათონის წმინდა მთაზე არის ზოგიერთი სკიტი, სადაც ფსალმუნები ყოველდღიურად თავიდან ბოლომდე იკითხება. ამასთანავე, ფსალმუნთა წიგნს თავიდან ბოლომდე წაკითხვისას მკითხველზე უდიდესი მადლი გადმოდის"
"ფსალმუნი სიმშვიდეა სულისა, მომნიჭებელი მშვიდობისა, იგი აწყნარებს ამბოხებულსა და აღელვებულ გულისთქმათა ქარიშხალს; ალმობიერებს გაღიზიანებულ სულს და გონზე მოჰყავს თავშეუკავებელი"
/წმ. ბასილი დიდი/
"ფსალმუნები ღმერთთან საუბარია; ისინი ჩვენთან ანგელოზებს აახლოებენ და ეშმაკებს განაძევებენ".
"წმინდა მამები ამბობენ, რომ დავით მეფე იყო ქრისტიანი ქრისტეს მოსვლამდე. ისე იქცეოდა, როგორც ქრისტიანს შეეფერება"
89-ე ფსალმუნი
9. რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს -
ობობამ შეიძლება დღეების განმავლობაში იშრომოს, მაგრამ იქ ადამიანმა გაიაროს და მისი შრომა ერთიანად წაახდინოს. ასევეა ჩვენი ცხოვრებაც.
"ადამიანის ბუნებას თავის თავში არაფერი აქვს მყარი და მუდმივი, და ისევე ადვილად შეიძლება დაირღვეს, როგორც ობობას ქსელი"
/წმ. ათანასე დიდი/
ფსალმუნი 88
8. ღმერთი დიდებულ არს ზრახვათა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარმოის მისა - რა თქმა უნდა, ღმერთი თავისთავად დიდებულია, მაგრამ წმინდანები მის დიდებულებას სრულად ვერ ჩასწვდებიან, არამედ მხოლოდ მის ნაწილს შეიცნობენ.
დიდ არს და საშინელ - ღმერთი ყველასა და ყველაფერზე აღმატებულია, ამიტომ შეუძლებელია მისი სრულად შეცნობა. და როდესაც ადამიანი ამას ცდილობს, უძლურების გამო შეძრწუნდება ხოლმე. სწორედ ამ აზრით არის ნათქვამი ეს სიტყვები ღმერთზე: "დიდ არს და საშინელ".
ფსალმუნი 77
13. განაპო ზღუაი და წიაღ-იყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი, ვითარცა თხიერთა -
"განაპო ზღუაი" - აქ საუბარია მეწამული ზღვის გაყოფასა და კედლებად აღმართვაზე, როდესაც მაში, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარეს ებრაელებმა, - ღმერთმა ზღვის წყალი ისე დააყენა, როგორც "თხიერთაო", "თხიერი" - ეს წყლის ჭურჭელია, იგივე ტიკი. როგორც ტიკში ჩასხმული სითხე ვერსად გაიქცევა, ასეთი იყო იმ დროს მეწამული ზღვა, - დამდგარი და ორად გაყოფილი; ისრაელის ერი ხმელეთზე მიდიოდა, მაგრამ ზღვის ტალღები არ ეხებოდა.
ფსალმუნი 77
25. და პური ანგელოზთაი ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად -
არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მანანა მართლაც "პური ანგელოზთაი" იყო, არამც და არამც! მასში მოიაზრება ის სულიერი საზრდო, რომელიც სინას მთასთან გადაეცათ ისრაელიანებს რჯულისა და მცნებების სახით: ღმერთმა ისრაელი სულიერი სწავლებებით გაამდიდრა, არა მარტო ხორციელად, სულიერადაც დაანაყრა იგი.
ფსალმუნი 77
57. და მიაქციეს და შეურაცხ-ყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშვილდიდ ელამად -
ისე მოიქცნენ, როგორც მათი მამები იქცეოდნენ უდაბნოსა და ეგვიპტეში და "მშვილდად ელამად" გადაიქცნენ. ელამი - ეს არის გამოუსადეგარი მშვილდი, რომელიც არ შეიძლება მიზანში მოარტყა, ის მხოლოდ დასაწვავად თუ გამოიყენება. სწორედ ასეთად, ღვთის მცნებების არშემსრულებლად იქცა ისრაელის ერი.
ფსალმუნი 96
1. უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაი, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი -
- "ჭალაკნი" - ეს იგივე ახალი აღთქმის ეკლესიაა. როგორც ოკეანეები და ზღვები გარს შემოერტყმიან კუნძულებს, ამგვარადვე ეკლესიის გარშემო თავს მოიყრიან ამქვეყნიური ამაოებანი, მაგრამ მას ვერ მოსპობენ - ეკლესია ის ადგილია, სადაც ადამიანები სულიერად გადარჩებიან.
"ჭალაკნი (კუნძულები) - ასე უწოდებს ეკლესიებს, რომლებიც გარშემორტყმულნი არიან განსაცდელთა ტალღებით". /წმ. ათანასე დიდი/
"ცხადია, ყველა ფსალმუნი დავით მეფე-წინასწარმეტყველის დაწერილია, მაგრამ გვხვდება რამდენიმე, რომლებსაც მხოლოდ ასეთი სათაური აქვს - "ფსალმუნი დავითისი". შინაარსიდან ვიგებთ, რომ ეს არის დავითის შესახებ, - დავითის ფსალმუნი"
ფსალმუნი 151
1 მე უმცროსი ვიყავ ჩემს ძმათა შორის, ჭაბუკი ვიყავ მამაჩემის სახლში. ვმწყემსავდი მამაჩემის ცხვარს.
2 ჩემმა ხელებმა ორგანონი გამართეს, ჩემი თითები ქნარს აწყობდნენ.
3 ვინ აუწყებდა ჩემს უფალს ჩემზე? თავად უფალმა, თავად მისმინა.
4 თავად გამომიგზავნა თავისი მაცნე. წამომიყვანა მამაჩემის ცხვრიდან. და მცხო ზეთი თავისი ცხებისა.
5 ჩემი ძმანი მშვენიერნი და ტანადნი იყვნენ, მაგრამ ისინი არ ინდომა უფალმა.
6 მე გამოვედი უცხო თესლ-ტომთან საომრად და დამწყევლა მან თავისი კერპებით. მაგრამ მე ამოვართვი მას მახვილი, წავკვეთე თავი და სირცხვილს გადავარჩინე ისრაელიანნი.
"ფსალმუნი ითვლება აპოკრიფულად, ანუ უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ იგი დავით წინასწარმეტყველის დაწერილია, არ არსებობს, მაგრამ ვერ უარვყოფთ. ფაქტი ისაა, რომ ფსალმუნში მოთხრობილია დავით წინასწარმეტყველის შესახებ."
ფსალმუნი 136
9. ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!
- ეს სიტყვები პირდაპირ არ გაიგება, თითქოს ნეტარი იყოს ის, ვინც მტრის ჩვილებს დახოცავს. ბაბილონის ასულის ჩვილში იგულისხმება ცოდვა, რომელიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და თუ კაცი ამ დროს მას აღიარებს და კლდეს, ანუ სარწმუნოებას მიახეთქებს, ანუ მოაკვდინებს, მისგან თავს დაიხსნის.
ფსალმუნი 143
5. უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოხედ, შეახე მთათა და კუმოდიან -
"ცის მოდრეკასა" და "ჩამოსვლაში" უნდა ვიგულისხმოთ მაცხოვრის განკაცება, როდესაც უფალი განკაცდა და მოვიდა ჩვენთან, რათა გამოვეხსენით საუკუნო სატანჯველისაგან. უფლისათვის არაფერია შეუძლებელი, "შეახე მთათა და კუმოდიან" - არა მხოლოდ მთების შექმნა და გაქრობა, არამედ სამყაროს შექმნაც შეუძლია, რაც ხილული ფაქტია. ჩვენ ვუცქერთ უზარმაზარ სამყაროს, რომელიც უფალმა არარაობიდან შექმნა.
"დავითს ჰქონდა უფლის რწმენა, სიყვარული და ერთგულება. სწორედ ამ სამი სათნოებით განქარდა მისი ყველა ცოდვა. ბიბლიის მიხედვით, დავითი მორწმუნე მეფისა და ერის წინამძღოლის იდეალია"
"დავით წინასწარმეტყველი როდესაც ფსალმუნებს წერდა, ჯერ კიდევ არ იყო აგებული იერუსალიმის ტაძარი, ებრაელებს მხოლოდ მოძრავი ტაძარი ჰქონდათ, სადაც ყოველდღიურად სრულდებოდა ღვთისმსახურება და მსხვერპლშეწირვა. ფსალმუნები სწორედ საეკლესიო მსახურებისთვის იწერებოდა და მაშინ იყენებდნენ. მოქმედებდა მგალობელთა გუნდები, რომელთაც დავით წინასწარმეტყველი აძლევდა ფსალმუნებს და ისინიც გალობდნენ".
ფსალმუნი 150
3-5. აქებდით მას ჴმითა ნესტჳსათა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა; აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოთა;აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა
- აქ ჩამოთვლილია სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტი. სწორედ ამ საკრავებით განვადიდოთ უფალი, - მოგვიწოდებს წინასწარმეტყველი. ბუნებრივია, ეს არ არის ნათქვამი ნამდვილ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, არამედ ჩვენს გონებაზე, სულზე, გულზე, საქმეებზე, სიტყვაზე, აზრზე - ამ ყოველივეთი უნდა განვადიდოთო უფალი.
"სინანულის 50-ე ფსალმუნი ისეთი ძალით არის დაწერილი, სინანულის ისეთი გრძნობაა ჩადებული მასში, რომ ახლაც კი, როდესაც მას ვინმე კითხულობს, ადამიანის მოდგმის მტერი კანკალებს და თრთის, მის ძალას ვერ იტანს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - რომელი მტრები უნდა ვიგულისხმოთ ფსალმუნებში ნახსენებ მტრებში?
- უნდა ვიგულისხმოთ უხილავი მტრები - ცბიერი, ბოროტი სულები, რომლებიც ჩვენში ცოდვიან ფიქრებს აღძრავენ და ცოდვისაკენ გვიბიძგებენ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
***
ჭრელი პეპელა ყვავილების
ბანგით დაითვრის
და გულს გაუშლის საალერსოდ
სიოთ სალბუნთა...
ო, შენც... ვინ იტყვის, ჩემო კარგო,
ო, ვინ დაითვლის,
დღეს მერამდენედ გადაშალე
უკვე "დავითნი", -
წიგნი ფსალმუნთა,
სულის საამოდ?
/ანა კალანდაძე/
"ყველას რაიმე აქვს სახსოვარი"... ბევრი დიდებული ადამიანის ნაჩუქარი წიგნია ჩემს ბიბლიოთეკაში, მაგრამ ამჯერად მინდა გამოვყო მათგან 1873 წელს თბილისში გამოცემული "დავითნი", რომელიც კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძისაგან მივიღე 1948 წელს წარწერით - "ძველი ქართულის მოყვარულსო"...
/ანა კალანდაძე/
"ფსალმუნთა წიგნის საშუალებით ჩვენ ვეუფლებით უხილავი ბრძოლის ხელოვნებას. თუკი ამ იარაღით აღვიჭურვებით, ჩვენ შეგვეძლება წინ აღვუდგეთ იმ ხრიკებსა და საფრთხეებს, რომლებიც კაცთა მოდგმის დაუძინებელი მტრისგან მომდინარეობენ."
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"საფრთხეთა მოგერიების თვალსაზრისით ღვთის შემწეობის მნიშვნელობას ფსალმუნებში არაერთგან ესმება ხაზი. მაგალითად, 30-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: "რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ, და სახელისა შენისათვის მიძღვე მე და გამომზარდო მე. და გამომიყვანო მე საფრთხისა ამისგან, რომელ დამირწყეს მე. რამეთუ შენ ხარ მფარველი, უფალო, და ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი".
წმინდა პაისი ათონელი წერს: "ღვთის შემწეობას ვერავინ დააბრკოლებს - ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები. არც ღმერთისთვის და არც წმინდა ადამიანისთვის ძნელი არაფერია. დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. ჩვენი მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალების მოახლოებას ვუშლით ხელს. ჩვენს გვერდით ესოდენ დიდი ძალაა, მაგრამ ჩვენში მაღალ დონეზეა ადამიანური საწყისი და არ შეგვიძლია მივაღწიოთ საღვთო საწყისს, რომელიც მთელი სამყაროს ადამიანურ ძალებს აღემატება, ვინაიდან საღვთო ძალები ყოვლისშემძლეა". ღმერთი არასდროს გვტოვებს, მას ჩვენ ვტოვებთ. თუკი ადამიანი სულიერად არ ცხოვრობს, მას არა აქვს საღვთო შემწეობის უფლება. "დამირწყეს მე ცოდვილთა მახე და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ", - ვკითხულობთ მე-17 კანონში.
უფლის მცნებების დაცვა საღმრთო შემწეობას მოიზიდავს. ასე რომ, მას, ვისაც სურს მიიღოს ღვთის შემწეობა საფრთხის ჟამს, უნდა ჰქონდეს სწორი სულიერი მდგომარეობა, იგი უნდა იყოს განწყობილი ღვაწლისადმი და მხოლოდ საკუთარ ძალებსა და მონდომებას არ უნდა ეყრდნობოდეს, არამედ ღმერთზე უნდა ამყარებდეს სასოებას: "რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან, და ღვთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა" (ფს. 17, 18)."
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"- ფსალმუნებში, სხვადასხვა კონტექსტში, არაერთგან არის გამოთქმული აზრი, რომ ვინც სხვას უგებს მახეს, ანუ უქმნის საფრთხეს, თვითონვე გაებმება მის მიერვე დაგებულ მახეში. როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები: "ხნარცვი თხარა და აღმოჰკვეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა. მიექცეს სალმობა მისი თავსა მისსა, და სიცრუვე თხემსა მისსა ზედა დაუხდეს" (ფს. 7, 15-16)?
- კონკრეტულად, ფსალმუნის ამ მუხლებში საუბარია დავით წინასწარმეტყველის ძეზე - აბესალომზე, რომელიც "სიცრუით დაორსულდა", ანუ უშჯულოდ განიზრახა ღვთისგან ბოძებული სამეფოდან მამის განდევნა. მშობიარეთა ტკივილს (ელმოდა) მეფსალმუნემ აქ მოუხმო იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ დიდია ტანჯვა და როგორ წამებას განიცდიან ისინი, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ახლობელს. ასეთი ადამიანები განსივებულნი არიან წყენით, მრისხანებით არიან განრღვეულნი და გახლართულნი არიან უსამართლობის ურიცხვ ქსელში. განიცდიან შიშს, სულიერ სიმძიმილს და მანმადე ვერ თავისუფლდებიან თავიანთი შინაგანი ბორკილებისგან, სანამ არ აღასრულებენ ჩანაფიქრს. თუმცა აღსრულების შემდეგაც ტანჯავთ სინდისი. ასევე აბესალომი უსამართლობით დაავადდა, ანუ ზნეობრივად დაავადდა. მან განიზრახა მახის დაგება დავითისთვის. "ხნარცვი თხარა" - ანუ ისეთ საფრთხეს უმზადებდა მამას, რომლისგანაც ეს უკანასკნელი ძნელად თუ გადარჩებოდა, ისევე როგორც ორმოდან ვერ გაიქცევა ის, ვინც შიგნით ჩავარდა.
საშიშროებას, რომელსაც აბესალომი საკუთარ მამას უმზადებდა, ახასიათებდა, ერთი მხრივ, მზაკვრობის სიღრმე, მეორე მხრივ, სასიკვდილო გარემოცვა. მაგრამ თვითონ აბესალომს დაემართა ის, რაც მას მამისთვის ჰქონდა განზრახული. ერთ-ერთ ბრძოლაში, როცა ის ტყეში გარბოდა, თავისი თმებით გამოედო ხის ტოტებს, რომელზეც შერჩენილმა მალე საშინელ ტანჯვაში დალია სული. და ის სიცრუე, რომელსაც აბესალომი მიმართავდა სხვისთვის, "თხემსა მისსა ზედა დაუხდა", ანუ მან წამოიწყო ომი, რათა საკუთარი მამა მოეკლა, სინამდვილეში კი - თავად შეეწირა ამ ომს. უფრო ღრმა და განზოგადებული მნიშვნელობით, მტერი, რომელიც გამუდმებით გვდევნის, არის - ეშმაკი, ბრძოლის ველი კი - ადამიანის გული და ზოგადად, შინაგანი ადამიანი, დრო ბრძოლისა - მთელი ჩვენი სიცოცხლე. ამ უხილავი ბრძოლის მეომრები ქრისტიანები არიან, ხოლო მათი მხედარმთავარი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ანგელოზთა და წმინდანთა უხილავი დასით გარშემორტყმული.
ამ უხილავ ბრძოლაში ქრისტეს მხედრები მტრის სხვადასხვა მზაკვრობისა და მანქანების, ხიბლისა და საცდურის შესახებ გამოცდილებას იძენენ. მტერი მათ გრძნობებით, ფანტაზიით, ღვთის შიშისაგან განძარცვით ებრძვის. იგი სხვადასხვაგვარ მახეს აგებს ადამიანის გულში. მტრის ხერხების გამოცნობით ადამიანს ძალუძს გონივრულად დაარღვიოს მტრის მანქანება და დაუპირისპირდეს მას, განსაზღვროს, როდის როგორ საბრძოლო სტრატეგიას და წესს მიმართოს და როგორი შემართებით ჩაებას ორთაბრძოლაში."
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"ფსალმუნი სულის წყაროა, ფსალმუნთა კითხვისას ყველაფერზე გაქვს პასუხი და სავედრებელი შენიც, გრძნობ, როგორ მიდის უფალთან. "ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისანი", - ეს ღაღადება საყოველთაოა და მარადჟამული. ჩვენ კი არცთუ იშვიათად გვეზარება ლოცვა, უფალთან საუბარი, ვარჩევთ სხვა საქმე ვაკეთოთ, ვიდრე უფალს გავანდოთ გულისნადები, ან მადლობა ვუთხრათ, ან... თუმცა გაჭირვებისას და რაიმეს სათხოვნელად სწორედ უფალს მივმართავთ."
ფს. 75
11. "ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან გარემოის მისა, შეიწირონ ძღუენი"
- ამას რომ ეწიოთ, ილოცეთ და შეწირეთ უფალს ძღვენი, არა ხილული ძღუენი, კუროები და ვაცები, როგორც ძველ აღთქმაში, არამედ სულიერი ძღვენი, - მარხვა, ლოცვა, კეთილი საქმეები. ეს ძღუენი უნდა შევწიროთ უფალს, რომ განვერიდოთ საშინელ სამსჯავროსო.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ყოველდღიურად კითხულობდა ფსალმუნებს [დედა ანტონია (კავეშნიკოვა)] და ყველა მომსვლელს ურჩევდა, არასდროს შეეწყვიტათ ფსალმუნთა კითხვა და ცალკეული ფსალმუნები ესწავლათ ზეპირად"
"ვინც მას [26-ე ფსალმუნს] დღეში სამეჯრ მაინც წაიკითხავს, ისე გაივლის ბოროტ ძალებს შორის, როგორ ტანკში მჯდომი"
/ნეტარი პელაგია/
90-ე ფსალმუნი
16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი
- თუ ჩემდამი მსასოებელი, ამბობს უფალი, მთხოვს ხანგრძლივ სიცოცხლეს, ვუბოძებ მას. ანუ დღეგრძელობაში მოიაზრება საუკუნო ცხოვრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელია გრძელი დღე, როგორც დაუსრულებელი და განუწყვეტელი".
/დეკ. მიქაელ გალდავა/
90-ე ფსალმუნი
13. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
- ღვთის შეწევნით დამკვიდრებულო, ვერ მოგეახლება ვერანაირი შხამიანი არსება, როგორც ეს ცხადყვეს წმინდანებმა, რომელთა ცხოვრებაც ვიცით მათივე ცხოვრებათა აღწერილობიდან. შხამიან არსებებზე სლვასა ("ზედა ხვიდოდი") და დათრგუნვაში დავითი მოაზრებს ბოროტზე გამარჯვებას. ასპიტში იგულისხმება ცილისწამება, რომელსაც ცილისმწამებელი გადმოანთხევს ხოლმე ადამიანების ყურში. ვასილისკო კი შურს გამოხატავს, რამეთუ, როგორც ვასილისკოს თვალებშია ზიანი, ასევე შურიც მხოლოდ თვალებით აყენებს ზიანს მათ, ვისიც შურთ. ლომი შეუბრალებლობაა და არაადამიანურობა. ვეშაპი გულისხმობს მძვინვარებას. ყველაფერს ამას ძლევს მართალი და არ მიიღებს მათგან არავითარ ზიანს. და ასევე, დემონიც ასპიტია, ვასილისკოა, ლომია, და ვეშაპია, რადგან ამ არსებათა მსგავსად, მასაც იგივე ბოროტი თვისებები აქვს".
/დეკ. მიქაელ გალდავა/
"ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო კი არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოსდევს"
/წმ. ისააკ ასური/
"როცა ნათელი სულის ღმრთაებრივი სიკაშკაშისა მადლით გაბრწყინდება, ადამიანი ცნობას კარგავს, და როგორც ღმრთაებრივი დავითი, გონებით ხტის და როკავს ღმრთის ხატის წინაშე, როგორც იგი - კიდობნის წინ".
/იოსებ ათონელი/
83-ე ფსალმუნი
"7. "ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს"
- როგორც სახარებაში უფალი ბრძანებს, სასუფეველი ცათა იიძულების, "ძალითი ძალათში" იგულისხმება სწორედ ის, რომ ადამიანი აიძულებს თავს, აღასრულოს ღვთის მცნებები და სწორედ თავის იძულებით, რომ არ ჩაიდინოს ცოდვა, რომ სიწმინდით იცხოვროს, მას უფალი გამოუჩნდება, ანუ ღვთის ძალით დაიმკვიდრებს ზეციურ იერუსალიმში".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"რას ამბობს დავითი მესიაზე? მის 21-ე ფსალმუნს ძველი დროიდანვე ყველა მესიის საგალობლად მიიჩნევდა. ამ ფსალმუნში მესია-ტანჯული ამბობს: "გარს შემომეხვივნენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასამაგრებლად" (ფს. 21.17). დავითის დროს საერთოდ უცნობი იყო ჯვარზე დასჯა. ცხადია, რომ დავითი წინასწარმეტყველებითი სულით ხედავს მომავალ ბედს მესიისა, ხედავს იმას, რაც ახლა აღსრულდა იესოზე სინედრიონის მონდომებით".
/მთავარეპისკოპის ფილარეტი ჩერნიგოველი/
"ერთხელ ბატონი პანდელისი სალონიკში მიემგზავრებოდა მატარებლით, როცა ცოტა გაეხალისებინა მგზავრობა. მან ამოიღო ფსალმუნები, მაგრამ როგორც კი დაიწყო კითხვა, ვაგონში უცნაური მოვლენები დაიწყო: 3-4 ადგილის შემდგომ მჯდომმა გოგომ დაიწყო საშინელი ყვირილი და ლანძღვა მისი მისამართით.
თავიდან კაცს აზრადაც არ მოუვიდა, რომ იმ ქალის საქციელი მის მიმართ იყო მიმართული, მაგრამ რამოდენიმე წუთის მერე დაინახა მისკენ მიმავალი კონდუქტორი.
პატივცემულო, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ამ წიგნის კითხვა? ის სხვებს უშლის - უთხრა კონდუქტორმა.
მომისმინეთ, როგორ შეიძლება ხელს ვუშლიდე იმ გოგოს? მე ხომ ხმით არ ვკითხულობ?
ვაგონის ყველა მგზავრი უსმენდა მათ საუბარს, ისინიც ისევე იყვნენ გაკვირვებულნი, როგორც ბატონი პანდელისი. მათ ვერ გაეგოთ, თუ რატომ უყვირის ასე გაბოროტებული უცნობი გოგონა ამ უწყინარ მგზავრს.
გოგო ადგა და სხვა ვაგონში, მატარებლის ბოლოში გადავიდა. მაშინ ბატონმა პანდელისმა მიმართა თანამგზავრებს:
დღევანდლამდე ჩვენ ვერც კი ვხვდებოდით, თუ რამხელა ძალა აქვს დავითის ფსალმუნებს. ახლა კი, ამ ინციდენტის შემდგომ გამახსენდა ერთი რამ: - დავითნი შეიძლება შევადაროთ "ხელჯოხს", რომელიც განაგდებს ყოველ დაცემულ სულს ჩვენგან და ჩვენს გვერდით მყოფებისგან. ასე ამბობდა ერთი წმიდა ადამიანი".
ფს. 83
9. "მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედე პირსა ცხებულისა შენისასა"
- უფალი ყველა ადამიანის მწეა, აქ დავითი უფალს ევედრება ყველა ცხებულისთვის, - ყველა ცხებულს მოხედეო, თუ ძველი აღთქმის პერიოდში ცხებულები მხოლოდ მეფეები იყვნენ, ახალი აღთქმის პერიოდში ყველა ქრისტიანი ცხებულია. სწორედ ამას შეჰღაღადებს დავითი უფალს, მოხედე ცხებულებს, ანუ ყველა შენს მადიდებელს, მათ, ვისზეც შენი წმიდა სულია გარდამოსული და დაამკვიდრე შენთანო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"გთავაზობთ რჩევას მოწყინების წინააღმდეგ: მოთმინება, ფსალმუნთგალობა და ლოცვა"
/ღირსი მაკარი დიდი/
"ფსალმუნთა უაზრო კითხვა სულს მხოლოდ აღიზიანებს"
"საკუთრივ ფსალმუნები ზნეობრივ საქმეებს შეეხება, ასე რომ, სხეულის საშუალებით შევიცნობთ, რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა ვერიდოთ"
/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/
"დავითმა უმეტესი გამარჯვება მოიპოვა საულის დანდობით, ვიდრე მაშინ, როდესაც გოლიათი დაამარცხა"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"წმინდა გრიგოლ ნოსელი წერს: "ფსალმუნი არის მელოდია, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტს მოითხოვს"
"ამ სიტყვით [ალილუია] იწყება და სრულდება ზოგიერთი ფსალმუნი, მაგალითად, 112-ე 117-ე ფსალმუნები".
"უკანასკნელ ფსალმუნს (ფს. 151) ახლავს ასეთი წარწერა: "ეს ფსალმუნი მიეწერება დავითს, თუმცა ფსალმუნთა რიცხვში არ შედის. შეთხზულია მას შემდეგ, რაც ორთაბრძოლაში გოლიათს სძლია".
"ეს წმინდა საგალობლები [ფსალმუნები], რომლებიც ოდესღაც ენგადის უდაბნოებში ისმოდა და ებრაელებს შთააგონებდა იუდეის ხეობებსა და მთებში, საუკუნეების განმავლობაში მეორდებოდა და დღემდე მეორდება მსოფლიოს თითქმის ყველა მხარეში - და ოკეანის ყველაზე შორეულ კუნძულებზე, ამერიკის ტყეებსა და აფრიკის უდაბნოებში. მათში დაფარულმა ღრმა ღვთისმოსავმა გრძნობამ და გულისმიერმა სითბომ, რამდენი ადამიანის გული შეარბილა, განწმინდა, ანუგეშა და ზეცად აღაპყრო ამ წმინდა გალობამ! რამდენი ადამიანი მიიყვანა ღმერთამდე ღვთიური სიბრძნის, სიწმინდისა და ღვთის სიყვარულის შესახებ განსჯის საშუალებით, რასაც ასე ხშირად ქადაგებს და გვიცხადებს ეს ჭეშმარიტად ქებათა წიგნი!"
"იონათანი საულის უფროსი ვაჟი იყო, ამიტომ წესით მის შემდეგ ის უნდა გამეფებულიყო, ღმერთმა კი მეფედ დავითი აირჩია. იონათანმა ეს იცოდა, მაგრამ არ შურდა მისი. უფრო მეტიც, ის და დავითი კარგი მეგობრები გახდნენ. მათ დაიფიცეს, რომ დაიცავდნენ ერთმანეთს. იონათანმა დავითს მეგობრობის ნიშნად თავისი საბრძოლო აღჭურვილობა - მოსასხამი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი აჩუქა (1 მეფ.18.4). ეს განსაკუთრებულ საჩუქარს წარმოადგენდა დავითისათვის, რადგან იონათანი განთქმული მშვილდოსანი იყო. უფრო მეტიც, მათ შეჰფიცეს, ანუ აღთქმა დაუდეს ერთმანეთს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთგული მეგობრები იქნებოდნენ და გასაჭირში არ მიატოვებდნენ ერთმანეთს (1 მეფ. 18, 1-5).
დავითსა და იონათანს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო: დიდი რწმენა და უფლის ძლიერი სიყვარული. ეს იდეალური საძირკველი იყო მათი მეგობრობისათვის. იონათანი დაახლეობით 50 წლის ძლიერი მებრძოლი იყო; ამასთან, ის ტახტის მემკვიდრეც გახლდათ. დავითი კი 20 წლამდე ასაკის უბრალო მწყემსი იყო; მაგრამ განსახვავებული ასაკი და მდგომარეობა სულაც არ ქმნიდა ბარიერს ურთიერთობაში".
83-ე ფსალმუნი
10. "რამეთუ სჯობს დღე ერთი ეზოთა შინ შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა"
-დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს, ერთი დღე შენ ეზოში, ანუ ახალაღთქმისეული ეკლესიის ეზოში ყოფნა სჯობს, ათასობით ისეთ დღეს და წელს, რომელიც ეკლესიის გარეშე იცხოვრა კაცობრიობამ, ანუ ეს ერთი დღე უფრო აღმატებულია მთელ იმ პერიოდზე, რაც ახალაღთქმისეული ეკლესიის გარეშე იცხოვრა კაცობრიობამ; "ვირჩიე მე მივრდოამი სახლსა ღმრთისა ჩემისასა", - მსურს შენს სახლში ვიყო ერთი დღე, ვიდრე მრავალი წელი დავიმკვიდრო ცოდვილებთან ამქვეყნიურ სამყოფელშიო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"დავითი ამბობს: "დამხდა ხმაი ჩემი"*
*ყელი გამომიშრა
"მრავალი უბედურება გადაიტანა დავითმა და სინანულის ცრემლების მდინარეები დაღვარა, მანამ, ვიდრე უფალმა წყალობა არ აჩუქა და დიდება არ დაუბრუნა. უფალი აჯილდოვებს დამდაბლებულთ".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"შეუძლოდ ვიყავი და ძალიან მინდოდა ფსალმუნების მოსმენა. სპეციალურად მივედი ეკლესიაში. მსახურება არ მიმდინარეობდა. უეცრად კატია [სალოსი] მოვიდა ჩემთან და დიდხანს მიკითხავდა ფსალმუნებს"
"ფსალმუნთგალობა სულის სიღრმიდან, ღვთაებრივი სიყვარულით დაკოდილი და ამ სიყვარულით აღვსილი გულებიდან მომდინარეობდა".
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ფსალმუნი ადამიანისაგან განდევნის ბოროტ სულებს - გულგატეხილობის, სევდის, პატივმოყვარეობის და სხვათა საწყისებას"
"[მორჩილ ნათელას, შემდგომში სქემიღუმენია იოანას] ხელში სულ "ფსალმუნნი" ეჭირა. ყოველდღე თავიდან ბოლომდე კითხულობდა ოცივე კანონს. როგორ ასწრებდა?"
/იღუმენია პარასკევა/
"2022 წლის 17 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ბაგრატიონთა ხეივანს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა დავით მეფსალმუნის ბიუსტი შეემატა.
აღნიშნული ღონისძიება ფონდ "ქართული გალობისა" და ისრაელის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა. ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.
მნიშვნელოვანია, რომ ყოვლადწმინდა სამების ტაძრის ეზოში ბიუსტი დადგმა ქართველი და ებრაელი ერის 26-საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობის კიდევ ერთი სიმბოლური გამოხატულებაა"
"ცნობილი ფაქტი: უწიგნური გათავისუფლდა შეპყრობილობისაგან, როგორც კი ფსალმუნის კითხვა ისწავლა".
"როდესაც დავით მეფე-წინასწარმეტყველი ცოდვით დაეცა, ამის შემდეგ საკვირველი სინანული გამოავლინა, - სიმდაბლის უფსკრულებს მიაღწია და ისე შეჰღაღადა უფალს ცოდვათა შენდობა, რომ უფალმაც მაშინვე შეუნდო შეცოდებანი. თუ ადამიანი მოიპოვებს სიმდაბლეს, მას ყველაფერი დააბრკოლებს ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"თუკი მთელი ენერგია ხანგრძლივ ფსალმუნთგალობას მოხმარდება, გონება მოდუნდება და ვეღარ შეძლებს ძლიერად და მოთმინებით ლოცვას. იოანე კიბისაღმწერლის რჩევა გაითვალისწინე: ღამით უფრო მეტად ილოცე, ნაკლები დრო კი ფსალმუნთა გალობას დაუთმე"
"სანამ საულის სახლი არ განადგურდა, დავითს თავი მეფედ არ გამოუცხადებია..."
"სამუელ წინასწარმეტყველის მიერ დავითის მეფედ ცხებიდან თხუთმეტი წლის განმავლობაში კვლავ საული მეფობდა. როდესაც საული და მისი ვაჟები ბრძოლაში დაიღუპნენ, დავითი მერეღა ავიდა სამეფო ტახტზე"
"7. "ფსალმუნი ასაფისი", "ფსალმუნი ზაქარიასი" - ამ დასათაურების ფსალმუნები ხშირად გვხვდება დავითის წიგნში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფსალმუნები ასაფისა და ზაქარიას დაწერილია. ეს ადამიანები მგალობლები იყვნენ, ხოლო დავითმა მათთვის დაწერა, რათა ტაძარში მსახურებისას ეგალობათ. ამ მუხლში მოხსენიებული ასაფი და მისი ძმებიც მგალობლები იყვნენ და სწორედ მათ მისცა დავითმა თავისი საგალობელი, რომელიც იგალობეს აღთქმის კიდობნის კარავში დაბრძანების დღეს. ეს არ ყოფილა რომელიმე კონკრეტული ფსალმუნი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საგალობელში შესული მუხლები დავითმა სხვადასხვა ფსალმუნიდან გამოკრიბა"
"აქ მოთხრობილია ერთი ეპიზოდი დავითის ცხოვრებიდან, როდესაც ბეთლემში მეფის მხარდამჭერმა მეთაურებმა მოახერხეს და საოცარი გამბედაობით მტრის ჯარის ხელში არსებული ბეთელის ჭიდან წყალი მოუტანეს; როდესაც დავითმა თქვა: ვინ დამალევინებს წყალსო, ამ სამმა მეომარმა მეფის სიტყვა ღვთის სიტყვად მიიღო, მტრის ალყა გაარღვიეს, წავიდნენ და მოუტანეს, მაგრამ დავითმა წყალი უფალს დაუღვარა - არ იკადრა ამ ადამიანების მიერ თავგანწირვისა და სიკვდილზე წასვლის სანაცვლოდ მისთვის მიტანილი წყალი დაელია. ამიტომ იგი ღვთისთვის შესაწირად გაიღო"
"დავითის მეფობის ეპოქაში ებრაელთა სამეფო ისე გაძლიერდა, რომ მასთან ომს ვერავინ ბედავდა"
"მან შედეგაც ჰკითხა [აბბა ფილიმონს] : "მამაო, წმინდა წერილიდან რატომ მაინცდამაინც ფსალმუნებით ტკბები და გალობის დროს რატომ იქცევი ისე, თითქოს ვიღაცას ესაუბრებოდე?"ამას ასე უპასუხა [აბბა ფილიმონმა]: "ღმერთმა ისე დაჰბეჭდა ჩემს გულში ფსალმუნთა ძალა, როგორც თვით წინასწარმეტყველ დავითში, და მე არ შემიძლია განვეშორო იმ ნეტარებას, რომელიც ჭვრეტით სხვადასხვაგვარად იხილვება, რადგან ისინი მოიცავენ მთელ საღვთო წერილს"
"ყოველი დღესასწაულის შინაარსს უფრო ცისკროვანს ხდის თვით დავით წინასწარმეტყველი, რომელიც მარადჟამს, საჭიროების მიხედვით, შეაწყობს თავის მრავალშეწყობილ ქნარს"
"ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო კი არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რაც მათ მიტოვებას მოსდევს"
"გვიანი ცივი შემოდგომაა. სამთავროს დედათა მონასტრის ბაღში ჭაბუკი სემინარიელი მიმოდის "დავითნით" ხელში, ფსალმუნებს იზეპირებს; უკვე მესამე კანონს მისდგომია. და ერთ-ერთ შემობრუნებაზე შეკრთება: შორიახლოს მოხუცებულ ბერს [ღირსი გარბიელი, აღმსარებელი და სალოსი] მოჰკრავს თვალს ძველ, გახუნებულსა და დაკერებულ სამოსში, - უჩვეულოდ გამოიყურება, - სასოებით დაუკრეფია გულზე ხელები და ოდნავ გვერდზე თავგადაგდებული თბილად, სიყვარულით იმზირება.
- აბა, მოყვასო, აქეთ მობრძანდი, - მიმართავს ჭაბუკს.
სემინარიელიც მისკენ გაეშურება. ფეხქვეშ ხმელი ბალახისა და ფოთლების შრიალი ისმის; გული აჩქარებით უცემს.
- დამლოცეთ, მამაო, - სთხოვს მიახლოვებისას.
- ღმერთმა დაგლოცოს, მოყვასო და ამ სიტყვებზე უჩვეულოდ მაღლა აღმართავს ხელს და მთელ სხეულზე გადასახავს ჯვარს ბერი.
- რას სწავლობ, შვილო?
- ასორმოცდაათივე ფსალმუნი მსურს დავისწავლო. წავიკითხე, რომ უწინ, პახუმი დიდის სავანეში ამის გარეშე არ იღებდნენ, მონაზვნად შედგომის ერთ-ერთი პირობა ესეც ყოფილა.
- მერე შენ ბერობას ფიქრობ?
ახალგაზრდამ თავი დახარა და გაუბედავად ამოილუღლულა:
- დიახ, მამაო.
- გლოცავ, მოყვასო, გლოცავ!
და ბერმა გულში ჩიაკრა სემინარიელი.
ასე შედგა ჩვენი პირველგაცნობა მამა გაბრიელთან 1980 წლის ნოემბერში".
/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/
"ორმოცდამეათე ფსალმუნს მუხლმოყრით თქმა უხდება"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"წმიდა მამები განმარტავენ რა ფსალმუნის სიტყვებს: "ასულო ბაბილოვნისაო, ნეტარ არს, რომელმან შეიპყრას ჩვილნი შენნი, და შეახეთქეს კლდესა" - აქ სულიერი ბრძოლის ხერხს ხედავენ. ბაბილონი ჯოჯოხეთია, სიმბოლო მისი. ბაბილონის ჩვილები კი, ცოდვილი ჩანაფირები, ნეტარია ის, ვინც მას ქვაზე მიხეთქებით გაანადგურებს, ე.ი. ის, ვინც დასაწყისშივე აღკვეთავს ცოდვილ ჩანაფიქრს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"როდესაც მოგვიცავს მცონარება, ჯერ-არს ვიგალობოთ ფსალმუნები ან წავიკითხოთ მამათა ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ"
/ღირსი ნილოს სორელი/
"არსებობს ჭეშმარიტებისა და ნათლის მარადიული დიადი წიგნი, აღსავსე ღმრთაებრივი სამართლიანობის აღსრულების მხურვალე მოწოდებებით. ესაა ფსალმუნთა წიგნი - წიგნი სულის წუხილისა - უკეთესობისა და სრულყოფილების წყურვილსა"
/ვასილი ეგზემპლიარსკი/
"ტროფიმე [ოპტინელი] მოკლედ და ხატოვნად საუბრობდა. ერთი ჩემი მეგობარი მუდმივად უგუნებოდ იყო. ტროფიმემ უთხრა: "ფსალმუნი იკითხე, არის ხოლმე, როცა ცა იღრუბლება, სულიც ჭმუნავს. დაიწყებ თუ არა კითხვას, უცებ მზეც გამოანათებს და სულიც ხარობს. თავად გამომიცდია, მენდე"
"მოწყინების ჟამს - ფსალმუნი 101, 36, 90.
ადამიანთა მზაკვრობისაგან თავისდასაცავად - ფსალმუნი 3, 53, 58, 142".
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/
"128. ღამით უმეტესი დრო ლოცვას დაუთმე, ხოლო მცირედი - ფსალმუნებას; დღისით კი ძალისაებრ შენისა მოიქეცი.
წმინდა მამა [იოანე სინელი] გვირჩევს, რომ ლოცვას გაცილებით მეტი დრო დაუთმონ, ვიდრე ფსალმუნებას. ლოცვა - ეს არის, როდესაც ადამიანი საკუთარი აზრებით ესაუბრება უფალს, ხოლო ფსალმუნება - ესაა ლოცვით უფლის განდიდება"
"დავით მეფემ შესცოდა ორი საუფლო მცნების წინააღმდეგ: "არა იმრუშო" და "არა კაც ჰკლა" - იმრუშა და კაცი მოკლა. ღმერთმა ამხილა ნათან წინასწარმეტყველის მეშვეობით. დავითი "უძღები შვილის" მსგავსად "გონს მოეგო", "თავის თავს დაუბრუნდა". ძაძით შეიმოსა. თავზე ნაცარს იყრიდა. ღმერთს შეწყალებას, ცოდვათა მიტევებას შესთხოვდა, მოუკლებლად ლოცულობდა და მარხულობდა. სხეულებრივად სრულიად რომ დაუძლურებულიყო, ცოდათა თვისთა გამო ღრმა სინანულში, მგლოვიარებასა და მარხვაში მყოფი, პურის პატარა ნატეხებს იხმევდა, რომელთაც ჭამის დროს ერეოდა ნაცარი, თავზე რომ ჰქონდა დაყრილი. ცხადია, შეეძლოა, ნაცარი და პური ისე ეჭამა, მაგრამ პურს ნაცართან ერთად ჭამდა, ე.ი. ნაცარს ისევე ჭამდა, როგორც პურს, უგემურს, მაგრამ - სასარგებლოს; წყალს მხოლოდ მაშინ სვამდა, როცა ძლიერი წყურვილი უჩნდებოდა და წყალსაც სვამდა ცრემლებთან ერთად, ღრმად მონანული გულიდან რომ ეწურებოდა და თვალთაგან წლის სმის დროს თასში რომ ეწვეთებოდა. ამიტომ "ნაცარი ვითარცა პური ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა გავზავი" (ფს. 101, 10). ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლებით შევაზავეო.
ღრმა, წრფელმ სინანულმა, მარხვამ, ცრემლიანმა ლოცვამ დავითი უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე აიყვანა, ღმერთმა განწმინდა, განბანა და თოვლივით განასპეტაკა, მისი ცოდვები, მისი უსჯულოებანი აღხოცა და სული წრფელი განუახლა. მისი ენა ღვთის სიმართლეში ხარობდა და მოწყენლად ადიდებდა ღმერთს და "უთხრობდა ქებულებასა მისსა".
დავითმა შეიყვარა ღმერთი ისე, რამდენადაც ძალუძს ადამიანს ღვთის შეყვარება"
/აკაკი მინდიაშვილი/
"წმინდა ანტონისა და სხვა მრავალის კანონში ვკითხულობთ: ისწავლე ფსალმუნები... სადმე მიდიხარ თუ სამუშაოს უზიხარ, წრამოთქვი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფსალმუნების კითხვის დროს ფიქრობდნენ და საკუთარ თავს შინაგან ლოცვას ავითარებდნენ"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ფსალმუნების ზეპირად სწავლა - კარგია. აღიჭურვეთ ლოცვითი ფიქრებითა და გრძნობებით... წმინდა მამები ამას ჩააგონებდნენ ყველას. ასევე ურჩევდნენ ფსალმუნების კითხვას არა მარტო ლოცვითი კანონის დროს, არამედ სხვა დროსაც. საქმის კეთების დროსაც შეიძლება წაკითხვა, განსაკუთრებით, როდესაც ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიხართ. მაგრამ იმისათვის, რომ საქმის კეთების დროს ღმერთზე ფიქრი და მისადმი გრძნობა შეინარჩუნოთ, ჯობს, მოკლე ლოცვაში გაიწაფოთ"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ნეტარი ავგუსტინე მონათვლამდე გაიტაცა დავითის ფსალმუნებმა, რომელმაც ასევე დიდი გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე"
"საერთოდ, ოჯახში დიდი მოთმინება გმართებს. მეუღლეებს ძალიან ბევრი რამ აქვთ ერთმანეთისგან დასათმენი. ზოგჯერ ეს თითქოს გაუსაძლისი ხდება. ამის გამო სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით, თავი ამ აზრით ინუგეშეთ, რომ თქვენ წმიდა მეფე დავითზე აღმატებულნი არ ხართ და მსიი განსაცდელები გაიხსენეთ. წარმოიდგინეთ, როგორი დასათმენია, როცა საკუთარი ძე გღალატობს და შენი სიცოცხლის ხელყოფასაც კი ეცდება! ახლა კი გაიხსენეთ, რითი პასუხობს მეფე დავითი. იგი შვილს კი არ განიკითხავს, არამედ, საკუთარ ცოდვებზე ტირილს იწყებს. წმიდა მეფე უფალს და ადამიანებს ემორჩილება, ბენიამინელი შიმყის შეურაცხყოფას თავმდაბლად ითმენს და ყველას არწმუნებს, რომ მისი ლანძღვა და დამდაბლება უფლის განგებით ხდება. ასეთი მორჩილებისთვის უფალმა იგი არა მარტო შეიწყალა, არამედ სამეფოც კი დაუბრუნა".
/ღირსი ამბროსი ოპტინელი/
"იარაღის გარეშე დავით ასეთ ბუმბერაზს როგორ შეებრძოლა? როცა დავითმა ქვა გოლიათისკენ გასტყორცნა, დავითის ხელში ქვა უფლის ხელით იმართებოდა და დავითის გამარჯვება თვით ღმერთის ძალამ უზრუნველჰყო, გატყორცნილი ქვა მტრის სუსტ წერტილს უდიდეს იძალით და სიზუსტით მისწვდა; უშუალოდ დავითი, თავისი სუსტი სხეულით, ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა"
/წმ. მაკარი დიდი/
"ასეც ხდებოდა, როცა რომელიმე გზააცდენილი ახალგაზრდისათვის ლოცულობდა [ღირსი პაისი ათონელი], ამატებდა "მოიხსენე, უფალო და შეეწიე ყველა ახალგაზრდას", ან ამბობდა: "მოიხსენე, უფალო, სნეული ნიკოლოზი" და განაზოგადებდა "მოიხსენე, უფალო, ყველა ნიკოლოზი".
ამგვარ ლოცვაში მამა პაისს ეხმარებოდა ფსალმუნის კითხვა, ისე როგორც წმიდა არსენმა განსაზღვრა. მაგალითად პირველ ფსალმუნს იმ შემთხვევაში კითხულობენ, როცა რგავენ ვაზს ან ხეებს ნაყოფის გამოსაღებად. მამა პაისი, ამ ფსალმუნის წაკითხვისას არა მარტო ახალნერგ ხეებს მოიხსენიებდა, არამედ დედის მუცელში ჩასახულ ყრმებსაც, რათა ღვთის კურთხევა ჩასახვისთანავე ჰქონოდათ, შემდგომში კეთილი ნაყოფის მიღებისათვის.
ფსალმუნს, რომელიც ქარიშხალს ეძღვნება და მამა პაისი კითხულობდა, ამატებდა: "ღმერთო, დაამშვიდე ეს ქვეყანა, აშფოთებული კაცობრიობა". ასე, მისი ლოცვა მთელს სამყაროს სწვდებოდა. შემდეგ დაანება თავი ფსალმუნთა კითხვას და გონება მიმართა გულიდან ამოსული ლოცვისკენ, რომელიც მთელ ქმნულ სამყაროს ეხებოდა და ამგვარი ლოცვის დროს, როცა მამა პაისი ღვთის წინაშე ადამიანები ტანჯვას წარმოაჩენდა, გრძნობდა "დიდ ტკივილს, მაგრამ უდიდეს დამშვიდებასაც".
"საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ყველა ფსალმუნი წმინდა დავით წინასწარმეტყველის კალამს ეკუთვნის, რასაც ადასტურებს მსოფლიო მოძღვარი, წმინდა იოანე ოქროპირიც. მისი თქმით: "როგორც მიაჩნიათ (ფსალმუნთა) ზედმიწევნით მცოდნეებს და როგორც ეს ჭეშმარიტია, დავითის არის ყველა ფსალმუნი".
"დავითნში" ვიპოვით ფსალმუნებს, რომლებიც ღმერთს ადიდებს, ფსალმუნებს, რომელთა მეშვეობითაც ღმერთი გველაპარაკება, ფსალმუნებს, რომლებშიც ჩვენ ვლაპარაკობთ ღმერთთან, ასეთებია განსაკუთრებით, მესიანური და ლირიკული ფსალმუნები - გულთა ჩვენთა თრთოლვის გამოძახილები. აქ შევხვდებით ეკლესიის საყოველთაობას მის ხანგრძლივ აღმშენებლობაში"
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/
"სოფრონი - (XIII ს). შორეულ (თეოდოსის) მღვიმეებში [კიევ-პეჩორის ლავრა] მოღვაწე ბერი ბნელ მღვიმეში ჩაიკეტა და ყოველდღიურად კითხულობდა 150 ფსალმუნს, მუდამ უხეში ძაძა ემოსა და რკინის მძიმე ქამარი ეკეთა. შორეული მღვიმეების ღირს მამათა კანონში წერია, რომ წმ. სოფრონი ღირსი გახდა ანგელოზთა გალობის მოსმენისა. ხსნება 11(24)/03 და 11(24)/05 (მის წმინდა ნაწილთა მოპოვება)".
"ჰოი, უფალო, მე მონაი შენი
ჰოი იაჰვე, ყოველგან მსუფევო, შენი მონა ვარ, - ე.ი. უკვე აღარა ვარ სატანის, სოფლისა და საკუთარი ვნებების მონა. ღვთის მონობა ადამიანს დიდ შინაგან თავისუფლებას და გულის სივრცეს აძლევს, მაშინ, როცა ცოდვა მის გულს კუმშავს და ზღუდავს. ცოდვილის გული რკინის მუშტივით არის შეკუმშული"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაი...
მსხუერპლი ქებისაი უპირველეს ყოვლისა - ეს იესოს ლოცვისგან განუყოფელი ევქარისტიაა. შემდეგ - ღვთისადმი მადლიერებაა ადამიანისა ყველა ცხოვრებისეულ გარემოებებში. მსხუერპლი ქებისა იობმა შესწირა, როცა წარმოთქვა უკვდავი სიტყვები: "უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ არს სახელი უფლისა!" მსხუერპლი ქებისა იყო იოანე ოქროპირის ცხოვრება, რომელსაც ბაგეზეც და გულშიც ჰქონდა სიტყვები: "მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!" მსხუერპლს ქებისას ის სწირავს, ვინც ტანჯვისას ღმერთს ადიდებს და ამისათვის მეტად ჰმადლობს, ვიდრე სიხარულისთვის"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
" - მამაო, გაოცებული ვარ, რა კარგად იგებენ ბავშვები ფსალმუნებს და მათი წაკითხვაც სურთ.
- ფსალმუნები შვებას ჰგვრის ყველა ასაკის ადამიანს, თანაც, ბავშვებს შეიძლება, მეტი სიამოვნება მიანიჭოს, ვიდრე ჩვენ. ფსალმუნები ღვთივშთაგონებულია, დაწერილია საღვთო განათლებით და ამიტომაც აქვთ ასეთი ძლიერი, ასეთი ღრმა აზრები და შინაარსი. ყველა ღვთისმეტყველი და ფილოლოგი რომ შეიკრიბოს, ასეთი შინაარსის ერთ ფსალმუნსაც ვერ დაწერენ და, რომ დაწერონ, რაღაც ხელოვნური ყვავილივით იქნება. დავითი უსწავლელი იყო, მაგრამ როგორ ღრმააზროვნად წერდა! ნათლად ჩანს, რომ მას სულიწმიდა წინაძღვრობდა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"გალობს წმინდა დავითი, ზეცის სიტყვებს იუწყება. და მისი ფსალმუნების ჟღერა ზეციური ბგერებია! საგალობლის საგანი ადამიანის ნეტარებაა"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"დავითი მეფე იყო და არ თქვა, რომ მეფეების ტახტი ადამიანის ნეტარების ტახტია.
დავითი იყო მხედართმთავარი და გმირი, სიყმაწვილიდან სიბერემდე იგი უცხოელებს სისხლიანი ხოცვა-ჟლეტით ებრძოდა. რამდენი ბრძოლაც გამართა, იმდენი გამარჯვება მოიპოვა. იორდანეს ნაპირებიდან ევფრატის ნაპირებზე გადასწია თავისი სამეფოს საზღვრები და არ თქვა, რომ გამარჯვებულისა და დამპყრობლის დიდებაშია ადამიანის ნეტარება.
დავითმა ურიცხვი სიმდიდრე შეკრიბა, შეკრიბა იგი თავისი ხმლით. მის საცავებში ოქრო ელაგა, როგორც სპილენძი, ხოლო ვერცხლი ეყარა, როგორც თუჯი. მაგრამ დავითს არ უთქვამს, რომ სიმდიდრეშია ადამიანის ნეტარება.
დავითს ყველა მიწიერი ნუგეში ჰქონდა - არცერთი მათგანი ადამიანის ნეტარებად არ უღიარებია"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
50-ე ფსალმუნი
მუხლი 9. "მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა გავსპეტაკნე".
უსუპი - ეს მცენარეა, რომელიც მთებში ხარობს და იერუსალიმის კედლებზეც კი გარეგნულად წვრილ ხავსს მოგვაგონებს. გემოთი მწარეა და ძველ დროში ცნობილი იყო თავისი განმწმენდი თვისებებით. ებრაელები, მოსეს კანონის თანახმად, მას პასექის კრავის სისხლის სასხურებლად, კეთროვნათა განსაწმენდად, განმწმენდი წყლის მოსამზადებლად და ამ წყლის სასხურებლად იყენებდნენ. ამრიგად, როდესაც დავითი უსუპით სხურებას ახსენებს (ასევე წყლით განწმენდას), ის გარეგან, კანონით დადგენილ განწმენდის რიტუალს გულისხმობს, როგორც ღვთაებრივი მოწყალების ნიშანს, როგორც შინაგანი, სულიერი განწმენდის სიმბოლოს"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience