საინტერესოა რა ცნობები გაქვთ - ნეტარი ავგუსტინეს "სამების შესახებ" ტრაქტატზე? არის თუ არა მასში რეალურად სულიწმიდის ძისაგან გამომავლობის ხაზგასმა?
და ზოგადად, ვიმსჯელოთ კონკრეტული ერესის წარმომავლობაზე...
მნათე
კანონისტი
საკითხზე კანონისტ, ი - შემთხვევით გამომრჩა და შენ ეს იცი
მნათე
http://rapidshare.com/files/39936243/aTanases-simbolo.pdf.html ექს-არქიმანდრიტ ექვთიმე კოჭლამაზაშვილის და ანა ღამბაშიძის სტატია, რომელიც ფსევდო-ათანასე ალექსანდრიელის სიმბოლოს გიორგი მთაწმიდელისეულ თარგმანს ეხება. ეს სიმბოლო იმითია საინტერესო, რომ ცხადად შეიცავს სულიწმიდის მამისა და ძისაგან გამომავლობის სწავლებას (ანუ ფილიოკვეს), რაც ქართულ თარგმანშიც არის შენარჩუებული. სტატია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა დაიწეროს სამეცნიერო ნაშრომი, გეგონება ავტორებში მეცნიერებმა კი არა, კათოლიკე ნეოფიტებმა იმძლავრეს.
ძირითადი თეზისი ორია:
1) გიორგი მთაწმიდელი შემწყნარებლურად იყო განწყობილი ფილიოკვეს, და ზოგადად დასავლეთის ეკლესიის სხვა სწავლებების მიმართაც და ლათინები მართლმადიდებლებად მიაჩნდა.
2) სიმბოლო სავარაუდოდ მართლაც ათანასეს დაწერილია.
ჯერ მეორე პუნქტს შევეხოთ. ერთი, რაც კაცს თვალში მოხვდება, არის იმ სამეცნიერო ლიტერატურის სიმწირე, რომელსაც ავტორები მიუთითებენ. მეორე არის სხვადასხვა ფაქტობრივი შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ. მესამე არის იმ აზრის დაშვება, რომ სიმბოლოს ავტორი მართლაც ათანასე ალექსანდრიელია. რეალური არგუმენტები ავტორებს არა აქვთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ.
ა) ათანასეს სიმბოლო თავდაპირველად სულ არ იყო განკუთვნილი მრწამსის ფუნქციების შესასრულებლად, ეს მან მოგვიანებით შეიძინა. დასაწყისში იგი სასწავლო დანიშნულების დოკუმენტი იყო. შედარება სხვადასხვა მრწამსებთან, რომლებსაც ავტორები აკეთებენ, უადგილოა.
ბ) ავტორები ამბობენ, რომ მე-17 ს.-მდე ათანასეს ავტორობა ეჭვს არ იწვევდა და პირველი, ვინც ეს ფაქტი ეჭვქვეშ დააყენა, იყო გ. ფოსი 1642 წ.-ს. ეს მართალი არაა. სიმბოლოს ავთენტურობას ბიზანტიაშიც აყენებდნენ ეჭვქვეშ. ათანასეს ავტორობაში ეჭვი შეიტანეს მე-16 ს.-ში იოახიმ კამერარიუსმა (1547 წ.) და ჯონ ჯუელმა, სოლსბერის ეპისკოპოსმა (1569 წ.).
გ) ავტორები ამბობენ, რომ ათანასეს ავტორობის საწინააღმდეგო არგუმენტები უფრო სუბიექტური ხასიათისაა, ვიდრე ობიექტური. სხვაგან იმეორებენ, რომ ის ფაქტი, რომ შესაძლოა სიმბოლო თავიდანვე ლათინურად იყო დაწერილი, ვერ გამოდგება ათანასეს ავტორობის უარსაყოფად, რადგან მან რამდენიმე წელი გაატარა დასავლეთში დევნილებაში და შესაძლოა ლათინურადაც დაწერა ზოგიერთი ნაშრომი. აქ ვლინდება ყველაზე კარგად ავტორების მიერ თანამედროვე ლიტერატურის არცოდნა. ათანასეს ავტორობაზე ფანატიკოსი და გაუნათლებელი კათოლიკეების მეტი აღარავინ საუბრობს და ამისთვის კარგი არგუმენტებიც არსებობს. სიმბოლოსთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ ერთი ასეთი საინტერესო შემაჯამებელი წიგნია J.N.D. Kelly, The Athanasian Creed, London, 1964. არა მგონია მისი წაკითხვის მერე ვინმეს ეჭვი დარჩეს სიმბოლოს ფსევდო-ეპიგრაფულობაში (კელის შეიძლება რაღაცეებში არ დაეთანხმო, მაგრამ ეს საკითხები უმრავლეს შემთხვევაში არანაირ კავშირშია ათანასეს ავტორობასთან). სიმბოლო დაწერილი უნდა იყოს დაახლოებით 430-500 წ. პერიოდში ლათინურ ენაზე სამხრეთ გალიაში (ესეთი დასკვნა კელიმდეც კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი, მას მხარს უჭერდნენ ტიქსერონი, ტერნერი და მორენი). ათანასე მასთან არაფერ შუაშია.
გიორგის თარგმანს ასეთი საინტერესო მინაწერი ახლავს: ესე მართლისა სარწმუნოებისა აღსარებაჲ ჰრომთა წიგნისაგან გარდმოვწერე. ვინ აღმოიკითხო, ლოცვა ყავთ გლახაკისა გიორგისათჳს რომელმან ესე ვთარგმანე.
აქედან ისე ჩანს თითქოს, რომ გიორგის ათანასეს სიმბოლო ლათინური წიგნიდან უთარგმნია. ავტორები ჯერ იმას იმეორებენ, რომ ქართული ვერსია ბერძნულიდანაა თარგმნილი, მაგრამ მერე ლათინური ორიგინალის შესაძლებლობასაც უშვებენ. წინააღმდეგობა აშკარაა. არანაირი შედარება ლათინურ ვერსიასთან გაკეთებული არ არის (არსებობს მისი კრიტიკულად დადგენილი გამოცემა, C.H. Turner, A Critical Text of Quicunque Vult, Journal of Theological Studies, xi, 1910, pp. 401-411, რომლის შესახებაც ავტორებმა არაფერი იციან და მინის პატროლოგიაზე საუბრობენ მარტო).
არანაკლებ გამაღიზიანებელია მცდელობა, ჩაგვინერგონ აზრი, რომ პაპიზმი ერესი არაა (რა შუაშია ეს სამეცნიერო სტატიასთან?) და ეს კეთდება გიორგი მთაწმიდელის ზურგს უკან ამოფარებით. მაგალითად ავტორები წერენ, რომ გიორგი მთაწმიდელს უმნიშვნელო საკითხად მიაჩნდა ლიტურგიისას აუფუებელი პურის გამოყენება და ამიტომ შემწყნარებლურად იყო განწყობილი ლათინთა მიმართ. აქ იმის შენიშვნა შეგვიძლია, რომ არც გიორგის თანამედროვეს, ანტიოქიის პატრიარქ პეტრეს მიაჩნდა ეს საკითხი მნიშვნელოვნად, როგორც ეს კონსტანტინეპოლის პატრიარქ მიქაელ კირულარიოსთან გამართული კორესპონდენციიდან ჩანს, მაგრამ პაპიზმი მაინც ცდომილებად მიაჩნდა. ავტორები ამით არ კმაყოფილდებიან, და ცდილობენ ახლა ათანასეს სიმბოლოს თარგმანი გამოიყენონ თავისი პოზიციის განსამტკიცებლად (გიორგი მთაწმიდელს არაფრად მიაჩნდა ფილიოკვე). სინამდვილეში აქედან ბევრი არაფერი გამომდინარეობს - გიორგიმ თარგმნა ათანასეს სიმბოლო ისე, როგორც დედანში ნახა, არც მეტი და არც ნაკლები. აქედან გიორგის პოზიციის შესახებ დასკვნას ვერ გავაკეთებთ. გიორგიმ მასე ფოტი კონსტანტინეპოლელის სიმბოლოც თარგმნა, რომელიც სხვა რამეზე საუბრობს, მაგრამ ავტორებმა არჩიეს ეს "დაევიწყებინათ". არ ჩანს, რომ გიორგი მძაფრად ნეგატიურად იყო განწყობილი ლათინების მიმართ, მაგრამ ეკლესიამ კარგა ხანია გამოიტანა დასკვნა ფილიოკვეს შესახებ და არაა გიორგის სახელით სპეკულირება საჭირო.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)