"წმინდა მამები ამბობენ: რამდენადაც დღეს გაქებენ, ხვალ შეიძლება იმდენადვე გაგინონო".
"მაცხოვარმა თქვა: "ვაი თქვენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდნენ თქვენ კაცნი" (ლუკა, 6-26) ეს იმ ადამიანთა მიმართაა ნათქვამი, რომელთაც გულში სურთ, რომ სხვებმა ქება შეასხან, რომ მათზე ყველამ მხოლოდ კარგი თქვას".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მოყვასის პირში ქება იგივეა, რაც ფეხის დადება სწრაფად მომავლისათვის"
/წმ. კიპრიანე კართაგენელი/
"როდესაც ჩვენზე ცუდს ამბობენ, თავს ნუ აარიდებთ, რადგან სწორედ ამით შევიძენთ რაღაც გასამრჯელოს. ქება-დიდებამ ვის რა არგო?"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"ქება-დიდებას ნუ აყვებით. ხალხი ხოტბას შეგასხამთ, ბევრს დაგპირდებიან, მაგრამ თქვენს მსგავსს ნურაფერს შეიწყნარებთ რადგან, თუ ქებას ავყვებით, ამას აუცილებლად სირცხვილი მოყვება".
"მაინც რატომაა ასე საშიში კაცთმოთნეობა და მლიქვნელობა, რომ მის შესახებ წმიდა წერილი ამბობს: "კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა" (ფს. 5,6) - იმიტომ, რომ "ჩვენი სიტყვებით ვატყუებთ მათ, ვის წინაშეც ვმლიქვნელობთ, ხელოვნური ქებით ხელს ვუწყობთ მათ წახდენას, რითაც ვხდებით მიზეზნი მათი მარადიული სასჯელისა, რადგან ისინი გვენდობოდნენ, ჩვენ კი ლიქნით ვაცდუნებთ" - ამბობს წმ. მამა ბასილი დიდი".
/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/
"მაშინაც ფარისეველი ხარ, - გვეუბნება წმინდა ეპისკოპოსი [გაბრიელი (ქიქოძე)] - როცა კაცს აქებ და არა იმის გამო, რომ ღირსია, არამედ მარტო იმიტომ, რომ იგი შენი მოყვარე და მეგობარია"
"თანამედროვე მსოფლიოში ხშირად წახალისებულია წარმატების მიღწევა ნებისმიერი, თუნდაც უპატიოსნო გზით. ამის ყველაზე მოკლე გზად კი ფარისევლობა და მლიქვნელობა გამოიყენება. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ეპირფერებიან, უმეტესად იჯერებს ქათინაურს - პატივმოყვარეობა ხომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სისუსტეა!"
/ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი/
"მლიქვნელურ ქებას მართალი კრიტიკა სჯობია"
/მამა გიორგი ნერგაძე/
"არ უნდა გვინდოდეს და გვსიამოვნებდეს კომპლიმენტების მოსმენა, რომლებიც ჩვენს პატივმოყვარეობას აფუფუნებს და ატკბობოს. ხშირ შემთხვევაში ჩვენი მამხილებელნი ჩვენი ექიმები არიან, რომლებიც, მართალია, გვტკენენ, მაგრამ უნდა გვერჩივნოს, ცოტათი მოვითმინოთ და გამოვჯანმრთელდეთ, ვიდრე ამ ტაშისკვრებითა და ზღვარგადასული ხოტბა-დიდებით დავიღუპოთ. არანაირი სარგებლობის მომტანი არ არის ეს მლიქვნელური ქება-დიდება (არავისთვის!), რომელიც მხოლოდ ადამიანისავე ქედმაღლობის წისქვილზე ასხამს წყალს და ჩვენს ვნებებს არათუ აცხრობს, არამედ აშლეგებს... ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამ ტაშისკვრის ხმაურმა არ ჩაახშოს ჩვენში ჩვენივე სინდისის ხმა. წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით დავამთავრებ: "ქებას და დიდებას ადამიანთაგან კი არ უნდა ვეძიებდეთ, არამედ წესად დავადგინოთ: ყველაფერს ისე ვაკეთებდეთ, როგორც ღვთისთვისაა საამო და ის სიყვარულს ვეღირსოთ".
/მამა გიორგი ნერგაძე/
"ის ადამიანი, ვინც თავს იქებს, მხოლოდ აკნინებს თავის ღირსებას"
/ღვთისმეტყველი მოძღვარი გრიგოლ დიაჩენკო/
"ეშმაკები ამპარტავნების გამო დაეცნენ, ჩვენც თავისკენ გვეწევიან და ქების გულისსიტყვებს გვიგზავნიან. თუ ჩვენი სული მიიღებს ქებას, მადლი განგვეშორება - მანამ, სანამ სული არ დამდაბლდება. ასე მოუწევს სულს მთელი ცხოვრების მანძილზე ქრისტეს სიმდაბლის სწავლა: ვიდრე არ ისწავლის, ვერ ჰპოვებს მოსვენებას გულისსიტყვებისგან და ვერ შეძლებს წმინდად ილოცოს".
/ღირსი სილუანე ათონელი/
" - და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
"იესო ეშმაკებს ნებას არ რთავდა ასე ისაუბრონ, რადგან არ საჭიროებს ქებას არაწმინდათაგან, ვინაიდან "უსიამოვნოა ქება ცოდვილთა ბაგეთაგან" (ზირ. 15.9), აგრეთვე, იმიტომაც, რომ არ სურს გამოიწვიოს ებრაელებში შური მისდამი, მაშინ როდესაც ყველა აქებს მას".
"ადამიანიც ასეა: ხან დიდებით მოსილია, ხანაც არარად შერაცხილი. მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, ის ყველა მწუხარებისთვის მადლობას აღუვლენს უფალს და სიმშვიდეს ინარჩუნებს მაშინაც, როცა აქებ-ადიდებენ და მაშინაც, როცა აგინებენ".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"რა კვებავს ადამიანის თვითგანდიდებას? კაცობრივი ლიქნი. ზოგჯერ, როცა პირში გვაქებენ, ყასიდად დავიმორცხვებთ ხოლმე, მაგრამ როგორ უნდა ჩვენს პატივმოყვარეობას, რომ ზურგს უკანაც ფიქრობდნენ ჩვენზე კარგად".
/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/
"ვინც დღეს გაქებს, ხვალ შეიძლება გინება დაგიწყოს... არც პირველმა შეგასხას ფრთები და არც მეორე დაგანარცხებს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"არავინ უნდა განვიკითხოთ და განვსაჯოთ, არც - უაზროდ ვაქოთ, რადგან არ ვიცით, ვის რა უდევს გულში; ხშირად, ჩვენი უგუნურებით, ბოროტს ისეთ ადამიანს ვუწოდებთ, ვინც შინაგანად კეთილია, ხოლო კეთილს, ვინც სინამდვილეში ბოროტია, და ამიტომ უსამართლო მსაჯულნი გამოვდივართ"
/წმ. ტიხონი, ზადონელი/
"ვინც მოყვასს ზურგს უკან აქებს, ის თავის საგანძურში სიკეთეს აგროვებს"
/ღირსი ეფრემ ასური/
"ქებას განერიდე, მაგრამ საყვედურისაც გრცხვენოდეს"
/ღირსი ნილოს სინელი/
"ვინც თავს იქებს, აღარ შეაქებს ღმერთი"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თუ შენ ჯერ კიდევ არ შეგწევს ძალა, მოკვდე შენი ძმისთვის, უკიდურეს შემთხვევაში, ის მაინც შეძელი, რომ მას შენი ქონება გაუზიარო. დაე, სიყვარულმა დატანჯოს შენი გული ისე, რომ იმოქმედო არა შექებისათვის, არამედ ღრმა, შინაგანი გულმოწყალების გამო, როგორც კი დაინახავ მას გაჭირვებაში"
/ნეტარი ავგუსტინე/
"თავის ქება, რა თქმა უნდა, უგუნურებაა, მაგრამ თუკი მაინც გინდა თავის ქება, ფარისევლის მსგავსად, მოყვასის წინაშე არ უნდა გააკეთო ეს"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"შესაძლებელია კი რაიმეს მიღწევა ქებით? არა, საჭიროა დალოდება, როდესაც უფალი შეგაქებს"
/თეოლოგი ალექსანდრე ლოპუხინი/
"არსებობს საქები მცდელობა, როდესაც ვინმე ცდილობს სათნოებაში მიჰბაძოს სხვას"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ჩვენ ცოდვილები ვართ და თითქმის არაფერს ვაკეთებთ ღვთისათვის. თუკი ჩვენ, უფლის მადლის დახმარებით, რაიმე კეთილ საქმეს ვაკეთებთ, ვალდებული ვართ ამასთან ერთად ფრთხილად მოვიქცეთ, არც სიტყვით, არც საქმით არ ვითხოვდეთ ქებას, რათა ვინმემ ჩვენზე იმაზე მეტი არ იფიქროს, ვიდრე ხედავს და ესმის რაიმე ჩვენგან"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ღვთისმოყვარე ადამიანი ყოველთვის იღებს სარგებელს. თუ მას კეთილი საქმეებისათვის აქებენ, მათ მიმართ კიდევ უფრო მოშურნე ხდება; ხოლო თუ ავ საქმეებში ამხელენ, სინანულისაკენ იდრიკება"
/წმ. მარკოზ მოსაგრე/
"არავის აქვს თავი შესაქები, რადგან ყველა ცოდვილია"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ზოგჯერ ის, რაც ჩვენს მზერას ქების ღირსად ეჩვენება, ღვთის წინაშე საძაგლობაა"
"თავის ქება სიბრძნესთან შეუთავსებელია!"
"თავის ქებისაგან ფარისეველი მეზვერეზე უარესი გახდა!"
"ვინც საკუთარი თავი სინამდვილეში იცის, იგი საკუთარ თავზე მდაბლად ფიქრობს და არ ტკბება ადამიანების ქებით!"
"თავს როგორ იქებ მაშინ, როდესაც ღმერთს უნდა ადიდებდე?"
"გიყვარდეს რჩევების მოსმენა და არა - შექებისა!"
"ჭეშმარიტად სათნოთმოყვარე ადამიანი მეტად უფრთხის ქებას, ვიდრე - ცილისწამებას"
"უკეთესია, არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულო, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქებდე თავს!"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"რაიმე კეთილი საქმის აღმასრულებელი, - როგორც მეუდაბნოე მამები ამბობენ, - თავის სულიერ შენობას ერთ ქვას ამატებს; მაგრამ თუ ამის შესახებ ვინმეს თავის ქებით უამბობს, არა მხოლოდ ამ ქვას გამოაცლის, არამედ - ბევრ სხვასაც".
"ფუჭია თავის ქება იმით, რომ კეთილშობილი წინაპრები გყავდა, თუკი მათ საქმეებს არ ჰბაძავ!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ნუ გაყიდი მომავალ დიდებას ადამიანთა შექებაზე, რომელიც არაფრად ღირს"
/წმ. ნილოს სინელი/
"როცა საკუთარი თავის ქებას გაიგონებ, გაიხსენე შენი ნაკლოვანებები და დაფიქრდი, როგორ უნდა იყო!"
"პირფერნი თვით იმ ნაკლოვანებისთვისაც კი გვაქებენ, რომლებიც თვითონვე არ მოგვწონს საკუთარ თავში"
/წმ. გრიგილ დიოლოღოსი/
"თუ საკუთარი თავის ქებას მოისმენ, შენს ცოდვებზე დაფიქრდი და თავიდან აიცილებ ამპარტავნებას, რომელიც ადვილად ეუფლება მიწიერი დიდებით მოხიბლულ ადამიანს!"
"საკუთარი შვილების ქება ამპარტავნებას ნიშნავს; საკუთარი მამისა და დედის ძაგება - საკუთარი თავის ძაგებას!"
"შენს სალანძღავად ჩათვალე ყოველი სიტყვა, რომლითაც თავს იქებ!"
"ის, ვინც გვაყვედრის, უფრო მეტად გვარგებს, ვიდრე ის, ვინც გვაქებს. მთავარი ის არის, თუ რას იტყვის ღმერთი,თორემ ადამიანების სიტყვები ამაოა"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"არაფერი ისე სწრაფად და ადვილად არ დაგაზიანებს, როგორც პირფერობა"
"ჩვენი მაქებარნი გვაცდუნებენ და ცხოვრების გზებს გვიბნევენ"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ერთხელ ჩემს კელიაში ვიღაც მოვიდა და როგორც საოცრად ნიჭიერ ქრისტიანს, ქებით მავსებდა. ვინაიდან მართლმადიდებლობისთვის ქება არ არის დამახასიათებელი, მე მაშინვე საშინაო ეკლესიაში გავედი და ღმერთს ვთხოვე, გაემხილა რასთან მქონდა საქმე და შენ ვერ წარმოიდგენ...
- მამაო, რატომ ვერ წარმოვიდგინო?
- ...ეკლესია იმავე წუთში სიმყრალით აივსო. ვიფიქრე, ეს კარგი ადამიანი არ უნდა იყოს, რადგან მასში ქრისტე არ არის-მეთქი. ეს კაცი მაცოცხლებელ ღვთაებრივ მადლს მოკლებულია და ამიტომ მკვდარია - "სახელი ისეთი აქვს, თითქოს ცოცხალია და სინამდვილეში მკვდარია". იმის მსგავსად, როგორც სხეული კვდება და როდესაც მას სამშვინველი ტოვებს, ცუდ სუნს გამოსცემს, ასე რომ, კვდომის პროცესში, როდესაც ადამიანის სამშვინველი ღვთის მადლისგან დაცლილია, ადამიანის პიროვნული სულიერი სიმყრალე იწყებს გავრცელებას".
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ქებას თავი აარიდე, მაგრამ ყვედრებისაც შეგრხვეს!"
/წმ. ნილოს სინელი/
"ვინც გეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის"
"არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ადამიანი, რომელიც თავს წარმომავლობით იქებს, იმ შუშას ჰგავს, რომელიც მზის ბრწყინვალებით ბრწყინავს, მაგრამ უმცირესი დარტყმისასაც კი იმსხვრევა."
"პირფერი ადამიანი ყოვლეგვარ მხეცზე საშინელია. ცხოველი ისეთს გიჩვენებს საკუთარ თავს, როგორიც არის სინამდვილეში, პირფერი ადამიანი კი ხშირად თავმდაბლობისა და სათნოების ნიღაბქვეშ მალავს თავის შხამს, ასე რომ, ძალზე ძნელია, ამოიცნო და ფრთხილად იყო მის ვერაგობასთან"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს! - სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"პირფერი ადამიანი იოაბს ჰგავს, რომელსაც ამესიას მკვლელობის განზრახვა ედო გულში; ეს არის იუდა, რომელმაც ამბორით გასცა ძე კაცისა".
"ვინმეს გულწრფელ შექებასაც კი ერიდე, რადგან თავმდაბალ ადამიანს ის არ უყვარს, ამპარტავანი კი კიდევ უფრო ქედმაღალი ხდება"
"არის სამყაროში რაღაც ისეთი, რასაც არ შეიძლება, ეწოდოს პორფერობა, მაგრამ მას ჰგავს: ეს თავაზიანობაა"
"ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენს წინაშე და გეპირფერებოდეს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი - პატივმოყვარე და ამპატავანისა!"
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"როდესაც პირფერები ჩვენს ქებას იწყებენ, გავიხსენოთ ჩვენი ყველა უკანონო ქმედება და ისე დავუჯეროთ პირფერობის ცრუ ხმას. მაშინ მშვენიერი პიროვნება, რომლის მორგებასაც ცდილობენ ჩვენზე, ჩვენს დამახინჯებულ სახეს აღარ მიესადაგება"
"მლიქვნელნი, ჩვეულებისამებრ, სხვაში იმას ხედავენ, რასაც თვითონ აკეთებენ, თანაც - გაცილებით ხშირად"
"დაუკვირდით, რომ უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ საუბრობს პატისონებაზე. ნუ ენდობით იმას, ვინც ზედმეტად აქებს პატიოსნებასა და გულუხვობას, და ნუ დაეძებთ დაცვას იმისაგან, ვინც უდროოდ და ყველგან მამაცობაზე საუბრობს!"
"მლიქვნელებს ფუტკარივით ბაგეზე თაფლი აქვთ, გულში კი - ბოღმა"
"ჩვენ, ადამიანებს შორისაც არ არის იმდენად საძაგელი ის, ვინც სიყვარულსა და პატივისცემას არ გვიჩვენებს, რამდენადაც ის, ვინც საძულველს სიყვარულს უჩვენებს. ანდა, საძაგელს საპატიოსავით ექცევა: ასევე, განა არ იქნება, საძაგელი ყოვლისმჭვრეტელი ღვთის წინაშე ის, ვინც სათნოებისა და სიწმიდის წინაშე მხოლოდ გარეგნულად გამოხატავს მოკრძალებას, რაც გულში არა აქვს?"
"ვისაც გულში სიავე აქვს და ენით კი მლიქვნელობს, მისი ლოცვა და ღვაწლი ამაოა"
"როგორც ნაყოფის შიგნით გაჩენილი მატლი მთელ შიგთავსს სპობს და მხოლოდ გარეკანს ტოვებს საღს, ასევე, პირფერი მთელ შინაგან სათნოებას ანადგურებს"
"პირფერებს ხშირად იგივე ემართებათ, რაც ცხოველებს, რომლებიც საკუთარ ბუნაგში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, მაგრამ ადრე თუ გვიან გამოდიან და გამოჩნდებიან ხოლმე. ასევე, პირფერებმა, რაც არ უნდა დაფაროს საკუთარი თავი სიმართლის ნიღბით, შემდგომში მაინც გამომჟღავნდება მათი მდაბალი სული".
"მართალი ადამიანი არ მედიდურობს, თუ ადამიანები განადიდებენ!"
"ფარისევლური ქება მართლისათვის აუტანელი ტვირთია"
"თუ თავს იქებ, ღმერთი არ შეგაქებს!"
"არის განკიცხვა, რომლის დამსახურებაც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე - ზოგიერთი ქებისა. ასეთია, სწორედ, განკიცხვა სამყაორსაგან მისი საქმეებისა და ჩვეუელბებისაგან ჩამორჩენია, და ქრისტესათვის სრული მიმდევრობის გამო!"
"რა შეიძლება იყოს იმაზე უგუნური, ვიდრე ეძიებდე საკუთარი საქმეებით ქებას უძლური ადამიანებისაგან და გძაგდეს ქება იმისა, ვისაც აქვს ძალმოსილება, მისთვის სათნო საქმეებისათვის მოგაგოს სანაცვლო?"
/წმიდა იოანე ოქროპირი/
"თუ დაინახავ, რომ ვინმე პირმოთნეობით გაქებს, თავის დროზე მისგან გაკიცხვასაც ელოდე"
/წმ. მარკოზ განშორებული/
"ჭეშმარიტ სულიერ სიმაღლეზე ასულ ადამიანს მწუხარებასაც კი ანიჭებს ქება-დიდება, ხოლო შეურაცხყოფა - სიხარულს"
"ვინც რაიმეს გამო ერთდროულად აქებს და აძაგებს მოყვასს, ის პატივმოყვარეობითა და შურით არის შეპყრობილი: ქებით შურის დამალვას ცდილობს, ძაგებით კი თავს მასზე უკეთესად წარმოაჩენს"
/წმ. მარკოზ განშორებული/
"წმინდა მამა ამბროსი ოპტელმა თავის მორჩილს, წმინდა იოსებს, უთხრა: გარდაცვალების შემდეგ "ჩემი სხეული აყროლდებაო". სულიერმა შვილმა მიზეზი ჰკითხა, რაზეც ღირსმა მამამ უპასუხა: ეს იმიტომ მოხდება, რომ სიცოცხლეში ბევრი დაუმსახურებელი ქება-დიდება მივიღეო. მართლაც, როცა წმინდა ამბროსი გარდაიცვალა, მის ცხედარს საშინელი სუნი აუვიდა. გეგონებოდა, საცაა, ერთიანად გაიხრწნებაო. მაგრამ მოხდა პირიქით - რაც დრო გადიოდა დაკრძალვამდე, ნელ-ნელა ქრებოდა ეს სუნი. ხოლო დაკრძალვისას ცხედრის გარშემო სასიამოვნო სურნელება დატრიალდა"
"როდესაც აბსოლუტურად გულგრილი ხარ როგორც შექების, ისე ლანძღვისადმი, მაშინ სწორ გზაზე დგახარ. ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება ამბავი ამურისა და ფსიქეს შესახებ. ეს ისტორია ძალიან უყვარდათ ქრისტიანებს. ფსიქეს ქალღმერთისავის საგანძურის შესანახი ყუთი უნდა მიეტანა სიკვდილის ქვეყნიდან. გზაში მას ყურადღება არ უნდა მიექცია არც შექებისთვის და არც ძაგებისთვის, უნდა ევლო პირდაპირ და ხმა არავისთვის გაეცა. ეს იგავი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იაროს ადამიანმა, რომ თავისი საგანძური დაუზიანებლად მიიტანოს სიკვდილის ქვეყნიდან მარადიული ცხოვრების ქვეყანაში"
/მღვდელი დანიელ სისოევი/
"დიდია ის კაცი, - ამბობს ღირსი მამა [იოანე სინელი] - ვინც სიხარულით მიიღებს გინებას, ხოლო წმიდა და პატიოსანია იგი, ვინც ქებას თავს უვნებლად გაარიდებს"
"ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მის წარმოდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა მისი დამარცხების ყველა სურათი და სიმხდალის გამოვლენის ყველა შემთხვევა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მამა იერონიმე ამბობდა: "როცა გაქებენ, იფიქრე: ისინი არ მიცნობენ, მე კი ვიცი ჩემი თავის ამბავი, - და როცა ამპარტავნული ფიქრები გეწვევა, შენი ცოდვები გაიხსენე"
"ღვთის წინაშე დიდია ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას სიხარულით მიიღებს, მაგრამ გაცილებით დიდი ის, ვინც ქებას უვნებლად მიიღებს, თავს ქება-დიდების ღირსად არ ჩათვლის"
"როდესაც ადამიანი სხვებისგან ქებას ისმენს საკუთარი ღვაწლის გამო, ის თითქოს უკეთ ხედავს თავის მონაპოვარს, მაგრამ მაშინვე კარგავს მას. ადამიანმა ყოველთვის უნდა დაარწმუნოს თავი, რომ არანაირი სულიერი სიმდიდრე არ მოეპოვება, მაგრამ თუ ჩათვლის, რომ სულიერი განძის მფლობელია, მაშინვე განაქარვებს მას"
"ყველაზე ცუდი, რაც პატივმოყვარე ადამიანს შეუძლება გაუკეთო, ესაა პირში ქება. თუ პატივმოყვარეობა ყოველი საქმიდან შემოდის ჩვენში, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ განვეშოროთ ადამიანთაგან ქებას.
როდესაც პირში გვაქებენ და ჩვენს კეთილ საქმეს განადიდებენ, გავიხსენოთ ჩვენი ნაკლოვანებანი, გავიხსენოთ ისიც, რომ სიკეთე ჩვენი ძალით კი არა, ღვთის წყალობით აღვასრულეთ. თუ ასე მოვიქცევით, მოვახერხებთ ვძლიოთ ამპარტავნებას და შევინარჩუნებთ უმაღლესი ქრისტიანული სათნოება - სიმდაბლე"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"დედამიწაზე ღვთისა და ზეცისათვის ვიღვაწოთ და არა კაცთათვის! კაცთათვისაც ვიღვაწოთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ჩვენი შექება გამოვტაცოთ, არამედ იმისთვის, რომ მათ ჭეშმარიტი სარგებელი მოვუტანოთ, რისთვისაც ისინი ხშირად ფლეთენ თავიანთ კეთილისმყოფელებს ისევე, როგორც ხშირად სულელი და მძვინვარე მხეცები ფლეთენ მათ, ვინც მათზე ზრუნავს და კვებავს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ფარისევლობა დღეს, უმრავლეს შემთხვევაში, არა განკიცხვის, არამედ ქების საგანია. თანამედროვე ცხოვრებაში სწორედ მათ აქვთ წარმატება: პირდაპირი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის ნაცვლად ურთიერთობისთვის ფარისეველი ურჩევნიათ.
ეს იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ იყვნენ "ელასტიურნი", "მოხერხებულნი" თავიანთ პატივმოყვარე მიზნების შესრულებაში. "ცნობადობის", "პოპულარობის" მისაღწევად ისინი მზად არიან ნებისმიერი ნიღაბი მოირგონ, ოღონდ ყველას მოაწონონ თავი, ყველას აამონ და დაიმსახურონ საყოველთაო ქება და აღიარება"
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"ხალხისგან ქების თვითკმაყოფილებით მოსმენა ასკეტის სულში შეუმჩნევლად წარმოშობს თავდაჯერებლობას, რომ ის მართლაც სჯობს სხვებს და სინამდვილეში მართალი და წმინდა ადამიანია. აქედან შორს არ არის ამპარტავნებით დაცემა"
"როდესაც ადამიანები პატივს მოგაგებენ და გაქებენ, უთხარი შენ თავს: "მე ამას არ ვიმსახურებ, ეს მე არ მეკუთვნის, არამედ შენ, უფალო!"
"ამ წუთისოფელში ჩვენ ყველანი ისე ვართ, თითქოს ბაზარზე გასაყიდი საქონელი ვიყოთ. ერთნი ჩვენს ფასს მაღლა წევენ, მეორენი - გროშადაც არ გვაგდებენ.
ამაღლება და დამცირება, რაც ადამიანებისგან ჩვენი მისამართით გვესმის, ჩვენს გულში ყოველთვის ორმაგ შეგრძნებას იწვევს: შექებით ვხარობთ, ლანძღვით ვმწუხარებთ. რადგანაც საკუთარი ცნობიერების იდუმალ სიღრმეში ვგრძნობთ, რომ არც შექებით და არც დამცირებით ჩვენს შესახებ ყველაფერი ზუსტად არ არის თქმული, ამიტომ ფხიზლად შევხედოთ ჩვენს მისამართით გამოთქმულ სხვის აზრს, რათა არც უფრთებოდ ვიფრინოთ და არც სასოწარკვეთილების უფსკრულში ჩავცვივდეთ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სულს ღუპავს - ქება,
კურნავს - ძაგება"
"ვისაც აქებ - ვეღარ გამოასწორებ"
"თუ მუდამ გვემახსოვრება, რომ შექება გვწყენს, უამრავი უსიამოვნების თავიდან აცილებას შევძლებთ"
"რაც უფრო მეტად იქებ თავს, მით მეტად შერცხვები"
"რაც მეტს დაიკვეხნი, მით მეტად გასცემ თავს"
"არასოდეს შეაფასო საკუთარი თავი იმაზე მეტად, ვიდრე სხვები გაფასებენ"
"არასოდეს ისურვო საკუთარ თავზე კარგისა და საქებარი სიტყვის თქმა, არამედ ყოველთვის გაკიცხე იგი და გაშოლტე, უწოდე თავს ცოდვილი, მეძავი, არაწმინდა და წყეული"
"ცუდია, როცა ირგვლივ ყველა გაქებს"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"ყურადღება მიაქციე და სხვებსაც უთხარი: "ფრთხილად იყავით, ნუ აქებთ ერთმანეთს პირში, რადგან ქება არათუ თქვენ, ჯერ კიდევ სუსტებს, არამედ სრულყოფილებსაც კი ვნებს"
/წმ. იოსებ ისიქასტი/
"გვმართებს, ყოვლითურთ განვერიდოთ კაცობრივ ქებას და, გვახსოვს რა წმინდა დავითის ნათქვამი: ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი (ფს. 52,2), განვდევნოთ ყოველგვარი მაცდური გულისსიტყვა"
"ფსალმუნში წერია და წმიდა მამებიც გვაფრთხილებენ, რომ შექება არ არის კარგი - მე აქ ვაქებ მამა იაკობს [უშიკიშვილი], მე მის საქმეს აღვწერ... შექება სხვაა, შეფასება კი სულ სხვა"
/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/
"ადამიანები იცვლებიან - დღეს გაქებენ, ხვალ კი გაგინებენ"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"იცოდე, რომ აუგად მოხსენიება და გაკიცხვა, მართალია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ სასარგებლოა და მაცხოვნებელი ჩვენთვის. უნდა ერიდო ქებას, რადგან ის ზრდის პატივმოყვარეობას და საკუთარ თავზე წარმოდგენას: მწუხარებაა აღმატებული ქება"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"ასეთი თავის ქების შემდეგ მართლაც ვერაფერი გვიშველის, ვიდრე თავს არ დაიმდაბლებ და არ შეინანებ"
/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"ვინც გვაქებს, გვაცდუნებს და ცხოვრების გზებს გვირევს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ჩვენ ყველანი ამქვეყნად თითქოსდა ბაზარზე გამოფენილი საქონელი ვართ. ერთნი ჩვენს ფასს ზეცამდე აღამაღლებენ, მეორენი კი გროშის ფასად მიიჩნევენ.
ქება და ძაგება, რომლებსაც ჩვენ ადამიანებისაგან ვღებულობთ, ჩვენს სულს ყოველთვის აორებენ: სულის ერთ ნახევარს უხარია ქება, ხოლო წუხს ძაგების გამო. რადგან საკუთარი შემეცნების საიდუმლო სიღრმეში ვგრძნობთ, რომ არც ქებითა და არც ძაგებით ჩვენს შესახებ სრულყოფილად არაფერია ნათქვამი. ფხიზლად უყურე გადამეტებულ ქებასაც და ძაგებასაც - რამეთუ შენ არცერთს არ იმსახურებ, - რათა ფრთების გარეშე არ აფრინდე, ანდა სასოწარკვეთილების უფსკრულში არ ჩავარდე"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ის, ვინც ღმერთს ეძებს, ქრისტეში ცხოვრობს, გაურბის ქებას და ორპირობას, ცხოვრობს გულის უბრალოებითა და რწმენისეული სიწმინდით. ამით გამოირჩევიან ღვთის შვილები!"
"უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობის წყარო არის ადამიანთა მხრიდან გამოჩენილი განდიდებისა და ხოტბის სიძულვილი. თუმცა ზოგჯერ საჭიროა ვინმემ გაგვამხნეოს, განსაკუთრებით, როცა გულგატეხილები ვართ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაცთაგან მხოლოდ ქება-დიდება გვსურდეს. სამწუხაროდ, ჩვენ გვიყვარს, როცა გვაქებენ!"
"უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობის წყარო არის ადამიანთა მხრიდან გამოჩენილი განდიდებისა და ხოტბის სიძულვილი. თუმცა ზოგჯერ საჭიროა ვინმემ გაგვამხნეოს, განსაკუთრებით, როცა გულგატეხილები ვართ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაცთაგან მხოლოდ ქება-დიდება გვსურდეს. სამწუხაროდ, ჩვენ გვიყვარს, როცა გვაქებენ!"
"ადამინაური ქება სათნეობებს გვპარავს, როცა მათ ცხადად ვასრულებთ, როცა მათ დაფარვას არ ვცდილობთ; და ჩვენ შეუმჩნევლად გვიტაცებს კაცთმოთნოება, თვალთმაქცობა, პირფერობა"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"გაქებენ... რა გასაკვირია? უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო, ნათქვამია. ჩვენს საზოგადოებას ეს კარგად ახასიათებს - სათნოების აჩრდილსაც კი პატივს სცემენ. თუმცა თქვენთვის ქება მეტისმეტად სახიფათოა.
წყლის წვეთი ქვას ხვრეტს. ცოტა-ცოტა ქება თავმოყვარეობის ჭიას ეცემა და კვებავს; მერე ეს ჭია ჩვენთვის შეუმჩნევლად იზრდება; სანამ არ მომაგრდება, სიმდაბლესაც უტოვებს ადგილს, ხოლო როცა მომწიფდება, ყველაფერს ერთბაშად მოცელავს. სახიფათოა!
კიდევ რა? ქება გულს უღიტინებს, საღმრთო მოშურნეობას შრეტს და კაცს ძალას ართმევს. ქება იგივეა, რაც მორბენალისთვის ფეხის დადება. სულიერ ცხოვრებაში შეჩერება უკვე უკუსვლას ნიშნავს, ეს კი ძალიან ცუდია!
რა უნდა ვქნათ? თავი დაიმდაბლეთ, გულის და გონების ამპარტავნება კი თავის განქიქებით დააცხრეთ. როდესაც ტკბილი სიტყვების კენჭებს გესვრიან, თქვენს გულში შედით და ყველანაირად დაიმცირეთ თავი ღმერთისა და წმინდანების წიანშე.
რა ღვაწლი თავს იდეს წმინდანებმა, რათა ღმერთის წინაშე სათნო-ყოფისათვის მიეღწიათ! ჩვენ კიდევ რაო? ერთხელ ეკლესიაში შევივლით, შინ ხუთიოდე მეტანიას გავაკეთებთ, ერთი-ორ სულის მარგებელ წიგნს წავიკითიხავთ და უკვე წმინდანები გვგონია თავები!
ამის წამალი ფიზიკური შრომაა, სიმდაბლის კარგი მასწავლებლები არიან მსახურებიც. ინატრეთ შეურაცხყოფა, მით უფრო დაუმსახურებელი, ყოველ შემთხვევაში, მას ისე მაინც შეხვდით, როგორც უფლის მიერ ამპარტავნების საკურნებლად მოვლენილ წამალს.
მაგრამ ნუ გგონიათ, რომ დამოუკიდებლად შეძლებთ რაიმეს გაკეთებას. შეწევნა სთხოვეთ უფალს, რომელიც მონის მდგომარეობამდე დამდაბლდა - ის გასწავლით ყოველივეს. ოღონდ ამ საქმეს დაუდევრად ნუ მოეკიდებით.
ქება ყინულად გაქცევთ და თქვენგან მარმარილოს ქადაგება გამოვა: გარეგნულად, შესაძლოა, ლამაზიც, მაგრამ უსიცოცხლო. ღმერთმა დაგიფაროთ! ამას ისა სჯობს, ტალახში ეგდოთ და ყველა ფეხს გაბიჯებდეთ"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"არად ჩავაგდოთ კაცობრივი ქება, ყოველთვის გვახსოვდეს შიში ღმრთისა, და მაშინ ყველაზე მრისხანე ვნებებიც კი დადუმდებიან"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience