ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...
"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე".
/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/
"წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს, რომ "სულითა... ელიასითა" ასე უნდა გავიგოთ: ელია წინასწარმეტყველის მსგავსად წმინდა იოანეშიც მოქმედებდა მადლი; როგორც ელია იქნება წინამორბედი უფლის მეორედ მოსვლისა, ასევე წმინდა იოანე იყო წინამორბედი მაცხოვრის პირველად მოსვლისა. "ძალითა ელიასითა" კი ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველ ელიას და ნათლისმცემელ იოანეს მოსვლას ერთი და იგივე ძალა აქვს - ადამიანები ქრისტესთან მიჰყავს."
"სახელი, იოანეც, ზეცამ შეურჩია მომავალ წინასწარმეტყველს"
"ნათლობის მიღების მსურველები იოანეს მდინარე იორდანეში შეჰყავდა, აქ იღებდა მათგან აღსარებას და ღმერთს ევედრებოდა მათი ცოდვების მიტევებას. ამის შემდეგ იგი წარმოთქვამდა: "გნათლავთ მომავალი მესიის სახელით", - გვაუწყებს საეკლესიო გადმოცემა".
"ბერის სულიერი ცხოვრების პროგრესი და სრულყოფილებისაკენ ლტოლვა თავის უარყოფით, მარხვით და ვნებებთან ბრძოლით იჩენს თავს, სწორედაც იოანეს წელზე შემორტყმული ტყავის ქამარი სხეულის მოკვდინების სიმბოლოდ იქცა, ხოლო სარტყელი სულიერი შრომისთვის მზადყოფნა.
მისი ცხოვრება მიგვანიშნებს, რომ სამოსი და საჭმელი მეორეხარისხოვანია.
წმინდა კლიმენტი რომაელის თქმით, თაფლი, რომელსაც იოანე ჭამდა, მწარე და უამური იყო, ხოლო მხალი, წმინდა ისიდორე პელუროტის განმარტებით, უდაბნოს განსაკუთრებული ბალახის თავები იყო, რითაც, თავისი სულიერი მასწავლებლის მსგავსად, შემდგომ წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი იკვებებოდა".
/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/
"ჟამთააღმწერლის ცნობით, ოპიზის მონასტერში ინახებოდა წმ. იოანე ნათლისმცემლის ხორხი. გადმოცემით ვიცით, რომ ოპიზის ასაოხრებლად შემოსეულ მონღოლთა ლაშქარს წმ. იოანე ნათლისმცემელმა ქარიშხალი მოუვლინა და ასე იხსნა მონასტერი განადგურებისაგან".
ფსალმუნი 131
17. "მუნ აღმოუცენო რქაი დავითს და განვუმზადო სანთელი ცხებულსა მისსა"
- აქ იშვება მარადიული მეუფე და აქ განვუმზადო სანთელი ცხებულსა მისსაო. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, სანთელში უნდა ვიგულისხმოთ იოანე ნათლისმცემელი, აქ იქნება ანთებული ეს სანთელი, რომელიც გზას განუმზადებს ცხებულს ჩემსა, ანუ განკაცებულ მაცხოვარს - ქრისტესო.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ნათლისმცემელი იოანე. უფლის წინამორბედს დიდ პატივს მიაგებდნენ ქართველები. მთაში მას "ბალღების მფარველს" ეძახდნენ. ამიტომაც შვილებს მის სახელს ხშირად არქმევდნენ. წმინდა იონეც დიდად შეეწეოდა ჩვენს წინაპრებს.
ეს ამბავი XIII საუკუნეში მოხდა. თეგუთარს, აბაღა ყაენის მამას, ესმა ოპიზის მონასტრის სიმდიდრე და მისი გაძარცვა მოინდომა. ათასი მხედრით ოპიზისკენ დაიძრა. მაგრამ "არა დაიდუმნა მსჯავრმან ზენამან", წმინდა იოანე ნათლისმცემლის გამო, ვისი სახელობისაცაა მონასტერი და იქ მოღვაწე მტრისგან მოწყვეტილ წმინდა მამათა ლოცვით დაიხსნა წმინდა სავანე. მტერი დადგა იმ მთის ძირას, რომლის თავშიც ოპიზის მონასტერია აშენებული. ამ მთის ძირში, რომელსაც ძეგლს ეძახდნენ, იდგა წმინდა გიორგის ეკლესია. ისეთი ნისლი ჩამოწვა, მტერი წინ ვერ მიიწევდა. მოვარდა წვიმა, სეტყვა, ხორშაკი, მდინარესავით წამოვიდა ნიაღვარი, წაიღო თათარნი ცხენიან-კაციანად. მხოლოდ ერთი ამბის მთხრობელი გადარჩა, რომელიც ეახლა თეგუთარს და უთხრა, - იქ ღვთის სახლია და მისვლას ერიდეო.
წმინდა ალექსი შუშანია რამდენიმე წელი სალოსობდა, მერე კი თავის დედასა და დებს სთხოვა, ერთი შვიდეული ემარხულათ და შევედრებოდნენ მაცხოვარს, განეცხადებინა მათთვის თავისი ნება - ამიერიდან როგორ ეცხოვრა. ბოლო ღამეს წმინდა ალექსიმ იხილა: ერთი საჟენის სიმაღლეზე გამოჩნდა ჰაერზე მდგომარე იოანე ნათლისმცემელი, ისე, როგორც ისრაელში იმოსებოდნენ, ხელში ჯვრიანი კვერთხი ეპყრა და ალექსის უთხრა: "რას წუხხარ?" "არ ვიცი, წმინდაო, რა გზას დავადგე", - მიუგო წმინდა ალექსიმ. იოანემ უთხრა: "შენთვის დაუსაბამო ღმერთს ვთხოვეთ და ბრძანა: "თერთმეტამდე არ იქნება და თერთმეტის შემდეგ ნახავო". მხოლოდ ამ ხილვიდან მეთერთმეტე წელს გამჟღავნდა უფლის ნება, როცა წმინდა ალექსიმ ნებართვა მიიღო მწყემსმთავრისგან და ზედა თეკლათში მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი ააშენა.
"დარიალისკენ, თერგის ნაპირას ნათლისმცემლის ნიშია, სადაც 11 სექტემბერს დიდი ხატობა - "ივანობა" იმართებოდა. აქვეა ნათლისმცემლის კლდეზე აგებული ერთ-ერთი უძველესი ტაძარი. ეს ეკლესია ადრე მოხატული ყოფილა. წინათ აქ მთელი ხევი მოდიოდა. ივანობას ხატობაში "ბერად შეყენებულს" მიიყვანდნენ, ხელში თავის სიგრძე კელაპტარს მისცემდნენ და წმინდა იოანეს შეავედრებდნენ. წმინდა იოანე ნათლისმცემელს ხევში ბავშვების მფარველად მიიჩნევენ. წინათ მოხუცი დედაკაცები ნათლისმცემლის პატივსაცემად თეთრი სამოსით შემოსილნი ფეხშიშველნი მიდიოდნენ სალოცავში. ზოგი ავადმყოფ შვილს ნათლისმცემლის წყაროზე დაბანდა პირს, თანაც წმინდა იოანეს შეავედრებდა პატარას."
"ეს იოანე ნათლისმცემელია, მონაზონთა მოძღვარი და მასწავლებელი. მასთან ერთობაში ყოფნის მსურველებმა მის ცხოვრებასა და სათნოებებს უნდა მიბაძონ".
"იოანე ნათლისცმელის სახე მკაცრია, ასკეტური. იგი უდაბნოს მკვიდრია, ამა სოფლისგან გარიყული. მას წინამორბედს უწოდებენ, რამეთუ იგი წინ უძღვის ქრისტეს გამოჩენას. ყველაფერი, რაც ქრისტეს შეემთხვა, თავდაპირველად წინამორბედს ერგო წილად. იოანეს მშობლებს ხარება ღვთისმშობელზე ადრე ეუწყათ, იგი ქრისტეზე ადრე იშვა და უდაბნოშიც მასზე აზრე წავიდა. ნათლისმცემელი ქრისტეზე ადრე ქადაგებს იმას, რაც შემდეგ მაცხოვარმა იქადაგა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე, 3,2). იოანე ქრისტეზე ადრე მიეცა სიკვდილს, შეურაცხყოფა და საპყრობილეც მაზე უწინ გამოსცადა; ჯოჯოხეთშიც უფრო ადრე ჩავიდა და იქ მყოფთ ქრისტე უქადაგა".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"იოანე ნათლისმცემელი ჩვენი სინდისია, ხმამაღლა რომ გვამხელს ცოდვის ჩადენის დროს. ჩვენ გვეზიზღება სინდისი, გვსურს მიყუჩდეს და არ გვაწამებდეს, ამიტომ მას ვახშობთ, ვთრგუნავთ და თავის გამართლებას ვეძებთ. ეს იოანეს დილეგში ჩამწყვდევას ჰგავს".
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
"1204 წლის 13 აპრილს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს. როგორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის ზარხუფის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე. მარცხენა წარბის ზემოთ ღრმული მოჩანდა, სავარაუდოდ, ნახანჯლარი. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა ამოიკითხა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ამასთან, წარბთან არსებული ღრმული თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა. მისი მოწმობით, გაცეცხლებულმა ჰეროდიადამ წმინდანის მოჭრილ თავს ხანჯალი ჩასცა."
/"კარიბჭე" N18, 2006, გვ.42/
"- ტრადიციულად როგორი სახით გამოისახებოდა უფლის წინამორბედი?
- მაგალითად, სინას მთის ხატზე წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოსახულია აქლემის ბეწვის შესამოსლით. აქლემი უდაბნოს ცხოველია. ამაში დევს გარკვეულწილად ამქვეყნიური რეალიზმიც და სიმბოლური დატვირთვაც. აქლემი გახლავთ სანახევროდ წმინდა, სანახევროდ უწმინდური ცხოველი და მისი ბეწვით შემოსილობა მინიშნებაა სწორედ იმაზე, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის უდაბნოს მქადაგებელი, "ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა". წმინდა იოანეს გამოსახულებები გვხვდება სხვადასხვა იკონოგრაფიულ ვარიანტში. მათ შორის გამოსახულია ფრთებით, როგორც უდაბნოს ანგელოზი. საგალობლებში მას უწოდებენ ,,თანამზრახველს ანგელოზთა". ფრთები არის მინიშნება მის არაამქვეყნიურ ბუნებაზეც.
ძალიან ხშირად წმინდა იოანეს ხელთ უპყრია ჯვრით დაბოლოებული კვერთხი, არის ისეთი ხატებიც, სადაც მას ხელთ აქვს ლანგარი, რომელზეც მისი მოკვეთილი თავია დასვენებული. ხატები მოკვეთილთავიანი გამოსახულებებით შედარებით გვიან, დაახლოებით XIII საუკუნიდან ჩნდება, რაც დაკავშირებულია მისი აღსრულების ისტორიასთან. მოკვეთილი თავის გამოსახულებებს ვხვდებით ასევე სცენებში, რომლებშიც არის სალომეა მოკვეთილთავიანი ლანგრით და იქვე, გვერდზე წარმოდგენილია თავის კვეთის სცენაც. ანუ ასეთ გამოსახულებებში ჩნდება ხატისთვის დამახასიათებელი თვისებები. შესაძლებელია უკვე ერთ ხატში გაერთიანდეს, ერთ სიბრტყეზე წარმოდგეს არაერთდროული მოვლენები და ეპიზოდები."
"ოჰ, მსწრაფლგამომასწორებელო კაცთმოყვარე სასჯელო!.. ანგელოზს ხმადაბრკოლებული (იგულისხმება ზაქარია) გონს მოჰყავს და კადნიერ ენას ლაგამს სდებს.
დამუნჯებული დაბადებას მოელის ხმისას, ზაქარია - იოანეს, მოხუცი - შვილს, მღვდელმსახური - წინასწარმეტყველს".
/წმ. იოანე ოქროპირი/
-
"- რატომ დააწესა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს ეკლესიამ მძიმე მარხვა?
- იოანე ნათლისმცემლის შესახებ თავად უფალი ბრძანებს: "არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოანე ნათლისმცემლისა..." მის სახელზე დადგენილია ეს ერთდღიანი მარხვა - მარხვა სინანულისა, რომლის დაცვითაც აქედან, ჩვენი დროიდან ვეხმიანებით და გამოვხატავთ ჩვენს შინაგან პროტესტს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის მიმართ. პროტესტს გამოვხატავთ ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვებითაც - ოთხშაბათის მარხვით ვაღიარებთ, რომ არ ვართ იუდას მსგავსნი, პარასკევის მარხვით კი - რომ არ ვდგავართ იმათ გვერდით, რომლებიც გაიძახოდნენ: "ჯვარს აცვი იგი".
/მეუფე ანტონი (ბულუხია)/
"ის [წმ. იოანე ნათლისმცემელი] არის ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის - კაცობრიობა ძველი აღთქმიდან ახალში გადაჰყავს, სინანული გარეგნულიდან შინაგანში გადააქვს."
/მეუფე ანტონი (ბულუხია)/
"ძალზე ახალგაზრდა იყო მამა ეფრემი (ერისკაცობაში იანაკისი), როცა მამა იოსებ ათონელის (მღვიმელის) ამბავი შეიტყო და მოესურვა ათონის მთაზე ბერად შედგომა. "ხომალდი წმინდა ანას სკიტის ნავმისადგომს მიაგა, სადაც პატიოსანი მამა ღირსი არსენი (მამა იოსების მეგობარი და თანამოსაგრე) გველოდებოდა, - ჰყვება იგი, - "შენ ხომ არა ხარ ვოლოსელი იანაკისი?" - მკითხა მან. "დიახ, მამაო, მაგრამ საიდან მიცნობთ?" "ეს მამა იოსებმა წმინდა ნათლისმცემლისგან შეიტყო - იგი მას გამოეცხადა გუშინ საღამოს და უთხრა: "ჩემს ერთ კრავს გიგზავნი და შენს ბაკში შეიყვანეო", - მითხრა მამა არსენმა. ფიქრები წმინდა იოანე ნათლისმცემლისკენ გამექცა, ჩემს მფარველთან, რომლის დაბადების დღესაც დავიბადე. უდიდესი მადლიერება ვიგრძენი ჩემდამი ზრუნვის გამო".
იმ საღამოს იანაკისმა მღვიმეში გამოკვეთილ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მუხლი მოიდრიკა, რაც ნიშნავდა მორჩილად შედგომას."
"თეკლათის დედათა მონასტერშია წმინდა იოანეს ცერა თითის ძვალი, რომელიც დეკანოზ გიორგი ახვლედიანს საბერძნეთში შეუძენია ორას თუმნად. არსებობენ თვითმხილველნი, რომლებიც შესწრებიან თეკლათში დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევას ნათლისღებისას, რომელიც მამა კონსტანტინემ (ქვარაია) შეასრულა. მამა კონსტანტინემ წყალში წმინდა იოანეს ცერი შთაასვენა. ამ ხანგრძლივი ლოცვის განმავლობაში წმინდა იოანეს თითი წყლის ზედაპირზე ვერტიკალურად იდგა და თითქოს უხილავად აკურთხებდა წყალს."
"მამა პაისის ათონზე განმარტოებისთვის ივერიის სკიტის ახლოს ერთი ადგილი მოეწონა. როცა კურთხევისთვის სკიტის უფროს მონაზონთან მივიდა, იქ კალივის აშენების ნება დამრთეთო, მონაზონი აყვირდა - თავი ვინ გგონია? რომელი მოღვაწე შენა ხარო! იმავე ღამეს გამოეცხადა ამ მონაზონს წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ვისი სახელობისაცაა ეს სკიტი, და ცემა დაუწყო. შეშინებულს გამოეღვიძა, გაიქცა ტაძარში. წირვის შემდეგ შეყარა მამები და ყველაფერი უამბო. მათ განსაჯეს და მამა პაისის არა მარტო ამორჩეულ ადგილას დასახლების ნება მისცეს, სამშენებლო მასალით დატვირთული ჯორებიც კი გამოუგზავნეს."
-
"ძალიან ძნელია ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოიძებნოს ისეთი უდიდესი დღესასწაული (თუ არ ჩავთვლით ჯვარცმასა და შემდგომ აღდგომას მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი) თავისი ტრაგიზმით და სულიერი გაცისკროვნებით, როგორიც იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთაა."
/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/
"იოანე ნათლისმცემლის სახელდება "წინამორბედი" მის უდაბნოდან გამოსვლას, ქადაგებას და მაცხოვრამდე ექვსი თვით ადრე შობას გულისხმობს."
"მოკვეთილი თავის ბაგემ კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე ანტიპა: "ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას ფილიპეს ცოლი".
"უმწიკვლო და უზადო წინასწარმეტყველი"
"წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან გამომდინარე მისი სახე ძირითადად არის გამხდარი და ასკეტური, თმა - გაწეწილი".
"წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც "უზეშთაესი წმინდანთა შორის", წელიწადში ყველაზე ხშირად იხსენიება. ჯერ მარტო სამჯერ არის დაწესებული მისი პატიოსანი თავის პოვნის დღე. შევთხოვოთ ამ უდიდეს წმინდანს, როგორც ეს მისი უმთავრესი მისიაა, უფლის წინაშე იყოს შემწე და მფარველი ადამის მოდგმისა და ჩვენი ერისა."
"მამა ისააკი (დიონისელი, +1932) მორჩილობისას მოძღვარმა ზამთარში სასწრაფო საქმეზე კარიესიდან დიონისიატში გაგზავნა. ხუთი საათის სავალი იყო ეს გზა. მიდის მამა ისააკი, თოვლმა ბილიკი დაფარა და აღარ იცის, რა ქნას ახალგაზრდა მორჩილმა. აღაპყრო ხელნი, შეევედრა უფალს და წმინდა იოანე ნათლისმცემელს და მონასტერში მიყვანა სთხოვა. წამისყოფაში მამა ისააკი საღმრთო განგებულებით უფალმა დიონისეს მონასტრის კარებთან გადაიყვანა. მონასტრის დარაჯი კარს კეტავდა, როცა მის წინ მამა ისააკი გაჩნდა, შეეშინდა და ეს შიში უფრო გაუძლიერდა, მამა ისააკის უკან თოვლში ნაკვალევი რომ ვერ დაინახა - როგორ მოხვდი აქ ამ თოვაშიო. მამა ისააკმა სასწაულის გამჟღავნება არ მოისურვა: "მე აქ მორჩილებით მოვედი ღვთის წყალობითა და წმინდანის მეოხებითო" და წმინდა იოანეს ხატზე მიუთითა."
"დიონისეს მონასტერში ყოველდღიურად 50 სეფისკვერს აცხობდნენ და მონასტრის საჭიროების გარდა განდეგილ ბერებს ურიგებდნენ ლიტურგიისთვის. მაგრამ იმ წელიწადს ფქვილი ცოტა ჰქონდათ. თებერვალში მნეებმა გამოთვალეს, რომ მხოლოდ მათ თუ ეყოფოდათ ფქვილი ახალ მოსავლამდე. მივიდნენ მამა ისააკთან და უთხრეს, ბოლო ტომარაღა დაგვრჩა და განდეგილებს სეფისკვერებს ვერ მივცემთო. რა ექნა მამა ისააკს, ძმებიც მართლები იყვნენ, მაგრამ განდეგილებისთვის როგორ მოეკლო წმინდა იოანე ნათლისმცემლის კურთხევა. მივიდა წმინდა იოანეს ხატთან, ფერხნი დაუკოცნა და როგორც უფროს ძმას, ბავშვური გულწრფელობით შესთხოვა: "წმინდაო ნათლისმცემელო, მე გავაგრძელებ განდეგილებისთვის სეფისკვერის მიცემას. შენ კი შენი წმინდანობით სასწაული ჰქენი, იმგვარად მოიქეცი, რომ ფქვილი ახალ მოსავლამდე გვეყოს".
სასწაული მოხდა: 22 ივნისამდე ჩვეულებისამებრ აცხობდნენ პურს, ტომარაში კი ფქვილი არ ილეოდა, ნათლისმცემლის შობის დღესასწაულიდან ორი დღის მერე კი მონასტრის ნავსადგურს ხორბლით დატვირთული ხომალდი მოადგა..."
"ჰეროდე არაერთგზის ამხილა იოანე ნათლისცემელმა, მაგრამ ის ვერ ბედავდა, შეხებოდა მას. როდესაც საბაბი მიეცა, ბრძანა, თავი მოეკვეთათ მისთვის: თავის დაბადების დღეზე გამართული ლხინის დროს ჰეროდიადას ასულის ცეკვით აღატაცებულმა ჰეროდემ ქალს ნახევარი სამეფო აღუთქვა. სალომეამ დედას მიაშურა რჩევისთვის და მისი შეგონებით სანაცვლოდ ითხოვა "თავი იოანე ნათლისმცემლისაი". ჰეროდე დასთანხმდა და აღასრულა ის, რაც გულში ადრიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ხალხის შიშით ვერ ბედავდა. ფიცი კი ჩანაფიქრის აღსრულების სიმტკიცის საბაბად გამოიყენა და უზნეო სათხოვარი აღასრულა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "რა უნდა იყოს იმაზე საზარელი, წყალობის ნაცვლად კაცის მოკვლა ითხოვოო". წარმოიდგინეთ - ნახევარ სამეფოს გთავაზობენ, შენ კი ამის ნაცვლად ადამიანის მოკვლას ითხოვ და ამას წყალობად თვლი!"
/მეუფე ანტონი (ბულუხია)/
"ათონელმა მამა სერგიმ (ვესნინი) 1843 წელს, კონსტანტინოპოლში ყოფნისას, ბალაკლიის ტაძარი მოილოცა. აქ უძველესი დროიდან სასწაულმოქმედი წყარო მოედინებოდა. მამა სერგი ჰყვება: ამ ტაძარში ხშირად მოდიოდა სულთანი მაჰმუდ II, რომელზეც ამბობენ, ფარული ქრისტიანი იყოო. მან 2000 ფირმანი გაიღო ახალი ტაძრების ასაშენებლად. მათ შორის იყო ბალაკლიის ტაძარიც, რომელსაც ფულთან ერთად შესწირა ორი დიდი ხატი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა, რომლის მიმართაც კრძალვა ჰქონდა, და ხატი წმინდა ზაქარიასი, წმინდა იოანეს მამისა. თურმე როცა მან წმინდა იოანეს ხატი დაინახა, იკითხა, "სად არის მამამისი, თუ ძეს ასეთ პატივს მიაგებენ, მამაც უნდა იყოს მისი დიდების თანამონაწილე და არა მისგან განშორებულიო". სულთან მაჰმუდის ბრძანებით, კანკელში წმინდა ზაქარიას ხატიც მოათავსეს."
"[იოანე ნათლისმცემელი] საპყრობილეში ითანგებოდა სიმართლის გამო".
----
"უფლის ხორციელი ნათესავის [წმ. იოანე ნათლისმცემლის] მთელი ცხოვრება ღვთისადმი მიძღვნილი ერთი ამოსუნთქვა იყო".
"ზამთარში, როცა სალომეა გაყინულ მდინარე სიკორისზე გადადიოდა, ყინული ჩაუტყდა და წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა... გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს; ხოლო თავად ტეტრარქი და მისი ცოლი, გადმოცემით, ცოცხლად შთანთქა მიწამ".
"დღეს მცირე დიდი პარასკევია, რადგან დღეს მოაკვდინეს დედათა ნაშობთაგან უდიდესი - წმინდა წინასწარმეტყველი და ნათლისმცემელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - იოანე. დიდ პარასკევს ადამიანებმა ღმერთი მოკლეს, როდესაც იგი ჯვარს აცვეს. დღევანდელ წმინდა დღეს კი ადამიანებმა მოკლეს ადამიანებს შორის უაღმატებულესი".
/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/
"მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, როდესაც იოანე ქადაგებდა, კაცთა, მით უფრო ღვთის რჩეული ერის, შვილების გულები უდაბნოდ იყო ქცეული და მისი ხმა იყო "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", მან თავისი მისია აღასრულა".
"იოანეს ქადაგებით არაერთი ადამიანი სინანულით განიმსჭვალა. მივიდა უფალთან, მისი ქადადგებით შეიცნეს ქრისტე. სწორედ იოანეს მოწაფეები იყვნენ ურჩეულესი უფლის მოციქულთა შორის - ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი. ვიდრე მაცხოვარს გაჰყვებოდნენ".
"რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღემატება იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია (აქ იესო თავის თავზე ლაპარაკობს, რადგან მაცხოვარი ასაკითაც და ებრაელთა შორის პატივისცემითაც იოანეზე მცირე იყო. არის მეორე განმარტებაც, რომ იესოს მოწაფეებს იმისთანა წინააღმდეგობები შეხვდათ, რომ უმცირესი მათგანი იოანეზე მეტ ჯილდოს მიიღებს)".
"წმინდა იოანე ნათლისმცემელმა არა მხოლოდ შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს".
"სავარაუდოდ, სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო ანტიპამ იოანე მახერუნის ჯურღმულში, რომლის ნანდგრევები დღესაც შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე".
"როგორც "სახარება" გვაუწყებს, მაცხოვრის კაცთა წინაშე გამოჩენას და ნათლისღებას წინ უძღვოდა იოანეს გამოსვლა უდაბნოდან, მისი განცხადება ხალხის წინაშე. მას მანამდე ადამიანებთან ურთიერთობა არ ჰქონდა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"იოანეს წინამორბედობა სჭირდებოდა არა უფალს, არამედ ადამიანებს, რათა იმით, რომ უკვე წინამორბედი გამოჩნდა, გამზადებულიყვნენ მხსნელთან შესახვედრად".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ის [წმ. იოანე ნათლისმცემელი] თავისი ცხოვრებით თვალსაჩინო იყო ყველასთვის. ისე, როგორც იოანე ცხოვრობდა, მანამდე არავის უცხოვრია, ყველა ხვდებოდა, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი კაცი".
"ქრისტიანობის დამცირების მიზნით [იულიანე განდგომილმა] წმინდა ელისესა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილები (წმინდა იოანეს პატიოსანი თავისა და მარჯვენის გარდა) პირუტყვთა ძვლებში არია, დაწვა და ფერფლი მიმოფანტა. დაწვას გადარჩენილი ნაწილები ქრისტიანებმა გადამალეს."
"სახარებაში მოხსენიებული მკალი, რომელსაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი თაფლთან ერთად იღებდა, ერთ-ერთი განმარტებით განსაკუთრებული სახეობის კალია იყო, რომელსაც ადგილობრივები საკვებად იყენებდნენ"
/"კარიბჭე" N22, 2006, გვ.25/
"მისი [მამა იუსტინეს] სიტყვებით, წმიდა წინამორბედი იყო ყველაზე უბედური ადამიანი მსოფლიოში. იგი ხომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა დედასთან ერთად უდაბნოში გავიდა, ხოლო როცა დედა გარდაეცვალა, თავად იქვე დარჩა, და ღმერთი მას თავისი ანგელოზებით იფარავდა.
ყველაფერი სუფთა იყო - მოწმენდილი ცაც და ციდან წამოსული წვიმაც, მიწაც და ქვებიც, და არ იცოდა მან ცოდვა, ღმერთის ანგელოზივით ცხოვრობდა სხეულში. და მაშინ მოდის მასთან ხალხი ცოდვების აღიარებით.
ეს ადამიანები ახვავებენ წინამორბედის წინაშე საკუთარ ცოდვებს, რომლებიც ბორცვს ქმნიან, მერე ეს ბორცვი მთასავით იზრდება და არ შეუძლია წინამორბედს ამ ცოდვების გაძლება.
ხომ იცით, როგორიც ცოდვები აქვთ ადამიანებს და როგორ ცოდვებს დაატარებენ გულით. და აი, წინამორბედს ეწყება სასოწარკვეთა: "უფალო, ეს არის ადამიანი, რომელიც შენ შეჰქმენი? ეს არის შენი ხელთქმნილი?"
წინამორბედმა დანთქმა იწყო. ხალხის მასა კი მოდის და მოდის აღსარებისთვის - კიდევ რამდენი ცოდვა უნდა დაახვავონ? და როცა უკვე წინამორბედს გაძლება აღარ შეუძლია, უცებ მას ღმერთი ეუბნება: "აი, ტარიგი ღვთისა, ამ ცოდვილებს შორის ერთადერთი, რომელმაც ყოველთა და ყოვლისა ცოდვები იტვირთა".
და აი, ყველაზე უბედური ადამიანი ყველაზე ბედნიერი ხდება. დიდება შენდა უფალო! ე. ი. შესაძლებელია ამ ცოდვებისგან და, საერთოდ, ყველა ცოდვისგან გამოხსნა".
/"კანდელი" N1, 2018, გვ.10/
"...ვინც შეინანებდა და გულით ირწმუნებდა მომავალ მესიას, მდინარე იორდანეში ნათლავდა..."
------
------------------------
"იოანე ნათლისმცემელი ჩვენი სინდისია, ხმამაღლა რომ გვამხელს ცოდვის ჩადენის დროს. ჩვენ გვეზიზღება სინდისი, გვსურს მიყუჩდეს და არ გვაწამებდეს, ამიტომ მას ვახშობთ, ვთრგუნავთ და თავის გამართლებას ვეძებთ. ეს იოანეს დილეგში ჩამწყვდევას ჰგავს".
"აღმოსავლეთში ჰქონდათ ჩვეულება, როდესაც მეფე სადმე წასვლას დააპირებდა, მას წინ უძღოდნენ მომსწორებლები, რომელთაც ევალებოდათ მოესწორებინათ ბორცვი ან რიამე უსწორმასწორო ადგილი, რომ მეფეს და მის ამალას გადაადგილებისას ხელი არ შეშლოდათ. ასეთივე მისია უნდა აეღო თავის თავზე იოანე ნათლისმცემელს. მას უნდა მოესწორებინა გზა მაცხოვრის მისაღებად.
"განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი" (ლკ. 3,4). იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში აღიზარდა, თავს იდო სჯულის მთელი სიმკაცრე და მცდელობას არ იშურებდა იმისათვის, რომ ებრაელ ხალხს გაეცნობიერებინა თავიანთი ცოდვები, რადგანაც იცოდა, ცოდვათა დამხსნელი უკვე მოსული იყო. იგი არ ერიდება მათ მხილებას და თუ არ შეინანებენ, არ იქნებიან ღირსნი, იწოდებოდნენ აბრაამის შთამომავლებად.
ხალხში იმდენად დიდი იყო იოანეს ავტორიტეტი, რომ ბევრს იგი მესია ეგონა. "მე ნათელ-გცემთ თქვენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ხამლთა მისთა ტვირთვად: მან ნათელ-გცეს თქვენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა", - განუმარტავდა იგი თანამემამულეთ.
იოანემ ღვთის განგებულებით პირველი შეხედვისთანავე იცნო მაცხოვარი და მისი დანახვით შემკრთალი ეუბნება: "მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებად და შენ ჩემთანა მოხუალა?" (მათე 3,14). უფალი შეძრწუნებულ იოანეს მიუგებს: "აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე".
მას შემდეგ, რაც იოანემ თავისი მისია აღასრულა, როგორც კი წყლიდან ამოვიდა, "აჰა, განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათე 3,16-17). სწორედ მაშინ მოხდა პირველად ყოვლადწმინდა სამების გაცხადება: მამა - რომლის ხმა ზეციდან მოწმობდა, ძე ღვთისა - რომელმაც ნათელიღო და სულიწმიდა - გარდამომავალი მტრედის სახით."
/მამა დავით რუხაძე/
"უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას "ნათლისმცემელი".
"წმიდა იოანე ნათლისმცემელი არის სინანულის მქადაგებელი და ყოველი ადამიანი უნდა იყოს მისი ლოცვის ქვეშ".
"ცხოვრების გზა არც ისე იოლია. მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. წმიდა იოანე ნათლისმცემელი არის ასეთი შემწე. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს".
/ილია მეორე/
"ის იყო ბოლო წინასწარმეტყველი, მსოფლიო მოციქული, ძველი და ახალი აღთქმის ზღვარი, ქვეყნად ახალი სინათლის მაუწყებელი ცისკარი, ახალი აღთქმის პირველი მოწამე, ქრისტესთან მისასვლელი გზის შემამზადებელი, რომელზე თვით ქრისტე იტყვის: "ის იყო ნათელი, რომელიც იწვოდა და ანათებდა".
"თვით ექვსი ფსალმუნის კითხვა იოანე ნათლისმცემლის შენანების შესახებ ქადაგებას მოასწავებს. ამიტომაცაა, რომ ამ დროს ზოგიერთ ეკლესიაში ტაძარს ნაკლებად ანათებენ"
"თავის კვეთა გვაპატიე, ნათლისმცემელო!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილი გასწორდება -
ძველ აღმოსავლეთში არსებობდა ასეთი ტრადიცია: მეფის გამგზავრების წინ ამორჩეულ მარშრუტზე იგზავნებოდა მონათა დიდი ჯგუფი, რომელიც გზების მოსწორებაზე ზრუნავდა. ნეტარი იერონიმეს განმარტებით, ხსენებულ გზებზე მოიაზრება ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა, რომლის გამართვაზეც ყოველმა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს.
ასე რომ, ესაიას მიერ წინასწარმეტყველებები "ხმა მღაღადებლისა" ითხოვს ზნეობრივ გამოსწორებას. ამ მიზეზების გამო მახარებელებთან იოანე წინამორბედის ქადაგება "სინანულის ქადაგებად" იწოდება".
"იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათ ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი".
"ძველი აღთქმის პერიოდში არსებობდა ესეველთა მიმდინარეობა, რომლებიც წყლით განბანვის რიტუალებს, ანუ წყლით ცოდვათ ჩამორეცხვის წესს აღასრულებდნენ (სხვათა შორის, იოანე ნათლისმცემელი მათთან იზრდებოდა), ამდენად, წყალი ძველ აღთქმაშიც განწმენდასთან ასოცირდებოდა".
/დეკ. დავით ქვლივიძე/
"წმ. იოანე ნათლისმცემელი ქრისტეს თანამედროვეა და მას უწოდებენ შუალედურ წინასწარმეტყველს ძველსა და ახალ აღთქმას შორის".
"თავისი სიტყვებით, იოანე ნათლისმცემელი ჰგავდა ესაია წინასწარმეტყველს, მეტად უხეში ჩაცმულობითა და მკაცრი უდაბნოური ცხოვრებით კი - მეორე დიდსა და უძველეს წინასწარმეტყველს ელიას; როგორც დედის მუცლიდან ნაზორეველი, იგი საერთოდ არ იჭრიდა თმას. მისი მკაცრი, მზით გარუჯული და მარხვისაგან დატანჯული სახე, მისი ანთებული თვალები, მთელი მისი გარეგნობა, უნებურად აიძულებდა მნახველს, რომ ყური დაეგო მისთვის: "ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი" - ისეთივე, როგორსაც ატარებდა წინასწარმეტყველი ელია, "წელს ერტყა"- საერთოდ, სარტყელი აღნიშნავს შრომისათვის მზადყოფნას, ხოლო ტყავის სარტყელი - სხეულის მოკვდინებასაც".
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/
"ცნობილია, რომ აღმოსავლეთში ფეხსაცმლის ნაცვლად ატარებდნენ სანდალს, ანუ პატარა ხის ან ტყავის დაფას, რომელსაც საბელებით იმაგრებდნენ. სახლში შესვლისას ამ სანდლებს იხდიდნენ, ხოლო გამოსვლისას - ისევ იცვამდნენ. მსახურნი ხსნიდნენ და კრავდნენ საბელებს. ეს ითვლებოდა ყველაზე უკანასკნელი მონის საქმედ. წინასწარმეტყველი იოანე თავისი უფლისა და მაცხოვრის წინაშე თავს ისე უღირსად წარმოიდგენდა, რომ ამ უკანასკნელი მონის მსახურების ღირსადაც კი არ მიიჩნევდა თავს".
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/
"ერთნი ამბობდნენ, რომ ჰეროდემ შეირთო ჰეროდია ჯერ კიდევ ფილიპეს სიცოცხლეში და ამის გამო იმხილებოდა, როგორც ურჯულოების მოქმედი, დაქორწინდა რა თავის ცოცხალი ძმის ცოლზე. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ფილიპე უკვე მკვდარი იყო, მაგრამ მას დარჩა ქალიშვილი, ამიტომ ჰეროდეს არ მართებდა ძმის ცოლზე დაქორწინება მისი სიკვდილის შემდგომაც, რადგან რჯული ბრძანებდა, ძმას შეერთო ძმის ცოლი იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი უშვილო მოკვდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში დარჩა ქალიშვილი, მაშასადამე, ჰეროდეს ქორწინება უკანონო იყო. შეხედე, რა ძლიერია ხორციელი სიყვარულის ვნება! აი, ჰეროდემ, რომელსაც ამხელდა პატივისცემა და შიში ჰქონდა იოანესი, არაფრად ჩააგდო ეს, რათა თავისი ვნება დაეკმაყოფილებინა".
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ჰეროდიადამ დაავალა ქალიშვილს, რომ წინასწარმეტყველის დაუყოვნებელი სიკვდილი მოეთხოვა, სინიც კი მისცა, რომლითაც მოკლულის თავი უნდა მოეტანათ".
"სიკერა ("თაფლუჭი") ეწოდებოდა ყველანაირ სასმელს, რომელიც სიმთვრალეს იწვევდა და ყურძნისგან არ იყო დამზადებული. ამ სიტყვებით ანგელოზი მიანიშნებს იმაზე, რომ იოანე იქნებოდა "ნაზორეველი", რომელსაც, რჯულის თანახმად (რიცხვ.6), მთელი ცხოვრების განმავლობაში თავი ყოველგვარი მათრობელა სასმელისგან უნდა შეეკავებინათ".
/თეოლოგი ბორის გლადკოვი/
" - და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
"დედის მუცელში კრთება იოანე, რომელსაც მიემადლა განსაკუთრებული ნიჭი სხვა ადამიანებთან შედარებით, რის გამოც იგი წინასწარმეტყველებზე უმეტესიცაა (მთ. 11.9); ვინაიდან ისინი დაბადების შემდეგ წინასწარმეტყველებდნენ, იოანე კი ამგვარი ნიჭის ღირსი დედის მუცელშივე შეიქნა. ნახე, ქალწულმა მოიკითხა ელისაბედი, ანუ დაიწყო მასთან საუბარი. ამრიგად, ქალწულის ხმა - ეს იყო ხმა მასში ხორცშესხმული უფლისა, რომელმაც წინამორბედსაც მისცა მადლი ჯერ კიდევ მუცელში და წინასწარმეტყველი გახადა, ვინაიდან ეს საწინასწარმეტყველო სიტყვები ელისაბედისა მარიამის მიმართ ეკუთვნოდა არა ელისაბედს, არამედ ჩვილს; ხოლო ელისაბედის ბაგეები მან მხოლოდ გამოიყენა, ისევე როგორც მარიამის ბაგეები გამოიყენა ღვთის ძემ, რომელიც მის საშოში სუფევდა".
" - რამეთუ გეტვი თქუენ: უფროისი შობილთა შორის დედათაისა იოვანე ნათლის-მცმელისა წინასწარმეტყველი არავინ არის, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროისა მისა არს.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
"შემდეგ თითქოსდა ვიღაცამ თქვა: "თავად შენზეც მეტია, ქრისტე, იოანე?" - ამატებს: "ხოლო მე, მასზე მცირე, ღვთის სასუფეველში მასზე მეტი ვარ; ვინაიდან თუმცა მე მიმიჩნევენ მასზე უმცირესად კეთილშობილებითაც, ასაკითაც, დიდებითაც, თუმცაღა ღვთის სასუფეველში მე მასზე მეტი ვარ".
"წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ვფიქრობ, იოანე ნათლისმცემელის საკმაოდ სწრაფი გარდაცვალება იმისთვის დაიშვა, რომ ადამიანთა განწყობა გადატანილიყო იესო ქრისტეზე, რათა შემდგომ არ დაყოფილიყვნენ აზრებით ერთსა და მეორეს შორის".
"უფალმა იოანეს იმიტომ უწოდა ელია, რომ იგი იყო პირველი მოსვლის წინამორბედი, როგორც ელია იქნება მეორე მოსვლის წინამორბედი"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"მარადიული მზის - იესო ქრისტეს ამობრწყინებას წინ უსწრებდა ცისკრის მნათობი, იოანე ნათლისმცემლის სახით".
"რატომ არის იოანე წინამორბედი ყველა წინასწარმეტყველზე დიდი? - იმიტომ, რომ ხელით შეეხო ცხონებას, რომელსაც სხვები მხოლოდ შორიდან ხედავდნენ"
/ნეტარი იერონიმე/
"სამწუხაროდ, დღიესათვის, იოანე ნათლისმცემლის თავის ნაწილების ნაწილი არამართლმადიდებლურ გარემოში იმყოფება".
-----------------------------------------------------
"მისი [იოანე წინამორბედისა და უფლის ნათლისმცემელის] ქადაგება ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ არა მრავალსიტყვიანი".
"იორდანე ხშირად ივსება და გადმოდის თავისი ნაპირებიდან. მისი წყალი სასიამოვნო გემოს მქონეა; ზაფხულში გამჭვირვალეა, მაგრამ შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე ხდება რუხი, მასში სწრაფი დინების გამო დალექილი თიხის ნიადაგის გამო. წყლის ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსია. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ წყლის ტემპერატურა ძალიან ცივია იმისათვის, რომ შეძლონ მასში ჩასვლა, მაგრამ აქამდე ათასობით მომლოცველი ბანაობს აქ ნათლისღების დღესასწაულზე ან მის წინა დღეს და, თანაც ჯანმრთელობისათვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე".
"მართლაც, არც ერთი ქალისგან დაბადებული არ არის იოანე ნათლისმცემელზე დიდი; რადგან სწორედ ის არის ყველა წინასწარმეტყელის სისავსე. რადგან უფლის შესახებ ყველამ წინასწარგანჭვრიტა და მისი მობრძანება ყველამ შორიდან იწინასწარმეტყველა; მაგრამ იოანემ, რომელიც მაცხოვრის შესახებ წინასწარმეტყველებდა, იგი უშუალოდ ყველას თვალწინ წარადგინა, შეჰღაღადა და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რა ტკბილი და მშვენიერია ის ხმა, რომელიც პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რასაც ქადაგებს! დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. ესენი არიან ღვთისაგან კვლავ დაბადებული მოციქულები, რომლებმაც ნუგეშინისმცემელი სულის პირველი ნაყოფი მიიღეს; განკითხვის ღირსნი ქრისტესთან ერთად იქმნენ, ტახტზე ქრისტეს თანამყოფები და ადამიანთა გამომხსნელები გახდნენ. ასევე ნახავ, რომ ისინი (როგორც მოსე) ბოროტი ძალების ზღვას გააპობენ, და ერთგულ სულებს გამოიყვანენ; ნახავ ასევე, რომ ისინი სულიერ ყურძენს ამუშავებენ; ნახავ, რომ ისინი სიძის მეგობრები და სულიერად ქრისტეს მიერ დანიშნულები არიან; რადგან დაწერილია: ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე; ასევე ნახავ, რომ ისინი ადამიანებს სიცოცხლეს აძლევენ; ერთი სიტყვით, შენ აღმოაჩენ, რომ სულს ისინი მრავალი მიმართულებით და მრავალმხრივ ემსახურებიან. აი, ეს ყველაფერს გრძნობდა, ხედავდა და ეს ყველაფერი აწუხებდა იოანე ნათლისმცემელს"
/წმ. მაკარი დიდი/
"გიხაროდენ, იესუისა მაცხოვანებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინასწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!"
"მარადიული მზის - იესო ქრისტეს ამობრწყინებას წინ უსწრებდა ცისკრის მნათობი, იოანე ნათლისმცემლის სახით"
"ტროპარი: წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინა-ნულისა, ჩვენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა"
"იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთისთვის ვერცერთი გადაურჩა ღვთის სასჯელს: სალომეა ყინულებს შუა ჩავარდა, როცა მდ. სიკორისზე გადადიოდა ზამთარში. ყელს ზევით ყინულების ზევით იყო, დანარჩენი ტანი წყალში ჰქოდა და მანამ იფართხალა, ასე, სანამ ყინულმა არ წააწყვიტა კისერი. გვამი ვერ იპოვნეს, თავი კი ისევე მიართვეს ჰეროდესა და ჰეროდიადას, როგორც ადრე იოანე ნათლისმცემლის თავი მოართვეს თვით სალომეას".
"დამასკოში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ომაიდების მეჩეთი. მეჩეთის აღმოსავლეთ ნაწილში განთავისუფლებლია იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო. მუსლიმანთა გადმოცემით, აქ ინახება იოანე ნათლისმცემლის თავის ნაწილი. ამბობენ, რომ ხალიფა ვალიდს უნდოდა მოეშალა სამლოცველო, თვითონ შეუდგა სამუშაოს, მაგრამ მოძრაობის უნარი დაკარგა. ამის შემდეგ სიწმინდეს ხელი არ ახლო"
"ღვთის სამსჯავრო ჰეროდეს, ჰეროდიადასა და სალომეასთვის მათი მიწიერი ცხოვრების დროსვე აღესრულა. სალომეას ზამთარში, მდინარე რიკორისზე გადასვლის დროს, ყინული ჩაუტყდა და ქვეშ მოექცა. ყინულმა იგი ისე ჩაიჭირა, რომ ტანით წყალში იყო ჩაკიდული, თავი კი ყინულის ზემოთ ჰქონდა დარჩენილი. ასე ეკიდა მანამ, სანამ ბასრმა ყინულმა კისერი არ გადაუჭრა. გვამი ვერავინ იპოვა, ხოლო თავი კი, როგორც ოდესღაც წმინდა იოანე ნათლისმცემლისა, ჰეროდესა და ჰეროდიადას მიუტანეს. არაბეთის მეფე არეთამ, თავისი ქალიშვილის შერცხვენისთვის შური რომ ეძია, ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა. განრისხებულმა გაიუს კალიგულამ (37-41) იგი შეიპყრო და ჰეროდიადასთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი - ესპანეთში გადაასახლა, სადაც ისინი უეცრად გაპობილ მიწაში დაინთქნენ".
როგორ მოინათლა ათეისტი წმ. იოანე ნათლისმცემლის მეოხებით
"როცა მე ვიგრძენი, რომ არ შემიძლია ცხოვრება რწმენის, ღმერთის გარეშე, სწორედ მაშინ გამიჩნდა ახალი პრობლემები: ჩემი ქმარი მოუნათლავი, ურწმუნო იყო და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ჩემს ეკლესიურ ცხოვრებას. ერთი ნაცნობის რჩევით მე დავიწყე ლოცვა წმ. იოანე ნათლისმცემლის მიმართ, რათა ის დახმარებოდა მეუღლეს ნათლობაში. მე ვერც კი წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, რადგან ქმარი ნამდვილი ათეისტი იყო.
რა თქმა უნდა, მსოფლხედვა უცება არ იცლება. მე მეჩვენებოდა, რომ ლოცვას არ მოაქვს შედეგი. ოჯახში უთანხმოება გრძელდებოდა. დავკარგე რა იმედი, მე წავედი ელესიაში, რათა კურთხევა მეთხოვა მღვდლისგან გაყრაზე, მაგრამ მოძღვარმა არ მომცა ასეთი კურთხევა, არამედ მითხრა, დავერჩენილიყავი მსახურებაზე და უფლისთვის მეთხოვა გულისხმისყოფა, თუ როგორ მოვქცეულიყავი. მე მხურვალედ ვილოცე. სახლში მიმავალი სულ ვფიქრობდი: მაშ რაზე მიმითითა უფალმა?
სულ მალე სამსახურიდან დაბრუნდა ქმარი და გამომიცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მონათლულიყო და თან დაამატა - ამას ჩემთვის კი არა, საკუთარი სურვილით აკეთებდა.
განა ეს სასწაული არაა? რა მოხდა ჩემი მეუღლის გულში იცის მხოლოდ ღმერთმა. მთელი ოჯავი ვესწრებოდით უფლის ამაღლების ტაძარში მის ნათლობას.
მხოლოდ უფლის დიდებული წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის იოანეს მეოხებითა და სამღვდელო კურთხევის მადლმოსილი ძალით შემიძლია ავხსნა ეს სასწაული ამბავი".
"სიტყვებით: "არამედ რაისა გამოხუედით ხილვად წინასწარმეტყუელისა? ჰე, გეტყვი თქუენ, და უმეტეს წინასწარმეტყუელისა" - ძე ღვთისა წარმოაჩენს იოანე ნათლიმცემლის უპირატესობას ძველი ათქმის ყველ წინასწარმეტყველთან შედარებით; ანუ ეს წმინდანი ადამინური შესაძლებლობების ზღარზე იღვწოდა"
"შემდეგ იესო კიდევ უფრო იდუმალ რამეს ამბობს: "ამენ გეტყვი თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროის მისა არს".
რას უნდა ნიშნავდეს ეს იდუმალი სიტყვები?
იმას, რომ ქრისტეს სიტყვით განბანილი ქრისტიანი უფრო მაღლა დგას ნებისმიერ არაქრისტიანზე, რომელიც სჯულის დაცვით ცდილობს ცხონებას. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "მთელი კანონი შესრულებლია მაშინ, როდესაც ყველა ცოდვა მიტევებულია".
ძველი აღთქმის წმინდანს, თუნდაც იოანე ნათლისმცემელს, ყველაფრის შესრულება არ შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ დასჭირდებოდა ქრისტე, როგორც ღვთის ზვარაკი, რომელმაც სამყაროს ცოდვები თავის თავზე აიღო; ხოლო ქრისტეს მიერ შეწყალებული ახალი აღთქმის ცოდვილი მადლით თვით იოანე ნათლისმცემელზე მაღლა დგას. მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, რომ პირველქმნილი ცოდვის გამოსყიდვა ღვთისმშობელსაც კი სჭრიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცოდვები არ ჰქონდა, მემკვიდრეობით მიღებული პირველყოფილი ცოდვისგან საკუთარი ძალისხმევით განთავისუფლება არ შეეძლო"
/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/
"იოანეს საკვები უხეში და ძნელად მოსაპოვებელი იყო. პურს არ ჭამდა, ღვინოს არ სვამდა. ქრისტე კი, ჩვეულებრივ, საკვებს მიირთმევდა, პურსაც ჭამდა და ღვინოსაც სვამდა. ამგვარად, მათი ცხოვრების წესი სრულიად განსხვავებული იყო. მაგრამ იუდეველებს არც ერთი მოსწონდათ და არც მეორე; იოანეზე, რომელიც არც ჭამდა და არც სვამდა, ამბობდნენ, რომ მასში ეშმაკია ჩასახლებული, ქრისტეს კი, რომელიც ჭამდა და სვამდა, ჭამა-სმის მოყვარულს უწოდებდნენ"
/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/
"მაშ ასე, აქ ვხედავთ, რომ იოანე ნათლისმცემელმა გაგზავნა თავისი ორი მოწაფე საკითხავად: "შენ ხარა მომავალი იგი, ან სხუასა მოველოდით?" რასაკვირველია, იოანე ნათლისმცემლის ამ სიტყვებში იესო ნაზარეველის მესიობაში ეჭვის შეტანის მინიშნებაც კი არ უნდა დავინახოთ. ადამიანს, რომელმაც იორდანზე მოისმინა თვით მამა ღმერთის მოწმობა თავისი ძის შესახებ, უფალი იესო ქრისტეს მისიაში ეჭვის შეტანა არ შეეძლო. მაგრამ ეჭვი იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს, ე.წ. "იოანიტებს" შეეპარათ.
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი წერს: "იოანე კითხულობს არა როგორც უცოდინარი, რადგან უცოდინრებს მან თავად მიუთითა: "აჰა, ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი". მას გაგონილი ჰქონდა მამა ღმერთის სიტყვები: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავი", არამედ თავისი მოწაფეები ქრისტესთან გაგზავნა, რათა მათ საკუთარი თვალით ეხილათ ნიშნები და ძალა, ერწმუნათ მისი და თავისი მოძღვრის შეკითხვით თავად დარწმუნებულიყვნენ".
ნეტარი თეოფილაქტე იზიარებს ამ თვალსაზრისს და წერს: "იმიტომ კი არ ეკითხება იოანე, რომ ქრისტეს ვერ ცნობს, რადგან როგორ შეეძლო ვერ ეცნო ის, ვის შესახებაც დაამოწმა: "აჰა, ტარიგი ღმრთისაი". მაგრამ, რადგანაც მის მოწაფეებს ქრისტესი შურდათ, მასთან წარგზავნა, რათა სასწაულები ეხილათ და ერწმუნათ, რომ ქრისტე იოანეზე დიდი იყო". იოანე დიდებას თავითვის კი არ ეძებს, არამედ ქრისტესთვის. საპყრობილეში მყოფი, ჰეროდესგან სიკვდილის მომლოდინე, კარგად ხედავს ძველი აღთქმის დასასრულსა და ახალი აღთქმის ერის დასასწყისს"
/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/
იოანე ნათლისმცემელი
(ბალადა)
" - ღვინით მორიგი შეუვსე თასი,
მზად იყავი და ნიშანს ელოდე.
დადგა ჩემი დრო, დღესაა შანსი,
აჰა, ღორივით დათვრა ჰეროდე."
ის როცა თვრება, ვნებააშლილი,
უგნურ პირობებს იძლევა უხვად.
ამით სარგებლობს დედა და შვილიც
მის დავალებებს ასრულებს უხმოდ.
"მიდი,სალომე, იცეკვე ისე,
როგორც აქამდე არ გიცეკვია!"
აცუნდრუკდება ჰეროდე ისევ,
მეფე კი არა, ძაღლის ლეკვია.
როკავს და როკვის დგას აპოგეა,
მთელ სასახლის კარს გოგო აოცებს.
" - რაც გინდა მთხოვე, ო სალომეა,
ჩემი სამეფოს ნახევარს მოგცემ..."
აჰა, თქვა სიტყვა მეფემ "დიადმა"
და ნათქვამს ხომ არ წაიღებს უკან?!
კმაყოფილია ჰეროდიადა,
ქმრის მოღალატე, ეშმაკი ძუკნა.
დარიგებულმა დედის, იმთავით,
იცის სალომემ რა უნდა სთხოვოს -
" - ნათლისმცემელის მოჭრილი თავი,
სხვა არაფერი, ეს მინდა მხოლოდ"...
იცინის ეშმა, მიდის ჯალათი,
კარის გაღების ხმა ისმის საკნის.
გარინდულია მთელი პალატი
და თვით სიმართლე შემოჰყავთ ლანკნით"
/ირაკლი ასლანიკაშვილი/
"მოსანათლად ხელის დადებისას სულ ერთიანად კრთოდა იოანე წინამორბედი"
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/
"რატომაა ნათქვამი: უდაბნოში გაჰყვირისო წინამორბედი?
დიახ გაჰყვირის, მაგრამ რას გაჰყვირის?!
იგი გაჰყვირის და ამბობს: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა";
და რას ნიშნავს ეს სიტყვები?!
ცის სასუფევლის მოახლოება ნიშნავს, რომ უფალმა ღმერთმა, რომელმაც იხილა ურჩი ადამიანები, წმიდა სამებამ კი მოინდომა გაეგზავნა მათთან თავისი საყვარელი, მხოლოდშობილი ძე, ვინძლო მისი მაინც რომ მორიდებოდათ და დამორჩილებოდნენ!"
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/
"უდაბნოს უხეში სამოსი აცხადებს იმას, რომ იგი არ არის განცხრომის კაცი"
/მიტროპოლიტი ზოსიმე/
"სახარებიდან სრულიად ნათლად ჩანს: ჰეროდეს რომ ჰეროდიასთვის არ დაეთმო და სინდისის კარნახით, ღვთის სჯულისაებრ მოქცეულიყო, იგი სრულიად სხვა ადამიანად იექცეოდა, შესაძლოა ქრისტესთვის წამება მიეღო და წმინდანი გამხდარიყო. მას შეეძლო ამგვარი ფერისცვალება განეცადა. რამეთუ ღვთის ხატი, თვით ასეთი გაუკუღმართებულიც კი, არ განქარდება და ასეთ საშინელ ადამიანსაც აქვს გამოსწორებისა და ცხონების შესაძლებლობა. იოანემ იცოდა ეს, უყვარდა ჰეროდე და მის ხსნას ცდილობდა"
/დეკ. ალექსი უმინსკი/
"უფალმა ყველა წინასწარმეტყველზე მაღლა დააყენა ნათლისმცემელი. მაგრამ იმისთვის რომ ვინმეს არ ეფიქრა, რომ იესო ქრისტეზე მეტიც იყო იგი, მან იქვე ბრძანა: "ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღვთისასა, უფროის მისსა არს". ამ სიტყვების აზრი ასეთია: თუმცა მე იოანეზე ნაკლებად მთვლით ასაკითა და ღირსებით, მაგრამ ცათა სასუფეველში, ღვთიურ ღირსებასა და პატივში, მე ვარ მასზე ბევრად მეტი. და ყველა, ვინც კი მოისმინა უფლისგან ნათლისმცემელზე თქმული, ადიდებდა ღმერთს, რადგან განადიდა მათგან აღიარებული წინასწარმეტყველი და იოანეს სინანულის ნათლისცემით იღო ნათელი".
/მიტროპოლიტი ზოსიმე/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)