ძველი ქართულით:
„წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (მუხლი 1).
პირველი გამოთქმა - „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი“ - ზოგიერთთა აზრით თითქოსდა საერთო სათაურად ემსახურება მთელს სახარებას, - სათაურად, რომელშიც გადმოცემულია მათეს სახარების მთავარი საგანი და ძირითადი შინაარსი: და ეს შეხედულება უსაფუძვლო არ არის, იმიტომ, რომ ყოველივე ის, რის შესახებაც წმიდა მათე მახარებელი მოგვითხრობს იესო ქრისტეს შესახებ, მდგომარეობს მის წარმომავლობაში, გენეალოგიაში, როგორც ძირსა თუ დასაბამში. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ყველაზე განსაკვირველი, ყოველგვარ იმედზე აღმატებული ის არის, რომ ღმერთი განკაცდა, ადამიანი შეიქნა. ხოლო როცა ეს აღსრულდა, ყოველივე, რაც შემდგომში მოჰყვა ამას, გასაგებიცაა და ბუნებრივიც“. თუმცა უფრო სწორი და უმჯობესი იქნება, თუკი ამ გამოთქმის ქვეშ ვიგულისხმებთ თქმულებას, ჩანაწერს იესო ქრისტეს ხორციელი გენალოგიის შესახებ, მისი გენალოგიის შესახებ, მსგავსად იმისა, როგორც დაბადების წიგნის მე-2 თავის მე-4 მუხლში გამოთქმა - „ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყნისაი“, - აღნიშნავს ცისა და ქვეყნის შექმნის აღწერას.
სიტყვა იესო (ებრაულად- „იეშუა“) ებრაელებში საკმაოდ გავრცელებული სახელია. და აღნრხავს „მხსნელს“, „მაცხოვარს“. ქრისტესთან მიმართებაში კი მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, გამოხატავს რა კაცთა მოდგმის ხსნის, ცხოვნების მის მიერ აღსრულებულ საქმეს (მუხლი 21). ზედსართავი სახელი „ქრისტე“ - საკუთრივ ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს „ცხებულს“, ანუ იგივეს, რასაც ებრაული სიტყვა „მიშიაჰ“ - „მესია“, რის გამოც იესო იწოდება ხან ქრისტედ, ხანაც მესიად, რაც ერთი და იგივეა.
წმიდა ირინეოს ლიონელის სიტყვით, „სახელში ქრისტე იგულისხმება მცხებელიც და ცხებულიც, და თვით ცხებაც, რომლითაც იგი არის ცხებული. სცხო მამამ, ხოლო ცხებულია ძე სულიწმიდით, რომელიც არის ცხება, როგორც ესაიას პირით იტყვის სიტყუა: „სული უფლისაი ჩემზედა, რომლისა ძლით მცხო მე“ (ესაია 61,1), აღნიშნავს რა მცხებელ მამასაც, ცხებულ ძესაც და თვით ცხებასაც, რომელი არს სულისწმიდა“.
„ძე დავითისი, ძე აბრაჰამისი“. იესო ქრისტეს წარმომავლობა დავითისაგან და აბრაჰამისაგან ყოველი იუდეველის თვალში უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება იყო მისი მესიანური ღირსებისა. მახარებელ მათეს, თუკი მას მიზნად დასახული ჰქონდა (როგორც ამას მთელი ძველი ქრისტიანული აზრი ამტკიცებს) დაედასტურებინა თავისი სახარებით იუდეველთათვის იესოს მესიანური ღირსება, შეეძლო იგი სწორედ ამ სიტყვებით დაეწყო: „იესუ - მესია (ქრისტე), ძე დავითისი, ძე აბრაჰამისი“. დავითისა და აბრაჰამის ძედ მახარებელი იესო ქრისტეს ხმობს ზოგადი აზრით, ანუ შთამომავლის მნიშვნელობით, როგორიც იესო ქრისტე იყო კიდეც თანახმად ღმერთის აღთქმისა (დაბად. 12,1 და შემდგ.; 22,18; გალატ. 3,17; II მეფეთა 7,12; I ნეშტთა 17,11; ფსალმ. 88,4; 131,11; ესაია 11,1 და სხვა). მახარებელმა იესო ქრისტე ჯერ დავითის ძედ, ალბათ იმიტომ დაასახელა, რომ მისადმი ღმერთისაგან მიცემული აღთქმა ახალი იყო და მთელს იუდეველ ერს კი არ განეკუთვნებოდა, როგორც აბრაჰამისადმი მიცემულ აღთქმაში იყო, და არც თორმეტი იუდიური ტომიდან ერთ-ერთს განეკუთვნებოდა, როგორც ეს იუდასადმი მიცემული აღთქმით ვიცით, არამედ იგი უფრო კერძო იყო და მხოლოდ დავითის სახლს ეკუთვნოდა, რომლის სახელიც განკაცებულ იესო ქრისტეს მიეკუთვნა (იერემ. 30,9); ეზეკიელი 34,24; 37,24). ამრიგად, როცა მახარებელმა პირველად დავითის ძედ დაასახელა იესო ქრისტე. ამით მას სურდა ეჩვენებინა ებრაელებისათვის - იუდეველებისათვის, - მე სწორედ იმ მესიაზე - ქრისტეზე გელაპარაკებით, რომელსაც თქვენ მოელით როგორც დავითის ძეს და აღთქმული დიდებული მეუფების მემკვიდრესო. ამ მოკლე შესავლის შემდეგ იწყება თვით გენეალოგიაც:
„აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან“ (მუხლები 2-6).
რატომ მოიხსენია წმიდა მათემ იესო ქრისტეს გენეალოგიაში მხოლოდ იუდას ძმები და არაფერი თქვა არც ისააკის ძმა - ისმაილზე და არც იაკობის ძმა - ესავზე?
წმიდა იოანე ოქროპირის შენიშვნით, „მახარებელი ასე საფუძვლიანი მიზეზის გარეშე როდი მოიქცა. მას სურდა ამით ეჩვენებინა, რომ ისმაილსა და ესავს, მათგან აღმოცენებულ ხალხებითურთ - ისმაილიტებითურთ, სარკინოზებითურთ, არაბებითურთ და სხვა ერებითურთ, არაფერი საერთო არ ჰქონდათ იუდეველ ხალხთან, და რომ ქრისტე მათგან არ იყო წარმოშობილი“; მაშინ, როდესაც იაკობის ძენი - იუდა და მისი ძმები ისრაელი ერის თორმეტი ტომის მამამთავრები იყვნენ, - იმ ტომებისა, რომლებიც შეადგენენ კიდეც ღმრთივ რჩეულ თესლს აბრაჰამისა.
რა აზრი, რა მნიშვნელობა აქვთ იმ მდედრობით პირებს, რომლებიც მახარებელმა მათემ ქრისტეს გენეალოგიაში შეიყვანა? ესენია - თამარი (3), რექაბი, რუთი (5) და ურიას ცოლი (6). თამარი იუდას ცოლი იყო. ბიბლია შემდეგს გადმოგვცეძს მის შესახებ: თავისი ორი პირველი ქმრის - იუდას ძეთა გარდაცვალების შემდგომ, თამარი უშვილო დარჩა და მამამთილის წინადადებით თავისი მამის სახლში უნდა დაბრუნებულიყო და იქ ეცხოვრა მანამდე, სანამ იუდას მესამე ძე სილოამი, ვისაც იგი დაპირდა თამარზევე დაგაქორწინებო, სრულწლოვანი არ გახდებოდა. მაგრამ ამასობაში თავად იუდას ცოლი გარდაიცვალა; შემდეგ, ერთხელაც, იუდა ველად გავიდა იმის სანახავად, თუ როგორ კრეჭდნენ (პარსავდნენ) ცხვარს. როცა ამის შესახებ თამარს უთხრეს, მან განიძარცვა სამგლოვიარო ძაძები, მოირთო-მოიკაზმა და თავისი მამამთილის შესახვედრად გაეშურა. მან იცოდა, რომ სილოამი უკვე ზრდასრული მამაკაცი შექნილიყო, მაგრამ მიუხედავად იუდას დაპირებისა, ჯერ არ მოეყვანა ცოლად თამარი. იუდამ დაინახა თამარი, მაგრამ ვერ იცნო, მოეწონა იგი და ეცთუნა კიდეც. რისი ნაყოფნიც მისი ორი ძე. ტყუპები - ფარეზი დაზარა იყვნენ (დაბად. 38). ხოლო მახარებელმა, როგორც ფიქრობენ, ორივე იმის გამო დაასახელა, რომ ისინი - ფარეზი და ზარა ქრისტეს სასუფეველში შესული ორი ხალხის - იუდეველთა და წარმართთა წინასახენი იყვნენ.
რექაბი სალმონის, ნაასონის ძის ცოლი იყო და მისგან შვა ბოოსი, რუთის ქმარი. განმმარტებელთა დიდი ნაწილი მას რააბთან - იერიქონის მეძავ დედაკაცთან აიგივებს, რომლის შესახებაც ისუ ნავეს წიგნშია მოთხრობილი (2,1; შდრ. ებრ. 11,31); ცნობები მის შესახებ, ალბათ, დავითის სახლის საგვარეულო ჩანაწერებიდანაა აღებული.
რუთი - იობედის დედა - წარმოშობით მოაბელი დედაკაცი იყო, ანუ წარმართი, და შემთხვევით გახდა ბოოსის ცოლი თანაცხოვრების კანონის მიხედვით.
მდედრობითი სქესის მეოთხე პირი. მოხსენიებული ქრისტეს გენეალოგიაში, დავით მეფის უკანონო ცოლი - ბერსაბე იყო. რომელიც მან ურიას წაართვა.
როცა ასეთი დედაკაცნი შეჰყავდა იესო ქრისტეს გენეალოგიაში, ამით მახარებელს სურდა ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე თავის ღირსებას ხორციელ წინაპართაგან კი არ იღებს; რომ მისი ზეგარდმო წარმოგზავნილობა კაცობრივ დამსახურებებს კი არ ეფუძნება, არამედ - ღმერთის სახიერებასა და მოწყალებას; რომ ღმერთის აღთქმები არ არის დარღვეულ-გაუქმებული ადამიანთა ცოდვებით; რომ ქრისტე ამქვეყნად მხოლოდ რჩეული ერის - ებრაელთა სახსნელად კი არ მოივლინა, არამედ - მთელი კაცთა მოდგმის საცხოვნებლად, ყოველთა სახსნელად რა გვარტომობის, წარმომავლობის, წოდების, ღირსებისა და სქესისაც არ უნდა იყოს ადამიანი.
„სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა“ (მუხლები 7-11).
იესო ქრისტეს გენეალოგიის ამ, მეორე განყოფილებაში, უმთავრესად ყურადღებას იქცევს ორი გამოტოვება: პირველია იუდეველთა სამი მეფის - ოქოზიას, იოასისა და ამასიას გამოტოვება, იორამსა და ოზიას შორის. ამასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ წმიდა მახარებელი ამ სამი მეფის სახელს იმის გამო გამოსტოვებს, რომ ისინი აქაბის გვარს ეკუთვნოდნენ მეფე ოქოზიას დედის მხრიდან, - ანუ ისეთ გვარს, რომელზეც ღმერთმა ორგზის წარმოთქვა შეჩვენება (III მეფ. 21,21; IV მეფ. 9,7). ამ ახსნას თავისი საფუძველი აქვს იმაში, რომ ქვემოთ (მუხლი 17) მახარებელი თვითონვე გვაგებინებს, რომ გვართა (იესოს წინაპართა) აღრაცხვაში მას მხედველობაში ჰქონდა რიცხვითი თანაფარდობაც და რომ, აქედან გამომდინარე შეეძლო გაზრახ გამოეტოვებინა ზოგიერთი პირი მაცხოვრის გენალოგიიდან. მეორე გამოტოვება იოსიას ძისა და იექონიას მამის სახელს - იოაკიმეს შეეხება. მაგრამ უნდა ითქვას. რომ ეს სახელი შემონახულია აღმოსავლური რედაქციის ბევრ ხელნაწერში. რომლებიც დასავლურ ხელნაწერებთან შედარებით. მეტი სისწორით და გამართულობით გამოირჩევა. ამიტომ ძველთაგანვე საფუძვლიანად შენიშნავენ, რომ იოაკიმეს სახელის გამოტოვგბა ბევრ ძველ ხელნაწერში, სავარაუდოდ, გადამწერის მიზეზით მოხდა. რომელიც შეაცდინა სახელების - იოაკიმესა და იექონიას მსგავსებამ. და ამის გამო მახარებელ მათეს ნამდვილ ტექსტად მიიჩნევენ ასეთ წაკითხვას: „იოსია შვა იოაკიმე და ძმანი მისნი: ხოლო იოაკიმე შვა იექონია ტყვეობასა მას ბაბილონელთასა“, ანუ ან თვით ამ ტყვეობის დროს, ანდა ტყვეობაში გადასახლების წინ ისრაელი ერისა (დაახლ. 588 წელს ქრისტეს შობამდე - იხ. II ნეშტთა, თ.36); ეს გადასახლება ბაბილონის ტყვეობად იწოდება ქალდეას სამეფოს მთავარი ქალაქის - ბაბილონის მიხედვით.
„შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე“ (მუხლები 12-16).
რადგანაც წმიდა მათე თავის სახარებას უპირატესად იუდეველთაგან გამოსული ქრისტიანებისათვის წერდა, რომელთა ურწმუნოებაც იესო ქრისტესადმი, როგორც აღთქმული მესიისადმი, მისთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ მან შეიყვანა კიდეც ამ გენეალოგიაში იოსებიც, რომელსაც იუდეველები იესო ქრისტეს ბუნებრივ მამად თვლიდნენ (მათე 13,55; ლუკა 4,22; იოანე 6,42), მით უმეტეს, რომ იუდეველებში დამკვიდრებული იყო ჩვეულება, გენეალოგია მხოლოდ მამების ხაზით ეწარმოებინათ. იოსები რომ მარიამის ქმრად არის მოხსენიებული, ეს ერთის მხრივ, იმით აიხსნება, რომ იუდეველთა წეს-ჩვეულებით სასიძო და საპატარძლო დაწინდვისთანავე, ანუ ნიშნობის შემდეგვე ცოლ-ქმრად იწოდებოდნენ (შდრ. დაბად. 29,21; II სჯული 22,23-24), მეორეს მხრივ კი იმით, რომ იოსებმა, უფლის ანგელოზის ბრძანებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი თავის სახლში მიიღო როგორც თავისი ცოლი (მათე 1,20). და ბოლოს, ღირსშესანიშნავია ისიც, თუ როგორ გადმოსცა მახარებელმა თვით იესოს შობის ამბავი ამ გენეალოგიაში: მან ყველა ზემორე ჩამოთვლილის მსგავსად როდი თქვა იაკობმა შვა იოსებიო, იოსებმა შვა იესოო, არამედ ასე დაწერა: „იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე“. იოსები არ იყო იესოს ხორციელი მამა, არამედ მხოლოდ დამწინდველი იყო ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა. ამიტომაც მიაკუთვნებს წმიდა მახარებელი იესოს შობას მხოლოდ მარიამს. „რომლისაგან იშვა იესუ“ - ეს ბოლო სიტყვები წარმოადგენენ მახარებლის შემდგომი თხრობის შესავალს იესო ქრისტეს ზებუნებრივი შობის შესახებ.
„ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (მუხლი 17).
იესო ქრისტეს გენეალოგიის საერთო დაყოფას სამ ნაწილად საფუძვლად უდევს სამი მეტად მნიშვნელოვანი მდგომარეობა ებრაელი ხალხის ისტორიაში: პირველი ნაწილი - აბრაჰამიდან დავითამდე მოიცავს ებრაელი ერის ჩამოყალიბების დაწყებას და თეოკრატიის პერიოდს სამეფო ხელისუფლების დამკვიდრებამდე და დავით მეფის - მესიის წინაპრის გამოჩენამდე. ამ პერიოდში ებრაელი ხალხი პატრიარქების, მსაჯულთა და წინასწარმეტყველთა მმართველობის ქვეშ იყო. გენეალოგიის მეორე ნაკვეთი მოიცავს მეფეთა პერიოდს ერის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე ბაბილონის ტყვეობის დაწყების გამო. და ბოლოს მესამე ნაწილს შეადგენს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდი მღვდელმთავართა მმართველობის ქვეშ თვით მესიის - ქრისტეს გამოჩენამდე. წინასწარმეტყველებათა მიხედვით, მესია უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველიც, მეფეც და მღვდელმთავარიც. ამრიგად, ეს სამი განყოფილება იესო ქრისტეს გენეალოგიისა - 1. პატრიარქების, მსაჯულებისა და წინასწარმეტყველთა ხელმწიფების პერიოდი. 2. მეფობის პერიოდი და 3. მღვდელმთავართა პერიოდი, რომლებიც წინ უსწრებდნენ მესია-ქრისტეს მოვლენას, თითქოსდა ერთგვარი წინასწარმეტყველებაა მის შესახებ.
მოგესალმები დათიკო!
შეიძლება მაცხოვრის გენეოლოგიასთან დაკავშირებული ჩემი შეკითხვები ამ თემაში დავსვა?
ეგრი
მე ერთი კვირა უსაქმოდ ვერ ვიჯდები. ასე რომ დავიწყოთ:
1. მათეს და ლუკას სახარებაში მოყვანილი აქვთ იოსების და არა მაცხოვრის გენეოლოგია. იოსები იესოს ბიოლოგიური მშობელი არ გახლავთ.
2. როგორ შეიძლება დავითის ორი სხვადასხვა შტო, ერთი სოლომონის ხაზით და მეორე ნათანის ხაზით, თან ორივე მამაკაცების ხაზით გაგრძელებული, გადაიკვეთოს ერთიდაიგივე ადამიანებზე? სალათიელი, მატათანი და იოსები მყავს მხედველობაში.
alex_b
ეგრი
დათიკო
მეოთხე შემთხვევაში ვიჩქარე, მაგრამ "ეჭვი მაქვს" და "არ გამოგივა" ჩემი აზრია, რომლის გამოხატვის უფლებას თუ დამიხშობ კათოლიკე ინკვიზიტორებს დაემსგავსები.
რაც შეეხება სხვა ბიბლიას, მშვენივრად მიმიხვდი რასაც ვგულისხმობდი. კარგად იცი ინტერნეტში ბიბლიის მრავალი ისეთი ვარიანტი დევს (მაგალითად ორთოდოქსი.გე-ზე), რომლებიც კანონიკურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
alex_b
დათიკო
მართალი ყოფილა ჩემი ეჭვი 14-თან დაკავშირებით? ჰა?
ეგრი
ეგრი
გამარჯობა ვახ არა რა, სუნი მეცა, წმიდა წერილში შეიხედეო
აბა ინკვიზიციურ იარაღებს შემოგთავაზებ, რომლით გსურს სხეული მატერიას მიაბარო
მნათე
ვახ, ცოცხალი ხატ ტო!
ეგრი
მნათე
ჩეთაობას მოეშვით!
ეგრი
გატყობ, რომ წაგიკითხავს ბიბლია, თუმცა არა ისე, როგორც უნდა კითხულობდე.
ბიბლიის განმარტებისას პირველ რიგში, თუ გინდა, რომ სწორი დასკვნები გააკეთო, მისი უნდა გჯეროდეს.
ასევეა ამ გენეალოგიის შემთხვევაში.
მათეს სახარებიდან სიტყვები:
"ყოველი ნათესავი აბრაჰამისთგან ვიდრე დავითისადმე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრიტესამდე ნათესავი ათოთხმეტ."
ისე კი არ წაგიკითხავს, როგორც წერია, არამედ ისე, როგორც შენ იგებ .
alex_b
აქაზი გამომრჩა, ვაღიარებ, მაგრამ შენც მშვენიერი არითმეტიკა გაქვს. საიდანაც გინდა იქიდან აბამ ყურს. დავითი რომ ორივე 14-ში ჩაჯდა კაი, მარა ტყვეობაში დაბადებული იექონია როგორღა მოხვდა იმავე 14-ში?
alex_b
კაი ეგ თოთხმეტი არაა პრინციპული. ვის როგორ გვესმის "მდე" იმაზეა. ისე გადასახლებაში დაბადებული როგორაა "მდე" ან "ჩათვლით" ვერ მივხვდი, მაგრამ თეიქ ით იზი.
13 მოციქულზე და შტოების კვეთაზე რას ფიქრობ? იესოს რომ დავითის შთამომავალია ეგეც მაინტერესებს.
კანონისტი
alex_b
ეეჰ. მთელი საღამო ველოდი შენს პოსტს? (კითხვის ნიშანს რატომაც ვიყენებ იხ. ზედა პოსტი)
ვიფიქრე ნათელი მოეფინებოდა რაიმეს მაინც?
alex_b
დავითის მერე იოსების წინაპრები იყოფიან სოლომონის და ნათანის შტოებად. შემდეგ ეს ორი შტო კაცების ხაზით გაგრძელებული იკვეთება სალათიელზე და ზორობაბელზე და კვლავ იყოფა რესას და აბიუდის შტოებად, შემდეგი ისევ კაცების ხაზით გაგრძელებული კვლავ იკვეთება მატათანზე და კვლავ იყოფა და კვლავ იკვეთება იოსებზე.
აი ეს როგორ შეიძლება მოხდეს?
ეგრი
alex_b
ეგრი
alex_b
ჯერ ერთი დავითიდან უნდა დაიწყო. მერე აღწერო, ყოველი მომდევნო თაობა ვისი შვილი და ვისი სიძე იყო.
ეს შემოკლებული მიფუჩეჩება არ გამოდგება.
ეგრი
დათიკო
ეგრი
დათიკო
alex_b
ეგრი
კიდევ ერთხელ დაწერ 13 მოციქულს და ბანს მიიღებ!
ვააახ. ვიღაც უპორნად შლის ჩემს პოსტებს.
ეგრი
ეგრი
კარგი, რადგან ცოტა ზევით მეც მახსენეთ ორ სიტყვას შეგაწევთ.
მათთვის ვინც ეჭვობს იმას რომ იოსების გენეოლოგია არანაირ კავშირში არ არის მარიამის გენეოლოგიასთან და მეტადრე ქრისტეს გენეოლოგიასთან.
იმ ხანად, ანუ ქრისტეს შობის დროს, ებრაელებს ჰქონდათ ერთი ტრადიცია, რომლის შესრულება არათუ სასურველი, არამედ სავალდებულოც კი იყო ყველა ებრაელისთვის.
არ შეიძლებოდა ქალის გათხოვება უცხო ტომის წარმომადგენელზე, არამედ აუცილებლად იმავე ტომის შვილზე უნდა მიეთხოვებინათ რომლიდანაც თვითონ ქალი იქნებოდა.(ასეთ ნიუანსებს სერიოზული ყურადღება ექცეოდა)
აქედან გამომდინარე ვასკვნით რომ მარიამიც, მზგავსად იოსებისა, დავითის ტომიდან იყო და ისაც ნათელი ხდება რომ იოსების გენეოლოგია პირდაპირ კავშირშია ქრისტესთან.
ეგრიერთი სათხოვარი მაქვს. იჩქარე ნელა.
როდესაც ვსაუბრობთ მაცხოვრის გენეოლოგიაზე, ძირითად და ერთადერთ წყაროდ მათეს და ლუკას სახარებებს ვიყენებთ რადგან მხოლოდ ამ სახარებებშია საუბარი გენეოლოგიაზე. ორივე სახარებაში ქრისტეს დავითისა და აბრაამის შთამომავლობაზეა გამახვილებული ყურადღება. თუმცა სახელები რატომღაც არ ემთხვევა ამ ორ , ერთიმეორესგან დამოუკიდებელ სიაში. რაც ეგრი-ს უკმაყოფილობის საფუძვლადაც იქცა.
საქმე ისაა რომ, სახარებები მოგვიანებით დაადგიონეს წმიდა მამებმა, როგორც ყველასათვის სავალდებულო სახელმძღვანელოები. მანანდე კი მათ კონკრეტული ადრესატები ჰყავდათ.
ცნობილია რომ მათე მახარებელი, თავის სახარებას წერდა უშვალოდ ებრაელი ხალხისთვის, და მას მიზნად ჰქონდა დასახული ებრაელთათვის უფრო დამაჯერებელი ენით მოეთხრო ქრისტეს შესახებ.
ის თავის სახარებას იწყებს ასე "წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი."
ამ ფრაზით ის ამახვილებს ებრაელთა ყურადღებას იმაზე რომ, საუბარი ეხება მესიას, რომელზეც წინასწარმეტყველებდნენ მათთვის სათაყვანებელი წინასწარმეტყველები. (წინასწარმეტყველნიც ამას ამბობდნენ რომ მესია აბრაამის და დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო.)
მაშ ასე;- მათესთან გენეოლოგიის ათვლა სწორედ ამ მიზეზით იწყება აბრაამიოდან იოსებამდე და არა ადამიდან იოსებამდე. მათეს კონკრეტული ადრესატები იყვნენ ებრაელები.
რატომ იოსების და არა მარიამის გენეოლოგია?
იმიტომ რომ, ებრაელებში შთამომავლობა მამის მხრიდან აითვლებოდა ტრადიციულად. ხოლო მახარებელი ვერ და არ დაარღვევდა მოსეს სჯულს რომელიც ავალდებულებდა მას მამის მხრიდან დაეწერა ყოველივე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ, არანაირი აუცილებლობა იმისა რომ მაინცდამაინც მარიამის გენეოლოგია დაწერილიყო არ იყო, რადგან ებრაელთა წესის თანახმად, მარიამი იყო რა ერთადერთი შვილი თავისი მშობლებისა აუცილებლად იმავე ჩამომავლობის კაცზე უნდა გაეთხოვებინათ, რომლიდანაც თვითონ იყო.
რაც შეეხება ლუკა მახარებელს, ის მიზნად ისახავს თავის სახარებაში, მკითხველს დაანახოს რომ იესო ქრისტე, მთელი ქვეყნიერების მხსნელი და მესიაა, და სწორედ მის მიერ ჩამოთვლილი გენეოლოგია ადამს უკავშირდება.
ადამს, რომელიც უშვალოდ ღმერთის ხელით შეიქმნა და რომელიც არის პირველწყარო ყოველი ადამიანისა.
ლუკა, უკავშირებს რა ადამს ქრისტეს გენეოლოგიას, ამით მიანიშნებს ყველა ადამიანს რომ ყველანი ვართ ქრისტესთან უხილავი, ნათესაური კავშირით დაკავშირებულნი და ქრისტე ყველასთვის მოვიდა და ევნო, რადგან ყველანი მისნი ვართ და ის ყველასია.
ახლა რაც შეეხება იმ გაურკვევლობას რომელიც სახელთა ჩამონათვალის არათანმიმდევრულობას შეეხება.
შენი ნებართვით ოდნავ მოგვიანებით დავდებ ამ იმფორმაციას, არა იმიტომ რომ არ ვიცი რა დავდო, არამედ იმიტომ რომ, მინდა ენა გავამარტივო, ამ ფორუმს ჩვენს გარდა ბევრი სხვაც კითხულობს და არ მინდა რთული და გაუგებარი ენით რამე დავწერო და ვინმე ვერ გაერკვეს.
მე შევეცდები, სულ მალე, რაც შეიძლება მარტივი ენით დავწერო ყველაფერი.
ეგრი
დათიკო
ჩვენ ვსაუბრობდით იესოს წარმომავლობაზე წინასწარმეტყველებების კუთხით.
მაშ ასე.
რა არის მიზეზი იმისა რომ მათე და ლუკა განსხვავებულ პირთა სახელების ჩამონათვალს გვთავაზობენ მაცხოვრის გენეოლოგიაში!?
იოსები, ქმარი მარიამისა, მათეს მიხედვით იაკობის ძეა. ხოლო ლუკას მიხედვით, ელის ძეა.
ასევე ზორობაბელის მამა, სალათიელი, მათეს მიხედვით იექონიას ძეა, ხოლო ლუკასთან ნერისა.
უძველესი ქრისტიანი მეცნიერი, იულიუს აფრიკელი ამ მოვლენას ახსნას უძებნის მოსეს სჯულში, კერძოდ (მეორე სჯული;25.5-6.)კანონში თესლის აღდგენის შესახებ. რომლის მიხედვითაც თუ ორი ძმიდან ერთერთი გარდაიცვლებოდა და შვილი არ დარჩებოდა, მეორე ძმას უნდა შეერთო პირველის ცოლი და ამ ცოლისგან გაჩენილი პირველი შვილი იწოდებოდა გარდაცვლილი ძმის შვილად.
ეს კანონი ძალაში იყო არა მხოლოდ ღვიძლი ძმების შემთხვევაში, არამედ იმ დროსაც, როდესაც ძმებს სხვადასხვა მამა და ერთი დედა ჰყავდათ.
სწორედ ასეთი ძმები იყვნენ, იაკობი იოსების მამა, მათეს მიხედვით და ელი, იაკობის მამა ლუკას მიხედვით. ისინი დაიბადნენ სხვადასხვა მამისგან და ერთი დედისგან, რომელიც ჯერ იაკობის მამის ცოლი იყო და შემდეგ ელის მამისა. მისი სახელი იყო ესთა.
აქედან გამომდინარე, როდესაც ესთას ერთი შვილი, ელი მოკვდა უშვილოდ მეორე შვილმა, იაკობმა ელის ცოლი შეირთო რათა ძმისთვის თესლი აღედგინა და შეეძინათ იოსები.
ეს არის მიზეზი იმისა რომ წმიდა ლუკა, იოსების გენეოლოგიურ ხაზს მიჰყვება რესაის, ანუ ზორობაბელის პირველი შვილის და ელი, იოსების მამის ხაზით. ხოლო წმიდა მათე- ზორობაბელის მეორე შვილის, აბიუდის და იაკობის, ანუ იოსების მეორე მამის ხაზით.
აქვე დაუმატებ იმასაც რომ, მათესთან წარმართი და ცოდვილი დედაკაცების მოხსენიებით, ღმერთი ებრაელებს შეახსენებს რომ ის მხოლოდ ებრაელთა ღმერთი კი არ არის, და მხოლოდ ებრაელებს კი არ მოუწოდებს არამედ წარმართებსაც.
რა გამომივიდა არ ვიცი!?
მე შევეცადე გასაგები ენით ამეხსნა და თუ ვინმემ ვერ გაიგო, ალბათ სხვა გამოჩნდება ვინმე ვინც უკეთ ახსნის.
inkvizitor
ეგრი
ეგრი
სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია მათესა და ლუკა მახარებლების მიერ არის აღწერილი.
მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალოგიით იწყება: "წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაჰამისი" (მთ. 1,1). ძველებრაულ ენაზე სიტყვა "ბენ" (ქართ. - ძე) არა მარტო შვილს, არამედ ზოგადად, შთამომავალსაც გულისხმობს; ანუ ამ სიტუვით შესაძლებელია, მოვიხსენიოთ შვილიშვილიც, შვილთაშვილიც და ა.შ. და მეორე მუხლიდან იწყება იესო ქრისტეს წინაპართა სახელების ჩამონათვალი, - სულ 42 სახელი.
მათეს სახარებაში გენეალოგია ებრაელი ერის მამამთავრის - აბრაამის სახელით იწყება, ხოლო ლუკას სახარებაში - პირველი კაციდან. ადამიდან. ორივე მახარებელთან მაცხოვრის გენეალოგია იოსებ მართლის სახელით მთავრდება.
ქრისტეს გენეალოგია მოუმზადებელი ადამიანსთვის მძიმე წასაკითხია: იგი მას ვრცელი, მოსაწყენი და სრულიად უსარგებლო ეჩვენება. მაგრამ შემთხვევით არაა, რომ სახარებაში გადმოცემულია სრული გენეალოგია: უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მას ქრისტიანობისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
უკვე 2000 წელია, რაც მსოფლიოში არ ცხრება კამათი იმის შესახებ, თუ ვინ იყო სინამდვილეში იესო ქრისტე. მოდავეთა შორის უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ იესო ნაზარეველი ნამდვილად ისტორიული პიროვნებაა და არა "ქრისტიანულ მითოლოგიაში შეთხზული გმირი". მოდავენი ასევე პატივს სცემენ მის მოძღვრებას. მაგრამ ბევრი მათგანი კვლავ და კვლავ ეჭქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რაც სახარების სულს და უცილობელ ჭეშმარიტებას წარმოადგენს: რომ სწორედ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია! მათ არ ესმით, რატომ არიან ასე დარწმუნებულები ქრისტიანები იმაში, რომ ჯერ კიდევ ადამისთვის აღთქმული სამყაროს გამომხსნელი და მაცხოვარი იესო ქრისტეა. ადამიაებისათვის, რომლებიც ბიბლიის ავტორიტეტს აღიარებენ, ამის დასტურია ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი. ბიბლია, რომელიც იესო ნაზარეველის შობამდე ბევრად ადრე დაიწერა, შეიცავს წინასწარმეტველებებს იმის შესახებ, რომ კაცობრიობას გამოიხსნის ქვეყნად მოვლენილი მესია - ქრისტე (ქართ. - ცხებული). წინასწარმეტყველებებში მკითხველი აღმოაჩენს "გენეალოგიურ" მტკიცებულებასაც, რომელიც მოწოდებულია, დაეხმაროს ადამიანებს ჭეშმარიტი მესიის შეცნობაში. ღმერთმა უწინასწარმეტყველა აბრაამს, შემდეგ კი ისრაელის მეფე დავითს, რომ მაცხოვარი სოფლისა - მესია სწორედ მათი შთამომავალი გახდება. ამიტომ ძველი იუდეველები თავისი მოდგმის გაგრძელებას ზემიდწევნითი სერიოზულობით ეკიდებოდნენ. ბავშვის დაბადებას ისრაელელები ღვთის კურთხევად მიიჩნევდნენ. ყოველ ოჯახში აუცილებლად იწერებოდა გენეალოგია. გენეალოგიური ცხრილები ინახებოდა ოჯახებშიც და ასევე იერუსალიმის ტაძარშიც. ნებისმიერმა ისრაელელმა კარგად იცოდა, თუ რომელ თორმეტ იუდეურ ტომთაგანს მიეკუთვნებოდნენ მისი წინაპრები. ამიტომ სახარებაში დაფიქსირებული გენეალოგიის ზედმიწევნითი სიზუსტე ეჭვგარეშეა და თავადვეა იესო ქრისტეს მესიანობის ყველაზე ცხადი არგუმენტი.
როდესაც მოციქულების წინაშე დადგა საკითხი, გაჰყოლოდნენ თუ არა ქრისტეს, გამხდარიყვნენ თუ არა მისი მიმდევრები, - ამაზე პასუხს ისინი, როგორც ებრაელი ერის შვილები, - ბიბლიის წიგნებში ეძიებდნენ. ისინი სვამდნენ კითხვას: მართალია, რომ იესო პატარა ქალაქ ნაზარეთიდან მეფე დავითის შთამომავალია? ქრისტეს გენეალოგია ამ კითხვას დადებით პასუხს სცემს. აღსანიშნავია, რომ მესიის შესახებ მრავალი წინასწარმეტყველება არსებობს და მესიის წარმომავლობა აბრაამისა და დავითის ტომიდან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ ყველა დანარჩენი ნიშანიც, რომლის მიხედვითაც უნდა ამოეცნოთ მესია, - იესო ქრისტეს პიროვნებას ემთხვეოდა. ამიტომ მოციქულთათვის ცხადი გახდა, რომ მათ წინაშეა მხსნელი სოფლისა. და მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე არ იყო არც წარჩინებული. არც რელიგიური სკოლები ჰქონდა დამთავრებული, ხოლო ხელობით კი დურგალი იყო, - მისი მაინც ირწმუნეს და მისი მიმდევრები გახდნენ.
ამრიგად, ქრისტიანთა პირველი თაობისათვის იესოს გენეალოგია უეჭველ არგუმენტად იქცა. და ეს არგუმენტი თავის აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ადამიანები იმეცნებენ ქრისტეს გენეალოგიას, ბიბლიურ წინასწარმეტველებებს, რათა გადაწყვიტონ თავისთვის, მოვიდა თუ არა ნამდვილად ისრაელის მიწაზე 2000 წლის წინათ მესია და არა ვინმე ნიჭიერი მქადაგებელი და მორალისტი.
თუმცა, მაცხოვრის გენეალოგიას სხვა მნიშვნელოვანი მიზნებიც გააჩნია. ჯერ ერთი, ქრისტიანობის ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც უარყოფდნენ ძველი და ახალი აღთქმის განუყოფელ კავშირს. ისინი აცხადებდნენ: "ძველი აღთქმის ღმერთი - ბოროტი, სასტიკი და შურისმაძიებელი დემონია; ახალი აღთქმის ღმერთი კი - სიყვარულისა და უეთიერთშენდობის კეთილი ღმერთია." საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვს ყოველივე ამისადმი მოციქულ პავლეს, რომელიც არის ძველი აღთქმის ახლით შეცვლის ყველაზე თანმიმდევრული მქადაგებელი. მან ყოველივეს "დედაბერებრთა ზღაპარი" უწოდა. ამგვარი ზღაპრებისათვის საუკეთესო პასუხი არის სწორედ მაცხოვრის გენეალოგია. იგი ნათლად წამოაჩენს. რომ ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი ერთი და იგივეა.
და მეორეც, სახარება ვიდრე მაცხოვრის შობის შესახებ თხრობას შეუდგებოდეს, გარდასულ ათასწლეულებს გასცქერის და წამოაჩენს, როგორ ამზადებდა ღმერთი კაცობრიობას მესიის მისაღებად. ახალ აღთქმაში კი ეს მოვლენები გენეალოგიაშI სახელების ჩამოთვლით წამოჩინდება, მაგრამ ამ სახელებში კონცენტრირებულია ძველი აღთქმის პერსონაჟების სრული ისტორია, ისტორია ადამიანებისა, რომლებმაც იწამეს ერთი ღმერთი და გახდნენ მისი მიმდევრები, რითაც იმდროინდელ წარმართულ სამყაროს დაუპირისპირდნენ. გენეალოგია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რაოდენ გრძელი და მძიმე გზა უნდა გაევლო კაცობრიობას, ვიდრე ქრისტეს შეეგებებოდა. ეს გზა ძალიან რთული და ეკლიანი გამოდგა. ჩვენ შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ და იგივე ქრისტეს მეორედ მოსვლას დავუკავშიროთ, რადგან იმ დრომდე თითოეულ ჩვენგანს გველის ვიწრო გზა და ამ გზაზე - მრავალი დაცემა და აღდგომა. მაგრამ მთავარია, არ გაჩერდე, მუდამ წინ იარო - გზის ბოლოს ხომ ქრისტესთან შეხვედრა გველის!
მაცხოვრის გენეალოგიის ლუკასეულ და მათესეულ გენეალოგიებში სხვაობის შემდეგი განმარტებები არსებობს:ებრაელთა შორის არსებობდა ღმრთის მიერ დადგენილი თესლის აღდგენის წესი. როცა ძმა გარდაიცვლებოდა უშვილოდ,ცოცხალ ძმას უნდა შეერთო ძმის ქვრივი და აღედგინა ძმისთვის შთამომავლობა.აქედან გამომდინარე,შვილის მამად შეიძლებოდა წოდებულიყო,როგორც ბუნებითი,ნამდვილი,ასევე რჯულისმიერი მამა.ამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი იოსებთან.მისი ნამდვილი მამა იყო იაკობი,რომელმაც თესლი აღუდგინა ძმას,ელის.ამიტომაა,რომ ლუკა იოსების მამად ასახელებს რჯულისმიერს,ელის,ხოლო მათე-ნამდვილ მამას,იაკობს.რაც შეეხება სოლომონისა და ნათანის შტოებში სალათიელისა და ზორობაბელის სახელთა თანხვედრას,აი როგორ განმარტავენ მას:სალათიელის მამა ლუკასთან არის ნერი,რომელმაც,ერთ განმმარტებელთა მიხედვით იქორწინა მათეს მიერ სალათიელის მამად სახელდებულ უძეო იექონიას ასულზე და რაკი ის გახდა იექონიას მემკვიდრე,ამიტომაც გამოჰყავს მათეს სალათიელი იექონიას ძედ,ისე კი იგი იყო ძე ნერისა,როგორც წერს ლუკა.მეორეთა მიხედვით კი,ნერი იყო ნათესავი იექონიასი,რომელმაც თესლი აღუდგინა იექონიას. სალათიელის ძის,ზორობაბელის ძეებში კი, მახარებლები ისევ სხვადასხვ შტოთა გენეალოგიას გვაწვდიან.
seminaristi
დათიკო
დავით არ ეთანხმები, მაგრამ ხომ შეიძლება სწორი იყოს
abo
დათიკო
შენი გაცნობა მინდა ძალიან.
seminaristi
დათიკო
егри
დათიკო
егри
ეს ეგრი აშკარად რთული აზროვნების ადამიანია.(იმედია ამ აზრის გამო მეც არ გადამეკიდება) (ბოდიშით თემას გადავუხვიე)
მე საერთოდ ის მაინტერესებს მაცხოვარი ხომ ებრაელი იყო ჰოდა გენეალოგია რატომ წერია მამიდან შვილზე? თუ ჩახედულიარ ვარ კარგად ბოდიშს ვიხდი
სალამი ჩემო ქრისტიანო დებო და ძმებო!
აი გრიგოლ ხანძთელი როცა აშოტ კურაპალატს მიმართავს, იგი ამბობს, რომ მისი გვარი დავით მეფეს შთამომავალია და ბაგრატიონთა გვარს სამუდამოდ დალოცავს.და რამე ცნობა ხომ არ გექნებათ ბაგრატიონთა და დავით მეფეს კავშირის შესახებ?
შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ვფიქრობ რომ როცა კრიტიკული შეკითხვები უჩნდება ადამიანს, წმიდა წერილის შესახებ, რწმენის დეფიციტს განიცდის...ერთხელ ერთი იაღოველი შემხვდა (დიდიპარასკევი იყო) დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ მის შეკითხვებზე მშვიდად მეპასუხა(ღვთის მადლით მოვახერხე),ბოლოს მითხრა სახარება დაკვირვებით წაიკითხეო ყველაფერს ჩაუკვირდიო... მაშინ დავფიქრდი ამ საკითხზე, მივხვდი რომ წმინდა წერილი მართლმადიდებელმა მხოლოდ რწმენითა და უფლის სიყვარულით უნდა წაიკითხოს.თუ ეჭვები გვიჩნდება უფალს უნდა ვთხოვოთ დახმარება ,რომ ღვთის სიტყვა ცხადი და ნათელი გახდეს ჩვენთვის.
მაპატიეთ ასეთი კადნიერება
ჩემი მოკრძალებული მცდელობა ამ საკითხის ირგვლივ ქართულად არსებული მასალების შეკრებისა, ნუ რაზეც მე მიმიწვდა ხელი.
იოანე ოქროპირი, სანამ იგი უშუალოდ გენეოლოგიის განმარტებას შეუდგებოდეს, მიგვითითებს იმის შესახებ, თუ რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას განსამარტავი ტექსტის (გენეოლოგიის) წაკითხვის შედეგად. იგი ამბობს: “ხოლო იმისათვის, რომ ჩვენი სიტყვები ადვილადგასაგები იყოს, გთხოვთ და გარწმუნებთ (როგორც ამას წერილის ნაწილის განმარტებისას ვაკეთებდით), წინასწარ გადავიკითხოთ წიგნის ის ნაწილი, რომლის განმარტებასაც ვაპირებთ. დაე გააზრებას წინ უძღოდეს კითხვა, როგორც ეს ენუქის შემთხვევაში იყო (საქმე. 8,28); ეს დიდად გაგვიადვილებს საქმეს. აქ ხომ ყოველ ნაბიჯზე კითხვები წარმოიშობა. აი ნახე, მაგალითად, რამდენი გაუგებრობა იბადება სახარების დაწყებისთანავე. პირველ რიგში, რატომაა გადმოცემული გენეოლოგია იოსებისა, რომელიც ქრისტეს მამა არ ყოფილა? მეორე, საიდან უნდა მივხვდეთ, რომ ქრისტე დავითის შთამომავალია, როდესაც არ ვიცით, ვინ იყვნენ მარიამის, მისი მშობლის წინაპრები, მარიამის წარმომავლობა ხომ არ არის მითითებული? მესამე, რატომაა მოცემული იოსების გენეოლოგია, რომელსაც შობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ხოლო რომელი მშობლებისაგან, პაპისა და პაპისპაპებისაგან მოდიოდა ქალწული, რომელიც იყო დედა ქრისტესი, არ არის ნათქვამი? გარდა ამისა კვლევის საგანია ისიც, თუ რატომ მოხდა, რომ მახარებელმა გენეოლოგიის მამაკაცთა ხაზით აღწერისას, ზოგიერთი დედაკაციც მოიხსენია? შემდეგ: თუკი ის ამგვარად განსჯიდა, რატომ არ ჩამოთავალა ყველა ქალი, და მაშინ, როდესაც არაფერი თქვა ღირსახსოვარ, სარრაზე, რებეკაზე და სხვა მათ მსგავს ქალებზე, წარმოაჩინა მხოლოდ თავიანთი ცოდვებით ცნობილნი: მეძავი, მრუში, უცხოტომელი და უცხოქვეყნელი? სწორედ ისინი ახსენა მან: ურიას ცოლი, თამარი, რააბი და რუთი. რომელთაგან უკანასკნელი იყო უცხოტომელი, მეორე – მეძავი, მესამეს მამამთილთან ჰქონდა კავშირი და ამასთან არაკანონიერი ქორწინებით, არამედ სარეცელი სიძვის ვნებით დაიპყრო; რაც შეეხება ურიას ცოლს, მას ყველა იცნობს მისი უწესო დანაშაულით. და მაინც მახარებელმა, სხვა ყველას გვერდი აუარა და გენეოლოგიაში მხოლოდ ეს ქალები მოიხსენია. თუკი ქალების მოხსენიება საჭირო იყო, მაშინ უნდა ხსენებულიყო ყველა, თუკი არა – ყველა და მხოლოდ ზოგიერთი მათგანი, მაშინ – სათნოებებით ცნობილნი და არა – ცოდვებით. ხედავთ, რაოდენი ყურადღება გვესაჭიროება, უკვე სახარების დასაწყისშივე? თუმცა ზოგიერთს ეს დასაწყისი დანარჩენზე მეტად გასაგებად ეჩვენება, ზოგიერთს კი სრულიად ზედმეტი, რადგანაც მხოლოდ და მხოლოდ სახელთა ჩამონათვალად მიიჩნევს. შემდეგ, კვლევას იმსახურებს ისიც, თუ რატომ არაფერი თქვა მათემ სამი მეფის შესახებ. თუკი დადუმდა მათ შესახებ, როგორც ყველაზე უზნეოებზე, მაშინ აღარც სხვები – მათი მსგავსნი უნდა ეხსენებინა. აი, კიდევ ერთი კითხვა წარმიშვა: რატომაა, რომ მახარებელმა, რომელმაც გენეოლოგია ნაწილებად დაჰყო და თითოეულში თოთხმეტი თაობა შეიყვანა, ეს წესი პირველ ორ ნაწილზე დაიცვა, ხოლო მესამეში ეს რიცხვი აღარ დაიცვა? შემდგომ: რატომაა, რომ ლუკა იხსენიებს სხვა სახელებსაც და არა მარტო იმათ, ვინც მათემ მოიხსენია და თუმცა გაცილებით მეტს ახსენებს, ყოველ მათგანს არ იხსენიებს, ვისზეც მათე ლაპარაკობდა. მათემ კი ნაკლები სახელები მოიტანა და თანაც სრულიად სხვა, თუმცა გენეოლოგია მაინც იოსებზე დაასრულა, ისევე როგორც – ლუკამ. ნახეთ, რაოდენი სიფხიზლე გვესაჭიროება, არა მხოლოდ იმისათვის, რომ გაუგებრობა გავარკვიოთ, არამედ იმისთვისაც, რომ მივხვდეთ, რა საკითხები მოითხოვს გადაჭრას”.
წმ. იოანე ოქროპირი: - 1. “წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი”. – შენ რას მეუბნები მახარებელო? დაგპირდი, რომ ღმრთის მხოლოდშობილ ძეზე ვისაუბრებდით და ამის სანაცვლოდ იხსენებ დავითს, ადამიანს, მთელი თაობების მიღმა რომ ცხოვრობდა და მას მამად და პირველმშობელად იხსენიებ? დაიცადე, ნუ შეეცდები, ყველაფერი დაუყონებლივ შეიტყო. არამედ თანდათანობით და ცოტა-ცოტა გაიგე. შენ ჯერ კიდევ კარიბჭეში დგახარ?! ზღურბლზე: რად გეჩქარება სიწმინდეში შესვლა? ჯერ ხომ გარედან ყველაფერი კარგად არ დაგითვალიერებია? მე ჯერ შენ არაფერს გეტყვი უპირველესზე – ზეციურ შობაზე, უფრო სწორად არაფერს ვამბობ არც მეორეზე – მიწიერ შბაზე, რადგანაც ისიც აუხსნელი და გამოუთქმელია. ამაზე ჩემზე წინ ესაია წინასწარმეტყველმა გითხრა სწორედ მაშინ, როდესაც გაუწყებდა უფლის ვნებასა და ამ სოფლისადმი მის უდიდეს მზრუნველობას. მან, გულშეძრულმა იმის ხილვით, თუ ვინ იყო იგი, და რად იქცა, და სად მოვიდა, ხმამაღლა და მკაფიოდ შესძახა: “ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე?” (ეს. 53.8).
ამგვარად, ამჯერად სიტყვას იმ ზეციურ შობაზე კი არ დავიწყებთ, არამედ ამ შორეულ, მიწიერ შობაზე, ათასობით მოწმე რომ ჰყავდა. სწორედ მასზე ვილაპარაკებთ იმდენად, რამდენადაც ჩვენს მიერ მიღებული სულის მადლით იქნება ეს შესაძლებელი. მთელი სისრულით არც ამ შობის წარმოდგენაა შესაძლებელი, რამდენადაც ისიც საიდუმლოებითაა აღსავსე. ამგვარად, როდესაც ამ შობის შესახებ ისმენ, ნუ წარმოიდგენ, რომ რაიმე ნაკლებადმნიშვნელოვანს ისმენ. არამედ წარმართე გონება შენი და შიშით აღივსე, რამდენადაც გესმის, რომ ღმერთი დედამიწაზე მოვიდა. ეს იმდენად საოცარი და სასწაულებრივი იყო, მადიდებელ გუნდად შეკრებილმა ანგელოზებმა მთელ ქვეყანაზე ქება აღავლინეს და წინასწარმეტყველნი უფრო ადრე დიდხანს იყვნენ განცვიფრებულნი იმით, რომ ღმერთი “გამოჩნდა მიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის” (ბარუქ. 3,38). და ჭეშმარიტად, უკიდურესად განმაცვიფრებელია მოსმენა იმისა, რომ გამოუთქმელი, ამოუხსნელი და მიუწვდომელი ღმერთი, თანასწორი მამისა, ქალწულებრივი საშოდან მოვიდა, დედაკაცის მიერ შობა კეთილინება და წინაპრებად დავითი და აბრაამი ჰყავდა. და რას ვამბობ, დავითი და აბრაამი მეთქი, - თვით ის დედაკაცები, ადრე რომ ვახსენე! ამას ყოველივეს რომ გაიგონებ, შეიწყნარე და რაიმეს დამამცირებელს ნურც კი იეჭვებ. პირიქით, განსაკუთრებით განგაცვიფროს იმან, რომ დაუსაბამო მამის ძემ, ჭეშმარიტმა ძემ, დავითის ძედ წოდება ინება, რათა შენ ძედ ღმრთისად ექციე. კეთილინება ყოფილიყო მონად თვისი მამისა, რათა შენ მონა, მის მიერ მეუფის შვილად ექციე. ხედავ, როგორი კეთილუწყებაა დასაწყისშივე? თუკი საკუთარ ღმრთისძეობაში დაეჭვდები, მაშ, მას ერწმუნე, როდესაც ისმენ, რა აღესრულა მასთან მიმართებაში. ადამიანური განსჯის მიხედვით გაცილებით ძნელი არ არის იმის მიღება, რომ ღმერთი განკაცდა, ვიდრე იმისა, რომ ადამიანი გახდა ძე ღმერთისა?! ამგვარად, როდესაც გესმის, რომ ძე ღმრთისა დავითისა და აბრაამის ძედ იქცა, მაშინ ნუღარც ის დაგაეჭვებს, რომ შენც ძე ადამისი, ღმერთის ძედ იქცევი. ტყუილუბრალოდ და ამაოდ ის ხომ საკუთარ თავს არ დაიმდაბლებდა, ჩვენი ამაღლება რომ არ სურვებოდა?! ის იშვა ხორცით, რათა შენ იშვა სულით; იშვა დედაკაცისაგან, რათა შენ დედაკაცის ძე აღარ ყოფილიყავი. აი, რატომ იყო ეს შობა ორმაგი: ერთი მხრივ, ჩვენი მსგავსი და მეორე მხრივ – ჩვენი ამამაღლებელი. იმით, რომ იშვა დედაკაცისგან, იგი მოგვემსგავსა ჩვენ; იმით, რომ იშვა არა სისხლთაგან, არა კაცის თუ ხორცის ნებით, არამედ – სულიწმიდისაგან, იგი გვიწინასწარმეტყველებს ჩვენს მომავალ, ამაღლებულ შობას, რომლის მონიჭებასაც იგი სულის მადლით გვიპირებდა. ასეც მოხდა ყველაფერი შემდეგ. ასეთივე იყო ნათლისღება; მასშიც იყო რაღაც ძველი და იყო რაღაც ახალი: ნათლისღება წინასწარმეტყველისაგან გვაჩვენებდა ძველს, ხოლო გარდამოსვლა სულისა მიანიშნებდა ახალზე. მსგავსად იმისა, როგორც ვინმე, ჩადგება რა ორ საპირისპირო მყოფ მხარეს შორის, ხელებს განიპყრობს და შეაერთებს მათ, სწორედ ამგვარადვე მოიმოქმედა ძემ ღმრთისამ: ძველი აღთქმა შეაერთა ახალთან, საღმრთო ბუნება – კაცობრივთან, თავისი – ჩვენთან. ხედავ ღმრთის ქალაქის ბრწყინვალებას?! ხედავ, რაგვარი ელვარებით განგანათლა შესასვლელშივე?! ხედავ, რომ მაშინათვე გიჩვენა მეფე – შენივე სახით – როგორც ბანაკის შუაგულში?! აქაც კი მიწაზე მეფე ყოველთვის არ მოივლინება ხოლმე მთელი დიდებულებით, არამედ ხშირად პორფირსა და დიადემას გვერდზე გადადებს და უბრალო მეომრის სამოსით იმოსებ. მაგრამ მიწიერი მეფე ამას იმისათვის აკეთებს, რათა თავის გამოაშკარავებით მტერი არ მიიზიდოს; ზეციურმა მეფემ კი პირიქით, იმისათვის, რომ თავის გამოაშკარავებით არ ეიძულებინა მტერი მასთან შებრძოლებას განრიდებოდა, ხოლო თავისიანები არ შეეშფოთებინა, რადგანაც იგი სახსნელად მოვიდა და არა შესაშინებლად. აი რატომაა, რომ მახარებელმა მაშინათვე მოიხსენია იგი შესაბამისი სახელით – იესო. სახელი იესო ბერძნული არ არის; იესოდ იგი ებრაულად იწოდება, რაც ბერძნულ ენაზე მხსნელს ნიშნავს. მხსნელად კი იწოდება იმიტომ, რომ მან იხსნა თავისი ხალხი.
ხედავ როგორ აღაფრთოვანებს თავის მსმენელს მახარებელი? რამდენადაც იგი, ჩვეულებრივი სიტყვებით ლაპარაკობს და მათი საშუალებით განგვიცხადებს იმას, რაც ყოველგვარ სასოებაზე აღმატებულია. ორივე სახელი, რომელიც მას მიეცა, კარგად იყო ცნობილი იუდეველთათვის. რამდენადაც მოვლენები, რომელთა აღსრულება ჯერიყო, იყო იმდენად საოცარი, რომ თვით ამ სახელებსაც წინ უძღოდა ხატებები, რათა ამ საშუალებით წინასწარვე განრიდებულიყო ყოველგვარი მიზეზი ახლადმოვლინებულზე დრტვინვისა. ამგვარად მოსეს შთამომავალს, რომელმაც ხალხი აღთქმულ მიწაზე მიიყვანა, ერქვა ისუ. ხომ ხედავ ხატს? მაშ, განჭვრიტე ჭეშმარიტება! მნ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა, ხოლო ამან – ზეცაში და ზეციურ სიკეთეებთან; მან მოსეს სიკვდილის შემდეგ, ამან კი – შემდგომად სჯულის აღსრულებისა; მან – როგორც წინამძღოლმა, ამან კი – როგორც მეფემ. ხოლო იმისათვის, რომ როდესაც სახელ იესოს მოისმენ, მსგავსების გამო ცთომილებამ არ შეგიპყროს, მახარებელი დააზუსტებს: “იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი”. ის ისუ არ იყო დავითის ძე, არამედ სხვა შტოდან მოდიოდა. მაშ რად უწოდა მათემ თავის სახარებას “წიგნი შობისა იესუ ქრისტესი”, როდესაც ის მხოლოდ იესო ქრისტეს გენეოლოგიას კი არ შეიცავს, არამედ, მთელ საღმრთო განგებულებას? იმიტომ, რომ ქრისტეს გენეოლოგია უმთავრესია მთელ საღმრთო განგებულებაში და ის ყოველი, ჩვენთვის მომადლებული სიკეთის საწყისად და საფუძვლად გვევლინება. ისევე, როდესაც მოსე უწოდებს თავის პირველ წიგნს ცისა და მიწის დაბადებას, მიუხედავად იმისა, რომ მასში მხოლოდ ცისა და მიწის შესახებ კი არ მოგვითხრობს, არამედ, ყოველივეზე, რაც მათ შორის იმყოფება; ასევე მახარებელმა უწოდა თავის წიგნს უმთავრესის მიხედვით იმ საქმეთაგან ყვეაზე (ჩვენი ცხონებისათვის) რომ აღესრულა. ყველაზე გასაოცარი, ყოველგვარ იმედსა და სასოზე აღმატებული ჭეშმარიტად ისაა, რომ ღმერთი კაც იქმნა და მას შემდეგ, რაც ეს აღესრულა, ყოველივე დანარჩენი გახდა გასაგებიცა და ბუნებრივიც. მაგრამ, რატომაა, რომ მახარებელმა თავიდან კი არ თქვა – “ძისა აბრაჰამისი” და მხოლოდ მას მერე – “ძისა დავითისი”?. არა იმიტომ, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სურდა გენეოლოგია აღმავალი ხაზით წარმოედგინა, რადგან ამ შემთხვევაში ის ლუკას მსგავსად იმოქმედებდა. ის კი პირიქით აკეთებს. მაშ, რად მოიხსენია პირველად დავითი? რადგანაც ამ ადამიანის სახელი ყველას პირზე ეკერა, როგორც მის საქმეთა დიდებულების გამო, ასევე ეპოქის გამოც, რადგანაც აბრაამზე გვიან აღესრულა. თუმცა ღმერთმა აღთქმა ორივეს მისცა, აბრაამის აღთქმაზე, როგორც უფრო ძველზე ნაკლებს ლაპარაკობდნენ, ხოლო აღთქმას, რომელიც დავითს მიეცა, როგორც არცთუ დიდი ხნისას და ახალს, ყველა ამოწმებდა. იუდეველები თავად ამბობდნენ: “არა წიგნი იტყÂსა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე”? (იოანე 7,42). და არავინ უწოდებდა მას აბრაამის ძეს, არამედ, ყველა დავითის ძედ იხსენიებდა. იმიტომ, რომ როგორც ცხოვრების პერიოდით, - როგორც უკვე ავღნიშნე, - ასევე სახელგანთქმული მეფობით დავითი ყველას გაცილებით უკეთ ახსოვდა. აი, რატომაა, რომ დავითის მერე მცხოვრებ ყველა მეფეს, რომელთაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, მისივე სახელით იხსენიებდნენ და არა მარტო ადამიანები, არამედ თვით ღმერთი. ამგვარად, ეზეკიელი და სხვა წინასწარმეტყველები ამბობენ, რომ მათთან მივა და მკვდრეთით აღადგენს დავითი, ისინი გარდაცვლილ დავითს კი არ გულისხმობენ, არამედ მის კეთილ საქმეთა მობაძვას. ამგვარადვე ეზეკიას ეუბნება ღმერთი: “მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის” (IV მეფ. 19, 34), ასევე სოლომონსაც მიმართავს, რომ დავითის გამო არ განყოფს სამეფოს მისას მის სიცოცხლეში (III მეფ. 11,34). ამ ადამიანის საქმენი დიდი იყო როგორც ღმერთის, ასევე – კაცთა წინაშე. აი, რატომაა, რომ მახარებელი გენეოლოგიას უშუალოდ იწყებს უფრო სახელგანთქმულიდან და მხოლოდ შემდეგ მიმართავს უძველესს პირველმშობელს – აბრაამს. ხოლო გენეოლოგიის კიდევ უფრო შორს გაგრძელებას იგი იუდეველთათვის ზედეტად მიიჩნევს. ეს ორი ადამიანი განსაკუთრებულ განცვიფრებას აღძრავდა. ერთი როგორც წინასწარმეტყველი და მეფე, მეორე როგორც პატრიარქი და წინასწარმეტყველი”.
თეოფილაქტე ბულგარელი: 1. “წიგნი შობისა”. – რატომ არ გამოიყენა აქ წმიდა მათემ მსგავსად წინასწარმეტყველთა “ხილვა” ან “სიტყვა” ნაცვლად შობისა? ისინი ხომ ასე წერდნენ: “ხილვა, რომელი იხილა ესაია” (ეს. 1.1), ან: “სიტყვა, რომელი იყო ესაიასადმი” (ეს. 2,1). გსურს გაიგო რატომ? წჭინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდო. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და ამასთან დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ იმგვარს, რაც წინასწარმეტყველთა თქვეს, წინასწარ არაფერს ამბობს. სათქმელი სხვაც მაქვს: ის, რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს, სულიწმინდით წარმოისახეს და ამიტომაც უწოდებდნენ ხილვას; ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ გრძნობიერად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არა თქვა: “ხილვა, რომელი ვიხილე”, ან “წარმოსახვა”, არამედ წიგნი შობისა.
გრიგოლ დიაჩენკო: 1. პირველი გამოთქმა – “წიგნი შობისა იესუ ქრისტესი” – ზოგიერთთა აზრით თითქოსდა საერთო სათაურად ემსახურება მთელს სახარებას, - სათაურად, რომელშიც გადმოცემულია მათეს სახარების მთავარი საგანი და ძირითადი შინაარსი; და ეს შეხედულება უსაფუძვლო არ არის, იმიტომ, რომ ყოველივე ის, რის შესახებაც წმ. მათე მახარებელი მოგვითხრობს იესო ქრისტეს შესახებ, მდგომარეობს მის წარმომავლობაში, გენეალოგიაში, როგორც ძირსა თუ დასაბამში. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: “ყველაზე განსაკვირველი, ყოველგვარ იმედზე აღმატებული ის არის, რომ ღმერთი განკაცდა, ადამიანი შეიქნა. ხოლო როცა ეს აღსრულდა, ყოველივე, რაც შემდგომში მოჰყვა ამას, გასაგებიცაა და ბუნებრივიც”. თუმცა უფრო სწორი და უმჯობესი იქნება, თუკი ამ გამოთქმის ქვეშ ვიგულისხმებთ თქმულებას, ჩანაწერს იესო ქრისტეს ხორციელი გენეალოგიის შესახებ, მისი გენეალოგიის შესახებ, მსგავსად იმისა, როგორც დაბადების წიგნის II თავის IV მუხლში გამოთქმა: “ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაი”, - აღნიშნავს ცისა და ქვეყნის შექმნის აღწერას.
თეოფილაქტე ბულგარელი: 1. “იესო” – სახელი “იესო” ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში მაცხოვარს ნიშნავს, რამეთუ სიტყვით “იაო” ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ.
“ქრისტესი” – ქრისტეს (ბერძ. “ცხებული”) მეფეებსა და მღვდელმთავრებს უწოდებდნენ, რადგან მათ წმინდა ზეთს სცხებდნენ, რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდება ქრისტე, როგორც მეფეს, რომელიც ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა, და როგორც მღვდელმთავარს, რომელმაც თავისი თავი ჩვენთვის მსხვერპლად მიიტანა. ის ხომ ცხებულია ჭეშმარიტი ზეთით – სულიწმინდით და ცხებულია სხვებზე აღმატებულად. რადგან სხვას ვის ჰქონდა ისეთი სული, როგორც უფალს? წმინდანებში მადლი სულისა წმიდისა მოქმედებდა, ხოლო ქრისტეში მადლი სულისა წმიდისა კი არ მოქმედებდა, არამედ თავის ერთარს სულთან ერთად სასწაულებს თვით ქრისტე აღასრულებდა.
გრიგოლ დიაჩენკო: 1. სიტყვა “იესო” (ებრაულად – “იეშუა”) ებრაელებში საკმაოდ გავრცელებული სახელია და აღნიშნავს “მხსნელს”, “მაცხოვარს”. ქრისტესთან მიმართებაში კი მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, გამოხატავს რა კაცთა მოდგმის ხსნის, ცხონების მის მიერ აღსრულებულ საქმეს (მუხლი 21). ზედსართავი სახელი “ქრისტე” – საკუთრივ ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს “ცხებულს”, ანუ იგივეს, რასაც ებრაული სიტყვა “მოშიაH” – “მესია”, რის გამოც იესო იწოდება ხან ქრისტედ, ხანაც მესიად, რაც ერთი და იგივეა.
წმ. ირინეოს ლიონელის სიტყვით, “სახელში “ქრისტე” იგულისხმება მცხებელიც და ცხებულიც, და თვით ცხებაც, რომლითაც იგი არის ცხებული. სცხო მამამ, ხოლო ცხებულია ძე სულიწმიდით, რომელიც არის ცხება, როგორც ესაიას პირით იტყვის სიტყუა: “სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე” (ესაია 61,1), აღნიშნავს რა მცხებელ მამასაც, ცხებულ ძესაც და თვით ცხებასაც, რომელი არს სულიწმიდა”.
თეოფილაქტე ბულგარელი: 1. “ძისა დავითისი”. – მას შემდეგ, რაც მათემ თქვა “იესო”, დაუმატა “ძისა დავითისი”, რათა შენ სხვა იესო არ იგულისხმო, რადგან სხვა იესოც იყო ცნობილი, რომელიც ებრაელებს მოსეს შემდეგ წინამძღოლობდა; მაგრამ მას ნავეს ძე ეწოდებოდა და არა დავითისა. იგი დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იუდას ტომიდან კი არ იყო, საიდანაც დავითი წარმოიშვა, არამედ სხვა ტომიდან.
“ძისა აბრაჰამისი”. – რატომ დააყენა მათემ დავითი აბრაჰამის წინ? იმიტომ, რომ დავითი უფრო ცნობილია, იგი აბრაჰამის შემდეგ ცხოვრობდა და დიდებული მეფე იყო. ღმრთის გული ისრაელში მეფეთაგან პირველმა მან მოიგო და მისგან აღთქმაც მიიღო იმის თაობაზე, რომ ქრისტე მისი თესლიდან აღდგებოდა, ამიტომაც უწოდებდა ქრისტეს ყველა დავითის ძეს. დავითმა ქრისტეს წინასახე მართლაც დაიმარხა: როგორც ის გამეფდა ღმრთისაგან მოძულებული და დამხობილი საულის ნაცვლად, ასევე ხორციელად მოსული ქრისტე ჩვენზე შემდეგ გამეფდა, რაც ადამი მოაკლდა სამეფოსა და მეფობას, რომელიც მას ყველა არსებასა და დემონებზე ჰქონდა.
გრიგოლ დიაჩენკო: 1. “ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი”. იესო ქრისტეს წარმომავლობა დავითისაგან და აბრაჰამისაგან ყოველი იუდეველის თვალში უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება იყო მისი მესიანური ღირსებისა. მახარებელ მათეს, თუკი მას მიზნად დასახული ჰქონდა (როგორც ამას მთელი ძველი ქრისტიანული აზრი ამტკიცებს) დაედასტურებინა თავისი სახარებით იუდეველთათვის იესოს მესიანური ღირსება, შეეძლო იგი სწორედ ამ სიტყვებით დაეწყო: “იესო – მესია (ქრისტე), ძე დავითისი, ძე აბრაჰამისა”. დავითისა და აბრაჰამის ძედ მახარებელი იესო ქრისტეს ხმობს ზოგადი აზრით, ანუ შთამომავლის მნიშვნელობით, როგორიც იესო ქრისტე იყო კიდეც თანახმად ღმერთის აღთქმისა (დაბად. 12,1 და შემდეგ 22,18; გალატ. 3,17; II მეფეთა 7,12; I ნეშტთა 17,11; ფს. 88,4; 131,11; ესაია 11,1 და სხვა). მახარებელმა იესო ქრისტე ჯერ დავითის ძედ, ალბათ იმიტომ დაასახელა, რომ მისდამი ღმერთისაგან მიცემული აღთქმა ახალი იყო და მთელს იუდეველ ერს კი არ განეკუთვნებოდა, როგორც აბრაჰამისადმი მიცემულ აღთქმაში იყო, და არც თორმეტი იუდეური ტომიდან ერთ-ერთს განეკუთვნებოდა, როგორც ეს იუდასადმი მიცემული აღთქმით ვიცით, არამედ იგი უფრო კერძო იყო და მხოლოდ დავითის სახლს ეკუთვნოდა, რომლის სახელიც განკაცებულ იესო ქრისტეს მიეკუთვნა (იერემ. 30,9; ეზეკიელი 34,24; 37,24). ამრიგად, როცა მახარებელმა პირველად დავითის ძედ დაასახელა იესო ქრისტე, ამით მას სურდა ეჩვენებინა ებრაელებისათვის – იუდეველებისათვის, - მე სწორედ იმ მესიაზე – ქრისტეზე გელაპარაკებით, რომელსაც თქვენ მოელით როგორც დავითის ძეს და აღთქმული დიდებული მეუფების მემკვიდრესო. ამ მოკლე შესავლის შემდეგ იწყება თვით გენეალოგიაც.
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. - 1. ძველი აღთქმის მახარებელი, დიდებული წინასწარმეტყველი ესაია, წერდა რა ქვეყნად მომავალი მაცხოვრის ტანჯვა-წამებაზე, კეთილი კრძალულებით ფიქრობდა მასზე: ვინ არის ეს ქვეყნიერების მხსნელი? საიდან და სად გადმოდის ის? და მისი ღვთაებრივი დიდებულებით გაკვირვებული წინასწარმეტყველი წამოიძახებს: „ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე“ (ეს. 53, 8). მართლაც და ვის შეუძლია, ჩვენ, ქვეყანის მკვიდრთ, განგვიმარტოს მისი უწინარეს პირველ საუკუნეთა შობა მამა ღმერთისაგან? იგი მარტო ადამიანთა გონებისთვის კი არა, ანგელოზთათვისაც კი მიუწვდომელია. და აი, ეს ღმერთი, მიუვალი, გამოუთქმელი, მიუწვდომელი და მამის თანასწორი, მოვიდა ჩვენთან დედამიწაზე, არ ითაკილა ქალწულისაგან შობა, და დავითისა და აბრაამის წინაპრებად ყოლა. მარადიული ღმერთი იშვა, როგორც კაცი, მთლიანად მიიღო ადამიანური ბუნება ცოდვის გარდა და ჩვენი მსგავსი გახდა.
ახალი აღთქმის პირველი მახარებელი მათე, გვიხსნის რა მის მიერ დაწერილ სახარებას, კეთილად გვაუწყებს, რომ იგი არის „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი“, - რომელშიც ჩამოთვლილია მისი ხორციელი წინაპრები, მთელი ცხოვრება და ქვეყნიური მოღვაწეობა აღთქმული მესიისა, „ძისა დავითისი, ძისა აბრაამისი“. ძველი აღთქმის საღვთო მთხრობელის, წმიდა წინასწარმეტყველი მოსეს მსგავსად, რომელიც ცოდვილი კაცობრიობის ისტორიის აღწერიასას ამბობს: „ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი“ (შექ. 5,1), წმიდა მათეც, დაცემული კაცთა მოდგმის განახლების ისტორიის აღწერისას აღნიშნავს: „შობა იესო ქრისტესი“. პირველი მიწიერი კაცისაგან ყოველივე დაიშალა, აი ახალი ადამიანი, ახალი ადამი „უფალი ზეცით“ (1 კორ. 15, 17), თავისი ხალხის ახალი მოდგმისა, სულიერად შობილთა, რომელნიც იწოდებიან წმიდად. ძველი დრო წავიდა და ახალი დადგა; რამოდენა სიხარულია ჩადებული ქვეყნის მკვიდრთათვის მარტო სახელწოდებაშიც კი ამ წიგნისა: - წიგნი შობისა იესო ქრისტესი! რომელ წარმოშობაზე ამბობ შენ, მოციქულო ქრისტესო? ვინ ვის ენათესავება? ღმერთმა, შემოქმედმა ზეცისა და ქვეყანისამ, შეიერთა ჩვენი ბუნება, და არ ითაკილა ჩვენი მსგავსი ადამიანებისათვის თავისი წინაპრები ეწოდებინა, ჩვენ კი - თავისი ძმები გვიწოდა. განა ეს არ არის სასიხარულო? ეს არ არის კეთილი უწყება? მაგრამ ეს სასიხარულო ცნობა განსაკუთრებულ სიხარულად მორწმუნე იუდეველთათვის იქცა, რადგან იმათ იცოდნენ, რომ დავითსა და აბრაამს ღვთისაგან აღთქმული ჰქონდათ იმათი ტომისაგან ქრისტე მაცხოვრის შობა. და აი, წმიდა მახარებელი მათე, რომელიც სახარებას უმეტესად მორწმუნე იუდეველთათვის წერდა, წიგნის დასაწყისშივე უცხადებს მათ, რომ ეს საუკუნოვანი აღთქმა იესო ქრისტეზე შესრულდა: ის არის - ძე დავითისა, ის არის - ძე აბრაამისა, ძე დაუსაბამო მამისა „რომელი იგი არს ბრწყინვალება დიდებისა და ხატი არსებისა მისისა“ (ებრ. 1,3). მან კეთილად ინება წოდებულიყო ძე კაცისად, დავითის შთამომავლად, რათა შენ ადამიანო, გაეხადე ძედ ღვთისა. მან ინება თავისი მონისთვის ეწოდებინა მამა, რათა შენს მამად გაეხადა მეუფე დიდებისა. ამრიგად ღვთის ძე იქცა ძედ დავითისა და აბრაამისა. არ შეგეპაროს ეჭვი იმაში, რომ შენც, რომელიც ხარ შვილი ადამისა, იქნები შვილი ღვთისა. „იგი ღმერთია, რათა ზიდოს ყველა სისუსტე კაცთა, და იგი ადამიანია, რომელიც ეზიარა ხორცთა და სისხლთა (ებრ. 2,14), რათა გაეხადა ადამიანები თანაზიარნი ღვთიური ბუნებისა“ (მიტრ. ფილარეტი). როგორც ქვეყნიური მეფე ზოგჯერ უბრალო მხედრის სამოსით იმოსება, რათა არ მიიპყროს არმოსურნეთა ყურადღება, ასევე ზეციური მეუფეც მონის სახეს ამოეფარა, რათა მტრისათვის, - ბოროტისათვის არ მიეცა გასაქანი ბრძოლის ველიდან გადამწყვეტ ბრძოლამდე გაქცევისა. იგი მოვიდა, რათა ჩვენ გვიხსნას, ამიტომ მიიღო სახელი იესო, რაც ებრაულად მხსნელს ნიშნავს. იგი იყო მეფე და გამეფდა, რათა ცოდვა აღმოეფხვრა. იგი იყო პირველი მღვდელმთავარი, მაგრამ ჩვენი ცოდვებისათვის სამსხვერპლოზე საკუთარი თავი მიიტანა. ძველ აღთქმაში მეფენიც და მღვდელმთავარნიც წმიდა მირონით იყვნენ ცხებულნი, ამიტომ ყოველი მათგანი ქრისტედ იწოდებოდა. ჩვენი უფალიც ცხებული იყო ჭეშმარიტი მირონით - სული წმიდით, ამიტომ მასაც ქრისტე ეწოდება, რაც ებრაულად ცხებულს ნიშნავს. მაგრამ აბრაამი დავითზე ადრე ცხოვრობდა, მაშინ რატომაა, რომ მახარებელი იესო ქრისტეს უწოდებს უპირველესად დავითის ძეს, შემდეგ კი აბრაამისას? - იმიტომ, რომ მეფე დავითი იუდეველთა შორის განსაკუთრებით იყო განთქმული თავისი ცხოვრებით, ამასთან დავით მეფე აბრაამის შემდეგ ათასი წლით გვიან ცხოვრობდა, და აღთქმა, რომელიც ღმერთმა მისცა დავითს, როგორც უახლესი ამბავი, ყოველ იუდეველს პირზე ეკერა. აბრაამისთვის მიცემული აღთქმა ერთნაირად ეკუთვნოდა ებრაელთა მთელ მოდგმას, დავითისთვის მიცემული აღთქმა არა მარტო პირდაპირ მიუთითებდა იუდას მოდგმაზე, არამედ დავითის შთამომავლობაზე, საიდანაც უნდა გამოსულიყო აღთქმული მესია. დავითმა, მეფეთაგან პირველმა მოიგო გული ღვთისა და პირველმა მიიღო აღთქმა, რომ მისი მოდგმისაგან იშვებოდა ქრისტე. ამასთან თვით მეფე დავითი პირველსახე იყო ქრისტე მაცხოვრისა: როგორც დავითი გამეფდა ღვთისაგან დასჯილი მეფე საულის ნაცვლად, ასევე ქრისტე გამეფდა ჩვენზე, როცა ადამმა დაჰკარგა ქვეყნად მცხოვრებლებზე ყველა უფლება, რაც მას მიცემული ჰქონდა ღვთისაგან, ასევე უფლება დემონებზეც.
დავითი თვითონ ბრძანებდა, რომ უფალმა აღუთქვა ფიცით, მისი მოდგმის ნაყოფისაგან დასვამდა თავის საყდარზე. ამიტომაც არავინ უწოდებდა ქრისტეს აბარამის ძეს, არამედ ყველასთვის ის იყო დავითის ძე. წმიდა წერილი ბრძანებს: „არა წიგნი იტყვისა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე?“ (ინ. 7,42). ამიტომაც ქრისტეს მორწმუნე ებრაელნი სიყვარულით უწოდებდნენ დავითის ძეს: „შემიწყალენ ჩუენ ძეო დავითისო“ (მთ. 9,27), „ოსანა ძესა დავითისასა!“ (მთ. 21,9). დავითი და აბრაამი განსაკუთრებით იდიდებოდა ხალხში. დავითი იყო წინასწარმეტყველი და მეფე, აბრაამი - მამამთავარი და წინასწარმეტყველი.
მაგრამ ქრისტე დაიბადა უქმრო ქალწულისაგან; მახარებელი არაფერს ამბობს წმიდა ქალწულის წარმომავლობაზე. საიდან ჩანს რომ ქრისტე არის დავითის ჩამომავალი? - იქიდან, რომ ყოვლად წმიდა ქალწული ჭეშმარიტად იყო დავითის მოდგმისა. აკი მიავლენს ღმერთი მთავარანგელოზ გაბრიელს ქალწულთან „თხოვილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა“ (ლკ. 1,27). იოსების წარმოშობაც იმას ამოწმებს, რომ იგიც იყო ჩამომავალი დავითისა. იუდეველთა კანონით არ შეიძლებოდა ცოლის შერთვა სხვა მოდგმისა და ტომისგან. მართალ იოსებს (ასე უწოდებს მას მათე მახარებელი), არ შეეძლო და არც ჰქონდა არანაირი მიზეზი იმისა, რომ დაერღვია კანონი. - რატომ მოაქვს მახარებელს იოსების წარმომავლობა, და არა მარიამისა? იმიტომ, რომ იუდეველები თავიანთ წარმომავლობას დედის ხაზით არ განსაზღვრავდნენ. მახარებელს რომ მოეთხრო ქალწულის წარმოშობის შესახებ, იუდეველები მას, როგორც უცხოს, არ მიიღებდნენ. იოსებზეც რომ გაჩუმებულიყო, მაშინ ჩვენ არ გვეცოდინებოდა ქალწულის დიდებულ წინაპრებზე, ამასთან მახარებელს არ სურდა, რომ სახარების დასაწყისშივე ურწმუნო იუდეველთათვის გაეხსნა ქალწულისაგან ქრისტეს შობის დიდი საიდუმლო, რათა არ დაბრკოლებულიყვნენ. თუ კი მაცხოვრის მიერ მოხდენილი უამრავი სასწაულის შემდგომაც, ურწმუნო ებრაელნი ქრისტეს უწოდებდნენ იოსების ძეს, მით უფრო ვერ დაიჯერებდნენ მის ქალწულისაგან შობას, თუ მის სასწაულებს არ გაიგებდნენ. თვით მართალ იოსებსაც დაჭირდა ღვთისგან საგანგებო უწყება, რომ ერწმუნა ეს საიდუმლო, თავად ყოვლად წმიდა ქალწულიც კი - ქრისტეს დედა, ვერ ბედავდა დრომდე გაეცხადებინა ეს საიდუმლო. აი, როგორ მიმართა მას თავის ღვთაებრივ ძეს: „აჰა ესერა, მე და მამა შენი ვჰრონინებდით და გეძიებდით შენ“ (ლკ. 2,48).
წმ. იოანე ოქროპირი: - “ 2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი”. – რატომ მოხდა, რომ მახარებელმა როდესაც აბრაამი მოიხსენია და თქვა, რომ მან შვა ისააკი, ისააკმა კი იაკობი, არ ახსენა ამ უკანასკნელის ძმა, მაშინ, როცა იაკობის შემდეგ იხსენიებს იუდასაც და მის ძმებსაც? ამის მიზეზად ზოგიერთი ესავის ავზნიანობას მიიჩნევს, ამასვე ამბობენ ზოგიერთ სხვაზე – წინაპართაგან. მაგრამ მე ამას ვიტყვი: ეს თუ ასეა, მაშ რატომ ხდება, რომ ცოტა ხნის შემდეგ მახარებელი იხსენიებს უზნეო ქალებს? ნათელია, რომ აქ იესო ქრისტეს დიდება ცხადდება საწინააღმდეგოში, არა მისი წინაპრების დიდებულებით, არამედ მათი არარაობითა და სიმდაბლით. მაღლისათვის ხომ სწორედ ისაა უდიდესი სიმაღლე, რომ მას უკიდურესი თავის დამდაბლება შეუძლია. მაშ, რატომ არ იხსენიებს მახარებელი ესავსა და სხვებს? იმიტომ, რომ სარკინოზებსა და ისმაიტელებს, არაბებსა და ყველა სხვას, ვინც ამ წინაპრებისაგან წარმოდგება, არაფერია ჰქონიათ საერთო ისრაელის ხალხთან. სწორედ ამიტომ დუმს იგი მათ შესახებ და პირდაპირ იესოს წინაპრებზე, იუდეველ ხალხზე საუბრობს, როდესაც ამბობს: “იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი”. აქ უკვე იუდეველთა მოდგმა იგულისხმება.
2. “ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან” – რას იქმ შენ, ღმრთივშთაგონებულო მამაო, უსჯულო სისხლისშერევის ისტორიას რომ გვახსენებ? რა არის ამაში? მოგვიგებს იგი. რომელიმე ჩვეულებრივი ადამიანის წინაპრების ჩამოთვლა რომ დაგვეწყო, მაშინ კარგს ვიზამდით, თუ ამგვარ საქმეზე არაფერს ვიტყოდით. მაგრამ განკაცებული ღმერთის გენეოლოგია არათუ არ უნდა დამალო, არამედ მთელი ხმით უნდა იუწყებოდე მის შესახებ, რათა ამით მისი ზრახვები და დიდებულება წარმოაჩინო. იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ განრიდებოდა ჩვენს შერცხვენას, არამედ იმისათვის, რომ გაენადგურებინა იგი. ისევე როგორც განსაკუთრებულად ის კი არ გვაკვირვებს, რომ ქრისტე მოკვდა, არამედ ის, რომ იგი ჯვარს ეცვა (მართალია ეს შეურაცხმყოფელიცაა, მაგრამ რაც უფრო შეურაცხმყოფელია, მით უფრო ააშკარავებს მის კაცთმოყვარებას), იგივე შეიძლება ითქვას მის შობაზე: ქრისტე უნდა გვაკვირვებდეს არა მხოლოდ იმით, რომ მან ხორცი შეისხა და განკაცდა, არამედ უმეტესად იმიტომ, რომ ცოდვილი ადამიანები ღირსჰყო, მისი ნათესავები ყოფილიყვნენ და ჩვენი ცოდვების გამო ოდნავადაც კი არ შერცხვენია. ამგვარად, იმთავითვე, როდესაც იშვა, მან გვაჩვენა, რომ ჩვენი არაფერი ეთაკილება და ამით გვასწავლა, არც ჩვენ გვრცხვენოდეს საკუთარი წინაპრების ავზნიანობისა, არამედ მხოლოდ ერთი – სათნოებები ვეძიოთ. სათნომყოფელ ადამიანს, თუნდაც იგი უცხოტომელისაგან იყოს დაბადებული, თუნდაც მეძავისა ან სხვა სახის ცოდვილისაგან იყოს შობილი, ამის გამო არაფერი ევნება. მაშინ, როცა თვით მეძავსაც კი, თუკი იგი შეიცვლება, წარსული ცხოვრება არანაირად არ შეარცხვენს, მაშ მითუმეტეს სათნომყოფელ კაცს, თუ იგი მეძავის ან მრუშის მიერ არის დაბადებული, ოდნავადაც კი არ არცხვენს მშობლების უწმინდურება. თუმცა, ქრისტე ამგვარად მხოლოდ ჩვენს განსასწავლად არ მოქცეულა, არამედ იუდეველთა ამპარტავნების შესამუსრავადაც.
რამდენადაც ისინი, არად აგდებდნენ სულიერ სათნოებებს და ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში აბრაამით იწონებდნენ თავს და ეგონათ, რომ წინაპართა კეთილი საქმეებით გამართლდებოდნენ. ასე რომ, უფალი იმთავითვე აჩვენებს, რომ წარმოშობით კი არ უნდა განიდიდებდე თავს, არამედ საკუთარი დამსახურებებით. გარდა ამისა, მას იმის ჩვენებაც სურს, რომ ყველა, თვით მამამთავრებიც კი ცოდვილნი არიან. რომ თვით პატრიარქი, რომლის სახელიც იუდეველ ხალხს ეწოდა, არცთუ მცირედ ცოდვილი აღმოჩნდა: თამარი ააშკარავებს მის სიძვის ცოდვას. დავითმაც მეძავი ქალისაგან შვა სოლომონი. თუკი ასეთი დიდებული ადამიანები არ აღასრულებდნენ სჯულს, მით უმეტეს – ისინი, ვინც მათზე დაბლა იდგა. და თუკი არ აღასრულებდნენ, გამოდის, რომ ყველანი სცოდავდნენ და ქრისტეს მოსვლა აუცილებელი იყო. სწორედ იმისათვის მოიხსენია მახარებელმა თორმეტი პატრიარქი, რომ დაემდაბლებინა ის იუდეველები, სახელგანთქმული წინაპრებით რომ ქედმაღლოდბნენ.
პატრიარქთაგან მრავალი ხომ სწორედ მხევლისაგან იშვა და მიუხედავად ამისა, მშობელთა შორის განსხვავებას არ გამოუწვევია განსხვავების წარმოშობა შობილთა შორის. ისინი თანასწორად იყვნენ, როგორც პატრიარქები, ასევე მოდგმათა მამამთავრები. სწორედ ამაში მდგომარეობს ეკლესიის უპირატესობა; ამაში მდგომარეობს ჩვენი კეთილშობილების თავისებურება, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში რომ ჩაისახა. თუნდ მონა იყავი და თუნდ თავისუფალი, თავისთავად ამას არც სიკეთე მოაქვს და არც ბოროტება. მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: ნება და სულიერი განწყობილება.
აქ თქმულის გარდა არის კიდევ მიზეზი, რის გამოც მახარებელმა იუდას სისხლის შერევის ისტორია გაიხსენა. ფარეზთან ზარა უმიზნოდ როდია ნახსენები. თითქოსდა ფარეზის მერე, საიდანაც ქრისტეს გენეოლოგია უნდა წამოსულიყო, სრულიად ამაო და ზედმეტი უნდა ყოფილიყო ზარას ხსენება. მაშ რაღად მოიხსენიეს? როდესაც თამარს მათი შობის დრო დაუდგა და ტკივილები დაეწყო, ზარამ პირველმა გამოყო ხელი. ეს რომ ბებიაქალმა დაინახა, იმისათვის, რომ პირველშობილი აღენიშნა, ხელი წითელი ძაფით გადაუხვია. ხელის გადახვევის შემდეგ ყრმამ ხელი შემალა და ამის შემდეგ იშვა ფარეზი, შემდეგ კი ზარა. ამის შემხედვარე ბებიაქალმა თქვა: “როგორ გამოარღვიე ზღუდე?” (დაბ. 38,29). ხედავ ამ საიდუმლო წინასახეს? უმიზეზოდ როდი დაწერილა ეს ჩვენთვის, - თორემ აბა რა სალაპარაკო იქნებოდა, რა თქვა ბებიაქალმა და იმის მოყოლა, რომ მეორედ შობილმა ხელი პირველზე უწინ გამოყო. მაშ რას ნიშნავს ეს წინასახე? ჯერ ერთი ამ საკითხს გადაჭრის ყრმის სახელი – ფარეზი, რაც განყოფასა და განბნევას აღნიშნავს. მეორეც, თავად მოვლენა: არაბუნებრივი მოვლენა იყო თავად ის, რომ პირველადგამოჩენილი ხელი და ძაფით გადახვეული კვლავ დაიმალა. აქ არ იყო არც ცნობიერი მოქმედება, არც ბუნებრივი თანამიმდევრობა. შესაძლოა, მეორის დაბადება მაშინ, როცა ერთმა უკვე ხელი გამოყო, ბუნებრივია, მაგრამ მისი ისევ შემალვა, რომ მეორეს მისცეს გზა – ეს უკვე აღარ შეესაბამება შობის კანონს. არა, აქ მყოფობდა მადლი ღმრთისა, რომელმაც განაგო ყრმათა შობა და ამით ზოგიერთი შემდგომი მოვლენა წინასწარ გამოსახა ჩვენთვის. და კერძოდ რა? ისინი, ვინც გულმოდგინედ ჩასწვდნენ ამ მოვლენას, ამბობენ, რომ ეს ყრმები განასახიერებდნენ ორ ხალხს. შემდეგ, იმისათვის, რომ შენ იცოდე, რომ მეორე ერის არსებობა წინ უსწრებდა პირველის წარმოშობას, ყრმა მთლიანად კი არ ჩანდა, არამედ ხელს გამოყოფს, მაგრამ მაშინვე მალავს მას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ძმა სრულად მოევლინება ქვეყანას, ისიც გამოდის. ეს მოხდა ამათუიმ ერთან დაკავშირებით. თავდაპირველად, აბრაამის დროში გაჩნდა ეკლესიური ცხოვრება, შემდეგ, როდესაც ის გაუჩინარდა, წარმოდგა იუდეველი ხალხი – სჯულისმიერი ცხოვრებით. ხოლო ამის შემდეგ უკვე გაჩნდა მთლიანი ახალი ერი თავისი კანონებით. სწორედ ამიტომ ამბობს ბებიაქალი: ”როგორ გამოარღვიე ზღუდე?” შემოსულმა სჯულმა შეწყვიტა ცხოვრების თავისუფლება. როგორც წესი, სჯულს წერილიც ზღუდეს უწოდებს: ამგვარადვე ამბობს წინასწარმეტყველი დავითი: ”აწ რად მოჰხადე ზღუდე მისი და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი” (ფს. 79,12)? ხოლო პავლე ამბობს: ”შუაკედელი ზღუდისაი მის დახსნა” (ეფ. 2,14).
სხვები ირწმუნებიან, რომ სიტყვები: ”როგორ გამოარღვიე ზღუდე?” ნათქვამია ახალ ხალხზე, რამდენადაც მან თავისი მოვლინებით გააუქმა სჯული. ხედავ, რომ არცთუ მცირე და უმნიშვნელო მიზეზების გამო უხსენებია მახარებელს იუდას ისტორია?! ამისთვისვე მოიხსენიებიან რუთი და რექაბი, რომელთაგან პირველი უცხოტომელი იყო, მეორე კი მეძავი. ანუ, იმისათვის, შენ რომ გცოდნოდა, რომ მაცხოვარი მოვიდა ჩვენი ყოველგვარი ცოდვის გასანადგურებლად, მოვიდა, როგორც ექიმი და არა როგორც მსაჯული. ისევე, როგორც ამათ ცოლად მეძავები შეირთეს, ასევე ღმერთმა შეიერთა ცოდვილი ბუნება (იგულისხმება, რომ განკაცებულმა ღმერთმა მიიღო დაცემული ადამიანური ბუნება, ოღონდ ცოდვის გარეშე). წინასწარმეტყველები უწინ ამას სინაგოგასაც მიაწერდნენ; მაგრამ მან თავისი მეუღლისადმი უმადურობა გამოავლინა. და პირიქით, მამათა ცოდვებისაგან ერთხელ გათავისუფლებული ეკლესია საქმროს გვერდში დარჩა. იმასაც დააკვირდი, რაც რუთის თავგადასავალი ჩვენსას ემსგავსება. ის უცხოტომელი და უკიდურეს სიღატაკემდე იყო მისული, მაგრამ, როდესაც იგი ბოოსმა იხილა, არ შეურაცხყო მისი სიღატაკე და არ შეეპუა მის მდაბიო წარმოშობას. ზუსტად ისევე, როგორც ქრისტემ, რომელმაც ეკლესიაში უცხოტომელები და უღატაკესები მიიღო და მისი წევრები უდიდესი სიკეთის მონაწილეებად აქცია. და როგორც რუთი, რომელიც ამგვარ მეუღლეობაში ვერასოდეს შევიდოდა, უწინარეს ამისა მამა რომ არ დაეტოვებინა, რომ არ უგულებელეყო სახლი, გვარი, მამული და ნათესავები, ასევე, როდესაც ეკლესიამ მამათა ჩვეულებები უარყო, მას შემდეგ გახდა სასურველი სასიძოსათვის. სწორედ ამის შესახებ ამბობს წინასწარმეტყველი ეკლესიასთან მიმართებაში: ”დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაი და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა” (ფს. 44, 10-11). ამგვარად მოიქცა რუთი და ამით გახდა იგი დედა მეფისა, ისევე, როგორც ეკლესია, რადგანაც მისგან გამოვიდა დავითი. ამგვარად მახარებელმა შეადგინა გენეოლოგია და აქ შეიყვანა ეს ქალები იმისათვის, რომ ამ მაგალითებით შეერცხვინა იუდეველები და ქედმაღლობისაგან განრიდება ესწავლებინა მათთვის. რუთი უდიდესი მეფის წინაპარი იყო და დავითს ამისი არ რცხვენოდა”.
თეოფილაქტე ბულგარელი: 2. “აბრაჰამმა შვა ისაკი”. – მახარებელი ქრისტეს გენეალოგიას აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველად მან მიიღო აღთქმა, რომ ყველა ხალხი მისი თესლით იკურთხებოდა. მაშასადამე, ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება მართებულია, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომლითაც ჩვენ ყველამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება, როგორც “მამა ერებისა”, ისაკი კი როგორც “სიხარული”, “სიცილი”. მახარებელი აბრაჰამის უკანონო შვილებს, მაგალითად ისმაელსა და სხვებს, არ ახსენებს, რადგან იუდეველნი არა მათგან, არამედ ისაკისაგან წარმოიშვნენ.
“ისაკმა შვა იაკობი. იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი”. – ხედავ, იუდა და ძმანი მისნი იმიტომაც მოიხსენია, რომ თორმეტი შტო მათგან წარმოიშვა.
3. “ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან”. – იუდამ თამარი ცოლად თავის ძეთაგან ერთ-ერთს, ჰერს შერთო, ხოლო როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, იგი ცოლად ავნანს მისცა, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა თავისი სამარცხვინო საქციელის გამო სიცოცხლეს ისიც მოაკლდა, იუდას თამარი აღარავისზე აღარ დაუქორწინებია. მაგრამ რადგანაც თამარს აბრაჰამის თესლისგან შვილების ყოლა ძლიერ უნდოდა, ქვრივის სამოსი გაიხადა, ვითარცა მეძავი, ისე შეიმოსა და თავის მამამთლის შეერთო, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის ჟამი დადგა, ერთ-ერთმა ბავშვმა საშოდან ხელი გამოყო, თითქოს პირველად ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა გამოყოფილ ხელზე მყისვე წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა პირველი რომელი დაიბადებოდა, მაგრამ მან ხელი უკანვე წაიღო და ჯერ მეორე ბავშვი დაიბადა, ხოლო შემდეგ უკვე ის, რომელმაც ხელი პირველმა გამოყო. ამიტომაც პირველად დაბადებულს ფარეზი ეწოდა, რაც “შეყოვნებას” ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკან შეყო – ზარა.
ეს ისტორია ერთგვარ საიდუმლოზეც მიგვანიშნებს. ვითარცა ზარამ ხელი ჯერ გამოაჩინა, ხოლო შემდეგ ისევ უკან წაიღო, ასეთივეა ქრისტესმიერი მოქალაქეობა. იგი წმინდანებში ჯერ კიდევ სჯულამდე და წინადაცვეთამდე გამოჩნდა, რადგან ისინი არა სჯულისა და მცნებათა დაცვით, არამედ იმით, რომ სახარებისმიერი მოქალაქეობით იცხოვრეს, განმართლდნენ. შეხედე აბრაამს, ვინც მამა და სახლი ღმრთის გამო დატოვა და ბუნებას განუდგა. შეხედე იობს, მელქისედეკს! სჯულის მოსვლით ამგვარი ცხოვრება დაიფარა, მაგრამ ვითარცა იქ, შემდგომ ფარეზის შობისა, მოგვიანებით კვლავ ზარა გამოვიდა, ასევე სახარებისეული ცხოვრებაც, სჯულის მოცემის შემდეგ, მოგვიანებით განბრწყინდა, წითელი ძაფით ანუ ქრისტეს სისხლით აღბეჭდილი. მახარებელმა ეს ორი ყრმა იმიტომაც ახსენა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა, თუმცაღა თამარი, რომელიც იმის გამო, რომ მამათილს შეერთო, ალბათ, ქებას არ იმსახურებს, მახარებელმა მაინც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა, უფრო ზუსტად: იგი თვითონ იშვა მათგან, რათა განეწმინდა, რადგან მოვიდა წოდებად არა მართალთა, არამედ ცოდვილთა.
3-5. “ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისაგან”; - ზოგიერთები ფიქრობენ, რომ რექაბი ის მეძავი რააბია, რომელმაც ისო ნავეს მსტოვარნი (მზვერავნი) შეიწყნარა, ისინიც გადაარჩინა და თვითონაც გადარჩა. მათემ რექაბი გაიხსენა, რათა ეჩვენებინა, რომ მსგავსად მისა წარმართთა მთელი კრებულიც მეძავი იყო, რადგან თავისი საქმეებით მეძაობდა. მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც ისოს მზვერავნი ანუ მოციქულები შეიწყნარეს და მათი სიტყვები ირწმუნეს, ყველა გადარჩა.
5-6. “იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიასი ცოლისაგან”; - და ურიის ცოლიც მათემ აქ იმის საჩვენებლად მოიხსენია, რომ წინაპართა გამო კი არ უნდა გვერცხვინებოდეს, არამედ მათ განბრწყინვებას ჩვენი სათნოებით უნდა შევეცადოთ, და, რომ ღმერთს ყველა, ვისაც სათნოება აქვს, თუნდაც მეძავისგან იყოს შობილი, ესათნოება.
გრიგოლ დიაჩენკო: 2-6. “აბრაჰამ შვა ისააკ, ისააკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი, ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან; ფარეზ შვა ესრომ, ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, ნაასონ შვა სალმონ, სალმონ შვა ბოოს რექაბისაგან, ბოოს შვა იობედ რუთისაგან, იობედ შვა იესე, იესე შვა დავით მეფე, დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაის ცოლისაგან”; - რატომ მოიხსენია წმ. მათემ იესო ქრისტეს გენეალოგიაში მხოლოდ იუდას ძმები და არაფერი თქვა არც ისააკის ძმა – ისმაილზე და არც იაკობის ძმა – ესავზე?
წმ. იოანე ოქროპირის შენიშვნით, “მახარებელი ასე საფუძვლიანი მიზეზის გარეშე როდი მოიქცა. მას სურდა ამით ეჩვენებინა, რომ ისმაილსა და ესავს, მათგან აღმოცენებულ ხალხებითურთ – ისმაიტელებითურთ, სარკინოზებითურთ, არაბებითურთ და სხვა ერებითურთ, არაფერი საერთო არ ჰქონდათ იუდეველ ხალხთან, და რომ ქრისტე მათგან არ იყო წარმოშობილი”; მაშინ როდესაც იაკობის ძენი – იუდა და მისი ძმები ისრაელი ერის თორმეტი ტომის მამამთავრები იყვნენ, - იმ ტომებისა, რომლებიც შეადგენენ კიდეც ღმრთივ რჩეულ თესლს აბრაჰამისა.
რა აზრი, რა მნიშვნელობა აქვთ იმ მდედრობით პირებს, რომლებიც მახარებელმა მათემ ქრისტეს გენეალოგიაში შეიყვანა? ესენია – თამარი (3), რექაბი (5) და ურიას ცოლი (6). თამარი იუდას ცოლი იყო. ბიბლია შემდეგ გადმოგვცემს მის შესახებ: თავისი ორი პირველი ქმრის – იუდას ძეთა გარდაცვალების შემდგომ, თამარი უშვილო დარჩა და მამამთილის წინადადებით თავისი მამის სახლში უნდა დაბრუნებულიყო და იქ ეცხოვრა მანმადე, სანამ იუდას მესამე ძე სილოამი, ვისაც იგი დაპირდა თამარზევე დავაქორწინებო, სრულწლოვანი არ გახდებოდა. მაგრამ ამასობაში თავად იუდას ცოლი გარდაიცვალა; შემდეგ, ერთხელაც, იუდა ველად გავიდა იმის სანახავად, თუ როგორ კრეჭდნენ (პარსავდნენ) ცხვარს. როცა ამის შესახებ თამარს უთხრეს, მან განიძარცვა სამგლოვიარო ძაძები, მოირთო-მოიკაზმა და თავისი მამამთილის შესახვედრად გაეშურა. მან იცოდა, რომ სილოამი უკვე ზრდასრული მამაკაცი შექნილიყო, მაგრამ მიუხედავად იუდას დაპირებისა, ჯერ არ მოეყვანა ცოლად თამარი. იუდამ დაინახა თამარი, მაგრამ ვერ იცონ, მოეწონა იგი და ეცთუნა კიდეც, რისი ნაყოფნიც მისი ორი ძე, ტყუპები – ფარეზი და ზარა იყვნენ (დაბად. 38). ხოლო მახარებელმა, როგორც ფიქრობენ, ორივე იმის გამო დაასახელა, რომ ისინი – ფარეზი და ზარა ქრისტეს სასუფეველში შესული ორი ხალხის – იუდეველთა და წარმართთა წინასახენი იყვნენ.
რექაბი სალმონის, ნაასონის ძის ცოლი იყო და მისგან იშვა ბოოსი, რუთის ქმარი. განმმარტებლთა დიდი ნაწილი მას რააბთან – იერიქონის მეძავ დედაკაცთან აიგივებენ, რომლის შესახებაც ისუ ნავეს წიგნშია მოთხრობილი (2,1; შდრ. ებრ. 11,31); ცნობები მის შესახებ, ალბათ დავითის სახლის საგვარეულო ჩანაწერებიდანაა აღებული.
რუთი – იობედის დედა – წარმოშობით მოაბელი დედაკაცი იყო, ანუ წარმართი, და შემთხვევით გახდა ბოოსის ცოლი თანაცხოვრების კანონის მიხედვით.
მდედრობითი სქესის მეოთხე პირი, მოხსენიებული ქრისტეს გენეალოგიაში, დავით მეფის უკანონო ცოლი – ბერსაბე იყო, რომელიც მან ურიას წაართვა.
როცა ასეთი დედაკანი შეჰყავდა იესო ქრისტეს გენეალოგიაში, ამით მახარებელს სურდა ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე თავის ღირსებას ხორციელ წინაპართაგან კი არ იღებს, რომ მისი ზეგარდმო წარმოგზავნილობა კაცობრივ დამსახურებებს კი არ ეფუძნება, არამედ ღმერთის სახიერებასა და მოწყალებას; რომ ღმერთის აღთქმები არ არის დარღვეულ-გაუქმებული ადამიანთა ცოდვებით; რომ ქრისტე ამქვეყნად მხოლოდ რჩეული ერის – ებრაელთა სახსნელად კი არ მოივლინა, არამედ – მთელი კაცთა მოდგმის საცხოვნებლად, სახსნელად, რა გვარტომობის, წარმომავლობის, წოდების, ღირსებისა და სქესისაც არ უნდა იყოს ადამიანი.
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. – 2-6. ეხლა მივყვეთ თანმიმდევრობით ქრისტეს წარმოშობას: მახარებელი ამას წერს ებრაელთათვის, ამიტომ საჭიროად არ თვლის წინაპართა ჩამოთვლას ადამიდან, არამედ ამას იწყებს აბრაამიდან: “აბრაამ ჰშუა ისააკ”. აბრაამს პირველს ჩაუნერგა უფალმა გამართლების რწმენა, მან პირველმა მიიღო ღვთისაგან აღთქმა, რომ მისი თესლისაგან ანუ მისი ტომისაგან იქნებოდნენ ქვეყნად კურთხეულნი (შექ. 22,18). ქრისტე არის სწორედ ის აბრაამის თესლი, რომელითაც ვიკურთხეთ ჩვენ ყველანი, ადრე წარმოშობაში მყოფნი. მახარებელი არ იხსენებს აბრაამის სხვა შვილებს, რადგან ებრაელნი მხოლოდ ისააკისგან იყვნენ წარმოშობილნი. სწორედ ამიტომაც იგი არაფერს ამბობს ესავზეც, ისააკის ძეზე, არამედ მხოლოდ იაკობზე: “ისააკ ჰშუა იაკობ; იაკობ ჰშუა იუდა და ძმანი მისნი”. იაკობის 12 შვილთაგან მახარებელი უმეტესად იუდას მოიხსენიებს, რადგან სწორედ იუდას მოდგმისაგან იშვა ქრისტე. იუდას ძმები საერთოდ იმიტომ არიან მოხსენიებულნი, რომ ისინი არიან ღვთისაგან გამორჩეული ისრაელი ერის ფუძემდებლები. მამამთავარმა იაკობმა, თავისი გარდაცვალების წინ, დალოცა რა შვილები, ასე მიმართა იუდას: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგან ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (შექ. 49,10). ე.ი. არ მოაკლდება მეფეთა უფლება იუდას ტომს, ვიდრე არ მოვა აღთქმული შემრიგებელი - ქვეყნიერების ხალხთა მოლოდება - მხსნელი ქრისტე. ყოველივე ეს აღსრულდა მაცხოვრის შობისას: იუდეველებს აღარ ესვათ თავიანთი მეფე, მეფე ჰეროდე იყო უცხო ტომისა და მისი მეფობაც რომაელთაგან იყო.
“იუდა ჰშუა ფარეზ და ზარა თამარისაგან”. თამარი იყო საპატარძლო იუდასი, ქვრივი, უშვილოდ დარჩენილი მისი ორი შვილის შემდეგ. სურდა რა, რომ ჰყოლოდა შვილები აბრაამის თესლისაგან, იგი მიემსგავსა მეძავს და თავისი მამამთილის - იუდასგან იყოლია ტყუპები - ფარეზე და ზარა. ასე ახსენებს რა თამარს, მახარებელი არ ფარავს იუდას ცოდვასაც. „რას შვრები შენ, ღვთივგანბრძნობილო კაცო“ - ეკითხება წმიდა იოანე ოქროპირი, - „გვახსენებ უკანონო სისხლის აღრევას?“ - და თვითონვე პასუხობს კითხვას: „ხორცშესხმული ღმერთის შთამომავლობაში ამაზე დუმილი არა მარტო არ შეიძლება, არამედ ხმით უნდა ეუწყოს ყველას, რათა გაცხადდეს მისი განგება და დიდებულება. რადგან იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ მორიდებოდა ჩვენს შერცხვენილ მდგომარეობას, არამედ რათა ეს შერცხვენა გაენადგურებინა. ქრისტე ჩვენში ბადებს გაკვირვებას მარტო იმის გამო კი არა, რომ ადამიანური ბუნება შეიძინა, არამედ იმისთვისაც, რომ მან ცოდვილი ხალხის ნათესაობა არ ითაკილა და არ შერცხვა ჩვენი მანკიერებისა. მან არ ითაკილა ჩვენი ცუდი, რითაც ყველას გვასწავლა, რომ ჩვენც არ უნდა შეგვარცხვინოს ჩვენი წინაპრების ცოდვებმა, ანდა დაბალმა შთამომავლობამ, არამედ მხოლოდ მოკეთე უნდა ვეძიოთ იმათთან, რადგან კეთილისმოქმედს, უცხო ტომისგანაც რომ იყოს, ანდა შობილი მეძავისგან, ვერაფერს ავნებს იგი“. სწორედ ამით უნდა დამდაბლებულიყო იუდეველთა სიამაყე. მათ ეამაყებოდათ თავიანთი წარმოშობა აბრაამისგან და სჯეროდათ, წინაპართა კეთილი საქმეებით გადარჩენა. მაგრამ აი, „მათი დიდებული შორეული წინაპრებიც კი ცოდვით დამნაშავენი ყოფილან. თვით მამამთავარი იუდაც, რომლისგანაც მიიღო ებრაელმა ხალხმა სახელწოდება, თურმე არანაკლებ ცოდვილი ყოფილა, რადგან თამართან ურთიერთობა აცხადებს, რომ მას მრუშობაში წილი ჰქონდა. მეფე დავითსაც სოლომონი მრუშობისგან შეეძინა. თუკი ამ დიდებულმა ადამიანებმა ვერ შეძლეს კანონის შესრულება, მათზე დაბლა მდგომთ ეს რამდენჯერ უფრო გაუძნელდებოდათ. და რახან არ ასრულებდნენ, გამოდის რომ ყველანი სცოდავდნენ, ამიტომ საჭირო გახდა ქრისტეს მოსვლა“ (ოქროპირი).
მახარებელი განაგრძობს ქრისტეს წინაპართა ჩამოთვლას: “ფარეზ ჰშუა ესრომ; ესრომ ჰშუა არამ; არამ ჰშუა ამინადაბ, ამინადაბ ჰშუა ნაასონ; ნაასონ ჰშუა სალმონ; სალმონ ჰშუა ბოოს რექაბისაგან”. ფიქრობენ, რომ რექაბი ის მეძავი ქალია, რომელმაც მიიღო და შეიფარა თავისთან ისინი, ისუ ნავინმა იერიქონში რომ გაგზავნა, სწორედ ამიტომ გადარჩა იგი, როცა ებრაელებმა შეძლეს ქალაქის აღება. მახარებელი ამ მეძავ ქალს არ იხსენიებს შემთხვევით, მას სურს ჩვენ გვითხრას, რომ მთელი წარმართობა სცოდავდა. ამ ქალმა მიიღო ისუ ნავინის წარგზავნილნი და გადარჩა: წარმართებიც, მიიღებდნენ რა ქრისტეს წარგზავნილებს, ანუ წმიდა მოციქულებს და იწამებდნენ მათ - ასევე გადარჩებოდნენ“ (წმ. თეოფილაქტე). “ბოოს ჰშუა იობედ რუთისაგან”. აი კიდე ერთი უცხო ტომის ქალი რუთი. მან დატოვა თავისი მშობლიური ქვეყანა, სახლი მამისა და თავის დედამთილთან ერთად მოაბიტელთა მიწიდან გადავიდა ბეთლემში, იწამა ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც ღირსი გახდა გამხდარიყო შორეული მშობელი დავითისა და თვით იესო მაცხოვრისა: „ასევე წარმართების ეკლესიამაც დაივიწყა თაყვანისცემა კერპებისა და მათი მამის - ეშმაკისა და დაიწინდა ღვთის მხოლოდშობილ ძეზე“ (წმ. თეოფილაქტე).
“იობედ ჰშუა იესე; იესე ჰშუა დავით მეფე; დავით მეფემან ჰშუა სოლომონ ჰურიის ცოლისაგან”, ანუ ბერსაბესაგან, რომელიც იყო დავითის მხედართმთავრის მეუღლე. დავითი მოიხიბლა მისი სილამაზით და მასთან შესცოდა. შეეცადა რა ამ ცოდვის დამალვას, მან უბრძანა თავის სარდალს, რომ ურია ყველაზე საშიშ ადგილზე გაეშვა, რათა მომკვდარიყო. ასეც მოხდა, ურია ბრძოლაში დაიღუპა, დავითმა კი ბერსაბეზე იქორწინა.
ამრიგად, მახარებელმა გაიხსენა რა ურიის ცოლი, მან ქრისტეს წინაპართა შორის კიდევ ერთი ცოდვილი დაგვანახა და გაგვახსენა მაცხოვრის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წინაპრის, დიდებული მეფე დავითის ცოდვით საშინელი დაცემა. აქ იესო ქრისტეს დიდება მისი დიდებულებით კი არ მჟღავნდება, არამედ მისი ქვეყნიური წინაპრების ცოდვებითა და უკეთურებებით. თამარი და რექაბი - მემრუშენი, რუთი - უცხო ტომისა, ბერსაბე - მეძავი, - და ყველა ესენი ღირსნი გახდნენ ქვეყნიერების მხსნელის წინაპრებად წოდებისა. როგორ არ უნდა გაგვაკვირვოს უფლის დიდმა სიმდაბლემ. ჭეშმარიტად მისთვის „არა არს ურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება” (გალ. 3,28), არამედ სიყვარულით ღებულობს ყველას, ვინც კი სინანულითა და თავის დამდაბლებით მიდის მასთან. ჭეშმარიტად იგი მოვიდა ცოდვილთა მოსანანიებლად, მოვიდა, რათა მოსპოს ყველა ჩვენი ცოდვა, მოვიდა როგორც მკურნალი და არა გამკითხავი. ამის შემდეგ ვის შეუძლია იამაყოს თავისი წარმოშობით, დიდებული და სახელოვანი წინაპრებით? - „შეუძლებელია, - ამბობს წმიდა ოქროპირი, - ყოვლად შეუძლებელია წინაპართა კეთილი ან ბოროტი საქმეებით, ვიყოთ მართალნი ან უწმინდურნი, სახელოვანნი ან უცნობნი. შეიძლება უფრო მეტის თქმაც: ის არის დიდი და სახელოვანი, ვინც უშვა უკეთური მშობლებისგან და თვითონ გახდა კეთილი“. ჭეშმარიტად, ადამიანს არაფერი აქვს თავის მოსაწონი...
თეოფილაქტე ბულგარელი: 7-11. “სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისი ტყვეობასა მას ბაბილოვნელთასა”. – ბაბილონში გადასახლება იმ ტყვეობას ეწოდება, რომელიც შემდგომში დაითმინეს ებრაელებმა, როცა ყველანი ერთად ბაბილონში წაასხეს, ბაბილონელებს ბრძოლა მათთან სხვა დროსაც ჰქონდათ, მაგრამ შედარებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ, ხოლო ამჯერად ისინი სამშობლოდან საერთოდ გაასახლეს.
გრიგოლ დიაჩენკო: 7-11. “სოლომონ შვა რობოამ, რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა, ასა შვა იოსაფატ, იოსაფატ შვა იორამ, იორამ შვა ოზია, ოზია შვა იოთამ, იოთამ შვა აქაზ, აქაზ შვა ეზეკია, ეზეკია შვა მანასე, მანასე შვა ამონ, ამონ შვა იოსია, იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყვეობასა მას ბაბილონელთასა”. -იესო ქრისტეს გენეალოგიის ამ, მეორე განყოფილებაში, უმთავრესად ყურადღებას იქცევს ორი გამოტოვება: პირველია იუდეველთა სამი მეფის – ოქოზიას, იოსიასა და ამასიას გამოტოვება, იორამსა და ოზიას შორის. ამასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ წმ. მახარებელი ამ სამი მეფის სახელს იმის გამო გამოსტოვებს, რომ ისინი აქაბის გვარს ეკუთვნოდნენ მეფე ოქოზიას დედის მხრიდან, - ანუ ისეთ გვარს, რომელზეც ღმერთმა ორგზის წარმოთქვა შეჩვენება (III მეფ. 21,21; IV მეფ. 9,7). ამ ახსნას თავისი საფუძველი აქვს იმაში, რომ ქვემოთ (მუხლი 17) მახარებელი თვითონვე გვაგებინებს, რომ გვართა (იესოს წინაპართა) აღრაცხვაში მას მხედველობაში ჰქონდა რიცხვითი თანაფარდობაც და რომ, აქედან გამომდინარე შეეძლო გაზრახ გამოეტოვებინა ზოგიერთი პირი მაცხოვრის გენეალოგიიდან. მეორე გამოტოვება იოსიას ძისა და იექონიას მამის სახელს – იოაკიმეს შეეხება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს სახელი შემონახულია აღმოსავლური რედაქციის ბევრ ხელნაწერში, რომლებიც დასავლურ ხელნაწერებთან შედარებით, მეტი სისწორით და გამართულობით გამოირჩევა. ამიტომ ძველთაგანვე საფუძვლიანად შენიშნავენ, რომ იოაკიმეს სახელის გამოტოვება ბევრ ძველ ხელნაწერში, სავარაუდოდ, გადამწერის მიზეზით მოხდა, რომელიც შეაცდინა სახელების – იოაკიმესა და იექონიას მსგავსებამ და ამის გამო მახარებელ მათეს ნამდვილ ტექსტად მიიჩნევენ ასეთ წაკითხვას: “იოსია შვა იოაკიმე და ძმანი მისნი; ხოლო იოაკიმე შვა იექონია ტყვეობასა მას ბაბილონელთასა”, ანუ ან თვით ამ ტყვეობის დროს, ანდა ტყვეობაში გადასახლების წინ ისრაელი ერისა (დაახლ. 588 წელს ქრისტეს შობამდე – იხ. II ნეშტთა, თ. 36); ეს გადასახლება ბაბილონის ტყვეობად იწოდება ქალდეას სამეფოს მთავარი ქალაქის – ბაბილონის მიხედვით.
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. - 7-11. დავუბრუნდეთ ისევ სახარების თხრობას. დავითით იწყება მეფეთა რიგი ბაბილონელთა ტყვეობამდე. “სოლომონ ჰშუა რობოამ; რობოამ ჰშუა აბია; აბია ჰშუა ასა; ასა ჰშუა ოისაფატ; იოსაფატ ჰშუა იორამ; იორამ ჰშუა ოზია”. წმიდა წერილიდან ცნობილია, რომ იორამს ჰყავდა შვილი ოხოზია, ოხოზიას - იოას, იოასს - ამასია, ამასიას კი ოზია. ფიქრობენ, რომ მახარებელმა აქ გამოტოვა სამი მეფე, რათა გაეადვილებინა მკითხველისათვის წინაპართა სიის დამახსოვრება. “ოზია ჰშუა იოათამ; იოათამ ჰშუა აქაზ; აქაზ ჰშუა ეზეკია; ეზეკია ჰშუა მანასე; მანასე ჰშუა ამონ; ამონ ჰშუა იოსია; იოსია ჰშუა იექონია და ძმანი მისნი ტყვეობასა მას ბაბილონელთასა”. ქრისტეს დაბადებამდე 600 წლით ადრე, ებრაელები ისე დიდ გარყვნილებაში ჩავარდნენ, რომ უფალი განურისხდა მათ და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისაგან დაატყვევა. ნაბუქოდონოსორმა, ქრისტემდე 607 წელს, აიღო იერუსალიმი და დიდძალი ებრაელობა ბაბილონში გადაასახლა. ტყვეობაში 70 წელი მოუწიათ ებრაელებს ყოფნა.
თეოფილაქტე ბულგარელი: 12-16. “შემდგომად ტყვეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მათტან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. – რატომ არის აქ გადმოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღმრთისმშობლისა? რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლოდ შობაში? იოსები ხომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ ყოფილა, რომ გენეალოგია მისგან იწყებოდეს! მაშ, მოისმინე: რამდენადაც იოსებს მართლაც არავითარი წილი არ უდევს ქრისტეს შობაში, ამიტომ აქ ღმრთისმშობლის გენეალოგია უნდა ყოფილიყო გადმოცემული, მაგრამ რადგანაც არსებობდა კანონი, რომლითაც გენეალოგიის გადმოცემა ქალის ხაზით არ შეიძლებოდა, ქალწულის გენეალოგია არც მათემ გადმოგვცა. გარდა ამისა, იოსების გენეალოგიის გადმოცემით მისიცაა გადმოცემული, რადგან არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც კაცს ცოლი არა სხვა ტომიდან, მოდგმიდან და გვარიდან, არამედ მისივე ტომიდან და გვარიდან უნდა მოეყვანა. რადგან კანონი ასეთი იყო, ცხადია, იოსების გენეალოგიით ღმრთისმშობლის გვარტომობაც გადმოიცა, რადგანაც ღმრთისმშობელი მისივე ტომისა და გვარისა იყოს. ასე რომ არ ყოფილიყო, მარიამის მასზე როგორ დაიწინდებოდა? ამგვარად მახარებელმა თუმცა კი დაიცვა კანონი, რომელიც გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით კრძალავდა, მაგრამ მოგვცა რა გენეალოგია იოსებისა, ღმრთისმშობლის გვარტომობაზე მაინც მოგვითხრო. იოსებს მარიამის ქმარი მან საერთო ჩვევის მიხედვით უწოდა, რადგანაც ჩვენ ჩვევად გვაქვს დამწინდველს დაწინდულის ქმარი მანმადე ვუწოდოთ, ვიდრე ქორწილი შედგება.
გრიგოლ დიაჩენკო: 12-16. “შემდგომად ტყვეობისა მის ბაბილონისასა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ, ზორობაბელ შვა აბიუდ, აბიუდ შვა ელიაკიმ, ელიაკიმ შვა აზორ, აზორ შვა სადუკ, სადუკ შვა აქიმ, აქიმ შვა ელიუდ, ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან, მატთან შვა იაკობ, იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. -რადგანაც მათე თავის სახარებას უპირატესად იუდეველთაგან გამოსული ქრისტიანებისათვის წერდა, რომელთა ურწმუნოებაც იესო ქრისტესადმი, როგორც აღთქმული მესიისადმი, მისთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ მან შეიყვანა კიდეც ამ გენეალოგიაში იოსებიც, რომელსაც იუდეველები იესო ქრისტეს ბუნებრივ მამად თვლიდნენ (მათე 13,55; ლუკა 4,22; იოანე 6,42), მით უმეტეს, რომ იუდეველებში დამკვიდრებული იყო ჩვეულება გენეალოგია მხოლოდ მამების ხაზით ეწარმოებინათ. იოსები რომ მარიამის ქმრად არის მოხსენიებული, ეს ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ იუდეველთა წეს-ჩვეულებით სასიძო და საპატარძლო დაწინდვისთანავე, ანუ ნიშნობის შემდეგვე ცოლ-ქმრად იწოდებოდნენ (შდრ. დაბად. 29,21; II სჯული 22, 23-24), მეორეს მხრივ კი – იმით, რომ იოსებმა, უფლის ანგელოზის ბრძანებით, ყოვლადწმინდა ქაწული მარიამი თავის სახლში მიიღო როგორც თავისი ცოლი (მათე 1,20). და ბოლოს, ღირსშესანიშნავია ისიც, თუ როგორ გადმოსცა მახარებელმა თვით იესოს შობის ამბავი ამ გენეალოგიაში: მან ყველა ზემორე ჩამოთვლილის მსგავსად როდი თქვა იაკობმა შვა იოსებიო, იოსებმა შვა იესოო, არამედ ასე დაწერა: “იაკობმა შვა იოსებ, ქმარი მარიამისო, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. იოსები არ იყო იესოს ხორციელი მამა, არამედ მხოლოდ დამწინდველი იყო ყოვლადწმინდა ქალწული მარიამისა. ამიტომაც მიაკუთვებს წმ. მახარებელი იესოს შობას მხოლოდ მარიამს. “რომლისაგან იშვა იესუ” – ეს ბოლო სიტყვები წარმოადგენენ მახარებლის შემდგომი თხრობის შესავალს იესო ქრისტეს ზებუნებრივი შობის შესახებ.
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. – 12-16. “შემდგომად ტყუებისა მის ბაბილონისა, იექონია ჰშუა სალათიელ”. თვით იექონია უშვილოდ აღესრულა, ასე უწინასწარმეტყველა ამ უღვთო მეფეს იერემია წინასწარმეტყველმა. მაგრამ ებრაელებს ჰქონდათ წესად, რომ როცა ვინმე მოკვდებოდა უშვილოდ, მისი ქვრივი უცხოს არ უნდა გაყოლოდა, იგი ცოლად უნდა შეეერთო გარდაცვლილის რომელიმე ძმას ან ახლო ნათესავს და მისგან შობილნი კანონიერ შვილებად იწოდებოდნენ გარდაცვლილი უშვილო კაცისა. ამრიგად, მათ ეყოლებოდათ ორი მამა: ერთი, რომელაც ისინი მართლა შვა და მეორე, რომელსაც კანონი ცნობდა. იერუსალიმის დაცემისას, მეფე იექონიას ძმები და ახლობლები ამოწყდნენ მტრისაგან, ამიტომ მისი ქვირივი შეირთო ნირმა, რომელიც იყო ჩამომავალი დავით მეფისა, მისი ძის ნათანისაგან. აი, ამიტომაა, რომ ლუკა მახარებელთან იესო ქრისტეს წარმომავლობა გადის ნათანსა და ნირზე. “სალათიელ ჰშუა ზორობაბელ”. ძველი აღთქმის წმიდა წერილი გვამცნებს, რომ სალათიელს შვილები არ ჰყავდა, ამიტომ მისი ცოლი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, გაყვებოდა მაზლს - ფადეს; ამ ქორწინებისგან იშვა ზორობაბელი, რომელიც სისხლით იყო შვილი ფადეისა, მაგრამ კანონით ითვლებოდა სალათიელის შვილად. “ზორობაბელ ჰშუა აბიუდ; აბიუდ ჰშუა ელიაკიმ; ელიაკიმ ჰშუა აზორ; აზორ ჰშუა სადუკ; სადუკ ჰშუა აქიმ; აქიმ ჰშუა ელიუდ; ელიუდ ჰშუა ელეაზარ; ელეაზარ ჰშუა მატათან; მატათან ჰშუა იაკობ”. საიდან აიღო მახარებელმა იესო ქრისტეს ეს წარმომავლობა? - ებრაელებს ჩვევად ჰქონდათ თავიანთი წინაპრების აღრიცხვა. ეს ჩანაწერები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველ ოჯახში სათუთად ინახებოდა. წმიდა მახარებელმა იგი ალბათ გამოართვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ან იოსების შვილს იაკობს, ანდა რომელიმე ახლობელს ოჯახისა და თავად სახარებაში მოათავსა. დავითის სამეფო შთამომავლებში ცოცხლობდა იმედი იმისა, რომ შეიძლებოდა სწორედ თავიანთ ოჯახში ეხილათ აღსრულება ღვთის აღთქმისა - დაბადება მხსნელისა. “იაკობ ჰშუა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰრქვიან ქრისტე”. ლუკა მახარებელთან იაკობის ნაცვლად იოსების მამად დასახელებულია ილი, ამიტომ ქრისტეს ნათესაობა სალაფიელიდან გადის არა აბიუდზე, არამედ რისაზე. მიზეზი ამისა ისევ კანონია ნათესაობისა, რაზეც ზემოთ ითქვა. ილი მოკვდა უშვილოდ, ხოლო მისი ცოლი გაყვა ქმრის ნათესავს იაკობს, რომლისგანაც იოსები იშვა. ამით ხსნიან სახარების ძველი განმმარტებლები იმ განსხვავებებს, რაც მაცხოვრის ნათესაურ წარმომავლობაში შეინიშნება. წმიდა მახარებელი მათე იოსებით არ ამთავრებს ქრისტეს ხორციელ წინაპართა ჩამოთვლას, არამედ ახსენებს მარიამის სახელსაც, რათა აჩვენოს, რომ სწორედ მისთვის, მარიამისთვის დასჭირდა მას იოსების წინაპართა ჩამოთვლა, რომ იესო ქრისტე დაიბადა არა იოსებისაგან, არამედ ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან. ეს თვით სახარებიდან ჩანს. მახარებელი არ ამბობს „იოსებმა შვა იესო მარიამისგან“, არამედ ამბობს: რომლისაგან იშვა იესო, რომელიც თვითონ დაიბადა წმიდა სულისაგან, მამაკაცის გარეშე. “იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. წმიდა მათე იოსებს უწოდებს მარიამის ქმარს, ისეთივე გაგებით, როგორც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ დაწინდულ მამაკაცს, დაწინდული ქალის ქმარი, თუმცა მათი ქორწინება არ არის შემდგარი.
წმ. იოანე ოქროპირი: - 16. “იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. – საიდან ჩანს, - იკითხავ შენ, - რომ ქრისტე დავითისაგან მოდის? თუკი იგი უმამაკაცოდ იშვა, მხოლოდ დედაკაცისაგან, ხოლო ქალწულის გენეოლოგია მახარებელს მოცემული არა აქვს. მაშ საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტე დავითის შთამომავალი იყო? აქ ორი საკითხია: რატომ არ არის მოცემული დედის გენეალოგია და რატომ იხსენიება იოსები, რომელსაც ამ შობაში არანაირი წილი არ ჰქონია? როგორც ჩანს, პირველი ზედმეტი იყო, მეორე კი – საჭირო. პირველ რიგში რისი გადაწყვეტაა აუცილებელი? ქალწულის დავითისაგან წარმოშობის საკითხი. მაშ, საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ იგი დავითისაგან მოდის? ისმინე: ღმერთი ავალებს გაბრიელს: მიდი “ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა” (ლუკა 1,27). ამაზე ნათლად რისი ცოდნაღა გსურს, როდესაც აშკარად გესმის, რომ ქალწული დავითის სახლიდან და ტომისგან იყო?!
ეს ააშკარავებს, რომ იოსებიც იმავე ტომიდან იყო წარმოდგენილი, რადგანაც არსებობდა კანონი, რომელიც ავალებდა, რომ საკუთარი ტომის გარდა ცოლი სხვაგან არსად არ უნდა აერჩიათ. იაკობ მამამთავარმა კი იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტე წარმოსდგებოდა იუდას ტომიდან. მან თქვა: “არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არმ ოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა” (დაბ. 49,10). შენ იტყვი, რომ ეს წინასწარმეტყველება მართლაც იმას აჩვენებს, რომ ქრისტე იუდას ტომიდან იყო, მაგრამ იმას, რომ იგი ნამდვილად დავითის სახლის წარმომადგენელია, არ ადასტურებს. განა იუდას ტომში დავითის გარდა სხვა მოდგმა არ არსებობდა? არა, სხვებიც იყო და ის შესაძლოა ყოფილიყო იუდას ტომიდან, მაგრამ დავითის სახლიდან არ წარმოშობილიყო. იმისათვის, რომ ეს არ თქვა, მახარებელი შენი ეჭვის გასაქარვებლად ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და სახლიდან იყო. თუკი ამაში სხვა საშუალებებითაც გსურს რომ დარწმუნდე, სხვა დამამტკიცებელი საბუთების მოტანაც არ გაგვიჭირდება. იუდეველებს ნება არ ჰქონდათ ცოლი შეერთოთ არა მხოლოდ სხვა ტომიდან, არამედ სხვა მოდგმიდან და სახლიდან.
ამიტომ თუკი სიტყვებს: “სახლისაგან და ტომისა დავითისა” მივაწერთ ქალწულს, ჩვენი ნათქვამი სრულიად უეჭველი გახდება, ხოლო თუკი ამავე სიტყვებს მივაწერთ იოსებს, მის შესახებ ნათქვამი მაინც შეეხება ქაწულსაც: თუკი იოსები დავითის მოდგმიდან და ტომიდან იყო, ის ცოლს მოიყვანდა არა სხვა ტომიდან, არამედ სწორედ იქიდან, რომლის წარმომადგენელიც იყო თავად. შენ მეტყვი: მაგრამ თუკი მან სჯული დაარღვია? მახარებელმა ამგვარი ეჭვიც გაითვალისწინა და დაამოწმა, რომ იოსები მართალი იყო. ამგვარად, რამდენადაც მისი სათნოებები იცი, შეგიძლია, დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ ის სჯულს არ დაარღვევდა. განა იგი, ასეთი მშვიდი და ვნებათაგან უცხო, ეჭვით აღძრულმაც რომ არ მოინდომა ქალწულის დასასჯელად გამეტება, განა იგი ხორციელი სიამოვნებისათვის დაარღვევდა სჯულს? ის ვინც სჯულზე აღმატებულად განსჯიდა (რადგანაც განტევება მისი და თანაც საიდუმლოდ განტევება შეიძლებოდა მხოლოდ იმ ადაიანს მოემოქმედა, რომელიც მართლაც განსჯიდა სჯულზე აღმატებულად), განა ოდესმე რაიმეს, სჯულის საწინააღმდეგოს მოიმოქმედებდა, და თანაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე?! ამგვარად ნათქვამი ცხადყოფს, რომ ქალწული დავითის ტომიდან იყო. ახლა იმის თქმაც საჭიროა, თუ რატომ გვაძლევს მახარებელი იოსების და არა მის გენეოლოგიას? მაშ რატომ? იუდეველებისათვის არ არსებობდა ტრადიცია, რომელიც გენეოლოგიას ქალის ხაზით წაიყვანდა. ამიტომ ტრადიციის დაცვიდან გამომდინარე, რათა დასაწყისშივე ამ ტრადიციის დამრღვევად არ გამოჩენილიყო, ხოლო მეორე მხრივ კი თვით ქალწულის გენეოლოგიაც ეჩვენებინა, მახარებელმა არაფერი თქვა მის წარმოშობაზე და იოსების გენეოლოგია წარმოგვიდგინა. ქალწულის გენეოლოგია რომ აღეწერა, ამას მას სიახლის დანერგვად ჩაუთვლიდნენ, ხოლო, თუ იოსების შესახებ არას იტყოდა, მაშინ ქალწულის წინაპრების შესახებ ვეღარაფერს შევიტყობდით. ამრიგად, იმისათვის, რომ გვცოდნოდა, თუ ვინ იყო მარიამი, საიდან იყო წარმოშობით იგი და ამასთან იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო ჩვეულება, მახარებელმა მისი დამწინდველის გენოალოგია წარმოგვიდგინა და გვიჩვენა, რომ ის დავითის სახლიდან არის. და რამდენადაც ეს დამტკიცებულია, ამით მტკიცდება ისიც, რომ ქალწულიც იმავე მოდგმიდან იყო, რამდენადაც ეს მართალი ადამიანი, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, არ დაუშვებდა, რომ ცოლი სხვა მოდგმიდან მოეყვანა. სხვათაშორის, შესაძლებელია, სხვა, უმეტესად საიდუმლო მიზეზზე მითითება, რომლის გამოც არ არიან ნახსენები ქალწულის წინაპრები. რა მიზეზია ეს? მახარებელს არ სურს, რომ იუდეველებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ ქრისტე ქალწულისაგან იშვა. ნუ შეშფოთდები თუკი ჩემი ნათქვამი უცნაურად მოგეჩვენება. მე აქ საკუთარ სიტყვებს კი არ ვამბობ, არამედ ჩვენი მამებისას, რომლებიც საოცარი და სახელგანთქმული ადამიანები იყვნენ. თუკი უფალიც კი თავდაპირველად ბევრ რამეს ფარავდა და საკუთარ თავს ძე კაცისას უწოდებდა; თუკი იგი ყველგან არ აცხადებდა თავს თანასწორად მამისა, მაშ, რადარ უნდა გვიკვირდეს, თუკი ის გარკვეულ დრომდე ფარავდა თავის შობას ქალწულისაგან? მართლაც საოცარი და დიდებული საქმეა. რა არის აქ საოცარი? – იკითხავ შენ. ის, რომ ქალწული დაცული და გათავისუფლებულია ყოველგვარი ბოროტი ეჭვისაგან. სხვაგვარად, თუკი ეს იმთავითვე გაცხადდებოდა იუდეველთა წინაშე, ისინი სიტყვას საპირისპირო მხრიდან განმარტავდნენ;
ქვებით ჩაქოლავდნენ და გაასამართლებდნენ ქალწულს, თუკი ისინი ასეთ შემთხვევებშიც კი, - როგორი შემთხვევებიც ხშირად ხვდებოდათ მათ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, - ასე ააშკარავებდნენ საკუთარ ურცხვობას (მაგალითად, უწოდებდნენ ქრისტეს ეშმაკეულს, როდესაც იგი ეშმაკებს განდევნიდა; შერაცხავდნენ მას ღმრთის წინააღმდგომად, როდესაც შაბათობით კურნავდა სნეულებს, მიუხედავად იმისა, რომ თვით შაბათიც მათ მიერ უკვე მრავალგზის იყო დარღვეული), - მაშ, რაღას არ იტყოდნენ ისინი, ეს რომ გაეგოთ? მათ სასარგებლოდ მეტყველებდა ის, რომ მანამდე მსგავსი არაფერი აღსრულებულიყო. თუკი მრავალრიცხოვანი სასწაულის შემდეგ ისინი ქრისტეს მაინც იოსების ძეს უწოდებდნენ, მაშ ჯერ კიდევ ამ სასწაულთა აღსრულებამდე როგორ ირწმუნებდნენ ისინი, რომ იგი ქალწულისაგან იშვა? აი რატომ აღიწერება იოსების გენეოლოგია და რატომ იწინდება მასზე ქალწული. მაშინ, როდესაც თვით იოსები, კაცი მართალი და საკვირველი, იმისათვის, რომ ეს მოვლენა ერწმუნა, მრავალ მტკიცებულებას საჭიროებდა – როგორღა შეიწყნარებდნენ ასეთ აზრს იუდეველები, უხეში, გარყვნილი და ქრისტესადმი ესოდენ მტრულად განწყობილი ხალხი? უეჭველია, რომ მათ უკიდურესად შეაშფოთებდა ასეთი უჩვეულო და ახალი მოვლენა, როდესაც მათ არც კი სმენოდათ, რომ მსგავსი რამ ოდესმე მომხდარა მათ წინაპრებში. ვინც ერთხელ უკვე ირწმუნა, რომ იესო არის ძე ღმრთისა, ის უკვე აღარასოდეს დაეჭვდებოდა ამაში, მაგრამ ის, ვინც მას ცრუდ და ღვთის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, ამ ფაქტით კიდევ უფრო მეტად როგორ არ ცდუნდება და როგორ არ დარწმუნდება ზემოხსენებული ეჭვის მართებულობაში?! აი რატომაა, რომ მოციქულები დასაწყისშივე არ საუბრობენ მის შობაზე ქაწულისაგან. პირიქით, ისინი ხშირად და ბევრს ლაპარაკობენ ქრისტეს აღდგომაზე, რამდენადაც აღდგომის მაგალითები, თუმცა არა ასეთი, გარდასულ დროში უკვე არსებობდა;
ხოლო მის შობაზე ქალწულისაგან იშვიათად ამბობენ. თვით დედამაც კი მისმა ვერ გაბედა ამის შესახებ განეცხადებინა. შეხედეთ, რას ეუბნება ქალწული თავად ქრისტეს: “მე და მამაი შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ!” (ლუკა 2,48). ქალწულისაგან შობილად რომ მიეჩნიათ, მას უკვე აღარ უწოდებდნენ დავითის ძეს. ხოლო აქედან კიდევ მრავალი ბოროტება წარმოდგებოდა. სწორედ ამიტომ აუწყეს ანგელოზებმა ამის შესახებ მხოლოდ მარიამსა და იოსებს. ხოლო, როდესაც ისინი უკვე მწყემსებს აუწყებდნენ შობის ამბავს, ეს აღარ უხსენებიათ.
თეოფილაქტე ბულგარელი: 17. “ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყენვითგან ბაბილოვნისაით ვიდრე ქრისტემდე ნატესავი ათოთხმეტ”. – მათემ თაობები სამ ნაწილად დაყო, რათა იუდეველთათვის ეჩვენებნა, რომ მსაჯულებისაგან იმართებოდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, რაც ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა თუ მღვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, სულერთია, სათნოებისათვის მაინც ვერავითარ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც ქრისტეა. რაჟამს, თანახმად იაკობის წინასწარმეტყველებისა, მეფობა შეწყდა, ქრისტე მოვიდა. მაგრამ ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა როგორღა არის, როცა მხოლოდ ცამეტი პირი ჩანს? გენეალოგიაში რომ ქალის შეყვანა შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვიც შესრულდებოდა, მაგრამ ქალი გვარტომობის სიაში არ შედის; მაშ, ეს საკითხი როგორღა უნდა გადაიჭრას? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ “გადასახლება” (ტყვეობა) რიგს, როგორც პირს, ისე მიათვალა.
წმ. იოანე ოქროპირი: - 17. “ყოველი ნათესავი აბრაჰამისგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისაგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბლოვნისაით ვიდრე ქრისტემდე ნათესავი ათოთხმეტ”. – მახარებელმა მთელი გენეოლოგია სამ ნაწილად დაყო, ამით სურდა ეჩვენებინა, რომ ხელისუფლების ცვლილების შედეგად იუდეველები უკეთესები არ გამხდარან; არამედ, როგორც არისტოკრატიის, ისე მეფეების და ოლიგარქების მმართველობისასა ერთსა და იმავე ცოდვებში იყვნენ; მსაჯულთა, მღვდელმთავართა და მეფეთა მმართველობისას სათნოებებში ოდნავადაც არ წარმატებულან.
მაგრამ, რად მოხდა, რომ მახარებელმა გენეოლოგიის შუა ნაწილში სამი მეფე გამოტოვა, უკანასკნელში კი თორმეტი მეფე ახსენა, როდესაც ამბობს თოთხმეტიო? პირველს თქვენ გიტოვებთ განსასჯელად, რამდენადაც საჭიროდ არ მიმაჩნია, თქვენს მაგიერ გადავწყვიტო ყოველი, რათა არ გაზარმაცდეთ. მეორეზე კი ვთქვათ: მეჩვენება, რომ იგი მოდგმებს ტყვეობის პერიოდსაც მიათვლის და იესო ქრისტესაც, რომელსაც ყოველთვის ჩვენთან აერთიანებს და აქ ტყვეობის მოხსენიებით იგი მიუთითებს, რომ იუდეველები ტყვეობამაც კი ვერ მოიყვანა გონს, ასე რომ, ყოველივედან აშკარავდება ქრისტეს მოვლინების აუცილებლობა. მაგრამ იტყვიან, რატომაა, რომ მარკოზი ამასვე არ აკეთებს, იესოს გენეოლოგიას არ წარმოგვიდგენს და მოკლედ საუბრობს ამის შესახებ? ვფიქრობ, რომ მათე ყოველთა უწინარეს წერდა სახარებას, რის გამოც ზუსტად წარმოადგენს გენეოლოგიას და უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას; მარკოზი კი მის შემდგომ წერდა, ამიტომ ამოკლებს, როგორც მთხრობელი იმისა, რაც უკვე ცნობილი გახდა. მაგრამ რატომაა, რომ გენეოლოგიას ლუკაც წარმოგვიდგენს და თანაც – კიდევ უფრო სრულად? იმისთვის, რომ მას მხედველობაში ჰყავს მათე მახარებელი და სურს, მათზე უმეტესი მოგვაწოდოს. ამასთან, თითოეული მათგანი საკუთარ მასწავლებელს ბაძავს: პირველი (ლუკა) – პავლეს – მდინარესავით რომ მოედინება, მეორე (მარკოზი) კი – პეტრეს – მოკლედ რომ საუბრობს. ან რად მოხდა, რომ მათემ სახარების დასაწყისში წინასწარმეტყველთა მაგალითად არ თქვა: მახილვინა უფალმა ღმერთმა, ან: სიტყვა იყო ჩემდა მომართ? იმიტომ, რომ იგი უაღრესად კეთილგანმზრახველ ადამიანებს სწერდა და ისეთებს, რომლებიც უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ მას. აღსრულებული სასწაულები ამოწმებდნენ მის ნაწერს და მკითხველი რწმენით იყო აღსავსე. წინასწარმეტყველთა ხანაში ამდენი სასწაული არ ყოფილა, მათი ქადაგება რომ დაემოწმებინა, პირიქით: მრავალი ცრუწინასწარმეტყველი არსებობდა, რომელთაც იუდეველი ხალხი დიდი მონდომებით უსმენდა. ამიტომაც მათთვის აუცილებელი იყო სწორედ ამგვარად დაეწყოთ წინასწარმეტყველება. ხოლო თუ მაინც აღესრულებოდა სასწაული, აღესრულებოდა ის წარმართებისათვის, რათა ისინი რაც შეიძლება მრავლად მოქცეულიყვნენ იუდეველებზე და ასევე – ღვთის ძალის გამოსავლინებლად, - როდესაც იუდეველთა დამპყრობი მტერი ფიქრობდა, რომ თავიანთი ღმერთების ძალით გაიმარჯვეს. ასე მოხდა ეგვიპტეში, საიდანაც იუდეველებს ხალხის სიმრავლე გამოჰყვა: იგივე მოხდა შემდეგ ბაბილონში – ბრძმედისა და სიზმრების სასწაული. თუმცა, სასწაულები უდაბნოშიც ხდებოდა, სადაც იუდეველები მარტონი იყვნენ, ისევე როგორც იყო ჩვენთანაც; ჩვენც ხომ მრავალი სასწაული მოგვევლინა, როდესაც ცდომილებიდან გამოვდიოდით?! მაგრამ მას შემდეგ, რაც ღვთისმოსაობა ყველგან დაინერგა, სასწაულები შეწყდა.
თუკი იუდეველებს შემდეგაც ჰქონდათ სასწაულები, ისინი მცირერიცხოვანი და იშვიათი იყო. მაგალითად, როდესაც შეჩერდა მზე, მეორედ კი უკან დაიხია. კვლავაც, ჩვენს შემთხვევაშიც შეიძლება ამის დანახვა: ჩვენს დროშიც ივლიანეს, რომელაც ერთობ გადაამეტა ყოველგვარ ბოროტმოქმედებაში, მრავალი სასწაულებრივი რამ შეემთხვა; როდესაც იუდეველებმა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა გადაწყვიტეს, საძირკვლიდან ცეცხლი აღმოხდა და ხელი შეუშალა მუშაობას; ხოლო, როდესაც ივლიანემ უგუნური ხელყოფით შეურაცხყო წმ. ჭურჭელი, განძის მცველი და ივლიანეს მოსახელე მისი ბიძა მატლით შეჭმული ჯერ მოკვდა, შემდეგ კი შუაზე გაიგლიჯა. და ისეც უაღრესად მნიშვნელოვანი სასწაული იყო, რომ იქ მსხვერპლშეწირვის დროს წყაროები გამოვიდა და ივლიაეს მმართველობისას ქალაქები შიმშილმა მოიცვა.
ღმერთი ჩვეულებრივ ამრავლებს ხოლმე სასწაულებს, როდესაც ბოროტება მრავლდება. როდესაც იგი ხედავს, რომ მისი მონები შევიწროებულნი არიან. ხოლო მოწინააღმდეგენი უზომოდ თვრენიან მათი წამებით, - სწორედ მაშინ გამოავლენს ხოლმე თავის ხელმწიფებას. ასე მოექცა იგი იუდეველებს სპარსეთში. ამგვარად, ნათქვამიდან აშკარაა, რომ მახარებელმა უმიზეზოდ და შემთხვევით არ განყო ქრისტეს წინაპრები სამ ნაწილად. შეხედეთ, ვისით იწყებს იგი და ვისით ამთავრებს. აბრაამიდან მოყოლებული გენეოლოგია დავითამდე მიჰყავს; შემდეგ დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე, ხოლო უკანასკნელი – თვით ქრისტემდე. ისევე როგორც მთელი გენეოლოგიის დასაწყისში აბრაამი და დავითი გვერდიგვერდ დააყენა, ასევე ორივე მოიხსენია გენეოლოგიის დასასრულს, იმიტომ, რომ, როგორც უკვე ვთქვი, აღთქმა მათთვის იყო მიცემული. რატომ ახსენებს იგი ბაბილონში გადასახლებას და არ იხსენიებს გადასახლებას ეგვიპტეში? იმიტომ, რომ იუდეველებს უკვე აღარ ეშინოდათ ეგვიპტელებისა, ხოლო ბაბილონელების წინაშე კვლავ ცახცახებდნენ და იმიტომაც, რომ პირველი დიდი ხნის წინ აღესრულა, მეორე კი – არა. გარდა ამისა, ეგვიპტეში ისინი ცოდვების გამო არ წაუყვანიათ, ხოლო ბაბილონში სწორედ – უსჯულოების გამო. თუკი ვინმე მოისურვებს, თვით სახელების მნიშვნელობას ჩასწვდეს, აქაც ბევრ რამეს ნახავს ისეთს, განჭვრეტას რომ მოითხოვს, ისეთს, რაც ახალი აღთქმის განმარტებას ემსახურება. ასეთია აბრაამის, ისააკის, სოლომონის, ზორობაბელის სახელები. რადგან მათ ეს სახელები უბრალოდ არ ეწოდათ.
გრიგოლ დიაჩენკო: 17. “ყოველი ნათესავი აბრაჰამისგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ, და დავითისგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტი, და ტყუენვითგან ბაბილოვნისაით ვიდრე ქრისტემდე ნათესავი ათოთხმეტი”. – იესო ქრისტეს გენეალოგიის საერთო დაყოფას სამ ნაწილად საფუძვლად უდევს სამი მეტად მნიშვნელოვანი მდგომარეობა ებრაელი ხალხის ისტორიაში: პირველი ნაწილი – აბრაჰამიდან დავითამდე მოიცავს ებრაელი ერის ჩამოყალიბების დაწყებას და თეოკრატიის პერიოდს სამეფო ხელისუფლების დამკვიდრებამდე და დავით მეფის – მესიის წინაპრის გამოჩენამდე. ამ პერიოდში ებრაელი ხალხი პატრიარქების, მსაჯულთა და წინასწარმეტყველთა მმართველობის ქვეშ იყო. გენეალოგიის მეორე ნაკვეთი მოიცავს მეფეთა პერიოდს ერის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე ბაბილონის ტყვეობის დაწყების გამო. და ბოლოს, მესამე ნაწილს შეადგენს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდი მღვდელმთავართა მმართველობის ქვეშ თვით მესიის – ქრისტეს გამოჩენამდე. წინასწარმეტყველებათა მიხედვით, მესია უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველიც, მეფეც და მღვდელმთავარიც. ამრიგად, ეს სამი განყოფილება იესო ქრისტეს გენეალოგიისა – 1. პატრიარქების, მსაჯულებისა და წინასწარმეტყველთა ხელმწიფების პერიოდი. 2. მეფეების პერიოდი და 3. მღვდელმთავართა პერიოდი, რომლებიც წინ უსწრებდნენ მესია-ქრისტეს მოვლენას, თითქოსდა ერთგვარი წინასწარმეტყველებაა მის შესახებ.
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. – 17. ნათესაური ჩამონათვალის ბოლოს მახარებელი თვლის თაობებს, რათა გაგვიადვილოს დამახსოვრება მათი. მას მთელი ეს გრძელი გზა ქრისტეს ხორციელი წარმომავლობისა, სამ თანაბარ ნაწილად აქვს დაყოფილი: “ყოველი ნათესავი აბრაამისითგან ვიდრე დავითისამდე, ნათესავი ათ-ოთხ-მეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათ-ოთხ-მეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისათ ვიდრე ქრისტესადმდე ნათესავი ათ-ოთხ-მეტ”. ასე შეიძლება დაიყოს ღვთის ხალხის მთელი ისტორია აბრაამიდან ქრისტემდე - აბრაამ მამამთავრიდან დავითამდე ებრაელ ხალხს მართავდნენ უხუცესები და მსაჯულები, მეფე დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე - მეფენი, ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე - მღვდელმთავრები. ქვეყანას მოევლინა ქრისტე - ჭეშმარიტი მსაჯული, მეფე და მღვდელმთავარი და დასრულდა ებრაელებში ყოველგვარი მმართველობა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოდგმას მახარებელი მიაკუთვნებს ქრისტესაც, რითაც ჩვენთან მის ერთობას იცავს იგი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მახარებელი ქრისტეს ნათესაობაზე წერდა იმ დროს, როცა მისი დავითი შთამომავლობა ნებისმიერი იუდეველისათვის მას შეეძლო დაემტკიცებინა წერილობითი საბუთით, როცა ყოველ მათგანს შეეძძლო თავად დარწმუნებულიყო ამაში, თუ რა თქმა უნდა ექნებოდა ამისი სურვილი.
თეოფილაქტე ბულგარელი: 23-37 და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსე-ბისა, მატათისა, ამოსისა, ნაო-მისა, ესლისა, ნაგესა, მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუ-დაჲსა, იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა, იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა, სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა, მელეაჲსა, მაჲნა-ნისა, მატათანისა, ნათანისა, დავი-თისა, იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა, ამინადაბისა, არამისა, ესრო-მისა, ფარეზისა, იუდაჲსა,. იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარაჲსა, ნაქორისა, სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა, კაინანისა, არფაქსა-დისა, სემისა, ნოესა, ლამექისა, მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა, ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა. – უფალი ოცდაათი წლისა მოინათლა, რადგან ეს ყველაზე უფრო სრულყოფილი ასაკია და მასში ადამიანი ვლინდება, ან როგორც პატივსაცემი, ანდა როგორც უვარგისი. ლუკა წარმოგვიდგენს უფლის გენეალოგიას შებრუნებული თანმიმდევრობით, მათესგან განსხვავებით, რათა გვიჩვენოს, რომ ახლა ხორციელად შობილი, ღმრთისგანაა, - ვინაიდან შეხედე, როგორ ადის გენეალოგია ღმერთამდე; და ამასთან, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ იგი იმიტომ განკაცდა, რომ ყველანი, ამ შუალედში მყოფ მამათაგან, ღმერთთან მიეყვანა და შვილება მიენიჭებინა. შემიძლია სხვაგვარადაც ვთქვა: უფლის შობა, როგორც უთესლო, უნდობლობას იწვევდა; ამიტომ მახარებელი, სურს რა გვიჩვენოს, რომ სხვა დროსაც იყო უთესლოდ შობილი ადამიანი, უდაბლესთაგან ადის ადამამდე და ღმერთამდე. იგი თითქოს ასე ამბობს: თუკი არ გწამს, თუ როგორ იშვა მეორე ადამი უთესლოდ, მაშინ, გთხოვ, მიმართე გონებით პირველ ადამს და შენ აღმოაჩენ, რომ იგი ღმერთის მიერ უთესლოდაა შექმნილი და ამის შემდეგ ნუ იქნები ურწმუნო.
წმ. ირინეოს ლიონელი გვაუწყებს იმის შესახებ თუ რა სურდა ეთქვა ლუკა მახარებელს მის მიერ გადმოცემული გენეოლოგიით: “პირველ დედამ, ევამ, როდესაც მან გველის სიტყვა მუცლად იღო (ანუ გველს დაუჯერა) ამით ცოდვის პირველი ნასკვი შეკრა. პირველ ნასკვი ცოდვისა ევასგან მომდინარეობს, ამ პირველ ნასკვს ამყარებს და ამჭიდროებს ადამი და ორივენი არიან პირველცოდვის ნასკვად შემკვრელნი, რამაც მათი დაცემა განაპირობა. მაგრამ ამ დაცემულობაში ადამისა და ევასგან შობილმა კაცობრიობამ სხვადასხვა თაობაში იმ პირველ ცოდვის ნასკვს მრავალი სხვა ნასკვი მიუმატა და ასე კაცობრიობის ისტორია დახუნძლული შეცოდებებით მივიდა იმ ეპოქამდე, როცა მაცხოვარი უნდა შობილიყო”...
“...და ამით (ამ სწავლებით. იგულისხმება სწავლება შემოკრების შესახებ), საღვთო წერილი მოასწავებს მარიამისგან ევასკენ უკუწრებრუნვას (ლათ. “რეცირკურაციო”), რადგან სხვაგვარად შეუძლებელია იმის გამოხსნა, რაც შეიკრა, თუკი კვანძების ხვეულა არ დაირღვევა უკუმიქცევით. წინარე ნასკვები სწორედ მომდევნოთა გზით გაიხსნება, ანუ პირიქით, რომლებიც მეორენი არიან თავისუფალ-ჰყოფენ პირველთ. ასე რომ პირველი ნასკვი მეორე ნასკვის გზით გაიხსნება, ანუ მეორე ნასკვი არის საშუალება პირველის გახსნისა. სწორედ ამიტომ ამბობდა უფალი: “წინანი უკანა და უკანანი წინა”. ამასვე მოასწავებდა წინასწარმეტყველი, როდესაც ამბობდა: “მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი” (ფს. 44,17), რადგანაც უფალი არის პირმშო მკვდართა, რომელიც იშვა და რომელმაც თავის წიაღში შეიწყნარა წინარე მამანი, ახლად შვა ისინი ღვთის ცხოვრებაში და გახდა დასაბამი ცოცხალთა. ისევე როგორც ადამი გახდა დასაბამი მკვდართა. სწორედ ამიტომ ლუკამაც შთამომავლობითი დასაბამი უფლისგან დაიწყო და ადამამდე ავიდა, რითაც ცხადყო, რომ არათუ მათ შვეს იგი, არამედ ამან შვა ისინი ახლად ცხოვრების სახარებაში. ასევე ევამაც ურჩობის ნასკვის გამოხსნა მარიამის მორჩილების გზით მიიღო, ანუ რაც შეჰკრა ქალწულმა ევამ ურწმუნოებით, ის ქალწულმა მარიამმა გამოიხსნა სარწმუნოებით”...
ხალხო დამეხმარეთ მაცხოვრის გენეალოგიაზე ვწერ რეფერატს და ლიტერატურა მიმითითეთ თუ რამე ელექტრონულიცაა ლინკებიც მადლობები წინასწარ.
†სერგი
მოხვალ სემინარიაში ხვალ?
(უკვე დღეს)
რაღაცეებს მეც გეტყვი...
†სერგი
ანდრიას უთხარი და დაგეხმარება სახარების განმარტების PDF ფაილებს მე მოგცემ თუ გინდა
ვალერი ვარ.
http://rustveli.ge/VN5.html
მადლობები. გურამ ხუთშაბათს მითხარი დღეს გამოვიქეცი საქმე მქონდა რაცღა
აბა ჩემი შეკოწიწებული სწავლებები მოკლედ თუ დაგაინტერესებთ.
„წიგნი შობისა იესო ქრისტესი“[2]
წიგნი შობისა. – აქ მათე მახარებელი არ იყენებს სიტყვებს: „ხილვა“ ან „სიტყვა“ წინასწარმეტყველთა მსგავსად, მაგ. როგორც დაწერილია: „ხილვა რომელი იხილა ესაია“[3] ან: „სიტყვა რომელი იყო ესაიასადმი“,[4] არამედ წერს წიგნი შობისა, რადგან წინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდო. მათე კი მორწმუნე და კეთილგონიერ ხალხს მიმართავს, თან მას არც ხილვა ჰქონია, არამედ გრძნობისმიერად იყო და ჭვრეტდა ჩვენს უფალს.[5]
ზოგიერთთა აზრით პირველი გამოთქმა „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი“ საერთო სათაურად ემსახურება მთელს სახარებას.[6] ეს მოსაზრება არ უნდა იყოს უსაფუძვლო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათე მახარებელი ებრაელთათვის წერდა, იმ პერიოდისთვის კი ებრაული ტრადიციით ყოველ ტომს გააჩნდა საკუთარი გენეალოგია.
წიგნი შობისა იესო ქრისტესი. – სიტყვა იესო (ებრაულად – „იეშუა“) განიმარტება როგორც: „მხსნელი“, „მაცხოვარი“. უფალთან მიმართებაში კი მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის გამოხატავს კაცთა მოდგმის ხსნის, ცხოვნების მის მიერ აღსრულებულ საქმეს.[7] ხოლო ზედსართავი სახელი „ქრისტე“- ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს „ცხებულს“,ანუ იგივეს, რასაც ებრაული სიტყვა „მაშიაჰ“ – „მესია“, რის გამოც უფალი ჩვენი იწოდება ხან ქრისტედ, ხანაც მესიად, რაც ერთი და იგივეა.[8]
ძველ დროში ქრისტეებად მეფეები და მღვდელმთავრები იწოდებოდნენ, რადგანაც მათ წმიდა ზეთს სცხებდნენ კურთხევისას, ზეთს რომელიც რქაში იდგა და საკურთხებელი პიროვნების თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე.[9]
როგორც წმიდა მამა ირინეოს ლეონელი მოგვითხრობს: „სახელში ქრისტე იგულისხმება მცხებელიც და ცხებულიც, და თვით ცხებაც,რომლითაც იგი არის ცხებული. სცხო მამამ, ხოლო ცხებულია ძე სულიწმიდით, რომელიც არის ცხება, როგორც ესაიას პირით იტყვის სიტყუა: „სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისა ძალით მცხო მე“,[10] აღნიშნავს რა მცხებელ მამასაც, ცხებულ ძესაც და თვით ცხებასაც, რომელი არს სულიწმიდა“.[11]
გენეალოგიაში მოხსენიებულ და გამოტოვებულ პირთა შესახებ
„ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“.[12] – იესო ქრისტეს წარმომავლობა დავითისაგან და აბრაამისაგან ყოველი იუდეველის თვალში უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება იყო მისი მესიანური ღირსებისა.[13] მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: რატომ ასახელებს მახარებელი პირველად დავითს და შემდეგ აბრაამს? აბრაამი ხომ დავითამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა და პირველმაც მან მიიღო აღთქმა, ხოლო შემდეგ დავითმა, თან მახარებელი უშუალოდ გენიალოგიაზე გადასვილსას ხომ აბრაამით იწყებს პიროვნებათა სახელების ჩამოთვლას და შემდეგ ახსენებს დავითს? როგორც ჩანს მათე მახარებელი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ დავითისადმი მიცემული აღთქმა მთელს იუდეველ ერს კი არ განეკუთვდებოდა, როგორც ეს აბრაამისადმი მიცემულ აღთქმაში იყო, არამედ იგი უფრო კერძო იყო და დავითის სახლს ეკუთვნოდა. პირველად დავითის დასახელებით მახარებელს სურს აჩვენოს ებრაელებს, რომ სწორედ იმ მესიაზე საუბრობს, რომელსაც იუდეველები მოელოდნენ, როგორც დავითის ძეს და აღთქმული დიდებული მეუფების მემკვიდრეს.[14]
აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; [15]
რატომ მოიხსენია წმიდა მათემ იესო ქრისტეს გენეალოგიაში მხოლოდ იუდას ძმები და არაფერი თქვა არც ისააკის ძმა – ისმაილზე და არც იაკობის ძმა – ესავზე?
„ამის მიზეზად ზოგიერთი ესავის ავზნიანობას მიიჩნევს, ამასვე ამბობენ ზოგიერთ სხვაზე – წინაპართაგან. მაგრამ მე ამას არ ვიტყოდი: ეს თუ ასეა, მაშ რატომ ხდება, რომ ცოტა ხნის შემდეგ მახარებელი იხსენიებს უზნეო ქალებს? ნათელია, რომ აქ იესო ქრისტეს დიდება ცხადდება საწინააღმდეგოში, არა მისი წინაპრების დიდებულებით, არამედ მათი არარაობითა და სიმდაბლით. მაღლისათვის ხომ სწორედ ისაა უდიდესი სიმაღლე, რომ მას უკიდურესი თავის დამდაბლება შეუძლია. მაშ, რატომ არ იხსენიებს მახარებელი ესავსა და სხვებს? იმიტომ, რომ სარკინოზებსა და ისმაიტელებს, არაბებსა და ყველა სხვას, ვინც ამ წინაპრებისაგან წარმოდგება, არაფერი ჰქონიათ საერთო ისრაელის ხალხთან. სწორედ ამიტომ დუმს იგი მათ შესახებ და პირდაპირ იესოს წინაპრებზე, იუდეველ ხალხზე საუბრობს, როდესაც ამბობს: იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი. აქ უკვე იუდეველთა მოდგმა იგულისხმება“.[16]
საინტერესოა რა აზრი და მნიშვნელობა ჰქონდა, როდესაც მახარებელი მაცხოვრის გენეალოგიაში ისეთ მდედრობით პირებს იხსენიებდა როგორების იყვნენ: თამარი, რექაბი, რუთი და და დავით მეფის უკანონო ცოლი, რომელიც მან ურიას წაართვა?
წმიდა იოანე ოქროპირი გაკვირვებით წამოიძახებს: “რას იქმ შენ, ღმრთივშთაგონებულო მამაო, უსჯულო სისხლის შერევის ისტორიას რომ გვახსენებ?“[17] და იქვე თვითონვე პასუხობს თავისსავე წამოძახილს: „განკაცებული ღმერთის გენეალოგია არათუ არ უნდა დამალო, არამედ მთელი ხმით უნდა იუწყებოდე მის შესახებ, რათა ამით მისი ზრახვები და დიდებულება წარმოაჩინო. იგი იმისთვის კი არ მოვიდა, რომ განრიდებოდა ჩვენს შერცხვენას, არამედ იმისათვის, რომ გაენადგურებინა იგი.“[18]
ზემოთ ხსენებულ დედაკაცთა ისტორია ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, ახლა კი ყურადღება მხოლოდ თამარზე გავამახვილოთ, რომელმაც იუდას ორი ტყუპი ვაჟი უშვა, ფარეზი და ზარა. განმმარტებელთა აზრით, მახარებელი აქ ორივე პიროვნებას იმიტომ ასახელებს, რომ ისინი ქრისტეს სასუფეველში შესული ორი ხალხის – იუდეველთა და წარმართთა წინასახენი იყვნენ.
და ბოლოს: „როცა ასეთი დედაკაცნი შეჰყავდა იესო ქრისტეს გენეალოგიაში, ამით მახარებელს სურდა ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე თავის ღირსებას ხორციელ წინაპართაგან კი არ იღებს; რომ მისი ზეგარდმო წარმოგზავნილობა კაცობრივ დამსახურებებს კი არ ეფუძვნება, არამედ – ღმერთის სახიერებასა და მოწყალებას… ქრისტე ამქვეყნად მხოლოდ ებრაელთათვის კი არა, არამედ ყოველი ხალხის საცხოვნებელად მოევლინა, ყოველგვარი გვარტომობისა და წარმომავლობის, ღირსებისა და სქესის მიუხედავად.[19]
სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.[20]
იესო ქრისტეს გენეალოგიის ამ, მეორე განყოფილებაში, უმთავრესად ყურადღებას იქცევს ორი გამოტოვება: პირველია იუდეველთა სამი მეფის – ოქოზიას, იოასისა და ამასიას გამოტოვება, იორამსა და ოზიას შორის… განმმარტებლები მიიჩნევენ რომ მახარებელმა ეს მეფეები მათი წარმომავლობის გამო გამოტოვა, რადგან ისინი ეკუთვნოდნენ აქაბის გვარს, მეფე ოქოზიას დედის მხრიდან, – ანუ ისეთ გვარს, რომელზეც ღმერთმა ორგზის წარმოთქვა შეჩვენება.[21] მეორე გამოტოვება იოსიას ძისა და იექონიას მამის სახელს – იოაკიმეს შეეხება. მიიჩნევენ რომ ეს გამოტოვება გადამწერთა ბრალი უნდა იყოს, იოაკიმესა და იექონიას სახელთა მსგავსების გამო. ამიტომ მიიჩნევენ რომ მათე მახარებლის ეს ადგილი შემდეგნაირად უნდა იქნას წაკითხული: იოაკიიმე შვა იექონია ტყვეობასა მას ბაბილონელთასა. ანუ ან თვით ამ ტყვეობის დროს ან თყვეობაში გადასახლების წინ[22] ისრაელი ერისა.[23]
შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.[24]
რადგანაც წმიდა მათე თავის სახარებას უპირატესად იუდეველთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის წერდა, რომელთა ურწმუნოებაც იესო ქრისტესადმი, როგორც აღთქმული მესიისადმი, მისთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ მან შეიყვანა კიდეც ამ გენეალოგიაში იოსებიც, რომელსაც იუდეველები იესო ქრისტეს ბუნებრივ მამად თვლიდნენ.[25] მით უმეტეს, რომ იუდეველებში დამკვიდრებული იყო ჩვეულება გენეალოგია მხოლოდ მამების ხაზით ეწარმოებინათ. იოსები რომ მარიამის ქმრად არის მოხსენიებული, ეს ერთის მხრივ, იმით აიხსნება, რომ იუდეველთა წეს-ჩვეულებით სასიძო და საპატარძლო დაწინდვისთანავე ცოლ-ქმრად იწოდებოდნენ.[26] მეორეს მხრივ კი – იმით, რომ იოსებმა, უფლის ანგელოზის ბრძანებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი თავის სახლში მიიღო როგორც თავისი ცოლი.[27]
იოსები
იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე.[28]
ყოველივე ზემოთქმულის მსგავსად როდი ამბობს მახარებელი, იაკობ შვა იოსებ და იოსებ შვა იესოო, არამედ მიაწერს რა მხოლოდ ღვთისმშობელ მარიამს იესოს შობას, ამბობს: „იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო..“. აქ ნათლად წარმოაჩენს, რომ იოსები არ ყოფილა მაცხოვრის ბუნებრივი მამა, რომ მაცხოვარი მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეშვეობით მოევლინა ქვეყანას და იოსებს მის შობაში არანაირი წილი არ მიუძღვის, რამეთუ ძე ღმერთს ჰყავს რა ერთი ბუნებითი მამა, რომლისგანაც იშვა იგი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და იშვება მისგან მარადჟამს. დიახ აქ მახარებელი ხაზს უსვამს მაცხოვრის ღვთაებრივ შობას ქალწული მარიამისგან და ამზადებს მკითხველს მოსასმენად იმისა თუ როგორ მოხდა ჩასახვა დაუტევნელი ღმერთისა ქალწულის წიაღში და როგორ მოხდა განკაცება მისი.
ჩდება კითხვა, თუ ქრისტეს შობა მხოლოდ ქალწული მარიამისაგან მოხდა, მაშინ რატომაა, რომ მახარებელი აღწერს იოსების გენეალოგიას და არა მარიამისას?
საქმე იმაშია, რომ ებრაული ტრადიციის მიხედვით ქორწინდებოდნენ მხოლოდ ერთი ტომის წარმომადგენლები, რამეთუ მოლოდინი იყო მესიისა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, მის შთამომავალთ, იუდას და შემდეგ უკვე ღვთაებრივ დავითს, რომ მისი სახლიდან წარმოსდგებოდა ის ვისთვისაც იყო განჩინებული მოსვლა: “არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა”.[29] შენ იტყვი, რომ ეს წინასწარმეტყველება მართლაც იმას აჩვენებს, რომ ქრისტე იუდას ტომიდან იყო, მაგრამ იმას, რომ იგი ნამდვილად დავითის სახლის წარმომადგენელია, არ ადასტურებს. განა იუდას ტომში დავითის გარდა სხვა მოდგმა არ არსებობდა? არა, სხვებიც იყო და ის შესაძლოა ყოფილიყო იუდას ტომიდან, მაგრამ დავითის სახლიდან არ წარმოშობილიყო. იმისათვის, რომ ეს არ თქვა, მახარებელი შენი ეჭვის გასაქარვებლად ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და სახლიდან იყო. თუკი ამაში სხვა საშუალებებითაც გსურს რომ დარწმუნდე, სხვა დამამტკიცებელი საბუთების მოტანაც არ გაგვიჭირდება. იუდეველებს ნება არ ჰქონდათ ცოლი შეერთოთ არა მხოლოდ სხვა ტომიდან, არამედ სხვა მოდგმიდან და სახლიდან. ამიტომ თუკი სიტყვებს: “სახლისაგან და ტომისა დავითისა” მივაწერთ ქალწულს, ჩვენი ნათქვამი სრულიად უეჭველი გახდება, ხოლო თუკი ამავე სიტყვებს მივაწერთ იოსებს, მის შესახებ ნათქვამი მაინც შეეხება ქაწულსაც: თუკი იოსები დავითის მოდგმიდან და ტომიდან იყო, ის ცოლს მოიყვანდა არა სხვა ტომიდან, არამედ სწორედ იქიდან, რომლის წარმომადგენელიც იყო თავად. შენ მეტყვი: მაგრამ თუკი მან სჯული დაარღვია? მახარებელმა ამგვარი ეჭვიც გაითვალისწინა და დაამოწმა, რომ იოსები მართალი იყო. ამგვარად, რამდენადაც მისი სათნოებები იცი, შეგიძლია, დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ ის სჯულს არ დაარღვევდა.
გენეალოგიის დაყოფა სამ ნაწილად
ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.[30]
მახარებელი გენეალოგიას სამ ნაწილად ჰყოფს და ეს არ არის უმიზეზოდ. ამ დაყოფას საფუძვლად უდევს სამი მეტად მნიშნელოვანი მდგომარეობა ებრაელი ხალხის ისტორიაში:
პირველი – აბრაამიდან დავითამდე პერიოდი მოიცავს ებრაელი ერის ჩამოყალიბების დაწყებას და თეოკრატიის პერიოდს და დავით მეფის გამოჩენამდე. ამ პერიოდში ებრაელები პატრიარქების, წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მმართველობის ქვეშ იყვნენ.
მეორე – ეს პერიოდი მოიცავს მეფეთა დროს ერის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, როდესაც დაიწყო ბაბილონში გადასახლება ანუ ტყვეობა.
მესამე – ხოლო ეს პერიოდი უკვე დროა, როდესაც ებრაელი ერი ცდილობს დამოუკიდებლობის აღდგენას და მათ ხელმძღვანელობენ მღვდელმთავრები მაცხოვრის გამოჩენამდე.
„წინასწარმეტყველებათა მიხედვით, მესია უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველიც, მეფეც და მღვდელმთავარიც. ამრიგად, ეს სამი განყოფილება იესო ქრისტეს გენეალოგიისა – 1. პატრიარქების, მსაჯულებისა და წინასწარმეტყველთა ხელმწიფების პერიოდი. 2.მეფობის პერიოდი და 3.მღვდელმთავართა პერიოდი, რომელებიც წინ უსწრებდნენ მესია-ქრისტეს მოვლენას, თითქოსდა ერთგვარი წიინასწარმეტყველებაა მის შესახებ.“[31]
მათე და ლუკა მახარებლების მიერ გადმოცემულ გენეალოგიათა განსხვავებების შესახებ
ზოგიერთები კითხულობენ: რატომაა, რომ მათე იოსებს იაკობის ძეს უწოდებს, ლუკა კი ელისას? ვინაიდან შეუძლებელია, ამბობენ, ერთი და იგივე ორი მამის შვილი იყოს. ამაზე ვპასუხობთ, რომ იაკობი და ელია ერთი დედის შვილები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა მამისგან და ელიას სიკვდილის შემდეგ, მისი ცოლი იაკობმა მოიყვანა, რათა აღედგინა მისთვის თესლი და ამიტომ იოსები იწოდება იაკობის ძედ ბუნებითად, ხოლო ელისად – სჯულის მიხედვით. ვინაიდან იაკობმა მართლაც შვა იგი ბუნებითად და იგი მისი ღვიძლი შვილი იყო, ხოლო ელიას შვილი იგი მხოლოდ სჯულის მიხედვით იყო. ვინაიდან სჯული ავალდებულებდა, რომ უშვილოდ გარდაცვლილის ცოლი მის ძმას შეერთებოდა და ამ კავშირის შედეგად შობილი გარდაცვლილის შვილად ჩათვლილიყო (II სჯ. 25, 5-6), თუმცა ბუნებითად იგი ცოცხალისაგან იყო. ამიტომ მახარებლები სწორად ამბობენ და არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მათემ ჩაწერა იოსების ბუნებითი მამა, ხოლო ლუკამ – ის ვინც სჯულის მიხედვით ერგებოდა მას მამად, ანუ ელია; ხოლო ორივენი ერთად უჩვენებენ, რომ უფალი იშვა იმისთვის, რათა ეკურთხებინა ბუნებაცა და სჯულიც.[32]
†სერგი†
ძმა ხარ! ძმაა!
რატომ ჩაკვდა ეს თემა? არადა შეინიშნება მომენტი რომ როცა ადამიანები სახარებას კითხულობენ ყოველთვის "ახტებიან" მათეს პირველ თავს, არადა რაც მე მიწერია არის მაქსიმალურად შემოკლებული და ამ თემის უსაზღვროდ გაშლაა შესაძლებელი ნუთუ არავის აინტერესებს?
†სერგი†
ეტყობა ყველამ იცის და არ აინტერესებთ
†სერგი†
შენს ნაშრომს ამას წინათ გავეცანი და ძალიან მომეწონა კარგად არის დაწერილი ადამიანმა რომ ადვილად გაიგოს
დავითის პოსტებს ვერ გავეცანი და დრო რომ გამომიჩნდება აუცილებლად გავეცნობი
†სერგი†
ჩასკდი შენ...
აოფებთ ლოთებო !
A.V.M
კაი ბოლო ოფი იყოს მაშინ ჩემი. მაგრამ რა შუაშია ლოთობა?! ქართველებს ქეიფის სიყვარული ოდითგანვე მოგვდგავს, ჩვენ კი ამ ყველაფრის ღირსეული გამგრძელებელნი ვართ
G_saxva
გავუზიაროთში გავაგრძელოთ...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience