სანამ უშუალოდ კრწანისის ველზე და სეიდაბადის მიდამოებში მიმდინარე ბრძოლების აღწერას გავაგრძელებთ, ვნახოთ რა ხდებოდა მტრის შეტევის მიმართულების მარცხენა, ე.ი . თბილისის დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ეს ის ადგილია სადაც 10 სექტემბერსაც მიმდინარეობდა ბრძოლა.
აქ, შინდის –ტაბახმელას მიდამოებში, თელეთის მხრიდან ამოდიოდა მტერი, უნდოდათ კრწანისის ველზე დაშვებულიყვნან და იქედან კი, სოღანლუღიდან შემოსულ ნაწილებთან გაერთიანებული წამოსულიყვნენ თბილისის ციხისაკენ, ნაწილი კი თაბორის ქედის ფერდობებიდან – პირდაპირ აბანოთუბანში აპირებდა დაშვებას, რათა ალყაში მოექციათ თბილისის დამცველები.
როგორც ითქვა, ამ ადგილებს დავით ბატონიშვილი იცავდა 400 მებრძოლით და 6 ზარბაზნით. მცირე და გაუწვრთნელი რაზმები განლაგდა თბილისის განაპირას, სოლოლაკის მიდამოებშიც.
დავითი გმირულად შეებრძოლა მტერს, წინა დღის მსგავსად, ჯერ ახლოს მოუშვა, მერე ზარბაზნის ცეცხლი დაუშინა, ბოლოს ხმლით შუტიეს სპარსელებს და დიდი ზიანი მიაყენეს, რამოდენიმეჯერ გაყარეს უკან, თუმცა ვეღარ გაუძლეს მტრის შემოტევას, რადგან მათ ქართველთა მიერ შემუსრულ რაზმებს, ახალი, დასვენებული ჯარი ცვლიდა და ამ მიდამოს დაცვა 400 კაცით შეუძლებელი იყო.
თითქმის განადგურებულმა, დავითის რაზმმა უკან დაიხია, ზარბაზნები მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, წავკისისწყალის ხევში გადაყარეს. ბოღმისაგან აკანკალებული დავითი წყნეთისკენ წავიდა და იქედან კი მთიულეთს მიაშურა.
ახლა სპარსელებმა შეტევის მარცხენა მიმართულებითაც იოლად დაიწყეს გადაადგილება.
როდესაც, შინდისის მხრიდან ზარბაზნის ხმა გაიგონეს, შეშფოთდნენ ქართველები, შეშფოთდა თბილისის მოსახლეობა. ზარბაზნის გასროლა სასიგნალო ნიშანიც იყო ერეკლესა და დავითს შორის, მაუწყებელი იმისა, რომ უკვე შინდის –ტაბახმელადანაც იწყებოდა მტრის ძლიერი შეტევა და თბილისის დამცველები შეიძლება ალყაში აღმოჩენილიყვნენ.
კრწანისის ველზე მყოფი აღა–მაჰმად– ხანიც მიხვდა, რომ მისი ჯარის ნაწილები, უკვე, შეტევის მარცხენა ფლანგზე, მთებიდან იწყებდნენ გადაადგილებას და ალყას არტყავდნენ ქართველებს. მდგომარეობა დაიძაბა, მეტი გახელებით შეუტიეს ერთმანეთს მოწინაამღდეგეებმა.
ერეკლემ როცა გაიგო, რომ მტერი შინდის –ტაბახმელას გარდა, უკვე თაბორის ქედზედაც შემოდიოდა, თბილისის დამცველი არტილერისტების დასაცავად აბანოების მიდამოში მდგარ იმერელებს, შიკრიკი გაუგზავნა და სოლომონ მეორეს შეუთვალა სასწრაფოდ დახმარებოდნენ არტილერისტებს, მაგრამ შიკრიკს სპარსელები წამოეწივნენ და ხმლით აჩეხეს, ამიტომაც სოლომონის რაზმი ადგილიდან არ დაიძრა, რადგან ამის ბრძანება არ მიუღიათ.
ამ დროს წვიმამ გადაიღო, ძლიერი ნისლიც გაიფანტა და მთებიდან მომდგარ სპარსელებს ხელის გულზე გადაეშალათ თბილისის დამცველთა მდებარეობის სურათი. ამან შეტევა გააიოლა.
თაბორის ქედის ძირში, აბანოთუბანთან მდგარი ( სავარაუდოდ იქ, სადაც ახლა ბალნეოლოგიური სამკურნალო დაწესებულებაა) იმერლები დაიბნენ, ისინი ამ ადგილებს არ იცნობდნენ და სპარსელები მთებზე რომ დაინახეს, საიდანაც მათ არ ელოდნენ, მათთვის ეს მოულოდნელი იყო, იფიქრეს განადგურდა კრწანისის ველზე ქართველთა ჯარიო. მერე როცა თავიანთი ერთერთი სარდლის, ივანე აბაშიძის დაღუპვაც შეიტყვეს, მიიჩნიეს, რომ წინაამღდეგობას აზრი აღარ ჰქონდა, უკან დაიხიეს და სოლომონთან ერთად, აბანოსთკარით თბილისში შემოვიდნენ რათა ბრძოლის ველი დაეტოვებინათ.
ცუდ დღეში ჩაცვივდნენ ქართველი მეზარბაზნეები, რომლებსაც თაბორის ქედის ტერასებზე განელაგებინათ ზარბაზნები, მათ დამცველი ჯარი აღარ ჰყავდათ და ზარბაზნების გადატენას ვეღარ ასწრებდნენ. თანაც სწრაფად უახლოვდებოდათ მტერი.
საგულისხმოა, რომ სპარსელები მოწინაამღდეგის არტილერისტებს არ ხოცავდნენ და ისინი სპარსეთში მიჰყავდათ, რათა მათი ხელოვნება, თავიანთი არმიის გასაძლიერებლად გამოეყენებინათ. ქართველ მეზარბაზნეებსაც შესთავაზეს დანებება, მაგრამ, ქართველებმა საოცარი გმირობისა და ქვეყნისათვის თავდადების მაგალითი აჩვენეს.
არტილერისტების უფროსმა, თავადმა გიორგი გურამიშვილმა, მეტსახელად – ქუმელამ ,რომელიც ერეკლეს ნათლული იყო, თავის რაზმელებს მიმართა– „ ჩვენი სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ – შეგვიძლია უნამუსოდ დავნებდეთ ყიზილბაშებს – აბა რომელი გინდათ, სახელით სიკვდილი მამულისათვის და კარგი მეფისათვის თუ უნამუსოდ სიცოცხლეო?“
ყველამ ერთხმად უპასუხა – „ჩვენ მამა პაპასა უნამუსობა არ უქნიათ და ჩუენც იმათი შვილები ვართ, სიკვდილი გვირჩევნია უნამუსო სიცოცხლესო “.
„წმინდა საიდუმლოს მაგიერი ეს იყოსო „ და ყველა მებრძოლმა სამი თითით მიწა აიღო,ღვთის ხსენებით შეჭამა.ამით შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ საიქიოს სახელოვნად წარდგებოდნენ.
– „ ღმერთო შეგვიწყალეო“ – შესძახეს ერთხმად და გარშემო შემოსეულ მტერს ზარბაზნები დაუშინეს, მერე ხმლები იშიშვლეს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს სპარსელებს.
„ის მაიორი გურამიშვილი კი გმირსავით დადგა და ხმლით სამი ყიზილბაში ჩამოაგდო“, მეოთხესაც შემოჰკრა გამეტებით ხმალი , მაგრამ აქ კი უმტყუნა თავისმა მახვილმა
და ზედ გადაატყდა სასიკვდილოდ განწირულ სპარსელს.
შემოტრიალდა უიარაღოდ დარჩენილი ქუმელა და თავის ზარბაზანს გადაეხვია ამ სიტყვებით:
–„ ღმერთო ! ოღონდ მეფე ერეკლე მშვიდობით გაიყვანე ამ საშინელებიდან და მე მამულის ჭირის სანაცვლო ვიყო…“
„გამგელებული ყიზილბაშები მისცვივდნენ და ზედ ზარბაზანზე დაკაფეს, ის სიკვდილს შეუშინები, მამულის მოყვარული, მეფის ერთგული, თავისი ვალის აღმსრულებელი, რიგის დამცველი, სრული პატიოსანი და სულით დიდი კეთილშობილი !.“
დადუმდნენ ქართველთა ზარბაზნები, რომელთა გრიალი მთებიდან გარემოს აყრუებდა.
კრწანისის ველის მიდამოებში, მთის ფერდობებზე განლაგებულ არტილერიასაც არ დაადგა კარგი დღე.
გაგრძელება იქნება
ამ დროს ხელჩართული ომი იყო კრწანისის ველზე.
სოღანლუღიდან შემოსული და შინდის – ტაბახმელადან დაშვებული სპარსელთა რაზმები, თავიანთი გეგმის მიხედვით აქ ერთიანდებოდნენ და სეიდაბადის გავლით ცდილობდნენ თბილისის ციხისკენ წამოსვლას. მათ ზარბაზნები უკვე მთების ფერდობებზე შეეფინათ და აქედან უშენდნენ ცეცხლს ქართველთა პოზიციებს. მრავალრიცხოვანი მტრის შემოტევის შეჩერება დაღლილდაქანცული და რაოდენობრივად შეთხელებული ქართველებისათვის თანდათან ძნელდებოდა. მიუხედავად ქართველთა გააფთრებული ბრძოლისა სპარსელთა ახალახალი, დასვენებული ჯარის ნაწილები, ზურგში ნასროლი თურქმენთა ტყვიის შიშით, უკანმოუხედავად მოიწევდნენ წინ.
ქართველებმა როდესაც თავიანთი ზარბაზნების ხმა ვეღარ გაიგონეს მთებიდან, მიხვდნენ, რომ ცუდად იყო საქმე, მაგრამ წარბი არ შეუხრიათ.
„და იბრძოდეს მეწინავენი მხედრობანი მეფისა საკვირვლად.“
იოანე ბატონიშვილი ლომგულ გმირად იყო ქცეული და სიმამაცის სასწაულებრივ მაგალითებს აჩვენებდა.
თავს არ იზოგავდნენ ოთარ ამილახვარი, თამაზ ჯორჯაძე, სვიმონ ჯანდიერი, ივანე მუხრანბატონი ,ზაქარია ანდრონიკაშვილი, დავით მაჩაბელი, ივანე აბაშიძე, საქობოს ქევხა –(მამასახლისი) ქიზიყელი სინჯია – მათ ირგვლივ დახოცილთა გორები და სისხლის გუბეები დგებოდა თურმე.
ფიცხელ ომში იყო ჩამბული ერეკლეს ვაჟი ვახტანგ (ალმასხან ) ბატონიშვილი. მისი რაზმი 11 სექტემბერს შემოვიდა თბილისში და მაშინვე ბრძოლის ველს მიაშურა. ამ რაზმში უმამაცესი, რჩეული მეომრები იყვნენ, მათ შორის ––300 არაგველი, ფშავ –ხევსურნი და ქიზიყელნი – რომლებმაც ერთგულების ფიცი დაუდეს ერეკლეს.
მათ შეუერთდა თბილისელ მებრძოლთა რაზმი. მათი წინამძღოლი იყო – მაჩაბელა, „ეროვნებით და სარწმუნოებით ქართველი“, რომლის სახელი და გვარი ცნობილი არ არის. ის „ იყო ერთი წარჩინებული მესაკრავეთაგან მეფისათა, მუსიკოსი და კომედიანტი“, თბილისის სახიობის თეატრის ხელმძღვანელი. მსახიობთა მთელი დასიც გვერდით ახლდა.
მაჩაბელას ხელთ „ ბარბათი, ე.ი . დაირა“ ეპყრა და მხიარული სიმღერით – „შადიანით“ მიუძღოდა თბილისელთა რაზმს.
მრავალრიცხოვანი მტერი თანდათან ავიწროვებდა და უმოწყალოდ ანადგურებდა თბილისის დამცველებს, რომლებიც უკან დახევის მაგივრად, ვაჟკაცურად უტევდნენ მომხვდურთ.
ქართველთა სისხლით ირწყვებოდა გარემო, მაგრამ ბევრად მეტი, მტრის სისხლია აქ დაღვრილი,13 ათასი სპარსელი დაეცა თბილისის მიდამოებში.
შინდის – ტაბახმელადან ჩამომავალი გზების, კრწანისის ველის, მტკვრის მარჯვენა ნაპირებიდან თაბორის ქედის ფერდობებს შორის მოქცეული მიდამოს (სავარაუდოდ,სადაც ახლა ვახტანგ გორგასლის ქუჩა, გრიშაშვილის ქუჩა და მისი შემოგარენი, ასევე ორთაჭალის და ხარფუხის მიდამოა) წვიმისგან და სისხლისგან ატალახებული და გაწითლებული მიწა, თბილისის დამცველთა და მტრის გვამებით იყო მოფენილი. დაჭრილ მეომართა კვნესა ისმოდა ყოველი მხრიდან. უპატრონოდ დარჩენილი ცხენების ჭიხვინი იკლებდა არემარეს.
მაჩაბელამ კიდევ უფრო ძლიერად შემოკრა დაირას და გააათკეცა ქართველთა შემართება.
არაგველებმაც, თავდაცვის მაგივრად იქეთ შუტიეს მტერს და თაბორის ქედის „ კლდიერთა გორათა და მთათა ზედა“ მიაშურეს, იქეთ მიიწევდნენ სადაც აღა – მაჰმად – ხანი ეგულებოდათ. უამრავი მებრძოლი დაუხოცეს თვალწინ შაჰს. შეიძლება, მათ მართლაც მისი მოკვლა ჰქონდათ ერეკლესაგან დავალებული(როგორც ამას ისტორიკოსი ვახტანგ გურული მიიჩნევს ), რადგან, მხოლოდ ეს თუ შესცვლიდა უთანასორო ომის ბედს.
შვიდი ერთმანეთს ძმად გაფიცული ფშავ– ხევსური, რომლებმაც თითქმის მიაღწიეს შაჰის კარავს , შიშველი ხელებით ეცნენ მტრის დროშებს, ტარები მუხლებზე გადაიმტვრიეს და კბილებით დაიწყეს დროშების ფხრეწა.
საჭურისი, მაგრამ უშიშრად ცნობილი, გამძვინვარებული აღა– მაჰმად ხანი, ახლა ალბათ შეშინდა კიდეც. ცოტა ხნის წინ ის ხომ ქართულ მიწაზე ეგდო მიწაში ამოსვრილი და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი.
„სიყრმიდან ჩემითა ვიდრე აქამომდე სულ ბრძოლაში ვარ და არსადა მიხილავს მე წინაამღდეგნი ვითარ ესე კაცნი ჩემდა მიმართ ჰყოფდნენ ბრძოლასა.“ წარმოთქვა მან.
თითქმის ერთი საათი აკავებდნენ და ხოცავდნენ მტერს მესამე სანგართან ქართველები, მაგრამ მათი რაზმები თანდათან თხელდებოდა.
იმ დროისათვის თბილისის დამცველთა რიგებში 2000 ათასი მეომარიც აღარ იქნებოდა ცოცხლად დარჩენილი და მათაც ტყვიების განუწყვეტელი წვიმა ატყდებოდა თავს. ტყვიით დაცხრილულნი და ერთი ათის ხმლით აჩეხილი გმირულად ტოვებდნენ სიცოცხლეს.
კრწანისის ველზე კი, სოღანლუღის მხრიდან – ოციათასზე მეტი სპარსელი „ გრძელ ურჩხულად“ მოიწევდა თბილისის გალავნისაკენ. დანარჩენი კი მთებიდან არტყავდნენ ალყას ქართველთ. აქვე იყო აღა–მაჰმად ხანიც.
ბრძოლის ველს მაინც არ ტოვებდა და გმირულად იბრძოდა ერეკლე –– „ თუმცაღა იყო ფრიად მოხუცებული, გარნა ბრძოლისა მას შინა , ყოფაქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელ“.
ერეკლე თითქმის ერთი საათი აკავებდა მტერს მესამე სანგართან, მერე თანდათან უკან დახევა დაიწყო, ის ბრძოლით და არა გაქცევით უახლოვდებოდა მეოთხე სანგრის მიდამოებს. ბრძოლამ თბილისის ახლოს გადაინაცვლა ( დაახლოებით იქ სადაც ახლა სამასი არაგველის ბაღი, მემორიალი, ძველი კედელი და არქეოლოგიური ძეგლია).
„ესრეთ ერთი საათი შესძლო ერეკლემ გაძლება ჩვენთან თავის სანგრის წინ და შემდგომად გამოვიდა, არა გაქცევით, არამედ ომით შევიდა მეოთხე სანგარში“ – იგონებს სპარსელთა ოფიცერი ი. ბებუთოვი.
„ერეკლე უკან იხევდა, მაგრამ ის იქ მაინც არ დამარცხებულა, რიცხვმრავალი სპარსელების შემოტევამ ვერ გატეხა ქართველთა წონაამღდეგობა“, – ბრძანებს სარგის კაკაბაძე.
„ერეკლე არ შეშინდა, მეფის პირადი მაგალითით გამხნევებული და მაჩაბელას სიმღერით აღფრთოვანებული ქართველთა ჯარი კი ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდა“…“სპარსელებმა თითქმის მერყეობაც დაიწყეს, მაგრამ ამ დროს მთებზე მეჯნუნი და მისი რაზმიც გამოჩნდა(იგულისხმება შინდის–ტაბახმელადან და თაბორის ქედიდან დაშვებული მტრის რაზმები–ავტ.). ერეკლეს თავისი უმნიშვნელო რაზმით არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო, მის წინაამღდეგ მტრის უამრავი ჯარი მოდიოდა და ერეკლე დაითრგუნა მათი მრავალრიცხოვნებით, მაგრამ მაინც არ გატყდა და სეიდაბადისაკენ დაიხია“, – აღნიშნავს გენერალი ქიშმიშევი.
„აღა–მაჰმად ხანის კორპუსი თბილისში შემოსასვლელ გზაზე იბრძვის, ამ გზას პირადი სარდლობით იცავს ქართველთა მეფე, ეს უკანასკნელი მთელი დღის განმავლობაში ბრძოლის ველზე იმყოფება“ – წერს იასე ცინცაძე.
შეერთდნენ იოანეს მოწინავე და ვახტანგის სარეზერვო რაზმები და წინ გადაუდგნენ მტერს. „მაშინ განწირნეს თავნი თვისნი და შეიწირენ მსხვერპლად საყვარელსა მამულსა თვისასა,წინაშე მეფისა თვისისა სახელოვნად დასთხიეს სისხლნი თვისნი“. – გვიამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი.
ახლა ყველაზე ცუდ დღეში ერეკლე იყო ჩავარდნილი. სპარსელებს მისი შეპყრობა ჰქონდათ ნაბრძანები. მას კი ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ერჩია. არც ბრძოლის ველიდან აპირებდა გასვლას.
ერთხელ კიდევ შეუტია მტერს თავის რაზმთან ერთად, უკან მირეკა ისინი, მაგრამ, იგრძნო რომ თავის სამასამდე ცოცხლად გადარჩენილ მებრძოლთან ერთად ალყაში ექცეოდა. დახმარების იმედიც არსაიდან ჰქონდა. თუმცა კი მეფისათვის ნასროლ ტყვიას მკერდს უშვერდნენ ქართველი გმირები.
ერეკლეს რაზმები თითქმის განადგურდა, არაგველთაგან არცერთი აღარ გადარჩა ცოცხალი, სიმღერით შეეგება სიკვდილს მაჩაბელას რაზმი, განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს სპარსელებმა ერეკლეს ერთგული ორასი თათარი, რომლებიც გვერდიდან არ შორდებოდნენ მეფეს.
იოანე ბატონიშვილი და ბიძამისი ვახტანგ ბატონიშვილი რომლებმაც ალყა გაარღვიეს, ახლა საკუთარ თავზე აღარ ფიქრობდნენ, ისინი სისხლში ამოსვრილები, ხმლის ქნევითა და გარსშემოსეული მტრის უმოწყალო ჩეხვით იმ ადგილისაკენ მიიწევდნენ სადაც ერეკლესა და მის მცირე რაზმს მგლის ხროვასავით მისეოდა მტერი .
ქართველთათვის უმძიმესი წუთები დგებოდა ბრძოლის ველზე, ის ის იყო უნდა შეეპყროთ ერეკლე (რაც ალბათ დღევანდელ ქართველთათვისაც არ იქნებოდა სასახელო და სირცხვილის გრძნობის გარეშე ჩვენც ვერ გავიხსენებდით ამ ამბავს), რომ ––„აღმატებულითა და საკვირველითა გულოვნებითა და სიმხნევითა“ ცოცხლად დარჩენილ მებრძოლებთან ერთად „ ეკვეთა მეფის ძე იოანე მახლობელი პაპამისის მოსრულთა სპარსთა და უკუნ აქცივნა და განარინა ხელთაგან მათთაგან მეფე“ – ეს თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებია.
იხსნა ერეკლე იოანე ბატონიშვილმა. შეიძლება ეს მაშინ საქართველოს ხსნაც იყო.
ერთგული მებრძოლები წრედ შემოერტყნენ მეფეს და თანდათან უკან დახევა დაიწყეს. თითქმის ძალით აიძულეს ერეკლე წასულიყო ქალაქში შემოსასვლელი გალავნის კარისაკენ, აბანოსკარისაკენ .სწორედ აქედან აპირებდა მტერი კალაში შემოსვლას.
ბრძოლები სეიდაბადის ბაღებში გრძელდებოდა.სპარსელები დაქვეითდნენ, ხეებს ამოეფარნენ და თოფები დაუშინეს ქართველებს.
საღამოს ბინდი ედებოდა თბილისს.
ახლა ალ. ჯამბაკურ – ორბელიანს მოვუსმინოთ :
––– „ოცი დაქვეითებული ყიზილბაში ერთ ქართველს ესროდა თოფს და თუმცა ქართველები უტევდნენ, მაგრამ უნამეტნავესი ქართველები დაიხოცნენ და აქ დაიგდეს თავი, იმ გაცეცხლებულს ომში. აბანოს კართან სამასი კაცი ძლივს ჩამოჰყვა მეფეს : ჭირი მართალთაო, ქართველებო, მართალი იყავით და ჭირიც გეწიათ. ეგ თქვენი სისხლი ღმერთთან ღაღადებს ….“
ერეკლე თბილისში შემოვიდა. სამასამდე დასისხლიანებული მებრძოლი შემოჰყვა ქალაქში .
დანარჩენ მეომართა დიდი უმრავლესობა ცოცხალი აღარ იყო.
მტერს სეიდაბადის ბაღებში სწრაფი გადაადგილების შეეშინდა და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ წაიწიეს წინ .
თბილისის გალავანთან მისასვლელი საქარავნე გზა, რომლის მდებარეობაც დაახლოებით ,დღევანდელი გრიშაშვილის ქუჩას ემთხვევა , ორად იყოფოდა და ერთი ტოტი დაბლა ,მარჯვნივ , აბანოს კართან მიდიოდა, მეორე კი, მაღლა კი მირზა შაფის ქუჩის სავარაუდო მიმართულებით –– განჯისკარს მიადგებოდა. განჯისკარიდან შესვლა ბევრად უფრო ძნელი იყო, რადგანაც ხიდი მაღალ, კლდოვან ადგილზე იყო გადებული.
სპარსელები, აბანოთუბანში, წავკისისწყალზე გადებულ ხიდზე გადასვლით მიადგნენ
კალას გალავანს, რათა აბანოს კარით შესულიყვნენ ქალაქში.
ახლა ისევ ზარბაზნების გვრგვინვამ გადაფარა მიდამო. ეს ქალაქის ციხის არტილერია იყო, სომეხ აღალუას მეთაურობით, რომლებიც ნარიყალას საზარბაზნე ბურჯებზე განლაგებული ზარბაზნებიდან აყრიდნენ ყუმბარებს თბილისის კართან მოსულ მტერს და ქალაქში მათ შესვლას აფერხებდნენ.
„ტფილისის ციხით სეიდაბადის გადმოსასვლელთა გზათა ზედა ესროდა სპარსთა, რათა ვერა უძლონ შემოსვლა ტფილისს და მრავალნი მტერი მოსწყვიტეს მით .“
სოლოლაკის ქედზე გადმოსულმა და ნარიყალას შესეულმა მტერმა გაანადგურა თბილისის დამცველი არტილერისტები.
ერეკლე და სოლომონი ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს, დამწუხრებული ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს დაემშვიდობა და ორმა ქართველმა მეფემ დატოვა დედაქალაქი. სოლომონი დიღმის კარით გავიდა და ცოცხლად გადარჩენილ იმერლებთან ერთად იმერეთს მიაშურა.
ერეკლეს, ასორმოცდაათამდე ცოცხლად სასწაულებრივ გადარჩენილი, მათ შორის ბევრი დაჭრილი და სისხლში ამოსვრილი საუკეთესო მეომარი გვერდიდან არ შორდებოდა .
მეფეს მახათას მთის მიდამოებიდან, იალნოს ქედის გადავლით უნდოდა კახეთში გადასვლა, მაგრამ ერთმა ერთგულმა, აზერბაიჯანელმა ხანმა ამ გზით წასვლის საშიშროება აუწყა და თან გააფრთხილა– სპარსელები დიდი ჯარით აპირებენ შენს დადევნებას, უფრო საიმედო ადგილზე წადიო.
თბილისელი მაჰმადიანი ––ალავერდიბეგი, რომელიც მტრებს სპარსელთა მეომარი ეგონათ, ერეკლეს დადევნებულ მტრის მეომრებს სუფთა სპარსულით გაესაუბრა, გზა აუბნია მათ და მეფის შესაპყრობად სხვა მიმართულებით გაუშვა, თავად კი ერეკლეს წამოეწია და თან გაჰყვა მეფეს.
ერეკლემ მთიულეთისაკენ გადაწყვიტა წასვლა.
ვინ იცის რას ფიქრობდა ამ დროს თბილისში შემოსული, ცხენზე მჯდომი, თავჩაქინდრული და შუბლზე ფაფახჩამოწეული, მოხუცი მეფე.
აზიაში სახელგანთქმულ და ევროპაში ცნობილ „აშვებულ ლომს,“ „აღმოსავლეთის დიდ გმირს“, უძლეველ ჰერკულესს, რომელზედაც პრუსიის ძლევამოსილი და ამაყი მეფე ფრიდრიხ მეორე ამბობდა – „ევროპაში მე ვარ და აზიაში ერეკლეო“, ის ქალაქი უნდა მიეტოვებინა, რომელშიც ორმოცდაათი წლის განმავლობაში მტერს ფეხი არ შემოადგმევინა, გაამაგრა და აღაშენა, კავკასიის ცენტრად აქცია თბილისი, მისი მოსახლეობა 30 000 მცხოვრებზე მეტი იყო .
ბავშვობიდანვე ხელიდან ხმალი არ გაუგდია, ასობით ბრძოლა გამოუვლია და ორჯერ სამჯერ თუ დამარცხდა, არც მაშინ სჭამა მტრის ჯავრი. ვინც კი იცნობდა, ყველა, თუნდაც მტერი, ქედს უხრიდა და პატივს სცემდა. ქართველთა გარდა, მისი ქვეყნის სხვადასხვა ეროვნების მცხოვრებნიც თავის გადამრჩენლად და იმედად მიიჩნევდნენ მას. არც მტრის სიმრავლეს არასდროს შეუშინებია. ასეთ მძიმე დღეში კი არასდროს ყოფილა ლომგული მეომარი.
ერეკლე გამუდმებით თავის ხალხზე ფიქრობდა. მან იცოდა, რომ „სახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნას შეეძლო გადაერჩინა მისი ქვეყანა“ და რუსეთთან კავშირსაც „ ევროპაში გასასვლელ გზად მიიჩნევდა“. მრავალი დარდი ჰქონდა მოხუც მეფეს, საქართველოს გაერთიანებაც ვერ მოხერხდა მისი მეფობის პერიოდში და ამის დაბრალება ერეკლესათვის არ შეიძლება,რადგან,პროფესორ იასე ცინცაძისა არ იყოს –– „განა მარტო თბილისის და ქუთაისის სურვილზე იყო ეს დამოკიდებული?“
ისიც არ არის მართალი, კრწანისის ბრძოლაში ყველა ოჯახის წევრმა უღალატა მოხუც, ერთ დროს უძლეველ მეფესო. ესეც ქართველთა დასამცირებლად მოგონილი ამბავია, ასეთ ამბებს ავრცელებდნენ არაქართველი ისტორიკოსები, ისინი, ვისაც უნდოდათ საქართველოს რუსეთთან „ნებაყოფილობითი“ მიერთება გაემართლებინათ. ზოგჯერ ამას ქართველებიც ვიმეორებთ და უნებურად საკუთარ თავს ვამცირებთ.
„ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადოთ, სანამ მეფე ცოცხალი იყო, მისი მტკიცე ხასიათიდან გამომდინარე არცერთ შვილს მისთვის არ უღალატნიაო“ –– ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით ბრძანებს ისტორიკოსი იასე ცინცაძე. არც მის მეუღლეს, დარეჯან დადიანს არასდროს განელებია მეუღლისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გრძნობა, თუმცა , შესაძლოა, ზოგჯერ ცდილობდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევას.
ისე კი, საერთოდ, არცერთი ქვეყნის მეფე არ ყოფილა მტრისა და მოღალატის გარეშე და გამონაკლისი არც ერეკლე იყო.
დიდძალი ჯარის შეკრებაც არ იყო სისხლისაგან დაცლილ საქართველოში იოლი საქმე. ამასთან, ძნელი იყო ჯარის დიდი ხნით შენახვა. მცირერიცხოვნების გამო –– პატარა საქართველოს, არამარტო შუაზე გაყოფილს, ერთიანსაც კი, ყოველთვის უჭირდა გამკლავება ისეთ დიდ ქვეყნებთან როგორიც ირანი და თურქეთი იყო, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მთელი ძალებით დაიძრებოდნენ ქართველებთან საომრად.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას და მათ ღალატს, ეს მნიშვნელოვანი თემაა.
საგულისხმოა, რომ 14 სექტემბერს –– ერეკლემ, კავკასიაში რუსების ჯარის სარდალს, გუდოვიჩს საყვედურით მისწერა –– „ჩვენ რომ დედოფლისაგან დაიმედებული და დარწმუნებული არ ვყოფილიყავით თქვენს დახმარებაში, მაშინ სხვა მხრიდან მოწვეული ჯარით, ან სხვა ხერხით დავიცავდით ჩვენ სამეფოსო“.
ასეა თუ ისე რაც ახლა ხდებოდა, ამის ღირსი არ იყო არც ერეკლე და არც მისი მრავალნატანჯი ქვეყანა.
გაგრძელება იქნება
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
სასოწარკვეთილი თბილისელები, ვინც ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრო, ერეკლეს ევედრებოდნენ, რომ რაიმე ეღონა და გადაერჩინა ისინი. დაჭრილთა გმინვაც ისმოდა, აქა– იქ ცეცხლის ალიც ავარდა.
ერეკლე და მისი რაზმი ავლაბრის ხიდთან მივიდნენ. აქ ლოცვა აღავლინა მეფემ. მხურვალედ ილოცა წმინდა აბოს ნეშტთან.
ლოცვა დაამთავრა, ცხენზე შეჯდა და ნელი სვლით დაიწყო ხიდის გადავლა. მას თითქოს სიზმარში ესმოდა თავის ხალხის მოთქმა და ტირილი.
უცებ, წამიერად, თვალთ დაუბნელდა მეფეს, გონებაში კი თითქოს რაღაცამ ცეცხლივით გაუელვა.
მთელი თავისი ცხოვრება წარმოუდგა თვალწინ ….
თბილისის დატოვება ახლა მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო .
აიტ დედასა…
თვალთ გაუნათდა ისევ და … აბანოს კარით თბილისში შემომავალი მტრის რაზმები დაინახა ცეცხლის კვამლის ფონზე.
რაღაც არადამიანური ხმა აღმოხდა, თითქოს უნდოდა ჩვეული – „ჰკა მაგ წუნკლებსო“ დაეყვირა ხმამაღლა.
ცხენს აღვირი მოქაჩა, ყალყზე შეაყენა და ქალაქისაკენ შემოაბრუნა….
ნებით თუ უნებურად სისხლიანი ხმალი ქარქაშიდან ამოაძრო…
არა, არ დათმობს ერეკლე და თუ დათმო ამას სიკვდილი სჯობს…
იმავ წუთში, ალბათ თავის მოკვლა გადაწყვიტა … ოღონდ უბრალოდ არა, გმირულად უნდა შეკვდომოდა მტერს.
ხმალამოღბულმა ცხენს დეზი ჰკრა და თბილისისაკენ დააპირა გაჭენება…
აქ კი მართლაც ბეწვზე მიუსწრეს თავისიანებმა, იოანე მუხრანბატონმა ცხენის აღვირს უტაცა ხელი, წინ თავისი ვაჟი ვახტანგი და რამოდენიმე მებრძოლი გადაუდგა. იოანე ბატონიშვილმაც დროულად მიაგდო ცხენი და გასაქცევი ადგილი არ დაუტოვა მეფეს, როგორც იქნა ძალით შეაბრუნეს ერეკლეს ტაიჭი, ზაქარია ანდრონიკაშვილმა კი გავაზე ძლიერად გადაუჭირა მათრახი და წინ გაიგდო მეფის ბედაური. ლუარსაბ ვაჩნაძე და შიოშ თუმანიშვილი უკან მიჰყვნენ მათ.
ძალით, საჩქაროდ „ გაარბენინეს გულმოკლული ერეკლე“.
მახათას მთის ძირში შეჩერდნენ. ერეკლემ თვისიანებს მიმართა––
„ჩემო ძმებო, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო,ჩემო საყვარლებო და ჩემო სასურველებო ! მე თქვენთვის უნდა მოვმკვდარიყავი და თქვენ ჩემთვის იხოცებით. აბა რაღას მეფე ვარ, რით დაგიფარეთ ?“
„რატომ ღმერთმა გუშინვე ჩემი თავი არ მოაკვლევინა და ეს საშინელი უბედურება მაჩვენა“.
„რა კარგი ბედნიერი სიკვდილი იქნებოდა ჩემთვის !“
ყველა იქ მყოფ, სამშობლოსათვის ბრძოლებში გამოწრთობილ და წარბშეუხრელ ვაჟკაცს ცრემლები მოადგა თვალზე.
საგურამოსკენ დაიძრა ერეკლე და მისი რაზმი,ღამე იქ შეისვენეს, მეორე ღამე დუშეთში გაათიეს და მესამე დღეს ანანურში ავიდნენ.
ერეკლემ მაშინვე დაიბარა ერთგული თავადაზნაურნი და საომარი თუ საზავო მოქმედებების განხორციელებას შეუდგა.
დაუნდობელმა აღა – მაჰმად – ხანმა, (რომელმაც, ერთხელ, გამძვინვარებულმა თავისი ძმაც კი მოაკვლევინა, ხოლო, სპარსული ქალაქის ქერმანის აღების შემდეგ, ბრძანა ყველა მამაკაცისათვის თვალები დაეთხარათ. ოციათასი წყვილი თვალი დაულაგეს მაშინ თვალწინ) თბილისის და თბილისელების სასტიკი დასჯა ბრძანა.
„მე ვიდრე ორმოცდაათამდის გამიმარჯვია, მაგრამ ყველაზე დიდ ეს არისო“, – უთქვამს შაჰს.
„უამრავი ხალხი იყო დუმილით და სწრაფად მიმავალი, ანანურიდან მუხრანამდე ვერსად იხილავდი გზას ცარიელსა“, იგონებდა თვითმხილველი იოანე ქართველიშვილი.
ნადგურდებოდა თბილისი, ინგრეოდა ლამაზი შენობები, გაიძარცვა ქართული და სომხური ეკლესიები, დაანგრიეს კათოლიკური ეკლესია, შიიტების მეჩეთიც არ დაინდეს და იქ შეფარებულები დახოცეს, დაინგრა მეფის სამსართულიანი ლამაზი სასახლე–– „ რომლის მსგავსი მეც არა მაქვსო“ უთქვამს შაჰს, განადგურდა თოფხანა, სტაბმა, ზარაფხანა, გოგირდის აბანოები, დაწვეს წიგნთსაცავები, დაინგრა ხიდები, დაძრწოდნენ ყაჩაღთა ბრბოები. სპარსელთა ჯარი მხეცური ღრიალით არბევდა ქალაქს, მათ ამის ნება დართული ჰქონდათ.
ქართველი და სომეხი მღვდლები შეიპყრეს და ხელ–ფეხ შეკრულნი მეტეხის კლდიდან მტკვარში გადაყარეს.
ქუჩებში დახოცილთა გვამები ეყარა. ქალაქის ბაზარზე, ტყვეებით გაცხოველებული ვაჭრობა მიდიოდა.
აღა– მაჰმად– ხანმა ვერ შეისრულა თავისი დიდი ხნის ნატვრა –– ერეკლე არ ჰყავდა შეპყრობილი .სურვილის შესრულება თავის ერთერთ სარდალს, ნახჭევანის ხანს––ქანქარლუ–ქალბალი ხანს დაავალა და რვა ათასკაციან დამსჯელ ჯარს ჩაუყენა სათავეში .
14 სექტემბერს სპარსელების დამსჯელი რაზმები მცხეთას მიადგნენ, მათ ეკლესიების გაძარცვა–განადგურება გადაწყვიტეს და სვეტიცხოველს შეესიენ, მაგრამ, სპარსელებს შორისაც იყვნენ რაინდული სულის ადამიანები, სწორედ ასეთი აღმოჩნდა ქალბალი –ხანი, ის წინ გადაუდგა თავის მეომრებს და მიმართა, რომ –– არ დაუშვებდა სალოცავთა და მეფეთა საფლავთა შეურაწყოფას და სვეტიცხოვლის ტაძრიდან გაჰყარა ისინი. განადგურებას გადარჩა სვეტიცხოველი.
დამსჯელი ჯარის ნაწილი გორისაკენ წავიდა, მათ ცხინვალამდე მიაღწიეს, ქართლის მოსახლეობა გახიზნული იყო, მტრები გზად ყველაფერს ანადგურებდნენ. უკან დაძრულ სპარსელებს, ლამისყანასთან იოანე ბატონიშვილი გადაუდგა წინ და სასტიკი წინაამღდეგობით გაფანტა ისინი.
მეორე ნაწილი, ანანურისაკენ წავიდა, იქ სადაც ერეკლე ეგულებოდათ. ოთხიათასი სპარსელი მებრძოლი ჟინვალს მიადგა.
სწორედ ამ დროს თბილისისაკენ მოიჩქაროდა სამასი ფშავ– ხევსური, მათ დაგვიანებით გაიგეს სპარსელთა თავდასხმის ამბავი და დასახმარებლად მოისწრაფოდნენ.
ამავე მიდამოში, ერეკლეს ნებართვით, აქეთ გადმორეკილი საქონლით, მომთაბარეობდნენ შამშადილუს მცხოვრები მაჰმადიანები, რომელთაც ერეკლეს ერთგული – ალი–სულთანი მეთაურობდა, მას ორასი შეიარაღებული ცხენოსანი ახლდა.
ასე, რომ ალი–სულთანის რაზმი და ფშავ –ხევსურები სპარსელთა პირისპირ აღმოჩდნენ.
ფშავ–ხევსურებმა, როდესაც გაიგეს შამშადილუელებისაგან თუ რა ხდებოდა თბილისში –– ალი–სულტანს, როგორც გამოცდილ მებრძოლს, ასევე სპარსელთა საომარი ჩვევების კარგ მცოდნეს –სთხოვეს გაერთიანებულიყვნენ და მას ესარდლა დამსჯელი რაზმის წინაამღდეგ ბრძოლაში.
ორასმა შამშადილუელმა მაჰმადიანმა და სამასმა ქრისტიანმა ფშავ– ხევსურმა, მათთვის ნაცნობ და საბრძოლველად ხელსაყრელ, არაგვის ხეობის ვიწრო ხეობებში, ოთხიათასი სპარსელი დაამარცხეს, მათი განახევრებული რაზმი უკან გაჰყარეს, ბევრიც დაატყვევეს და ანანურში მიჰგვარეს ერეკლეს.
დამსჯელი რაზმის დამარცხებამ საგონებელში ჩააგდო აღა–მაჰმად– ხანი, ფიქრობდა– ერეკლე ნადირ–შაჰის გაზრდილია „რამე ხრიკი არ ამიტეხოსო“, არც სპარსეთიდან მოსდიოდა სასიამოვნო ამბები, გაიგო, რომ ხორასანში მის წინაამღდეგ აჯანყება იწყებოდა, ამიტომ გადაწყვიტა დროზე წასულიყო სპარსეთისაკენ და საქართველო გამარჯვებულის სახელით დაეტოვებინა.
ათასობით ტყვე წაიყვანეს სპარსელებმა, ნაძარცვით დატვირთული მტრის ჯარი 20 სექტემბერს დაიძრა სოღანლუღიდან და განჯის გავლით სპარსეთისაკენ გაუდგა გზას.
„ტყვეების ღაღადი ესოდენ სასტიკი იყო, რომ იტყოდი, მეორედ მოსვლა არისო”. „საჭმლის ნაკლებულობისათვის გავედით თბილისიდამ, არა თუ ვითარცა მძლეველნი მხედრობანი, არამედ ვითარცა დედა–კაცნი“. „და არა მარტო თბილისი, არამედ მისი გარემო უბედური გახადეს.“ იგონებდა სპარსელთა ქცევით უკმაყოფილო, ქრისტიანი იაკობ ბებუთოვი, რომელიც თუმცა მტრის რაზმში იყო, მაგრამ მაინც შეაწუხა ქრისტიანთა ტანჯვამ.
მართალია ქართველები სასტიკად დამარცხდნენ, მაგრამ ერეკლე და მისი ქვეყანა არ იყვნენ საბოლოოდ წელში გატეხილნი, ქართლ–კახეთს ჯერ კიდევ შერჩენოდა სიცოცხლის უნარი.
არც აღა–მაჰმად – ხანი გამოიყურებოდა გამარჯვებული, რადგან საქართველო ვერ დააჩოქა, ქართველთა მეფე ვერ შეიპყრო და ვერ შეისრულა თავისი სურვილი.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
1. თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ლ. მიქიაშვილმა, თბილისი,1983.
2. თეიმურაზ ბაგრატიონი, „მეფე ერეკლე“. გაზ.ივერია, თბ.,1891,51 – 56.
3. თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა თ.ენუქიძემ, თბ.,1972.
4. თბილისის აღება აღა–მაჰმად ხანისაგან 1795 წელს.(მოთხრობა თვალით მნახველისა), ჟურნალი „ივერია“.1885 წ. N 2.
5. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, აკ. გაწერელიას რედაქციით,თბ.,1978.
6. სარგის კაკაბაძე, კრწანისის ომი., თბ.,1991.
7. დევიდ ლენგი,საქართველოს სამეფოს უკანასკნელი წლები (თარგმანი მიხ გამყრელიძისა),თბ.,2003.
8. თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა,თბ.,2006.
9. თეიმურაზ პეტრიაშვილი, ყვარლის ბრძოლა, თბ.,2008.
10.თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისი, ჟურნალი „ მნათობი“, 2007 წ. N 3 , 58–79.
11. ლევან სანიკიძე, დედა ისტორია, ნაკვეთი I I, თბ.,1986.
12. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV , თბ.,1973.
13. საქართველოს ისტორიის ქრონიკები, XVII- XVIII ს.ს., ტექსტები გამოსაცემად მოამზადა ა. იოსელიანმა.
14. საქართველოს მეფეები, რედაქტორები მ.ლორთქიფანიძე, რ.მეტრეველი ,თბ.,20000.
15. იოანე ქართველიშვილი, მემუარები, ა.იოსელიანის რედაქციით,თბ.,1952 .
16. გერონტი ქიქოძე, ერეკლე მეორე ,თბ.,1958.
17. ივანე შაიშმელაშვილი, კრწანისის ბრძოლა, თბ.,1944.
18. ი. შაიშმელაშვილი, კრწანისის ომი, „მნათობი“, თბ.,1964. N 9.
19. იასე ცინცაძე, აღა– მაჰმად– ხანის თავდასხმა საქართველოზე,თბ.,1969.
20. ალ. ჯამბაკურ – ორბელიანი, აღა–მაჰმად– ხანის შემოსვლა ქ.ტფილისში, ჟურნალი „მოამბე“,1895წ. N 8.
21. Кишмишев С З Походы Надир-Шаха в Герать Кандагар Индию и собития в Персии после его смерти Тифлис 1889
ერეკლეს სურათთან
ვარსკვლავთ გაშალეს სხივების თმები,
მერე დახურეს ცის ოთხივ კარი.
მთებმა გაგლიჯეს ჯავშანი ღელვით,
დაჭრილ ვეფხვივით ატოტდა მტკვარი.
მთების დაძახილს, მდინარის გრიალს,
აჰყევი, მამულს შეუდექ მხარში,
ჯაჭვის პერანგზე დახლილი ტყვია
ნაპერწკლებს ჰყრიდა ჭაღარა თმაში.
გვიან შეუტყვე საშინელ ღალატს
და აიშალა ღრუბლებით ზეცა.
შენ დატოვებდი სატახტო ქალაქს,
თუმცა ჯერ კიდევ ბეგთარი გეცვა.
ბედი ქართლისა ხმალივით გაცვდა,
თბილისს მოვარდა არაგვის ღელვა,
ცის ცისარტყელა ქამრად შეაწყდა,
მიწა ტორებით დადაღა ელვამ.
და გაიშოლტა მჭექარ მეხივით
საქართველოის მოჭრილი მკლავი,
შენი ფარივით გადატეხილმა,
ბერდუჯთან მთვარემ დაიხრჩო თავი.
კრწანისის ველზე სისხლი გადაშრა,
ხმლების ჯახუნი მიყუჩდა გრგვინვით...
და შეშლილივით კლდეზე დააფშვენ,
პატარა კახო, მეფის გვირგვინი.
ასე მგონია, როცა გიცქერი,
ლაშქარს ჩამორჩი და გეკრძალები.
სამეფო პორფირს ძევს მიწისფერი
და ჩინჩხლებს ჰყრიან შენი თვალები.
მინდა გიყურო, გულში მკვესავდე,
მამხნევებდე და მამამაცებდე.
დე, ხმლის მაგიერ მე ამლესავდე
და მერე ერთად დაგვამარცხებდნენ...
/ოთარ მამფორია/
"მინდა მეფე ერეკლე II გავიხსენო. მეფე ერეკლე საოცარი პიროვნება ყოფილა. როდესაც იგი ლოცულობდა, ყველაფერი რომ დანგრეულიყო, ლოცვას არ შეწყვეტდა. ამასთან, იყო სხვათა ყურის დამგდები. დიპლომატები რომ მოდიოდნენ, ძალიან დიდი ყურადღებით უსმენდა. თავად კი იმდენად სიტყვაძუნწი იყო, რომ ელჩებს მუნჯი ეგონათ."
/ილია II/
ერთი გლეხი ტიროდა თურმე, - მიმეძინა და ქურდებმა საქონელი მომპარესო.
მერე ასე როგორ ჩაგეძინაო? - ჰკითხა ერეკლემ უცნობ ყმას.
"რა ვიცოდი, მე მეგონა, მეფე ერეკლე ფხიზლობდაო", - უპასუხა გლეხმა.
მოსწონებია მეფეს პასუხი და კაციც დაუჯილდოვებია.
"ძველად ამბობდნენ:
- მირონი მეფე ერეკლეს ძვლებს ჩამოსდისო.
- ერეკლემ ხმალი წინ დაიდვის და ისევ თავისთავად შამაერტყისო.
- ერეკლე როცა ლოცვაზე დადგებოდა, ხმალს მზის შუქზე დაჰკიდებდა ხოლმე და ლოცვას როცა გაათავებდა, სხივიდგან ისევ აიღებდა ხმალსაო."
„იმ დროს, როდესაც რუსეთი ხვანჯებს ხლართავდა საქართველოს წინააღმდეგ, მეფე ერეკლე აღმოსავლეთის ქვეყნებში მყოფი ქართველი მეომრებისა და სულთნის და შაჰის ჰარამხანაში მყოფი ქართველი ქალების დახმარებით საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა თავის „მოკავშირე ქვეყანას“.
რუსეთი ამ ინფორმაციას თავის სასიკეთოდ და ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებდა.
ის ხშირად ფინანსურ დახმარებასაც კი უწევდა მუსულმანურ სახანოებს.
რუსეთი იქამდე მივიდა, რომ საქართველოსკენ სალაშქროდ აღა-მაჰმად-ხანიც კი წააქეზე და იარაღით მოამარაგა, ხოლო მისმა მოკავშირემ, სომხეთის პატრიარქმა 80 000 მანეთით და 8 გირვანქა ოქროთი დახმარება გაუწია აღა-მაჰმად-ხანს და მის მიერ წამოწყებულ საქართველოს დაღუპვის „საშვილიშვილო საქმეს“.
/ნუკრი მჭედლიშვილი/
"ერეკლემ ქართლ-კახეთის ჯარს დაქირავებული ჩერქეზებისა და მცირე რაოდენობის ოსების ჯარი მიაშველა, მათი ანაზღაურებისათვის სამეფო ხაზინის ნივთებს ოქრო ააძრობინა და ფული მოჭრა".
"საქართველოთი ევროპის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მრავალი წერილი იბეჭდებოდა იმდროინდელ რუსულ და ევროპის ქვეყნების გაზეთებსა თუ ჟურნალებში "პრინც ერეკლეზე", რომელსაც "აშვებული ლომის" სახელი ჰქონდა".
marine
გაიხარე ,ასეთი ინფორმაციებისთვის...
"მირიან ბატონიშვილი (ერეკლეს ერთ-ერთი შვილი მ.გ.), ერეკლეს მონდომებით, რუსეთში იყო გაგზავნილი და იქ ცხოვრობდა.
მირიანს გენერლის ჩინი ჰქონდა მიღებული.
მამის ავადმყოფობა რომ გაიგო, სასწრაფოდ წამოვიდა და თან "ევროპულად განსწავლული" ექიმიც წამოიყვანა, მაგრამ მამას ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო".
"ერეკლე მეფე მთელს ქართველობას ღმერთივით უყვარდა".
ხევსურები აწყურთან
ერეკლე ბატონიშვილი
საჩქაროდ ცხენსა ზისაო,
კაცი ხევსურეთს წალალა, _
«თავი მჭირდება ყმისაო!
ხევსურებ ჩამამივიდან,
თორ ქალაქ წამერთმისაო,
წილი იყარონ ახლებმა, _
ბებრებ აქ ვერა დისაო»...
სანეს ხევსურებ იყრების,
ელვა დგას ჩაჩქნებისაო,
კუკიას ჩამადიოდეს,
ჭეხა მახქონდეს ცისაო,
ქალაქს მიუვა ბატონსა
ჯოგი ლეგისა მგლისაო,
ჭეხით მიართვეს სალამი,
ხევსურთ რაზმები დისაო...
ერეკლეს პირი უცინის,
გულს მზეი ეფინებისა;
«გზას შორად სადენს ამბობენ,
ხევსურ ვერ გამადგებისა»...
სურამი გადაიარეს,
აგე, აწყვერიც ჩნდებისა,
აწყვერის სიმაგრეშია
ლეკები ჩაუდგებისა.
ბატონიშვილი შასწუხდა:
«ვაჰ, თუ ჯარ გამიწყდებისა!»
ხევსურებ მაახსენებენ:
«დღეს ჩვენი გადაგვხდებისა!»
ჩამეერჩივნენ ხევსურნი,
ერეკლე ჩამაჰყვებისა,
ლოხაურისშვილ სუმბატა
ხმლიან კაცთ წაუძღვებისა,
გუგუაიშვილ სუმბატა
მაშველად დაუდგებისა,
ჯამათა ივანეური
ვეფხვ გაიწვადა, ჰკვდებისა,
შენც, ჯიმშაიძევ, ნუ ჰკვდები,
სიკვდილი არ გიხდებისა,
შენი წილი და ნაწილი
გუდანს გასაყო რჩებისა!
ერეკლე ბატონიშვილსა
პირზე მზე ეფინებისა,
მაუკლავ კოხტა ბელადი, _
გლეხი არ ეკადრებისა, _
შვილი ტყვედ წამაიყვანა _
მსახურად დასჭირდებისა
Lego
ლეგო, კეთილი იყოს შენი მაუსი ჩემ განყოფილებაში
"პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდს უთქვამს: "ევროპაში მე ვარ და აზიაში - საქართელოს მეფე ერეკლეო".
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ერეკლე ცდილობდა, ცვლილებები შეეტანა სამხედრო წყობაში.
ერეკლეს დროს დაწესდა სამხედრო სამსახურის თავისებური ფორმა - ე.წ. მორიგი ჯარი.
თვეში ერთხელ, რიგრიგობით, ყოველ სოფელსა და მხარეს თავისი ლაშქარი უნდა გამოეყვანა.
მორიგეობა ყველას უწევდა, განურჩევლად წოდებისა და მდგომარეობისა.
როცა ერთი კუთხის მკვიდრნი ომობდნენ, სხვებს დასვენებისა და შრომის საშუალება ეძლეოდათ. ამრიგად, ქვეყანას დამცველიც ჰყავდა და მარჩენალიც."
თეკლა-ბიჭი
ერეკლეს ბევრი ვაჟიშვილი ჰყავდა, ისინი ომის დროს სახელოვანი მამის გვერდით იბრძოდნენ.
წარმოიდგინეთ, რომ ასევე იქცეოდა თეკლა ბატონიშვილიც - ერეკლეს ასული; გადაიცვამდა ვაჟურად, მოახტებოდა ცხენს და საომრად მიმავალთ შეუერთდებოდა.
ერეკლემ მას "თეკლა-ბიჭი" შეარქვა. მოგებული ბრძოლის შემდეგ ერეკლე მეფე თავის მამაც მეომრებთან ერთად მიუჯდებოდა ხოლმე სუფრას და იწყებოდა ლხინი.
თეკლა-ბიჭიც იქვე ტრიალებდა, მეომრებს თასებში ღვინოს უსხამდა. ისინიც სიამოვნებით სვამდნენ მეფის ასულის ხელით მორთმეულ ღვინოს.
ქეთევან ანდრონიკაშვილის სიმამაცე
ერთხელ ერეკლე მეფის რძალი ქეთევან ანდრონიკაშვილი ქართლიდან კახეთში, თავის მშობლიურ ქიზიყში მიდიოდა. მართალია, თან რაზმიც ახლდა, მაგრამ მათგან არც ერთი არ იყო გამოცდილი მეომარი.
ერთ ადგილას ჩვენს მგზავრებს ლეკები დაუხვდნენ, - ხუთას კაცზე მეტი იქნებოდა.
ქეთევანის მხლებლები, ცოტა არ იყოს, შეკრთნენ, ვერავინ იკისრა მეთაურობა. მაშინ ქეთევანმა გაამხნევა მხლებლები, თავად ჩაუდგა მათ სათავეში და შეტევაზე გადავიდა.
გულმოცემულმა ქართველებმა თავდამსხმელებს მუსრი გაავლეს.
ეს ამბავი ერეკლე მეფემ რომ შეიტყო, სიამაყით აივსო და რძლის პატივსაცემად თბილისში აღლუმი მოაწყო.
როცა ქეთევანმა ქალაქის კარიბჭეში შეაბიჯა, ზარბაზნები დააქუხეს, ხალხი გარეთ გამოეფინა. იმ ღამით მთელი თბილისი ჩირაღდნებით იყო გაკაშკაშებული".
„მეფეს სასახლის კარზე უსათუოდ აშუღიც ჰყავდა.
ერეკლე მეორესაც - პატარა კახს - ჰყავდა აშუღი, ტომით სომეხი - საიათნოვა.
აშუღთა შორის საიათნოვამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის თანადროულ და შემდგომი თაობების აშუღთა შემოქმედებაზე. მას გარკვეული დამსახურება ქართულ ლიტერატურაშიც მიუძღვის. იგი ქართულ პოეზიაში მუხამბაზური ლექსის დამამკვიდრებლად ითვლება.
მეთვრამეტე საუკუნეში საქართველოში უამრავი აშუღი იყო, მაგრამ, როგორც რუსი მწერალი ვალერი ბრიუსოვი წერს, „რაც საიათნოვამდე გაუკეთებიათ წინამორბედებს, საიათნოვას შარავანდედის წინაშე არარად მოსჩანს.“
ლეგენდის თანახმად, საიათნოვა რომ ერთს შემოსძახებდა, ჰაერში ბულბული ქვავდებოდა, რათა ყური მიეგდო და შეეთვისებინა მგოსნის სიმღერა.
სიტყვა „აშუღი“ არაბული წარმოშობისაა (აშიყი, აშიკი) და მიჯნურს, მოტრფიალეს ანუ სიყვარულის მგოსანი იყო საიათნოვა, მაგრამ იმავდროულად, მეფე ერეკლეს ავანგარდული ლაშქრის მებრძოლიც გახლდათ დ იქ, სადაც საქართველოს ბედი და უბედობა წყდებოდა საზანდარის დაკვრით მიუძღოდა რაზმს და ქართველ მეომრებს უმძიმეს წუთებში, გამარჯვების იმედს უღვივებდა.
საიათნოვას ცხოვრების შესახებ ძალიან მცირე მასალა არსებობს. დანამდვილებით დაბადებისა და გარდაცვალების წლებიც კი არ ვიცით. ზოგიერთ ავტობიოგრაფიულ ცნობას ისევ მის ლექსებსა თუ მათ მინაწერებში ვხვდებით. აშუღის გვარიც უცნობია, საიათნოვა, აშუღური ტრადიციისამებრ, შერჩეული ფსევდონიმია, სახელად კი არუთინა რქმევია.
„საქართველოს მეფის საზანდარი ვარ!
საიათნოვას, არუთინას იტყვიან“.
ყოფილა თბილისელი. „ჩემი სამშობლო თბილისია, მხარე ქართლისა, დედა ავლაბრელი მყავს, მამა კი ალეპოელი“, - გვამცნობს ერთ აზერბაიჯანულ ლექსში. სხვაგან კი ამბობს: „მე მიღდისას შვილი ვარ“. მიღდისას უწოდებდნენ მას, ვინც იერუსალიმს ყოფილა და მაცხოვრის საფლავზე ულოცნია.
ხელმოკლეობის გამო განათლება ვერ მიუღია. თხზავდა და მღეროდა სამ ენაზე - ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. სომხურ და აზერბაიჯანულ ლექსებს ქართული ასოებით წერდა. ქართულს, სომხურთან ერთად, მშობლიურ ენად თვლიდა.
ხელოვანი გახლდათ, თუმცა მისი ძირითადი პროფესია აშუღობა იყო. თავად მთხზველი, თავადვე დამკვრელი, თავადვე მღერალი და ჰანგისაც თავად შემწყობელი. ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ - თელავში. დაახლოებით 1762-65 წლებში ერეკლე მეორის სამეფო კარის საზანდარი იყო, სადაც დიდი აშუღური სახელისთვის მიუღწევია და მეფის პატივისცემა დაუმსახურებია. მაგრამ, მალე, უცნობი მიზეზის გამო, პატარა კახი აშუღს შემომწყრალა და სასახლიდან დაუთხოვია. თურმე საიათნოვა ძალიან განიცდიდა მეფის კარიდან გაძევებას და სამართალს ეძებდა.
შემდგომში საიათნოვა საინგილოში, კახში, მღვდლად გაუმწესებიათ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ბერად აღკვეცილა ახპატის მონასტერში, თუმცა, დროდადრო, კვლავ გამოჩნდებოდა თბილისში და აშუღთა პაექრობაშიც მონაწილეობდა. ცხადია, გამარჯვებული ყოველთვის იგი გამოდიოდა და მოწინააღმდეგის მუსიკალური საკრავი, ტრადიციისამებრ, მისი კუთვნილება ხდებოდა.
ლეგენდის თანახმად, საიათნოვა 1795 წლის სექტემბერში დაიღუპა, აღა-მაჰმად-ხანს თბილისი აუღია, ის თურმე ეკლესიაში ლოცულობდა. გაუგია თუ არა მტრის მოახლოება, ჯვარი აუღია და, ეკლესიის კარიბჭესთან მდგარს, ორსტროფიანი ლექსი უთქვამს:
„არ ვუღალატებ ჩემსა იესოს,
არ დავუტევებ ტაძარსა წმინდას!“
ეს აშუღის უკანასკნელი სიტყვები ყოფილა
...საიათნოვა თათრის მოედნის თავზე წამომართულ ციხის ეკლესიად წოდებულ სურფგეორქის ტაძრის ეზოში დაუკრძალავთ და დღეს ეკლესიის კედელში ჩასმულ შავი მარმარილოს დაფაზე ოქროს ასოებით აშუღის სამი სტრიქონია ამოკვეთილი:
„ჩემი წყარო სხვა წყაროა, ყველას არ ძალუძს მისი დალევა“.
„ჩემი სიმღერა სხვა სიმღერაა, ყველა ვერ მიხვდება, ყველა ვერ გაიგებს.“
„ჩემი საძირკველი ქვიშაზედა აგებული კი არ გეგონოთ! - ჩემი საძირკველი აგებულია ქარაფოვან კლდეზედ ნაჭედი დუღაბითა და ქვითკირით.“
საიათნოვას პოეზია, ძირითადად, სატრფიალო თემას დასტრიალებს, მაგრამ აქვს სახოტბო, დიდაქტიკურ-მორალისტური, სატირული და სასულიერო ლექსებიც.
საიათნოვამ კარგად იცოდა თავისი, როგორც ოსტატის და მოლექსე-გამომთქმელ-შემსრულებლის ფასი და ამიტომ უთქვამს თელავში მავანი მოპაქერისთვის:
„მას ნუ იტყვი - საზანდარი ვინა ვარ!
აბან-ბანი ვიცი, სიტყვით წინა ვარ,
საიათნოვა მქვიან, არუთინა ვარ,
სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს!“
საიათნოვას დიდად აფასებდნენ სხვადასხვა დროის ქართველი მოღვაწენი და პოეტები. მისი შემქმედების პირველი შემსწავლელი თეიმურაზ პატონიშვილი წერდა: „თუმცა ლიტონი სტიხებია მდაბიურს გარზედ, მაგრამ დიდიად მოსაწონი.“ ცნობილი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის აზრით, საიათნოვა იყო „ცნობილი გვარი, გამოჩენილი მელექსე“. პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი კი აშუღზე ბრძანებს: „ერეკლე მეფის დროს, ბესიკის გარდა, სასიმღერო ლექსებით სახელი გაითქვა ერთმა ღარიბმა სომეხმა, ხელობით ფეიქარმა სავათნოვამ“. მსგვასი შეფასებების მოხმობა დაუსრულებლად შეძლება...
გასაკვირი სულად არ არის, რომ შემდგომში საიათნოვას უამარავი მიმდევარ-მიმბაძველი გამოუჩნდა: გივიშვილი, სკანდაროვა, ჰაზირა, შემდეგ: განჯისკარელი, ბეჩარა და სხვანი. მაგრამ მათგან ყველაზე პოპულარული ობოლი ქართველი - იეთიმ გურჯი გახდა“.
კრწანისის ბრძოლის შემდეგ
...ის განსაცდელი, რაც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ საქართველოს თავს დაატეხა, გარკვეულწილად კანონზომიერიც იყო. სხვაგვარად რამ ათქმევინა მეტეხის ხიდთან აღმართულ ჯვართან მუხლმოყრილ მეფეს: "ჩემი ცოდვა, თორემ რისგან არის... ვისიც მოყვრობა მოვინდომე, მტრად გარდამექცა".
რომელ ცოდვას გულისხმობდა ნეტარი გვირგვინოსანი? ტრაქტატში საქართველოს ეკლესიის სტატუსის განმსაზაღვრელი მერვე მუხლის შეტანას ხომ არა, სადაც მინიშნებული იყო, რომ მღვდელმთავარი (პატრიარქი ან არქიეპისკოპოსი) რუსეთის სინოდის წევრად უნდა მიეღო იმპერატრიცას?
ეს მუხლი ძალიან ბევრ კითხვას ბადებდა. საინტერესოა, როგორ უნდა შესულიყო საქართველოს ეკლესია რუსეთის საეკლესიო სივრცეში საკუთარი კათოლიკოსით? მაშინ ხომ ჯერ კიდევ პეტრე პირველის ეპოქიდან უპატრიარქოდ დარჩენილი რუსეთის სინოდის სათავეში ავტომატურად ქართველი მღვდელმთავარი აღმოჩნდებოდა? ვინ დაუშვებდა ამის იმპერიაში, რომელიც თავს ბიზანტიის მემკვიდრედ და მესამე რომად მიიჩნევდა?
მეორე მხრივ, ქართული ეკლესია რუსეთის სინოდში პატრიარქის გარეშე რომ შესულიყო, მაშინ ის დაკარგავდა ჯერ კიდევ ვახტან გორგასლის დროს მოპოვებულ და საუკუნეების განმავლობაში მრავალი თაობის ღვაწლით შენარჩუნებულ ავტოკეფალიას. აი, რა უცნაური და სახიფათო იყო გეორგიევსკის ტრაქტატის მე-8 არტიკული.
/თემურ გაბუნია
„ალავერდი“ N1/57 2013/
ეს მუხლი ძალიან ბევრ კითხვას ბადებდა. საინტერესოა, როგორ უნდა შესულიყო საქართველოს ეკლესია რუსეთის საეკლესიო სივრცეში საკუთარი კათოლიკოსით? მაშინ ხომ ჯერ კიდევ პეტრე პირველის ეპოქიდან უპატრიარქოდ დარჩენილი რუსეთის სინოდის სათავეში ავტომატურად ქართველი მღვდელმთავარი აღმოჩნდებოდა? ვინ დაუშვებდა ამის იმპერიაში, რომელიც თავს ბიზანტიის მემკვიდრედ და მესამე რომად მიიჩნევდა?
მერე მხრივ, ქართული ეკლესია რუსეთის სინოდში პატრიარქის გარეშე რომ შესულიყო, მაშინ ის დაკარგავდა ჯერ კიდევ ვახტან გორგასლის დროს მოპოვებულ და საუკუნეების განმავლობაში მრავალი თაობის ღვაწლით შენარჩუნებულ ავტოკეფალიას. აი, რა უცნაური და სახიფათო იყო გეორგიევსკის ტრაქტატის მე-8 არტიკული.
\
ეს არ ვიცოდი და საინტერესო იყო.
***
"როდესაც კავკასიის მთავარმართებელმა, ცნობილმა გენერალმა პასკევიჩმა 1827 წელს ერევანი აიღო და სპარსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, თავრიზში დაბანაკებულმა შუამავალი გაუგზავნა ერეკლეს შვილს - ალექსანდრე ბატონიშვილს, რომელიც 1812 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ სწორედ სპარსეთს აფარებდა თავს...
შუამავალის პირით, რომელიც ალექსანდრეს დისწული - ერთ-ერთი მუხრან-ბატონი გახლდათ, პასკევიჩი ასეთ რამეს სთავაზობდა: ოღონდ აღიარე რუსი ხელმწიფის ქვეშევრდომობა და პატივი არ მოგაკლდებაო!..
ალექსანდრე ბატონიშვილმა კი პასკევიჩს უპასუხა: მე მირჩევნია, მტრულ მუსლიმურ სპარსეთში დავლიო სული, ვიდრე თქვენს ცრუ მართლმადიდებლურ იმპერაიში ვიცხოვროო!.. [სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. იგი 1844 წელს თეორანში გარდაიცვალა და დაკრძალულია სომხური ეკლესიის ეზოში - ს.კ]
მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ჩვენი გმირი მამულიშვილის პათოსს!.. როგორ უნდა შერიგებოდა ერეკლეს შთამომავალი თუნდაც განცხრომით ცხოვრების სანაცვლოდ იმას, რაც რუსეთის იმპერიამ გაუკეთა ქართლ-კახეთს - სამეფოს გაუქმებითა თუ ეკლესიის ავტოკეფალიის წაშლით!.."
ალექსანდრე აბდალაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორო, არმენოლოგი
/"საპატრიარქსოს უწყებანი" N11, 2014წ/
მეფე ერეკლე სოდომის ცოდვის, მამათმავლობის შესახებ- “ავი მუსაიფი კახთბატონის ირაკლისა”
კანონიკური ეპისტოლეთაგან
ჩვენამდე დარჩენილა მხოლოდ ერთი, კათალიკოს ანტონ პირველისა, რომელიც გამოუცია მას, ერაკლი მეფისნებართვით, 1767 წელს.
ეს ეპისტოლე შეიცავს 15 მუხლს. აღარ ჩამოვწერე სათითაოდ, აქ საინტერესოა მეფე ერეკლეს მიერ დართული სიტყვები:
”ჩვენ ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნება-ყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნების თავადთა, აზნაურთა, დიდ-ვაჭართა და გლეხთა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ, (იგულისხმება დოკუმენტში ზემოთ ჩამოთვლილი ეპისტოლეს 15 მუხლი), რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთისგანმარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენ ხალხს ვაბრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქნელი გამოჩნდეს- ან მომწამლელნი, ან კაცის შემკრელნი, ან სიყვარულის და სიძულვილის წამლის მიმცემნი, ან ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებელისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქმნელნი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიანი და საანდაზო ჯაჯაებით (ჯაჯა-დამნაშავე კაცის ტანჯვა-წამება) დაიხოცნენ.”
ეს განჩინება ყოველმა ეპისკოპოსმა თავის სამწყსოს საყდრებში თავის ხალხს წაუკითხონ და გააფრთხილონ.
წყარო:
კორნელი კეკელიძე,
“ქართული ლიტერატურის ისტორია”, ტომი1, თავი– კანონიკა,
გვერდი 522
"1798 წლის იანვარში, გიორგი XII-ის ბრძანებით, თელავში დასვენებულ ერეკლე II-ს პანაშვიდი გადაუხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი), რუსთველმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (ჯორჯაძე) და ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა მიქაელმა (ინასარიძე).
/"საპატრიარქოს უწყებანი" N40, 2014/
"ერთხელ მეფე ერეკლე II-ს ბარძაყზე რაღაც მუწუკი აწუხებდა, ვერ ენახა და მხლებელნი დაიბარა - ერთი ნახეთ, რა მაქვსო. ერთმა სთქვა, ძირძიდააო, მეორემ - არა, თვალიაო. მესამემ - თავკბილასა ჰგავსო.
- აბა, რა გითხრათ, - თქვა მეფემ, ბარძაყზე დაიკრა ხელი და ყურთან მიიტანა, - აქედან აქამდის რომ სწორე ამბავი ვერ მოგიტანიათ, ქვეყნის ამბავი როგორ უნდა შემატყობინოთო..."
"ყოველ ეპოქაში ესმოდათ ჩვენს დიდ წინაპრებსა და სახელოვან მამულიშვილებს "უბირი" ხალხის წიაღში დაბადებული მუსიკალური ფოლკლორის ფასი.
გავიხსენოთ:
მეფე ერეკლე ერთ პირად ბარათში სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ შობა-ახალი წლის დღეებში აღარ ისმის ცისკრის ალილო და მოუწოდებს წილკნელ მღვდელმთავარს, ჩამოვიდეს დედაქალაქში და მოსახლეობას ეს შესანიშნავი სიმღერა ასწავლოს".
/ამირან არაბული/
"მეფემ დიდგვაროვნები იწვია და მათაც ერთხმად შეჰფიცეს: "გავწყდებით და აღა-მაჰმად-ხანს სამაგიეროს მივაგებთო."
მზადება დაიწყეს, ქალაქში ჩამოვიდნენ, მაგრამ ამ დროს მახარობელი ეახლა მეფეს - აღა-მაჰმად-ხანი ყარაბაღში მოკლესო. ყველა ეკლესიაში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს.
ამის შემდეგ მეფე ერეკლემ განჯის ციხე აიღო. განჯის ხანი ჯავათ-ხანი გამოიყვანა და დაიახლოვა. ქართველთა ღალატის ამბავიც მას უამბია მეფისთვის. ამ საიდუმლო ამბების გაგონების შემდეგ მეფის პირმა "აღარ გაიღიმა და კიდევაც დასნეულდა"
/"კარიბჭე" N7, 2015, გვ. 39/
"XVIII-XIX სს.-ის თბილისში გეგელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი რამდენიმე ცნობილი მხატვარი მოღვაწეობდა.
მათ შორის უფროსი სამეფო კარზე აღზრდილი ქრისტესია გიორგის-ძე იყო, რომელიც უმცროს ძმასთან - დავითთან ერთად, ერეკლე II-ის წყალობითა და მფარველობით სარგებლობდა.
სწორედ ამ დავითის ვაჟის, ანტონის ძე იყო თელავის ღვთაების ფერისცვალების ტაძრის იკონოსტასის მომხატველი დავით გეგელიძე".
/ჟურნალი "ალავერდი" N5/8, 2015, გვ. 96/
"...კიკოსის ღვთისმშობლის ხატის ერთ-ერთი საბურველი, ერეკლე მეფის ოჯახისგან შეწირული, დიდხანს ეფარა ღვთისმშობლის წმინდა სახეს. ოქრომკერდით ნაქარგი ძვირფასი აბრეშუმის მანდილი დღეს მონასტრის სიძველეთსაცავშია დაცული. მას ქართული წარწერა ამშვენებს:
"ღმრთისმშობელო, სასოებაო ქრისტეანეთაო, დაგვიფარენ, დაგვიცევ და გუაცხოვნენ ჩვენ ყოვლისა ზემო საქართველოს მეფე ირაკლი და თანამეცხედრე ჩვენი, დადიანის ასული დედოფალი დარეჯან, რომელთა ვინებეთ მწლული ესე შეწირვად შენ, დედოფლისა ზეცათასა, განსამრავლებელად დღეთა ჩვენთა და ძმისა ჩვენისა კათოლიკოზის ანტონისათვის და ძეთა და ასულთა ჩვენთა აღსაზრდელად, წელთა ჩღპ".
კიკოსის ღვთისმშობლის ხატს საქართველოშიც ეკუთვნოდა მამულები. ამ ისტორიულ კავშირებს დღემდე მრავალი მეცნიერი იკვლევს. საქართველოს ეკლესიის წიაღში კი კიკოსის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლია ცნობილი, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე პერიოდში შექმნილი. მათგან ერთ-ერთი ალავერდის წმინდა გიორგის მონასტერშია დაბრძანებული, რომელიც აქ, ღვთის განგებით, ერეკლე II-ის გარდაცვალების დღეს 11 იანვარს მობრძანდა".
/ჟურნალი "ალავერდი" N5/8, 2015, გვ. 104/
"ერეკლე II-ის კარის ეკლესიის არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი)"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N22, 2015, გვ. 19/
"...1780 წელს სინაზე იმოგზაურა ერეკლე II-ის კარის მღვდელმა ქრისტეფორე კეჟერაშვილმა..." /გვ. 145/
"მეფე ერეკლე II-ის მიერ შეწირული დუქნებიდან შემოსულ ტაძრის შემოსავლებს სინის მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში მოღვაწე ბერმონაზვნებს უგზავნიდნენ, ეხმარებოდნენ" /გვ. 152/
/"საქართველოს იმედი II, წიგნი 18"/
"ასევე, მნიშვნელოვანია ერეკლე II-ის აქტები, საბუთები, რომლებიც 1778 წლით თარიღდება.
მეფე წერს, რომ იგი სინის მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერს, სადაც ღმერთი მოსეს გამოეცხადა, შესწირავს 50 კურუშს, რაც ქართულ ფულში 37 მანეთსა და 50 კაპიკს უდრის"
/"საქართველოს იმედი II, წიგნი 18" გვ. 153/
http://www.radikal.ru
"ჩემი ახალი წიგნი.
დავწერე მისთვის, რომ ქვეყანა უყვარდეთ.
ისტორიული ფაქტების ზუსტი დაცვით ვეცადე დრო გამეცოცხლებინა" /ნინო ცარციძე/
/FB/
"პატონ იოსელიანი აღნიშნავს, რომ XIX საუკუნეში ერთაწმინდის ტაძარში ინახებოდა ცილინდრული ფორმის კიდობანში ჩასვენებული წმინდა ევსტათის მკლავის ნაწილი და ცერი. აღნიშნული სიწმინდე როგორც სასწაულმოქმედი, მეფე ერეკლე მეორეს კათალიკოსის ნებართვით თავისი ქალიშვილის თეკლას ავადმყოფობის გამო, თბილისში გადაუტანია, მაგრამ 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას იგი სხვა სიწმინდეებთან ერთად ქალაქიდან წაუღიათ. მეფე ერეკლეს დას, შემდეგ იგი გამოუსყიდია და იმავე ერთაწმინდის ტაძრისთვის დაუბრუნებია"
/"საქართველოს იმედი II" წიგნი 19. გვ. 120/
"ჩვენი დაუცხრომელი ერეკლე (ირაკლი აბაშიძე) შესანიშნავი პოეტი, ძალიან გადატვირთული კაცია, ნიადაგ სახელმწიფურ საქმეებს შეჭიდებული, სიტყვა ხმალივით უჭრის, მიტომ შევარქვი ერეკლე"
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება, წერილები" ტ. II, გვ. 449/
"...ალექსანდრე ამილახვარი ეკუთვნოდა ქართლის წარჩინებულ გვარს, რომელიც დაახლოებული იყო ერეკლე II-ის სამეფო კართან (ისინი მძახლები იყვნენ). თუმცა მისი ოჯახი ოპოზიციაში აღმოჩნდა მეფის მიმართ, რადგან მხარს უჭერდა ვახტანგ VI-ის შთამომავლობის გამეფებას ქართლში და ეწყობოდა ქართლის დიდებულთა შეთქმულება ერეკლე მეფის წინააღმდეგ.
დიმიტრი ამილახვარი, ალექსანდრეს მამა, შემჩნეული იყო, როგორც შეთქმულების მთავარი სულისჩამდგმელი ამის გამო მისი ოჯახი სასტიკად დაისაჯა... ალექსანდრე დააპატიმრეს, როგორც შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური წევრი.
მეფემ ჯერ თავად მიაყენა შეურაცხყოფა, შემდეგ კი მსახურებმა მას ცხვირი მოაჭრეს და ფეხის ძარღვი გადაუჭრეს. მის მიმართ განხორციელებულმა ასეთმა მოპყრობამ, სამუდამოდ დაამახინჯა ეს მოუსვენარი ახალგაზრდა, რომელშიც უხვად იყო დაგროვილი ღმერთის, სამშობლოსა და ერისადმი უსაზღვრო სიყვარული...
ერეკლე მეფის თხოვნით, ეკატერინე II-მ ვიბორის ციხეში გამოკეტა ნიჭიერი მოაზროვნე, რომელმაც 18 წელი აუტანელ პირობებში გაატარა..."
/ალექსანდრე ამილახვარი, პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და მოაზროვნე 1750-1802
"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ. 10-12/
მირიან ბატონიშვილი (ბაგრატიონი)
(დ. 19 აგვისტო, 1766 ― გ. 15 სექტემბერი, 1834) — ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე.
შედიოდა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ერეკლე II-მ გაგზავნა პეტერბურგს 1783 ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით იქვე დარჩა და რუსეთის სამსახურში შევიდა. პეტერბურგიდან მიმოწერა ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფო კართან. მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და სენატორობა. 1797 დასაწყისში ებოძა ყაბარდოს პოლკის შეფობა. მსახურობდა „კავკასიის ლინიაზე“ გენერალ გუდოვიჩთან. მირიან ბატონიშვილმა შემოგვინახა „დავითიანის“ გურამიშვილისეული ხელნაწერი და არზა. მირიან ბატონიშვილი 1798 იანვარში საქართველოში დაბრუნდა, გათავისუფლდა სამსახურიდან და აქვე დარჩა. 1801 წლის 15 მარტიდან სამუდამოდ დასახლდა პეტერბურგში, ეწეოდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას. რუსულიდან თარგმნა „სწავლა თქმული ილია მინიატისაგან“ (A - 1448), ბრავეს ტრაგედია „ატეისტი“ (H - 2321). ავტორია რამდენიმე იამბიკოსი. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
/FB/
"...მაშინ საქართველოში მეფობდა ოთხმოცი წლის (1718-1798) ღრმად მორწმუნე რაინდი, უფლის წმინდა ტაძრების მაშენებელი და შემამკობელი ერეკლე II, რომლის უძლეველი სიმამაცეც ცნობილი იყო სპარსეთისთვის, თურქეთისა და შორეული ინდოეთისთვის. საქართველოს მეზობელი ქვეყნების ყაენები მისი ვასალები იყვნენ.
ახალციხის ფაშა მასთან მეგობრობის მოსურნე იყო. სპარსეთის შაჰებიც კი მასთან კავშირს თავიანთი ხელისუფლების საყრდენს მიიჩნევდნენ. ამ სამხედრო გენიას ფრიდრიხ დიდიც იცნობდა და პატივს სცემდა.
ასპინძის გმირ ერეკლეს, რომლის ნახევარსაუკუნოვანმა მეფობამ (1744-1788) გაუთავებელ ბრძოლებში განვლო, სიცოცხლის ბოლოსაც მძიმე განსაცდელი მოელოდა თავისი ქვეყნის ეკლესიების დაუძინებელი მტრების - მუსლიმი შიიტებისაგან, შინაუთანხმოებებისა და ამბოხებისაგან.
მუსულმანობამ რკინის სალტე შემოარტყა მართლმადიდებელ საქართველოს და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ აღმოეფხვრა სახსენებელი წმინდა ჯვარისა, რომელიც მრავალტანჯულ საქართველოსა და რუსეთს შორის ძლიერი შემაკავშირებელი ჯაჭვი შეიძლება გამხდარიყო..."
/მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი)
"მაყვლოვანი" N1-2, 2015, გვ. 13/
http://radikal.ru/big/a90c92f461844c33b05a6f932601eaad
/FB/
ბატონიშვილ ერეკლესა ირმის ძუძუ უწოვნია,
წყალი უსვამს ალგეთისა, თრიალეთზე უძოვნია,
საჩალეში გადუგდიათ, მონადირეს უპოვნია.
/FB/
* * *
მეფე ერეკლემ დასჭყივლა იმ თავის გორდა ხმალსაო:
''შენ რაღას მეტყვი, ფრანგულო, რატომ არ მაძლევ ხმასაო?!
უშიშრად შემომიტიე, მკლავში მიმატე ძალსაო,
გაკვეთა ჩემზე მოაგდე, სად გაუგორებ თავსაო!"
/FB/
* * *
აბდულის ყარაულები ქალაქის ხიდზე მდგარაო;
მანდით აყრილა აბდული, დიღომჩი გადმომდგარაო.
ერეკლეს კაცსა ულალავს: ''ერეკლევ, ჩემო ლალაო,
გამამილალე სურსათი, ჩემი ქალაქის ღალაო!''
ეგ რო ერეკლემ გაიგო, სიცილით გამაძღარაო:
''რა ქნა მა წითელ მელამა? ტყავ კარზე მამიტანაო!!''
გონსა მოვიდა მთიული, ეგრ რო ი მგლისა ფარაო
ვაჟები თიანელები ჩაიჭრეს კარავთანაო,
ჩაჭრეს, ჩაჰკაფეს კარავი, ჩაყარეს ფარი–ფარაო.
ეუბნებოდეს კახელი: ''კარგი, მთიულო, კმარაო!"
გამოქცეული აბდული სამშვილდეს ჩამომდგარაო.
წამაეგება დიაცი: ''ბიჭო, რამ აგაჩქარაო?''
''სუ დამიღუპა ჯარები, მანდ რო ერეკლე მდგარაო''.
/FB/
* * *
ხმალი სჭრის ბაგრატივნისა, ნეფისა ერეკლისაო;
ნეტავი გამაცნობინა! – ლევანს უქებენ შვილსაო.
სალეკო შამაამტვრია, ზვავმა რო წვერი ტყისაო;
წავიდა სარუსეთოდა, საქართველოი ხკვრისაო;
ხემწიფის კარზე მივიდა, ეტლი თან მიხყვა ღთისაო.
''მაბრძანდი, ლევან ბატონო, ყმაწვილო ათას წლისაო,
შვიდს წელს ყეენად ნაჯდომო, არ მადის შენს მეტისაო!''
დაჯდა და ხკითხა ამბავი თბილეთის ქალაქისაო:
''რამ გაადიდა ჭარელი ნარჩომი ჩემი ხმლისაო?
წახვიდე – არ საქშერო ხარ, არ წასვლ არ იქნებისაო".
გამააყოლა ჯარები, ხერხები ათასფრისაო.
ლევან ქალაქჩი შამახდა, ჭეხა მაიღა ცისაო.
ლეკთ უფროსები შაშინდა: ''ჩვენკე რაით იქს პირსაო.
მაგან თუ პირი ჩვენკე ქნა, საქმე ჭირს დაღისტნისაო"".
ვინ მაახსენა ლეკებსა სიკვდილი ლევანისაო?
მამკვდარა ხორხის ბატონი, ბრძანება იქნა ღვთისაო.
მტერი ვერ გაულაღდება – ერეკლე ცხენსავ ზისაო.
ემა ქართულის მათქომი გლეხაი ვიყავ მთისაო,
რად ეკადრების ქართული ნათქომი გლეხკაცისაო?
ვაჰ, თუ ერეკლე გამიწყრა, იქნების ჩემის ჭკვისაო.
ერეკლე რას მიქადებდა, ან გული დედუფლისაო?
/FB/
* * *
ცა და ქვეყანა დაღრუბლა, სულ დედამიწა ღვარაო.
ერეკლე აწყვერს მოსულა, შვიდი დღე–ღამე მდგარაო.
ერეკლე აწვერს ვერ დადგა, ჯავახეთს გაეჩქარაო,
ასპინძის ბოლოს ავიდა, დელიბაშს დაეხალაო.
აქაც გამართეს დოგუში, დელიბაშს უყო ძალაო.
რუსმა აართვა ღალატი, ქურდულებ გაიპარაო.
ერეკლემ გადმოიხედა, ცრემლები გადმოჰყარაო.
''მაცადე, ჩემო ბერქვენო, მაცადე ჩემო ლალაო!
მრავალ დოგუშს გაგიმართავ, თუ ღმერთმა დამაცალაო!""
აშურმიანი ლეკები უკუღმა წყალში ყარაო,
იმათი თოფ–იარაღი ქალაქში გადიტანაო.
ეს ლექსი შიომ მასწავლა, კიდეც ითხოვა ფარაო.
/FB/
* * *
ერეკლემ ცხენს შეუტია, ხევზე გახადა თქაფანი,
ხევ–ღელე ლეშით აამსო, ცხენს შეუღება ფაფარი.
/FB/
* * *
მეფე ერეკლეს დროშია შორს გავრეკნოდი ძროხანი,
წავწოდი, წავიძინოდი, წავიხურნოდი ჩოხანი.
/FB/
* * *
ერეკლე ბატონიშვილი ერთი პატარა კახიაო,
ალგეთსა ალგეთობისა ცხრა–კეც რაზმი ჩახიაო,
ასი ცხენს გაალახვინა, ორას კარავს წახვიაო,
''ომსა რად უნდა გრძელება?''– შუბი ბუდეს გახვიაო.
რაც უყო ლეკ–ოსმალებსა, ალალი და ახიაო!
/FB/
* * *
მაღლის მაღალსა მთაზედა კურდღლისა სისხლი მდგარიყო,
ჩამოჩვეულა არწივი, უსვამ და ვერა მძღარიყო.
ერეკლე ბატონიშვილი ნაურვალ ცხენზე მჯდარიყო,
შამაუვლია ჴმელეთი, მაშინღა ჩამომჴდარიყო.
/FB/
–ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან!–
ტირის წითელი ყაყაჩო.
–ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან!–
ტირის კრწანისის ველი.
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი.
–შემიშვით! –ტირის ბებერი,
ქართლის ბებერი მგელი.
–ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან!–
ჭიხვინებს თათრის ცხენი...
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი.
გოდერძი ჩოხელი
/FB/
* * *
საწყალსა საქართველოსა შაჲჴსნია რკინის კარია
სადა ჰყავ მეფე ერეკლე, ან იმის მეომარია?
დამდგარა ბაირახები, აღარ ჭექს ზარბაზანია.
მცხეთას რო თეთრი ტაძარი, გვერდზე ჩამოდის მტკვარია,
იქ არის ოქროს კუბოცა, ზედ დახატული ჯვარია:
“კუბოში ჩამამაბძანეს ბაგრატიონთა გვარია.
ვინც მოხვალთ საქართველოდან, ამინთეთ კელაპტარია.”
კუბოსა ზედა სწერავის სიტყვები ორი-სამია:
“ერეკლე გარდავიცვალე, შვილებს დავწერე ჯვარია.
უფროს გიორგიმ შაირტყას ჩემი ნარტყამი ჴმალია:
სანამდე ვიყავ, ცხენსა ვჯე, მივძარ და მოვძარ ზღვანია,
ეხლა თქვენ შემინახევით ქალაქის მეიდანია.
ჩემ შვილებს დარჩა ბეგთარი, პირსისხლიანი ჴმალია.
მაგას ნუ დამიცოტავებთ, მუხრანში დამრჩა ცხვარია.
სხვასა არ წააყვანინოთ იმერელ მეფის ქალია”.
/FB/
* * *
ვერ გაიგეთა, ქართველნო? შაგეხსნათ რკინის კარია,
აღარ გყავთ ნეფე ერეკლე, არც მისი საომარია,
დამდგარა ბაირახები, აღარ ჭეხს ზარბაზანია!
ცხეთას დგას თეთრი საყდარი, გვერდზე ჩაუდის მტკვარია,
შიგა დგას ოქროს ლოგინი, შიგ ნათობს კელაპტარია,
შიგა დგას კუბო ოქროსი, გამოსახული ჯვარია.
კუბოში ჩაუწვენიათ ბაგრატიონთა გვარია,
დაწერა კამალაზედა ქართული ორი–სამია:
''სასხვითოდ ნუ გაჰხადოდეთ, მუხრანში იდგა ცხვარია,
საძაღლოდ ნუ გაჰხადოდეთ ჩემი ნარტყამი ხმალია,
სამადლოდ ნუ გაჰხადოდეთ იმერელთ ნეფის ქალია!''
გარდაიცვალა ერეკლე, შვილებს დასწერა ჯვარია:
''უფროსმ გიორგიმ შაირტყას ჩემი ნაბამი ხმალია!''
/FB/
http://radikal.ru/big/85644d8a0d6d400aaf662fd13e498163
"ისევ ერეკლე მეფისა და გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ -
ჩვენ რუსეთმა კი არ გადაგვარჩინა, არამედ რუსეთთან ყოფნამ გადაგვარჩინა - რა განსხვავებაა ამ ორ გამონათქვამს შორის?"
/FB/
ისე ნუ მომკლავს...
სამშობლოს სადარაჯოზე
დრტვინვით არაგვნი დიანო,
მეფე ერეკლეს ძვლებზედა
მირონნი გადმოდიანო...
ისე ნუ მომკლავს საწუთრო,
მტერი არ მივაწყვდიადო...
/FB/
"XVIII ს. 90-იან წლებში ერეკლე II-ის სასახლესთან შეიქმნა საერო თეატრი".
/"ლამპარი" N5, 2015, გვ.19/
"მეფე ერეკლე II-ის მიერ შეწირული დუქნებიდან შემოსულ ტაძრის შემოსავლებს სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს უგზავნიდნენ, ეხმარებოდნენ.
ასევე, მნიშვნელოვანია ერეკლე II-ის აქტები, საბუთები, რომლებიც 1778 წლით თარიღდება. მეფე წერს, რომ იგი სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერს, სადაც ღმერთი მოსეს გამოეცხადა, შესწირავს 50 კურუშს".
/"საქართველოს იმედი II" წიგნი 40, გვ.109/
"1777 წელს ახტალაში ერეკლე მეფემ აღადგინა XV საუკუნეში მოშლილი საეპისკოპოსო კათედრა, სადაც 1820-იან წლებამდე მწყემსმთავრობდნენ შემდეგი ეპისკოპოსები: წმინდა სოფრონი ბერძენი (მართალია იგი ჯერჯერობით არაა შეტანილი საქართველოს ეკლესიის კალენდარში, მაგრამ ბერძნულ ეკლესიაში ის კარგად არის ცნობილი), ვარლამ ერისთავი (შემდგომში საქართველოს ეგზარქოსი) და იოაკიმე ბერძენი.
ეთნიკურად ორი ბერძენი ეპისკოპოსის დასმა გამოწვეული იყო იმით, რომ ახტალაში მეფე ერეკლეს ჰქონდა სახელმწიფო მნიშვნელობის ვერცხლის და სპილენძის სამადნო წარმოება, სადაც დასაქმებული ჰყავდა ანატოლიიდან გამოსახლებული რამდენიმე ასეული ბერძენი მემადნე".
/"კარიბჭე" N4, 2016, გვ.59/
"ამ მხარისადმი [ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია] განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ქვეყნის გაერთიანებისათვის მებრძოლ მეფე ერეკლე II-ს. ასპინძის ომში გზად მიმავალი მეფე, თავისი მხედრობით სოფელ სადგერში წმინდა გიორგის სახელობის მონასტერთან დაბანაკდა, ღამე ლოცვაში გაატარა და საქართველო წმინდა გიორგის შეავედრა. სწორედ ამ ლოცვის წყალობით მოიპოვა მან ბრწყინვალე გამარჯვება ასპინძის ომში მცირერიცხოვანი ჯარით".
/მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა)
"საპატრიარქოს უწყებანი" N2, 2016,გვ.8/
http://radikal.ru/big/46fd06540fa14851a954780bf5622232
ერეკლე II მხატვრულ–დოკუმენტური ფილმიდან "გააგრძელე საქართველოს ისტორია".
/FB/
"მათ გვარში [სოლოღაშვილები] არაერთი ღირსეული ადამიანი იყო. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის კარის მოძღვარი გერონტი (სოლოღაშვილი). იგი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში არქიმადრიტ გერასიმესთან (ანთაძე) აღიზარდა. იქვე აღიკვეცა ბერად გერონტის სახელით.
1794 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და თბილისის კარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესა, სადაც ერეკლე მეფის გარდაცვალებამდე იმსახურა".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N22, 2016, გვ.18/
"მას შემდეგ, რაც ქართველებს აეკრძალათ საკუთარ სავანეში [ათონის მთაზე] ყოფნა, ბერძნები სარგებლობდნენ შემოსავალით და ყიდიდნენ კიდეც სურვილისამებრ. მამა ბენედიქტეს [ბარკალაია] თაოსნობით მოძებნეს ერეკლე II-ის მიერ გაცემული გუჯარი, რომლითაც ერეკლე ადასტურებდა მამამისის თეიმურაზის მიერ ივერონისთვის წმინდა სტეფანეს ეკლესიის მამულების შეწირვის ფაქტს."
/"კარიბჭე" N13, 2010, გვ.34/
"ორსაუკუნე-ნახევრის წინ სვეტიცხოველში ქართლისა და კახეთის მეფეებად აკურთხეს თეიმურაზ II და ერეკლე II.
აღმოსავლეთ საქართველოში საუკუნე-ნახევრის წყვეტის შემდეგ ეს პირველი კორონაციის ცერემონიალი იყო, რადგან ამ შუალედში ქართლისა და კახეთის მონარქებად მხოლოდ და მხოლოდ გათათრებული ბაგრატოვანნი ინიშნებოდნენ.
სწორედ ამიტომ ამ მოვლენამ საქართველოში განუზომელი სიხარული გამოიწვია.
მთის კვიდრნი - სვანნი, ხევსურნი, თუშნი, ფშაველნი, მოხევენი და სხვანი - ტრადიციულად გამოირჩეოდნენ ბაგრატოვანთა ათასწლოვანი დინასტიისადმი ერთგულებით და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ პატარა კახის, ერეკლე მეორისა, რომელმაც მალევე გაამთლიანა ერთ სამეფოდ ქართლი და კახეთი. თავად ერეკლეც გამორჩეულად ენდობოდა მთიელ თანამოძმეთ, რომელთაც ბაგრატოვანთა სიყვარული გვიანობამდე შემორჩათ".
/"კარიბჭე" N2, 2009, გვ. 38/
ერეკლე II და “დასავლური ილუზიები”
ინგლისელთა მიერ ბრწყინვალე პრინცად აღიარებული ჰერაკლიუსი
(ახალი ამბები)
2014 წელს ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ხელოვნების სასახლეს უნიკალური საარქივო მასალის ბეჭდური ასლები გადასცა. საარქივო მასალა მოიცავს XVIII საუკუნის პრესას სახელოვანი ქართველი მეფის - ერეკლე II-ის შესახებ. ამ ეტაპზე ტექსტების ადაპტირება უკვე შეასრულა ინგლისელმა მწერალმა ქეითი დევისმა, წყაროების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ქართულ ენაზე მე ვთარგმნე. ამ უცნობ და გამოუქვეყნებელ წყაროთა შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია The London Magazine, OR, Gentleman’s Monthly Intelligencer-ში 1755 წელს დაბეჭდილმა ცნობამ პატარა კახის შესახებ. თამამად ვიტყვი, რომ უცხოელისგან (მით უფრო ინგლისელისგან) არც ერთ ქართველ მეფეზე ასეთი აღფრთოვანებული სიტყვები მანამდე არსად წამიკითხავს. თქვენც წაიკითხეთ ეს შეფასება და თავად განსაჯეთ. მით უფრო, რომ უცხოელები «გვაცნობენ» ქართველთა მეფეს, ერეკლე II-ს - 27 წლის ასაკში:
„თუ იმ ადამიანებს ვენდობით, ვინც იგი ნახა და გაიცნო, - მათი სიტყვებით ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია! ასაკით 27 წლისაა. მისი გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის მისივე ბრძენკაცულ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა - მისმა ამ ღირსებებმა საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტრების შიშის ზარად აქცია! მისი სიმაღლე საკმაოზე მეტია, სხეული - კარგად ჩამოსხმული, სახის წყობა - მიმზიდველი. მისი მანერები და ტანსაცმელი უბრალოა, თუმცა მთლიანობაში ისეთ დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საკუთარი სასახლის ღირსეულ პრინცად და არმიის შესანიშნავ გენერლად აღიქვამ. მე ჰერაკლიუსის ხასიათის შესახებ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ, და რა უნდა იყოს სხვა მისგან მოსალოდნელი?! პრინცისგან, რომელმაც საკუთარ თავში ამდენი ბრწყინვალე თვისება გააერთიანა, რომელიც ძლევამოსილად ფლობს საქართველოსა და სპარსეთის სომხეთის ორ დიდებულ სამეფოს, ვისაც გააჩნია ყველაზე დიდი უპირატესობა, იყოს აღმოსავლეთის უმამაცესი ერების მთავარსარდალი; იმ ხალხისა, რომელიც საკუთარი პრინცისა და ქრისტიანული რწმენის დასაცავად დაუფიქრებლად თავს გასწირავს“.
(ავტორი: გიორგი კალანდია)
ჟურნალი ”ისტორიანი”, 2015 წლის აპრილი, #4/52
/FB/
"1750 წელს, ივლისში, მეფე ერეკლე "ქართლითა და კახეთით ორსავ საერისთაოთი თუშეთს ამობრძანდა. სულ ფშაველნი და ხევსურნი იქ იყვნენ". მეფე მსაჯულად დაჯდა. მოისმინა სადავო საქმეები. სხვებს შორის გაირჩა ერთი მხრივ ფშაველ-ხევსურთა და მერე მხრივ ფშავ-ხევსურთა და თიანეთის მოურავის, მეფის სახლთუხუცესის, თავად გრიგოლ ჩოლოყაშვილის სასისხლო საქმე. მოდავეთა შორის იხსენიება მამიაური შალვა. საქმე შერიგებით და პირობის წიგნის მიცემით დასრულდა".
/"კარიბჭე" N1, 2008, გვ.37/
"სხვათა შორის, მეფე ერეკლეს მიერ რუსეთისადმი დახმარების თხოვნა-ტრაქტატში (გეორგიევსკის) გათვალისწინებული იყო თურქთა მიერ დაკავებულ-ანექსირებული ტერიტორიების (ლაზეთის, სამცხის და აფხაზეთის) საქართველოსთვის დაბრუნება".
/"საქართველოს იმედი II", წიგნი 55, გვ.102/
„სამწუხაროდ, ძალიან უჭირდა ერეკლე II-ს, იმდენად, რომ ხშირად სომეხთაგან ვალის აღება უხდებოდა (თუმცა ჩვენს ჯარს მაშინ საკვები და ჩაცმა-დახურვა არ მოჰკლებია, განსხვავებით 1990-იანი წლებისაგან)“.
/"საქართველოს იმედი II", წიგნი 55, გვ.103/
"1781 წლის ქსნის ხეობის აღწერაში სოფელ საძეგურში კაიშაურთა ორი ოჯახი ჩანს: "აქავ კაიშაური ზაქარია, შალვა, მგელია და კაიშაური (საკუთარი სახელია). აქავ კაიშაური ხადო".
ეს აღწერები მეფე ერეკლეს ბრძანებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქვეყნის ბრძოლისუნარიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენას . როგორც ამ მასალებიდან ირკვევა, მხოლოდ ქსნელი და არაგველი კაიშაურებიდან მეფე ერეკლეს ჯარში გამოდიოდა 18 მეომარი".
/"კარიბჭე" N10, 2008, გვ. 55/
"ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი ნეკრესის ეპარქიას XVIII საუკუნის II ნახევარში განაგებდა. დაბადებით კოჭლი იყო. შესანიშნავად თარგმნიდა სომხურიდან ქართულად. იყო ანტონ კათალიკოსის სკოლის წარმომადგენელი. 1758 წელს მან აკურთხა თელავის საფილოსოფოსო სკოლა და თვითონაც პირველ მსმენელად ჩაირიცხა. შემდეგ საკუთარ ეპარქიაში დაარსა პირველი დაწყებითი სკოლა სამწყსოსათვის, რამაც ძალიან გაახარა ერეკლე მეორე".
/"კარიბჭე" N12, 2008, გვ.40/
"პატარა კახს ქიზიყელები განსაკუთრებით ყვარებია. ქიზიყელებმა გულით დაიტირეს ერეკლე. "ხოლო მოვიდა დედაკაცი ვინმე მაშინ ქიზიყისა მცხოვრებთაგანი, თუმცა იყო იგი მდაბიოთა ერისთაგანი, მაგრამ ცნობილი მეფეთა მიერ და შეწყნარებული კარსა ზედა მეფისასა. ყოველთა მიეპყრათ ყური მისდა მიერ და განუკვირდებოდათ, თუ ვითარ ერთმან სოფლელმან დედაკაცმან დაიტირა გვამი დიდებულისა მეფისა. თუმცა მრავალგან იტირა გვამი მეფისა შესაბამისად, გარნა ორნი მათ შორის აღემატებოდეს სხვათა: ერთი - მდივანი მეფისა სოლომონ მსაჯული, რომელიც იყო განსწავლული და პატიოსანი და მეორე - ქვრივი იგი ქიზიყელი" (თეიმურაზ ბატონიშვილი)".
/"კარიბჭე" N24, 2007, გვ.41/
"არსებობს მოარული თქმულება იმის შესახებ, თუ როგორ შეუთვალა ნაპოლეონმა მამლუქთა წინამძღოლს დანამუსებით: - შენს მეფეს, იქ, საქართველოში, ომებში ჩართულს, მხედართმთავარი ოქროდ უღირს და შენ მე აქ, უგვარტომო მამლუქთა ლაშქრით შემბმიხარო... და როგორ უპასუხა მას მამლუქთა წინამძღოლმა: - მე რომ ერეკლესთან წავიდე, იქ მეათასე ვიქნები და აქ - პირველი ვარო".
/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ.44/
ბატონის ციხე
თელავში ბატონის ციხე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო XVII-XVIII საუკუნეებში და ეს სახელიც ამიტომ შეერქვა. როგორც მეფეთა სამყოფი, ყველაზე დიდიც გახლდათ. ამჟამად შემორჩენილია მისი ვრცელი გალავანი, სასახლე, აბანო, ეკლესიები. მეფის სასახლეს და კარის ეკლესიას ცალ-ცალკე ჰქონდათ ალაყაფის კარი. ერთ მხარეს ალაყაფის კარი ორსართულიან ოთხკუთხედ კოშკშია ჩაშენებული. კოშკის მეორე სართული საცხოვრებელი და საგუშაგოა. მემატიანე პაპუნა ორბელიანის ცნობით, ერეკლე მეფემ 1753 წელს განასრულა გალავანი თელავისა. შესაძლოა მასში ჩართული იყოს XVII საუკუნის გალავნის კედლები.
ზღუდეში მოქცეული იყო აგრეთვე ერეკლე II-ის მიერ დაარსებული სემინარია. XIX საუკუნის II ნახევარში დაზიანებული კომპლექსი შეაკეთეს და ახალი შენობებიც დაუმატეს - სასულიერო სასწავლებელი, ხაზინა, სატუსაღო, სამრეკლო.
ეზოში ორი ეკლესიაა. პატარა, არჩილ მეფის კარის ეკლესია, ქეთევან წამებულის სახელობისაა და XVII საუკუნეში უნდა იყოს აგებული, უფრო მოზრდილი - ერეკლე II-ის კარის სამლოცველოა.
/"კარიბჭე" N1, 2009, გვ.43/
"ერთხელ, თავიანთი დამოუკიდებლობის დამცველი ინდოელების რაზმს თავს დაესხნენ ნადირ-შაჰის ლაშქარში მყოფი ქართველები და, როცა ეს რაზმი გაფანტეს, ერთი ძლიერად მებრძოლი ინდოელი მხედარი შეიპყრეს და მისი მოკვლა დააპირეს. ერეკლეს თანამოძმეებისთვის უთქვამს: - როგორ გეკადრებათ, მამულისათვის ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნილი მეომრის მოკვლა, - ავაზაკი ხომ არ არის, ის თავისი სამშობლოსათვის იბრძოდა!
ერეკლემ ტყვეს საჭურველი დაუბრუნა და უთხრა: - დიდად მომწონს შენი მამულისათვის ერთგულება, როგორც აქამდის იბრძოდი, მამულის ერთგულად, ისევ ისე ემსახურე მას მშიდობით, ინდოელო მხედარო! - ასეთი მოქცევით გაკვირვებული და დიდად მადლობელი მამაცი ინდოელი მხედარი თავისი გზით წავიდა".
/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ.42/
"1787 წელს, მეფე ერეკლე II-მ პირველი ქართული გამოცემა "ლეპორტი" დაარსა".
/"კარიბჭე" N7, 2017, გვ.43/
* * *
ერთხელ ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ერეკლემ თავის ლაშქარს ნადიმი გაუმართა. სუფრასთან ჯარისკაცნი, ეტყობა, თემ-თემად ისხდნენ. მეფემ თეკლა-ბიჭს უბრძანა: - წადი, მერიქიფეს დოქი ჩამოართვი და ფშავლებს ღვინო სათითაოდ შენი ხელით დაალევინეო.
თეკლა ბატონიშვილს ბიჭს სიმამაცის გამო ეძახდნენ. ვაჟკაცს არ ჩამოუვარდებოდა ჯირითსა და თოფის სროლაში. ადიდებულ არაგვში ისე შეაგდებდა ცხენს, ფონს ძებნას არ დაუწყებდა. ჰოდა, ასეთი მამაცი ქალიშვილი მეფემ ფშავლების "სამსახურში" ჩააყენა. ჯერ ერთი, ისინი ერეკლეს "უნჯი ყმანი" იყვნენ, მეორეც - ერეკლე ფშავში გაიზარდა და იქაურები განსაკუთრებით უყვარდა.
თეკლა-ბიჭმა იმწამსვე შეასრულა მამის ბრძანება. შეზარხოშებულ ჯარისკაცებს დაავიწყდათ თავიანთი თავიც და მასპინძელიც. დაიწყეს ფშაურად სიმღერა. მოაყოლეს კაფიები. სხვათა შორის, ერთმა მეორეს შეუმღერა:
"ღვინოს გვირიგებს ბოგუნი,
შამეჭინჭრება მე გული".
"ბოგუნს" თეკლას ეძახდნენ. ბატონიშვილმა ძალიან იწყინა და ერეკლეს უთხრა: შენმა საქებარმა ფშავლებმა შეურაცხმყვესო. ერეკლეს "პირმა შასცინა".
- ნუთუ ეგ გწყინს?! - ჰკითხა ღიმილით, - ჩემო თეკლავ, განა ეგ იმედი მაქვს შენი? ნუთუ ეგრე სულმოკლეცა ხარ? ფშავლები არიან, რა ვუყოთ, მაგათი წესი ეგ არის. დამშვიდდი.
თეკლა-ბიჭი დამშვიდდა, ხოლო მერიქიფობა აღარ გააგრძელა.
ვაჟა-ფშაველა ამბობს მეფე ერეკლეს სულგრძელობაზე: "ეხლანდელი იუნკერიც არ იკისრებს, თავის ტოლ-ამხანაგ იუნკრებს დაუყენოს თავისი ქალი მერიქიფედ, განაღამც თავის ქვეშევრდომ "სალდათებს" და თუ მსგავსად შეურაცხყვეს, მოითმინოს. ორის გოჯის სიმაღლეზე გაკეთებულ ქანდარითგან არ იკისრებს დაბლა ჩამოსვლას, განაღამც იალბუზის წვერიდგან პირდაპირ უფსკრულში გადმოხტეს. მაგრამ განა ყველა გმირია?!
დიახ, დიდებულმა გმირმა მეფემ იკისრა მწვერვალიდგან დაბლა ჩამოსვლა და ვინ იცის, სხვა რამდენს კისრულობდა (მოიგონეთ, ტოტლებენს რომ დაუჩოქა) მხოლოდ იმ განზრახვით - ერი გაეერთგულებინა და ამით საქვეყნო საქმე კეთილად წარემართა. შეიძლება ეს მაღლიდან დაბლა ჩამოსვლა ბევრჯელ ბევრში ვნებდა, მაგრამ რომ ბევრ შემთხვევაში გამოსადეგიც იქნებოდა, ეს უეჭველია".
მართლაც ცოტა თუ მოიძებნება ერეკლესავით სულგრძელი ადამიანი, მეფე, რომელსაც უბრალო გლეხი (იმედა რაზიკაშვილი) შეჰკადრებდა: ორი შენი თქვი, მეფეო, და ერთი ჩემი მოისმინეო.
/"კარიბჭე" N4, 2008, გვ.13/
"მეფე ერეკლე მეორემ კი ზარები შესწირა [ჭელიშის უდაბნოს] მონასტერს."
/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.48/
"ჩვენ არ ვთვლით, რომ [გეორგიევსკის] ტრაქტატის დარღვევის მსხვერპლი მხოლოდ ქართული მხარეა, თუმცა, გარეგნული დაკვირვებით, ფაქტები სწორედ ამაზე მეტყველებს. საქართველომ დაკარგა თავისი სამეფო ოჯახი და საეკლესიო დამოუკიდებლობა. მაგრამ, სულიერი თვალსაზრისით, ტრაქტატის დარღვევამ არცთუ მცირედი ზიანი მიაყენა რუსეთსაც. არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ ყველა მოვლენა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოხდა რუსეთში, შესაძლოა, პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდე სამ პირის გატეხას. ამავე დროს, გადაჭრით უნდა ითქვას, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის ეპოქისა და ყველა შემდგომი მოვლენა, XX საუკუნის ჩათვლით, უეჭველად დაკავშირებულია ერთმანეთთან.
ამ პერიოდის მსხვერპლია საქართველო. ღრმად ვარ დარწმუნებული, იმ ადამიანებმა, რომლებმაც უმძიმესი ტკივილი მიაყენეს ქართველებს, უაღრესად დააზარალეს რუსეთის სახელმწიფოებრიობაც და ეკლესიაც. იქმნება შთაბეჭდილება, - და ძნელია, ამაში გადაარწმუნო ქართველი ისტორიკოსები, - რომ რუსული მხარის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის გაუქმება ფარულად, წინასწარ იყო განზრახული. თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ არ ღირდა ამ ხელშეკრულების განმტკიცება ფიცით - ყოვლადძლიერი ღვთისა და წმინდა სახარების წინაშე; არ იყო საჭირო ტრაქტატის დაწყება სიტყვებით: "სახელითა ყოვლადძლიერისა ერთისა უფლისა ყოვლადწმიდა სამებაში განდიდებულისა".
მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულება უფლის ცხებულთა მიერ დაიდო და ისინი პირობას თავიანთი ხალხის სახელით დებდნენ. ვფიქრობთ, ამას გარკვეული სულიერი შედეგები მოჰყვა. არავის მოვუწოდებ საყოველთაო სინანულისკენ, როგორც ეს წლების წინ რუსეთში მეფის მკვლელობასთან დაკავშირებით მოხდა, მაგრამ სახელმწიფოსა და მეცნიერების პასუხისმგებელმა პირებმა უნდა აღიარონ წარსული შეცდომები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები".
ამრიგად, ვხედავთ, რომ როცა "დერჟავას" სჭირდება, თვით ღვთის წინაშე დადებულ ფიცსაც არად დაგიდევენ. ეს ყველაფერი უნდა ახსოვდეს იმას, ვინც ხშირად იმეორებს, რუსეთი მაინც სჯობია სხვას, რადგან ერთმორწმუნე მართლმადიდებლები არიანო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარჩიოთ პოლიტიკა რელიგიისგან - ეს აბსოლუტურად განსხვავებული რამაა. თუკი სახელმწიფოს შეუძლია, დაარღვიოს ღვთის წინაშე დადებული ფიცი, როგორღა უერთგულებს ის ერთმორწმუნე საქართველოს?
რუსეთის მეფის ტრაგედია, მისი დამხობა და შემდეგ მთელი სამეფო ოჯახის ამოწყვეტა, რა თქმა უნდა, უმძიმესი ტრაგედია იყო (სამეფო ოჯახის წევრები დღეს წმინდანები არიან. შეგვეწიოს მათი მადლი და ძალა). ჩვენი აზრით, ეს ტრაგედია დაკავშირებულია საქართველოში მეფობის გაუქმებასა და სამეფო ოჯახის შევიწროებასთან. რუსებს ძალიან უყვართ საკუთარი მეფის მკვლელობაში არარუსების დადანაშაულება, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ 1801 წელს ქართული სამეფო, ცხებული ოჯახი სწორედ რუსეთმა დაარბია. ბაგრატოვანი სამეფო დინასტიის დევნამ მათ ერთი საუკუნის შემდეგ უწია.
ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ასევე ისეთ თემაზე, როგორიცაა "მესამე რომი". საიდან გაჩნდა ეს ტერმინი? ამის თაობაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის წმინდა მღვდელმოწამე კირიონი (საძაგლიშვილი), რომელიც თავის ძალიან მნიშვნელოვან ნაშრომში "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ცხოვრებაში" წერს:
"რაც შეეხება ცნობილ ფიქციას მოსკოვის, როგორც მესამე რომის შესახებ, უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი დიდი ხანია ცნობილია რუსულ ლიტერატურაში და დიდი ხანია მან უკვე მიიღო სრულიად მართებული შეფასება. გიორგი უსპენსკი თავის ოსტატურად დაწერილ სტატიაში იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა და ვითარდებოდა რუსეთში აღმოსავლური საკითხი, წერს: "მოსკოვური თეორია (მესამე რომის შესახებ) მახვილოგნივრულად გამოიყენეს სამეფო ღისრების განდიდებისათვის. გენიალოგიურ წიგნში ჩნდება წარმომავლობის ნუსხა, რომელიც დასაბამს იღებს ავგუსტუსისაგან (კეისრის საიმპერატორო ტიტული), რაც ამტკიცებს რიურიკების სამეფო სახლსა და იულიუსის სამეფო სახლს შორის ნათესაურ კავშირებს. შემდეგ ძებნა დაუწყეს და მონახეს კიდევ სხვა საფუძველი, დაეახლოებინათ რუსული სამეფო ხელისუფლება საიმპერატორო ხელისუფლებასთან".
"მოსკოვში ფესვს იდგამდა რაღაც ახალი და გაუგონარი", - ამბობს პროფესორი ჟდანოვი (რუსეთის მეფეების), ივან ვასილევიჩისა და მისი ვაჟის, ვასილის დროებაზე. წიგნიერმა ხალხმა იზრუნა საიმედოდ, რომ ამ ახალსა და გაუგონარს გარკვეული ფორმა მისცემოდა, რომლის სტილი შეესაბამებოდა მათი დროის ისტორიულ თვალსაწიერსა და ლიტერატურულ გემოვნებას... XV საუკუნის მიწურულს უსაქმური ვაიმწერლების მიერ შეითხზა არაკი ნოვგოროდის თეთრი კუნკულის შესახებ, რათა დაემტკიცებინათ, რომ "რომს წაერთვა მადლი, დიდება, ღირსება, ისევე როგორც სამეფო ქალაქს (კონსტანტინოპოლს) წაერთმევა მადლი სულისა წმინდისა აგარიანთა ტყვეობაში და ყოველივე სიწმინდე გადაეცემა ღვთისაგან დიად რუსეთის მიწას. იმ დროში რუსეთის ყველა კუთხე-კუნჭულში აწრიალდნენ ყველა მეტ-ნაკლებად წიგნიერნი, აწრიპინდნენ კალმები. ყველა გავეშებით ეძებდა საფუძველს, რათა გაემართლებინათ ის დიადი როლი, რომელსაც რუსეთს მიაწერდნენ, თვით ბერების ვიწრო სენაკებშიც კი ითხზვებოდა დიადი გეგმები".
/დეკ. ზურაბ ცხოვრებაძე
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.24/
მჭადიჯვრის ბრძოლა
"მომხდურებმა კახეთი გადმოითარეშეს, არაგვი გადმოლახეს და ანანურს აქეთ, საერისთავო მთლად მოაოხრეს...
შეიქმნა ფიცხელი ომი.
"რა მისჭირდა, ბრძანა ბატონმა დაქვეითება ჯარისა, გარდახდა თვით მეფე ერეკლე ცხენისაგან, უბრძანა გარდახდომა ყოველთა" და მეტი შემართებისკენ მოუწოდა მათ: - "ესე არსო დღე ვაჟკაცობისა და სიყვარული რჯულისა!"
"შეიქმნა სროლა თოფთა, კომლისაგან კაცი აღარა ჩანდა... შეუტივეს ქართველთა და კახთა გულ-სრულად, დაუშინეს ზამბურაკნი და ზარბაზანნი, გააქციეს ერთი დასი ჯარი ლეკისა, ჰკრეს ეს გაქცეული ჯარი მეორესა... აირივა ჯარი ლეკისა, გაიქცნენ... შეუტივეს ხმალ და ხმალ, დაერივნენ შიგ, ვითა კატა ეგრე ხოცდნენ ლეკთა.
თვითონ მეფე ერეკლემ ჩამოკაფა ლეკი ხმალ და ხმალ...
მიყვნენ ხორცით არაგვამდის, რომ მათის მძოვრით აღივსო ტყე და ველი, ვინა მორჩა მათი ცხენიც და იარაღიც ჩვენს ჯარსა დარჩა".
/"ფუძნარი" N7, 2017, გვ.7/
"მეფე ერეკლეს ოჯახში ძნელბედობის ჟამს არაერთხელ ყოფილა დაბრძანებული ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მონასტრიდან მოურიდებიათ, რათა სიწმინდე ურჯულოებს ხელში არ ჩავარდნოდა. ერეკლე მეფეს ხატისთვის მრავალი ვერცხლის კანდელი შეუწირავს "თავისი მამულის შემოსავლიდამ".
/"თვენი", წიგნი 25, გვ.242/
"ერეკლე II-ს ქართველი ერი უდიდესი თაყვანისცემით იხსენიებს ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და თამარის შემდეგ. ხალხის თვალში იგი გმირის შარავანდითაა შემოსილი. აუარებელი ლექსი აქებს და ადიდებს ერეკლეს სამაგალითო ვაჟკაცობას, მახვილ ჭკუას, არწივისებურ სისწრაფესა და თავგანწირულობას. მისი 54 წლის მეფობა შეუსვენებელი და ძლევამოსილი ბრძოლაა თავისი ხალხის დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისათვის.
კრწანისის დამარცხების შემდეგ მოხუცებულობის და ნაღველის გამო ერეკლე მალე დასნეულდა წყალმანკით და 1978 წელს, 82 წლისა გარდაიცვალა... ყოველი კუთხე ჩვენი ქვეყნისა გმირ მეფეს იგლოვდა ცხარე ცრემლით. ყველაზე ძლიერია გლოვა თუშთა, ფშავთა და ხევსურთა. ერთი ასე იწყება: "აღსდეგ, გმირთ-გმირო, ნუ გძინავს, მტერთა ისმიან ხმანია, გრძლად ძილსა როდი ჩვეულ ხარ, მოგვიხმენ უნჯნი ყმანია!" (იაკობ გოგებაშვილი)."
/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.28/
"თეკლე ბატონიშვილი - ერეკლე II-ის ქალიშვილი, ცხოვრობდა 1776-1846 წლებში. ცოლად ჰყავდა ვახტანგ ორბელიანს."
/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.28/
"ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძარი, ეპისკოპოსის პალატა, სამრეკლო და ტაძრის ეზოს ქვის გალავანი ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი და დღემდე სათანადოდ შეუსწავლელი კომპლექსია. ეს ტაძარი მთავარანგელოზის ეკლესიიდან ცოტა მოშორებით, მცირე მშრალ ხევს გაღმა, შემაღლებულ გორაკზე მდებარეობს.
გადმოცემით, ზემო ნიქოზის ღვთაებაში მეფე ერეკლე თავისი ამალით მოვიდა, ტაძარში მოთავსებული წმინდა რაჟდენის ხატს სანთელი დაუნთო და მის წინ მუხლებზე დაეშვაო.
ერეკლე II-ის ცხინვალში, ზემო აჩაბეთსა და ნიქოზში ნამყოფობას საისტორიო წყაროები ადასტურებენ და გადმოცემებიც აღნიშნავენ. ზემო ნიქოზში გადმოგვცემენ, რომ მათი სოფლის მიწის ერთ ნაკვეთს ვაშაურას ეძახიან. ეს იმიტომ, რომ მეფე ერეკლე ცხინვალს რომ სარდლობდა, აუწყეს: ზემო ნიქოზში ლეკები არიანო. ერეკლე და მისი მხლებლები მათკენ გაეშურნენ. მტერს "ვაშა, ურა" დაჰკივლეს და დაამარცხესო. ვაშაურას მახლობლად ცხვარი დაკლეს, გამარჯვების ნადიმი გადაიხადეს და ამიტომ იმ ადგილს ნამცხვარები ჰქვიაო."
/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.29/
"1955 წელს, სოფელ ფხოველში აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც შეისწავლა და გამოაქვეყნა რ. ქებულაძემ. ფხოველის განძი ოთხი ნაწილისგან შედგება: ქართული, რუსული, რუსულ-ქართული და რუსულ-პოლონური მონეტებისგან.
განძის ქრონოლოგიური დიაპაზონი 66 წლით განისაზღრა: 1776 წლიდან 1840 წლამდე. ფხოველის განძის ქართული მონეტები ერეკლე II-ეს ეკუთვნის".
/"კარიბჭე" N20, 2017, გვ.44/
"ოცდაოთხ საათში ჭარმაგ მეფეს მხოლოდ სამი საათი ეძინა თურმე".
/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.16/
სრული ვერსია:
"წამკითხველო, კარგად განჩხრიკე!"
კონსტანტინე გამსახურდია "დიდოსტატის მარჯვენაში" მეფე გიორგის ათქმევინებს: "ჩვენი უბედურება ეგაა: ჩვენში მოღალატეები სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავისი ხალხის მოღალატეები. კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვრებში ნახევარი ბიზანტიელებს ჰყავდათ მოსყიდული, ნახევარი - სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას... თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვიათ მშიშრებსა და მსტოვრებს".
ორი საუკუნე გავიდა კრწანისის ველზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის შემდეგ და კვლავაც ისეთივე სიმწვავით ისმის კითხვა: რატომ დავმარცხდით? ნუთუ იმ ღალატის გამო, რის შესახებაც კარგად ვუწყით?! ნუთუ ეს ყოველივე გარდაუვალი სასჯელი იყო, ჩვენი ერის თავზე გამოვლენილი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ცოდვების გამო?!
კრწანისის ომის დამარცხების ნამდვილი მიზეზების წარმოჩენას ემსახურებოდა 1899 წელს ჟურნალ "მოამბეში" გამოქვეყნებული წერილი ალექსანდრე ვახტაგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანისა "აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ტფილისში". ეს წერილი სანდო წყაროებს ეყრდნობა - უშუალოდ ამ ბრძოლის მონაწილეთა ნაამბობს.
ეს არის მეტად ცოცხალი მონათხრობი. ჩვენც კვალში ჩავუდგეთ ამ მონათხრობს. დასკვნები და ანალიზი კი თქვენთვის მოგვინდვია, "წამკითხველო, კარგად განჩხრიკე!"
საქართველოში მეფე ერეკლეს წინააღმდეგ სამი ფარული დასი მოქმედებდა: 1) სომხების დასი, რომელთაც კარგად იცოდნენ საქართველოსა და მისი სამეფო სახლის ამბები და ყველგან ჩუმი აგენტები ჰყავდათ, თვითონაც მავნებლობდნენ და მეფის უკმაყოფილო დასსაც მის დასაღუპად ხელს უმართავდნენ; 2) თავად გარსევან ჭავჭავაძის დასი, რომელიც დაუფარავად ცდილობდა, რომ საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში შესულიყო; 3) მეფის უკმაყოფილო დასი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადიოდა და მეფეს ხალხს უმხედრებდა. თავისი განზრახვებით ეს დასი სომხებთან ერთობას ამჟღავნებდა.
ამდენი მოღალატის საიდუმლო საქმიანობის გამო ბოლო ხანებში მეფეს ღონე ჰქონდა გამოლეული: "ძლიერს აღელვებულს ზღვაში მაგარი ჩინებული ხომალდი რომ იღუპებოდეს, სწორედ ამ ხომალდს ჰგვანდა ერეკლეს მდგომარეობა: იღუპებოდა, მაგრამ მაინც კიდევ შეუპოვრად იბრძოდა თავის უკანასკნელს სულის ამოსვლამდინ თავის საქართველოსთვის და თავის ქართველებისთვის...
მაგრამ ამდენი მორეული საშინელება მაინც კიდევ ვერას უზამდნენ ვერც ერეკლეს, ვერც იმის ოჯახს და ვერც საქართველოს, თუ ის ქალაქ ტფილისის ზოგიერთი სომხები არ ყოფილიყვნენ... სადაც ყოველი წინააღმდეგობა, ანუ გაძლიერებული მტრობა იყო, ამათგან იყო; აღა-მაჰმად-ხანიც ამ სომხებმა მოიყვანეს და საქართველოც იმათ დაღუპეს".
აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლამდე ჩვენს ქვეყანას მტერი თითქმის აღარ ჰყავდა. ლეკებთან ერეკლე მეფეს ერთობა ჰქონდა, ოსმალებსა და ყიზილბაშებს არაფრად აგდებდა. ერთ-ერთი ნადიმისას უთქვამს: "ძლივს ლეკებიც შემოგვიერთდნენ და ახლა ღვთის მოწყალების იმედი მაქვს, საქართველოს ყველა საქმეს კარგად მოვაგვარებ, რადგან ჩვენი სამეფო გაერთიანდა, ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს გაძლიერებას, ამისთვის კი ღმერთს ყველამ მადლობა უნდა შევწიროთო".
საქართველოს ფარულმა მტრებმა ერეკლეს ეს ნათქვამი რომ შეიტყვეს, მაშინვე ღვთის საწინააღმდეგო საქმეს შეუდგნენ - აღა-მაჰად-ხანი საქართველოში შემოიყვანეს. თავდაპირველად ეს უსჯულო მბრძანებელი მეფესთან დამეგობრებას ცდილობდა, მაგრამ როდესაც ერეკლეს რუსეთთან დაახლოების ამბავი შეიტყო, დიდად გაწყრა. თან მეფის მოწინააღმდეგეებიც შეუჩნდნენ, - წადი საქართველოში და ერეკლე დასაჯეო. ბევრ აუგს ეუბნებოდნენ მასზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავიდან ელჩი გამოუგზავნა ერეკლეს, რუსეთთან მეგობრობაზე ხელი აიღეო. რუსეთის ერთმორწმუნეობას მინდობილმა მეფემ კი ელჩი ცივი უარით გაისტუმრა და მტრის დასახვედრად სამზადისს შეუდგა. დაუყოვნებლივ შემოიკრიბა დიდგვაროვნები და მოითათბირა, თუ როგორ დახვედროდნენ მტერს. ერეკლეს მრავალრიცხოვანი ჯარის შეკრების იმედი ჰქონდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ამ ბრძოლაში 25000 ლეკის ჯარი შეეწეოდა, კახეთიდან და ქიზიყიდან 16000 მეომარი მოვიდოდა, იმერეთიდან - 10000, ქართლიდანაც - 10000, არაგვეთიდან და ჩერქეზეთიდან - 10000, ყაზახ-ბორჩალოდან და შამშადილიდან - 10000 დარჩეული ვაჟკაცის იმედი ჰქონდა. გარდა ამისა, რუსთა ხელმწიფეს სთხოვდა 2000 მხედარს და 6 ზარბაზანს. თან ფიქრობდა, ნუთუ რუსეთის მეფე ამ მცირედითაც არ შემეწევა, აკი რუსეთის ერთგულების გამო მთელი ოსმალო და ყიზილბაშები დაუძინებელ მტრებად მოვიკიდეო; ამით რუსეთს არაფერი დააკლდება, ჩვენთვის კი დიდი ნუგეში იქნება, აკი რუსეთის ხელმწიფისაგან გამოგზავნილი ელჩებიც გვარწმუნებენ, - ბევრს კარგს მოელოდეთ ჩვენგანო. მეფე ერეკლეს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ამხელა ჯარით ყიზილბაშებს მოსრავდა და ქართველებს დიდ ნადავლს ჩაუგდებდა ხელში. ის კი აღარ უწყოდა, რომ "საქართველოს დასაგესლად უამრავი მიწაზე მძრომი გველი დაცოცავდა, არათუ სასახლის კარზე, არამედ იქაც, თათბირზეც". მეფის მტრებს ამ თათბირიდან ასეთი ამბავი გამოუტანიათ: "მეფე ირაკლისთან რჩევების მაგიერად რწყილზედ იყო ლაპარაკი და თავად მეფე კი სთვლემდაო". მაშინ, როდესაც ოცდაოთხ საათში ჭარმაგ მეფეს მხოლოდ სამი საათი ეძინა თურმე. ამისთანა ჩუმი მტრები ჰყუანდა და კიდევ სხვას რაებს არ უგონებდნენ... რაღა უნდა ვსთქუათ იმ გაუგებლებზე და იმ გამყიდუელს ისკარიოტელებზე?"
იმედის მიუხედავად, ჯარები არსაიდან ჩანდნენ. ქიზიყში შეყრილი 9000 კაცი სიღნაღის ბოლოს დაშალეს. ფშავ-ხევსურეთის, თუშეთისა და კახეთის ჯარი არც კი შეკრებილა. იმერეთიდან სოლომონ მეფემ 3000 მეომარი ჩამოიყვანა, დანარჩენი 7000 კი აღარ მოუვიდა. ქართლელთა 10000-კაციანი ჯარის შეკრებაც ჩაიშალა. ჩერქეზების, ყაზახ-ბორჩალოსა და შამშადილის ჯარებიც არსად ჩანდნენ. რუსთა ხელმწიფის შუამდგომლის, კავკასიის გენერლის - ღუდოვიჩის იმედი კი სავსებით გადაეწურა ერეკლეს. ასე დარჩა იგი თავისი 4000 მეომრის, 3000-კაციანი იმერეთის ჯარისა და სოლომონ მეფის იმედად.
მეფე ვარაუდობდა, რომ ეს ჯარები 20 აგვისტოს მაინც მოიყრიდნენ თავს თბილისში. მაგრამ 23 აგვისტოც გათენდა და ქალაქში არავინ იყო. ერეკლეს კი ჰპირდებოდნენ, ჯარი მოვაო. ამით გამხნევებული მეფე 7000 მეომრით დაიძრა ყაზახისკენ. ქართველთა ჯარი მტკვრის მახლობლად, სოღალუხის მინდორში 40000 ყიზილბაშის პირისპირ აღმოჩნდა. მაინც ფიქრობდა ერეკლე, რომ თბილისში დიდძალი ჯარი დახვდებოდა, მაგრამ... "არსაიდან არა იყო რა, არამცთუ ჯარი, არამედ მსროლელიც კი". აქ კი იეჭვა მეფემ, "უეჭველად ღალატია, მაგრამ ვის ღალატობენ, მე თუ მამულსა? თუ ჩემთანა აქვთ მიზეზი რამე, მამულს რაღას ემართლებიან?!" როდესაც მეფე ერეკლე ყაზახისკენ თავისი ჯარით დაიძრა, მისმა მტრებმა თბილისში ხმები დაყარეს, ვითომდაც მეფე ერეკლე და სოლომონი აღა-მაჰმად-ხანმა დაღუპაო. ქალაქი შფოთმა მოიცვა. მოქალაქეები დარეჯან დედოფალს მიადგნენ, ქალაქიდან აყრას ითხოვდნენ. გულშეძრულ დედოფალს უთქვამს: "თქვენ ყველას ნება გეძლევათ, სადაც გსურთ, იქ წახვიდეთ, მაგრამ მე ვერსად ვერ წავალ. ვინც ჩემი ქმარი, შვილიშვილი და ჩვენი ჯარი დაღუპა, მეც იმის ხელით დავიღუპებიო". ამ სიტყვების შემდეგ მოქალაქეები შეწუხდნენ, მაგრამ სიცოცხლე ყველასთვის ძვირფასი იყო. მათ სახლები დატოვეს. ნახევარი თბილისი აიყარა. ნახევარიც მეორე დილით აპირებდა აყრას, მაგრამ ამასობაში მეფე ერეკლეს კაცი მოვიდა და სამშვიდობო ამბავი მოიტანა.
ამ ხმების გამავრცელებლები თურმე თავად რევაზ ანდრონიკაშვილის კაცები ყოფილან. როდესაც ქიზიყის მოურავმა, ზაქარია ანდრონიკაშვილმა რჩეული 2000 თავადი და ქიზიყის გამოჩენილი მეომრები შეკრიბა, რევაზ ანდრონიკაშვილმა იმ ღამეს თავადები საიდუმლოდ დაიბარა და ერეკლეს საწინააღმდეგო შეთქმულება მოაწყო: - ჩვენ აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ომი არ შეგვიძლია, ის გვირჩევნია, ცოლ-შვილს გავუფრთხილდეთ, თორემ დამპყრობლები ჩვენს მხარეს ერთიანად მოსრავენო. გადაიბირა ერეკლეს ერთგული 2000 მეომარი. ისინი იმ ღამესვე გაეპარნენ მეფეს. მეორე დღეს, როდესაც ერეკლემ ეს ამბავი შეიტყო, დიდად იწყინა, მაგრამ არ შეშინებულა - "თავისდაგვარად გამაგრებული იყო". სხვა რაღა დარჩენოდა - 5000-იანი ჯარით უნდა შებმოდა მტერს. თავისი გამჭრიახობითა და მხედართმთავრული ნიჭით ისე უნდა განელაგებინა მეომრები, რომ ნაკლებად დაზარალებულიყო ჩვენი მხარე. ბრძოლის წინ ასე მიმართა ქართველებს:
"ჩემო საყვარელო შვილებო, მხნენო ქართუელ-იმერლებო! როგორიც თქუენის ვაჟკაცობისგან ვიცოდე, ისეთი ვაჟკაცობა აჩუენეთ ყიზილბაშებს; რომ მაგათ თავის დღეში ჩვენში ვეღარ გაიჭაჭანონ. თქვენ იცით და თქვენმა ვაჟკაცობამ!"
ქართველთა ჯარი თავისი სიმაგრის წინ გამოფენილიყო. მშვიდად, უშიშრად იდგა და შეტევაზე გადმოსულ ყიზილბაშებს "განსვენებულის გულით" უყურებდა. აღა-მაჰმად-ხანს მტრის სიხალვათე რომ უხილავს, სიცილით უთქვამს: - "ეს საწყლები არიან ჩვენი მეომრები? ამ საცოდავებს სულ მტკვარში გადავყრითო". დაიწყო უთანასწორო ბრძოლა. ქართველთა ჯარის სიმამაცე რომ იხილა, აღა-მაჰმად-ხანმა გაკვირვებით შესძახა თურმე: "რაც გამეგონა ქართველთა ვაჟკაცობაზე, იმაზე უკეთესნი ყოფილანო". ყიზილბაშების ჯარის შუაგულში თამამად შეჭრილი ქართლელ-იმერლები და მათი ხმლების ტრიალი რომ დაინახა, მოხუცებულმა ერეკლე მეფემ მებაირაღეს აზატ-ხანის დამმარცხებელი ბაირაღის მოტანა უბრძანა და 500-კაციანი ჯარით ბრძოლის ველზე ჩავიდა. ამის შემხედვარე სოლომონ მეფეს გულმა ვეღარ გაუძლო და პაპას კვალში მიჰყვა. ბაირაღის ერთ მხარეს ღვთისმშობელი იყო გამოსახული ყრმით ხელში, მეორეზე კი - შუბით ვეშაპის გამგმირავი წმინდა გიორგი. თავისი საყვარელი მეფე რომ დაინახეს გაფრიალებული ბაირაღით ხელში, მეომრები გამხნევდნენ, თითქოს ახალმა სიცოცხლის სულმა შთაბერათო, "რანიც იყვნენ, ერთი სამად შეიქმნენ". აღა-მაჰმად-ხანმა დროებით უკან დაიხია. ქართველებმა ჯარის სიმცირის გამო მტრის ბოლომდე მიყოლა ვეღარ გაბედეს. წუხდნენ - ის 2000-კაციანი ქიზიყის ჯარი ჩვენთან რომ ყოფილიყო, დღეს აღა-მაჰმად-ხანს ბოლოს მოვუღებდითო. განსაკუთრებით ავად რევაზ ანდრონიკაშვილს ახსენებდნენ. მხოლოდ მეფე არ იღებდა ხმას. ფიქრობდა, როგორ ეშველა საქმისთვის.
აღა-მაჰმად-ხანმა გადაწყვიტა, მეორე დღეს ბრძოლის ველზე კვლავ შებმოდა ქართველთა ჯარს. ხოლო დახმარების შემთხვევაში კი აიყრებოდა და წავიდოდა. ომიდან გამობრუნებულმა ერეკლემ მახლობელ სოფლებში კვლავ გაგზავნა ხალხი და ჯარები დაიბარა, მაგრამ ავგანმზრახველებმა სოფლის მკვიდრნი შეაშინეს: საჩქაროდ აიყარენით, აღა-მაჰად-ხანი 200000 კაცითაა მოსული, მეფე ერეკლე თავისი ჯარითურთ მოუსრავს და ახლა აქეთკენ მოდისო. თავზარდაცემულმა სოფლელებმა ტყეებს მისცეს თავი. ქალაქის ხალხი კი საომრად არ ვარგოდა - "ძირითადად მოვაჭრეები იყვნენ".
ერეკლე ცხადად ხედავდა, რომ ღალატი იყო, თუმცა ვერ ხვდებოდა, საიდან. "ახლა, ცხადია, ვხედავ, რომ ღალატია ჩემზე და ის არ ვიცი, საიდან რა უნდა იყოსო". არადა ღალატი სულ უფრო და უფრო იკრებდა ძალებს: "არაჩნურთის ოსეფა არღუთოვისაგან იყო ერთი შემოჩენილი რუსეთიდგან არტემ არარაცკი, მეფის ირაკლისა და საქართველოს დასაღუპად. იმან პირველად იმოქმედა აღა-მაჰმად-ხანის მოყვანა საქართველოზედ".
ერეკლე ღმერთის ნებას სასოებდა: თუკი აღა-მაჰმად-ხანი საქართველოდან წავიდოდა, თბილისი ისევ დააბრუნებდა აყრილებს. ხოლო თუ ომი გაჩაღდებოდა და ძალები არ ეყოფოდათ, მაშინ კახეთისკენ წავიდოდა, საიდანაც ხუთ-ექვს დღეში 12000 კარგ ცხენოსან ვაჟკაცს გამოიყვანდა. სოლომონ მეფეს შეუთვალა, მისი ბრძანებისამებრ მოქცეულიყო და ზარბაზნებთან მდგომი 1000 კაცი არსად წაეყანა. სასახლის კარზე ყველას ჰქონდა ერეკლეს იმედი, რადგან "გამმარჯვებელი ბედი მარადის წინ უძღოდა მას".
ქალაქში მობრუნებულმა სოლომონ მეფემ მოსახლეობის აყრის შესახებ მეფე ერეკლეს ბრძანება გაავრცელა, მაგრამ ქალაქის მოსახლეობა ამ ბრძანებას არ დაემორჩილა - რაკი აღა-მაჰმად-ხანი წასვლას აპირებს, საფრთხე აღარ გვემუქრებაო. სასახლის კარი კი მწუხარებამ მოიცვა. მაშინვე აყრის თადარიგს შეუდგნენ. კათალიკოსი ანტონი, დედოფალი დარეჯანი, ლოგინად ჩავარდნილი ბატონიშვილი ალექსანდრე და თავად-აზნაურთა ამალა მთიულეთისკენ გაემგზავრნენ.
მეფე ერეკლემ თბილისის მელიქს, დარჩია ბებუთაშვილს აღა-მაჰმად-ხანის ელჩი გაუგზავნა და შეუთვალა, კარგად გაუფრთხილდი, არ გაგექცესო. ელჩი მელიქმა სხვას გადააბარა, თვითონ ცოლ-შვილით ქალაქიდან გაიქცა. რა თქმა უნდა, ისიც მოღალატე იყო, მას შემდგომ ლექსიც გამოუთქვეს: "აბა, ჩემო მელიქო, ფინიაობა დაიწყე, ბაგრატიონთ სისხლითა გულმუცელი აივსე". შემდეგ არტემ არარატსკიმ ღამით ქალაქიდან ეს ელჩი გააპარა. მან აღა-მაჰმად-ხანამდე მიაღწია და დაარწმუნა: მეფე ერეკლეს იმაზე მეტი ჯარი არ ჰყავს, რამდენიც თქვენ ნახეთო. აღა-მაჰმად-ხანმა იგი 5000 მეომრით გამოისტურმა და თვითონაც ქალაქისკენ გამოსწია.
ამდენ უბედურებას ნისლიც დაერთო. დილით ისეთი ბურუსი ჩამოწვა, რომ ას ნაბიჯზე არა განირჩეოდა რა. მეფე დაღონდა - ამაში აშკარად ღვთის განგება ჩანსო და სოლომონ მეფეს შეუთვალა, ზარბაზნებთან დამხვდი შენი ჯარითო. შემდეგ კი თავადაც გამოსწია. მაგრამ ყიზილბაშებმა გადმოასწრეს და ზარბაზნებს თავზე წამოადგნენ. მთელი დღის ნისლი თითქოს საგანგებოდ იმისთვის გადაიყარა, ყიზილბაშებს ზარბაზნები რომ დაენახათ. იმერელმა მომხრეებმა კი ნისლგადაკრულში ყიზილბაშები დაინახეს ზარბაზნებთან და გაიფიქრეს, მეფე ერეკლეს ჯარი ამოუწყვეტიათო, ქალაქში ჩამოვიდნენ და ერეკლეს ჯარის დაღუპვის ამბავი ჩამოიტანეს. სოლომონ მეფემ ეს ამბავი დაიჯერა, აიყარა და იმერეთისკენ გასწია. ქალაქში ხმა დაირხა, იმერლებმა გვიღალატესო...
ბატონიშვილ დავითსაც ღალატი გამოუვიდა. მას დიდხანს უმალავდნენ თავისი ბიძის, რევაზ ანდრონიკაშვილის ღალატის ამბავს, მერე ყველაფერი ერთბაშად საიდუმლოდ უთხრეს. ისიც გაფიცხდა: "საწყალს პაპაჩემს, მეფე ერეკლეს, ყველამ უღალატა. აქ მარტო ჩვენ რაღა უნდა შევძლოთ?" ზარბაზნები ხევში გადაყარა და კახეთისკენ წავიდა. ყიზილბაშთა ჯარმა მთის მოკლე გზაზე რომ გამოიარა, ერთი მსროლელიც არავინ დახვდა წინ.
ყიზილბაშებმა რომ დაინახეს, ზარბაზნებს ჯარი არ ჰყავდა, ქალაქში შემოსავლელად დაიძრნენ. ამ დროს ზარბაზნები გავარდა, იმერლებისგან მიტოვებულმა მაიორმა გურამიშვილმა გადაწყვიტა, მარტოს, მცირე რაზმით ეომა: "მამულისთვის და კარგი მეფისთვის სახელოვანი სიკვდილი სჯობს უნამუსო სირცხვილს, სამი თითით ყველამ მიწა ავიღოთ და შევჭამოთ. ეს იყოს წმინდა საიდუმლოს მაგიერ. საიქიოს სახელოვნად წარვსდგეთ, როდესაც აუცილებელი სიკვდილი მოსულა ჩვენზედა".
შეიქმნა მძვინვარე ომი. იმერლების დაკლებამ საბედისწერო როლი ითამაშა. სპარსელებმა ერეკლეს ჯარს უკან დაახევინეს. მეფეს კვლავ იმერლების იმედი ჰქონდა, მაგრამ იმათი წასვლის ამბავიც მოახსენეს და დავითისაც ზედ დაურთეს. "უბედურმა მეფემ თავი გადააგდ-გადმოაგდო, დაღონებულმა სხვა კი არარა თქუა რა, ამისთვის, რომ ძალა იმის მეფობისა მოკლულ იყო მტრისაგან, რომლებსაც ღმერთი სწამდათ და მისი მტრები კი იყვნენ ის უსვინდისონი".
მეფე საგურამოსკენ წაბრძანდა. გზაში ფიქრობდა: "მივბრუნდები უკან, მეც ჩემს შვილებთან მოვკვები ამ ქალაქის ხალხში და იმათ ვნებას ვეღარ ვნახავო, მაგრამ მისმა ერთგულმა ბატონიშვილებმა ცხენს ხელი უტაცეს და უკან გამოაბრუნეს. გულმოკლული, დაღონებული მეფე მწარედ გოდებდა: "ოჰ, ღმერთო, რასა ვხედავ, ან რა ხმა მესმის? ჩემო საყვარელო შვილებო, მე თქვენს ამაღლებას ვცდილობდი, მე თქუენის ბედნიერებისთვის ვზრუნავდი, თქვენი მცირე მწუხარება ჩემთვის სასიკვდინო იყო და სიხარული - ბედნიერება! მე თქვენთვის უნდა მოვმკვდარიყავ და თქვენ ჩემთვის იხოცებით, აბა, რიღას მეფე ვარ, რით დაგიფაროთ?!"
ამ მოთქმაში მისი მხლებელი ქართველები უკან ედგნენ და ცრემლად იღვრებოდნენ. ბოლოს მისი სიძე, ივანე მუხრან-ბატონი, მივიდა და დიდი ხვეწნით სთხოვა, გაჩუმებულიყო, მაგრამ ეს ორიოდ სიტყვა მაინც თქვა: "რაც განძრახვა მქონდა, იმ დაწყობილებით რო დავმარცხებულიყავით, ვიტყოდით, ღმერთმა არ ინებაო და ისე შესაწუხებელი აღარ იქნებოდა. რატომ ღმერთმა გუშინვე ჩემი თავი ომში არ მოაკვლევინა და ეს საშინელი უბედურება მაჩვენა? - რა კარგი, ბედნიერი სიკვდილი იქნებოდა ჩემთვის. არ ვიცი, ეს ამისთანა უსვინდისო ღალატი საიდგან რა უნდა იყოს, ვფიქრობ და ვერა გამიგია რა".
ამ უკანასკნელი სიტყვებით თავი ჩაჰკიდა და დანაღვლიანდა.
"ამ დროს ერთი ადრებეჟანის ხანი მოადგა თავისი ჯარით - მეფე ერეკლეს ყიზილბაშების ჯარი არსად მოეწიოს, გავაფრთხილებო.
ყოვლისა ძალისაგან მოსპობილ მეფე ირაკლის და საშინელს ღალატში ჩავარდნილსა რაღა უნდა ექნა? ამის მეტი ვეღარა მოიფიქრა რა, გატრიალდა თავის ქართველებთან და იმ ღამეს საგურამოში ავიდნენ და იქვე დადგნენ, დაღლილ-დაწყვეტილები და მწარედ შეწუხებულები.
მაშინ ვინც მეფე ირაკლისთან იყვნენ, თავიდგან უკანასკნელამდისინ, იმათი სახელები არ უნდა დაიკარგოს, იმათი სახელი უნდა დაიწეროს აქა".
ამ ომში თავი გამოიჩინეს: 1) მეფის ძემ - ალმასხან-ვახტანგ ბატონიშვილმა. სწორედ მან მოიყვანა 300 ცხენოსანი აზნაური, 300 არაგველი, რომლებიც ომში დაიხოცნენ. მას უფრო მეტი მეომრის მოყვანა შეეძლო, მაგრამ ჩაუშალეს; 2) მეფე გიორგის ძე ივანე ბატონიშვილმა. იგი ბევრჯერ გადასდგომია მეფეს წინ და სეტყვასავით წამოსული ტყვიებისთვის საკუთარი მკერდი შეუშვერია. მასაც შეეძლო 1000 ცხენოსნის გამოყვანა, მაგრამ 50 ძლივს გამოიყვანა. ესეც ღალატით მოხდა; 3) ერეკლე მეფის სიძე ივანე მუხრან-ბატონმა. იგი განუყრელად თან ახლდა მეფეს, ზურგს უმყარებდა. მასაც შეეძლო 1000-მდე კაცის გამოყვანა, მაგრამ 60-მდე ძლივს მოახერხა; 4) ერეკლეს სიძემ თავადმა ზაქარია ანდრონიკაშვილმა და თავადმა ივანე აბაშიძემ; 5) ოთხმა ამილახვარმა.
ამ ომში უამრავმა თათარმაც გაწირა თავი ერეკლესა და ქართველების ერთგულებისთვის. აღა-მაჰმად-ხანს ამბავი მოუვიდა, ქალაქი ავიღეთო. დიდად გაიხარა და მეფის სასახლის სანახავად წამოვიდა. ძალიან მოეწონა. მეფის სალარო რომ ნახა ამდენი სიმდიდრით, გაოცდა. მერე აბანოში იბანავა და იქიდან გამოსულმა საქართველოზე თარეში ბრძანა. სოფლები აიკლეს. ვინც შეეწინააღმდეგა, დახოცეს. დანარჩენი ტყვედ წაასხეს. ქალაქი შემუსრეს, მეფე ერეკლეს სასახლე გაძარცვეს და სპარსეთისკენ დაიძრნენ, ვაითუ მეფემ ქალაქი განგებ დაგვანება და ჩუმად უნდა შემოიყვანოს ჯარებიო.
ამის შემდეგ მეფე ერეკლე თელავში გადავიდა. ხალხს ანუგეშებდა და ამხნევებდა. ღვთის შეწევნით, შემდეგ ტყვეებიც გამოიხსნეს. ხელმეორედ მოვიდა ამბავი: აღა-მაჰმად-ხანი ისევ აპირებს მოსვლასო. მეფემ დიდგვაროვნები იწვია და მათაც ერთხმად შეჰფიცეს: "გავწყდებით და აღა-მაჰმად-ხანს სამაგიეროს მივაგებთო". მზადება დაიწყეს, ქალაქში ჩამოვიდნენ, მაგრამ ამ დროს მახარობელი ეახლა მეფეს - აღა-მაჰმად-ხანი ყარაბაღში მოკლესო. ყველა ეკლესიაში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. ღმერთმა წყალობის თვალით გადმოგვხედა, თორემ უფრო საშინელი ღალატი იყო მომზადებული, მთელი საქართველოს მოოხრებას აპირებდნენ. ამ განზრახვით მოძრაობდა აღა-მაჰმად-ხანი. ეს სურდა შაჰ-აბასსაც.
ამის შემდეგ მეფე ერეკლემ განჯის ციხე აიღო. განჯის ხანი ჯავათ-ხანი გამოიყვანა და დაიახლოვა. ქართველთა ღალატის ამბავიც მას უამბია მეფისთვის. ამ საიდუმლო ამბების გაგონების შემდეგ მეფის პირმა "აღარ გაიღიმა და კიდევაც დასნეულდა".
"ქარელში ორი ტაძარია. ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია ციციშვილების მიერ არის აშენებული. აქ დაკრძალულია ერეკლე II-ის ქალიშვილი მარიამი, რომელიც ციციშვილზე გახლდათ გათხოვილი".
/"კარიბჭე" N26, 2008, გვ.38/
"...ლექსში დასმული პრობლემების ირგვლივ კი სააზროვნო და საკამათო რომ ბევრია, ამას მოწმობს მ. ღაღანიძის წერილიც - რას გვაუწყებს დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის "საფლავი მეფის ირაკლისა?" ავტორი საინტერესო წიაღსვლებით განიხილავს ერთ, მთავარ, პრობლემას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან.
აღნიშნული პრობლემა სადღეისოდ, რომ ისევ, გადაუჭრელი და გაურკვეველია, სტატიის დასასრულიც ამაზე მიუთითებს. ჩვენი მიზანი იყო ყურადღება გაგვემახვილებინა ბარათაშვილის პოეტური ოსტატობის ერთი ასპექტის შესახებ. კვლევისათვის დაგვჭირდება ცნობები, თუ რა ვითარებაში დაიწერა აღნიშნული ლექსი, ვის უძღვნა იგი პოეტმა და რატომ? ვფიქრობთ, ეს ფაქტები, ზოგადად, საინტერესო იქნებოდა ლექსის ნებისმიერი კუთხით განხილვისათვის".
/ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.7/
სტატია საკმაოდ საინტერესოა და ჟურნალში გაეცანით...
"1757 წელს მეფე ერეკლემ აოხრებული ჭერემის ერთი ნაწილი ბოდბეს ეპარქიასაც უბოძა".
"ბოდბის ტაძრის რესტავრატორ-განმაახლებელის სახელი დაიმკვიდრა მღვდელმთავარმა იოანე მაყაშვილმა (1743-1837), რომელიც ქართლ-კახეთის სამეფო კართან დაახლოებული პირი ყოფილა. აღსანიშნავია, რომ იოანე იმ მღვდელმთავართა შორის იყო, რომელთაც მეფე ერეკლეს პანაშვიდი გადაუხადეს".
/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 171, 172/
"ისტორიული წყაროებიდან ასევე ცნობილია, რომ კიკოს მონასტრის წინამძღვარმა იოაკიმემ მიმართა მეფე ერეკლე II-ს მატერიალური დახმარებისათვის, რათა აღედგინა დამწვარი მონასტერი.
მეფემ თხოვნა შეუსრულა. ვარძიის მონასტრის შემოსავლის მესამედი გადაეცა კიკოს მონასტერს. თვითონ იოაკიმე საქართველოში 1780 წელს ჩამოვიდა. იგი მიიღო ერეკლე II-მ. მამა იოაკიმე ვარძიაში დასახლდა, სადაც გააგრძელა თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N3, 2018, გვ.14/
"1840-1843 წლებში დეკანოზი ეგნატე [ონისიმეს ძე იოსელიანი] ასევე გახლდათ ერეკლე II-ის ასულის - თეკლას სულიერი მოძღვარი".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N18, 2018, გვ.19/
"იქვე ახლოს არის სამარე დედოფალ თამარისა, თეიმურაზ II-ის ცოლისა და ერეკლე II-ის დედისა. პაპუნა ორბელიანი თამარის გარდაცვალების გამო წერს: "დედოფალი ქართლისა თამარ, პირმშო ასული მეფისა ვახტანგისა, მოიცვა სნეულებამან ფრიადმან. შემოიკრიბნეს აქიმნი ქალაქით ანუ სადა ესმენეს აქიმთა ამბავნი, ყოველნივე მოიწვივნეს, ეცადნენ ბევრის ღონისძიებითა და ვერა ჰკურნეს... წაასვენეს ცხედარი დიდსა სამეუფოსა ეკლესიასა მცხეთას".
საფლავის ქვის წარწერა კი გვეტყოდა: "სიკვდილი არს ხრწნილებაი ხორცთაი და მან ერთმან მიწია მეცა და მივეც ვალი სიკვდილსა და შევეძინე მამა-პაპათა ჩემთა... შენდობისა მოქენე ვარ სახსენოითსა ჩემისა მნახთაგან..." მის გვერდით დაუკრძალავთ ორბელისძე ყაფლანის ასული, მეუღლე შაჰნავაზად წოდებულისა მეფისა ვახტანგ V-ისა, დედოფალი, როდამყოფილი, ახლა სქემმონაზონი ეკატერინე.
აღსანიშნავია ერეკლე II-ის მეუღლის, ანა დედოფლის საფლავის ქვის წარწერა, რომელიც მოგვითხრობს: "ოთხ წელ საშროშნოდ ყიცვნა დედოფლობამან (ანამ 4 წელი იდედოფლა, - კ.კ.), ათცხრამდე წლისა დამწიხლა ძვალთ გამშიშვლემან, დავყვავილოვანდი ვარდი მეცა... აჰა, მირონთა წუთხნი ემონაცვალნენო", - მოსთქვამს "სატრფო ფერცხალი ირაკლი კახთა მეფისა.
სვეტიცხოველში, საკურთხევლის წინ, არის განსასვენებელი ქართლ-კახეთის ბოლო მეფეთა - ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ისა. 1798 წელს გარდაიცვალა მეფე ერეკლე და "დაფლეს დიდითა დიდებითა სასაფლაოსა მეფეთასა, სადაც არის კათედრაცა კათალიკოსთა მწყემსთა საქართველოისათა და დაფლეს მუნ მარჯვენით კერძო შინაგან დიდსა მის ეკლესიისასა, ქვემორე პირისპირ ხატსა მაცხოვრისასა მეფისა ქრისტე მხსნელისა ჩვენისასა".
/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.32/
"გადმოცემით, ზემო ნიქოზის ღვთაებაში მეფე ერეკლე ამალით მოვიდა, ტაძარში მოთავსებული წმინდა რაჟდენის ხატს სანთელი დაუნთო და მის წინ დაიჩოქა.
ერეკლე II-ის ცხინვალში, ზემო აჩაბეთსა და ნიქოზში ნამყოფობას საისტორიო წყაროებიც ადასტურებენ და გადმოცემებიც. ზემო ნიქოზში გადმოგვცემენ, რომ მათი სოფლის მიწის ერთ ნაკვეთს ვაშაურას ეძახიან. ეს იმიტომ, რომ მეფე ერეკლეს აუწყეს: ზემო ნიქოზში ლეკები არიანო. მეფე მათკენ გაეშურა. მტერს "ვაშა, ურა" დაჰკივლეს და დაამარცხეს. ვაშაურას მახლობლად ცხვარი დაკლეს, გამარჯვების ნადიმი გადაიხადეს და ამიტომ იმ ადგილს ნამცხვარები ჰქვიაო."
/"კარიბჭე" N5, 2011, გვ.38/
"მოგეხსენებათ, რომ პატარძეული ძირძველი სოფელია, და XII საუკუნიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში. მეფე ერეკლეს დედინაცვალი, დედოფალი ანა რომ გარდაიცვალა, კახეთში დიდთოვლობა ყოფილა. როდესაც თბილისიდან თელავში მიასვენებდნენ დასაკრძალავად, გზად პატარძეულში შეჩერებულან და იქ დაუკრძალავთ."
/"კარიბჭე" N6, 2010, გვ.31/
"ასი წლისთავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან"
ტფილისი, 12 იანვარი, 1898
11 იანვარს, როგორც მოეხსენებათ ჩვენს მკითხველებს, წირვა და პანაშვიდი იქმნა გარდახდილი საქართველოს მეფის ერეკლეს მოსახსენებლად ლოცვითა და კურთხევითა. დიდძალი ხალხი მიაწყდა ამ დღეს სიონის სობოროს, ასე რომ შიგ ეკლესიაში ტევა არ იყო. გარეთ მთელი სიონის ქუჩა ორპირად დაჭერილი იყო ხალხითა და პოლიცია ძლივს ამაგრებდა, რადგანაც ყველა ეკლესიაში შესასვლელად იწევდა და ეკლესიაში კი ადგილი არ იყო. ამ საუკუნოდ სახსენებელ დღეს მეფე ერეკლეს მიცვალებისას დაესწრნენ მისი ბრწყინვალება მთავარ-მართებელი თავადი გოლიცინი, ტფილისის გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი, გუბერნიის მარშლის მოადგილე, მარშლები, ჩვენი დიდკაცობა, ქალი თუ კაცი, ქართველთა დაწესებულებათა წევრნი და თითო-ოროლა რუსთა მოხელეობის წარმომადგენელნი და მრავალნი სხვანი.
ამ სახით ამ ქართველებისთვის ღირს-სახსოვარს დღეს მეფე ერეკლეს გარდაცვალებისას პატივი სცეს მისმა ბრწყინვალებამ მთავარ-მართებელმა თავადმა გოლიცინმა და უმაღლეს მოხელეობის წარმომადგენელთა, დიდი და პატარა ქართველობისა მოვიდა, რომ ლოცვა-კურთხევით მოიხსენოს განსვენებული მეფე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული ჰპატრონობდა და თავგამომეტებით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ინახავდა ყველა მილეთის და თესლის კაცს, ვინც კი შემოკედლებულნი იყვნენ მისს საფარველ ქვეშ, რომელმაც ზედ შეაკლა ტფილისს თვისნი შვილნი, თვისნი ქართველნი, რომ ტფილელნი გადაერჩინა ძარცვა-ტაცებასა და ტყვეობისაგან, რომელმაც, თუმც უკანასკნელ დროს ვერ იხსნა ტფილისი წახდენისაგან, მაგრამ თავისი უკეთესი ძალ-ღონე ხომ შეალია, უკეთესი მამულიშვილნი ხომ შეაკლა და მტლად დაუდო. სხვა არა იყოს-რა, ერეკლე ბრწყინვალე მეფე იყო საქართველოსი და ტფილისი მისი სატახტო ქალაქი!..
რით გადაუხადა ესეთი ღვაწლი ტფილისმა მართლა-და მისთვის ღვაწლითმოსილ მეფეს იმ დღეს, როცა ქართველობამ მისდა საოხად და სახსენებლად წირვა-ლოცვა გადაიხადა? მით, რომ ტფილისის საბჭომ და გამგეობამ არც კი იკადრა, წირვასა და პანაშვიდზედ დასწრებოდა. თუ მთელი კრებული საბჭოსი და გამგეობისა მეტის-მეტი პატივი იქნებოდა, მათის გაკადნიერებული აღმატებულობის ფიქრით, ერთი ორი წევრი მაინც გამოეგზავნათ!.. ვთქვათ, არც ეს იკადრეს და არ დაიმდაბლეს აღვირაშვებული თავი, თვით ქალაქის მოურავის მოადგილემ რატომ არ დაინახა საჭიროდ, რომ ამისთანა დღეს პატივი ეცა ქართველებისთვის და მობრძანებულიყო ეკლესიაში! რას შეუფრთხა? ნუთუ მომავლინებელთა თვისთა? მოვლინებულმა არ უღალატა განა თვისთა მომავლინებელთა და მათის უმართებულობის წინაშე დაივიწყა მოვალეობა ქალაქის მოურავის თანამდებობისა!..
ეხლა ვკითხოთ იმათ, ვინც ყურები გამოგვიჭედა ძმობისა და ერთობის ქადაგებითა და ღაღადით: რის მომასწავებელია ასეთი უმართებულო საქციელი მთელის იმ წყობისა, რომელთაც დღეს ხელთ უჭირავს პატრონობა ჩვენის ქალაქისა? ნუთუ ეს დღე იმისთანა დღე იყო, რომ ასე ყურები გამოიჭედეს ბამბითა და სამარცხვინოდ თვალი დაიხუჭეს, მითამ და აქ არაფერიაო? ნუთუ ამას იქითაც იტყვით, რომ ეხლანდელი "მამანი ქალაქისა" მართლა ქალაქის წარმომადგენელნი არიან და მისის სურვილების გამომეტყველნი და არა მარტო ერთგვარ წყობისა, რომელსაც მეორე ნაწილთან, ქართველობასთან არავითარი კავშირი და ერთობა არა აქვს, და არც სურს რომ ჰქონდეს? განა ესე ექცევიან ძმები ერთმანეთს? განა ერთის ძმის სადიდებელი მეორისათვის პატივსაცემელი მაინც არ უნდა იყოს, სადიდებელს ნუღარ ვიტყვით? სიტყვით რომ ძმობას იძახით, საქმით რათა ხართ ეგრე შორს? ძმობა განა ჭირისა და ლხინის გაზიარება არ არის? ესეც თქვენი მოწონებული და მრავალთათვის თვალებასაფარებელი "კლასოვაია ბარბა"-ა? ნუთუ აქაც ეგ "ბარბა" ჰლაპარაკობს, და არა გულჩახვეული, უტყვი ავგულობა იმათ მიმართ, ვინც ძმობასა და ერთობას ეგრე ებღაუჭებიან და ვის სადიდებელს და ღირს-სახსოვარს დღეს ეგრე უკადრისად, უმართებულოდ და უზრდელად ექცევიან!.. ვისაც გქონან ყურნი სმენად, ისმინეთ!.."
/ილია ჭავჭავაძე
"კარიბჭე" N10, 2010, გვ.18-19/
"ძეთათვის შედგენილ თავის განწესებაში, 1791 წელს, ერეკლე II - ანანურის ციხეს ქვეყნის შვიდ უძლიერეს სიმაგრეთა შორის მოიხსენიებს. კრწანისის ომის შემდგომ, მოხუცებულმა მეფემ სწორედ იქ ჰპოვა თავის თავშესაფარი".
/"ფუძნარი" N8, 2017, გვ.13/
"თუ სწორად მახსოვს, ერეკლე მეორის დროს მსახიობობა სასულიერო სემინარიაში ერთ-ერთ განხრად ისწავლებოდა, სცენაზე კი იდგმებოდა ისეთი წარმოდგენები, რომლებიც ჩვენს ხალხს ასწავლიდა სამშობლოს სიყვარულს, რომ ბრძოლის დროს არ შეშინებოდათ თუნდაც ურიცხვი მტრისა, გამოეჩინათ სიმამაცე და თავდადება ქვეყნის დასაცავად, ამასთან, იგმობოდა ჯაბანი და ლაჩარი მეომარი, რომელიც უნდა მოეკვეთათ საზოგადოებიდან.
უფლისადმი, სამშობლოსა და მოყვასისადმი თავგანწირვა ხომ ქრისტიანული ზნეობის უმაღლესი იდეალია.
როგორც მოგეხსენებათ, ერეკლე მეორის ეპოქაში წიგნიერებამ და განათლებამ მაღალ დონეს მიაღწია, მაგრამ იყო ისეთი პერიოდი, როცა წერა-კითხვა ბევრმა არ იცოდა საქართველოში, ამიტომ ზოგჯერ თეატრი წიგნის ფუნქციასაც ასრულებდა.
ჩემი აზრით, სწორედ წიგნისა და თეატრის საშუალებით სწავლობს საზოგადოება, რა თვისებები უნდა იყოს მისთვის სანიმუშო და მისაღები, რა თვისებები - დასაგმობი და მოსაკვეთი, ამიტომ თეატრს უდიდესი აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს, რომელიც წარმოუდგენელია მსახიობის გარეშე.
მივესალმები ისეთ სამსახიობო ხელოვნებას, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული ცნობიერების განმტკიცების კეთილშობილურ საქმეში. "
/დეკ. აკაკი მელიქიძე
"კარიბჭე" N8, 2011, გვ.20/
"ერეკლეს საყვარელი საბრძოლო შეძახილი: "ჰკა მაგ წუნკლებსა"
/"კრიალოსანი" N3, 2008, გვ.36/
"ერეკლე მეფეს სულ 24 შვილი ყავდა, აქედან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული მემკვიდრე ერეკლესი ლევან ბატონიშვილი გახლდათ. ლევანი მამამისის ნამდვილი ასლს წარმოადგენდა მისი ვაჟკაცობით და საოცარი სიმამაცით. სწორედ იგი ედგა სათავეში ერეკლეს მიერ შექმნილ "მორიგე ჯარს" და ლეკებისთვის ნამდვილ რისხვას წარმოადგენდა.
წლების განმავლობაში მტერი ისეთივე შიშით შეჰყურებდა ლევანის მახვილს როგორც მისი სახელგანთქმული მამისა..1781 წელს, მას შემდეგ, რაც უფლისწულმა ალაზანთან ლეკებს სისხლიანი სასაკლაო მოუწყო, ძალიან მოულოდნელად საღამოს გარდაიცვალა. ერეკლეს ავმოსურნეებმა მალევე დაყარეს ხმები თითქოს ლევანი ვიღაც კაცს ცოლთან შეესწროს და ხანჯლით მოეკლას, როცა ეს მოახსენეს მეფეს, მიუხედავად იმისა, რომ ლევანი მშობლების ერთ-ერთი უსაყვარლესი შვილი იყო, ერეკლემ განაცხადა თუ ეგ ამბავი მართალია, ჩემს ლევანს არ დავიტირებ და ცხენს ვათრევინებო!..
ლევანი, როდესაც ჩამოიყვანეს, ერეკლემ მისი გაშიშვლება ბრძანა, რათა ხანჯალ ჩარტყმული ადგილი მოენახათ, როცა გახადეს ბატონიშვილს ვერსად აღმოუჩინეს ჭრილობა, ის მთლიანად გალურჯებული იყო. მაშინ კი ყველა მიხვდა, რომ ლევანი უდანაშაულო იყო და მამამ, როგორც წესია ისე დაიტირა თავისი ღირსეული მემკვიდრე! ლევანის გარდაცვალების შემდეგ ჯანღიანი ქართულის ცის ქვეშ მარტო დარჩენილიყო უკვე 60 წელს მიღწეული ერეკლე..
"მეფისა დროშით სად მიხვალ,
ჰე, ლევან სულით ნათელო,
შენ მხოლოდ მამის იმედო,
უდროდ მზედაბნელებულო,
შეირყა ტახტი მეფისა,
რა შთახველ საფლავს ლომგულო!"
/"კანდელი" N1,2020, გვ.9/
"ერეკლე მეფეს ტყვეობიდან დაუხსნია ქართული ხელნაწერიც. ცნობილია მისი ბრძანებით დამზადებული ნუსხებიც. ერეკლე მეფის სახელს უკავშირდება 1758 წელს თელავში ბასილი დიდის სახელობის სასწავლებლის დაარსება, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა და აღმოსავლეთ საქართველოში საგანმანათლებლო კერად იქცა"
/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 210/
"ლიონიძე სოლომონ (1754 - 1811) - ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, ერეკლე მეფის მსაჯული. მისი სახელით მოღწეული თხზულებებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს "მოთქმით ტირილი საქართველოს მეფის, ღერკულეს ნეტარებისა ღირსისა", ქართული მჭევრმეტყველების შესანიშნავი ძეგლი, მიძღვნილი მეფე ერეკლეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისადმი. სოლომონ ლიონიძე ეკუთვნის აგრეთვე, ქართული ეპისტოლარული მჭევრმეტყველების კლასიკური ქმნილება - "მიმართვა პავლე პირველისადმი"
/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ.268/
"მისმა [ზურაბ ავალიშვილი] სადიპლომო ნაშრომმა "საქართველოს რუსეთთან შეერთება", რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენდა, ოქროს მედალი დაიმსახურა"
/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.48/
"1783 წელს, როდესაც ერეკლე II-მ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, ქართველთა ხელმწიფე ამ დოკუმენტში მოიხსენიება შემდეგი ტიტულატურით: "მემკვიდრე და ხელმწიფე მფლობელი, კეთილნებობითა მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი შამშადილისა, მთავარი კახისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა".
ტრაქტატის ტექსტში ერეკლე ბაგრატიონის ამ ტიტულატურით მოხსენიება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა სრულად აღიარებდა ქართველთა მეფის უფლებებს ჩამოთვლით ტერიტორიებზე!"
/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.43/
"კოჯორი მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში კოჟრის სახელით მოიხსენიება. კოჯორი, ჩანს, მოგვიანებით ეწოდა. ერეკლე II-ის დროს ის ჯერ კიდევ კოჟრად იხსენიება - გადმოცემით, კოჟორში მიმავალ მეფე ერეკლეს ღვინით მოურწყავს გზა."
/"კარიბჭე" N4, 2007, გვ.40/
"კაცობრიობა გადაარჩინა ვაქცინაციამ. ერეკლე მეფე, როცა პირველი ვაქცინა საკუთარ შვილს გაუკეთა, გახდა სამაგალითო ქართველებისთვის. ჩვენ გვჭირდება ფიზიკური გადარჩენა... გადავრჩეთ სულიერად და შევძლოთ ღვთისმსახურება".
/დეკ. შიო პაიჭაძე
"კარიბჭე" N1, 2021, გვ.15/
"ერეკლე მეორეს ყველაზე ტრაგიკულ ხანაში მოუხდა მოღვაწეობა, როცა ქართლ-კახეთს ერთდროულად ებრძოდნენ მუსულმანები და ლეკები, მაგრამ ერეკლე თითქმის ყველგან იმარჯვებდა. ამის შესახებ ერეკლეს პირველ ვეზირმა სოლომონ ლეონიძემ ასე თქვა: ერეკლეს გამარჯვებანი რიცხვით ხსონას აშორდაო".
/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.134/
"მეფე ერეკლე 24 წლისა გამეფდა, 54 წელი იმეფა, 78 წლისა გარდაიცვალა 1798 წლის 11 იანვარს თელავის იმ სასახლეში, სადაც დაიბადა. ამაგდარმა მეფემ თან წარიტანა იმდენივე ჭრილობა, რამდენი წლისაც იყო (78 ჭრილობა, ზოგიერთი მონაცემით - 84). დაკრძალულია სვეტიცხოველში".
/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.136/
"წელს [2020], 7 ნოემბერს შესრულდა 300 წელი მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან. ამასთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადახდილი იქნა პანაშვიდი".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2020, გვ.3/
"1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ტაძრებს შორის არსებულ მოედანზე მეფე როსტომმა სასახლე ააგო და ამ მოედანსაც "სამეფო მოედანი" ეწოდა. მოგვიანებით მას ერეკლე მეორის მოედანი დაარქვეს. ამ ოთხკუთხა მოედნის ოთხივე მხრივ სავაჭრო დუქნები იდგა, ხალხმრავლობის გამო მას "სალაყბოსაც" ეძახდნენ.
სიონისა და ერეკლე II-ის ქუჩების გასწვრივ რასტაბაზარი იყო. "რასტაბაზარი" სპარსული სიტყვაა და ქუჩის გასწვრივ, ერთ რიგად მოწყობილ დახლებსა და სახელოსნოებს ნიშნავს.
ერთ-ერთი უძველესია ნავთლუღის ბაზარი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. სახელწოდება თურქულია და ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს. XVIII საუკუნის 60-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აქ ციხე-გალავანი ააგო და გაპარტახებული ნავთლუღი ხელმეორედ დაასახლა. ნავთლუღზე გადიოდა აღმოსავლეთისკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატარნზიტო გზა, ე.წ. კახეთის გზა".
/"კარიბჭე" N7, 2021,გვ.38/
"კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე მეფემ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად, არაგვის ხეობას შეაფარა თავი. დღესაც არავინ იცის, სად იმყოფებოდა სამ დღეს, მეოთხე დღეს კი ანანურის ციხეში გამოჩნდა. ეს გამოჩენაც იდუმალებით იყო მოცული. ციხის ბურჯებზე მხოლოდ გუშაგებს უმატეს, მალიმალ მიმოქროდნენ თავდაღუნული მდუმარე მხედრები, სოფლებში ჩურჩულითა და ვიშვიშით გადადიოდა ხან ერთი ამბავი, ხან მეორე, დედაკაცები მუხლებში იცემდნენ ხელებს, მხრებაცახცახებულნი თვალებზე იფარებდნენ მოსახვევის ბოლოებს".
/რეზო ინანიშვილი, "ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები", გვ.72/
"ძველი ეპოქების ძეგლებისადმი ინტერესს საქართველოში უკვე კარგა ხნის წინ იჩენდნენ. თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით, უპოვნიათ "მეფობასა შინა ირაკლის მეორისასა კერპთმსახურებისა ჟამსა შინა დაფლულნი მკვდარნი და ფულნი პირთა შინა დებულნი მათნი და რომელნიმე რკინის საჭურველთაგანნი დაშთომილნი განუხრწნელად, იცვებოდეს სალაროსა შინა მეფის ირაკლისასა ტფილისს..." ეს ცნობა ერეკლე მეორის სასახლეში სიძველეთსაცავის შექმნის მოწმობადაა მიჩნეული".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.63/
"1774 წელს ერევანში ლაშქრობისას ერეკლე II-ს რვა სომხური სოფლის მოსახლეობა აუყრია და საქართველოში დაუსახლებია.
ცნობილია, რომ მეფე ერეკლე II-მ ანატოლიელი ბერძნები ახტალასა და ალევერდის (ორივე დასახლებული პუნქტი თანამედროვე სომხეთის შემადგენლობაში შედის) სპილენძის მადნების დასამუშავებლად მოიწვია".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 214/
"ალექსანდრე [გრუზინსკი] ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს და ვერ ურიგდებოდა ქართლში ერეკლე II-ის მეფობას. ბაქარის გარდაცვალების შემდეგ მან საქართველოში წასასვლელად და ქართლის დასაბრუნებლად დაიწყო მზადება. თუმცა, რუსეთის უნებართვოდ დატოვება და საქართველოში წამოსვლა შეუძლებელი იყო, მან ეკატერინე II-ის ბრძანებით სამხედრო წოდება ჩამოართვეს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს გამგზავრების უფლება. მისი ეს გარჯა უშედეგო აღმოჩნდა. სოლომონ I-ის მიწვევით, ის გარკვეული დროის განმავლობაში იმერეთში იმყოფებოდა. აჯანყების მოწყობის მცდელობის შემდეგ, ერეკლე II-მ რუსეთის მთავრობას მიმართა დახმარებისთვის. ალექსანდრე დაღესტანში შეიპყრეს, სმოლენსკში გადაასახლეს პოლიციის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ და მიმოწერა აუკრძალეს. თავადი სრულ იზოლაციაში მოექცა. ალექსანდრე ბატონიშვილი 1791 წელს, დაახლოებით, 66-68 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია სმოლენსკში".
/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022, I-III, გვ.58/
"სხვათა შორის, საქართველოში სულ რაღაც სამი თაობის წინ მშობლების მიერ ბავშვების//შვილების კოცნაც კი არ იყო მიღებული. ამ მხრივ ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს დაცული XVIII საუკუნის ფრანგ დე გრაი და ფუას, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოში მოვლენილი ავანტიურისტი გენერლის, ტოტლებენის ადიუტანტი გახლდათ. გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენის ერეკლე მეორესთან მიღებაზე მყვანისას დე ფუა შემდეგს გადმოგვცემს: "როდესაც ტოტლებენმა ჩარდახის წინკარს მიაღწია, მას წარუდგა ერეკლეს ვაჟი. ტოტლებენი გადაეხვია მას, რამაც განაცვიფრა ეს ყმაწვილი კაცი, ვინაიდან ჩვეულება იმისა, რომ მამაკაცები ერთმანეთს გადაეხვიონ, საქართველოში ჯერ მიღებული არ არის. შემდეგ კარებში მას დახვდა ერეკლეს ბიძა, საქართველოს პატრიარქი (კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, იესე მეფის ძე). გრაფმა მოინდომა გადახვეოდა მას, მაგრამ პატრიარქმა უკან დაიხია, პირჯვარი გადასახა მას და პირველი შევიდა ჩარდახში".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 32/
"გამანადგურებელ "პატარა კახის" უფროსის თანამდებობის მოვალეობას ასრულებდა ლეიტენანტი ღოღობერიძე. მან ოდესის კადეტთა კორპუსის ოთხი კლასი დაამთავრა. საქართველოს ფლოტილიაში სხვადასხვა გამანადგურებლებზე მეზღვაურად მსახურობდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამანადგურებელი "პატარა კახზე" უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ღოღობერიძე ჯარისკაცის ჯვრით იყო დაჯილდოებული".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 284/
"1919 წლის 16 მარტს საქართველოს სამხედრო ზღვაოსნობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა - ზღვაში ჩაუშვეს პირველი ქართული სამხედრო გემი "პატარა კახი".
"ვიმედოვნებთ, რომ "პატარა კახზე" აღმართული დროშა თავის დღეში არასოდეს არ დაიხრება, როგორც მისი სეხნიის, ძლევამოსილი ირაკლი მეორის დროშა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 280/
"ერეკლე მეორის მეუღლემ, ზაალ აბაშიძის ასულმა ანა დედოფალმა იყიდა, აღადგინა და განაახლა XVIII საუკუნის სადღესასწაულო. ანდერძიდან ნათლაც ჩანს, თუ რა სამუშაო გასწია დედოფალმა. ანდერძი ნუსხურითაა შესრულებული: "ჩუენ დედოფალ-დედოფალმან ანამ, თანამეცხედრემან პატრონისა მეფეთ-მეფისაი ჰერაკლესამან, ვიყიდეთ ძუელი ესე ნაწერი თუენი და რაიცოდენ აკლდა, აღვაწერინეთ ახალი ესე დღეთა ჩუენთა წარსამართებლად და ძეთა და ასულთა ჩუენთა ასაორძინებლად და ცოდვათა ჩუენთა შესანდობლად. ამინ"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 129/
"ერეკლე მეორის ვაჟკაცობა, გმირობა, სამშობლოსათვის თავდადება არაერთი პოეტის შთაგონების წყარო გახდა XVIII საუკუნეში. არც მანანა [პოეტი ქალი] იშურებს პოეტურ ფერებს მისი პიროვნების დასახასიათებლად:
ქრისტიანობის გულისთვის
საომრად დაიარება,
ღვთის ძლიერება თან დაჰსდევს,
ყოვლეთვის მას ეხმარება,
აღუსრულდება წადილი,
კიდევ შეშვენის ბრძანება,
ორგული უარმყოფელი,
ღმერთმანი დაემალება.
უძლიერესი მეფეა,
შემკული ყოვლის ფერითო,
წმინდა ევსტათი შემწეთ ჰჰყავს,
ჭარ-დაღესტანს ებრძვის ხმლითაო,
სადაც რომ მტერი გაუჩნდა,
მან დაიმორჩილა ღმრთითო".
"პროფ. ლ. მენაბდე წერს: პ. ინგოროყვას "ინტერესი თამარის პოეტური მემკვიდრეობისადმი სავსებით გასაგებია, მისი ცდა თამარის პოეტურ ქმნილებათა გამოვლენისა მისასალმებელია და მოწონებას იმსახურებს, მაგრამ, სამწუხაროდ, კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული მასალა არ გვაძლევს საფუძველს, რომ ის თამარის კუთვნილებად მივიჩნიოთ. თამარის ლიტერატურული მემკვიდრეობა ახლაც ისევე ბურუსითაა მოსილი, როგორც წინა წლებში. ამ საკითხის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობის საპატიო ამოცანას წარმოადგენს"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 124/
"კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩაბმული იყო ერეკლე მეორის მეუღლე დარეჯან დედოფალი (1726-1807), ასული გიორგი დადიანისა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 133/
"საშინელი აწმყო - დანგრეული სამეფო ტახტი, უაღრესი ეკონომიკური სივიწროვე, რომელიც ამდაბლებდა მათ [ერეკლე მეორის ასულების, მარიამ, ქეთევან და თეკლე ბატონიშვილების] თავმოყვარეობას შეწყალების მდგომარეობამდე. უნუგეშო მომავალი დაპირისპირებული დაკარგულ, ბრწყინვალე წარსულთან, იყო მათი რომანტიკული პოეზიის წყარო."
[მეფის ასული მარიამი იქამდე მისულა, რომ მოურავის ცოლს სთხოვდა ცოტა ბრინჯს თავისი ერბოთი].
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 134/
"თეკლე მეფე ერეკლეს უმცროსი ქალიშვილი იყო. მეფეს ის განსაკუთრებით ჰყვარებია. მოღწეულია ერეკლეს რამდენიმე წერილი მიწერილი თეკლესადმი, სადაც უდიდესი სითბო და სიყვარული ჩანს. მას ბავშვობიდანვე იტაცებდა ცხენოსნობა, იარაღის ხმარება. "არასოდეს გაფრენილი ჩიტისათვის თოფი არ დაუცილებია". ალბათ, ამიტომ უბოძა მამამ მას სახუმარო სიგელი: "თუმცა აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდან გიწყალობებთ ბიჭის სახელს და ვუბრძანებთ ყველას, შენს დებს და ძმებს, გიწოდონ თეკლა ბიჭიო".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 144/
"ლეკთა შესაძლო მოულოდნელი გამოჩენის გამო, თვით მეფე ერეკლე თავის სამფლობელოში ციხიდან ციხემდე, სოფლიდან სოფლამდე დიდი ამალით გადაადგილდებოდა ხოლმე და ხშირად მაინც გადაეყრებოდა მტრის ისეთ ჯგუფს, რომელთან პირისპირ შებმას, მომხვდურთა რიცხობრივი უპირატესობის გამო, ზოგჯერ თავსაც არიდებდა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.49/
"ლეკები ტყვეებს სპარსეთშიც ჰყიდდნენ. მაგალითად, პ. ბუტკოვი წერს, რომ ერეკლე II ცდილობდა გამოეხსნა ლეკების მიერ ამ ქვეყანაში გაყიდული ქართველი ქალ-ვაჟები"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.197/
"ერეკლე II-ის მმართველობის 30 წლის მანძილზე ლეკთა მიერ მხოლოდ ქიზიყიდან გატაცებული ადამიანების გამოსყიდვაზე დახარჯულა 37 ათასი თუმანი"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.233/
"გადმოვიდნენ კვალად დაღესტნის კაცნი", 1760-ში "ლეკებმა ჯავახეთი მოარბიეს და მრავალი ქრისტიანი დაატყვევეს. დახვდა მეფე ერეკლე ყარაიზედ ღამე, ეს ლეკის ჯარი დაამარცხა, მრავალი ლეკი მოჰკლა და ტყვე, საქონელი სულ დააყრევინა და მისცა ნება ყოველთა თავისსავე ქვეყანას წასვლისა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.198/
"70-იანი წლების დამდეგს ერეკლეს "ჯამაგირის" ძლევის ფასად შემოურიგებია დაღესტნის ბელადნი და ამ გზით დაუმშვენებია ქვეყანა: "...შეირიგა დაღესტნის პირველნი ბელადნი და თვით ომარ-ხან და მისცა ჯამაგირი რაოდენ ძალ ედვა და ამ ჟამსა ფრიად დამშვიდდეს ქართლ-კახეთი და იწყეს მოოხრებულთა დაბნებთა შორის საქართველოსთა შენობა და მრავალნი სოფელნი აშენდა ქართლ-კახეთსა შიდა და სომხითსა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.199/
"ერთხელ მამა გაბრიელთან ერთად სვეტიცხოველში მივდიოდით. იგი მოედანთან გაჩერდა. მანქანები გვერდს უვლიდნენ. მისი ეს ქმედება ჩვენთვის დღესაც აუხსნელია. ხელი მოვკიდე და ვთხოვე, ჩქარა გავსულიყავით. მან დაბალი ხმით მითხრა, ვიდგეთო. ასე შევიმეცნე, რომ იგი იდგა და მთელი გულისყურით ვიღაცას აკვირდებოდა. სვეტიცხოველში ლაღობდა, ძალიან უხაროდა ჩვენთან ყოფნა... მეფეთა საძვალე... მთელი საქართველო... ერეკლე მეორის საფლავთან დაიჩოქა და ხმამაღლა თქვა: "დიდო მეფეო, ყოველი შენი ქმედება ქვეყნის წინაშე მართალი იყო, სხვა გზა ერის დაღუპვა იქნებოდა". მერე წამოდგა და ომახიანი ხმით ბრძანა: "დაეცით მისი საფლავის წინაშე და შეევედრეთ, მე ვიცი ერეკლე კიდევ გადაარჩენს საქართველოს". ყველამ დაიჩოქა. მე არ დავიჩოქე, გამახსენდა გიორგი ჭანტურიას სიტყვები, სვეტიცხოველში ყველას წინაშე დავიჩოქებ, ერეკლეს წინაშე კი - არასოდეს, რატომ შეუერთა საქართველო რუსეთსო. მე ხალხში გავიარე, ვიფიქრე, რას შემნიშნავს-მეთქი. მამა გაბრიელმა თავი ნელა მოაბრუნა და ისეთი მზერა მესროლა, კინაღამ ადგილზე გავშეშდი. მიყურებდა ძალზე მკაცრი თვალებით. ვიგრძენი ჩემი ფიქრები ამოიკითხა. "თქვენ ძალზე ცდებით - მომიგო მკვახედ - გიბრძანებ ქრისტეს სახელით, დაიჩოქე, თაყვანი ეცი საქართველოს დიდ მეფეს". შენდობა ვთხოვე და მისი კურთხევა შევასრულე".
/დეკ. დავით გოცირიძის მოგონება
"ქვაკუთხედი" N6, 2022, გვ.18/
"ერეკლე მეორე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სამედიცინო საქმის განვითარებას, მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს და ხელს უწყობდა მათ საექიმო საქმიანობას, იწვევდა უცხოეთიდან, კერძოდ, კონსტანტინოპოლიდან გამოცდილ ექიმებს"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 209/
"1788 წლის "ერეკლე II-ის სალაროს, ოქროს შემოსავალ-გასავლის აღწერის ნუსხაში" ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია:
"ქ/ორონი/კ/ონ/სა უოვ (1788) ამა წლის ხარჯი ამის ქვემოთ დაიწერება... მარტის კ. ბატონისათვის სათვალე გაუკეთებია გაბრიელ ოქრომჭედელს ნონია მოლარის ზედამდგეობით"... ჩანს, მეფის სალაროდან ოქრო გაუციათ მეფის, "ბატონის" სათვალის ჩარჩოსათვის. ამ ჩანაწერით, ერთი მხრივ, მტკიცდება, რომ თბილისში 1788 წელს იყო ოპტიკური სახელოსნო და, მეორე მხრივ, მასში შემონახულია სათვალის ოსტატის სახელი - გაბრიელ ოქრომჭედელი".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 254/
"ცნობილია აგრეთვე 1781 წლით დათარიღებული სპილენძის მონეტის საინტერესო ვარიანტი ორთავიანი არწივის გამოსახულებითა და დამახინჯებული ქართული და სპარსული წარწერებით. მეფე ერეკლეს დანარჩენი მონეტებისგან ეს ვარიანტი შესრულების მაღალი ტექნიკით განსხვავდება. მოჭრილი უნდა იყოს ეკატერინბურგის ზარაფხანაში. ერეკლეს მონეტათა გადათვალიერებულ მრავალ ასეულ ცალიდან ეს ვარიანტი ჩვენ მხოლოდ ორ ან სამ ცალად შეგვხვდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი საცდელად იყო მოჭრილი. იშვიათობას წარმოადგენს მონეტები, რომლებიც ერეკლეს თვითონ არ უჭრია, მაგრამ სპეციალური დადამღვის შედეგად საკუთარ მონეტად გადაუქცევია. მონეტის დადამღვის წესი, რომელიც ჩვენში XII საუკუნის ბოლოს იყო შემოღებული და XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქრება, თეიმურაზ II-ის დროს, XVIII საუკუნეში, კვლავ აღორძინდა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ფულის ისტორია საქართველოში", გვ.112/
"ხორნაბუჯი დაიცალა მოსახლეობისგან, თუმცა როგორც ციხე-სიმაგრეს, მნიშვნელობა არასოდეს დაუკარგავს. ციხე XVI ს-ში კახთა მეფეებს განუახლებიათ. ბოლოს, ციხე ერეკლე მეორემ აღადგინა"
/"კარიბჭე" N10, 2022, გვ.44/
"მეფე ერეკლემ თავის მეფობა ისე დაასრულა, რომ ვერ იქმნა და რუსებს კბილები ვერ მოაკიდებინა საქართველოზედ. ვერ იქმნა და ვერ ეღირსათ რუსებს საქართველოს ხელში ჩაგდება, თუმცა რუსნი ამისთვის ბევრს ეცადნენ, ბევრი იწვალეს, ფულებიც ბევრი დახარჯეს, ხშირათ ხალხიც ბევრი სწყვიტეს თუ რუსნი და თუ ქართველები, მაგრამ მათს წადილს არა ეშველა რა და არ ეღირსათ საქართველოს ხელში ჩაგდება, ბევრის მეცადინეობის შემდეგ ის კი მოახერხეს, რომ მეფე ერეკლეს და სოლომონ იმერთა მეფეს 1783 წ. რუსეთის მფარველობა აღიარებინებს და ამისთვის "ტრაკტატიც" დასწერეს, პირობა შეჰკრეს ფიცით"
/"კარიბჭე" N10, 2022, გვ.36/
"ჩვენი ქვეყნის მკითხველმა საზოგადოებამ ახლახან მიიღო ძვირფასი საჩუქარი - ალბომი, სახელწოდებით: "მეფე ერეკლე (1720-1798)".
სიმბოლურია, რომ ეს მრავალმხრივ საყურადღებო წიგნი-ალბომი გამოიცა ერეკლე II-ის დაბადების 300 წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც 2020 წლის 7 ოქტომბერს შესრულდა".
/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ..63/
"ერეკლე II-ის ცოლმა, დედოფალმა დარეჯანმა, გიორგი XII-ს ძღვნად ხოხბები გაუგზავნა, მაგრამ სასხლის მსახურთა დაჟინებული რჩევით მეფეს ისინი არ მიურთმევია, ვითომდა მოწამვლის შიშით. გიორგი მეფის ბიოგრაფი ამ ფაქტზე შემდეგს გვიყვება: "დედოფალმან დარეჯან, მჯდომარემან დედოფლისა მარიამისა თანა რძლისა თვისისა, რომელიცა მშობიარეთ იყო ირაკლიზედ, უკანასკნელსა შვილზედ, მოახსენა მეფესა სამდურავი კარისა კაცთათვის, რომელნიცა ატარებენ ენათა და იქმოდნენ ამბოხთა. იმ დღესაც მოგართვი ხოხბებიო და კარისა კაცთა გაებედნათ და ეთქოთ არ მიირთოო, მოწამლულნი იქნებიანო. აბა რა სათქმელია და როგორ მოსათმენია? უნდა მოვკლა და ვინა? შვილი ჩემი და მეფე. შვილი ხარ ჩემი და რა პასუხი უნდა მივსცე ღმერთსა, რომ ესე ვიფიქრო?" როგორც ვხედავთ, XVIII საუკუნის რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მეფის უსაფრთხოება დაცული იყო, მათ შორის, ოჯახის წევრთა მხრიდანაც"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.258/
"სხვა არა იყოს-რა, ერეკლე ბრწყინვალე მეფე იყო საქართველოსი და ტფილისი მისი სატახტო ქალაქი!"
/წმ. ილია მართალი
"კარიბჭე" N3, 2023, გვ.42/
"ამის [კრძწანისის ომის] შემდეგ მეფე ერეკლემ განჯის ციხე აიღო. განჯის ხანი ჯავათ-ხანი გამოიყვანა და დაიახლოვა. ქართველთა ღალატის ამბავიც მას უამბია მესითვის. ამ საიდუმლო ამბების გაგონების შემდეგ მეფის პირმა "აღარ გაიღიმა და კიდევაც დასნეულდა"
/"კარიბჭე" N3, 2023, გვ.41/
"მეფე ერეკლეს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ამხელა ჯარით ყიზილბაშებს მოსრავდა და ქართველებს დიდ ნადავლს ჩაუგდებდა ხელში. ის კი აღარ უწოდა, რომ "საქართველოს დასაგესლად უამრავი მიწაზე მძრომი გველი დაცოცავდა, არათუ სასახლის კარზე, არამედ იქაც, თათბირზეც". მეფის მტრებს ამ თათბირიდან ასეთი ამბავი გამოუტანიათ: "მეფე ირაკლისთან რჩევების მაგიერად რწყილზედ იყო ლაპარაკი და თავად მეფე კი სთვლემდაო". მაშინ, როდესაც ოცდაოთხ საათში ჭარმაგ მეფეს მხოლოდ სამი საათი ეძინა თურმე. ამისთანა ჩუმი მტრები ჰყუანდა და კიდევ სხვას რაებს არ უგონებდნენ... რაღა უნდა ვსთქუათ იმ გაუგებლებზე და იმ გამყიდუელს ისკარიოტელებზე?"
/"კარიბჭე" N3, 2023, გვ.38/
მეფე ერეკლეს
"შენს სიჩაუქეს ვიხსენებ
და სანთლებს გინთებ ფერხთით,
თაფლის კელაპტრის ცხელ ცრემლებს
ჩემი ცრემლებიც ერთვის.
რამდენჯერ გიმტრო, გიმუხთლა
შინაურმა თუ უცხომ...
შენი სასახლის გადაღმა
ჭადარი გოდებს უხმოდ.
ცხრაასჯერ ჩამოიფურცლა
მისი მხრებიდან დარდი.
ასე მგონია, მის ირგვლივ
შენი ბავშვობა დადის.
მას ახსოვს დიდი ერეკლე,
ახსოვს პატარა კახიც -
კოხტა-ბელადს რომ წარკვეთა
თავი ხმლის ერთი დაკვრით.
გაბრიელ ბერმა განჭვრიტა,
რომ შენ აღგვიდგენ მამულს,
კვლავაც შენ შეებრძოლები
მოავთვალეს და ავგულს.
ნუღარ აყოვნებ, მეფეო,
დრო აღარ არის მოცლის,
იუდა ფარისევლურად
ქრისტეს კვლავ ხელზე კოცნის,
თვალისმომჭრელად ელვარებს
კვლავ ოცდაათი ვერცხლი;
ჩქარა, მეფეო! წარგვტაცეს
ყორნებმა ბუდე მერცხლის...
შენს მოლოდინში გავცქერი
ტაო-კლარჯეთს და ხერთვისს,
თაფლის სანთლების ცხელ ცრემლებს
ჩემი ცრემლებიც ერთვის"
/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი
"ქაროზი" N80, გვ.2020, გვ.2/
"ერთმა ევროპელმა მონარქმა ამაყად განაცხადა: დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში მეფე ერეკლეო. იყო თუ არა ის დასავლეთში ერეკლესავით პირველი, ეს ჩვენი თემა არ არის. ერეკლე რომ პირველი და შეუდარებელი იყო თავისი სამშობლოსათვის, ამაზე მის მიერ გადახდილი არაერთი ომი და ფიცხელი ბრძოლა მეტყველებს; მის დამსახურებას ხატოვნად წარმოაჩენს უგვირგვინო მეფედ აღიარებული დიდი ილია ჭავჭავაძე: "სხვა არ იყოს რა, ერეკლე ბრწყინვალე მეფე იყო საქართველოსი და ტფილისი მისი სატახტო ქალაქი... მართალია თავადი გრიგოლ ორბელიანი, მეფე ერეკლეზე რომ თქვა: "დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარესაო".
/"ქაროზი" N80, გვ.2020, გვ.3/
"დაშინებული, დაფანტული და ცოცხალ-მკვდარი ჩაიბარა ქართველი ერი დიდმა დავითმა; წალეკილი და გადაშენების პირას მისული მიიღო ქართლ-კახეთი ერეკლემ, მაგრამ ხმალი შეაბა და კიდევ ერთხელ შეუჩქროლა გული ქართველს გამარჯვების რწმენით, რის გარეშე ვერც დასავლეთი და ვერც აღმოსავლეთი საქართველო ვერ გადარჩებოდა - ამიტომაც ერთნაირად უყვარს იგი კახელსაც და იმერელსაც, ქართლელსაც და მეგრელსაც, ის გურულების და აჭარლების გმირიცაა; რაჭველისათვის რაჭველია, სვანისთვის - სვანი; მამად მიიჩნევს ხევი და ფშავ-ხევსურეთი, მესხის საფიცარია გვირგვინოსანი გმირი, სიკვდილამდე სამი წლით ადრე, 75 წლისა, მხარ-მკლავ-შებოჭილი, რომ გამოარიდეს ბრძოლის წინა ხაზს შვილიშვილებმა.
ტყუილად კი არ ამბობს დიდი იაკობ გოგებაშვილი: "ვახტანგ გორგასლანისა, დავით აღმაშნებლის და თამარის შემდეგ ქართველი ერი უდიდესი თაყვანისცემით იხსენიებს ერეკლე მეფესა. ხალხის თვალში ერეკლე მეფე გარემოცულია საოცარი გმირის შარავანდედით. აუარებელ ლექსებში იგი აქებს და ადიდებს ერეკლეს სამაგალითო ვაჟკაცობას, მის საარაკო უშიშრობას, მის საოცარ გულოვნებას, მის მახვილ ჭკუას, მის არწივისებურ სისწრაფესა და მის თავგანწირულობას მამულისათვის. მართლაც, მისი 54 წლის მეფობა შეუსვენებელი და ძლევამოსილი ბრძოლაა თავისი ხალხის დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისათვის".
/"ქაროზი" N80, გვ.2020, გვ.6/
"მეფე ერეკლე კიდევ გადაარჩენს საქართელოს"
წმინდა მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი
/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.91/
"ასე დაიწყო ნეიშნის ბრძოლა, რომელიც ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა: "პირველად ერეკლემ მოკლა კაცი და ამის მხილველთა კაცთა ერთპირად მიმართეს ყივილით და წინ წარიქციეს ჯარი ლეკისა. მოსწყვიტეს და მოვიდნენ მაღაროს გამარჯვებულნი".
უფლისწული წმინდა ნინოს სავანეშიც ავიდა, მოილოცა მოციქულთა სწორის საფლავი. მადლობა შესწირა უფალს.
ქიზიყელები ზეიმობდნენ ჭაბუკი სარდლის მხედრულ ნათლობას. სამ დღეს რეკდნენ ბოდბის მონასტრის ზარები. ცასა სწვდებოდა სიხარულის ყიჟინა. სწორედ მაშინ უწოდეს ქიზიყელებმა მომავალ მეფეს პატარ კახი. ეს მეტსახელი ჯერ მთიელებმა აიტაცეს, მოგვიანებით კი მთელმა საქართველომ შეისისხლხორცა და შეიყვარა.
"ჩვენი ბატონი ერეკლე,
ერთი პატარა კახია,
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს,
გაჰკრა ხელი და გახია".
ასე ეფერებოდა მთელი საქართველო არწივის მართვესავით მომზირალ ბატონიშვილს.
მისთვის არ არსებობდა დარი და ავდარი. თოვლი და სიცხე. საბნად ნაბადი ეხურა. სასთუმლად უნაგირი ედო. არ იცოდა, რა იყო განცხრომა და ფუფუნებით ცხოვრება. თავისი მეომრებისათვის ყოველთვის მაგალითის მიმცემი და საყვარელი მეთაური გახდა"
/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.92/
"ერეკლეს სახელმა არა მხოლოდ საქართველოსა და სამეზობლოში, ევროპაშიც დაიქუხა. პატარა კახის დაძახილზე თურმე ქალები თვითონ უკაზმავდნენ ცხენებს ქმრებს და ტანზე იარაღს ასხამდნენ.
თავად ერეკლეს ორი ცხენი ჰყოლია - თეთრი და წითელი. ცხენზე ამხედრებული ისეთი მშვენიერი ყოფილა, როგორც თვითმხილველნი მოწმობენ: უკეთესს კაცის თვალი ვერ ნახავდაო"
/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.94/
"გენერალი პოტიომკინი, რომელიც საქართველოში იყო 1784 წელს, ერეკლეს ასე ახასიათებს: "ერეკლე შუა ტანისაა. ცხარე ხასიათი აქვს. თვალის გამომეტყველება მისი მკვირცხლია, არწივისებური. თვისთან მოსაუბრეს შუბლ-შეკრულ-შეჭმუხვნილად აცქერდება და სურს, გამოიცნოს მოსაუბრის გულის ნადები... ერეკლე ერთი იმ კაცთაგანია, რომელსაც მომეტებულად შეუძლია ისეთი პასუხი მოგცეს, რომ ერთსა და იმავე დროს ჰოც გამოდიოდეს და არაც. სამაგალითო მოთმინება აქვს. სამაგალითო სიმხნევე აქვს. მთელი ღამე ფხიზლობს და მარტო წარმართავს სამეფო საქმეებს. ცოტა სძინავს... ღვთის მოსავია ისრე, რომ ყოველ დღე ღვთის მსახურებას ისმენს თავის სამეცადინეო და სამუშაო ოთახში ორ-ორი საათი ლოცულობს. როცა ლოცვაზე დგას, მის ყურადღებას ვერავითარი შემთხვევა ვეღარ მიიზიდავს და ვეღარ მიიპყრობს"
/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.97/
"გარდაიცვალა თელავში, იმავე სასახლეში და იმავე ოთახში, რომელშიც დაიბადა 78 წლის წინ.
ერეკლე გულმხურვალედ დაიტირა მთელმა საქართველომ. მსმენელნი განსაკუთრებით დამუდღრა მეფის მსაჯულის სოლომან ლეონიძისა და ვინმე ბოდბელი დედაკაცის დატირებამ. დედაკაცი თურმე ტირილით, მაღალი ოსტატობით იგონებდა საგმირო საქმეებს მეფისა ირაკლისა..."
/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.100/
"ხახულის ღვთისმშობლისადმი უდიდესი სასოება მეფე ერეკლეს უხვი შემოწირულობით გამოუხატავს. მისი ღვაწლით და განგებით XVIII საუკუნის II ნახევარში განახლდა მონასტერი.
მეფე ერეკლეს ოჯახში ძნელბედობის ჟამს არაერთხელ ყოფილა დაბრძანებული ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მონასტრიდან მოურიდებიათ, რათა სიწმინდე ურჯულოებს ხელში არ ჩავარდნოდა.ერეკლე მეფეს ხატისთვის მრავალი ვერცხლის კანდელი შეუწირავს "თავისი მამულის შემოსავლიდან".
/"თვენი", წიგნი N25, გვ. 242/
"[2023 წლის] 6 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა სასწავლებლის დოქტორანტმა, გალობის ისტორიის პედაგოგმა, სემინარიის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, სამუსიკო ხელოვნებისა და თეოლოგიის მაგისტრმა ლაშა ზაალიშვილმა. მოხსენების თემა იყო: "მეფე ერეკლე მეორის ღვაწლი მცხეთის საკათალიკოსო სკოლის დაარსების საქმეში და ქართული გალობის ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოში".
მომხსენებელმა ისაუბრა აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციებზე, ერეკლე მეორის დამსახურებაზე ქართული გალობის ტრადიციის შენარჩუნებისა და აღორძინების საქმეში. მან აღნიშნა, რომ ერეკლე მეორის მრავალ დამსახურებათა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო მცხეთის საკათალიკოსო სამგალობლო სკოლის დაარსება, რომელიც სამეფო ხარჯებით ფინანსდებოდა. მეფე, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ გალობას, ამ საქმეში დახელოვნებულ გლეხებს აზნაურობას ანიჭებდა. აღმოსავლეთ საქართველოში სამგალობლო ტრადიციების დაცვა-განვითარებისათვის განსაკუთრებით იღვწოდნენ დავით-გარეჯის მრავალმთის, შიომღვიმის, მარტყოფის, ფიტარეთის, ბოდბის, შუა-მთის, სამთავისის, ანჩისხატის, სიონის ეკლესია-მონასტრები"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N21, 2023, გვ.16/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience