ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა.
საქართველო
ქარს მოჰქონდა სახეები შორეული,
მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს.
საქართველო თვით სამოთხის ორეული,
წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს.
სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული,
სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას,
იყო ჟამი ქართველისთვის წამებული,
სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს.
იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი
ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა,
იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი,
და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა,
წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული,
ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება,
ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული,
ასე იყო ცათა შინა უფლის ნება.
მღვდელი პეტრე კვარაცხელია
(მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია
უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც)
საქართველოსკენ
რა ხანია, ჩემი მთების
სურნელი არ მცემია,
სხივისიც თუა საქართველო
ჩემ წილად ხომ ჩემია!
როდის ვნახავ, რომ ვიჯერო
გული მთების ცქერითა,
მინდორ ველებს რომ ამშვენებს
ნოხი ათას ფერითა.
ფრინველებიც რომ გალობენ
სულ სხვანაირ ხმაზედა,
არწივი რომ გადაიფრენს
მიუწვდომელ მთაზედა...
რა იქნება, არ მიმტყუნოს
გულმა მშობელ მიწამდე...
მისი ეშხის, როცა შორს ვარ
უფრო ძლიერ ვიწამე!...
ვანო ინაძე
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი
ლადო ასათიანი
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, —
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.
ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, —
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.
სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ —
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, —
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.
შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.
1939
ტიციან ტაბიძე
მაშ გამარჯვება
თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
– მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.
ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზედ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!
სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.
ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.
სჯობს აღარ გვქონდეს სულაც სამშობლო,
ანდა არ იყოს ასე ლამაზი!
– სხვა საქართველო მაინც სად არი?
რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა?
ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,
ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?
დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი;
– მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!..
მურმან ლებანიძე
* * *
უფლისციხესთან
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის –
დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მე დავინახე
სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე
ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მშვენიერია
ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: „ვინ ვის?!“
ბებერ გულში ლახვრად მაჩნია...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი
სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!
ცხრა ძმა ხერხეულიძე
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭირვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? –
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით...
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!
1942 ლადო ასათიანი
k@the
მადლობა, ქეთი ლადოს ლირიკა ძალიან ქართულია.
საქართველოო ლამაზო
ანა კალანდაძე
„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“
1945
***ორიგინალი უასლოდ***
საგამოფენო დარბაზებში
ამაოდ ეძებ
უკეთეს სურათს,
ვიდრე შენი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა.
სამშობლო ალბათ
ერთადერთი ხატია ქვეყნად
და მისი ასლის გადაღებას
ვერავინ შეძლებს.
მორის ფოცხიშვილი
(ისტორიაზე არაფელია ნათქვამი, მაგრამ ალბათ ასეთი ლექსების დადებაც შეიძლებ )
საქართველოს საამაყო წინაპრები
თენგიზ ლორთქიფანიძე
გვყავდა დიდი წინაპრები,
ამითა ვართ ბედნიერი,
მათ შესწირეს თავი მამულს,
მტრისგან იხსნეს ჩვენი ერი.
საქართველოს მტრების რისხვა
მეფე იყო ვით კლდე, სალი,
თბილისის დამაარსებელს
ჰქვია ვახტანგ ...
ერთად შეკრა საქართველო,
იყო დიდი მშენებელი,
გელათშია დაკრძალული
დავით ...
ქრისტეს რწმენით, მტკიცე ხელით
მტერი შიშით დააფეთე,
საქართველო განამტკიცე,
ერი გლოცავს თამარ ...
მტერს თვით ეახლა, თავი მოჰკვეთეს,
მეფე გმირობით არის ქებული,
განსაცდელისგან სამშობლოს მხსნელი
არის დემეტრე ...
ქრისტეს ერთგულებისთვის
შაჰს ჰყავს გაწამებული,
გმირ დედოფალს უწოდეს
ქეთევან ...
მტრის ჯარზე გამარჯვებები
ბრწყინვალედ გაიმეორე,
პატარა კახად ცნობილო
მეფევ ერეკლე ...
შვილი სამშობლოს შესწირე,
გზას გვინათებს სარდლის სახე,
ვინც მტერს შიშის ზარსა სცემდა
გიორგია ...
ბახტრიონს მტერი დალეწა,
კახეთი აღსდგა დაშლილი,
ქართველებს წინ ვინ უძღოდა?
- ბიძინა ...
დასასჯელი ქართველების
გვერდით დაწვა დარდიანი,
ვინც დაიხსნა მოძმეები,
იყო ცოტნე ...
მტერი ტყე-ღრეში ატარა,
არის სამშობლოს მხსნელი,
მტერმა აწამა საშინლად
გმირი თევდორე ...
მტერს შეაკლა ყველამ თავი,
არ დასტოვეს ბრძოლის ველი,
ეს სამასი გმირი იყო,
სამასივე ...
მეფე ერეკლეს ლაშქარში
იბრძოდა ხმლით მტრის მკვეთელი,
ქალი ვაჟკაცის სამოსში
იყო მაია ...
ღარიბი კაცის დამჩაგვრელს
ანანა ქვეყნად გაჩენა,
სიმართლისათვის იბრძოდა
ოძელაშვილი ...
საქართველოს როცა მტერი
თავს ესხმოდა ფლიდი, ავი,
მტერს გმირულად ვინ ებრძოდა
ქსნის ელიზბარ ...
................
Lenus
რაკი ასე გიყვარს ლადო..
(ჩემი ქვეყნის ოქროყანავ...)
ჩემი ქვეყნის ოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო,
სიწითლისგან დაბრაწულო, კანდამსკდარო ბროწეულო,
ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო,
მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო,
ცხენისწყალის ხეობაო, დაღარულო, დასერილო,
ხვავიანო პურის ყანავ, გლეხის ხელით დაწერილო,
ხვამლის მთაზე გადასულო თეთრო ნისლო აფრიანო,
შენი თეთრი ბაირაღი სანამ უნდა აფრიალო?!
ერთო ქალო, თეთრო ქალო, ქალო ბაგეთაფლიანო,
თავთავებით ოქროსფერად მოსირმულო მთავ ფრიალო,
მთებო, მთებო, რუხო მთებო, ნისლების თავსაფრიანნო,
ზვარო, ზვარო ჯიშიანო, ოჯალეშის ჯიშის ზვარო,
ზვარო მტევნებგიშრიანო, გლეხი კაცის სანუკვარო,
ფიჭვის ტყეო, ფიჭვის ტყეო, ნისლები რომ იტვირთეო,
ნისლის ნამში განბანილო მთაო გულმკერდგადაშლილო,
მთის გულ-მკერდში დამალულო ოქრო, ვერცხლო, ქვანახშირო,
საქართველოს სიხარულო - ცხენისწყალო და ენგურო,
და მამულის სიყვარულო, ხალხის გულში დანერგულო;
მშობლიურო მინდორ-ველო, სიცოცხლეო საამურო,
მწვერვალებზე ანამღერო მწყემსი ბიჭის სალამურო,
მოსავალო, ჭირნახულო, დილის ცვარით დანამულო
და ბულბულო ხმაწკრიალავ, ბუჩქნარებში განაბულო,
თვითმფრინავო ცაში ლაღო, მთებთან ახლო მოფრენილო,
ქვევით ქვეყნის ედემ-ბაღო, ია-ვარდით მოფენილო,
კვახის ლერწო გაბარდულო, ჩაქარვულო ტაროებო,
მიწის მკერდზე გაფანტულო ღელეებო, წყაროებო,
შემოდგომავ შემოქმედო, შემოდგომავ მადიანო,
მტერმა გნახოს, შემოგხედოს, გული დაუდარდიანო!
ცხენისწყალის სანაპიროვ და ღამეო მთვარიანო,
ამდენი ხნის დანაპირო - გოგონავ შავთვალიანო,
აქოჩრილო რთხმელის ტყეო, ბარდებო და იელებო,
მეგობრებო, მეზობლებო, ახოვანო ჯეელებო,
ბედნიერი ხალხის გარჯავ, გმირობის და ძმობის ყანავ,
იძლიეროს მისმა მაჯამ, ვინც დაგთესა, მოგიყვანა!
ჭირნახულით დატვირთულო ბეღლებო და ნალიებო,
გამრჯელისთვის გატენილო, უქნარასთვის ცარიელო,
ხეო, ვაშლით გაფერილო, ტალავერის ჩეროებო,
სამხრეთისკენ გაფრენილო ყელმოღერა წეროებო,
მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო,
ნაცრისფერო ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო,
ვარდებო და ყვავილებო, ბარდებო და იელებო,
ახოვანო ვაჟკაცებო, უშიშარო ჯეელებო,
კოლხელებო, ქართლელებო, კახელებო, მთიელებო, —
თქვენთვის მინდა ავამღერო ლექსი ჩემი ახლებური,
თქვენთვისა მაქვს გულის კარი სასიმღეროდ გაღებული,
მინდა ლექსით გესაუბროთ, დაგირხიოთ ხმა სალხენო
და ქართველი მგოსნის ჩანგი ამ სიმღერით ვასახელო!
1936
................
................
Маиа
................
marine
Lenus
მიხარია რომ მოგეწონათ
ჰოდა, ახლა კიდე დავდებ. ა, ბატონო
უბატონო ლილეო
რა სიზმარი, რა გზა ან რა ფანტომი,
ცხადად, თითქმის ყველაფერი ცხადად, -
საქართველოს არ ჰყოლია ბატონი,
საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა.
ვინ რა ბრძანა, რა ქადილი, რა ტონი,
ვინ ხარკს თხოვდა, ვინ ღველფს ანუ ღადარს, -
სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი,
სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა!
იყო სიტყვა, იყო სიტყვის გამგონიც,
იყო სცენა, იყო ფარდის ფარდაც, -
დედანას არ ჰყოლია ბატონი,
დედაენას დედაერი ჰყავდა!
შთაგონება, როგორც ირმის ნახტომი,
თამარ მეფე მეუფედ და ხატად, -
პოეზიას არ ჰყოლია ბატონი,
პოეზიას რუსთაველი ჰყავდა!
მორის ფოცხიშვილი
მე ვარ მისანი ხარი წიქარა
შენი დვრიტა ვარ მამულ-დედულო,
ზღაპრიდან მისთვის გამოვიქეცი,
რომ გემსახურო და გიერთგულო.
შენი უღელი მემჩატოს აგრემც
ქედზე რომ მადგას განაჩენივით.
არ მომიღერო გეთაყვა სახრე,
სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.
და თუ გქონია რამე ტკივილი
ან რამე ჭირი ზნეკეთილიანს
ამილოკია ქვამარილივით
და ხარის ცრემლით დამიტირია.
რამდენჯერ ვმდგარვარ სამოთხის კართან,
ქედგახეხილი, გადატყაული,
ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდა
არაფერი მაქვს დანაშაული.
და როცა მიწას მივებარები
ნაჯაფარი და ტანდაკორძილი,
შენზე დამრჩება ისევ თვალები
ანგელოზების ამოკოცნილი.
იოანა
ულამაზესი ლექსია, იოანა. ვისი დაწერილია?
..."დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი!"...
marine
საქართველოში დაკარგვა > პოვნა
(ია სულაბერიძე - ლადო ასათიანის პრემიის ლაურეატი, იტალიაში ჩატარებული ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსის „ახალგაზრდა ევროპის“ 2001 წლის გამარჯვებული.)
არის ერთი შეგონება -
სადღეისოც, სახვალეოც!
ეძებე და იპოვეო,
იპოვე და დამალეო...
ვერც დარია, ვერც - ავდარი,
წვიმა ერქვას - ისეც ვერ წვიმს...
რას ვიპოვით, რას დავმალავთ -
დამკარგავნი ოქროს ვერძის?...
ვერ აჟღერებს სიმებდამწყდარს,
თვით ილია (!) ადგეს, ვერც - ის!
მერამდენედ - გამარჯვება
ოცდაათიოდე ვერცხლის?!
მერამდენედ - დანის პირი,
მერამდენედ - ხიდი ბეწვის?!
მუდამ ვთესავთ! ეს ოხერი!
დრო არ დადგა მკის და ლეწვის!
ფირუზ ცას და ზურმუხტ ხმელეთს
სულ „მოყვარე მტერი“ ებრძვის,
ჩემი გულის გასახეთქად
მკლავიც მოსდევს, გულიც ერჩის!
ძაღლის კუდი გასწორდება,
გნებავთ, დამაკება ბერწის
არ მომხდარა, არც მოხდება!...
მაინც მტკივა, მაინც მეწვის...
ვერც რას ვპოვებთ, ვერც დავმალავთ -
დამკარგავნი ოქროს ვერძის,
რაც რომ ყველამ „ხუთზე“ ვიცით,
მეც ის მოგახსენეთ, მეც - ის...
ოკ
ქრისტეს სახელით!
არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე)
სიკვდილს ეძებდა
ჩვენი მამა - მეფე ვახტანგი,
ქრისტეს გულისთვის
სიკვდილს ედგა ლომი კრიჭაში,
სიკვდილი დასცა, ააშენა მარადისობა,
მარადისობამ
აიყვანა იგი ზეცაში...
სიკვდილს ეძებდა
ყველა ლომი ქართლოსიანთა,
სიკვდილს ზარს სცემდა
მათი გული - ცეცხლის მახვილი,
ქრისტეს სახელით მიდიოდა ერთი ათასზე,
ქრისტეს სახელით
ცას სწვდებოდა მათი ზახილი!..
ქრისტეს სახელით
დავაჩოქებთ მომხვდურთა დელგმას,
ქრისტეს სახელით
გზას გავიკვლევთ უკუნ ღამეში,
ქრისტეს სახელით
წამოფრენილ ხოხობს დავვისრავთ
და ახალ თბილისს
ავაშენებთ შავნაბადელნი!
ქრისტეს სახელით
გავიხარებთ, რომ ქართველნი ვართ,
ქრისტეს სახელით
გავიხარებთ, ქრისტეს სახელით!
შთამომავლობას
გამოვიხსნით სიკვდილისაგან,
სიკვდილისაგან გამოვიხსნით
ქრისტეს სახელით!
3.07.2001 წ.
...........
tiko282
ანას კალანდაძის
ბეთანიის გზაზე
ასკილი, მოცხარი, მოცვი...
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს... ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...
მივდივართ, მივდივართ, ცივი
სექტემბრის ქარები ქრიან...
სველ გზებზე წაბლის და იფნის
და მუხის ფოთლების ყრია...
მოვედით სამადლოს ხევთან...
ნისლებში დანთქმულა ისიც...
მე მინდა... სულ ვიყო შენთან,
როგორც ეს მთები და ნისლი!
ასკილი, მოცხარი, მოცვი,
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს, ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...
marine
მიყვარს ანას ლექსები
კიდევ ერთი საყვარელი ლექსი....
სვანური მოტივებიდან
(გია მეშველიანს)
სადღაც მწვერვალებს აუტეხავთ დავა ერთ-ურთში,
სადღაც სისველით დანაბინდებ ნისლებს ელიან
და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში,
ნეტავ ღმერთები ჩემს სიგიჟეს რას უშველიან?!
სადღაც სასმისებს გადადიან ხელიდან ხელში,
სადღაც ირაო შემოხაზა არწივმა ცაზე,
მოსწყდნენ ზვავები, მყინვარიდან დაეშვნენ ხევში,
სვანური ეშხით დანაჭექებ "ლილეოს" ხმაზე.
სადღაც ვაჟკაცი ისე უცქერს, თითქოს ემდურის,
ქალიშვილს ვინმეს, მზეთუნახავს, ბროლის ყელიანს,
სადღაც დაჭრილი ცხოველივით ბღავის ენგური,
მთებში ტყეები საუცხოო ჰანგებს მღერიან.
და ვდგავარ ასე, მოზღვავებულ გრძნობებით გულში -
მთელი სვანეთის სათქმელს ვეტყვი ლექსს მეშველიანს -
და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში,
აბა ღმერთები მე უბედურს რას მიშველიან?!
პ.ს. თანამედროვე პოეტებიდან, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია გიო საჯაია.
არ ვიცი ამ ლექსის ადგილი რამდენადაა აქ, მაგრამ... მაინც დავდებ:
ჯონი - დამპყრობელი - ჯონი
(ინგლისელები საქართველოში 1919 წ.)
საკამათო რა მაქვს დროსთან,
ან რას მარგებს საწუთროსთან ომი, -
ღვინო ღმერთმა შეგარგოს და
ჭიქა მაინც დამიტოვე, ჯონი!
ვაი, ბედშავს რა მიქნია,
ყველაფერი წამიგია მგონი, -
ყვავილები დამითმია,
მიწა მაინც დამიტოვე, ჯონი!
ვინ გაიგებს ართქმულ იგავს,
ვის რად უნდა დოლარი და კრონი, -
ოქრო-ვერცხლი ოხრად მიგაქვს,
ხატი მაინც დამიტოვე, ჯონი!
ჯონი, შენ ერთს გართობ როკვით,
ჯონი, გულზე დაგდებია ქონი, -
თავის დასახრჩობი თოკი,
თოკი მაინც დამიტოვე, ჯონი!
თითს მიქნევ და მასხრად მიგდებ,
თან სალდათად მერეკები მგონი, -
გევედრები, მოდექ-მიდექ,
წადი, სანამ ლამაზი ხარ, ჯონი!
საკამათო რა მაქვს დროსთან,
თვითონ უნდა გამოვნახო ფონი, -
ღვინო ღმერთმა შეგარგოს და
ჭიქა მაინც დამიბრუნე, ჯონი!
მორის ფოცხიშვილი
პ.ს. მგონი,დღესაც აქტუალურად ჟღერს.
tiko282
თერგი
გოდერძი ჩოხელი
თერგი ნაპირებს ჩაჰყურებს:
_ ჩავალ, თუ ჩავიჩეხები?
კლდეზე ფრინავენ ტალღები
როგორც დაჭრილი ვეფხვები.
სამშობლოს დარდი თან მიმაქვს,
ჯავრს არვის დავესესხები,
მტრისაკე მივალ მუქარით,
უფსკრულებს ჩავეხეთქები,
ჩვენს მტერთან ომი მწადია,
სამშობლოს დარდით ვერ ვძღები.
marine
უნიჭიერესი კაცი იყო გოდერძი ჩოხელი. სამწუხაროა, ვერ დავაფასეთ სათანადოდ
...ძალიან მიყვარს მისი ფილმები.
* * * * * * * * * * *
აფხაზეთზე
ამ კაცს თვალი უჭირავს -
ეს კაცია,
ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი:
- ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!
როსმე „არგო“
(სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა
ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი:
- მკვდარსა მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!
ზღვაო პონტის!
რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის
ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი:
- ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!
მურმან ლებანიძე
marine
სამშობლო
ჯიხვი - ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასით პონტის პირს
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო ღვთის -
წითელ-ფეხება მტრედებო?!
მურმან ლებანიძე
tiko282
ართი ვარდი
გიორგი შალამბერიძე
* * *
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,
ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდი საცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,
მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლხე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
პ. ს. ეს ლექსი ტელევიზორში მოვისმინე პირველად და ძალიან მომეწონა.
ინტერნეტში ვნახე ამ საიტზე http://samkauli.ge/gio-poezia.htm
tiko282
ულამაზესია!!!
გიორგი შალამბერიძის ეს ლექსიც მომეწონა
* * *
მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს,
მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის,
დრო არის ხმალთა კვეთების წამის,
დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის.
დადექი ქარში, დადექი ზღურბლზე,
ქართული გენის შეაღე კარი,
მე სინდისივით დავიწერ შუბლზე
დროშას, რომელიც ცას ავაკარი.
მომაქვს სხეული _ სამსხვერპლო ნერვი,
მომაქვს ღაღადი ქვისა და მიწის,
ჩემი წინაპრის ავსილი ქვევრი
ჯერ არდაღვრილი სისხლივით იწვის.
დრო არის ბუკის, დრო არ მაქვს ქნარის,
უზანგდაწყვეტილ ცხენების დროა,
ავლესე ჯიშის ქართული ხმალი,
გავთელე ფლოქვით ურდოთა გროვა.
მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს,
მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის,
დრო არის ხმალთა კვეთების წამის,
დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის.
tiko282
მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი
ტიციან ტაბიძე
ყური უყრია მუხრანზე ბალახს,
დაბრუნებია მერცხალი ბუდეს.
გაუწყვეტია ფაცერი კალმახს,
შავი არაგვი თეთრ არაგვს უტევს.
მთა მიყვება მთას - მთა მთას აწყდება,
დგას ლანქერების კორიანტელი.
თვალებს ცრემლებად ვეღარ გაწვდება,
რომ იყოს თერგი ორი ამდენი.
ვარ მოპარული ლამისყანიდან,
ვარ ლეკების ტყვე - გურამიშვილი.
თუ რამე მიმაქვს ამ ქვეყანიდან -
ბედნიერება ეს უსაშველო.
რა საჭიროა მელნად გიშრის ტბა
და კალმად კიდევ მინა რხეული,
თუ ამ მღვრიე მზით გული გაგითბა,
თუ ამ ჟრუანტელს იგრძნობს სხეული.
უყელეს, ყელი გამოაღადრეს
და აუბნიეს ლექსის გზა-კვალი,
მაგრამ გათელავს ამ კლდესა და ღრეს
ბარათაშვილის მერანის ნალი.
ცა ცას ადნება, მყინვარი - მყინვარს,
ბედნიერებას თოკავს ალერსი,
და დაეწევა ორბების შურდულს
მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი.
წმინდა ნინოს
ვინ გაიძულა, ვინ შეგბედა კაბადოკიელს,
კალასტროს წმინდა ანგელოზო, ქართლს რომ ეწვიე?
მზე მოგვიტანე, გვეამბორე ევრო-აზიელთ,
გაზაფხულზე რომ თან მოჰქონდათ ჩვენთან მზეწვიებს.
ფარავნის ტბაზე თოვლს და ხორშაკს არ შეუშინდი,
თან გქონდა წიგნიც, წიგნი ღვთისა, თვითონ ღვთიანო!
ოდეს მცხეთის კვართს ეამბორე, სულით დამშვიდდი,
თავს გვირგვინ გედგა, სასწაულო ადამიანო.
ფრიდონ გელაშვილი
ერეკლეს სიზმარი
/ვაჟა ფშაველა/
ომ-გადახდილსა პატარა კახსა
ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა,
თავი მიეყრდნო უნაგირზედა,
ტანზე ნაბადი გადაეფინა.
აღარ სჩანს მტერი - ბრძოლის საგანი,
თორემ გმირს ძილსა ომი ერჩივნა.
დარაჯად ადგან შვიდნი ხევსურნი,
ერეკლეს ცხენიც ბალახსა სძოვდა:
მიგდებ-მოგდებით ყოფნას ჩვეული,
თივას და ქერსა არავის სთხოვდა.
ერეკლეს თავით უზის ხევსური,
იმ ბრძოლის გმირი ხიმიკაური,
ომის ფიქრებში არის გართული,
არც სწყურა წყალი, არც ჰშიან პური.
გამაძღარია იმ დღის მტრის ჟლეტით,
ასუყული აქვს სული და გული.
რამდენი მოჰკლა ლეკი, ოსმალო,
გუნებაში სთვლის, ვარაუდს სწევდა:
“ოცი... ორმოცი... კიდევაც მეტი,
მხოლოდა ხმლითა”, თან ჩიბუხს სწევდა,
ხმალს დაჰხაროდა ბაწარეულსა,
ვადას ხელს სჭიდებს, თან ამოსწევდა.
ერეკლე ჰბორგავს ძილში, ქვითინებს.
“რა ესიზმრება? ვაი ჩვენს თავსა!”
სწუხან ხევსურნი, თუმცა ვერც ერთი,
რომ გააღვიძოს, ვერ ჰბედავს მასა.
თვით გაიღვიძა, არ დააყოვნა,
ლომმა ლომურად წამოიწია,
დარაჯთ ჩურჩულსა, ვიშვიშ-კურკურსა
იმავე წუთში ყური მოსწია.
“ვინა ხართ მანდა?” წარმოსთქვა გმირმა,
რა თვალი გარსა მიავლ-მოავლო.
- “ჩვენ ვართ, ერეკლევ, შენი ხევსურნი”, -
ხიმიკაური მივიდა ახლო, -
“მადლობა ღმერთსა, რომ გაიღვიძე!
დავღონდით: ძილში ძალიან სწუხდი...
შეჰშურდა, ალბათ, დღეს გამარჯვება
ჩვენი და მიტომ ეშმაკი - ქურდი
მოგაჩვენებდა სადარდოს რასმე,
დავლათიანთა ჰშურობს, ცხადია;
გული-გონება ჰსურს მოგვიწამლოს
ღვთისგან წყეულმა, მისი ფანდია”.
- “ეგ ღმერთმა უწყის, - ამბობს ერეკლე, -
მაგრამ სიზმარი კარგი ვერ ვნახე”.
ამოიოხრა გულიდან ღრმადა
და კაეშანით აღევსო სახე.
- “მაინც რა ნახე, ჩვენო ერეკლევ,
თავს შემოგევლე, ჭირი მოგპარე!
შენს ყმათაც გვინდა გულით ვიცოდეთ,
რაც შაგემთხვევა ტკბილი თუ მწარე;
შენი სვე-ბედი იგივ ჩვენია,
სიზმარი ჩვენაც გაგვიზიარე”.
- “რატომ?! იცოდეთ, რა დაშავდება,
ღვთის განჩინება ყველამ გაიგოს
და მომავალი ჩვენის ქვეყნისა
დიდმა, პატარამ ადრე შაიგნოს.
გაიგეთ, შვილნო, და ვაი ჩემს თავს,
ვაი შენ, ჩემო დიდო ამაგო:
როს დაინგრევი, ტურფავ ტაძარო,
რა მოვაგვარო, სითღა ავაგო?!
მე ის მესიზმრა, რომ საქართველოს
თავით ბოლომდე ცეცხლი ეკიდა,
თვით ჩემს სრა-სახლსა, სამეფო ტახტსაც...
მტერი სთელავდა ხალხსა ფეხითა.
ჩემი ლაშქარი აბჯარ-აყრილი
იდგა უძრავად და არა სწუხდა,
თუმცა ვიძახდი: “აბა, ბიჭებო,
უჭირს ქვეყანას!” ხმა ჩემი ჰქუხდა.
გაქვავებულან, თითქოს სტკბებიან,
რომ საქართველო ცეცხლშია სდუღდა”.
- “ღმერთმ ნუ ამყოფნეს! - ამბობს ძაღლიკა, -
ნუმც გაუთენოს მშვიდობის დილა...
მეც თუ იქ ვიყავ გაურჯელადა,
მითხარ, ერეკლევ, თავი მოვიკლა?”
- “ჩვენც იქ ვიყვენით ხელ-გაუნძრევლად?” -
აღელვდენ მასთან ხევსურნიც სხვანი:
- “თუ გაურჯელად იქ ვეყარენით,
რადღა გვინდანან წვერ-ულვაშ-თმანი?
მოგვისპოს ღმერთმა სამუდამოდა
სახევსურეთოს სავალნი გზანი!
როგორ შავუდგეთ არაგვის ჭალას,
როგორ-ღა ვნახეთ ჩვენ ჩვენი მთანი?!
- “თქვენ ვერ შეგნიშნეთ ვერც ერთი იქა”, -
ამბობს ერეკლე, ღიმილი მოსდის,
მოურჩა გული ნამტირალევი,
ფიქრები მწარე, გრძნობები გლოვის. -
“რომ ვერ ვასმინე ვერავის სიტყვა,
ვიმუქრებოდი, ვსწუხდი, ვყვიროდი.
“რამ მომიხიბლა ერი ერთგული?”
თავსა ვკითხავდი, დიდად ვკვირობდი.
რომ ვერას გავხდი, ბრაზ-მორეულსა
გამომეღვიძა... თურმე ვსტიროდი”.
- “ეგ არ იქნების, არ შაიძლების!
დაწვა ტაძრისა რა სათქმელია?
რა დავაშავეთ განა ისეთი,
ღმერთმა აიღოს ჩვენზე ხელია,
ეგრეც აღმოგვფხრას, გაგვანადგუროს
და გაალაღოს ჩვენზე მტერია?!
არ შაიძლების, ეგ არ იქნების!” -
ურჩნი ხევსურნი ამას ჰყვირიან.
- “რაც ჩვენ არ ვიცით, ძვირფასო ყმანო,
ის დაწვრილებით ცაში იციან”, -
უთხრა ერეკლემ, ორივე ხელი
მაღაღადებლად აღაპყრო მაღლა:
“მადლობელნი ვართ, ღმერთო ძლიერო,
რასაც მოგვივლენ ჭია-მღილთ დაბლა.
გებარებოდეს შენ საქართველო,
დაუსრულებლად მტრისგან გვემული!
მეტი ვერ შევსძელ, ვით ხორციელმა,
მტკიცედ დამეცვა ერი და რჯული.
შენ უპატრონე ტანჯულს ქვეყანას,
არ მოჰკლა მასში გმირული სული,
აზრი მიეცი მაღალი, მტკიცე,
სიცოცხლე მყუდრო, მოსვენებული!”
იქვე ხევსურნიც პირჯვარს იწერდენ,
აძლევდენ ბანსა ერეკლეს ლოცვას.
გადაეხადათ თავის ჩაჩქნები,
უერთდებოდენ თვით მეფის მოთქმას.
ამ დროს აღმოჩნდა აღმოსავლეთით
შვენება ცისა - დილის ცისკარი,
დაბანაკებულს ქართვლისა ჯარსა
ესროლა სხივი, როგორც ისარი.
ცისკრის ამოსვლა ერეკლეს წესით
ჯარის აშლისა ნიშანი არი.
გასცა ბრძანება... აძრახდა ბუკი,
ლაშქრის აყრასა მოსთქვამს ნაღარა.
წამოიშალა ერთს წამს ლაშქარი,
აასხეს ცხენებს აღვირ-ავშარა;
აჰკიდეს ჯორებს და აქლემებსა,
დავლად კოხტამა რაც ჩააბარა,
თავი შეაკლა მეფე ერეკლეს
და ქართველები მით გაახარა.
ან რას გვერჩოდა საბრალო გმირი,
ჩვენთან მას ბრძოლა ვინ დააბარა?
მოჰყავთ ტყვეები ლეკ-ოსმალისა,
ქართველმა ჯარმა ვინც ასაპყარა.
დარაზმდა ჯარი, ალმებს ასწიეს,
ბაირახტრები დაუდგნენ წინა.
უხარის ყველას: კმაყოფილია,
გამარჯვებული ბრუნდება შინა.
წინ მიუძღვებათ მეფე ერეკლე,
დიდებულები არტყიან გარსა;
შვებით სულს ითქვამს მთელი ბუნება,
ლხენა ეტყობა მთასა და ბარსა.
ცოტა გზა გავლეს, ჯარი აყვირდა,
ასტყდა სიმღერა, დააგუგუნა.
“ვაშა ქართველ ჯარს!” - ამოთქვა დაფმა,
მობანედ ზურნამ დაიჭუჭყუნა.
ჯარის ამაყსა გულის ძგერასა
ბანს ეუბნება აბჯრისა ჟღერა.
მიდამოსა სძრავს ცხენთა ჭიხვინი,
რახტ-უზანგისა და ტოტთა თქერა.
დღეს ამას ვხედავთ. ხვალ რა იქნება?
რას გვიანდერძებს ბედისა წერა?
მოჰღელავს ჯარი როგორც ზღვის ტალღა.
ოდნავ-ღა ბჟუტავს ცაზე ცისკარი.
როდის ახდება, არავინ იცით,
მეფის ერეკლის ნეტავ სიზმარი?!
marine
მეც მეფე ერეკლეზე დავდებ ლექსს
უცხო ჩვენება თოვლიან მთების
თოვლიან მთების შორეულ კალთებს
ყოველდღიურად
მზის ჩასვლის შემდეგ ნათელი ადგას
მარადიული...
გოლიათები ჭექენ და ქუხან
წარსულის ფერფლით...
საქართველოზე მოდის მაჰმად-ხან,
ქუდზე კაცს კრეფენ...
ლაშქარს მიუძღვის ხმალჩაუგები
ერეკლე მეფე...
და იმ მთებიდან
მძიმედ ეშვება თორღვა მთიული...
თოვლიან მთებზე ნათელი დგება
მარადიული...
ანა კალანდაძე
marine
სადაც ჩაღრმავდები,
ყველგან ზოდებია,
ყველგან ხელთუქმნელი
ბაჯაღლო ზოდები.
მაგრამ რაღა დროის! -
სიბერის კორდებია,
სიკვდილის კორდებია,
მივალ და გშორდები.
მინდოდა ქართველი
თორმეტი მილიონი,
სულ ათი-თორმეტი
მინდოდა მენახა -
არაგვის სიარაგვე,
რიონის სირიონე
და მიწა გაშლილი
მსოფლიო ვენახად...
სადაც ჩაღრმავდები,
ყველგან საშველია,
რა ხსნა, რა გზებია,
რამდენი საშველი!
მაგრამ რაღა დროის!
ორი დღე დამრჩენია,
ტირილით მივიმღერი,
მივდივარ თვალსველი.
მურმან ლებანიძე
არსებობს ასეთი ლექსი, ,,ანათემა" რამდენადაც მახსოვს მორის ფოცხიშვილის. ხომ ვერ დადებთ აქ? წინასწარ დიდი მადლობა.
ნამდვილად არ მახსოვს, რამდენადაც ვიცი, მისია... თუ ვინმეს წანაკითხი აქვს წიგნი ,,9 აპრილი" მანდ წერია...
ესეც ოთარ ჭილაძის ერთი ლამაზი ლექსი სამშობლოს და ამ თემას
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.
T I K O
(ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია)
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია...
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილშვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდობი.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!
მათ თვის მკერდით შემუსრონ მტერთა სიმაგრენია, -
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ რად მოგიწყენია?
ილია
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
-მუმლი მუხასა` და ლილეოსი`
ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა_
ეს სიმღერაა საქართველოსი
მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვის ხმა საცნაური?
გესმის თერგის და მტკვარის ხმაური?_
ეს სიმღერაა საქართველოსი!
მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება ქვეყნად არავის.
გესმის გრიალი მთებიდან ზვავის?
ეს სიმღერაა საქართველოსი!
თავისუფლების მოყვარე ერებს,
ვით ზღვას ვერავინ ვერ შეაჩერებს.
მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმრერებს,-
ეს სიმღერაა საქართველოსი!
აქ გამარჯვების დროშად წერია:
სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!
თუ რამ სიმღერა გულს უმღერია
ეს სიმღერაა საქართველოსი.
გმირებით სავსე სამშობლო მხარევ,
დღეს გამარჯვების გულით მრელვარევ,
იდიდე. ამ ხმას სხვაში ვერ გარევ,
ეს სიმღერაა საქართველოსი.
გალაქტიონი
მაშ გამარჯვება. . .
თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
_მაშ გამარჯვება ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.
ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზედ ედინოს
გავარვარებუ ოქროს თაველებს!
სხვა რომ მოკვდება მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.
ნეტა სადა აქვთ ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.
სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო
ანდა არ იყოს ასე ლამაზი!
_სხვა საქარველო მაინც სად არი?
რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა?
ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,
ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?
დავბადებულვარ რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი
_მაშ გამარჯვება ტკბილო სიცოცხლე
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.
ტიციან ტაბიძე
დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია...
შენ მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა:
საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა ტანჯვად ეყოფა,
მოეცი ძალა დავრდომილსა კვლავ აღდგომისა
სახელოვანი განუახლე წარსულ დღეთ ყოფა,
მამა_პაპური სული გული მოჰმადლე შვილსა.
ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართლისა ძენი
დასაბამითვე არ იცოდნენ რა არს მშვიდობა.
იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი
თუ რამ შეგცოდეს, შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.
მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული
და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული...!
ჰოი! სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,
რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა.
ილია
maZiebeli
სამშობლოს
ტერენტი გრანელი
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
მრავალჟამიერ!
ანა კალანდაძე
შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, - გზა საომარი
მხნედ რომ გალიეს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
თავისუფლების, შრომის და ბრძოლის
ძლიერ არმიებს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს -
მზიან-მთვარიანს,
ახალ მშენებლებს - დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
მოეფონება შრიალი ხეთა
მიწას გვალვიანს...
მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა,
მრავალჟამიერ!
ზურგში თუ ფრონტზე გზა საომარი
ძლევით გალიე!
ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა,
მრავალჟამიერ!
გაზაფხულზე
გოდერძი ჩოხელი
გაზაფხულზე რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს.
ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.
მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს.
ვგიჟდები ჩოხელზე და ამ ლექსზეეეეეეეე
"...არც ისე პატარაა ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები"
ფიქრები საქართველოს რუკაზე
შენს რუკას _ შენი ბრძოლების სარკეს,
წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული,
ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი,
დაფლეთილია შენი სხეული,
ბაღ-ვენახიანს, ციხე-ტაძრიანს
შენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი,
მავანს და მავანს მიუტაცნია,
სხვათა და სხვათა ადგას უღელი.
რაც დღემდის მოგყვა, რაც შეგრჩენია _
კოდორიანი, ალაზნიანი,
თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია,
ისიც გამხდარა სხვათა ზიარი.
მუხას წააქცევს, ლერწამს კი არა,
პირალესილი ამდენი ცული,
რა მოგიშუშებს ამდენ იარას,
რამ მოგირჩინოს ამდენი წყლული!.
და რომ გეხვევა ღრუბელი ბნელი
შორიდან როგორ გიყურო მშვიდად.
ნუთუ დამხობა ჩვენს დროში გელის,
დაუდევრობით შენთავე შვილთა!?
არა, შენ წელში ისევ სწორდები,
რომ კვლავ წამოდგე ბუკით, ნაღარით,
ისევ იწევენ მზისკენ ყლორტები,
შენს ძველ ფესვებზე უხვად ნაყარი.
დიდება ამ დღეს, დიდება ამ დღეს,
ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული,
ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგეს
დღეს დაფლეთილი შენი სხეული!
გრიგოლ აბაშიძე
ყური დაუგდეთ
ყური დაუგდეთ ძველთა ნანგრევთა
უხმო კვნესას და უხმო გოდებას,
ის, რაც იხილეს ამ ქონგურებმა
არასდროს აღარ განმეორდება.
დგანან ამაყად მკერდშენგრეულნი
და იხსენებენ წარსულს ნისლიანს,
ყველა გოდოლზე, ყველა კედელზე
მამა-პაპათა წმინდა სისხლია.
და თითო ლოდი ხავსმოდებული _
ძველ მატიანის თითო ფურცელი _
უნდა გადავცეთ ჩვენს შვილთაშვილებს
წასაკითხავად ისევ უცვლელი.
იმათაც დახვდეს ციხე რუხისა,
ვარძიის მღვიმე _ დიდება ჩვენი,
მათთვისაც რეკდეს ძველი გელათი,
სვეტიცხოველი და ზედაზენი.
დაე იცოდნენ: ყველა ნანგრევი
დღესაც გუშაგობს წარსულს ნისლიანს,
ყველა მათგანზე მამა-პაპათა
ჩვენთვის დაღვრილი, წმინდა სისხლია.
პეტრე გრუზინსკი
marine
უღრმესი მადლობა ... ახალფეხადგმულივით ვარ აქ ... როგორც ახალი
ჰე, ივერიავ!
ჰე, ივერიავ! ვიდრე იყო ქედმოდრეკილი,
ვიდრემდის სხვათა ყვედრებითა გფარვიდეს ძალი,
რად არა გახსოვს ძეთა შენთა ხრმალთა კრიალი,
ძლევათა მათგან, როს დიდებით იყავ მოსილი.
წინაპართ სისხლი აწ ჩვენს შორის არღა მდინარებს,
თავისუფლება განქრა ჩვენთვის, რაღა გვახარებს!
შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას,
მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას...
ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას.
ბედო! ნუ გძინავს, განიღვიძე, ისმენდ ვაებას!
ცხოვარს ვემსგავსეთ, რომელსაცა მწყემსი არ უვის,
ვითარცა მგლისა, ეგრეთ მშიერ კაცის ეშინის,
ვინცა განაგდებს საღმრთოს ვალსა და გზის პატივის,
დასასრულ მაინც საშინელად ესრეთ წარხდების.
გრიგოლ ორბელიანი
marine
გაიხარე...
საქართველოს
ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.
ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.
მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:
უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.
გრიგოლ რობაქიძე
(მიყვარს ეს ლექსი )
ჩემი თბილისი
ჩემო თბილისო, მიყვარს შენი ქოთქოთა ბინდი,
შენი მთაწმინდა, ეგ ყურყუტა ჭმუნვი დღეობა.
როგორღა ღვივის შენი ზეცის ლურჯი მინდორი,
როგორ ქათქათებს შენი დიდი მოსახლეობა.
რა წარმტაცია კამარების ელამი ჭერი,
ხან ჭორფლიანი რიჟრაჟების ბოყვი ხითხითი,
ხრიოკი მთები მოდებული, როგორც ჭერეხი,
და ჭარბ ფერებით ალეწილი გვალვების ხვიტქი.
შენს წყაროებში მეც დავიწვი იმ ხოხობივით,
ამ ფერად წყლებით გორგასლანი სამოთხეს რწყავდა,
ქვვეყნიერებას შენი ჩანგით რომ მოუთხრობდი,
ქართლოსის ტომებს ზოგჯერ ბედი როგორ სწყალობდათ.
შმაგი სიცოცხლით ეს ოხერი, გამოვჩერჩეტდი,
მინდა როგორმე რომ ლოთობით გავისაძლისო,
ტვინი შემერყეს, თან ლოყებზე დავიწყო ჩქმეტა,
და ღრეჭით დიდხანს გარს გირბინო, ჩემო თბილისო!
შენმა ღრუბელმა ცრემლზე მსხვილი წინწკლები იცის,
და ზენაქარმა სიმღერები აურაცხელი,
ჩემო თბილისო, მუხლმორთხმული სიონს გაიცებ,
ბინად მომეცი შენი ბინა და საწნახელი.
ხევის ქალაქო, ასე ეშხით ვინ დაგამშვენა,
ვინ გიწყალობა ეს სიუხვე ხელებგაშლილი.
შენთან მღეროდა ბედნიერი ვაჟა-ფშაველა,
შენში დარდობდა შენი ტარო ბარათაშვილი.
აქ თამადობდა ჯიხვის ყანწით თურმე მხარგრძელი,
თან აქლემების ქარავანი იდგა გირაოდ,
სადღაც... მღვიმეში დაღმუოდა ბედს მთაწმინდელი:
,,და... უფროისად მარტოს ღამე მიწერიაო”!
რა საჭიროა, ჯავარივით ვწერდე მუხამბაზს,
მზეთუნახავი ბროლის კოშკში მესხდნენ ხიზნებად,
წყეულიც იყვეს სამუდამოდ ამ ქვეყანაზე,
თბილისო ჩემო, შენს შუქს იქით გამოფხიზლება.
ო, როგორ მიყვარს შენი ოღრო-ჩოღრო ქუჩები,
ეგ მიწის ხაო, საოცარი ჯანღების ბური,
ღამის აკვანში გრილ ნიავის თითო ფაჩუნი,
ად ვერის ხიდთან ქარის სტვენა მამაპაპური.
ეს მინარეთი შენს ღრუბლებთან რას აფხორილა,
იქნებ თაკილობს, ნარიყალა რომ ემუდრება?
დიდხანს შერჩებათ ნაცარივით ქართლის ხეხილებს,
რაც მაჰმადიანებმა დაგვატეხეს უბედურება.
ჩემო ქალაქო, ისტორიას მე რას დაგიწერ,
ჩემი ცხოვრებაც კი არ ვიცი, როგორ იწყება...
დიდება იმას! იმ განგებას მრავალჟამიერ,
ვინც დასაბამის სამრეკლოსთან ძუძუ გაწოვა.
მე მხოლოდ ჩემი ჩათხრობილი ჟინით მიყვარხარ,
მინდა სულ შენთან, შენს ცქერაში ამომძვრეს სული,
არსად არ წავალ, თუ გინდ მიწა შემომაყარონ,
თუ გინდ დავბრმავდე ვიცი, მაინც გიპოვნის გული.
ნიკო სამადაშვილი
"აჩრდილი "
VII
მარად და ყველგან,საქართველო, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი,უკვდავი სული.
შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,
ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.
მეცა ვტანჯულვარ,ჰე ბედკრულო, შენის ტანჯვითა,
შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,
მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა,
შენის აწმყოთი სული,გული დამწყლულებია.
წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება,
ვიცი,რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი,
შენცა გფენია ქვეყნისა მადლი-თავისუფლება,
ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი.
და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ ვით ტაძარი გაუქმებული.
ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას
და მცნების ნათლით ზე-აღზიდულ, ამაღლებული
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,
იმ დრომდე იგი უიმედო,შეწუხებული,
უქმისა დრტვინვით,გულის-წვითა მწარე ცრემლს დაღვრის,
მაგრამ არ ირწმენს, წამებულო, შენს აღდგენასა,
და იგი ცრემლი ურწმუნობის,ეჭვის და ტანჯვის,
ჰღაღადებს მხოლოდ ძისა შენის უძლურებასა.
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, —
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.
ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, —
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.
სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ —
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, —
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.
შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.
ლადო ასათიანი
ჩემი სამშობლო
ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
— ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არი?
ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი!
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წიქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება.
ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა,
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.
ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, —
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?
ლადო ასათიანი
***
ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა,
მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი…
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
და მიწავ ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი…
/დათო კრაწაშვილი/
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე .
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
...გულში
ღიმილით
ვიტყვი: -
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!
მუხრან მაჭავარიანი
როცა ლექსს ვწერ...
როცა ლექსს ვწერ, დილაა თუ ბინდია,
საქართველო ჩირაღდანად მინთია.
შავი ზღვიდან მოვარდნილი ქარი ვარ,
ქოხის ბუხრის ცეცხლის ნაპეწკალი ვარ
და ამ მიწას ვკოცნი, როგორც მინდია.
როცა ლექსს ვწერ, დილაა თუ ბინდია,
საქართველო ჩირაღდანად მინთია.
დაცვარული ლოდები ვარ ვარძიის,
მყინვარიდან აფრენილი არწივი,
წინაპრების საფლავების მკოცნელი,
გათანგული სიმღერით და ოცნებით
და ლერწმებთან ბულბულივით გაზრდილი...
როცა ლექსს ვწერ, დილაა თუ ბინდია,
საქართველო ჩირაღდანად მინთია.
რუსთაველის სტრიქონი ვარ ართქმული...
მახვილივით მტერზე წამომართული,
დარიალზე მოხვეული ნისლი ვარ,
სააკაძის ჭრილობების სისხლი ვარ
და კრწანისთან გაკვესილი ფრანგული.
როცა ლექსს ვწერ, დილაა თუ ბინდია,
საქართველო ჩირაღდანად მინთია.
თეთრი მტრედის აფეთქილი გული ვარ,
მარტო ლექსი, მარტო სიყვარული ვარ.
ჯერ მზე ვარ და მერე ალბათ მიწა ვარ,
ხნოვანებით ამ სტრიქონის ხნისა ვარ...
როცა ლექსს ვწერ, დილაა თუ ბინდია,
საქართველო ჩირაღდანად მინთია.
/ოთარ მამფორია/
marine
კარგი იყო...
***
მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ,
იქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა,
ვაჟას მიწაა ჩემი საძვალე,
გოგებაშვილმა ამიდგა ენა.
აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ,
...იქაა ჩემი სულის საუფლო,
სადაც სიმღერით ომებს იგებენ,
სადაც ყოველი ლექსად საუბრობს.
მე სააკაძის სამშობლოდან ვარ,
თამარის სისხლი გადამდის გულზე,
უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ
და რწმენას არვინ არ ჰყიდის ფულზე.
მე და ფიროსმანს ერთი მიწა გვაქვს,
გალაკტიონის დამყურებს ღამე,
სწორედ იქაა ჩემი სამშობლო,
დედა ღვთისმშობლის რჩეული მხარე.
მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ,
მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ, და ვარ,
აკაკის ნასუნთქ ჰაერს ვისუნთქავ,
ილიას გავლილ მიწაზე დავალ.
ჩემი სამშობლო ვერ ითვლის ასაკს,
კაცობრიობის დღეთა შექმნიდან.
დიახ, გახლავართ საქართველოდან,
გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან!
/ნანა მეფარიშვილი/
ხმა მიწისა
მიცან და მენდე, მენდე და მიცან.
ეს მე ვარ, მე ვარ - ქართული მიწა.
ეს მე ვარ, ვისაც გაჩენის დღიდან
არ გამერია ჭაღარა თმაში
და მხრებით ვზიდე, მარტოკამ ვზიდე
ამაყი მთები, ხმალი და ვაზი.
ვზიდე მამულის ცრემლი და სეტყვა,
ტაძარი, ციხე, სამარის ლოდი,
შენც კი გაგიშლი, მადლობა მითხარ,
ვენახის ლერწით დალამბულ ლოგინს.
მე დაგიდარე გაბნეულ მძივებს
მკერდს დასაყრელი ფიფქი და მტვერი,
ყანწი - პატარა სიცოცხლის მძიმეს
და წერტილს კიდევ - ჯიქანი მტევნის.
და მე გათხოვე თვალები ჩემი
გამტყდარ ოცნებას უძირო ტბებად,
მოღერებული ჯეირნის ყელი,
ზედ რომ ჩხავერის შხეფები წვეთავს.
და მე გასესხე ძლიერი მკლავი,
რომ გვიან ისევ უღონო მომცე
და დამიბრუნო დუმილით მაინც
ის ბაგე - რითაც სამყაროს კოცნე.
ფიქრის საწნახელს დარდით ნუ ავსებ,
მას დაცლის მაინც არდავიწყება,
ჩუმად, ჩემს მკლავზე იძინებს ვაზი
და ბროწეულის ხარხარი წყდება...
/ოთარ მამფორია/
მამულზე ლოცვა
უკვდავებამდე როს დარჩება
ორი ნაბიჯი,
სულის ყივილი როს გადადის
მიწის ძახილში,
მომღერალ ჩანგის ბოლო სიმიც
როცა გაწყდება,
სამი იმედი განათდება
უკანასკნელად.
იმედი ხალხის, სუნთქვა ლექსის,
ალერსი მიწის,
ბოლოს ეს არი შთაგონება
და მგოსნის ფიცი.
ერთი მზე ჩადის და მეორე
უმალ ენთება,
ოდეს ქართული მიწა გულზე
გადაეყრება.
თუკი მთაწმინდის ან დიდუბის
ღვართქაფიც მოდის,
ახალ ლექსებით იფურცლება
სამარის ლოდი.
ჭირისუფალი ცისარტყელაც
ოდეს გაჩნდება,
მაშინ დაიწყებს უკვდავება
გამოსარჩლებას.
დედის გულივით გადიხსნება
მიწა მშობელი.
და სამარიდან ამხეთქავს
საგალობელი...
თუკი დიდუბის მიწაც არხევს
ლექსად დამწვარი,
მერე რა მიწა, ვაჟას პერანგ-
გამონაცვალი.
აბა, სიკვდილი რას დააკლებს
ანთებულ მგოსანს,
როცა საფლავშიც არ თავდება
მამულზე ლოცვა...
/ოთარ მამფორია/
http://imageshack.us/photo/my-images/803/12051464077246982699198.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
* * *
(ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო)
"ჩემი სამშობლო ერთი მუჭა მიწაა,
ერთი ღერი ყვავილის სამყოფი მიწა,
... რომელიც მუდამ გულის ჯიბით დამაქვს.
პერიოდულად, ჯიბიდან ვიღებ ცოტ-ცოტას და
მტერს თვალში ვაყრი, დასაბრმავებლად.
ცოტაა ჩემი სამშობლო და ბევრია მტერი -
რომელ ერთს გინდა, აუხვიდე, კაცი,
ან რამდენს გინდა, თვალი დაუვსო?!
ბევრია მტერი და ცოტაა ჩემი სამშობლო,
იმდენად ცოტა, რომ ამ ბოლო დროს,
ჯიბისკენ ხელის წაღებისაც კი მეშინია -
ვაითუ, რაც იყო, ისიც არ დამხვდეს, ვაითუ,
იმ ერთ ყვავილსაც აღარ ეყოს, გასახარებლად."
სული შემიბერე...
გული დამიბუჟდა, ღმერთო,
უჭერს კაპილარებს სისხლი,
თუმცა არსებობას ვერ ვთმობ,
... მიმძიმს, უსაშველოდ მიმძიმს.
რა დროს რითმაა და სიტყვებს
ვეღარ მოვუყარე თავი,
უნდა ემოციას მივყვე,
მიწისქვეშიდან რომ ჩხავის.
ისე აირია ზეცა,
უფრო დავემსგავსე შეშლილს,
უკვე ნატვრად მექცა, მზეც არ
გამოირთვებოდეს ჩვენთვის.
რა დროს ოცნებაა, როცა
ფიქრსაც შეეჩვია შიში,
წამებს მოგონება ხოცავს,
ცრემლი თვალთახედვას მიშლის.
და ხელაპყრობილი შეგთხოვ,
თრთოლვით, მდგარი ხიდზე ბეწვის,
სული შემიბერე, ღმერთო,
გულზე… საქართველო მეწვის.
/თეა თაბაგარი/
მაცხვარიშის ფრესკის ხილვისას
სოფლისგან გამდგარი,
მე ვნახე საყდარი
დამზრალი ქარებით.
სავანე ჩიტების,
სავანე დიდების
დაბზარულ კარებით...
და ჯერ არ გამქრალა
სამრეკლო პატარა,
პატარა ზარებით,
სანთელი ჩამქრალი,
ცრემლებად დამდნარი
ღვთისმშობლის თვალები.
მე ვნახე სიზმარი:
გაიხსნა ცისკარი,
განათდა მთა-ბარი.
მზემ ითინათინა
და გადმოაფინა
ქედებზე ფაფარი.
მე ვნახე მზის თვალი,
ეს იყო სიზმარი,
ეს იყო ზღაპარი...
/რევაზ მარგიანი/
„საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,
მიწა მიჰქონდა, მიწა ტკბილი, მიწა მარადი…
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
ქართული მიწავ და ამიტომაც დაპატარავდი!…
ვარ საქართველოს ბედდამწვარი ჭირისუფალი,
ქვეყნის ნათელი მომავლისთვის მსურს გავიხარო,
თუ საქართველო არ მენახო თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეული მე მენახოს მთელი სამყარო!…
ნოე ჟორდანია
შენ -
სისხლო ჩემო -
სად არ დაღვრილო -...
შენ -
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ -
სისხლო ჩემო -
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი.
ხანძთა.
ვარძია
და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია.
შენ -
სისხლო ჩემო -
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია.
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია.
შენ -
სისხლო ჩემო -
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო.
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.
/მუხრან მაჭავარიანი/
"ძველ ქართულ მწერლობაში ვახტანგ VI-მ ერთ-ერთმა პირველმა შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები, განავითარა ე. წ. აღორძინების ხანის პოეზიისათვის ნიშანდობლივი მოტივი - "მდურვა სოფლისადმი".
დომენიკო ვარ, უძღები შვილი,
მამადაკარგულს, მწიხლავს სოფელი.
მკვლელი ილიას, ბერბიჭაშვილი.
და ქრისტეს რჯულის უარმყოფელი.
არც ღმერთი ვიცი, ლაჩრად ვიქეცი....
მოღალატე ვარ, ტაძრის მნგრეველი.
მკვლელად და ფლიდად გადავიქეცი.
სისხლისმსმელი და ჯვარის მტვრეველი.
შადიმანი ვარ, დედოფლის მკვლელი,
მოძმის მოძულე, ძმა ვარ ძიძია.
საფარბეგობას გადაჩვეული,
თითქოს განგებამ,შური იძია.
მაგრამ ვიცი რომ,არაგველი ვარ,
ცხრა ძმიდან ერთი,ვარ მეომარი.
ლურჯა ცხენებზე შემოჩვეული.
ტატოს მოკეთე და მეგობარი.
აფხაზეთი ვარ და საინგილო.
მაჩაბლის მიწის,მტანჯავს ტკივილი.
ტაოდან კლარჯეთს გადახვეწილი.
დაობლებული სისხლის ყივილი.
ვაჟას შვილი ვარ,ხმელი წიფელი.
მთაწმინდის მთვარის,ველი დადგომას,
რჩეულიშვილის ალავერდობის,
და ფიროსმანის,ვეტრფი აღდგომას.
ანტონ გაგუა
ქართველი
ტაოს სევდა ვარ, კლარჯეთის დარდი,
ბანას ტკივილი, ცრემლი ლაზეთის.
ვარ არსაკიძის მოჭრილი მკლავი,
გულის ჭრილობა ცხუმ-აფხაზეთის.
პაატას ხმა ვარ, გიორგის ხმალი,
თურმანის ლექსი, თამთას ოცნება.
ფიქრი კახეთის მზე-დედოფალის
და ბარაკონის პატიოსნება.
დროშა-მარაბდას შეწირულ ძმების,
თამარის ლოცვა, დავითის ფარი.
ქრისტეს ჯვარცმა და ექო ვარ მთების,
არაგველების შთამომავალი.
/ოთარ რურუა/
ისეთი გული რად გინდა,
გქონდეს და არა გტკიოდეს,
ისეთი თვალნიც დავსილან,
ცრემლი არ ჩამოსდიოდეთ.
ისეთი ხმალი რად გინდა,
მტერთან შეყრა არ შიოდეს,
ისეთი შვილი რად გინდა,
სამშობლო არა სტკიოდეს.
ისეთი ცხენი რად გინდა,
ლაშქარში არა ხვიოდეს,
ისეთი მეფე რად გინდა,
მხედართ არ მიუყიოდეს.
ისეთი მიწა რად გინდა,
სხვის ხელში გადადიოდეს.
ამას სჯობია ქართველი
სამზეოს არ დადიოდეს.
/ თემურ ჩალაბაშვილი /
სამშობლოს
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
/ტერენტი გრანელი/
მიყვარს ქართულად
მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად
ვმღერი ქართულად
მადლობა ღმერთს ნება დართულად.
შანსი მქონია არ მომირთხამს
ფეხი თათრულად,
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ეგეც ქართულად.
და კი ბატონო თარგმნეთ რუსულად
თარგმნეთ სპარსულად
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
მე მწამს, მე ვწერ ქართულად
მე ყოვლად ქართველს
ყოველივე მიყვარს ქართული
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.
/მურმან ლებანიძე/
საქართველოს
მე დავიბადე, რომ ქართველი მერქვას სახელად,
რომ საქართველოს ვექართველო კუბოს კარამდე,
ქართლის ბედის და უბედობის საქებ-საზვერად,
მე დავიბადე!..
მე დავიბადე შეფიცულთა თანაზიარად,
ვით ამორძალი მეომარი, მდედრი მსახური...
გადამიღეღეთ გულისპირი, ნახავთ იარად
ზედ ერთიანი რუკა არის ამოკაწრული.
ჩემო სამშობლოვ, რადგან მტერი შენ გყავს ურიცხვი,
მე დავიბადე, რომ უკუნში ნათელს ვთესავდე...
ჰა, საქართველოვ, ჩემი მაჯა, ჩემი გულ-ღვიძლი,
თუნდ კავკასიონს მიმაჯაჭვე პრომეთესავით!..
მე დავიბადე მეციხოვნედ, ურცხვთა სამხელად,
რომ ქართულ საქმეს ვემსახურო, შევძლებ სადამდეც...
ღმერთო, ალაზნის სანახები მქონდეს სამზერად
და საქართველო - აღდგენილი დარუბანდამდე!
თინათინ მღვდლიაშვილი
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!
ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს...
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!
სხვამ არ თოხნოს ჩემი ყანა,
არც ჩონგური ჩემი თალოს...
მე ისეთი მგლები მყვანან
ალგეთს მტერმა ვერ დათვალოს!
ალავერდში ვანთებ სანთელს,
იმ გმირების წასვლას ვნანობ...
არტანუჯთან ვხვდები ხანძთელს
რომ ფეხები ცრემლით ვბანო!
ბერი--თათრის ანაკუწი
გვარიდებდა სისხლის კალოს...
ყველა დუშმანს, როგორც უწინ
გზა თევდორემ გაუკვალოს!
ვინ აგაკრავს აწი ზეცას,
გორგასლანის დიდო ფარო?
აქ აბჯარი მთასაც ეცვა,
აქ თამარი დედოფალობს!
ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს...
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!!!
/ლაშა ნადარეიშვილი/
ბალადა
ომი წავაგეთ მეგობარო... ომი წავაგეთ,
დღეს სიხარულის ზარის ნაცვლად რეკავს სხვა ზარი,
სვეტიცხოველი ჩვენი ხელით თუკი ავაგეთ,
ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ოშკის ტაძარი.
ომი წავაგეთ ქართველობავ... ომი წავაგეთ,
მუხანათობამ მტრის კვლავ დასცა ყველას თავზარი,
მაშინ დავმარცხდით: როს ქარქაშში ხმალი ჩავაგეთ,
ბრძოლის ველისკენ ლაშქარი რომ ვეღარ დავძარით.
ისევ გაისმის სამშობლოში ტკივილის ხმები,
ძუძუს მოწყვეტილ ბალღებივით ქვებიც სტირიან,
თეიმურაზსაც გაუთეთრდა ბრძოლებში თმები,
მეფის რუსეთის მსხვერპლი გახდა შენი ილია.
ფოსტალიონი მობრძანდება ვხედავ: შორიდან,
''კაცი იყოო!'' მერე ალბათ მასზეც იტყვიან,
ცნობა მოვიდა შემზარავი სტავროპოლიდან:
თავი ნაჯახით გაუპესო მხცოვან ყიფიანს.
საქართველოდან რომ მიჰყავდათ გოგო-ბიჭები:
მონებად ჰყიდდნენ სათითაოდ თურქთა ბაზარზე,
და ირხეოდნენ სევდიანად ქარში ფიჭვები,
როცა შვილები მიდიოდნენ ერთად სხვა გზაზე.
ისევ დავმარცხდით საქართველოვ... ისევ წავაგეთ,
აღარ ანთია ძველებურად რწმენის ხანძარი,
სვეტიცხოველი მარჯვენათი თუკი ავაგეთ,
მარჯვენათივე დავანგრიეთ ხანძთის ტაძარი.
/ოთარ რურუა/
ეჰ, ჩამოსტირის შავ კლდეს თავ-პირი,
ცრემლები უწვავს დაღარულ ლოყებს,
მწარე ნაღველი, გულში ჩაღვრილი
უნდა ქვითინით ამოთქვას, მოყვეს...
ყოფილა, თურმე ერქვა თახვირი
ამ კლდის ფერდობზე შეფენილ სოფელს,
მაგრამ სიცოცხლეს მოსდო აღვირი
ურჯულომ და კლდეც ამიტომ გოდებს,
დგას, გამოჰყურებს სევდააშლილი
ხავსმოკიდებულ კედლებს და ლოდებს...
ყოფილა, თურმე ერქვა თახვირი
ამ კლდის ფერდობზე შეფენილ სოფელს...
როგორ გაჟლიტეს,აწამეს,მოსპეს,
ვერ გაინელა ეს ბოღმა დღესაც,
კლდე გული ჰქონდა საქართველოს მტერს,
საქართველოში გული აქვს კლდესაც!
ძმობა, გატანა, სულთა კავშირი
ჩემს სამშობლოში ძველთაგან მოსდგამთ,
და ჩამოსტირის შავ კლდეს თავპირი,
წმინდა ცრემლებით გლოვობს და მოთქვამს...
/თამთა რეხვიაშვილი/
მერე რაა, რომ საქართველოა
მერე რაა, რომ საქართველოა
და კიდევ არსად - სხვა საქართველო? -
სიავე იქცა აქაც ხელობად,
ლამის ერთურთი აქაც გათქერონ!...
როგორ მოხშირდა უცხო ნადური,
როგორ სანსალებს ენა სხვათანი!..
ჩვენ კი მრისხანედ მუშტშემართულნი,
სხვა საქართველო, - ვყვირით, სად არი?!
მერე რაა, რომ საქართველოა? -
აკი იქედნე დაძრწის ბაღნარშიც?!
იყავი თუნდაც დავით მეოთხე, -
საშველს არ მოგცემს ლანდი ბაღვაშის...
გაუტანლობის შავი ლაქები,
სავარდოში რომ ჯაგნარს შემოშლის, -
სწორედ ეს არის სხვა საქართველო
აქვე, სრულიად საქართველოში!..
შაჰსაც წამოსცდა ერთი სიმართლე,
მიხვდა ქართლისთვის კუბოს გამთლელი:
ვერარა მტერი ვერ ძლევსო ქართველს,
რომ არ მტრობდესო თვითონ ქართველი!..
მერე რაა, რომ საქართველოა -
დიდგორის გმირი და ნადიმარი? -
გაივლის დრო და ჩაისახება
ყორღანაშვილი და შადიმანი!..
ახლაც მკერდს მინგრევს ბოღმა იმ დღისა,
ახლაც სირცხვილით მიხურს ყვრიმალი:
ზედ ბაზალეთთან ძმათა სისხლის ღვრას
აკი მიაძღნენ სვავნი მყივარნი?!
მერე რაა, რომ საქართველოა,
მხარე თავდგმული შოთას წიგნითა? -
ციხეს ვერ ნახავ, - იმერ-ამერში,
არ გაეტეხოს თვისტომს შიგნიდან...
მერე რაა, რომ საქართველოა, -
გაიშლი გზისპირს სუფრას ნელიად
და უცებ ჩრდილი თავს წაგადგება,
აიხედავ და... კუჭატნელია!..
მერე რაა, რომ საქართველოა? -
სისხლის ცრემლი სწვავს ყელში გაჩრილი! -
ჩაგისაფრდება სადღაც სიგლახე,
ვით წიწამურთან - ბერბიჭაშვილი!.. ...
მერე რაა, რომ საქართველოა?..
მტერიც შინ უზის და მოღალატეც;
ყოველ ეკლნართან, ბუჩქთან, ყორესთან
ავად მბრწყინავი თვალი ანათებს...
მერე რაა, რომ საქართველოა-
ქვეყანა გამრჯე და მუყაითი?-
მაგრამ ხიზნებიც გამოერევა
ზოგჯერ ისეთნი, რომ ნუღა იტყვი!...
მერე რაა, რომ საქართველოა
და მაღლა მხედი მაღალთა შორის?!-
იქნებ ეს არის, მართლაც ეს არის,
მხოლოდ ეს არის მიზეზი ყოვლის?!
რადგან შურია ხვედრი რჩეულის
და შურის გამოც ვრჩებით ეულად!
რა გამოლევსო, თქმულა, მჯობთა მჯობს,
ის მჯობთა მჯობიც გამოლეულა!...
მერე რაა, რომ საქართველოა! -
ბედმა უღმერთოდ გაიმარტვილა...
სულ რომ არ იყოს, ალბათ სიკვდილსაც
იწვნევდა კაცი უფრო ადვილად!...
მაგრამ არის და, სწორედ ამიტომ
თავს ახვევია ყორანთ გუნდები...
საქართველოში მთელი სიცოცხლე
საქართველოსთვის ბრძოლას ვუნდებით!...
/ოთარ შალამბერიძე/
''მზემ ღრუბლის მძიმე ფარდა გახია,
აქაც ლამაზი მთა და მდელოა,
სადაც ქართველი კაცი მარხია,
ყველგან პატარა საქართველოა''.
ნოდარ გურეშიძე
ღმერთო ის ქართველი შემახვედრე
***
საუკუნეებს გადასწვდება
ქართლის გოდება,
გადაგვირჩინე მამულიო,
გალობდა ქორო,
ღალატით სავსე ისტორია,
სულ მეორდება,
განსაცდელს უკვე
აღარ უჩანს თავი და ბოლო.
რას ვდარდობ სიკვდილს,
თუ მამული ტკივილად მენთო,
გრძნობაც და ნივთიც
იყიდება ბინძური ფულით,
გთხოვ, თუნდაც ერთხელ შემახვედრე
იმ ქართველს ღმერთო,
ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალი
სტკიოდეს გულით.
დაგვისნეულდა საქართველო
და ჰკარგავს ძალას,
თავს იხრჩობს ერი ზიზღისა და ცოდვების ზღვაში,
გატეხილ ლუკმის მადლი ქრება,
სიმდიდრე გვძალავს,
რიხიან ქართველს
რა სისუსტე დაეტყო ხმაში?!
რამდენი ომი გვიგემიან,
დროიდან დროში,
თითო-ოროლა შინ გამცემი
გვაკლებდა ვერას,
დღეს ერთგულს ვეძებთ,
სინდის-ნამუსს რომ არ სცვლის გროშში
და საკუთარი მიწის გულზე აღვივებს კერას.
განკითხვისათვის ერთმანეთი თუ გვეცოტავა,
ღმერთსაც კი მივწვდით,
ჰოი, თავზე გვექცევა ჭერი,
ნეტავი ხვალე
ამ ცოდვის გზით საითკენ წავა,
ასი ათასი წმინდანების გამზრდელი ერი.?!
იბერის მხარეს,
წილხვედრ მიწას ზღაპრის და მითის,
რომელზეც ახლა სატანაა შემოხვეული,
შენ მოუვლინე განმგებელო
მხგავსი დავითის,
რომ მადლის ხელით
ააყვავოს მიწა სნეული.
რას ვდარდობ სიკვდილს,
თუ მამული ტკივილად მენთო,
გრძნობაც და ნივთიც
იყიდება ბინძური ფულით,
გთხოვ, თუნდაც ერთხელ შემახვედრე
იმ ქართველს ღმერთო,
ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალი
სტკიოდეს გულით.
/ნანა მეფარიშვილი/
***
მიწას დაგვალულს
დაგინამავ ჩემი ცრემლებით,
სამშობლოვ ჩემო,
შენს გულ–მკერდზე მინდა ვიარო,
გამაღიმილე,
შენი ცის ქვეშ შემოთენებით,
ოღონდ მტკიოდე,
არასოდეს არ გამიარო.
/ნანა მეფარიშვილი/
ბევრჯერ წაგვლეკეს,
ვერ გვაქციეს მაინც ლაჩრებად,
დავითი გვყვავდა,
სხვა რომ არა,
გვყვავდა თამარი,
მოვა მესია საქართველოს
გადასარჩენად
და გადავრჩებით -
ღვთის რწმენაა
ახლა მთავარი.
\დათო ახლოური\
ჩემო სამარგალო
მინდა მოგეფერო, ჩემო სამარგალო,
ჩემი ნანა ხარ და მზე ხარ - ღმერთის ნებით.
მინდა ეს დღეები შენთან დავაღამო,
გულში გიხუტებ და როგორ მეთბილები...
ახლა შორსა ხარ და ისევ მომენატრა
ჩემი ენგური და ყველა ენგურელი.
შენზე ვფიქრობდი და სევდა მომემატა
სადღაც თვალთან ახლოს რომ არ მეგულები.
ნეტა შენთან ვიყო, რამეს გიამბობდი,
გაგვეხსენებინა იქნებ წასულებიც...
რა დროს არგოა და რა დროს იაზონი,
როცა ასე მომწონს კოლხი ასულები.
ჰოდა, ვაჟას სარძლოდ უნდა გაიმეტო,
ის, ვინც მზეს დარობს და ის, ვინც თამარქალობს...
ღმერთმა გადღეგრძელოს ჩვენდა საიმედოდ,
ჩემო სიყვარულო, ჩემო სამარგალო.
\დათო ახლოური\
სამშობლო ჩემთვის დღესაც დარდია,
ფიქრი ოხერი ისევ მეწვია...
მე სადიდგორედ მზრდიდა გადია,
შენ კი აკვანი უნდა გერწია.
ხმალზე მარჯვენა ბევრჯერ წამიცდა,
როცა ერეკლეს ძახილს ვისმენდი.
ჩემს არაგველებს ვახლდი კრწანისთან,
იქ ვენაცვალე მამულს ღვთის ნებით.
მე მომკლეს, მაგრამ ისევ ავდექი
მამულზე ფიქრი როცა მეწვია...
მე სადიდგორედ მზრდიდა ალგეთი,
შენ კი აკვანი უნდა გერწია...
მე ცოტნეს სისხლი მიდუღს ამ გულში,
შენ თამარი ხარ, თეკლა, მარიამ...
არ გავახარებ მტერს ჩემს მამულში,
არც არასოდეს გაუხარია!
\დათო ახლოური\
ვაგლახ ოცნებავ
***
მსურდა მყოლოდა ათი შვილი, ათი ვარსკვლავი,
რომ ათი წყვილი დამენახა თვალები ნუკრის,
ხუთი ვაჟი და ხუთიც ქალი მხრებზე ნაწნავით,
ათჯერ გაყოფა შემძლებოდა ალალი ლუკმის.
მსურდა მყოლოდა ხუთი ვაჟი, დევგმირი ხუთი,
ერთურთზე მჯობნი ზედმიწევნით და უკეთესი,
ბრგე ვაჟკაცები დაჭიმული ძარღვით და კუნთით,
ხუთი დარაჯი მამულისა და ხუთი მწყემსი.
ხუთი მინდოდა გამეზარდა ქართველი ქალი,
ვიწრო ბეჭებზე მოფენილი ხშირ–ხშირი თმებით,
თამარ დედოფლის სილამაზის სწორნი და მგვანნი,
ანგელოზივით მოშრიალე ქართათა ფრთებით.
ათი უზომო სიხარული და ათი შვილი,
ათჯერ ტკივილით დაბადების წყურვილი მსურდა,
ბევრი უძილო ღამეები და ათი ჩვილი,
მერე ო, ღმერთო, მოსულიყო სიკვდილი თუნდა.
შემომდგარიყო კარის ზღურბლზე, თამამად ეთქვა,
აქ უნდა შეწყდეს შენი ვალი, დამთავრდა, მორჩი,
შენ საქართველოს გაუხშირე პულსი და ფეთქვა,
და ათ სიცოცხლედ დაუტოვე, კვირტები ნორჩი.
ვაგლახ ოცნებავ, არ დაუდგა შენს ქუჩას დარი,
ჩათქმულ ნატვრაზე ბოროტების გამოგკრეს ცელი,
მე მსურდა, ხუთი მყოლებოდა ლამაზი ქალი,
ხუთიც ვაჟკაცი, საქართველოს ერთგული მცველი.
/ნანა მეფარიშვილი/
სამშობლოვ ჩემო
***
მოვედი
შენზე ლექსის სათქმელად,
ლოცვა მიფანტავს
ფიქრებს საშინელს,
მაგ სხეულიდან
ვიშვი ქართველად
და ვერაფერი ვეღარ მაშინებს.
შენს იქით,
ოქროც მგონია გროში,
ან როგორ დაგთმობ
ცოცხალი თავით,
რადგან უშენოდ
ამ სამყაროში,
არ მიცხოვრია
არც ერთი წამით.
/ნანა მეფარიშვილი/
უღმერთობით ტირის ტაო,
ურჯულობით კვნესის რიწა.
ვინ დაგიცავს ბერო მთაო,
მეყვარები მუდამ ვფიცავ.
აფხაზური ხმები მოთქმის,
და გოდება მაჩაბელის.
ყივის სისხლი ქართლის მოდგმის,
მრავალ ომში ჩანაბმელის.
აჭარული განდაგანა,
გურულ გენთა კრიმანჭული.
შირაქ-ველის ხორბლის ყანა,
და კახური მარნის ჭური.
ხევსურთ ხევში მონაყოლი,
არაკები ფშაველისა,
იმერეთში მონაქროლი,
ქარიშხალი მთა-ველისა,
მეგრელ ნენას დიდოუნანა.
რაჭულ მთებში მამისონი.
ამისთანა იყო განა
სხვა სამოთხე განაგონი?.
უშგულს იცავს სვანის კოშკი.
ლოცვად დადგა ბეთანია.
გთხოვ აკურთხე ბანა,ოშკი.
თითოდ ყველა ჩვენგანია.
/ანტონ გაგუა/
ძველად ქართველი მხედრები,
აგუგუნებდნენ ვარადას.
ზვარაკად ეწირებოდნენ
დიდგორს, შამქორს და მარაბდას.
ხოტბას ასხამდნენ შემოქმედს,
ქართველი შეფიცულები.
ღმერთს ავედრებდნენ სამშობლოს,
ზვარაკად შეწირულები.
მზეზე იწვოდნენ მარადჟამს,
თანაც მღეროდნენ შადიანს.
მსხვერპლადაც ეწირებოდნენ
კრწანისს, მარტყოფს და ბასიანს.
ოთარ რურუა
ვერ ვეგუები,
ვეღარ ვიტან
უკვე ამ ურდოს,
მათ მბრძანებლობას
ხანგრძლივსა თუ
მოკლევადიანს...
ისეთი რამე გავაკეთო,
მინდა მამულო,
სხვას კი არა და,
გაუკვირდეს
ცოტნე დადიანს!
\დათო ახლოური\
ღმერთო ის ქართველი შემახვედრე
***
საუკუნეებს გადასწვდება
ქართლის გოდება,
გადაგვირჩინე მამულიო,
გალობდა ქორო,
ღალატით სავსე ისტორია,
სულ მეორდება,
განსაცდელს უკვე
აღარ უჩანს თავი და ბოლო.
რას ვდარდობ სიკვდილს,
თუ მამული ტკივილად მენთო,
გრძნობაც და ნივთიც
იყიდება ბინძური ფულით,
გთხოვ, თუნდაც ერთხელ შემახვედრე
იმ ქართველს ღმერთო,
ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალი
სტკიოდეს გულით.
დაგვისნეულდა საქართველო
და ჰკარგავს ძალას,
თავს იხრჩობს ერი ზიზღისა და ცოდვების ზღვაში,
გატეხილ ლუკმის მადლი ქრება,
სიმდიდრე გვძალავს,
რიხიან ქართველს
რა სისუსტე დაეტყო ხმაში?!
რამდენი ომი გვიგემიან,
დროიდან დროში,
თითო-ოროლა შინ გამცემი
გვაკლებდა ვერას,
დღეს ერთგულს ვეძებთ,
სინდის-ნამუსს რომ არ სცვლის გროშში
და საკუთარი მიწის გულზე აღვივებს კერას.
განკითხვისათვის ერთმანეთი თუ გვეცოტავა,
ღმერთსაც კი მივწვდით,
ჰოი, თავზე გვექცევა ჭერი,
ნეტავი ხვალე
ამ ცოდვის გზით საითკენ წავა,
ასი ათასი წმინდანების გამზრდელი ერი.?!
იბერის მხარეს,
წილხვედრ მიწას ზღაპრის და მითის,
რომელზეც ახლა სატანაა შემოხვეული,
შენ მოუვლინე განმგებელო
მხგავსი დავითის,
რომ მადლის ხელით
ააყვავოს მიწა სნეული.
რას ვდარდობ სიკვდილს,
თუ მამული ტკივილად მენთო,
გრძნობაც და ნივთიც
იყიდება ბინძური ფულით,
გთხოვ, თუნდაც ერთხელ შემახვედრე
იმ ქართველს ღმერთო,
ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალი
სტკიოდეს გულით.
/ნანა მეფარიშვილი/
ვაი, საფიცარო ჩემო!
ეს ლექსი არაა, ეს ჩემი ცრემლია,
ამდენ ხანს გულით რომ ვმალე,
როდის გათენდება, როდის გათენდება?
მალე, სანატრელო, მალე.
და ასე ნელ-ნელა ხელებში მადნება
სიტყვები ტკბილი და მწარე.
ჰოი, დაწყევლილი სული კაენისა
მიწას კვლავ მეწამულად ფერავს,
ამირანს მტრის არა, ნათლიის ჯინი სჭირს,
ყორანი დასწევია მერანს,
დღეს ნაწილ-ნაწილად გლეჯავენ საქართველოს,
როგორც მაცხოვარის პერანგს.
ძმებს შორის მტრობას და სიძულვილს აგდებენ
დედები მანდილის ნაცვლად,
იტყვიან, შეხედე, სამშობლოს მტერია,
თუკი საყვედური დაგცდა.
მტერი დავივიწყეთ, მოყვარე გადვიმტერეთ,
ისარი სამიზნეს ასცდა.
ზოგი გვირგვინს ეძებს, ზოგი რბილ სავარძელს
და ზოგიც კაკლების ჩეროს,
თითქოს საქართველო სუფრაა გაშლილი,
ყველა თამადობას ჩემობს,
როგორ გიპატრონო, ვისგან დაგიფარო,
ვაი, საფიცარო, ჩემო...
/მაყვალა გონაშვილი/
გადაძახილი
აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,
ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,
ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,
გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.
გვერდით მიდევს ვერცხლისფერი ამულეტი,
თვალს ვარიდებ გადამტვრეულ, პირბლაგვ მახვილს,
`რა უყავით, რა უყავით მამულები?!” _
ტირილის ხმით ვიღაც გაღმით გამომძახის.
ეს ხმა ათას ჩემისთანა გულთან დაობს,
ხან მრისხანებს, ხანაც გლოვის ისმის ზარი _
`ვის მიეცით ეს წყალ-ჭალა საიგავო,
უფლისაგან სასოებით ნაბოძვარი?!”
ამობრწყინდი, მზეო, ღამის გამთენებო,
ჩვენ თუ არა, სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს...
გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ ქართველებო! _
დამდგარია ტანზე თაფლის წასმის ჟამი.
აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,
ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,
ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,
გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.
მანანა ჩიტიშვილი
საუნჯევ ჩემო
***
მე ახლა მჯერა,
შენს გულ_მკერდში იშვა უფალი,
აბა რარიგად გაგთელავდა ვინმე,
სხვა რჯული,
დაბადებითვე შენ იყავი თავისუფალი
მაცხოვრის მსგავსად გაირე გზები ტანჯული.
მე მჯერა,
დღესაც შენს მიწაზე დადის მესია
და რომ არ დაგვწვას
ნათელს ახვევს სამოსელს ბერის,
ქართველთ_ერობა_
ადათია, წესთა წესია,
ესაა მადლი, განსაცდელში
მუდამ რომ გვშველის.
ბოროტის კლანჭი
შენს სხეულში იმად ვერ ატანს,
ნალოც ფუძეზე უკერელი უფლის კვართია,
საუნჯევ ჩემო,
მე გიწოდებ იმ დიდ კელაპტარს,
იესოს თვალწინ მუდამდღე რომ ლოცვად ანთია.
მჯერა, ყრმა ქრისტეს
შენ აფარე მკერდი მშობელის,
(იბერის მიწას იმად არ სთმობ შავო დემონო)
ქართველობისთვის_
ვითარ გითხრა სამადლობელი,
საქართველოსთვის_
ვით იქნება არ დაგემონო.
/ნანა მეფარიშვილი/
ტაოს დატირება
ტაოვ, უნდა დაგიტირო,
როგორც გაყიდული ბალღი,
შვილიც ვარ და დედაც მქვია,
დედაშვილურ ცრემლად დაგღვრი...
ძვლებს ვილეწავ ფიჩხაწვრილად,
ბღუჯად ძირს ჩამომაქვს თმები,
როგორ გააპარეს საზღვარს,
ჩვენი ბუმბერაზი მთები!
ტაოვ ჩემო, დაჭრილი ხარ,
მითხარ, როგორ გადმოგისხა
სისხლი, ამდენ წვალებაში,
შერჩენილი მამასისხლად...
ტაოვ, შენი ზურაბი ვარ,
რომელ კედელს ჩაგაშენდე?
რას გეყოფა ჩემი ხორცი,
თორემ, მიჩუქნია შენდა...
„შენ ხარ ვენახს” დანატრულო,
მუეძინის კივილს ისმენ,
მოითმინე, განკითხვისას
შენს მალამოდ მოვა ქრისტე!
უკვდავიც ხარ, მოესწრები
ბედის ჩარხის წაღმა ბრუნვას,
ტკივილოც და, მკურნალოც და,
ტაოვ - ჩემო სასწაულო!
ტაოვ, უნდა დაგიტირო,
როგორც გაყიდული ბალღი...
ნინო ნეკერიშვილი
ვიღწვოდით და საფიცარ ხატს ვაკვდებოდით,
მიწა გვჭამდა, როგორც ხარი ქვამარილს,-
ქართველობა სულს ითქვამდა ქართველობით,
თორემ ისე სულის მოთქმა რა არი?!
აფროსნები მუდმივ ზურგის ქარს ველოდით,
სულს გვიმღვრევდა ხან ავდარი, ხან დარი,-
საქართველო ქართველების ქართველობით
თორემ ისე ქართველობა რა არი?!
შენ რომ არა,ღმერთო, უმალ გავტყდებოდით,
წაგვლეკავდა ჟამი, როგორც ხანძარი,-
გამარჯვება ქართველების ქართველობით,
თორემ ისე გამარჯვება რა არი?!
გვაშინებდნენ... შიშს მაინც არ ვეძლეოდით...
არც არასდროს დაგვცემია თავზარი,-
დღეგრძელობა ქართველების დღეგრძელობით,
თორემ ისე დღეგრძელობა რა არი?!
ვეფხვის ტყავში გხვევდა შოთა რუსთაველი,
ხატად გვექცა ხატი დედა თამარის,-
უკვდავება ქართველების უკვდავებით,
თორემ ისე უკვდავება რა არი?!
მორის ფოცხიშვილი
/FB/
არ გვინატრია სხვა სამოთხე და სხვა ედემი,
წინაპრებივით ჩვენც სამშობლოს შევაბერდებით...
ვინც აყურადებს მართლაც სისხლით გაპოხილ მიწას,-
ესმის გოდება უძველესი გუთნისდედების...
ელგუჯა მარღია
/FB/
საქართველოზე ბედნიერს
უკვე ამ წვიმის არიას
საკუთარ ჭერქვეშ ვხვდები,
მოწყენილები არიან
ჩემი მოყვარე მტრები.
ოცდამეათე ზაფხული
საკუთარ კართან ფეთქავს,
თუმცა რითმით ვარ გართული...
სხვა რამ მინდოდა მეთქვა:
შენ ხომ ორასი წელია
წამოხდილი გაქვს ჭერხო.
საქართველოზე ბედნიერს
ქართველს ნუ გახდი, ღმერთო...
ნოდარ გრიგალაშვილი
„გულო, დარდები აღარ გდევნიან,
შენს გზას, შენს მიზნებს ვინღა ურევდეს,
მე ჩემი ქვეყნის მზე მირჩევნია
მწვავდეს, მანთებდეს, მანადგურებდეს...“
/ილო მოსაშვილი/
ქართული სული
ცას მოეჭიდა ვარსკვლავთა წყობა
მკრთალად ფიქრების ტალღა ელვარებს,
რად გვინდა ქართლის ყვავილთა მკობა
თუ არ აკლიათ მთათა მწვერვალებს.
რად უნდა ქება იგრეც შემკობილს
ღვთით კურთხეული ქართველებისგან,
ბილიკ გაკვალულ ეკალ-ნარებით
მთიდან მომავალ უცხო მწყემსისგან.
ხოო ვაღმერთებ მე ჩემს ცას, მიწას,
დატანჯულს, მაგრამ ღვთისგან დაფარულს,
რამდენჯერ კიდევ ჩავეხუტები,
ღმერთო მრავალჯერ ცრემლით დანამულს.
რად უნდა ქება ჩვენს საქართველოს.
ნუთუ არ იცით ის რომ ჩვენია,
თუნც ნახევარი ნაფლეთ-ნაგლეჯი,
ღმერთო! რა ცოტა შემოგვრჩენია
არ უნდა მკობა ქართლის ყვავილებს,
ის ხომ ისედაც შექებულია.
ამ ყვავილებში თქვენს გულებს ვხედავ
რომელთ კარებიც შეღებულია.
მთათ ჩაეკიდათ ვარსკვლავთ მძივები,
საქართველოს მთებს სანთლად უნთია,
მე ისეთ ქართველს მომავლად არ ვცნობ
სამშობლოს ქება რომ არ უთქვია.
/გიორგი რამაზაშვილი
"დეე, შენად, თუშეთ..." გვ.138/
მტკივა ქართული იარა
ისევ ავბღავლდი ხარივით,
მტკივა ქართული იარა,
არ დააყაროთ მარილი,
შველა მსურს, სხვა რამ კი არა.
რამე ისეთი მიმღერეთ
გულზედ მომხვდეს და წამლეკოს,
მახსოვს დედაც კი სტიროდა,
როცა ვმღეროდი ''შავლეგოს''.
/ოთარ რურუა/
FB
მერე რაა, რომ საქართველოა
მერე რაა, რომ საქართველოა
და კიდევ არსად - სხვა საქართველო? -
სიავე იქცა აქაც ხელობად,
ლამის ერთურთი აქაც გათქერონ!...
როგორ მოხშირდა უცხო ნადური,
როგორ სანსალებს ენა სხვათანი!..
ჩვენ კი მრისხანედ მუშტშემართულნი,
სხვა საქართველო, - ვყვირით, სად არი?!
მერე რაა, რომ საქართველოა? -
აკი იქედნე დაძრწის ბაღნარშიც?!
იყავი თუნდაც დავით მეოთხე, -
საშველს არ მოგცემს ლანდი ბაღვაშის...
გაუტანლობის შავი ლაქები,
სავარდოში რომ ჯაგნარს შემოშლის, -
სწორედ ეს არის სხვა საქართველო
აქვე, სრულიად საქართველოში!..
შაჰსაც წამოსცდა ერთი სიმართლე,
მიხვდა ქართლისთვის კუბოს გამთლელი:
ვერარა მტერი ვერ ძლევსო ქართველს,
რომ არ მტრობდესო თვითონ ქართველი!..
მერე რაა, რომ საქართველოა -
დიდგორის გმირი და ნადიმარი? -
გაივლის დრო და ჩაისახება
ყორღანაშვილი და შადიმანი!..
ახლაც მკერდს მინგრევს ბოღმა იმ დღისა,
ახლაც სირცხვილით მიხურს ყვრიმალი:
ზედ ბაზალეთთან ძმათა სისხლის ღვრას
აკი მიაძღნენ სვავნი მყივარნი?!
მერე რაა, რომ საქართველოა,
მხარე თავდგმული შოთას წიგნითა? -
ციხეს ვერ ნახავ, - იმერ-ამერში,
არ გაეტეხოს თვისტომს შიგნიდან...
მერე რაა, რომ საქართველოა, -
გაიშლი გზისპირს სუფრას ნელიად
და უცებ ჩრდილი თავს წაგადგება,
აიხედავ და... კუჭატნელია!..
მერე რაა, რომ საქართველოა? -
სისხლის ცრემლი სწვავს ყელში გაჩრილი! -
ჩაგისაფრდება სადღაც სიგლახე,
ვით წიწამურთან - ბერბიჭაშვილი!.. ...
მერე რაა, რომ საქართველოა?..
მტერიც შინ უზის და მოღალატეც;
ყოველ ეკლნართან, ბუჩქთან, ყორესთან
ავად მბრწყინავი თვალი ანათებს...
მერე რაა, რომ საქართველოა-
ქვეყანა გამრჯე და მუყაითი?-
მაგრამ ხიზნებიც გამოერევა
ზოგჯერ ისეთნი, რომ ნუღა იტყვი!...
მერე რაა, რომ საქართველოა
და მაღლა მხედი მაღალთა შორის?!-
იქნებ ეს არის, მართლაც ეს არის,
მხოლოდ ეს არის მიზეზი ყოვლის?!
რადგან შურია ხვედრი რჩეულის
და შურის გამოც ვრჩებით ეულად!
რა გამოლევსო, თქმულა, მჯობთა მჯობს,
ის მჯობთა მჯობიც გამოლეულა!...
მერე რაა, რომ საქართველოა! -
ბედმა უღმერთოდ გაიმარტვილა...
სულ რომ არ იყოს, ალბათ სიკვდილსაც
იწვნევდა კაცი უფრო ადვილად!...
მაგრამ არის და, სწორედ ამიტომ
თავს ახვევია ყორანთ გუნდები...
საქართველოში მთელი სიცოცხლე
საქართველოსთვის ბრძოლას ვუნდებით!...
ოთარ შალამბერიძე
/FB/
ლოცვა რუსთაველზე
ვიცი, ღამე ცუდად გძინავს, შფოთავ,
ხან საკუთარ თავს უწყრები ბრაზით...
რუსთაველზე ვნახე წუხელ შოთა,
გვერდით ედგა მეფე ფარნავაზი...
ილიას და წერეთელის ძეგლთან
თერგდალეულ ერის მამებს შევხვდი...
`ვაჟა არ ჩანს~ _ დავაპირე მეთქვა
და შეირხა მთაკაცივით ვერხვი...
გურამიშვილს მხარში ედგნენ ლეკნი,
უფიცავდნენ ერთგულებას ყონაღს...
სჭექდნენ სამას არაგველთა ლეკვნი:
`არ ვიქნებით არავისი მონა!~
აქ სრულიად საქართველო იდგა,
წმინდანები ირგვლივ ჰფენდნენ ნათელს...
დავით მეფე დიდგორულად, მედგრად,
კვლავ ბრძოლისკენ მოუხმობდა ქართველს...
გაბრწყინებულ ივერიას ვხედავ!
თეთრ გიორგის ქაშუეთის კართან _
ქრისტეს ლაშქრის სწორუპოვარ მხედარს,
კვლავ იფარავს ღვთისმშობელის კალთა!
ვიცი, ღამე ცუდად გძინავს, შფოთავ,
ხან საკუთარ თავს უწყრები ბრაზით...
სვეტიცხოველს ჯანღი გადაშორდა,
საქართველოს ღვთის ბეჭედი აზის!
ვაჟა ოთარაშვილი
/FB/
აქ რა ხდება ზეციერო?!
ან რა ცეცხლი ტრიალებს?!
დაგვიფლითეს საქართველო,
სულ მთლად გაატიალეს!
ვინღა ჩივის ნიკოფსიას,
ანდაც კიდევ დარუბანდს,
ნაგლეჯ ნაგლეჯ მიათრევენ
მიწას ჩვენთან ნაქურდალს.
ვეღარ გიზრდით მამაღმერთო,
ვაჟას, შოთას, თამარებს.
მიწა არ გვაქვს დასამარხად,
სად დავიდებთ სამარეს.
მანდ რა ვუთხრათ ჩვენს წინაპრებს,
თვალში როგორ ჩავხედოთ.
ან დაფლეთილ საქართველოს
ციდან როგორ დავხედოთ.
არა, ღმერთო, სიზმარია
ან უბრალოდ შფოთია!
თუმცა რაღა სიზმარია,
ჩვენს სამუსრად მოდიან!
საქართველოს გვითელავენ
ღმერთო ასად დაგლეჯილს.
მერე ვინც კი უკან მიდის,
მიაქვს თითო ნაგლეჯი.
ვიცი გესმის ყოვლისშემძლევ,
პატრიარქის გოდება.
დაგვიფარე, აგვარიდე
ცუდი თუ გველოდება.
დედავ ღვთისავ, მოგვიტევე,
ვერ ვაფასებთ საჩუქარს.
ვერ ვპატრონობთ ედემის ბაღს,
ღვთის მშობლისგან ნაჩუქარს.
დავაშავეთ ვიცი ღმერთო,
ქვესკნელამდე დავეცით.
ერთი მუჭა სამოთხიდან,
დაგვრჩა ერთი ნამცეცი...
/ბაქარი ხუტაშვილი/
შორი მზე
***
მზეს ავაყოლე ნატვრა ამ დილით,
ცხრა სხივს გაფიცებ, მითხარი მეთქი,
გავანდე ჩემი თხოვნა–წადილი,
სისხლ–ძარღვებიდან ამონახეთქი.
სხვაგვარად მიყვარს ანათებს რაიც...
(მზეო უშენოდ წამითაც ვერ ვძლებ)
აქ ხარ და სითბოს დავეძებ მაინც,
ანათებ, მაინც სინათლეს ვეძებ.
ნეტავ სხივები ვინ დაგითვალა,
ვერ გწვდები, სულზე მაციებს მგონი,
საქართველოში ჩემო ცხრათვალა,
სულ არ იყავი ასეთი შორი.
/ნანა მეფარიშვილი/
ჩემი სალოცავი
***
ჩემი დედოფალი თამარია,
ქალი წმინდანი და ამორძალი,
ჩემი სალოცავი ლამარია,
დედულეთისაგან ნაბოძარი.
ჩემი მეფეთ_მეფე დავითია,
კაცი წმინდანი და სადიდგულო,
ჩემი საქართველო სხვა მითია,
ჯერაც აუხსენელი საიდუმლო.
ჩემი საფიცარი მამულია,
ჩემი დედულია უშბის ძირი,
ჩემი წინაპარი სხვა გულია,
ათას ოქრო ვერცხლზე უფრო ძვირი.
ჩემი საქართველო ცის ტოლია,
ჩემი ძარღვებია ჩემი გენი,
ცრემლით მოსაყოლი ისტორია,
და მთელს სამყაროზე მოსაფენი.
ცრემლის მარცვლებია ჩემი ლექსი,
ლოცვა ცისკარ_მწუხრის საკადრისი,
სხვა რამ განძი არ მაქვს უკეთესი
და არც ვალი არ მაქვს არავისი.
ჩემი დედოფალი თამარია,
ქალი წმინდანი და ამორძალი,
ჩემი სალოცავი ლამარია,
დედულეთისაგან ნაბოძარი.
/ნანა მეფარიშვილი/
გლეხიც,
პოეტიც,
მეცნიერიც,
მეფისნაცვალიც,
დაბნეულია ყველა,
როგორც
ფეტვის მარცვალი.
ჩვენ რა ხანია
ილიას გზას,
ტაძრის გზას ავცდით,
გაიყო ერი შუაზე და
გავთითოკაცდით.
ზოგს ახლა
ჯიბეც სავსე აქვს და
ტომარაც - ფულით,
მაგრამ ზოგს
წყალიც ენატრება
და ლუკმა პურიც.
...ძველი ნაშთისგან
რაღა დაგვრჩა? -
მხოლოდ ნაცარი,
დედა კი არა,
აღარა გვყვავს
დედინაცვალიც.
ვიღას მოვთხოვოთ
ღვთის რწმენა და
წარსულის რიდი?
დღეს ვისაც როგორ შეუძლია
სამშობლოს ყიდის.
ზოგმაც დაგვტოვა
გულნატკენმა
მამულის ხვედრით,
მათ ვერც ვამართლებ,
არც ვამტყუნებ,
არც არას ვყვედრი.
ერთი ცხადია -
არ აღსრულდა
ჩვენი მისია...
იქნებ ჩვენს ხელში
საქართველო
მეტის ღირსია...
\დათო ახლოური, 2008\
/FB/
სუნთქვა არ შეწყვიტო დედამიწავ,
შენ ხომ გულზე გაწევს საქართველო,
თავიც დამითმია შესაწირად,
შენი სიცოცხლე,რომ გავაგრძელო.
მე კი ფრთები მაქვს და ავფრინდები,
ჩემი დედამიწა გამაჩნია,
სულის მოსათქმელად დამჭირდები,
ცაშიც ალაგ-ალაგ აღმართია.
თვალწინ მირაჟივით მეხატები,
უფრო ფრაგმენტი ხარ უსასრულო,
სუნთქვა არ შეწყვიტო,შენ არ კვდები,
კითხვებს ნუ მიტოვებ უპასუხოდ.
ფიქრით ნაშენები აბსტრაქცია,
მინდა არაკებად დაგაწერო,
მე ხომ სხვა სამყაროც გამაჩნია,
შენ კი გულზე გაწევს საქართველო.
თამუნა ჭიღლაძე
ისევ საქართველო,
ყველგან საქართველო,
მუდამ საქართველო ჩემი.
ზოგჯერ ოცნების და
ზოგჯერ იმედის და
ზოგჯერ ტკივილების მჩენი.
სვეტი ნათლისა და
ხატი თამარისა, -
ქართლი ახალი და ძველი,
ღმერთო დაიფარე,
ღმერთო დამილოცე,
ღმერთო მოგვიმართე ხელი.
\დათო ახლოური\
/FB/
სამშობლოვ, რას მემართლები?
სამშობლოვ, რას მემართლები,
რად მომდებიხარ ცეცხლადა?
განა, სად დაგეკარგები-
გული ხომ მოგეც მძევლადა?..
დღედაღამ შენსკენ ილტვიან
ფიქრები-თეთრი რაშები,
შენი ზღაპრებით მიზრდია
ეს საფიცარი ვაჟები.
შენსკენ იწევენ, მოდიან,
მანდ ეგულებათ ნათელი...
რა კარგად მოუხდენიათ
შენი საკმეველ-სანთელი.
შენ, ფიქრო თუ ამიხდები
იმ ნათელ გზას გავუდგები,
შენ, სისხლო ნუ წამიხდები,
შენ, საქართველოს უხდები!
ხათუნა შავგულიძე
სამშობლო ჩემი
***
სამშობლო_ ჩემი სალოცავი,
სამშობლო_ ჩემი განსაცდელი,
გულით და მკერდით დასაცავი,
კვნესა ტკივილიდან დასაცდენი.
სამშობლო, დედის იავნანა,
სამშობლო ჩემი წუხილია,
ან კი, ამ ლექსებად ვიტყვი განა,
სულში მონატრების ქუხილია.
სამშობლო, ჩემი პურის მადლი,
მუდამ მგალობელი სირინოზი,
სამშობლო, ჩემი ტკივილ-დარდი,
უფლის მიწიერი ანგელოზი.
სამშობლო, ჩემი გუთნის ხარი,
წამოუქცეველი მუხის ფესვი,
სამშობლო, ჩემი ბრძოლის ხმალი,
ჩემი სიმღერა და ჩემი ლექსი.
სულის გალობა და სხვა ბანია,
სულ სხვა მადლია და სულ სხვა გზნება,
სამშობლო_ ჩემი ანბანია,
ჯერაც აუხსენლი ნეტარება.
ჩემი სანთელი და ჩემი ღმერთი,
მთები, გვირილებით სავსე ველი,
სამშობლო_ ჩემი მამულეთი,
მხოლოდ სიცოცხლეში გასაცვლელი.
სამშობლო, ჩემი გულის ხელა,
ათას მიწისა და ცის ტოლია,
სამშობლო ჩემი ბედისწერა,
ბევრჯერ მოსაყოლი ისტორია.
ალბათ უსამშობლოდ ადვილია,
გაქვს და, დღე და ღამე არ გაძინებს,
იგი ჯავშანი და მანდილია,
ტანზე გაცვია და არ გამძიმებს.
სამშობლო, ჩემი პურის მადლი,
სულში მგალობელი სირინოზი,
სამშობლო, ჩემი ტკივილ-დარდი,
უფლის მიწიერი ანგელოზი.
/ნანა მეფარიშვილი/
/FB/
რეალისტი:
წარსულიც, აწმყოც და მომავალიც
ერის თვისებებს ავლენს და განსჯის.
და თვით ეპოქა განაპირობებს
არჩევანს ჟამთა: ლხენის თუ ტანჯვის.
უფლის წყალობას თუკი მოველით,
დავიმსახუროთ უნდა ყოველი.
მაია მახარაშვილი
საქართველოს
გუშინ სიყვარული გაგიმხილე. მთის თოვლს დაემატა ფიფქი.
ასე ერთ სიტყვაში ჩავაქსოვე,
შენზე დაგროვილი ფიქრი...
ფიქრი მიჰყვება ნიავს
ფიფქი მიჰყვება ქარს
ცხოვრება აზრსა კარგავს
როცა ვიხურავ კარს
შენით ვცოცხლობ და ვმღერი, მიზანს ვისახავ ერთს: ვილოცო მხოლოდ შენთვის და შეგავედრო ღმერთს
ფიქრი მიჰყვება ნიავს
ფიფქი მიჰყვება ქარს
ამ წუთში ჩემთან არ ხარ
და მაინც მიყვარხარ
იმედი ბადეს გიქსოვს, ტოროლა მაღლა ქრის
რაც რომ იტანჯე გეყო, მზე შენთვის ამოდის
ფიქრი მიჰყვება ნიავს
ფიფქი მიჰყვება ქარს
ყველა დუმილით გელის
ვინც რომ ატარებს ჯვარს
მეც მოწიწებით გეტრფი. სიყვარულს ვმალავ რიდით. შენს გაბრწყინებას ველი
შუადღეს,
ღამით,
დილით.
ვიცი ყვალასგან გამორჩეული ხარ!
ვიცი მრავალჯერ დაიტანჯე!
იცი?... მე ერთი ვარ მილიონში...
იცი? მე შენთვის დავიბადე.
ვუძღვნი ერთადერთ სიყვარულს
საქართველოს
შეყვარებული ბერი18 (კ.ჭ.)
14.09.2013)
/კახაბერ ჭიჭინაძე/
marine
უცბად მეგონა რომ ქალისთვის იყო მიძღვნილი
marine
არა
. . .
მტევანს მოვეფერე,
მონატრებით,
მტევანს მოვეფერე,
სიყვარულით,
ჩემო საქართველო
მენატრები,
შენი მონატრება
დამაქვს გულით.
ზეცას რომ ავხედე
დამხვდა სხვა ცა,
მიწას რომ დავხედე
სხვა აქვს ფერი,
ბედით მე აღმოვჩნდი
იქ ვარ სადაც,
სადაც სხვაა გემო, სადაც სხვაა ერი.
მიყვარს შენი სუნთქვა,
მიყვარს შენი ფესვი,
შენი მოთმინება,
შენი თბილი ხელი...
შენი ანი, ბანი,
შენი სულის რთველი,
შენი მთა და ბარი,
შენი მინდორ-ველი.
მტევანს მოვეფერე,
მონატრებით,
მტევანს მოვეფერე,
სიყვარულით,
ჩემო საქართველო
მენატრები,
შენი მონატრება
დამაქვს გულით.
26 სექტემბერი, 2015
მოსკოვი
/კობა ბუკია/
დედი,ამ ახალწელს ჩემი საქართველო დამილოცე,
ნიკოფსია და სოხუმის მიწა,
თეთრჩოხიანი ვაჟკაცი დამილოცე,
თამარის მანდილი სუფთა და წმინდა.
დედი, ის თეთრი თოვლი დამილოცე,
გზებს რომ მიკვალავს მამა და მიყვარს,
ჩემი ზეცისქვეშ ყველა თბილი სახლი დამილოცე-
სვანეთში,კახეთში,აქაც და იქაც...
ყველა ბებია და პაპა დამილოცე,
მინდა იცოცხლონ სულ დიდხანს....დიდხანს,
დედი,ყველა კაცის თბილი გული დამილოცე,
ყველას ეფინოს ღიმილი მინდა.
.....მინდა ყველგან ახდეს თითო სასწაული,
მინდა სიხარულმა ითოვოს ციდან,
მინდა მზის ხურჯინით გზა-გზა დავიარო
ჩემი საქართველოს ბებერი მიწია...
დედი,ამ დამდეგს ჩემი დიდი მთები დამილოცე,
გლეხის დაკოჟრილი მარჯვენაც მიყვარს,
მე კი გეფიცები,როცა გავიზრდები-
მერე მეც აგიხდენ ნატვრას და სიზმარს.
...............................
დედი,ამ ახალწელს ჩემი საქართველო დამილოცე,
ნიკოფსია და სოხუმის მიწა....
დიკა სალაყაია
/FB/
ს ა მ შ ო ბ ლ ო
სამშობლო გულია, შუბლია, ფარია,
‘’ჩაკრულო’’, ვაჟაა, თორნიკეს ხმალია...
რუსთველის მაჯაა, ხანძთელის ჯვარია,
თამარის ზეცაა, გორგასლის კვალია;
სამშობლო საბაა მისნური მისიით,
მითია კოლხებზე, ‘’ჰადიშის ბიბლიით’’,
არეოპაგელით - პეტრეთი, იბერით...
და ‘’შენ ხარ ვენახით’’, რომელიც გვიმღერის;
სამშობლო ენაა ლაზარეს შვილების,
შორეულ ტაძარზე წარწერით, ძირძველით...
მტკიცე უარია ქეთევან დედოფლის
და ბერათონელთა წმინდა მთა ქველობის;
ის შუშანიკზე და აბოზე წიგნია,
მარო მაყაშვილის გულ-თვალთა ფიცია...
ლადოს ცრემლებია, ლიახვს რომ მისვლია,
კვეტარს რომ დასცქერის, ლაზეთის ნისლია;
სამშობლო უშბიდან გაბმული ზარია,
ის წიწამურამდე მისული მგზავრია...
კოლხური კოშკიდან კანდელთა ალია,
გალას შევედრება ‘’წმინდაო მარიამ’’...
სამშობლო ცოტნეა, თაფლმირონწასმული,
და გაოცებული მონღოლი ავსული...
სამშობლო ტკივილი - პაატას ღაწვია,
საქართველო რომ ზეცამდე ასწია...
...თუმცა, სამშობლო ხომ ღალატიცაა,
ვახტანგის გულმხარში ისრის შხამიცაა...
ვაგლახ, რომ შადიმანთ საძმო ნაერთია,
მრავალგზის ცოდვილთა ბრმა ბაზალეთია!..
სამშობლო გლოვაა დაკარგულ საფლავთა,
გურამიშვილის და სხვათა მრავალთა...
ის არის დამრწევი მომავალ აკვანთა,
გეორგიანთა - სულმაღალთ, ახალთა!..
სამშობლო ანი-დან ჰოე-მდე მათია,
ის მათი ქუჯია და ფარნავაზია...
სამშობლო სისხლიდან სახდელი ვალია,
ამ გულის ნაჭერი ღვთის ძარღვზე ანთია!..
დ ა
მ ა ი ნ ც...
მომეცით, მომეცით მე ჩემი სამშობლო,
რომელიც ოშკიდან ხელს უწვდის ვარძიას,
მცხეთას ეფერება, იესოსკვართიანს...
სამშობლო, რომელიც ტაოში მარხია!..
მომეცით სამშობლო, სადაც მზის რიწაა
და დიოსკურიის ბებერი მიწაა...
სამშობლო, რომელიც უღმერთოდ ეწამა,
რომელიც ქართველმა ოდითგან იწამა...
მომეცით სამშობლო, რომელიც იქაა...
რომელიც იქ ... ნ ი კ ო ფ ს ი ი დ ა ნ ... ისაა...
სამშობლო მომეცით დიდგორის ალმიდან,
სამშობლო, რომელიც დავითმა ადიდა!..
მომეცით სამშობლო, გთხოვთ...
დ ა რ უ ბ ა ნ დ ი თ ა ...
სამშობლო ... ვით იყო, რაც იყო ...
...’’ ა დ რ ი დ ა !!!..’’
მეგი მოლოდინი
ვ ე დ რ ე ბ ა
მუზა გამიწყრა, გამიმეტა,
დამტოვა სახტად...
ვედრების ხატი დამისვენა
სტრიქონის ზღურბლთან,
როს მიძღვნა, ოდენ, სასოების
მდუღარე ცრემლით
ამოლექსება რეკვიემის
სულიდან მსურდა...
უფალო, გვედრი, ზეციურო
ს ა მ ა რ ი ტ ე ლ ო,
სამკაულებად მომასხურო
ცის საკმეველი...
და მაცხო ზეთად ძოწი შენი -
წვეთებით სისხლის,
ჯვარს დაფენილი, მილურსმული
თეთრი ხელების...
იესოვ, გვედრი, კვართის სხივით
მინათო ხვედრი
შენთვის მლოცველი, ვაზის ჯვარით
დაწინდულ ქვეყნის...
სასოწარკვეთილს, ობლის კვერი
დაუცხო ქართველს,
თამარის დროშით ადავითო
ივერთა გენი !..
ზურმუხტის წვიმა, მიწის ლალი
ა მ ა რ გ ა ლ ი ტ ო...
საქართველოსი - ხელაპყრობილ
ხანძთელი ბერის...
ქართველს ქართველი შეაყვარო
ს ა მ ა რ ა დ ი ს ო დ,
გადაურჩინო მას სამშობლო,
შენივე ნებით !..
უფალო, გვედრი !..
უფალო, გვედრი !..
უფალო, გვედრი !..
მეგი მოლოდინი
/FB/
***
უძღებო თვალო,
ვით ვერ დაგხარეს,
სად მიხმობ გულო,
გზებო ნათელო,
_იქ,
ოკენის მეორე მხარეს,
მეძახის ჩემი
მზე_საქართველო!
/ნანა მეფარიშვილი/
/FB/
ვერ დამაჩოქებ
მე რა წამაქცევს საქართველოს მიწიდან ვიშვი,
ვერ დამაჩოქებ, რახანია გამიქრა შიში,
მე რა ჩამაქრობს წმიდანების მარგუნეს ჯიში,
როს მამულში მაქვს ზეციური სინათლის ნიში.
ვერ გავჩუმდები იავნანით გაზრდილი შვილი,
მე დედის ძუძუ მიწოვია თაფლივით ტკბილი,
დღეს იქნებ მომკლა, მაგრამ კვირტებს ამოყრის ძირი
და ყველა მათგანს ხვალ სიცოცხლის ექნება წილი.
მე რა წამაქცევს მიწაში მაქვს ჯანმრთელი ფესვი,
ისეთი სისხლი გადამისხეს, მასკდება მყესი,
სხვა ადათი მაქვს ქართველობის და სულ სხვა წესი,
რას გამაჩუმებ გულს სიმღერად ამოსდის ლექსი.
ჩემო სამშობლოვ შეგიცნობენ ოდესმე მჯერა,
რა დაადუმებს შენს მონაგარს, არა და ვერა,
ის ტყვია ჯერ არ მოგონილა ჩაგვიკლას რწმენა,
ვინ მოჰკლავს ქართველს, გული უძგერს სამშობლოს ხელა.
ნანა მეფარიშვილი
/FB/
ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე...
***
გეფერები, გელექსები ჩემო,
შენს მიწაზე ანგელოზნი მღერენ,
ჩემს ტკივილზე აბა როგორ ვწერო,
ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე.
ღვთისმშობელის გაფარია კალთა,
ის გიფანტავს ტკივილიან ფერებს,
გეფარებით გადაგვირჩე რათა,
შენ სამშობლოვ, დანარჩენი მერე.
სთქვი სად გტკივა,გენაცვალო დაღლილს,
გემსხვერპლები ჩემო, დამიჯერე,
სხვა რამ ნატვრა სათქმელადაც არ ღირს,
ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე.
ბილიკ–ბილიკ დაგირბინო უნდა,
მოვიფერო მთა, წყარო თუ ღელე,
ოცნებებიც ნუ ახდება თუნდა,
ჯერ მამული, დანარჩენი მერე.
არად მიღირს სხვა რამ აღმა–ფრენა,
არც ის ჩემო, რაც ლექსებად გწერე,
ჯერ უფალი და ღმერთების ენა,
ჯერ სამშობლო, ყველაფერი მერე!
/ნანა მეფარიშვილი/
/FB/
მამულს არ დაგითმობ ვფიცავ!
სევდა და ვარამი ვერსად ჩავატიე,
კმარა ეს მარაზმი კმარა,
შვილი რომ მომიკლა ვფიცავ გაპატიებ,
მამულს თუ მომიკლავ არა!
ხვალე, ხვალე მინდა ძალზე ბედნიერი,
რწმენა გვჭირდება და ძალა,
ვფიცავ გაპატიებ გულში თუ დამჭერი,
მამულს თუ დამიჭრი არა!
მოდი დამიშანთე მკერდი ანთებული,
დამაქვს საქართველოს ფარად,
გინდა?
თან წაიღე მსხვერპლად ჩემი გული,
მამულს არ დაგითმობ არა!
დარდში მერამდენე ღამე გავათიე,
მე ჩემს საქართველოს ვიცავ,
მოყმის დედა ვარ და ძის სისხლს გაპატიებ,
მამულს არ დაგითმობ ვფიცავ!
/ნანა მეფარიშვილი/
/FB/
მამულისადმი
დაბადებიდან სულ შენს ვალს ვიხდი
ჩემი წინაპრით და მისხის-მისხით,
მე უკვე მივხვდი,
მე უკვე მივხვდი,
გჭირდება ჩემი ოფლიც და სისხლიც.
თუ ვეღარ გნახო,
მზე მოფარფაშე
ჩემს სამზეოზეც ჩანდეს დახრილი,
მკვდარს ნუ დამარქმევ,
მიწის ქარქაშში
ჩამაგე ისე,
როგორც მახვილი.
/მანანა ჩიტიშვილი/
საღამო ქართლში
ქარი - ბებერი, ბუზღუნა მნათე,
მტკვარი - ოლარი, ნაქარგი მთვარით,
ისევ ანათებს ზედაზნის კალთებს
ქალწულის თმებით შეკრული ჯვარი.
გულო, თუნდ ჩაქრე, აქ აენთები,
ეს მზეკაბანი ცამ დაგირწია...
ყივჩაღის სისხლის ცხელი წვეთებით
მუხრანთან ვარდნი ისევ იწვიან.
ნელა ედება ქსნის ციხეს ბინდი
და ყანისპირზე ყვავის სოსანი -
ღვთისმშობელივით სათნო და მშვიდი,
თვალები ლურჯი - იესოსავით.
თვლემს ქართლი, ასგზის დანახანძრები,
ახლა იით და შროშნით ფენილი
და ქედნებივით ჩანან ტაძრები, -
ქრისტეს უბიდან ამოფრენილი.
/მანანა ჩიტიშვილი/
მაინც საქართველო ერქვა
ვინ აცლიდა
ლექსს და მღერას,
ზედ აკლავდნენ
კავს და ერქვანს,
სისხლის ბევრი
ნაკადული
ზღვამ და ხმელმა
დაილექა.
ვეფხის წიგნით
ანცვიფრებდა
თურმე
მედინას და მექას,
ღმერთი
მარჯვენს უკურთხებდა
მაღლით
ბეშქენსა და ბექას.
ურიცხვ მტრისგან
გათელილი,
როგორც
ალვანური თექა,
მაინც
პირჯვარს ისახავდა,
მაინც
საქართველო ერქვა!
/მანანა ჩიტიშვილი/
სიმღერა
ვაჟა-ფშაველას ხმაზე
ჩემო ნაჩეხო ქვეყანავ,
მზეო, მიწაო, წვიმაო,
ამ ავ სენს შენ ვინ შეგყარა,
ასე ვინ გაგაწბილაო,
რაიც ვიარეთ, ვიწამეთ,
ნათელიც არ ჩანს წინაო,
მაგ უზნეობის კუბოში
ნებით ვინ ჩაგაწვინაო.
ვინ, ვინ აგყარა აბჯ არ ი,
ცემა ვინ დაგიპირაო,
ასე რა რიგად დაჟანგდა
შენი მახვილის პირაო,
რაიმე ცუდს არ ვიგებდეთ,
ისე არ გავა კვირაო.
ჩემო ნატანჯო მამულო,
თამარის ბროლის პირაო,
ვითომ იცინი, გვაცინებ,
ჩვენ კი რამ აგვატირაო,
შეიფრთხიალე, გვაღირსე,
ცად კვლავ შეჰკარი ირაო
და შენი მტრები უფსკრულში
ჩასჩეხე ყირა-ყირაო.
თენდება, ვითომ, ჩვენ კი რა,
დღეებს მივათრევთ წვალებით,
შენი მომავლის მომზირალთ
ჩამოგვექანცა თვალები,
ჯავრს ფარავს გულის საკინძე,
ისევ სავსე ვართ ვალებით,
ვინაც შენ გამოგაღვიძებს,
მე იმ გმირს ვენაცვალები.
/მურად მთვარელიძე/
***
საქართველოში
ჰყვავის უკვე ტყემალი თეთრად,
წაკიდებია გაზაფხული
ქართულ მთა-გორებს.
სიცოცხლედ მიღირს,
სიყვარულად და გულის ფეთქვად,
წამი, რომელიც
საქართველოს სურნელს მაგონებს.
ღიღინებს ახლა
მტკვართან ერთად თბილისის ღამე,
შეციებული მიწის გული
სისველეს აშრობს,
ჩამოკიდულა ნამგალივით
რიყეზე მთავრე
და იასამნის სურნელებით
მეფურად ვახშმობს.
კეკლუცობს თეთრი
გაზაფხული თბილისის გულზე,
აკვირტებული სილამაზის
იკრებს ძალ-ღონეს,
მშვენიერებას ცრემლიანი
სიზმრებით ვუმზერ,
თვით გაზაფხულიც,
მე სამშობლოს სუნთქვას მაგონებს.
უმასპინძლობას
თუ დამწამებს ალბათ აპრილი,
მიკვირვებს ცრემლებს,
თუმც იმედობს,არ იშლის ღიღინს,
მეკი საბრალოს
მძაგს სხეული სულთან გაყრილი,
უსაქართველოდ,
გაზაფხულიც არაფრად მიღირს.
/ნანა მეფარიშვილი/
სააღდგომო ნატვრა
ღმერთო, სცანი, აზიარე,
აზეიმე სამართალი,
საქართველო ამზიანე
ავსულისგან ნაავდრალი!..
ვარდების ბაღს აძინებდეს
ბულბულების იავნანა,
მომღერალი და თან მშვიდი
საქართველო მინდა, რადგან ;
ათი მცნება ხელმწიფობდეს,
პატივს სცემდნენ უფალს თვისას...
ზარბაზნის ხმა არ ისმოდეს,
პოეზიის ჰანგი ისმას...
პოეტები მეგობრობდნენ,
სიყვარულის უკვდავ ხატთან,
რუსთველის და მზე თამარის
საქართველო მინდა, რადგან!..
ვერთგულებდეთ სახარებას
ლოცვით, შრომით ქართველები
და ემრავლოთ ივერთ ძეთა
იისფერის გათენებით...
ღმერთო, ჰქმენი საოცრება,
აამღერე ტალღა ზღვაში,
აფხაზთა და ოსთა კრება
ქართველთ ხმობდეს სამთა ხმაში!..
ემხვარი და შერვაშიძე
ქორწილობდნენ დადიანთან,
ერთიანი და ძლიერი
საქართველო მინდა, რადგან;
გორგასლიან მზის ქალაქზე
ღვთის სამება ზეცით ენთოს,
ქაქუცა რომ ოცნებობდა,
ის ქვეყანა ჰქმენი....ღმერთო!..
მეგი მოლოდინი
უსაქართველო ქართველი
ის სიმი ჩამწყდა რომელზეც,
ფანდურს უკრავდნენ ძველები,
ქართველობდნენ და კაცობით,
ზეცას აღაპყრეს ხელები,
ის მიწა მტკივა რომელზეც,
მუხლი უყრიათ წინაპრებს,
ვინაც ურჯულო ცხოვრებთ,
ერთხელ სიკვდილი ინატრეს,
არ დასთმეს ენა,მამული,
მამა პაპათა ტაძრები,
უსაქართველო სამშობლოს,
უამბეს ძველი ამბები,
იმ კაცს ვადიდებ ღმერთამდე,
ლოცვით ატარა სანთელი,
ეწამა რჯულის უგმობლად,
და მაინც მოკვდა ქართველი.
/გიორგი რამაზაშვილი/
"მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო.
კაი მექართულე ვეღარა ვარ,
მაგრამ სული მიდუღს იმოდენა,
რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური,
როგორც გაზაფხული, იტოტება.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო."
/FB/
მიძინებული საქართველო
გძინავს, საქართველოვ... მზეს, მაგრამ მთვარიანს,
რარიგ მენატრები... მღიმარი, თვალღია...
ღვთისფრად გარინდულა წარმტაცი სხეული,
დარი რომ გშვენოდა, ღვთისმშობლისკაბიანს...
გძინავს საქართველოვ, ვით ფშავის მინდიას,
გძინავს, ვით სისხლშემხმარ შუბლნათელ ილიას,
სუდარა გითბია ქეთევან დედოფლის,
თამარის ვარსკვლავი ტკბილ ღაწვზე გინთია...
გძინავს შვლის ნუკრივით ბალახზე, ვაჟას ცრემლს,
ვით კაბადოკიელს, ვაზის ჯვრად გადამწნელს,
აკაკის ,,გამზრდელს'' და მოკვეთილ ალუდას,
მაია წყნეთელს და დაცემულ მარაბდელს...
გძინავს გულსაკლავად, მწყაზარსახიანო,
მყინვარწვერს დარდი ტეხს, უშბაც ნაღვლიანობს...
გთხოვ, მიწა იგრძენი და ზეცას ახედე,
მოწყენილ ზღვის ტალღებს უხმე, მადლიანო...
გძინავს, საქართველოვ, მზის ტანი დაგღლია,
რარიგ მენატრები... მღიმარი... თვალღია...
მეგი მოლოდინი 5. 6. 2016.
/FB/
ქ ა რ თ ვ ე ლ ს
იფიცე ქართული, ვინც არის, რაც არის...
გიყვარდეს კაი ყმის დუდუნი ფშავიდან,
ადიდე ყოველი, რაც კი რამ აქ არის
და რაც კი შობილა ოდითგან, ,,ადრიდა''...
იფიცე ივერთა ენა და მამული,
გახსოვდეს, ვინც ქმნიდა ამიერს, იმიერს,
ვინც აგო ტაძარნი და ხარკით წარსულის
ევნო სვეტიცხოველს, ვით უფალს, მიწიერს...
იფიცე ქართული, რაც კი რამ შეგზრდია
და რითაც ამაყობ, ანიდან ჰოემდე ...
გიყვარდეს ბაგრატი, გრემი და ბედია,
რომ ჯიხვს ქარაფები არასდროს მობეზრდეს!..
იფიცე ქართული ქართველმა ქართულად,
ადიდე ვარძიის ლაჟვარდთან თენება,
უშბასთან ნამღერი ლილეო სვანურად,
ილიას მოხევის ნათქვამი გერგეთთან...
გახსოვდეს კოლხების ულაყთა მარულა,
შავი ზღვის ტალღებთან მთვარით მოისართა,
სადაც სერობები შეფიცულთ დათქმულა,
სადაც საქართველო სისხლით მოინათლა...
იფიცე ქართველი, ვინც შესვა სასმისი,
გრაალის ფესვებით შორს ნაოცნებარმა,
ადიდე მამული... და რაც კი არ თქმულა,
თქვი და წინ გასწიე, მომავლის მხედარმა!..
მეგი მოლოდინი
/FB/
სამშობლო
მიყვარს მე სამშობლოს მინდორი და მდელო,
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს ჩემი საქართველო.
მიყვარს რიონი და ტირიფების ჩერო,
რაზე ფიქრობ ნეტავ შენ, ალაზნის ველო?!
მიყვარს იავნანა დედის სასიმღერო,
მიყვარს აქაური ლილეო და რერო,
მიყვარს ის წარსული შენი, სასახელო,
რამდენ ვაჟკაცს იტევ შენ, კრწანისის ველო.
მიყვარს შენზე თქმული ყველა სადღეგრძელო,
მიყვარს სანუკვარი დედა საქართველო,
მიყვარს მე სამშობლოს მინდორი და მდელო,
ღმერთო, სიყვარული ეს არ გამინელო!
/ნინა სირაძე
"კარიბჭე" N22, 2010, გვ.36/
დომენიკო ვარ,უძღები შვილი,
მამადაკარგულს მწიხლავს სოფელი.
ილიას მკვლელი,ბერბიჭაშვილი
და ქრისტეს რჯულის უარმყოფელი.
არც ღმერთი ვიცი,ლაჩრად ვიქეცი.
მოღალატე ვარ, ტაძრის მნგრეველი.
მკვლელად და ფლიდად გადავიქეცი.
სისხლისმსმელი და ჯვარის მტვრეველი.
შადიმანი ვარ, დედოფლის მკვლელი.
მოძმის მოძულე,ძმა ვარ ძიძია.
საფარბეგობას გადაჩვეული,
თითქოს განგებამ,შური იძია.
მაგრამ ვიცი რომ,არაგველი ვარ,
ცხრა ძმიდან ერთი,ვარ მეომარი.
ლურჯა ცხენებზე შემოჩვეული.
ტატოს მოკეთე და მეგობარი.
აფხაზეთი ვარ და საინგილო.
მაჩაბლის მიწის,მტანჯავს ტკივილი.
ტაოდან კლარჯეთს გადახვეწილი.
დაობლებული სისხლის ყივილი.
ვაჟას შვილი ვარ,ხმელი წიფელი.
მთაწმინდის მთვარის,ველი დადგომას,
რჩეულიშვილის ალავერდობის
და ფიროსმანის,ვეტრფი აღდგომას.
ანტონ გაგუა
ყაყაჩოები ქართლის ველებზე
სანამ იმერეთს და რაჭას მოვივლიდე,
მანამ ქართლის ველთა ელვა დამაჩოქებს -
დილის სხივ-ნიავში ნაზად მოლივლივეს
მშვიდად ვეფერები ულევ ყაყაჩოებს.
თვალწინ მომავალთა რწმენად გაიქროლეს
შინდის-კარალეთმა-ფხვენის-ვარიანმა,
თუმცა მტკივნეული სევდა გავიყოლეთ,
გული გაგვიშალა მხარემ დარიანმა.
ყაყაჩოები კი მართლა იმდენია,
წამით გვავიწყდება ყველა გასაჭირი,
მეტს რომ გვპირდებიან, ქართლის მინდვრებია
მტრისგან უმოწყალოდ წელზე გადაჭრილი.
ნიქოზს მოშრიალე დიდი ნიგვზებია,
კიდევ სიზმრებია მთამდე ასულები,
ჩვენი მიზნებია, აქ რომ იზრდებიან
ლაღი ვაჟები და ანცი ქალწულები.
ისევ სამერმისო იმედს დავიგულებ,
რადგან არ ვიკადრებ ბედთან შევაჭრებას...
გამოვიყოლებდი ლამაზ თაიგულებს,
მაგრამ შენს ნახვამდე ხელში შემაჭკნება...
გივი ჩიღვინაძე
21 მაისი, 2016 წელი
***
გვყავდნენ მეფენი,
მეტიც, გვყავდნენ მეფეთ-მეფენი,
ვცხოვრობდით ისე,
ძველთაძველ ერს როგორც შეჰფერის.
დღეს ხელგაწვდილი
ვაკაკუნებთ ვიღაცის კარზე,
კარსაც არ გიღებს ის, ვიზედაც
მეტი ხარ ასჯერ.
და ეს ქვეყანა-
მოცახცახე ლერწამის ღერი,
მკერგაგლეჯილი წევს და მაინც
სხვის ჰანგზე მღერის.
მე კი იანვრის ღამესავით
მკლავს ეს ფიქრები:
დღეს კიდევ ჰა და,
ხვალ ნეტავი ვინღა ვიქნებით?
/მურად მთვარელიძე/
* * *
ძლიერი ტკივილით ამტკივდა
სამშობლოს მოჭრილი ნაწილი,
ჰერეთის, ტაოს და კლარჯეთის
დაჭრილი მხარი ვარ არწივის.
მაღონებს ტკივილი ცხინვალის,
სოხუმის, გაგრის და რიწისა,
ვარ შვილი დაჭრილი სამშობლოს
მრავალჯერ წართმეულ მიწისა.
ზ.ნავროზაშვილი
/FB/
მე შევცვალე მთვარე წუხელ,
დავცქეროდი ნარიან მთას!
სთქვი,მამულო!რა გაწუხებს,
სთქვი,დავდგები დარიალთან.
სთქვი,დიდგორზე დავიქუხებ,
ბებერ კრწანისს ავაღელვებ.
სთქვი,მამულო!რა გაწუხებს
და წამოვშლი არაგველებს.
ტკივილებით მინამულო,
სთქვი,თუ უნდა დარი ამ მთას.
სთქვი,მამულო!
სთქვი, მამულო!
სთქვი, დავდგები დარიალთან.
სთქვი, დღეს სული შეშლილია,
მერე რა თუ შემოგვლევენ,
გეშინია,
გეშინია,
გეშინია?!
შემოგევლე.
ვდგავარ ცივი გარინდებით,
მშფოთვარ მიწას გადავყურებ,
სისხლიანი ამინდებით
შენს მოშუღარს დავაპურებ.
სთქვი,დღეს სული შეშლილია,
მერე რა თუ შემოგვლევენ,
გეშინია,
გეშინია,
გეშინია,
შემოგევლე!
ტარიელ ხარხელაური
სამშობლოს
ლექსი მომეძღვნა?-
არ ვიყავი ოსტატი სიტყვის,
სიმღერა მსურდა-
ვერ გავბედე შემოსვლა ედემს,
მიყვარხარ! ენა ვერ დავძარი,
ვერ გამოგიტყდი,
ასე უსიტყვოდ შეგაბერდი,
ვით ჯიხვი ქედებს.
/ქრისტეფორე ფირალიშვილი
FB/
"სამშობლო - ჩვენი ფრთების გაშლა
და ჩვენი ტვირთი,
ჩვენი ტკივილი, ჩვენი ტანჯვა,
ჩვენი ოცნება,
სამშობლო - ჩვენი შუბლის დაღი
და ჩვენი ტვიფრი,
ჩვენი პირველი სიყვარული
და გაოცება..."
/თამარ ერისთავი
"კარიბჭე" N3, 2008, გვ.32/
ვედრება
მცხეთის გუმბათი მოჭედილა ბაჯაღლოებით...
გზას მივუყვებით დიდი რწმენით და სასოებით.
გზას მივუყებით მასპინძლისკენ წელთა მრავალთა -
სვეტიცხოვლისკენ, უკვდავების მაღალ ტაძართან.
აქ ფეხშიშველი მოდიოდა მეფე თამარი,
ამ სამყოფელში ჩადგა ნინომ რწმენის სამანი,
ახლაც უთუოდ ბინადრობენ - არ მეჩვენება! -
მათი სულები: წმინდა ნინო, თამარ, ქეთევან.
შეფარებული დიდებული ღვთისმშობლის კალთას,
მუხლმოდრეკილნი ვდგავართ ახლა იესოს კვართთან,
სადაც ბინდბუნდში საოცარი თავგამეტებით
ფრენენ, იწვიან ოქროსფერი სანთლის პეპლები.
ო, ღვთისმშობელო, რამდენი გვაქვს შენთვის სათქმელი!
რამდენს გვავალებს ტვირთმრავალი დღე - დღევანდელი.
თქვენი ვართ მუდამ მლოცველები და მოვალენი,
თქვენი ხვედრია ეს მამული - ღვთიურ ქალების,
მოვსულვართ თხოვნით ერთადერთით და უმაღლესით:
მოხედეთ მამულს, მრავალტანჯულს, მტრობით დაგესლილს!
ხედავთ, არწივი ძველებურად ვეღარ არწივობს...
ვაითუ ყორნებმა ლუკმა-ლუკმა დაინაწილონ...
შენ გევედრებით, დედავ ღვთის, და ყველას, წმინდანებს:
გამოგვიდარეთ ჩვენს მამულში, გამოგვიდარეთ!
/მარიკა ბარათაშვილი
"კარიბჭე" N17, 2008, გვ.28/
მე ყველაფერი მიყვარს ქართული!♥️
ეს ცა!
ეს მიწა!
უფლის ქარგული!..
სავსე ფიალა;-სიტყვა კაზმულით!..
ეს დედულეთი;-მამა-პაპური!
მამულ,-მზიური!
მთები ზღაპრული!..
ქრისტეს წიაღში ;-გული აღთქმული!
სული ტაძარი!
ტატნობს აღძრული!..
მე ყველაფერი მიყვარს ქართული!
ეს ცა!
ეს მიწა!
უფლის ქარგული!
მაიკო ნინო გელაშვილი
/FB/
ფრთხილად, ქართველნო!
უფლისციხესთან
ლანდი მაკრთობს წინაპრის სულის,
მბურძგლავს სიმღერა მუმლის და მუხის.
ნარიყალასთან
კვნესა მესმის დაჭრილი მხედრის,
კურთხეულ იყოს აზრი ჩვენი
წარსულის ხედვის.
სვეტიცხოველთან
იფანტება დარდი ყოველი,
ვდგავარ ამაყად,
დავითს და თამარს ისევ მოველი.
ოსტატის ოფლით
გაჟღენთილა ჩუქურთმა ლოდის,
შევყურებ სრულქმნილს
და შთაგონება თავისთვის მოდის.
ქართლის ცხოვრება,
ასე თუ ისე, ვიცი და მესმის,
ქვის თლილ სვეტებში სიწმინდე ჩანს
ქართული ფესვის.
ჩუქურთმის კვეთის დიდოსტატი
ბოლომდე იწვის,
ჭამს ტკივილი კურთხეული ქართული მიწის.
ავაშენებდით ისე, აბა, ოშკსა და ზარზმას?
ავაშენებდით ისე, აბა, გელათს და ყინწვისს?
ვმაღლდები შენს წინ, ხატებავ ჩემო,
ერთი მორწმუნე, კაცი უბრალო,
რით ვერ გაძეხი ქართველის სისხლით,
მტერო შმაგო და მტერო მურდალო?!
რაც დარჩენილა, არ დანგრეულა,
რაც დარდია და დამაქვს გულით,
ჩვენის წვალებით, იმას ქართველნი
ბოლომდე ვუვლით?
შენი გულისთვის, მამულო ჩემო,
ავიტან ლოდინს.
ფრთხილად, ქართველნო,
ახლა სხვა ძალა, სხვა ჯალათი,
სხვა წარღვნა მოდის.
/ლევან ფრუიძე
"კარიბჭე" N26, 2010, გვ.25/
სათნო მხევალი
დიდრონ ხევებში ასვეტებულ კლდეთა მწკრივებში,
მოღვარღარებენ ღვარ-ღმუილით უშრეტი წყლები,
სახე უბრწყინავთ გასიპულ ქვებს მზეთა სხივებში,
მობღავვაებენ ძველ ტაოში უძღები წლები.
ციხე თორთუმში მორთხმული სისხლი წვიმამ მობანა,
ვნახე თორმეტი ტაძრის ნეშტი და მთლად დავმუნჯდი,
მინდა მკვდარ გულზე მადლის შხეფად ვინამო ბანა,
და გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ვთქვა-არტანუჯი.
შავშეთის მთებში ჯერაც წკრიალებს გურჯის ფარ-ხმალი,
ხმა კი არ მესმის, გულიდან მაქვს მე ამის განცდა,
მე ისიც ღრმად მწამს, რომ ლოცულობს ჩვენთვის პარხალი,
და არ გასწირავს ობოლ შვილებს ერთგული ხანძთა.
გადარჩენილა ოპოზიდან მხოლოდ ცალგვერდი,
ოთხთა ჩუქურთქმას ძლივსღა შემორჩა ფრაგმენტი ფრესკის,
სულგანაბული კვნესით ეძებს მლოცველს შატბერდი,
და დოლისყანას გალობის ნაცვლად მოლას ხმა ესმის.
იშხანს გუმბათში შემოუნახავს ზღვისფერი ჯვარი,
ხახული მეჩეთს დაუვსია, მისტირის ფერებს,
ოშკის სიტურფეს, სინარნარეს არა აქვს ზღვარი,
ტბეთის კედლები დანგრეული მოელის ბერებს.
ტაო-კლარჯეთო, კარიბჭე ხარ საქართველოსი,
გადახლეჩილი ბროწეულის მწიფე მტევანი,
შენ უდრეკელი მერანი ხარ ველურ მდელოსი,
საღვთო პერანგში შემოსილი სათნო მხევალი.
/მამა არჩილ გვიმრაძე
"ფიქრების ზღვარზე" გვ. 100/
ჩემო მამულო
ჩემო მამულო, ვტირივარ შენზე,
შენი წარსული სისხლად იცლება,
მიზნად ვაქციე წინაპრებისგან -
ჩემი სამშობლო არ გაიცვლება!
ვტირი ქართველთაც, რომ გაასახლეს
და ქრისტეს რწმენა გადაუვიწყეს,
ვტირი ვაჟკაცებს, მკერდდალეწილებს,
მათ ამ გმირობას ვინ დაუვიწყებს!
ისევ იმედი მაცოცხლებს გულმკვდარს,
იმედი ბოლოს კვდებაო, უთქვამთ,
ჩემი სამშობლოს გამთლიანება
გადამქცევია ლოცვად და სულთქმად!
როცა აფხაზეთს და სამაჩაბლოს
ფეხით მოვივლი და მოვილოცავ,
ქრისტეს ხსენებით, მუხლზე დაჩოქვით,
ამ დაბრუნებას შენ მოგილოცავ!
მერე ახდება ნატვრად ქცეული
ერთი სიზმარი ჩემიც და სხვისიც,
ყველა ქართველი ქალის ოცნება
თავგანწირვაა და აი, ისიც:
თამარის დროშა მიჭირავს ხელში,
ტანზე მაცვია კაცის სამოსი,
ბრძოლისას ღმერთი წამით არ მტოვებს,
მტრის და საკუთარ სისხლში ამოსვრილს!
ასე, დიაცი, მანდილმოხსნილი,
ვდგავარ დარაჯად ჩემი ქვეყნისა,
მისი დიდება და განახლება
სისხლისგან დაცლილს მაინც მეღირსა!
/მაკა გელაშვილი/
რა ღირს, ბატონებო, საქართველო?!.
რა ღირს საქართველო, ბატონებო,
რა ღირს გელათი და ნიკორწმინდა.
რა ღირს სვანეთი და აფხაზეთი,
რა ღირს სიონი და საბაწმინდა?!.
რა ღირს მესხეთი და ჯავახეთი,
რა ღირს რაჭის მთები საოცნებო,
რა ღირს გურია და ხევსურეთი,
რა ღირს საქართველო, ბატონებო?!.
ფასი მოგვახსენეთ, გევედრებით,
რა ღირს კახეთი და სამეგრელო,
რა ღირს ვარძია და უფლისციხე,
რა ღირს, ბატონებო, საქართველო?!.
იქნებ შევისყიდოთ გათელილი,
იქნებ პატივაყრილს მოვეფეროთ,
იქნებ დავულეწოთ ბორკილები,
მერე მზის ამოსვლას შევეგებოთ.
იქნებ აღვადგინოთ მონასტრები,
იქნებ დანგრეული ავაშენოთ,
მტრისგან აჩეხილი რქაწითელი,
ისევ ვახაროთ და გავაშენოთ?!.
ღმერთო! აზეიმე სამართალი,
ზეცავ, დაგვიფარე, შინდისფერო,
რა ღირს სამართალი, ბატონებო,
რა ღირს, ბატონებო, საქართველო?!.
/თინათინ მღვდლიაშვილი/
"დღეს ჩემი ქვეყნის ყველა ძარღვი არის გახსნილი,
და შეუწყვეტლივ მოდის სისხლი ყველა წყლულიდან,
დგას საქართველო დაბზარული და, თავდახრილი,
სხვა საქართველო შემომკვნესის ღრმა წარსულიდან.
იმ სქართველოს დღევანდელი არაფრით არ ჰგავს,
იმ საქართველოს ახლანდელი აღარც ჩრდილია,
გამოიღვიძეთ ქართველებო! - სამშობლოს ვკარგავთ,
ვკარგავთ თუ… უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია.
ვერ შევეგუე ჩემს მამულში სხვა თესლის წანწალს,
არ ეკადრება არც მამულს და არც ჩემს ღირსებას,
სამშობლოს იქით სიყვარული მამულის არ მწამს,
კვნესის გული და სინანულის ცრემლით ივსება.
ვოი მამულო, გაძარცვულო უფლის ტაძარო,
ვოი მამულო, რა მწუხარედ რეკვენ ზარები,
ყველა კარები ჩამოხსნილი მხვდება საძვალის
და ძვალთა ნაცვლად აკლდამებში ჰყეფენ ქარები.
ვოი მამულო, დანაცრულა ყველა მზე თუკი
არ განკურნულა ყველა წყლული შენი ღიობის,
შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა,
მთელი სამყარო ამ შეშლილი კაცობრიობის.
შენში ვარ - უფრო მენატრები, უფრო მწყურიხარ,
მწუხრისას შენ წინ მუხლს ვიდრეკ და მკერდზე გეხები,
ვოი მამულო, ტკივილებით ისე სრული ხარ,
ჭრიალი მესმის დაღუნული შენი ხერხემლის.
დავიღალე და, შენც დაგღალე მოთქმით, გოდებით,
იმედი უფლის - სხვა საშველი არ ჩანს არსაით,
გავდივარ შენგან, საწყისს ჩემსას ვუახლოვდები,
და მიმაქვს გული, მიმაქვს გული ცივი ქვასავით
-შუაღამეა, ფერგადასულს შევყურებ ცარგვალს,
დედამიწაზე გალეული მთვარის ჩრდილია,
გამოიღვიძეთ ქართველებო! - სამშობლოს ვკარგავთ,
ვკარგავთ თუ ... უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია..."
/ტარიელ ხარხელაური
"კარიბჭე" N9, 2019, გვ.49/
***
რა ფერებია !
ღმერთო ჩემო,
რა ფერებია!!!
მიწა - ქართული
გოჯა-გოჯა საფერებია!
რა სურნელია,
მზენასვამი,
ჭრელ-ჭრულა ტყისა!..
თითქოს უფალმა
ჯადოსნური
დაბერტყა ქისა...
იქით ასკილი
კისკისებს და
აქეთ კუნელი...
მჭირს სიყვარული
შემოდგომის,
განუკურნელი!!!
/მარიამ კოზმანიშვილი/
სამშობლოს❤️❤️❤️
მზიდან დაღლილი ფრთებით ეშვები,
აღარ გაცილებს ზეცის მაყარი,
გახსოვს?! ცხრაწყარო ხვრიპე პეშვებით,
გახსოვს?! იყავი ისე მაღალი...
გადაგეპოხა სანთლით ხელები,
აღარ გატყვია ძველი სიფიცხე,
გადაგავიწყდა ცისარტყელები,
ცისარტყელებმაც გადაგივიწყეს...
შენი უფალიც ჯვარცმით განდიდდა,
(მალე გაგცოხნით ტანჯვის ხმიადო),
ნუ გეშინია!! მოვა მარტი და...
არაგვს მართვეებს ისევ მიანდობ!!
/ლელა გაბური/
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ყველას- ვინც იშრომეთ, იბრძოლეთ, ილოცეთ, იტირეთ ამ დღისთვის"
"სძულდა, სურდა ერის თელვა
დუშმანს - ბილწს და დაუნდობელს,
ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს
ქართველობა არ უნდოდეს!"
/ფრიდონ ხალვაში
"კარიბჭე" N7, 2021, გვ.28/
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.
/ოთარ ჭილაძე
FB/
***
"გაუმარჯოს საქართველოს
ერთიანს და მთლიანს,
გაუმარჯოს გაბრწყინებულ
წმინდა იბერიას!
ქართველებო, ერთად დავდგეთ,
ერთმანეთს ნუ ვუმტრობთ,
ეს ლამაზი მთა და ბარი,
მომხდურს არ დავუთმოთ!
დავიბრუნოთ აფხაზეთი
ლოცვითა და ჯვარით,
დავიბრუნოთ სამაჩაბლო
დარეკილი ზარით,
გაუმარჯოს საქართველოს
ნათელსა და მზიანს,
გაუმარჯოს ჩვენი ერის
ყველა ადამიანს!"
/ვალერიან წიკლაური, "წინ, წარსულისაკენ!" გვ. 171/
"მოჩქეფს ჩქაფაჩქუფით ლექსთა ნიაღვარი,
გულშიც ემოცია რარიგ ლამაზია,
ჩემი პოეზია მარად მორკინალი,
ეხლაც ყველა მუზა ერთად დამასია.
მოდის ოცნებები გასხივოსნებული,
როგორ დაგეხმარო, მხარევ სანატრელო,
ერთ დროს კოხტა იყავ, მორთულ-მოკაზმული,
ეხლა, არც კი ვიცი, ჩემო საქართველო!
შენ არ განგვიდექი მწამს და ამიტომაც
ყველა ჩვენთაგანი შენი აღზრდილია,
მტერმა იარები ბევრი დაგიტოვა,
დღეს კი ჩვენის ხელით ყველა გახსნილია.
რამდენჯერ გაგყიდეს, მხარევ ვაზიანო,
ყველას მიუტევე, ღვარძლიანი არ ხარ,
ყველას აპატიე საქმე საზიანო,
სწორედ ამიტომაც ღმერთის ქვეყანა ხარ!
ჰოდა, ისევ ღმერთი, ღმერთი საქართველო,
ცოტაც გაუძელი, მალე გათენდება,
მრავალჟამიერო, პურის მკავ და რთველო,
სიტყვა გაჟღერდება, შავი გათეთრდება.
უკვე იმედები გასხივოსნებული
მე კვლავ შენთანა ვარ, ჩემო სანატრელო,
ისევ გვეყოლები მორთულ-მოკაზმული
ეხლა მტკიცედ ვიცი, ჩემო საქართველო!"
/ვალერიან წიკლაური, "წინ, წარსულისაკენ!" გვ. 149/
***
"ხმლები აიღეთ, სამშობლოსთვის ეგრე ვილოცოთ,
ლოცვით და ბრძოლით გავიკვლიოთ მომავლის გზები,
ყველა სიმხდალეს გავემიჯნოთ, ჯვარზე ვიკოცნოთ,
მომავლისათვის, ქართველებო, აიღეთ ხმლები!
ვეღარ მოვითმენთ, ტრადიციებს ძალა ეცლება
და ისტორიაც ლამის არის თავზე დაგვენგრეს,
გამაგებინეთ, ქართველებო, როდის გვეცლება,
რომ ჩვენს გულებში დაბნეული კატა გავეფხვდეს!
ერთიანობა საჭიროა, როგორც არასდროს,
ამოვიშალოთ თავებიდან ბილწი აზრები,
ქვაქვაზე დავდოთ, ვიშრომოთ და ერთად ავაგოთ,
უძლიერესი მადლმოსილი უფლის სახლები!
დროა, იქუხოს ქართველებში გენმა კაცურმა,
დღემდე რომ დადის სისხლძარღვებში უმისამართოდ,
დროა, იგემოს შუბის წვერი გველმა მაცდურმა,
დროა, აისზე გამარჯვების დროშა აღვმართოთ,
ნუ გეშინიათ, დავით მეფე ჩვენთან იქნება,
ერეკლეს ხმალი კვლავ დაიწყებს "ავადმუსაიფს",
მოღრუბლულ ცაზე მზის სხივები გამობრწყინდება
და გამოჩნდება მუზარადი ვახტანგ გორგასლის.
დემეტრე მეფე ხალხის ამბავს ისევ იკითხავს
და გაერევა ფართო მასებს ძველი ძონძებით,
თუ გავჩუმდებით, სინამდვილეს როგორ იხილავს,
უკვე მომავალს ვინადგურებთ მეტის მოთმენით.
ჰეი, ქართველნო, გავიხსენოთ ვისი გორის ვართ,
ჩვენ ხომ გვეძახდნენ მუხლით მგლებს და თვალით არწივებს,
რწმენის გარეშე კერპთა ჩრდილში წამოვწოლილვართ,
უსიტყვოდ ვითმენთ მონობას და უღირს დაცინვებს.
საკმარისია, გამოვფხიზლდეთ, გავიღოთ ხმები,
უნდა დავიცვათ საქართველო კუბოს კარამდის,
ქუდზე კაცს ვიხმობ, მომავლისთვის ავიღოთ ხმლები
ღმერთმა დაგვლოცოს, ქართველებო, აწ და მარადის!"
/ვალერიან წიკლაური, "წინ, წარსულისაკენ!" გვ. 62/
ვარდობს კახეთი
კახეთში უცხო ფერები სუფევს,
განსხვავებული ყველა ფერთაგან -
საოცარია ყოველი კუთხე,
დალოცვილია ჩვენი ქვეყანა.
თელავში, რადგან ცასთან ახლოა,
მზისფერი, თითქოს, უფრო მეტია -
უფალს თავისი სამოსახლოდან
კალთები უხვად დაუბერტყია.
ალაზნის ველი გაპენტილია,
მარად ჯეჯილობს, ვარდობს კახეთი,
აქ მზედ ამოდის დილით ილია
ყვარლის მთებიდან - აღმოსავლეთით.
/ლეილა ბაგრატიონ-ბაბადაში
"ქაროზი" N80, გვ.2020, გვ.29/
ათნო ბევრნო მოწამენო
ზეციურო საქართველოვ, გახსენ ბჭენი!
ათთა ბევრთა მარტვილობა განიზრახეს
ტფილის ქალაქს შესევია უხვი მტერი,
ათბევრობა თავსაკვეთად დაიხარნენ.
სისხლისფერად შეუგუბდა მტკვარს დინება
ქრისტე არ გმეს, არ შენერწყვეს ჩვენს ღვთისმშობელს,
ჯალალედინს ეტყობოდა მძვინვარება
დიდ-პატარა ამოჟლიტეს, ამოხოცეს.
სიონს გუმბათს გაიშალა ტახტევანი,
ის უსჯულო განუზომელ ზიზღს აფრქვევდა,
ათთა-ბევრთა შეუდრეკელ არჩევანით
გვაქვს სამშობლო, რწმენა ღვთის
და ჩვენი ენა!
/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი
"გამომზევება", გვ. 60/
ღმერთის გულზეა - საქართველო
მთელ საქართველოში ვიცხოვრებდი
ყველა კუთხეს მინდა ვენაცვალო,
დიდ კავკასიონის გაშლილ მხრებში
მსურს დედა სამშობლო შევაფარო.
ჩემი მამა-პაპის სისხლის ოფლით
ფასდაუდებელი მიწა მეც მხვდა,
ყველა ნასახლარის, ყველა სოფლის
ფუძის მადლს ჯიშ-გენში ჩავიბერტყავ.
ღმერთმა თავის გულზე გაგაშენა
ასე სანუკვარი თვალი ზეცის,
ნეტავ, საქართველოს მომაფერა
ჩემი ლოცვით, ყოფით, ზნით და წესით.
/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი
"გამომზევება", გვ. 62/
მამულო ჩემო!
უფლის თვალი დაგტრიალებს,
უფლის მადლი გიცავს,
ორ ზღვას შუა მობიბინე
მოწამეთა მიწავ!
გორგასლიან-დავითიან
თამარიან დრო-ჟამს
უფალი კვლავ დაგიბრუნებს,
აღგიმაღლებს დროშას!
უფლის თვალი დაგტრიალებს
მარტოდმარტოს, ლიტანს,
ორ ზღვას შუა გაბრწყინებულს
ობოლ მარგალიტად!
/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი
"ქაროზი" N81, 2024, გარეკანი/
ღვთის წყალობა
"ჯიხვმა თქვა:
"დაბადებიდან
იმ დარდით ვხვდები ალიონს,
ვაითუ, ჩემი რქებიდან,
ღვინო არავინ დალიოს?!"
ხარმა თქვა:
"აბა, მითხარით,
თავი რა თავში ვიხალო,
თუ ვერ ვიცოცხლებ, ვით ხარი,
გუთანი მკითხავს - ვინ ხარო?!"
ცხენმა თქვა:
"გემუდარები,
შენ - ჩემო ბედისწერაო,
არ დამიხუჭო თვალები,
ომი თუ ვნახე ვერაო!"
შველმა თქვა:
"ბედს არ მივტირი,
ტყვიამ ზურგი ნუ მაქციოს,
ოღონდაც ჩემი სიკვდილი,
ვინმემ მოთხრობად აქციოს!"
"ლექსმა თქვა:
"ჩემთვის კმა არის,
სხვას არც არაფერს ველიო,
წამიკითხავდეს თამარი,
დამწერდეს რუსთაველიო".
ღმერთმა ისმინა ყოველი,
ამინ იყოსო - წარმოსთქვა!
ხუთივე ბედის მთხოვნელი,
საქართელოში ჩამოსხა!"
/ირაკლი ასლანიკაშვილი, "თავისუფალი თემა", გვ.6/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)