"სიტყვა "ისტორია" ლათინურია და ქართულად ქვეყნის ამბავს ნიშნავს".
/"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 62/
"ყველა ადამიანისთვის აუცილებელია იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, რადგან წარსულის გარეშე აწმყო და მომავალი უსაფუძვლოა".
/"კარიბჭე" N10, 2015, გვ. 26/
„ისტორია არის წინასწარმეტყველება წარსულში, შესაბამისად, მომავალშიც“.
/მამა გიორგი (სხირტლაძე)
„კარიბჭე“ N27, 2015, გვ.60/
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ქადაგებაში აღნიშნა, რომ არსებობს ღვთისმეტყველების ისტორია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს ისტორიის ღვთისმეტყველებაო".
/"კარიბჭე" N24, 2015, გვ.24/
"ისტორია კაცობრიობის მეხსიერებაა თავისი წარსულის შესახებ. მას ქმნის ცალკეული ადამიანი.
როგორც ადამიანს, ნებისმიერ ისტორიულ ძეგლსაც აქვს თავისი ბედი. ისინი უტყვი მოწმენი არიან თავიანთი დროის სიხარულისა და დარდისა. ისტორია დროის ისეთივე სამარეა, როგორც იოანე ღვთისმეტყველის სამუდამო ნავსაყუდელი. მაგრამ თუ ავხდით წარსულის მძიმე ფარდას, იქიდან შემოჭრილმა მზის სხივმა შეიძლება გაიაროს დროის მტვერში... და მაშინ "ქვებიც კი ალაპარაკდებიან".
/"კარიბჭე" N9, 2016, გვ. 60/
"ვაი, იმ ერს, რომელიც ანგარიშს არ უწევს ისტორიას".
ჟიულ ვერნი
/"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2016, გვ.18/
"ნებისმიერი ერის ისტორიული რეალობა ბადებს ისეთ მოვლენებს, რომლებიც აღსავსეა ესთეტიკური საზრისით. ისტორია მოითხოვს თანაგანცდას. ისტორიული თხრობისას გონება აქტიურად არის ჩართული გრძნობად-ესთეტიკურ აღქმაში, განცდას მსჭვალავს გაგება და პირიქით. სახეობრივ-ემოციური საწყისი გადადის საკვლევი მასალიდან ისტორიულ თხრობაში. ისტორიკოსს არა აქვს უფლება უგულებელყოს შემეცნებითი და ემოციური შესაძლებლობანი, რომელსაც თავად ისტორია აძლევს ხელთ. მათი ერთობლივი გამოყენებით ავტორი აღწევს ნაწარმოების სინამდვილედ ქცევას. არსენ გულიგა წიგნში "ისტორიის ესთეტიკა" მიუთითებს, რომ აუღელვებელი, უემოციო ისტორიული თხრობა არის ავტორის სულიერი სიღარიბის გამომხატველი".
/ლალი ურდულაშვილი, "მზისა და ვაზის ძალით აღვსილი", გვ.120/
"ისეთი ცნობილი პოლიტიკოსი, როგორიც იყო ჩერჩილი, წერს: "ყველაფერი არასაიმედოა", - ანუ მან დაკარგა იმედი. მას ასევე ეკუთვნის ასეთი სიტყვები: "არა ისტორია, არამედ ბიოგრაფიები", რაც გულისხმობს, რომ ისტორიას ქმნიან გამორჩეული პიროვნებები თავიანთი ბიოგრაფიებით".
/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N25, 2016, გვ.2/
"წარსული იგივეა ერისათვის, რაც ხისათვის ფესვები. თუ ხეს ფესვებს მოვაცილებთ, იგი მცირე ქარის შემობერვასაც ვეღარ გაუძლებს. ადამიანისთვის ფესვები თავისი წარსული, თავისი წინაპრების მიერ განვლილი გზაა, დუღაბად რომ უდგას დღევანდელ დღეს".
/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2016, გვ.10/
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს: "საქართველოს ისტორიაში ღვთისათვის თავდადება მოყვასისათვის თავდადებას ენაცვლება. ჩვენი ერის ისტორია მუდმივი გამოსახვაა ჯვრისა. ქრისტესთვის დაღვრილი სისხლი თითქოს ჯვრის ორივე ძელს ადუღაბებს. ეს არის ჯვარცმა და, ამავე დროს, მოწმობა ჯვარზე.
წმიდა მიქაელ-გობრონს არაბებმა, რომლებიც მას სჯული შეცვლას სთხოვდნენ, ხმალი შესაშინებლად დაჰკრეს კისერზე, რათა ქრისტიანი სიკვდილის შიშს მოედრიკა. ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლით მოწამემ შუბლზე ჯვარი გამოისახა.
წმიდა გობრონის მიერ სისხლით გამოსახული ჯვარი ქართველი ერის ქრისტესთვის თავგანწირვის სიმბოლოა. საქართველოს სისხლს ღვრის მაცხოვრისთვის და თავისი ცხოვრებით ამოწმებს ქრისტიანობას, რომლის სიმბოლო ჯვარია. ჩვენი ერის ცხოვრება თითქოსდა მუდმივი სისხლიანი ჯვრის გამოსახვაა. წმიდა მიქაელ-გობრონი შეიძლება აღვიქვათ როგორც საქართველოს ხატი, რომლის ტანჯვაც (კისერზე ხმლის დაკვრა) ქადაგებად იქცევა (სისხლით ჯვრის გამოსახვა).
ამიტომაც ჰქვია საქართველოს ისტორიას ქართლის ცხოვრება, არა მატიანე ან ისტორია, არამედ სწორედ ცხოვრება. ერი თითქოს ერთიან ცოცხალ ორგანიზმად, მისი ცხოვრება კი ქადაგებად გადაიქცა".
/"კარიბჭე" N25, 2010, გვ.9/
"ისტორია არა მარტო ხსოვნაა წარსულისა, იგი ქმედითი მონაწილეა მომავლისა".
/"კარიბჭე" N1, 2008, გვ.39/
"საქართველოში შეგნება "ჯიშისა" - ღრმა და ნამდვილი - ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარი, რის მოწმობასაც გვაძლევს ჩვენი გენიალური ენა. ვაგინებთ ვინმეს - ვეტყვით: "შე უჯიშო!.." ამაზე უფრო მეტყველი მოწმობა შეიძლება კიდევ?.. ჯიში ამგვარად რჩეულობაა. რჩეულობა კი ყველგან და ყოველთვის თავისებურია: ნაირ-ნაირი, ხოლო თანაბარ ღირსეული, ფასეული" (გრ. რობაქიძე).
დიახ, ჩვენ ვშენდებით ჩვენს წინაპრებზე. რაღაც ამოუხსნელი და დაუძლეველი სურვილი გვეუფლება, ვცდილობთ, ჩავწვდეთ მათი სულის შეუცნობელ სიღრმეებს, გზა გავიკვლიოთ ლაბირინთებში, წავიკითხოთ ჩვენი სისხლი, რათა შევიტყოთ: რანი ვიყავით? რანი ვართ? ხან მათი გაცრეცილ-გაყვითლებული ფოტოებიდან მომზირალ სახეებს შევცქერით. რა სტკიოდათ? რა უხაროდათ? გვეჩვენება, რომ ისინი ჩვენ გვიხმობენ და ჩვენ მათ ვუახლოვდებით. ასე ერთიანდება სისხლის ყივილი, გარდაცვლილი წინაპრების მონატრება და ჭეშმარიტი ნათესაური გრძნობა - ყოველივე ამას კი ერთი სახელი აქვს - სიყვარული, სიყვარული, რომელსაც რა აღარ შეუძლია!"
/"კარიბჭე" N1, 2008, გვ.39/
"სიწმინდეების ისტორია ხომ ერის ისტორიაა".
/"კარიბჭე" N20, 2010, გვ.52/
"ჩვენი დროის ერთმა უდიდესმა ქართველმა მწერალმა თქვა: "ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა, შიგნით არაფერი ჩანს, მხოლოდ აქა-იქ გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისე უმნიშვნელონი, იმავე წამს ნისლით იბურებიან.
ზოგი ქარს ჰგავს: თითქოს გარდასული წინაპრების სული იყვეს აბობოქრებული.
ზოგი თოვლს ჰგავს: ცივია, მაგრამ სპეტაკი და შეურყვნელი.
ზოგი ძვირფას თვალს ჰგავს, ანდა ბნელ ღამეში მბრწყინავ ციცინათელას.
ჩემი ქვეყნის ისტორია კი დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებს".
/"კარიბჭე" N13, 2008, გვ. 26/
"ისტორია ის დიდებული ტაძარია, სადაც უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდბუნოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი".
/წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)
"კარიბჭე" N13, 2008, გვ. 44/
"მშობლიური ქვეყნის ერთგულება და სიყვარული წარმოუდგენელია წარსულის განცდის გარეშე".
/"კარიბჭე" N14, 2008, გვ.44/
"საქართველოს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ჟამი, როცა თითქოს ცოდვა-მადლი არ განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. სწორედ ასეთ დროს ირგვლივ გამეფებულ სულიერ წყვდიადსა და საშინელ ბოროტებაში მნათობებივით ბრწყინავდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი რწმენის, იდეალების, სიმართლის გულისათვის თავისუფლად მიდიოდნენ სიკვდილზე. საქართველოს ისტორია ამგვარ მოწამეთა სისხლით არის დაწერილი".
/"კარიბჭე" N19, 2016, გვ.22/
"ქართველთა ისტორია არაერთ საინტერესო ფურცელს ფარავს".
/"კარიბჭე" N9, 2008, გვ.50/
"ვახტანგ გორგასლის ცხოვრების" ისტორიკოსის აზროვნება განმსჭვალულია ქრისტიანობით. წმინდა ნიკოლოზ სერბი წერს: "ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე". ამ კითხვის უცდომელი პასუხი ასეთი იქნებოდა: "ადამიანო, მიპოვე საკუთარ თავში!" ისტორიკოსობა დიდი მისიაა და იგი, უპირველესად, საკუთარი სულისა და მის წიაღში დავანებული ჭეშმარიტების შენცნობას გულისხმობს. რადგან სწორედ ღვთაებრივი ჭეშმარიტება უნათებს ისტორიკოსს გზას დ აძლევს მას ისტორიის ფაქტების ქაოტურ სამყაროში საბოლოო მიზნისა და ამ გზაზე მოხდარი ყოველი ფაქტის ლოგიკურობის გაგებას. ჭეშმარიტება ისტორიკოსს ეხმარება ისტორიულ ფაქტებში სულიერი აზრი იპოვოს და ამ ფაქტებით ღმერთი განადიდოს".
/"კარიბჭე" N20, 2016, გვ.60/
"მაგრამ არ შეიძლება მომავალი საქართველო ავაშენოთ, თუ მის წარსულ ისტორიას არ მოვექცევით ფაქიზად, პატივისცემით, სიყვარულით.
არ შეიძლება საქართველოს განთავისუფლების ბრძოლაზე ვილაპარაკოთ, თუ არ გავიხსენებთ სამშობლოსათვის თავდადებულებს, მისთვის მსხვერპლად შეწირულებს, მათ საფლავებს არ გავიხდით წმინდათა-წმინდას და მათ ეროვნულ მიზანს არ დავისახავთ ჩვენს იდეალად".
/"კარიბჭე" N14, 2009, გვ.58/
"...თვალი დავადევნოთ უახლეს ისტორიას..."
/"კარიბჭე" N26, 2016, გვ.21/
"- ბატონო იური, რას ნიშნავს თქვენთვის ისტორია და რატომ აირჩიეთ ისტორიკოსობა?
- ისტორია ყოვლისმომცველი დარგია. მთელი ჩვენი მათემატიკური თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ქართველი ხალხის შემოქმედება ისტორიაში იყრის თავს და ამის მიხედვით წარმოჩნდება მთელი ერის ისტორია. ისტორია მარტო ომებს კი არ აღწერს ანდა ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებას, არამედ ის არის ერის ცხოვრების სრულიად მომცველი. სიტყვა "ისტორია" ბერძნული წარმოშობისაა და ის სრულად ვერ გადმოგვცემს იმ შინაარსს, რასაც ასახავდა მანამდელი ტერმინი "ცხოვრება". მოგეხსენებათ, სიტყვა "ისტორია" XII საუკუნიდან გვხვდება, მანამდე ჩვენში საისტორიო დარგს "ქართლის ცხოვრება" ერქვა. აი, როგორი სიბრძნე და შინაარსი ჩადო ჩვენმა წინაპარმა ამ ტერმინში."
/"კარიბჭე" N6, 2009, გვ.42/
"- ბატონო იური, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ისტორიკოსი იყოს მორწმუნე?
- რწმენა ისტორიკოსს ეხმარება ისტორიული პროცესების სულიერი თვალით დანახვასა და მოვლენების ქაოსურ მდინარებაში ღვთაებრივი წესრიგის განჭვრეტაში. თუ ჭეშმარიტი ისტორიკოსი ხარ, უთუოდ უნდა იცოდე, თუ რა დიდი როლი აქვს ერის ცხოვრებაში სარწმუნოებას. არ მეგულება დიდი და ნამდვილი მეცნიერი, მორწმუნე რომ არ იყოს. სარწმუნოება არის ღვთის მადლი და ნიჭი, ძალა, სიცოცხლე. მორწმუნე კაცს ნებისმიერი ტვირთი უმსუბუქდება ამ ქვეყანაზე, რადგანაც იცის, რისთვის უნდა ზიდოს იგი. მით უმეტეს, როგორი ღრმაა ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება. ამაზე დახვეწილი, ამაღლებული და მართალი სარწმუნოება კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს. ამ სარწმუნოების გასათავისებლად მხოლოდ ტრადიცია და გენეტიკა, ჩემი აზრით, საკმარისი არ არის. საჭიროა ასევე კარგად შეისწავლო მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლები. საქართველოს ისტორია, არსებითად, ეკლესიის ისტორიაა. ქართველი ხალხი და მისი კულტურა ამ სარწმუნოებამ შექმნა. გნებავთ, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები ავიღოთ. დედამიწის ზურგზე ვის აქვს ასეთი მრავალფეროვანი საგალობლები და სიმღერები? მე ძველი ქართული საგალობლების აღდგენაზეც ვმუშაობ ანჩისხატის მგალობელთა გუნდის რეგენტთან, მალხაზ ერქვანიძესთან ერთად. ამ საგალობლების აღდგენით ქართული ეკლესია გაცოცხლდა. ისტორიკოსი თუ ხარ, ყველგან დიდი თვალი გინდა. უნდა დაინახო, სად უჭირს შენს ქვეყანას და იქ უნდა შეუხვიო ჭრილობა, მალამო დაადო..."
/"კარიბჭე" N6, 2009, გვ.43/
- ისტორიკოსობა რთული პროფესიაა, რადგან იგი ფაქტების დადგენასთან ერთად მათ ანალიზსა და შეფასებასაც გულისხმობს. ხშირად ისტორიკოსს მსაჯულის როლში უხდება ყოფნა. აქ კი ჩნდება მიკერძოების საფრთხე. თქვენი აზრით, რა თვისებები მოეთხოვება ისტორიკოსს, რა უნდა გაითვალისწინოს მან კვლევის დროს?
- ისტორიულ წყაროს ერთი თვისება აქვს: როდესაც ამა თუ იმ სასულიერო პირის მოგონებებს კითხულობ, ყველაფერს მისი თვალით უყურებ. ბრმად თუ მიენდობი, დიდ შეცდომას დაუშვებ. არადა, ხშირად მხოლოდ ერთი მოგონება, ერთი წყარო არსებობს, არ გაქვს საშუალება, განსხვავებულ პოზიციასთან შეაჯერო. იმას, რაც დამიწერია, ხელახლა რომ ვწერდე, ალბათ, უფრო თავშეკავებული ვიქნებოდი. ისტორიკოსს თავშეკავება ნამდვილად მართებს, რათა ზედმეტად თამამი და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოს. ისტორიკოსობა, უწინარეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობაა, - შენს ნაწერს მომავალი თაობა წყაროდ გამოიყენებს.
/პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
"კარიბჭე" N6, 2007, გვ.45/
"ჩვენს ისტორიაში არის ბევრი რამ, რაც ძალზე კარგმა ქართველებმაც კი არ იციან. თავისი წარსულის არმცოდნე კაცი კი ხშირად იმ ბრმა მეომარს წააგავს, უმისამართოდ რომ ისვრის იარაღს და გადამწყვეტ ბრძოლაში დასახარჯ ენერგიას ამაოდ ფლანგავს.
საქართველოსავით პატარა და მტერმრავალი ქვეყნის შვილებს ისტორიის უგულებელყოფა თვითმკვლელობის ტოლფას საფრთხედ ექცევათ ხოლმე."
/"კარიბჭე" N7, 2009, გვ.35/
"მადლიერმა შთამომავლობამ დაუშრეტელ ლამპრად აანთო მისი სახელი ერის ისტორიაში".
/"კარიბჭე" N3, 2008, გვ.42/
"დაბოლოს, ვინ და რა არის ჩვენი გზამკვლევი და მასწავლებელი? ეს ჩვენი ისტორიული წარსულია და ამ წარსულის შემოქმედი თაობები, რომლებიც ღვთისა და მამულისადმი უანგარო სიყვარულით ამრავლებდნენ მამა-პაპათა ნაანდერძევს და გადასცემდნენ თაობებს. თაობათა კავშირის ურღვეობა არის ქართველი ერის სიმხნევისა და მზეგრძელობის არსი არსთაგანი."
/მეცნიერი თეიმურაზ ღლონტი
"კარიბჭე" N15, 2008, გვ.57/
"კარგი იქნება, თუ გააკეთებთ ჩანაწერებს სადაც აისახება თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი სულიერი განცდები ეკლესიურ ცხოვრებასთან მიმართებაში. ეს ჩანაწერები შეეხება არ მარტო სასულიერო პირებს, არამედ მრევლს. თქვენს ამ თხზულებას დაერქმევა: "ჩემი ქრისტესმიერი ცხოვრება". ამით, ფაქტობრივად, თქვენს სულიერ ბიოგრაფიას დაწერთ და შემდეგ თქვენ თვითონაც გადაიკითხავთ და შემდგომში მას თქვენი შთამომავლობაც გაეცნობა და ეს იქნება ძალიან საინტერესო მათთვის.
ჩვენ ვკარგავთ სახელებს! დიდი წინაპრები გვყავდა, თვალსაჩინო პიროვნებები და ცოტა რამ თუ ვიცით მათ შესახებ!"
/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N21, 2017, გვ.3/
"წარსული არ არის ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაწერილი ფურცელი. ჩვენ თვითონ ვართ წარსულის მატარებლები, ამიტომ ვქმნით მომავალს".
/ილუსტრატორი ოთარ მეგრელიძე
"კარიბჭე" N14, 2017, გვ.44/
"წლებმა ის მაინც დაგვანახა და განგვაცდევინა, რომ საქართველოს ისტორია სახელოვან წინაპართა და წმინდა მოწამეთა სისხლით დაწერილი ისტორიაა, რაც ქართველი ერის განსაკუთრებულ მისიაზე მიგვანიშნებს, ჩვენგან კი მეტ პასუხისმგებლობას და პატრიოტიზმს მოითხოვს."
/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.33/
"ისტორიის შესწავლამ გამოცდილება უნდა შეგვძინოს, ხოლო გამოცდილებამ - გონიერება და სიბრძნე."
/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.36/
"ქართველი ისტორიკოსები უმთავრესად სასულიერო პირები იყვნენ. ცხადია, მათ ჰქონდათ სასულიერო განათლება და ეს არ გახლდათ შემთხვევითი - სიტყვა "განათლება" "ღვთის ნათელს", "ჭეშმარიტების ნათელს" უკავშირდება. ისტორიკოსმა თავისი მოსაზრებები და გამოკვლევები სახარებისეულ ჭეშმარიტებაზე უნდა დააფუძნოს. სარწმუნოებრივი ხედვა მას ეხმარება, "შემთხვევითი" ფაქტების ქაოსურ სამყაროში დამალული სულიერი აზრი იპოვოს, გაიაზროს, რომ მისი ერი არსებობს ამ მზისქვეშეთში ღვთისაგან მიჩენილ ადგილას თავისი ენით, თავისი კულტურით, თავისი ფასეულობებით."
/"კარიბჭე" N2, 2007, გვ.39/
"ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველება არს და არა თვალახმა ვისთვისმე".
"ის, ვინც წარსულს უარყოფს, უარყოფს მომავალსაც".
/"კარიბჭე" N2, 2007, გვ. 39/
ფიქრები ისტორიაზე
როინ მეტრეველი
"მივმართოთ გამოჩენილ ფრანგ ისტორიკოსს-მედიევისტს, პროფესორ ჟ. ლე გოფს: "...istor" ისაა ვინც ხედავს და ამავდროულად ვინც იცის; "istorien" - ძველბერძნულად ნიშნავს გაცნობას (გაცნობის ცდას), ვინმეს ინფორმირებას. ფრანგი მეცნიერის მიხედვით, ისტორია არის გამოძიება (გაგება) კავშირისა voir - სა და savoir- (ცოდნას) შორის.
ძველთაგანვე სიტყვით istor (ისტორ), რაც ნიშნავს ისტორიკოსს, იწოდებოდა ადამიანი, რომელიც კრებდა, აანალიზებდა, შეაფასებდა და გადმოსცემდა ამა თუ იმ ინფორმაციას. ჰომეროსთან "ისტორი" მედიატორ-მოსამართლეს (პირი, რომელიც ისმენს ინფორმაციას, აფასებს და გამოაქვს განაჩენი ამ ინფორმაციას სიმართლის ან სიყალბის შესახებ) წარმოადგენს, პლატონთან "ისტორ" ნიშნავს "მცოდნეს".
/"ათინათი" N2, 2017, გვ.228/
(ძალიან საინტერესო სტატიაა, ყველა, ვისაც ისტორიის არსი გაინტერესებთ, გაეცანით)
"ისტორიული თვალზომა"
/"კარიბჭე" N18, 2017, გვ.41/
"ისტორია ცოდნას მხოლოდ წარსულის შესახებ როდი იძლევა. გავიხსენოთ, როგორ აფრთხილებს მაცხოვარი მოციქულებს და მათი სახით, საერთოდ, მის მორწმუნეებს, მთელს ეკლესიას: უკუეთუ მე მდევნენ, თქუენცა გდევნენ (იხ. XV, 20). ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების სიღრმისეულად და ობიექტურად შესწავლა აუცილებელია იმ საეკლესიო პოლიტიკის განსაზღვრისათვის, რომელიც ეკლესიამ მატერიალურ სამყაროში მდევნელთაგან დასაცავად უნდა გამოიყენოს".
/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2017" გვ.118/
"...რათა კარგად შეისწავლონ ეპოქის დუღილი..."
/"საპატრიაქროს უწყებანი" N29, 2017, ჩანართი "ქართული უნივერსიტეტი" გვ.3/
"...დიახ, ისტორია ოდენ გადაშლილი წიგნი როდია, ისტორიას არავითარი ღირებულება არ გააჩნია ადამიანების გარეშე. ისტორია - ეს ჩვენ ვართ, რომლებიც ცუდად თუ კარგად, ვმონაწილეობთ ჩვენი ეპოქის შეუქცევად პროცესებში. გადის დრო, საუკუნეები, მაგრამ ზოგჯერ, არა მხოლოდ ისტორიული პროცესები და ეპოქალური მოვლენები შეგვახსენებენ თავს, არამედ ცალკეული პიროვნებებიც, თითქოს ახალ დროებას უბრუნდებიან და ირგებენ როლებს..."
/"კარიბჭე" N24, 2017,გვ.35/
"...მატიანე განამხნობს და ერთგულ ჰყოფს ქვეყნისად, მატიანე აცნობს ნათესავთ შთამომავლობასა და დასდებს თავსა სარწმუნოებისათვის და მოყვარულ ჰყოფს მოყვასისა მიმართ"
/ვახუშტი ბაგრატიონი
"საპატრიაქროს უწყებანი" N38, 2017, ჩანართი "ქართული უნივერსიტეტი" გვ.2/
"ნამდვილი ისტორია, ნამდვილი ცოდნა იმალება"
/დეკ. დავით შაქარაშვილი
(დღევანდელი ქადაგებიდან)/
"ყოველივე ისტორიული სახსოვარი"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N36, 2017, გვ.18/
"თავისი ფესვებით უძველეს წარსულს მიემართება"
/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.17/
"..."თურმე"-ს ისტორიის სახელმძღვანელოში რა უნდა? ფაქტებია აღსანიშნავი".
/წმ. პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე)
"სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.37/
"საუკუნეების განმავლობაში მატიანე, ბიბლიასთან ერთად, მემკვიდრეობით გადადიოდა თაობიდან თაობაში. ეს წიგნები აყალიბებდა ერის ღირსებას, ამასთან, ფაქტობრივი, ზნეობრივი კულტურულ-ისტორიული წყარო იყო გარე სამყაროსთან".
/"სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.50/
"ისტორია შეიძლება ორ ძირითად ნაწილად დაიყოს: ერთია ფაქტების აღწერა და მეორე - ამ ფაქტების განზოგადება, ფილოსოფიური გააზრება. ჩემი აზრით, ისტორია სრულყოფილია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ფაქტებთან ერთად შეიცავს განზოგადებასაც."
"პირველივე ისტორიკოსები ამჟღავნებდნენ ფილოსოფიის გარკვეულ ელემენტებს. ჰეროდოტეს მცდელობა იქით იყო მიმართული, რომ რაც შეიძლებოდა ზედმიწევნით აღეწერა ბერძენ-სპარსელთა ომი. ჰეროდოტე ვერ იქნებოდა ჰეროდოტე, რომ არ შეემჩნია ერთი რამ: - მე მინახავს ქალაქი-სახელმწიფოები, - წერდა ის, - რომლებიც მტრის შემოსევების შემდეგ გავერანებულა, აღგვილა პირისაგან მიწისა და პირიქით, ტრიალი მინდვრები, სადაც მშვენიერი ქალაქები აღმოცენებულაო.
მაშ, ისტორიაში, საზოგადოებაში ადგილი ჰქონია რაღაც მოძრაობას, აღმავლობა-დაღმავლობას, გარკვეულ წრებრუნვას და ისტორიკოსის მოვალეობაც სწორედ ეს გახლავთ: მოიხელთოს, აჩვენოს, ახსნას ეს წრებრუნვა და კანონზომიერება.
ჰეროდოტეს მოსდევს თუკიდიდე, რომელმაც პელოპონესის ომები აღწერა. სწორედ მან წამოსწია წინა პლანზე კითხვა: რატომ მოხდა? ისტორიკოსი მოვალეა გვითხრას: სად, როდის, რა და რატომ მოხდა. ისტორიის კვლევისას ერთ-ერთი მთავარი - კრიტიკული მეთოდი გახლავთ. საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება ისაა, რომ თვით ყველაზე სანდო და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული წყაროც კი არ არის აბსოლუტურად დაზღვეული გარკვეული ტენდენციურობისგან."
/პროფესორი ფარნაოზ ლომაშვილი
"კარიბჭე" N26, 2009, გვ.49/
"ჩვენი ისტორიკოსები კარგად იცნობდნენ საეკლესიო მწერლობას, ღრმად განსწავლულნი იყვნენ საღმრთო წერილში, ისინი პირუთვნელად ესწრაფოდნენ წარსულის ფაქტების არა მხოლოდ მეცნიერულ და ზუსტ გამოკვლევებს, არამედ თეოლოგიის ღრმა ცოდნის საფუძველზე ამ ფაქტების საღვთისმეტყველო შეფასებას ახდენდნენ.
მაგალითად, როგორ ახსნა ქართულმა ისტორიოგრაფიამ ჩვენი მარცხი მონღოლებთან? შევცოდეთ ღვთის წინაშე და სასჯელმაც არ დააყოვნა. ისტორიკოსი დაუფარავად აღწერს მოვლენებს და არც მეფის, ლაშა-გიორგის მხილებას ერიდება, რადგან უწინარესად სწორედ ის არის ცოდვილი. მისი შვილის - დავით-ულუს გამეფებამ - ორმეფობა, საბოლოოდ კი საქართველოს დაშლა გამოიწვია, რადგან, მოგეხსენებათ, მეფობის პრინციპი ერთპიროვნულობაა.
მთელ ამ შეფასებებში ჟამთააღმწერელი ცდილობს, იყოს მიუკერძოებელი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან, როგორც ვიცით, მხოლოდ ღმერთია ერთადერთი "თვალუხვავი მსაჯული".
/"კარიბჭე" N26, 2009, გვ. 50/
"წარსული არა მხოლოდ დღევანდელობის, მისი მომავლის განმსაზღვრელიცაა, რადგან ისტორია მხოლოდ გადაშლილი წიგნი როდია, იგი განუყოფელი კუთვნილებაა ყოველი ადამიანისა, რომელიც გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე თავისი ცხოვრებით მონაწილეობს ეპოქის აღმშენებლობაში".
/"კარიბჭე" N6, 2018, გვ.38/
"განსაკუთრებით აღსანიშნავია [დავით] გურამიშვილის ალღო ისტორიის მიმართ. ისტორიულ მოვლენათა სწორი კვალიფიკაციით, ანალიზითა და განზოგადების ძალით "დავითიანი" ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია. სხვათა შორის, ისტორიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ თვით ფაქტების გადმოცემის სიზუსტეშიც გურამიშვილი მეტწილად ბევრად უფრო სანდო და ობიექტურ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე მისი თანამედროვე მემატიანეები.
გურამიშვილი პირუთვნელი მეისტორიეა, ჟამთააღმწერლის პრინციპის გამგრძელებელი, იმ პრინციპისა, რომ "ისტორია ჭეშმარიტების მეტყველება არს და არა თვალახმა ვისთვისმე". ესეც "შინაგანი სიმართლის" ხმითა და პატიოსნების ღრმა გრძნობით არის ნაკარნახევი. საქართველო კატასტროფის წინაშე დგას. სიმართლეს, რაგინდ მწარეც არ უნდა იყოს იგი, თვალებში უნდა შევხედოთ, რადგან სიმართლის ღალატი უფლის, ქვეყნისა და ხალხის ღალატია. თუმცა სიმართლის აღიარება საშიშია და გაბედულებას მოითხოვს"
/"კარიბჭე" N15, 2011, გვ.17/
"ანალები - ისტორიული ჩანაწერები, რომლებსაც აწარმოებდნენ ჟამთააღმწერლები (მემატიანეები); მატიანე."
"დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ უთანასწორო საინფორმაციო ომში გადამწყვეტი სიტყვა ახალგაზრდა ისტორიკოსებმა უნდა თქვან".
/ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია
"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2019, ჩანართი, გვ. 2/
"ისტორია, კაცობრიობის გამოცდილება, ადამიანებს ბევრს ასწავლის".
/ილია მეორე/
"ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიასთან ასეთი იქნებოდა: "ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
/"კარიბჭე" N3, 2019, გვ.9, 15/
ვისაც უფალი დიდ მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება
"რა საზრისი აქვს ისტორიას? რა ძალები წარმართავენ ისტორიის კლაკნილ, მაგრამ მაინც წინამავალ მოძრაობას? როგორ ვლინდება ისტორიაში ღვთის განგება? როგორ მოქმედებენ და რა როლს ასრულებენ ადამიანები ისტორიული მოვლენების განვითარებაში? რას ნიშნავს პროვიდენციალიზმი? ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემა მოითხოვს ისტორიის ღრმა გააზრებას, რაც მხოლოდ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას ეკუთვნის.
ეკლესიისგან გაუცხოებული ადამიანური აზროვნება მიიჩნევს, რომ ისტორია გულგრილი და ულმობელია პიროვნების მიმართ და თრგუნავს მას; რომ ისტორიის აზრი მიუწვდომელია კაცთათვის; რომ ადამიანი გასრესილია ისტორიის მიერ. ისტორია ადამიანის ბედად იქცა, მაგრამ ადამიანის ბედი არასოდეს აინტერესებდა. ადამიანი იძულებულია, ისტორიულ პროცესებს განიცდიდეს, როგორც საბედისწერო, ულმობელ ძალას, რომელიც ინდიფერენტულია მისი ბედისადმი. თავი იჩინა ადამიანისა და ისტორიის ტრაგიკულმა კონფლიქტმა. ურწმუნო კაცი დაუცველად გრძნობს თავს ისტორიაში მიმდინარე პროცესებისგან. ის თითქოს ჩათრეულია ისტორიაში, თავისი თავიდან გაძევებული, პასიური, ობიექტივირებული და სოციალიზებულია. რწმენადაშრეტილი ადამიანი ვერ აღწევს თავს ისტორიულ მოვლენებს, ისტორიის "ფატუმის" წინაშე იგი უღონოა.
როგორ გაიაზრებს ისტორიულ პროცესებს ეკლესია? რა აზრი და მიზანი შეიძინა ისტორიის იდეამ ქრისტიანული აზროვნების ზეგავლენით? და რა მიმართება აქვთ სულიწმინდით განბრძნობილ ეკლესიის მამებს ამ საკითხთან?
ქრისტიანული შეგნება შორს არის სასოწარკვეთილებისგან. იგი მიბრუნებულია სათავისკენ, სიღრმისკენ და მასში პესიმიზმის მიზეზი არ მოიპოვება. ქრისტიანული აზროვნება ისტორიაში ღვთიური ჩანაფიქრის ხორცშესხმას ხედავს. იგი ცდილობს სამყაროში არსებული ბოროტება კეთილი და გონიერი განმგებლის არსებობას შეუთავსოს და ბოროტება ადამიანის დასახსნელად ღვთის მიერ მოწყობილ გამოცდად გამოაცხადოს. ისტორიის საღვთისმეტყველო ახსნას ცდილობს ქრისტიანული პროვიდენციალიზმი. იგი ისტორიას მიიჩნევს ღვთის ნების, ადამიანის ხსნის ღვთაებრივი გეგმის განხორციელებად. პროვიდენციალიზმი ისწრაფვის ისტორიის აგებას ბიბლიური სქემით და ისტორიულ ფაქტებში სულიერ აზრსა და მიზანს ეძებს. იგი შემთხვევითი ფაქტების ქაოსურ სამყაროში წესრიგის, კანონის და საბოლოო მიზნის გაგებას ამკვიდრებს. ეს მიმდინარეობა გულისხმობს ისტორიაში ევოლუციურობის თანდათანობით პროცესს - ადამის ცოდვით დაცემიდან უკანასკნელ სამსჯავრომდე. შუა საუკუნეებში საფუძველი დაედო ქრისტიანულ საეკლესიო ისტორიოგრაფიას.
ქართულ საისტორიო მწერლობაში ისტორიკოსები და ჟამთააღმწერლები ავლენდნენ ქრისტიანული რელიგიის ზნეობრივ მსოფლმხედველობას, განგებისადმი რწმენას. ისინი კარგად იცნობდნენ საეკლესიო მწერლობას, ღრმად განსწავლული იყვნენ საღმრთო წერილში, იშველიებდნენ ბიბლიურ პარალელებს. ისინი, ამავე დროს, სასულიერო პირებიც იყვნენ. ქართველი ისტორიკოსები ისტორიულ მოვლენებს იაზრებდნენ შუასაუკუნეობრივი ისტორიის პრინციპების მოხმობით. მათი რელიგიური მსოფლმხედველობა პროვიდენციალისტური იყო. შევეცდებით წარმოვაჩინოთ, თუ რამდენად იყო უმთავრესი ისტორიულ ხდომილებათა მათეულ შეფასებაში ჭეშმარიტების დადგენა.
"ვისაც უფალი დიდ მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება".
საქართველოს ისტორია მთელი საქრისტიანოს ისტორიის ნაწილია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვებით: "საქართველო არის უძველესი კულტურის ქვეყანა. როგორც ცნობილია "ქართლის ცხოვრებიდან", ჩვენი წინაპარნი ქართლოსი და მცხეთოსი იყვნენ - ერთი ღმერთის თაყვანისმცემელნი. და მხოლოდ მათ შემდეგ გავრცელდა კერპთაყვანისმცემლობა. მაგრამ 600 წლით ადრე ქრისტეს შობამდე ისრაელიდან ჩამოდის ებრაელების დიდი კოლონა, რომელთაც ჩამოაქვთ უდიდესი სიწმინდე - ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა. ხალენის ჩამოტანა თითქოს იყო წინამორბედი უფლის კვართის ჩამობრძანებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობისა. ასე რომ, ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა იყო დამახასიათებელი არა მარტო ებრაელებისთვის, არამედ მათთან სიახლოვეში მყოფი ქართველებისთვისაც. ამ ნიადაგზე აღმოცენდა ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ქრისტეს სჯული. და აი, უკვე 20 საუკუნეა, საქართველო იცავს მართლმადიდებლობას, როგორც უდიდეს საუნჯეს, რადგან სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა"... "ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს, რადგან ვისაც უფალი დიდ მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება".
რა ძალები წარმართავენ ისტორიის მდინარებას? რა პასუხისმგებლობა ენიჭება ადამიანს ისტორიის წინაშე? როგორ უთავსდება ღვთის განგება ადამიანის თავისუფალ ნებას? რაში ვლინდება პიროვნების ნების თავისუფლება?
საზოგადოებრივი ცხოვრების გარემოებები ჩვენი ნებელობის მიღმა იქმნებიან, მაგრამ როგორ უპასუხოს პიროვნებამ ამ გარემოებათა ზემოქმედებაზე, ეს მისი საქმეა. აი, აქედან იწყება ჩვენი ნების მოქმედების სფერო. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ღვთისგან არც ერთი გონიერი ქმნილება არ ხდება იძულებული იმოქმედოს საკუთარი მრწამსის, შეხედულების წინააღმდეგ". უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს: "უფალი მეფობს - ვკითხულობთ ბიბლიაში. სამწუხაროდ, ეს ჭეშმარიტება ზოგჯერ გვავიწყდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვმეფობთ და ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ; მაგრამ ჩვენ უნდა აღვასრულოთ ნება ღვთისა. უნდა მოხდეს სინერგია - ღვთისა და ადამიანის ენერგიის გაერთიანება. უფალი უნდა მეფობდეს და ადამიანი უნდა ასრულებდეს ღვთის ნებას"... "განგება ღვთისა ხელმძღვანელობს ადამიანს, ერს, მაგრამ ადამიანსაც და ერსაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს ღვთის ნების ქვეშ".
ქართველი ისტორიკოსები ადამიანის თავისუფალი ნების როლს დიდად აფასებდნენ ისტორიაში. მათ უპირველეს მოვალეობად მიაჩნდათ ისტორიის საზრისი ეძებნათ თვით ისტორიაში. ისინი პირუთვნელად ესწრაფოდნენ წარსულის ფაქტების არა მხოლოდ მეცნიერულ და ზუსტ გამოკვლევებს, არამედ თეოლოგიის ღრმა ცოდნის საფუძველზე მათ საღვთისმეტყველო შეფასებას ახდენდნენ. ისინი ამხელდნენ ადამიანთა ქმედებებს და ისტორიულ პროცესებს უკავშირებდნენ ადამიანთა ზრახვებსა და მიზნებს. ისინი ეძებდნენ განსხვავებას მოვლენის გარეგან საბაბსა და ნამდვილ მიზეზს შორის.
ისტორიის მოძრაობას წარმართავენ როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები. უკანასკნელნი ეფუძნებიან ცოდვილი კაცობრიობის დაცემულ ნებას. ისინი მიმართული არიან მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლად. ეს ძალები ამოძრავებენ ცალკეულ ადამიანებსაც და ერსაც. ამ ძალების მიერ წარმართულ ქმედებებს ჟამთააღმწერელი ერთი ფრაზით გამოხატავს: "უწესოდ ნებისა მიდევნებანი". ქართველი ისტორიკოსების პროვიდენციალისტური მრწამსი გამოიხატება ფრაზებით: "დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლად დაგვივიწყნა", "დავივიწყეთ მამულისა ჩვეულებისამებრ სვლაი" (იოანე საბანისძე), რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დაშორდა უზენაეს სიკეთეს, ჩაიძირა მიწიერ სამყაროში, გააფეტიშა წარმავალი ღირებულებები. დაზიანდა ღვთის ხატება ადამიანში. მას დემონური ძალები დაეუფლნენ. ადამიანმა თავისუფლება დაინახა არა ჭეშმარიტების არჩევანში, არამედ იმაში, რომ საბოლოოდ დამორჩილებოდა დემონურ ძალებს და შერწყმოდა მათ. ცოდვა თავის თავში შეიცავს მომავალ სასჯელს. საქართველოს ისტორიაში მტრის შემოსევები აღიქმება სასჯელად, რომელიც ისევ და ისევ ღვთის მზრუნველობის გამოხატულებაა და მისი მიზანია კათარზისი. ღვთის მიერ ერის შეწყალებას მოიზიდავს ერის მხრიდან ცოდვათა მონანიება, "სიცოცხლის ვიწრო გზისკენ" მობრუნება. ამდენად, მტრის შემოსევები ქრისტიანისთვის მხოლოდ ზნეობრივი სარგებლიანობის თვალსაზრისით განიხილება. ისტორია შეიცავს როგორც კეთილის მოქმედთა, ისე ბოროტის მოქმედთა ღვაწლს. მართალნი ცოდვილთაგან უკანასკნელ სამსჯავროზე განცალკევდებიან, ისევე, როგორც იფქლი ღვარძლისაგან.
ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში ყოფიერების ორ პლანს ეკუთვნის - სულიერს და ბუნებრივ-სოციალურს; არსებობს, ერთი მხრივ, საერო სახელმწიფო, "კეისრის სამეფო" - ბოროტი, ცოდვილი სამყარო (აუცილებლობის სამყარო) და მეორე მხრივ, ქრისტიანული ეკლესია - "ღვთის სამეფო" დედამიწაზე (თავისუფლების სამყარო), რომელიც გაიმარჯვებს წუთისოფლის ბოლოს. როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის? საქართველოს ისტორიის მანძილზე, უძველესი დროიდან ეკლესია მხარში ედგა სახელმწიფოს. ხოლო იმაზე, თუ როგორი სულისკვეთებით იყო განმსჭვალული სახელმწიფო ეკლესიის მიმართ, იყო დამოკიდებული თვით სახელმწიფოს ძლიერება. შუა საუკუნეების თეოკრატებს იდეალურად ესახებოდათ საერო ხელისუფლების სასულიეროსადმი, მიწიერის ზეციურისადმი იერარქიულად დამორჩილება. როგორც ვიცით, ეკლესიის როლის გაძლიერების ხანად მიჩნეულია მე-8-9 ს.ს. ("გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"). ცხადია, ქართველი ისტორიკოსების იდეოლოგია საერო ძალაუფლების ერთმმართველობის წინააღმდეგაა მიმართული.
დაბოლოს, რაშია ისტორიის ხსნა? პასუხი ცალსახაა - სულიერებაში. თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია უფლისა და ერის წინაშე და ასევე საკუთარი სულის წინაშე. ბოროტ ძალებს ყველაზე დიდ დარტყმას აყენებს აზროვნება და მოქმედება, რომელიც წარიმართება სულის განწმენდის წყალობით. საღვთო გამოხსნის საქმეს ისტორიაში ახორციელებენ საღვთო მადლის "ჭურნი რჩეულნი" - წმინდანები. ყოველმა ადამიანმა გამოხსნის საქმე უნდა დაიწყოს თავისი თავიდან. ამ შემთხვევაში გახდება ერი ძლიერი და ბოროტებასთან ბრძოლისუნარიანი. ეკლესიის მამები წერენ: "ვცხოვრობდეთ კეთილსასურველი წესით, ჩვენი საქმეა, და ამას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან არა ისე, თითქოს ეს მასზეა დამოკიდებული, ან სხვა ვინმესგან წარმოდგება, ან როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ, ბედისგან მოდის, არამედ რაცხს სწორედ ჩვენს საქმედ". ამრიგად, თავისუფალი ნება არც ერთ შემთხვევაში არ არის განწირული. ადამიდან მოყოლებული, კაცობრიობის ისტორია თავისუფალი ნებით დაჯილდოებული არსებობის ქმედებებზეა დაფუძნებული. თავისუფლების ამ ნიჭის გამოყენების შესაბამისად წარმოაჩენს ან თრგუნავს ადამიანი ღვთის ხატს თავის არსებაში (ერზე თუ განვაზოგადებთ - "ღვთის სამეფოს" დედამიწაზე).
საქართველოს ისტორია წმინდანთა ღვაწლით არის გასხივოსნებული. წმინდანები ის ადამიანები არიან, რომლებმაც ცხადყვეს ადამიანის თავისუფალი ნებისა და ღვთის განგების თანაარსებობის შესაძლებლობა. ისინი ჯვარს ეცვნენ მათთვის ჯვარცმულის სიყვარულის დასამტკიცებლად და თავიანთი ადამიანური ნება ღვთაებრივს დაუმორჩილეს. ისინი გახდნენ "ზეციური სამეფოს" მკვიდრნი და მხურვალე მეოხნი ღვთის წინაშე. საქართველოს ისტორია აღსავსეა მრავალი სასწაულით, რითაც უფრო ცხოველმყოფელი ხდება ღვთის განგების როლი ისტორიაში, მისი მზრუნველობა და ყველგანმყოფელობა. რწმენა დაწრეტილ ერს განამტკიცებდა და სულიერად აფხიზლებდა.
ამრიგად, "ქართლის ცხოვრება" სიბრძნისმეტყველებაა, მისი ავტორების მიზანია, "ჭეშმარიტების მეტყველება". ისინი მიელტვიან ფაქტებში დამალული სულიერი აზრის პოვნას. მათთვის მნიშვნელოვანია არა ესა თუ ის ფაქტი ან მოვლენა, არამედ ის, რაც ხდება უცდომელი ღვთის განგებით, რომელიც დამსახურებისამებრ მიუზღავს, რადგან ღვთის შეწევნის გარეშე არ არსებობს ხსნა: "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით".
/"კარიბჭე" N9, 2011, გვ.44/
"ისტორიის სწორად გაგებისთვის მნიშვნელოვანია სწორი აზრის და შეხედულების ჩამოყალიბება. ამიტომ ისტორიკოსისთვის პირველწყაროს შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2019, ჩანართი, გვ.4/
"გულწრფელი შეკითხვა ისტორიკოსისა ისტორიის მიმართ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი: "ისტორიავ, მითხარ, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო, ვინ ვარ მე?"
/წმ. ნიკოლოზ სერბი
"თბილისელები" N14, 2019, გვ.21/
"ისტორიას უყვარს პარადოქსები და განმეორებები"
/პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
"კრიალოსანი" N5, 2008, გვ.36/
"ჩვენ, უფროსები, იმისთვის ვართ, რომ მივცეთ საშუალება მომავალ თაობას, იცოდნენ წარსულის შესახებ. ასე იქმნება ისტორია"
/ისტორიის მასწავლებელი ლეილა გოგელია-პინაიშვილი
"კარიბჭე" N9, 2019, გვ.39/
"თუ თითოეული პატარა არ გაიზარდა ისტორიით, როგორ იქნება ქართული სულის მატარებელი, ეყვარება სამშობლო?.. როგორც ილიამ გვიანდერძა, თუ შვილმა არ იცის მამა სად შეჩერდა, თვითონ როგორ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს"
"არის ერთი ცნობილი გამოთქმა: "ისტორიაში ერთხელ ხდება ყველაფერი, როგორც ტრაგედია, და მეორე, როგორც ფარსი"
/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.33/
"ღმერთი ქვეყნიერებისა და ისტორიის მეუფეა"
/"კარიბჭე" N11, 2019, გვ.40/
"ისტორია ადამიანის მსოფლმხედველობას აფართოვებს და იმავე დროს საჭირო სიღრმესა და საფუძვლიანობას ანიჭებს"
/"კრიალოსანი" N11, 2008, გვ.41/
"...ზემოთ მოტანილ მჭლე წყაროებზე დაყრდნობით..."
/"ქვაკუთხედი" N9, 2008, გვ.26/
"ისრაელის ისტორიაშიც და საქართველოს ისტორიაში მე დავინახე უფალი, რომელსაც სძულს მონობა და ყველაზე მეტად სახელმწიფოებრივი აზროვნება ესათნოება, მას ლოცავს და აკურთხებს"
/"კარიბჭე" N3, 2020, გვ.22/
"ზურაბ ავალიშვილს ეკუთვნის ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოცემული რამდენიმე ფუნდამენტური გამოკვლევა საქართველოს ისტორიისა და ძველი ქართული მწერლობის საკითხებზე"
/"კარიბჭე" N5, 2020, გვ. 49/
"ნუთუ ჩვენი ისტორია - ჩვენი საფლავების ისტორიაა?!"
/ლევან გოთუა, "სერაფიტი" გვ. 296/
"ხშირად გვქონდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ. ერთ საღამოს, [ნიკოლოზ] ბარათაშვილის სახლში გადავწყვიტეთ, რომ რადგან არა გვაქვს ქართული რიგიანი ისტორია, გავიყოთ მეხუთის საუკუნიდგან დაწყებული, თითო-თითო საუკუნე აიღოს და შეადგინოს ისტორია იმ საუკუნისა. პლატონ იოსელიანს მიანდეს აღწერა ძველის საუკუნოების ისტორიისა ქრისტეს წინათ და შემდეგ მეხუთის საუკუნოემდისინ.
მაშინ ძნელი იყო ამისთანა საქმის აღსრულება, რადგანაც მშრომელნიც ცოტანი ვიყავით და საქართველოს ისტორიის მატიანები დაფანტული იყო. არ იყო ჯერ შეკრებილი არც ძველი საეკლესიო გუჯრები, არც ჩვენი საისტორიო სიგელები თავადებისა და აზნაურების სახლებში. მარტო მატიანეთ იყო "ქართლის ცხოვრება".
/"კარიბჭე" N11, 2020, გვ.49/
"ისტორიის საწყისი ადამამდე და ნოემდე მიდის, ხოლო დასასრული - მეორედ მოსვლამდე"
/მამა გაბრიელ ნათენაძე
"კარიბჭე" N12, 2020, გვ.6/
"ქართველი ისტორიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ოდითგანვე ღრმად აცნობიერებდნენ მართლმადიდებელი სარწმუნოების როლს ქართველი ერის ისტორიაში. ისტორია არა ქაოსური, არამედ აზრიანი პროცესია და მასში ყოველი ფაქტი და მოვლენა ლოგიკური კანონზომიერებით არის განპირობებული. უნდა გავიაზროთ და შევაფასოთ, რა პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ ადამიანს, საზოგადოებას, ერს ისტორიის შემოქმედების პროცესში".
/მამა გაბრიელ ნათენაძე
"კარიბჭე" N12,2020, გვ. 4/
"ისტორიული პერიოდები ერისა და ღვთის ურთიერთობის მოქცევასა და მიქცევას გამოხატავს. მოქცევა სულიერი საგანძურია, აღდგომაა, მიქცევა კი - დაცემა და სულიერი სენი."
/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.4/
"ავგუსტინეს აზრით, ისტორიას აქვს ღვთიური წინასწარხედვით დასახული მიზანი, რომელიც მხოლოდ მომავალშია და ამ მიზნამდე მისვლა გულისხმობს გარკვეულ განვითარებას, განწმენდას. კაცობრიობის მთელი ისტორია კათარზისია, ცოდვათაგან მისი გაწმენდა-განთავისუფლებისა და თავის შემქმნელ ღმერთთან დაბურნების პროცესია".
/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.6/
"ქართველი ერის ისტორია იგივეა რაც ქართული ეკლესიის ისტორია. შესაძლებელია ყველა ერისათვის ასე იყოს, რადგან ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას ყოველთვის მისი ერის სულიერება განსაზღვრავს, მაგრამ ჩვენს წარსულში მრევლისა და ეკლესიის ერთიანობა მაინც განსაკუთრებულად იგრძნობოდა".
/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართელოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.31/
"ძველი საქართველოს საისტორიო აზროვნების უდიდეს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს "ქართლის ცხოვრების" არსებობა, რომელიც თანდათან იქმნებოდა და პირველად კრებული სწორედ XII საუკუნეში შედგა. "ქართლის ცხოვრება" იყო ფეოდალური საქართველოს ცივილიზაციის მნიშვნელოვანი იდეურ-პოლიტიკური ბაზისი.
XI-XII საუკუნეების ქართულმა ისტორიოგრაფიამ მოიხადა თავისი ვალი - საზოგადოებას მიაწოდა საქართველოს ისტორია".
/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.459/
"ამჟამად სასკოლო განათლების წინაშე მდგარი ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვებს უკვე აღარ უნერგავენ ისტორიის სიყვარულს. ეს ძალზე სახიფათო და საბედისწერო მოვლენაა - მოაკლო ბავშვს ისტორიული ხსოვნა. ეს ნიშნავს, რომ მას ართმევენ შესაძლებლობას მაგალითი აიღოს წარსულში მცხოვრები ადამიანებისგან. ისტორია კი, არსებითად, გამუდმებით მეორდება. როცა თქვენ ამას ამჩნევთ, გინდათ იცოდეთ, თუ როგორ წყვეტდნენ ადამიანები თავიანთ პრობლემებს წინათ, რა ბედი ეწიათ იმ ადამიანებს, ვინც ღმერთს ეწინააღმდეგებოდა, და იმათ, ვინც ცვლიდა თავის ცხოვრებას და ნათელ მააგალითს გვაძლევდა. ისტორიის შეგრძნება ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვებს აღზრდაში, იგი უნდა ჩავუნერგოთ და განვუვითაროთ მათ".
/მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი (+1982 წ.)
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "აღმზრდელი" (დაუჯდომელი, ისტორია, სასწაულები) გვ. 56/
"ჩვენთვის ცნობილმა ქართველმა მანდილოსანმა (დედისიმედმა [აშოთან მუხრანბატონი ასული]) საისტორიო ხასიათის ძეგლიც კი შექმნა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 168/
"ისტორიის ცოდნა, წარსულის ხედვა და ანალიზი ახდენს მატერიალური, ფიზიკური და სულიერი ძალების კონცენტრაციას. წარსულს არ უნდა მივუკეტოთ კარები, ის უნდა იყოს ღია. უკან ვერ დაბრუნდები, მაგრამ შიგნით მაინც უნდა შეიხედო და დაინახო უამრავი მაღალზნეობრივი მაგალითი, რომლითაც სავსეა საქართველოს ისტორია"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) "ქადაგებები" წიგნი II, გვ.102/
"ჩვენ თუ სხვა საგნებთან, სხვა მეცნიერებებთან ერთად ჩვენი ერის ისტორიასა და ეროვნული ლიტერატურის საფუძვლიანად არ შევისწავლით და არ შევაყვარებთ, მაშინ მომავალ თაობებს გარდუვალად დაეკარგებათა მშობლიური ქვეყნის, თავიანთი სამშობლოს წარსულისა და ისტორიის განცდა, გაწყდება მათი კავშირი წარსულთან, კულტურასთან, წინაპრებთან"
/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.493/
"ისტორია ერისა ღვთის რისხვისა და ღვთის წყალობის ისტორიაა"
/"მრევლი" N237, 2024, გვ.12/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience