თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ სამართალი და ჩვენი ეკლესია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 11:32 AM

"საკათედრო ანუ საეპისკოპოსო ეკლესიებს, რომელთაც "საყდარი" ეწოდებოდათ, ვითარცა საეპარქიო ცენტრებს, როგორც წესი, გააჩნდათ შემოსავალი თავიანთი სამწყსოდან. ჩვენამდე მოღწეულია "სამთავისის ღმერთების საყდრის სამწყსოს დრამისა და შესავლის წიგნი". შემოსავლის აღმნუსხველ ამ წიგნს ასევე "გუჯარიც" ეწოდება, იგი "ძველთაგან განაჩენი" ყოფილა. "ძველთაგან" დამტკიცებული ეს წიგნი, როგორც ჩანს, ხელახლა დაუმტკიცებია 1459 წლის კრებას. წიგნი წარმოადგენს კანონების კრებულს და ეხება სამწყსოს გადასახადს სხვადასხვა სარწმუნოებრივ თუ საყოფაცხოვრებო მომენტთან დაკავშირებით. საქართველოში კანონმდებელს წარმოადგენდა უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთობლივი კრება, რომელსაც გამოჰქონდა კანონები ანდა ამტკიცებდა ძველს. 1459 წელს პატრონ ერისთავ შალვას წინაშე მისულა სამთავნელი ეპისკოპოსი გრიგოლი, მას მოუხსენებია, მის სამწყსოში წარმოქმნილი მრავალი უწესო საქმის შესახებ. შალვას ბრძანებით: "შევიყარენით ჩუენ ცხრაძმისხევისა სამისავე ხევის კრებულნი და მამასახლისნი და ესე პირი მოვახსენეთ სამთავნელისა და ჯუარსა და ომოფორასა".

ეს სამართლის წიგნი საზღვრავდა სამთავნელი ეპისკოპოსის უფლებებსა და შემოსავალს. პირველი მუხლის მიხედვით, თუ რომელიმე ხუცესი (მღვდელი) უკანონოდ დაწერდა ჯვარს ახლო ნათესავებს, ნათლია-ნათლულს, მონატაცებ ქალს ანუ იმ პირებს, რომელთა ურთიერთქორწინება აკრძალულია - სამთავნელ ეპისკოპოსს უფლება ჰქონდა ორივე მხარისთვის გადასახადი დაედო, ვითარცა დამნაშავეებისთვის და ეს გადასახადი აუცილებლად უნდა გადახდილიყო, თუნდაც ქსნის ერისთავმა ანდა სამთავისის მთელმა სამწყსომ (პატრონმა და ქვეყანამ) უშუამდგომლონ. ამ ძეგლში ორჯერ გვხვდება სიტყვა - "სვინდიკინოზი" (სვინტიკინოზი), რაც ნათლიას, ნათლია-ნათლულს ნიშნავს. "სვინა" ნათლიაა. ეს სიტყვა ათონელთა ნაწერებშიც გვხვდება... ეს წიგნი შედგება სულ 27 მუხლისგან. საფიქრებელია, რომ ეს "სამწყსოს საკანონო წიგნი", რომელიც იყო "ძველთაგან დამტკიცებული", წინ ედო ზემოაღნიშნულ კრებას 1459 წელს. კრებამ ეს წიგნი ხელმეორედ დაამტკიცა და ზედ დაურთო თავისი ახალი ბრძანება."

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 10:43 AM

"მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბაგრატ III-ის მეფობის დროიდან საქართველოში სამართალი უკვე არსებობდა. ზოგი მას უფრო ადრინდელი ეპოქითაც ათარიღებს. ცხადია, მერე და მერე ეს კანონები იხვეწებოდა. წარსულის ყველაზე ხელშესახები სამართლის წიგნი გიორგი ბრწყინვალის ძეგლისდებაა. მონღოლთა ბატონობის შემდეგ ქვეყანაში მრავალი ცუდი ზნე იყო დანერგილი, რომელთა აღმოსაფხვრელადაც შექმნა მეფემ ეს წიგნი."

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:28 AM

"სამცხის მმართველის, ათაბაგ აღბუღა შალვას ძე ჯაყელის მიერ ჭულევის ეკლესია-მონასტრის განახლების მერე მონასტერს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამცხის კულტურულ-იდეოლოგიურ ცხოვრებაში. აქ შეუმუშავებია ათაბაგს სამოქალაქო ხასიათის კანონები, რომელშიც ეკლესიისა და მის მსახურთა შესახებაცაა საუბარი. ჭულევის მონასტერში მოიწვია აღბუღამ ცნობილი საკანონმდებლო კრებაც."

/"კარიბჭე" N18, 2009, გვ. 32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 09:22 PM

"წმინდა წერილი მოსამართლეებს ღვთიური სიმართლით ხელმძღვანელობას, ყველაფერში, როგორც მცირედში ისე დიდში, სამართლიანობას ავალებს".

/"მრევლი" N171, 2014, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 08:09 PM

"გაბრიელ ჭყონდიდელი - ბეჟან დადიანის ძე; XVIII ს-ის 60-იან წლებში მისი ინიციატივითაა გადაწერილი ვახტანგის სამართალი, რჯულისკანონი, დოგმატიკურ-ასკეტიკური და მეცნიერული კრებულები და სხვ."

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 176/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2018, 06:35 PM

"ცნობილია მისი [დომენტი ქართლის კათოლიკოსის] მონაწილეობითაც ვახტანგის სამართლის კრებულის შედგენაშიც".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ.206/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 05:23 PM

"ევდემონ ჩხეტიძეს კათოლიკოს მალაქიასთან (1531-1549) ერთად მონაწილეობა მიუღია იმერეთის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელსაც შეუმუშავებია სპეციალური "სამართალი კათოლიკოსისა".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ.208/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2019, 03:06 PM

"ამ ძეგლით, რომელსაც ვახტანგ VI-ემ "დასტურლამალი" უწოდა, ქართულ სახელმწიფო სამართლის განვითარებასა და შესწავლას მკვიდრი საფუძველი დაუდვა.

საქართველოში მართლმსაჯულების ასამაღლებლად და განსამტკიცებლად ვახტანგ VI-ემ ამ გვარადვე ჯერ ქართული სამართლის ყველა ძეგლი შეაგროვა, რომელიც კი ძველ დროიდგან შერჩენილი იყო, შემდეგ სხვა ერთა კანონმდებლობითგანაც გამოარჩია სამართლის წიგნები და სამართლის ყველა ამ ძეგლების განსაკუთრებული კრებული შეადგინა, რომელსაც მისგანვე მოწვეულ ქართულ საკანონმდებლო კრების მიერ შედგენილი სამართლის წიგნი დაურთო.

უკანასკნელი ნაწარმოები მაშინდელ ცხოვრების უფლებრივ ვითარების უფრო შესაფერისი გამომხატველი იყო. დიდი ხანია უკვე რაც სპეციალისტებს აღნიშნული აქვთ ვახტანგ მე-VI-ის სამართლის წიგნის ლმობიერებისა და ჰუმანურ მისწრაფების უტყუარი თვისებები"

/"კრიალოსანი" N11, 2008, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2020, 05:27 PM

"კირილე ალავერდელი - არქიმანდრიტი, რომელსაც არაერთი წიგნი გადაუნუსხავს. მაგალითად, 1760 წელს ერეკლე მეფის დავალებით ალავერდში მან "მუხლზედ გადაწერა" რუსულიდან თარგმნილი სამართლის წიგნები."

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ.258/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 02:38 PM

"ვახტანგ VI - მოაწესრიგა სახელმწიფო სამართალი და შექმნა კანონთა კრებული "სამართლის წიგნი"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 218/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 03:11 PM

"კვიპრიანე სამთავნელი - მასვე უნდა ეთარგმნა, აგრეთვე, ბერძნული სამართლის წიგნი ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულისათვის".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 257/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 12:52 PM

"წმინდა ექვთიმე მთაწმინდელს ბიზანტიური საეკლესიო სამართლის ძეგლების მიხედვით შეუდგენია "მცირე სჯულის კანონი". ამ კრებულს იმდენად ფართოდ იყენებდნენ საეკლესიო ცხოვრებაში, რომ იგი არსენ იყალთოელის მიერ ნათარგმნ "დიდი სჯულის კანონსაც" კი ვერ განუდევნია ხმარებიდან.

წმინდა ექვთიმემ საეკლესიო სამართლის ძეგლები ქართულ სინამდვილეს მიუსადაგა, კრებულში ქართული მასალა შეიტანა და სჯულის კანონის სრულიად ახალი, ქართული რედაქცია შექმნა.

"მცირე სჯულის კანონში" პირუტყვის შეწირვის შესახებ ვკითხულობთ: "ხოლო საკლველსა თუ დაჰკლავდეს, ლოცვათა წართქმაი საკლველისა ზედა არა განწესებულ არს, არამედ თვით იგი, რომელი დაჰკლვიდეს, მადლობაი თქუას და დაკლას, გინათუ ცხოვარი იყოს, გინათუ ზროხაი, და დაკლას იგი გარეშე საზღვარსა ეკლესიისასა და ხორცი იგი, გინათუ მგბარი (მოხარშული), გინათუ უმგბარი, განუყოს გლახაკთა, ანუ ტაბლასა დააგოს და წოდებულნი ისტუმრნეს გარშე ეკლესიისა. და მღვდელთა თუ ნაწილსა მისცემდეს, სახლსა წარსცეს, რომელიცა ჯერ უჩნდეს სახსენებელსა მოქმედსა მას, ხოლო რომელნი ამას წესსა გარდახდნენ და ძუელისა შჯულისა წესთა იქმოდინ, უზიარებლობაი დაესაჯოს".

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 07:34 PM

"საქართველოს ეკლესიას 1811 წლიდანვე ეგზარქოსთნ ერთად სათავეში ჩაუყენეს დიკასტერია. არც ეს არ გაკვირვებიათ ქართველებს, რადგან დიკასტერია ჯერ კიდევ ანტონ I დაარსა საკათალიკოსო კარზე. ეს იყო უმაღლესი ადამინისტრაციულ-სასამართლო ორგანო, რომელიც განაგებდა საეკლესიო ხასიათის ყველა საქმეს, იგი ხელმძღვანელობდა საეკლესიო კანონ-წესებით და ვახტანგ V სამართლის წიგნთა კრებულით".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 58/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2022, 12:10 PM

"ასევე ამხილა ღირსმა გიორგიმ [მთაწმინდელი] მოსამათლენიც, მიკერძოებისა და მიდგომილობისათვის და ურჩია საქმის სამართლიანად გარჩევა, უანგარო მოსამართლეობა. დაავალა მათ: "დაე, მათი სასწორი ნუ გადაიხრების მდიდრისა და დიდებულებისაკენ, თუ უკანასკნელი მტყუანნი არიან".
ყოველივე ამის მეოხებით ღირსმა გიორგიმ მისცა საქართველოს საეკლესიო ცხოვრებას ხალხოსნური (დემოკრატიული) ელფერი, რომელიც დასავლეთ ევროპის საეკლესიო ცხოვრებაში მხოლოდ მეცამეტე საუკუნეში დამყარდა".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 199/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 03:14 PM

"ქართული სამართლებრივი კულტურისა და სამართლებრივი აზროვნების ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბერძნულიდან სჯულის კანონის თარგმანს. როგორც ცნობილია, ასეთი ძეგლების თარგმნა მაშინ ხდებოდა, როდესაც სამართლის ძეგლებზე მოთხოვნილება არსებობდა საზოგადოებაში.
ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, სჯულის კანონი ქართულად თუ უფრო ადრე არა, VIII-IX საუკუნეებში მაინც უთარგმნიათ. თუმცა კორნელი კეკელიძის აზრით, "კანონიკურ კრებულთა თარგმანისათვის პირველად ხელი მოუკიდია ექვთიმე ათონელს... და ისიც გადმოთარგმნა არა იმ სახით, როგორც ის დედანში იყო, არამედ მისი შედგენილობისა და რედაქციის ცოტაოდენი შეცვლით ქართულ სინამდვილესთან შეფარდებით".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.321/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 05:21 PM

"დავით აღმაშენებელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამართლის საკითხებს. მის სახელთანაა დაკავშირებული "სააჯო კარის" გარდაქმნა, რომელიც მუდმივმოქმედ სასამართლოს წარმოადგენდა. ახალი სამართლებრივი სისტემა მოსახერხებელი და ადვილად მისაწვდომი გახდა მოსახლეობის ფართო ფენებისათვის".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.405/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 01:04 PM

"ფიცი, როგორც დამამტკიცებელი საბუთი, ქართული სამართლისთვის უძველესი დროიდანაა ცნობილი (ბექა-აღბუღას სამართალი, ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნის ფრაგმეტნი, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი). ფეოდალურ საქართველოში ფიცი ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც სამოქალაქო დავებისა, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, მკვლელობისას, თუკი სხვა მტკიცებულება არ არსებობდა. ფიცი ძირითადად ეკისრებოდა მოპასუხეს, ბრალდებულს, ქონებრივი დავისას - იმ მხარეს, რომელიც ფაქტობრივად ფლობდა სადავო ქონებას. ფიცის დანიშვნის საკითხს სასამართლო წყვეტდა და გადაწყვეტილებას "ფიცის განაჩენი" ერქვა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 307/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 01:43 PM

"როდესაც მზითვის ინსტიტუტსა და საერთოდ, საოჯახო ქონებაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში დაცულ ერთ საინტერესო ადგილს. აქ გრიგოლ ბაკურიანის ძე გადმოგვცემს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ "ყოველი მონაგები და სახმარი მამისა ჩუენისა" დებს მზითვად გაატანა და "ჩუენ დაგვიტევნა ყოვლისაგან მამულისა და დედულისგანცა სახმარისა". ე.ი. მთელი ქონება, რაც კი გრიგოლის მამას დაუტოვებია, დედას ქალიშვილებისათვის მზითვად მიუცია.

მამული, როგორც წესი, მემკვიდრეობით ვაჟზე გადადიოდა, მაგრამ აქ მამულის მესაკუთრედ ქალი გამოდის და ეს ამბავი ხდება XI ს-ის საქართვლეოში, როდესაც ბიზანტიის სახელმწიფოს დიდმოხელე, ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძე, ბულგარეთის ტერიტორიაზე აარსებს პეტრიწონის მონასტერს ქ. ფილიპოპოლის (პლოვდივი) მახლობლად. როდოპის მთის კალთაზე, დღევ. სოფ. ბაჩკოვოსთან და უდგენ მას წესდებას, ანუ ტიპიკონს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ისტორიისათვის საყურადღებო წყაროს წარმოადგენს.

XV-XVI სს-ში გვაქვს რამდენიმე მეტად საინტერესო საეკლესიო სამართლის ძეგლი. ესენია: "სამთავისის სამწყსოს საკანონოს წიგნი" (1453 წ.), "მცნებაი სასჯულოი" (1470-1474 წწ.), "კათალიკოსთა სამართალი" (1543-1549 წწ.) და ბიჭვინთის იადგარი (XVI ს-ის II ნახ.)."

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 224/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 12:23 PM

"XIII-XIV სს. საქართველოს სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ უძვირფასეს მასალას გვაწვდის ბექა-აღბუღას სამართალი. ეს არის შუა საუკუნეების ქართული სამართლის ყველაზე უფრო სრულყოფილი კოდექსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის კანონმდებლობაზე და განსაკუთრებით ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნზე".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 231/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2022, 02:05 PM

"ვახტანგ VI-ის სამართლის კრებულშიაც კატეგორიულად იკრძალება "ახლო ნათესავთა და გვართა ცოლ-ქმრად შეყრა". ახლო ნათესავებში კი, როგორც ჩანს, იგულისხმება როგორც "აღმართი და შთამართი" ნათესავები, ისევე არაღვიძლი დები და ძმები, რომლებიც დედის ან მამის მეორე ქორწინებიდან გაჩნდნენ. არც მათ და არც მათ შვილებს არ აქვთ დაქორწინების უფლება "სამს ჭიპამდე", ხოლო რაც შეეხება ღვიძლ და-ძმას, მათ შორის ქორწინება მე-6 თაობამდე (ე.ი. მე-10 ხარისხის ჩათვლით) იკრძალება"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.254/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 08:12 PM

"თავისუფლების მაძიებელი გლეხისთვის სამართლის მიღწევა ადვილი არ იყო. ქართლ-კახეთის სახელმწიფო ფეოდალური სახელმწიფო იყო და, პირველ რიგში, ფეოდალთა ინტერესებს იცავდა. სამართალსა და კანონებშიც ყმათა მფლობელი ფეოდალები გაცილებით უკეთესად ერკვეოდნენ და სახელმწიფოც მათ მხარეს იდგა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.250/


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)