თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ რიკარდო

პოსტის ავტორი: Afakidze თარიღი: Nov 11 2009, 05:18 PM

გამარჯობათ, კვლავაც მოგესალმებით ყველას და ერთხელაც უნდა შეგაწუხოთ. მართალია 12 წლის თორნიკე ჯაბაურის შესახებ მოწოდებულ ინფორმაციას დიდი დაინტერესება არ გამოუწვევია, მაგრამ მაინც მინდა გიამბოთ კიდევ ერთ ბავშვზე, რომელსაც დახმარება სჭირდება

http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...id=4358〈=ge

რიკარდო

ახლა, როცა ძაღლი აღარ ჰყავს, 9 წლის რიკარდო დარში თუ ავდარში ქუჩაში დგას, გამვლელ-გამომვლელ მანქანებს აჩერებს და მძღოლებს დახმარებას სთხოვს. თუმცა ასე ფულის შოვნა ძალიან უჭირს, რადგან გამვლელები იშვიათად აჩერებენ და ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ მათმა რიცხვა იკლო კიდეც. სხვა რომ არაფერი მისი „საქმიანობა“ ძალიან სახიფათოა, ნატანების მონაკვეთი ჩქაროსნულია და მანქანები აქ ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობენ.

ადრე, სანამ ძაღლი ჰყავდა, ფულის შოვნა უფრო უადვილდებოდა. საქმე ისაა, რომ რიკარდომ ძაღლის ჭენება იცოდა. რიკარდოს არაჩვეულებრივი ძაღლი ჰყავდა: - შეისვამდა თავის პატარა პატრონს ზურგზე და დააჭენებდა ხალხმრავალ ადგილებში. ამ უცნაური სანახაობით განცვიფრებული ადამიანები რიკარდოსთვის ფულს არ იშურებდნენ.

ასე უცნაურად ნაშოვნი ფულით რიკარდო არა მარტო საკუთარი თავის, დედის ფიოდორა მიხაევას გამოკვებას ახერხებდა. რიკარდოს დედა უნარშეზღუდულია და გადაადგილება არ შეუძლია. რიკარდო ძალიან პატარა იყო, როცა მიხვდა, რომ დედას, ფიოდორას მის გარდა არავინ ჰყავდა.

„როცა ძაღლი ჰყავდა, დღეში ათ ლარსაც შოულობდა, მისი შრომით ნაშოვი ფულით პურს, საკვებს და სათამაშოებს ყიდულობდა“, - იხსენებს რიკარდოს დედა, 45 წლის ფიოდორა მიხაევა.

„ძაღლის ჭენება მეზობელმა მასწავლა, ყოველდღე დავდიოდი ქუჩაში და ფულს ვშოულობდი. ახლა მიჭირს, რადგან მარჩენალი მომიკვდა“, - გვიყვება რიკარდო.

რიკარდო მიხაევი უნარშეზღუდულ დედასთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ურთულეს პირობებში ცხოვრობს. სახლი - ავარიული, ფანჯრებჩამტვრეული, კარებმორყეული, სახურავახდილი, იატაკის გარეშე, აქ ისე წვიმს, როგორც გარეთ. შემოდგომის მიწურულსაც ისე ცივა, როგორც ცივ ზამთარში.

„ასეთ პირობებში ვცხოვრობთ. გვპირდებიან დახმარებას, მაგრამ დაპირებებში წლები გაილია. ბავშვი წამოიზარდა და მოთხოვნილებებიც გაეზარდა, მხოლოდ ღვთის იმედად ვართ“, - ამბობს ფიოდორა მიხაევა.

ოჯახის ბიუჯეტი თვეში 95 ლარს არ აღემატება და ეს ფულიც ძირითადად წამლებისთვის სჭირდებათ.

„ახლა ზამთარი მოდის, არაფერი მაქვს, არც საბანი და არც შეშა... ასე ხელჯოხით ეზოში ტოტებს თუ დავამტვრევ. ელექტროღუმელი რომც მქონდეს, მაინც ვერ ვისარგებლებ, შუქის ფულის გადახდა სად შემიძლია“, - წუხს რიკარდოს დედა.

„როცა რიკარდოს სახლი ვნახე, მაშინ მივხვდი სიღარიბე რა ყოფილა“, - ამბობს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ თანამშრომელი ლევან მჟავანაძე.

„თითოეულ ბავშვს აქვს უფლება იყოს სოციალურად დაცული და სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს აუცილებელი ზომები იმისათვის, რათა ეს უფლება სრულყოფილად ხორციელდებოდეს“, - ბავშვთა სიღარიბის დაძლევის ეს სტრატეგია რიკარდოზე არ ვრცელდება.

რიკარდო არც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული. ამის მიზეზი დაბადების მოწმობის არ არსებობაა. ამ პრობლემის გამო რიკარდო სამი წლის განმავლობაში სკოლაში ვერ დადიოდა. ბოლოს მას მაინც დართეს სწავლის უფლება, სკოლაში დადის და გაკვეთილებს ესწრება, თუმცა თუ მალევე არ მოაგვარებს დაბადების მოწმობის პრობლემას, სწავლის შეწყვეტა მოუწევს.

რიკარდოს დედა უნარშეზღუდულია და გადაადგილება არ შეუძლია, სწორედ ამის გამო ვერ ახერხებს ის ბავშვის დაბადების მოწმობის აღებას, არადა ამ მოწმობის გარეშე რიკარდო სწავლის გარდა, სოციალური სააგენტოს დახმარების მიღების შანსსაც კარგავს.

„ხომ შეიძლება, არსებობდეს სამსახური, რომელიც ჩემნაირ ადამიანებს ამგვარ პრობლემებს მოუგვარებს“, - კითხვას სვამს მიხაევა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისში აცხადებენ, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის 24 მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, დაბადების განცხადების ვალდებულება ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს თუ ამ მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნულმა პირებმა არ განაცხადეს დაბადების თაობაზე და ეს გახდა ცნობილი ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოსათვის.

„თუ სოფლის რწმუნებული ამ ინფორმაციას არ ფლობს, ეს მისი მინუსია“,- ამბობს იურისტი ჯაბა ზერეკიძე.

ნატანების დეპუტატი თემური ქინქლაძე კანონს, როგორც ჩანს არ იცნობს და რწმუნებულის უფლებების დაცვას ცდილობს: „რიკარდოს დაბადების მოწმობა არა რწმუნებულმა არამედ სკოლის დირექტორმა უნდა გაუკეთოს“, - აცხადებს ის.

„ხელისუფლება საზოგადოებას, მითუმეტეს უნარშეზღუდულებს, სჭირდება იმისათვის რომ ის მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. თუ სახელმწიფო არ იზრუნებს შეჭირვებულ და უნარშეზღუდულ ადამიანებზე, მაშინ რა საჭიროა სახელმწიფო თავისი სტრუქტურებით“, - აცხადებს ექსპერტი ლევან ჩხაიძე.

„რიკარდოს სახლის შესაკეთებლად საჭირო ხარჯები უკვე დათვლილია, სამშენებლო მასალებიც თითქმის მოძიებულია და უახლოეს დღეებში კაპიტალურად შეკეთდება ის 2 ოთახი, სადაც რიკარდო ცხოვრობს“, - გვითხრა გურიის გუბერნატორის მოადგილე ლელა თავართიქლაძემ.

„საამისოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხების სიმწირის გამო შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც სპონსორები უკვე მოიძია და რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს რიკარდოს სახლის რეაბილიტაციის საქმეს. სახლისთვის საჭირო ფანჯრები უკვე მიტანილია, ჯერ-ჯერობით ვერ შეგვაქვს ტელევიზორი, საწოლები და სხვა საჭირო ნივთები“, - დასძინა ვიცე გუბერნატორმა.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ტაკიძე აცხადებეს ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან თანხა არ არის გამოყოფილი. თუმცა, ხელისუფლება აქტიურად ჩაებმება რიკარდოს პრობლემების მოგვარების საქმეში და რა საშუალებაც გამოინახება ბიუჯეტში, იმით დაეხმარებიან.

„სახელმწიფოს ზრუნვის საგანი სწორედ მსგავსი საკითხების მოგვარება უნდა იყოს. დღეს კი ფაქტის წინაშე ვდგავართ: - პრობლემა არსებობს, მისი მომგვარებელი კი არა“, - ამბობს ლევან ჩხაიძე.

რიკარდო დაპირებების შესრულების მოლოდინშია, ახლა თბილ ოთახზე და ცხელ სადილზე ფიქრობს. იცის, რომ მალე ზამთარი დადგება და ავდარში ფულის შოვნაც გაუჭირდება.

რიკარდოს ფოტოების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ზემოთ მითითებულ ლინკს

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 11 2009, 08:00 PM

ფოტოების ნახვამ ძალიან იმოქმედა ჩემზე sad.gif

იქნებ დავეხმაროთ ამ დედა-შვილს huh.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 20 2010, 02:36 AM

Afakidze
როგორ შეიძლება დავუკავშირდეთ ამ ოჯახს?

პოსტის ავტორი: nikoloziiii თარიღი: Nov 2 2010, 01:13 AM

გამარჯობათ,

უკაცრავად და თკვენ ვინ ბრძანდებით რიკარდოსი? ან როგორ უნდა დაუკავშირდეს ან ნახოს რიკარდო ადამიანმა?

პატივისზემით

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 2 2010, 01:03 PM

ბავშვისთვის დაბადების მოწმობა უკვე დაუმზადებიათ და სახლსაც გაურემონტებენ საახალწლოდ. თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. თუ მოვახერხებთ დახმარებას თუნდაც პროდუქტებით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: nikoloziiii თარიღი: Nov 4 2010, 02:53 AM

ციტატა(nikoloziiii @ Nov 2 2010, 02:13 AM) *

გამარჯობათ,

უკაცრავად და თკვენ ვინ ბრძანდებით რიკარდოსი? ან როგორ უნდა დაუკავშირდეს ან ნახოს რიკარდო ადამიანმა?

პატივისზემით


და თუ იცით, როგორ შეიძლება ამ ბავშვის დაკავშირება?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 23 2010, 03:43 PM

nikoloziiii
თემის ავტორს რამდენჯერმე მივწერე ამ ბავშვის კოორდინატების გასარკვევად მაგრამ ამაოდ... smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)