გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა და თქვენთვის გამეცნო მამაჩემის, ფრიდონ გელაშვილის, მოკრძალებული პოეზია. მამა ჭეშმარიტი ქართველი იყო და მისი ლექსები შესაბამისად მისივე „სულის ისტორიაა“.
ლექსების კრებული „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“ გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით.
ლექსებს ეტაპობრივად განვათავსებ:
ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას
ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა,
აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად.
პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან,
ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა.
ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი,
ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს,
მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი,
ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა.
კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის,
ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ,
ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის,
სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს.
ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა
ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად,
პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან,
ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა.
* * *
ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, -
გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან!
მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი...
სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული.
* * *
ვგავართ ნატერფალს, კენჭნარევ პლაჟზე
შხაპუნა წვიმა უმალ რომ წაშლის.
ვციმციმებთ წამით ამ ქვეყანაზე
და მერე უმალ მივფრინავთ ცაში.
* * *
ადამიანი ცოდვას ფანტავს ხნულში მარცვლებად,
წუთისოფელში ჩვენ მას ვზიდავთ ჩვენივე თავით...
თუ არ შევჩერდით, თავისთავად ცოდვა არ ცვდება...
პირიქით, იგი ვითარდება, ხარობს და ჰყვავის.
* * *
შეგრაცხავს ხალხი ერის მემკვიდრედ,
შუბლს თუკი აშრობ აკლდამის ჩრდილებს,
და არც ჩაგთვლიან ვაჟკაცად, ვიდრე
მამულს არ მისცემ ღირსეულ შვილებს.
marine
შენი ლექსებიც დადე მარი
* * *
ძნელია სული გაქლიბო და ისე გაფერო,
რომ ყველამ შესძლოს მისი აღქმა, მასთან შეხება,
ო, შენ ცხოვრებავ, უცნაურო, რაღაც სხვაფერო,
არ შეგებრძოლო? მაშინ მითხარ, რა მეშველება.
tiko282
გვიმრავლოს ღმერთმა შენნაირი კარგი ფორუმელები
ეკლესია
ეკლესია - სახე არის სამოთხისა...
პირჯვრის წერა - ღვთის წინაშე მოკრძალება...
მუხლის მოყრა - აღზევება ცაზე მზისა...
სიცოცხლე კი - ტკივილების მონაცვლება.
* * *
იერუსალიმ! ქრისტიანთა წმინდა სავანევ,
შენს ნახვას, ოი, ვინ არ ცდილა, ვის არ ეწადა,
უწმინდესსა და სანეტარო წყალში განჰბანე,
ვისაც შენ სწამდი, ვისაც ღმერთი გამოეცხადა.
მაცხოვრის ნახვა ბედნიერთა ხვედრია მხოლოდ,
ღმერთო მაღალო! გთხოვ, ამ ნატვრის თასი ამივსო,
ნუ მიმატოვებ, იმ ქვეყნის გზას არ გამაყოლო
ისე, რომ შენი მიწის ნახვა მე არ მაღირსო!
ამ ლექსით მამამ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის ნატვრა გამოხატა
დაუთოვია ფიქრის კალთებზე
დაუთოვია ფიქრის კალთებზე,
აღარ მაღელვებს ფეთქვა კვირტების,
ახლა არავინ აღარ დამეძებს,
ახლა არავის აღარ ვჭირდები.
გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები,
სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი
და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი,
სხვები ეძებენ თავგამეტებით...
მამამ როცა ეს ლექსი დაწერა, ისე ძალიან მომეწონა რომ ზეპირად ვისწავლე და წავუკითხე გამიღიმა და საპასუხოდ ეს დამიწერა:
მაკას
ზამთარი ჩვენში ეშხში შესულა,
თოვლმა ხაშური უკვე მოფარა,
მაშ, შენ რადა ხარ ასე ჭრელ-ჭრულა
ჩემი იმედის სინდიოფალავ!
ომის დროს, როცა შუქი ფიზიკურად არ იყო, მამა ლამპის შუქზე მიკითხავდა წიგნებს და არ მანებებდა, რომ კითხვა მე გამეგრძელებინა. საოცრად განათლებული და ინტელიგენტი ადამიანი იყო.
* * *
დღეს, სამწუხაროდ, ნათლად ვხედავ, მოდის ზამთარი,
ბავშვობას, ყრმობას და შემდგომსაც ღმერთის ვალი აქვს...
ჩემს მოკლე გზაზე კარგი ვთესე, როგორც შევძელი,
ეს შემოდგომაც იმ სიკეთის მოსავალია.
* * *
წამი წლად ფასობს, თუ სანატრი გაგიხდა წამი,
წუთისოფელი ჯერ კაცთაგან არვის უქია.
ამ ქვეყანაზე არავისთვის ინდომო ავი,
კაიკაცობას სხვა ელფერი და სხვა შუქი აქვს.
მე მარინეს წიგნის პრეზენტაციაზეც მოვისმინე მისი ლექსები...
* * *
შენი შვილი ვარ, მამულო ჩემო!
და გულზეც შენი სითბო მაჩნია...
დღედაღამ ვფიქრობ, რომ დავიჩემო
და შემოგწირო, რაც გამაჩნია.
მარო მასწავლებელს
შენ მე მაგონებ იმ კეთილ მთესველს,
გულგამეტებით მარცვალს რომ თესავს,
ზოგი მოლპება, ზოგიც ფესვებით
მზის სხივებსა და მიწის ტენს შესვავს.
ყველას ასწავლი თანაბრად სიბრძნეს,
ეს შენში ცოცხლობს ნათელ პირობად.
ვინ როგორ სწავლობს და ცოდნას იძენს,
შენ იმ განსწავლას უთვლი გმირობად.
შენ ხარ ბრძნულ აზრთა დიდი მთესველი,
შენგან მოდიან აზრნი მფრთოსანნი,
შენმა მოსწავლემ თუკი შევძელი,
მსურს, ლექსში დარჩე მარად ცოცხალი.
მე და მამას ქართულის მასწავლებელი საერთო გვყავდა მარო მასწავლებელი (მეყანწიშვილი) შვილიშვილს მეძახდა და მისი დამსახურებაა თუკი კალამი მიჭირავს ხელში. უფლის წყალობაა, რომ ასეთი პედაგოგის აღზრდილები ვართ მამა-შვილი
შარშან ჩემი წიგნი გავუგზავნე და არ მეგონა, ასე ძალიან თუ გავახარებდი და მოეწონებოდა. ხატების კუთხეში დაუდია
* * *
გრდემლზე გატეხილ ნალსა ჰგავს მთვარე,
ალბათ, ამიტომ ცის თაღზე ბჟუტავს.
ჩაშავებია თვალები ღამეს
და რქენს ხარივით შენს ვიწრო ქუჩას.
მაგ ხეთა ჩრდილში თავს ვუყრი ფიქრებს,
რბილი ნაბიჯით ვთელავ მღიერებს,
ერთი სული მაქვს, შემომხვდე იქნებ,
რომ მოვერიო სიცარიელეს.
მე ხარკად ვუხდი...
ქარი უხილავ აფრით ქრის ისევ,
ფიქრთა ნიჟარის გროვაში გრიყავს,
რა ვქნა, უშენოდ არ მყოფნის სივრცე,
რომ დავაფრქვიო გულთბილი სიტყვა.
და როგორც ცაზე უხილავ მუხტით
კრიალა სივრცე იწყებს ალებას,
ისე შენს ღიმილს მე ხარკად ვუხდი
სიცოცხლეს, რაც შენ არ გებრალება.
* * *
სისხლი ხარ თეთრი
ფესვში ჩამდგარი,
ჩემთვის ლექსიც ხარ
და ხარ არიაც...
ნაზი ზმანების
შენ ხარ სიზმარი,
ისეთი, როგორც
თვით სიზმარია.
მშვენიერი ლექსებია ! დასანანია მისი პოეზია ფართო მასებისთვის რომ არ არის ცნობილი!
ძალიან ლამაზი სიტყვებია, სტრიქონთა წყობაც ორგინალურია, რასაც თან ერთვის მშვენიერი, ავტორისეული გროტესკულობა ლექსისა.
მადლობა მარინეს
მაკა საყვარელო ეხლა კი მივხვდი საიდან გაქვს შენც ეს საოცარი ნიჭი - ნიჭი პოეზიისა. სულით ლამაზი ხალხი ყოფილხართ გელაშვილები. ძალიან დიდი მადლობა იმ სიამოვნებისათვის, რაც მე თქვენი ლექსების კითხვით მივიღე. ძალიან , ლამაზი , თბილი, საოცარი ენერგიით გაჟღენთილი სიტყვებია. ამ ლექსებს ვკითხულობდი და ტანში ჟრუანტელი მივლიდა ამ ლამაზი სიტყვების წაკითხვისას. შენც ლამაზი ლექსები გაქვს მაკა და შენც საყვარელ მამიკოსაც ლამაზი ლექსები ჰქონია.
ნიჭი ამ ქვეყნად მართლა არ იკარგება. დიდი მადლობა საოცარო ადამიანო.
***
ისტორიისთვის საუკუნე წამია მხოლოდ,
წუთებს კი წამი ნაჩუქურთმევ დღეებად აქცევს,
ასოცის იყო პაპაჩემი ჩვენს გვარში ბოლოს,
გელაშვილების ისტორიის უბადლო მოწმე.
მდინარესავით გელათიდან მოვდივართ, მოვალთ,
საინგილომდე რომ გადავწვდით არც თუ ბევრია,
გელაშვილების სამემკვიდროს, საფიცარს ყოვლად
ქართლში, კახეთში, იმერეთში კვლავ უმღერიან.
***
ახალი ფერის ძიებაში ათენებს ღამეს,
მხატვარი იგი მოსვენებას არ აძლევს ყალამს...
ფართე გზით მიდის, ფართე თვალით უცქერის მთვარეს,
რადგანაც მთვარე ნაზ სხივებში მრავალ ფერს მალავს.
***
ო, როგორ მინდა ლექსი ჰგავდეს ნასუქარ ულაყს,
შოლტის გარეშე გაეჯიბროს იანვრის ქარებს;
ამოვატანდი ჩემს ნაფიქრალს ქვის კასი მულახს,
რომ უთენია მოაფრინოს შენს სახლის კარებს.
ეს ლექსი მამამ მაშინ დაწერა, როცა დედაზე შეყვარებული იყო თავდავიწყებით
წერილი ციცოს!
ჩემი სათქმელი ვთქვი რითმებით ალალ ლექსებად,
თითო ოროლა შეწყვეტილი სტროფებად დამრჩნენ.
სტრიქონს გაუდგამს ქართულ სიტყვის ძარღვში ფესვები,
ამ ტაეპებში შენს მოსაწონ თბილ სიტყვებს ვარჩევ.
ბევრი სათქმელი ამოვღერღე, ბევრი მოვკალი,
ბევრი გულს მიკლავს, ბევრიც დამრჩა სულის მშვენებად,
სიტყვა არ გითხრა? არ მოგწერო? - ალალ მართალი
ან არ გაგანდო ნააზრევი? რა მეშველება.
ო, როგორ მინდა დღე ნიადაგ გიყუროს თვალმა,
გთხოვ, რომ მიიღო ეს ქარაგმა ოქროს ჩქერებად.
იქნებ გემივით გაგიტაცოს ცხოვრების ტალღამ,
მაშინ ეს ლექსი ჩემს მაგივრად მოგეფერება.
ხშირად, რამდენჯერ, ენძელების მორცხვობას, კრძალვას
მივაყურადებ, მინდა შენი კარგი გავიგო,
რამდენი ბწკარით გულს დარდები შემომეცალა,
იმდენი მინდა ფეხქვეშ ფრთხილად ქეჩა გაგიგო.
ვმღერივარ - შენით, შენ გამხადე ალბათ პოეტი,
ეს წმინდა გრძნობა მრჩება როგორც რწმენა ნათელი,
რაღაც მჯეროდა, მე მჯეროდა რომ შენ გპოვებდი
და იქნებოდი ამ ლექსივით ალალ-მართალი.
შენ იცი როგორ გამახარებს შენი პასუხი?
თითთა ნაბეჭდი და აზრები ნაალერსები,
გზას გამიფონებს, ან გამითხრის საფლავს მარადის
როგორც მიწაში ჩაჭედილი მუხის ფესვები.
3 ივნისი 1966 წ.
http://radikal.ru
მამას ლექსების წიგნი... სამწუხაროდ გარდაცვალების შემდეგ...
***
ხანდახან ფიქრი ხდება მტანჯველი,
ღიმილის წყარო ისევ ფიქრია.
თოვლშიც ძევს ფიქრი როგორც ფანტელი,
ყველა ფანტელი ფიქრის ფიფქია.
***
მთის რხევა უფრო დიდია მაშინ
როცა მწვერვალით ახლოა ცასთან.
მწვერვალზე ტაშს ნუ შემოკრავ ქარში,
თორემ იქვე გაქვს ძირს ჩამოვარდნა.
http://radikal.ru
ჩვენი ოჯახის სასიხარულოდ ნიკო ხერკელაძისა და გულნაზ ხარაიშვილის ავტორობით გამოსულ წიგნში "პაატას მხრებზე დაკლული სიცოცხლე" შევიდა მამას ლექსი "გიორგი სააკაძე".
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
,,აქ ხომ ზეცის სარტყელია, მშობლიური მხარეა!"
ნიკოლოზ გელაშვილი
ხაშურელ პოეტთა ძველ თაობას, ალბათ, ახსოვს სარტყელელი გლეხკაცი ნიკოლოზ გელაშვილი, რომლის ლექსების წიგნი "სიცოცხლის გაგრძელება" მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. წიგნის წინასიტყვაობაში იოსებ ნონეშვილი წერდა: "ნიკოლოზ გელაშვილი პოეზიის უბრალო ჯარისკაცი იყო, მაგრამ უბრალო ჯარისკაცები დიდ ბრძოლებში მონაწილეობენ და მასაც ამ დიდ ბრძოლებში თავისი სანგარი და თავისი საბრძოლო იარაღი გააჩნდა...
ლექსად უთქვამს ნახევარი საუკუნის მანძილზე გლეხკაცის ფიქრი და ოცნება, დარდი და სიხარული, მაგრამ თავის მშვენიერ სოფელ სარტყელას როდი გაუცილებია ისინი, როდი აუტალახებია დედაქალაქის რედაქციების კარები. ლექსის წერა ყველა ქართველისათვის ჩვეულებრივ თვისებად მიაჩნდა თურმე, ამიტომაც არ უცდია მათი გამოქვეყნება".
ჩვენ კი ჩვენს მისტერიას გვინდა შევუერთოთ მისი ლექსი "ჩემს სოფელს_ სარტყელას":
ჩემი გული შენ გეკუთვნის,
სხვაგან როგორ დარჩება.
ვიცი მადლი მიწის, გუთნის,
არ მღალატობს მარჯვენა.
ჩემი გარჯით კარ_მიდამო
მინდა დავამშვენო და
როგორ უნდა ავიტანო
აბა, მე უშენობა.?
ვჩქარობ, თუნდაც სტუმრად ვიყო
ო, რა ძალა გქონია,
შენს გარეშე ყოველი დღე
საუკუნე მგონია.
აქ ხომ ზეცის სარტყელია,
მშობლიური მხარეა,
უშენოდ არ შემიძლია,
შენსკენ მომიხარია.
ნ. გელაშვილის წიგნის შესახებ მაშინ "გამარჯვების გზის" რედაქტორი ბატონი სულიკო ძინძიბაძე წერდა: "ძნელია ერთ საგაზეთო სტატიაში დეტალურად, მთელი სიღრმით იქნას განხილული შემოქმედის ყველა ნაწარმოები, რომლებიც მართლაც "ლექსად ნათქვამი გლეხკაცის ფიქრი და ოცნება, დარდი და სიხარულია".
მისი წიგნის გამოსვლა სიხარულისა და სიამაყის საგნად იყო ყველა ხაშურელისათვის, რადგან უკვალოდ არ გაქრა ამ ნიჭიერი გლეხკაცის პოეტური მემკვიდრეობა.
ნიკოლოზ გელაშვილს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰქონდა. მისი ვაჟი _ ფრიდონ გელაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, ორი მონოგრაფიისა და 50_ზე მეტი ნაშრომის ავტორი, რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო შვილიშვილები დღესაც ინახავენ მის ხსოვნას და შემოქმედებას.
ხაშურის ისტორიას კი კარგა ხანს გაჰყვება ,,გამარჯვების ქუჩის" ხეივნის სილამაზე, რომელიც თავის დროზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სახელზე გაშენდა. სწორედ იმ ალვის ხეებსა და ომში დაღუპული შვილის ხსოვნას მიუძღვნა ნიკოლოზმა ეს მშვენიერი ლექსი:
ალვის ხეები
ნოდარის ხსოვნას
გამარჯვების ქუჩა
რაც ხეივნად იქცა,
აქ ალვების ჩრდილი
და შრიალი მეფობს.
თუ თაკარა მზისგან
აღარ იწვის მიწა,
ხე აკეთებს ასეთს
საქმეს სასიკეთოს.
როგორ გაიზარდნენ,
როგორ დავაჟკაცდნენ.
ოცდახუთი წელი
დიდი დროა განა?
შეხეთ, ალვის ხენი
უკვე ზეცას აწვდნენ
მთელი ქუჩის გასწვრივ
მხედრებივით დგანან.
ფესვმაგარო ხენო,
იშრიალეთ მარად,
დე, წერწეტა ტანით
ზეცა გაგეკვეთოთ.
თქვენ ხომ საპატიო
საქმე დაგევალათ,
თქვენ ბავშვებმა დაგრგეს
მხოლოდ სასიკეთოდ.
ალამაზებთ ქუჩას,
ქალაქს, დედამიწას...
გსურთ უკვდავყოთ ჩვენი
საქმე სასახელო.
ჩვენს დაღუპულ შვილთა
ნათელ ხსოვნას იცავთ
ფესმაგარო ხენო,
ტანწერწეტა ხენო!
ეს სიტყვები ჩემს პაპასა და მამას შესახებ, ფეისბუქზე განათავსა ხაშურის საპატიო მოქალაქემ და ძალიან კარგმა პოეტმა, ბატონმა მურად მთვარელიძემ, რის გამოცა მთელი ჩვენი ოჯახი მას მადლობას ვუხდით
ჩვენი ოჯახის და ყველა ხაშურელის სასიხარულოდ, ბატონმა მურად მთვარელიძემ გამოსცა წიგნი „ხაშურის ლიტერატურული ენციკლოპედია“, რომელშიც შესულია პაპა - ნიკოლოზ გელაშვილი, მამა - ფრიდონ გელაშვილი, ჩემი და - თიკა და მე. ამა წლის 28 სექტემბერს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა წიგნის წარდგინება და პოეზიის საღამო. მადლობა ბატონ მურად მთვარელიძეს ჩვენი ოჯახის ასე დაფასებისთვის.
ფრიდონ გელაშვილი
დაიბადა 1940 წელს, ხაშურის რაიონის სოფელ სარტყელაში, გლეხი-პოეტის ნიკოლოზ გელაშვილის მრავალშვილიან ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო საფუძვლიანი უმაღლესი განათლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დაცული ჰქონდა საკანდიდატო დისერტაცია. წლების მანძილზე მუშაობდა სოფელ ახალსოფლის კოლმეურნეობაში აგრონომად, აგარის მეურნეობის მთავარ აგრონომად, ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი, მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის დამსახურებული აგრონომის წოდება.
პოეტი მამის მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი, ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მისი პოეზია აგრძელებს ტრადიციებს, რასაც გელაშვილების ჯალაბმრავალ ოჯახში მისმა მამამ ჩაუყაროს საფუძველი. ესაა სამშობლოს სიყვარული, ჰუმანიზმი, ადამიანის მოვალეობა, კაცობის საზომი...
ფრიდონ გელაშვილის ლექსი „გიორგი სააკაძე“ შეტანილია წიგნში „პაატას მხრებზე დაკლული სიცოცხლე“.
პოეტის სულის მოძრაობას კარგად გამოხატავს ეს სტრიქონები:
„გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები,
სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი,
და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი,
სხვები ეძებენ თავგამეტებით“.
გარდაიცვალა 1995 წელს, დაკრძალულია ხაშურში, ზემო სერის სასაფლაოზე.
ბიბლიოგრაფია:
ფრიდონ გელაშვილი, „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“, თბ. 2000წ.
ლიტერატურა:
გაზ. „ხაშურის მოამბე“, 1995 , 1-21 მარტი, N3
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience