მემგონი საინტერესოა...
თუ არ ჩათვლით საჭიროთ წაშალეთ მაშინ
მაინტერესებს თქვენი აზრი სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარნოებებზე, მაგალითად განდეგილით დავიწყოთ
როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია განდეგილის მდგომარეობა?? რწმენის ნაკლებობამ თუ ადამიანურმა სისუსტეებმა?
ჩემი აზრით მან არ იცოდა თუ რა უნდოდა, ბერობა თუ საერო ხალხთან ცხოვრება
—„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე... უბედურსა...”
სხვებსაც მივამატებ მერე
თქვენი აზრი მაინტერესებს...
თამარი_ცქნაფო
მერე როდის ხსნით იმ დიდი განყოფილებას ხა?
რა არის ეს მთავრობა (ფორუმის) გვპირდებდა, გვპირდება და აბა სადაა?
განდეგილი მაშინ შეცდა, უფლის შემწყნარებლობაში ეჭვი რომ შეეპარა.
di_onise
ალექსანდრე
რატო კაცო??
რა დედა-ღვთისამ სენაკს შეუშვა
და არ შერისხა იგი მოსული,
გულში სთქვა მწირმა: ძეა კაცისა
და არა მავნე, ბოროტი სული.
მადლი ჰქონდა მას, სასწაულიც ევლინებოდა. მდუმარებით მსახურობდა და უვლიდა სნეულებს. არამგონია ხიბლში ჩავარდნილიყო
თამარი_ცქნაფო
მარიამ ნინიძე
დაცარიელებული ბეთლემი
(წმიდა ილია მართლის პოემა „განდეგილის“ შესახებ)
„ნაშთი ჩვენის სულიერად ზე-აღსავლობისა...“
პოემა „განდეგილის“ შექმნიდან დღემდე მრვალი სპეციალური სტატია და გამოკვლევა დაიწერა მის შესახებ, მრავალი სხვადასხვაგვარი აზრი გამოითქვა. ლიტერატურული კრიტიკისათვის ეს ნაწილობრივ მისაღები მოვლენაა, იმდენად, რამდენადაც ხელოვნებაში ყველაფრის ახსნა ცალსახად არ შეიძლება, მაგრამ, ჩვენი აზრით, ლიტერატურათმცოდნეობის, როგორც მეცნიერებისათვის, შეუფერებელია, რომ ამა თუ იმ თხზულების შემოქმედებით ჩანაფიქრთან დაკავშირებით გვერდიგვერდ თანაარსებობდეს აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, „განდეგილის“ შემთხვევაში კი სწორედ ასეთი სურათი გვაქვს. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით ილიამ თხზულება შექმნა განდეგილობის დასაგმობად, (კიტა აბაშიძე წერს: „რა უნდოდა ეთქვა „განდეგილში“ პოეტს თუ არა ის, რომ ყოველი კაცი, რომელიც გაურბის ცხოვრებას, ცხოვრებისგანვე იქნება დასჯილი, როგორც განდეგილი.“ („ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, თბ. 1962, ილია ჭავჭავაძე, გვ. 131) ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით: „აქ სრულიად მარტივად არის ნაჩვენები საზოგადოებრიობა და ასკეტიზმი და ასევე მარტივად არის ნაჩვენები უკანასკნელის დამარცხება.“ (იხ. ქართული ლიტერატურის ისტორია, XIX ს. თბ.1959, ილია ჭავჭავაძე, გვ. 304-366) მიხეილ ზანდუკელი: „განდეგილის“ დედააზრი მკითხველისათვის აშკარაა: კაცის სიცოცხლე ცხოვრების გარეშე ამაოა, კაცი ცხოვრების გარეშე ვერ მოიპოვებს ვერც სიმშვიდეს, ვერც კმაყოფილებას. ის ისევე განადგურდება, უკვალოდ, როგორც განადგურდა თვით განდეგილი.“ (ილია ჭავჭავაძის მხატვრული ოსტატობა“, თბ. 1968, გვ.55)
მეცნიერთა მეორე ჯგუფის თვალსაზრისით კი პირიქით, ეს პოემა განდეგილობის დასაგმობად არ შეიძლება იყოს დაწერილი.* (გრიგოლ ყიფშიძის აზრით ეს ნაწარმოები ილიას ღვთისმსახურებისადმი სიყვარულით აქვს შექმნილი (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ.I, 1914, გვ. XVI); ესტატე ბოსლეველი წერს: „ბატონ ჭავჭავაძის პესიმისტურს შეხედულებას „სააქაოზე“ საზღვარი არა აქვს...“ (იხ. გაზ. „შრომა“, 1883, № 18); დავით კეზელის აზრით: „ამ სოფლიდან გაცლა და ლოცვაში სიცოცხლის გატარება აქ იდეალად არის დასახული...“ კიტა აბაშიძის გადმოცემით საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით ილია აქ ბერად შედგომას გვიქადაგებდა: „საწუთრო ესე საზიზღარია და სულის მშვიდობას მხოლოდ რომელსამე უდაბნოს სენაკში მოიპოვებთო.“ (იხ. „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ. 1962, გვ. 157) აკაკი ბაქრაძე წერს: „უბრალო ლოგიკის თანახმად, დასაგმობი შეიძლება გახდეს ის უარყოფითი მოვლენა, რასაც ამა თუ იმ მიზეზით, საზოგადოებაში აქვს ფეხი მოკიდებული. ასკეტიზმი კი მაშინ არც ფეხმოკიდებული ყოფილა და არც ფესვგადგმული.“ (იხ. ილია ჭავჭავაძე, წიწამური, თბ. „ნაკადული“, 1984, გვ.97)
ფაქტია, რომ ორი ამგვარი საპირისპირო განზრახვა ერთდროულად ვერ ექნებოდა შემოქმედს და აქ ცალსახა დასკვნაა საჭირო. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორი თვალსაზრისიდან ერთ-ერთი მცდარია. რადგან ლიტერატურათმცოდნეობა მეცნიერების დარგია, აუცილებელია, რომ სათანადო დასკვნის გაკეთებისთვის დავეყრდნოთ ფაქტობრივ დოკუმენტურ მასალას, ლოგიკურ არგუმენტაციას და არა განყენებულ პირად შთაბეჭდილებებს. შემოქმედებითი ჩანაფიქრის განსაზღვრისას ჩვენ მთლიანად ავტორის პოზიცია და მისი განზრახვა გვაინტერესებს და არა თუნდაც ძალზე ცნობილი და სახელოვანი ადამიანების აზრი ამის შესახებ.
როგორი ნაწარმოებიც არ უნდა იყოს „განდეგილი“ - ჩვეულებრივი ეპიკური თხზულება, ალეგორიული თუ ფსიქოლოგიური, ერთი რამ უდავოა, რომ ავტორმა ზედაპირულ ხატად, თემად გამოიყენა განდეგილი ბერის ამბავი და ამიტომ უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის საინტერესოა ილიას დამოკიდებულება განდეგილობის - ბერ-მონაზვნური ღვაწლის, როგორც ცხოვრებისეული ფაქტისადმი.
საოცრად გაგვიმართლა, რომ ილია ჭავჭავაძე მწერლობის გარდა პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და შემოგვრჩა ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პირადი აზრის დამადასტურებელი არაერთი საბუთი. აი, რას ამბობს იგი დიდი კაბადოკიელი წმინდანის - სვიმონ მესვეტის შესახებ, რომელიც 80 წლის მანძილზე ურთულეს ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა სვეტზე და იქვე ლოცვაში აღესრულა: „სვიმონ მესვეტე სვეტზედ ავიდა და იქ მიეცა გაზრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზედ კი უძრავად შეეძლო დებულიყო...“ ამ რიტორულ შეკითხვას ზოგი კრიტიკოსი ალბათ თავისი პოზიციის შესაბამისად შეატრიალებდა და იტყოდა, ასე დაგმო ილიამ უსაქმოდ სვეტზე დაყუდებაო, მაგრამ აქაც გაგვიმართლა, რომ მწერალმა მომდევნო წინადადებებში დააზუსტა თავისი აზრი სიტყვებით: „ამისთანა ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში და, რამოდენადაც ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება მხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი.“* (იხ. სტატია „აკაკი წერეთელი და ვეფხისტყაოსანი“ ესე იგი, აქ მესვეტის სიზარმაცეში არ ყოფილა საქმე და არც ბერის მიერ არასწორად არჩეულ გზაში. ციტირებული პუბლიცისტური ნაწყვეტიდან შეიძლება რამდენიმე დასკვნის გაკეტება: 1. ილიას აზრით სვიმონ მესვეტე და მისი მიმდევრები ასკეზის გზას სამოღვაწეოდ მიმართავდნენ და არა განსასვენებლად. 2. „ხელ-ფეხის მიძრაობის“, გარჯის და ფიზიკური მუშაობის გარდა ილია აღიარებს სხვაგვარ - სულიერ ღვაწლსაც, რომელსაც პირველზე დაბლა არ აყენებს. 3. ამგვარი ღვაწლის არსებობას ხსნის „ადამიანის მრავალფერი ბუნებით“ და მიაჩნია, რომ იგი ყველასათვის ხელმისაწვდომი და „უბრალო სიკვდილის შვილთათვის“ მისახვედრი არ არის.
„განდეგილის“ შესახებ ბოლო ათწლეულის მანძილზეც ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ დედააზრთან დაკავშირებით კვლევა მაინც ძირითადად ძველ ყალიბში გრძელდება და დასკვნებიც შესაბამისია - რომ „განდეგილობაში, წუთისოფლისათვის ზურგის შექცევაში ილია ხედავს ბოროტებას, სიცოცხლეზე სიკვდილის გამარჯვებას და სიკეთის დათრგუნვის საფრთხეს“ (გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, 1987, ტ.1, გვ. 270) რომ მწერალს სურდა „დასურათხატებით ეჩვენებინა განდეგილობის უაზრობა და უნიადაგობა.“* (ზურაბ კიკნაძე, „სალოსი და განდეგილი“ ჟ. „კრიტიკა“, 1990 #6) რომ იგი მხატვრული დამაჯერებლობით უჩვენებს, რომ განდეგილი ხსნის ყალბ გზას ადგას“* (ლადო მინაშვილი, ილია ჭავჭავაძე, თბ. 1996)
„უწინ სასულიერო წოდებაში შესვლა და ყოფნა დიდ პატივად და დიდ ღირსებად მიაჩნდათ. დიდნი გვარიშვილნი, მეფეთა ოჯახისანი და ძენიც კი ბედნიერად ჰრაცხდნენ თავიანთ თავს თუ-კი ეღირსებოდნენ სასულიერო წოდების კაცად გახდომას, სასულიეროში შესვლას და სამსახურსა. ყველამ იცოდა, რა მძიმეა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი მამულისა და ეროვნებისა და სახელიც მოღვაწისა ამ სიმძიმეში იყო. ეს სიმძიმე აპატიოსნებდა ღვაწლსა, ეს ტვირთი ასხივოსნებდა სამსახურსა და ამ პატიოსნებასა და სხივოსნობაში იყო თავმოწონებაც და ჯილდოც მოღვაწისა... საქართველოს მეფენი ჰგრძნობდნენ რა სიდიადეს წმიდათა მამათა მოღვაწეობისას საქართველოს გარეთ. არა ჰზოგავდნენ არა სახსარს, რომ ქონებით უღონობა და ნაკლებულობა არა ჰქონოდათ მონასტრებსა და ეკლესიებსა ქართველებისას“, - წერდა ილია 1888 წელს გაზეთ „ივერიის“ მეცხრე ნომერში, რაც ასევე მოწმობს იმას, რომ მას ბერ-მონაზვნური საქმიანობა დიდ და რთულ ღვაწლად მიაჩნდა.
ბერ-მონაზვნებისადმი ილიას დამოკიდებულება კარგად ჩანს 1898 წელს ალექსანდრე ეპისკოპოსისადმი მიმართულ სიტყვაშიც: „თქვენი სიცოცხლე მთელი და განუწყვეტელი სათნოებაა, რომლის მაგალითს მარტო იმ მადლით ცხებულ მღვდელ-მონაზვნების შორის ვპოულობთ, რომელნიც ერთს დროს ყოფილან ჩვენში ჩვენდა საბედნიეროდ და ეხლა, ჩვენდა საუბედუროდ, აღარ არიან.“ როგორც ვხედავთ, ილია პირდაპირ მისტირის იმ ბერ-მონაზვნობას, რომლის გმობასაც ჩვენ მას ვწამებთ. „...თქვენ გწამთ, რომ ადამიანის მხსნელი მისი რჯული და სარწმუნოებაა და ამ გზაზე ღვაწლმოსილობისათვის არა დაგიზოგიათ რა. ამისდა მოწამეთ თქვენს მიერ აღდგენილი მონასტრებია. ეს ნაშთი ჩვენის სულიერად ზე-აღსავლობისა“, ვკითხულობთ იმავე სტატიაში და ვხედავთ, რომ ბერ-მონაზვნურ ცხოვრებაში ილია „ბოროტებას“ და „ხსნის ყალბ გზას“ კი არ ხედავს, არამედ სულიერ წინსვლას.
სტატიაში ათონის ქართული სავანის შესახებ ილია წერს, ათონის მთაზე, სინაზე, სირიაში და იერუსალიმის ახლო-მახლოს ქართველთა მიერვე აშენებულ მონასტრებში მოღვაწე ჩვენი დიდი სულიერი მამების ცხოვრება და საქმენი „თავმოსაწონებლად ექმნება ქართველსა ყოველთვისო“ ( ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი ხუთ ტომად, ტ.5, გვ. 13) და განა შეიძლება, ამ სიტყვების ავტორზე ვთქვათ: „მძლავრ რეალურ ფერებში იძლევა დრომოჭმული, წარმავალი სამონასტრო ცხოვრების სურათებსო“? ეს ხომ ცილისწამებაა მისთვის სწორედ იმაში, რასაც თავად სასტიკად გმობდა - სარწმუნოება სამოსელი ხომ არ არის, რომ კაცმა ხან ჩაიცვას და ხან გაიხადოსო. „სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერ წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება... კაცი შეურყევლად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი, როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს.“ წერს იგი ნარკვევში „ქვათა ღაღადი“.
ილია უდიდეს ღვაწლად მიიჩნევს განდეგილობას არა მარტო ისეთს, როდესაც ბერები ჩამოდიოდნენ ერში და ფიზიკურადაც ეხმარებოდნენ ხალხს რითიმე, არამედ ისეთ განდეგილობასაც, როდესაც იოანე ზედაზნელივით და შიო მღვიმელივით გამოქვებულში იყვნენ განმარტოებულნი ან სვეტზე სვიმონ მესვეტესავით. ბერის ძალა ხომ ლოცვაშია და არა ვინმესთვის ფიზიკურად დახმარებში. ალექსანდრე ეპისკოპოსის დიდ დამსახურებად თვლიდა ილია იმას, რომ მან აღგვიდგინა ჩვენი დავიწყებული წმინდანები შიო მღვიმელი და იოანე ზედაზნელი. აქ უნდა იგულისხმებოდეს მის მიერ გამოცემული „ისტორიული საბუთები შიო მღვიმის მონასტრისა და ძეგლი ვაჰხანის ქვაბთა.“ (1896 წ.) ილიას მიერ დასახელებული ეს წმინდანებიც, სვიმონ მესვეტეც განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდნენ და ადამიანებს თუ ეხმარებოდნენ რითიმე - თავიანთი ლოცვით, მაგრამ სავსებით ნათლად ჩანს ილიას კრძალვა და სიყვარული მათდამი. ბერ-მონაზვნობისადმი და კონკრეტულად ასკეტი მამებისადმი ილიას დამოკიდებულება სავსებით შეესაბამება მართლმადიდებლურს. ამიტომ მოსაზრება, თითქოს „თორნიკე ერისთავში“ მოხსენიებული გაბრიელ სალოსის მიერ არჩეული ღვაწლი იმით ჯობდეს „განდეგილისეული“ ბერისას, რომ გაბრიელი არ კარგავს კავშირს ხალხთან და ფიზიკურად ეხმარება
მათ, არ უნდა იყოს სწორი. ორივე გმირის გზა ღვთისაკენ მიდის, თუ მისგან არ გადაუხვევ. განდეგილის მიერ არჩეულ გზას არ შეიძლება არასწორი ვუწოდოთ. აბსოლუტურ განმარტოებაში არა ერთი და ორი წმინდა მამა მოღვაწეობდა.
მარიამ მეგვიპტელი უფლისაკენ მიმავალ გზას რომ დაადგა და ღრმა უდაბნოში შევიდა, მრავალი წლის მანძილზე ადამიანი საერთოდ არ უნახავს (ზოსიმე ბერის გარდა, რომელმაც გარდაცვალების წინ აზიარა), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან მოიძულა ყველანი. პირიქით, ეს უფლისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე რთული გზაა, რომელსაც ძალუძს ადამიანი უმძიმესი ცოდვებისაგანაც კი განწმინდოს და უფლის დიდებას აზიაროს. გაბრიელ სალოსისა და ილიას „განდეგილისეული“ ბერის შეპირისპირება იმის ტოლფასია, კარგი მოისარი და ცუდი შუბოსანი რომ შევადაროთ ერთმანეთს და ვთქვათ, შუბი უვარგისი იარაღიაო. ილიას ბერი მარცხდება არა იმიტომ, რომ მის მიერ არჩეული გზა არ არის სწორი, არამედ იმიტომ, რომ თავად ვერ ივარგა ამ გზისათვის, თორემ გავიხსენოთ სხვები, რომლებიც ამავე პოემის მიხედვით ამ ბერამდე იყვნენ გამოქვაბულში. განა თუნდაც რაიმე წვრილმანში მაინც ჩანს, რომ მწერალი მათ ღვაწლს არ ადიდებდეს? ამ განდეგილ ბერებს ავტორი „წმინდანებად“ იხსენიებს:
„იქ სადაც წმინდანთ უდიდებიათ
ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების...“
უდიდესი პატივისცემა და მოკრძალება იგრძნობა ამ ბერებისადმი, რომლებიც „ღვთისთვის ქვეყნიდან განდეგილან“, „ბეთლემის“ მონასტერი გამოუქვაბავთ და ღმერთი უდიდებიათ. არავითარი მინიშნება იმაზე, ბერები ერში ჩამოდიოდნენ და ხალხს ფიზიკურად ეხმარებოდნენო, არ არის. ჩანს მხოლოდ, რომ ისინი ლოცულობდნენ და პოეტის აზრით მიაღწიეს თავიანთ მიზანს - ეღირსნენ საუკუნო სავანეს და გარშემოც ისეთი მადლი მოჰფინეს, რომ მაშინაც კი, როდესაც უკვე ტაძარი დაცარიელდა, იმ ადგილისადმი კრძალვა და რიდი მაინც შემორჩა:
„...აქ ღირსებიან მართალთა თანა
სავანესა მას საუკუნოსა...“
„...და ის ადგილი, ის არემარე
ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა,
რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს,
მონადირეცა ვერ ახლებს ხელსა.“
ვახტანგ კოტეტიშვილი წერს: „ილია ჭავჭავაძის განდეგილი კი არ აღმოჩნდა აქ სუსტი, არამედ თვით განდეგილობის იდეა, რადგან პოეტის აზრით საბოლოოდ მაინც შეუძლებელია სურვილთა იმ ათასნაირი ქსელების დაწყვეტა, რომელნიც გვაკავშირებენ ცხოვრებასთან და რომელნიც თვით ხანგრძლივ განდეგილობაშიც კი ცნაურდებიან შურის, წყევლის, წყურვილის თუ უბრალო ტკბილ მოგონებათა სახითო.“ კიტა აბაშიძის აზრით: „...ამ ბრძოლის ამგვარად დასრულებით პოეტს თითქოს ის უნდოდა ეთქვა, ტყუილად ნუ ცდილობთ გაექცეთ ცხოვრებას: მისგან გაქცევა შეუძლებელია და ვინც კი ამას მოინდომებს, განდეგილის ბედს შეეყრებაო.“ (იხ. „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, თბ. 1962, გვ. 162) მაგრამ პოემის შესავლის მიხედვით ჩანს, რომ ამ „ქსელების“ დაწყვეტა თუმც ყველას არ შეუძლია, მაგრამ ზოგს მაინც ძალუძს. ამიტომ ეს აზრი ეწინააღმდეგება ილიას მიერ ამავე გამოქვაბულის ადრინდელ ბერთა ცხოვრების აღწერას. ისინიც იყვნენ აქ,, სწორედ ასეთ განდეგილ ცხოვრებას ეწეოდნენ და საწადელს აღწევდნენ. ამრიგად პოემის მიხედვით, განდეგილობა მიუღწეველი არ არის, უბრალოდ, სიუჟეტის ზედაპირული ხატის მიხედვით ერთმა კონკრეტულმა ბერმა ვერ შესძლო ამ მძიმე ჯვრის ბოლომდე ტარება. ვინმეს რომ რაიმე საქმიანობაში ხელი მოეცაროს, ამიტომ ეს საქმე ხომ არ უნდა დავგმოთ. ასეთი შემთხვევები ხომ ცხოვრების ყველა სფეროშია და რაც უფრო რთულია საქმე - მით უფრო მეტი.
მწერალს რომ იმის მინიშნების სურვილი ჰქონოდა, განდეგილის დამარცხების მიზეზი ის არის, რომ საზოგადოებისაგან მთლიანად მოწყვეტილია, არ ჩამოდის და არ ეხმარება მათო, მცირე ნიუანსით მაინც მიგვანიშნებდა ამაზე. მეორეს მხრივ, განდეგილის შესახებ ვერც ვიტყვით, მოძულებული ჰყავდა ქვეყანაო. იგი დიდი განსაცდელის ჟამს სწორედ ქვეყნისთვის ლოცულობდა და როდესაც ერიდან მისულმა უცნობმა მისგან შველა ითხოვა, იგი ფიზიკურადაც დაეხმარა მას. მის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის შესახებ ქვემოთ უფრო ვრცლად გვექნება საუბარი.
ამრიგად, არ მიგვაჩნია სწორად არც ის, თითქოს განდეგილი ეგოისტურად მარტო საკუთარი სულის ხსნაზე ფიქრობდა და არც ის, თითქოს იმიტომ დაიღუპა , რომ მოწყვეტილი იყო ქვეყანას, ხალხს და ეკლესიას. ბერ-მონაზვნები ყველაზე ახლოს არიან ღმერთთან და როგორ შეიძლება მათ ეკლესიისაგან მოწყვეტა დავწამოთ. განა მონასტერი იგივ ღვთის სახლი არ არის? წმინდა მამები ხშირად აღმოუჩენდნენ ხოლმე დახმარებას მათთან მისულ ერისკაცებს, მაგრამ იმათ ყველანაირ თხოვნას არ ასრულებდნენ, აკეთებდნენ იმას, რისი ძალაც ღვთისაგან შესწევდათ, მაგრამ არ ივიწყებდნენ არც საცდურს. ზოგი წმინდა მამა, მათ შორის ის წმინდა სვიმონ მესვეტე, რომლის შესახებაც ილიას აზრი ჩვენთვის ცნობილია, ქალებს, თვით საკუთარ დედასაც კი ახლოს არ უშვებდა თავისთან, ოთხმოცი წლის მანძილზე სვეტიდან არ ჩამოსულა და შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურად არავის არაფერში დახმარებია, მაგრამ მის ლოცვას ღვთის შემწეობით ბევრად უფრო მეტი შეეძლო და აკეთებდა კიდეც, ვიდრე ეს ნებისმიერი კაცის ფიზიკურ შესაძლებლობებშია.
ილია, რომელიც სვიმონ მესვეტის გზის სიდიადეს ხედავდა, განდეგილს არ დაადანაშაულებდა იმაში, რატომ სოფელში არ ჩამოდიოდა და ხალხს არ ეხმარებოდაო. პირიქით, მას შეიძლება არასწორად შეეფასებინა თავისი გმირის ის ნაბიჯი - ქალი რომ შეუშვა თავის სენაკში და ლაპარაკი გაუბა. როდესაც წმინდა ილარიონ პალესტინელთან ელევთერეპოლელი უშვილო დედაკაცი მივიდა და შეევედრა სიბერწისაგან კურნებას, წმინდანი „ივლტოდა მისგან“, რადგან მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა და ქალთან დალაპარაკება არ უნდოდა. დედაკაცი მისდევდა ბერს და მხურვალედ ევედრებოდა დახმარებას. წმინდა ილარიონი მხოლოდ მას შემდეგ გამოეპასუხა მას, როცა მისი ღვთისმოშიშება, სასოება და უზაკველი განზრახვა დაინახა.* (იხ. „ცხოვრება წმიდისა და ნეტარისა ილარიონისი“, თსუ, ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, გვ. 192) განდეგილს მსგავსი სიფხიზლე არ ეტყობა, თორემ ისიც კი შეეძლო ქალისათვის თავშესაფარი მიეცა და თავად განრიდებოდა.
ამრიგად, ილიას განდეგილის დაღუპვის მიზეზი განდეგილური ცხოვრების წესის არამართებულობაში არ უნდა ვეძიოთ და ამ გმირის სახე განდეგილობასთან არ უნდა გავაიგივევოთ. ჭეშმარიტი ასკეტური ცხოვრება კი არ მარცხდება ილიასთან, არამედ ამგვარი ცხოვრების გზიდან გადახვევა.
პუბლიცისტურ წერილში „ორიოდე სიტყვა...“ ილია ძალიან გარკვევით გამოთქვამს თავის შეხედულებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეარჩიოს მთარგმნელმა სათარგმნი მასალა. ამიტომ ალბათ შემთხვევითობად არ უნდა ჩაითვალოს მის მიერ ვალტერ სკოტისეული ერთი ლექსის თარგმნა, რომლის შინაარსიც სავსებით ესადაგება ილიას თვალსაზრისს, მის დამოკიდებულებას ბერ-მონაზვნობისადმი:
„რა ტკბილ არს, ოდეს წყვდიად ღამეში
ბნელ ბილიკზედა უდაბურ ტყეში
წმინდა გალობა მეუდაბნისა
შეეპარება მგზავრისა ყურსა:
ლოცვა ირთვება მუსიკის ხმითა,
მუსიკა აღვალს ცად ლოცვის ფრთითა,
და ვით ფრინველნი - მოალერსე მზის -
ფრინვენ ცისკენა ხმები გალობის.“
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ილია ჭავჭავაძე ქრისტიანულ ასკეტიზმს, ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას დიდ ღვაწლად, დიდ საქმედ მიიჩნევდა, როგორც პირადად ადამიანის, ისე ერის ცხოვნებისათვის. ასეთი აზრისა იყო იგი თავისი მოღვაწეობის ყველა პერიოდში, რასაც მოწმობს ის, რომ პუბლიცისტური წერილები, რომლებშიაც იგი განადიდებს სასულიერო მოღვაწეობის ამ სფეროს, სრულიად სხვადასხვა პერიოდში და წლებშია დაწერილი. ამდენად სავსებით გაუმართლებელია ის მოსაზრება, თითქოს იგი პოემაში „განდეგილი“ გმობდეს მას.
იგივე უნდა ითქვას იმ პიესის ფრაგმენტული ხასიათის ავტოგრაფული ჩანაწერების შესახებ, რომელიც ილიას აღარ დაუმთავრებია იმ სახით და გამომცემლებმა პირობითად მისცეს სათაურად ერთ-ერთი გმირის სახელი - „ირაკლი“. ეს ფრაგმენტები ძირითადად წარმოადგენს დიალოგს ორ გმირს შორის, რომელიც დაახლოებით მოგვაგონებს განდეგილისა და მწყემსი ქალის საუბარს. აქაც ერთ-ერთი პერსონაჟი ჭეშმარიტი რწმენისათვის მიუღებელ აზრებს გამოთქვამს, ფაქტიურად გმობს ღმერთს და კრიტიკოსები მას, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ავტორის მსოფლმხედველობის გამომხატველად მიიჩნევენ.
ეს ჩანახატები, მათი თემიდან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ მართლაც არის პოემა „განდეგილის“ შემოქმედებითი ჩანაფიქრის პირველსახე, მაგრამ მისი გმირის - ირაკლის შეხედულებები, ისევე, როგორც მწყემსი ქალისა, არ შეიძლება ასე დაუსაბუთებლად, დოკუმენტური მასალების საპირისპიროდ, ავტორის თვალსაზრისის გამომხატველად მივიჩნიოთ. მართალია, ირაკლი თავისი გამონათქვამებით უპირისპირდება ჭეშმარიტებას, მაგრამ ეს არის მხოლოდ გმირი და არა თვით ავტორი. წარმოვიდგინოთ, რამდენად სწორი იქნებოდა, შექსპირის რიჩარდ მესამიდან“ მხოლოდ მთავარი გმირის გამონათქვამები ან მცირე მოცულობის დიალოგები რომ შემორჩენილიყო ჩვენამდე ან ამა თუ იმ ბოროტების ამსახველი სცენა და მათ საფუძველზე გვემსჯელა პიესის ავტორის პიროვნებაზე, გაგვეთანაბრებინა გმირის ბუნება და მისი მსოფლმხედველობა ავტორისასთან. ასევე არ შეიძლება დაუმთავრებელი პიესის ან რაიმე თხზულების გმირის იდეათა გამოცხადება ავტორის სულიერი სამყაროს პირდაპირ გამოხატულებად, თუ ამას ძალიან ღრმა, არგუმენტირებულ დასაბუთებას არ წავუმძღვარებთ. ასე რომ არა, ბოროტთა, ავისმოქმედთა, მკვლელთა და მემრუშეთა მამხილებელი არაერთი დიდი ხელოვანი თავად უნდა მიგვეჩნია ბოროტმოქმედად.
გაგარძელება:
მწყემსი ქალი და წუთისოფელი
პოემა „განდეგილის“ ძირითად ამბავში სულ ორი გმირია წარმოდგენილი - განდეგილი ბერი და მჭყემსი ქალი. წლების მანძილზე კრიტიკოსთა დიდი ნაწილი ამ ქალის სახეს ილიას ერთგვარ იდეალად მიიჩნევს და მის მსოფლმხედველობას და შეხედულებებს მწერლისასთან აიგივებს. ამ ქალის სახეში ზოგი ალეგორიულად „თერგის“ განსახიერებას ხედავს, ზოგი ელინიზმისას, ზოგი რენესანსისას, ზოგი პირველქმნილი ქრისტიანული რწმენისას და სხვ. მოდით, ერთხელ კიდევ გადავხედოთ პოემის თექსტს - მაინც როგორია ეს ქალი, რას ამბობს, რას აკეთებს და რა შედეგამდე მიდის, რადგან, როგორც ნათქვამია, ხე ნაყოფით იცნობა.
პოეტი მართლაც საოცრად ხატოვნად აღწერს მის გარეგნულ სილამაზეს:
„ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,
სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,
ნაზად, ამაყად ცეცხლაპირს იჯდა,
ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.“
მომხიბლავი სურათია, მაგრამ თითქოს მთელ ამ აღწერილობას ერთი მიმართულება აქვს - ვნებისაღმძვრელი:
„მის თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით,
გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!..
დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობას
თვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს...“
ქალის სილამაზე თითქოს რაღაც აქტიური ძალაა, გულთა დასატყვევებლად შემართული. ეს არის „შვენების ჯადო“, „გრძნება“, „გრძნეული ჯადო“, რასაც იწვევს ქალის შინაგანი არსება და არა ბუნებით მინიჭებული ნაკვთა დახვეწილობა. ვნებისაღმძვრელ ხიბლს, ჯადოს, გრძნეულებას ღვთაებრივ ნიჭთან არავითარი საერთო არა აქვს და ამ შედარებების ხმარებით ავტორი სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ღვთით დაბადებულ ამ მომხიბლველ არსებაში უკვე სხვა ძალაა გაბატონებული. მწერალს ხაზგასმული აქვს, რომ ბაგეზე შერჩენილი ღიმილი, რომელიც „ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა“ და რომელმაც მიიზიდა ბერი, „ძილში ჩაყოლილ ფიქრს თუ ოცნებას“ დაეტოვებინა მის სახეზე. ამრიგად ბერი მისმა გარეგანმა სიტურფემ კი არ აცდუნა, არამედ შინაგანიდან გამომდინარე „გრძნებამ“. ბასილი დიდის სწავლებით, „ხშირად ძილისმიერი ოცნებანი გამოძახილია იმ აზრებისა, რომლითაც დღისით ვართ შეპყრობილნი“, დაძინების წინ კი ქალი ამ ქვეყნის განდიდებით, ჭეშმარიტი ღვთისმსახურების უარყოფით და ხორციელი გულისთქმებით იყო დატყვევებული.
ეს ქალი არის ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი, რომელმაც ხორცზე ზრუნვით, გულისთქმათა მონობით და სულის დაკნინებით ხატი იგი „უხმარ ჰყო“. რა აზრისა იყო ილია ამგვარი ადამიანების შესახებ და შეიძლებოდა თუ არა, რომ ეს გმირი მას იდეალიზირებული ჰყოლოდა? 1885 წელს სტატიაში „ღმერთმა ნუ დაგაბეროთ“, ილია წერდა: „ადამიანი ხატებაა ღვთაებისა განა ხორცითა? ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს ვით კერძო ღვთისა. ის ერთი - სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყოველივე ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ყმა. შესაძლოა ხორცი დაბერდეს, დაუძლურდეს, სული და გული კი ჰყვაოდეს ზეგარდმო მადლით შუქმოფენილი და მრავალფერად გადაშლილი, თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს, ადამიანურად მოუვლის, ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ არ გაალახვინებს... უკეთესნი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზე ამისთანანი ყოფილან.“ მწყემსი ქალი კი, როცა გაიგებს:
„...იქ, ყინულებში კაცი სცხოვრობსო,
სულისთვის ხორცი გაუწირია,
უწუთისოფლოდ მარტოკა სძლებსო...“
გაიკვირვებს და აღიარებს „ვერ ვიზამ მაგას, ვერ მოვიკლავ გულსო“. იგი გულისთქმებს არის აყოლილი და ამ გულისთქმებზე უარის თქმას გაუმართლებლად თვლის. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ ბერს საცდურად სწორედ ის მოევლინა.
ილიას ვნებათა დათრგუნვა და სულიერი განწმენდა ადამიანისათვის უპირველეს აუცილებლობად მიაჩნდა. 1895 წლის ერთ-ერთ შინაურ მიმოხილვაში იგი წერს: „ვით მამა ზეცის იყავ შენც სრული“ -აი, თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა სწრაფვა ამ გზაზედ დაუღალავად სიარულისათვის, - აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელი ერისა.“ არც მწყემს ქალს და არც წუთისოფელს, რომლის მეხოტბეც ის არის და რომელსაც ერთგვარად განასახიერებს კიდეც, ამგვარი სულიერი სწრაფვისა არაფერი ეტყობა. ქალი ამბობს: ღმერთმა რისთვის მორთო ასე ლამაზად წუთისოფელი, თუ არა იმისათვის, რომ ადამიანი ხორციელად დატკბესო. მას ეს ქვეყანა „ლხინთან“ და „სიხარულთან“ აქვს ასოცირებული, მაგრამ არაფერს ამბობს იმ „რყვნაზე“, „წარწყმედასა“ და „ღალატზე“, „ცილსა“ და „ზაკვაზე“, რაც იქ არის გაბატონებული და რის გამოც ბერი განერიდა მას.
რა კავშირია ღვთის მიერ შექმნილ მშვენიერებასა და იმ დამღუპველ, მაცდუნებელ ძალას შორის, რომელსაც იგი ბოროტისაგან იძენს ხოლმე? დავაკვირდეთ რას ამბობს ილია ამის შესახებ ქვეყანასთან დაკავშირებით ლექსში „კითხვა-პასუხი“:
„კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ,
ლამაზად მორთულ და მოკაზმული...
გიმზერ და მზერა კვლავ სწყურიან თვალს,
გისმენ და სმენით ყური ვერ სძღება...
რა დაგრჩენია კვლავ სანატრელი,
ღვთისგან რა არ გაქვს მომადლებული?..
ვინ მოგმართოს შენ და წინ არ დახვდეს
შენი სიმდიდრე, შენი უხვება...“
მაგრამ ოთხივე ამ კითხვას თითო „მაგრამ“ ახლავს: „მაგრამ რამდენადც მშვენიერი ხარ...“ „მაგრამ რამდენადც საყვარელი ხარ...“ „მაგრამ რამდენადც მადლით სავსე ხარ...“ „მაგრამ რამდენადც მდიდარ-უხვი ხარ...“ და ოთხივე ერთნაირად მთავრდება - „იმდენად უფრო გული მიკვდება.“ ამ შინაგან დიალოგში პოეტი ეკითხება ქვეყანას ამ გულის კვდომის მიზეზს:
„მარქვი, რად არის იქ გულთა კდომა,
სად სიცოცხლეა გახარებული,
და რამდენადც შენ ცხოველმყოფელ ხარ,
იმდენად უფრო რად კვდება გული?“
ეს ხომ სწორედ ისეთივე შეკითხვაა, როგორიც ასე მტკივნეულად დგას „განდეგილში“ - რატომ უნდა იწვევდეს სილამაზე ცდუნებას. რა იყო მწყემს ქალში ისეთი, რამაც ბერის დაღუპვა გამოიწვია, რატომ არის, რომ წუთისოფელი, რომელიც თითქოს სიტკბოებით არის სავსე, გვაშორებს სულიერ სიახლოვეს მარადიულ ჭეშმარიტებასთან. ვნახოთ ამის შესახებ ქვეყნის პასუხი:
„...და ან რა ჰქმნას თვით წმინდათა-წმინდამ,
სად ცოდვას მადლი დაუძლევია?“
ქვეყანა, რომელსაც მწყემსი ქალი განასახიერებს, სამოთხეს გავს გარეგანი მშვენიერებით, მაგრამ სულიერი დაკნინების გამო იგი შინაგანად ჯოჯოხეთად არის ქცეული და ამიტომაც არის დამღუპველი:
„იქ თვით სამოთხეც ჯოჯოხეთია,
სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური.“
შემთხვევითი არ უნდა იყოს იგივე შედარების გამოყენება „განდეგილშიც“. მწყემსი ქალის მყინვართან მიახლოვებისას ისიც რომ სამოთხიდან ჯოჯოხეთად გადაიქცევა:
„მართლა უნდობი ყოფილა ეს მთა!
უცებ სცოდნია ჩამობნელება,
უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის,
უცებ გატკბობს და უცებ აფთრდება.!“
როგორც წინდაწინვე გვაუწყა მწერალმა, ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც სიწმინდეს ცოდვა მიუახლოვდება, როდესაც ღვთის არა ღირსი შეჰბედავს ამ სამოთხეს.
ღმერთმა ყოველივე კეთილი მიჰმადლა ქვეყანასაც და ამ ქალსაც, მაგრამ მათ უმთავრესი - სული უარჰყვეს, ცოდვას დაემონნენ, გულისთქმებს აჰყვნენ და მხოლოდ ხორცი აპატივეს. ლექსს „კითხვა-პასუხი“ ასე ამთავრებს ავტორი:
„იქ თვით სამოთხის წალკოტი. მდელო
უდაბნოღაა ურგებ-ურწყული,
სადაც არ აბნევს თვის წმინდა ნამსა
სული მართალი და წრფელი გული.“
დავუბრუნდეთ კვლავ მწყემსი ქალის სახის განხილვას და ვნახოთ, აქვს თუ არა მას ასეთი მართალი სული და წრფელი გული.
გაგრძელება იქნება
di_onise
გაგრძელება:
კრიტიკოსთა ერთ ნაწილს ძალიან მოსწონს ქალის უშუალობა და „სიწრფელე“, მაგრამ აქ ისინი სულ სხვა აზრს დებენ და არა იმას, რაც ილიას „წრფელ გულშია“ ნაგულისხმევი. ადამიანმა შეიძლება ხმამაღლა გამოთქვას თავისი განცდები და მოყვეს თავს გადახდენილი ამბები, მაგრამ თუ მას არა აქვს განსჯის უნარი, რა კარგია და რა ცუდი, და არა აქვს სინანული, ეს გულს არ განწმენდს და წრფელს არ გახდის. წრფელი მართალს და სწორს ნიშნავს. ამიტომ სულის სიმართლეც და გულის სიწრფოებაც ერთ სასწორზე უნდა აიწონოს, შედარდეს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას - ღვთის სიტყვას. მწყემსი ქალი შესაძლოა ამბობდეს ყველაფერს, რაც თავს გადახდა და რაც გულში აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მართალი, წრფელი გული აქვს. ამ გულში უამრავი გულისთქმაა, რომელთაც ის არ ეწინააღმდეგება.
საყურადღებოა, რომ ქალი მყინვარის ჯაჭვთან აღმოჩნდა თავისი უგულისყურობის და ერთ-ერთი ამგვარი გულისთქმის გამო. მას დაავიწყდა მამის ნათქვამი - მყინვარს ნუ ენდობი, მზეც რომ ადგეს, უცებ ნიაღვარს წამოჰხეთქს ხოლმეო; ეს დაუდევრობა კი გამოიწვია მისი გულის სიხარბემ, რასაც იგი ხმამაღლა აღიარებს, მაგრამ ცოდვად არ მიიჩნევს, ამართლებს კიდეც, გულს როგორ ვუთხრა, კარგ სანახავზე ნუ ხარ ხარბიო.
ასე დაღუპა მწყემსმა ქალმა ცხვარი - მამის ერთადერთი სარჩო-საბადებელი და თავიც საფრთხეში ჩაიგდო. შემდეგ მან თითქოს აღიარა დანაშაული, ჩემნაირ მამის ურჩზე ახია, რაც დამემართაო, მაგრამ ეს სინანული იყო მხოლოდ წუთიერი. მან იქვე კვლავ იმართლა თავი, ეს სულ იმის ბრალია, რომ ვერსად წაუხვალ, „რაც ფათერაკად მოსავალიაო“. ასეთ შემთხვევებზე წერს ილია სტატიაში „ცისკარი 1857 წლიდან 1862 წლამდინა“: „რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსო...“ და ამ ხალხური ანდაზის შემდეგ დასძენს: „ბედი რა არის?.. ჩვენი თავის მტრები ჩვენ თითონვე ვართ, ამის ღვიარება ჩვენ გულს გვიძმარებს და ამიტომაც ყველაფერს ბედს ვაბრალებთო“. აი ეს - თავისი დამნაშავეობის შეგრძნება, სინანული ვერ ჩერდება მწყემსი ქალის გულში. იგი უნანელი და უდარდელია.
ქალის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ მამის ნათქვამმა, ვიღაც კაცს „სულისთვის ხორცი გაუწირია“ და მყინვარის გამოქვაბულში ცხოვრობსო“, იგი გააკვირვა. სულით და გულით ქრისტიან ადამიანში ამგვარ რამეს გაკვირვება და უარყოფითი დამოკიდებულება არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ, როგორც ილია წერს „აჩრდილში“, მწყემს ქალსაც და მის მიერ განსახიერებულ ქვეყანასაც მათი ხსნისთვის ჯვარცმული ღვთის მოძღვრება „დღეს მარტო სიტყვით უქმით რწმენია.“
მწყემსი ქალის მსოფლმხედველობის ამოსავალი ის არის, რომ მას სულისთვის ხორცის გაწირვა უაზრობად მიაჩნია და განა შეიძლება მისი თანამოაზრეობა დავაბრალოთ პოემის ავტორს, რომელიც მრავალგზის და არაორაზროვნად ღაღადებდა, სული უნდა გავხადოთ ხორცის მბრძანებლადო?! „განდეგილის“ წინ დაწერილ პოემაში „მეფე დიმიტრი თავდადებული“ მან ხომ სწორედ სულის და ხორცის დიდი შინაგანი ორთაბრძოლა და პირველის დიდებული გამარჯვება წარმოაჩინა. 1895 წლის ერთ „შინაურ მიმოხილვაში“ იგი წერს: - „ვინცა სჩივის და ჰღაღადებს სახორციელო პურისათვის, ის იმდენადვე, თუ არ მეტად, უნდა იღვწოდეს სასულიერო პურისათვისაც. ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმიტომ, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი. „ვით მამა ზეცისა იყავ შენც სრულიო“ - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა...“ არა მხოლოდ პოემა „განდეგილი“, ილიას მთელი შემოქმედება და მისი ცხოვრებისეული პოზიციის ამსახველი თითოეული დოკუმენტი მოწმობს იმას, რომ მწყემსი ქალის დამოკიდებულება სულისათვის ხორცის გაწირვისადმი, ავტორისეულისაგან რადიკალურად განსხვავდება.
მწყემს ქალს „არ ესმის“, რა არის კარგი განდეგილობაში ან რა შეიძლება არგოს კაცს სულისთვის ხორცის გაწირვამ - ქვეყნისაგან განდგომამ. ილია ალექსანდრე ეპისკოპოსს ასე მიმართავდა: „თქვენ ხორცი დაუმორჩილეთ სულსა და ერთი უდიდესი სათნოებაც ეს არისო...“ სტატიაში „პატარა საუბარი“ ის ამგვარსავე დამოკიდებულებას გამოხატავს სულის უპირატესობისადმი: „მარტო ასაკოვნება სულისა ადამიანს კაცად ჰხდისო.“ (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი ათ ტომად, ტ.3, გვ. 427)
მწყემსი ქალი წამდაუწუმ ახსენებს ღმერთს: „მიხსენ, ღვთის მადლსა“,„ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული“, „მიბრალა ჩემმა გამჩენმა“, „ღმერთმა გარჩინოს“, „როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა...“ „ღმერთო, ნუ მიწყენ“, „განა სწყინს ღმერთსა“, „ღვთითვე დაბადებულსა“ და სხვ. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ის ჭეშმარიტი ღვთისმოსავია. იგი თავისუფლად ლაპარაკობს ბერთან სულიერ საკითხებზე - რა სწყინს ღმერთს და რა - არა, რა უნდა და რა - არა. ღვთის ამგვარი ხშირი ხსენება და ამაო ლაპარაკი უმაღლეს ჭწშმარიტებაზე, ყველაზე ხშირად ილიას თხზულებათაგან, „კაცია, ადამიანში“ გვხვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლუარსაბი და დარეჯანი ილიას მხატვრულ გმირთაგან ყველაზე ღვთისმოსავები არიან. „არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისაი“ (მათე 7,21), ამბობს უფალი. ადამიანმა მარტო სიტყვით კი არა, საქმით უნდა ადიდოს ღმერთი. ამის თაობაზე ილიას აზრი კარგად ჩანს ერთ თეატრალურ მიმოხილვაში, სადაც ცაგარლის დრამის შესახებ საუბრისას იგი აღნიშნავს: „არც ის მოქმედობს მაყურებელზე სასიამოვნოდ, რომ დედა, საცა გინდა და არ გინდა წამდაუწუმ გაიძახის - მე ჩემი შვილები ჩემის მამულისათვის გამიზრდიაო. ერთხელ ამისი თქმაც მეტია, იმიტომ, რომ ეგ უნდა გვაუწყოს მისმა მოქმედებამ, მისმა საქმემ და არა სიტყვამო.“ თავის მხატვრულ გმირთა სახეების შექმნისას ამ პრინციპს ილია ყოველთვის ითვალისწინებდა. ასე რომ მწყემსი ქალის საქმემ უნდა გამოაჩინოს მისი ღვთისმოსავობა და არა ლიტონმა სიტყვებმა. საქმე კი იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად ხშირი სიტყვიერი ხსენებისა თავისი ცხოვრების წესით, ფიქრით და საქმით ის ღვთის მგმობელია.
დიდ ხელოვანთა და მათ შორის ილიას მიერ შექმნილ მხატვრულ სახეებს ისეთი სიღრმე ახასიათებს, რომ ამ გმირებს მხოლოდ მათივე ნალაპარაკევზე დაყრდნობით ან საკუთარ თავზე თავისივე შეხედულებიდან გამომდინარე ვერ შევაფასებთ სწორად. ავტორიც მზამზარეულად არასოდეს გვეუბნება - ეს გმირი ასეთია და ის - ისეთიო. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, გმირის სიტყვა და საქმე, ავტორის მიერ მისი წარმოჩენისათვის გამოყენებული თითოეული სიტყვის ნიუანსი და ელფერი უნდა შეჯერდეს და მხოლოდ მაშინ აღვიქვამთ ცალკეულ მხატვრულ გმირს ავტორის ჩანაფიქრისათვის შესაფერისი სისრულით. თვალი გადავავლოთ, რას ამბობს ილია ხელოვნების ამ ხერხის შესახებ თავის პირველსავე კრიტიკულ წერილში, „ორიოდე სიტყვა...“ კაზლოვს უნდა გვაჩვენოს შეშლილი გოგოს სურათი და თუმცა გვეფიცება იგი შეშლილიაო, ამ გმირის სახეს აბსოლუტურად არაფერი ეტყობა შეშლილობისა, შექსპირის ოფელიასა და მეფე ლირისაგან განსხვავებით. შექსპირი კი „არ ანბობს, რომ ჭკვიდამ შეშლილები არიანო, მაგრამ მიაყოლეთ გონება იმათ სიტყვებს და მაშინვე გაიგებთ შესაბრალებელს შეშლილ ადამიანის სულის მდგომარეობას; იქ წინასიტყვაობა საჭირო არ არის, რომ შეშლილიაო, საქმიდამა ჩანს ყველაფერიო.“მწყემს ქალთან დაკავშირებით საქმიდან ის ჩანს, რომ მისი პირიდან ღვთის სახელის ხშირი ხსენება ის მაცდუნებელი პირბადეა, რომლითაც შეაღწია მან მწირის სენაკში და მოადუნა მისი სიფხიზლე. რეალურად მას ღვთის არც რწმენა ეტყობა, არც სასოება და არც სიყვარული.
დავაკვირდეთ ქალის მიერ თქმულ ერთ ფრაზას: „ოღონდ დღეს გავთბე, შენ, შენი ღმერთი!“ ქალი ღვთის სახელით ერთადერთ რამეს ითხოვს - ხორციელ გათბობას. სიტყვები „ოღონდ დღეს გავთბე“ მისი არა მარტო წუთიერი სურვილის, არამედ ალეგორიულად მთელი მისი სულისკვეთების გამომხატველად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის მხოლოდ ხორცის განცხრომაზე ფიქრობს და საერთოდ არ აწუხებს ზრუნვა სულისათვის.
კრიტიკოსთა ნაწილი მწყემს ქალს უცოდველად მიიჩნევს იმაში, რაც ბერს გადახდა. ჩვენი აზრით, ქალის შედარება, თავისი აქტივობით, „მგზავრის წერილების“ თერგთან არ შეიძლება, მაგრამ, მეორეს მხრივ, იგი მაინც არ არის პასიური მონაწილე იმისა, რაც ბერს მოუვიდა.
როდესაც განდეგილს ქვემოდან ხმა შემოესმა, იგი ცდილობდა გაერკვია, ვინ იძახდა დ შემოეშვა თუ არა, მაგრამ მწყემსმა ქალმა ამოსძახა, „რა დროს კითხვაა“, შემიბრალე, ლამის ცა ჩამომექცეს და თავშესაფარი მომეციო.“ თან ღვთის სახელი უხსენა, “ღვთის მადლსაო“. ამით მან ბერს დაფიქრების საშუალება არ მისცა, მოადუნა მისი სიფხიზლე და დაარღვევინა განდეგილური ცხოვრების წესი, რომლის მიხედვითაც ქალს უნდა განრიდებოდა.* (ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ფირუზ მეტრეველი, ჟ „რელიგია“)
მწყემსი ქალი არ სჯერდება მხოლოდ თავისი პირადი პოზიციის გამოხატვას განდეგილობასთან დაკავშირებით. იგი ბერის მიერ არჩეულ გადაწყვეტილებასაც უტევს და ცდილობს თავის აზრზე მის გადაყვანას. ამ მიზნით ახარბებს მას წუთისოფლის სიტკბოებას: „მერე იცი კი, რარიგ ტკბილია?!...“ საბოლოოდ მწყემსი ქალი სიწმინდის შეურაცხყოფამდე და ღვთის გმობამდეც კი მიდის სიტყვებით:
„აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე,
აქ ჭირია და იქ კი ლხინიაო.“
ჭირიაო ამბობს „ბეთლემზე“, რაც ცხოვრებისა და სიწმინდის სახლს ნიშნავს. სიკვდილიაო ამბობს ადგილზე, რომელსაც სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველის - იესო ქრისტეს შობის ადგილის სახელი ჰქვია, საიდანაც მოგვევლინა სწორედ ჭირთაგან დამხსნელი და სიკვდილისაგან განმათავისუფლებელი, სადაც წმინდა მამებს უდიდებიათ:
„ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,
...სად უწირავთ უფლისა მიმართ
მსხვერპლი ქებისა და ღაღადების...“
მწყემსი ქალი ამით ეწინააღმდეგება და გმობს არა ერთი კონკრეტული ბერის გადაწყვეტილებას არამედ იმ წმინდა სამყოფელს, რომელიც ცისა და ქვეყნის ერთგვარი შემაკავშირებელი, მათი შემრიგებელი იყო.
ქალი საკმაოდ აქტიურად ცდილობს მოხიბლოს ბერი და მოაბრუნოს ქვეყნისაკენ. აგონებს მას თვისტომს, ტოლს და სწორს, დედ-მამას, და-ძმას, სახლ-კარს, მოკეთესა და გულშემატკივარს და ბრალს დებს - შენი განდგომა იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი გულიდან ამოგიღია და არ გენაღვლებაო. როგორც ვიცით, სინამდვილეში ეს ასე არ არის, რადგან ქალის მოსვლამდე ბერი მთელი ქვეყნის ხსნისთვის ევედრებოდა ღმერთს:
„...და ხელაღპყრობით ევედრებოდა
წაწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.“
განსაკუთრებული შინაარსობრივი დატვირთვა უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ ბერის მყუდროება სიუჟეტის მიხედვით ირღვევა სწორედ მაშინ, როდესაც იგი, ღვთისმშობლის ხატთან დამხობილი, ქვეყნის ხსნას ევედრება ღმერთს. სწორედ ამ დროს შემოესმება მას უცნობი ხმა. მაგრამ ძალიან მძიმე ჯვარია ლოცვა მთელი ქვეყნისათვის, რომელიც ბოროტის სამეუფოდ, ცოდვის სადგურად არის ქცეული:
„სად რყვნა, წარწყმედა და ღალატია,
სადაც ძმა ჰხარობს სისხლსა ძმისასა,
სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის
წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.“
არის კი ბერი იმისათვის მზად, რომ თავისი ლოცვით ამ ხალხის ცოდვები იტვირთოს, მყინვარის ტაძრამდე აიტანოს და ღვთისმშობლის შემწეობით, რომელიც არის კიბე ადამიანთა ზეცას ამყვანებელი, უფალს მიაწვდინოს? შესძლებს კი ეს ბერი ხსნას იმ ადამიანებისას, რომლებიც, როგორც ამ ქალის სახეში ჩანს, თავად ვერ არჩევენ ცოდვა-მადლს ერთმანეთისაგან, სულ ხორცის განლაღებაზე ფიქრობენ, სული კი ავიწყდებათ? თითქოს ამის შესამოწმებლად ჩნდება პოემაში მწყემსი ქალის სახე, რომელიც ალეგორიული ხატია ამა სოფლისა. ამრიგად ბერი პირისპირ ხვდება მას, ვის გადარჩენაზეც ლოცულობდა წუთის წინათ და სულ მალე ვრწმუნდებით, რომ ჯვარი, რომელიც მან იტვირთა მისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა.
ზოგიერთი მეცნიერი ამ ნაწარმოების განხილვისას აღნიშნავს, თითქოს მწყემს ქალს რაღაც დიდი გამარჯვება მოეპოვებინოს. კიტა აბაშიძე წერს: „პოეტმა წარმოგვიდგინა სურათი სიცოცხლისა და ცხოვრების და მისი უარყოფის - ასკეტიზმის შეტაკებისა, რომელშიაც პირველი დარჩა გამარჯვებული.“ გურამ ასათიანის აზრით: „ქალის წრფელი თავდაჯერება ის ცხოვრებისმიერი ძალაა, რომელიც ქვას ქვაზე არ ტოვებს მწირის ასკეტური პრინციპებისაგანო“. ალეგორიულ აზრს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ ბერის ცდუნება და მისი დაღუპვა ასეთი მისასალმებელია? რა შეჰმატა ამ დაღუპვამ ვინმეს? ილიას ურჯულო მტრის მოკვლაც კი არ ახარებდა და მის სიყვარულს ქადაგებდა, რომ არაფერი ვთქვათ პირად მტერზე, რომლის შესახებაც ამბობს:
„რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“
რა სიკეთე მოიმოქმედა ასეთი მწყემსმა ქალმა, რომ კრიტიკოსთა ამგვარი აღფრთოვანება დაიმსახურა? ბერს ხომ ბერის სამოსელი არ გაუხდია და ქალთან ერთად ქვეყნად არ დაბრუნებულა „ახალი ცხოვრების“ ასაშენებლად, რომ მატერიალისტური პოზიციიდან მაინც ერთი მუშახელის შემატება ახარებდეთ? ამ პოემის სიუჟეტში რომ რაიმე სასიკეთო და ავტორისათვის მოსაწონი ხდებოდეს, მის ეპილოგში ქარის ქშუილსა და ნადირის ღმუილს არ მოგვასმენინებდა ილია და ერთხელ მაინც გამოაჩენდა იმ „გამარჯვებულ“ მწყემს ქალსა და მის მიერ განსახიერებულ „ტკბილ“ ქვეყანას, რომელთა სახეებიც, როგორც მართლა „ეშმაკის მახისა“ და „ცდუნებისა“, თავიანთი ცოდვიანი მოვალეობის აღსრულების უმალ ქურდის, მპარავის მსგავსად ქრება პოემიდან. ამ ქალზე ისევე შეიძლება ვიხმაროთ სიტყვა „გამარჯვებული“, როგორც ზღვის ტალღებში დასახრჩობად განწირულ ადამიანზე, რომელმაც საშველად მისულიც ჩაიყოლია ზღვის ფსკერისაკენ და საკუთარ თავთან ერთად ისიც დაღუპა. მათეს სახარებაში (18,67) ვკითხულობთ: „ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიაითცა მომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური.“
მწყემსი ქალი ღვთის სახელის მოშველიებით ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენისათვის მიუღებელ აზრებს ქადაგებს, რომლებსაც მკვლევარი ლადო მინაშვილი წიგნში „ილია ჭავჭავაძე“, რატომღაც „პირველქმნილი ქრისტიანული რწმენის“ პოზიციას უწოდებს. ამ ქალს არავითარი კრძალვა არ ემჩნევა ღვთისადმი, რომელმაც ადამიანთა სულიერი სიკვდილისაგან გამოხსნისათვის თავად უცოდველმა „აღიხვნა ცოდვანი სოფლისანი“ და ამისათვის ხორციელი ვნებანიც დაითმინა. ქალი თავისი მიწიერი ფილოსოფიით სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას.
რატომ არის მწყემსი ქალი ასეთი მომხიბლველი გარეგნობისა? ზოგ მკითხველში ეს შეკითხვა ეჭვს ბადებს, მწერლის ერთგვარი სიმპატია ხომ არ ჩანს ამაში გმირის მიმართო. საკმაოდ ხატოვნად არის აღწერილი ილიას “გლახის ნაამბობის“ გმირის - დათიკოს გარეგნობაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც იმას, რომ იგი სულიერადაც ასეთივე ლამაზია და არც იმას, რომ მწერლისთვის მოსაწონია. „განდეგილის“ ბერს , რომელსაც უნდა დაეთრგუნა თავის თავში ხორციელისადმი სწრაფვა, სწორედ ასეთი ცდუნებისათვის უნდა გაეძლო, რომ სრულყოფილების კიბეზე ამაღლებულიყო. ლოცვით და მარხვით „ხორცუძლურქმნილი“ მისნაირი სახე, ბუნებრივია, მისთვის გამომცდელი ვერ იქნებოდა. ამიტომ უნდა მოვლენოდა სწორედ ისეთი, ხორციელად აყვავებული, მომხიბლველი და მომაჯადოვებელი ქალი, როგორიც პოემაშია წარმოჩენილი.
იმაზე, თუ რატომ აღწერა ასე ხატოვნად ილიამ ამ ქალის გარეგნობა, გარკვეულ წარმოდგენას მოგვცემს მისი ერთი დაუმთავრებელი მოთხრობის ეპიზოდი. როგორც ნაწარმოების პირველივე ფურცლებიდან გვიმხელს ავტორი, ეს გმირი მას ადამიანური სიწმინდის, სისპეტაკის, კეთილშობილების განსახიერებად ჰქონდა ჩაფიქრებული. მის შესახებ ავტორი გვეუბნება: „მე მის სახეს არ აგიწერ მკითხველო, იმისათვის, რომ საცა ლაპარაკია სულის სიღონეზედ და ადამიანობის ზნეობითს ძალზედა, იქ სახე შენთვის საჭირო არ არისო.“ როგორც ვხედავთ, როდესაც მწერალი სულიერ სიმაღლეზე მყოფ გმირებს აღწერს, იქ გარეგნობის დახასიათებას არ მიიჩნევს აუცილებლად. მწყემსი ქალის გარეგნობა კი ალბათ საპირისპირო მიზეზით აღწერა ასე ხატოვნად.
„ხშირია ხოლმე, როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნებაო“ , წერს ილია „კაცია, ადამიანში“. ამ გმირის სახეში რომ სწორედ ხორცის აყვავება უნდოდა ეჩვენებინა და არა სულის, იმიტომ არ დაიშურა მხატვრული ფერები და მეტაფორები მისი გარეგნობის აღწერისას თორემ, როგორც ცნობილია, პოემის პირველ ვარიანტში ბერის გარეგნულ სახეზე ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი. რაკიღა იგი პოემის პირველ ნაწილში სულის ზეობას განასახიერებდა, გარეგნობის აღწერა ზედმეტად მიიჩნია მწერალმა და პოემაში მხოლოდ მისი ერთ-ერთი პირველი მსმენელის თხოვნით დაუმატა შემდეგ. თუმც ამ გარეგნულ აღწერილობაშიაც კი გმირისა უფრო სულია წარმოჩენილი, ვიდრე ხორცი:
„სულის სიმაღლე ზედ დასჩნევოდა,
ზედ ეტყობოდა, რეომ სული მისი
სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.“
და სხვ. მწერალი იმიტომ აღწერდა ერთის მხოლოდ ფიზიკურ სილამაზეს და მეორეს სულიერს, რომ ეს ორი გმირი ამ ნიშნით არის პოემაში შეპირისპირებული, მაგრამ მთავარი კონტრასტი ხორცისა და სულისა მწყემსი ქალის გამოჩენის შემდეგ გადაინაცვლებს თვით ბერის სახეში, რასაც გვიდასტურებს არაერთი ადგილი პოემიდან:
„არა და არა! არ აიყრის მადლს,
და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,
არ ანაცვალებს და არ დაუთმობს
ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!“
„ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის
რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს
და მის შეწევნით მისვე წინაშე
ხორცზედ კვლავ ძლევა ისასწაულოს.“
მწყემსი ქალის სახე მწერლისათვის უფრო ერთგვარი საშუალებაა ბერის სულიერი წინააღმდეგობის და გარდატეხის წარმოსაჩენად. ამაში დავრწმუნდებით, თუ დავაკვირდებით ცეცხლის მხატვრულ სახეს, რომელიც ქალის გამოჩენამდე ბერის სენაკში მინავლებული იყო:
„...მხოლოდ კი ერთგან, ღველფად ქცეული,
ცეცხლი ჩამქრალი ფერფლქვეშე ჰჩნდოდა.“
ეს უნდა იყოს ბერის ის მდგომარეობა, რომლის სესახებაც იქვე ნათქვამია: „და ხორციელი გულისთქმა ყველა დამარხულა და განსვენებულა.“ საერთოდ ცეცხლი წმინდა წერილში ორი განსხვავებული იგავური მნიშვნელობით გვხვდება. სულ სხვაა ცეცხლი სულიწმინდისა, რომელიც ილიასთან ნახსენებია „გლახის ნაამბობის“ გმირის - მღვდლის სიტყვებში: „ყველას გულში...ღვთისაგან ანთებული ცეცხლი ანთია...“ და სულ სხვაა ცეცხლი გეენიისა. იგი სწორედ ცოდვასთან და ვნებასთან არის დაკავშირებული. ეს ცეცხლი იმავე მოთხრობაში ჩანს გაბრიელის სიტყვებში: „კაცისკვლა, რაც არ უნდა იყოს მაინც დიდი ცოდვაა...ეს მე ვიცოდი და ეს მიკიდებდა ცეცხლს და გულ-ღვიძლსა მწვავდა...“აი, ამგვარ ვნებათა ცეცხლი ჰქონდა ბერს გულში მინავლებული, ქალი კი კელიაში შესვლისთანავე ამ დანაცრებულ ცეცხლს მივარდა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით:
„სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსა
ფიცხლავ მივარდა დამზრალი, სველი,
ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლაპირს
და გაიწოდა სათბუნად ხელი.“
მაგრამ ამასაც არ დასჯერდა. იგი თითქოს უცებ გაბატონდა სენაკში - ბერს შეშა მოსთხოვა ცეცხლის დასანთებად და სამაგიეროს გადახდასაც კი დაჰპირდა: „ხვალ თუნდა მთელს ზურგს მე ამოგიტანო“. ამ ნათქვამშიც ჩანს ქალის არასულიერება. ბერს, რომელსაც მთელი ქვეყანა ჰქონდა დათმობილი იმ თავისი სიუხვითა და სილამაზით, განა გაჭირვებაში ჩავარდნილი მოყვასისათვის შეშა დაენანებოდა სანაცვლოს ამოტანას რომ არ დაჰპირებოდა? მაგრამ მწყემსმა ქლმა ამით თითქოს გზა მოუჭრა ბერის მხრივ უარის თქმას. მან ფაქტიურად წინასწარ უთხრა მას, რასაც იფიქრებდა ცეცხლის დანთებაზე უარი რომ მიეღო. ამით მან ერთხელ კიდევ მოადუნა განდეგილის სიფხიზლე ისევე, როგორც ქვემოდან ამოძახილით, რა დროს შეკითხვებიაო. ქალმა ბერს არ მისცა საშუალება, დაფიქრებულიყო, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ცეცხლის დანთებას. ამას კი აი, რა მოჰყვა:
„...რა გაძლიერდა, ცეცხლისა შუქმა
ბნელი სენაკი სინათლით მორთო.
ხოლო რა შუქი იმა ცეცხლისა
სტუმარს, იქ მჯდომარს, ზედ მიეფინა,
გასაოცარი რაღაც შვენება
განდეგილს თვალწინ წარმოედგინა...“
ამრიგად, ცეცხლი ის ხორციელი ვნებაა, ბერს რომ მინაცრებული ჰქონდა თავის სხეულში და სტუმარმა რომ დაჟინებით მოითხოვა მისი დანთება. ამიტომ არის განსაკუთრებული ხაზგასმით გამოყენებული იმავე ცეცხლის მხატვრული სახე ამ ქალის აღწერისას. იგი თვით ცეცხლია, იგი თვით ვნებაა:
„ეშხითა მფრქვევსა მის შავსა თვალებს
თვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა,
მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი,
ვითა ძლეული, უკუ-ჰკრთებოდა.“
ამრიგად, საბლოოდ რომ შევაჯამოთ ამ ქალის მხატვრული სახე, ასეთ დასკვნამდე მივალთ: იგი საწუთროს მეხოტბეა, მუდამ ფიქრობს ხორცზე და არა სულზე, წუთიერზე და არა მარადიულზე, რის გამოც წუთისოფლის ალეგორიულ სახედაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
იმ წუთისოფლის შესახებ, რომელსაც აქებს და განასახიერებს მწყემსი ქალი, ილიას არაერთ თხზულებაში გამოუხატავს თავისი დამოკიდებულება და იგი მეტწილად უარყოფითია. ერთ-ერთ ლექსში სათაურით „დამაკვირდი“ ვკითხულობთ:
„მადლმა სთქვა: წუთის სოფელში
ყოფნა ვაი რა ძნელია!
ძალი ჰძალოვნობს, ჰბატონობს,
მე გული გადამელია...
„ოთარაანთ ქვრივის“ ბოლო ეპიზოდში ავტორი წუთისოფელს „უთავბოლოს“ და „უსწორმასწოროს“ უწოდებს. მოთხრობაში „გლახის ნაამბობი“ კი გაბრიელს ათქმევინებს: „წუთის სოფელი იმიტომა ჰრქმევია, რომ ყველაფერი წუთობითა სცოდნია უბედურობის მეტი... დამაწაფა სოფელმა უკვდავების წყაროსა და ბოლოს შხამად ამომადინაო“, რასაც მოაყოლებს რუსთველის დაუვიწყარ სიტყვებს:
„მიმდომნი საწუთროსანი
მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრამ უმუხთლოდ
ბოლოს არ მოურჩებიან.“
ორი ბატონის მონობა არ შეიძლება. ადამიანი ან ცის მსასოებელი უნდა იყოს და ან მიწის. იაკობ მოციქულის ეპისტოლეში (4, 4) ვკითხულობთ: „ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღმრთისა. ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღმერთის მტრად იქცევა.“ მწყემსი ქალი კი არა მარტო თავად არის ამ სოფლის მოტრფიალე, არამედ ბერსაც აქეთკენ უბიძგებს.
ილია ჭავჭავაძის მთელი მხატვრული მემკვიდრეობა და პირადი ცხოვრება ცხადად წარმოაჩენს, რომ იგი ღვთის მსასოებელია და არა საწუთროსი. მან იცის, რომ მაშინაც კი, როცა ადამიანები უსამართლოდ დასძრახავენ და ცილს დასწამებენ, ზეციერ მსაჯულს სიმართლე არ დაემალება და ამიტომ ამბობს:
„თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენიო...“
პირველ რიგში ილია სულისაზე ზრუნავს და არა ხორცისაზე; ამაღლებულზე, მარადიულზე და არა იოლად ხელმისაწვდომზე და წარმავალზე. ამიტომ არ შეიძლება, რომ მწყემსი ქლის სახე ავტორის მხრივ იდეალიზირებული იყოს და მის შეხედულებებს გმოხატავდეს. გამოთქმულია აზრი, რომ: „მწირის სულში გაღვიძებული ლტოლვა ქალისადმი ილიას დახასიათებული აქვს...როგორც უაღრესად პოეტური, თავისებურად ამაღლებული განცდა.“ (იხ. გურამ ასათიანი, „საუკუნის პოეტები„, თბ, „მერანი“, 1988, გვ.168) ეს მოსაზრებაც ალბათ იმას ეყრდნობა პოეტმა ასეთი სიცხადით და დამაჯერებლობით რომ წარმოაჩინა ეს ეპიზოდი, მაგრამ განა ეს გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ილიას გულისთქმათა და ხორციელ ვნებათა განდიდება დავწამოთ?
ვაგრძელებთ:
„...იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი...“
პოემა „განდეგილის“ მთავარი გმირი ბეთლემის გამოქვაბულში განმარტოებული ბერია. თუმცა კრიტიკულ ლიტერატურაში ამის შესახებ მრავალი განსხვავებული აზრი არსებობს, პოემის ტექსტიდან გამომდინარე, მაინც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ასკეტური ცხოვრების გზა, რომელსაც ბერი ადგას, ზოგადად მიუწვდომელი არ არის. ბერის მისვლამდე აქ იყვნენ სახვა მამები, რომლებმაც ბოლომდე ღირსეულად ატარეს განდეგილური ცხოვრების მძიმე ჯვარი და თუ ბერმა ეს ვერ შესძლო, ამის მიზეზი მასში უნდა ვეძიოთ და არა ცხოვრებისაგან განდგომის შეუძლებლობაში, როგორც ამას ზოგი კრიტიკოსი წერს. დამაჯერებლად არც ის გვეჩვენება, თითქოს ბერის დაღუპვის მიზეზი კანონის გამკაცრება იყოს. (იხ. ფირუზ მეტრეველი, განდეგილის პრობლემატიკა, ჟურნ. „ღელიგია“ 1993, №2) პოემის იმ ეპიზოდში, სადაც მისი განდეგილური ცხოვრების წესია აღწერილი, მწერალი არცერთი მხატვრული ნიუანსით არ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას მისდამი. არც ის არის სადმე აღნიშნული, თითქოს ამ ბერს გამოქვაბულში მანამდე მცხოვრებ მამათა კანონი შეეცვალოს და გაემკაცრებინოს, არადა
მათ ხომ მიაღწიეს სულიერ ამაღლებას. ბერის ცხოვრების წესი რომ ღვთისათვის სათნო არ ყოფილიყო განა ნიშნად მადლისა სასწაულს მოუვლენდა? ჩვენი აზრით განდეგილის ცხოვრება იმ ეპიზოდამდე, როდესაც იგი მზის ჩასვლას ხარბად დააცქერდება, სრულიად სწორი გზით მიდიოდა და ამის დასტურია ის, რომ მზის სხივი იმ დღესაც, როგორც ჩანს, ჩვეულებრივ უჭერდა ლოცვანს.
დავაკვირდეთ პოემის ტექსტს იმ ეპიზოდიდან, სადაც იწყება ძირითადი სიუჟეტური ხაზი ანუ ამბავი, რომელიც თავს გადახდა ბერს ერთი ღამის განმავლობაში:
„ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი,
გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა
და დაფიქრებით გადმოჰყურებდა
მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.“
სიტყვები - „ლოცვით დაღლილი“ თითქოს ერთგვარად გვაფიქრებინებს, რომ ბერი ლოცვისაგან დასასვენებლად გამოვიდა სენაკის კართან და განსვენებას ხორციელი თვალის ტკბობით განიცდიდა. ესეც სიფხიზლის მოდუნებაა. ამის შემდეგ მწერალი ხატოვნად აღწერს ჩამავალი მზის სურათს და მის შემყურე განდეგილს. ბერი უყურებდა ამ სანახაობას, როგორც „უბიწო ხილვას“, „ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას.“ მას, როგორც ჩანს, არ ახსოვდა ღვთის გაფრთხილება: ფრთხილად იყავი, რომ „ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ...“ (II რჯული, 4,19) ამიტომ პოეტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ ხილვით განცვიფრებაში მოსული ბერი “წრტყვევნილ იქმნა“ ანუ ამ სიტყვის საბასეული განმარტება რომ მოვიშველიოთ, სრულიად დატყვევებულ იქმნა.“
წუთისოფლის მზეს, როგორც ჩანს, აქვს ერთგვარი ხიბლი. ალბათ ამიტომ თუ დასჭირდა დავით გურამიშვილს ხაზგასმით ეთქვა თავის პოემაში, ჭეშმარიტ მზეს, სიმართლის მზეს - ძე ღვთისას ამ ხილულ მზეზე - თინათინზე არ გავცვლი ანუ საწუთროს მარადიულ სასუფეველზეო:
„რა გინდ მე ასრე გავგიჟდე,
თავი ვახალო ტინზედა;
მხეცნი, ფრინველნი ვასერო
ჩემსა ხორცსა და ტვინზედა
ვგონებ არც მაშინ გავცვალო
იგი მზე თინათინზედა.“
მზისგან განდეგილის წარტყვევნას რომ ღრმა მნიშვნელობა აქვს და უბრალო აღწერილობითი დეტალი არ არის, ამას მოწმობს ის, რომ მწყემსი ქალის მონათხრობის მიხედვით ისიც ეს - წუთისოფლის მადიდებელი არსება, ისევე უყურებდა ამ სურათს, როგორც ბერი. ქალი და განდეგილი ერთნაირად დაატყვევა ჩამავალი მზის ხიბლმა. ქალი ამბობს:
„ლამაზი იყო ამ დღის საღამო,
რარიგ შვენოდა მზე დამავალი!
შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,
გავშტერდი, ვეღარ მოვსხლიტე თვალი.
ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული
მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა
და საკვირველი ის სანახავი
თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა.“
„თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისათვის... ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი“, - ამბობს მართალი იობი. ასე რომ, ამ ეპიზოდს მართლაც ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ქალის მხრივ, რომელიც ყველაფერს ხორციელი თვალით უყურებს და აფასებს, ბრწყინვალე მზით აღფრთოვანება გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ საამო საცქერალმა, როგორც ვნახეთ, წარტყვევნა თვით ბერიც. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ფრაზაში - „წარტყვევნულ იქმნა განყენებული“, ხაზგასმულია, რომ ხორციელმა თვალმა არა უბრალო ადამიანის, - განყენებული ბერის სულიერი სიფხიზლე მოადუნა. ეს ერთგვარი სამხილია ბერისა. აქედან იწყება მისი სულიერი დაღმასვლა.
მერე გავაგრძელებ
ალექსანდრე
di_onise
ჯერ არ დამთავრებულა, ბევრი დარჩა
ისე ვერ დაგეთანხმები...
მე ვფიქრობ რომ,განდეგილისთვის ადვილი იყო ცხოვრება ყველასგან განმარტოვებით,უკაცრიელ აგილას, გამოქვაბულში,სადაც არანაირი ცდუნება არ იყო,და საკმარისი იყო ლამაზი ქალი დაენახა და მაშინვე შესცოდა.
მაგის დამწერ ამკრეფი გმირია
რაც შეეხება თემას
განდეგილის სულიერი დაცემის მიზეზი ის არის, რომ საკუთარ დაცემას ვერ გაუძლო, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მასში იყო დაფარული ამპარტავნება და როცა ღმერთმა ეს დაანახა, ვერ დაიტია. ეშმაკი მუდამ დაცემულია და არასდროს ნანობს, ანგელოზმა კი არც იცის, რაა დაცემა. ადამიანი კი ხან დაეცემა და ხან ადგება. ასე გრძელდება მთელი ცხოვრება, რამდენგზისაც უნდა მოიწიოს. ღვთის სასოებისა და გულმოწყალების იმედი კი არასდროს არ უნდა დავკარგოთ. სიმდაბლე არ ჰქონდა მოწვეჭილი.ამის გარესე კი ყველაფერი ფუჭია.
რადგან ლიტერატურაზე მიდგა საქმე, მოდი , ვიმსჯელოთ კონსტანტინე არსაკიძეზე. მიგაჩნიათ თუ არა, რომ იგი იყო ღვთისმოსიში ადამიანი, რა მიზნით, სულისკვეთებით აგებდა სვეტიცხოველს?რატომაა, რომ მუდამ იაკობის ღმერთთან შერკინების სცენაზე ფიქრობს?
ვაგრძელებთ მარიამ ნინიძის გამოკვლევას:
მარიამ ნინიძე
დაცარიელებული ბეთლემი
(წმიდა ილია მართლის პოემა „განდეგილის“ შესახებ)
„მთაი მდუმარი...“
„განდეგილის“ მიმომხილველები პოემის მხატვრულ სახეთა ახსნის მიზნით ხშირად მიმართავენ ხოლმე „მყინვარის“ მხატვრულ სახეზე დაკვირვებას „აჩრდილისა“ და „მგზავრის წერილების“ შესაბამის სახეებთან შეპირისპირების გზით. ამის შედაგად ისინი განსხვავებულ დასკვნებამდე მიდიან, მაგრამ თვით პრინციპი, რომ ესა თუ ის მნიშვნელოვანი მხატვრული სახე მთელი შემოქმედების ფონზე უნდა იქნას განხილული, თავისთავად სწორად მიგვაჩნია.
დავაკვირდეთ მყინვარის სახეს თავდაპირველად მოთხრობაში „მგზავრის წერილები“: „დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭისოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალ შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილს თავსა. ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე ზედ დაჰნათოდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულს სახეს განუცვიფრებიაო.“ მყინვარის ეს აღწერილობა სავსებით შეესაბამება „აჩრდილის“ შესავალში წარმოჩენილ მის სურათს:
„აღმოჩნდა მთების ზემოდ მყინვარი
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,
იგივ დიდებულ და დადუმებულ.“
მყინვარის ასეთსავე სურათს ვხედავთ „განდეგილის“ შესავალშიც:
„სადაც დიდებულ მთასა მყინვარსა
ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,
სად წვიმა-თოვლნი ყინულად ქმნილნი
მზისგან აროდეს არა ჰდნებიან...“
ამ სამი სურათიდან ვიგებთ, რომ მყინვარი დიდებული, დიადი, თეთრი, მყუდრო და აუმღვრეველია. მას ცა ქუდად აქვს და დედამიწა ქალამნად. ცისა და ქვეყნის შუა არის დაკიდული, თითქოს მათი დამაკავშირებელია - ადამიანის ზეცასთან მიმაახლოვებელი. მაგრამ სამივეგან მყინვარის აღწერაში შემოდის ერთგვარი კონტრასტული ელფერი. „აჩრდილში“ ნათქვამია:
„ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად
ცის გასარღვევად აღმოზიდულა,
მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად
თითქო განგებით შეყენებულა.“
ესე იგი მყინვარს, რომელიც ცის გასარღვევად იყო ქვესკნელიდან ამოზიდული, არსებითი გარდატეხა განუცდია - მისი სრბოლა ცისკენ შეყენებულა. მას შემდეგ, რაც მაცხოვარმა თავისი სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა, მართალ ადამიანებს გზა გაეხსნათ ჯოჯოხეთიდან ზეცისაკენ, მაგრამ სასუფეველი იოლად არ მოიპოვება. მის დასამკვიდრებლად ამქვეყნიურ ცხოვრებაში დიდი ძალისხმევაა საჭირო. იგი, როგორც წმინდა წერილში წერია, „იიძულების“. პოემიდან ჩანს, რომ მყინვარს, რომელიც ცის გასარღვევად, ადამიანთა ასამაღლებლად და ზეცას „ამყვანებლად“ იყო ქვესკნელიდან აღმოზიდული, ანუ განასახიერებდა უფლისკენ მიმავალ გზას, ეს ფუნქცია დაუკარგავს. ამით არის გამოწვეული ის, რომ მზის სხივის დანათებაზე:
„ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი
დასცქერის რისხვით და მუქარებით, -
თითქო ელისო განკითხვის დღესა,
რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
ხმელეთს დაეცეს, მერმედ ქვესკნელსა,
თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს.“
იგივე აზრი უნდა იყოს ჩადებული განდეგილის სიუჟეტურ განვითარებაში. ეს ჩანს შემდეგი სტროფებიდან:
„განსულან ამა ქვეყნით მამანი
და ტაძარი ღვთის გაუქმებულა...“
„აწ შორის ნანგრევთ და ნატამალთა
მარტო ქარიღა დადის და ქშუის
და გამომფრთხალი ჭექა-ქუხილით
მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის.“
„აჩრდილშიც“ აშკარად ჩანს, რომ მყინვარი სხვაგვარი იყო და სხვაგვარი გახდა - რომ მისი წარსული და აწმყო კონტრასტულად უპირისპირდება ერთმანეთს. რისი სახე უნდა იყოს ეს მყინვარი თუ არა საქართველოსი, რადგან აქ სუფევს მისი თანამდევი უკვდავი სული; რისი სახე უნდა იყოს დაცარიელებული, მიტოვებული, გაუქმებული ტაძარი - „ბეთლემი“ თუ არა ქართველთა სულიერად დაცლილი დღევანდელობისა, რომელიც იმავე „აჩრდილში“ სწორედ გაუქმებულ ტაძართან არი შედარებული:
„და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა...
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული...“
ამ ორი პოემის მხატვრულ სახეებში ჩადებულ ღრმა შინაარსს თუ გავიაზრებთ, სულ სხვაგვარად აღვიქვამთ მოთხრობა „მგზავრის წერილებში“ პოემების მსგავსად, მყინვარის დიდებულების აღწერის შემდეგ მისდამი წაყენებულ ბრალდება-საყვედურებს. ყურადღება მივაქციოთ, რომ მოთხრობაშიც, ისევე, როგორც „აჩრდილში“ პოეტი ფიზიკურად უყურებს მყინვარს - ე.ი, უყურებს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალით. ფიზიკურად იგი ხედავს მის გარეგნულ სიდიადეს, სულიერად კი ჭვრეტს იმას, რომ მისი სრბოლა ცისკენ შეჩერებულია, მთავარი ფუნქცია ცასთან დაახლოვებისა, დაკარგული აქვს. ამრიგად ყველა საყვედური მიემართება დღევანდელ მყინვარს: „მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, - ერთი სიტყვით მყინვარია. მყინვარი მთელის თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაძედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა.“ მყინვარი „უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა. ცივია - როგორც უკვდავება და ჩუმია, როგორც განცხრომა. არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა.“ „არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიაო! რად მინდა მისი სიმაღლე თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. არა, არ მიყვარს მყინვარი.“
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს საყვედურები? რით აიხსნება, რა აზრია მათში ჩადებული? იქნებ „ცივია“ იმიტომ, რომ სიცოცხლის არსისაგან დაცლილია, „თეთრია“ იმიტომ, რომ ყინულის სუდარა აქვს გადაფარებული, „ყინულოვანია“ იმიტომ, რომ სინანულის ცრემლი აღარ ადნობს ამ ყინულებს. „არ მაღელვებს“ იმიტომ, რომ მოჩვენებითია, „მაციებს და არ მათბობს“ იმიტომ, რომ თავად ცივია. „საკვირველია“ იმიტომ , რომ გარეგნულად დიდებულია, მაგრამ „შესაყვარებელი არ არის“ იმიტომ, რომ ღვთიური მადლისაგან დაცლილია. „შუბლზედ ძარღვი არ აუტოკდება, განზედ გამდგარია და „მიუკარებელია“ იმიტომ, რომ დღევანდელი ადამიანისათვის მიუწვდომელია. ღვთის ღირსის გარდა სხვა ვერ შეჰბედავს, ღვთის ღირსობა კი ყველას დაკარგული აქვს.
სამჯერ ამბობს ილია: „არა, მყინვარი არ მიყვარს“, „არა, მყინვარი არ მიყვარს“, „არა, არ მიყვარს მყინვარიო“, თითქოს თავის თავსვე ეკამათება და ძალათი აჯერებს ამ უცნეურ სათქმელს, რომლის დაჯერება მართლა ძნელია. არ მიყვარსო ამბობს იმ თვალწარმტაც, მომხიბლველ სიმაღლეზე, სისპეტაკესა და სითეთრეზე, რომელიც მეტად ბრწყინვალე ვარსკვლავსაც კი აოგნებს, და ამბობს იმიტომ, რომ ხედავს, ეს ყველაფერი შინაარსისაგან დაცლილი გარეგანი ბრწყინვალებაა, გარეგნი სიდიადე, რომლითაც არ უნდა მოიხიბლო. საოცარი მხატვრული დატვირთვა აქვს მწერლის ამ სიტყვებს. მყინვარი ზოგადად საქართველოს წარსულისა და აწმყოს ერთიანი სახე უნდა იყოს, მაგრამ მყინვარი, რომელსაც პოეტი უყურებს და მიმართავს განხილულ ნაწარმოებებში, რა თქმა უნდა, მის დღევანდელობას განასახიერებს. გარეგანი დიდებულება მას წარსულიდან აქვს, მაგრამ აწმყოში ამ დიდებულების მხოლოდ აჩრდილადღაა ქცეული.
ამ მხატვრული სახის აღსაქმელად დაგვეხმარება ილია ჭავჭავაძის სტატია „მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძის ჯამბაკურიან ორბელიანისა.“ ეს იყო ადამიანი, რომელსაც ილიას თქმით, სამშობლოს სიყვარულის გზიდან არასოდეს გადაუხვევია და რომელიც იყო უაღრესად ერთგული მისი წარსული სიდიადისა. ილიას მოჰყავს პოეტის ციტატა ლექსიდან „ძველი დმანისი“, სადაც ლირიკული გმირი დგას დმანისის დანგრეული ციხის, კოშკის და ტაძრის - „მამა-პაპათა ისტორიის წმინდა რვეულთა“ წინაშე და ამბობს:
„ვდგავარ თქვენს წინა თავმოხრილი, ფიქრით მოცული,
ვდგავარ და ფიქრში მიახლდება, რაც არს წარსული;
მაგრამ რისთვისა და რად მინდა მის მოგონება,
რაც რომ ყოფილა, წარსულა და აღარ იქნება,
რაც ფიქრს აწუხებს, გულს აკვნესებს და სულსა სტანჯავს,
რაც რომ მდიდარსა ფანტაზიას და ზღაპარსა ჰგავს?!..
განჰქრი დმანისო და დაინთქე უფსკრულსა შინა,
ჩემს სატანჯველად რომ არ იდგე ჩემს თვალთა წინა!“
ციტირებულ ლექსს ილია ასეთ კომენტარს უკეთებს: „ჩვენს მგოსანს უყვარს წარსულის დიდების ამბები, უყვარს, მაგრამ რაკი ჰხედავს, რომ ის დიდება აღარ არის და მის სანაცვლოდ წარმომდგარა ახალი შენობა, რომლის კირსა და ქვას, ვით სუსტს ასულს, არც ძალა აქვს და არც ღონე“, გულამოსკვნით მოთქვამს:
„მაგრამ რად გვინდა მის ამბვი, რაც არს აღარა,
რაც თვალთ წინა გვაქვს, გულსაკლავად ისიცა კმარა.“
ამ ბოლო სიტყვებს ილია ასე განგვიმარტავს, ქვეყანას გარდახდენილი ჭირი და ვაივაგლახი, „როგორც უკვე გარდასული ამბავი, ისე არა სწვავს ადამიანის გულს, როგორც გარდასული ბედნიერება და დაკარგული დიდება. იმ იმედის გარდასვლას და დაკარგვას იმ უმწვერვალეს ტკივილამდე მიჰყავს ჩვენი პოეტი, როცა ყოველივე გრძნობა დუმდება, სასოებას ადგილი აღარა აქვს და საცა მარტო სასოწარკვეთილებაღა ჰღაღადებს თავის საშინელის ზარითა.“
მყინვარი, რომელსაც ილია შეჰყურებს, ფაქტიურად ასევე „არს აღარა“, ასევე „ფანტაზია“ და „ზღაპარია“, რადგან შინაგანად, სულიერად დანგრეულია. ამიტომ ვახტანგ ორბელიანის მსგვსად, რომელიც თავის საყვარელ დმანისს შესძახებს: „განჰქრი, დაინთქე უფსკრულსა შინაო“, ილიაც სამგზის ამოიძახებს: „არა, მყინვარი არ მიყვარსო.
ილიას არ უყვარს მყინვარის მოჩვენებითი და მაცდუნებელი სიდიადე, რომელიც რეალური შინაარსისაგან დაცლილია. “შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღლის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიაჩნდა კეთილად და რა კეთილი - ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს...“ წერდა ილია სტატიაში „ერი და ისტორია“ 1888 წელს. მართალია, ერის დიდი წინაპარი ნამდვილად იდგა მყინვარის სიმაღლეზე, მაგრამ შემდგომმა თაობებმა ის სიმაღლეები დაკარგა, მომავალს კი პირდაპირ წარსულზე ვერ დააშენებ. ნამდვილი მამულიშვილი თავს არ იტყვილებს მიუღწეველი ოცნებებით და ცდილობს რეალურად რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი, ის დაისახოს ამოცანად. ამის დანახვაში კი მას ეხმარება ისტორიული გამოცდილება. „რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე. ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ, მაშინ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი და თუ ასეა - რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?“ „ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირვს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი...“ ვკითხულობთ იმავე სტატიაში, როგორც ვხედავთ, ილია ერის წარსულის ხსოვნას აუცილებლად მიიჩნევს, მაგრამ იმ წარსულს უნდა ჰქონდეს კავშირი აწმყოსთან. ამის შესახებ იქვე წერია: „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია...“ იმისთანა ერს, რომელსაც ჰქონია ისტორია და დაუვიწყია, არა აქვს „მკვიდრად მოკიდებული ფეხი არსებობისათვის საჭიდაოდ, იმიტომ, რომ, რა იყო - ის დავიწყებული აქვს და, მაშასადამე, რა არის - არც ის იცის. არ იცის რა გაიმაგროს, რისთვის გაიწიროს თავი, რას გამოესარჩლოს და რას არა. ფეხ-ქვეშ გამოცლილი აქვს ის მაგარი მიწა, იგი ტანი თავის ვინაობისა, რომელსაც ისტორია შეადუღებს ხოლმე მამა-პაპათა ნაღვაწ-ნამოქმედარისაგან საშვილიშვილოდ ფეხმოსაკიდებლად და მოსამაგრებლად. იგი დიდება, იგი სახელი, რომელსაც ამისთანა ერი შეინარჩუნებს ხოლმე წარსულისაგან თავის გულში, თავის სამღერალსა და საგალობელში, თავის ზღაპრებსა და მოთხრობებსი, მართალია ბევრს ანუგეშებს ხოლმე ჭირსა და ლხინში, მაგრამ, რაც დრო მიდის, ეგ ნუგეშიც, ისტორიის დავიწყებასთან ერთად, ნელდება და თანდათან ჰქრება, იმიტომ, რომ სამღერალსა და საგალობელში, ზღაპრებსა და მოთხრობებში ჩარჩენილნი სახსოვარნი, ისტორიის დავიწყების გამო მართალს აღარა ჰგვანან და უაზრო და უსაგნო ზღაპრებადღა გარდაიქცევიან, როგორც მთქმელის, აგრეთვე გამგონის თვალშიაც. ამის გამო ამ სახსოვარში ის ცეცხლმოსაკიდებელი ძალღონე აღარ არის, რომელიც კაცს ააფეთქებს ხოლმე მოქმედებისა და გარჯისათვის, და რაკი ეს არ არის, ყოველი ეს განძი და საუნჯეც კი წარსულისაგან გადმოლოცვილი, ამაოა და ფუჭი ერის გამხნევებისათვის, ერის დღეგრძელობისათვის.“ აი. ასეთ ამაოდ ქცეულ განძად არის ქართველთათვის ქცეული ის მყინვარი, რომელიც თავისთავად დიდებულების განსახიერებაა, მაგრამ აწმყოში დაცლილია შინაარსისაგან.
„...მეც წარტყვევნილვარ წარსულ დღეთა შენთა ნატვრითა...“
ამბობს პოემა „აჩრდილში“ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული და ამგვარი ფიქრი მართლაც წარტყვევნაა, ამაოა თუ მას არ ახლავს რეალობის შეგრძნება და ფიქრი მომავალზე, მაგრამ აქ ეს ყველაფერი სრულყოფილად არის. „აჩრდილში“ და „განდეგილში“ მწერლის მიერ დასახული მიზანი ერთნაირია - ერის ამაღლება „მცნების ნათლით“ და დაცარიელებული ბეთლემის გამოცოცხლება.
ვახტანგ ორბელიანისადმი მიძღვნილი ილიასეული სტატია იმის ახსნაშიც დაგვეხმარება, თუ რას ნუშნავს მყინვარის კატეგორიული დუმილი - „იგივ მდუმარი“, როგორც „აჩრდილშია“ ნათქვამი. დუმილს იწვევს ხოლმე დაცემის შემდეგ სასოების დაკარგვა და უიმედობა. აი, რას ვკითხულობთ ამ სტატიაში: „...მეთვრამეტე საუკუნის თავზარმა და მეცხრამეტის პირველი წლების წეწვა-გლეჯამ საქართველოს ერი მოჰღალა, ქანცი გაუწყვიტა, თავისთავის იმედიც კი დააკარგვინა და, რასაკვირველია, რომ როცა შემთხვევა მიეცა, ერმა თავი თითქო მოსვენებას მისცა და თითქმის ხმაამოუღებლივ დაემორჩილა ახლად მოვლინებულ სვე-ბედსა... თვითვეული ცალკე კაცი და მთელი საზოგადოება საერთოდ თავბრუდასხმულსავით გარინდებული იყო და საქვეყნოდ ხალისი, არცა ღონე არ გამოუჩენია არც უკან მიხედვისათვის, არც წინ დანახვისათვისა, თითქო დიდი ნისლი მოხვევიათ და ელიან, აცა გადიყრისო.“ აი, ამ ნისლით დაბურულს ვხედავთ სწორედ მყინვარსაც:
„ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი,
ნისლში შთაცვივდნენ მთანი და ველნი...
საერთოდ, არა მარტო მყინვარის, ზოგადად მთის სახეს ილიას შემოქმედებაში მსგავსი ალეგორიული მნიშვნელობა აქვს - აწმყოში დაცარიელებული წარსული სულიერი სიმაღლეებისა. მყინვარის დუმილის მსგავსი მხატვრული აზრით უნდა იყოს დატვირთული მათი დუმილიც ან მწუხარე ბანი. ლექსს მეფანტურე ლეიტმოტივად გაჰყვება ასეთი სიტყვები:
„მაგრამ მხოლოდ მთა, ნაღვლით მზირალი, მას ყურს უგდებდა
და ჩამაფიქრველ, მწუხარე ხმით ბანს გამოსცემდა.“
რატომ უსმენდა მეფანტურეს მხოლოდ ეს ნაღვლით მზირალი მთა ან რას ნიშნავს მისი მწუხარე ბანი თუ არა იმას, რომ ბრმა მომღერალი სწორედ მათ ამბავს, მათი წარსული სიდიადის ისტორიას ყვება დ ისინი თავიანთი ბანით უმოწმებენ. ამ მთის აწმყო ისე აღარ ჰგავს მის წარსულს, ისეა ქვეყანა გამოცვლილი, რომ მეფანტურეს თავადვე ახარებს მისი სიბრმავე და ამბობს:
„აწ მიხარის, რომე თვალნი
აწმყოსათვის ჩემნი ჩაქრენ.“
ასევე ჩამქრალი უნდა იყო აწმყოსათვის იმ მთის „თვალებიც“, რომლებიც ნაღვლით იმზირებიან, მაგრამ არ კი ჩანს, რომ რაიმეს ხედავდნენ.
ასევე „მთაი მდუმარი“ ისმენს ალაზნის ბუტბუტს პოემაში „რამდენიმე სურათი...“
„მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარი
დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა.“
წარსულიდან მომდინარე ალაზანი კი, როგორც ლექსიდან „ალაზანს“ ჩანს, სწორედ მთის ცრემლით ყოფილა შემდგარი, იმ ძველი, ადრინდელი მთისა, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა დაკარგული უნარი ცრემლთა დენისა. ამიტომ პოეტი ტკბილი წარსულის მოგონებას სწორედ ამ წყლის ტალღებში ეძებს და ამბობს:
„მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!..
დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩემს წარსულს...“
„რაც კი არს ჩემს წინ, მომაგონებს მას, რაც დავკარგეო“, ეუბნება პოეტი ალაზანს და აშკარაა, რომ იგივე გულისტკივილი იგულისხმება დიადი მთების დანახვისასაც.
მთის ცრემლებზე განსაკუთრებით თბილი და მონატრებით აღსავსე მოგონებაა ლექსში „ქართვლის დედას“:
„ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...“
მთების სიდიადე ხატოვნად არის აღწერილი „ყვარლის მთებშიც“. ნიშანდობლივია, რომ უცხოეთში მიმავალი პოეტი სწორედ მთებს ემშვიდობება, როგორც მშობლიურის და მოსანატრებელის განსახიერებას, მაგრამ აქაც ვხედავთ სახეს დღევანდელი და არა ადრინდელი მთისას, რომლის სიდიადე, მართალია ყმაწვილ პოეტს „კანკალს“ და „ჟრჟოლას“ ჰგვრიდა, მაგრამ მოკლებული იყო უნარს - ნუგეში ეცა ლირიკული გმირისათვის. აი, როგორ მიმართავს მას პოეტი:
„თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,
როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს.“
მთის სახე რომ აწმყოში ერთგვარად ილუზორული და მოჩვენებითია, ამაზე მიგვანიშნებს ისიც, რომ ილიას არაერთ ნაწარმოებში ვხვდებით მათ არა რეალურ სახეს, არამედ სიზმრისეულ ჩვენებას ან აჩრდილს. ლექსში „სიზმარი“ ვკითხულობთ:
„მესიზმრა მშობელ ხვევნა მსურდა მთის
ქვეყნის მთა-ბარი; ჩემ ძველ ნაცნობის...“
მაგრამ ეს სიზმარია...
მეორე ლექსში „ელეგია“ პოეტი ამბობს:
„ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება.“
როგორც ვხედავთ, აქაც „ძილი“ და კვლავ „ჩრდილია“, რადგან სულიერად მიძინებულ ქვეყანას დიადი მთების მხოლოდ ჩრდილი თუ შეეფერება. მათ რეალურ სახეს კი, უნდა ვიფიქროთ, ვიხილავთ, როცა ქვეყანა გაიღვიძებს. ასეა პოემა „აჩრდილის“ ეპილოგში:
„მცირეს ხანს შემდეგ გადიწმინდა ცა,
გგამოიღიმა ნათლად მთამაცა...“
პოემის „რამდენიმე სურათი...“ შესავალშიც - არა მთებს, არამედ მთების ჩრდილს ვხედავთ:
„სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი
მწუხრის ზეწარი გადაეფარა
და მთვარის შუქზე მთებისა ჩრდილი
ალაზნის ველზედ წამოიხარა.“
არსებითად იმავე ჩრდილზეა ლაპარაკი ლექსში „ქართვლის დედას“:
„გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.“
ლექსში „სიზმარი“ ილია თავად განგვიმარტავს, რომ რეალობასა და ჩრდილს შორის დიდი ზღვარია. იგი წერს:
„განა ყვავილის
ჩრდილი თვით ყვავილს
რითმე ედრების?“
მაგრამ აქაც მხოლოდ ყვავილზე არ არის საუბარი. ამ „ჩრდილებისაგან“ თავის დაღწევა, მათი კვლავ რეალობად ქცევა შეიძლება ერთი გზით - შევწყვიტოთ უნდა ტირილი იმაზე, რაც დამარხულა და დაკარგულა და შევხედოთ მომავალს. წარსულის დავიწყება ცუდია, მაგრამ წარსულით ცხოვრებაც არ შეიძლება. საჭიროა, რომ ობიექტურად იქნას შეფასებული აწმყო და მასზე დაშენდეს მომავალი. სიმართლეს თვალებში უნდა შეხედო, აღიარო, რომ არა ხარ აწმყოში ის, რაც ოდესმე ყოფილხარ. ასე უფრო შესძლებ კვლავ მოპოვებას იმ სიმაღლეებისას. ჩვენი წარსული სიდიადე სარწმუნოებაზე იყო დაფუძნებული და მომავლის შენებაც მისი აღორძინებით უნდა იქნას დაწყებული. ლექსში „ქართვლის დედას“ ვკითხულობთ:
„აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას...“
არსებითად იგივე აზრია გატარებული „აჩრდილშიც“.
მომავლის ბედს წარსული ვერ განსაზღვრავს, იგი აწმყომ უნდა გადაწყვიტოს. „მეფე დიმიტრი თავდადებულის“ შესავალში ბრმა მეფანტურე ახალგაზრდებს მიმართავს:
„რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით...
ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც
გზად და ხიდად გავედებით.“
ილიას თხზულებებში მთის სახის მხატვრულ დატვირთვას კარგად შენიშნავს ვახტანგ კოტეტიშვილი: „ეს მთები უბრალო გეოგრაფიული ნიშანი კი არ არის, არამედ მისი (პოეტის) პატრიოტული განცდების შესაკრები პუნქტია, საქართველოს ერთგვარი სიმბოლოო“, წერს იგი. (იხ. ქარტული ლიტერატურის ისტორია, XIX ს. თბ. 1959, გვ.354) „აჩრდილის ადრეულ ვარიანტში საინტერესოდ იყო ამ მთებთან დაპირისპირებული „ველის“ მხატვრული სახე. საქართველოს, რომელსაც აწმყოში რეალურად დაკარგული ჰქონდა სიმაღლე მთისა, პოეტი დაჟინებით „ველს“ უწოდებს:
„ველო, შენს თავზედ იყო მრავალი
ქუხილი, ტეხა, ბედისა გმობა...“
„ველო, გქონია შენც დრო კეთილი...“
„მშვენიერ ველო! შენზედ გაზდილ ხალხს
სად წაუღია, სად დაუმარხავს
იგი სიკეთე, იგი დიდება...“
პოემის იმავე რედაქციაში ამ მიმართვას ენაცვლება სიტყვები: „ტკბილო ქვეყანავ!“ ბოლო რედაქციაში კი მიმართვა უფრო კონკრეტიზირებულია: „საქართველოვ“, „ქართვლის სამკვიდროვ“ და „ქართლო“.
საყურადღებოა, რომ „აჩრდილის“ ადრეულ რედაქციაში „მთისა“ და „ველის“ სახეებს უპირისპირდება „კლდისა“ და „ხევის“ ალეგორიებიც. ნაწარმოებში „ველზე“ მცხოვრები ადამიანების შესახებ ვკითხულობთ:
„ვხედავ, მიადგნენ საშინელ კლდესა
წინა შედგა და შთახედა ხევსა,
და, რა იხილა საშინელება,
ისურვა მსწრაფლვე გამობრუნება,
მაგრამ უკანამ შურით ხელი ჰკრა
და წინა კაცი თვალთაგან გაქრა...“
ძმის დამღუპველსაც იგივე ბედი ეწია, მაგრამ ამჯერად სხვისგან:
„შურმა აღუნთო ამასაც გული
და როგორც ლომი, დამშიებული,
თავის ძმას ეცა და ორნივ ერთად
მაგრად ჩაკრულნი იმ საშინელ ხევს
შურისა გამო მიეცნენ სხვერპლათ!...“
იმ ალეგორიის შინაარსი, რაც „აჩრდილის“ ამ ვარიანტში ჰქონდა მწერალს, მოგვიანებით პირდაპირ გამოთქვა ლექსში „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით...“ და ერთ პუბლიცისტურ წერილშიც: „თუ ოდესმე ან გული შეგვივარდება რაზედმე, ან ხელს გავანძრევთ როგორმე, ეგეც იმისთვის მოხდება ხოლმე, რომ ჩვენს მოძმეს გზა გადავუღობოთ, ორმო გავუთხაროთ და კლდეზე გადავჩეხოთ ხოლმე... უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგვდის! ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად... ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო...“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის რა...“ ეს განსაცდელი, ეს კლდე, ხევი და თხრილი ამაოებათა სიღრმეა, ცოდვის უფსკრულია, სულიერი დაცემაა. მისი სიახლოვე გაელვების სახით ასევე ჩანს ლექსში „მწუხარება“:
„ესე უწყალოდ, გაწირული და დაშთომილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცისქვეშ დიდ კლდისა პირსა...“
თითოეული ამ მხატვრული სახის ურთიერთშეჯერებით მკაფიოდ იკვეთება ის აზრი, რომ ამ საშიშროების, ამ განსაცდელის წინაშე მდგომმა რაღაც უნდა იზრუნოს, რომ საფრთხეს გადაურჩეს. პირველ რიგში კი, ალბათ, უნდა გააცნობიეროს თვით საშიშროება, რომელიც ყველაზე მძაფრად ასახულია ლექსში “სიზმარი“ „ბნელი უფსკრულის“ სახით. სულიერი განწმენდის თითოეული ნაბიჯი ამ უფსკრულისაგან მოშორების მცდელობაა და ვინც ამ გზას ადგას, უფალი შეეწევა მას, როგორც წმინდა სამებისადმი აღსავლენ დილის ლოცვებში წერია: „უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარეთ“ აღგვადგენს „აღმსთობად და დიდებისმეტყველებად“ ძალსა თვისსა.
ეხლა დავუბრუნდეთ „მგზავრის წერილებს“ და გავიხსენოთ, რამ მოიტანა მოთხრობაში „მყინვარზე საუბარი და რა უსწრებდა მას წინ. რუსეთიდან სამშობლოსაკენ მომავალი პოეტი გზაში ხედავს უცხო მიწაზე „ნათრევ ლომს“ დამსგავსებულ თერგს და აღეძვრება ფიქრები მის მიერ ასევე უცხოეთში გატარებული ოთხი წელიწადის შესახებ - როგორი გახდა ის თავად „უცხო ნიადაგზედ გადარგული“, ხომ არ დაავიწყდა მშობლის ენა და გასაჭირი; რა გამოვა მისგან - „ბრწყინვალე მტევანი“ თუ „ძაღლყურძენა“? შესძლებს იგი თავისი უპირველესი ადამიანური ვალის - მამულის სამსახურის პირნათლად აღსრულებას? შესძლებს, რომ გულნატკენი, მტირალი, მგლოვიარე, დავრდომილი, უნუგეშო მისი ქვეყანა ფეხზე წამოაყენოს? ამ განცდებშია პოეტი და თან ეშინია, რომ ეს ამაღლებული ფიქრები მარტო ფიქრებად არ დარჩეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, და თავის თავს უსვამს კითხვას - ფიქრი კი, მაგრამ ჩემმა ქვეყანამ საქმე რომ მომთხოვოს, რეალურად რა უნდა ვქნაო. ამ ეპიზოდს ცვლის შეხვედრა რუს ოფიცერთან, რომელიც მთხრობელის თვალწინ დახატავს საქართველოს მომავლის მისეულ გეგმას. ასე შეეჯახება ერთმანეთს პოეტის ფიქრები სამშობლოს გულისტკივილის დაამებასა და ფეხზე წამოყენებაზე რეალურად მისალოდნელი მომავლის ამაზრზენ სურათს. ამის შემდეგ მწერალი ამოდის სტეფანწმინდას. იქ მის თვალწინ გადაიშლება საქართველოს მშვენირი სანახაობა - მყინვარი და თერგი. ეს იწვევს მასში ასოციაციას საქართველოს წარსულის აჩრდილთან და მის აწმყოსთან.
მყინვარისაგან განსხვავებით, რომელიც მაღალი, დიდებული, მაგრამ უმოქმედო, ფუნქციადაკარგულია, თერგი სახეა „ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა“, „იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა“. ნაცრიანი წყალი თავიდან საშინლად მღვრიეა, მისი ნახარში - ნაცარტუტა კი თავადაც წმინდა და გამჭვირვალეა და სარეცხსაც ათეთრებს. ასევე მღვრიე თერგიც შეიძლება ნაცარტუტასავით გამწმენდელად იქცეს, ამით არის ამაღელვებელი და ღირსსაცნობი. თერგსაც ცალმხრივად, იდეალიზირებულად არ აღგვიწერს ავტორი. ჯერ გვეუბნება - ორპირი ყოფილა, „დევგმირული ხმა ჩასწყვეტია“, „დამდოვრებულა“, „მიმკვდარა“, თითქო ან „როზგქვეშ არის გატარებული, ან დიდი ჩინი მიუღიაო“, „საცა მისულა, იქაური ქუდი დაუხურავსო“, მაგრამ მწერალს თერგი ურჩევნია მყინვარს და ამის მიზეზი აი, რა არის - „ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა.“ ამიტომ ამბობს: მე, „როგორც ქვეყნის შვილს, თერგის სახე უფრო მმწონს, უფრო მიყვარსო“. იგი ერთგვარად განგვიმარტავს - როგორც ქვეყნის შვილსო, ქვეყნის დანგრეული შენობის განახლებისათვის ასე სჯობიაო, იმიტომ, რომ ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედის განახლება, მისი დაშენება ილუზორულ მყინვარზე შეუძლებელია. სხვა საქმე იქნებოდა, იგი რომ რეალურადაც ისეთი ყოფილიყო, როგორიც გარეგნულად ჩანდა. კარგია მყინვარის სიმაღლე, მაგრამ წარსულზე, აწმყოს გარეშე, მომავალს პირდაპირ ვერ დააშენებ. დღევანდელი მყინვარი კი სიმაღლის მხოლოდ გარეგანი სახეა, შინაგანად დაფუყული, გულგამოცლილი. წარსულსა და აწმყოს შუა ხიდი ჩატეხილია. ამიტომ ცდილობს პოეტი ჯერ ამ ხიდს აუშენოს ქვაკუთხედი, როგორც თავად ამბობს ერთ პუბლიცისტურ წერილში, „ქვაკუთხედი იმ ხიდს, რომელიც დროთა გარემოებამ ჩატეხა წარსულსა ადა აწმყოს შუა, რომლის ხელახლად გადებას შეუდგა დღევანდელი დღე.“ ამ მიზნით პოეტი ირჩევს არა „სვლაშეწყვეტილ“,„დადუმებულ“ მყინვარს, არამედ თერგს მთელი თავისი ვაითა და ვაგლახით, რადგან ის არის აწმყოს ერთადერთი ცოცხალი ძარღვი.
მყინვარი შედგა და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა ქარის ქშუილმა და ნადირის ღმუილმა შეცვალა. თერგი კი მიმდინარეა და თავისი „საშინელი ხმაურობა“ „ბაყაყების ყიყინზე“ ჯერ არ შესცვლია.
აღარ ეტევა
ამ თავის ბოლო ნაწილის დავდებ ხვალ მაშინ
"დაცარიელებული ბეთლემი" ხომ წერია orthodoxy.ge -ში, განყოფილება სხვადასხვა.
თამარი_ცქნაფო
გაიხარე კაი გოგო ხარ მარა იმედია შენი ხელით არ აგიკრეფია ხომ?? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html
და შენი აზრით მზად იყო ის საერთოდ ბერობისთვის?? ჰქონდა გააზრებული თუ რას აკეთებდა?? და აკეთებდა კი ამას საკუთარი ნებით???
di_onise
მზად არ იყო, ჩემი აზრით, უფრო მეტიც, მას სამყარო წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც ბორტების სადგური, ის კი ავიწყდებოდა, რომ ეს ქვეყანა უფლის შექმნილია და მთლად ბოროტს ვერ უწოდებ ერთი ხელის მოსმით, რაც მთავარია: მას რეალური ბრძოლა გადატანილი არ ჰქონდა რწმენის გასამყარებლად, მხოლოდ ''ყინულებში'' ცხოვრება ეგონა სულის გამოწრთობის მთავარი დაბრკოლება, მისთვის ეს გზა შეწირვა კი არა, უფრო ტანჯვა იყო, ამ სიტყვის უფრო ხორციელი გაგებით. რეალურად ''ბრძოლის'' წინაშე რომ აღმოჩნდა, მაშინ ვერ გაუძლო...
მერე გავაგრძელებ რა, თან სხვა რამეზე ვფიქრობ და ვაკეთებ
ვაგრძელებთ, მაგრამ აშკარადა მკითხველი არაა :
შემდეგი თავი:
მარიამ ნინიძე
დაცარიელებული ბეთლემი
(წმიდა ილია მართლის პოემა „განდეგილის“ შესახებ)
„ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში“
„განდეგილთან“ დაკავშირებით ცალკე გვინდა ვისაუბროთ უკანასკნელ ჟამს ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში წრმოჩენილი ერთი თვალსაზრისის შესახებ. იგი შეეხება „ღვთისმშობლის ხატის მხატვრულ ფუნქციას“ ამ პოემაში. ხსენებული თვალსაზრისის მიხედვით მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახეებში „სქესობრივი სხვაობა მიწიერიდან გატანილ იქნა იმქვეყნიურში. მიმართება ცალკ-ცალკე ერთისა და მეორისადმი განისაზღვრებოდა სქესობრივი განსხვავებულობის შეგნებით. ქრისტე იყო ცენტრალური პირი რელიგიური კულტისა ქალებისათვის, მარიამი კი მამაკაცებისათვის.“ ანუ ღვთისმშობლის „კულტს მამაკაცი ასკეტებისათვის ჰქონდა მიწიერი ხასიათი.“ (ლადო მინაშვილი, ილია ჭავჭავაძე, გვ. 346)
ამ თვალსაზრისზე დაყრდნობით იმ ეპიზოდებს, სადაც პოემა „განდეგილში“ ღვთისმშობელი ან ღვთისმშობლის ხატია ნახსენები, შესაბამისი ფსიქოლოგიური საფუძველი და მხატვრული ფუნქცია აქვს. ჩვენი აზრით, მთელი ეს თეორია სრულიად მიუღებელია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი ფსიქოლოგიური საფუძველი ძალიან შორს არის ილიასეული მსოფლმხედველობისაგან, მეორეც იმიტომ, რომ ღვთისმშობლის ხატის ამგვარ ფუნქციაზე ნაწარმოებში ერთი მცირე დეტალიც კი არ მიგვანიშნებს. ცოდვით დაცემულ ბერს შეიძლება უკადრისი რამ მოეჩვენოს, ან შეუფერებელი რამ გაიფიქროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენაა. მით უფრო, რომ ღვთისმშობლის ხატზე ქალის სახის დანახვამ ეს ცოდვილი ბერიც კი შეაძრწუნა. ასეთი ტექსტობრივი მონაცემების გამო არავითარი საფუძველი არა გვაქვს მსგავსი მოსაზრების დასაშვებად, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოემის ავტორი სპეტაკი სულის მქონე მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და ამგვარ რამეს გონებაში არ გაიტარებდა.
ღვთისმშობელი დედა არის კიბე ადამიანთა ზეცასთან დამაკავშირებელი. მისი გზით განხორციელდა ძე ღვთისა, რომელმაც იხსნა ადამის მოდგმა სულიერი სიკვდილისაგან. ამიტომ ის ადამიანთა შორის უწმინდესი და უპირატესია - ყოვლადწმინდაა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მწერალს ბერის სულიერი მარცხი ღვთისმშობლის ხატზე მწყემსი ქალის სახის ხილვით ეჩვენებინა იმის ნიშნად, რომ მან სიწმინდე ცოდვაზე, ზეციური მიწიერზე, მარადიული წუთიერზე გაცვალა.
მეორეს მხრივ. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პოემის მოქმედება არ არის სივრცეში განზოგადებული. ბერი საქართველოში, მყინვარზე გამოკვეთილ მონასტერშია და ამ ღვთისმშობლის ხატს ქვეყნის გადარჩენას ევედრება. საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა. მაცხოვრის აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, სულიწმინდის გარდამოსვლის ჟამს მოციქულებს წილად ხვდათ საქადაგებლად სხვადასხვა ქვეყნებში წასვლა. ღვთისმშობელს სხვა ქვეყნებთან ერთად შეხვდა საქართველო, მაგრამ, რადგან აქ წამოსვლამდე წმინდა მარიამს ეუწყა, რომ მალე მიიძინებდა, საქართველოში ქრისტიანობის ქადაგება მოციქულებმა აღასრულეს. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ისინი სწორედ ღვთისმშობლის ხელთუმნელი ხატით ჩამობრძანდნენ საქართველოში (აწყურის ხატი) და იქადაგეს ქრისტიანობა. მოგვიანებით ღვთისმშობელი მფარველობდა მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსაც. აი, რას წერს ამის შესახებ ილია 1888 წლის „ივერიის“ მეცხრე ნომერში: „ამ ჩვენს ღვთისმშობლის წილად-ხვდომილს ქვეყანას ღვთისმშობლისავე ლოცვით და კურთხევით მოევლინა ზეგარდმო შთაგონებული წმინდა ქალწული, გადმოლახა თავისი უძლურის ფეხითა მთანი და კლდენი... პირქვე დაამხო სალოცავნი კერპთმსახურებისანი და მათს ადგილას აღმართა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი პატიოსანი.“
ღვთისმშობელი განსაკუთრებული მეოხია ბერ-მონაზონთა. მისდამი არსავლენ ერთ-ერთ დაუჯდომელში კი ვკითხულობთ: „ზღუდე ხარ მონაზონთა წესისა ღვთისმშობელო“. „ქართველი მართლმადიდებლები - მამაკაცებიც და დედაკაცებიც ყოველთვის გრძნობდნენ და გრძნობენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობას მიიჩნევდნენ მას უდიდეს მეოხად ღვთის წინაშე და მისდამი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ჩანს ღვთისმშობლისადმი „აჩრდილშიც“, სადაც საქართველოს თანამდევი უკვდავი სული ღვთისმშობელს ასე ევედრება:
„დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა...“
ამიტომ ჭექა-ქუხილის ატეხის შემდეგ სენაკში შებრუნებული განდეგილი ბერის სესახებ რომ ვკითხულობთ:
„ცრემლით ალტობდა ღვთისმშობლის ხატსა
და ხელაღპყრობით ევედრებოდა
წაწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა“,
პირველ რიგში ის უნდა გავიხსენოთ, რომ მოქმედება ხდება საქართველოში, რომელიც ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა და „ქვეყნის ხსნაში“ ბერი პირველ ყოვლისა ალბათ მის ხსნას შეევედრებოდა ღვთისმშობელს.
ამიტომ, ჩვენი აზრით, ღვთისმშობლის ხატის მხატვრული ფუნქცია აქ ასკეზის გზით დათრგუნული ადამიანური ვნებების სულიერ პლანში „ტრანსფორმირებულ“ გრძნობებზე მინიშნება კი არ არის, არამედ მინიშნებაა იმაზე, რომ ის, რაც ბერს გადახდა თავს, დაკავშირებულია მთელი ერის ტრაგედიასთან. ბერის ლოცვანი ძირს დავარდა. ცოდვით დაცემისა და ამით გამოწვეული უსასოობის გამო მისი ლოცვა ვეღარ მივიდა ღმერთამდე. მისი დაღუპვით დაიკარგა ქვეყნის ხსნისათვის მღაღადებელი - დაცარიელდა ბეთლემი.
აქვე გვინდა ორიოდე სიტყვა ვთქვათ პოემა „განდეგილის“ მიძღვნასთან დაკავშირებით ილიას მეუღლის ოლღა გურამიშვილ-ჭვჭავაძისადმი. ყოველგვარი არგუმენტების და რეალური დასაყრდენის გარეშე გამოითქვა ასეთი აზრი, თითქოს „განდეგილის“ ხელნაწერში პოემის სათაურის ქვეშ ძღვნის ადრესატად თავდაპირველად სხვა პიროვნება იყო დასახელებული, შემდეგ იგი გადაშლილია და ოლღა გურამიშვილის სახელი წერიაო. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მკითხველს შეუძლია ნახოს ეს ხელნაწერი ან მისი ფოტოასლი და თავადაც დარწმუნდეს ამაში. ხელნაწერში გადაშლილია სათაურის ორი ადრეული ვარიანტი - „მეუდაბნოე“ და „ბეთლემი“, ასევე ქვეშ მინაწერი “ხალხში გაგონილი“, მაგრამ გადაშლილი სიტყვებიც კი იკითხება. რაც შეეხება ძღვნას, იგი სრულიად გარკვევით და სუფთად არის ნაწერი-: „კნეინა ოლგა ჭავჭავაძისას“. სამწუხაროა, რომ ზოგნი წმინდანების შეურაცხყოფას და მათ შესახებ უსაფუძვლო ჭორების გავრცელებასაც არ ერიდებიან.
ილიას თხზულებათა აკადემიურ გამოცემაში, რომელიც მზად არის გამოსაცემად, ეპისტოლარული მემკვიდრეობის ორი ტომიდან ერთი მთლიანად ილიას ოლღასადმი მიწერილ წერილებს უკავია, რომლებშიც საოცარი სითბო, სიყვარული და პატივისცემა ჩანს. 1892 წელს გამოსული ილიას თხზულებათა პირველი კრებულის პირველ ტომს გარეკანზე დაკრული აქვს ქაღალდი წარწერით: „ჩემს კარგ ოლიკოს, ილია ჭავჭავაძე“.
ოლღა გურამიშვილი იყო უსაზღვროდ სათნო და მოსიყვარულე ქალი, ნამდვილი მეუღლე და მეგობარი ილიასათვის. ამასთანავე იგი იყო საოცრად ღვთისმოსავი. „ღვთის გულისათვის, რომელიც აგრე გიყვარს...“ მიმართავდა ილია მას ერთ-ერთ პირად წერილში.* (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი ათ ტომად, ტ.10, გვ.191). ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ილიასა და მას თავს დაესხნენ, ოლღას ხელჩანთაში „დავითნი“ ჰქონდა., რომელსაც თურმე მუდამ თან დაატარებდა.
საინტერესოა ილიას კიდევ ერთი წერილი ოლღასადმი, რომელიც მის სულიერ განწყობას გვიჩვენებს: „მინდოდა დავრწმუნებულიყავ, რომ შენ ადამიანს უყურებ, როგორც ღვთის მიერ შექმნილ არსებას, რომელშიც უპირველეს ყოვლისა სული უნდა მზიანობდეს.“ სწორედ ასეთი ადამიანი შეიცნო მწერალმა თავის მეუღლეში და ამიტომაც უდიდეს პატის სცემდა მას. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება, რომელშიც ერის სულიერი დაცემის ტკივილებია ნაჩვენები, მიუძღვნა იმ ადამიანს, რომელშიც „სული მზიანობდა“, რომელიც მისი ახლობელი იყო და პოემაში გამოთქმულ ნაფიქრალ-ნააზრევს სისრულით აღიქვამდა.
ოლღა გურამიშვილმა ილიას გარდაცვალების შემდეგაც ურყევად შეინახა ერთგულება და სიყვარული თავისი მეუღლისა. ამის დადასტურებაა მისი თხოვნა გუბერნატორისადმი: „სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი მაღალი ნიჭი შესწირა ადამიანის სულში ადამიანური გრძნობის, კაცთა შორის სიყვარულის განმტკიცებას“. მისი მკვლელებისადმი წაყენებული „ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს იმ ღვაწლს სიყვარულისას“ და გთხოვთ სასიკვდილო განაჩენი პატიმრობით შეუცვალოთო. ეს იყო ერთადერთი სწორი გზა, რითაც შეიძლებოდა გარდაცვლილისადმი პატივისცემის გამოხატვა და მისი ღვაწლის ამაღლება სიკვდილზე. ვერ გავიზიარებთ იმ აზრს, ილიას მეუღლე მკვლელებმა თუ მათმა წამქეზებლებმა დააშინეს და თავისი ნების წინააღმდეგ დააწერინეს ეს თხოვნაო. ასეთი რამის დაწერა საკუთარი სურვილის, საკუთარი გულისწადილის გარეშე წარმოუდგენელია ოლღა გურამიშვილის მხრივ. გასაგებია და ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ილიას მკვლელობის ორგანიზატორები ყველაფერს იკადრებდნენ და მათ შორის მუქარა-დაშინებასაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ილიას მეუღლე ასეთ გარიგებაზე დათანხმდებოდა. ოლღა ჭავჭავაძის ეს ნაბიჯი სწორედ რომ ილიას ღირსების შესაფერია და ნუ დავუკარგავთ მას ამ შინაარსს.
თამარი_ცქნაფო
სად შემიძლია მაგდენი
მართლა მინდა წაკითხვა და მაინტერესებს, მარა აი ამდენი არც დრო მაქ და არც ნებისყოფა. ალაგ-ალაგ გადავხედე. იქნება უფრო დისკუსია გაგეჩაღებინა და ამ ხალხის ნააზრევი, შენ კი გექნება კარგად წაკითხული, მოკლე-მოკლე ციტატებით გაგეცნო ჩვენთვის.
დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება.
მომიტევეთ თუ ოფტიპიკია.
ქენი მადლი და ერთი-2 სიტყვით ჩამოაყალიბე რა იდეა აქვს მარიამ ნინიძეს, და რას ამტკიცებს?, აი თუ რამე საინტერესოა მერე ჩაუჯდები(თ) მაგას თორე დრო არაა.
მეტი არავინ??
თამარი_ცქნაფო
მემგონი ძალიან შევაშინეთ ეს ხალხი ასეთი დიდი პოსტებით
კაი ბატონო, მაშინ მარიტაზეც მითხარით ერთი-ორი სიტყვა...
ვინ უფრო იყო დამნაშავე??
თამარი_ცქნაფო
ვახხხხ
რა ჩამჭრელი შეკითხვებია.
არა უბრალოდ ეხლა გავიარე და რაღაც-რაღაც შეკითხვები გამიჩნდა.
აბაის პოსტი რო დავწერო თემაში ხო გამომაგდეს იქიდან
რამდენად სწორად შევარჩიე თემა არ ვიცი, მაგრამ ეს სიტყვები უზომოდ მომეწონა
"ღრმა შინაგანი კულტურა, უპირველეს ყოვლისა, სულის ღვაწლის ნაყოფია. მიღებული ინფორმაციის რაოდენობა კი არ არის განათლების საზომი, არამედ ამ ინფორმაციის გააზრებისა და სულიერად გადამუშავების უნარი. პლატონი ამბობდა: "სრული უწიგნურობა ყველაზე დიდი ბოროტება არ არის, ცუდად გააზრებული, დაუნჯებული ცოდნა კიდევ უფრო უარესი ბოროტებაა!"
"ამ მშვიდ, ჩუმ, მდაბალ, ცოდნისმოყვარულ კაცს მუდმივად სწავლა სურდა, მეხსიერებაში იმარხავდა და ყვებოდა ხოლმე მთაწმინდელ მამათა ასკეტურ ღვაწლზე".
"საერთოდ, სულიერად ჯანსაღი ადამიანები უდიდესი დონის ნაწარმოებებს ქმნიან და მათი მოღვაწეობის შედეგებში მათივე პიროვნული აღორძინებაა ასახული".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ლევან გოთუა კომუნისტებმა 19 წლისა აბასთუმანში დაიჭირეს და შვიდი თვე ჰყავდათ ციხეში გამომწყდეული. ქართველი, ოსი, სომეხი ჯალათების სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა, მაგრამ სულზე მიუსწრო ახალციხის მაზრის მილიციის უფროსმა. გამოუშვეს, მაგრამ 1925 წელს სამი წლით ციმბირში გაასახლეს. ისე სწრაფად გააყოლეს ეტაპს, ახლობლებმა ვერც მისი ნახვა და ვერც თბილი ტანსაცმლის შეგზავნა ვერ მოასწრეს.
ორი თვე მოსკოვში, ბუტირკის ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული, მერე სოლოვკის კუნძულებზე უკრეს თავი. იქ ჩაყვანილი ქართველები ბნელ საკანში, მუხლებამდე წყალში, სისხლის სამართლის დამნაშავეებთან შეყარეს. ქართველებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობაც გამოაცხადეს. 30 დღის შემდეგ მიაღწიეს მიზანს, მაგრამ დიდი მსხვერპლის ფასად, მათგან ცოტა თუ გადარჩა.
1927 წელს ლევანს პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს, ოღონდ არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება და ექვს დიდ ქალაქში დასახლება. ვადის გასვლის შემდეგ კიდევ სამი წელი დაუმატეს. გაწამებულმა გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ ჭოროხთან ჩეკისტებს ჩაუვარდა ხელში. ისევ ხუთი წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. იმედი მაინც უკიაფებდა: "დრო მოვა და... წარსულო სიცოცხლევ, ხელახლა დაიწყებიო".
ერთხელ ბანაკის პატიმრებს მდინარე ობში ბანაობის ნება მისცეს. წყალმა ლევანი გაალაღა, მოუსვა მხარული, დიდხანს მიცურავდა, რომ მოიხედა, ნაპირი აღარ ჩანდა. ერთი კი იფიქრა, გადავლახავ მდინარეს და გავიქცევიო, მაგრამ მაშინ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებოდა. უკანვე გამოცურა. ბანაკში ჰგონებიათ, ობში დაიხრჩოო და მისი ტანსაცმელი სხვისთვის მიუციათ. "ურჩი" პატიმარი ერთი კვირა იზოლატორში გამოკეტეს, მერე კი ვიღაცის ჭუჭყიანი ძველმანები მისცეს, მისი ზომის ფეხსაცმელი ვერ უშოვეს და კარგა ხანს ფეხშიშველი დადიოდა.
1937 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ თბილისში ცხოვრების ნება მხოლოდ 1938 წელს მისცეს. 1946 წელს, როცა მისი ორი პიესა თბილისის მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა და მისი წიგნები ძალზე პოპულარული გახდა, ანტისაბჭოთა ჯგუფის შექმნა დააბრალეს და ათი წლით ვორკუტაში გადასახლება მიუსაჯეს. მამაცურად დაუდგა ლევანი განსაცდელს. ჯალათებს სულ მატყუარები და მტარვალები ეძახა, - დადგება დრო და საბრალდებო სკამზე თქვენ თვითონ მოხვდებითო. "ეს არ მოხდებაო", - დაუბღავლია შეშინებულ რაფავას და ლევანის ცემა უბრძანებია, - მაინც ვერ გატეხეს, ხელი ვერაფერზე მოაწერინეს.
40-50 გრადუსი ყინვა, თოვლი, ქარბუქი, შიმშილი, არაადამიანური ყოფა, დამცირება - რა ენამ გამოთქვას ის მიწისზედა საზვერეები! წელიწადში მხოლოდ ორი წერილის გამოგზავნის უფლება მისცეს. გაჭაღარავდა ბანაკში: "ბატიას", "დედუშკას" ეძახდნენ. "ჩემი ნაწერები და ჩემი გმირები ყოველთვის ჩემზე ბედნიერები იყვნენ... არ მშურს! ასეთია ბედის შეუვალობა", - სწერდა ახლობლებს. "როცა წერილს ვწერ, თავი საქართველოში მგონია", - ოხრავდა. იქ ჩუმად დაწერა "გმირთა ვარამი". ბანაკის ტერიტორიაზე დაყრილი მორები ქალაქში თავისუფლად მცხოვრებმა ქართველმა იყიდა. სწორედ ამ მორების გულში იდო მისი ხელნაწერი.
ციხის მეგობრებს ძალიან უყვარდათ "ლევან ბერი".
სამშობლოში სტალინის სიკვდილის შემდეგღა დაბრუნდა..."
"მწერალი არის არსება, რომელსაც ევალება და ხელეწიფება, იდგეს "ზეციურ მამასა" და ხალხს შორის, რათა არ შეწყდეს ის კავშირი, რომელსაც სიტყვა-ლოგოსი უზრუნველყოფს"
"მწერალი ადამიანის ქომაგია, მისი "დარდების შემგროვებელი"
"მწერალს, სიტყვის მომპატრონებელს, სიტყვის მადლით დასაჩუქრებულს, შეუძლია საღვთო საქმის კეთება, ამისთვისაა მოვლენილი".
/მანანა კვაჭანთირაძე/
"გორში სოფელ ვარიანის სამხრეთით მოზრდილი ჭაობი იყო, რომელიც წამლავდა ჰაერს და ზაფხულობით ციებას აჩენდა, ამ ჰაერმა დაუზიანა ფილტვები იაკობ გოგებაშვილს. ავადმყოფობა გაუღრმავდა მაშინ, როცა ის სასწავლებლად კიევის აკადემიაში გაემგზავრა. იქ სამი წლის ყოფნის შემდეგ ჭლექის ნიშნები გამოაჩნდა. ეს სნეულება მას მთელი ცხოვრება თან სდევდა. ამიტომაც არ უნდოდა ოჯახის შექმნა.
ფილტვების ტუბერკულოზი მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და ერიდებოდა, ცოლ-შვილი ამ სნეულებით არ დახოცოდა. იაკობს და დარია მამაცაშვილს გულწრფელი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ იაკობს ამ დიდ სიყვარულზეც უარი უთქვამს:
"არა ვარ საერთოდ ცოლის შერთვის წინააღმდეგი, მეც მინდოდა ვყოფილიყავი ცოლ-შვილით ბედნიერი კაცი, მაგრამ რომ დავუფიქრდი, თუ რა დიდ მოვალეობას ვკიდებდი ხელს და როგორ დიდ ბოროტმოქმედებას ჩავიდენდი კაცობრიობის წინაშე ჩემი ცოლის შერთვით, უკან დავიხიე. ის არ იყო საკმარისი, რომ მე ავადმყოფი, ფილტვებშეშინებული ადამიანი ვიყავი, რომ კიდევ სხვა ავადმყოფი ხალხი გამეჩინა ქვეყნისათვისა! ეს ხომ დიდი დანაშაული იქნებოდა".
სიკვდილის წინ იაკობმა ანდერძი შეადგინა, ფული ყველას გაუნაწილა, ის ასოთამწყობიც კი არ დაივიწყა, მის წიგნებს რომ აწყობდა, თვითონ კი... როცა დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს, თვითმხილველებმა თქვეს, მიცვალებულს დაკერებული ფეხსაცმელი ეცვაო".
"მიხეილ ჯავახიშვილის მესამედ დაპატიმრებას ასეთი ისტორია უძღოდა წინ: 1937 წელს ლავრენტი ბერიას თბილისის მეტეხის ტაძრის დანგრევის განკარგულება გაუცია. ვიდრე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთპიროვნული ლიდერის გადაწყვეტილებას დღე-დღეზე აღასრულებდნენ, ამ ინფორმაციით შეშფოთებულმა ქართველ მწერალთა ერთმა ნაწილმა სასწრაფოდ მოითხოვა ბერიასთან აუდიენცია.
"ბერიამ დაგვინახა თუ არა, შავმა ალმურმა გადაჰკრა სახეზე. მან მკვახედ გვითხრა: ასე, დელეგაციის სახით, ერთად არ უნდა მოსულიყავით, ცალ-ცალკე რატომ არ მოხვედითო", - გაიხსენა მამის მონაყოლი მწერლის ქალიშვილმა, ქეთევან ჯავახიშვილმა. ქართველი მწერლები შეეცადნენ დაერწმუნებინათ ბერია, რომ ისტორიული მემკვიდრეობისადმი ამგვარი დამოკიდებულება ზიანის მეტს არაფერს მოიტანდა, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ნებას.
ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, რომელმაც შუა საუკუნეებიდან მოაღწია ჩვენამდე და მტრის მრავალ შემოტევას გადაურჩა, დღეს ჩვენი ხელით არ უნდა დავანგრიოთო. მიხეილ ჯავახიშვილს, რომელიც ამ შეხვედრაზე ყველაზე მეტად აქტიურობდა, ისიც კი უთქვამს: "ასეთ ძეგლს ევროპაში ოქროს ჩარდახში ჩასვამდნენო!" ბერია იძულებული გახდა, შეეცვალა გადაწყვეტილება, მაგრამ რადგან უვიცობაში ამხილეს, გულში წყენა ჩაიდო და მოგვიანებით დელეგაციის თითქმის ყველა წევრი დახვრიტა.
მიხეილ ჯავახიშვილი ამ შეხვედრიდან შინ გაფითრებული დაბრუნებულა და განმარტოებას ცდილობდა, რადგან გრძნობდა, მართალია, მეტეხის ტაძარი დანგრევას გადაურჩა, მაგრამ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. ბერიას ისიც გაეგონა, როცა იგი საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი გახდა, მაშინ მიხეილ ჯავახიშვილს მეგობარი მწერლისთვის უთქვამს: "ისღა გვაკლდა, ჩეკისტი დაგვჯდომოდა თავზეო". ახლა იგი ხელსაყრელ მომენტს ელოდა, რათა გულში ჩარჩენილი წყენა მსხვერპლის განადგურებით გაექარვებინა.
ეს დროც დადგა. მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს. დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდა ყველა ის ქართველი მწერალი, რომელიც მეტეხის ტაძართან დაკავშირებით ბერიასთან იმყოფებოდა.
მიხეილ ჯავახიშვილის პირველ დაკითხვას, რომელსაც მისი გამომძიებლები ლევან აბაშიძე და მიხეილ ნაცვლიშვილი აწარმოებდნენ, ლავრენტი ბერიაც დასწრებია. როდესაც ლევან აბაშიძეს დაუძლურებული მწერლის ცემა დაუწყია, მიხეილ ჯავახიშვილი გულაღმა დავარდნილა. შურისძიების გრძნობა რომ დაეკმაყოფილებინა, ბერია სიცილით მისულა მასთან, წაქცეულისთვის გულზე ფეხი დაუდგამს და უთქვამს: "აი, ახლა კი გადგას ჩეკისტი თავზეო".
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმისთვის წარდგენილ მოხსენებაში საბჭოთა ქვეყნის მიღწევებსა და წარმატებებთან ერთად მოთხრობილია მიხეილ ჯავახიშვილის, პაოლო იაშვილის, ნიკოლოზ მიწიშვილის, სანდრო ახმეტელისა და სხვა ღირსეულ ქართველ მამულიშვილთა "მავნებლური", "მოღალატეობრივი", "კონტრრევოლუციური" და აგენტურ-დივერსიული საქმიანობის შესახებ.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნინო ყიფშიძე აღნიშნავს, "ამ ბრალდებებსა და აღიარებებშიც არის სიმართლის მარცვალი - ეს ადამიანები მართლაც პატრიოტები და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულები იყვნენ და მათი ერთადერთი მიზანიც თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, საბჭოთა უღლისგან ჩვენი ქვეყნის განთავისუფლება და საბჭოთა იმპერიის დამარცხება იყო.
ამ ბრძოლაში ქართველ მოღვაწეთა იარაღი მხოლოდ კალამი გახლდათ. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში პატრიოტიზმი ყველაზე დიდ და უპატიებელ დანაშაულად ითვლებოდა, რომელსაც "წითელმა მმართველობამ" სასტიკი ომი გამოუცხადა".
მიხეილ ჯავახიშვილი მწერალთა ფაშისტური ორგანიზაციის წევრად მონათლეს და ამის საფუძველზე დააპატიმრეს, შემდეგ სასტიკი წამებითა და ოჯახის წევრთა დატერორებით სასურველი აღიარებითი ჩვენებაც ჩამოართვეს. თუმცა ამ აღიარებით ჩვენებას საერთო რომ არაფერი ჰქონდა სიმართლესთან, სასამართლო პროცესზე განაჩენის გამოტანის შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის საბოლოო სიტყვითაც კარგად გამოჩნდა. მან არა მარტო საკუთარი, მისი ბედის მოზიარე ქართველ მწერალთა სათქმელიც თქვა.
მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 30 სექტემბერს დახვრიტეს. სულ მალე მას 57 წელი უნდა შესრულებოდა. დასანანია, რომ შემოქმედებითი აღმავლობის მწვერვალზე მყოფ მწერალს ბევრი საინტერესო იდეა ხორცშეუსხმელი დარჩა. კომუნისტების წარმოუდგენელი ცინიზმი იქამდეც კი მივიდა, რომ რეპრესირებული მწერლების ბიოგრაფიებში არაფერია თქმული 1937 წლის სისხლიანი ისტორიების შესახებ, დახვრეტის შემდეგ კი, ვიდრე წითელი იმპერია არსებობდა, ისინი გამოჩენილ "საბჭოთა მწერლებად" მოიხსენიებოდნენ".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience