"ნუ დავიზარებთ სულიწმინდის მადლით გაჯერებული, მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვას, რადგან ნათქვამია: "მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი". ყოველი ადამიანი, რომელიც სუფთა გულით კითხულობს საღვთო წიგნებს, უდიდეს შემეცნებას მიიღებს უფლის შესახებ. ამიტომაც მთელი ძალით ვეცადოთ, არ დავიზაროთ ეს სათნო და კეთილი საქმე, განუშორებლად დავუმეგობრდეთ ლოცვასა და წიგნს, რათა საღვთო ნათლით განათდეს ჩვენი გონება და ყოვლად სრული და უნაკლო იყოს იგი.
შეისისხლხორცე ლოცვა და წიგნის კითხვა მარადის, რადგან რამდენადაც შეიყვარებ ღმერთს კითხვითა და ლოცვით, იმდენად იკურთხება შენი სხეული, სული და სამშვინველი. რაკი უწყი ამხელა მადლის შესახებ, ნუ დაიზარებ ამ სათნო საქმის აღსრულებას, მოუწყინებლად ითხოვდი ღვთისგან, მოგცეს ძალა და შეგეწიოს ამ კეთილ საქმეში".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"შენც, სულიერად მოწყურებული, დაეწაფე საღვთო წიგნების კითხავს, რადგან მათში იპოვი განსასუენებელს სულისას, სწავლებას საუკუნო სიხარულში დასამკვიდრებლად. მარად გახსოვდეს სიტყვა უფლისა და "ხვიდოდი გზათა მისთა". სიტყვას, რომელიც თესლად იწოდება სახარებაში, ნუ დაუთმობ ფრინველს, რომ მოგტაცოს იგი, არამედ დაფალი მიწის სიღმრეში - შენს გულსა და გონებაში და მრავალი ნაყოფით დაგასაჩუქრებს ღმერთი. გულმოდგინედ იკითხე და ჭეშმარიტად იღვაწე, რომ შეიმეცნო არსი და სიღრმე წაიკითხულისა. არ იჩქარო გადაფურცვლა, არამედ ორჯერ, სამჯერ და მრავალჯერ დაუბრუნდი ადგილს, რომლის აზრი და შინაარსიც გაუგებარი იყო შენთვის, რადგან, როგორც უფალი სახარებაში ამბობს: ვინც ირეკს, მრავალგზის აკაკუნებს რწმენისა და შემეცნების კარზე, მას აუცილებლად გაეღება იგი".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ღვთაებრივი სიტყვა - სასულიერო მწერლობა, ჩვენი მატერიალური ყოფის მოთხოვნილებებით გაუხეშებული სულებისათვის იგივეა, რაც წვიმა გვალვით გადამხმარი ბალახებისა და ზეთი - მინავლული კანდელისათვის".
/ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გვანცა კოპლატაძე/
"ღვთივსულიერ წიგნებს, როგორც უშრეტ მდინარეს, ისე ვეწაფოდეთ. როგორც ხვატში წყლის ნაპირზე მჯდომი გრილდება წყაროსგან წამოსული სინოტივითა და სიგრილით, საღვთო წიგნებს დაწაფებული სულიც ასევე განარიდებს თავს ვნებებსა და საუკუნო ცეცხლს".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"უყვარდა წმინდათა წერილთა კითხვა" და, საერთოდ, "სული და ცხოვრება მისი" წიგნის კითხვა იყო".
"კარგია, იკითხო სულიერი წიგნები, მაგრამ უკეთესია, წაკითხული პრაქტიკულად გამოიყენო - იცხოვრო სულიერად".
/ბერი პაისი ათონელი/
"მწერლობის მისია ის არის, რომ ადამიანს ესთეტიკური ხედვა გაუღრმავოს, დაანახოს უკეთესი რეალობა. ამ მხრივ მწერლობის მისია თითქმის ეკლესიის მისიას უტოლდება. ჭეშარიტი ლიტერატურა და რელიგია ყოველთვის გადაჯაჭვული იყო და არის, ერთმანეთთან ახლოს იდგა. შეიძლება რელიგია არსებობდეს ლიტერატურის გარეშე (თუმცაღა სახარება უდიდესი პოეზიაა), მაგრამ პირიქით შეუძლებელია. ყველაფერი ბიბლიიდან მოდის. რელიგიამ შვა ყველა ის ფასეულობა, რაც კაცობიობას გააჩნია. რელიგიის გარეშე ლიტერატურა არის ოდენ აჩრდილი, მოჩვენება. მწერლობას სჭირდება ქრისტიანობა ისე, როგორც ადამიანს ჰაერი."
/მწერალი ბაჩო კვირტია/
"თუკი თუნდაც ერთი დღით დავივიწყებთ წმიდა წერილისა და წმიდა მამების კითხვას, მაშინ ამასოფლის სული იმძლავრებს ჩვენში და რაც უფრო მეტ ხანს დავყოფთ ასე, მით უფრო მეტწილად დავკარგავთ სულიერ გონებას".
/მღვდელ-მონაზონი სერაფიმე როუზი/
"სასულიერო წიგნებს ვკითხულობდი. მამები გვასწავლიან, თუ ღვთის სიტყვის განმარტოებით კითხვისას შენთვის გაუგებარ ადგილს შეხვდები და ბრძენი და კეთილი მასწავლებელი გვერდით არ გყავს, თავმდაბლად სთხოვე უფალს, გონება განგინათლოს და კითხვა განაგრძე. როცა შემდეგში იმავე ადგილს წაიკითხავ, ყოველივე უცილობლად გასაგები გახდებაო".
"დამიჯერეთ, წიგნი ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარია. თუმცა მასთან მეგობრობა მხოლოდ სულიერი ინტერესების ადამიანებს შეუძლიათ".
/პროფესორი ლაურა გრიგოლაშვილი/
"როცა სულიერი შინაარსის თხზულების კითხვას განიზრახავ, არასდროს იჩქარო, ფიქრები მალევე სხვა, ნაკლებ მნიშვნელოვან საქმეებს მიაპყრო. გახსოვდეს, რომ მთელი შენი ცხოვრება, განუწყვეტლივ, ღვთის სიტყვას უნდა სწავლობდე.
დაე, წმინდა წიგნები და მათი კითხვა შენთვის უპირველესი და საუკეთესო საქმიანობა იყოს. წაიკითხე, განიბრძნე, ცხონდი და სხვებიც აცხოვნე. უფრო მეტად იპყარ ხელში და წაიკითხე სიტყვა ღვთისა - ბიბლია, დაე, მუდამ ბაგეზე გქონდეს სიტყვები ღვთის სჯულის წიგნიდან. ეს სიტყვა მაგალითია ჩვენი ადამიანური სიტყვისა. თუ გინდა, სიტყვაში ძლიერი იყო, უნდა განიმსჭვალო ღვთის სიტყვის სულით, ცხონების სულით, მისი სიწმინდისა და წმინდანობისა."
/წმ. იოანე ოქროპირი/
"წმინდა მაკარი ოპტელი მცირე საგნებშიც კი ვერ იტანდა უკრძალველობას. როცა დაინახავდა, მაგალითად, ვიღაცისგან ნაჩქარევად ანდა უყურადღებოდ გადაშლილად, ამობრუნებულად დადებულ წიგნს, ამის გამკეთებელს უეჭველად დატუქსავდა: - შენ წიგნი უკრძალველად დადე - ეს ცუდიაო და უთუოდ შეასწორებდა."
"ყოველი წიგნი გულისხმობს პიროვნებას, რომელიც მას წერდა".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"ეს საოცრად კაცთმოყვარე და ღმერთშემოსილი მოსაგრე [ღირსი სერგი რადონეჟელი] თავისი ცხოვრებითვე ჰბაძვიდა იმათ, ვის ცხოვრებასაც დღემუდამ კრძალვით და გულდაუნჯებით კითხულობდა და მათი ანგელოზთასწორი ღვაწლით და უპოვართადმი მათი მსახურებით განკვირდებოდა".
"გაფრთხილდი, საყვარელო", - მოგვმართავს წმინდა მამა [იოანე ოქროპირი] და გვირჩევს, მოუწყინებლად ვიკითხოთ სასულიერო ლიტერატურა და წმინდანთა ცხოვრებიდან ვისწავლოთ ბოროტ ძალებთან ბრძოლის ხელოვნება."
"მოიცალეთ და გულისხმაჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი", - ბრძანებს უფალი. შემოქმედის შემეცნება კი ცოდვებისგან განწმენდილი გულით წმინდა წერილის კითხვით არის შესაძლებელი. ამიტომ არ დაგეზაროს სასულიერო ლიტერატურის კითხვა, - გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი, - არამედ განუწყვეტლად ილოცე გულში და იკითხე წმინდა წერილი, რათა ღვთის მადლმა განგინათლოს გონება და სისრულეს მიაღწიო, რამეთუ უფალი ბრძანებს: "იყავი სრულ, ვითარცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არს".
"წმინდა მამა იხსენებს სამოელ წინასწარმეტყველის დედას, ანას, და ბრძანებს, რომ ნეტარი ანა გულში ლოცულობდა, ბაგეებს ამოძრავებდა, მაგრამ ხმას არ გამოსცემდა, და მისი ჩუმი ლოცვა შეისმინა უფალმა - მიმადლა ძე და დაიხსნა უშვილობის ყვედრებისგან. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი იტყვის, თუკი ხმამაღლა ვედრება არ ძალგვიძს, ვილოცოთ გონებითა და გულით, რადგან უფალს მდუმარე ვედრებაც ესმის. არც მაშინ უნდა დავბრკოლდეთ, როცა სასულიერო ლიტერატურას ვკითხულობთ და ვერაფერს ვიგებთ. ასეთ შემთხვევაში, გვირჩევს წმინდა მამა, დასახმარებლად წმინდა წერილში განსწავლულ სასულიერო პირებს მივმართოთ. ამით ჩვენი უმეცრება კი არა, გონიერება წარმოჩინდება, რომ მზად ვართ უფლის სიტყვის მისაღებად. ნათქვამია: "თუკი განსწავლულ კაცს ნახავ, ნუღარ მოსცილდები, არამედ ტკეპნე მისი სამყოფლის ზღურბლი".
"დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ყველაფრის მიუხედავად, წიგნისთვის დროს მაინც რომ პოულობენ".
/მომღერალი ნინო ქათამაძე/
"შეგვეწიოს წმინდა სვიმეონი ჩვენც, მისი ცხოვრების კრძალვით მთხრობელთ და წამკითხველთ, და განგვკურნოს სულიერი უნაყოფობისგან".
"ცხოვრება თუნდაც იმიტომ არის საინტერესო, რომ წიგნის წაკითხვის ბედნიერება გაქვს"
/მომღერალი ნინო ქათამაძე/
"აღმოსავლელ მამათა ნაწერი ჭეშმარიტი თავგანწირვით, ვნებათა წარმხოცი სულიწმინდის სურნელით სუნთქავს."
"ვერაფერი ვერ შეედრება წიგნს, რადგან წიგნი იყო, არის და მომავალსიც დარჩება ერუდიციის, ცოდნის, განათლების მყარ ფუნდამენტად".
/სოსო სიგუა/
"სორბონის, ლონდონის და ბერლინის უნივერსიტეტებში სტუდენტებს სპეციალურად ვკითხე, რა წიგნს კითხულობთ მეთქი ამჟამად. ჩემი შეკითხვა სასაცილოდ არ ეყოთ. მერე კითხვა შევარბილე, ასწიოს ხელი, ვისაც აქვს მეთქი წაკითხული ჰიუგოს, გოეთეს, შილერის, ბაირონის, შექსპირის, სტენდალის ნაწარმოებები? ორმოცკაციან სტუდენტურ აუდიტორიაში არცერთი ხელი არ აღიმართა.
ცუდად მენიშნა ახალგაზრდობის გულგრილობა კაცობრიობის ძველი და ნაცადი მეგობრის, მისი კეთილი მრჩეველის - წიგნის მიმართ".
/რეზო მიშველაძე/
"სასულიერო წიგნთა ყურადღებით წაკითხვა და შესწავლა შემოკრებს გონებას, გაათბობს გულს და მოამზადებს მას ლოცვისთვის. სახარების ყურადღებით წაკითხვა აუცილებელია სულის განსაწმენდად, თუნდაც მთლიანად ვერ ვხვდებოდეთ მის აზრს.
წავიკითხოთ "ნოყიერი" წიგნები, ისეთი, როგორიც წმინდა ისააკ ასურის ნაშრომებია. კაცი ერთ წინადადებას წაიკითხავს ამ წიგნებიდან და მთელი კვირა, მთელი თვე ჰყოფნის საკვებად, იმ სულიერი ვიტამინების გამო, რომელთაც ისინი შეიცავს. დღეს კი ბევრი წიგნს კითხულობს, ამით სიამოვნებას იღებს, მაგრამ რასაც კითხულობენ, მათ არ ეხებათ, მათში არაფერი რჩება.
ისინი წაკითხულს მსუბუქად და არასერიოზულად უცქერიან. ამბა ისააკი ამბობს, "ქაღალდზე დახატული წყლით წყურვილს ვერ მოიკლავო". როცა ახალბედა ვიყავი, წმინდა მამათა ნაწერებიდან ცოტას ვკითხულობდი, მაგრამ ამონარიდებს ვკრებდი წაკითხულიდან, საკუთარ თავს წმინდა მამებს (იმათ სწავლებას) ვადარებდი და ვხედავდი, რა შორს ვიყავი მათგან. წმინდა მამებში ვიცქირებოდი, როგორც სარკეში".
/ღირსი პაისი ათონელი/
წმ. იოანე ოქროპირი
691. რას ეტყოდით ისეთ ადამიანს, რომელიც ფრიად მოშურნეა სასულიერო ლიტერატურის შეძენაში?
ვისაც საღმრთო წიგნები აქვს შინ, უდიდეს სარგებლობასა და ნუგეშს მიიღებს მათგან, რადგან ხშირად ისიც კი გვართმევს ცოდვის ჩადენის სურვილს, თუკი თვალს შევავლებთ წმინდა წიგნს და ღმერთი გაგვახსენდება.
"ღმერთმა მოგცეთ ძალა წიგნებთან სიახლოვისა, მართლისა და არამართლის გარჩევისა".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
" - მძიმე ბავშობიდან ვინ გამომიყვანა?
- ... მისმა უდიდებულესობა - ქართულმა წიგნმა"
/პედაგოგი ლიანა თოდუა/
"...იმ დღეებშივე ბატონმა სიმონმა მომაწყო საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკაში. უსაზღვროდ კმაყოფილი გარემოცვით - წიგნები, წიგნები, წიგნები..."
/ბაბო დადიანი/
"მართლმადიდებლური საგალობლების ყველა ავტორი - წმინდა იოანე დამასკელი, ღირსი კოზმა მაიუმელი, ღირსი ანდრია კრიტელი და სხვა მრავალი, რომლებმაც ეკლესიურ წესში ის ალეგორიული მასალა, ტიპებისა და სიმბოლოების ის ენა, ის ხატები შეიტანეს, რომლებითაც საუბრობს და სუნთქვას ეკლესია. ისინი, როგორც გოთური ტაძრების ფერადი შუშები, უძველესი ჟამნებისა და ფსალმუნების მინიატურებივით ამშვენებენ ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილ ჩვენს წიგნებს".
"ადრეული ასაკიდან მე უკვე მივაგენი ჩემი ცხოვრების გზას - უწიგნოდ სიცოცხლეს არ ვთვლიდი ღირებულად".
/ჰიდროგეოლოგიის დოქტორი ელენე აბაშიძე/
"სასულიერო წიგნების კითხვა სულიერ სიმშვიდესთან და ზნეობრივად განწმენდილ ყოფიერებასთან აზიარებს".
"კითხვა ხელოვნებაა, მკითხველიც ხელოვანია"
/ვირჯინია ვულფი/
"სულიერი საკითხავი სულს ათბობს და გაძლიერებულად აღძრავს მას ლოცვისა და მოღვაწეობისათვის".
/მამა პაისი/
"როცა წიგნს (სასულიეროს, რა თქმა უნდა) კითხულობ, შენი გონება იწმინდება".
/მამა ტიხონ მეუდაბნოე (+1968)/
"ერთი ძმა სენაკში იყო დამკვიდრებული. ოცი წელი დღე და ღამე წიგნებს კითხულობდა. ერთ დღეს აიღო თავისი ტოპრაკი და უშინაგანეს უდაბნოში შევიდა. გზად შეხვდა მამა ისააკს. სად მიხვალ, შვილოო. მამაო, ოცი წელია, წიგნებს ვკითხულობ, ამიერიდან მინდა ვაკეთო ის, რაც წიგნებში წამიკითხავსო. ბერმა დალოცა და გაუშვა."
"ჩემი წიგნები - ჩემი შვილებია, და როცა მათ ვკითხულობ, წინ უფლის ანგელოზები მიდგებიან"
"კითხვა: მუდმივად ვყიდულობ რელიგიურ წიგნებს, მაგრამ მათ წასაკითხად დრო არ მრჩება. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ ამით?
პასუხი: მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრების წესი მოითხოვს არა მხოლოდ ლოცვების წაკითხვას, არამედ სხვა სასულიერო საკითხებსაც. რელიგიური წიგნები განსაკუთრებით მარხვის დროს უნდა ვიკითხოთ. ამ წიგნების წაკითხვის გადადებით თქვენს სულიერ ცხოვრებასაც გადაავადებთ, რაც ცოდვად ჩაგეთვლებათ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა გველის ხვალ? იქნებ ცოცხლებიც აღარ ვიყოთ?!"
"კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება, მოყვასს არ ვათხოვო სასულიერო ლიტერატურა იმის შიშით, რომ არ დამიკარგოს?
პასუხი: როგორც წმიდა მამა ბასილი დიდი გვმოძღვრავს: ვინც მხოლოდ თავისი ტკბობისთვის ინახავს რამე ღვთის მადლს და არ უნაწილებს სხვებს, განიკითხება, როგორც ტალანტის (ფულის ერთეული) დამმარხველი."
"ახალი წმინდა წიგნების კითხვა ხშირადაა საჭირო, რათა ჩვენი გონება განათლდეს. როდესაც დანით ჭრი, ის ბლაგვდება, ხოლო როდესაც ძელაკზე ალესავ, მჭრელი ხდება, - ასევე ემართება გონებასაც წმინდა წიგნების კითხვისას"
/"სულიერი მდელო"/
"უბრალოდ, ადამიანმა უნდა იცოდეს კითხვა სტრიქონებს შორისაც"
/დეკ. გიორგი საბიაშვილი/
"წმინდა მამები თავიანთ ნაშრომებს სულიწმინდით წერენ; და ამიტომაც ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს. ლოცვა - ეს მათი ღვაწლია. თითოეული სიტყვა ნატიფად არის დამუშავებული და მოთავსებულია იქ, სადაც საჭიროა".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"საღვთო სიტყვებს იმიტომ ვსწავლობთ, რომ შევიგრძნოთ ისინი. და რაც უფრო მეტად შევიგრძნობთ მათ, მით უფრო განვიწმინდებით. როცა გულისყურით მოვუსმენთ ფსალმუნების, ტროპარების, კანონების სიტყვებს და დავტკბებით მათით, გარკვეული პერიოდის შემდეგ განწმენდასაც მივაღწევთ. ასეთი წმინდა საქმიანობით განვერიდებით ბოროტებას და გვსურს მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"დაკავდით საგალობლებით, წმინდანთა, მოწამეთა კანონებით, ფსალმუნებით, გულდასმით იკითხეთ წმინდა წერილი და მამათა ნაწერები. ამ გზით თქვენი სული გახდება ფაქიზი, განიწმინდება, განიღმრთობა, იქნება მზად - მიიღოს საღვთო გზავნილები".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"წიგნების ახლანდელი დაყოფა თავებად და მუხლებად შემოღებულია მეცამეტე საუკუნეში კარდინალ ჰუგის მიერ. პირველად მან ვულგატა დაყო თავებად და მუხლებად, ეს მოეწონათ სხვებსაც და ჰუგის მიერ შემოღებული დაყოფა მათაც გადაიტანეს".
"წმინდანთა ცხოვრება ძლიერ განგამტკიცებს ადამიანს"
"ქრისტიანობა წიგნების გარეშე არ არსებობს"
"გონებას იდეები ისე სჭირდება, როგორც მანქანას - საწვავი. წიგნებიდან კი ბევრი იდეის აღება შეიძლება"
/ელიფ შაფაქი/
"ვისაც ინტელექტი და წიგნთან ურთიერთობა აკლია, არასდროს დაიჯერო მისი სულიერების..."
/მამა პეტრე/
"არაფრის მომცემი საუბრები, არც ზედმეტი ურთიერთობები არ მოგიტანს სიკეთეს...
რაც უფრო ჩაუღრმავდები საკუთარ თავს, მეტად გააცნობიერებ, როგორი ცარიელია ირგვლივ ყველაფერი...
მიეკედლე წიგნს და სწორედ ის აგავსებს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ღვთის სიტყვის კითხვა იგივეა, რაც პური, ლოცვა კი - ცოცხალი წყალი სულისათვის. შეიძლება პურმა წყალი შეცვალოს ან წყალმა - პური? საჭიროა ერთიც და მეორეც".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"წმიდა წიგნები ამხელს ყველა ჩვენგანის სინდისს, მიუთითებს და ამოძირკვავს ვნებებს, აშიშვლებს ეშმაკის ბადეებს, გვასწავლის სათნოებას, განგვამტკიცებს მოთმინებასა და მწუხარებაში, გვახსენებს სიკვდილის საათს, გვაუწყებს ქრისტეს მოსვლასა და ცათა სასუფეველს, გვახსენებს მარადიულ ტანჯვას"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"წმინდანთა ცხოვრება უკეთესია დამწყებთათვის, მამათა თხზულებანი - საშუალოთათვის, ღვთის სიტყვა - სრულყოფილთათვის".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - როგორ დავიმახსოვროთ წმიდა წიგნში წაკითხული?
- რომ განვიმტკიცოთ და კარგად დავიმახსოვროთ სულის მხსნელი ამოკითხული, ის ძმას უნდა გავუზიაროთ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მუდამ იკითხეთ წმინდა წიგნები, ეცადეთ გაიგოთ წმინდა მამათა სწავლება: სიმდაბლე და ცოდვებისათვის მგლოვარე გული უნდა შევიძინოთ, რათა ყოველ კაცზე უარესად შევრაცხოთ თავი - უამისოდ ვერავითარ სულიერ წარმატებას ვერ მივაღწევთ".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"წიგნები თქვენთვის მოშურნეობისა და ძალის წყარო უნდა იყოს. სულიერი წიგნები უბრალო ლიტერატურა კი არ არის, არამედ წმინდა მამების სიტყვებია. ხოლო წმინდანები "არა ნებითა თვისითა იტყოდეს, არამედ წუევითა სულისა წმინდისაითა იტყოდეს და დაწერეს". ამას ჩვენთვის სიცოცხლის ფასი აქვს. წმინდა მამებმა მაშინვე იცოდნენ, რომ მომავალში ამგვარი სულიერი გვალვა დადგებოდა ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თავმდაბლები იყვნენ, ჩვენს სანუგეშოდ დასხდნენ და თავისი გამოცდილება დაგვიწერეს, რათა გვქონოდა ის, რაც ახლა გაგვაჩნია".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"მოძღვარს [იოსებ ვატოპედელი] აგრეთვე სურდა, ჩვენი ყურადღება სულიერი კითხვის სარგებელზე გაემახვილებინა. გვეუბნებოდა, რომ კითხვის დროს წმინდანები არა მარტო თავიანთი სიტყვებითა და დარიგებებით გვეხმარებიან, არამედ თავიანთი ლოცვითაც. გვირჩევდა, როდესაც ვინმე წმინდანის წიგნს ვკითხულობთ, კითხვასთან ერთად მას ლოცვითაც მოვუხმოთ ხოლმე. ერთხელ, როდესაც ნეა სკიტში ცხოვრობდა, წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ნაშრომის კითხვისას იმავდროულად გულით წმინდანისადმი ლოცულობდა. უეცრად ისე აშკარა გახდა ღირსი მამის იქ ყოფნა, რომ ბერმა უხერხულადაც კი იგრძნო თავი. "მომერიდა, არ შევეხო-მეთქი", ამბობდა".
"ბევრს უყვარს კარგი წიგნების კითხვა: ესეც კარგია; მაგრამ ყველაფერს სჯობია ლოცვა, ხოლო ვინც კითხულობს ცუდ წიგნებს ან გაზეთებს, იგი დაისჯება სულის შიმშილით; მისი სული მშიერია, იმიტომ, რომ საკვები სულისა და კმაყოფილება იმით - ღმერთშია; ღმერთშია მისი ცხოვრებაც, სიხარულიც... ო, როგორ ვუყვარვართ ღმერთს... და ეს სიყვარული შეიცნობა სულიწმინდით".
/წმ. სილუანი/
"როგორ ვზურნავთ ხორციელი ჯანმრთელობისათვის! სამკურნალო ბალახების შესახებ რაიმე წიგნს თუ მოვკარით თვალი, ან რაიმე რეცეპტი გავიგეთ, სასწრაფოდ ამოვიწერთ, დავიმახსოვრებთ და სხვებსაც ვურჩევთ. სასულიერო ლიტერატურაში კი სულიერი სენის სამკურნალო რეცეპტის მოძებნა აზრადაც არ მოგვდის"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"წმინდა მამების ნაშრომების კითხვა - ეს არის ყველა სათნოების მშობელი და მეფე"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"კარგია კითხვა და ცოდნა, მაგრამ მაშინ, როცა ამას თავმდაბლობამდე მივყავართ"
/ღირსი პეტრე დამასკელი/
"წიგნები სიმდაბლით იკითხეთ და უფალი განანათლებს თქვენს გულებს"
/ღირსი მაკარი ოპტინელი/
"კითხვისას ზომიერებას მისდიე. ზომიერება კითხვის მუდმივ სურვილს შეგინარჩუნებს, ხოლო მეტისმეტად ბევრის კითხვა გულს აგიცრუებს"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"წმინდა მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანის გამოთქმით, სარკეს ჰგავს: თუ მასში ყურადღებით და ხშირად იხედები, შენი სულის ნაკლოვანებას დაინახავ"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"გულით გთხოვთ, როგორც მეგობარს, ნუ გამოიტენით თავს სისულელითა და უაზრობით, - მხოლოდ სულიერი და სასარგებლო წიგნების კითხვას მოახმარეთ მეხსიერება"
/ღირსი ანტონ ოპტინელი/
რარიტეტული წიგნი = ძველი წიგნი
"ოდესღაც ეგვიპტის მეფემ ბრძანა, მის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკისათვის დაეწერათ: "სულის წამალი". ჩვენს დროში, პირიქით, არის წიგნები, რომლებსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ "სულის შხამი", და რომლებიც მას ისევე უნდა მოვაცილოთ, როგორც ჩვენს მაგიდას ვაცილებთ მავნე ანდა - მოწამლულ საჭმელს; რამეთუ კითხვა სულისათვის იგივეა, რაც კვება - სხეულისათვის: როგორც კი უკანასკნელი საკვების მიღებით მას წვნად და სისხლად აქცევს, ასევე სული იკვებება წიგნებიდან მიღებული შთაბეჭდილებებითა და აზრებით".
"წმინდა წიგნების კითხვა ხშირადაა საჭირო, რათა ჩვენი გონება განათლდეს. როდესაც დანით ჭრი, ის ბლაგვდება, ხოლო როდესაც ძელაკზე ალესავ, მჭრელი გახდება, - ასევე ემართება გონებასაც წმიდა წიგნების კითხვისას".
"კარგი წიგნი მოკრძალებული მეგობარია"
"მამა იოსები [ვატოპედელი] გვირჩევდა სისტემატურად გვეკითხა სულიერ წიგნები, წმინდა მამების ნაშრომები, რამეთუ მათში დიდი გამოცდილებაა და საღმრთო მადლს გადმოგვცემენ".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"წიგნები იკითხეთ! სხედხართ უსაქმოდ. იკითხეთ, ილოცეთ, ღმერთს მოუხმეთ, შეღაღადეთ, დაუძახეთ! ძლიერად მოუწოდეთ, რათა თქვენი ყვირილის ხმა გაიგოს"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"წმ. მამათა წიგნები ტომოგრაფიის მსგავსია, მსგავსი - იმიტომ, რომ ტომოგრაფიაზე ადამიანის ხორციელი მდგომარეობა აისახება, ისევე, როგორც სულიერ წიგნებზე - მისი სულიერი მდგომარეობა".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ვიღაცას მხოლოდ ერთი ტროპარი მთელ არსებას გადაუტრიალებს, მეორემ კი ყველაფერი ზეპირად იცის და არაფერს გრძნობს, იმიტომ, რომ სულიერ სინამდვილეში არ მიემართება. ამგვარად, იკითხეთ მამები, თუნდაც - ერთი-ორი სტრიქონი დღეში, ეს ვიტამინები მეტად განამტკიცებს".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ბერ იოსებს [ვატოპედელი] ერული განათლება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ შეძლო 16 წიგნი დაეწერა, რომლებიც ღმერთის სიბრძნისა და წმიდა მამათა გადმოცემის სურნელებას გამოსცემენ. მისმა ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა, მონაზონმა დედამ, ბერს ერთხელ უთხრა, მისი წიგნების კითხვით დიდ სარგებელს იღებდა და საღმრთო მადლის მოქმედებას შეიგრძნობდა. ბერმა მიუგო: "ეს ბუნებრივია, ჩემო შვილო, იმიტომ, რომ ეს სიტყვები ჩემი არაა, არამედ სულთმოფენობის მადლმა დაწერა, თორემ მე ჩემი სახელის დაწერაც არ ვიცოდი".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"ღვთივსათნო და წმიდა ადამიანთა ცხოვრებისა და მოსაგრეობის აღწერის კითხვისას არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მათი ანგელოზებრივი ცხოვრებით გაოცებით. უნდა ვეცადოთ, რომ ძალისა და შესაძლებლობისდაგვარად, მივბაძოთ მათ!"
"წიგნის ლოთი"
/ვასილ ბარნოვი/
"განგებისგან ხელდასხმულებს იტაცებს წიგნი"
/ვასილ ბარნოვი/
"საშინელია ხვედრი არაწმიდა მწერლებისა - მათ სიკვდილს შემდეგაც მოაქვთ ზიანი!"
"ძველები ფიქრობდნენ, რომ არსებობს ცხოველი, რომლის ერთი შეხედვაც კი სიკვდილის მომტანია; სწორედ ასეთია უზნეო წიგნი: მისი კითხვა სულისათვის მიყენებული პირველი სასიკვდილო დარტყმაა, რომელსაც აუცილებლად მოსდევს მრავალი სხვა დარტყმა"
"როგორც გონიერი ფუტკარი აგროვებს ყვავილებისაგან თაფლს, ასევე შენც, გვირჩევს წმიდა ეფრემ ასური - კითხვის საშუალებით მოიპოვე შენი სულის წამალი", ანდა წმიდა ნილოს სინელის თქმით: "ნუ დაგეზარება კითხვისაგან სასარგებლოს შეძენა".
"ლოცვის შემდეგ თავისუფალი დრო კითხვასა და გააზრებას დაუთმე. წასაკითხად ისეთი წიგნები შეარჩიე, რომლებიც ლოცვასა და, ზოგადად, შინაგან, სულიერ ცხოვრებას გვასწავლიან"
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ წიგნები ცივი გონებით კი არა, გულისყურით უნდა ვიკითხოთ. ისეთ წიგნებს უნდა ვსწავლობდეთ, რომლებიც გულით არის დაწერილი და ისინიც გულით იკითხება, ანუ კითხვის დროსაც სასურველ იესუს ლოცვას წარმოვთქვამდეთ"
"რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიკითხოთ წიგნები, რომლებიც მოგვითხრობენ წმინდა მამების ცხოვრებასა და სათნოებებზე, რათა შევედაროთ მათ და მივხდეთ, თუ როგორია ჩვენი ცხოვრება და რამდენად შორს არის ის ქრისტეს ჭეშმარიტი მოღვაწეების ცხოვრებიდან"
"უფრო სასარგებლო, ვიდრე დედის რძე... - ასე აფასებენ სასულიერო ლიტერატურის წმიდა მამები და ამგვარ დარიგებას გვაძლევენ: "განუწყვეტლივ და გატაცებით იკითხეთ რელიგიური წიგნები, ეს იძლევა სულიერ საკვებს" (წმ. ეფრემ ასური). ეს წიგნებია ჩვენი საუკეთესო მასწავლებლები, დამრიგებლები, აღმზრდელები, მოძღვრები. კარგი სასულიერო ბიბლიოთეკა ყველაზე ძვირფასი საგანძურია დედამიწაზე. "კითხვის გარეშე სული მშიერი და ჩახუთულია" (წმ. თეოფანე დაყუდებული). კითხვა შეუცვლელი წამალი და სალბუნია, - მაკურნებელი სულისა".
"მნიშვნელოვანია არა წაკითხული წიგნების, არამედ სათნო საქმეების რაოდენობა"
"ძმაო, იმისათვის ნუ კითხულობ, რომ ეძებო, არამედ ის ეძებე, თუ რა ღირს წასაკითხად"
/მონაზონი ვერონიკა/
"აუცილებელია ღვთაებრივი წიგნების კითხვა: ამის გარეშე სული თანდათან ცივდება, სასტიკდება და იმღვრევა კიდეც. როდესაც ვკითხულობთ და არ ვასრულებთ, მაინც უნდა ვიკითხოთ, რადგან შემდეგ შემდეგ ვძრახავთ საკუთარ თავს; ხოლო კითხვის გარეშე, როდესაც ცუდად ვხოვრობთ, გვგონია, რომ კარგად მივდივართ! ერთმა ამბამ უთხრა მოწაფეს, რომელსაც კითხვა არ სურდა: "გარეცხე ორი ჭურჭლიდან ერთი". მან გარეცხა. რომელი უფრო სუფთაა? - ჰკითხა ამბა. - გარეცხილი, - უპასუხა მოწაფემ. - თუმცა ის ისეთივე ცარიელია, როგორც მეორე, მაგრამ სუფთაა, ასეა ღვთაებრივი წიგნების კითხვაც, მართალია, წაკითხულს არ ვასრულებთ, მაგრამ ვიდრე ვკითხულობთ, განვიწმინდებით".
"გაქვს წიგნი? წაიკითხეთ, განიხილეთ და საკუთარ თავს შეუსაბამეთ. საკუთარ თავს შეუსაბამო - არის კითხვის მიზანი და ნაყოფი. თუ კითხვას საკუთარ თავს არ შევუსაბამებთ, სარგებელს კი არა, ბოროტებას მოვიმკით. თავში მხოლოდ თეორიები იყრის თავს და ისინი გვასწავლიან არა საკუთარი თავის მიმართვას სიკეთისაკენ, არამედ სხვების განსჯას. ყურნი გაქვთ და ისმინეთ. - თუ უკვე გაქვთ "ფილოკალია", იპოვეთ და წაიკითხეთ ისიქი, სიფხიზლის შესახებ. აქ დაწერილია აზრების მართვის, მოწყობისა და ხელმძღვანელობის შესახებ. წაიკითხეთ უფრო ყურადღებით, უფრო გულიანად შეითვისეთ და შემდეგ იქაური მინიშნების მიხედვით იმოქმედეთ"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"დაე, ლოცვა და წმინდა წიგნების კითხვა იყოს შენი მთავარი საქმე; სხვა საქმეებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა მიანიჭე, ხოლო მიწიერ საქმეთა მიმართ იყავი ცივი - თუ ეს შესაძლებელია, მათთვის უცხო".
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"როდესაც რაიმე სასარგებლო ნივთის მიღება მსურს, მაგალითად - წიგნის და ეს სასარგებლო ჩემი გულის თუნდაც მცირე ნაწილს იპყრობს, ასეთი სურვილიც არ არის კეთლი. რატომ უნდა დაატყვეოს წიგნმა ჩემი გულის ნაწილი? რა სჯობს - გვინდოდეს წიგნი თუ გვწყუროდეს ქრისტე? ადამიანის ნებისმიერი სურვილი, როგორი კარგიც არ უნდა ჩანდეს იგი, აუცილებლად უფრო დაბლა დგას, ვიდრე წყურვილი ქრისტესი ან ყოვლადწმიდა ღვთსმშობელისა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"წელიწადში 365 დღეა. რომ არ იჩქარო და სასულიერო ლიტერატურიდან ყოველდღე ზომიერად, ბევრს არა ცოტას, საყურადღებო დარიგებებს, სიბრძნეებს გაეცნო, თუნდაც ერთი გამოყო და მის განხილვას შეეცადო, წლის განმავლობაში რამდენ რამეს შეიმეცნებ, რამდენი რამ გეცოდინება"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"შრომისა და მორჩილებისგან თავისუფალ დროს, როდესაც გონება დაძაბულობისგან გადაიღლება, აუცილებელია სულისთვის მარგებელი წიგნების კითხვა"
"წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი, თავის დროზე, წიგნების გამავრცელებლებს ეუბნებოდა, რომ მართლამდიდებლური ლიტერატურის გამოცემა და გავრცელება სამოციქულო მსახურებაა"
"ადამიანში ზნეობრივი ძალის აღზრდის ერთ-ერთი გზა წმინდა და ღვთისმოსავ მოსაგრე მამათა თხზულებების კითხვაა"
"უდიდესი მადლია, რომ წმინდა მამებმა თავისი გამოცდილებით დაგვიტოვეს რჩევები. ხშირად ჩაიხედე წიგნებში"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"წმინდა მამათა წიგნების კითხვა საჭიროა და სასარგებლოა ღვთის ნების შესაცნობად. წმინდა მამები კითხულობდნენ ჩვენთვის ბოძებულ წმინდა წერილში ღვთის სიტყვას, ასრულებდნენ მას და მოღვაწე ცხოვრებით მაგალითს გვაძლევდნენ თავიანთ სწავლებებში.
როცა მათ არ კითხულობთ, არ იცით სულიერი ცხოვრების და ბრძოლის შესახებ და ფიქრობთ, რომ ღვთის სიტყვას წაიკითხავთ, შეძლებთ მათ ასრულებას და თავს არ იმდაბლებთ. ხოლო წმინდა მამათა კითხვისას შეიცნობთ (ღვთისკენ სავალ გზას) ღვთის მცნებებს, ცდილობთ მათ ასრულებას, მაგრამ მათ საზომს ვერ მიღწეული, შეიცნობ საკუთარ უძლურებას, მდაბლდები და იღებ ღვთის წყალობას, რომელიც განსაკუთრებით თავმდაბლებზე გარდამოევლინება".
/ღირსი მაკარი ოპტელი/
"მე მუდამ ვცდილობდი მელოცა და მეკითხა საღვთისმსახურო წიგნები, წმინდა წერილი და წმინდანთა ცხოვრებები; და გისურვებთ,რომ თქვენც ასევე მოიქცეთ"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"საიდუმლო ის გახლავთ, რომ სულიერი საკითხავით, შენდა შეუცნობლად, შეგიძლია სწრაფად, უმტკივნეულოდ გახდე წმიდანი"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"აუცილებელია არა მარტო ბიბლიის, არამედ საღვთისმეტყველო, სასულიერო წიგნების შეძენა.
მათი კითხვა უძლიერესი დაცვაა ჩვენთვის ცოდვისაგან;
მათი უქონლობა და არცოდნა კი - ღრმა უფსკრულია, როგორც ამის შესახებ გვასწავლის აბბა ეპიფანე.
მეტიც, მისივე თქმით, მარტო "ბიბლიისა" და ქრისტიანული წიგნების შეხედვაც კი აფერხებს და აჩერებს ჩვენს ლტოლვას ცოდვისაკენ, და, პირიქით, აღვიძებს სწრაფვას სათნო, ზნეობრივი, წმინდა ცხოვრებისაკენ"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ზოგჯერ შეგრძნებაა, რომ როცა გიჭირს სულიერად, ფსიქოლოგიურად არაფერი გიშველის წმინდანთა, დიდ მამათა ცხოვრების ამსახველი წიგნების წაკითხვის გარდა. ბევრჯერაც რომ გქონდეს ერთი და იგივე წიგნი წაკითხული, გადაშლი და სხვაგვარი მხნეობა შემოდის ასეთ დროს შენთან"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"სულიერი შინაარსის წიგნების კითხვა გონებას აფხიზლებს, ათბობს გულს და ლოცვისთვის ამზადებს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"წიგნები სულიერ სამყაროს აღწერენ, ლოცვას კი ადამიანი ამ სამყაროში შეჰყავს.
მათ, ვინც ლოცულობს, ბერები უპირატესად ლოცვის შესახებ წიგნების კითხვას ურჩევდნენ"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
" - მამაო, მამათა წიგნების კითხვას მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე ლოცვას.
- ნაკლები იკითხე, ხოლო მეტი დრო საკუთარი თავის მეთვალყურეობასა და იესოს ლოცვას დაუთმე. სხვაგვარად, მხოლოდ სულიერი საკითხავით, თუკი კაცი არ იღვწის და საღვთო ჩარევას, ღვთის მადლს, არ ითოხვს, უნაყოფო რჩება. მამათა წიგნების კითხვა გვეხმარება, როცა ამას ლოცვის წინ ვაკეთებთ. ამიტომ იკითხე იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ შენში ლმობიერება აღძრას და ლოცვისთვის შეგაგულიანოს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"თავისუფალ დროს იკითხე წმინდა მამებისა და სულიერი ცხოვრების მასწავლებელთა ნაშრომები"
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/
"კითხვა და წიგნი ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნებაა"
"ერისკაცმა იმ წმ. მამათა თხზულებები იკითხოს, ვინც საერთოდ ყველა ქრისტიანისათვის წერდა, ზოგადსაცხოვრებელი მონასტრის მკვიდრმა - ცხოვრების ამ წესის მიმდევართათვის განკუთვნილი წიგნები, ხოლო განმარტოებულნი წმინდა დაყუდებულ მამათა სწავლებებს უნდა დაეწაფონ, რომლებიც მუდმივად საკუთარი თავის ხედვას ცდილობდნენ, საკუთარი თავის სულიერი, მადლისმიერი ხედვიდან კი ღმერთის სულიერ, მადლისმიერ ხედვამდე მიდიოდნენ"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"კითხვისას ზომიერება დაიცავით. ზომიერება კითხვის მუდმივ სურვილს შეგინარჩუნებთ, მოყირჭებას კი ყველაფრის მიტოვება მოსდევს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ძალიან ნუ გაგიტაცებთ საერო წიგნები. ცხადია, მათ შორის კარგიც მოიძებნება, მაგრამ ცუდი უფრო მეტია"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ვახერხებ ღმრთის წმიდა სათნომყოფელთა ნაწერების მოპოვებას, მოწყურებული ვეწაფები მათ კითხვას და ღრმად გამოკვლევას. ერთ წიგნს რომ დავამთავრებ, მეორეს ვიწყებ: ვკითხულობ, მერე ხელახლა ვკითხულობ, ვსწავლობ. რამ შემძრა ყველაზე მეტად წმიდა მამათა შრომებში? ეს არის მათი საოცარი, დიდებული თანხმობა. თვრამეტი საუკუნეა, რაც მათ ბაგეებით ერთხმად ღაღადებს "ერთიანი", ღმრთაებრივი სწავლება!
როდესაც შემოდგომის ნათელი ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ კრიალა ზეცას ვუყურებ (ყოველი ვარსკვლავი ხომ სულ სხვადასხვა სიდიდისაა, მაგრამ ერთ ნათელს გამოსცემს), მაშინ ჩემთვის ვამბობ: სწორედ ასეთი არის მამათა ნაწერებიც! როდესაც ზაფხულის დღეს ზღვას ვუყურებ და უამრავ ხომალდს ვხედავ, რომელთა გაშლილი აფრები გედების ფრთებს წააგავს (ეს ხომალდები ხომ ერთ ქარს მისდევენ ერთი მიზნისკენ და ერთი ნავსადგურისკენ), ვფიქრობ: სწორედ ასეთები არიან მამათა ნაწერებიც! როდესაც კარგად შეწყობილ მრავალხმიან გუნდს ვუსმენ, რომელშიც სხვადასხვა ხმა ჰარმონიულად გალობს ერთ საღმრთო საგალობელს, მაშინაც ამას ვფიქრობ: ასეთებია მამათა ნაწერებიც!"
/მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience