"ნუ მოიძულებ ღვინოს, არამედ მოიძულე მემთვრალეობა!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
ვისაც მემთვრალეობის ცოდვის დაძლევა გსურთ, წაიკითხეთ ქვემოთ:
"ერთხელ ყაზარმაში ჩაფიქრებული ვიჯექი. უცებ ეკლესიისთვის შემოწირულობის წიგნით ვიღაც მონაზონი შემოვიდა. ვისაც რამდენიც შეეძლო, მისცეს. ის მომიახლოვდა და მკითხა:
- რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი?
ჩემი გასაჭირი [ლოთობის სენი] ვუამბე. მონაზონს შევეცოდე და მითხრა:
- ზუსტად იგივე სჭირდა ჩემს ძმას, და იცი, რა დაეხმარა? მისმა სულიერმა მამამ სახარება მისცა და მკაცრად უბრძანა, როგორც კი ღვინო მოუნდებოდა, მყისვე, დაუყოვნებლივ წაეკითხა სახარებიდან ერთი თავი, თუ კიდევ მოუნდებოდა - შემდეგი თავი. ჩემი ძმა ასეც მოიქცა და მალე სმის ვნება მასში გაქრა. აი, უკვე თხუთმეტი წელია, რაც წვეთსაც არ იკარებს. შენც ასევე მოიქეცი და სარგებელს ნახავ. მე მაქვს სახარება, მოგიტან.
ეს რომ მოვისმინე, ვუთხარი:
- რას მიშველის შენი სახარება, როცა ვერანაირმა მცდელობამ, ვერანაირმა წამალმა ვერ შემაკავა?! - ეს იმიტომ ვთქვი, რომ სახარება არასდროს წამეკითხა.
- ასე ნუ ლაპარაკობ, - შემომედავა მონაზონი, - გარწმუნებ, სარგებელს ნახავ.
მეორე დღეს მონაზონმა მართლაც მომიტანა აი, ეს სახარება. გადავშალე, გადავხედე, წავიკითხე და ვეუბნები:
- არ გამოგართმევ! აქ რას გავიგებ? თანაც საეკლესიო ლიტირატურის კითხვას არ ვარ დაჩვეული.
მონაზონი მაინც მარწმუნებდა:
- თავად სახარების სიტყვებს აქვს მადლმოსილი ძალა, რადგან მასში დაწერილია ის, რასაც თვითონ ღმერთი ამბობდა. არა უშავს, თუ არ გესმის, მხოლოდ გულდასმით წაიკითხე. ერთმა წმინდანმა თქვა: "თუ შენ არ გესმის ღვთის სიტყვები, ეშმაკებს ესმით, რასაც კითხულობ და ძრწიან". მემთვრალეობის ვნება კი, უეჭველია, ეშმაკებისგანაა შთაგონებული. ერთსაც გეტყვი: იოანე ოქროპირი წერს, რომ ბნელეთის სულებს ის ადგილიც კი აძრწუნებს, სადაც სახარება ინახება და მათი ხრიკებისთვის მიუწვდომელიაო იგი.
არ მახსოვს, რაღაც მივეცი იმ მონაზონს და სახარება გამოვართვი. სხვა ნივთებთან ერთად სკივრში ჩავდე და დავივიწყე. გარკვეული ხნის შემდეგ დალევის დროც მოვიდა. უღვინობას სიკვდილი მერჩია. სასწრაფოდ გავხსენი სკივრი, ფული რომ ამეღო და დუქანში გავქცეულიყავი. პირველი, რაც თვალში მომხვდა, სახარება იყო. ცხადად გამახსენდა მონაზვნის ნათქვამი. გადავშალე და მათეს პირველი თავის კითხვა დავიწყე. ბოლომდე წავიკითხე. ვერაფერიც ვერ გავიგე. [მაგრამ მომაგონდა, მონაზონმა რომ მითხრა, არა უშავს, თუ ვერ გაიგებ, მხოლოდ გულდასმით წავიკითხო. "მოდი, მეორე თავსაც წავიკითხავ!" - გავიფიქრე მე]. წავიკითხე, შედარებით გასაგები იყო. "მესამესაც წავიკითხავ!" - როგორც კი კითხვა დავიწყე, მაშინვე ყაზარმაში ზარის ხმა გაისმა - დაწილის დრო იყო. მაშასადამე, გარეთ გასვლა უკვე აღარ შეიძლებოდა. ...და ასე დავრჩი.
დილით ავდექი, ღვინის მოტანას ვაპირებდი, მაგრამ გავიფიქრე: "რა მოხდება, სახარებიდან ერთ თავს წავიკითხავ?!" წავიკითხე და აღარ წავედი. კიდევ მომინდა ღვინო. ისევ წავიკითხე და აღარ წავედი. კიდევ მომინდა ღვინო. ისევ წავიკითხე და დავმშვიდდი. ამან გამამხნევა და როცა კი ღვინო მომინდებოდა, სახარებიდან ერთ თავს ვკითხულობდი. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით უფრო ადვილი იყო ყველაფერი. როგორც კი ოთხივე მახარებლის კითხვა დავასრულე, სმის ვნებამაც სრულიად გამიარა და მის მიმართ ზიზღი გამიჩნდა. აი, უკვე ოცი წელია, რაც საერთოდ არ დამილევია.
ჩემი ასეთი გარდაქმნა ყველას აოცებდა. სამი წლის შემდეგ ოფიცრის წოდება დამიბრუნეს. შემდეგ სხვა წოდებებიც მომცეს და ბოლოს მეთაურიც გავხდი. დავქორწინდი, კარგი ცოლი შემხვდა. შევიძინეთ ქონება. მადლობა უფალს, ვცოცხლობთ. ღარიბებს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, უცხოებს ვმასპინძლობთ. ჩემი ვაჟი უკვე ოფიცერია, კარგი ბიჭია.
ყური მიგდე! მას შემდეგ, რაც ლოთობისგან განვიკურნე, პირობა დავდე, მთელი ჩემი ცხოვრება, ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად, ყოველდღე ვიკითხო სახარება, დღე-ღამეში - ერთი მახარებელი. ასე ვიქცევი. თუ სამსახურში ბევრი საქმე მაქვს და ძალზე ვიღლები, მაშინ ცოლს ან შვილს ვაკითხებ მთელ მახარებელს. ასე უშეღავათოდ ვასრულებ ჩემს კანონს. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად და მის სადიდებლად სახარება ვერცხლით მოვაჭედვინე და ყოველთვის უბით დამაქვს.
სიამოვნებით მოვისმინე კაპიტნის ნაამბობი. ვუთხარი:
- მსგავსი რამ მეც მინახავს: ჩვენთან სოფლად, ფაბრიკაში თავის საქმეში მეტად გაწაფული ერთი ხელოსანი იყო. კარგი და ძვირფასი ოსტატი, მაგრამ, საუბედუროდ, სვამდა, თანაც - ხშირად. ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა ურჩია, როცა ღვინო მოუნდებოდა, წმინდა სამების პატივსაცემად და იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ოცდაცამეტი წლის აღსანიშნავად ოცდაცამეტჯერ ეთქვა იესუს ლოცვა. ოსტატმა დაუჯერა, მის შესრულებას შეუდგა და მალე სავსებით დაეთხოვა სმას. და აი, კიდევ რა - სამი წლის შემდეგ მონასტერში წავიდა".
/"უფალო, შემიწყალე" წიგნი 3, გვ.38-41/
"რასაც ფხიზელი არ გააკეთებს, მას მთვრალი გაბედავს"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"თუკი ადამიანი ეშმაკის გავლენის ქვეშ არის ხოლმე, მაშინ ეს განსაკუთრებით სიმთვრალისასაა, არავინ ისეთი თავაზიანი არაა ეშმაკთან, როგორც - მთვრალი, რადგან არავინ ისე არ აღასრულებს მის ნებას, როგორც - ლოთი!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ლოთი არაფრისთვის არ ვარგა, გარდა - ჯოჯოხეთისა"
"კვამლი შორს დევნის ფუტკრებს, ხოლო უზომო სმა განაგდებს სულიერ მადლს"
/წმ. ბასილი დიდი/
"მთვრალ ადამიანს წესიერ ოჯახშიც კი არ უშვებენ, არათუ - ცათა სასუფეველში!"
"გეშინოდეს ძლიერი სასმლის უზომო გამოყენებისა, როგორც - გეენიის ცეცხლისა!"
"სმა კი არაა აკრძალული, არამედ - თრობა!"
"ღვინო ღვთიური საქმეა, ხოლო მემთვრალეობა - ეშმაკისა"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მთვრალი, უყურებს რა ყველას თვალებში, ვერ ხედავს იმასაც კი, რაზეც ფეხი უდგას".
"ლოთი არაა ღირსი გონიერ არსებათა საზოგადოებაში იცხოვროს; უპრიანი იქნებოდა მისი მოთავსება ცხოველებს შორის, და ადამიანთა საზოგადოებიდან გაგდება!"
"მემთვრალეობა ყველა სამარცხვინო საქმის დედაა, და ავხორცობისა და უბიწოების მტერი"
/ნეტარი ავგუსტინე/
"როდესაც მთვრალს ღვინო მართავს, იგი ემსგავსება ჯიუტ, უაღვირო ცხენს"
/წმ. ბასილი დიდი/
"უფლის სიტყვა უშვებს ზარმაცებს ჭიანჭველებთან, რათა მათ შრომისმოყვარეობა ასწავლონ; ლოთი კი უნდა გაიგზავნოს პირუტყვებთან, რათა თავშეკავება ასწავლონ!"
"მთვრალები! - სხვა რაა, თუ არა წარმართული კერპები? - "თვალნი ასხენ და ვერ ხედვენ; ყურნი ახსენ და არ ესმით".
/წმ. ბასილი დიდი/
"ძველი ბერძნების მას [ამეთვისტო] სიმთვრალისაგან დამცავ თილისმად მიიჩნევდნენ"
"ერთხელ ერთი ერისკაცი ტაძრის დღესასწაულზე იმყოფებოდა - მთაწმინდის ერთ მონასტერში. იქ დალია და დათვრა. უკან მონასტრის მომავალ გზაზე დაეცა, წამოვიდა თოვლი და დაფარა იგი, მაგრამ ღვინის ოხშივარმა მის ზვავში გარშემო ნაპრალი წარმოიქმნა. ამ ადგილთან ახლოს ერთი გამვლელი მოდიოდა. დაინახა თოვლში ნაპრალი, გაოცებულმა წარმოთქვა: "რა უნდა იყოს? წყარო ხომ არაა?" და ნაპრალს ჯოხი დაარტყა. "ვაი"! - შესძახა მთვრალმა. ამგვარად არ დაუშვა უფალმა, რომ იგი დაღუპულიყო".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ქალიშვილების მიერ დარწმუნებული ლოთი ღვინით გამოთვრა და მოხერხებულად შეიტყუა იგი ეშმაკმა მრუშობაში"
/ისიდორე პელუზიელი/
"მეორე საშინელი კერპი, რომლის ფეხთა ქვეშ უამრავი სული მოქცეულა, რომლის მისადგომებთან დაღუპულა, ვინ იცის, რამდენი ნიჭი და ტალანტი, დაღვრილა მშობლებისა და ახლობლების ცრემლი, არის ლოთობა. დღეს არაფერს ვიტყვი იმ აურაცხელი უბედურების შესახებ, რაც ლოთობას მოსდევს. იქნებ ბევრი არც კი თვრება ღვინითა და არყით, მაგრამ განა სტუმრად ყოფნისას არ შეგისვამთ ზომაზე მეტად ღვინო? მოინანიეთ უფლის წინაშე!"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"არ დატკბე ღვინით, და ვერ მოგატყუებს ხორცი!"
/ამბა ევაგრე/
"მამაჩემს, რომლის ცხოვრებაც ერთი შემზარავი ტრაგედია იყო და რომელიც თავის მიუტევებელ სისუსტეებს და ლოთობას შვილის სიკვდილით ამართლებდა"
"სვამდა და ცეცხლივით ეკიდებოდა მის გულს არაყიცა და გადაგვარებაც".
/ლელა ჩხარტიშვილი/
"ვეწყობი ღვინოს, ამას არ ვფიცავ, ლოთობისგან ჯერ ღმერთი მფარავს"
/ვასილ ბარნოვი/
"პირუტყვებიც კი არ სვამენ საჭიროზე მეტს, არ ვარდებიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ შეძლონ სიარული, არ ეცემიან მიწაზე, არ ეჯახებიან ხეებს, არ კარგავენ გზას, ეს ყველაფერი კი ლოთებს ემართებათ მას შემდეგ, რაც დათვრებიან. ვინ არ ითაკილებს ამ ზადს, რომელიც პირუტყვზე დაბლა აყენებს მის მიერ დაპყრობილ ადამიანს?"
"საერთოდ, ქართული ტრადიცია განუსაზღვრელ ჭამა-სმას გმობდა. ადამიანს მხოლოდ იმდენი უნდა დაელია, რამდენსაც იტანდა; ის სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო, რომ ფეხი არ არეოდა. თუ ვინმე მემთვრალე გამოჩნდებოდა, ყოველთვის მას მასხრად იგდებდნენ. ქართული სუფრის ტრადიცია, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა სადღეგრძელო, სიმღერა, ცეკვა, ლექსი, აგრეთვე სუფრაზე რამდენიმე სასმისის არსებობა (ჩამოტარება), სიმთვრალეს გამორიცხავდა. არ არსებობდა ღვინის დაძალების წესიც"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 17/
"ადამიანმა "უჯეროდ" არ უნდა ჭამოს, იმდენი არ უნდა დალიოს, რომ დაითვრეს ("უჯეროდ ნურასა სჭამ და ბევრს სამთვრალოს სასმელს ერიდე, ვითარცა საწამლავსა").
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 23/
"იოანე ბატონიშვილს "კალმასობაში" აღნიშნული აქვს, რომ "უკეთუ ვისმე ნებავს, რომ წავიდეს სადმე სტუმრად და ეშინის მუნ დათრობისა, დილა უზმას ერთი მჟავე ვაშლი შეჭამოს და ზედ ერთი თასი, ანუ სტაქანი ცივი წყალი შესვას; როდესაც ამ ღონისძიებას იხმარებს, მას დღეს იმ კაცსა ნუღარ ეშინის მას მეჯლისსა შინა, რომე დაათვრის ვინმე გინდ რაოდენი ღვინო მიიღოს".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 116/
"ვისაც დალევა უყვარს, მათ ბოროტი სულები აიძულებენ, რაც შეიძლება მეტი დალიონ და მიჰყავთ ასეთები ჩხუბამდე, მკვლელობამდე და თვითმკვლელობამდეც კი. ეს კი სამარადისო წარწყმედაა".
"როცა მანქანით მგზავრობ, მფარველი ანგელოზი კი გიცავს, მაგრამ, თუ შენ ნასვამი ხარ, გადააჭარბებ სიჩქარეს, უგუნურად მოიქცევი, ვერ დაგიცავს მფარველი ანგელოზი.
უნდა დაიცვა სწავლება, რომ, არ დათვრე ღვინით, არამედ აღივსო სულით; უნდა იყო მორჩილი, მლოცველი, ნაკლები დალიო, ბევრი ილოცო, მეტად იშრომო, რწმენა და სიყვარული გაგაჩნდეს"
"როდესაც ეკლესია არიგებს ცოდვილს, იგი მიუთითებს იესო ქრისტესა და წმინდანების მაგალითს; ხოლო როდესაც საქმე თავშეუკავებელ ადამიანს ეხება, მაშინ მას საქონლის მაგალითი უნდა შესთავაზო; რა სირცხვილია!"
"სისტემატური ლოთობა ღვიძლის ალკოჰოლურ ციროზად იქცევა. ლოთობის ცოდვა "უშვებს" პათოფიზიოლოგიურ პროცესს"
"წმიდა ეგნატე [ბრიანჩანინოვი] ლოთობას ღორმუცელობის ნაირსახეობად თვლის. ხოლო მწეველობს ცოდვას რომელიმე ვნებას არ მიაკუთვნებს. ლოთობა, ასევე თამბაქოს წევა, ნარკომანია და ტოქსიკომანია, აზრის უკეთ გადმოსაცემად, განიხილება როგორც ღორმუცელობის სიმპტომები".
"მრავალთაგან მსმენია: "ლოთობისა და სხვა ცოდვათაგან განკურნება კი გვინდა, მაგრამ თავს ვერ ვერევით, რომ რწმენით შევხედოთ ჯვარცმულს და მტკიცე განზრახვით ჩავუვარდეთ მას ფეხქვეშ". ნუ იტყებთ თავს, საყვარელნო, და სხვებსაც ნუ ატყუებთ: შეგიძლიათ, მაგრამ არ გინდათ. არ გინდათ, შეიცნოთ ღმრთის სიყვარული თქვენდამი და მიაშუროთ ღმრთის წიაღს. რომ მოგენდომებინათ, შეძლებდით, ვინც მოინდომებს, იმისთვის ყველაფერი შესაძლებელია, რამეთუ თვით უფალი, რომელმაც გვიბოძა ცოდვილი სამყაროდან გამოსვლა, შეეწევა ყველას, ვისაც სურს, რომ მივიდეს მასთან"
/ღირსი გაბრიელი (ზირიანოვი)/
"განვაგდოთ ჩვენგან ურიგო ჩვევები, ცეცხლზე უფრო მეტად გვეშინოდეს ლოთობისა და ყველა სხვა ცოდვისა, ვიფხიზლოთ, გავიღოთ მოწყალება - მაშინ უფალიც გულმოწყალედ მიგვიღებს თავის მარადიულ თავშესაფარში სანამ დრო გვაქვს, ვიქმოდეთ სიკეთეს, მაშინ სიკვდილის ჟამიც ვეღარ შეგვაშფოთებს, რამეთუ მოწყალება და სიკეთე სამსჯავროზეც გვექნება. გამრავლებით გაგვიმრავლებს უფალი თავის წყალობას და ყველაფრისთვის, ყველაფრისთვის მოგვაგებს თავის დროზე უხვი მოსაგებელით. უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე, ამინ".
/ღირსი გაბრიელი (ზირიანოვი)/
"სამი ჭიქა რომ დავლიოთ, ბევრი ხომ არ იქნებაო? - ჰკითხეს მამა სისოს. "თუ იცი, რომ ეშმაკი ცოცხალი აღარ არის, სამი ჭიქა არც ისე ბევრია, ხოლო თუ ჯერ კიდევ არსებობს, მეტისმეტიაო" - მიუგო ბერმა".
"გაზულუქებული, გამაძღარი ადამიანი უფრო ადვილად მიეცემა განცხრომას და სურს, სიძვითაც დატკბეს, მით უმეტეს - თუ ალკოჰოლიც მიიღო"
"მემთვრალეობაც ნაყროვანების ერთ-ერთი სახეა. თუკი ადამიანს საზრდელის და სასმელი წყლის მიღების დროსაც კი მოეთხოვება ზომიერება, ცხადია, ზომიერება უნდა დაიცვას მათრობელა სასმელების მიღების დროსაც, რადგან ზომაზე მეტად ნასვამი ადამიანი საკუთარი თავის კონტროლის უნარს კარგავს და ხშირად უკეთურ, ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმეებს სჩადის"
"ლოთობა უღმერთობის დასაწყისია, რადგან აბნელებს გონებას, რომლითაც ღმერთს შევიმეცნებთ"
/წმ. ბასილი დიდი/
"გვაფრთხილებს პავლე მოციქული:"და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწეო", მაგრამ ადამიანს საერთოდ კი არ ეკრძალება ღვინის ხმევა, არამედ ზომაგადასული სმა-თრობა ღვინით. მცირე რაოდენობით, ზომიერად სასმელის მიღება ერთგვარ სარგებელსაც კი შეგვძენს - მოგვანიჭებს მხნეობას, მარგებელია ჯანმრთელობისთვისაც".
"წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ლოთიც მრისხანებითაა შეპყრობილი, მას სახე ებერება, ხმა ეხლიჩება, თვალები სისხლით ევსება, გონება ებინდება, აზრები ეკარგება, ენა ებმება, თვალებს დააცეცებს, ყურს ერთი ესმის მეორის ნაცვლად, რადგან მრისხანება ყველანაირ ღვინოზე უფრო ძლიერია, პირდაპირ ტვინში ურტყამს და მასში ქარიშხალსა და დაუოკებელ მღელვარებას იწვევს"
"ღვინის ზომიერი სმა უმთავრესი ნიშანი იყო ქართული სუფრისა, თრობა და "ზედასა-ზედა ღვინის სმა" არაქართული, არაქრისტიანული მოვლენაა. იგი თავისი არსით არ ესადაგება ტრადიციული ქართული ლხინის რიტუალს"
/თეიმურაზ ღლონტი/
"წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ის კაცი რა კაცია, რომელსაც ქვევრის სუნი ასდისო"
"გალეშილებს ავიწყდებათ მაცხოვრის სიტყვები: "როგორც მემრუშენი, ასევე მემთვრალენიც ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველსა ცათასა". მემრუშეობა, მემთვრალეობა და სხვა ამგვარი სოდომური შეცოდებანი, ერთ სიბრტყეზეა და ნუ გეგონება, რომ აუცილებელია, ღვინის ქვეყნის მკვიდრნი ამ ღვთაებრივი სითხით უნდა დავთვრეთ, როგორ ილია იტყოდა, ღვინო წავახდინოთ".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ოჰ, ეს რუსები! სმა ხომ მათი ეროვნული უბედურებაა!"
"ღვთის მოყვარენი გყავდეს მეგობრად შენდა, ხოლო ვისაც უყვარს მთვრალობა, მასთან გზათაც ნუ გაივლი"
"თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, მაშინ საკუთარს დაკარგავ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
ლოთი და მეგობრები
"ერთმა კაცმა აღთქმა დადო, რომ მთელი წლის განმავლობაში ღვინოს არ დალევდა. გავიდა რამდენიმე თვე. ერთხელაც, მეგობრებმა დღეობაზე დაპატიჟეს და დალევა შესთავაზეს. კაცი უარზე იყო, რასაც დადებული აღთქმით ხსნიდა. "ასი გრამი მაინც დალიე!" - არწმუნებდა ერთ-ერთი მეგობარი. "თუნდ ორმოცდაათი გრამი!" - ჩააცივდნენ სხვები. მეგობრების დაჟინებული თხოვნით გულმოსულმა კაცმა შეჰყვირა: "იცით, რა! ამ წლის გასვლამდე მოიცადეთ და ისე დავთვრები, სანანებელი გაგიხდებათ!"
ტალახიდან სამუდამოდ ამოდი,
თორემ დროებით ამოსვლას აზრი არ აქვს:
სულიერი ცხოვრება - უკვდავია,
მიწიერი ცხოვრება - უხამსია".
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"გადამეტებული თრობა არცერთ ეპოქაში არ იყო მისაბაძი, მეტიც, ამას ეკლესია, მედიცინა და საზოგადოებრივი აზრი სასტიკად უპირისპირდებოდა. ამისდა მიუხედავად, ქართულ სუფრაზე მაინც მიღებული იყო ღვინის სმაში შეჯიბრი."
"მე ვიცნობდი ერთ ღვთისმოშიშ ოჯახს: ქმარს, ცოლს და მათ ქალიშვილს.
ერთხელ ქმარი, შობის წინ, სახლში ძალიან მთვრალი დაბრუნდა. გულდაწყვეტილმა ცოლ-შვილმა ის დასაძინებლად დააწვინა.
სულ მალე კაცმა ძალიან აღელვებულმა გაიღვიძა და მაშინვე მოინდომა ტაძარში წასვლა. შვილის კითხვაზე - რა დაემართა (ცოლი ამ დროს უკვე ტაძარში იყო) - მან უპასუხა:
მე ახლა ვიხილე უფალი. მან მითხრა: "გახსოვდეს დღესასწაული, პატივი ეცი მშობლებს და არასდროს დალიო და არ მოწიო".
"ერთ-ერთი ეპისკოპოსი იხსენებს: "სასულიერო პირს განვიკითხავდი, ღვინის ზედმეტად სმის გამო. ვფიქრობდი, უკადრისად იქცეოდა და უღირს მღვდლად, ადამიანად მიმაჩნდა. ერთხელაც ერთ ჭერქვეშ მოგვიწია ღამის გათევა. ღამე გამეღვიძა და შემთხვევით შევესწარი, როგორ მოთქვამდა ის მღვდელი თავის ცოდვებზე, როგორ ახლიდა თავს კედელს. ამდენად დიდი იყო მისი სინანული, იმდენი რამ დავინახე მასში, სულ სხვაგვარად წარმოდგა ჩემს წინაშე. მივხვდი, ვცდებოდი და ჩემი განკითხვისა შემრცხვა"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"სიმთვრალეც ამძაფრებს მრუშული ვნების შემოტევებს. გადათრობიდან გარკვეული ხნის შემდეგ თითქმის სულ შეიმჩნევა ამ ვნებით აღტყინება. შეიძლება სუფრაზე არ მოხდეს ეს, მაგრამ მაგიდიდან ადგომისას, დაწოლის წინ, ძილში ან გაღვიძებისას უმეტესწილად თავს იჩენს იგი. შეგრძნება ისეთია, რომ როგორც არ უნდა მოინდომონ თავშეკავება, მაინც ძალიან ძნელად, შეუძლებლად მოჩანს ამ დროს მრუშული ფიქრებისთვის, წარმოდგენებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. აღსარებაში დაცემებზე საუბრისას არცთუ იშვიათად აღნიშნავენ, რომ სიმთვრალის დროს ჰქონდა ამას ადგილი და ზოგჯერ თითქოსდა თავს იმართლებენ, გაბრუებული ვიყავი და იმიტომ მოხდაო ეს ყველაფერი"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"საშინელი ცოდვაა სიმთვრალე! ეს ვნებაა, სნეულებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ღვინის სმის სურვილის დაკმაყოფილების შედეგად ჩნდება, ქცევად იქცევა და ამის გამო ბუნებრივი თვისებების ძალას იძენს. ქრისტეს მსახურმა თავი უნდა დაიცვას არა მარტო ლოთობისგან, არამედ ბევრი ღვინის მიღებისგანაც, რაც ხორცის განხურვებას და მასში ცხოველური სურვილების აღძვრას იწყებს. "ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე", - ამბობს მოციქული. ღვინის მიღება მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიძლება. ხოლო ვისაც ზომიერი სმა არ შეუძლია, მან საერთოდ უარი უნდა თქვას ღვინოზე"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"არის კოზელსკში ოჯახი, რომლისთვისაც მამა ტროფიმე [ოპტინელი] განსაკუთრებით ბევრს ლოცულობდა. ამ ოჯახის ამბავი - ესაა ორი ერთგული ადამიანის ისტორია, რომლებსაც მხოლოდ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ 15 წელი გაყრილებმა გაატარეს იმის გამო, რომ ქმარი გაბმით სვამდა. მორწმუნე ცოლმა მამა ტროფიმესთან ერთად იტვირთა ლოცვითი ღვაწლი და უფალმა მისი ქმარი განკურნა. იგი მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს. კარგი ოჯახი აქვთ, მართლმადიდებლური, სადაც ახალმოწამე ტროფიმეს, როგორც წმინდანს ისე სცემენ თაყვანს".
"დიახ, ერთიც და მეორეც, ნარკომანიაც და მემთვრალეობაც ისეთი მომაკვდინებელი ცოდვებია, ისეთ ბოროტ სულთა, ისეთ დემონთა მოდგმისაგან არიან, რომლებიც მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნებიან, თანახმად ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიტყვებისა:
"ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვით"
/აკაკი მინდიაშვილი/
"აი, ჩემი რჩევა შენს ქმარს: ძლიერი სათავე დაუდოს თავის გულში იმას, რომ აღარ დალიოს ღვინო და ევედროს უფალს შეწევნისათვი, რადგან უფალს ყველა ადამიანის ესმის; ამაში ეჭვს ნუ შეიტანს, რადგან მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა, უფლის შეწევნის გარეშე, უძლურია. ალკოჰოლი ყოველთვის ამლიქვნელებს და ატყუებს. იწყებ დალევას სამხიარულოდ, შედეგად კი სულიერ ტკივილს, ტანჯვასა და ხორციელ ტკივილს იღებ. ეს მე გამოცდილებით ვიცი. უფალი დაეხმაროს მას ალკოჰოლისგან გათავისუფლებაში. ნუ დალევს და დროთა განმავლობაში მიეჩვევა"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"საბრალო X-ი. ისევ სმა დაიწყო. მომიკიხე და ნუ იდარდებს - უფალი დაეხმარება განსაცდელის გადალახვაში".
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"როგორ სვამს შენი მეუღლე. რა უნდა ვქნათ? - ნუ მხუარებ და ნუ კიცხავ მას. ყველას ხომ თავისი სისუსტენი და ნაკლოვანებანი აქვს? ისიც ხომ არ არის სისუსტეთა და ნაკლოვანებათა გარეშე! ასე რომ, ერთმანეთისგან ისწავლეთ, სიმძიმენი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს კანონები. ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, საკუთარს დაკარგავ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მეუფე ვასილი მომიყვა, რომ 1978 წელს მას მეუღლე - მარია ვასილიევნა გარდაეცვალა. მეუფეს ცოლი თავდავიწყებით უყვარდა და ამ ამბავმა ისე შეძრა, რომ დაემართა ის,რაც რუსებს ასეთ შემთხვევებში ხშირად ემართებათ ხოლმე: სმა დაიწყო.
მეუფე თავისი ცხოვრების ამ მონაკვეთს ერთ-ერთ უმძიმეს განსაცდელად მოიხსენიებდა.
სმით კი მეტისმეტად ბევრს და ხშირად სვამდა. მაგრამ რკინისებური ჯანმრთელობის, უშველებელი სიმაღლისა და ჯანის გამო, მის არც სამღვდელო მოღვაწეობას და არც რადიოწამყვანობას ეს არ დასტყობია. სერბეთიდან გამოყოლილი ჩვეულებით, მაამ ვლადიმირი რაკიას - მაგარ ბალკანურ არაყს ეტანებოდა. ვერც მისი მოძღვარი, ვერც ნათესავები და ვერც მეგობრები ვერაფერს გახდებოდნენ, რომ არა მისი განსვენებული მეუღლე - მარია ვასილიევნა, რომელიც, როგორც ამბობენ, სიცოცხლეშიც დიდი მოღვაწე და მლოცველი ყოფილა, ახლა კი იმ ქვეყნიდან გამოეცხადა მეუღლეს და კარგა მაგრად დატუქსა. ამ გამოცხადებამ და განსაკუთრებით მარია ვასილიევნას მკაცრმა ტონმა მამა ვლადიმირზე ისე იმოქმედა, რომ ერთბაშად მოეშვა სმას"
/მიტროპოლიტი ტიხონი/
"ადრე შედედებული რძის ქილებზე გამოსახურლი იყო დედა ჩვილით, ახლა კი გამოსახავენ დედას ყვავილებით ხელში. დედები არ აჭმევენ ძუძუს ჩვილებს და ამიტომ იბადებიან უნუგეშო ბავშვები. როგორ გადასცემს ასეთი დედა ბავშვს სინაზეს და სიყვარულს - ძროხის რძით?! ჩვილები წოვენ მატყუარას ცივ შუშის ბოთლზე და მისი გულიც "იყინება". შემდეგ კი ასაკში ისინი ასევე ეძებენ ნუგეშს ბოთლში... ტრაქტირებში...
იმისათვის, რომ ჩაახშონ საკუთარი სულიერი შფოთი, ისინი იწყებენ სმას და ხდებიან ალკოჰოლიკები. თუკი ბავშვები ვერ იღებენ სინაზეს, ისინი მის დეფიციტს განიცდიან და ვერც თავის შვილებს გადასცემენ. ასე იწვევს ერთი რაღაც მეორეს. მერე კი მოდიან ასეთი დედები და გვთოხვენ: - მამაო, ილოცეთ ჩვენთვის, შვილს ვკარგავთო".
/ღირსი პაისი ათონელი/
"მრავალი ადამიანი ამტკიცებდა, რომ ისინი სულიერ სიმშვიდეს იღებდნენ მამა ამფილოქეს საფლავზე და იკურნებოდნენ სხვადასხვა დაავადებისგან. ერთი ქალის მეუღლე იყო განუკურნბელი ალკოჰოლიკი, ძალადობისკენ მიდრეკილი. მასთან ცხოვრება აუტანელი გახდა. ეს ქალი და მისი ქალიშვილი მოვიდნენ პოჩაევოში მამა ამფილოქეს საფლავზე დახმარებისთვის. რაღაც შინაგანმა ძალამ უბიძგა ამ ქალს ერთი ბოთლი ღვინო დაედგა მის საფლავზე. ეს ღვინო აღმოჩნდა ბოლო წვეთი. კაცმა დალევა მიატოვა სამუდამოდ".
"წმინდა იოანე [კრონშტადტელი] მრავალგზის უნახავთ ლოცვისას ღვთაებრივი ცეცხლით გარემოცული. მას ჰქონდა მადლი წინასწარმეტყველებისა. მისი ლოცვით ქოლერის ეპიდემიაც კი შეწყვეტილა. მას ჰქონდა მადლი უსხეულო ძალთა ხედვისა.
ერთხელ წმინდა იოანე კრონშტადტელი პეტერბურგის ქუჩებში კარეტით მიდიოდა. დაინახა, მიცვალებულს ათიოდე კაცი მიასვენებდა. წმინდანს სახე შეეცვალა, აღელდა, ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა დაიწყო.
შემდეგ თავის მორჩილს უთხრა: - აი, რა საშინელია მემთვრალის სიკვდილიო. იცნობდით მას, მამაო? - ჰკითხა მორჩილმა. ისევე არ ვიცნობდი, როგორც შენ, - მიუგო წმინდა იოანემ. - მაგრამ მე ვხედავ ეშმაკებს, რომლებიც ხარობენ მემთვრალის სულის დაღუპვითო"
"მთვრალი ადამიანი ფუფუნებაა ეშმაკისათვის"
"მემთვრალეობა, გადამეტებული სმა ღვთის მტრობაა, უღმერთობის გამოხატულებაა"
/აკაკი მინდიაშვილი/
"... ზემოთქმულთან დაკავშირებით გავიხსენებთ წმინდა მღვდელმთავარ ვოინო-იასენეცკის სიტყვებსაც, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი სიფხიზლიდან უგონოდ დათრობამდე სამ ფაზას გადისო. როცა სმას იწყებს, თავს ლომად შეიგრძნობს, შემდეგ ემსგავსება მაიმუნს და სულ ბოლოს - ღორს"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ნურასოდეს ნუ დავივიწყებთ სოლომონ ბრძენის სიტყვებს, რომ ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ხოლო ის, ვინც მათ ეძალება, უგუნურია.
ცხადია, ურიგო არ იქნება, თუ გვეხსომება სიტყვები წმ. ბასილი დიდისაც, რომელიც ამბობს, რომ ძაგებისა და შერცხვენის ღირსია ის, ვინც დათრობას არ იშლის და რომ მემთვრალეობა ყოველგვარი სიბინძურის მშობელია"
/აკაკი მინდიაშვილი/
"იმ ოჯახებში, სადაც მშობლები მსმელები არ არიან, მათი შვილები ქრონიკული მემთვრალეობით უფრო ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე მემთვრალეობისაკენ მიდრეკილი მსმელი მშობლების შვილები.
თანამედროვე მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ალკოჰოლის მიღება დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმში თრგუნავს ე.წ. "ბედნიერების ჰორმონებს", სახელდობრ, "ენდორფინებსა" და "ენკეფალინების" გამომუშავებას და შესაბამისი რეცეპტორების ფუნქციებს აუარესებს. ამის შედეგად ადამიანის ორგანიზმი მუდმივად განიცდის მათ უკმარისობას და მტანჯველი სურვილი უჩნდება, როგორმე დაიკმაყოფილოს უკმარისობის განცდა - გარედან მიიღოს "ბედნიერების ჰორმონები". აი, ამ ფუნქციას (დროებით და მოჩვენებითად) გარკვეულწილად ასრულებს ალკოჰოლური სასმელი. მეცნიერთა თანახმად, მთელი პარადოქსი იმაშია, რომ რაც უფრო ხშირ-ხშირად და სულ უფრო და უფრო მეტს სვამს ადამიანი, მით უფრო ნაკლებად გამოიმუშავებს მის ორაგნიზმი "ბედნიერების ჰორმონებს" და, შესაბამისად, ადამიანს უწევს დღიდან დღემდე სასმელის დოზების გაზრდა. თანამედროვე მეცნიერთა მტკიცებით, მსმელი მშობლების შვილებს ხშირად "უბედურების ჰორმონების" თანდაყოლილი უკმარისობა აქვვთ და იმდენად, რამდენადაც ღვთისაგან თითქმის საყოველთაო განდგომილების თანამედროვე ნეოწარმართულ ეპოქაში ისინი მოკლებულნი არიან უფალთან ნეტარ ურთიერთობას არარელიგიური აღზრდისა და არაქრისტიანული, არაეკლესიური ცხვორებია გამო. ბედნიერბის სუროგატების ძებნას ისინი იწყებენ სმაში, ნარკოტიკებში ,აზარტულ თამაშებში, სექსში და ა.შ. (კიდევ უფრო მძიმდება მათი მდგომარეობა, თუ უღმერთოდ ცხოვრებასთან ერთად უსამსახუროდ დარჩენილნი უმუშევარნი არიან".
/აკაკი მინდიაშვილი/
"ნებისმიერი მემთვრალე ადამიანი შორსაა ღვთისაგან.
ამიტომ ის, ვინც ამ დამღუპველ ცოდვას დაემონა, თუ არ განთავისუფლდება მისგან, გარდუვალი წარწყმედა ელოდება, - მისი მომავალი საშინელი იქნება.
სოლომონ ბრძენი სვამს კითხვებს და თავადვე პასუხობს:
- ვის ელის უბედურება?
მემთვრალეს!
ვინ განისჯება?
მემთვრალე.
ვის ელის შფოთი და მწუხარება?
მემთვრალეს.
ვისა აქვს თვალის უპეები გამუდმებით ამოლურჯებული?
მემთვრალეს!..
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველი მემთვრალე ადამიანი შორს არის ღვთისაგან და არა მარტო ღვთისაგან, არამედ ადამიანებისგანაც.
როგორც სული წმიდის მიერ ამეტყველებული წმიდა მამები გვასწავლიან, მემთვრალე ადამიანის მფარველი ანგელოზი მწარედ ტირის, სამაგიეროდ ეშმაკი ხარობს, რადგან უფალს, სულიწმიდას განშორებული, სასმელს დამონებული ადამიანი მსხვერპლს სწორედ ეშმაკს სწირავს. უბედურები არიან ოჯახის წევრები დღენიადაგ მსმელი კაცისა, რომელიც დროთა განმავლობაში კარგავს საკუთარ ღირსებას, პიროვნებასა და ადამიანობას, და გაუპიროვნებისა და გაარადამიანურობის შედეგად ანტიადამიანად გარდაიქმნება.
თვალები, რომლებიც პლატონის თქმით, ადამიანის სულის მზეებია, განუწყვეტლივ ამხელენ მემთვრალე ადამიანის ნამდვილ სულიერ, შინაგან მდგომარეობას შესახებ იმისა, რომ მისი სული მოკვდა, რადგან ღმერთს, სულიწმიდას განეშორა და უმადლოდ დარჩა"
/აკაკი მინდიაშვილი/
"წმ. მამათა შეგონებით, მემთვრალეობით განვაძევებთ და განვაგდებთ ჩვენს მფარველ ანგელოზს და მოვიზიდავთ დემონს, ბოროტ ანგელოს; მემთვრალეობით თანდათანობით ვუახლოვდებით ჯოჯოხეთს...
როგორც კი გვცილდება მფარველი ანგელოზი, მაშინვე ვცვივდებით სატანის განმგებლობაში, რომელიც იწყებს მთვრალ ადამიანში ყველა უხამსობისა და უწმინდურობის გაღვიძებასა და განცხოველებას. ამიტომ "ვაი, მათ დილაადირდანვე დასალევს რომ ეძებს და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან!.. ვაი, გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში!"
მემთვრალეობა, ხშირად თუ პერიოდულად მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, იმდენად აუცხოებს და აგულგრილებს ღვთისმსახურებისადმი, ღვთიურისადმი ადამიანს, რომ დროთა განმავლობაში მისი ღმერთი ხდება - ღვინო, ყოველნაირი დამათრობელი სასმელი, რომელსაც იგი მთელ თავის თავს, სულსაც და სხეულსაც მსხვერლად სწირავს, რაც კერპთაყვანისმცებლობაა (ეს განსაკუთრებით ითქმის გამოუფხიზლებელი, გადაბმული და განუწყვეტელი მემთრალეობის ჟამს), რის გამოც მემთვრალენი... ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს"
მთვრალი კაცი ჭეშმარიტად ფუფუნებაა ეშმაკისათვის, - ურიცხვ ცოდვასა და დანაშაულს შთააგონებს და აღასრულებინებს მას"
/აკაკი მინდიაშვილი/
"სიხარული მოაქვს არა ლოთობას, არამედ სულიერ ლოცვას, არა ღვინოს, არამედ სამოძღვრო სიტყვას. ღვინოს მოაქვს აურზაური, სიტყვას - სიწყნარე. ღვინო იწვევს შფოთს, სიტყვა კი აცხრობს მას. ღვინო აბნელებს გონებას, სიტყვა ანათებს ბნელს. ღვინო გვიჩენს ნაღველს, რომელიც არ გვქონია, სიტყვა კი განდევნის იმასაც, რომელიც გვქონდა"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თუ მაგალითად, ზედმეტად დათვერი, იგი ეს ხელისშემწყობი პირობაა სიძვითი გახელებისა, იგი მშვენივრად მოეხსენება ამ ვნების დემონს და ისიც იწყებს შეტევას"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"თქვენც ნურასოდეს გაამართლებთ იმ ქალებს აქ, მონასტერში რომ მოდიან და ქმრებს უჩივიან. მე ასეთ შემთხვევაში არც ცოლს ვამართლებ და არც - ქმარს. პირიქით: ერთსაც და მეორესაც დაფიქრებას ვურჩევ. მაგალითად, ქალი იწყებს ჩივილს: "ჩემი ქმარი სვამს, სახლში გვიან ღამით მოდის, ბილწსიტყვაობს". მე კი მას ვპასუხობ: "მისმინე: როდესაც მთვრალი მოვა სახლში, კეთილად მოეპყარ, თუ დაძმარებული სახით დახვდები და აუხირდები: "რად მოდიხარ ასე გვიან?" ან, - "ბოლოს და ბოლოს, როდის შეიცვლები?" ან - "ეს რა საშინელი ბედი მერგო!" ან - "ეს ყველაფერი ხომ უკვე ერთი და ორი დღე არ გრძელდება!" ან - "როდემდე უნდა ვითმინო ყოველივე ეს?!" ეშმაკი ჩასჩურჩულებს მას: "შენ რა, სულ გაგიჟი, რომ ამ გადარეულს საერთოდაც არ მიატოვებ?! არ ჯობს, წახვიდე და ვინმე სხვასთან დრო მხიარულად გაატარო?!" ანუ, შენ შესაძლოა, მართლიც ხარ, მაგრამ ეშმაკი სულ სხვა მხრიდან მოუვლის მას. ხოლო, თუკი კეთილად მოეპყრობი, უთქმელად გადაიტან ბევრ რამეს და ილოცებ, მას კი შენს პრეტენზიებს არ განუცხადებ, მაშინ, რაკიღა შენგან ცოტაოდენ სითბოს და სინათლეს იგრძნობს, იგი დაფიქრდება და გამოსწორდება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მავანი თავის ნაცნობს შეხვდა, რომელიც ადრე საშინელი მემთვრალე და მოჩხუბარი იყო. ხედავს, ის შეცვლილია: მოწესრიგებულად აცვია, თვალებში შუქი მოუჩანს. დაინტერესდა იგი ნაცნობის ცხოვრებით და მან მოუთხრო, რომ მისი შვილი მღვდელი გამხდარიყო. გაუკვირდა ამ კაცს: "ასეთი მამის შვილმა თავისი ცხოვრება ღმერთის სამსახურს მიუძღვნა?" ნაცნობმა საუბარი განაგრძო და უთხრა, რომ შვილის მეშვეობით თვითონაც რწმენაში მოვიდა და ძირფესვიანად შეცვალა თავისი უვარგისი ცხოვრება.
- როგორ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო? - გაუკვირდა კაცს.
- ერთხელ უკანასკნელი სიტყვებით გამოვლანძღე შვილი. მან კი პასუხად თაყვანი მცა და შენდობა მთხოვა. შვილის ამ საქციელმა სული შემიძრა. ვერ წარმომედგინა, რომ ის, მღვდელი, მე, ყოვლად უვარგისს, შენდობას მთხოვდა! მას შემდეგ ჩემში რაღაც შეიცვალა. მივატოვე დალევა და სეირნობა. ღმერთი ვიწამე. სხვა ადამიანი გავხდი".
" - ღვინის სმა თუ შეიძლება მარხვაში?
- ტიპიკონით მარხვაში ღვინის და ზოგადად ალკოჰოლური სასმელების მიღება დაშვებულია მცირე რაოდენობით (1-2 ჭიქა), თუ არ არის უზეთო მარხვა; გამონაკლისი დიდ შაბათს - უზეთო მარხვაა, მაგრამ მცირედი ღვინო დაშვებულია. კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე. ტიპიკონში დასაშვები ღვინის რაოდენობის აღსანიშნავად გამოიყენება სიტყავ "კერასეული", რაც დაახლოებით 200 გრამის შესაბამისია"
/დიაკვანი ზაქარია ნათენაძე/
"ჩვენც არასგზით, არასოდეს, არავითარი საბაბით არ უნდა გავტეხოთ მარხვა განძღომით, მით უფრო - თრობით"
"საკვები დღესაც ძლიერ ზემოქმედებას ახდენს სულზე, რაც განსაკუთრებით აშკარაა ღვინის სმის დროს. საკვების ასეთი ზემოქმედება იმით არის გამოწვეული, რომ იგი სხვადასხვაგვარად აღაგზნებს ხორცსა და სისხლს, აგრეთვე იმით, რომ საკვების გაზი და და ორთქლი კუჭიდან ტვინში ადის და გონებაზე ახდენს გავლენას.
ამიტომ მოღვაწეს ეკრძალება ყველა მათრობელა სასმელი, განსაკუთრებით კი ხორბლისაგან დამზადებული, რადგან სასმელი სიფხიზლეს უკარგავს გონებას და ამით სტაცებს გამარჯვებას სულიერ ბრძოლაში. ძლეული გონება, მით უფრო, გემოთმოყვარეობის გულისსიტყვებით ძლეული და ამ გულისსიტყვებით ტკბობას მიცემული, კარგავს სულიერ მადლს. მრავალი შრომითა და ხანგრძლივი ღვაწლით მოპოვებული წარმატება სულს რამდენიმე საათში ან რამდენიმე წუთშიც კი ერთმევა"
"თანამედროვეობის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ლოთობის ცოდვაა. ღვთის სიტყვა გვასწავლის: "არცა მპარავთა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაი არა დაიმკვიდრონ". ლოთობას ასევე უარყოფითად აფასებს ძველი აღთქმაც: "ვაი, რომელნი გმძლავრობენ თქვენ, რომელნი ღვინოსა სუმენ. ძლიერნი, რომელნი წდევენ თაფლუჭსა".
ნათქვამია: "და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა, ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნთა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა". ძე ღვთისა ასწავლიდა, რომ ლოთობა ამძიმებს გულს და საფრთხეს უქმნის სულს: "ეკრძალეთ თავთა თქვენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამა სოფლისაითა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი".
/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/
"ადამიანი ლოთს განიკითხავს, მასზე სხვადასხვა საზიზღრობებს ამბობს და ზევიდან უყურებს, რადგან თავად ეს ვნება არ გააჩნია. დიახ, შეიძლება ალკოჰოლიკი არა ხარ, სპირტიან სასმელს ბოროტად არ იყენებ, მაგრამ შენ ალკოჰოლიკი სხხვა ვნებებს და ცოდვებში ხარ, რომლებიც შესაძლოა, უარესიც კი იყოს, რადგან ვისაც საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა აქვს, ღმერთის წინაშეა დამნაშავე"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience