თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ბიბლიოთეკა _ წმიდა ეგნატი ანტიოქიელი

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 28 2010, 06:47 PM

ეპისტოლის მნიშვნელობიდან გამომდინარე აქაც ვდებ ამ ტექსტს (ჩვენ ბიბლიოთეკაშიც დევს). გთხოვთ წაიკითხოთ და შეხედულებანიც არ დაიშუროთ.



წმიდა ეგნატი ანტიოქიელი - ეპისტოლე რომაელთა მიმართ



ეგნატი ღმერთშემოსილი - ეკლესიას, წყალობაქმნილს უზენაესი მამის სიდიადეში, მისი მხოლოდშობილი ძის იესუ ქრისტეს მიერ, შეყვარებულსა და განათლებულს მამისვე ნებით, ვისაც ესათნოება ყოველივე, რაც კი არსებობს იესუ ქრისტეს, ჩვენი ღვთის რწმენასა და სიყვარულში, - ეკლესიას, რომელიც მოთავეობს რომაელთა ქვეყნის სამკვიდრებელში, ღვთივღირსეულს, ღირსადმშვენიერს, ნეტარღირსეულს, ღირსადსაქებელს, ღირსადსასურველს, ღირსადწმიდასა და წინამძღვარს სიყვარულისას, ქრისტეს სჯულიერს, მამის მოსახელეს, რომელსაც მოგიკითხავ სახელითა ძისა მამისა, იესუ ქრისტესითა! თქვენ, რომლებიც ხორციელად და სულიერად შეუერთდით უფლის ყველა მცნებას, რომლებიც წრფელად აღივსეთ საღვთო მადლით და განიწმიდეთ ყოველი უცხო ფერისაგან, უსპეტაკესად იხარებდეთ იესუ ქრისტეს, ჩვენი ღვთის მიერ!





1.1. რადგანაც ფრიად ვევედრე ღმერთს ლოცვათა მიერ, ვეღირსე იმას, რომ ვიხილე და შევიწყნარე ღირსსახილველნი თქვენი სახენი, და თუ ღვთის ნება ღირსმყოფს, აგრეთვე, რომ მივეწიფო აღსასრულსაც, ვსასოებ მაშინ, იესუ ქრისტეს მიერ შეკრულმა ამბორ-გიყო თქვენ. 2. კეთილად განეგო დასაბამი, თუკი მომმადლებს ღმერთი იმასაც, რომ უბრკოლველად მოვიგო ჩემი წილხვედრი. შიში მაქვს თქვენი სიყვარულისა, არ მიმტროს მან მე, რადგანაც თქვენთვის ადვილია ისა ქმნათ, რაც გსურთ, ჩემთვის კი, - თუკი არ განმეკრძალვით, - საძნელოა ღმერთს მივეახლო.

2.1. არათუ ის მწადია, რომ აამოთ ადამიანებს, არამედ მხოლოდ - ღმერთს სათნო-ეყოთ, რასაც იქმთ კიდეც. ვერ მოვიპოვებ უმჯობეს ჟამს, ღმერთს მივეახლო, და თქვენც, უკეთუ დაიდუმებთ, სხვას ვერას ჰპოვებთ საქმეს უკეთესს თქვენი თავისთვის. თუკი დუმილით განმეკრძალვით, გავხდები ღვთისა, მაგრამ თუ ჩემს ხორცს შეეტრფობით, კვლავ მივიქცევი სრბოლისაკენ. არათუ სხვა რამ, ჩემთვის მარტოდენ ის იზრუნეთ, ღმერთს შევეწირო ზედაშეს მსგავსად, რადგანაც უკვე განემზადა საკურთხეველი, თქვენ კი შემოკრბით სიყვარულით, როგორც რამ ქორო, და უგალობეთ მამას იესუს მიერ, რადგანაც ღმერთმა ღირს-იჩინა ეპისკოპოსი სირიისა; აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ უწოდა მას. კარგია ამ ქვეყნიდან ღვთისაკენ ”ჩასვლა”, რომ შემდეგ მასთან ”აღმოვიდე”.

3.1. არასოდეს გშურდათ ვინმესი; სხვებს ასწავლიდით. მსურს მტკიცედ ეგოს ყოველივე, რაც თქვენ ასწავლეთ და განაჩინეთ. ჩემთვის მარტოდენ ის ითხოვეთ, ძალა მომეცეს შინაგანად და გარეგანად, რომ არა მხოლოდ სიტყვით ვამბობდე, მსურდეს კიდეც; არა მხოლოდ სახელად მერქვას ქრისტიანი, ვიყო კიდე და თუ ვიქნები, მეწოდება კიდეც ამგვარად, მორწმუნე კი მაშინ გავხდები, ქვეყნად რომ აღარ გამოვჩნდები. ჩენილთაგან რა არის კარგი? მამაში მყოფი ღმერთი ჩვენი იესუ ქრისტე უმეტესად არის ჩენილი. არათუ რწმუნების საქმეა ქრისტიანობა, არამედ - სიდიადისა, როდესაც მოიძულებს მას სამყარო.

4.1. მივწერ მე ყველა ეკლესიას და ვამცნებ ყველას, რომ ნებსით ვკვდები ღვთისათვის, თუკი თქვენს მიერ არ დავბრკოლდები. ამიტომ გევედრებით, უდროო დროს ნუ გამოავლენთ კეთილგანწყობას. მაცადეთ მე, გავხდე მხეცების ლუკმა, რადგანაც მათი გზით ღმერთს მივეახლები. ხორბალი ვარ ღვთისა და დავიფქვები მხეცთა კბილებით, რომ გახდე წმიდა პური ქრისტესი. 2. უფრო ის ეცადეთ, ალერსით აწვიოთ მხეცები, საფლავად მექნენ მე და არაფერი დატოვონ ჩემი ხორციდან, რომ დაძინებული არავის ვემძიმო. ჭეშმარიტად მაშინ ვიქნები მოწაფე იესუ ქრისტესი, რაჟამს ჩემს სხეულსაც ვეღარ იხილავს ქვეყნიერება. ლიტანია ჰყავთ ქრისტეს მიმართ ჩემთვის, რომ ამგვარი სახით შევიწირო ღვთისადმი. 3. პეტრესებრ და პავლესებრ როდი გამცნებთ თქვენ: ისინი - მოციქულნი, მე კი - მსჯავრდებული, ისინი - თავისუფალნი, მე კი ვიდრე დღემდე - მონა, მაგრამ თუ ვივნებ, ვით აზატქმნილი იესუ ქრისტესი, თავისუფალი აღვდგები მის მიერ, აწ კი ტყვექმნილი იმას ვსწავლობ, არაფრისადმი მქონდეს გულისთქმა.

5.1. სირიიდან რომამდე ხმელეთსა და ზღვაზე, დღითა თუ ღამით ვებრძვი მე მხეცებს, ბორკილდებული ათი ავაზას, ანუ, რაც იგივეა, მხედართა დასის მიერ, რომლებსაც თუმცა კეთილს უყოფენ, მეტად და მეტად ავდებიან. მათი სიავე უმეტესად მასწავლის მე, მაგრამ ”არათუ ამით რასმე განვმართლდები” (I კორ. 4,4).

2. დაე, ღირსი ვიყო მხეცებისა, რომლებიც მზადყოფნაში არიან ჩემთვის. ვილოცავ მათთვის, რომ დამეხმარონ; ალერსით ვაწვევ, ხარბად მჭამონ, რათა არ მოხდეს ისე, რომ დამიფრთხნენ, როგორც ზოგ ვინმეს, და არ შემეხონ. თუნდაც რომ ნებით არ ისურვონ თვით ვაიძულებ. შემინდეთ, ძმანო, რადგანაც ვიცი, რაც მე მარგებს!

3. აწ შევუდგები მოწაფეობას. ნუვინ იქნება, - ნურც ხილული, ნურც უხილავი, - მოშურნე ჩემთვის, რომ მივეახლო იესუ ქრისტეს. ცეცხლი და ჯვარი, მხეცთა გუნდები, დაჭრა-დაგლეჯა, ძვლების მიმოყრა, ასოთმოკვეთა, დაქუცმაცება მთელი ტანისა, ეშმაკისაგან ტანჯვა-წამება, და - დაე, შემემთხვეს ეს ყოველივე, რომ მივეახლო იესუ ქრისტეს.

6.1. არაფერი მარგებს სიამენი ამა ქვეყნისა, არც სააქაო სამეფონი. მიღირს, რომ მოვკვდე იესუსთვის, ვიდრე ვეუფლო ქვეყნის კიდეებს. მას ვეძიებ, ვინც ჩვენთვის მოკვდა. იგი მსურს, ვინც ჩვენთვის აღდგა. მომელის მე შობა!

2. შემინდეთ ძმანო! ნუ დამაბრკოლებთ, რომ გავცხოველდე: ნუ ინებებთ, რომ მოვკვდე! ვინც მსურველია, რომ იყოს ღვთისა, ამა სოფლისათვის ნუ გასცემთ მას, და ნუ აცთუნებთ ნივთის მიერ. მაცადეთ, შევიწყნარო წმიდა ნათელი. რაჟამს იქ მივალ, შევიქმნები ადამიანი.

3. მაცადეთ, ვბაძო ვნებას ღვთისას. ვინც თავის თავში ღმერთს შეიცავს, დაე, შეიცნოს, რასაც ვესწრაფვი, და თანამიგრძნოს, რამეთუ უწყის, რით ვარ პყრობილი.

7.1. სოფლისმთავარი განიზრახავს ჩემს წარტაცებას, ღვთისადმი ჩემი სურვილის გახრწნას და ნუ იქნება მისდა შემწედ ვინმე თქვენგანი. უმჯობესია, გახდეთ ჩემი, რაც ნიშნავს, - ღვთისა! ნუ იქმთ იმგვარად, სიტყვით ამბობდეთ იესუ ქრისტეს, გულისთქმა კი ქვეყნისკენ გქონდეთ. ნუ დაიბუდებს შური თქვენში.

2. თუნდაც პირისპირ გევედროთ თქვენ, ნუ მერწმუნებით. უმჯობესია ის ირწმუნოთ, რასაც მოგწერთ, რადგანაც გწერთ მე ცოცხალი, კვდომის მეტრფე. ჯვარს-ეცვა ჩემი ტრფიალება და აღარ არის ჩემში ნივთისმოყვარე ცეცხლი, არამედ ცხოველი წყალი, რომელიც ჩემში მეტყველებს და შინაგან მეტყვის: ”მოდი მამასთან”. აღარ შევიტკბობ ხრწნილების საზრდოს, არც ამ ცხოვრების სიამეებს. მსურს პური ღვთისა, - ხორცი იესუ ქრისტესი, რომელიც იშვა ”თესლისაგან დავითისა” (იოანე 7,42; რომ. 1,3), და მსურს სასმელი, სისხლი მისი, რაც სიყვარული არის უხრწნელი.

8.1. აღარ ვესწრაფვი კაცებრ ცხოვრებას. ასე იქნება, თქვენ თუ ინებებთ, ხოლო გნებავდეთ, რომ თქვენც გინებონ! მოკლე წერილით გევედრებით:

2. ირწმუნეთ ჩემი. მართლად რომ ვამბობ, გააცხადებს, თქვენს წინაშე იესუ ქრისტეს, - უტყუარი პირი, რომლის მიერ ჭეშმარიტი გვაუწყა მამამ.

3. ითხოვეთ ჩემთვის, მას მივეახლო. ხორციელად როდი მოგწერთ, - ოდენ ღვთის ნებით. უკეთუ ვივნებ, გნებებივართ, თუ ვერ ვეღირსე, გძაგებივართ.

9.1. მოიხსენეთ თქვენს ლოცვებში ეკლესია სირიისა, რომელსაც ჩემს სანაცვლოდ ღმერთი ჰყავს მწყემსად. ეპისკოპოსობს მასზე მარტოოდენ იესუ ქრისტე და თქვენმიერი სიყვარული.

2. სირცხვილი არის, მეც მათ შორის შერაცხილვიყო, მათი ნარჩევი, მათგან განგდებული. არა ვარ ღირსი, მაგრამ ღმერთს თუ მივეახლები, შევიწყალები, რომ ვიყო ვინმე.

3. ამბორ-გიყოფს თქვენ ჩემი სული და სიყვარული ეკლესიათა, რომლებმაც კი შემიწყნარეს ქრისტეს სახელით, მაგრამ-არათუ მსგავსად მწირისა. ეკლესიები, მშორებელნი ჩემს ხორციელ გზას, ქალაქებში წინ მიხვდებოდნენ.

10.1. ამას გწერთ სმირნიდან ნეტარღირსეულ ეფესელთა მიერ. ბევრ სხვასთან ერთად ჩემთან არის აქ კროკოსიც, - საწადელი ჩემთვის სახელი.

2. მჯერა, რომ იცით მათ შესახებაც, რომლებმაც უკვე წინ მისწრეს მე სირიიდან რომისაკენ ღვთის სადიდებლად. აუწყეთ მათ, რომ ახლოსა ვარ. ყველა მათგანი ღირსი არის ღვთისაც და თქვენიც. ამიტომაც შეგფერით თქვენ, განუსვენოთ მათ ყოვლითურთ.

3. ხოლო მოგწერეთ ეს ცხრა დღით უწინარეს სექტემბრის კალენდებისა. ქრისტესმიერი მოთმინებით გაძლიერდით აღსასრულამდე!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 29 2010, 05:53 AM

არაჩვეულებრივი ეპისტოლეა, და უძლიერესი წმიდანი, მე რაღა უნდა დავწერო, როცა ამდენი წერია მის შესახებ, ეს მისი ცხოვრების შესახებ:

http://tvorenia.russportal.ru/index.php?id=patrologia.ignatius1855

ეს კი მის ეპისტოლეებზე:

http://tvorenia.russportal.ru/index.php?id=patrologia.skvorcov01

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 30 2010, 12:08 AM

წავიკითხე, ძალიან საინტერესო ეპისტოლე იყო, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე. რატომ სურდა მას მხეცებს შეეჭამათ და ასე მიახლებოდა უფალს?

მართლა ასე აღესრულა?

რუსული არ ვიცი და ვერ წავიკითხე ზევით დაწერილი ლინკები...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 30 2010, 12:21 AM

სურდა რა smile.gif დაიჭირეს და საწამებლად მოყავდათ კოლიზეუმში, რადგან ასე გადაუწყვიტეს, თვითონაც ადიდა უფალი, რომ მისთვის მოწამეობის ღირსი გახადა და ამიტომ თქვა რომ იგია ხორბალი, რომელიც მხეცების კბილებით უნდა დაიფქვას და უფლის პურად გამოცხვეს, ანუ ცხონდეს.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 30 2010, 12:45 AM

მაგარი სიტყვებია smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 30 2010, 02:41 AM

საოცარია მის გულზე ოქროს ასოებით ამოტვიფრული: "იესო ქრისტე"

ჟრუანტელმა დამიარა

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 30 2010, 10:17 AM

ციტატა(KAIROS @ Jan 30 2010, 01:21 AM) *

დაიჭირეს და საწამებლად მოყავდათ კოლიზეუმში, რადგან ასე გადაუწყვიტეს,


ვინ გადაუწყვიტა? რატომ გადაუწყვიტეს?
როგორც მივხვდი სირიის პატრიარქი იყო ხო?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 30 2010, 10:36 AM

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (+107)
20 (2.01) დეკემბერი
მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). მოგვიანებით ეგნატე წმიდა იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი (წმიდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო - სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდგომ). უფლის რჩეული ოთხი ათეული წლის მანძილზე მოციქულებრივი მოშურნეობით იღვწოდა ქრისტეს ეკლესიისათვის. ერთხელ წმიდა ეგნატე ზეცად იქნა აღტაცებული და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმიდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა. ქრისტიანთა დევნის დროს მეუფე განამტკიცებდა მრევლს და თავადაც მოწამეობის სურვილით იყო ანთებული. სამწყსოს ძალიან უყვარდა თავისი მღვდელმთავარი და მას „ღმერთშემოსილს“ ეძახდა.

106 წელს იმპერატორმა ტრაიანემ (98-117) ბრძანა, სკვითებზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მთელს ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ. 107 წელს სომხებისა და პართების წინააღმდეგ სალაშქროდ მიმავალმა იმპერატორმა გზად ანტიოქიაზე გაიარა. ანტიოქიის ეკლესია დევნისა და რბევისაგან რომ დაეცვა, წმიდა მღვდელმთავარი თავად გამოცხადდა უსჯულო ხელისუფალთან. ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი სიხარულით შეხვდა განაჩენს.

ნეტარი ეგნატე სხვა პყრობილ აღმსარებლებთან ერთად ათი მხედრის თანხლებით გაამგზავრეს სასჯელის აღსრულების ადგილისკენ. გზაზე უამრავი დამცირება და ტანჯვა გადაიტანა წმიდა მღვდელმთავარმა. ქალაქ სმირნაში უფლის რჩეული შეხვდა თავის მეგობარს, ეპისკოპოს პოლიკარპე სმირნელს. აღმსარებლის მოსანახულებლად, ნუგეშინისსაცემად და მისადმი სიყვარულის გამოსახატავად აქ ჩავიდნენ ასიის სხვა ეკლესიების წარმომადგენლებიც.

ეგნატე ღმერთშემოსილი ხედავდა, თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მართლმორწმუნეები, როგორ წუხდნენ მისი მოახლოებული აღსასრულის გამო და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოისურვონო. ამიტომ წმიდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა: „მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან.ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათჳს, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაჲცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რაჲთა ვიქმნე მჴეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხვევაჲ ღმრთისაჲ“.

რომაელი ქრისტიანები დიდი სიხარულითა შეხვდნენ უფლის რჩეულს. წმიდა ეგნატემ სასოებით მოიყარა მუხლი და სხვა მორწმუნეებთან ერთად მხურვალედ ილოცა ეკლესიისთვის, ურთიერთარს შორის სიყვარულისთვის და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტისთვის. 20 დეკემბერს, წარმართულ დღესასწაულზე, ეგნატე ცირკის არენაზე გაიყვანეს. მან შემოკრებილ რომაელებს მიმართა: თქვენ იცით, რომ სიკვდილით ვისჯები არა ბოროტმოქმედებისათვის, არამედ ჩემი ერთი ღმერთის გამო, რომლის სიყვარულსაც მოვუცვივარ და რომლისკენაც ვისწრაფვი, „იფქლი ვარ მე ღმრთისაჲ და კბილთა მჴეცთაჲთა დავიფქვი, რაჲთა ვიქმნე მე პურ წმიდა ღმრთისა“. ამ სიტყვების წარმოთქმა და გააფთრებული მხეცების გამოშვება ერთი იყო. გადმოცემით, სასიკვდილოდ მიმავალი წმიდა ეგნატე დაუდუმებლად იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. როცა მას ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, ნეტარმა უპასუხა, ამ სახელს გულით ვატარებ, და ვინც გულშია აღბეჭდილი, ბაგეებითაც მას ვაღიარებო. როცა წმიდანი ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა. წარმართებმა გაჭრეს იგი და ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“.

მეუფის საოცარი აღსასრულის შესახებ რომ შეიტყო, ტრაიანემ ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს (ამის შესახებ იხილეთ 29 იანვრის საკითხავში), შემდეგ კი პატივით დააბრუნეს უკან.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/20-egnate.htm

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 30 2010, 11:48 AM

აჰა, გასაგებია...

მართლაც სულის შემძვრელია წმ. ეგნატეს ცხოვრება და აღსასრული. ააი ბოლო სასწაულმა კი მართლა უდიდესი სიხარული მომგვარა... მართლაც რა საოცარია გულზე დაწერილი იესო ქრისტეს სახელი, თან ოქროს ასოებით!!!

წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის მეოხება გვქონოდეს!!!

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jan 30 2010, 01:13 PM

ციტატა
ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“


ციტატა
როცა წმიდანი ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა. წარმართებმა გაჭრეს იგი და ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“.


თანამედროვე მკვლევარების დიდი ნაწილი თვლის, რომ წმ. ეგნატეს ცხოვრებაში ეს ადგილები არის მოგვიანებით ჩამატებული.

იოანე ოქროპირი მაგალითად თავის "ეგნატეს ქებაში" წერს, რომ ეგნატეს არ ჰყავდა უფალი ნანახი (იოანე ოქროპირი თავიდან ეგნატეს მსგავსად ანტიოქიის ეპისკოპოსი იყო). ამაზე დუმს მაგალითად ეგნატე ღმერთშემოსილის წამების ანტიოქიური აქტებიც (IV ს.),
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმაოდ ადრეული გადმოცემაა.

რაც შეეხება მეორე გადმოცემას გულზე დაწერილ ასოებზე, ეს ბევრად უფრო მოგვიანებით არის წმ. ეგნატეს ცხოვრებაში შესული.
ზემოთ აღნიშნულ წმინდანის წამების ანტიოქიურ აქტებში მხოლოდ ის არის ნახსენები, რომ ეგნატესგან მცირეოდენი ძვლებიღა დარჩა - "Из святых его останков... уцелели только прочнейшие" ("Мученичество св. Игнатия Богоносца, Антиохийские Акты).
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ აქტებში საკმაოდ დაწვრილებით არის გადმოცემული ეგნატეს საუბარი ტრაიანესთან, ასევე მისი წამების შემდგომი ღამე და ასევე აღნიშნულია, რომ დარჩენილი წმ. ნაწილები რომიდან ანტიოქიაში გადააბრძანეს და სარკოფაგში ჩაასვენეს, საეჭვოა ავტორებს გამორჩენოდათ ასეთი მნიშვნელოვანი ცნობა გულზე დაწერილ ასოებზე.

"Писания мужей апостольских" 2003

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 30 2010, 01:49 PM

ციტატა(athos @ Jan 30 2010, 01:13 PM) *

თანამედროვე მკვლევარების დიდი ნაწილი თვლის, რომ წმ. ეგნატეს ცხოვრებაში ეს ადგილები არის მოგვიანებით ჩამატებული.

იოანე ოქროპირი მაგალითად თავის "ეგნატეს ქებაში" წერს, რომ ეგნატეს არ ჰყავდა უფალი ნანახი (იოანე ოქროპირი თავიდან ეგნატეს მსგავსად ანტიოქიის ეპისკოპოსი იყო). ამაზე დუმს მაგალითად ეგნატე ღმერთშემოსილის წამების ანტიოქიური აქტებიც (IV ს.),
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმაოდ ადრეული გადმოცემაა.

რაც შეეხება მეორე გადმოცემას გულზე დაწერილ ასოებზე, ეს ბევრად უფრო მოგვიანებით არის წმ. ეგნატეს ცხოვრებაში შესული.
ზემოთ აღნიშნულ წმინდანის წამების ანტიოქიურ აქტებში მხოლოდ ის არის ნახსენები, რომ ეგნატესგან მცირეოდენი ძვლებიღა დარჩა - "Из святых его останков... уцелели только прочнейшие" ("Мученичество св. Игнатия Богоносца, Антиохийские Акты).
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ აქტებში საკმაოდ დაწვრილებით არის გადმოცემული ეგნატეს საუბარი ტრაიანესთან, ასევე მისი წამების შემდგომი ღამე და ასევე აღნიშნულია, რომ დარჩენილი წმ. ნაწილები რომიდან ანტიოქიაში გადააბრძანეს და სარკოფაგში ჩაასვენეს, საეჭვოა ავტორებს გამორჩენოდათ ასეთი მნიშვნელოვანი ცნობა გულზე დაწერილ ასოებზე.

"Писания мужей апостольских" 2003



ვააა.... საინტერესოა... mellow.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2010, 10:28 AM

ციტატა
მეუფის საოცარი აღსასრულის შესახებ რომ შეიტყო, ტრაიანემ ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა

ესეც გვიანდელი ჩანამატია, ტრაიანეს ქრისტიანობის დევნა სრულიად არასოდეს შეუწყვეტია, ნუ თუკი შენელდა, ეს ამ ფაქტის გამო ნამდვილად არ მომხდარა, მას თავისი პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზები აქვს.

პოსტის ავტორი: tekleee თარიღი: Apr 5 2011, 10:30 PM

.

პოსტის ავტორი: -Orthodoxy- თარიღი: May 13 2011, 09:30 PM

მოგესალმებით. პირველ რიგში მოგესალმებით,ვინაიდან ახალი დარეგისტრირებული არ ამ ფორუმზე და ეს კომენტარი მხოლოდ მეორეა ჩემთვის. მე როგორც მსმენია დევნასთან დაკავშირებით,დევნა შეწყვეტილ იქნა იმის გამო, რომ ქრისტიანთა მოწამოებრივი აღსრულების შედეგად საოცრად მრავლდებოდა მორწმუნეთა რიცხვი,,ამიტომაც ტრაიანემ ჭკუა იხმაარა და დევნა შეცვალა მხოლოდ დაპატიმრებით,,სადაც საშჳნელ პირობებს უქმინდა და ელოდა ქრისტიანთა გატეხვას.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 14 2011, 12:15 AM

როგორ მიხარია რომ აქ ობიექტური, მეცნიერული მიდგომის პიროვნებები პოსტავენ და ე.წ. "გვიანდელ ჩანამატებს" გულწრფელად აღნიშნავენ... smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)