თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ "ტყე შეუნახე შვილებსა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 11:35 AM

"პატრიარქი ბრძანებს, რომ უპირველესი საზრდო სულიერებისა - ეს არის ტყე და ულამაზესი გარემო, რასაც ბუნება ქმნის. ტყეში, ამ ხელთუქმნელ ბუნებრივ გარემოში ყველაფერი ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან: მიკროორგანიზმები, ნიადაგი, ბალახი, ფრინველი, ნადირი, ხე, ბუჩქი...

ტყე იყო და არის ხელოვნების, მუსიკის, პოეზიის, მხატვრობის შთაგონების წყარო. ჩვენი პატრიარქი უდიდესი ქომაგია ბუნებისა. მას განსაკუთრებით უყვარს კვიპაროსი - მწვანე სანთლებს უწოდებს. ერის ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ბუნებისა და ტყის მიმართ.

თუნდაც საპატრიარქოს ეზო გახლავთ მცირე ზომის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უზარმაზარი სითბოთი და რუდუნებით არის შექმნილი. შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ ეკლესია-მონასტრები ძირითადად ისეთ ადგილებშია გაშენებული, რომლებიც მშვენიერი ბუნებით და ტყის საფარით გამოირჩევა. შეიძლება პირიქითაც იყოს.

ქართველი კაცი ეკლესიის მიმდებარე ტყეებში ერიდებოდა გარკვეულ სამეურნეო საქმიანობას, ეს ხელს უწყობდა ამ ტერიტორიების გატყევებას. ამიტომაც იმ ადგილებში, სადაც ეკლესიები შენდებოდა, ნელ-ნელა ხდებოდა ტყის წარმოქმნაც.

ტყეებში დღესაც შემორჩენილია ეკლესიათა და სალოცავთა ნაშთები, ნანგრევები, ომიანობის დროს მოსახლეობის უმრავლესობა თავს ტყეს აფარებდა. ქართული სულიერებიდან გამომდინარე, ქართველი კაცი თავის საცხოვრისთან, ტყეში აგებდა ნიშას, ეკლესიას და ა.შ."

/სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაგოშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:07 AM

"ჩემმა მეხსიერებამ აქამდე შემოინახა ასეთი სურათი: ზამთარია. ცა რძისფერია. ხეები თოვლში ჩაძირულან და უზარმაზარ ყვავილებს ჰგვანან. სიჩუმეა. ფეხქვეშ თოვლი ხრაშუნობს. თუ შემთხვევით მოხვდები ტოტს, ხეებიდან თოვლი თეთრ წვიმასავით ცვივა. თოვლი ცეცხლივით გწვავს სახეს.

სული გრძნობს განსაკუთრებულ მშვენიერებას თეთრი ფერისას, როგორც სიმბოლოს მარადისობისა და უსაზღვრო სივრცისა, როგორც სიმბოლოს სულიერი სისპეტაკისა და მყუდროებისა, და გგონია, რომ სპეტაკი ყველაზე მშვენიერია და ყველაზე ღრმაა ფერთა შორის.

ბილიკზე დგას მონაზონი ანგელინა, მუხლს გვიდრეკს და მზერით მოგვაცილებს. მე ის ტყის დიასახლისს მაგონებს, რომელიც თავისი კოშკიდან სტუმრებთან გამოსამშვიდობებლად გამოვიდა."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 06:35 PM

"1918 წელს, უნივერსიტეტის გახსნისთანავე, ივ. ჯავახიშვილმა და პეტრე მელიქიშვილმა მოიწვიეს პოლონეთიდან ბ-ნი სოლომონ ქურდიანი, რომელსაც თავის დროზე გერმანულ ენაზე ჰქონდა განათლება მიღებული პეტერბურგის სატყეო ტექნიკურ აკადემიაში.

30-იან წლებში ლავრენტი ბერიამ ამ უდიდეს მეცნიერს ჰკითხა აზრი ენგურის საქაღალდე კომბინატისა და სხვა მერქნის გადამამუშავებელი გიგანტების მშენებლობის თაობაზე, - შესაძლებელია ჩვენი ტყეების ბაზაზე ამხელა კომბინატების ფუნქციონირებაო? სოლომონ ქურდიანმა, რომელიც აბსოლუტურად აპოლიტიკური პიროვნება გახლდათ, ბერიას უპასუხა: - საქართველოში ჩვენ სამრეწველო ტყეები არ გაგვაჩნიაო.

ბატონი სოლომონი ტყეში მხოლოდ მერქანს არ ხედავდა. იგი ტყის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ფუნქციიდან გამომდინარე მსჯელობდა ასე. ამის შემდეგ იგი დახვრიტეს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური გაძლიერების მოწინააღმდეგე."

/სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაგოშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 11:49 AM

"ადამიანის გადარჩენა, როგორც რელიგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, მდგომარეობს იმაში, რომ დაუბრუნდეს ბუნებას, თავის ფესვებს.

ჩვენი პატრიარქი ერის მამაა, იგი უკეთ გრძნობს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ქართველი კაცის გაუცხოებას ბუნებასთან, მიწასთან, სოფელთან. ამიტომაც მოგვიწოდებს, რომ დავუბრუნდეთ მიწას, ბუნებას, სოფლის მეურნეობას. ეს უკანასკნელი კი წარმოუდგენელია ტყის გარეშე.

იქ, სადაც ტყეს ნიადაგდაცვითი ფუნქცია აქვს მოშლილი, არც ადამიანი ცხოვრობს და არც სოფლის მეურნეობა წარმოებს. ტყის გარკვეული ტერიტორიებისადმი უდიერმა დამოკიდებულებამ გამოიწვია საქართველოში ეკოემიგრანტების სიმრავლე. ხშირად ადამიანი იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თვითონ ცხოვრობს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:41 PM

"ისევე, როგორც ყანა ვერ გაიზრდება, თუ ერთხელ მაინც არ გაიმარგლა, ტყესაც სჭირდება გამოხშირვა. მაგრამ მეტყევეებს აქვთ ერთი ოქროს კანონი - მოჭერი იმდენი, რამდენსაც ყოველწლიურად შეიმატებს. გარდა ამისა, არსებობს "სანიტარული ჭრები", რომლის დროსაც იჭრება ძირითადად დაავადებული, გადაბერებული ხეები, რომლებიც ხვალ და ზეგ შეიძლება ტყის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი და საფუძველი გახდეს.

არის "მოვლითი ჭრები", რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტყეების აღზრდას და მიყვანას იმ კონდიციამდე, როდესაც უკვე შეიძლება მთავარი სარგებლობის ჭრების ჩატარება. თუ ყველა ეს ჭრა ჩატარდა ისე, როგორც საჭიროა, ამით საქართველოს ტყეებს არ მიადგება არავითარი ზიანი და მერქნით სარგებლობის საშუალებაც მოგვეცემა."

"ეკლესია-მონასტებსაც ჰქონდა საკუთარი ტყეები, რომელთაც ხატის ტყეები ეწოდებოდა.

ქართველ კაცს გენში ჰქონდა გამჯდარი, რომ "ხატის ტყეში" ერთი ძირი ხეც კი არ უნდა მოეჭრა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:16 PM

"შვილებივით გაუფრთხილდით ტყეს, თითოეული ხე ადამიანს გადაარჩენს".

"გადასარჩენად თავი მთებსა და ტყეებს შეაფარეთ".

/წმ. კოზმა ეთოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2018, 07:47 PM

დაქარვებული ტყეები და ოქროვანი ბაღები..."

/გოგლა ლეონიძე/

"შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე, დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი... როგორ ეკვრება ცას მუქი ჩრდილი, როგორ ირხევა გაძარცვული ტყე..."

/გალაკტიონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 05:52 PM

"ტყე ქორფა და მწვანე იყო, ყველგან ბალახი ხასხასებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 04:48 PM

"...ტყესთან საუბარი, ხეებთან დაძმობილება, ბუნების ამ უტყვი ენის ათვისება..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2019, 03:59 PM

"მსოფლიოს მთელი გეზი გატყევებისკენაა მიმართული, რათა რამენაირად შევინარჩუნოთ დედამიწა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2019, 04:08 PM

"მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ტყემ ძალიან ბევრი ოჯახი გადაარჩინა, მაგრამ ახლა ტყე შველას ითხოვს. ტყეში უნდა ჩაიდოს ინვესტიცია და მასიურად უნდა გაშენდეს ტყე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 10:02 PM

"ყველაზე მეტად ხეები მიყვარდა, მათი ყურება შვებას მგვრიდა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:31 PM

"შემდგომ დავათვალიერეთ [ჰერეთში] სოფლის თავში, გაშლილი მინდვრების შუაში პატარა, უღრან ტყედ ქცეული "წმინდა ტყე". მას დღესაც პატრონობენ ბედინაშვილები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 07:28 PM

"თავიდანვე ბუნების დიდი მტრფიალე ვიყავი, მაინც მთებისა. ტყეც მიყვარდა, მაგრამ იგი ჩემთვის დიდი, მწვანე დუმილი იყო. მისი ჩუჩუნიც მესმოდა, მაგრამ ვერ ვგულისხმობდი"

"ჯერ იყო და კოდალა შემოქოთქოთდა ტყეში. ბარათას თავზე ხემაღალს შემოჰკრა ნისკარტი, წისქვილის სარაკუნასავით აახმიანა"

"კარგა ხანს ვიბადუნე ტყეში"

"არც ერთი ხე არ დამირგავს, არც მომიჭრია, მაგრამ არც დამირგავს!"

/ლევან გოთუა, "ნისლი ნახატარის ტყეში"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 08:59 PM

"წავალ, ტყეს მივხედავ... არ გამიჩეხონ... ახლა ყველა აშენებს რაღაცას, ყველას სჭირდება მასალა, რას დაგიდევენ, რომ ტყე ისპობა... ასეა ცხოვრება მოწყობილი - ზოგი ჭრის, ზოგი იცავს... ზოგი კი ახალს ნერგავს!"

"დავიცვათ ტყე, ჩვენი "მწვანე დედა".

/ლევან გოთუა, "ნისლი ნახატარის ტყეში"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 06:55 PM

"ტყეს მრავალი მავნებელი ჰყავს"

"მაღალ ფერდებზე გადმომდგარი ნაძვები კი ზეციდან დაკიდებულებს უფრო ჰგავდნენ"

"ტაშისკარს აქეთ უღრანი კი არა, ბნელი ტყე ყოფილა!"

"მატარებელი უკვე შეჩრდილულ ტყეში მიგუგუნებდა"

/ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 07:19 PM

"დალომთათებული ნაძვები მაშვრალ დედებივით დაჰყურებდნენ ახალგაზრდა ხეკოპწიებს"

"ნაძვნარი, დიდებული, უძველესი, უკეკლუცესი აღმოსავლური ნაძვი, ხომ ბორჯომის ტყის შნო და ლაზათია! აბა გახედეთ ამ ლიანდაგის მარჯვნივ თუ მარცხნივ, რა მუქმწვანე ხავერდად ჩამწკრივებულა, უსწორმასწორო კედელ-ფარდად დგას და ოდნავ ირხევა. ზვიად ტანოვანთა და ახოვანთა თავის არეუბეში მსუყე და სურნელოვანი ჩრდილი შეუტბორებია და თითთქოს წიწვის ზღვაური ყველაფერს ფარავს და ფერავს.

"არა, ტყე მარტო ხეთა სიხშირე არ არის, ისე, როგორც ერი მარტო კაცთა სიმრავლე! არსებითად მეტია და თვითმყოფადი სამყაროს ნიშანს ატარებს!"

/ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 07:33 PM

"ტყე უპატრონო, თქვენი სადოვლათო ხომ არ გგონიათ?!"

"აქ მეხსიერება და მოგონება უფრო მიმძაფრდება. ტყე ხომ ძირეული გრძნობების დედაბუდეა!"

"რას ემსაგვსებოდა დედამიწა, მას რომ ტყე არ ამშვენებდეს?"

/ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 07:48 PM

"გვალვა ტყეში - ეს მისი უხილავი ხანძარია. იცვლება ტყის ყოველი ბიოსაწყისი, თავს იჩენს ათასი მიყუჩებული სატკივარი, ვერ ნამრავლი ჭიაღუა, მავნე მწერი წაესევა ტყეს. ტევრი ვეღარ სუნთქავს, წყალ-მინერალური შიმშილი იწყება"

"გაგამ იცოდა, თხზულისა და სინამდვილის ზღვარზე ცნობილი - რომ გედი სიმღერით კვდება, რომ ბამბუკი მხოლოდ ერთხელ, სიკვდილის ჟამს ჰყვავის, ჩანს, ნაძვი სიკვდილის სარეცელზე უფრო აკმევს სურნელს!

ტყემ ფიქრის დახვევა იცის".

"როდესაც სასწორზე ტყეა, განა მარტო ტყეა მაშინ სასწორზე!"

/ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:15 PM

"ტყეც ბუნების სასწაული და ტაძარია, შიგ განურჩევლად ყველა ნაჯახიანის შეშვება არ შეიძლება!"

"ჯერ ტყეს უნდა დაცვა! ჯერაც და უპირველს ყოვლისაც!"

/ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:44 PM

"პარლამენტმა მესამე მოსმენით (79 მომხრე) „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.

კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2020, 10:22 PM

"ცისკელაპტარა ხეები"

"ხეები უფრო ლამაზად კვდებიან, ვიდრე ადამიანები, მაგრამ ეს სრულიადაც არ კმარა ნუგეშად! ტყეს სწრაფი, უანგარო, სწორმეცნიერული შველა უნდა, თუ არ გინდა, ყველგან ხევამწვარას შემზარავი სილამაზე ვიხილოთ!"

/ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 09:50 PM

"ტყე ნებიერი მოხუცია და მე მოხუცების მეტს არც არავის შევუშვებდი ტყეში! ახალგაზრდებმა ჯერ არ იცით მისი ყადრი!"

"ბორჯომის ხეობა - საქართველოს შუაგულია, ეს ტყე კიდევ - მისი ულვაში!"

"ტყეს რომ ენა ჰქონდეს, თვითონ იტყოდა! მაგრამ გულ-ღვიძლი აქვს და ენა - არა! მუნჯი ბერიკაცივით არის! რასაც თვით გვაძლვს, ის უნდა წამოვიღოთ! ტყეში შეშაც არის, მაგრამ ტყე კი არ არის შეშა, ტვინგაშეშებულო! მიწის სიმღერაა, ათასწლობით შეწყობილი, ნამში გაჩენილი, სხივში ამოსული, ქვეყნის დასაბამსა და აკვანს მე ტყეში ვზრახავ!"

/ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:06 PM

"ახლა უკვე ყველაფერი გამოძერწილად და სხეულმკაფიოდ ჩანდა, გარდა ჩაბურულ, გულჩათხრობილ ტყისა"

"ტყე ყველაზე უფრო ახლო დგას ხალხთან!"

/ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:27 PM

"ჩვენც გამოვჭკვიანდით, წინათ შემოსეული მტერი გვიკაფავდა, გვინადგურებდა ხეხილსა და ტყეს, ახლა აღარავის ვაცლით, ჩვენ თავად ვკაფავთ"

"ჩამზიურებული ტყე"

/ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 11:08 PM

"მიუხედავად იმისა, რომ შემოსევების დროს დაუნგრევიათ და გადაუწვიათ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა ტყის გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის"

/მეუფე გრიგოლი (კაცია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2020, 02:57 PM

"იმისგან, რომ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ვთქვათ, მთელი ტყეც რომ გადაეცეს, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ და ის კანონები, რაც ზოგადად ტყეს იცავს, ძალაშია ყველაფერი. ტყე მე თუ გადმომეცემა, არავინ მაპატიებს იმას, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო, ან რა უნდა ვუყო? - უნდა მოუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობა"

/მეუფე ნიკოლოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2020, 07:31 PM

"პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწვანე ზოლი მომავალი თაობებისთვის. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ეკლესია რამეში გამოიყენებს ხე-ტყეს, მაგრამ ეს ასე არ არის. თბილისი მთაწმინდის გარეშე არ არსებობს, მცხეთა - სვეტიცხოველის, ქუთაისი - გელათისა და ბაგრატის და ეს ადგილები ზუსტად იმ ლამაზ ტერიტორიებზე. ეს სულაც არ არის პრივილეგია, ეს ღვაწლია ეკლესიის, საუკუნეები რომ იცავდნენ ტაძრების მიმდებარე ტერიტორიებს"

/მეუფე გრიგოლ კაცია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2020, 03:31 PM

"ქოჩორა ტყეები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 09:03 PM

"ზამთარი აღარ დააგვიანებს -
შორი ტყეებით ზამთარი მოდის!.."

/ხვიჩა ყალაბეგაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2020, 06:07 PM

"სოფელი [ვაჩნაძიანი] ულამაზესი ტყეებითაა გარშემორტყმული. იმ ადგილს, საიდანაც ტყის საფარი იწყება, "პავლიონს" უწოდებენ და მთელი კახეთის დანახვაა შესაძლებელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2020, 08:04 PM

"ხშირად დავდიოდი ტყეში. ძალზე მომწონდა მაღალ ხეებსა და ბუჩქნარს შორის ამოსულ მაღალ ბალახში სიარული"

/წმ. პორფირე კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2020, 09:37 PM

"არის შემთხვევები, როცა ხდება არა გაყიდვა, არამედ 50, 90, 100 წლით გასხვისნება, მაგალითად ტყის გასხვისება. ტყე რომ განადგურდეს, ერთი კვირაც ეყოფა, რაც ძალიან საშიშია, ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:30 PM

"შეფენილი ტყის მწვანე ბოლქვებიან ხალიჩაზე ქვემოდანვე გამოჩნდა ამაყად აზიდული გუმბათი"

/ლევან გოთუა, "ყინწვისის ანგელოზი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2021, 08:24 PM

"იყო ყვავილ-ჩრდილოვანი, კარდენახში მიმავალი გზა... და იყო ირგვლივ ტყე... დაბურული, ქართული ტყე... ძირძარღვიანი, თავტოტმაღალი... თუმც ნაქარბუქალი და ნაკაფი"

/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2021, 08:56 PM

"ტყემოგდებულ მეტეხა კლდეს უწვდინა მზერა"

/ლევან გოთუა, "ქვის ხოხობი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2021, 06:33 PM

"ტყეს ნადირითა აქვს ლაზათიო..." ტყეში დათვი თუ არ ღაჯუნობს, მგელი თუ არ ყმუის, შველი თუ არ ხავის, თუ მელ-კვერნა არ დაშლიგინობს, ციყვი არ ფხაკუნობს, ჩხიკვი არ ჩხავის, შაშვი არ ჭახჭახებს, ჩხართვი არ ჩხიკინობს, თუ როჭოსაც არ გადაეყრები აქა-იქა, ის ტყე ტყე არ არის".

/მწერალი გიორგი ცოცანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:21 PM

"ეს ხმელი ქერქები მოგაგონებს იდუმალებით მოცული ტყის ზღაპრების ნაწყვეტებს"

/რეზო ინანიშვილი, "შორი თეთრი მწვერვალი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:45 PM

"ძეძვნარს ტყეწვრილი მოჰყვა. რცხილა, კუნელი, ჯაგმუხა და ნაძვი ერთმანეთში იყო არეული".

/რეზო ინანიშვილი, "ცისფერი გორგალი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 06:56 PM

"ტყეწვრილში თრთვილი დევს. ხეები სულ ჩამოწმენდილან, მხოლოდ ახალგაზრდა მუხებზე შერჩენილა გაფხოკილი, დააფრაკებული ფოთლები და ნიავი რომ წამოუბერავს, თხილის ნაჭუჭებივით ჩხრიალებენ. დიდ ტინებთან სასიამოვნოდ ხასხასებს რბილი, მაღალი ხავსი. ახლა იმ ხავსსაც თრთვილი ექნება დადებული, ხელი უნდა გადაჰკრა, გადაბერტყო და უფრო სასიამოვნოდ დაიწყებს ხასხასს".

/რეზო ინანიშვილი,"შორი თეთრი მწვერვალი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 08:26 PM

"პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით 49 წლით გადაეცა." sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 12:45 PM

"დედამიწაზე არის სამი წმიდა ადგილი: ეკლესია, სასაფლაო და ტყე"

/ბერი ანატოლი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 07:21 PM

"ჩვეულებრივ მაღალი ტემპერატურა და ხშირი ნალექები ხელს უწყობს კოლხეთის დაბლობში მცენარეული საფარის, განსაკუთრებით ტყეების სწრაფად ზრდას, რაც უაღრესად ხელისშემშლელი იყო ძველად მიწადმოქმედების განვითარებისათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2022, 09:25 PM

"ასდევდა მთას აქათ მხრიდან ხშირ ტევრებად ტყე, ხუჭუჭ ქოჩრად მოსდებოდა იმის მაღალ თხემს"

/ვასილ ბარნოვი, "წოდებული"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2022, 09:10 PM

"ალბათ აქაც საქართველოს ტყე თუ ჰგონია, სად დათვი არის მხეცთა შორის უძლიერესი"

/ვასილ ბარნოვი, "ნათელმოსილნი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:34 PM

"ფერდობები დაძონძილი ტყით შემოსილი"

/ვასილ ბარნოვი, "დედოფალი ბიზანტიისა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:54 PM

"ტყის დედა თუ დაგვეხმარა, გზა აურია"

/ვასილ ბარნოვი, "შურისგება"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2022, 02:31 PM

"რაც შეეხება არტაანელებსა და კოლაელებს, თავის მხრივ, ისინი იმერხევში შეშის მოსაჭრელად მოდიოდნენ, რადგან ისტორიული საქართველოს ამ ეთნოგრაფიულ მხარეებში ტყე არ იყო"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 188/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2022, 08:03 PM

"ახოს აღება მიწის სამუშაოების რიგს მიეკუთვნება. თუმცა სეზონური სამიწათმოქმედო სამუშაობებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება შინაარსითა და მოცულობით. რას წარმოადგენს ახოს აღება? ეს არის სამუშაოები ტყის ფართობის ხეებისგან განთავისუფლების, გაწმენდის მიზნით, სხვადასხვა დანიშნულების მიწის ნაკვეთის მისაღებად. დასავლეთ საქართველოში ახოს აღების ტრადიციებთან დაკავშირებით წერდნენ: "ტყის გაკაფვას მიმართავდნენ აქ მიწის ნაკვეთების მისაღებად არა მარტო ნათესისთვის, არამედ მეცხოველეობისთვისაც, - სათიბებისა, საძოვრებისა, მეფუტკრეობისა და ლითონის დამუშავებისთვისაც (საწვავი, მასალა, ბაზა).

ერთი მხრივ, ტყიანი ადგილების სიჭარბის, ხოლო მეორე მხრივ, სათესი და საძოვარი ნაკვეთების სიმცირის გამო, ახოს აღება მთელ საქართველოში ყოფილა გავრცელებული და ცალკეულ კუთხეში შესაბამისი წეს-ჩვეულებები ახლდა. საერთო იყო ის, რომ თავდაპირველად საგულდაგულოდ უნდა შეერჩიათ ადგილი. მნიშვნელობა ჰქონდა მდებარეობას და ტყის ტიპს, წიწვოვანი იყო თუ ფოთლოვანი, ხშირი თუ მეჩხერი. მთიულეთსა და გუდამაყარში, წინასწარ შერეჩეულ საახოე ტყეში ხეების გახმობის მიზნით კანს აცლიდნენ. კახეთში ამას გაზაფხულზე აკეთებდნენ, რათა ცხელ ზაფხულში ხეები კარგად გამხმარიყო. შემდეგ ჭრიდნენ და მასალის მიხედვით ან გამოზიდავდნენ, ან იქვე ტოვებდნენ და წვავდნენ. ქსნის ხეობაში ზოგჯერ ხეების შეშად გამოზიდვის ნაცვლად იქვე ნახშირად წვავდნენ. დახეთქილ შეშას ორმოში აწობდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. ხეებს თანდათან უმატებდნენ, სანამ ორმო არ გაივსებოდა, შემდეგ მიწას აყრიდნენ. ორმოს მიწით კარგად გულავდნენ და ერთ კვირაში ნახშირიც მზად იყო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 86/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2022, 01:23 PM

"ხშირად ვენახი ტყეშიც შენდებოდა, ტყე ზედმეტი ხეებისგან იკაფებოდა და შემდეგ მიერგვებოდა ვაზი.

მნიშვნელოვანი იყო ბუნებრივი სტიქიისგან ვენახის დაცვა. ამ მიზნით მთელ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარებისგან ვაზის დასაცავად იქ, სადაც ტყე იყო, დაახლოებით 15 ნაბიჯის სიგანეზე ტოვებდნენ ხეების ხელუხლებელ ზოლს, ხოლო სადაც ბუნებრივი ტყე არ იყო, ამავე მიზნით რგავდნენ ხეებს, რომელთა მხოლოდ ზედა ტოტების მოჭრა შეიძლებოდა, რათა ხეს უფრო მეტი ტოტი გამოეტანა დაბლა და ვაზი დაეცვა. ასეთი დამცავი ტყისა და ხეების ზოლს საქარე ეწოდებოდა. საქარეში ხის მოჭრა სასტიკად იკრძალებოდა და ამ ტრადიციის დამრღვევს სოფელი სჯიდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 65/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2022, 02:51 PM

"ტყეების უკან დახევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2022, 08:17 PM

"გურიაში, თავად მაჭუტაძეებს ნიგოითის ტყეში ტყისმცველები ჰყავდათ დაყენებული. ეს ტყისმცველები ბატონის უნებართვოდ ტყეებში არავის უშვებდნენ, ხოლო როცა მაჭუტაძე ამ ტყეში მორეკვით ნადირობდა, ნანადირევის (ირემი, შველი, ღორი) გარკვეული ნაწილი ბატონს მიჰქონდა. საეკლესიო ტყეში ნადირობის პირვილეგია, ცხადია, ეკლესიას ეკუთვნოდა. 1625 წ. სიმონ I გურიელმა აჭის წმ. გიორგის ეკლესიას შესწირა გლეხები მათი ბეგარით, ტყით და წყლით და დაადგინა "რაც ამ ტყეშიც ნადირი მოკვდეს, მარჯვენა კერძი წინამძღვარსა, მარცხენა - ვინც ამ საყდრის დეკანოზი იყოს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 138/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2022, 01:52 PM

"ცნობილია, ზემო აჭარის სოფლები ბუნებრივ ტერასებზეა გაშენებული. რომელებსაც თავში გარკვეული სიდიდის ტყის ზოლი აკრავს. ეს არის "საფარი"//"საცავი"//"ყორი ტყე"//"ყორი". მისი დაცვა სავალდებულო იყო მთელი სოფლისთვის. იქ არათუ ხის მოჭრა, საშეშედ ხმელი ხის გამოტანაც აღკვეთილი და საძრახად მიჩნეული იყო. საფარის გაშენებას, როგორც ნიადაგის დაცვის მარტივ, მაგრამ საკმაოდ რაციონალურ საშუალებას, მიმართავდნენ ყანის ზემო ნაწილშიც განივი მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საცხოვრებელი სახლისა და კარ-მიდამოს დაცვას, ამიტომ კარ-მიდამოს, მეტწილად, ზემო მხრიდან ხშირად მცირე სიდიდის საფარი ტყე ეკრა, ხოლო ეზო კულტურული მცენარეულით (კაკალი, მსხალი, თელა, ნაძვი, ვაშლი, თუთა, თხმელა, რცხილა) იყო შემორაგული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 203/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2022, 02:31 PM

"დასახლების ფორმა ითვალისწინებდა თავდაცვით ფუნქციებსაც. თავდაცვით სისტემაში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა უსწორმასწორო რელიეფი და ტყე. ტყით დაბურვილობა ქართველებს მტერთან ბრძოლას უადვილებდა. ამას გარდა, სამოსახლო ადგილებშიც, ტყეების მახლობლად, ხეები მრავლად ირგვებოდა. თუ მტერი სოფელს გაანადგურებდა, აყრილი მოსახლეობა ტყის სიღრმეში აფარებდა თავს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 209/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2022, 02:47 PM

"უძველესი დროიდან ქართველები თაყვანს სცემდნენ ხეებსა და წმინდა ტყეებს, ქვებსა და მთის მწვერვალებს. საქართველოში ხის თაყანისცემის ტრადიციის ორი უძველესი საფეხური დასტურდება: საკრალური ხე - საკრალური ტყე (კორომი). განსაკუთრებით გამორჩეულ საკულტო ხედ იყო მიჩნეული მუხა. ქრისტიანობამდელ საქართველოში არსებობდა წმინდა მუხნარები. ფშავ-ხევსურეთში დღემდე გავრცელებულია წარმოდგენები "მუხის ანგელოზის" შესახებ. ქართლსა და სამეგრელოში მუხის ნაცვლად ცაცხვის ხე ფიგურირებს, თუმცა სახელად "რკონი" და "ჭყონდიდი" ჰქვიათ. ქართველები თაყვანს სცემენ მუხას, ცაცხვს, ფიჭვისა და იფნის ღვთაებებს. საკულტო ხეები განცალკევებით იდგნენ. მათ მრავალი შესაწირავითა და თეთრი ძაფებით რთავდნენ და სურვილის ასრულებას შესთხოვდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 375/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2022, 08:46 PM

"ძელქვა უნიკალური ჯიშის ხეა. ადრე ეს ხე ფართოდ იყო გავრცელებული, ამჟამად იშვიათობას წარმოადგენს და საქართველოს წითელ ნუსხაშია შესული. ძელქვა მაგარმერქნიანი ჯიშის ხეა, რაზეც მისი სახელწოდება - ძელი და ქვა მიანიშნებს. მას იყენებდნენ საშენ მასალად და სამეურნეო იარაღების დასამზადებალდ, ასევე გემთმშენებლობაში, რადგან ძალიან მკვრივი და მაგარი ხეა და მისგან დამზადებული გემი საუკუნეების მანძილზეც კი ძლებს. ვთხოვეთ და ბატონ გიორგი დვალაშვილს, აღწერილი აქვს [სოფელ] როკითის ძელქვების კორომი, რომ დაიცვან. ჩვენში ასეთი გამოთქმაც კი არსებობს: ძელქვა მხოლოდ კეთილი კაცის მიწაზე ამოდისო. იმერეთში აჯამეთის ნაკრძალშიცაა დაცული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2022, 07:39 PM

"დღეს კოლხეთის დაბლობის ტყეებში ძირითადად თხმელა გვხვდება. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი მუხის, ბზის, ფიჭვის, წაბლის თუ კაკლის ტყეებით იყო დაფარული. გვხვდებოდა ზეთისხილისა თუ დაფნის კორომები. მაგრამ XIX საუკუნეში დასავლეთ საქართველოში გაჩაღებულმა ტყის ჭრამ ყველა ჯიში გაანადგურა.

ხეტყე ზღვის საქართველოდან უძველესი დროიდან გაჰქონდათ, მაგრამ XIX საუკუნეში უზომო ვაჭრობამ კატასტროფული ხასიათი მიიღო. ხეს ყიდდა ყველა: სამეგრელოსა თუ აფხაზეთის მთავარი, თავადი თუ აზნაური, ყველა, ვისაც ტყის სულ მცირე ფართობი მაინც გააჩნდა. მყიდველიც, ბუნებრივია, ხის უძვირფასეს ჯიშებს არჩევდა. ასე რომ, დასავლეთ ზღვისპირეთის ტყეებში ხეთა დიდი უმეტესობა ძველი ტყის განადგურების შემდეგაა ამოსული.

მეფის მთავრობა ხეტყით ვაჭრობაში ნაკლებად ერეოდა და განგაში მაშინ ატყდებოდა, თუ ხაზინის ინტერესებს რაიმე საფრთხე დაემუქრება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 10:14 PM

"ვარძიისაკენ მიმავალ გზაზე პატარა ნუშებისა და ტყემლების ხეები ყვავის. უკუნეთ ღამეში სანთლებივით გვინათებენ ეს ხეები გზას"

/გოდერძი ჩოხელი, "ღმერთის შვილები"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 07:23 PM

"თუმცა ჯერ არ გამოფოთლებულიყვნენ ხეები, მაგრამ მაინც ჩაებურა ხშირ წიფლნარს"

/გოდერძი ჩოხელი, "მართა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2022, 04:09 PM

„არის ადგილები, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ, მაგრამ თავად ღმერთი ზრუნავს ბუნებაზე, სადაც მხეცები ბინადრობენ თავიანთ სოროებში, სადაც გლეხი ზის ვირზე ან ჯორზე, ბილიკს მიყვება და ჩუმად, ცხვირში ღიღინებს თავის დარდზე. ადგილები, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ხეების მარჩდილოებელი ფოთლებით და ჩიტების ჭიკჭიკით. და როცა ასეთ ადგილებში საავტომობილო გზები იგება, ტირის და ქვითინებს ადამიანი, მოყვარული თავისი დედისა - დედამიწისა. ჩვენს მამებს შესაწუხებლად ენანებოდათ ის მტვერიც კი, რომელზეც დადიოდნენ, ხოლო ჩვენ დაუნდობლად მოვასწორებთ ბულდოზერებით იმ ადგილებს, სადაც ღმერთი თავის ზვინივით მიმოაბნევდა მიწას და ააგებდა ბორცებსა და მთებს.

როცა ვხედავ მთაწმინდაზე ჩვენი კომფორტისთვის დაგებულ ფართო გზებს, ასე მგონია, რომ ბებერი ათონის ხერხემალი დავასახიჩრეთ. ასე ხდება ყოველი ახალი გზის გაყვანისას: ჯერ მას ბუჩქების კაფვით ვიწყებთ, ხოლო შემდეგ უძველესი ხეებიც კი იჭრება. ძველად ხეებს ცულით ჭრიდნენ და ჭრის ეს მეთოდი მტკივნეული იყო როგორც ხის, ისე ხის მჭრელისთვის. ნაჯახს მეტი თანაგრძნობით ასწევდა და დასწევდა. დღეს კი სასტიკი ბენზინის ხერხი თითქოს ქიმიურ ომს აწარმოებს ტყის სამეფოს წინააღმდეგ: ხედავ, როგორ ლერწამივით ქანაობენ მაღალი მუხები და მანქანების ხმაური ნებას არ გვაძლევს, ბუნების კვნესა გავიგოთ.

გზის ერთ-ერთი გაყვანის დროს წინ ძველი ჭადარი გადაგვეღობა. იღუმენმა თქვა:

-ბიჭებო, არ შეგიძლიათ, გარშემო რომ შემოვუაროთ? შეხედეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბებერია, მაინც ყვავის.

-არანაირად არ შეიძლება, - უთხრეს ხიმ მჭრელებმა.

წინამძღვრის თხოვნას პატივი არ სცეს, სენტიმენტალურობის გამოვლინებად მიიჩნიეს. ბენზინის ხერხმა უზარმარზარი ხის გადაჭრა დაიწყო. შუაში რომ მიაღწია, ხიდან რომელიღაც პატარა ცხოველის ტკივილიანი ყვირილი გაისმა. მალევე, ჭადარი ხმაურით მიწაზე დაეცა, შემდეგ კი ყველამ დაინახა ტყის პატარა ცხოველის შვილებისადმი სიყვარულის და სიკვდილამდე თავგანწირვის სცენა. მას სორო მოეწყო ახლადგადაჭრილი ხის ფუღუროში. მიუხედავად საშინელი მანქანის ხმაურისა, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად კი არ გაიქცა, არამედ შვილებს ზემოდან არწივივით გადაეფარა, რათა დაეფარა და დაეცვა ისინი, სრულიად დაუცველნი ხერხის კბილების წინაშე. უბედური დედა მუცელში სასიკვდილოდ იყო დაჭრილი და გამოსამშვიდობებელი ამბორის ნაცვლად შვილებს თავის სისხლს აპკურებდა.

ყველა ღრმად შეგვძრა პატარა ცხოველის თავგანწირვამ, მაგრამ უშედეგო იყო ჩვენი მცდელობა, მას დავხმარებოდით. ეს დედა იყო ტყის თაგვი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:50 PM

"ხუჭუჭა ტყიდან აყრილ ნისლებს ვაყოლებ მზერას"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2023, 02:24 PM

"ხელუხლებელი ტყეები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2023, 09:19 PM

"რა ჰარმონიით მოაწყო ყველაფერი ღმერთმა! შეხედე ადამიანის მიერ გაშენებულ ტყეს. ხეები საჯარისო რიგებივით დგანან - როგორც ჯარისკაცები ასეულში. და ამავე დროს, როგორ აღადგენს ადამიანის ძალებს არა ხელოვნური, არამედ - ნამდვილი ტყე! ერთი ხე უფრო დიდია, მეორე - პატარა, თითოეული ერთმანეთისგან განსხვავებულია - თვით ყვავილებიც კი. ერთ პაწაწინა ბუნებრივი ყვავილი უფრო მშვენიერია, ვიდრე ქაღალდის ყვავილების მთელი თაიგული. ისინი ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც სული - პოლიეთილენისგან"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2023, 07:28 PM

"...მისთვის [წმინდა ამფილოქე პოჩაევოდან] გაზაფხული იყო სამოთხის დრო, გაზაფხულზე ტყე იყო სამოთხე..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2024, 09:38 PM

"ტყეს რომ ავჩეხავთ და მერე წყაროს შევუკურთხებთ, - დამშრალაო, ის ხალხი ვართ, სამწუხაროდ. სანამ მეწყერი ჩამოწვება, ყველას გვგონია, მთამ ვერ იგრძნო მის მკერდზე რომ ტყე აიჩეხა"

/პოეტი ალექსანდრე მიშელაშვილი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2024, 03:16 PM

***

ტყის სიო ამომასუნთქეთ,
თორემ გამგუდეს კედლებმა,
ტყის სუნთქვა ვინმემ მაჩუქეთ
და გულიც არ გაჩერდება.
შემონაქროლი ტყის სული,
ჩემში ანგელოზს აღვიძებს,
კედლებად გადავქცეულვარ,
ცხოვრება გამიფაქიზეთ.
ტყის სუნთქვა ჩემი სუნთქვაა,
მუდამ მეძახის ჩემშივე,
მთამ სულით გამასუფთავა,
თითქოს სამოთხეს ვეწვიე.
მაცალეთ, სუნთქვა მწყურია -
უხილვად ყოფნა უფლისა,
ტყის ბილიკები მასუნთქეთ,
შრიალი ფოთლის ფურცლისა.
მთის სიო ამომასუნთქეთ,
თორემ გამგუდა დროებამ,
ტყის მონატრება მაწუხებს,
და კაცთა "ამაოება".

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2024, 09:50 PM

"გაიკაფება ტყის ყველა ხე და მოირღვევა მთების სილამაზე"

/წმინდა მეთოდე პატრელი, "თქმული მეორედ მოსვლისათვის"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2024, 09:41 PM

"შვილებივით გაუფრთხილდით ტყეს, თითოეული ხე ადამიანს გადაარჩენს"

/წმ. კოზმა ეტოლიელის წინასწარმეტყველება/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2024, 08:11 PM

"მეორედ ბერმა [სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო] დევნილებისა და შიმშილობის შესახებ გვიამბო. მაგრამ ამჯერად საუბარი კონკრეტულად ჩვენკენ იყო მომართული:

- თუ ტყეში ყოფნისას კენკრის ნაყოფს დაინახავთ, ყურადღებით იყავით: ჭამა მხოლოდ იმ ხიდან ან ბუჩქიდან შეიძლება, რომლის ფოლებიანი ფესვებიც ქინქლების ან მუხლუხოების მიერაა დაღრღნილი. ხოლო თუ მას მწერები არ ეხებიან, ნიშნავს, რომ ეს ხე ან ბუჩქი მოწამლული და შხამიანია და თქვენც მოიწამლებით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2024, 08:11 PM

"მეორედ ბერმა [სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო] დევნილებისა და შიმშილობის შესახებ გვიამბო. მაგრამ ამჯერად საუბარი კონკრეტულად ჩვენკენ იყო მომართული:

- თუ ტყეში ყოფნისას კენკრის ნაყოფს დაინახავთ, ყურადღებით იყავით: ჭამა მხოლოდ იმ ხიდან ან ბუჩქიდან შეიძლება, რომლის ფოლებიანი ფესვებიც ქინქლების ან მუხლუხოების მიერაა დაღრღნილი. ხოლო თუ მას მწერები არ ეხებიან, ნიშნავს, რომ ეს ხე ან ბუჩქი მოწამლული და შხამიანია და თქვენც მოიწამლებით!"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)