თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ წმიდა აბიბოს ნეკრესელი

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Oct 9 2009, 04:29 PM

წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი (VI)

29 (12.12) ნოემბერი

http://www.radikal.ru

წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. ისინი უშუალოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა და გამოაგზავნა. მათ ცხოვრებაში სწერია, რომ ისინი იყვნენ „ღმრთისა სათნონი ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი სავსენი ნელსაცხებელითა, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი, განმანათლებელნი სოფლისანი, სახენი, წესნი და კანონნი უცთომელნი მონოზონებისანი“ და მათ შორის წმიდა აბიბოს ნეკრესელი, „მღვდელთმოძღუარი უბიწოჲ, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი. სანთელი მაღლად მნთებარე, მნათობი და განმანათლებელი ყოველთა მხილველთა მისთაჲ, შემწირველი უბიწოდ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელმან თავიცა თჳსი შეწირა მსხუერპლად მისსა მიმართ ჴელითა უსჯულოჲსა მარზპანისაჲთა“.

წავიდა მამა თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის და იოანე ზედაზნელის კურთხევით წმიდა აბიბოსი ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. მადლმოსილი მსახურებისთვის წმიდა აბიბოსი „იქმნა... ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა-მჴრისა დიდოთურთ. ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი“, - წერს ვახუშტი ბაგრატიონი „ქართლის ცხოვრებაში“.

ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ.

წმიდა აბიბოს ნეკრესელი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ წმიდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმიდა აბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდგომ ეს ამბავი აცნობეს სპარსეთის მარზპანს, რომელიც ამ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმიდა აბიბოსი.

წმიდა აბიბოსი შავმთელი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამის სვიმონ მესვეტის (ხს. 1 სექტემბერს) მეგობარი იყო. ღჲრს სვიმონს ღმრთისგან ეუწყა წმიდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმიდა მამას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა.

ეპისტოლემ და ძვირფასმა საჩუქარმა გაახარა და განამტკიცა ტანჯვისთვის განმზადებული წმიდა მღვდელმთავარი. გზად მას ქართველები დახვდნენ და განთავისუფლების იდეა შესთავაზეს. წმიდა აბიბოსმა არ მიიღო წინადადება.

მღვდელმოწამემ მტარვალებს სთხოვა, წმიდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელები დათანხმდნენ. წმიდა მამებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. შემდეგ წმიდა ეპისკოპოსმა სასწაულთმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა, ელოცა მისთვის. წმიდა შიომ უთხრა: „ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი, არამედ მოგმადლენ უფალმან, რაჲთა აღტყინებულიცა იგი უჩინოჲ ცეცხლი, რომელ აღუზნიეს შენთჳს ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად... უწყოდე, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექმნეს წარუვალი და ჭირი ეგე შენი მათ დაცემა და განბნევა...“ მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს.

მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა სამსჯავროზე წარმდგარ წმიდა ეპისკოპოსს: „რაჲსათჳს უვარ-ჰყავ უფლებაჲ მეფეთ-მეფისაჲ და მოჰკალ ღმერთი ჩუენი?“ წმიდა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: „მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაჲთამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაჲ. ხოლო გლოცავ, რაჲთა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ“. კადნიერი პასუხით გაგულისებულმა მარზპანმა კვლავ ჰკითხა: „მე გკითხავ, რაჲსათჳს მოჰკალ ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს, რაჲთამცა შენისა ღმრთისა წარგჳყვანნე?“ ნეტარმა აბიბოსმა კვლავ მშვიდად მიუგო: მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, ცეცხლი შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი. „აწ მიკჳრს თქუენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხჳლ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს?“ მარზპანი საშინლად განარისხა წმიდა მღვდელმთავრის ასეთმა პასუხმა და მისი წამება ბრძანა.

ჯალათებმა საშინლად ტანჯეს ნეტარი აბიბოსი და ბოლოს „ქვითა განტვინეს“. მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეფლა წმიდანის ნეშტი.

ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს წმიდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და დაკრძალეს წმიდა ტრაპეზის ქვეშ.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

პოსტის ავტორი: ikaragua თარიღი: Nov 4 2009, 05:22 PM

Amuza

ციტატა
საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად.

თუ დანარჩენ 12 ასურელ მამასთან ერთად? tongue.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 4 2009, 10:44 PM

ნეკრესი ერთადერთი ადგილიაო სადაც ღორს წირავენ. თათრები როცა შემოეწყვენ ციხეს კახელებმა დაკლული ღორები გადმოყარეს ციხიდან. მათ ”სიბილწის” გამო ციხეს თავი გაანებესო . ასე ვიცი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2019, 07:21 PM

აბიბოს ნეკრესელი

"წმინდა აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საუბარი ვთხოვეთ ნეკრესელ მიტროპოლიტს სერგის (ჩეკურიშვილი).

მეუფის ლოცვა-კურთხევით ვესტუმრეთ ნეკრესის მამათა მონასტერს და მის თანამედროვე ცხოვრებასაც გავაცნობთ "კარიბჭის" მკითხველს, მანამდე კი მეუფეს მოვუსმინოთ:

- წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი იმ ცამეტ მამათაგანია, რომლებიც საქართველოში VI საუკუნის II ნახევარში სირიიდან შემოვიდნენ იოანე ზედაზნელის მეთაურობით. წმინდა მამა ღირს იოანესა და სხვა ძმებთან ერთად ზედაზნის მთაზე მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა.

ჰაგიოგრაფი, რომელსაც აღუწერია მამათა მოღვაწეობა, გვამცნობს: რადგან ორი ეპისკოპოსი - წილკნელი და ნეკრესელი - გარდაცვლილი იყო, კათოლიკოს ევლალეს და ეპისკოპოსებს გადაუწყვეტიათ, იოანეს მოწაფეთაგან ორი გამოერჩიათ ეპისკოპოსად ჟამისწირვის შესრულების შემდეგ. და როდესაც აბიბოსს და ისეს დაუსრულებიათ წირვა, "შეიპყრა კათოლიკოსმან ერთითა ხელითა ისე, ხოლო ერთითა აბიბოს, ამბორს-უყო და ჰრქუა: გიხაროდენ, ეპისკოპოსო წილკნისაო, გიხაროდენ, ეპისკოპოსო ნეკრესისაო"... "და წარიყვანა კათოლიკოზმან და ჰყვნა ორივენი ეპისკოპოზ და წარავლინა აბიბოს საყდარსა ნეკრესისასა".

აბიბოსის მღვდელმთავრობა მძიმე პერიოდს დაემთხვა. ნეკრესში არათუ წარმართულ, თვით ადრექრისტიანულ ხანაშიც კი (IV-VI ს.ს.) ცეცხლთაყვანისმცემელთა საკმაოდ მძლავრი კერა იყო. "ქართლის ცხოვრებაში" დაცული ერთი ცნობის თანახმად, V ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში, მეფე მირდატის ზეობის ბოლოს, სპარსელთა ექსპანსიის შედეგად, ქართლის სამეფოში (იბერიაში) ბევრ ქრისტიანულ ტაძარს მაზდეანები დაეუფლნენ და შიგ სამლოცველოები მოაწყვეს. ჰაგიოგრაფის ცნობით: "დაეპყრა ქართლი მეფესა სპარსთასა და იგინი ხელმწიფე იყვნენ ჩვენსა ამას სოფელსა, და ბილწსა მას კერპთმსახურებასა - ცეცლისა მის თაყვანისცემასა და მსახურებასა აღასრულებდნენ მარადის".

ქრიატიანობის გავრცელებას საქართველოში თან მოჰყვა ქართული ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. ნეკრესში აშენდა პირველი ქრისტიანული სამლოცველო. "ყვარლის ზეით მთასა შინა არის ნეკრესი, მეფის ფარნაჯომისაგან აღშენებული ქალაქი იყო. შემდგომად მეფე თრდატმან (მირიანის მეფის შვილიშვილმა) აღაშენა ეკლესია დიდნაშენი, გუმბათიანი. აქ დაადგა ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა მხარისა დიდოეთითურთ, ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი", - გვაუწყებს ვახუშტი ბატონიშვილი.

წმინდა აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ამ ბრძოლამ განსაკუთრებულად მწვავე ხასიათი მიიღო. სპარსი დამპყრობლები ცდილობდნენ მაზდეანობის გავრცელებას, ქრისტიანთა შეცდენასა და გადაბირებას. ისინი ცეცხლთაყვანისმცემელობის მოქადაგეთა თავისუფლებასაც კი ითხოვდნენ. "მივგზავნნე ცეცხლის მსახურნი ქალაქსა თქვენსა, და იყვნენ მუნ მათზედა ეპისკოპოზნი რჯულისა ჩვენისანი და ვინცა ქართველნი ნებითა თვისითა აღირჩევდეს სჯულსა ჩვენსა, ნუ აყენებთო". საგდუხტ დედოფალი (დედა ვახტანგ გორგასლისა) აიძულეს ამაზე დათანხმებულიყო და სპარსეთის მთავრობამ "წარგზავნა ცეცხლისა მსახურნი მცხეთას და მათ ზედა ეპისკოპოზად ბინაქარან, და დასხდნეს მოგვთასაო". და ეს მოგვთა ეპისკოპოსი "ასწავებდა ქართველთა სჯულსა თვისსა... და წვრილისა ერისაგან მოაქცია მრავალნი ცეცხლის მსახურებას", და ამგვარად "შეერია ქართლსა შინა ერსა ზედა წვრილსა ცეცხლის მსახურება".

ცეცხლის თაყვანისმცემლებმა ნეკრესის ეკლესიის მახლობლად სალოცავი ააგეს, სადაც დღედაღამ ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. ისინი ტაძარში სალოცავად მისულ ქრისტიანებს აიძულებდნენ, ცეცხლისთვის ეცათ თაყვანი.

საღვთო შურით აღვსილმა ნეტარმა აბიბოსმა ნეკრესში დამკვიდრების შემდეგ მკაცრად გაილაშქრა მაზდეანობის წინააღმდეგ, დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებში, ჭეშმარიტებას ქადაგებდა, განამტკიცებდა ქართველებს სარწმუნოებაში, მთიანეთის წარმართ მოსახლეობას ქრისტეს რჯულზე მოაქცევდა. "დალეწნა კერპნი და უღმრთოთა მათ არწმუნა ქრისტე და ნათელი სცა მათ". ქართველთა მღვდელმთავარმა სპარსელთა კერპი, ღმერთ-ცეცხლი შეურაცხყო. "დაასხა მცირედ წყალი ხენეში და დაშრიტა იგი". ამან აღაშფოთა დამპყრობლები, სპარსელებმა შეიპყრეს აბიბოსი, "ფრიად გვემეს კნინღა ვიდრემღა მოკლეს". წამოიყვანეს ქართლისკენ, როდესაც მცხეთას მიუახლოვდნენ, წმინდა მღვდელმთავარმა სვეტიცხოვლის ტაძარში ილოცა. მაშინ ევედრა მტარვალებს, შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელებმა განუტევეს წმინდა აბიბოსი და მან იხილა ნეტარი ბერი. აქ საუბრის დროს შიოსთვის უთქვამს: "უსჯულონი ესე სპარსნი განძვინდეს ჩვენზედა ამპარტავნებითა თვისითა, რამეთუ დაიპყრეს სოფელი ესე ჩვენიო". სულიერმა ძმებმა ერთად ილოცეს. ნეტარმა შიომ მრავალი სიტყვით განამტკიცა წმინდა აბიბოსი, რის შემდეგაც წმინდა მღვდელმთავარი სიხარულით შეუდგა თავის ღვაწლს. ამის შემდეგ მიჰგვარეს მარზპანს "ზენა სოფლად, რომელსა ჰქვიან რეხი" (შიდა ქართლში, რეხულას ხეობაში, სამთავისის ჭალის ზემოთ).

განრისხებულმა მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა ეპისკოპოსს: "რაისათვის უარჰყავ უფლებაი მეფედ-მეფისაი და მოჰკალ ღმერთი ჩვენი?"

წმინდანმა უპასუხა: "უწყებულ იყავნ შენდა, ვითარმედ ღმერთი არა მომიკლავს, ხოლო ცეცხლი დავშრიტე. არა არს ღმერთი იგი, არამედ სხვათა ბუნებათაგანი არს, ერთისა ნივთისაგან მცირედი ნაწილი, რომელთაგან აჰღმართა ღმერთმან სოფელი ესე. განსწორებით დაბადებულ არიან ნოტიაი, ცივი, ხმელი და ცეცხლი, რომელ ურთიერთისა მპყრობელობაი აქვს სიმრგვალესა მას შინა. აწ მიკვირს თქვენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხვილ გიჩნს მისი სახელის დებად ღმერთად, რომელსა ესოდენ სული აქუს". განარისხა მარზპანი მღვდელმთავრის პასუხმა და წამება ბრძანა მისი. წმინდა მღვდელმოწამის წამება და აღსრულება მოხდა ქართლის კათოლიკოსის მაკარის (553-569) და ქართლის მეფის ბაკურ III-ის დროს.

წმინდა აბიბოსის საფლავთან მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. მისი ნაწინასწარმეტყველებიც - ბერძენთა მიერ ჩვენი ქვეყნის დაპყრობისა და ურჯულო სპარსთა განდევნის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე აღსრულდა. ქართლის ერისთავის სტეფანოზის დროს, კათოლიკოს თაბორის (629-634) სურვილით, წმინდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და წმინდა ტრაპეზის ქვეს დაფლეს.

აბიბოს ნეკრესელის ასეთმა შეუპოვრობამ და თავგანწირვამ დიდი როლი შეასრულა ეპარქიის გაძლიერებასა და სამწყსოს გაზრდის საქმეში. მისი დამსახურება კახეთის მთიანეთის მოსახლეობის გაქრისტიანებაში იმდენად დიდი ყოფილა, რომ მისი აღნიშვნა საჭიროდ მიუჩნევიათ XI ს-ის მემატიანეებს - ლეონტი მროველსა და ჯუანშერს.

საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიამ წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი მღვდელმთავრის ხსენების დღედ დააწესა 29 ნოემბერი (ახ.სტ. 12 დეკემბერი).

ღვთის განგებით და წმინდა აბიბოს ნეკრესელის ზეციური ლოცვა-კურთხევით 1997 წლის შობის მარხვაში საუკუნეთა შემდეგ აღდგა ნეკრესის ეპარქია. 2000 წლის 7 იანვარს კი განახლდა და აღდგა ნეკრესის მამათა მონასტერი.

ქართველი ერი ყოველთვის ღირსეულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარს და განსაკუთრებულად აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს. ნეკრესის მამათა მონასტერში არასდროს შენელებულა მლოცველი მრევლის მსვლელობა და მისი თაყვანისცემა. ამიტომაცაა, რომ დღესაც ასე დიდია წმინდა მღვდელმთავრის მეოხება მისდამი მვედრებელთა მიმართ. დღესაც მრავალ სასწაულს და შეწევნას იღებენ მისდამი მვედრებელი ქრისტიანენი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 08:14 PM

"გამორჩეულად მიყვარს ასურელი მამები...
მათ სახელს უკავშირდება მონასტრული ცხოვრების დაარსება საქართველოში.
დღეს აბიბოს ნეკრესელის ხსენებაა...
შეგვეწიოს და მისი რწმენა მოგვმადლოს, რომ ჩავაქროთ ჩვენს სულში გაჩენილი წარმართული ალები!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)