წმიდა დედა ჩვენი ნინო მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი (IV)
14 (27) იანვარი
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.
წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.
ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.
ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: „როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა“. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი.
ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა.
იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა , რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ“.
ეფესოში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. წმიდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწთა და საძაგელთა კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ.
დიოკლეტიანემ მალემსმრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა: „მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში“.
თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად.
წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართთა ქადაგებისა“, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.
საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: „უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა. რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის –გცენ იესოს მიერ ძისა შენისა“,- შეჰღაღადა მან ღმერთს. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა .
წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა მიჰმადლა შვილი. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა თხოვეს. „არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტჱსითა“,- უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე.
ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა.
წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.
წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა (ხს. 15 იანვარს).
წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/nino.htm
გილოცავთ ყველას. მოციქულთა სწორი იყოს ჩვენი და მთლიანად საქართველოს შემწე და მფარველი.
†სერგი†
ჯიგარი ხარ....
ეგრე გააგრძელე...
"თანდათანობით ჯავახეთის ქედი ღამეში ისე ჩაეფლო, ვით ჩაჟანგულ ლაფში კამეჩი, და, მთამ რომ თავზე გადივარცხნა თმები ნისლისა, მთვარეს გაანდო ნინომ ლოცა ძილად მისვლისა"
/მამუკა სალუქვაძე/
"ელენე (48 წლის): - წმინდა ნინოსთან რაღაცნაირი, ჩემეული დამოკიდებულება მაქვს, რაღაც სხვანაირად მიყვარს. ვიცი, წმინდანებიც გრძნობენ ჩვენს გულისთქმას. ამის ნიშანი თავად წმინდანმა მომცა. უცხოეთში ვიყავი სტუმრად. სული არ მასვენებდა, ვწუხდი, რომ უკვე ერთი თვე უეკლესიოდ ვცხოვრობდი. გავიგე, რომ მეზობელ ქალაქში მართლმადიდებლური ეკლესია იყო... იქით გავეშურეთ მე და ჩემი ქალიშვილის ოჯახი.
ულამაზეს პატარა ეკლესიაში სუნთქვა შემეკრა. მივხვდი, როგორ მომნატრებოდა ჩემი წმინდანები. ჩემი-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მაშინ მეგონა, მელოდნენ. წირვა რომ დამთავრდა, იქვე გასაყიდ ხატებთან მივედი. მესანთლე ქალი მიხვდა, რომ უცხოელები ვიყავით და შემოგვთავაზა - საქართველოს დიდი მფარველის წმინდა ნინოს ხატი გვაქვს, ახლახან მოიტანეს ეს ერთი ცალიო. გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს, მერე ვკითხე, როგორ მიხვდით, რომ ქართველები ვართ-მეთქი. თვითონაც გაუკვირდა, - რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, მაგრამ ეს ხატი თითქოს თქვენ გელოდათ, ყველას მოსწონდა, მაგრამ არავის უყიდიაო."
-----
"თეოფილაქტე რუსანოვი 1821 წელს, ოფიციალური ვერსიით, ტიფით მოკვდა, წმინდა ნინოს საფლავთან. როგორც ჩანს , თეოფილაქტეს წმინდა ნინოს საფლავის გახსნა სურდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ უპოვიათ.
ნიკოლოზ დურნოვო, ცნობილი რუსი მოღვაწე, წერდა: "გარყვნილი თეოფილაქტე, რომელიც ავიწროებდა და სულს ართმევდა ყველა ადგილობრივ მღვდელმთავარს, თხრიდა საფლავებს, თავისი უწმინდური ხელი შეახო თვით საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმინდა ნინოს საფლავს.
მან არ მოისვენა, სანამ ღვთის განგებამ ბოლო არ მოუღო მის ავკაცობასა და თავაშვებულობას: იგი მოკვდა წმინდა ნინოს საფლავთან დამბლის დაცემით და ჭიებმა შეჭამეს".
"პირველ რამდენიმე წელიწადს, როდესაც პატრიარქი ჩამობრძანდებოდა ხოლმე ფოკაში, რათა პირველ ივნისს აღსრულებულიყო ღვთისმსახურება, 2100 მეტრზე ზღვის დონიდან, ამ დროს იქ არის თითქმის ზამთარი, ხშირად თოვლია ხოლმე. როდესაც წმინდა ნინო ჩამოვიდა საქართველოში, მაშინაც თოვლი იხილა და სიმწრით იტირა".
/მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)/
"შუა ზამთარში, ბოდბეში, სადაც აღესრულა წმინდა ნინო, მისი გარდაცვალებისას მოხდა უდიდესი სასწაული და ყველა ვარდი აყვავდა".
/მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)/
"ერთ მონაზონს ჰქონდა ასეთი ჩვენება, წმინდა ნინო გამოეცხადა და უთხრა, რომ დღესაც დავდივარ და ვქადაგებ სახარებას საქართველოშიო".
/ილია მეორე/
--------------------------
"დღეს ჩვენ თაყვანსა ვცემთ წმინდა ნინოს, რომელმაც იტვირთა მოქცევაი ქართლისა. დიდება უფალს და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა და ღვთისმშობლის შუამდგომლობით".
/ილია II/
"წმინდა ნინოს ქადაგებით საქართველო გამთლიანდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში".
"წმინდა ნინოს 17-საუკუნოვანი დღესასწაული არის ქართველი ერის ამ სარწმუნოებაში ერთიანობისა და ერთგულების დღესასწაული".
/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/
"ნიკოლოზ გულაბერიძის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, იყო საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობა. ღვთისმშობელს თავად სურდა ამ ქვეყნის მოქცევა, მაგრამ მაცხოვარმა მის მაგივრად საქართველოს მოსაქცევად მოციქულთასწორი წმინდა ნინო მოავლინა. თავისთავად "საქართველოს განმანათლებლად მოსული ღირსი დედა მალე თავად შეირაცხა "ქართლის მაცხოვრად", "დედად ქართველთა თემისაი".
"დღეს ყოველი ქართველი ადამიანი უგალობს წმინდა ნინოს: "გიხაროდენ ფრიად შვენიერო შორის დედათა საღმრთოო სძალო!"
/ილია II/
"ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სახელი "ნინო" მიღებულია ლათინური სიტყვა "ნონა"-სგან, რაც მონაზონს ნიშნავს"
--------------------------
"ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზეც, რომ ქართველთა განმანათლებელია ქალია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში.
ამ ფაქტის შესახებ ცნობილი ქართველოლოგი ბერნარდ უტიე აღნიშნავს: "ნამდვილად შეუდარებელი არის საქართველო იმიტომ, რომ თქვენი დედა სარწმუნოებაში, თქვენი განმანათლებელი, თქვენი მოციქული - ქალია, წმინდა ნინო; რამდენადაც ვიცი, ეს მსოფლიოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა და ისიც თქვენთან, ქართველებთან".
"ქართული წყაროების მიხედვით, წმ. ნინო კაპადოკიის ქალაქ კოლასტადან იყო"
"ქართლის მოქცევის შემდეგ დასნეულებული წმინდა ნინო მიიცვალა "დაბასა ბოდისასა"
"საქართველოში ქრისტიანობის გამარჯვება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება"
"1869 წელს სამხედრო მღვდელმა იროდიონ ელიოზის ძემ თბილისში გამოაქვეყნა პოეტურად გალექსილი წმინდა ნინოს ვრცელი ცხოვრება"
"წმინდა ნინომ, როგორც ქართველმა განმანათლებელმა და მოციქულთასწორმა, გარკვეული ასახვა ჰპოვა რომაულ-კათოლიკურ მარტიროლოგიაში, მისი ხსენების დღედ 15 დეკემბერია მიჩნეული და იგი "სენ-კრეტიენის" - "წმინდა ქრისტიანი ქალის" სახელითაა ცნობილი"
"1900 წელს ოქსფორდში საქართველოს დიდმა გულშემატკივარმა და-ძმა ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნეს "წმინდა ნინოს ცხოვრების" ერთ-ერთი ვერსია. აღნიშნული თარგმანის შესახებ იმავე წელს ნიკო მარმა რუსულ ენაზე დაბეჭდა საინტერესო რეცენზია. აღსანიშნავია, რომ ოლივერ უორდროპმა წმ. ნინოს პატივისცემით თავის ქალიშვილს სახელად ნინო დაარქვა"
"IV ს-ის დასაწყისში ციური ხილვით განმტკიცებული და ღვთისმშობლის ნების აღმსრულებელი წმინდა ნინო შემობრძანდა ივერიაში. მან უფლის კვართის მფლობელი ქვეყანა ქრისტეს რჯულს აზიარა."
"წმ. ნინოს დროს მოექცა მთელი საქართველო. გვაქვს თუ არა ამის დამამტკიცებელი რაიმე წყარო? არსებობს ერთი წყარო, რომელიც იგნორირებულია. გელასი კესარიელი პირდაპირ ამბობს, რომ წმ. ნინოს ხელქვეშ მიიღეს ქრისტიანობა იბერებმა და ლაზებმა, ანუ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ერთდროულად გაქრისტიანდა"
"განუზომლად დიდია წმინდა ნინოს ღვაწლი, რომელმაც ჩვენი ერი წარმართობის წყვდიადიდან საბოლოოდ გამოიყვანა და ჭეშმარიტების გზაზე მტკიცედ დააყენა"
"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ნინოობას. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთი საქართველოს ეკლესიაა, რომელიც მოაქცია ქალმა. განვლო ამდენმა საუკუნემ და ქართველი ადამიანი თაყვანს სცემს წმინდა ნინოს. წმინდა ნინო არის შუამდგომელი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის."
"ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა გაგვხადა ღირსი, რომ ჩვენი მომქცეველი, ჩვენი მფარველი, ჩვენი მლოცველი არის წმინდა ნინო. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვები."
/ილია მეორე/
"კვართის საქართველოში, მცხეთაში დაფლვამ, მცხეთა მეორე იერუსალიმად, სულიერ ქალაქად გარდასახა. როგორც წმინდა მოსემ გამოიყვანა ეგვიპტელთა მონობიდან ებრაელები, ისე წმინდა ნინომ და სვეტმა ცხოველმა იხსნა ქართველები კერპთაყვანისმცემლობის სიბნელისაგან და ქვეყანას ქრისტიანობის ნათელი მოჰფინა"
"მირიან მეფემ მოატანინა წმ. ნინოს ჯვარი და ჩამოჰკიდა მასზე სამეფო გვირგვინი, მოიყვანა ძე თვისი ბაქარი და გამოსახა მის თავზე ჯვარი, აიღო ნინოს ჯვრისგან გვირგინი და დაადგა თავზე ძეს. ამ პროცედურით მირიან მეფემ დასაბამი მისცა ქრისტიან მეფეთა კურთხევას".
"დეკალოგია - (ბერძ.) ათი სიტყვა (ასე ეწოდება იმ წერილს, რომელიც გადასცა წმ. ნინოს უფლის ანგელოზმა ფარავნის ტბასთან. მას ქართულ ათ მცნებასაც უწოდებენ).
"ბოდბის მონასტერი ის სავანეა, სადაც განისვნებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი წმიდა ნინო. პირველი ტაძარი წმინდა ნინოს საფლავზე ააშენა მეფე მირიანმა მე-IV საუკუნეში. წმ. მეფე მირიანმა გარდაცვალების წინ ასეთი ანდერძი დაუტოვა ნანა დედოფალს: "შენ, ნანა, თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმ. ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი" ("ქართლის ცხოვრება").
"იმ წმინდა ადგილს, სადაც წმინდა ნინომ პირველად ფეხი დაადგა საქართველოში და ჩვენება ჰქონდა, ფოკა ეწოდა. იგი ზემო ჯავახეთში, საქართველოს ყველაზე დიდი ტბის, ფარავნის პირას მდებარეობს. მისი ჰავა მეტად მკაცრი და სუსხიანია. ზამთარში ყინვა 37 გრადუსამდეა, საშუალო ტემპერატურა კი 20 გრადუსია".
წმინდა ნინო
ქართლის მიწაზე მოაბიჯებს,
მოდის ასული,
დავიწყებია სევდა გზისა,
სევდა წარსულის,
მთელი სამყარო გამოცოცხლდაო
თითქოს ამ დილით,
წმინდა ნინოა ქერუბიმის
ფრთათა მანდილით.
მისი მშვენება გააოცებს
ყველა ვაზირსა,
ხელში უპყრია საოცარი
ჯვარი ვაზისა.
კერპები ცვივა,
ინათლება მირიან, ნანა,
თვისი სიწმინდე მადლის წყაროდ
არ დაინანა.
შემოხვევია სერაფიმის
ფრთათა მანდილი,
სასწაულია, ქართველებო,
ესე ნამდვილი.
/მაკა გელაშვილი/
"მოწესრიგდა წმ. ნინოს საფლავი, რომელსაც მიხეილ საბინინმა თავისივე დაწერილი წმინდა ნინოს ხატით შემკული მარმარილოს ლუსკუმა დაადგა (საბინინისეული ლუსკუმის მარმარილოს ფილებით ამჟამად ახლადაშენებული წმ. ნინოს ტაძარში სამკვეთლოა მოწყობილი). ყოველივე ამის აღსანიშნავად დღესასწაული გამართულა, რომელსაც დიდძალი ხალხი დასწრებია.
ბოდბის მონასტერში დღემდე ინახება, როგორც უძვირფასესი სიწმინდე, მიხეილ საბინინის დაწერილი წმ. ნინოსა და სხვა ქართველი წმინდანების ხატები".
"მის [კათალიკოს-პატრიარქი მელქისედეკ ფხალაძე] დროს აღდგა წმ. ნინოს ეკლესია ბოდბეში"
"ქართული კულტურისა და, კერძოდ, ქართული ქრისტიანული კულტურის მნიშვნელოვან ცენტრად მირიანის დროს უნდა ვიგულისხმოთ ბოდბე, რადგან წმ. ნინომ სწორედ აქ მონათლა სოჯი დედოფალი მთავრებითურთ. საერთოდ, როგორც ჩანს, წმ. ნინოს დიდი საგანმანათლებლო მოღვაწეობა გაუჩაღებია ბოდბეში და სოჯი დედოფლის შუამდგომლობით თითქოს სომეხი (სივნიელი და ვასპურაკანელი) მთავრებიც მოუნათლავს. გარდა ამისა, ტყუილად ხომ არ იმარხება იქ წმინდა ნინო და ტყუილად ხომ არ ზრუნავს მეფე მირიანი დაბა ბოდბის მომავალი კეთილდღეობისთვის, როდესაც თავის ზემოხსენებულ "ანდერძში" მეუღლეს უბარებს: "შენ... განიყო სამეფო განძი ჩვენი ორად: და მიიღე სამარხავსა ნინოსა განმანათლებელსა ჩვენსა, ჟამთა შეცვალებისათვის, რათა არა შეირყიოს უკუნისამდე ადგილი იგი: რამეთუ მეფეთა საჯდომი არს, არამედ მწირ არს".
"წმინდა ნინოს მოღვაწეობისადმი მიძღვნილი, ჩვენამდე მოღწეული ნაწარმოები X საუკუნის ძეგლში, "შატბერდის კრებულსა" და XIV საუკუნის "ჭელიშურ კრებულში" შესული "თხზულებაა". ამ თხზულებაში ("მოქცევაი ქართლისაი") წმინდა ნინოს მოღვაწეობის მოკლე და ვრცელი ვარიანტებია წარმოდგენილი".
"ჰერეთში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად IV ს-ში გამოცხადდა და საისტორიო წყაროებში ჰერეთის განმანათლებლად წმინდა ნინოს მიიჩნევენ, სახელდობრ, სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი აღნიშნავს, რომ ნინოს ქრისტიანობა დარუბამნდამდე ("კასპის კარამდე") უქადაგია".
"წმინდა ნინოს ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში იყო დაბრძანებული 458 წლამდე (სხვა ვერსიით 541 წლამდე). ქრისტიანობის დევნის დროს, დაცვის მიზნით, ჯვარი სომხეთში გაგზავნეს. საქართველოში ჯვარი XIII საუკუნეში დაბრუნდა".
/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022, I-III, გვ.62/
-------------------------------------
"იმის აღნიშვნაც აუცილებელია, რომ წმინდა ნინოს ქართლში შემოსვლის დროს მთელი ერი მზად იყო ქრისტიანობის მისაღებად. რომ არა მოციქულთა ღვაწლი, წმინდა ნინოს გაუჭირდებოდა ქართველი ხალხის გაქრისტიანება"
"წმინდა ნინო იყო ჭეშმარიტად ბრძენი ქალწული, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა, ერთი მხრივ, თავის სულის გადარჩენასა და თავის სულზე ზრუნვას და მეორე მხრივ, ქართველთა მოქცევას და ლოცვას ჩვენს სამშობლოზე, ჩვენს ერზე! მან იმდენად შეიყვარა ღმერთი, იმდენად ეტრფოდა იგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართს, რომ უფალმა მას ეს სიბრძნე მისცა! ასეთი საოცარი ნაყოფი გამოიღო; იმჟამად, შეიძლება ითქვას, ბავშვი იყო. მას შემდეგ მთელი ჩვენი ერი მოექცა სარწმუნოებაზე და მას შემდეგ ჩვენ, ყველა, ვართ ერთგული ჩვენი სარწმუნოებისა!"
/მეუფე შიო მუჯირი/
"ქრისტიანობის გამავრცელებელმა ნინომ უმთავრესად მკურნალობით მოიხვეჭა სახელი"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 84/
"ქართლში ნინოს სამკურნალო საქმიანობის შესახებ რომაელი დაბერძენი ისტორიკოსებიც წერენ. მათი ნაწერებიდან ერთს უნდა მივაქციოთ ყურადღება: როგორც ჩანს, ქართლში ნინოს მოსვალმდეც, მკურნალს ეძლეოდა თავისი შრომისათვის გასამრჯელო, ჰონორარი. როცა ნინომ განკურნა ნანა დედოფალი, მირიან მეფემ ბრძანა: "საჩუქრები მიეტანათ იმ ქალისათვის", მაგრამ ნინომ არ მიიღო მიძლეული გასამრჯელო". ის თავისი პაციენტებისაგან ქრისტეს აღიარებას მოითხოვდა მხოლოდ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 85/
"ქართველი ერი ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას ვაზის ნასხლავის ჯვრით ეზიარა. თითქოსდა, მოულოდნელია ჯვრის ვაზისგან გაკეთება - წმინდა ნინოს უნდა სცოდნოდა, რომ ვაზს ქართველები ოდითგანვე აღმერთებდნენ. ისინი არ იცნობდნენ ქრისტიანობას, მაგრამ ცდობდნენ ვაზის ძალას. ამიტომ ვაზის ჯვარს უფრო ირწმუნებდნენ"
/თეიმურაზ ღლონტი/
"საჭირო იყო ქრისტიანული სარწმუნოების კვლავ აღორძინება საქართველოში და დედა ღვთისა არ ახანებს - თავის წილხვედრში აგზავნის სათნო, კდემამოსილ ქალწულს უდიდესი და უზეშთაესი მისიით - ქართლის მოსაქცევად.
ნინო სულიერი დედაა ქართველთა. ის მოციქულია ახალი ღვთაებისა - მზისა სიმართლისა. ის თითქოსდა დედას ღვთისას განასახიერებს ჩვენთვის. ამიტომაც უყვარს ქართველს ის დედასავით, უყვარს და ევედრება მეოხებას უფლის წინაშე.
ნინო... ეს სახელიც კი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში. თითქმის ყოველ მესამე-მეოთხე ქალს ეს სახელი ჰქვვია. ასეც გამოხატავს ერი თავის სასოებას და თაყვანისცემას ამაგდარი დედადედოფლისადმი"
"წმინდა გიორგის დროს კაბადოკიაში ცხოვრობდა ღვთისმოსავი ჭაბუკი, კეთილშობილი ოჯახის შვილი სახელად ზაბულონი, რომელიც შემდგომ იერუსალიმის პატრიარქის დაზე - სუსანაზე დაქორწინდა (სწორედ ამ წმინდა ოჯახში დაიბადა ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი ნინო). ზაბულონი რომში მოღვაწეობდა სამხედრო ასპარეზზე. მან სახელი გაითქვა, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა.
ფრანგებთან ბრძოლის დროს მან შეიპყრო ფრანგთა მეფე და მთავარნი და რომაელთა მეფეს მიჰგვარა. მეფემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს. სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. სიკვდილმისჯილებს "მისცეს ნათელი ხელსა ქუეშე ზაბულონისა". წმ. ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა და მეფემაც მიჰმადლა მას მისი სულიერი შვილების სიცოცხლე.
წმიდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმიდა ნათელს.
როდესაც ზაბულონის ქალიშვილი ნინო 12 წლის გახდა, მან გადაწყვიტა უდაბნოში გასულიყო და მთელი შემდგომი ცხოვრება ღვთის სამსახურისთვის დაეთმო.
ნინოს სამუდამოდ დაამახსოვრდა მამასთან გამომშვიდოებება და მისი უკანასკნელი დარიგება - სამარადისოდ დაინერგოს გულში ღვთი სიყვარული; საქციელით მიბაძოს მენელსაცხებლე დედებს და ლაზარეს დებს. და თუ ასე იცხოვრებს, "ყოველი რაოდენი ითხოვო, მიიღო ღმრთისგან". მას მერე ნინოს მამა აღარ უნახავს..."
წმ. ნინო კაპადოკიელის ორდენი
"გარეგნულად ვარსკვლავის ფორმის ეს ორდენი უნდა ყოფილიყო I და II ხარისხისა. ორივე მათგანის ცენტრში მოთავსებულ მედალიონზე უნდა აღბეჭდილიყო: წმ. ნინო კაპადოკიელი, ასევე იესო ქრისტეს კვართი და სვეტიცხოველი.
I ხარისხის ორდენს უნდა ჰქონოდა თეთრი ფერის წითელარშიიანი, მხარზე გადასაკიდებელი საორდენო ბაფთა.
II ხარისხის ორდენს უნდა ჰქონოდა შედარებით წვრილი, ყელზე ჩამოსაკიდებელი საორდენო ბაფთა.
დიდად საგულისხმოა იოანე ბაგრატიონის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უზენაესი ქართული სახელმწიფო ჯილდო უნდა ყოფილიყო წმ. ნინოს ორდენი.
კაპადოკიიდან შემოსულმა წმ. ნინო კაპადოკიელმა საქართველოში იქადაგა და გაავრცელა ქრისტიანობა. მან გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, შემდეგ - მეფე მირიანი და სამეფეო ოჯახის დანარჩენი წევრები. 326 წელს ქრისტიანობა ქართლში სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
საყურადღებოა, რომ წმ. ნინოს პორტრეტთან ერთად, ორდენის ცენტრში მოთავსებულ მედალიონზე მოცემული კომპოზიცია უნდა სრულქმნილი ქრისტეს კვართისა და სვეტიცხოვლის გამოსახულებით.
გადმოცემის თანახმად, გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, უფლის კვართი იერუსალიმიდან წამოიღეს მცხეთელმა ებრაელებმა და საქართველოში ჩამოიტანეს. კვართი დამარხულია ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მთავარი სვეტის ("სვეტიცხოვლის") ქვეშ და ითვლება ამ ტაძრის მთავარ სიწმინდედ. ეს ისტორია ძველ ქართულ საისტორიო თხზულებებში სხვადასხვა ვარიანტითაა შესული, ხოლო XII საუკუნეში ნიკოლოზ გულაბერისძემ ქრისტს კვართს საგანგებო ნაშრომიც მიუძღვნა.
უფლის კვართს ფრიად საპატიო და ღირსეული ადგილი უკავია ქართულ ჰერალდიკურ სიმბოლიკაშიც. იგი ცენტრში იყო მოთავსებული საქართველოს სამეფო დროშასა და გერბზე, ასევე ბაგრატოვან ხელმწიფეთა გერბებზეც.
ყოველივე ზემოთქმული ნათლად მეტყველებს უფლის კვართის გამორჩეულ მნიშვნელობაზე ქართულ გამოსახველობით ხელოვნებაში"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გერბები, დროშები და ჯილდოები", გვ. 234/
"წმინდა ნინომ, როგორც ქართველმა განმანათლებელმა და მოციქულთასწორმა, გარკვეული ასახვა ჰპოვა რომაულ-კათოლიკურ მარტიროლოგიაში, მისი ხსენების დღედ 15 დეკემბერია მიჩნეული და იგი "სენკ-კრეტიენის" - "წმინდა ქრისტიანი ქალის" სახელითაა ცნობილი".
"კათოლიკური სამყაროს ინტერესი წმინდა ნინოს მიმართ იმითაც გამოიხატა, რომ საგანგებო ნაშრომები დაიწერა მის შესახებ. 1874 წელს ლიონში (საფრანგეთი) ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა კათოლიკე მღვდლის ოვგუსტ დარას ორომცდახუთგვერდიანი ნაშრომი. ფრანგულმა სამყარომ აღნიშნული თხზულების გარდ XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში საქართველოში მოღვაწე დე ბაის ნაშრომებითაც ახლოს გაიცნო წმინდა ნინოს ცხოვრება და მისი ღვაწლი. აგრეთვე აღსანიშნავია, 1888 წელს პარიზში მღვდელ კოლონ დე პლანსის "წმინდანთა ქრონიკაში" შესული "წმინდა ნინოს ცხოვრება".
"წმინდა ნინოს ნაფეხურები ჰგვანან ცის ნამზე ამოსულ იებს"
/ნიკო სამადაშვილი/
"წმინდა ნინოს წყალობით იმრავლოს წმინდა ნინოს მსგავსმა მორწმუნეებმა"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"წმინდა ნინო განსაკუთრებული წმინდანია ჩვენთვის. იგი წმინდანთა შორის რჩეული გახლავთ, იმიტომ რომ მას მიეცა ღვთის დიდი ძალა და მადლი, რომ თავისი ქადაგებითა და ღვაწლით ჩვენი ერი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) წერს: მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯჯული, რამაც განაახლა ჩვენი ქვეყანა ახლის ცხოვრებისათვის. და ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არა მხოლოს სულიერად, არამედ ხორციელადაც..."
/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/
" - 7 წლის ასაკში როგორ დაინტერესდით სასულიერო ცხოვრებით?
- ჩემი ოჯახის წევრები მორწმუნეები არ ყოფილან. მხოლოდ პაპას ჰქონდა განსაკუთრებული რწმენა და მან თავისი ადამიანობით ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. რაც შეეხება სტიქარით შემოსვას, ეს ნამდვილ სასწაულს უკავშირდება: ერთ ჩვეულებრივ დღეს, შუადღეს დავიძინე და სიზმარი ვნახე ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ხელი მომკიდა და ეკლესიაში წამიყვანა. ეს იყო და ეს, გამეღვიძა. ერთ საათში პაპა მოვიდა და მისგან გავიგე, რომ იმ დღეს ნინოობა ყოფილა. ავდექი და მშობლებისგან უჩუმრად, გვერდითა სოფელ ანაგაში (სიღნაღის რაიონი) წმინდა ნინოს ტაძარში გავიპარე, რომლის შესახებაც, ასევე, პაპისგან ვიცოდი. ტაძრის ცენტრში, ანალოღიასთან რომ მივედი, დავინახე, რომ მასზე დაბრძანებულ ხატზე ზუსტად ის გოგონა იყო გამოსახული, რომელმაც სიზმარში ხელი ჩამკიდა და ეკლესიაში წამიყვანა - წმინდა ნინო. ეს ნამდვილი სასწაული იყო, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა ამ ეკლესიაში წირვა-ლოცვას დავსწრებოდი. თუმცა, ვიცოდი, რომ მშობლები ამას სიხარულით არ შეხვდებოდნენ. ისე მოხდა, რომ იმ დღეს ტაძარში ქუდი დამრჩა და მეორე დღეს იქ უკვე დედის ნებართვით წავედი ქუდის წამოსაღებად, სინამდვილეში კი ერთი სული მქონდა, ლოცვა მომესმინა. სახლში დაბრუნებულმა ხატებს მთელი გულით შევთხოვე, რომ დედას ჩემსთვის ტაძარში სიარული არ დაეშალა და მადლობა უფალს, ასეც მოხდა. ყველაფერი იქიდან დაიწყო. იმდენად პატარა ვიყავი, როცა სტიქაროსნობა გადავწყვიტე, რომ ეს სიტყვაც კი არ ვიცოდი სწორად და მამაოს პირველად ჩემი სურვილის შესახებ რომ გავანდე, სტიქაროსანი მინდა ვიყო-მეთქი, ვუთხარი"
/20 წლის ბერი ანგელოსი (საერო ცხოვრებაში გიორგი კოკოლიშვილი)/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)