![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
მაშინ ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა: უარ-ჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მათ. 16, 24).
ჯვარი თვისი“ - ეს ხომ მწუხარებანია და ტანჯვანი ამა სოფლისანი, რომელთაც პირადად ყოველი ადამიანი განიცდის. „ჯვარი თვისი“ - ეს ხომ მარხვაა, მღვიძარებაა და კიდევ სხვა კეთილგონივრული ღწვა, რომელიც აკვდინებს ხორცს და სულს აღორძინებს. თითოეული ეს ღვაწლი არ აღემატება მოღვაწე ადამიანის ძალებს და შესაბამისად, ყოველ კაცში სხვადასხვაგვარადაა გამოხატული. „ჯვარი თვისი“ ცოდვით დაცემაა ანუ ვნებანია, რომელიც ყოველ კაცს თავ-თავისი აქვს. ზოგი ვნება დაბადებიდანვე დაგვყვება, ზოგიერთი წუთისოფლის გზაზე დაგვასნეულებს. „ჯვარი ქრისტესი“ მაცხოვრის სწავლებაა: „დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუა შენი, რაჲთა მეშინოდის მე შენგან“ (ფსალმ. 118, 38). როგორი მძიმე ჯვარიც არ უნდა იტვირთო, იგი ფუჭია და ამაო, თუკი მაცხოვრის შედგომის შემდგომ „ქრისტეს ჯვრად“ არ გადაისახა. „ჯვარი თვისი“ მაშინ გარდაისახება ქრისტეს ჯვრად, ოდეს ადამიანი უფალ იესოს დაემოწაფება, ღრმად იწამებს მის მფარველობას, თავს დამტყდარ უბედურებებსაც მაცხოვრისაგან მოვლენილად შერაცხავს, ვითარცა ქრისტეანობის აუცილებელ და გარდაუვალ პირობას, უდრტვინველად აიტანს ყოველგვარ გასაჭირს, რამეთუ სწამს, რომ მწუხარებები შეაერთებს მაცხოვართან, მისი ხვედრის თანამოზიარეს გახდის ამქვეყნად და შემდგომ - ცათა შინა. „ჯვარი თვისი“ ქრისტეს ჯვრად გარდაისახება მათთვის, ვინც ქრისტეს შეუდგა, რამეთუ ცხოვრების მიზნად მცნებების აღსრულება დაუსახავს. ყოვლადწმინდა მცნებების აღრულება არის ჯვარი იმ ადამიანისა, რომელზედაც თავად უნდა გაეკრას, ჯვარს აცვას გადაღრძუებული და ხრწნადი ადამიანური ბუნება „ვნებითურთ და გულისთქმით“ (გალატ. 5, 24). აქედან გამომდინარე, ცხადია ვიდრე ვიტვირთავთ ქრისტეს ჯვარს საკუთარი თავი უნდა უარვყოთ, რათა არ წავწყმდეთ, ვიდრე ჯვარს ავიღებდეთ, სხეული უნდა განვიწმიდოთ ბილწებისაგან და მხოლოდ არსებობისათვის აუცილებლით დავკმაყოფილდეთ. ჩვენი სიმართლე უმძიმეს დანაშაულად უნდა შევრაცხოთ უფლის წინაშე, ხოლო გონიერება - უგუნურებად, დაბოლოს, მთელი ძალისხმევითა და რწმენით მივსდიოთ უფალს და დავეწაფოთ სახარებას პირადი ნების უარმყოფელნი. ამრიგად, ვინც განუდგა საკუთარ თავს, მას უკვე უტვირთავს „ჯვარი თვისი“. ეს ადამიანი შეიგრძნობს თავის უსუსურობას, უფალს ესავს და ევედრება გააძლიეროს, უდრტვინველად და უშფოთველად შესცქერის მოსალოდნელ უბედურებას, ცდილობს, დიდსულოვნად აიტანოს ყოველგვარი გასაჭირი და ამ გზით უფალ იესოს ვნებათა თანამონაწილეა, თანაზიარქმნილია უფლის საიდუმლო აღმსარებლობასთან მარტოოდენ გონებითა და გულით კი არა, საქმითა და ცხოვრებით. ჯვარს ატარებდე მოთმინებით, ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად ხედავდე და აღიქვამდე საკუთარ ცოდვებს. ამ აღიარებაში არ არსებობს თვითცდუნება, ხოლო ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, მაგრამ მოსთქვამს და დრტვინავს, მაშინ თვალსაჩინო ხდება, რომ ცოდვა ზერელედ უღიარებია და ფარისეველი და პირმოთნე საკუთარ თავს იტყუებს. ჯვარს ატარებდე მოთმინებით ეს ჭეშმარიტი სინანულია. ნუ დაეძებ ქრისტესმიერ სრულყოფილებას ადამიანურ სათნოებებში, ვერ ვიპოვი, რამეთუ იდუმალია და ქრისტეს ჯვარშია დაფარული. „ჯვარი თვისი“ „ქრისტეს ჯვრად“ გარდაისახება, ოდეს მოწაფე ქრისტესი აღიარება საქმეებში განცხადებულ საკუთარ ცოდვებს და დამსახურებულ სასჯელს მოელის. თუკი შესწირავს მადლობას უფალს და დიდებისმეტყველებს, მაშინ დიდებითა და მადლობით ჯვარცმულში მკვიდრდება სულიერი ნუგეშისცემა. ვმადლობდეთ უფალს და დიდებისვმეტყველებდეთ. ეს სათავე მიუწვდომელი, განუხრწნელი სიხარულისა, მადლმოდილ გულში რომ სდუღს, იღვრება სულში და თვით სხეულსაც განასპეტაკებს. იტვირთო და ატარო ჯვარი იესო ქრისტესი ხორციელი თვალისათვის, ერთი შეხედვით უმკაცრესი განაჩენია. ქრისტეს მოწაფესა და მიმდევარს კი უმაღლეს სულიერი ტკბობას განაცდევინებს. ეს ნეტარება იმდენად დიდია, რომ ჭმუნვა-წუხილს განაქარვებს, ტკივილებს აყუჩებს და უსაშინელსად გვემული ენით უთქმელ შვებას განიცდის. „ჯვარი ქრისტესი“ ჯვარცმულ ქრისტეს მოწაფეს დედამიწას წარსტაცებს, საკუთარ ჯვარზე გაკრული, შემმეცნებელი ამაღლებული სიბრძნისა, გონებითა და გულით ზეცად აღიტყორცნება და ჭვრეტს საიდუმლოებებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა: უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი, და შემომიდეგინ მე“. ამინ! მაშინ, როცა გაუსაძლისად მძიმე ხდება ჩემი ჯვარი, გონების თვალს ფართოდ ვახელ და დაკვირვებით ვათვალიერებ საკუთარ ცხოვრებას. ლოცვის, აღსარების და ზიარების შემდეგ მე კი აღარ მივეზიდები ჯვარს, არამედ თვითონ ვეებერთელა, ჯვარი მიმეზიდება მე! უფალი არ მოგვცემს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც არ შეგვიძლია: ის თავად შეგვეწევა ჯვრის ზიდვაში. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
მოვიყვან ერთ ძველი ამბავს, საიდანაც ჩანს, რომ ღმერთმა უკეთ იცის, ვისთვის რა არის სასარგებლო და თითოეულს მისი შესაძლებლობის მიხედვით აძლევს:
ცხოვრობდა ერთი გულუბრყვილო კაცი, რომელიც თავისი შრომით ირჩენდა თავს, მაგრამ მეტად მცირეს გამოიმუშავებდა, ძლივს ჰყოფნიდა გამოსაკვებად მასა და მის ოჯახს. ერთხელ იგი მდინარის ნაპირას წავიდა, იქ ქვაზე ჩამოჯდა და დაუწყო ყურება, როგორ უახლოვდებოდნენ ნაპირს მდიდრული საქონლით დატვირთული გემები. შემდგომ ამ ტვირთს ცლიდნენ და ქალაქში მიჰქონდათ გასაყიდად. უეცრად ამ კაცის გონებაში ცოდვიანი აზრი გაჩნდა: "რატომ მისცა ღმერთმა ზოგიერთ ადამიანს სიმდიდრე და ყოველგვარი სიამოვნება, სხვები კი სიღარიბეში საცხოვრებლად გაწირა?" მან თავის მწარე ხვედრზე ჩივილი დაიწყო. ამასობაში შუადღის მზემ დააცხუნა. საბრალო ცდილობდა, თვლემა დაეძლია, მაგრამ შეუმჩნევლად ჩაეძინა. დაესიზმრა, რომ მაღალი მთის ძირში იდგა. მივიდა მასთან გრძელწვერა, დარბაისელი ბერი და უთხრა: "გამომყევი"! იგი დაემორჩილა და გაჰყვა. დიდხანს მიდიოდნენ, ბოლოს მივიდნენ ისეთ ადგილას, სადაც უამრავი სხვადასხვა სახეობისა და სიდიდის ჯვარი ელაგა. მათ შორის იყო დიდი და პატარა, ოქროსა და ვერცხლის, სპილენძისა და რკინის, ქვისა და ხის ჯვრები. ბერმა მიმართა: "ხედავ, რამდენი ჯვარია? აირჩიე ნებისმიერი და აიტანე იმ მთის წვერზე, რომესაც შენს წინ ხედავ". შეხედა ამ მიამიტმა კაცმა ოქროს ჯვარს, ძალიან ლამაზი იყო იგი და მზესავით ბრწყინავდა. მოეწონა და სურდა, მხრებზე ეტვირთა, მაგრამ რამდენსაც არ ეცადა, არათუ აღება, ადგილიდანა დაძვრაც კი ვერ შეძლო. - არა, - უთხრა მას ბერმა, - როგორც ჩანს, ვერ აიტან ამ ჯვარს მთაზე. აიღე მეორე, ვერცხლის, იქნებ, მისი ატანა მაინც შეძლო. აიღო კაცმა ვერცხლის ჯვარი. ის, მართალია, ოქროსაზე ცოტა მსუბუქი იყო, მაგრამ ვერც მას მოუხერხა ვერაფერი. ვერც სპილენძის, რკინისა და ქვის ჯვრების დაძვრეა ვერ შეძლო. - რას იზამ, - უთხრა მას ბერმა, - აიღე იმ ხის ჯვართაგან ერთ-ერთი. მაშინ აიღო კაცმა ხის ჯვარითაგან ყველაზე მცირე და მსუბუქად და სწრაფად აიტანა იგი მთაზე. გაუხარდა, რომ, როგორც იქნა, თავისი შესაძლებლობების შესაფერისი ჯვარი იპოვა და თანამგზავრს შეეკითხა: - რა ჯილდო მელის ამისთვის? - მე გეტყვი, რა ჯვრებია ისინი, რომლებიც შენ ნახე, - მიიღო მან პასუხად, - რათა შენ თვითონ განსაზღვრო შენთვის განკუთვნილი ჯილდო. ოქროს ჯვარი, რომელიც თავიდან ასე მოგეწონა, სამეფოა. შენ ხშირად ფიქრობ - რა კარგი და ადვილია მეფედ ყოფნაო, იმას კი არ ფიქრობ, რომ სამეფო ხელისუფლება არცთუ მსუბუქია, მეფის ჯვარი კი ყველაზე მძიმეა. ვერცხლის ჯვარი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ძალაუფლება გააჩნია. იგი ღვთის ეკლესიის მწყემსთა და მეფის უახლოეს მსახურთათვისაა. მათაც უამრავი საზრუნავი და საწუხარი აქვთ. სპილენძის ჯვარი კი იმათია, ვისაც უფლისგან სიმდიდრე მიეცა, შენ გშურს მათი და ფიქრობ, რომ ისინი ბედნიერნი არიან, მათ კი შენზე მეტად უჭირთ ცხოვრება. შენ შრომის შემდეგ მშვიდად შეგიძლია დაიძინო შენს ღარიბ ქოხსა და მცირეოდენ სიმდიდრეს არავინ შეეხება; მდიდარს კი დღედაღამე ეშინია, არავინ მოატყუოს, გაძარცვოს, სახლი არავინ დაუწვას. გარდა ამისა, იგი თავისი სიმდიდრისათვის უფლის წინაშე პასუხსაც აგებს - იმისათვის, თუ როგორ გამოიყენებს თავის ქონებას. ხოლო თუ უბედურება დაატყდა თავს და გაღარიბდა, რა მძიმე განსაცდელის გადატანა მოუწევს მაშინ მას... რკინის ჯვარი სამხედრო პირთა კუთვნილებაა. ჰკითხე მათ, რომლებიც ომში ყოფილან, და გიამბობენ, რამდენი ღამე გაუთენებიათ თითქმის შიშვლებს ნესტიან მიწაზე. ითმენდნენ შიმშილსა და სიცივეს... ქვის ჯვარი ვაჭრებისაა. შენ მოგწონს მათი ცხოვრება, რადგან შენსავით არ შრომობენ? მაგრამ ისიც ხომ ხდება, რომ მიდის ვაჭარი ზღვაზე, მთელ თავის ფულს საქონელში ხარჯავს, გემი კი იძირება და ვაჭარი შინ ღატაკი ბრუნდება. ხის ჯვარი კი, რომელიც ასე ადვილად აიტანე, შენთვისაა განკუთვნილი. შენ დრტვინავდი, რომ რთული ცხოვრება გაქვს, ახლა კი ხედავ, რომ ის გაცილებით მსუბუქია, ვიდრე სხვისი. იცოდა გულთმხილავმა უფალმა, რომ სხვა წოდებასა და მდგომარეობაში სულს დაიღუპავდი. ამიტომ გარგუნა ყველაზე თავმდაბალი და მსუბუქი - ხის ჯვარი... მაშ, წადი და ნუ დრტვინავ უფალზე შენი გაჭირვებული (ღარიბი ბედის) ყოფის გამო. უფალი თითოეულს აძლევს ჯვარს მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ვისაც რამდენის ზიდვა შეუძლია. ბერის უკანასკნელ სიტყვებზე კაცს გამოეღვიძა, უფალს მადლობა გადაუხადა შთამაგონებელი სიზმრისათვის, იმ წუთიდან აღარასოდეს დრტვინავდა უფალზე და მადლობდა მას. თქვენ რომელი ჯვრის ტარებას ისურვებდით? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი