ტაო-კლარჯეთი, ულამაზესი მხარე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტაო-კლარჯეთი, ულამაზესი მხარე |
ninucia |
Aug 29 2006, 07:19 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 123 |
ტაო-კლარჯეთი არის ერთ-ერთი ის ულამაზესი მხარე რომელიც ჩვენ დღეს აღარ გვეკუთვნის. იმედი მაქვს რომ ოდესმე დავიბრუნებთ და იმ ტაძრებში რომლებიც დიდი მნიშვნელობის იყო ქართველობისთვის და ქრისტიანობისთვის, ისევ გაიჟღერებს ქართული საგალობლები .
არტანუჯი -------------------- ღმერთს ებარებოდეთ!
|
თავაძე |
Jun 8 2007, 06:54 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 8-June 07 წევრი № 2,136 |
გამარჯობა. მე თქვენი ფორუმის ახალი წევრი ვარ - ეს ჩემი პირველი პოსტია. ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი (ხელი, თითი, კლავიატურა - რა ვიცი, რაც უფრო მიესადაგება)
შარშან ვიყავი ტაო-კლარჯეთში და დღემდე იმ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ... ზღაპარი - მოკლედ მხოლოდ ასე თუ დაახასიათებ იქაურობას. როცა გრიგოლ ხანძთელის, აშოტ კურაპალატის, მთაწმიდელების, საბა იშხნელის და სხვა ასეთ ბუმბერაზთა ნაკვალევზე დადიხარ, ფიქრით საუკუნეთა მიღმა, იმ დიდებულ ეპოქაში ინაცვლებ, როცა წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო ვიყავით; როცა იმ ზღაპრულ ბუნებაში ამ ზღაპრულ ძეგლებს ვაგებდით... ეს ფიქრი გამაღლებს, გაძლიერებს, გამშვიდებს და წამით დღევანდელობასაც გავიწყებს. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ წამით, რადგან იქვე ამ ტაძრების დღევანდელი საცოდაობა წარმოგიდგება; გახსენდება, როგორ გართმევს ვიღაც თურქი მოლა შენი წინაპრების აშენებულ იშხანში, ხახულში თუ პარხალში შესასვლელად ფულს; რომ შენ იქ სტუმარი ხარ და ლამის ქურდულად უნდა მიხვიდე, და ეს ყველაფერი გულს გიკლავს... ტაოდან ორგვარი გრძნობით დავბრუნდი - სულიერად კმაყოფილი ამ ბავშვობისდროინდელი სიწმინდეების მონახულებით და მორალურად დათრუნული იმის შეგრძნებით, "რანი ვიყავით და რანი ვართ ახლა"; რისთვის უწვალიათ ჩვენს წინაპრებს ამდენი, რომ იმის თავიც არ შეგვრჩენია, ისეთს თუ ვერ ვაშენებთ, იმათ შექმნილს მაინც მოვუაროთ, რომ ვიღაცებმა შიგ ბოსლები, ტუალეტები, შეშისა თუ ათასგვარი ხარახურის საწყობები, მედრესე-მეჩეთები და მათი თანამდევი ფეხსაბანები არ მოაწყონ, არ გაანაგურონ... იქ იმდენად დიდ ემოციას იღებ, ნანახის გადახარშვა-გააზრება ისე უცებ ჭირს. ამის დრო მერე დგება, როცა იქაურობას გამოცილდები, აქ ჩამოხვალ და იქ ნანახს გონების თვალს გადაავლებ... მე პირადად სრული ორი დღე იმის განცდა მქონდა, რომ ეს სიზმარში ვნახე... შთაბეჭდილება, ემოცია კი მართლა დიდია... დღემდე არ მავიწყდება ბანა - საცოდავი, მოწყენილი, უპატრონოდ მიგდებული, რომელიც თავისი ნაღვლიანი თვალებით თითქოს ხსნას გვთხოვდა; თითქოს გვეხვეწებოდა,მიხსენით ამათ ხელიდანო... იშხანში მისული მომხიბლა ტაძრის შედარებით კარგად შემონახულმა გარე ფასადმა, თუთებით დაჩრდილულმა ვრცელმა ეზომ. გადასახადმა ცოტა კი მომიშხამა გუნება - ისევ უმწეობის შეგრძნება, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან სედარებით, რაც შიგნით შესულს დამემართა. იქაც ხარბად ვათვალიერებდი აქა-იქ შემორჩენილი ფრესკების, ორნამენტების კვალს და ვტკბებოდი იმ სილამაზით, მაგრამ გავედი ცენტრში, ავხედე სანახევროდ გადმონგრეულ გუმბათს და... ცრემლები ძლივს შევიკავე... საოცარი, მართლაც სამარისებური მდუმარებით შეგვხვდა ხანძთა, რომლის გუმბათი იმდენად საცოდავ დღეშია, ქვები ცვივა და მის ქვეშ გავლა საშიშია... სადიაკვნეში ბოსელია გამართული, მეორე მხარეს - დაჭრილი შეშა მიეწყოთ... ოთხტაგან ერთი სვეტი ჩამონგრეულა, მაგრამ ვიღაც მადლაინთ, სავარაუდოდ - ისევ აქედან ჩასულ მომლოცველთ ისევ შეუყენებიათ. ცხადია, ყოველგვარი ბეტონის გარესე, ცარიელი ხელებით როგორც შეიძლებოდა. დღე დღეზე კიდევ ერთი სვეტი ჩამოინგრევა, რაც სანახევროდ ჩამოქცეულმა კედლებმა და გუმბათმა, ვინძლო, ვერც გადაიტანონ... დიდხანს ვიიბორიალე იქვე მოჩუხჩუხე წყაროსთან, სადაც ძველი ნაგებობები ისევაა შემორჩენილი, და ვცადე წარმომედგინა, საღამოს სიწყნარეში როგორ იკრიბებოდა იმ მყუდრო სავანეში ბერთა კრებული თეთრწვერა გოლიათის - გრიგოლ ხანძთელის მეთაურობით... მზად ვიყავი, შუაზე გამეგლიჯა იმ ოჯახის ჩვილბავშვიანი ქალი, რომლის გულისთვისაც თურქეთის მთავრობამ ოპიზის ტაძარი ააფეთქა და სანახავად ერთადერთი ობლად შემორჩენილი კედელი დაგვიტოვა... არტანუჯის ციხეზე, როცა გიდმა ერთ კუთხეში ნანგრევებზე მიგვითითა და გვითხრა, ეგ პეტრე-პავლეს ეკლესიის ნაშთებიაო, მყისვე მივაშურე აშოტ კურაპალატის საფლავის თუნდაც ნაშთების სანახავად. ამაოდ - დღეს იქ რაიმეს გარკვევა შეუძლებელია. იმავე საღამოს, არტანუჯიდან მომავლმა კიდევ ერთხელ ვიგრძენი სიამაყე. გზად ჯოჯოხეთის კანიონში შევჩერდით და ჯგუფის წევრებმა ჯერ ჰიმნი, მერე ხალხური სიმღერები და საგალობლები დააგუგუნეს... ის ფანტასტიური ადგილია, ეს ქართული შტრიხები კი იმდენად მოუხდა, ლამის ცაში დავფრინავდით სიამაყისგან... სალაპარაკო მართლაც ბევრია, მაგრამ ისედაც ბევრი ვისაუბრე... უბრალოდ, შთაბეჭდილებები დღემდე გაუნელებელია. იქ 5-დღიანში ვიყავით და ვნახეთ ხახული, ოთხთა, კავკასიძეების ციხე (კალანდიას ფილმიდან თუ გახსოვთ, ალპინისტების დახმარებით რომ აფოფხდნენ), პარხალი, იშხანი, ოშკი, არტანუჯის ციხე, ჯოჯოხეთის კანიონი, დოლისყანა, ოპიზა, ხანძთა, შატბერდი... თავიდან 170 ლარი ავკრიფეთ, მაგრამ ადგილზე დაახლოებით 50 ლარი დავამატეთ. თან, ჩვენ ცოტა ხარჯები იმან გაგვიზარდა, რომ აქედან ავტობუსით წავედით, ასეთი დიდი მანქანა კი მაგ ეკლესიების უმეტესობასთან ვერ მიდის. ამიტომ იქ მარშუტკებს ვქირაობდით, რაც დამატებითი ხარჯი იყო. ვფიქრობ, თავიდანვე 250 ლარი რომ აგვეკრიბა, თავზე გადაგვივიდოდა... თქვენი არ ვიცი, მე კი ძაან მინდა ბურსა-ინეგოლისკენ წასვლა, სოფელ ჰაირიეში, ახმედ მელაშვილის საფლავზე ასვლა და ამ დიდი მამულიშვილის ხსოვნისთვის პატივის მიგება. იმედია, გაისად ამ სურვილსაც ავისრულებ. -------------------- ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა,
ნეტავი, მედროშედ ვინ უდგათ თავში, სამასნი არიან და სამას ლეგენდას თავი ანგელოზი მიუძღვის ცაში. გელა დაიაური **************************************** მზემ აიწია თითის წვერებზე, მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა. იდგა თბილისი, როგორც ერეკლე ხმალშემართული ნარის ციხესთან. ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში და მიაშურეს ლილისფერ მთათა. ასეთი დარი თუ იყო მაშინ, ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა... ანა კალანდაძე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი