![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ეს საკითხი ერთი შეხედვით ყველამ ამომწურავად ვიცით, მაგრამ აღმოჩნდა რომ უმეტესობა საფუძვლიანად არ ვიცნობთ ჩვენივე ეკლესიის წარსულს
![]() მოკლედ გთავაზობთ დავყოთ მთელი ისტორია რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილად და შემდეგ თითოეული მთგანი განვიხილოთ ![]() უდიდეს სამსახურს გაგვიწევთ თუ დადებთ ეკლესიის ისტორიის ამსახველ ძველქართულ ტექსტებს, ნებისმიერი შინაარსისას რასაკვირველია, მოკლედ ვრცლად ვიმსჯელოთ ჩვენს ფესვებზე. დავიწყოთ ქრისტეანობის პირველი ნაბიჯებით საქართველოში. მოქცევაჲ ქართლისაჲ რათა სჯული მამათა ჩუენთა შეუცვალებელ ვჰყოთ და დავამტკიცოთ, და მცნება მოსესი აღვასრულოთ, რათა ახლითა მით სჯულითა რომელ რას-მე გჳქადაგებს არა შეაცთუნნეს უმარტივესნი ვინ-მე სჯულისა ჩუენისანი, ხოლო სიკუდილითა-ცა მისითა შური ვიძიოთ. მაშინ უკუე წარვიდა ელიოზ, კაცი მოხუცებული. ხოლო ესუა მას დედა ტომისაგან ელი მღდლისა, და კუალად ერთი და. ხოლო წარმავალსა მას ევედრებოდა დედა ძესა თჳსსა, ვითარმედ: "წარვედ უკუე შვილო საყუარელო წოდებასა მას მეუფისასა და წესსა სჯულისასა, გარნა ესე ხოლო, რომელსა გამცნებ შენ, დაიმარხენ, ნუ უკუე შეერთჳნ ცნობა შენი განზრახვასა მას მათსა ბოროტსა, და ნუ-ცა ვიდრე-მე ეზიარები დათხევასა სისხლისა მის მისისასა ნუ, შვილო ჩემო, გევედრები, ნუ რამეთუ უეჭუელად უწყოდე, ვითარმედ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყუელთა, რომელსა პირველითგან-ვე მოესწავებოდეს. და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა და მათ მოიღეს მუნით კუართი უფლისა, ელიოზ მცხეთელმან და ლონგინოზ კარსნელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა. ხოლო რაჟამს-იგი იერუსალემს დამსჭუალვიდეს უფალსა, ცემასა მას კუერისასა სამსჭუალთა ზედა მყის მებრ მას-ვე ჟამსა მცხეთას ჴმა ესმა დედასა ელიოზასსა. ხოლო მან საშინელითა კრჩხიალებითა დაიზახნა და თქუა: "მშჳდობით, მეფობაო ისრაელისაო, რამეთუ უგუნურებით მოკალთ, უბადრუკნო და წარწყმედილნო, უფალი და მაცხოვარი ყოველთა, და იქმენით ბოროტად მკლველ შემოქმედისა თქუენისა. ვაჲ თქუენდა, უბადრუკნო! ვინ-მცა უკუე იპოვა ეგე-ვითარი გლოვა, რომელსა თქუენ ღირს ხართ. ხოლო უფროს-ღა ვაჲ ჩემდა, რამეთუ პირველ სიკუდილისა ჩემისა მსმენელ იქმნეს ყურნი ჩემნი ყოვლისა მწუხარებისა სასმენელსა". და მყის ამას სიტყუასა ზედა მეყუსეულად უკუე შეისვენა დედაკაცმან მან მწუხარებასა და გლოვასა შინა ფრიადსა და მიუთხრობელსა. ხოლო ოდეს კუართსა მას ზედა უფლისასა წილ იგდეს უღმრთო/თა ურიათა ჯუარ-ცმასა უფლისასა, და განგებულებამან ღმრთისამან მიახუედრა მცხეთელთა ურიათა. და წარმოვიდა იერუსალემით ელიოზ და ლონგინოზ, და წარმოიღო კუართი იგი წმიდა. ვითარცა მოიღო ელიოზ მცხეთას, მყის წინა უკუე მიეგება დაჲ იგი მისი გოდებითა და ტირილითა საშინელითა, ცრემლითა შესუარული, და მოეხჳა ყელსა სასურველისა მის ძმისასა. ხოლო ვითარცა იხილა უსასურველესი იგი ყოველთა სასურველთა კუართი მჴსნელისა ჩუენისა, მყის წადიერებით უკუე და სიყუარულით შეიტკბო მკერდსა თჳსსა, და მეყუსეულად სულნი წარჴდეს ნეტარსა მას დედა-კაცსა სამ-სახეთა მათ მიზეზთათჳს: პირველ უკუე უფლისა სიკუდილისა და ვნებისა მისისათჳს; მეორედ, რამეთუ ეზიარა ძმა იგი მისი სისხლსა უფლისასა; ხოლო მესამე, ვინათგან მოეჴსენა დედისა-ცა თჳსისა იგი მწუხარებით სიკუდილი. ვინათგან უკუე ყოველი-ვე მწუხარება ერთბამად შემოუკრბა, ამისთჳს-ცა ძლეულ იქმნა ბუნებისაგან კაცობრივისა და სიკუდილი დაესაჯა ლმობილსა მწუხარებათაგან ფრიადთა. მაშინ უკუე საკჳრველი საქმე იგი დიდი განისმა ყოველსა მას ქალაქსა მცხეთას და ვითარცა საცნაურ იქმნა, მეფესა-ცა და ყოველთა მთავართა, და ყოველსა ერსა და ყოველთა ერთბამად დაუკჳრდა საქმე იგი საშინელი. ხოლო ვითარცა იხილა ადერკი მეფემან წმიდა კუართი იგი, სთნდა უკუე ფრიად შუენიერებისა მისთჳს მისისა სამოსელი იგი შეემოსა შეგინებულსა მას გუამსა თჳსსა. ხოლო საკჳრველებისა მისთჳს და მის მიზეზისათჳს, რომელი-იგი იქმნა, არ-ღა-რა უკუე ინება გამოღებად მკერდისაგან მკუდრისა მის. ხოლო ელიოზ დამარხა დაჲ იგი თჳსი სანატრელითა დამარხვითა. რამეთუ ერთბამად ვითარცა აქუნდა მკერდსა თჳსსა ზედა კუართი იგი, ეგრეთ-ვე დამარხნა. ხოლო წმიდა იგი კუართი წმიდა-ვე უკუე დაშთა, და წმიდა-ვე გიეს ვითარცა პირველ-ვე, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა. და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად-წმიდასა ღმრთის-მშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა. და ჩუენებით ეჩუენა მას ძე მისი, უფალი ჩუენი, და რქუა: "ჵ, დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველ-წოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, და თანა-წარატანე ხატი შენი ვითარი-ცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა". მაშინ რქუა ყოვლად-წმიდამან მოციქულსა ანდრიას: "შვილო ანდრია, დიდად უჩნს სულსა ჩემსა, რომელ ქუეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებულსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხჳდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილ-ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და არა-ვინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ". რქუა მას მოციქულმან: "ყოვლად-წმიდაო, ნება სახიერისა ძისა შენისა და შენი იყავნ ყოველსა ჟამსა" მაშინ ყოვლად-წმიდამან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თჳსსა. და გამოისახა ხატი ესე-ვითარი, რომელ წიაღთა თჳსთა ეტჳრთა განჴორციელებული ჩჩჳლი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღმრთისა, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლად-წმიდისა / აწყუერისა ღვთის-მშობელისა. და მისცა იგი მოციქულსა ანდრიას და რქუა: "მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანა-შემწე გეყავნ შენ, სადა-ცა ხჳდოდე, და მეცა თანა-შემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებულსა". მაშინ დავარდა მოციქული ქუეყანად, და მადლი შესწირა ცრემლითა ყოვლად-წმიდასა, და გამოვიდა მიერ სიხარულით, და წარემართა ქადაგებად სახარებისა. ხოლო ამან ადერკი მეფემან უმატა სიმაგრეთა ქართლისათა, ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი, წყლისა იმიერ და ამიერ. და ამის-ვე ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და / სჳმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსისასა საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა. მოვიდა ... ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადა-იგი დაჰყო ჟამი მცირედი, და იხილა უგუნურება პირუტყუებრივი მკჳდრთა შორის მის ქალაქისათა, განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა. რამეთუ კაცნი პირუტყუთა უუგუნურეს იყვნეს და არა იცნობდეს შემოქმედსა ღმერთსა, და ყოველსა საძაგელსა და არა-წმიდასა წესსა აღასრულებდეს, რომელი სათქმელადა-ცა უჯერო არს. და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთაგან, და შეწევნითა ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველნი-ვე მადლობით მოითმინნა, ვიდრემდის ყოველნი-ვე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად. რამეთუ ადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი, რომელი-იგი ვიდრე დღეს-ცა დაუწეუედელად აღმოსდის. და შემოკრბეს ყოველნი-ვე ყოვლით-კერძო მკჳდრნი მის ქუეყანისანი, და ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა და აღაშენეს ეკკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისასა. და ვითარცა ენება წმიდასა მოციქულსა მიერ წარსლვა, ევედრებოდეს და არა უტევებდეს წარსლვად, არამედ ეტყოდეს: "უკეთუ შენ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა აქა დაგჳსვენე, სასოდ და მცველად ჩუენდა". ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა და დასდვა ხატსა მას ზედა. და მეყუსეულად გამოისახა სახე უცვალებელი ხატისა მის და მისცა იგი მათ. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაისვენეს ეკკლესიასა შინა თჳსსა პატივით, რომელი-იგი ვიდრე დღეს-აქამომდე ჰგიეს. ხოლო წმიდასა მოციქულსა მისცეს მშჳდობა და მოწლედ მოიკითხეს, ამბორს-უყვეს და წარმოგზავნეს. ხოლო იგი წარმოემართა და გარდამოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი, და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი იგი თჳთ ნეტარისა ანდრიას / მიერ აღმართებულ არს. ხოლო ვითარცა შთავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღუართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენ-გორა. მიხედნა მოციქულმან და იხილნა კაცნი მის ადგილისანი რამეთუ უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა მოციქულმან წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს. ხოლო წმიდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი, და პირისპირ საქრისი. და დაივანა ადგილსა ერთსა, სადა იგი იყო ტაძარი საკერპო, რომელსა აწ ძველ-ეკკლესია ეწოდების, და მას შინა იმსახურებოდეს კერპნი მათნი. ხოლო მთავრობდა მაშინ დედა-კაცი ვინ-მე ქურივი სამძივარი, რომელსა ერთი ოდენ ძე ესვა და ყოველი სასოება მისი მისსა მიმართ მოძრავობდა, და მას ოდენ ჟამსა მომკუდარ იყო. და იყო ვაება ტირილისა და შფოთი ფრიად მრავალი. და ღამესა მას იხილეს ციხითგან ნათელი დიდი, სადა ესვენა ხატი ყოვლად წმიდისა, განკჳრდეს ფრიად ვინაობასა მათსა. და რა განთენდა, მსწრაფლ წარმოგზავნნეს კაცნი, რათა-მცა იხილონ თუ ვინ არიან, ანუ რაჲ არს. და ვითარცა იხილეს კაცთა მათ წმიდა მოციქული და ხატი ყოვლად-წმიდისა, მსწრაფლ წარვიდეს და აუწყეს ქურივსა მას დედა-კაცსა, ვითარმედ: "უცხონი ვინ-მე კაცნი არიან, და უცხოსა ღმერთსა ქადაგებენ შემოქმედად და დამბადებელად, და სიცოცხლესა (!) კაცთასა მომნიჭებელად, და მკუდართა აღმადგინებელად, და ჰყავს მათ ხატი შუენიერი და მას პატივს-სცემენ. ვითარცა ესმა სიტყუა ესე მკუდართა აღდომისა დედა-კაცსა მას, განკჳრდა და მცირედ რა-მე ნუგეშინის-ეცა გულსა მისსა, წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად მოციქულისა, რომელი ვითარცა მივიდა. ჰრქუა დედა-კაცმან, ვითარმედ: "ვინ ხართ. ანუ სადა მოხვალთ, ანუ რაჲ არს უცხო ეგე მოძღურება თქუენი, რომელსა იტყჳთ, რამეთუ არა-სადა სმენილ არს ეგე-ვითარი თხრობა". მიუგო წმიდამან მოციქულმან და ჰრქუა: "მოვალ წმიდით ქალაქით იერუსალემით, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი, გოლგოთას და ბეთლემს, ცათა მობაძავთა, და მონა ვარ და მოციქული უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი წამის-ყოფით აღადგენს მკუდართა, და მას ვექადაგებ ღმერთად და უფლად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. და რომელსა ჰრწმენეს იგი და ნათელს-იღოს სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ყოველი რა-ოდენი ითხოვოს სარწმუნოებით მიეცემის, და ყოველთა სენთაგან განიკურნების". ხოლო ვითარცა ესმა ესე დედა-კაცსა, დავარდა ქუეყანად და ჰრქუა ცრემლით მოციქულსა: "შეიწყალე სიქურივე ესე ჩემი და უბადრუკება; ვინათგან მონა ხარ მკუდართა აღმადგინებელისა, ილოცე ღმერთისა შენისა მიმართ, და მიანიჭე შვილსა ამას ჩემსა სიცოცხლე, და ყოველი რა-ოდენი მიბრძანო, გისმინო, და არა ურჩ გექმნე. უკეთუ ძე ჩემი აღდგომილი ვიხილო. რამეთუ ესე მხოლო მივის და სხუა არა". ხოლო წმიდამან მოციქულმან მიუგო და ჰრქუა: "უკეთუ გრწმენინ იესო ქრისტე, / ძე ღმერთისა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელი იქადაგების ჩუენ მიერ, რა-ოდენი-ცა-რა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველი-ვე მოგეცემის მის მიერ. ხოლო დედა-კაცსა მას ვითარცა ესმა ესე, აღივსო სიხარულითა, და ცრემლით ჰრქუა მოციქულსა მას: "ჵ, მონაო ჭეშმარიტისა ღვთისაო, ჭეშმარიტად მრწამს და აღვიარებ იესო ქრისტესა, რომელსა შენ ქადაგებ, არამედ შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა". ხოლო მოციქულმან გამოასხა ყოველი იგი ერი და მგოსნები, და არა-ვინ უტევა მუნ, გარნა ქურივი იგი და მცირენი საკუთარნი მისნი, და მიიქუა ჴელთა ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობელისა, და დაასვენა ცხედარსა მას ზედა, სადა იდვა ყრმა იგი. და იწყო ლოცვად და ვედრებად ღვთისა მიმართ ჴელ-აღპყრობით. და შემდგომად ლოცვისა უპყრა ჴელი ყრმასა მას და, ვითარცა ძილისაგან, ეგრეთ აღადგინა იგი და მისცა დედასა მისსა. და ვითარცა იხილეს ყოველთა უცხო ესე სასწაული, განკჳრდეს ფრიად და თქმად რასა-მე უღონო იყვნეს. ხოლო დედაკაცმან ვითარცა იხილა ძე თჳსი განცოცხლებული, სიხარულით აღსდგა და დავარდა ფერჴთა თანა მოციქულისათა, ცრემლით თაყვანის-სცა და მადლი შესწირა, და ჰრწმენა უფალი იესო ქრისტე, და ნათელს-იღო დედა-კაცმან ძითურთ და ყოვლით სახლეულით თჳსით. და მსწრაფლ წარავლინნა მონანი თჳსნი, და წარსცა წიგნები სამცხისა მთავართა მიმართ, და მიუწერა ესრეთ. "აჰა, ქურივი გახარებ, ძმანო, სიხარულსა დიდსა ყოველთა ერთა. მო-ვინ-მე-ვიდა კაცი ერთი უცხოსა ქუეყანისაგან, რომელი უცხოსა ღმერთსა ქადაგებს, და ჰყავს მას ხატი ზეცისა, რომელმან ძე ჩემი მომკუდარი აღადგინა. აწ უკუე მსწრაფლ მოვედით, რათა უმჯობესი წესი და სჯული გამოვარჩიოთ და ვსცნათ, თუ რაჲ ჯერ არს. და ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკჳრველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით-კერძო, და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი ვიდრემდის აღივსო ველი იგი საქრისისა. და განუკჳრდა ყოველთა, იხილეს რა ძე იგი ქურივისა აღდგომილი მკუდრეთით. ხოლო იყო ქალაქსა მას შინა ბომონი საკერპო, რომელსა შინა იმსახურებოდეს ბილწნი ღმერთნი მათნი, არტემი და აპოლონ. და ვითარცა იხილეს საქმე ესე მღუდელთა მათ სიცრუვისათა, აღივსნეს შურითა და იწყეს ცილობად და წინა-აღმდგომად მოციქულისა, ეგრეთ-ვე ერი იგი რომელნი-მე იტყოდეს: "ჯერ არს თაყვანის-ცემად რომელმან ესე-ვითარი სასწაული აღასრულა", ხოლო რომელნი-მე იტყოდეს ვითარმედ: "აპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი". და იყო ცილობა და შფოთი მათ შორის, ვიდრემდის ესე-ვითარი საქმე და ბჭობა დაამტკიცეს თანა-მოწამებითა ყოვლისა ერისათა. და ჰრქუა: "განაღეთ კარი საკერპოჲსა მაგის ტაძრისა, და შევასვენოთ ჩუენ ხატი ესე შუა კერძო კერპთა თქუენთა და დავბეჭდოთ ზოგად ორთა-ვე კარსა ზედა, და მცველნი დაადგინენით, და ილოცეთ თქუენ ღამესა ამას ღმერთთა მიმართ თქუენ/თა. ხოლო ჩუენ ვილოცოთ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა მიმართ, და ვიხილოთ ჩუენ განთიად: უკეთუ სძლოს ღმერთმან თქუენმან, მისი ჯერ იყოს თაყვანის-ცემა; ხოლო უკეთუ სძლოს ღმერთმან ჩუენმან, მას თაყვანის-ვცეთ ყოველთა". და დაასკუნეს ესე ესრეთ. შეასვენეს ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა შუა კერპთა მათთა და დაბეჭდეს კარსა ზედა, და მცველნი დაადგინნეს და იწყეს ლოცვად მღუდელთა მათ სიცრუვისათა.და წმიდამან ილოცა ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა. და ვითარცა განთენა და განაღეს კარი საკერპოსა, იხილნეს ყოველნი კერპნი მათნი ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი. ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა. მაშინ მღუდელნი იგი კერპთანი აღივსნეს სირცხჳლითა, და უმეცრებისა მათისათჳს შენდობასა ითხოვდეს მოციქულისაგან. და ყოველმან ერმან მადლობისა ხმა აღმოუტევეს და თქუეს, ვითარმედ: "დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა, რომელსა მოციქული ანდრია ქადაგებს". და ჰრწმენა ყოველთა უფალი ჩუენი იესო ქრისტე და სიხარულით ნათელს-იღეს ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. და იქმნა სიხარული დიდი მას დღესა შინა ყოვლისა მის ერისა, და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან იჴსნა იგინი ხელთაგან ეშმაკისათა. ხოლო წმიდა მოციქულსა ენება კუალად წარსლვა სხუათა-ცა ქალაქთა და სოფელთა ქადაგებად სახარება ქრისტესი. ხოლო დედა-კაცი იგი და ზოგად ყოველი ერი ევედრებოდეს, რათა არა განეშოროს მათგან, არამედ დღითი-დღე ასწავებდეს წესსა სჯულისასა. და მოციქული-ცა ერჩდა მათ და ჟამ რა-ოდენ-მე დაადგრა მათ თანა, და ასწავა მათ ყოველი წესი სჯულისა და სარწმუნოებისა და დაუდგინნა ეპისკოპოსი, მღუდელნი და დიაკონნი, და კუალად განემზადა ქადაგებად სახარებისა. და კუალად-ცა ევედრნეს ქურივი იგი დედა-კაცი და სრულიად მესხნი, რათა არა განეშოროს მათგან. ხოლო წმიდამან ანდრია მიუგო და ჰრქუა: "სხუათა-ცა ქალაქთა და სოფელთა ჯერ არს ჩემდა ქადაგებად სახარება უფლისა" ხოლო მათ ჰრქუეს: "უკეთუ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა აქა დაგჳსვენე სასოდ და მცველად ჩუენდა" მიუგო მოციქულმან და ჰრქუა, ვითარმედ: "ხატი ესე თჳთ ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა პირსა ზედა დადებით გამოსახულ არს". და მიუთხრა ყოველი-ვე შემდგომითი-შემდგომად, ვითარ-იგი შემდგომად ამაღლებისა უფლისა წილ-იგდეს წმიდათა მოციქულთა ყოველი ქუეყანა მოსაქცეველად, და ვითარ-იგი ყოვლად-წმიდასა ღვთის-მშობელსა წილ-ხუდა ქუეყანა ესე სამცხისა, და მის მიერ წარმოგზავნილი არს აქა ხატი იგი სასოდ და მცველად წილ-ხდომილთათჳს და ჯერეთ-ცა ეგრეთ არს, რათა დაესვენოს აქა მკჳდრად უკუნისამდე ჟამთა. და ვითარცა ესმა ესე მოციქულისაგან ქურივსა მას და მესხთა, უმეტესითა სიხარულითა აღივსნეს, ცნეს რა წილ-ხდომა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა, მადლი შესწირეს ქრისტესა და უბიწოდ მშო/ბელსა მისსა, და უმეტესი სიყუარული და სურვილი სურვილსა ზედა შესძინეს წმიდისა ამის ხატისა, და ცრემლითა სიხარულით ადიდებდეს მას. და დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლად წმიდისა აწყვერის ღვთის-მშობლისა მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკლესიად სახელ-სდებენ. ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია მოიკითხნა ყოველნი სიმდაბლით და სიყუარულით, მისცა მშჳდობა და წარემართა სხუათა-ცა ადგილთა ქადაგებად სახარებისა. ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევება, განუწყრა და წარავლინნა ერის-თავნი მისნი, და იძულებით კუალად-ვე მიაქცივნა მეგრელნი. და დამალნეს ხატნი და ჯუარნი, და შერისხნა მეფე ადერკი ერის-თავსა კლარჯეთისასა, რომელ მშჳდობით განუტევა ანდრია მოციქული. ხოლო ვითარცა აღესრულა დღე-სასწაული მარტჳლისა, წარმოვიდა მუნით დიდებული ანდრია სხუათა მათ თანა მოციქულთა, მოვიდოდეს ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ასწავებდეს ერთა და იქმოდეს სასწაულთა, და ესრეთ მიიწივნეს ქუეყანასა ქართლისასა. და მერმე წარვლეს ტაოს კერძი ქუეყანა და ვიდრე მდინარედ ჭოროხადმდე, ყოველი იგი სოფლები მის კერძისა მოვლეს, და დაუცადებელად ქადაგებდეს სახელსა ღვთისასა. და ესრეთ ქადაგებითა მიიწივნეს სვანეთისა ქუეყანასა. მას ქუეყანასა მთავრობდა დღეთა მათ დედა-კაცი ვინ-მე მთავარი, რომელსა ჰრწმენა ქადაგება მოციქულთა. და მატათა სხუათა მათ თანა მოწაფეთა დაშთა მათ კერძოთა. ხოლო დიდი ანდრია სიმონითურთ შევიდა ქუეყანასა ოვსეთისასა, და მიიწია ქალაქად, რომელსა ეწოდებოდა ფოხტაფორი, სადა იგი დიდი სასწაული ქმნეს და მრავალნი ერნი მოაქცივნეს და განანათლნეს, მიერ წარვიდეს და შევიდეს ქუეყანასა / აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა აწ ეწოდება ცხუმი. და უქადაგეს სიტყუა ღვთისა, და მრავალთა შეიწყნარეს. და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია სიმონ კანანელი სხუათა თანა მოწაფეთა და თავადი ჯიქეთისა ქუეყანად აღვიდა. ხოლო კაცნი მის ქუეყანისანი ჯიქნი იყვნეს კაცნი ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი, ურწმუნონი და უმღებნი. რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა, არამედ ენება მოკლვა მისი. ხოლო მადლმან ღვთისამან დაიცვა და იხილა რა მიუდრეკელობა ეათი და პირუტყუებრივი გონება. დაუტევა და წარვიდა. ამისთჳს-ცა ვიდრე აქამომდე ურწმუნოებასა შინა არიან. / ხოლო სიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოპს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი. ხოლო კუალად განამტკიცნა წმიდამან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკჳთედ. ხოლო ამის-ვე ადერკის მეფობასა გამოჩნდა კუალად მეფობა სპარსეთისა. რამეთუ რათგან შესრულ იყო ალექსანდრე და განერყუნა სპარსეთი, აქა ჟამადმდე არღარა დაჯდომილ იყო მეფე სპარსეთს, რამეთუ ადგილთა და ადგილთა იყვნეს ერის-თავნი სპარსეთისა. მაშინ შეკრბეს ერის-თავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი. მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანისი სპარსთა მეფისა, და ვიდრე ადერკის მეფობამდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაზომ-ცა მრავალნი იყვნიან შვილნი მეფეთანი. ხოლო ამას ადერკის ესხნ/ეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თჳსი: მისცა ქალაქი მცხეთა და ქუეყანა მტკუარსა შიდა ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი / და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოეთი, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა - ესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თჳსსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკუარსა სამხრით ქართლი, ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს ძესა თჳსსა. და მოკუდა ადერკი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოდნენ სოციალ-დემოკრატები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონ II-ის გარდაცვალების (26.VIII.1918) შემდეგ, თბილისში და საქართველოში სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი ხმები გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსია ამ ბურუსით მოცული გარდაცვალებისა, შემოგვინახა ხ. კაკაბაძემ. იგი წერს: "ცარიზმმა მე-19 საუკუნეში, თავისი პოლიტიკით, ყოველგვარი ზომები მიიღო, რომ საქართველოს ეკლესიის აღდგენა ბურჟუაზიული წყობილების პირობებშიც შეუძლებელი გამხდარიყო. ქართველი სამღვდელოება მხოლოდ გამორჩენას ეძებდა და ამიტომაც მას არავითარი მორალური წონა ხალხის ფართო მასებში არ ჰქონდა. ამას თან დაერთო სამღვდელოების მაღალ წრეებში დაბუდებული ერთმანეთის გაუტანლობა და სისხლიანი შურისძიება. მიტროპოლიტ ლეონიდეს მომხრემ 1918 წლის 27 ივნისს მოკლა კათოლიკოსი კირიონი. ამის შემდეგ მოკლეს კიდევ ორი მღვდელი. ამგვარად, ეკლესიის საკითში ფეხი მოიკიდა ტერორმა. ასეთ პირობებში კათოლიკოსად ახალი არჩევნების დაუნიშნავად გახდა ლეონიდე." ს. კაკაბაძე იმეორებს იმდროინდელ საზოგადოებაში გავრცელებულ ერთ-ერთ ვერსიას, თითქოსდა კირიონი ლეონიდეს მომხრემ მოკლა. რამ შეუწყო ხელი ასეთი ხმების გავრცელებას? უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთ ხმებს საგანგებოდ ავრცელებდა სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც დაფარულად მუდამ იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის წინააღდმეგ, მათ შორის, ყოველგვარი უკადრისი ხერხებითაც. "ეკლესიის საკითში ფეხი ტერორმა მოიკიდა" არა 1918 წლიდან, კირიონის სიკვდილის შემდეგ, არამედ უკვე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან. რუსეთის იმპერიაში ეკლესიის ხელში დიდი ძალაუფლება იყრიდა თავს, მის ხელში განათლების თითქმის მთლიანი სისტემა იყო მოქცეული. ამიტომაც სასულიერო სასწავლებლებში შედიოდნენ და ზოგჯერ სამღვდლო ხარისხსაც იღებდნენ სასულიერო წოდებისათვის შეუფერებელი ახალგაზრდები, საკმარისია ითქვას, რომ საქართველოდან გასული ბოლშევიკ-სოციალ-დემოკრატების გავლენიან ნაწილს სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული ანდა შეხება ჰქონდა სასულიერო სასწავლებლებთან. ასევე მენშევიკებსაც. ზოგჯერ ისიც კი ხდებოდა, რომ ერთდროულად რომელიმე ახალგაზრდა ოფიციალურად სასულიერო წოდებაში ირიცხებოდა, არაოფიციალურად სოციალისტურ პარტიას განეკუთვნებოდა. სოციალ-დემოკრატებს უდიდესი გავლენა ჰქონდა მოპოვებული საზოგადოებაში, უფრო მეტიც, მათი ტერორით სასტიკად იყო დაშინებული არა მარტო მოსახლეობა, არამედ მათი პარტიის წევრებიც, რომელთაც ევალებოდათ უსიტყვოდ აღესრულებინათ პარტიის ცენტრის ნება-სურვილი. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნება კი მკაცრად იყო მიმართული ყოველივე ქართულის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი საქართველოს ავტონომიის წინააღმდეგ. არა თუ ბოლშევიკები, არამედ ქართველი მენშევიკებიც კი უარყოფდნენ ლოზუნგს რუსეთი იმპერიის ფარგლებში საქართველოს ავტონომიური მმართველობისა. ქართველ მენშევიკებს, რომლის მებაირაღედ ყოველთვის ნოე ჟორდანია იყო, არ სწამდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესაძლებლობა. ქართულ მენშევიზმს ახასიათებდა ზიზღი ყველაფერი ქართულისადმი. ეს ზიზღი მიდიოდა იქამდის, რომ მენშევიკური პრესის ტერმინოლოგიიდან სავსებით გამოდევნილი იყო სიტყვები "საქართველო" და "ქართული" და ეს სავსებით პათოლოგიური მოვლენა ახასიათებდა ქართულ მენშევიზმს რუსეთის იმპერიის არსებობის მთელ სიგრძეზე ვიდრე 1917 წლის თებერვლის რევოლუციამის და ერთ ხანს მის შემდეგაც. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია სოციალ-დემოკრატებს საქართველოს ავტონომიის პროგრამის ერთ-ერთ ნაწილად მიაჩნდათ, ამიტომ იბრძოდნენ მის წინააღდმეგ, ძირითადად ფარული ხერხებით, ასევე უკვე 1905-1907 წლებისათვის ავტოკეფალიის იდეის წინააღდმეგ აამხედრეს ქართველი ახალგაზრდა სასულიერო პირების ერთი ნაწილიც კი. ეწეოდნენ ავტოკეფალური მოძრაობის დისკრედიტაციას, ეძებდნენ მისი მოსპობის ვერაგულ გზებს. ერთ-ერთ ასეთ ხერხად უნდა მივიჩნიოთ ეგზარქოს ნიკონ სოფიისკის მკვლელობა - 1908 წლის 26 მაისს. იქამდე ათი დღით ადრე, "ჟანდარმერიის ანონიმი აგენტი, ჯერ კიდევ 1908 წლის 16 აპრილს, თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს აცნობებდა, რომ ეგზარქოსის მოკვლად აპირებდა "დიაკონთა და მეფსალმუნეთა თბილისის კომიტეტი", რომელიც თბილისის სოციალ-დემოკრატებმა კარგად იცოდნენ, რომ ნიკონის მოკვლას ავტოკეფალისტთა დევნა მოჰყვებოდა, რაც უშუალოდ შედიოდა ქართველ სოციალ-დემოკრატთა გეგმებში. ქართველ ავტოკეფალისტთა მოძრაობა, როგორც ყველაზე წმინდა ნაკადი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, სულიერ საზრდოს აძლევდა, მორალურად ამხნევებდა იმ ძალებს, რომლებიც საქართველოს რუსეთიდან გამოყოფისათვის იბრძოდნენ. ამას კი ქართული სოციალ-დემოკრატები ვერ დაუშვებდნენ. ცნობილია, რა დიდი რიხითა და შემართებით ებრძოდნენ ისინი საქართველოს ავტონომიის იდეასაც კი რუსეთის პირველი რევოლუციის წლებში და შემდგომ ხანებში" - წერს ისტორიკოსი ნიკონის მკვლელობის მასალების შესწავლის შემდეგ. ვ. გურული კი, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასკვნის - "ამგვარად, ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის ერთადერთი შესაძლო ორგანიზატორები შეიძლება ყოფილიყვნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები." მათ მიერ ეს "მზაკვრული გზა იქნა არჩეული ავტოკეფალისტთა მოძრაობის დარბევა-განადგურებისათვის." ამავე დროს, "სოციალ-დემოკრატები, რომელთაც პოლიტიკური მკვლელობისა და კვალის დაფარვის დიდი გამოცდილება ჰქონდათ, დინჯად და გაბედულად მიდიოდნენ დასახული მიზნისაკენ," მათი პრესა მხოლოდ ისეთ მასალას აქვეყნებდა, რომელიც მიანიშნებდა ეგზარქოსის ნიკონის მკვლელობაში ქართველ ავტოკეფალისტების მონაწილეობაზე. ამასთანავე, პეტერბურგშიც საიმპერიო და საეკლესიო ხელისუფლება დაინტერესებული ყოფილა მკვლელობა ქართველ ავტოკეფალისტებს დაბრალებოდათ. ქართველ სოციალ-დემოკრატებისა და იმპერიული ხელისუფლების მიზნები, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით, თანხვედრილი იყო. ეს ორი ძალა ერთი მიზნით მოქმედებდა. აქვე უნდა ითქვას იმ საინტერესო ატმოსფეროს შესახებ, რომელიც XX ს. დასაწყისში ეკლესიაში სუფევდა. მაგალითად, ნიკონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მღვდელი (გიორგი პარკაძე) - "რევოლუციური მოძრაობის წინამძღოლად" ითვლებოდა. მეორე ეჭვმიტანილიც - დიაკონი, ასევე რევოლუციონერი იყო. 1908 წლის 12 აპრილს მოკლეს ერთ-ერთი მღვდელომანზონი გავრილა, მის მოკვლას აბრალებდნენ "დიაკონთა და მეფსალმუნეთა თბილისის კომიტეტს", რომელიც თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის განმგებლობაში იმყოფებოდა". ამ კომიტეტში შედიოდნენ სხვადასხვა ეკლესიის დიაკვნები და მედავითნეები, რომელთა კომიტეტს ჰყავდა თავისი ტერორისტი - კაცისმკვლელი! კომიტეტი ატერორებდა სამღვდელოებას. მაგალითად, ანჩისხატის მღვდელს კარბელაშვილს ჯერ შეუთვალეს, შემდეგ კი ორჯერ მოკვლა დაუპირეს, რომელსაც შემთხვევით გადარჩა, იმავე წელს (1907წ.) მოკვლა დაუპირეს წმიდა მარინეს ეკლესიის მღვდელს, რომელიც აღარ გამოცხადდა ეკლესიაში, მის ნაცვლად მისული მღვდელი გავრილი კი მოკლეს. მათ გეგმაში შედიოდა ეგზარქოს ნიკონის მოკვლაც. სოციალ-დემოკრატებს უთანაგრძნობდნენ და მათ საქმეს აკეთებდნენ არა მხოლოდ სამღვდელოების, მედავითნეების ერთი ნაწილი, არამედ მორჩილებიც. მათი საქმე კი იყო ბრძოლა "ყოველივე ქართულის წინააღდმეგ", მათ შორის საქართველოს ეკლესიის თავისუფლების წინააღდმეგ. მათ ფონზე, უდიდეს მოღვაწეებად ჩნდებიან ქართული ავტოკეფალისტები, რომელთაც ებრძოდა სახელმწიფო და არაეროვნული პარტიები, ამ უკანასკნელთა პრესა მოსახლეობას ნიჰილისტურად განაწყობდა, ამავე დროს კი ავტოკეფალისტებს აშინებდა ტერორისტთა ბანდები. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმის წინააღდმეგ ბოლოდმე იბრძოდნენ სოციალ-დემოკარტები და სხვები. ავტოკეფალიის აღდგენამ ისინი გაანაწყენა, მის მეთაურთა წინააღდმეგ მიმართავდნენ მათთვის ჩვეულ ცილისწამებასა და ტერორს. მაგალითად, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის დროებითმა მთავრობამ ცნო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესიას უნდა გადაცემოდა ყოფილი საეგზარქოსოს ქონება, ეკლესიები, მონასტრები და სხვა, ქართული მხარის მოთხოვნის თანახმად, მაგრამ ზოგიერთ ეკლესიას და მონასტერთა უმრავლესობაში მოკალათებული რუსი სამღვდელოება და ბერ-მონაზვნები სასტიკ წინააღდმეგობას უწევდნენ ამ საქმეს, საქართველოს ეკლესიას არ ანებებდნენ თავის ყოფილ ქონებას და ეპატრონებოდნენ მას. ქართველები დახმარებსითვის ამიერკავკასიის მთავრობას მიმართავდნენ, სადაც უკვე სოციალ-დემოკრატებს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირათ. ისინი კი ქართული ეკლესიის საქმეს აბრკოლებდნენ. საბედნიეროდ, ქართული ეკლესიის მიმართ კარგად იყო განწყოფილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელთა რაზმები ეხმარებოდნენ ახლადაღდგენილ ავტოკეფალურ ეკლესიას განეხორციელებინა თავისი უფლებანი ტაძრებსა, სხვა შენობებსა და საზოგადოდ ქონებაზე. სოციალ-დემოკრატებს თავიანთი შეხედულება ქართული ეკლესიის მიმართ არც იმის შემდგომ შეუცვლიათ, რაც რუსის ჯარმა ამიერკავკასია დატოვა, საქართველო უცხოეთის მოთხოვნით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, ხოლო მის სათავეში, მათთვის მოულოდნელად, სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) აღმოჩნდნენ. მალევე, 1918 წლის ივლისში, კირიონიც უცნაურად, ტრაგიკულად გარდაიცვალა. მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომიდან -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი