IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლიტერატურა, ...
di_onise
პოსტი Jun 25 2007, 09:54 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



მემგონი საინტერესოა...
თუ არ ჩათვლით საჭიროთ წაშალეთ მაშინ smile.gif
მაინტერესებს თქვენი აზრი სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარნოებებზე, მაგალითად განდეგილით დავიწყოთ smile.gif
როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია განდეგილის მდგომარეობა?? რწმენის ნაკლებობამ თუ ადამიანურმა სისუსტეებმა?
ჩემი აზრით მან არ იცოდა თუ რა უნდოდა, ბერობა თუ საერო ხალხთან ცხოვრება

—„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა

ესეთი მერგო მე... უბედურსა...”

სხვებსაც მივამატებ მერე

თქვენი აზრი მაინტერესებს... smile.gif




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 25 2007, 10:14 PM
პოსტი #2


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



მარიამ ნინიძე
დაცარიელებული ბეთლემი
(წმიდა ილია მართლის პოემა „განდეგილის“ შესახებ)


„ნაშთი ჩვენის სულიერად ზე-აღსავლობისა...“
პოემა „განდეგილის“ შექმნიდან დღემდე მრვალი სპეციალური სტატია და გამოკვლევა დაიწერა მის შესახებ, მრავალი სხვადასხვაგვარი აზრი გამოითქვა. ლიტერატურული კრიტიკისათვის ეს ნაწილობრივ მისაღები მოვლენაა, იმდენად, რამდენადაც ხელოვნებაში ყველაფრის ახსნა ცალსახად არ შეიძლება, მაგრამ, ჩვენი აზრით, ლიტერატურათმცოდნეობის, როგორც მეცნიერებისათვის, შეუფერებელია, რომ ამა თუ იმ თხზულების შემოქმედებით ჩანაფიქრთან დაკავშირებით გვერდიგვერდ თანაარსებობდეს აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, „განდეგილის“ შემთხვევაში კი სწორედ ასეთი სურათი გვაქვს. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით ილიამ თხზულება შექმნა განდეგილობის დასაგმობად, (კიტა აბაშიძე წერს: „რა უნდოდა ეთქვა „განდეგილში“ პოეტს თუ არა ის, რომ ყოველი კაცი, რომელიც გაურბის ცხოვრებას, ცხოვრებისგანვე იქნება დასჯილი, როგორც განდეგილი.“ („ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, თბ. 1962, ილია ჭავჭავაძე, გვ. 131) ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით: „აქ სრულიად მარტივად არის ნაჩვენები საზოგადოებრიობა და ასკეტიზმი და ასევე მარტივად არის ნაჩვენები უკანასკნელის დამარცხება.“ (იხ. ქართული ლიტერატურის ისტორია, XIX ს. თბ.1959, ილია ჭავჭავაძე, გვ. 304-366) მიხეილ ზანდუკელი: „განდეგილის“ დედააზრი მკითხველისათვის აშკარაა: კაცის სიცოცხლე ცხოვრების გარეშე ამაოა, კაცი ცხოვრების გარეშე ვერ მოიპოვებს ვერც სიმშვიდეს, ვერც კმაყოფილებას. ის ისევე განადგურდება, უკვალოდ, როგორც განადგურდა თვით განდეგილი.“ (ილია ჭავჭავაძის მხატვრული ოსტატობა“, თბ. 1968, გვ.55)

მეცნიერთა მეორე ჯგუფის თვალსაზრისით კი პირიქით, ეს პოემა განდეგილობის დასაგმობად არ შეიძლება იყოს დაწერილი.* (გრიგოლ ყიფშიძის აზრით ეს ნაწარმოები ილიას ღვთისმსახურებისადმი სიყვარულით აქვს შექმნილი (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ.I, 1914, გვ. XVI); ესტატე ბოსლეველი წერს: „ბატონ ჭავჭავაძის პესიმისტურს შეხედულებას „სააქაოზე“ საზღვარი არა აქვს...“ (იხ. გაზ. „შრომა“, 1883, № 18); დავით კეზელის აზრით: „ამ სოფლიდან გაცლა და ლოცვაში სიცოცხლის გატარება აქ იდეალად არის დასახული...“ კიტა აბაშიძის გადმოცემით საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით ილია აქ ბერად შედგომას გვიქადაგებდა: „საწუთრო ესე საზიზღარია და სულის მშვიდობას მხოლოდ რომელსამე უდაბნოს სენაკში მოიპოვებთო.“ (იხ. „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ. 1962, გვ. 157) აკაკი ბაქრაძე წერს: „უბრალო ლოგიკის თანახმად, დასაგმობი შეიძლება გახდეს ის უარყოფითი მოვლენა, რასაც ამა თუ იმ მიზეზით, საზოგადოებაში აქვს ფეხი მოკიდებული. ასკეტიზმი კი მაშინ არც ფეხმოკიდებული ყოფილა და არც ფესვგადგმული.“ (იხ. ილია ჭავჭავაძე, წიწამური, თბ. „ნაკადული“, 1984, გვ.97)

ფაქტია, რომ ორი ამგვარი საპირისპირო განზრახვა ერთდროულად ვერ ექნებოდა შემოქმედს და აქ ცალსახა დასკვნაა საჭირო. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორი თვალსაზრისიდან ერთ-ერთი მცდარია. რადგან ლიტერატურათმცოდნეობა მეცნიერების დარგია, აუცილებელია, რომ სათანადო დასკვნის გაკეთებისთვის დავეყრდნოთ ფაქტობრივ დოკუმენტურ მასალას, ლოგიკურ არგუმენტაციას და არა განყენებულ პირად შთაბეჭდილებებს. შემოქმედებითი ჩანაფიქრის განსაზღვრისას ჩვენ მთლიანად ავტორის პოზიცია და მისი განზრახვა გვაინტერესებს და არა თუნდაც ძალზე ცნობილი და სახელოვანი ადამიანების აზრი ამის შესახებ.

როგორი ნაწარმოებიც არ უნდა იყოს „განდეგილი“ - ჩვეულებრივი ეპიკური თხზულება, ალეგორიული თუ ფსიქოლოგიური, ერთი რამ უდავოა, რომ ავტორმა ზედაპირულ ხატად, თემად გამოიყენა განდეგილი ბერის ამბავი და ამიტომ უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის საინტერესოა ილიას დამოკიდებულება განდეგილობის - ბერ-მონაზვნური ღვაწლის, როგორც ცხოვრებისეული ფაქტისადმი.

საოცრად გაგვიმართლა, რომ ილია ჭავჭავაძე მწერლობის გარდა პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და შემოგვრჩა ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პირადი აზრის დამადასტურებელი არაერთი საბუთი. აი, რას ამბობს იგი დიდი კაბადოკიელი წმინდანის - სვიმონ მესვეტის შესახებ, რომელიც 80 წლის მანძილზე ურთულეს ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა სვეტზე და იქვე ლოცვაში აღესრულა: „სვიმონ მესვეტე სვეტზედ ავიდა და იქ მიეცა გაზრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზედ კი უძრავად შეეძლო დებულიყო...“ ამ რიტორულ შეკითხვას ზოგი კრიტიკოსი ალბათ თავისი პოზიციის შესაბამისად შეატრიალებდა და იტყოდა, ასე დაგმო ილიამ უსაქმოდ სვეტზე დაყუდებაო, მაგრამ აქაც გაგვიმართლა, რომ მწერალმა მომდევნო წინადადებებში დააზუსტა თავისი აზრი სიტყვებით: „ამისთანა ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში და, რამოდენადაც ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება მხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი.“* (იხ. სტატია „აკაკი წერეთელი და ვეფხისტყაოსანი“ ესე იგი, აქ მესვეტის სიზარმაცეში არ ყოფილა საქმე და არც ბერის მიერ არასწორად არჩეულ გზაში. ციტირებული პუბლიცისტური ნაწყვეტიდან შეიძლება რამდენიმე დასკვნის გაკეტება: 1. ილიას აზრით სვიმონ მესვეტე და მისი მიმდევრები ასკეზის გზას სამოღვაწეოდ მიმართავდნენ და არა განსასვენებლად. 2. „ხელ-ფეხის მიძრაობის“, გარჯის და ფიზიკური მუშაობის გარდა ილია აღიარებს სხვაგვარ - სულიერ ღვაწლსაც, რომელსაც პირველზე დაბლა არ აყენებს. 3. ამგვარი ღვაწლის არსებობას ხსნის „ადამიანის მრავალფერი ბუნებით“ და მიაჩნია, რომ იგი ყველასათვის ხელმისაწვდომი და „უბრალო სიკვდილის შვილთათვის“ მისახვედრი არ არის.

„განდეგილის“ შესახებ ბოლო ათწლეულის მანძილზეც ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ დედააზრთან დაკავშირებით კვლევა მაინც ძირითადად ძველ ყალიბში გრძელდება და დასკვნებიც შესაბამისია - რომ „განდეგილობაში, წუთისოფლისათვის ზურგის შექცევაში ილია ხედავს ბოროტებას, სიცოცხლეზე სიკვდილის გამარჯვებას და სიკეთის დათრგუნვის საფრთხეს“ (გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, 1987, ტ.1, გვ. 270) რომ მწერალს სურდა „დასურათხატებით ეჩვენებინა განდეგილობის უაზრობა და უნიადაგობა.“* (ზურაბ კიკნაძე, „სალოსი და განდეგილი“ ჟ. „კრიტიკა“, 1990 #6) რომ იგი მხატვრული დამაჯერებლობით უჩვენებს, რომ განდეგილი ხსნის ყალბ გზას ადგას“* (ლადო მინაშვილი, ილია ჭავჭავაძე, თბ. 1996)

„უწინ სასულიერო წოდებაში შესვლა და ყოფნა დიდ პატივად და დიდ ღირსებად მიაჩნდათ. დიდნი გვარიშვილნი, მეფეთა ოჯახისანი და ძენიც კი ბედნიერად ჰრაცხდნენ თავიანთ თავს თუ-კი ეღირსებოდნენ სასულიერო წოდების კაცად გახდომას, სასულიეროში შესვლას და სამსახურსა. ყველამ იცოდა, რა მძიმეა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი მამულისა და ეროვნებისა და სახელიც მოღვაწისა ამ სიმძიმეში იყო. ეს სიმძიმე აპატიოსნებდა ღვაწლსა, ეს ტვირთი ასხივოსნებდა სამსახურსა და ამ პატიოსნებასა და სხივოსნობაში იყო თავმოწონებაც და ჯილდოც მოღვაწისა... საქართველოს მეფენი ჰგრძნობდნენ რა სიდიადეს წმიდათა მამათა მოღვაწეობისას საქართველოს გარეთ. არა ჰზოგავდნენ არა სახსარს, რომ ქონებით უღონობა და ნაკლებულობა არა ჰქონოდათ მონასტრებსა და ეკლესიებსა ქართველებისას“, - წერდა ილია 1888 წელს გაზეთ „ივერიის“ მეცხრე ნომერში, რაც ასევე მოწმობს იმას, რომ მას ბერ-მონაზვნური საქმიანობა დიდ და რთულ ღვაწლად მიაჩნდა.

ბერ-მონაზვნებისადმი ილიას დამოკიდებულება კარგად ჩანს 1898 წელს ალექსანდრე ეპისკოპოსისადმი მიმართულ სიტყვაშიც: „თქვენი სიცოცხლე მთელი და განუწყვეტელი სათნოებაა, რომლის მაგალითს მარტო იმ მადლით ცხებულ მღვდელ-მონაზვნების შორის ვპოულობთ, რომელნიც ერთს დროს ყოფილან ჩვენში ჩვენდა საბედნიეროდ და ეხლა, ჩვენდა საუბედუროდ, აღარ არიან.“ როგორც ვხედავთ, ილია პირდაპირ მისტირის იმ ბერ-მონაზვნობას, რომლის გმობასაც ჩვენ მას ვწამებთ. „...თქვენ გწამთ, რომ ადამიანის მხსნელი მისი რჯული და სარწმუნოებაა და ამ გზაზე ღვაწლმოსილობისათვის არა დაგიზოგიათ რა. ამისდა მოწამეთ თქვენს მიერ აღდგენილი მონასტრებია. ეს ნაშთი ჩვენის სულიერად ზე-აღსავლობისა“, ვკითხულობთ იმავე სტატიაში და ვხედავთ, რომ ბერ-მონაზვნურ ცხოვრებაში ილია „ბოროტებას“ და „ხსნის ყალბ გზას“ კი არ ხედავს, არამედ სულიერ წინსვლას.

სტატიაში ათონის ქართული სავანის შესახებ ილია წერს, ათონის მთაზე, სინაზე, სირიაში და იერუსალიმის ახლო-მახლოს ქართველთა მიერვე აშენებულ მონასტრებში მოღვაწე ჩვენი დიდი სულიერი მამების ცხოვრება და საქმენი „თავმოსაწონებლად ექმნება ქართველსა ყოველთვისო“ ( ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი ხუთ ტომად, ტ.5, გვ. 13) და განა შეიძლება, ამ სიტყვების ავტორზე ვთქვათ: „მძლავრ რეალურ ფერებში იძლევა დრომოჭმული, წარმავალი სამონასტრო ცხოვრების სურათებსო“? ეს ხომ ცილისწამებაა მისთვის სწორედ იმაში, რასაც თავად სასტიკად გმობდა - სარწმუნოება სამოსელი ხომ არ არის, რომ კაცმა ხან ჩაიცვას და ხან გაიხადოსო. „სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერ წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება... კაცი შეურყევლად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი, როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს.“ წერს იგი ნარკვევში „ქვათა ღაღადი“.

ილია უდიდეს ღვაწლად მიიჩნევს განდეგილობას არა მარტო ისეთს, როდესაც ბერები ჩამოდიოდნენ ერში და ფიზიკურადაც ეხმარებოდნენ ხალხს რითიმე, არამედ ისეთ განდეგილობასაც, როდესაც იოანე ზედაზნელივით და შიო მღვიმელივით გამოქვებულში იყვნენ განმარტოებულნი ან სვეტზე სვიმონ მესვეტესავით. ბერის ძალა ხომ ლოცვაშია და არა ვინმესთვის ფიზიკურად დახმარებში. ალექსანდრე ეპისკოპოსის დიდ დამსახურებად თვლიდა ილია იმას, რომ მან აღგვიდგინა ჩვენი დავიწყებული წმინდანები შიო მღვიმელი და იოანე ზედაზნელი. აქ უნდა იგულისხმებოდეს მის მიერ გამოცემული „ისტორიული საბუთები შიო მღვიმის მონასტრისა და ძეგლი ვაჰხანის ქვაბთა.“ (1896 წ.) ილიას მიერ დასახელებული ეს წმინდანებიც, სვიმონ მესვეტეც განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდნენ და ადამიანებს თუ ეხმარებოდნენ რითიმე - თავიანთი ლოცვით, მაგრამ სავსებით ნათლად ჩანს ილიას კრძალვა და სიყვარული მათდამი. ბერ-მონაზვნობისადმი და კონკრეტულად ასკეტი მამებისადმი ილიას დამოკიდებულება სავსებით შეესაბამება მართლმადიდებლურს. ამიტომ მოსაზრება, თითქოს „თორნიკე ერისთავში“ მოხსენიებული გაბრიელ სალოსის მიერ არჩეული ღვაწლი იმით ჯობდეს „განდეგილისეული“ ბერისას, რომ გაბრიელი არ კარგავს კავშირს ხალხთან და ფიზიკურად ეხმარება

მათ, არ უნდა იყოს სწორი. ორივე გმირის გზა ღვთისაკენ მიდის, თუ მისგან არ გადაუხვევ. განდეგილის მიერ არჩეულ გზას არ შეიძლება არასწორი ვუწოდოთ. აბსოლუტურ განმარტოებაში არა ერთი და ორი წმინდა მამა მოღვაწეობდა.

მარიამ მეგვიპტელი უფლისაკენ მიმავალ გზას რომ დაადგა და ღრმა უდაბნოში შევიდა, მრავალი წლის მანძილზე ადამიანი საერთოდ არ უნახავს (ზოსიმე ბერის გარდა, რომელმაც გარდაცვალების წინ აზიარა), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან მოიძულა ყველანი. პირიქით, ეს უფლისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე რთული გზაა, რომელსაც ძალუძს ადამიანი უმძიმესი ცოდვებისაგანაც კი განწმინდოს და უფლის დიდებას აზიაროს. გაბრიელ სალოსისა და ილიას „განდეგილისეული“ ბერის შეპირისპირება იმის ტოლფასია, კარგი მოისარი და ცუდი შუბოსანი რომ შევადაროთ ერთმანეთს და ვთქვათ, შუბი უვარგისი იარაღიაო. ილიას ბერი მარცხდება არა იმიტომ, რომ მის მიერ არჩეული გზა არ არის სწორი, არამედ იმიტომ, რომ თავად ვერ ივარგა ამ გზისათვის, თორემ გავიხსენოთ სხვები, რომლებიც ამავე პოემის მიხედვით ამ ბერამდე იყვნენ გამოქვაბულში. განა თუნდაც რაიმე წვრილმანში მაინც ჩანს, რომ მწერალი მათ ღვაწლს არ ადიდებდეს? ამ განდეგილ ბერებს ავტორი „წმინდანებად“ იხსენიებს:

„იქ სადაც წმინდანთ უდიდებიათ
ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების...“

უდიდესი პატივისცემა და მოკრძალება იგრძნობა ამ ბერებისადმი, რომლებიც „ღვთისთვის ქვეყნიდან განდეგილან“, „ბეთლემის“ მონასტერი გამოუქვაბავთ და ღმერთი უდიდებიათ. არავითარი მინიშნება იმაზე, ბერები ერში ჩამოდიოდნენ და ხალხს ფიზიკურად ეხმარებოდნენო, არ არის. ჩანს მხოლოდ, რომ ისინი ლოცულობდნენ და პოეტის აზრით მიაღწიეს თავიანთ მიზანს - ეღირსნენ საუკუნო სავანეს და გარშემოც ისეთი მადლი მოჰფინეს, რომ მაშინაც კი, როდესაც უკვე ტაძარი დაცარიელდა, იმ ადგილისადმი კრძალვა და რიდი მაინც შემორჩა:

„...აქ ღირსებიან მართალთა თანა
სავანესა მას საუკუნოსა...“

„...და ის ადგილი, ის არემარე
ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა,
რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს,
მონადირეცა ვერ ახლებს ხელსა.“

ვახტანგ კოტეტიშვილი წერს: „ილია ჭავჭავაძის განდეგილი კი არ აღმოჩნდა აქ სუსტი, არამედ თვით განდეგილობის იდეა, რადგან პოეტის აზრით საბოლოოდ მაინც შეუძლებელია სურვილთა იმ ათასნაირი ქსელების დაწყვეტა, რომელნიც გვაკავშირებენ ცხოვრებასთან და რომელნიც თვით ხანგრძლივ განდეგილობაშიც კი ცნაურდებიან შურის, წყევლის, წყურვილის თუ უბრალო ტკბილ მოგონებათა სახითო.“ კიტა აბაშიძის აზრით: „...ამ ბრძოლის ამგვარად დასრულებით პოეტს თითქოს ის უნდოდა ეთქვა, ტყუილად ნუ ცდილობთ გაექცეთ ცხოვრებას: მისგან გაქცევა შეუძლებელია და ვინც კი ამას მოინდომებს, განდეგილის ბედს შეეყრებაო.“ (იხ. „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, თბ. 1962, გვ. 162) მაგრამ პოემის შესავლის მიხედვით ჩანს, რომ ამ „ქსელების“ დაწყვეტა თუმც ყველას არ შეუძლია, მაგრამ ზოგს მაინც ძალუძს. ამიტომ ეს აზრი ეწინააღმდეგება ილიას მიერ ამავე გამოქვაბულის ადრინდელ ბერთა ცხოვრების აღწერას. ისინიც იყვნენ აქ,, სწორედ ასეთ განდეგილ ცხოვრებას ეწეოდნენ და საწადელს აღწევდნენ. ამრიგად პოემის მიხედვით, განდეგილობა მიუღწეველი არ არის, უბრალოდ, სიუჟეტის ზედაპირული ხატის მიხედვით ერთმა კონკრეტულმა ბერმა ვერ შესძლო ამ მძიმე ჯვრის ბოლომდე ტარება. ვინმეს რომ რაიმე საქმიანობაში ხელი მოეცაროს, ამიტომ ეს საქმე ხომ არ უნდა დავგმოთ. ასეთი შემთხვევები ხომ ცხოვრების ყველა სფეროშია და რაც უფრო რთულია საქმე - მით უფრო მეტი.

მწერალს რომ იმის მინიშნების სურვილი ჰქონოდა, განდეგილის დამარცხების მიზეზი ის არის, რომ საზოგადოებისაგან მთლიანად მოწყვეტილია, არ ჩამოდის და არ ეხმარება მათო, მცირე ნიუანსით მაინც მიგვანიშნებდა ამაზე. მეორეს მხრივ, განდეგილის შესახებ ვერც ვიტყვით, მოძულებული ჰყავდა ქვეყანაო. იგი დიდი განსაცდელის ჟამს სწორედ ქვეყნისთვის ლოცულობდა და როდესაც ერიდან მისულმა უცნობმა მისგან შველა ითხოვა, იგი ფიზიკურადაც დაეხმარა მას. მის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის შესახებ ქვემოთ უფრო ვრცლად გვექნება საუბარი.

ამრიგად, არ მიგვაჩნია სწორად არც ის, თითქოს განდეგილი ეგოისტურად მარტო საკუთარი სულის ხსნაზე ფიქრობდა და არც ის, თითქოს იმიტომ დაიღუპა , რომ მოწყვეტილი იყო ქვეყანას, ხალხს და ეკლესიას. ბერ-მონაზვნები ყველაზე ახლოს არიან ღმერთთან და როგორ შეიძლება მათ ეკლესიისაგან მოწყვეტა დავწამოთ. განა მონასტერი იგივ ღვთის სახლი არ არის? წმინდა მამები ხშირად აღმოუჩენდნენ ხოლმე დახმარებას მათთან მისულ ერისკაცებს, მაგრამ იმათ ყველანაირ თხოვნას არ ასრულებდნენ, აკეთებდნენ იმას, რისი ძალაც ღვთისაგან შესწევდათ, მაგრამ არ ივიწყებდნენ არც საცდურს. ზოგი წმინდა მამა, მათ შორის ის წმინდა სვიმონ მესვეტე, რომლის შესახებაც ილიას აზრი ჩვენთვის ცნობილია, ქალებს, თვით საკუთარ დედასაც კი ახლოს არ უშვებდა თავისთან, ოთხმოცი წლის მანძილზე სვეტიდან არ ჩამოსულა და შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურად არავის არაფერში დახმარებია, მაგრამ მის ლოცვას ღვთის შემწეობით ბევრად უფრო მეტი შეეძლო და აკეთებდა კიდეც, ვიდრე ეს ნებისმიერი კაცის ფიზიკურ შესაძლებლობებშია.

ილია, რომელიც სვიმონ მესვეტის გზის სიდიადეს ხედავდა, განდეგილს არ დაადანაშაულებდა იმაში, რატომ სოფელში არ ჩამოდიოდა და ხალხს არ ეხმარებოდაო. პირიქით, მას შეიძლება არასწორად შეეფასებინა თავისი გმირის ის ნაბიჯი - ქალი რომ შეუშვა თავის სენაკში და ლაპარაკი გაუბა. როდესაც წმინდა ილარიონ პალესტინელთან ელევთერეპოლელი უშვილო დედაკაცი მივიდა და შეევედრა სიბერწისაგან კურნებას, წმინდანი „ივლტოდა მისგან“, რადგან მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა და ქალთან დალაპარაკება არ უნდოდა. დედაკაცი მისდევდა ბერს და მხურვალედ ევედრებოდა დახმარებას. წმინდა ილარიონი მხოლოდ მას შემდეგ გამოეპასუხა მას, როცა მისი ღვთისმოშიშება, სასოება და უზაკველი განზრახვა დაინახა.* (იხ. „ცხოვრება წმიდისა და ნეტარისა ილარიონისი“, თსუ, ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, გვ. 192) განდეგილს მსგავსი სიფხიზლე არ ეტყობა, თორემ ისიც კი შეეძლო ქალისათვის თავშესაფარი მიეცა და თავად განრიდებოდა.

ამრიგად, ილიას განდეგილის დაღუპვის მიზეზი განდეგილური ცხოვრების წესის არამართებულობაში არ უნდა ვეძიოთ და ამ გმირის სახე განდეგილობასთან არ უნდა გავაიგივევოთ. ჭეშმარიტი ასკეტური ცხოვრება კი არ მარცხდება ილიასთან, არამედ ამგვარი ცხოვრების გზიდან გადახვევა.

პუბლიცისტურ წერილში „ორიოდე სიტყვა...“ ილია ძალიან გარკვევით გამოთქვამს თავის შეხედულებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეარჩიოს მთარგმნელმა სათარგმნი მასალა. ამიტომ ალბათ შემთხვევითობად არ უნდა ჩაითვალოს მის მიერ ვალტერ სკოტისეული ერთი ლექსის თარგმნა, რომლის შინაარსიც სავსებით ესადაგება ილიას თვალსაზრისს, მის დამოკიდებულებას ბერ-მონაზვნობისადმი:

„რა ტკბილ არს, ოდეს წყვდიად ღამეში
ბნელ ბილიკზედა უდაბურ ტყეში
წმინდა გალობა მეუდაბნისა
შეეპარება მგზავრისა ყურსა:
ლოცვა ირთვება მუსიკის ხმითა,
მუსიკა აღვალს ცად ლოცვის ფრთითა,
და ვით ფრინველნი - მოალერსე მზის -
ფრინვენ ცისკენა ხმები გალობის.“

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ილია ჭავჭავაძე ქრისტიანულ ასკეტიზმს, ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას დიდ ღვაწლად, დიდ საქმედ მიიჩნევდა, როგორც პირადად ადამიანის, ისე ერის ცხოვნებისათვის. ასეთი აზრისა იყო იგი თავისი მოღვაწეობის ყველა პერიოდში, რასაც მოწმობს ის, რომ პუბლიცისტური წერილები, რომლებშიაც იგი განადიდებს სასულიერო მოღვაწეობის ამ სფეროს, სრულიად სხვადასხვა პერიოდში და წლებშია დაწერილი. ამდენად სავსებით გაუმართლებელია ის მოსაზრება, თითქოს იგი პოემაში „განდეგილი“ გმობდეს მას.

იგივე უნდა ითქვას იმ პიესის ფრაგმენტული ხასიათის ავტოგრაფული ჩანაწერების შესახებ, რომელიც ილიას აღარ დაუმთავრებია იმ სახით და გამომცემლებმა პირობითად მისცეს სათაურად ერთ-ერთი გმირის სახელი - „ირაკლი“. ეს ფრაგმენტები ძირითადად წარმოადგენს დიალოგს ორ გმირს შორის, რომელიც დაახლოებით მოგვაგონებს განდეგილისა და მწყემსი ქალის საუბარს. აქაც ერთ-ერთი პერსონაჟი ჭეშმარიტი რწმენისათვის მიუღებელ აზრებს გამოთქვამს, ფაქტიურად გმობს ღმერთს და კრიტიკოსები მას, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ავტორის მსოფლმხედველობის გამომხატველად მიიჩნევენ.

ეს ჩანახატები, მათი თემიდან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ მართლაც არის პოემა „განდეგილის“ შემოქმედებითი ჩანაფიქრის პირველსახე, მაგრამ მისი გმირის - ირაკლის შეხედულებები, ისევე, როგორც მწყემსი ქალისა, არ შეიძლება ასე დაუსაბუთებლად, დოკუმენტური მასალების საპირისპიროდ, ავტორის თვალსაზრისის გამომხატველად მივიჩნიოთ. მართალია, ირაკლი თავისი გამონათქვამებით უპირისპირდება ჭეშმარიტებას, მაგრამ ეს არის მხოლოდ გმირი და არა თვით ავტორი. წარმოვიდგინოთ, რამდენად სწორი იქნებოდა, შექსპირის რიჩარდ მესამიდან“ მხოლოდ მთავარი გმირის გამონათქვამები ან მცირე მოცულობის დიალოგები რომ შემორჩენილიყო ჩვენამდე ან ამა თუ იმ ბოროტების ამსახველი სცენა და მათ საფუძველზე გვემსჯელა პიესის ავტორის პიროვნებაზე, გაგვეთანაბრებინა გმირის ბუნება და მისი მსოფლმხედველობა ავტორისასთან. ასევე არ შეიძლება დაუმთავრებელი პიესის ან რაიმე თხზულების გმირის იდეათა გამოცხადება ავტორის სულიერი სამყაროს პირდაპირ გამოხატულებად, თუ ამას ძალიან ღრმა, არგუმენტირებულ დასაბუთებას არ წავუმძღვარებთ. ასე რომ არა, ბოროტთა, ავისმოქმედთა, მკვლელთა და მემრუშეთა მამხილებელი არაერთი დიდი ხელოვანი თავად უნდა მიგვეჩნია ბოროტმოქმედად.



გაგარძელება:
მწყემსი ქალი და წუთისოფელი
პოემა „განდეგილის“ ძირითად ამბავში სულ ორი გმირია წარმოდგენილი - განდეგილი ბერი და მჭყემსი ქალი. წლების მანძილზე კრიტიკოსთა დიდი ნაწილი ამ ქალის სახეს ილიას ერთგვარ იდეალად მიიჩნევს და მის მსოფლმხედველობას და შეხედულებებს მწერლისასთან აიგივებს. ამ ქალის სახეში ზოგი ალეგორიულად „თერგის“ განსახიერებას ხედავს, ზოგი ელინიზმისას, ზოგი რენესანსისას, ზოგი პირველქმნილი ქრისტიანული რწმენისას და სხვ. მოდით, ერთხელ კიდევ გადავხედოთ პოემის თექსტს - მაინც როგორია ეს ქალი, რას ამბობს, რას აკეთებს და რა შედეგამდე მიდის, რადგან, როგორც ნათქვამია, ხე ნაყოფით იცნობა.

პოეტი მართლაც საოცრად ხატოვნად აღწერს მის გარეგნულ სილამაზეს:

„ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,
სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,
ნაზად, ამაყად ცეცხლაპირს იჯდა,
ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.“

მომხიბლავი სურათია, მაგრამ თითქოს მთელ ამ აღწერილობას ერთი მიმართულება აქვს - ვნებისაღმძვრელი:

„მის თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით,
გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!..
დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობას
თვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს...“

ქალის სილამაზე თითქოს რაღაც აქტიური ძალაა, გულთა დასატყვევებლად შემართული. ეს არის „შვენების ჯადო“, „გრძნება“, „გრძნეული ჯადო“, რასაც იწვევს ქალის შინაგანი არსება და არა ბუნებით მინიჭებული ნაკვთა დახვეწილობა. ვნებისაღმძვრელ ხიბლს, ჯადოს, გრძნეულებას ღვთაებრივ ნიჭთან არავითარი საერთო არა აქვს და ამ შედარებების ხმარებით ავტორი სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ღვთით დაბადებულ ამ მომხიბლველ არსებაში უკვე სხვა ძალაა გაბატონებული. მწერალს ხაზგასმული აქვს, რომ ბაგეზე შერჩენილი ღიმილი, რომელიც „ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა“ და რომელმაც მიიზიდა ბერი, „ძილში ჩაყოლილ ფიქრს თუ ოცნებას“ დაეტოვებინა მის სახეზე. ამრიგად ბერი მისმა გარეგანმა სიტურფემ კი არ აცდუნა, არამედ შინაგანიდან გამომდინარე „გრძნებამ“. ბასილი დიდის სწავლებით, „ხშირად ძილისმიერი ოცნებანი გამოძახილია იმ აზრებისა, რომლითაც დღისით ვართ შეპყრობილნი“, დაძინების წინ კი ქალი ამ ქვეყნის განდიდებით, ჭეშმარიტი ღვთისმსახურების უარყოფით და ხორციელი გულისთქმებით იყო დატყვევებული.

ეს ქალი არის ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი, რომელმაც ხორცზე ზრუნვით, გულისთქმათა მონობით და სულის დაკნინებით ხატი იგი „უხმარ ჰყო“. რა აზრისა იყო ილია ამგვარი ადამიანების შესახებ და შეიძლებოდა თუ არა, რომ ეს გმირი მას იდეალიზირებული ჰყოლოდა? 1885 წელს სტატიაში „ღმერთმა ნუ დაგაბეროთ“, ილია წერდა: „ადამიანი ხატებაა ღვთაებისა განა ხორცითა? ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს ვით კერძო ღვთისა. ის ერთი - სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყოველივე ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ყმა. შესაძლოა ხორცი დაბერდეს, დაუძლურდეს, სული და გული კი ჰყვაოდეს ზეგარდმო მადლით შუქმოფენილი და მრავალფერად გადაშლილი, თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს, ადამიანურად მოუვლის, ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ არ გაალახვინებს... უკეთესნი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზე ამისთანანი ყოფილან.“ მწყემსი ქალი კი, როცა გაიგებს:

„...იქ, ყინულებში კაცი სცხოვრობსო,
სულისთვის ხორცი გაუწირია,
უწუთისოფლოდ მარტოკა სძლებსო...“

გაიკვირვებს და აღიარებს „ვერ ვიზამ მაგას, ვერ მოვიკლავ გულსო“. იგი გულისთქმებს არის აყოლილი და ამ გულისთქმებზე უარის თქმას გაუმართლებლად თვლის. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ ბერს საცდურად სწორედ ის მოევლინა.

ილიას ვნებათა დათრგუნვა და სულიერი განწმენდა ადამიანისათვის უპირველეს აუცილებლობად მიაჩნდა. 1895 წლის ერთ-ერთ შინაურ მიმოხილვაში იგი წერს: „ვით მამა ზეცის იყავ შენც სრული“ -აი, თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა სწრაფვა ამ გზაზედ დაუღალავად სიარულისათვის, - აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელი ერისა.“ არც მწყემს ქალს და არც წუთისოფელს, რომლის მეხოტბეც ის არის და რომელსაც ერთგვარად განასახიერებს კიდეც, ამგვარი სულიერი სწრაფვისა არაფერი ეტყობა. ქალი ამბობს: ღმერთმა რისთვის მორთო ასე ლამაზად წუთისოფელი, თუ არა იმისათვის, რომ ადამიანი ხორციელად დატკბესო. მას ეს ქვეყანა „ლხინთან“ და „სიხარულთან“ აქვს ასოცირებული, მაგრამ არაფერს ამბობს იმ „რყვნაზე“, „წარწყმედასა“ და „ღალატზე“, „ცილსა“ და „ზაკვაზე“, რაც იქ არის გაბატონებული და რის გამოც ბერი განერიდა მას.

რა კავშირია ღვთის მიერ შექმნილ მშვენიერებასა და იმ დამღუპველ, მაცდუნებელ ძალას შორის, რომელსაც იგი ბოროტისაგან იძენს ხოლმე? დავაკვირდეთ რას ამბობს ილია ამის შესახებ ქვეყანასთან დაკავშირებით ლექსში „კითხვა-პასუხი“:

„კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ,
ლამაზად მორთულ და მოკაზმული...
გიმზერ და მზერა კვლავ სწყურიან თვალს,
გისმენ და სმენით ყური ვერ სძღება...
რა დაგრჩენია კვლავ სანატრელი,
ღვთისგან რა არ გაქვს მომადლებული?..
ვინ მოგმართოს შენ და წინ არ დახვდეს
შენი სიმდიდრე, შენი უხვება...“

მაგრამ ოთხივე ამ კითხვას თითო „მაგრამ“ ახლავს: „მაგრამ რამდენადც მშვენიერი ხარ...“ „მაგრამ რამდენადც საყვარელი ხარ...“ „მაგრამ რამდენადც მადლით სავსე ხარ...“ „მაგრამ რამდენადც მდიდარ-უხვი ხარ...“ და ოთხივე ერთნაირად მთავრდება - „იმდენად უფრო გული მიკვდება.“ ამ შინაგან დიალოგში პოეტი ეკითხება ქვეყანას ამ გულის კვდომის მიზეზს:

„მარქვი, რად არის იქ გულთა კდომა,
სად სიცოცხლეა გახარებული,
და რამდენადც შენ ცხოველმყოფელ ხარ,
იმდენად უფრო რად კვდება გული?“

ეს ხომ სწორედ ისეთივე შეკითხვაა, როგორიც ასე მტკივნეულად დგას „განდეგილში“ - რატომ უნდა იწვევდეს სილამაზე ცდუნებას. რა იყო მწყემს ქალში ისეთი, რამაც ბერის დაღუპვა გამოიწვია, რატომ არის, რომ წუთისოფელი, რომელიც თითქოს სიტკბოებით არის სავსე, გვაშორებს სულიერ სიახლოვეს მარადიულ ჭეშმარიტებასთან. ვნახოთ ამის შესახებ ქვეყნის პასუხი:

„...და ან რა ჰქმნას თვით წმინდათა-წმინდამ,
სად ცოდვას მადლი დაუძლევია?“

ქვეყანა, რომელსაც მწყემსი ქალი განასახიერებს, სამოთხეს გავს გარეგანი მშვენიერებით, მაგრამ სულიერი დაკნინების გამო იგი შინაგანად ჯოჯოხეთად არის ქცეული და ამიტომაც არის დამღუპველი:

„იქ თვით სამოთხეც ჯოჯოხეთია,
სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური.“

შემთხვევითი არ უნდა იყოს იგივე შედარების გამოყენება „განდეგილშიც“. მწყემსი ქალის მყინვართან მიახლოვებისას ისიც რომ სამოთხიდან ჯოჯოხეთად გადაიქცევა:

„მართლა უნდობი ყოფილა ეს მთა!
უცებ სცოდნია ჩამობნელება,
უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის,
უცებ გატკბობს და უცებ აფთრდება.!“

როგორც წინდაწინვე გვაუწყა მწერალმა, ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც სიწმინდეს ცოდვა მიუახლოვდება, როდესაც ღვთის არა ღირსი შეჰბედავს ამ სამოთხეს.

ღმერთმა ყოველივე კეთილი მიჰმადლა ქვეყანასაც და ამ ქალსაც, მაგრამ მათ უმთავრესი - სული უარჰყვეს, ცოდვას დაემონნენ, გულისთქმებს აჰყვნენ და მხოლოდ ხორცი აპატივეს. ლექსს „კითხვა-პასუხი“ ასე ამთავრებს ავტორი:

„იქ თვით სამოთხის წალკოტი. მდელო
უდაბნოღაა ურგებ-ურწყული,
სადაც არ აბნევს თვის წმინდა ნამსა
სული მართალი და წრფელი გული.“

დავუბრუნდეთ კვლავ მწყემსი ქალის სახის განხილვას და ვნახოთ, აქვს თუ არა მას ასეთი მართალი სული და წრფელი გული.

გაგრძელება იქნება


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
di_onise   ლიტერატურა   Jun 25 2007, 09:54 PM
k@the   თამარი_ცქნაფო მერე...   Jun 25 2007, 10:01 PM
ალექსანდრე   di_onise ჩემი აზრით თვი...   Jun 25 2007, 10:03 PM
di_onise   ალექსანდრე რატო კ...   Jun 25 2007, 10:11 PM
თამარი_ცქნაფო   მარიამ ნინიძე დაცა...   Jun 25 2007, 10:14 PM
k@the   di_onise ჩემი აზრით თვი...   Jun 25 2007, 10:14 PM
ალექსანდრე   di_onise მერე რა რამდენ...   Jun 25 2007, 10:17 PM
თამარი_ცქნაფო   გაგრძელება: კრიტიკ...   Jun 25 2007, 10:26 PM
di_onise   ალექსანდრე უფალი ...   Jun 25 2007, 10:36 PM
თამარი_ცქნაფო   di_onise ჯერ არ დამთავრე...   Jun 25 2007, 10:37 PM
di_onise   რაში?? დადე დადე :) დ...   Jun 25 2007, 10:54 PM
თამარი_ცქნაფო   რაში?? დადე დადე :) დ...   Jun 25 2007, 10:56 PM
ai gogoo   მე ვფიქრობ რომ,გან...   Jun 25 2007, 10:56 PM
xevsuri   მაგის დამწერ ამკრე...   Jun 26 2007, 03:47 AM
ninca   განდეგილის სულიერ...   Jun 26 2007, 08:56 PM
italieli-dato   განდეგილის სულიერ...   Jun 27 2007, 01:50 AM
თამარი_ცქნაფო   თქვენ არასწორად გ...   Jun 27 2007, 02:03 AM
თამარი_ცქნაფო   ვაგრძელებთ მარიამ ...   Jun 27 2007, 12:31 AM
ninca   "დაცარიელებული ბ...   Jun 27 2007, 12:49 AM
თამარი_ცქნაფო   "დაცარიელებული ბ...   Jun 27 2007, 12:55 AM
k@the   უი, ალხა ვწერდი პას...   Jun 27 2007, 02:13 AM
თამარი_ცქნაფო   ბევრს კი არა და მარ...   Jun 27 2007, 02:19 AM
di_onise   თამარი_ცქნაფო :მპუ...   Jun 27 2007, 11:30 AM
თამარი_ცქნაფო   di_onise მზად არ იყო, ჩემ...   Jun 27 2007, 11:57 AM
თამარი_ცქნაფო   ვაგრძელებთ, მაგრამ...   Jun 28 2007, 12:47 AM
k@the   თამარი_ცქნაფო სად ...   Jun 28 2007, 01:12 AM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო სად ...   Jun 28 2007, 02:47 AM
maZiebeli   როგორც ვიცი, იაკობ...   Jun 28 2007, 01:15 AM
ლეონტი   ქენი მადლი და ერთი-2...   Jun 28 2007, 11:50 AM
di_onise   მეტი არავინ?? თამარ...   Jun 28 2007, 05:35 PM
თამარი_ცქნაფო   მეტი არავინ?? თამა...   Jun 29 2007, 12:56 AM
maZiebeli   უცნობ კაცს არ დაეჯ...   Jun 28 2007, 11:30 PM
di_onise   თამარი_ცქნაფო :lol: ვ...   Jun 29 2007, 01:50 AM
sofi89   გეთანხმები თამო. ვ...   Dec 30 2007, 02:39 PM
marine   რამდენად სწორად შე...   Jun 11 2016, 11:21 PM
marine   "ამ მშვიდ, ჩუმ, მდა...   Jun 16 2016, 01:00 PM
marine   "საერთოდ, სულიერა...   Dec 20 2016, 09:13 PM
marine   "ლევან გოთუა კომუ...   Dec 26 2017, 09:45 AM
marine   "მწერალი არის არს...   Jan 2 2018, 10:56 AM
marine   "მწერალი ადამიან...   Jan 2 2018, 11:10 AM
marine   "მწერალს, სიტყვის...   Jan 3 2018, 03:46 PM
marine   "გორში სოფელ ვარი...   Sep 27 2018, 02:32 PM
marine   "მიხეილ ჯავახიშვ...   Sep 30 2018, 02:16 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 09:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი