IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლიტერატურა, ...
di_onise
პოსტი Jun 25 2007, 09:54 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



მემგონი საინტერესოა...
თუ არ ჩათვლით საჭიროთ წაშალეთ მაშინ smile.gif
მაინტერესებს თქვენი აზრი სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარნოებებზე, მაგალითად განდეგილით დავიწყოთ smile.gif
როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია განდეგილის მდგომარეობა?? რწმენის ნაკლებობამ თუ ადამიანურმა სისუსტეებმა?
ჩემი აზრით მან არ იცოდა თუ რა უნდოდა, ბერობა თუ საერო ხალხთან ცხოვრება

—„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა

ესეთი მერგო მე... უბედურსა...”

სხვებსაც მივამატებ მერე

თქვენი აზრი მაინტერესებს... smile.gif




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 25 2007, 10:26 PM
პოსტი #2


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



გაგრძელება:
კრიტიკოსთა ერთ ნაწილს ძალიან მოსწონს ქალის უშუალობა და „სიწრფელე“, მაგრამ აქ ისინი სულ სხვა აზრს დებენ და არა იმას, რაც ილიას „წრფელ გულშია“ ნაგულისხმევი. ადამიანმა შეიძლება ხმამაღლა გამოთქვას თავისი განცდები და მოყვეს თავს გადახდენილი ამბები, მაგრამ თუ მას არა აქვს განსჯის უნარი, რა კარგია და რა ცუდი, და არა აქვს სინანული, ეს გულს არ განწმენდს და წრფელს არ გახდის. წრფელი მართალს და სწორს ნიშნავს. ამიტომ სულის სიმართლეც და გულის სიწრფოებაც ერთ სასწორზე უნდა აიწონოს, შედარდეს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას - ღვთის სიტყვას. მწყემსი ქალი შესაძლოა ამბობდეს ყველაფერს, რაც თავს გადახდა და რაც გულში აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მართალი, წრფელი გული აქვს. ამ გულში უამრავი გულისთქმაა, რომელთაც ის არ ეწინააღმდეგება.

საყურადღებოა, რომ ქალი მყინვარის ჯაჭვთან აღმოჩნდა თავისი უგულისყურობის და ერთ-ერთი ამგვარი გულისთქმის გამო. მას დაავიწყდა მამის ნათქვამი - მყინვარს ნუ ენდობი, მზეც რომ ადგეს, უცებ ნიაღვარს წამოჰხეთქს ხოლმეო; ეს დაუდევრობა კი გამოიწვია მისი გულის სიხარბემ, რასაც იგი ხმამაღლა აღიარებს, მაგრამ ცოდვად არ მიიჩნევს, ამართლებს კიდეც, გულს როგორ ვუთხრა, კარგ სანახავზე ნუ ხარ ხარბიო.

ასე დაღუპა მწყემსმა ქალმა ცხვარი - მამის ერთადერთი სარჩო-საბადებელი და თავიც საფრთხეში ჩაიგდო. შემდეგ მან თითქოს აღიარა დანაშაული, ჩემნაირ მამის ურჩზე ახია, რაც დამემართაო, მაგრამ ეს სინანული იყო მხოლოდ წუთიერი. მან იქვე კვლავ იმართლა თავი, ეს სულ იმის ბრალია, რომ ვერსად წაუხვალ, „რაც ფათერაკად მოსავალიაო“. ასეთ შემთხვევებზე წერს ილია სტატიაში „ცისკარი 1857 წლიდან 1862 წლამდინა“: „რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსო...“ და ამ ხალხური ანდაზის შემდეგ დასძენს: „ბედი რა არის?.. ჩვენი თავის მტრები ჩვენ თითონვე ვართ, ამის ღვიარება ჩვენ გულს გვიძმარებს და ამიტომაც ყველაფერს ბედს ვაბრალებთო“. აი ეს - თავისი დამნაშავეობის შეგრძნება, სინანული ვერ ჩერდება მწყემსი ქალის გულში. იგი უნანელი და უდარდელია.

ქალის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ მამის ნათქვამმა, ვიღაც კაცს „სულისთვის ხორცი გაუწირია“ და მყინვარის გამოქვაბულში ცხოვრობსო“, იგი გააკვირვა. სულით და გულით ქრისტიან ადამიანში ამგვარ რამეს გაკვირვება და უარყოფითი დამოკიდებულება არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ, როგორც ილია წერს „აჩრდილში“, მწყემს ქალსაც და მის მიერ განსახიერებულ ქვეყანასაც მათი ხსნისთვის ჯვარცმული ღვთის მოძღვრება „დღეს მარტო სიტყვით უქმით რწმენია.“

მწყემსი ქალის მსოფლმხედველობის ამოსავალი ის არის, რომ მას სულისთვის ხორცის გაწირვა უაზრობად მიაჩნია და განა შეიძლება მისი თანამოაზრეობა დავაბრალოთ პოემის ავტორს, რომელიც მრავალგზის და არაორაზროვნად ღაღადებდა, სული უნდა გავხადოთ ხორცის მბრძანებლადო?! „განდეგილის“ წინ დაწერილ პოემაში „მეფე დიმიტრი თავდადებული“ მან ხომ სწორედ სულის და ხორცის დიდი შინაგანი ორთაბრძოლა და პირველის დიდებული გამარჯვება წარმოაჩინა. 1895 წლის ერთ „შინაურ მიმოხილვაში“ იგი წერს: - „ვინცა სჩივის და ჰღაღადებს სახორციელო პურისათვის, ის იმდენადვე, თუ არ მეტად, უნდა იღვწოდეს სასულიერო პურისათვისაც. ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმიტომ, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი. „ვით მამა ზეცისა იყავ შენც სრულიო“ - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა...“ არა მხოლოდ პოემა „განდეგილი“, ილიას მთელი შემოქმედება და მისი ცხოვრებისეული პოზიციის ამსახველი თითოეული დოკუმენტი მოწმობს იმას, რომ მწყემსი ქალის დამოკიდებულება სულისათვის ხორცის გაწირვისადმი, ავტორისეულისაგან რადიკალურად განსხვავდება.

მწყემს ქალს „არ ესმის“, რა არის კარგი განდეგილობაში ან რა შეიძლება არგოს კაცს სულისთვის ხორცის გაწირვამ - ქვეყნისაგან განდგომამ. ილია ალექსანდრე ეპისკოპოსს ასე მიმართავდა: „თქვენ ხორცი დაუმორჩილეთ სულსა და ერთი უდიდესი სათნოებაც ეს არისო...“ სტატიაში „პატარა საუბარი“ ის ამგვარსავე დამოკიდებულებას გამოხატავს სულის უპირატესობისადმი: „მარტო ასაკოვნება სულისა ადამიანს კაცად ჰხდისო.“ (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი ათ ტომად, ტ.3, გვ. 427)

მწყემსი ქალი წამდაუწუმ ახსენებს ღმერთს: „მიხსენ, ღვთის მადლსა“,„ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული“, „მიბრალა ჩემმა გამჩენმა“, „ღმერთმა გარჩინოს“, „როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა...“ „ღმერთო, ნუ მიწყენ“, „განა სწყინს ღმერთსა“, „ღვთითვე დაბადებულსა“ და სხვ. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ის ჭეშმარიტი ღვთისმოსავია. იგი თავისუფლად ლაპარაკობს ბერთან სულიერ საკითხებზე - რა სწყინს ღმერთს და რა - არა, რა უნდა და რა - არა. ღვთის ამგვარი ხშირი ხსენება და ამაო ლაპარაკი უმაღლეს ჭწშმარიტებაზე, ყველაზე ხშირად ილიას თხზულებათაგან, „კაცია, ადამიანში“ გვხვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლუარსაბი და დარეჯანი ილიას მხატვრულ გმირთაგან ყველაზე ღვთისმოსავები არიან. „არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისაი“ (მათე 7,21), ამბობს უფალი. ადამიანმა მარტო სიტყვით კი არა, საქმით უნდა ადიდოს ღმერთი. ამის თაობაზე ილიას აზრი კარგად ჩანს ერთ თეატრალურ მიმოხილვაში, სადაც ცაგარლის დრამის შესახებ საუბრისას იგი აღნიშნავს: „არც ის მოქმედობს მაყურებელზე სასიამოვნოდ, რომ დედა, საცა გინდა და არ გინდა წამდაუწუმ გაიძახის - მე ჩემი შვილები ჩემის მამულისათვის გამიზრდიაო. ერთხელ ამისი თქმაც მეტია, იმიტომ, რომ ეგ უნდა გვაუწყოს მისმა მოქმედებამ, მისმა საქმემ და არა სიტყვამო.“ თავის მხატვრულ გმირთა სახეების შექმნისას ამ პრინციპს ილია ყოველთვის ითვალისწინებდა. ასე რომ მწყემსი ქალის საქმემ უნდა გამოაჩინოს მისი ღვთისმოსავობა და არა ლიტონმა სიტყვებმა. საქმე კი იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად ხშირი სიტყვიერი ხსენებისა თავისი ცხოვრების წესით, ფიქრით და საქმით ის ღვთის მგმობელია.

დიდ ხელოვანთა და მათ შორის ილიას მიერ შექმნილ მხატვრულ სახეებს ისეთი სიღრმე ახასიათებს, რომ ამ გმირებს მხოლოდ მათივე ნალაპარაკევზე დაყრდნობით ან საკუთარ თავზე თავისივე შეხედულებიდან გამომდინარე ვერ შევაფასებთ სწორად. ავტორიც მზამზარეულად არასოდეს გვეუბნება - ეს გმირი ასეთია და ის - ისეთიო. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, გმირის სიტყვა და საქმე, ავტორის მიერ მისი წარმოჩენისათვის გამოყენებული თითოეული სიტყვის ნიუანსი და ელფერი უნდა შეჯერდეს და მხოლოდ მაშინ აღვიქვამთ ცალკეულ მხატვრულ გმირს ავტორის ჩანაფიქრისათვის შესაფერისი სისრულით. თვალი გადავავლოთ, რას ამბობს ილია ხელოვნების ამ ხერხის შესახებ თავის პირველსავე კრიტიკულ წერილში, „ორიოდე სიტყვა...“ კაზლოვს უნდა გვაჩვენოს შეშლილი გოგოს სურათი და თუმცა გვეფიცება იგი შეშლილიაო, ამ გმირის სახეს აბსოლუტურად არაფერი ეტყობა შეშლილობისა, შექსპირის ოფელიასა და მეფე ლირისაგან განსხვავებით. შექსპირი კი „არ ანბობს, რომ ჭკვიდამ შეშლილები არიანო, მაგრამ მიაყოლეთ გონება იმათ სიტყვებს და მაშინვე გაიგებთ შესაბრალებელს შეშლილ ადამიანის სულის მდგომარეობას; იქ წინასიტყვაობა საჭირო არ არის, რომ შეშლილიაო, საქმიდამა ჩანს ყველაფერიო.“მწყემს ქალთან დაკავშირებით საქმიდან ის ჩანს, რომ მისი პირიდან ღვთის სახელის ხშირი ხსენება ის მაცდუნებელი პირბადეა, რომლითაც შეაღწია მან მწირის სენაკში და მოადუნა მისი სიფხიზლე. რეალურად მას ღვთის არც რწმენა ეტყობა, არც სასოება და არც სიყვარული.

დავაკვირდეთ ქალის მიერ თქმულ ერთ ფრაზას: „ოღონდ დღეს გავთბე, შენ, შენი ღმერთი!“ ქალი ღვთის სახელით ერთადერთ რამეს ითხოვს - ხორციელ გათბობას. სიტყვები „ოღონდ დღეს გავთბე“ მისი არა მარტო წუთიერი სურვილის, არამედ ალეგორიულად მთელი მისი სულისკვეთების გამომხატველად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის მხოლოდ ხორცის განცხრომაზე ფიქრობს და საერთოდ არ აწუხებს ზრუნვა სულისათვის.

კრიტიკოსთა ნაწილი მწყემს ქალს უცოდველად მიიჩნევს იმაში, რაც ბერს გადახდა. ჩვენი აზრით, ქალის შედარება, თავისი აქტივობით, „მგზავრის წერილების“ თერგთან არ შეიძლება, მაგრამ, მეორეს მხრივ, იგი მაინც არ არის პასიური მონაწილე იმისა, რაც ბერს მოუვიდა.

როდესაც განდეგილს ქვემოდან ხმა შემოესმა, იგი ცდილობდა გაერკვია, ვინ იძახდა დ შემოეშვა თუ არა, მაგრამ მწყემსმა ქალმა ამოსძახა, „რა დროს კითხვაა“, შემიბრალე, ლამის ცა ჩამომექცეს და თავშესაფარი მომეციო.“ თან ღვთის სახელი უხსენა, “ღვთის მადლსაო“. ამით მან ბერს დაფიქრების საშუალება არ მისცა, მოადუნა მისი სიფხიზლე და დაარღვევინა განდეგილური ცხოვრების წესი, რომლის მიხედვითაც ქალს უნდა განრიდებოდა.* (ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ფირუზ მეტრეველი, ჟ „რელიგია“)

მწყემსი ქალი არ სჯერდება მხოლოდ თავისი პირადი პოზიციის გამოხატვას განდეგილობასთან დაკავშირებით. იგი ბერის მიერ არჩეულ გადაწყვეტილებასაც უტევს და ცდილობს თავის აზრზე მის გადაყვანას. ამ მიზნით ახარბებს მას წუთისოფლის სიტკბოებას: „მერე იცი კი, რარიგ ტკბილია?!...“ საბოლოოდ მწყემსი ქალი სიწმინდის შეურაცხყოფამდე და ღვთის გმობამდეც კი მიდის სიტყვებით:

„აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე,
აქ ჭირია და იქ კი ლხინიაო.“

ჭირიაო ამბობს „ბეთლემზე“, რაც ცხოვრებისა და სიწმინდის სახლს ნიშნავს. სიკვდილიაო ამბობს ადგილზე, რომელსაც სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველის - იესო ქრისტეს შობის ადგილის სახელი ჰქვია, საიდანაც მოგვევლინა სწორედ ჭირთაგან დამხსნელი და სიკვდილისაგან განმათავისუფლებელი, სადაც წმინდა მამებს უდიდებიათ:

„ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,
...სად უწირავთ უფლისა მიმართ
მსხვერპლი ქებისა და ღაღადების...“

მწყემსი ქალი ამით ეწინააღმდეგება და გმობს არა ერთი კონკრეტული ბერის გადაწყვეტილებას არამედ იმ წმინდა სამყოფელს, რომელიც ცისა და ქვეყნის ერთგვარი შემაკავშირებელი, მათი შემრიგებელი იყო.

ქალი საკმაოდ აქტიურად ცდილობს მოხიბლოს ბერი და მოაბრუნოს ქვეყნისაკენ. აგონებს მას თვისტომს, ტოლს და სწორს, დედ-მამას, და-ძმას, სახლ-კარს, მოკეთესა და გულშემატკივარს და ბრალს დებს - შენი განდგომა იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი გულიდან ამოგიღია და არ გენაღვლებაო. როგორც ვიცით, სინამდვილეში ეს ასე არ არის, რადგან ქალის მოსვლამდე ბერი მთელი ქვეყნის ხსნისთვის ევედრებოდა ღმერთს:

„...და ხელაღპყრობით ევედრებოდა
წაწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.“

განსაკუთრებული შინაარსობრივი დატვირთვა უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ ბერის მყუდროება სიუჟეტის მიხედვით ირღვევა სწორედ მაშინ, როდესაც იგი, ღვთისმშობლის ხატთან დამხობილი, ქვეყნის ხსნას ევედრება ღმერთს. სწორედ ამ დროს შემოესმება მას უცნობი ხმა. მაგრამ ძალიან მძიმე ჯვარია ლოცვა მთელი ქვეყნისათვის, რომელიც ბოროტის სამეუფოდ, ცოდვის სადგურად არის ქცეული:

„სად რყვნა, წარწყმედა და ღალატია,
სადაც ძმა ჰხარობს სისხლსა ძმისასა,
სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის
წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.“

არის კი ბერი იმისათვის მზად, რომ თავისი ლოცვით ამ ხალხის ცოდვები იტვირთოს, მყინვარის ტაძრამდე აიტანოს და ღვთისმშობლის შემწეობით, რომელიც არის კიბე ადამიანთა ზეცას ამყვანებელი, უფალს მიაწვდინოს? შესძლებს კი ეს ბერი ხსნას იმ ადამიანებისას, რომლებიც, როგორც ამ ქალის სახეში ჩანს, თავად ვერ არჩევენ ცოდვა-მადლს ერთმანეთისაგან, სულ ხორცის განლაღებაზე ფიქრობენ, სული კი ავიწყდებათ? თითქოს ამის შესამოწმებლად ჩნდება პოემაში მწყემსი ქალის სახე, რომელიც ალეგორიული ხატია ამა სოფლისა. ამრიგად ბერი პირისპირ ხვდება მას, ვის გადარჩენაზეც ლოცულობდა წუთის წინათ და სულ მალე ვრწმუნდებით, რომ ჯვარი, რომელიც მან იტვირთა მისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა.

ზოგიერთი მეცნიერი ამ ნაწარმოების განხილვისას აღნიშნავს, თითქოს მწყემს ქალს რაღაც დიდი გამარჯვება მოეპოვებინოს. კიტა აბაშიძე წერს: „პოეტმა წარმოგვიდგინა სურათი სიცოცხლისა და ცხოვრების და მისი უარყოფის - ასკეტიზმის შეტაკებისა, რომელშიაც პირველი დარჩა გამარჯვებული.“ გურამ ასათიანის აზრით: „ქალის წრფელი თავდაჯერება ის ცხოვრებისმიერი ძალაა, რომელიც ქვას ქვაზე არ ტოვებს მწირის ასკეტური პრინციპებისაგანო“. ალეგორიულ აზრს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ ბერის ცდუნება და მისი დაღუპვა ასეთი მისასალმებელია? რა შეჰმატა ამ დაღუპვამ ვინმეს? ილიას ურჯულო მტრის მოკვლაც კი არ ახარებდა და მის სიყვარულს ქადაგებდა, რომ არაფერი ვთქვათ პირად მტერზე, რომლის შესახებაც ამბობს:

„რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

რა სიკეთე მოიმოქმედა ასეთი მწყემსმა ქალმა, რომ კრიტიკოსთა ამგვარი აღფრთოვანება დაიმსახურა? ბერს ხომ ბერის სამოსელი არ გაუხდია და ქალთან ერთად ქვეყნად არ დაბრუნებულა „ახალი ცხოვრების“ ასაშენებლად, რომ მატერიალისტური პოზიციიდან მაინც ერთი მუშახელის შემატება ახარებდეთ? ამ პოემის სიუჟეტში რომ რაიმე სასიკეთო და ავტორისათვის მოსაწონი ხდებოდეს, მის ეპილოგში ქარის ქშუილსა და ნადირის ღმუილს არ მოგვასმენინებდა ილია და ერთხელ მაინც გამოაჩენდა იმ „გამარჯვებულ“ მწყემს ქალსა და მის მიერ განსახიერებულ „ტკბილ“ ქვეყანას, რომელთა სახეებიც, როგორც მართლა „ეშმაკის მახისა“ და „ცდუნებისა“, თავიანთი ცოდვიანი მოვალეობის აღსრულების უმალ ქურდის, მპარავის მსგავსად ქრება პოემიდან. ამ ქალზე ისევე შეიძლება ვიხმაროთ სიტყვა „გამარჯვებული“, როგორც ზღვის ტალღებში დასახრჩობად განწირულ ადამიანზე, რომელმაც საშველად მისულიც ჩაიყოლია ზღვის ფსკერისაკენ და საკუთარ თავთან ერთად ისიც დაღუპა. მათეს სახარებაში (18,67) ვკითხულობთ: „ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიაითცა მომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური.“

მწყემსი ქალი ღვთის სახელის მოშველიებით ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენისათვის მიუღებელ აზრებს ქადაგებს, რომლებსაც მკვლევარი ლადო მინაშვილი წიგნში „ილია ჭავჭავაძე“, რატომღაც „პირველქმნილი ქრისტიანული რწმენის“ პოზიციას უწოდებს. ამ ქალს არავითარი კრძალვა არ ემჩნევა ღვთისადმი, რომელმაც ადამიანთა სულიერი სიკვდილისაგან გამოხსნისათვის თავად უცოდველმა „აღიხვნა ცოდვანი სოფლისანი“ და ამისათვის ხორციელი ვნებანიც დაითმინა. ქალი თავისი მიწიერი ფილოსოფიით სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას.

რატომ არის მწყემსი ქალი ასეთი მომხიბლველი გარეგნობისა? ზოგ მკითხველში ეს შეკითხვა ეჭვს ბადებს, მწერლის ერთგვარი სიმპატია ხომ არ ჩანს ამაში გმირის მიმართო. საკმაოდ ხატოვნად არის აღწერილი ილიას “გლახის ნაამბობის“ გმირის - დათიკოს გარეგნობაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც იმას, რომ იგი სულიერადაც ასეთივე ლამაზია და არც იმას, რომ მწერლისთვის მოსაწონია. „განდეგილის“ ბერს , რომელსაც უნდა დაეთრგუნა თავის თავში ხორციელისადმი სწრაფვა, სწორედ ასეთი ცდუნებისათვის უნდა გაეძლო, რომ სრულყოფილების კიბეზე ამაღლებულიყო. ლოცვით და მარხვით „ხორცუძლურქმნილი“ მისნაირი სახე, ბუნებრივია, მისთვის გამომცდელი ვერ იქნებოდა. ამიტომ უნდა მოვლენოდა სწორედ ისეთი, ხორციელად აყვავებული, მომხიბლველი და მომაჯადოვებელი ქალი, როგორიც პოემაშია წარმოჩენილი.

იმაზე, თუ რატომ აღწერა ასე ხატოვნად ილიამ ამ ქალის გარეგნობა, გარკვეულ წარმოდგენას მოგვცემს მისი ერთი დაუმთავრებელი მოთხრობის ეპიზოდი. როგორც ნაწარმოების პირველივე ფურცლებიდან გვიმხელს ავტორი, ეს გმირი მას ადამიანური სიწმინდის, სისპეტაკის, კეთილშობილების განსახიერებად ჰქონდა ჩაფიქრებული. მის შესახებ ავტორი გვეუბნება: „მე მის სახეს არ აგიწერ მკითხველო, იმისათვის, რომ საცა ლაპარაკია სულის სიღონეზედ და ადამიანობის ზნეობითს ძალზედა, იქ სახე შენთვის საჭირო არ არისო.“ როგორც ვხედავთ, როდესაც მწერალი სულიერ სიმაღლეზე მყოფ გმირებს აღწერს, იქ გარეგნობის დახასიათებას არ მიიჩნევს აუცილებლად. მწყემსი ქალის გარეგნობა კი ალბათ საპირისპირო მიზეზით აღწერა ასე ხატოვნად.

„ხშირია ხოლმე, როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნებაო“ , წერს ილია „კაცია, ადამიანში“. ამ გმირის სახეში რომ სწორედ ხორცის აყვავება უნდოდა ეჩვენებინა და არა სულის, იმიტომ არ დაიშურა მხატვრული ფერები და მეტაფორები მისი გარეგნობის აღწერისას თორემ, როგორც ცნობილია, პოემის პირველ ვარიანტში ბერის გარეგნულ სახეზე ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი. რაკიღა იგი პოემის პირველ ნაწილში სულის ზეობას განასახიერებდა, გარეგნობის აღწერა ზედმეტად მიიჩნია მწერალმა და პოემაში მხოლოდ მისი ერთ-ერთი პირველი მსმენელის თხოვნით დაუმატა შემდეგ. თუმც ამ გარეგნულ აღწერილობაშიაც კი გმირისა უფრო სულია წარმოჩენილი, ვიდრე ხორცი:

„სულის სიმაღლე ზედ დასჩნევოდა,
ზედ ეტყობოდა, რეომ სული მისი
სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.“

და სხვ. მწერალი იმიტომ აღწერდა ერთის მხოლოდ ფიზიკურ სილამაზეს და მეორეს სულიერს, რომ ეს ორი გმირი ამ ნიშნით არის პოემაში შეპირისპირებული, მაგრამ მთავარი კონტრასტი ხორცისა და სულისა მწყემსი ქალის გამოჩენის შემდეგ გადაინაცვლებს თვით ბერის სახეში, რასაც გვიდასტურებს არაერთი ადგილი პოემიდან:

„არა და არა! არ აიყრის მადლს,
და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,
არ ანაცვალებს და არ დაუთმობს
ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!“
„ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის
რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს
და მის შეწევნით მისვე წინაშე
ხორცზედ კვლავ ძლევა ისასწაულოს.“

მწყემსი ქალის სახე მწერლისათვის უფრო ერთგვარი საშუალებაა ბერის სულიერი წინააღმდეგობის და გარდატეხის წარმოსაჩენად. ამაში დავრწმუნდებით, თუ დავაკვირდებით ცეცხლის მხატვრულ სახეს, რომელიც ქალის გამოჩენამდე ბერის სენაკში მინავლებული იყო:

„...მხოლოდ კი ერთგან, ღველფად ქცეული,
ცეცხლი ჩამქრალი ფერფლქვეშე ჰჩნდოდა.“

ეს უნდა იყოს ბერის ის მდგომარეობა, რომლის სესახებაც იქვე ნათქვამია: „და ხორციელი გულისთქმა ყველა დამარხულა და განსვენებულა.“ საერთოდ ცეცხლი წმინდა წერილში ორი განსხვავებული იგავური მნიშვნელობით გვხვდება. სულ სხვაა ცეცხლი სულიწმინდისა, რომელიც ილიასთან ნახსენებია „გლახის ნაამბობის“ გმირის - მღვდლის სიტყვებში: „ყველას გულში...ღვთისაგან ანთებული ცეცხლი ანთია...“ და სულ სხვაა ცეცხლი გეენიისა. იგი სწორედ ცოდვასთან და ვნებასთან არის დაკავშირებული. ეს ცეცხლი იმავე მოთხრობაში ჩანს გაბრიელის სიტყვებში: „კაცისკვლა, რაც არ უნდა იყოს მაინც დიდი ცოდვაა...ეს მე ვიცოდი და ეს მიკიდებდა ცეცხლს და გულ-ღვიძლსა მწვავდა...“აი, ამგვარ ვნებათა ცეცხლი ჰქონდა ბერს გულში მინავლებული, ქალი კი კელიაში შესვლისთანავე ამ დანაცრებულ ცეცხლს მივარდა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით:

„სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსა
ფიცხლავ მივარდა დამზრალი, სველი,
ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლაპირს
და გაიწოდა სათბუნად ხელი.“

მაგრამ ამასაც არ დასჯერდა. იგი თითქოს უცებ გაბატონდა სენაკში - ბერს შეშა მოსთხოვა ცეცხლის დასანთებად და სამაგიეროს გადახდასაც კი დაჰპირდა: „ხვალ თუნდა მთელს ზურგს მე ამოგიტანო“. ამ ნათქვამშიც ჩანს ქალის არასულიერება. ბერს, რომელსაც მთელი ქვეყანა ჰქონდა დათმობილი იმ თავისი სიუხვითა და სილამაზით, განა გაჭირვებაში ჩავარდნილი მოყვასისათვის შეშა დაენანებოდა სანაცვლოს ამოტანას რომ არ დაჰპირებოდა? მაგრამ მწყემსმა ქლმა ამით თითქოს გზა მოუჭრა ბერის მხრივ უარის თქმას. მან ფაქტიურად წინასწარ უთხრა მას, რასაც იფიქრებდა ცეცხლის დანთებაზე უარი რომ მიეღო. ამით მან ერთხელ კიდევ მოადუნა განდეგილის სიფხიზლე ისევე, როგორც ქვემოდან ამოძახილით, რა დროს შეკითხვებიაო. ქალმა ბერს არ მისცა საშუალება, დაფიქრებულიყო, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ცეცხლის დანთებას. ამას კი აი, რა მოჰყვა:

„...რა გაძლიერდა, ცეცხლისა შუქმა
ბნელი სენაკი სინათლით მორთო.
ხოლო რა შუქი იმა ცეცხლისა
სტუმარს, იქ მჯდომარს, ზედ მიეფინა,
გასაოცარი რაღაც შვენება
განდეგილს თვალწინ წარმოედგინა...“

ამრიგად, ცეცხლი ის ხორციელი ვნებაა, ბერს რომ მინაცრებული ჰქონდა თავის სხეულში და სტუმარმა რომ დაჟინებით მოითხოვა მისი დანთება. ამიტომ არის განსაკუთრებული ხაზგასმით გამოყენებული იმავე ცეცხლის მხატვრული სახე ამ ქალის აღწერისას. იგი თვით ცეცხლია, იგი თვით ვნებაა:

„ეშხითა მფრქვევსა მის შავსა თვალებს
თვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა,
მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი,
ვითა ძლეული, უკუ-ჰკრთებოდა.“

ამრიგად, საბლოოდ რომ შევაჯამოთ ამ ქალის მხატვრული სახე, ასეთ დასკვნამდე მივალთ: იგი საწუთროს მეხოტბეა, მუდამ ფიქრობს ხორცზე და არა სულზე, წუთიერზე და არა მარადიულზე, რის გამოც წუთისოფლის ალეგორიულ სახედაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

იმ წუთისოფლის შესახებ, რომელსაც აქებს და განასახიერებს მწყემსი ქალი, ილიას არაერთ თხზულებაში გამოუხატავს თავისი დამოკიდებულება და იგი მეტწილად უარყოფითია. ერთ-ერთ ლექსში სათაურით „დამაკვირდი“ ვკითხულობთ:

„მადლმა სთქვა: წუთის სოფელში
ყოფნა ვაი რა ძნელია!
ძალი ჰძალოვნობს, ჰბატონობს,
მე გული გადამელია...

„ოთარაანთ ქვრივის“ ბოლო ეპიზოდში ავტორი წუთისოფელს „უთავბოლოს“ და „უსწორმასწოროს“ უწოდებს. მოთხრობაში „გლახის ნაამბობი“ კი გაბრიელს ათქმევინებს: „წუთის სოფელი იმიტომა ჰრქმევია, რომ ყველაფერი წუთობითა სცოდნია უბედურობის მეტი... დამაწაფა სოფელმა უკვდავების წყაროსა და ბოლოს შხამად ამომადინაო“, რასაც მოაყოლებს რუსთველის დაუვიწყარ სიტყვებს:

„მიმდომნი საწუთროსანი
მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრამ უმუხთლოდ
ბოლოს არ მოურჩებიან.“

ორი ბატონის მონობა არ შეიძლება. ადამიანი ან ცის მსასოებელი უნდა იყოს და ან მიწის. იაკობ მოციქულის ეპისტოლეში (4, 4) ვკითხულობთ: „ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღმრთისა. ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღმერთის მტრად იქცევა.“ მწყემსი ქალი კი არა მარტო თავად არის ამ სოფლის მოტრფიალე, არამედ ბერსაც აქეთკენ უბიძგებს.

ილია ჭავჭავაძის მთელი მხატვრული მემკვიდრეობა და პირადი ცხოვრება ცხადად წარმოაჩენს, რომ იგი ღვთის მსასოებელია და არა საწუთროსი. მან იცის, რომ მაშინაც კი, როცა ადამიანები უსამართლოდ დასძრახავენ და ცილს დასწამებენ, ზეციერ მსაჯულს სიმართლე არ დაემალება და ამიტომ ამბობს:

„თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენიო...“

პირველ რიგში ილია სულისაზე ზრუნავს და არა ხორცისაზე; ამაღლებულზე, მარადიულზე და არა იოლად ხელმისაწვდომზე და წარმავალზე. ამიტომ არ შეიძლება, რომ მწყემსი ქლის სახე ავტორის მხრივ იდეალიზირებული იყოს და მის შეხედულებებს გმოხატავდეს. გამოთქმულია აზრი, რომ: „მწირის სულში გაღვიძებული ლტოლვა ქალისადმი ილიას დახასიათებული აქვს...როგორც უაღრესად პოეტური, თავისებურად ამაღლებული განცდა.“ (იხ. გურამ ასათიანი, „საუკუნის პოეტები„, თბ, „მერანი“, 1988, გვ.168) ეს მოსაზრებაც ალბათ იმას ეყრდნობა პოეტმა ასეთი სიცხადით და დამაჯერებლობით რომ წარმოაჩინა ეს ეპიზოდი, მაგრამ განა ეს გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ილიას გულისთქმათა და ხორციელ ვნებათა განდიდება დავწამოთ?



ვაგრძელებთ:

„...იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი...“
პოემა „განდეგილის“ მთავარი გმირი ბეთლემის გამოქვაბულში განმარტოებული ბერია. თუმცა კრიტიკულ ლიტერატურაში ამის შესახებ მრავალი განსხვავებული აზრი არსებობს, პოემის ტექსტიდან გამომდინარე, მაინც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ასკეტური ცხოვრების გზა, რომელსაც ბერი ადგას, ზოგადად მიუწვდომელი არ არის. ბერის მისვლამდე აქ იყვნენ სახვა მამები, რომლებმაც ბოლომდე ღირსეულად ატარეს განდეგილური ცხოვრების მძიმე ჯვარი და თუ ბერმა ეს ვერ შესძლო, ამის მიზეზი მასში უნდა ვეძიოთ და არა ცხოვრებისაგან განდგომის შეუძლებლობაში, როგორც ამას ზოგი კრიტიკოსი წერს. დამაჯერებლად არც ის გვეჩვენება, თითქოს ბერის დაღუპვის მიზეზი კანონის გამკაცრება იყოს. (იხ. ფირუზ მეტრეველი, განდეგილის პრობლემატიკა, ჟურნ. „ღელიგია“ 1993, №2) პოემის იმ ეპიზოდში, სადაც მისი განდეგილური ცხოვრების წესია აღწერილი, მწერალი არცერთი მხატვრული ნიუანსით არ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას მისდამი. არც ის არის სადმე აღნიშნული, თითქოს ამ ბერს გამოქვაბულში მანამდე მცხოვრებ მამათა კანონი შეეცვალოს და გაემკაცრებინოს, არადა

მათ ხომ მიაღწიეს სულიერ ამაღლებას. ბერის ცხოვრების წესი რომ ღვთისათვის სათნო არ ყოფილიყო განა ნიშნად მადლისა სასწაულს მოუვლენდა? ჩვენი აზრით განდეგილის ცხოვრება იმ ეპიზოდამდე, როდესაც იგი მზის ჩასვლას ხარბად დააცქერდება, სრულიად სწორი გზით მიდიოდა და ამის დასტურია ის, რომ მზის სხივი იმ დღესაც, როგორც ჩანს, ჩვეულებრივ უჭერდა ლოცვანს.

დავაკვირდეთ პოემის ტექსტს იმ ეპიზოდიდან, სადაც იწყება ძირითადი სიუჟეტური ხაზი ანუ ამბავი, რომელიც თავს გადახდა ბერს ერთი ღამის განმავლობაში:

„ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი,
გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა
და დაფიქრებით გადმოჰყურებდა
მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.“

სიტყვები - „ლოცვით დაღლილი“ თითქოს ერთგვარად გვაფიქრებინებს, რომ ბერი ლოცვისაგან დასასვენებლად გამოვიდა სენაკის კართან და განსვენებას ხორციელი თვალის ტკბობით განიცდიდა. ესეც სიფხიზლის მოდუნებაა. ამის შემდეგ მწერალი ხატოვნად აღწერს ჩამავალი მზის სურათს და მის შემყურე განდეგილს. ბერი უყურებდა ამ სანახაობას, როგორც „უბიწო ხილვას“, „ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას.“ მას, როგორც ჩანს, არ ახსოვდა ღვთის გაფრთხილება: ფრთხილად იყავი, რომ „ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ...“ (II რჯული, 4,19) ამიტომ პოეტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ ხილვით განცვიფრებაში მოსული ბერი “წრტყვევნილ იქმნა“ ანუ ამ სიტყვის საბასეული განმარტება რომ მოვიშველიოთ, სრულიად დატყვევებულ იქმნა.“

წუთისოფლის მზეს, როგორც ჩანს, აქვს ერთგვარი ხიბლი. ალბათ ამიტომ თუ დასჭირდა დავით გურამიშვილს ხაზგასმით ეთქვა თავის პოემაში, ჭეშმარიტ მზეს, სიმართლის მზეს - ძე ღვთისას ამ ხილულ მზეზე - თინათინზე არ გავცვლი ანუ საწუთროს მარადიულ სასუფეველზეო:

„რა გინდ მე ასრე გავგიჟდე,
თავი ვახალო ტინზედა;
მხეცნი, ფრინველნი ვასერო
ჩემსა ხორცსა და ტვინზედა
ვგონებ არც მაშინ გავცვალო
იგი მზე თინათინზედა.“

მზისგან განდეგილის წარტყვევნას რომ ღრმა მნიშვნელობა აქვს და უბრალო აღწერილობითი დეტალი არ არის, ამას მოწმობს ის, რომ მწყემსი ქალის მონათხრობის მიხედვით ისიც ეს - წუთისოფლის მადიდებელი არსება, ისევე უყურებდა ამ სურათს, როგორც ბერი. ქალი და განდეგილი ერთნაირად დაატყვევა ჩამავალი მზის ხიბლმა. ქალი ამბობს:

„ლამაზი იყო ამ დღის საღამო,
რარიგ შვენოდა მზე დამავალი!
შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,
გავშტერდი, ვეღარ მოვსხლიტე თვალი.
ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული
მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა
და საკვირველი ის სანახავი
თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა.“

„თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისათვის... ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი“, - ამბობს მართალი იობი. ასე რომ, ამ ეპიზოდს მართლაც ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ქალის მხრივ, რომელიც ყველაფერს ხორციელი თვალით უყურებს და აფასებს, ბრწყინვალე მზით აღფრთოვანება გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ საამო საცქერალმა, როგორც ვნახეთ, წარტყვევნა თვით ბერიც. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ფრაზაში - „წარტყვევნულ იქმნა განყენებული“, ხაზგასმულია, რომ ხორციელმა თვალმა არა უბრალო ადამიანის, - განყენებული ბერის სულიერი სიფხიზლე მოადუნა. ეს ერთგვარი სამხილია ბერისა. აქედან იწყება მისი სულიერი დაღმასვლა.



მერე გავაგრძელებ


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
di_onise   ლიტერატურა   Jun 25 2007, 09:54 PM
k@the   თამარი_ცქნაფო მერე...   Jun 25 2007, 10:01 PM
ალექსანდრე   di_onise ჩემი აზრით თვი...   Jun 25 2007, 10:03 PM
di_onise   ალექსანდრე რატო კ...   Jun 25 2007, 10:11 PM
თამარი_ცქნაფო   მარიამ ნინიძე დაცა...   Jun 25 2007, 10:14 PM
k@the   di_onise ჩემი აზრით თვი...   Jun 25 2007, 10:14 PM
ალექსანდრე   di_onise მერე რა რამდენ...   Jun 25 2007, 10:17 PM
თამარი_ცქნაფო   გაგრძელება: კრიტიკ...   Jun 25 2007, 10:26 PM
di_onise   ალექსანდრე უფალი ...   Jun 25 2007, 10:36 PM
თამარი_ცქნაფო   di_onise ჯერ არ დამთავრე...   Jun 25 2007, 10:37 PM
di_onise   რაში?? დადე დადე :) დ...   Jun 25 2007, 10:54 PM
თამარი_ცქნაფო   რაში?? დადე დადე :) დ...   Jun 25 2007, 10:56 PM
ai gogoo   მე ვფიქრობ რომ,გან...   Jun 25 2007, 10:56 PM
xevsuri   მაგის დამწერ ამკრე...   Jun 26 2007, 03:47 AM
ninca   განდეგილის სულიერ...   Jun 26 2007, 08:56 PM
italieli-dato   განდეგილის სულიერ...   Jun 27 2007, 01:50 AM
თამარი_ცქნაფო   თქვენ არასწორად გ...   Jun 27 2007, 02:03 AM
თამარი_ცქნაფო   ვაგრძელებთ მარიამ ...   Jun 27 2007, 12:31 AM
ninca   "დაცარიელებული ბ...   Jun 27 2007, 12:49 AM
თამარი_ცქნაფო   "დაცარიელებული ბ...   Jun 27 2007, 12:55 AM
k@the   უი, ალხა ვწერდი პას...   Jun 27 2007, 02:13 AM
თამარი_ცქნაფო   ბევრს კი არა და მარ...   Jun 27 2007, 02:19 AM
di_onise   თამარი_ცქნაფო :მპუ...   Jun 27 2007, 11:30 AM
თამარი_ცქნაფო   di_onise მზად არ იყო, ჩემ...   Jun 27 2007, 11:57 AM
თამარი_ცქნაფო   ვაგრძელებთ, მაგრამ...   Jun 28 2007, 12:47 AM
k@the   თამარი_ცქნაფო სად ...   Jun 28 2007, 01:12 AM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო სად ...   Jun 28 2007, 02:47 AM
maZiebeli   როგორც ვიცი, იაკობ...   Jun 28 2007, 01:15 AM
ლეონტი   ქენი მადლი და ერთი-2...   Jun 28 2007, 11:50 AM
di_onise   მეტი არავინ?? თამარ...   Jun 28 2007, 05:35 PM
თამარი_ცქნაფო   მეტი არავინ?? თამა...   Jun 29 2007, 12:56 AM
maZiebeli   უცნობ კაცს არ დაეჯ...   Jun 28 2007, 11:30 PM
di_onise   თამარი_ცქნაფო :lol: ვ...   Jun 29 2007, 01:50 AM
sofi89   გეთანხმები თამო. ვ...   Dec 30 2007, 02:39 PM
marine   რამდენად სწორად შე...   Jun 11 2016, 11:21 PM
marine   "ამ მშვიდ, ჩუმ, მდა...   Jun 16 2016, 01:00 PM
marine   "საერთოდ, სულიერა...   Dec 20 2016, 09:13 PM
marine   "ლევან გოთუა კომუ...   Dec 26 2017, 09:45 AM
marine   "მწერალი არის არს...   Jan 2 2018, 10:56 AM
marine   "მწერალი ადამიან...   Jan 2 2018, 11:10 AM
marine   "მწერალს, სიტყვის...   Jan 3 2018, 03:46 PM
marine   "გორში სოფელ ვარი...   Sep 27 2018, 02:32 PM
marine   "მიხეილ ჯავახიშვ...   Sep 30 2018, 02:16 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 02:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი