IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლიტერატურა, ...
di_onise
პოსტი Jun 25 2007, 09:54 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



მემგონი საინტერესოა...
თუ არ ჩათვლით საჭიროთ წაშალეთ მაშინ smile.gif
მაინტერესებს თქვენი აზრი სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარნოებებზე, მაგალითად განდეგილით დავიწყოთ smile.gif
როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია განდეგილის მდგომარეობა?? რწმენის ნაკლებობამ თუ ადამიანურმა სისუსტეებმა?
ჩემი აზრით მან არ იცოდა თუ რა უნდოდა, ბერობა თუ საერო ხალხთან ცხოვრება

—„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა

ესეთი მერგო მე... უბედურსა...”

სხვებსაც მივამატებ მერე

თქვენი აზრი მაინტერესებს... smile.gif




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 27 2007, 12:31 AM
პოსტი #42


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ვაგრძელებთ მარიამ ნინიძის გამოკვლევას:
მარიამ ნინიძე
დაცარიელებული ბეთლემი
(წმიდა ილია მართლის პოემა „განდეგილის“ შესახებ)


„მთაი მდუმარი...“
„განდეგილის“ მიმომხილველები პოემის მხატვრულ სახეთა ახსნის მიზნით ხშირად მიმართავენ ხოლმე „მყინვარის“ მხატვრულ სახეზე დაკვირვებას „აჩრდილისა“ და „მგზავრის წერილების“ შესაბამის სახეებთან შეპირისპირების გზით. ამის შედაგად ისინი განსხვავებულ დასკვნებამდე მიდიან, მაგრამ თვით პრინციპი, რომ ესა თუ ის მნიშვნელოვანი მხატვრული სახე მთელი შემოქმედების ფონზე უნდა იქნას განხილული, თავისთავად სწორად მიგვაჩნია.

დავაკვირდეთ მყინვარის სახეს თავდაპირველად მოთხრობაში „მგზავრის წერილები“: „დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭისოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალ შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილს თავსა. ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე ზედ დაჰნათოდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულს სახეს განუცვიფრებიაო.“ მყინვარის ეს აღწერილობა სავსებით შეესაბამება „აჩრდილის“ შესავალში წარმოჩენილ მის სურათს:

„აღმოჩნდა მთების ზემოდ მყინვარი
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,
იგივ დიდებულ და დადუმებულ.“

მყინვარის ასეთსავე სურათს ვხედავთ „განდეგილის“ შესავალშიც:

„სადაც დიდებულ მთასა მყინვარსა
ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,
სად წვიმა-თოვლნი ყინულად ქმნილნი
მზისგან აროდეს არა ჰდნებიან...“

ამ სამი სურათიდან ვიგებთ, რომ მყინვარი დიდებული, დიადი, თეთრი, მყუდრო და აუმღვრეველია. მას ცა ქუდად აქვს და დედამიწა ქალამნად. ცისა და ქვეყნის შუა არის დაკიდული, თითქოს მათი დამაკავშირებელია - ადამიანის ზეცასთან მიმაახლოვებელი. მაგრამ სამივეგან მყინვარის აღწერაში შემოდის ერთგვარი კონტრასტული ელფერი. „აჩრდილში“ ნათქვამია:

„ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად
ცის გასარღვევად აღმოზიდულა,
მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად
თითქო განგებით შეყენებულა.“

ესე იგი მყინვარს, რომელიც ცის გასარღვევად იყო ქვესკნელიდან ამოზიდული, არსებითი გარდატეხა განუცდია - მისი სრბოლა ცისკენ შეყენებულა. მას შემდეგ, რაც მაცხოვარმა თავისი სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა, მართალ ადამიანებს გზა გაეხსნათ ჯოჯოხეთიდან ზეცისაკენ, მაგრამ სასუფეველი იოლად არ მოიპოვება. მის დასამკვიდრებლად ამქვეყნიურ ცხოვრებაში დიდი ძალისხმევაა საჭირო. იგი, როგორც წმინდა წერილში წერია, „იიძულების“. პოემიდან ჩანს, რომ მყინვარს, რომელიც ცის გასარღვევად, ადამიანთა ასამაღლებლად და ზეცას „ამყვანებლად“ იყო ქვესკნელიდან აღმოზიდული, ანუ განასახიერებდა უფლისკენ მიმავალ გზას, ეს ფუნქცია დაუკარგავს. ამით არის გამოწვეული ის, რომ მზის სხივის დანათებაზე:

„ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი
დასცქერის რისხვით და მუქარებით, -
თითქო ელისო განკითხვის დღესა,
რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
ხმელეთს დაეცეს, მერმედ ქვესკნელსა,
თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს.“

იგივე აზრი უნდა იყოს ჩადებული განდეგილის სიუჟეტურ განვითარებაში. ეს ჩანს შემდეგი სტროფებიდან:

„განსულან ამა ქვეყნით მამანი
და ტაძარი ღვთის გაუქმებულა...“
„აწ შორის ნანგრევთ და ნატამალთა
მარტო ქარიღა დადის და ქშუის
და გამომფრთხალი ჭექა-ქუხილით
მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის.“

„აჩრდილშიც“ აშკარად ჩანს, რომ მყინვარი სხვაგვარი იყო და სხვაგვარი გახდა - რომ მისი წარსული და აწმყო კონტრასტულად უპირისპირდება ერთმანეთს. რისი სახე უნდა იყოს ეს მყინვარი თუ არა საქართველოსი, რადგან აქ სუფევს მისი თანამდევი უკვდავი სული; რისი სახე უნდა იყოს დაცარიელებული, მიტოვებული, გაუქმებული ტაძარი - „ბეთლემი“ თუ არა ქართველთა სულიერად დაცლილი დღევანდელობისა, რომელიც იმავე „აჩრდილში“ სწორედ გაუქმებულ ტაძართან არი შედარებული:

„და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა...
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული...“

ამ ორი პოემის მხატვრულ სახეებში ჩადებულ ღრმა შინაარსს თუ გავიაზრებთ, სულ სხვაგვარად აღვიქვამთ მოთხრობა „მგზავრის წერილებში“ პოემების მსგავსად, მყინვარის დიდებულების აღწერის შემდეგ მისდამი წაყენებულ ბრალდება-საყვედურებს. ყურადღება მივაქციოთ, რომ მოთხრობაშიც, ისევე, როგორც „აჩრდილში“ პოეტი ფიზიკურად უყურებს მყინვარს - ე.ი, უყურებს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალით. ფიზიკურად იგი ხედავს მის გარეგნულ სიდიადეს, სულიერად კი ჭვრეტს იმას, რომ მისი სრბოლა ცისკენ შეჩერებულია, მთავარი ფუნქცია ცასთან დაახლოვებისა, დაკარგული აქვს. ამრიგად ყველა საყვედური მიემართება დღევანდელ მყინვარს: „მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, - ერთი სიტყვით მყინვარია. მყინვარი მთელის თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაძედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა.“ მყინვარი „უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა. ცივია - როგორც უკვდავება და ჩუმია, როგორც განცხრომა. არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა.“ „არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიაო! რად მინდა მისი სიმაღლე თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. არა, არ მიყვარს მყინვარი.“

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს საყვედურები? რით აიხსნება, რა აზრია მათში ჩადებული? იქნებ „ცივია“ იმიტომ, რომ სიცოცხლის არსისაგან დაცლილია, „თეთრია“ იმიტომ, რომ ყინულის სუდარა აქვს გადაფარებული, „ყინულოვანია“ იმიტომ, რომ სინანულის ცრემლი აღარ ადნობს ამ ყინულებს. „არ მაღელვებს“ იმიტომ, რომ მოჩვენებითია, „მაციებს და არ მათბობს“ იმიტომ, რომ თავად ცივია. „საკვირველია“ იმიტომ , რომ გარეგნულად დიდებულია, მაგრამ „შესაყვარებელი არ არის“ იმიტომ, რომ ღვთიური მადლისაგან დაცლილია. „შუბლზედ ძარღვი არ აუტოკდება, განზედ გამდგარია და „მიუკარებელია“ იმიტომ, რომ დღევანდელი ადამიანისათვის მიუწვდომელია. ღვთის ღირსის გარდა სხვა ვერ შეჰბედავს, ღვთის ღირსობა კი ყველას დაკარგული აქვს.

სამჯერ ამბობს ილია: „არა, მყინვარი არ მიყვარს“, „არა, მყინვარი არ მიყვარს“, „არა, არ მიყვარს მყინვარიო“, თითქოს თავის თავსვე ეკამათება და ძალათი აჯერებს ამ უცნეურ სათქმელს, რომლის დაჯერება მართლა ძნელია. არ მიყვარსო ამბობს იმ თვალწარმტაც, მომხიბლველ სიმაღლეზე, სისპეტაკესა და სითეთრეზე, რომელიც მეტად ბრწყინვალე ვარსკვლავსაც კი აოგნებს, და ამბობს იმიტომ, რომ ხედავს, ეს ყველაფერი შინაარსისაგან დაცლილი გარეგანი ბრწყინვალებაა, გარეგნი სიდიადე, რომლითაც არ უნდა მოიხიბლო. საოცარი მხატვრული დატვირთვა აქვს მწერლის ამ სიტყვებს. მყინვარი ზოგადად საქართველოს წარსულისა და აწმყოს ერთიანი სახე უნდა იყოს, მაგრამ მყინვარი, რომელსაც პოეტი უყურებს და მიმართავს განხილულ ნაწარმოებებში, რა თქმა უნდა, მის დღევანდელობას განასახიერებს. გარეგანი დიდებულება მას წარსულიდან აქვს, მაგრამ აწმყოში ამ დიდებულების მხოლოდ აჩრდილადღაა ქცეული.

ამ მხატვრული სახის აღსაქმელად დაგვეხმარება ილია ჭავჭავაძის სტატია „მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძის ჯამბაკურიან ორბელიანისა.“ ეს იყო ადამიანი, რომელსაც ილიას თქმით, სამშობლოს სიყვარულის გზიდან არასოდეს გადაუხვევია და რომელიც იყო უაღრესად ერთგული მისი წარსული სიდიადისა. ილიას მოჰყავს პოეტის ციტატა ლექსიდან „ძველი დმანისი“, სადაც ლირიკული გმირი დგას დმანისის დანგრეული ციხის, კოშკის და ტაძრის - „მამა-პაპათა ისტორიის წმინდა რვეულთა“ წინაშე და ამბობს:

„ვდგავარ თქვენს წინა თავმოხრილი, ფიქრით მოცული,
ვდგავარ და ფიქრში მიახლდება, რაც არს წარსული;
მაგრამ რისთვისა და რად მინდა მის მოგონება,
რაც რომ ყოფილა, წარსულა და აღარ იქნება,
რაც ფიქრს აწუხებს, გულს აკვნესებს და სულსა სტანჯავს,
რაც რომ მდიდარსა ფანტაზიას და ზღაპარსა ჰგავს?!..
განჰქრი დმანისო და დაინთქე უფსკრულსა შინა,
ჩემს სატანჯველად რომ არ იდგე ჩემს თვალთა წინა!“

ციტირებულ ლექსს ილია ასეთ კომენტარს უკეთებს: „ჩვენს მგოსანს უყვარს წარსულის დიდების ამბები, უყვარს, მაგრამ რაკი ჰხედავს, რომ ის დიდება აღარ არის და მის სანაცვლოდ წარმომდგარა ახალი შენობა, რომლის კირსა და ქვას, ვით სუსტს ასულს, არც ძალა აქვს და არც ღონე“, გულამოსკვნით მოთქვამს:

„მაგრამ რად გვინდა მის ამბვი, რაც არს აღარა,
რაც თვალთ წინა გვაქვს, გულსაკლავად ისიცა კმარა.“

ამ ბოლო სიტყვებს ილია ასე განგვიმარტავს, ქვეყანას გარდახდენილი ჭირი და ვაივაგლახი, „როგორც უკვე გარდასული ამბავი, ისე არა სწვავს ადამიანის გულს, როგორც გარდასული ბედნიერება და დაკარგული დიდება. იმ იმედის გარდასვლას და დაკარგვას იმ უმწვერვალეს ტკივილამდე მიჰყავს ჩვენი პოეტი, როცა ყოველივე გრძნობა დუმდება, სასოებას ადგილი აღარა აქვს და საცა მარტო სასოწარკვეთილებაღა ჰღაღადებს თავის საშინელის ზარითა.“

მყინვარი, რომელსაც ილია შეჰყურებს, ფაქტიურად ასევე „არს აღარა“, ასევე „ფანტაზია“ და „ზღაპარია“, რადგან შინაგანად, სულიერად დანგრეულია. ამიტომ ვახტანგ ორბელიანის მსგვსად, რომელიც თავის საყვარელ დმანისს შესძახებს: „განჰქრი, დაინთქე უფსკრულსა შინაო“, ილიაც სამგზის ამოიძახებს: „არა, მყინვარი არ მიყვარსო.

ილიას არ უყვარს მყინვარის მოჩვენებითი და მაცდუნებელი სიდიადე, რომელიც რეალური შინაარსისაგან დაცლილია. “შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღლის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიაჩნდა კეთილად და რა კეთილი - ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს...“ წერდა ილია სტატიაში „ერი და ისტორია“ 1888 წელს. მართალია, ერის დიდი წინაპარი ნამდვილად იდგა მყინვარის სიმაღლეზე, მაგრამ შემდგომმა თაობებმა ის სიმაღლეები დაკარგა, მომავალს კი პირდაპირ წარსულზე ვერ დააშენებ. ნამდვილი მამულიშვილი თავს არ იტყვილებს მიუღწეველი ოცნებებით და ცდილობს რეალურად რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი, ის დაისახოს ამოცანად. ამის დანახვაში კი მას ეხმარება ისტორიული გამოცდილება. „რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე. ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ, მაშინ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი და თუ ასეა - რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?“ „ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირვს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი...“ ვკითხულობთ იმავე სტატიაში, როგორც ვხედავთ, ილია ერის წარსულის ხსოვნას აუცილებლად მიიჩნევს, მაგრამ იმ წარსულს უნდა ჰქონდეს კავშირი აწმყოსთან. ამის შესახებ იქვე წერია: „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია...“ იმისთანა ერს, რომელსაც ჰქონია ისტორია და დაუვიწყია, არა აქვს „მკვიდრად მოკიდებული ფეხი არსებობისათვის საჭიდაოდ, იმიტომ, რომ, რა იყო - ის დავიწყებული აქვს და, მაშასადამე, რა არის - არც ის იცის. არ იცის რა გაიმაგროს, რისთვის გაიწიროს თავი, რას გამოესარჩლოს და რას არა. ფეხ-ქვეშ გამოცლილი აქვს ის მაგარი მიწა, იგი ტანი თავის ვინაობისა, რომელსაც ისტორია შეადუღებს ხოლმე მამა-პაპათა ნაღვაწ-ნამოქმედარისაგან საშვილიშვილოდ ფეხმოსაკიდებლად და მოსამაგრებლად. იგი დიდება, იგი სახელი, რომელსაც ამისთანა ერი შეინარჩუნებს ხოლმე წარსულისაგან თავის გულში, თავის სამღერალსა და საგალობელში, თავის ზღაპრებსა და მოთხრობებსი, მართალია ბევრს ანუგეშებს ხოლმე ჭირსა და ლხინში, მაგრამ, რაც დრო მიდის, ეგ ნუგეშიც, ისტორიის დავიწყებასთან ერთად, ნელდება და თანდათან ჰქრება, იმიტომ, რომ სამღერალსა და საგალობელში, ზღაპრებსა და მოთხრობებში ჩარჩენილნი სახსოვარნი, ისტორიის დავიწყების გამო მართალს აღარა ჰგვანან და უაზრო და უსაგნო ზღაპრებადღა გარდაიქცევიან, როგორც მთქმელის, აგრეთვე გამგონის თვალშიაც. ამის გამო ამ სახსოვარში ის ცეცხლმოსაკიდებელი ძალღონე აღარ არის, რომელიც კაცს ააფეთქებს ხოლმე მოქმედებისა და გარჯისათვის, და რაკი ეს არ არის, ყოველი ეს განძი და საუნჯეც კი წარსულისაგან გადმოლოცვილი, ამაოა და ფუჭი ერის გამხნევებისათვის, ერის დღეგრძელობისათვის.“ აი. ასეთ ამაოდ ქცეულ განძად არის ქართველთათვის ქცეული ის მყინვარი, რომელიც თავისთავად დიდებულების განსახიერებაა, მაგრამ აწმყოში დაცლილია შინაარსისაგან.

„...მეც წარტყვევნილვარ წარსულ დღეთა შენთა ნატვრითა...“

ამბობს პოემა „აჩრდილში“ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული და ამგვარი ფიქრი მართლაც წარტყვევნაა, ამაოა თუ მას არ ახლავს რეალობის შეგრძნება და ფიქრი მომავალზე, მაგრამ აქ ეს ყველაფერი სრულყოფილად არის. „აჩრდილში“ და „განდეგილში“ მწერლის მიერ დასახული მიზანი ერთნაირია - ერის ამაღლება „მცნების ნათლით“ და დაცარიელებული ბეთლემის გამოცოცხლება.

ვახტანგ ორბელიანისადმი მიძღვნილი ილიასეული სტატია იმის ახსნაშიც დაგვეხმარება, თუ რას ნუშნავს მყინვარის კატეგორიული დუმილი - „იგივ მდუმარი“, როგორც „აჩრდილშია“ ნათქვამი. დუმილს იწვევს ხოლმე დაცემის შემდეგ სასოების დაკარგვა და უიმედობა. აი, რას ვკითხულობთ ამ სტატიაში: „...მეთვრამეტე საუკუნის თავზარმა და მეცხრამეტის პირველი წლების წეწვა-გლეჯამ საქართველოს ერი მოჰღალა, ქანცი გაუწყვიტა, თავისთავის იმედიც კი დააკარგვინა და, რასაკვირველია, რომ როცა შემთხვევა მიეცა, ერმა თავი თითქო მოსვენებას მისცა და თითქმის ხმაამოუღებლივ დაემორჩილა ახლად მოვლინებულ სვე-ბედსა... თვითვეული ცალკე კაცი და მთელი საზოგადოება საერთოდ თავბრუდასხმულსავით გარინდებული იყო და საქვეყნოდ ხალისი, არცა ღონე არ გამოუჩენია არც უკან მიხედვისათვის, არც წინ დანახვისათვისა, თითქო დიდი ნისლი მოხვევიათ და ელიან, აცა გადიყრისო.“ აი, ამ ნისლით დაბურულს ვხედავთ სწორედ მყინვარსაც:

„ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი,
ნისლში შთაცვივდნენ მთანი და ველნი...

საერთოდ, არა მარტო მყინვარის, ზოგადად მთის სახეს ილიას შემოქმედებაში მსგავსი ალეგორიული მნიშვნელობა აქვს - აწმყოში დაცარიელებული წარსული სულიერი სიმაღლეებისა. მყინვარის დუმილის მსგავსი მხატვრული აზრით უნდა იყოს დატვირთული მათი დუმილიც ან მწუხარე ბანი. ლექსს მეფანტურე ლეიტმოტივად გაჰყვება ასეთი სიტყვები:

„მაგრამ მხოლოდ მთა, ნაღვლით მზირალი, მას ყურს უგდებდა
და ჩამაფიქრველ, მწუხარე ხმით ბანს გამოსცემდა.“

რატომ უსმენდა მეფანტურეს მხოლოდ ეს ნაღვლით მზირალი მთა ან რას ნიშნავს მისი მწუხარე ბანი თუ არა იმას, რომ ბრმა მომღერალი სწორედ მათ ამბავს, მათი წარსული სიდიადის ისტორიას ყვება დ ისინი თავიანთი ბანით უმოწმებენ. ამ მთის აწმყო ისე აღარ ჰგავს მის წარსულს, ისეა ქვეყანა გამოცვლილი, რომ მეფანტურეს თავადვე ახარებს მისი სიბრმავე და ამბობს:

„აწ მიხარის, რომე თვალნი
აწმყოსათვის ჩემნი ჩაქრენ.“

ასევე ჩამქრალი უნდა იყო აწმყოსათვის იმ მთის „თვალებიც“, რომლებიც ნაღვლით იმზირებიან, მაგრამ არ კი ჩანს, რომ რაიმეს ხედავდნენ.

ასევე „მთაი მდუმარი“ ისმენს ალაზნის ბუტბუტს პოემაში „რამდენიმე სურათი...“

„მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარი
დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა.“

წარსულიდან მომდინარე ალაზანი კი, როგორც ლექსიდან „ალაზანს“ ჩანს, სწორედ მთის ცრემლით ყოფილა შემდგარი, იმ ძველი, ადრინდელი მთისა, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა დაკარგული უნარი ცრემლთა დენისა. ამიტომ პოეტი ტკბილი წარსულის მოგონებას სწორედ ამ წყლის ტალღებში ეძებს და ამბობს:

„მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!..
დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩემს წარსულს...“

„რაც კი არს ჩემს წინ, მომაგონებს მას, რაც დავკარგეო“, ეუბნება პოეტი ალაზანს და აშკარაა, რომ იგივე გულისტკივილი იგულისხმება დიადი მთების დანახვისასაც.

მთის ცრემლებზე განსაკუთრებით თბილი და მონატრებით აღსავსე მოგონებაა ლექსში „ქართვლის დედას“:

„ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...“

მთების სიდიადე ხატოვნად არის აღწერილი „ყვარლის მთებშიც“. ნიშანდობლივია, რომ უცხოეთში მიმავალი პოეტი სწორედ მთებს ემშვიდობება, როგორც მშობლიურის და მოსანატრებელის განსახიერებას, მაგრამ აქაც ვხედავთ სახეს დღევანდელი და არა ადრინდელი მთისას, რომლის სიდიადე, მართალია ყმაწვილ პოეტს „კანკალს“ და „ჟრჟოლას“ ჰგვრიდა, მაგრამ მოკლებული იყო უნარს - ნუგეში ეცა ლირიკული გმირისათვის. აი, როგორ მიმართავს მას პოეტი:

„თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,
როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს.“

მთის სახე რომ აწმყოში ერთგვარად ილუზორული და მოჩვენებითია, ამაზე მიგვანიშნებს ისიც, რომ ილიას არაერთ ნაწარმოებში ვხვდებით მათ არა რეალურ სახეს, არამედ სიზმრისეულ ჩვენებას ან აჩრდილს. ლექსში „სიზმარი“ ვკითხულობთ:

„მესიზმრა მშობელ ხვევნა მსურდა მთის
ქვეყნის მთა-ბარი; ჩემ ძველ ნაცნობის...“

მაგრამ ეს სიზმარია...

მეორე ლექსში „ელეგია“ პოეტი ამბობს:

„ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება.“

როგორც ვხედავთ, აქაც „ძილი“ და კვლავ „ჩრდილია“, რადგან სულიერად მიძინებულ ქვეყანას დიადი მთების მხოლოდ ჩრდილი თუ შეეფერება. მათ რეალურ სახეს კი, უნდა ვიფიქროთ, ვიხილავთ, როცა ქვეყანა გაიღვიძებს. ასეა პოემა „აჩრდილის“ ეპილოგში:

„მცირეს ხანს შემდეგ გადიწმინდა ცა,
გგამოიღიმა ნათლად მთამაცა...“

პოემის „რამდენიმე სურათი...“ შესავალშიც - არა მთებს, არამედ მთების ჩრდილს ვხედავთ:

„სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი
მწუხრის ზეწარი გადაეფარა
და მთვარის შუქზე მთებისა ჩრდილი
ალაზნის ველზედ წამოიხარა.“

არსებითად იმავე ჩრდილზეა ლაპარაკი ლექსში „ქართვლის დედას“:

„გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.“

ლექსში „სიზმარი“ ილია თავად განგვიმარტავს, რომ რეალობასა და ჩრდილს შორის დიდი ზღვარია. იგი წერს:

„განა ყვავილის
ჩრდილი თვით ყვავილს
რითმე ედრების?“

მაგრამ აქაც მხოლოდ ყვავილზე არ არის საუბარი. ამ „ჩრდილებისაგან“ თავის დაღწევა, მათი კვლავ რეალობად ქცევა შეიძლება ერთი გზით - შევწყვიტოთ უნდა ტირილი იმაზე, რაც დამარხულა და დაკარგულა და შევხედოთ მომავალს. წარსულის დავიწყება ცუდია, მაგრამ წარსულით ცხოვრებაც არ შეიძლება. საჭიროა, რომ ობიექტურად იქნას შეფასებული აწმყო და მასზე დაშენდეს მომავალი. სიმართლეს თვალებში უნდა შეხედო, აღიარო, რომ არა ხარ აწმყოში ის, რაც ოდესმე ყოფილხარ. ასე უფრო შესძლებ კვლავ მოპოვებას იმ სიმაღლეებისას. ჩვენი წარსული სიდიადე სარწმუნოებაზე იყო დაფუძნებული და მომავლის შენებაც მისი აღორძინებით უნდა იქნას დაწყებული. ლექსში „ქართვლის დედას“ ვკითხულობთ:

„აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას...“

არსებითად იგივე აზრია გატარებული „აჩრდილშიც“.

მომავლის ბედს წარსული ვერ განსაზღვრავს, იგი აწმყომ უნდა გადაწყვიტოს. „მეფე დიმიტრი თავდადებულის“ შესავალში ბრმა მეფანტურე ახალგაზრდებს მიმართავს:

„რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით...
ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც
გზად და ხიდად გავედებით.“

ილიას თხზულებებში მთის სახის მხატვრულ დატვირთვას კარგად შენიშნავს ვახტანგ კოტეტიშვილი: „ეს მთები უბრალო გეოგრაფიული ნიშანი კი არ არის, არამედ მისი (პოეტის) პატრიოტული განცდების შესაკრები პუნქტია, საქართველოს ერთგვარი სიმბოლოო“, წერს იგი. (იხ. ქარტული ლიტერატურის ისტორია, XIX ს. თბ. 1959, გვ.354) „აჩრდილის ადრეულ ვარიანტში საინტერესოდ იყო ამ მთებთან დაპირისპირებული „ველის“ მხატვრული სახე. საქართველოს, რომელსაც აწმყოში რეალურად დაკარგული ჰქონდა სიმაღლე მთისა, პოეტი დაჟინებით „ველს“ უწოდებს:

„ველო, შენს თავზედ იყო მრავალი
ქუხილი, ტეხა, ბედისა გმობა...“
„ველო, გქონია შენც დრო კეთილი...“
„მშვენიერ ველო! შენზედ გაზდილ ხალხს
სად წაუღია, სად დაუმარხავს
იგი სიკეთე, იგი დიდება...“

პოემის იმავე რედაქციაში ამ მიმართვას ენაცვლება სიტყვები: „ტკბილო ქვეყანავ!“ ბოლო რედაქციაში კი მიმართვა უფრო კონკრეტიზირებულია: „საქართველოვ“, „ქართვლის სამკვიდროვ“ და „ქართლო“.

საყურადღებოა, რომ „აჩრდილის“ ადრეულ რედაქციაში „მთისა“ და „ველის“ სახეებს უპირისპირდება „კლდისა“ და „ხევის“ ალეგორიებიც. ნაწარმოებში „ველზე“ მცხოვრები ადამიანების შესახებ ვკითხულობთ:

„ვხედავ, მიადგნენ საშინელ კლდესა
წინა შედგა და შთახედა ხევსა,
და, რა იხილა საშინელება,
ისურვა მსწრაფლვე გამობრუნება,
მაგრამ უკანამ შურით ხელი ჰკრა
და წინა კაცი თვალთაგან გაქრა...“

ძმის დამღუპველსაც იგივე ბედი ეწია, მაგრამ ამჯერად სხვისგან:

„შურმა აღუნთო ამასაც გული
და როგორც ლომი, დამშიებული,
თავის ძმას ეცა და ორნივ ერთად
მაგრად ჩაკრულნი იმ საშინელ ხევს
შურისა გამო მიეცნენ სხვერპლათ!...“

იმ ალეგორიის შინაარსი, რაც „აჩრდილის“ ამ ვარიანტში ჰქონდა მწერალს, მოგვიანებით პირდაპირ გამოთქვა ლექსში „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით...“ და ერთ პუბლიცისტურ წერილშიც: „თუ ოდესმე ან გული შეგვივარდება რაზედმე, ან ხელს გავანძრევთ როგორმე, ეგეც იმისთვის მოხდება ხოლმე, რომ ჩვენს მოძმეს გზა გადავუღობოთ, ორმო გავუთხაროთ და კლდეზე გადავჩეხოთ ხოლმე... უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგვდის! ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად... ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო...“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის რა...“ ეს განსაცდელი, ეს კლდე, ხევი და თხრილი ამაოებათა სიღრმეა, ცოდვის უფსკრულია, სულიერი დაცემაა. მისი სიახლოვე გაელვების სახით ასევე ჩანს ლექსში „მწუხარება“:

„ესე უწყალოდ, გაწირული და დაშთომილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცისქვეშ დიდ კლდისა პირსა...“

თითოეული ამ მხატვრული სახის ურთიერთშეჯერებით მკაფიოდ იკვეთება ის აზრი, რომ ამ საშიშროების, ამ განსაცდელის წინაშე მდგომმა რაღაც უნდა იზრუნოს, რომ საფრთხეს გადაურჩეს. პირველ რიგში კი, ალბათ, უნდა გააცნობიეროს თვით საშიშროება, რომელიც ყველაზე მძაფრად ასახულია ლექსში “სიზმარი“ „ბნელი უფსკრულის“ სახით. სულიერი განწმენდის თითოეული ნაბიჯი ამ უფსკრულისაგან მოშორების მცდელობაა და ვინც ამ გზას ადგას, უფალი შეეწევა მას, როგორც წმინდა სამებისადმი აღსავლენ დილის ლოცვებში წერია: „უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარეთ“ აღგვადგენს „აღმსთობად და დიდებისმეტყველებად“ ძალსა თვისსა.

ეხლა დავუბრუნდეთ „მგზავრის წერილებს“ და გავიხსენოთ, რამ მოიტანა მოთხრობაში „მყინვარზე საუბარი და რა უსწრებდა მას წინ. რუსეთიდან სამშობლოსაკენ მომავალი პოეტი გზაში ხედავს უცხო მიწაზე „ნათრევ ლომს“ დამსგავსებულ თერგს და აღეძვრება ფიქრები მის მიერ ასევე უცხოეთში გატარებული ოთხი წელიწადის შესახებ - როგორი გახდა ის თავად „უცხო ნიადაგზედ გადარგული“, ხომ არ დაავიწყდა მშობლის ენა და გასაჭირი; რა გამოვა მისგან - „ბრწყინვალე მტევანი“ თუ „ძაღლყურძენა“? შესძლებს იგი თავისი უპირველესი ადამიანური ვალის - მამულის სამსახურის პირნათლად აღსრულებას? შესძლებს, რომ გულნატკენი, მტირალი, მგლოვიარე, დავრდომილი, უნუგეშო მისი ქვეყანა ფეხზე წამოაყენოს? ამ განცდებშია პოეტი და თან ეშინია, რომ ეს ამაღლებული ფიქრები მარტო ფიქრებად არ დარჩეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, და თავის თავს უსვამს კითხვას - ფიქრი კი, მაგრამ ჩემმა ქვეყანამ საქმე რომ მომთხოვოს, რეალურად რა უნდა ვქნაო. ამ ეპიზოდს ცვლის შეხვედრა რუს ოფიცერთან, რომელიც მთხრობელის თვალწინ დახატავს საქართველოს მომავლის მისეულ გეგმას. ასე შეეჯახება ერთმანეთს პოეტის ფიქრები სამშობლოს გულისტკივილის დაამებასა და ფეხზე წამოყენებაზე რეალურად მისალოდნელი მომავლის ამაზრზენ სურათს. ამის შემდეგ მწერალი ამოდის სტეფანწმინდას. იქ მის თვალწინ გადაიშლება საქართველოს მშვენირი სანახაობა - მყინვარი და თერგი. ეს იწვევს მასში ასოციაციას საქართველოს წარსულის აჩრდილთან და მის აწმყოსთან.

მყინვარისაგან განსხვავებით, რომელიც მაღალი, დიდებული, მაგრამ უმოქმედო, ფუნქციადაკარგულია, თერგი სახეა „ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა“, „იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა“. ნაცრიანი წყალი თავიდან საშინლად მღვრიეა, მისი ნახარში - ნაცარტუტა კი თავადაც წმინდა და გამჭვირვალეა და სარეცხსაც ათეთრებს. ასევე მღვრიე თერგიც შეიძლება ნაცარტუტასავით გამწმენდელად იქცეს, ამით არის ამაღელვებელი და ღირსსაცნობი. თერგსაც ცალმხრივად, იდეალიზირებულად არ აღგვიწერს ავტორი. ჯერ გვეუბნება - ორპირი ყოფილა, „დევგმირული ხმა ჩასწყვეტია“, „დამდოვრებულა“, „მიმკვდარა“, თითქო ან „როზგქვეშ არის გატარებული, ან დიდი ჩინი მიუღიაო“, „საცა მისულა, იქაური ქუდი დაუხურავსო“, მაგრამ მწერალს თერგი ურჩევნია მყინვარს და ამის მიზეზი აი, რა არის - „ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა.“ ამიტომ ამბობს: მე, „როგორც ქვეყნის შვილს, თერგის სახე უფრო მმწონს, უფრო მიყვარსო“. იგი ერთგვარად განგვიმარტავს - როგორც ქვეყნის შვილსო, ქვეყნის დანგრეული შენობის განახლებისათვის ასე სჯობიაო, იმიტომ, რომ ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედის განახლება, მისი დაშენება ილუზორულ მყინვარზე შეუძლებელია. სხვა საქმე იქნებოდა, იგი რომ რეალურადაც ისეთი ყოფილიყო, როგორიც გარეგნულად ჩანდა. კარგია მყინვარის სიმაღლე, მაგრამ წარსულზე, აწმყოს გარეშე, მომავალს პირდაპირ ვერ დააშენებ. დღევანდელი მყინვარი კი სიმაღლის მხოლოდ გარეგანი სახეა, შინაგანად დაფუყული, გულგამოცლილი. წარსულსა და აწმყოს შუა ხიდი ჩატეხილია. ამიტომ ცდილობს პოეტი ჯერ ამ ხიდს აუშენოს ქვაკუთხედი, როგორც თავად ამბობს ერთ პუბლიცისტურ წერილში, „ქვაკუთხედი იმ ხიდს, რომელიც დროთა გარემოებამ ჩატეხა წარსულსა ადა აწმყოს შუა, რომლის ხელახლად გადებას შეუდგა დღევანდელი დღე.“ ამ მიზნით პოეტი ირჩევს არა „სვლაშეწყვეტილ“,„დადუმებულ“ მყინვარს, არამედ თერგს მთელი თავისი ვაითა და ვაგლახით, რადგან ის არის აწმყოს ერთადერთი ცოცხალი ძარღვი.

მყინვარი შედგა და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა ქარის ქშუილმა და ნადირის ღმუილმა შეცვალა. თერგი კი მიმდინარეა და თავისი „საშინელი ხმაურობა“ „ბაყაყების ყიყინზე“ ჯერ არ შესცვლია.


აღარ ეტევა sad.gif

ამ თავის ბოლო ნაწილის დავდებ ხვალ მაშინ


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
di_onise   ლიტერატურა   Jun 25 2007, 09:54 PM
k@the   თამარი_ცქნაფო მერე...   Jun 25 2007, 10:01 PM
ალექსანდრე   di_onise ჩემი აზრით თვი...   Jun 25 2007, 10:03 PM
di_onise   ალექსანდრე რატო კ...   Jun 25 2007, 10:11 PM
თამარი_ცქნაფო   მარიამ ნინიძე დაცა...   Jun 25 2007, 10:14 PM
k@the   di_onise ჩემი აზრით თვი...   Jun 25 2007, 10:14 PM
ალექსანდრე   di_onise მერე რა რამდენ...   Jun 25 2007, 10:17 PM
თამარი_ცქნაფო   გაგრძელება: კრიტიკ...   Jun 25 2007, 10:26 PM
di_onise   ალექსანდრე უფალი ...   Jun 25 2007, 10:36 PM
თამარი_ცქნაფო   di_onise ჯერ არ დამთავრე...   Jun 25 2007, 10:37 PM
di_onise   რაში?? დადე დადე :) დ...   Jun 25 2007, 10:54 PM
თამარი_ცქნაფო   რაში?? დადე დადე :) დ...   Jun 25 2007, 10:56 PM
ai gogoo   მე ვფიქრობ რომ,გან...   Jun 25 2007, 10:56 PM
xevsuri   მაგის დამწერ ამკრე...   Jun 26 2007, 03:47 AM
ninca   განდეგილის სულიერ...   Jun 26 2007, 08:56 PM
italieli-dato   განდეგილის სულიერ...   Jun 27 2007, 01:50 AM
თამარი_ცქნაფო   თქვენ არასწორად გ...   Jun 27 2007, 02:03 AM
თამარი_ცქნაფო   ვაგრძელებთ მარიამ ...   Jun 27 2007, 12:31 AM
ninca   "დაცარიელებული ბ...   Jun 27 2007, 12:49 AM
თამარი_ცქნაფო   "დაცარიელებული ბ...   Jun 27 2007, 12:55 AM
k@the   უი, ალხა ვწერდი პას...   Jun 27 2007, 02:13 AM
თამარი_ცქნაფო   ბევრს კი არა და მარ...   Jun 27 2007, 02:19 AM
di_onise   თამარი_ცქნაფო :მპუ...   Jun 27 2007, 11:30 AM
თამარი_ცქნაფო   di_onise მზად არ იყო, ჩემ...   Jun 27 2007, 11:57 AM
თამარი_ცქნაფო   ვაგრძელებთ, მაგრამ...   Jun 28 2007, 12:47 AM
k@the   თამარი_ცქნაფო სად ...   Jun 28 2007, 01:12 AM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო სად ...   Jun 28 2007, 02:47 AM
maZiebeli   როგორც ვიცი, იაკობ...   Jun 28 2007, 01:15 AM
ლეონტი   ქენი მადლი და ერთი-2...   Jun 28 2007, 11:50 AM
di_onise   მეტი არავინ?? თამარ...   Jun 28 2007, 05:35 PM
თამარი_ცქნაფო   მეტი არავინ?? თამა...   Jun 29 2007, 12:56 AM
maZiebeli   უცნობ კაცს არ დაეჯ...   Jun 28 2007, 11:30 PM
di_onise   თამარი_ცქნაფო :lol: ვ...   Jun 29 2007, 01:50 AM
sofi89   გეთანხმები თამო. ვ...   Dec 30 2007, 02:39 PM
marine   რამდენად სწორად შე...   Jun 11 2016, 11:21 PM
marine   "ამ მშვიდ, ჩუმ, მდა...   Jun 16 2016, 01:00 PM
marine   "საერთოდ, სულიერა...   Dec 20 2016, 09:13 PM
marine   "ლევან გოთუა კომუ...   Dec 26 2017, 09:45 AM
marine   "მწერალი არის არს...   Jan 2 2018, 10:56 AM
marine   "მწერალი ადამიან...   Jan 2 2018, 11:10 AM
marine   "მწერალს, სიტყვის...   Jan 3 2018, 03:46 PM
marine   "გორში სოფელ ვარი...   Sep 27 2018, 02:32 PM
marine   "მიხეილ ჯავახიშვ...   Sep 30 2018, 02:16 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 04:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი