IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აბო-ქართველი წმინდანი?
ზებედე
პოსტი Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი #81


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
di_onise
პოსტი Jul 12 2007, 06:31 AM
პოსტი #82


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



მაეასი, იმედია ეს ბოლო პოსტია ამ თემაში ხომ?? და მაინც ხანდახან სული წამძლევს ხოლმე და თავს ვერ ვიკავებ უაზრო პოსტებს რომ არ ვუპასუხო biggrin.gif

ციტატა
რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი?


იმედია იოვანე საბანისძის აბოზე ამბობ ხომ?? თუ ასეა ის ტფილელი არ იყო. აბო ტფილელი სხვა მოწამე იყო.
წმინდა აბომ უარყო არაბობა, ის არაბად თავს არ აღიარებდა და აქედან გამომდინარე ვერც არაბი მოწამე იქნებოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 12 2007, 06:53 AM
პოსტი #83


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(di_onise @ Jul 12 2007, 02:31 AM) *

მაეასი, იმედია ეს ბოლო პოსტია ამ თემაში ხომ?? და მაინც ხანდახან სული წამძლევს ხოლმე და თავს ვერ ვიკავებ უაზრო პოსტებს რომ არ ვუპასუხო biggrin.gif


კიდევ ერთი მოწინააღმდეგე ჩემი "უაზრო" პოსტებისა sad.gif

ციტატა(di_onise @ Jul 12 2007, 02:31 AM) *

იმედია იოვანე საბანისძის აბოზე ამბობ ხომ?? თუ ასეა ის ტფილელი არ იყო. აბო ტფილელი სხვა მოწამე იყო.
წმინდა აბომ უარყო არაბობა, ის არაბად თავს არ აღიარებდა და აქედან გამომდინარე ვერც არაბი მოწამე იქნებოდა.


ეხლა დაგიდებ წმ. აბოს ცხოვრებას, სადაც არაფერი სწერია იმაზე რომ მან უარყო არაბობა!

________________________________________________________

იყო ჟამი, როდესაც სარკინოზთა (არაბთა) მპყრობელმა ამირა მუმნი აბდილამ (რომელიც თავის აშენებულ ქალაქ ბაღდადში ცხოვრობდა) ბაბილონში დაიბარა ქართლის ერისმთავარი ნერსე1. ბოროტი ადამიანების მიერ დასმენილი ნერსე ამირამ საპყრობილეში ჩასვა, სადაც მან სამი წელი დაყო. ამის შემდეგ ღვთის განგებით მოკვდა აბდილა და მის მაგივრად მისი ძე მაჰდი გამეფდა. ქველისმოქმედმა ღმერთმა მაჰდი ამირა მუმნის ნერსეს გათავისუფლება ჩააგონა. მაჰდიმ ნერსე გაათავისუფლა და ერისმთავრობის უფლებით სამშობლოში გამოუშვა.
ბაბილონში ყოფნისას ნერსეს მსახურად დაუდგა ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის არაბი ჭაბუკი – აბო, რომელმაც მასთან ერთად ქართლში წამოსვლა მოისურვა. აბოს მშობლები და და-ძმა ბაღდადში ცხოვრობდნენ. იგი ნელსაცხებლების მომზადებაში იყო დახელოვნებული და სარკინოზთა მწიგნობრობაც შესწავლილი ჰქონდა. აბრაამის მსგავსად აბომაც ღვთის მინიშნებით დატოვა მამული და ნერსეს დაემგზავრა.
ქართლში აბო ნერსე ერისმთავართან ცხოვრობდა. სათნოების გამო იგი ყველამ შეიყვარა. აბო ქართული ენის შესწავლას შეუდგა, ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ზედმიწევნით შესწავლაც დაიწყო, დადიოდა ეკლესიებში და ისმენდა სახარებას, საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს, ეკითხებოდა სჯულის-მეცნიერებს. ამგვარად შეისწავლა მან კათოლიკე ეკლესიის მოძღვრება.
ამის შემდეგ აბომ უარყო მუჰამედის სჯული და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე, თუმცაღა ქართლის მპყრობელ სარკინოზთა შიშით აშკარად ვერ აცხადებდა თავს ქრისტიანად. აბო ფარულად მარხულობდა და ლოცულობდა და ეძიებდა დაფარულ ადგილს ნათლისღებისთვის.
იმ დღეებში სარკინოზთა ხელისუფალნი ისევ განურისხდნენ ნერსე ერისმთავარს. იგი გაიქცა, რადგან სარკინოზნი სასტიკად ემტერებოდნენ. უფალმა დაიფარა მათგან ნერსე. მან გაიარა ოსეთის კარი, რომელსაც დარი-ალანს (დარიალს) უწოდებდნენ და ჩრდილოეთის ქვეყნებში შევიდა. ნერსეს სამასამდე მამაკაცი გაჰყვა, მათთან ერთად იყო ქრისტეს სანატრელი მონა აბო.
ჩრდილოეთის ქვეყანა მაგოგის ძეთა სამყოფელი იყო. ესენი ხაზარები იყვნენ, ველური ხალხი, საშინელი შესახედაობის, მხეცის ბუნებისანი, სისხლის მსმელნი, მათ არ ჰქონდათ სჯული, მაგრამ შემოქმედ ღმერთს აღიარებდნენ. ხაზართა მეფემ შეიფარა ნერსე, როგორც უცხო და მტერთაგან დევნილი, მისცა მასაც და მის თანმხლებთაც საკვები და სამოსი.
ნეტარმა აბომ როგორც კი იხილა, რომ სარკინოზთაგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, იჩქარა ქრისტესთან მიახლოება და მოინათლა პატიოსანი მღვდლების ხელით. სულიწმიდის მადლით ჩრდილოეთის ქვეყანაში მრავალი ქალაქი და სოფელი იყო, რომლებიც მშვიდად ცხოვრობდნენ ქრისტეს სარწმუნოებით2. ამის შემდეგ ქრისტეს მადლით აღვსილი აბო დაუბრკოლებლად შეუდგა მარხვასა და ლოცვას.
ცოტა ხნის შემდეგ ნერსემ ჩრდილოეთის მეფეს სთხოვა, გაეშვა აფხაზეთში, სადაც მას წინასწარ დედა, ცოლ-შვილი, მსახურები და მთელი ქონება გაეხიზნა. ეს ქვეყანა სარკინოზთაგან დაცული იყო. ღმერთმა დაამშვიდა ჩრდილოეთის მეფე და მან ნერსე მრავალი საჩუქრით გაისტუმრა. ქართლის ერისმთავარი და მისი თანმხლებნი დიდი სიხარულითა და ღვთისადმი მადლიერებით აფხაზეთისაკენ გაემართნენ; მგზავრობაში მათ სამი თვე გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში ნეტარი აბო მარხულობდა და ლოცულობდა, განუწყვეტლივ გალობდა ფსალმუნებს. აფხაზეთს რომ მიაღწიეს, ამ ქვეყნის მთავარმა მიიღო ნერსე და მისი ხალხი. როდესაც მან აბოს ნათლისღების ამბავი შეიტყო, დიდად გაიხარა. აბო იხმეს მთავარმა, ეპისკოპოსმა და მღვდელმა, აკურთხებდნენ, ანუგეშებდნენ და საცხოვნებელ სწავლებას აუწყებდნენ, ქრისტესა და საუკუნო ცხოვრების შესახებ ახარებდნენ. აბოც, თავის მხრივ, მადლობით მიუგებდა ჭეშმარიტი სარწმუნოების სიტყვებს, ისე რომ მათ უკვირდათ კიდეც და ღმერთს ადიდებდნენ. ნეტარი აბო უფრო მეტად მადლობდა ღმერთს, რადგან ქრისტეს სარწმუნოებით აღსავსე ქვეყანა იხილა, მასში ურწმუნოთაგანი არავინ მკვიდრობდა.

წმიდა აბომ იქაური ხალხის გარდამეტებული ღვთისმოყვარება და მთელი ერის გამუდმებული ლოცვა რომ იხილა, საღვთო გულმოდგინებით განიმსჭვალა, რამეთუ წმიდა მოციქულის სიტყვები გაიხსენა: „კეთილ არს ბაძვა კეთილისათ ს მარადის“ (გალატ. 4,18). აბო ღვაწლს ზამთარში შეუდგა, ჩვიდმეტ იანვარს, წმიდა ანტონი დიდის ხსენების დღეს. მძიმე შრომა იტვირთა, ქალაქში, როგორც უდაბნოში ებრძოდა მტერს - ეშმაკს, დუმილითა და მარხვით ასუსტებდა ახალგაზრდა სხეულს, „რა თა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განხურვებულთა დაშრეტად“ (ეფეს. 1,16). აბომ მაცხოვრის ღვაწლი გაიხსენა, რომელმაც ნათლისღების შემდეგ უდაბნოში გასულმა ორმოცდღიანი მარხვითა და ლოცვით დაამარცხა მზაკვარი გამომცდელი - ეშმაკი. მსგავსადვე ნეტარი აბო ადამიანებს ერთ სიტყვასაც არ ეტყოდა, მხოლოდ ღმერთს ესაუბრებოდა თავის წმიდა ლოცვებში. ასე გაატარა სამი თვე მარხვითა და დუმილით, ხოლო დიდი მარხვის დღეებში შაბათსა და კვირას ეზიარებოდა და მხოლოდ ზიარების შემდეგ იღებდა მცირეოდენ საზრდოს. ასე გაგრძელდა ქრისტეს აღდგომის დიდებულ დღესასწაულამდე. ამის შემდეგ აბომ შეწყვიტა ეს მძიმე მარხვა, დუმილიც დაასრულა და ღმერთს ადიდებდა.

ნერსეს ქართლიდან გაქცევის შემდეგ მაჰდი ამირა მუმნმა ღვთის ბრძანებით ქართლის ერისმთავრად სტეფანოზი გამოგზავნა, გურგენ ერისთავის ძე, ნერსეს დისწული. ამ ამბავმა ნერსე გაახარა, რადგან უფალმა მის სახლს მთავრობა არ განაშორა. ნერსემ ამირებთან მოციქულები გააგზავნა, თბილისში უსაფრთხოდ დაბრუნების ნებართვა ითხოვა.

როგორც კი აფხაზეთიდან გამოემართნენ, აფხაზეთის მთავარმა დაუძახა ნეტარ აბოს და უთხრა: ნუ წახვალ ამ ქვეყნიდან, რადგან ქართლი სარკინოზების ხელშია, შენ კი ბუნებით სარკინოზი ხარ, არ მოგცემენ ნებას მათ შორის იცხოვრო და ქრისტიანად დარჩე. მეშინია, ნებით ან უნებლიეთ ქრისტეს სარწმუნოებას არ განგაშორონ და ამდენი შრომა არ დაგეკარგოს. ნეტარმა აბომ მიუგო: „რაკი შემიწყნარა ქრისტემ, ჩემი უწინდელი უმეცრების სიბნელე განმაშორა და მისი ნათლის ღირსი გამხადა, არასოდეს უარვყოფ მის სახელს. მრავალი ოქრო და ვერცხლიც რომ მომცენ, თუნდაც მტანჯონ და მგვემონ, ვერ განმაშორებენ ჩემი უფლის სიყვარულს. ახლა კი ნუ დამაკავებ, ღვთისმსახურო, რადგან რა მადლი აქვს ჩემს აქ ყოფნას, სადაც არც შიშია და არც ქრისტესთვის სიკვდილი. გევედრები, გამიშვი, რომ ცხადად ეუწყოს ჩემი ქრისტიანობა იმ ქრისტეს მოძულეებს, რამეთუ მსმენია წმიდა სახარებიდან ჩვენი მაცხოვრის თქმული: „არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე მირსა, არამედ ზედა სასანთლესა დადგიან, რა თა ენთებოდის ყოველთა. ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა“ (მათ. 5,15-16). და აწ მე რისთვის დავფარო ეს ნათელი, რომლითაც ქრისტემ განმანათლა? არასოდეს დავიმალები სიკვდილის შიშით, რადგან მისწავლია წმიდა მოციქულისაგან: „არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკ დრონ“ (1 კორ. 6, 9). ამიტომაც არ მეშინია სიკვდილის, რამეთუ მე ქრისტესგან სასუფეველს ვეძიებ“. ასე დაარწმუნა აბომ მთავარი და მანაც გაუშვა იგი.
წმიდა აბო ნერსესთან ერთად ქართლში ჩამოვიდა, ქალაქ თბილისში შემოვიდა და ცხადად აღიარებდა ქრისტიანობას. თბილისში მცხოვრებმა სარკინოზებმა, რომლებიც ადრე იცნობდნენ აბოს, იგი ქრისტიანად რომ იხილეს, ზოგი საყვედურობდა, ზოგი შეურაცხყოფდა, ზოგი აშინებდა, ზოგი დევნიდა, ზოგი მშვიდი სიტყვით ცდილობდა მის დარწმუნებას. მაგრამ აბო განმტკიცებული იყო ქრისტეს რწმენაში და არავისი ეშინოდა. სამი წლის განმავლობაში მიმოდიოდა იგი თბილისსა და მის გარშემო სოფლებში ქრისტიანობის დაუფარავად, მაგრამ „ვერავინ მიყვნა ხელნი მას ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (იოან. 7,30). ქრისტესმოყვარენი, რომელთაც აბოს ღვთისმოყვარება იცოდნენ, ეხმარებოდნენ მას საზრდელითა და სამოსით.

ნეტარი აბოს მარტვილობა აღსრულდა ექვს იანვრს, პარასკევ დღეს, განცხადების (ნათლისღების) დღესასწაულზე3. ამ დროს კონსტანტინოპოლში კონსტანტინე ლეონის ძე მეფობდა, სარკინოზების მეფე მოსე ამირა მუმნი იყო, მაჰდის ძე, ქართლში კათალიკოსი იყო სამოელი, ერისმთავარი - სტეფანოზი, გურგენის ძე.

ნათლისღებამდე ცოტა ხნით ადრე შეიპყრეს ქრისტეს ნეტარი მოწამე და მიიყვანეს მსაჯულთან, რომელიც ქალაქ თბილისის ამირა იყო. ქრისტეს აღიარებისთვის აბო საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სტეფანოზ ქართლის ერისმთავარმა გამოითხოვა იგი, საპყრობილიდან გამოიყვანა და გაუშვა.
არ გასულა დიდი დრო და მოწამის დამბეზღებელნი ისევ აღიძრნენ. მოილაპარაკეს, შევიდნენ მსაჯულთან (უკვე ახალი მსაჯული ამირა იყო თბილისში) და უთხრეს: „ამ ქალაქში ერთი ჭაბუკია, ტომით სარკინოზი, იმ სჯულითაა აღზრდილი, რომელიც ჩვენმა მოციქულმა მუჰამედმა მოგვცა. ახლა კი მიუტოვებია ჩვენი სჯული, თავს ქრისტიანად აცხადებს და უშიშრად დადის ქალაქში, მრავალ ჩვენგანს გაქრისტიანებისაკენ მოუწოდებს. აწ ბრძანე მისი შეპყრობა, ტანჯე და გვემე, სანამ მუჰამედის, ჩვენი მოციქულის სჯულს არ აღიარებს. თუ არა და მოკვდეს, რომ მისი ქადაგების გამო სხვებმაც არ მიბაძონ“.
დაბეზღების ამბავი ქრისტიანებმა გაიგეს, სასწრაფოდ მივიდნენ აბოსთან და უთხრეს: „დაგეძებენ შესაპყრობად, სატანჯველად და საგვემელად“. არწმუნებდნენ, გარიდებოდა საფრთხეს და დამალულიყო. აბომ გულშემატკივრებს უთხრა: „მე ქრისტესთვის არა მხოლოდ სატანჯველად ვარ გამზადებული, არამედ სიკვდილისთვისაც“. სიხარულით წამოვიდა და ქუჩებში უშიშრად მიმოდიოდა. შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულთან მიიყვანეს.

მსაჯულმა უთხრა: „ეს რა მესმის შენზე? გვარტომობით სარკინოზი ხარ, მშობლიური სჯული მიგიტოვებია და ქრისტიანთა ცდომილებაში ჩავარდნილხარ? ახლა მოემზადე და იმ სჯულით ილოცე, რომლითაც შენმა მშობლებმა გაგზარდეს“. ნეტარი აბო განძლიერდა ქრისტეს მიერ, რწმენის სულით აღივსო და მსაჯულ ამირას ასე უპასუხა: „ეგ სწორად თქვი, რომ ბუნებით სარკინოზი ვარ, მამითაც და დედითაც სარკინოზად ვარ შობილი; მუჰამედის სჯულით ვიყავ განსწავლული და იმით ვცხოვრობდი, სანამ უმეცრებაში ვიმყოფებოდი. მაგრამ როდესაც ინება ღმერთმა, რომელმაც ჩემს ძმათა და ნათესავთაგან გამომირჩია, იესო ქრისტეს, თავისი ძისა და ჩემი ღმერთის მიერ მიხსნა და უმჯობესის გულისხმისყოფა მომანიჭა, მაშინ მივატოვე კაცთა მიერ შეთხზული სჯული, მეზღაპრეობის სიბრძნით მოპოვებული სარწმუნოება და წმიდა სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის სარწმუნოებას შევუდექი, (აქ არსად სწერს აბო რომ ეროვნება უარყო! გუჯა.) ჭეშმარიტს, ქრისტეს მიერ მომადლებულს. ამ ღმერთის რწმენით მოვინათლე და მას ვსცემ თაყვანს, რამეთუ ესაა ჭეშმარიტი ღმერთი. აწ ქრისტიანი ვარ, ყოველგვარი დავის გარეშე“.

მსაჯულმა უთხრა: „უკუაგდე ეგ სულელური აზრი და თუკი გაჭირვების გამო შედგომიხარ ქრისტიანებს, მე ახლავე მოგცემ უფრო მეტ საბოძვარსა და პატივს“.

ნეტარმა აბომ მიუგო: „შენი ოქრო და ვერცხლი შენვე გქონდეს, შენი თავის წარსაწყმედად. მე პატივს კაცთაგან არ ვეძიებ, რადგან ქრისტესმიერი საბოძვარი გამაჩნია - ხსნისა და უხრწნელების გვირგვინი და საუკუნო პატივი ზეცაში“.

მაშინ მსაჯულმა ბრძანა, შეეკრათ აბოსთვის ხელ-ფეხი რკინის ბორკილით და ასე ჩააგდეს იგი საპყრობილეში. ნეტარი ხარობდა, უფალს მადლობდა და ამბობდა: „გმადლობ, შენ, უფალო და მაცხოვარო ღმერთო ჩუენო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათვის წმიდისა“.

ეს მოხდა ოცდაშვიდ დეკემბრს, სამშაბათს, ხსენება იყო ქრისტეს მოციქულის, პირველდიაკონისა და პირველმოწამის, ყოველთა მოწამეთა ერისმთავრის4 - წმიდა სტეფანესი. ასე განეწესა და ასე შვენოდა, რომ ყოველთა მოწამეთა ერისმთავარს ყველა სხვა მოწამესთან ერთად ეღვაწა, რათა ეს უკანასკნელი ქრისტეს მოწამე მოწამეობრივ გზაზე არ დაბრკოლებულიყო.

ნეტარი აბო საპყრობილეში დღითა და ღამით შეუსვენებლივ მარხვაში, ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში იყო; მოწყალებას გასცემდა, გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა და საპყრობილეში მყოფ მშივრებსა და ღარიბებს ეხმარებოდა. ცრუმოძღვრები და მაბეზღებლები შედიოდნენ მასთან და ესაუბრებოდნენ. ზოგი მათგანი თვალთმაქცურად ეუბნებოდა: „შვილო, თავს ნუ გაწირავ, ნურც შენ სიჭაბუკეს გაცვლი ქრისტიანობაზე, ნურც შენს დებსა და ძმებს განეშორები, რომ შენს თავს ავი არ შეამთხვიო და ჩვენ ყველანი არ შეგვაწუხო“. სხვები აშინებდნენ და ეუბნებოდნენ: „რას გარგებს შენი ქრისტე, ვინ დაგიხსნის ჩვენი ხელიდან, რადგან ცეცხლი და სატანჯველი უკვე გამზადებული გვაქვს შენთვის, თუკი ჩვენკენ არ მობრუნდები“. ნეტარი აბო მათ არ უსმენდა, ლოცულობდა და გონებით განუწყვეტლივ ფსალმუნებს გალობდა, ბევრი ლაპარაკის შემდეგ კი უთხრა: „ნურაფერს მეტყვით, რადგან „მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თ სი; ვიყავ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუა , რამეთუ მე უფალსა ვესავ. განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი“ (ფსალმ. 37,14-16; 118, 115). ვერ შეარყიეს მაცთურებმა მართალი აბო და საპყრობილიდან შერცხვენილები გამოვიდნენ.

ნეტარმა საპყრობილეში ცხრა დღე გაატარა, იგი ყოველდღიურად მარხულობდა და ღამეს ათევდა. მეცხრე დღეს მასთან ერთად მყოფ პატიმრებს უთხრა: „ხვალ სხეულს დავტოვებ და მივალ ჩემს უფალთან და ღმერთთან - იესო ქრისტესთან“. ეს უფალმა გამოუცხადა თავის მოწამეს. ამის შემდეგ აბომ სამოსელი განიძარცვა და გასაყიდად გაატანა, რათა მისთვის კერეონები (კელაპტრები) და საკმეველი ეყიდათ. ნაყიდი კერეონები ქალაქის ყველა ეკლესიაში დააგზავნა ასანთებად. ამასთან ერთად ყველა მღვდელს თხოვნა შეუთვალა - ელოცათ მისთვის, რათა ქრისტეს სარწმუნოებაში არ დაბრკოლებულიყო და ქრისტესთვის წამების ღირსი გამხდარიყო.

წმიდა დღესასწაულის (ნათლისღების) ღამეს ნეტარმა აბომ ორი დიდი სანთელი აიღო და გათენებამდე ფეხზე იდგა, სანამ მთელი ფსალმუნი არ იგალობა და სანთლები არ ჩაიწვა მის ხელებში, რომლებიც რკინით ჰქონდა მიბმული კისერზე.

როდესაც მეათე დღე გათენდა, მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაული, ექვსი იანვრი5, პარასკევი, ნეტარმა აბომ თქვა: „დიდია ეს დღე ჩემთვის, რადგან ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ორმხრივ გამარჯვებას ვხედავ. ამ დღესასწაულზე მდინარე იორდანეში ჩავიდა განშიშვლებული ნათლისღებისთვის და ღვთაებრივი ძალით შემუსრა წყალთა სიღრმეში დამალული გველის თავები. ამ დღეს ჩემთვის შესაფერია, რომ განვიმოსო შიში სხეულის გამო, რომელიც სამოსია ჩემი სულისა და, როგორც ზღვის სიღრმეში, ისე შევიდე ამ ქალაქის შუაგულში და ნათელვიღო ჩემივე სისხლით და ცეცხლითა და სულით, როგორც იქადაგა წინამორბედმა იოანემ. და შემდგომ წყალშიაც ჩავიდე და კვლავ განვნათლდე, რადგან დღეს სულიწმიდა გადმოდის ყველა წყალზე, რომლითაც ქრისტეს მორწმუნენი ინათლებიან. ხოლო ჩემი სხეულის განშიშვლებით აბუჩად ავიგდო და შუა ქალაქში ფეხით გავთელო მზაკვარი მტრის სივერაგენი, რომლებიც ჩემთვის განიზრახა. და კვლავ, ამ პარასკევ დღეს უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ თავისი ვნებით, ჯვარზე ხელთა გაშლით შეარცხვინა და კიდით კიდემდე თითით საჩვენებელი გახადა მთელი ქვეყნიერების მტერი. ახლა მეც მმართებს, რომ ქრისტიანთა მტერს საბრძოლველად მივეჭრა და ქრისტესთვის ჩემი სისხლის დაღვრით ყველა ქრისტიანისთვის სასაცილო გავხადო იგი. მას ეგონა, თითქოს სიკვდილის შიშით ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულს განმაშორებდა. მე კი საძრახისს გავხდი მის განზრახვას და ვძლევ მას ქრისტესმიერი შეწევნით და ჩემი უფლის ორმხრივ ვალს გადავიხდი“.

ნეტარმა აბომ წყალი მოითხოვა, პირი დაიბანა, თავზე ზეთი იცხო და თქვა: „ოდესღაც თვითონ ვიყავი მენელსაცხებლე, სურნელოვან საცხებელთა კარგად შემზავებელი. ეს საცხებელი კი ჩემი დასაფლავების დღისთვისაა. ამიერიდან აღარ ვიცხებ ამ წარმავალ, ჩემი მწირობის ზეთს, არამედ როგორც სოლომონმა მასწავლა „ქება ქებათაში“: „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი“ (ქება 1,3) ქრისტე, რომელმაც შენი სარწმუნოებისა და სიყვარულის წარუვალი სურნელებით აღმავსე. იცი, უფალო, რომ თავზე მეტად შენ შეგიყვარე!“ ეს რომ წარმოთქვა, კაცი გააგზავნა ეკლესიაში და მოართვეს წმიდა საიდუმლო - ხორცი და სისხლი ქრისტესი. ამ დროს მესამე ჟამი იყო ნათლისღების დღისა. ჭეშმარიტსა და განმაცხოველებელ საიდუმლოს რომ ეზიარა, თქვა: „გმადლობ, შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომნიჭებელი ხორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევე მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერითგან არღარა მივიღო სხუა საზრდელი, რომლითა კუალად მშიოდის, და არც სხუა სასუმელი, რომლითა კუალად მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხორებად საუკუნოდ. აწ „დაღათუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩემ თანა ხარ“ (ფსალმ. 22,4).

ესა თქვა და მაშინვე მსაჯულის მსახურები მოვიდნენ. აბო პატიმარ ქრისტიანებს დაემშვიდობა და უთხრა: „ლოცვებში მომიხსენეთ, რამეთუ ვეღარ მიხილავთ ამ წუთისოფელში“. გამოიყვანეს აბო საპყრობილიდან ხელ-ფეხზე ბორკილდადებული; მიჰყავდათ იგი ქალაქში, მისი შემხედვარე ქრისტიანები და ნაცნობები ტიროდნენ, ხოლო წმიდანმა უთხრა მათ: „ნუ სტირით ჩემზე, არამედ გიხაროდეთ, რამეთუ მე ჩემს უფალთან მივდივარ. ლოცვით გამგზავნეთ და უფლის მშვიდობამ დაგიფაროთ თქვენ“.

აბო ისე მიდიოდა, თითქოს სულით თავის სხეულს მიაცილებდა, ისევე როგორც მიცვალებულს მიაცილებენ. იგი ასმეთვრამეტე ფსალმუნს ამბობდა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა“ (ფსალმ. 118,1), ხოლო საგალობლად ავაზაკის სიტყვებს დაურთავდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლუკ. 23,24).

ასე მიუახლოვდა აბო ამირას კარს, გაბედულად გადასწერა მას ჯვარი და თვითონაც პირჯვარი გამოისახა. წარუდგინეს იგი მსაჯულ ამირას, რომელმაც უთხრა: „რაო, ჭაბუკო, რა მოიფიქრე?“ წმიდა მოწამე სულიწმიდით აღივსო და უპასუხა: „მე მოვიფიქრე და ქრისტიანი ვარ“.

მსაჯულმა ჰკითხა: „არ მიგიტოვებია შენი სიგიჟე და უგუნურება?“ ნეტარმა მიუგო: „უმეცრებასა და უგუნურებაში რომ ვყოფილიყავ, ქრისტეს მიყოლის ღირსი ვერ გავხდებოდი“. უთხრა მსაჯულმა: „ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეგ შენი სიტყვები სიკვდილის მიზეზად გაგიხდება?“ წმიდანმა მიუგო: „თუკი მოვკვდები, მწამს, რომ ქრისტესთან ვიცოცხლებ; და შენ რაღას აგრძელებ? რაც გეგულება ჩემთვის, აღასრულე, რადგან მე ისევე არ მესმის შენი ამაო სიტყვები, როგორც მაგ კედელს, რომელსაც მიყრდნობიხარ. ჩემი გონება ქრისტესთანაა, ზეცაში!“

უთხრა მსაჯულმა: „ასეთი რა სიტკბოება მიგიღია შენი ქრისტესგან, რომ თავი სიკვდილისთვისაც არ გებრალება?“ უპასუხა წმიდა აბომ: „თუკი მისი სიტკბოების შეცნობა გსურს, ირწმუნე ქრისტე, მოინათლე და მაშინ გახდები მისი სიტკბოების შეცნობის ღირსი“.

ამაზე ამირა განრისხდა, ბრძანა მისი გარეთ გაყვანა და თავის მოკვეთა. მსახურებმა აბო სასახლიდან გამოიყვანეს და ხელ-ფეხი გაუხსნეს. ნეტარმა სამოსელი გადაიხია, გაშიშვლებულმა ჯვარი გამოისახა და თქვა: „გმადლობ და გაკურთხევ, შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა“! ამის შემდეგ ხელები ზურგზე გადაიჯვარედინა, მხიარული სახით და უშიშარი სულით შეჰღაღადა ქრისტეს და მახვილს ქედი მოუდრიკა.

სამჯერ დაჰკრეს მახვილი აბოს, ეგონათ, სიკვდილის შიშით განაშორებდნენ ქრისტესგან, მაგრამ წმიდა მარტვილი დუმილითა და მხნეობით ხვდებოდა მახვილს, სანამ სული არ მიაბარა უფალს.....................................

__________________________________________________


ეხლა კი მოიძიე ინფო, სად უარყო აბომ ეროვნება biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ზებედე   აბო-ქართველი წმინდანი?   Jul 12 2007, 06:25 AM
di_onise   მაეასი, იმედია ეს ბ...   Jul 12 2007, 06:31 AM
ზებედე   მაეასი, იმედია ეს ბ...   Jul 12 2007, 06:53 AM
Freethought   იმედია იოვანე საბ...   Aug 28 2007, 01:26 PM
di_onise   RE: აბო-ქართველი წმინდანი?   Jul 12 2007, 06:58 AM
ზებედე   ეგ სწორად თქვი, რომ ...   Jul 12 2007, 07:03 AM
ulvashi   და ვინ თქვა, რომ აბო...   Jul 12 2007, 10:17 AM
kato_Bato   სად წერია რომ აბო ქ...   Jul 12 2007, 11:49 AM
maZiebeli   di_onise :არა: სხვა არ იყ...   Jul 13 2007, 04:05 AM
მარიამი   di_onise :არა: სხვა არ იყ...   Jul 13 2007, 09:08 AM
di_onise   maZiebeli აბო თბილელი რო...   Jul 13 2007, 09:27 AM
მნათე   ჰო მართლა, მე ვეძიე ...   Jul 13 2007, 01:13 PM
stch   ქართველი იმიტომ იყ...   Jul 13 2007, 06:24 PM
Sotiris   ქართველი იმიტომ ი...   Jul 13 2007, 07:17 PM
მხევალი ნინო   რაღა დაგიმალოდ და ...   Jul 13 2007, 08:16 PM
xornabujeli   რაღა დაგიმალოდ და ...   Sep 1 2007, 05:48 PM
მხევალი ნინო   ანთიმოზ ივერილემა ...   Jul 13 2007, 08:28 PM
::სალომე::   აბო თბილელს თავისი...   Jul 14 2007, 08:04 PM
stch   ქართველი ყველა რო ...   Jul 16 2007, 02:53 PM
Sotiris   ქართველი ყველა რო ...   Jul 16 2007, 05:17 PM
ketino   არქივშია არა? სიამ...   Jul 16 2007, 07:16 PM
k@the   შუა საუკუნეებში ...   Aug 28 2007, 01:30 PM
Freethought   :blink: :blink: აბა ჩამოგვი...   Aug 28 2007, 02:02 PM
k@the   გაეცანი იმდროინდე...   Aug 28 2007, 02:18 PM
Freethought   მადლობთ რჩევისათვ...   Aug 28 2007, 03:21 PM
k@the   მე მგონი ვერ გაიგე ...   Aug 28 2007, 04:12 PM
Lenus   სხვათშორის, კი - ას...   Aug 28 2007, 06:34 PM
k@the   სხვათშორის, კი - ას...   Aug 28 2007, 06:47 PM
Freethought   Lenus არ მჯერა და არც მ...   Aug 28 2007, 10:46 PM
q-e-T-i   რაც მთავარია ქრისტ...   Aug 30 2007, 10:27 PM
მართა   ქართველ წმინდანებ...   Aug 30 2007, 10:50 PM
ზებედე   ქართველ წმინდანებ...   Aug 31 2007, 05:38 AM
nini_1   აქ დაწერილი პოსტებ...   Aug 31 2007, 04:54 AM
Freethought   აქ დაწერილი პოსტე...   Aug 31 2007, 10:50 PM
ნათია   "წესით"ქართველ...   Sep 1 2007, 09:31 AM
xornabujeli   "წესით"ქართველ...   Sep 1 2007, 06:02 PM
abo   Freethoughtშენ სადოურელი ...   Aug 31 2007, 10:52 PM
nini_1   ესე იგი მე-19 საუკუნ...   Aug 31 2007, 11:52 PM
Freethought   @ nini_1 "მცნება" ქა...   Sep 2 2007, 05:04 PM
abo   nini_1რატომ ნერვიულობ...   Sep 1 2007, 02:39 AM
staywhite   აბო, გეთანხმები,მა...   Sep 1 2007, 03:19 AM
nini_1   მართალი ხარ ჩემო კ...   Sep 1 2007, 03:56 AM
abo   იგი სად წავიდა ნეტ...   Sep 1 2007, 06:14 PM
kato_Bato   ნათია შენ ეგა თქვი ...   Sep 1 2007, 06:17 PM
ალექსანდრე   გავარკვიეთ თუ არა ...   Sep 1 2007, 10:20 PM
kato_Bato   Freethought თქვენ გენაცვ...   Sep 2 2007, 05:12 PM
abo   Freethought აქ ქართველთა გ...   Sep 2 2007, 05:43 PM
abo   Freethought არცერთი სახელ...   Sep 2 2007, 08:57 PM
ketino   ვახ, კაცო.. მაინცდამ...   Sep 3 2007, 12:22 AM
Freethought   @ketino ? :rolleyes: რაც სა...   Sep 3 2007, 12:43 AM
მართა   ზებედე ქართველი...   Sep 3 2007, 01:13 AM
nini_1   freethought მოკლე ექსკურს...   Sep 3 2007, 07:37 PM
დავით ივერიელი   აი ამ ტემას რაღა დუ...   Sep 3 2007, 08:03 PM
მაეასი   მეგობრებო,თემას ნუ...   Sep 6 2007, 06:01 PM
დავითი   წმინდანები არ იყოფ...   Sep 6 2007, 07:14 PM
მარიამი   წმინდანები არ იყო...   Sep 6 2007, 07:19 PM
დავითი   ეგ გასაგებია, მაგრ...   Sep 6 2007, 11:08 PM
romanozi   თუ გნებავთ, იგი იყო...   Sep 7 2007, 05:36 PM
მართა   საქართველოს დიდებ...   Sep 6 2007, 07:19 PM
მარიამი   დავითი გეთანხმები ...   Sep 6 2007, 11:15 PM
kato_Bato   ეს უბრალოდ ასე ვთქ...   Sep 6 2007, 11:26 PM
Sotiris   ეს უბრალოდ ასე ვთქ...   Sep 8 2007, 10:19 PM
მარიამი   kato_Bato რა კარგად იცი ხ...   Sep 6 2007, 11:44 PM
nini_1   kato_bato 100% გეთანხმები ...   Sep 7 2007, 10:27 PM
kato_Bato   Sotiris ვინ გითხრა მერე...   Sep 8 2007, 10:29 PM
Eliko   სამწუხაროდ, თემა დ...   Sep 9 2007, 01:15 AM
ნოდარიკო   აბო არაბი არ იყო? ეს...   Sep 9 2007, 07:43 PM
დავითი   აბო არაბი არ იყო? ე...   Sep 10 2007, 02:03 AM
lasharela369   Cemi azriT abos qarTvelobaze dava didi sisulelea, ...   Sep 25 2007, 06:23 PM
Ismail   სამწუხაროდ, თემა დ...   Sep 26 2007, 05:32 PM
ალექსანდრე   საერთოდ რაზე დავობ...   Sep 27 2007, 01:47 AM
::სალომე::   საერთოდ რაზე დავო...   Sep 27 2007, 02:01 PM
lasharela369   abo wmindania   Sep 30 2007, 02:29 PM
ნათია   თათარაშვილი ვისი გ...   Dec 13 2007, 10:44 PM
gio-gio11112   კარგია მომცონს   Mar 3 2009, 01:30 PM
karpaki   სერბეთის მართლმად...   Nov 13 2011, 08:07 PM
GIORGI LELUASHVILI   სერბეთის მართლმად...   Nov 25 2011, 02:45 PM
peritoniti   იცით რა მინდა ვიკი...   Sep 24 2012, 12:00 PM
A.V.M   peritoniti ძალიან გინდა რ...   Sep 24 2012, 04:06 PM
ქევანა   peritoniti ძალიან უცნაურ...   Sep 24 2012, 04:44 PM
A.V.M   გუშინ 2 პიროვნება ,,...   Feb 13 2013, 12:39 AM
marine   გუშინ 2 პიროვნება ,,...   Feb 15 2013, 10:49 AM
qetevano   ვაი :doh: :doh: :doh:   Feb 13 2013, 12:50 AM
marine   "დამპყრობელი ერი...   Aug 24 2016, 06:33 PM
marine   - საქართველოს წმინ...   Apr 4 2017, 11:33 AM
marine   "ძნელია ჯეროვნად ...   Apr 21 2017, 10:24 AM
marine   "არაბთა ბატონობა ...   Jun 8 2017, 10:29 AM
marine   "ამა ეკლესიისა [მ...   Aug 10 2017, 11:22 PM
marine   "ჩვენში ორიგინალ...   Jul 9 2018, 06:53 PM
marine   ---------------------------- "მე არ...   Jan 21 2021, 09:46 PM
marine   "[კათალიკოსი] სამ...   Feb 5 2022, 08:02 PM
marine   "არაბი მენელსაცხ...   Feb 28 2022, 03:39 PM
marine   "არაბთა ხარკისაგ...   Mar 1 2022, 09:11 PM
marine   "ეთნიკურად არაქა...   Mar 28 2022, 08:11 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 08:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი