IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველთა წინაპრები, უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი
ნათია
პოსტი Sep 3 2007, 05:07 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ქრისტეშობამდე Vს-ის ბერძენი ისტორიკოსი, "ისტორიის მამად" წოდებული, ჰეროდოტე აცხადებდა: "ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან, ამას მე თვითონ მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ასე ვიტყოდი, და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე მათ კოლხები..."

მეგასთენე (ქრისტეშობამდე IIIს.), დიონისიოსი (ქრისტეშობამდე Iს.), აპიანე ალექსანდრიელი (ქრისტეშობიდან IIს.) ეუსებიოს კესარიელი (ქრისტეშობიდან IVს.) და სხვები ირწმუნებოდნენ, რომ იბერიებელი პირენეიდან გადასახლდნენ კავკასიაში. ბერძენი მეცნიერი სტრაბონი ამტკიცებდა, რომ "დასავლელი იბერები გადასახლდნენ პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ადგილებში... ეგვიპტელები გადასახლდნენ ეთიოპელებთან და კოლხებთან".

ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იბერებისა და მესხების წინაპრებად მიიჩნევდა ბიბლიაში მოხსენიებულ "თობელსა" და "მოსოხს". "თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ. მოსოხენები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ".

ძველი ასურული ლურსმუნი წარწერების თანახმად (ქრისტეშობამდე XIII-VIIIს.ს.) ბიბლიური თობელი და მეშეხი ქრისტეშობამდე II-I ათასწლეულებში მცირე აზიაში დიდი სამეფოების მკვიდრნი იყვნენ. ამ თვალსაზრისით, ეს იყო ქართველთა წინაპრების სამეფოები და მათი მოსახლეობა, ე.ი. ქართველობა, კავკასიაში მას შემდეგ გადასახლდა, რაც მცირე აზიაში ეს ქართული სახელმწიფოები გაანადგურეს. ეს მოხდა ქრისტეშობამდე VIII-VIIსს-ში. ცნობილი ისტორიკოსები ლენორმანი, მასპერო და სხვები ქართველების (იბერებისა და მესხების) წინაპრებად მიიჩნევდნენ ასურულ წყაროებში მოხსენიებულ თაბალებსა და მუშქებს. ამათ დაემატნენ ქაშქები (ასურული წყაროების თანახმად, ისინი სახლობდნენ აღმოსავლეთ მცირე აზიაში; მოგვიანებით გაირკვა, რომ ხეთური წყაროებიც ხშირად იხსენიებენ მათ), რომლებსაც კოლხების წინაპრებად თვლიან. ქართველებად მიიჩნევენ აგრეთვე ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს მიერ ზემო მესოპოტამიაში (ისტორიულ "გორდუენეს", კორდუქის მიწა-წყალზე) მოხსენიებულ კარდუხებს, რომელთა სახელი ძლიერ ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს ("ქართუ"). კ. ფ. ლემანჰაუფტის თანახმად, ქართები (იბერები) ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართველები კავკასიაში სამხრეთიდან (მცირე აზიიდან) გადასახლდნენ, ფართოდ გავრცელდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სხვებთან ერთად ეს მოსაზრება ივ. ჯავახიშვილმაც გაიზიარა.

გამოჩენილმა ისტორიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ქართველთა კავკასიაში გადასახლების შესახებ აზრი ფაქტობრივად მოხსნა, რაც სრულად დაასაბუთა ბ. კუფტინმა თავისი ბრწყინვალე არქეოლოგიური აღმოჩენებით. მან საქართველოს არქეოლოგიური მასალა ფართოდ - წინა აზიის, ხმელთაშუა ზღვისპირეთისა თუ ევროპისარქეოლოგიური მასალის ფონზე განიხილა. იგი ენერგიულად იცავდა ქართული კულტურის ადგილობრივი განვითარების იდეას.

ს. ჯანაშიას კონცეფციით არავითარ გადასახლებაზე საუბარი არ შეიძლება: ქართველები ძველთაგანვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვრცელ ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ.

XIXს-ის მიწურულიდან მეცნიერები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვრცელი ტერიტორიის კვლევისას გამოვლინდა მთელი რიგი უძველესი ხალხებისა, რომელნიც ერთ დროს დიდ როლს ასრულებდნენ: შუმერები, ხეთები, ელამელები, ურარტუელები, მითანელები (ხურიტები); მათი ენების იმ დროის კარგად ცნობილი ენათა ოჯახებთან (ინდოევროპული, სემიტური, თურქულ-მონგოლური) შეჯერაბა არ ხერხდებოდა. გაჩნდა მოსაზრება ამ ენების კლასიკურ, კერძოდ, ქართულთან მსგავსების შესახებ. დაიწყეს ფიქრი, რა სახელით აღენიშნათ კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობა. ცნობილმა მკვლევარმა ფ. ჰომელმა ამ ჯგუფს "ხალხთა ალაროდიული ოჯახი" უწოდა. ეს ხალხები ქართველებს დაუკავშირეს. ეს თვალსაზრისი ყველაზე ბუნებრივ ჰიპოთეზად გამოიყურებოდა. მაგრამ იმ დროისათვის რუსეთის იმპერია და მასთან ერთად XIXს-ში საქართველოსა და კავკასიის ზოგ სხვა რეგიონში მომძლავრებული სომხური წრეები მტრულად შეხვდნენ ამ განწყობილებებს. ბეჭდავდნენ წერილებს, სადაც შებღალული იყო ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა, ამტკიცებდნენ, რომ ამ ხალხს არ გააჩნია თავისი ისტორია. თავისი კულტურა და რომ ქართველობა კულტურასა და მწერლობას სხვათა გავლენით გვიან ეზიარა. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებისთვის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისთვის და ასიმილატორთა შემოტევისგან დაცვაში. ამ მხრივ, განუზომელია ილია ჭავჭავაძის პოლემიკური წერილების მნიშვნელობა.






P.S. თუ ვინმეს მოგეპოვებათ უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი ქართველთა წარმომავლობის შესახებ გთხოვთ მომაწოდოთ....


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნაინა
პოსტი Sep 4 2007, 11:40 AM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ნათ ეხლა მე გავაგრძელებ 2kiss.gif

ესე იგი ნათის თემის მეორე ნაწილი.



როდესაც შუა საუკუნეები წარსულს ჩაბარდა, აღარავის ჰქონდა სურვილი ქართველთა წარმოშობის ძიებისას ზემოხსენებული ბიბლიური ზღაპრებისათვის მიექცია ყურადღება. სამაგიეროდ, მეტად სიცოცხლისუნარიანი გამოდგა ამავე ბიბლიურ ტექსტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ამ ორი ათასი წლის წინ, I საუკუნის ებრაელი მწერლის იოსებ ფლავიუსის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ბიბლიური თუბალები მერმინდელი იბერები (ქართები) არიან. XIX ს. პირველსავე ნახევარში ამაზე მსჯელობს თეიმურაზ ბატონიშვილი: “ხოლო იოსაფ ფლავიოს მწერალი იუდიანთა ისტორიისაა, - ამბობს იგი, - ძველთა ებრაელთა მოთხრობათა შინა წიგნსა პირველსა, ნაწილსა და თავსა 6–სა, მოუთხრობს ესრეთ: “სულ ძველად ქართველთა, ესე იგი ივერთა, თობელი ეწოდებისო, ვინაჲდგან იგინი შთამომავლობანი არიან იაფეთის ძის იობელისანი”. თეიმურაზ ბატონიშვილი ამ შემთხვევაში სარგებლობდა იოსებ ფლავიუსის თხზულებით, რომელიც ყოფილა “ქართულად თარგმნილი უფლისა ფილოსოფოსი მამისა ქართველთა მთარგმნელისა იოანე პეტრიწის მიერ”, საიდანაც მას სიტყვასიტყვით ამონაწერი აქვს მოყვანილი: “დაამკვიდრებს უკუიჱ თოვილოსცა, თოველთასა, რომელნი აწ ივერად იწოდებიან”.

იოსებ ფლავიუსისგან მოდის აგრეთვე ბიბლიური ”მეშეხის” (მოსოხის) დასახვა შემდეგდროინდელი კაბადოკიელების წინაპრად და კაპადოკიის დედაქალაქ მაზაკასათვის მათი სახელის დაკავშირება.

XIX საუკუნეში ამ მოსაზრებების განმტკიცებამ მოულოდნელად ახალი სტიმული მოიპოვა, რადგანაც გამოვლინდა ძველი ასურული ლურსმული წარწერები, სადაც ბიბლიური თუბალი და მეშეხი სავსებით კონკრეტული სახით წარმოდგნენ ჩვენ წინაშე, როგორც ძვ. წ. II–I ათასწლეულებში მცირე აზიაში არსებული დიდი გაერთიანებები – ტომთა კავშირები თუ სამეფოები. ბუნებრივია, რომ უნდა შექმნილიყო და შეიქმნა კიდეც თვალსაზრისი, რომ ეს იყო ქართველთა წინაპრების გაერთიანებები და მათი მოსახლეობა, ე.ი. ქართველობა, რომელიც კავკასიაში წამოვიდა მას შემდეგ, რაც მცირე აზიაში ეს ქართული გაერთიანებები განადგურდა. ამ მოვლენის დათარიღება კი საკმაოდ ადვილად ხერხდებოდა ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებით. XIX ს. დასავლეთევროპელმა გამოჩენილმა ისტორიკოსებმა (ლენორმანმა, მასპერომ და სხვ.) სწორედ ამ უშუალოდ ქართველ ტომთა (მერმინდელი იბერებისა და მესხების) წინაპრებად მიიჩნიეს ასურული წყაროებით მცირე აზიაში ძვ. წ. XII-VII სს. დამოწმებული თაბალები და მუშქები. ამათ მალე მიემატნენ ქაშქები (იხსენიებიან აღმ. მც. აზიაში იმავე ასურული წყაროების მიერ და, აგრეთვე, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ხეთურ წყაროებშიც), როგორც კოლხების წინაპრები. ქართველთა (ქართ-იბერთა) წინაპრების წრეში შემოიყვანეს აგრეთვე ქსენოფონტეს მიერ ძვ. წ. V ს. დასასრულის ზემო მესოპოტამიაში (ისტორიული “გორდუენეს” – კორდუქის მიწა–წყალზე) მოხსენიებული კარდუხები, რომელთა სახელი მართლაც საოცრად ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს (“ქართუ”). კ. ფ. ლემან–ჰაუპტი თვლიდა, რომ ქართები (იბერები) ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ.

მოსაზრებამ თაბალების, მუშქებისა და სხვათა ქართველთა წინაპრობის შესახებ და მცირე აზიიდან კავკასიაში (საქართველოში) ძვ. წ. VII საუკუნის შემდეგ მათი გადმოსახლების შესახებ მეტად ფართო გავრცელება მოიპოვა განსაკუთრებით იმის გამო, რომ იგი სხვებთან ერთად მიიღო XX საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივ. ჯავახიშვილმა.

ამასობაში კი დასავლეთის მკვლევართა დიდმა ნაწილმა სულ დაივიწყა მოსაზრება მუშქებისა და თაბალების ქართველობის შესახებ”. ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ VIII საუკუნის ბოლოს ასურულ წყაროებში მოხსენებულ “მუშქების მეფე მითას” იცნობს ძველი ბერძნული ტრადიციაც. მაგრამ იგი მას ეძახის “ფრიგიის მეფე მიდასს”. ამიტომაც ფართოდ გავრცელდა თვალსაზრისი, რომ მუშქები ინდოევროპელი ფრიგიელები არიან. კარგად ეხამებოდა ამას ის გარემოებაც, რომ პირველად მუშქები ასპარეზზე ჩნდებიან ძვ. წ. XII საუკუნეში შემოსეულთა სახით, რომელნიც 1165წ. ეუფლებიან ჩრდილო მესოპოტამიის ოლქებს: ალზისა და ფურულუმზის, ხოლო 50 წლის შემდეგ კიდევ უფრო სამხრეთით ჩამოდიან და კათმუხის მიწა-წყალზე უმართავენ სასტიკ ბრძოლებს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I-ს. (1115–1077). ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნით ამ ამბებზე ადრე, XIII საუკუნის ბოლოს, მცირე აზიას გადაურა “ეგეოსური შემოსევის” ტალღამ – დასავლეთიდან შემოსულმა ტომებმა გაანადგურეს მცირე აზია აქ არსებული ხეთების ძლიერი სამეფო. ანტიკური ტრადიცია (ჰეროდოტე და სხვ.) დაჟინებით ამტკიცებს, რომ ფრიგიელები მცირე აზიაში ბალკანეთიდან გადმოსახლდნენ. ბევრი მკვლევარი ფრიგიელთა გადმოსახლების თარიღად სწორედ ამ ქარიშხლიან ხანას, ძვ. წ. XIII-XIIსს. მიიჩნევს. ამიტომაც, ასე ადვილად იქნა გაზიარებული მოსაზრება, რომ “მუშქები”, რომელთა შემოტევის მოგერიება უხდება ტიგლათფილესერ I-ს, სწორედ ეს ახლად შემოსული ფრიგიელები უნდა ყოფილიყვნენ, რადგანაც გვიან ხანაში “მუშქების სამეფო” და “ფრიგიის სამეფო” სინონიმებს წარმოადგენდნენ.

დასავლეთში ნაკლებ იცნობდნენ ქართულ თვალსაზრისს მუშქებ-მესხებზე. მაგრამ ზოგი, ვინც გაიგებდა, თუ რა ორგანულად უკავშირდება “მესხი”–სახელი ქართულ სამყაროს, ცდილობდა ამის მიხედვით გაეაზრებინა მცირეაზიული მუშქების ბედ–იღბალიც. კ. ფ. ლემან–ჰაუპტი, მაგალითად, ვარაუდობდა, რომ ქართები (იბერები) ჩამოყალიბდნენ კარდუხებისა და ამ ფრიგიელი მუშქების შერევის შედეგად საქართველოს მიწა–წყალზე. მუშქები მცირე აზიიდან კიმერიელებმა აყარეს, კარდუხების ნაწილი კი ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შემდეგ გადმოსახლდა საქართველოში. თვითონ მუშქები (მოსხები, მესხები) მას მიაჩნია, “ფრიგიის ადგილობრივ მოსახლეობად”, სადაც ფრიგიელები წარმოადგენენ “მცირერიცხოვან მმართველ ინდოევროპულ ფენას”.

ი.მ. დიაკონოვიც ფიქრობს, რომ მუშქები (მესხები) სხვაა და ფრიგიელები – სხვა. მისი აზრთი, მუშქების ქართველთა ტომი შედიოდა ფრიგიის სამეფოს შემადგენლობაში და ასურელებმა ფრიგიის სამეფოს მუშქების სამეფო უწოდეს იმ ტომის მიხედვით, რომელიც მათ საზღვრებთან ყველაზე ახლო იმყოფებოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათ პერიფერიაზე. მაგრამ სხვა ადგილას იგივე ი. მ. დიაკონოვი აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში “მუშქების” ქვეშ, უეჭველია, სწორედ თრაკიულ-ფრიგიული შტოს ინდოევროპული ტომები უნდა იგულისხმებოდნენ, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ძველი ქართული ტერმინოლოგიით “მოსხებად” თუ “მესხებად” იწოდებოდნენ “დასავლური წარმოშობის ქართული ან გაქართველბული ტომები”, გამოსულნი იმ ტერიტორიიდან, რომელიც ერთ დროს ფრიგიის სამეფოს მფლობელობაში იმყოფებოდა. უძველეს წყაროებში მოხსენებულ მუშქებზე, რომელთაც ტიგლათფილესერ I ებრძოდა, ი. მ. დიაკონოვი ფიქრობს, რომ ისინი უნდა იყვნენ თრაკიულ-ფრიგიული ტომები, რომლებიც არ შევიდნენ შემდეგში წარმოქმნილ ფრიგიის სამეფოსა და ფრიგიელი ხალხის შემადგენლობაში. შეიძლება სწორედ ესენი იყვნენ ინდოევროპული სომხური ენის მატარებელი ტომები. ს. ერემიანიც ასევე ცდილობს ეს უძველესი მუშქები სომხებს დაუკავშიროს, თუმცა იგი საკუთრივ სომხური ენის მატარებლებად თვლის არა ფრიგიელ (მისიელ) მუშქებს, არამედ ამავე ტიგლათფილესერის მიერ მოხსენებულ ურუმიელებს, რომლებმაც, მისი აზრით, ძვ. წ. XII ს. მუშქებთან ერთად შექმნეს ერთი გაერთიანება – უძველესი “მუშქების სამეფო” ზემო მესოპოტამიაში.

უკანასკნელ ხანებში საზღვარგარეთის ორიენტალისტიკაში ახალი ძალით იჩინა თავი სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ მუშქების ფრიგიულობის შესახებ. ამას ბიძგი მისცა იმან, რომ მუშქების სამეფო დინასტიაში გავრცელებულ სახელწოდება “მითას” (“მიდასს”) ხეთურ–იეროგლიფური ეტიმოლოგია მოუძებნეს და აღმოჩნდა, რომ ამ სახელს ატარებდა, ჯერ კიდევ დიდი ხეთური სამეფოს არსებობის ხანაში, ე. ი. ფრიგიელთა მცირე აზიაში სავარაუდო გამოჩენამდე, აღმოსავლეთ მცირე აზიის ერთ-ერთი გაერთიანების - ფახუვას მმართველი. ზოგ მკვლევარში ამ ფაქტმა კვლავ გააცოცხლა ასოციაციები ქართველ მესხებთან და ცნობილმა ხეთოლოგმა ვ. კავენიაკმა XII ს. ზემო მესოპოტამიაში გამოჩენილი მუშქები ისტორიული საქართველოს სამხრეთ–დასავლეთი ოლქებიდან ჩამოსულად მიიჩნია.

ფახუვას მმართველ მითასთან ასოციაციის შედეგად მუშქებს ადგილობრივ აღმოსავლურმცირეაზიულ ელემენტად, ფრიგიულისაგან განსხვავებულად, მიიჩნევს აგრეთვე ფრიგიული სიძველეების გამოჩენილი მკვლევარი ე. აქურგალი.

მუშქების საკითხს ეხებოდა ამ სტრიქონების ავტორის ზოგიერთი ნაშრომიც; მათში იგი ცდილობდა დაეცვა მუშქების ქართულ სამყაროსთან კავშირის თვალსაზრისი.

უფრო მეტად დაივიწყა დასავლეთის ორიენტალისტიკამ XX საუკუნეში თაბალების ქართველობა და ქართულ იბერთა წინაპრად გამოცხადება. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ მცირე აზია გვიან ხეთურ ხანაში ხეთურ–იეროგლიფური წარწერებით აღმოჩნდა მოფენილი, საკმაოდ მოიკიდა ფეხი პირველად ე. ფორერის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ ხეთურ-იეროგლიფური ენა შეიძლება სწორედ თაბალების ენა იყო და თაბალები, მაშასადამე ინდოევროპელები უნდა ყოფილიყვნენ.

თაბალებისა და მუშქების “გაინდოევროპელებას” თავის დროზე ივ. ჯავახიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლეთ მეცნიერთა მიერ ამ თვალსაზრისის მიღებით “გაქრა ყველაფერი, რასაც ემყარებოდა უძველესი ეპოქის საქართველოს ისტორიის აგება”. ივ. ჯავახიშვილი შეეცადა პასუხი გაეცა ამ კითხვისათვის და ქართველთა ეთნოგენეზის საკითხი მჭიდროდ დაუკავშირა სხვა კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზს. ივ. ჯავახიშვილმა დიდი ენერგია შეალია ქართველური და სხვა კავკასიური (დაღესტნურ–ჩაჩნური, აფხაზურ–ადიღეური) ენების ნათესაობის ენათმეცნიერულ დასაბუთებას.მეორე მხრივ, კავკასიონს გადაღმა მდებარე ვრცელი მხარეების უძველესი ტოპო– და ეთნონიმიკის, ონომასტიკონის ანალიზის საფუძველზე წამოაყენა მტკიცება, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში აქ მცხოვრებ სკვით–სარმატებში ძირითადად ქართველთა მონათესავე ჩრდილოკავკასიური მოსახლეობა იგულისხმება. ამასთან დაკავშირებით მან უკვე სხვა კითხვა დასვა – არის თუ არა ჩრდ. კავკასია ამ ტომების პირვანდელი სამშობლო? ივ. ჯავახიშვილი ამ საკითხზე პასუხის გასაცემად იშველიებდა იმ გარემოებას, რომ “ჩრდილოკავკასიური” (აფხაზურ–ადიღღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური) სახელები თავს იჩენს ამიერკავკასიაშიც, და ასკვნიდა, რომ უძველეს ხანაში ამ ტომებს სწორედ სამხრეთ კავკასიაში უნდა ეცხოვრათ, კერძოდ, ადიღეველ ტომებს დაკავებული უნდა ჰქონოდათ დასავლეთ ამიეკავკასია, ისტორიული საქართველოს დასავლეთი ნაწილი, ხოლო მის აღმოსავლეთით უნდა ეცხოვრათ ჩაჩნურ–დაღესტნურ ტომებს. ამრიგად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მონათესავე ტომების მოძრაობა მიიმართებოდა სამხრეთიდან ჩრიდილოეთისაკენ. ამრიგად, ქართველებიც სამხრეთიდან უნდა იყვნენ მოსულნი. ამის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ყურადღებას აქცევდა იმ გარემოებას, რომ უძველესი ხანის მცირე აზიაში და ურარტუში გვხვდება სახელწოდებები იმგვარი სუფიქსებით (-ანდა, -ს/ს/ოს, -ახი, -ეხი, -უხი, -ხა, -აინი, -უნი, და ა. შ.), რომელნიც ისევე როგორც კავკასიის სხვა მხარეების ტოპონიმიკაში, მრავლად იჩენენ თავს საქართველოს ტოპონიმიკაშიც. ამიტომაც, ასკვნიდა ივ. ჯავახიშვილი, უნდა ვაღიაროთ, რომ მონათესავე ქართველური და სკვითურ–სარმატული (აფხაზურ-ადიღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური, -გ. მ. ) ტომები თავის გვიანდელ ადგილსამყოფელში შეიძლება მოხვედრილიყვნენ მხოლოდ სამხრეთიდან და თუბალ–თ-ბალები და მოსოხმუშქები არ შეიძლება ინდოევროპელები იყვნენ.

ივ. ჯავახიშვილის კონცეფციაში ყველაზე ძვირფასი არის ცალკეული ტოპონიმიკური ფაქტების ანალიზი, რომლებიც მიუთითებენ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ზოგიერთ აფხაზურ–ადიღეურ ან ჩაჩნურ–დაღესტნურ სახელწოდებათა არსებობაზე, ისევე როგორც ამგვარივე სახელების მეტად ფართო ტერიტორიაზე განფანტვაზე კავკასიონის იქითა მხარეში. მაგრამ ზოგიერთი სახელწოდების ახსნა არ არის დამაჯერებელი და საერთოდ არსებული ფაქტები, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში შედარებით გვიან ფიქსირებული მასალები, არ იძლევა საშუალებას, რომ უძველეს ხანებში ჯერ მთელი ამიერკავკასია და მერე მთელი ჩრდილოეთ კავკასია და უფრო ჩრდილოეთით მდებარე მიწები აფხაზურ–ადიღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური ტომებით დასახლებულად მივიჩნიოთ. მეტად არადამაჯერებელია ანალოგია საქართველოს და მცირე აზია-ურარტუს უძველეს სახელებს შორის დაბოლოებათა მიხედვით. ეს სუფიქსები ადვილი შესაძლებელია სულ სხვადასხვა წარმოშობისანი იყვნენ, ან, რადგანაც სამხრეთში მათი ენობრივი კუთვნილება თითქოს უფრო აშკარაა (ხური–ურარტულ ან ანატოლიურ–ინდოევროპული ფენების კუთვნილება ჩანს) ივ. ჯავახიშვილის მიერ მოტანილი ქართული ანალოგიები უფრო არაქართულენოვანი ეთნოსის უძველესი ბედ–იღბლის შესახებ მსჯელობისათვის შეიძლება გამოდგეს (ესენი იყვნენ სამხრეთ კავკასიის უძველესი მცხოვრებნი?), ვიდრე ქართველთა ეთნოგენეზისათვის.

ივ. ჯავახიშვილი თავის ერთ–ერთ უკანასკნელ ნაშრომში შეეცადა დაეთარიღებინა კიდეც ქართველი და სხვა კავკასიელი ტომების კავკასიაში სამხრეთიდან მოსვლა. დაეყრდნო რა ლეგენდარულ ცნობებს იბერების გადმოსახლების ან სკვითების მამამთავრის ცხოვრების დროის შესახებ, ივ. ჯავახიშვილმა მატერიალური კულტურის მონაცემებიც მოიშველია და აღნიშნა, რომ სკვითურ–სარმატულ მატერიალურ კულტურაში მრავლად გვხვდება ოქროსა და ბრინჯაოს ნივთები, ხოლო რკინა ცოტაა. მაგრამ მცირე აზიაში, საიდანაც სკვითები (ივ. ჯავახიშვილის მიხედვით) მოვიდნენ, უკვე XIV საუკუნიდან იცნობდნენ რკინას. როგორც ჩანს, აზიიდან სკვითებისა და სარმატების გადმოსახლების დასაწყისისათვის იგი ამ თარიღს აძლევს უპირატესობას, ხოლო ამ მოძრაობის ერთ–ერთი უკანასკნელი ტალღა – სამხრეთიდან ამიერკავკასიისაკენ წამოსულ ქართველ ტომთა უკანასკნელი ტალღა - მისი თქმით, “VII ს. ქ. წ. დაძრულა”.

აი, ასეთი სახე მიიღო საბოლოოდ ივ. ჯავახიშვილის კონცეფციამ ქართველი და სხვა კავკასიელი ტომების სამხრეთიდან გადმოსახლების შესახებ.

40–50–იანი წლების ქართულ საისტორიო და საენათმეცნიერო ლიტერატურაზე დიდი გავლენა იქონია აკად. ს. ჯანაშიას კონცეფციამ ქართველი ხალხის წარმოშობის შესახებ. ს. ჯანაშიამ ფაქტიურად მოხსნა თვალსაზრისი ქართველთა გადმოსახლების შესახებ. “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელოში, რომელიც პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა, ს. ჯანაშიას კონცეფცია ასეთი სახით არის წარმოდგენილი: ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველ მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან. უძველეს დროში, დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ, წინა აზიის უზარმაზარ მიწა–წყალზე და სამხრეთ ევროპაშიც (ბალკანეთის, აპენინისა და პირენეს ნახევარკუნძულებზე) ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ. შემდეგ ამ მოდგმის ხალხთა ადგილსამყოფელი თანდათან იზღუდებოდა. ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგისათვის წინა აზიის მკვიდრი ხალხებიდან ცნობილი იყვნენ ხეთები და სუბარები. ხეთა–სუბარები ქართველ ტომთა წინაპრები არიან. ხეთები მცირე აზიაში მოსახლეობდნენ, სუბარებს კი ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოყოლებული კავკასიონამდე. ამ ხეთა–მითანის სამეფოების ხანაში კავკასიის მიწა–წყალი ხეთურ–სუბარული მოდგმის მოსახლეობას ეკავა. საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისი საუკუნეებისათვის ჩამოყალიბდა კულტურის ორი წრე – დასავლური და აღმოსავლური, რომლებიც ქართველი ტომების ორ გაერთიანებას შეესაბამებოდა – დასავლურქართულსა და აღმოსავლურქართულს. ამავე ხანებში, სამხრეთში, წინა აზიაში, ასურეთი გაბატონდა, ხოლო ხეთურ-სუბარული მოსახლეობა მრავალ წვრილ სამთავროდ დაიქსასქსა. ხეთურ-სუბარული ტომებიდან უფრო ძლიერნი ყოფილან მუსკები, მერმინდელი მესხები, IX საუკუნეში კი ყველაზე უფრო ენერგიულ ბრძოლებს ასურელებს თუბალები უმართავენ. ძვ. წ. IX-VIIსს. ხეთურ–სუბარულმა ტომებმა ახალი ძლიერი სახელმწიფო შექმნეს – ურარტუ. აქვე, მეზობლად არსებობდა ხეთურ–სუბარული სამეფო მანა. მალე სამხრეთის ეს ხეთურ–სუბარული სახელმწიფოები განადგურდნენ, მაგრამ უკვე ძვ. წ. VI საუკუნისათვის სუბარეთის ჩრდილოეთი რაიონების, კერძოდ, დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა იმდენად იყო დაწინაურებული, რომ სახელმწიფო ორგანიზაციისათვის საჭირო ნიადაგი არსებობდა. ამიტომაა, რომ, როცა ურარტუს სამეფო დაემხო და მისი ცენტრი ვანის ტბის პირას მოისპო, სახელმწიფოებრივმა ცენტრმა უფრო ჩრდილოეთისაკენ გადმოინაცვლა. აქ ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფოები: კოლხეთი და იბერია.

როგორც ვხედავთ, ს. ჯანაშიას კონცეფციაში აღარაა ლაპარაკი რაიმე გადასახლებათა შესახებ და ფაქტიურად ძველიდანვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ტომების ადგილობრივი განვითარებაა ნაგულისხმევი. მართალია, იგი ლაპარაკობს ხეთურ–სუბარული ცენტრების ჩრდილოეთისაკენ თანდათანობით გადმონაცვლებაზე, მაგრამ ამაში მონათესავე ტომების გავრცელების არეში ერთთა განადგურებისა და მეორეთა დაწინაურების გარდა ხელშესახები არაფერი იგულისხმება, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით მოსაზრებას არიან-ქართლიდან (ე.ი. ჰარი–ქვეყნიდან) საქართველოში ხალხის გადმოსახლების შესახებ სადღაც ჩრდილო მესოპოტამიიდან, რადგანაც, ს. ჯანაშიას თქმით, “სუბარების ქვეყნის სამხრეთ რაიონებს ჰარის ეძახდნენ”, ხოლო “სუბარებს...ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოყოლებული კავკასიონამდე”.

ს. ჯანაშიას კონცეფციამ ძლიერი გავლენა იქონია ქართველ ისტორიკოსებზე, არქეოლოგებზე, ეთნოგრაფებზე, ენათმეცნიერებზე. სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრება იწყო მის მიერ შემოტანილმა ტერმინებმა: “ხეთურ–იბერული ხალხების ჯგუფი” (პირენეს იბერები, ეტრუსკები აპენინის ნახევარკუნძულზე) ბალკანეთის პელაზგები, შუმერები, ხეთები და სუბარები (ხურიტები), ურარტუ, მუშქები და თაბალი, ქართველები და სხვა კავკასიელი ხალხები და ა. შ.

ქართველთა წარმომავლობაზე თავისი კონცეფციის ამოსავლად ს. ჯანაშიამ გაიხადა XIXს. დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში პოპულარული იდეა ქართველთა მონათესაობის შესახებ ძველი აღმოსავლეთის მთელ რიგ ხალხებთან.

ეს საკითხი წამოიჭრა, ერთი მხრივ, ქართული და სხვა კავკასიური ენების შესწავლის, ხოლო, მეორე მხრივ, აქამდე უცნობი წინააზიური ენებისა და ხალხების აღმოჩენის ნიადაგზე. ევროპელი მეცნიერები უკვე XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაინტერესდნენ კავკასიური, კერძოდ, ქართველური, ენებით. ცნობილი ენათმეცნიერი ფრ. ბოპი 1847 წელს გამოვიდა მტკიცებით, რომ ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახს ეკუთვნის. ასეთივე დებულება წამოაყენა ჯერ კიდევ 1834 წელს დიდმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ. სამაგიეროდ, მ. მიულერმა 1855წ. წარმოადგინა მტკიცება, რომ კავკასიური ენები თურანული (ე. ი. თურქულ–თათრული) ენების შორეული მონათესავენი არიან, ხოლო უკვე 1888 წლიდან ნ. მარი ცდილობდა ქართველური ენების სემიტურ ენებთან ახლო მონათესაობა დაესაბუთებინა. შემდგომმა კვლევა–ძიებამ უცილობლად გვიჩვენა ყველა ამ მტკიცების უსაფუძვლობა. უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ჯერ კიდევ 1864 წ. გამოთქმული დებულება (ფრ. მიულერი), რომ კავკასიური (“იბერიულ–კავკასიური”) ენები არ ენეთესავება არც ინდოევროპულსა და არც ურალურ–ალთაურ (თურქულ–თათრულ) ენათა ოჯახებს, ისინი, ბასკურთან ერთად, ნარჩენია ოდესღაც მრავალრიცხოვან ენათა ოჯახისა, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიის მიწა-წყალზე და მის სამხრეთით ჯერ კიდევ მანამ, სანამ აქ ინდოევროპული, სემიტური თუ ურალურ-ალთაური ენები გავრცელდებოდნენ. ქართველი მეცნიერებიდან ინდოევროპულთან ან თურანულთან ნათესაობის წინააღმდეგ ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა პროფ. ალ. ცაგარელმა, რომელმაც ქართული ასევე ცალკე, ამათგან განსხვავებული, ენობრივი ჯგუფის ნაშთად მიიჩნია.

XIX საუკუნის მეორე ნახევრის ევროპული აღმოსავლეთმცოდნეობა დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე მკვლევართა წინაშე წამოიმართა უძველესი ხალხების მთელი წყება, რომელნიც ერთ დროს უდიდეს როლს ასრულებდნენ. ესენი იყვნენ შუმერები, ხეთები, ელამელები, ურარტელები, მითანელები; მკვლევართა ხელში აღმოჩნდა წერილობითი ძეგლები შუმერულ, ელამურ, ურარტულ და მითანურ ენებზე. არც ერთი ამ ენათაგანის დაკავშირება ამ დროის კარგად ცნობილ ენათა ოჯახებთან (ინდოევროპული, სემიტური, ურალურ–ალთაური) არ ხერხდებოდა. ამავე დროს, კავკასიაში გამოვლინდა თავისებურ ენათა ჯგუფი, რომელსაც საერთო ნიშანი ჰქონდა ძველ ენებთან იმით, რომ ისიც არ ენეთესავებოდა არც სემიტურს და არც ურალურ–ალთაურს. გაჩნდა ცთუნება მტკიცებისა, რომ ძველი აღმოსავლეთის ეს უცნობი წარმომავლობის ენები ქართულისა და სხვა კავკასიური ენების მონათესავენი უნდა ყოფილიყვნენ, მით უმეტეს, რომ ცალკეულმა მკვლევარებმა თითქოს იწყეს კიდეც მათ შორის მსგავსებათა მიგნება... ამ ჰიპოთეტურ ჯგუფს მიაკუთვნეს აგრეთვე ხეთები – მცირე აზიის უძველესი მოსახლეობა, რომელთა ენისა თუ ენების შესახებ ამ დროს თითქმის არაფერი იცოდნენ. კვლევა–ძიების ამ მიმართულებით წარმართვის შედეგად, დიდი პოპულარობა მოიპოვა აგრეთვე თვალსაზრისმა, რომ საბერძნეთში, იტალიასა და ხმელთაშუაზვიპირეთის ზოგ სხვა რაიონში ინდოევროპელები საკმაოდ გვიან მოვიდნენ, ხოლო ამ ადგილების უძველესი მცხოვრებნი – პელაზგები, ეტრუსკები, იბერები და სხვ. აგრეთვე ენებისა და ხალხების იმ დიდ ჯგუფს უნდა ეკუთვნოდნენ, რომელსაც ქმნიდა კავკასიური და ძველი აღმოსავლეთის ზემოდასახელებული ენების და ხალხების ჯგუფი. მკვლევარებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა სახელწოდებით აღენიშნათ კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობა. ძველი აღმოსავლეთის ისტორიასა და ეთნოლოგიაში ფუნდამენტალური ნაშრომების ავტორმა ფ. ჰომელმა ამ ჯგუფს “ხალხთა ალაროდიული ოჯახი” უწოდა. ამ ოჯახში, მისი თქმით, შედიოდნენ: ა) ელამელები და კასიტები: ბ)ურარტელები, რომელთა შთამომავლებს წარმოადგენენ: ქართები, მეგრელები, ლაზები და სვანები; გ) მცირე აზიის უძველესი მცხოვრებნი; დ) პელაზგები და ეტრუსკები; ე) ესპანეთის იბერები, რომელთა ნაშთია თანამედროვე ბასკები; ვ) აფრიკის ლიბიელები – ალბათ ესპანელი იბერების ერთი განშტოება. სხვა ევროპელმა გამოჩენილმა ისტორიკოსებმა (მაგალითად ლენორმანმა მასპერომ და სხვ.), როგორც უკვე აღვნიშნეთ, უშუალოდ ქართველ ტომთა წინაპრებად მიიჩნიეს ასურელი წყაროებით მცირე აზიაში ძვ. წ. XII–VIIსს. დამოწმებული თაბალები და მუშქები (მერმინდელი იბერებისა და მესხების წინაპრები). კოლხებსაც მოეძებნათ აქვე წინაპარი ქაშქების სახით და ა. შ.

ეს თვალსაზრისი თავის დროზე ევროპის ყველაზე მოწინავე მეცნიერებას და მეცნიერებს ეკუთვნოდა და ამ დროისათვის ყველაზე ბუნებრივ ჰიპოთეზად გამოიყურებოდა.

ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისმა მეტად ძლიერი გავლენა იქონია ახალგაზრდა ქართულ მეცნიერებასა და მის წარმომადგენლებზე. XIX საუკუნის მეორე ნახევარი სწორედ ის დროა, როდესაც უაღრესად გაძლიერდა ქართველი საზოგადოების მოწინავე წრეების ინტერესი თავისი ხალხის ისტორიული წარსულისადმი, მშობლიური ენის, ლიტერატურისა და საერთოდ კულტურისადმი. ამაშიც თავი იჩინა ქართველი ხალხის კონსოლიდაციის პროცესმა, რომელმაც ქართველი ბურჟუაზიული ერის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა. ქართველთა ეროვნული კონსოლიდაცია საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობდა. ცარიზმი, რომელიც რუსეთის იმპერიის ყველა ხალხის გარუსებას, მათი ეროვნული თავისებურების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად, ბუნებრივია, სიმპათიით ვერ შეხვდებოდა ეროვნული თვითშეგნების გაცხოველების პროცესს. მეორე მხრივ, ქართველთა ეროვნული კონსოლიდაციის პროცესისადმი ანტაგონისტურად განწყობილი აღმოჩნდა აგრეთვე ძლიერი სომხური ბურჟუაზია, რომელიც გაბატონებულ მდგომარეობას აღწევს ამ ხანის საქართველოში და კავკასიის ზოგ სხვა რაიონში. გვიანი შუა საუკუნეების შავბნელ პირობებში ქართველ ხალხში გამოცოცხლებული პარტიკულარისტული ტენდენციების ლიკვიდაციის ამ პერიოდში ცარიზმი ამ პარტიკულარიზმის დამცველად და მფარველად გვევლინება, “ზრუნავს” მაგალითად, მეგრელთა განათლების მოწყობაზე მეგრულსავე ენაზე (რა თქმა უნდა, მხოლოდ საწყის კლასებში) და “იცავს” მათ “უცხო, ქართული” ენისაგან. მეორე მხრივ, იბეჭდება წერილები, სადაც შებღალულია ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა, ამტკიცებენ, რომ ამ ხალხს თავისი მაინცდამაინც არც ისტორია და არც კულტურა არ გააჩნია და კულტურასა და მწერლობას იგი სხვათა გავლენით გვიან ეზიარა. ბუნებრივია, რომ ქართველი ხალხის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურთათვის იმ დროის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ (იხ. ზემოთ) მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების, მისი თავისთავადობისა და ასიმილატორთა შემოტევისაგან დაცვაში. ამ მხრივ დიდი როლი შეასრულა ილია ჭავჭავაძის გამოსვლამ გასული საუკუნის 80–90–იან წლებში პოლემიკური წერილების სერიით, სადაც, სწორედ იმ დროის გამოჩენილი ევროპელი მკვლევარების ნააზრევის საფუძველზე იწყო მგზნებარე პუბლიცისტური მტკიცება იმისა, რომ თვით ლურსმულით ნაწერი ქვანიც კი ღაღადებენ იმათ წინააღმდეგ, ვისაც სურს ქართველი ხალხის მდიდარი ისტორიული წარსული უარყოს და შებღალოს. ამ საქმეში ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლად გვევლინება XIX ს. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე. საქართველოსა და ქართველი ხალხის წარსულის თაობაზე გაშლილმა კამათმა დიდი გავლენა მოახდინა ქართველ ინტელიგენციაზე. აზრმა ქართველთა განთქმული ძველაღმოსავლელი წინაპრების შესახებ ღრმად გაიდგა ფესვი განათლებულ ქართველ საზოგადოებაში. დიდი ჩეხი მეცნიერი, ხეთური წარწერების პირველი ამომკითხველი ბედრიხ ჰროძნი, როდესაც 1936 წელს ეწვია თბილისის უნივერსიტეტს, აღნიშნავდა, რომ მას თბილისში პირდაპირ პატრიოტული ინტერესი დახვდა მისი კვლევის საკითხის – ხეთების პრობლემის – მიმართ. მან, ჩანს, არ იცოდა, რა ღრმა საფუძველი ჰქონდა ამ ინტერესს და ოდნავ გაკვირვებული იყო ამით. ახალი ბიძგი ამ წარმოდგენებს მიეცა, “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელოს გამოსვლით 1943 წელს, სადაც, როგორც ზემოთ დავინახეთ, ს. ჯანაშიას თვალსაზრისის განხილვასთან დაკავშირებით, გატარებული იყო იგივე ტრადიციული თვალსაზრისი ქართული და ძველაღმოსავლური სამყაროს ნათესაობის შესახებ და იმ ჰიპოთეტური ერთობის აღსანიშნავად, რომელიც მოიცავდა ყველა დასახელებულ თანამედროვე, ცოცხალ თუ მკვდარ ენებს, შემოტანილი იყო “ხეთურ–იბერულ ენათა (ხალხთა) ოჯახის” ცნება.

ამგვარად, ქართველი და სხვა კავკასიელი ხალხების წარმოშობის საკითხი ძირითადად უძველესი წერილობითი წყაროების ჩვენებათა და ენობრივი მონაცემების საფუძველზე წყდებოდა, მაგრამ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც კავკასიაში პირველი არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, დაისახა ახალი პერსპექტივა: კავკასიელ ხალხთა წარმოშობის შესახებ მსჯელობა გაშლილიყო განსხვავებული, არქეოლოგიური მასალის საფუძველზე.

ბრინჯაოსა და ადრეული რკინის კულტურის გამოჩენას კავკასიაში ბევრი მკვლევარი სხვა მხარეებიდან ხალხთა გადმოსახლებით ხსნიდა. რ. ვირხოვის მიხედვით, კავკასიაში ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი კულტურა უეცრად წარმოიშვა ძვ. წ. XI-Xსს. მის წყაროდ რ. ვირხოვს შუა აზია მიაჩნდა.

ი. შანტრი იცავდა მოსაზრებას, რომ ადრეული რკინის ხანის კულტურა კავკასიაში სამხრეთ მესოპოტამიიდან მოსულმა გრძელთავიანმა მონღოლურ-სემიტურმა თუ სემიტურ–კუშიტური მოდგმის ხალხმა მოიტანა.



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ქართველთა წინაპრები   Sep 3 2007, 05:07 PM
nini_1   freethought უკეთეს მასალ...   Sep 3 2007, 08:59 PM
abo   როგორც ოდითგანვე ს...   Sep 3 2007, 11:12 PM
ნათია   [color=#3366FF][b]ქართველები ...   Sep 3 2007, 11:36 PM
nini_1   დავიწყებ კოლხეთის ...   Sep 4 2007, 12:04 AM
nini_1   დიაოხის (დიაენის, ტ...   Sep 4 2007, 01:07 AM
abo   დიდ ყურადღებას აღა...   Sep 4 2007, 03:14 AM
tamara   http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/5/...   Sep 4 2007, 03:57 AM
ნათია   http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/5...   Sep 4 2007, 11:14 AM
nini_1   იბერიის (ქართლის) ს...   Sep 4 2007, 04:29 AM
nini_1   ქართლის ერისმთავრ...   Sep 4 2007, 06:03 AM
staywhite   თქვენ გეიხარეთ :მპ...   Sep 4 2007, 07:07 AM
nini_1   აბა გავაგრძელოთ სა...   Sep 4 2007, 08:48 AM
nini_1   ჰერეთის სამეფო ...   Sep 4 2007, 10:47 AM
მამფალი   მე ვემხრობი დუმბაძ...   Sep 4 2007, 10:57 AM
nini_1   ნათ ეხლა მე გავაგრ...   Sep 4 2007, 11:40 AM
nini_1   გაგრძელება ჟ. დე-მ...   Sep 4 2007, 01:00 PM
tamara   :)   Sep 4 2007, 01:29 PM
abo   კარგი მეგობრებო ამ...   Sep 4 2007, 08:59 PM
nini_1   ნამდვილად გვჭირდ...   Sep 5 2007, 12:19 AM
nini_1   ვაგრძელებთ დაწყებ...   Sep 5 2007, 12:34 AM
nini_1   ისევ გაგრძელება ქ...   Sep 5 2007, 06:57 AM
ზებედე   nini_1 ყოჩაღ, რამდენი დ...   Sep 5 2007, 07:29 AM
nini_1   [/quote] ასე მალე წაიკი...   Sep 5 2007, 07:31 AM
nini_1   ხოოოდა ეხლა მათ, ვი...   Sep 5 2007, 11:41 AM
Sotiris   მაინტერესებს თანა...   Sep 6 2007, 05:29 PM
ketino   nini_1 შენი ფანი ვარ :D ...   Sep 6 2007, 07:24 PM
nini_1   ქეთინო :) კომპიუტე...   Sep 7 2007, 09:57 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 05:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი