![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ქრისტეშობამდე Vს-ის ბერძენი ისტორიკოსი, "ისტორიის მამად" წოდებული, ჰეროდოტე აცხადებდა: "ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან, ამას მე თვითონ მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ასე ვიტყოდი, და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე მათ კოლხები..."
მეგასთენე (ქრისტეშობამდე IIIს.), დიონისიოსი (ქრისტეშობამდე Iს.), აპიანე ალექსანდრიელი (ქრისტეშობიდან IIს.) ეუსებიოს კესარიელი (ქრისტეშობიდან IVს.) და სხვები ირწმუნებოდნენ, რომ იბერიებელი პირენეიდან გადასახლდნენ კავკასიაში. ბერძენი მეცნიერი სტრაბონი ამტკიცებდა, რომ "დასავლელი იბერები გადასახლდნენ პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ადგილებში... ეგვიპტელები გადასახლდნენ ეთიოპელებთან და კოლხებთან". ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იბერებისა და მესხების წინაპრებად მიიჩნევდა ბიბლიაში მოხსენიებულ "თობელსა" და "მოსოხს". "თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ. მოსოხენები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ". ძველი ასურული ლურსმუნი წარწერების თანახმად (ქრისტეშობამდე XIII-VIIIს.ს.) ბიბლიური თობელი და მეშეხი ქრისტეშობამდე II-I ათასწლეულებში მცირე აზიაში დიდი სამეფოების მკვიდრნი იყვნენ. ამ თვალსაზრისით, ეს იყო ქართველთა წინაპრების სამეფოები და მათი მოსახლეობა, ე.ი. ქართველობა, კავკასიაში მას შემდეგ გადასახლდა, რაც მცირე აზიაში ეს ქართული სახელმწიფოები გაანადგურეს. ეს მოხდა ქრისტეშობამდე VIII-VIIსს-ში. ცნობილი ისტორიკოსები ლენორმანი, მასპერო და სხვები ქართველების (იბერებისა და მესხების) წინაპრებად მიიჩნევდნენ ასურულ წყაროებში მოხსენიებულ თაბალებსა და მუშქებს. ამათ დაემატნენ ქაშქები (ასურული წყაროების თანახმად, ისინი სახლობდნენ აღმოსავლეთ მცირე აზიაში; მოგვიანებით გაირკვა, რომ ხეთური წყაროებიც ხშირად იხსენიებენ მათ), რომლებსაც კოლხების წინაპრებად თვლიან. ქართველებად მიიჩნევენ აგრეთვე ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს მიერ ზემო მესოპოტამიაში (ისტორიულ "გორდუენეს", კორდუქის მიწა-წყალზე) მოხსენიებულ კარდუხებს, რომელთა სახელი ძლიერ ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს ("ქართუ"). კ. ფ. ლემანჰაუფტის თანახმად, ქართები (იბერები) ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართველები კავკასიაში სამხრეთიდან (მცირე აზიიდან) გადასახლდნენ, ფართოდ გავრცელდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სხვებთან ერთად ეს მოსაზრება ივ. ჯავახიშვილმაც გაიზიარა. გამოჩენილმა ისტორიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ქართველთა კავკასიაში გადასახლების შესახებ აზრი ფაქტობრივად მოხსნა, რაც სრულად დაასაბუთა ბ. კუფტინმა თავისი ბრწყინვალე არქეოლოგიური აღმოჩენებით. მან საქართველოს არქეოლოგიური მასალა ფართოდ - წინა აზიის, ხმელთაშუა ზღვისპირეთისა თუ ევროპისარქეოლოგიური მასალის ფონზე განიხილა. იგი ენერგიულად იცავდა ქართული კულტურის ადგილობრივი განვითარების იდეას. ს. ჯანაშიას კონცეფციით არავითარ გადასახლებაზე საუბარი არ შეიძლება: ქართველები ძველთაგანვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვრცელ ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ. XIXს-ის მიწურულიდან მეცნიერები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვრცელი ტერიტორიის კვლევისას გამოვლინდა მთელი რიგი უძველესი ხალხებისა, რომელნიც ერთ დროს დიდ როლს ასრულებდნენ: შუმერები, ხეთები, ელამელები, ურარტუელები, მითანელები (ხურიტები); მათი ენების იმ დროის კარგად ცნობილი ენათა ოჯახებთან (ინდოევროპული, სემიტური, თურქულ-მონგოლური) შეჯერაბა არ ხერხდებოდა. გაჩნდა მოსაზრება ამ ენების კლასიკურ, კერძოდ, ქართულთან მსგავსების შესახებ. დაიწყეს ფიქრი, რა სახელით აღენიშნათ კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობა. ცნობილმა მკვლევარმა ფ. ჰომელმა ამ ჯგუფს "ხალხთა ალაროდიული ოჯახი" უწოდა. ეს ხალხები ქართველებს დაუკავშირეს. ეს თვალსაზრისი ყველაზე ბუნებრივ ჰიპოთეზად გამოიყურებოდა. მაგრამ იმ დროისათვის რუსეთის იმპერია და მასთან ერთად XIXს-ში საქართველოსა და კავკასიის ზოგ სხვა რეგიონში მომძლავრებული სომხური წრეები მტრულად შეხვდნენ ამ განწყობილებებს. ბეჭდავდნენ წერილებს, სადაც შებღალული იყო ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა, ამტკიცებდნენ, რომ ამ ხალხს არ გააჩნია თავისი ისტორია. თავისი კულტურა და რომ ქართველობა კულტურასა და მწერლობას სხვათა გავლენით გვიან ეზიარა. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებისთვის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისთვის და ასიმილატორთა შემოტევისგან დაცვაში. ამ მხრივ, განუზომელია ილია ჭავჭავაძის პოლემიკური წერილების მნიშვნელობა. P.S. თუ ვინმეს მოგეპოვებათ უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი ქართველთა წარმომავლობის შესახებ გთხოვთ მომაწოდოთ.... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
ვაგრძელებთ დაწყებულ თემას
უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე ჩვენი ცოდნა საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის მოსახლეობის უძველესი ისტორიის შესახებ მნიშვნელოვნად გამდიდრდა და გაღრმავდა. ბევრი რამ ახალი მოგვცა ფართო მასშტაბით წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. დიდად დაწინაურდა აგრეთვე ამ მხარეების ძველისძველი მოსახლეობის ენებისა და ისტორიის კვლევა-ძიება. ამჟამად შესაძლებელია უფრო კონკრეტულად, მასალების უფრო ფართო წრის (საისტორიო წყაროები, ენობრივი მონაცემები, მატერიალური კულტურის ფაქტები) მოშველიებით ვიმსჯელოთ ქართველთა წარმომავლობისა და ქართველი ხალხის ეთნიკური განვითარების ძირითადი ეტაპების შესახებ. ამა თუ იმ ხალხის წარმომავლობის დასადგენად უპირველესი მნიშვნელობა აქვს მისი ენის ბუნების, მონათესაობის დადგენას. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ გავრცელებული თვალსაზრისი ქართულსა და მის მონათესავე სხვა ქართველურ ენებს (მეგრულ–ჭანურს (მას ზანურსაც ეძახიან) და სვანურს) განიხილავს ენათა უფრო დიდი ოჯახის – იბერიულ–კავკასიურ ენათა ოჯახის ერთ–ერთ წევრად. მასში ქართველურ ენებს გარდა ათავსებენ ჩრდილო-დასავლურკავკასიურ (აფხაზურ–ადიღეურ) და ჩრდილო–აღმოსავლურკავკასიურ (ჩაჩნურ–დაღესტნურ) ენებს. ამასთანავე, ფიქრობენ, რომ ამ ენებს, შესაძლებელია, ენათესავება ბასკური და, აგრეთვე ძველი აღმოსავლეთის ზოგიერთი მკვდარი ენა (შუმერული, ხურიტული, პროტოხეთური, ელამური). მართლაც, ეს ენები ავლენენ ზოგ საერთო ნიშანს გრამატიკულ წყობაში და სხვ. ამიტომაც თავისთავად მოსაზრებას კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ, ისევე როგორც მათ მონათესაობას წინა აზიის მკვდარ ენებთან, როგორც მეცნიერულ ჰიპოთეზას, არსებობის უფლება აქვს და მომავალმა კვლევა–ძიებამ ამ მხრივ, შეიძლება, დიდი პერსპექტივები გადაგვიშალოს. მაგრამ ამ სავარაუდებელი ნათესაობის ჩვენება დღესდღეობით მეტად საძნელო ამოცანად არის ქცეული. ისტორიულ-შედარებითი მეთოდის საფუძველზე ამ ნათესაობის ჩვენება ჯერჯერობით არ ხერხდება. აღნიშნული ენები ერთმანეთთან მნიშვნელოვან დამთხვევებს ძარითადად ტიპოლოგიური თვალსაზრისით ავლენენ. თავისთავად ასეთი ტიპოლოგიური სიახლოვე შეიძლება გენეტური ნათესაობის შედეგიც იყოს და არც იყოს. მაგრამ, რადგანაც საქმე ეხება მეზობელი ხალხების ენებს, რომელთაც ხანგრძლივი ისტორია უნდა გაევლოთ, ძალზე ადრე აქვთ მოპოვებული ენობრივი ინდივიდუალობა და სხვ., გამორიცხული არ არის, რომ ეს ტიპოლოგიური ერთობა ოდესმე, ძალზე ადრე, არსებული გენეტური ერთობის ნაშთი იყოს. უკვე გამოჩენილი ფრანგი ენათმეცნიერი ა. მეიე თვლიდა, რომ ის ჰიროთეტური ენობრივი ერთობა, საიდანაც თანამედროვე კავკასიური ენები, ბასკური და აგრეთვე წინა აზიის ზოგი მკვდარი ენა იღებენ სათავეს, თუკი ის ნამდვილად არსებობდა, ენობრივ ერთობას ალბათ ძალზე ადრეულ ხანაში, ძვ. წ. V-IVათასწლეულში და, შეიძლება კიდევ უფრო ადრე ქმნიდა. ამიტომ მას საერთოდ ეჭვი შეჰქონდა ჩვენი დღევანდელი მეთოდებითა და ცოდნით ამ ენობრივი ერთობის არსებობის დასაბუთების შესაძლებლობაში. თუ მართლა ასეთი ჰიპოთეტური ერთობა ამ 7 და კიდევ უფრო მეტი ათასი წლის წინ არსებული რეალობა იყო, გასაგებია, რა მარტივ მასალას უნდა განეცადა თავის დროს დიფერენციაცია. ბუნებრივია, იგი შემდეგი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე თითქმის გაუჩინარდა კიდეც ამ ერთობის მემკვიდრე ენებში. ამრიგად, თუნდაც რომ ვაღიაროთ იბერიულ–კავკასიური ენობრივი ერთობის არსებობა, მისი მოთავსება ქრონოლოგიურად ძალზე ადრეულ, ახალი ქვის (ნეოლითის) ხანაში მოგვიწევს. ზოგიერთი არქეოლოგი (კერძოდ, პროფ. ე. კრუპნოვი, რ. მუნჩაევი) ცდილობს ე. წ. მტკვარ–არაქსის კულტურის მატარებლად, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიასა და მახლობელი აღმოსავლეთის მომიჯნავე რაიონებში ძვ. წ. III ათასწლეულში, იბერიულ-კავკასიური ეთნიკურ ერთობის ნაკვალევი დაინახოს (ამ არქეოლოგიური კულტურის მატარებელი ტომები, მატერიალური და სულიერი კულტურის მიხედვით და ალბათ ენითაც ერთმანეთთან მეტად ახლო მდგომნი ჩანან). მაგრამ, თუნდაც რომ ვაღიაროთ ოდესღაც იბერიულ–კავკასიური ენობრივი ერთობის არსებობა, ასეთის მოთავსება ძვ. წ. III ათასწლეულში შეუძლებელია. ისეთი მტკიცე ერთობის არსებობა, როგორსაც ჩვენ კულტურის მონაცემების მიხედვით მტკვარ–არაქსის კულტურის მატარებელი ეთნიკური მასივისაგან მოველით, სავარაუდებელი კავკასიური (იბერიულ–კავკასიური) ერთობა ნამდვილად ვერ იქნებოდა. ასე შედარებით გვიან და ისიც საკმაოდ განვითარებული ცხოვრების პირობებში ამგვარი ერთობა რომ არსებულიყო, უეჭველია, მისი აღდგენა ენობრივი მასალის საფუძველზე ესოდენ რთული და გადაუწყვეტელი ამოცანა ვერ იქნებოდა, როგორადაც იგი დღეს გამოიყურება. მკვლევართა აზრით, ძვ. წ. III ათასწლეულში უკვე არსებობდა”იბერიულ–კავკასიუ ი” ენების ცალკეული ჯგუფები (საერთო–ქართველური, საერთო–დაღესტნური). უკვე II ათასწლეულის დასაწყისისათვის, ამ მკვლევართა აზრით, უნდა დაწყებულიყო საერთო–ქართველური ფუძეენიდან სვანურის გამოცალკევების პროცესი, ხოლო ქართულ–ზანური ენობრივი ერთობის დაშლის დასაწყისი ძვ. წ. VIII საუკუნით უნდა დათარიღდეს. ეს მოსაზრება ემყარება ქართველურ ენათა მასალის ანალიზს ე. წ. გლოტოქრონოლოგიური მეთოდით. რა თქმა უნდა, ამ მეთოდით მიღწეული აბსოლუტური მაჩვენებლები შეიძლება სადავო იყოს; უფრო მეტი დამაჯერებლობა ექნება ამ საკითხის გადაწყვეტას უძველესი ნასესხები ლექსიკის, ტოპო- და ეთნონიმიკის მონაცემების საფუძველზე. ის მცირეოდენი, რაც გაკეთებულია ამ მხრივ, თითქოს ადასტურებს ქართველურ ენათა დიფერენციაციის ზემომოტანილ დათარიღებას. კერძოდ, ირკვევა, რომ ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებისათვის ქართულ–ზანური ერთობა უკვე დაშლილი უნდა ყოფილიყო, მაშასადამე, სვანურის გამოყოფა საერთო–ქართველურიდან კიდევ უფრო შორეულ ხანაშია სავარაუდებელი. ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე, როგორც ჩანს, ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს უკვე უნდა ჰქონოდა საკუთარი სახე. ამ დროს უნდა არსებულიყო ქართველურ ენათა ფუძეენა, რომლის წიაღში მხოლოდ დიალექტური სახის განსხვავებანი თუ იყო ჩასახული. ამ უძველეს ქართველურ ჯგუფზე შეიძლება წარმოდგენა შევიქმნათ იმ ლექსიკური მასალის საფუძველზე, რომლის არსებობაც უკვე საერთო–ქართველურის, ე. ი. ფუძეენის დონეზე (ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე?) ივარაუდება. უძველესი ქართველური ჯგუფის ადგილსამყოფელის განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება ფუძეენაში არსებული მცენარეულის ან ცხოველთა და სხვ. მისთ. სახელების გათვალისწინებას. ამით ჩვენ გავეცნობით იმ ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ცხოვრობდა ქართველური ფუძეენის მატარებელი კოლექტივი და, მაშასადამე, საშუალება მოგვეცემა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ სად შეიძლება ყოფილიყო ამგვარი გარემო, ე. ი. სად უნდა ვივარაუდოთ ქართველი ტომების წინაპარი ამ უძველესი ეთნიკური ჯგუფის ადგილსამყოფელი. ქართველურ ენებში დაცული კანონზომიერი დერივატების მიხედვით საერთო–ქართველურ დონეზე ივარაუდება მცენარეულის სახელები: ანწლ-, ბრყენ-, (პანტა), გვიმრა, ვაშლ -, ვერხვ-, მარწყ-, მსხალ-, სხმარტლ-, (ზღმარტლი), სოკო, ქრცხამლ- (რცხილა), ძაცხვ- (ცაცხვი)- ძეწვნ-,(ტირიფი), წიფლ-, (წიფელი), წყავ-, (Laurocerasus officinalis‚ лавровишня) და სხვ. საერთო-ქართველურში ყოფილა სახელწოდებები: არჩვის, დათვის, კვერნის, თხის, ვაცის, ორბის (არწივი), მელიის და სხვ. ასეთი ფლორა და ფაუნა კარგად ეგუება კავკასიის მიწა-წყალს, უფრო მეტად მის მთიან ზოლს. ამიტომაც ქართველური ჯგუფის ადგილსამყოფელი ამ დროისათვის მაინც თამამად შეიძლება კავკასიისავე მიწა–წყალზე ვივარაუდოთ. საერთო–ქართველურის ეპოქიდან მოდის მესაქონლეობასათან დაკავშირებული მრავალი ტერმინი (დჴა-თხა), ვაც-, მატყლ-, ფურ-, ჴამლ –(ტყავი), ჴან- (ხარი), ძაღლ -, ყვერ -, (ს) ძე (რძე), ყველ -და სხვ.), ისევე როგორც მეფრინველეობასა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ტერმინი. ასეთივე ტერმინოლოგიური მონაცემებით მომდევნო, ქართულ–ზანურ, ერთობის არსებობის ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი და I ათასწლეულის საწყისი საუკუნეები) შეიმჩნევა მიწათმოქმედების სწრაფი დაწინაურება, მევენახეობის განვითარება, მესაქონლეობაში წვრილფეხა საქონლის ხვედრითი წონის მკვეთრი ზრდა, მეცხენეობის განვითარება და სხვ. სვანურისათვის უცხოა და ქართულ–ზანურის საერთო კუთვნილებას შეადგენს ისეთი ტერმინები, როგორიცაა: ბაგა, ბეღელ -, თიბ-, თეს-, სკა, ყანა, ცელ-, ვენაჴ, ღვინო, სელ-, საწნეხელ-, ფოცხ-, ღერღ- (ღერღილი), ცეხვ- და სხვ. ამავე ეპოქის კუთვნილება ჩანს ცხენის სახელი, მთელი რიგი ლითონების – სპილენძის, რკინის, ვერცხლის – სახელწოდებები, რომელთაც, ამასთანავე სამხრეთის ენებში ეძებნებათ პარალელები. ქართულ-ზანური ერთობის დროის ტერმინებია (სვანურში არ გვაქვს) აგრეთვე ცხვარ-, ცხოველ-, და სხვ. ამავე ეპოქის ტერმინოლოგიაში ადგილს იკავებს გამაგრებული პუნქტების აღმნიშვნელი სახელები (შდრ. ქართულ–ზანური ტერმინები: ციხე – ჯიხა, ქართა – ქორთუ) და ა. შ. ყველაფერი ეს თვალნათლივ მიგვითითებს უკანასკნელი დროის საენათმეცნიერო ლიტერატურაში ქართველურ ენათა დიფერენციაციის ეტაპების შესახებ გავრცელებული, თავდაპირველად გ. დეეტერსის მიერ წამოყენებული მოსაზრების სისწორეზე ქართველურ ენათა ფუძეენიდან თავდაპირველად სვანურის გამოცალკევების და, ამის შემდეგ, კიდევ ერთხანს, ქართული და მეგრულ–ჭანური (ზანური) ენობრივი ერთობის არსებობის შესახებ. ამასთანავე, რადგანაც სვანურთან შედარებით ამ უკანასკნელის (ქართულ-ზანური ერთობის) ლექსიკური ინოვაციები (სიახლენი) ისტორიული რეალიებით სწორედ ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან შეიძლება დათარიღდეს, უნდა ვიფიქროთ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში სვანური ეთნიკური ჯგუფი ენობრივ და, ამასთან დაკავშირებით, ფაქტიურ განცალკევებას განიცდის ქართულ–ზანური ჯგუფისაგან. რადგანაც ამ უკანასკნელს სამხრეთის ხეთურ–ხურიტულ მოსახლეობასთან კონტაქტები უჩანს (იხ. ზემოთ), უნდა ვიფიქროთ, რომ სვანური ტომები უკვე ამ დროს ქართველურ ტომთა გავრცელების ჩრდილოეთ არეალში იყვნენ დასახლებული, ხოლო ქართულ–ზანური ტომები – სამხრეთით. ამასთანავე, ენობრივი მონაცემებით ძვ. წ. II ათსწლეულსა და I ათასწლეულის პირველ ნახევარში სვანური ტომები უფრო ფართო ტერიტორიაზე ჩანან გავრცელებული, ვიდრე უფრო გვიან, დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან, არამედ ბარის რაიონებშიც. ძველისძველ ხანაში დასავლეთ საქართველოს მიწა–წყალზე სვანური მოსახლეობის ფართოდ გავრცელებას მოწმობს, კერძოდ, ამ მხარის ტოპონიმიკის შესწავლა. ცალკეული სვანური სახელწოდებების არსებობა დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან, არამედ ბარის ზოლში ადრევე იყო ცნობილი. ახალი გამოკვლევებით ირკვევა, რომ დასავლეთ საქართველოში (სვანეთთან ერთად ლეჩხუმისა და ბარის რიგ სხვა რაიონებში) ფართოდ გავრცელებული – იშ (-შ)-სუფიქსიანი ტოპონიმიკაც არა ზანური, როგორც აქამდე მიაჩნდათ, არამედ საკუთრივ სვანური წარმოშობისა უნდა იყოს. აკად. ს. ჯანაშიას “ლანჩხუთი” სვანური წარმოებისად მიაჩნდა. სვანური ენის საფუძველზე შეიძლება აიხსნას დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე არსებული უძველესი ცენტრების – სოხუმის (ანტიკური წყაროების “დიოსკურია”, ძვ. ქართული “ცხუმი” – შდრ. სვანური “ცხუმ” – რცხილა) და ფოთის (ანტიკური წყაროების “ფაზისი”) სახელებიდა ა. შ. ამრიგად, ქართველი ტომები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთანავე, საფიქრებელია, რომ ისინი ნაწილობრივ დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოსახლეობდნენ, კერძოდ, მცირე აზიის ჩრდილო–აღმოსავლეთ რაიონებში, სამხრეთ–აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. ამას მოწმობს, ჯერ ერთი, კულტურის მხრივ ამ რაიონების მჭიდრო კავშირი, ხშირ შემთხვევაში სრული ერთობაც კი დასავლეთ საქართველოსთან, რაც კარგად ჩანს არქეოლოგიური მასალის შუქზე (იხ. ზემოთ), აგრეთვე მთელი რიგი ენობრივი ფაქტები, რაც მეტყველებენ ქართველი ტომების კონტაქტზე მცირე აზიის ცენტრალურ და მესოპოტამიის ჩრდილო რაიონებში მოსახლე ხეთურ (პროტოხეთურ, ნესიტურ) და ხურიტულ მოსახლეობასთან. ასეთი ენობრივი (ლექსიკური) შეხვედრები ქართველურ ენებს უჩანს, მაგალითად, ხურიტულთან და ხეთურთან. მაგალითად, პროტოხეთური სახელი ამინდის, ელვა–ჭექის ღმერთისა Taro (Taru) და ქართული სიტყვა”ტაროსი”ერთი და იგივე უნდა იყოს. პროტოხეთურ wor (uur)-ს (ქვეყანა) უკავშირებენ სვანურ “ვორს”–ს (მიწა); ქართულს საერთო სიტყვა უჩანს ხეთურთან “რკინის”, ხოლო ხურიტულთან “ვერცხლის” აღსანიშნავად. საინტერესოა ამ მხრივ აგრეთვე ძვ. წ. II ათასწლეულში მცირე აზიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის (შემდგომში – ხეთების სამეფოს დედაქალაქის) ხატუსასის მმართველის “ფჲუსტ(ის)” სახელი. იგი ასოციაციას იწვევს სვანურში “ბატონის, უფალის” მნიშვნელობით დამოწმებულ სიტყვასთან “ფუსტ” (“ფუსდ”), რომლის წარმომავლობა მთლად ნათელი არ არის. შეიძლება, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ძველაღმოსავლურ წყაროებში, უცხო ენაზე მეტყველმა ხალხმა ხელისუფლის ზოგადი სახელი “ბატონი, უფალი, მმართველი” საკუთარ სახელად გაიაზრა და ასე გადმოსცა წარწერაში....უფრო გვიანდელი ხანიდან, ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან, სამხრეთ–ღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მიწა–წყალზე ანტიკური მწერლების მიერ დამოწმებულია მრავალი სატომო თუ ადგილთა სახელი, რომელნიც აშკარად ქართულ–ქართველური სამყაროს კუთვნილება ჩანს. ამრიგად, ბევრი რამ მეტყველებს უძველეს ხანებში ქართველი ტომების გავრცელებაზე დღევანდელი საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ მომიჯნავე მცირე აზიის ოლქებში. არ შეიძლება აქვე ყურადღების გარეშე დავტოვოთ უკვე ძვ. წ. XII საუკუნიდან მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში მეტად აქტიური როლის შემსრულებელი მუშქების სახელწოდებაც, რომელიც აგრეთვე ორგანულ კავშირში ჩანს ქართულ ეთნო– და ტოპონიმიკასთან (შდრ. ქართველი ტომების მესხების სახელი, აგრეთვე სახელწოდებები სამცხე, მცხეთა...). -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 05:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი