ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი, მედეა, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი, მედეა, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი... |
marine |
Aug 1 2007, 10:45 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში ვისაუბროთ იმ ქართველ ქალებზე, რომლებმაც დიდი ადგილი დაიკავეს საქართველოს ისტორიაში.
მედეა (ძვ. წ. XIV - XIII სს.) მედეა - კოლხეთის მეფის აიეტის გრძნეული უმცროსი ასული, რომელსაც საბერძნეთიდან მოვლენილი ჭაბუკი იასონი ხილვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა, მედეას შემწეობით, მოიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან წაიყოლა საბერძნეთში. (ამ ამბავს ეძღვნება თქმულება არგონავტების შესახებ). ოქროს საწმისთან ერთად, აიეტმა მეფობაც დაკარგა. მისმა ნახევარ ძმამ პერსეს III მისი ადგილი დაიკავა. ათი წელიწადი ცხოვრობდნენ მედეა და იასონი ერთად. ჰქონდათ ოჯახი, ჰყავდათ შვილები.. და უეცრად.. მედეამ შეიტყო საშინელი ამბავი: იასონი მის მეუღლეობაზე ხელს იღებდა და ცოლად ირთავდა კორინთოს მეფის ასულს. მაშინ მედეამ მოღალატე ქმარს საცოლე მოუკლა. მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა შური იძიეს - მედეას შვილები დაუხოცეს. (ამ საშინელი ამბიდან გაივლის დაახლოებით ათასი წელიწადი და დიდი ბერძენი მწერალი ევრიპიდე დაწერს საქვეყნოდ ცნობილ ტრაგედიას "მედეა". სადაც მან კოლხი ქალი საკუთარი შვილების მკვლელად წარმოსახა.) ამიშ შემდეგ, მედეა წავიდა ათენში და ცოლად გაჰყვა მეფე ეგევსს. მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. როდესაც ტახტის კანონიერი მემკვიდრე თესევსი ეწვია ათენს, მედეამ თავის შვილთან ერთად დატოვა საბერძნეთი და აიასში ინკოგნიტოდ დაბრუნდა. იმხანად აიეტი აღარ ფლობდა სამეფო სკიპტრას. მედოსი დაეხმარა პაპას ძალაუფლების დაბრუნებაში. მედეა და მედიცინა მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, სხვადასხვა სახის ძილმომგვრელი, ძალმომცემი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების, ნელსახცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა.შ. წამლების მომზადება; სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა, შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა. მედეას შესახებ დაწვრილებით შეგიძილიათ წაიკითხოთ ლევან სანიკიძის წიგნი "ამბავი კოლხი ქალისა." თამარ მეფე (1166 - 1213) თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184 წწ.) და დედოფალ ბურდუხანის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგი გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი. მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს. 1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18 წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე. 1185 წელს დარბაზის გადაწყვეტილებით თამარი ცოლად გაჰყვა იური ბოგოლუბსკის. მალე იურიმ თავისი უარყოფითი პიროვნული თვისებები გამოამჟღავნა და 1187 წელს საქართველოდან გააძევეს. მათ მემკვიდრე არ ეყოლათ. 1188 წელს თამარი ცოლად გაჰყვა დავით სოსლას. დავითი იყო გიორგი I-ის ძის, დემეტრეს შთამომავალი, ბაგრატიონი. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი რუსუდანი და ლაშა-გიორგი. თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის რეფორმაც დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარის მეფოს დროს. ეს იყო საკმაოდ კარგად გააზრებული სისტემა, რომელიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას - ქვეყნის მართვას. თამარ მეფემ ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება. თამარის მეფობის დროს საქართველო გახდა უძლიერესი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ვრცელდებოდა მის ფარგლებს გარეთ. * * * თამარის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხელს უწყობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას. მისი მეფობის დროს აშენდა ვარძია, ქვაბთახევი, ბეთანია. განვითარდა მხატვრობა, ჭედურობა, ლიტერატურა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლებია ჩახრუხაძის "თამარიანი" და იოანე შავთელის "აბდულმესია", სადაც შექებულია თამარ მეფის სულიერი სისპეტაკე, გარეგნული სილამაზე, გონიერება, სახელმწიფოებრივი მმართველობა. არა მხოლოს ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი", სადაც თინათინის გამეფებას საფუძვლად უდევს თამარის გამეფების ისტორია. XII- XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ პერიოდ უწოდებენ "ოქროს ხანას". გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ და სამეფო ღვაწლმა მეფეს ჯანმრთელობა შეურყია. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1 (14) მაისი დააწესა. http://iberiana.iatp.ge/geowomen-ge.htm -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 27 2007, 01:44 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ოლღა გურამიშვილი
"ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე ურჯულოებო! ეს ქვეყანას სჭირდება!" - წიწამურზე ამ სიტყვებით შეეგება მკვლელებს ილია ჭავჭავძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი და მეუღლეს მკერდით გადაეფარა. მკვლელებმა ოლღას თავში თოფის კონდახი ჩაარტყეს და გონდაკარგული ქალი ღელეში გადააგდეს. ოლღას ილიას უკანასკნელი სიტყვები ჩაესმა ყურში: "რამ გაგაგიჟათ, ხალხო, რა გინდათ?!" ილიას ტყვია გულსა და შუბლში მოხვდა. მკვლელობას ილიას მოურავი, ჯაში მეთაურობდა, დანარჩენი მონაწილეები კი ყაჩაღი გიგლა ბერბიჭაშვილი, ილიას მეღორე ხიზანიშვილი, ნამამასახლისარი ივანიშვილი და აფციაური იყვნენ. ამბობენ, ილიას ბერბიჭაშვილის ნასროლი ტყვია მოხვდა გულსა და შუბლში. იმასაც ამბობენ, ოლღა გურამიშვილს სწორედ ბერბიჭაშვილმა დაულეწა სახეო. მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე ოლღა გურამიშვილს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, არ უნდოდა, რომ თბილისიდან საგურამოში წასულიყო. გამგზავრების წინა დღეს მათთან ვახტანგ ორბელიანის ასული, მარიამ ორბელიანი სტუმრად მისულა. მარიამი იგონებს, ოლღა იმ დღეს აკანკალებული ხელებით, აჩქარებით ბანქოს შლიდა. თურმე მარიამს თვალცრემლიანმა უთხრა, რომ იცოდეთ, რა ცუდი ქაღალდი ამომდის, ბანქო საშინელ ამბებს მიწინასწარმეტყველებს. ვეხვეწები ილიას, გადადოს წასვლა, რადგან ვიცი, უბედურება მოხდება, მაგრამ ის ყურსაც არ მიგდებსო. ჩანს, რომ ცუდის მოლოდინი, სიკვდილის წინათგრძნობა ილიასაც ჰქონდა. თურმე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ილიას მებაღემ, დანიელ მასლოვმა, ილიასა და არტურ ლაისტს დამყნილი ხილის ჯიშები აჩვენა. ილიამ თურმე გაიღიმა და სტუმარს უთხრა, საკვირველი კაცია ჩემი მებაღე, არც კი დაფიქრებულა, რა ცოტა ხნის სიცოცხლე დამრჩაო. მკვლელობის დღეს ილიას ოლღას წაყვანა არ სურდა, მაგრამ ცოლის დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა და წაიყვანა. წიწამურთან, ილიას საყვარელ წყაროსთან, მეეტლემ ეტლი გააჩერა და ტყვიაც გავარდა. რევოლუციების, რეპრესიების წითელი ტერორის ჟამს ერის მამა დიდხანს არავის ახსოვდა. მისი სახელის ხსენებას ერიდებოდნენ. ილიას მხოლოდ სუსტმა ქალბატონმა, მისმა ოლიკომ უერთგულა სიცოცხლის ბოლომდე. ის რომ არა, ილიას ბევრი ნაწერი და ნაშრომი ჩვენამდე არ მოაღწევდა. ოლღა გურამიშვილი ილიას მკვლელობიდან ოთხი თვე საავადმყოფოში იწვა. ილიას სიკვდილს უმალავდნენ. მერე კი თბილისში, მთაწმინდის უბანში დასახლდა, რომ მეუღლის საფლავზე ყოველდღე ევლო. ოლღას საოცარი გლოვის მომსწრე და თვითმხილველი ბევრი ადამიანი იყო. ხედავდნენ, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში მდგარი მთაწმინდისკენ როგორ იყურებოდა და ჩურჩულებდა: "მოვდივარ, ილია, მოვდივარ." ერთ დღეს ნახეს, საწოლთან დაჩოქილმა, ბალიშის ქვემოდან როგორ გამოიღო ილიას სურათი, კოცნიდა და თან იძახდა: "ჩემო მთარველო, ჩემო სიცოცხლე, სადა ხარ, სადა?" * ილიამ და ოლღამ გაზაფხულის უმშვენიერეს თვეში, აპრილში დაიწერეს ჯვარი. ერთ-ერთ ბარათში ილია მეუღლეს სწერს: "ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე. სხვანაირად რომ ვთქვა, მანამდე დამზრალი ვიყავი, ჩემო მეგობარო, შენ გამომეცხადე და მე დავიწყე სულით აღვსილი ნამდვილი ცხოვრება. უშენოდ ნამდვილად ვერ ვიცოცხლებ, თუნდაც მინდოდეს. ცხოვრება ხომ ჩემთვის არსებითად შენა ხარ, ხოლო ცხოვრების გარეშე შეიძლება სიცოცხლე? ტყუილად კი არ გიწოდებ ჯადოქარს. თვით ჯადოქრობას მთელი თავისი ძალით არ შეეძლო ის გაეკეთებინა, რაც შენ ქმენ, ჩემო მშვენიერო და კეთილო გენიავ. ღმერთო ჩემო! როდისღა დამითმობ შენ ჩემს ოლიკოს. უმისოდ მოწყენილი ვარ..." * ილია ოლღას ციდან მოვლენილ ადამიანს უწოდებდა. ოლღამ ყველაზე კარგად იცოდა, როგორი ადამიანის გვერდით ცხოვრობდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა, მეუღლეს თაყვანს სცემდა. როცა ილია მუშაობდა, ყველას ფეხაკრეფით უნდა ევლო. მის ოთახში წყალი და ჩაი ისე შეჰქონდა, რომ ილია ვერც ამჩნევდა. საკუთარი ხელით უმზადებდა კარტოფილის სანთლებს, რომ მუშაობაში ხელი არ შეშლოდა. ერთხელ თურმე ილიამ მოსამსხურე ქალს სთხოვა, ჭიქა წყალი მომიტანეო. ოლღას კი მეუღლისთვის უთქვამს: "დამიგდე ყური: ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ." ეს ქალბატონი თავზე დამტყდარ ტრაგედიას და სისასტიკეს არ გაუბოროტებია. შურისძიება მისთვის უცხო იყო. სამხედრო სასამართლოზე, სადაც ილიას მკვლელებს ასამართლებდნენ, ოლღამ წერილი გააგზავნა: "სიცოცხლეში ჩემმა მეუღლემ მთელი თავისი სულიერი ძალები, ღვთითბოძებული ნიჭი მოახმარა ადამიანთა სულიერ შეგონებას, ჰუმანურობის გრძნობისა და მოძმეთა შორის სიყვარულის განმტკიცებას. მე ღრმად მწამს - ის რომ ცოცხალი გადარჩენილიყო, აპატიებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელი აღმართეს მის წინააღმდეგ. შეიცნობდა მათში გზააბნეულ თანამოძმეებს. ეხლა კი მისი ხსოვნა უნდა დამძიმდეს მისი მკვლელების სიკვდილით დასჯით... მოგმართავთ მხურვალედ, დაბეჯითებული თხოვნით: არ დაამტკიცოთ განაჩენი ამ საცოდავი ადამიანების დასჯის შესახებ. მე თვითონ მხოლოდ შემთხვევით გადავრჩი ცოცხალი იმისათვის, რომ დავასრულო კაცმოყვარეობის ის დიდი საქმე, რომელსაც მან შესწირა სიცოცხლე და ვაპატიო იმ გზააბნეულ თანამოძმეებს, რომლებსაც თვითონაც აპატიებდა." ასეთი სულგრძელობისთვის თანამედროვეებმა მას ზნეობრივი მზე უწოდეს. სიცოცხლის ბოლო წლებში ოლღა ბაზარში ილიას წიგნებს ყიდდა. ერთ-ერთ ოჯახში დაცულ ილია ჭავჭავაძის წიგნზე ასეთი წარწერაა: "ვიყიდე ილიას მეუღლისგან, რომელიც ბაზარში ყიდდა ილიას წიგნებს." ილიას საფლავთან ხშირად ხედავდნენ მოხუც ქალს, რომელიც ერთ ფრაზას იმეორებდა: "სანთელი დაუნთეთ, ვითომც ეკლესია აგიშენებიათ..." ბევრმა არ იცოდა, რომ სათნო მოხუცი ილიას ჭავჭავაძის ქვრივი იყო. ოლღა გურამიშვილი, 1927 წლის 30 აპრილს ნაქირავებ ბინაში, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი გარდაიცვალა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი