![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის "განყოფა"
კ. კეკელიძე წერს: "სომხებისაგან ეკლესიურად ჩამოშორება, რომელსაც ადგილი ჰქონდა VII საუკუნის დასაწყისს, მოხდა, როგორც ცნობილია, სხვათა შორის, ეროვნულ-კულტურული იდეოლოგიის საფუძველზედაც. ქართველები ამიერიდან მიზნად ისახავენ თანდათანობით განთავისუფლებას აღმოსავლური საეკლესიო ტრადიციებისაგან. ამ ნიადაგზე წარმოიშვა გამწვავებული პოლემიკა სომხებთან, რომელიც იქამდე მივიდა, რომ ქართველემებმა წარსულშიაც კი უარყვეს ყოველგვარი კულტურულ-ეკლესიური ურთიერთობა სომხებთან..." განხეთქილება, რომელსაც ქართველი და სომეხი ისტორიკოსების თანახმად, შედეგად მოჰყოლია "განყოფა" ამ ეკლესიათა შორის, შედეგი ყოფილა იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციისა. პ. ინგოროყვა კარგად გადმოსცემს ქვეყნის მდგომარეობას: "იბერიაში მე-6 საუკუნის 70-იან წლებში მოხდა აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ, რაც დასრულდა ეროვნული ხელისუფლების აღდგენით იბერიაში, მაგრამ მდგომარეობა იბერიის ამ ახალი ხელისუფლებისა არ იყო მტკიცე; ამის გამოსახულებაა კერძოდ ის ფაქტიც, რომ იბერიის ხელისუფლების მეთაური ატარებს არა "მეფის", არამედ "ერისმთავრის", ანდა "დიდი ერითავის" ტიტულს. იმ დროს არსებულ საერთაშორისო ვითარებაში იბერიის ძველი "სამეფოს" აღდგენა ვერ მოხერხდა. იბერიის ამ ახალ ხელისუფლებას უხდება მერყეობა ორ გარეშე ძალას - ირანსა და ბიზანტიას შორის. 590-604 წლებში იბერია ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცევა; შემდეგ 605 წლიდან, ვიდრე 620-იან წლებამდე,, იბერიაში ისევ ირანის მფლობელობა დამყარდა; ხოლო 620-იანი წლებიდან ირაკლი კეისრის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროიდან, იბერია კვლავ ბიზანტიის გავლენის სფეროშია მოქცეული." (პ. ინგოროყვა - გიორგი მერჩულე, 1954 წ. გვ.30) 570-იანი წლებიდან 604 წლამდე, როცა საქართველო მოქცეული იყო ბიზანტიის გავლენის სფეროში, ქართული ეკლესია სრულიად ქალკედონურია და აღარ იმყოფება სომხური ეკლესიის ზეგავლენის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ამ ორი მოძმე ეკლესიას მაინც აქვს ურთიერთკავშირი, ალბათ, კულტურულ-სულიერი. მაგალითად, მომავალი ქართლის კათალიკოსი კირიონი დაახლოებით ამ პერიოდში ჯერ სომხეთში მოღვაწეობს, სადაც ის ეპისკოპოსია, შემდგომ კი გადმოდის ქართლში. მდგომარეობა სრულიად იცვლება 604 წლიდან, ბიზანტიაზე სპარსეთის წარმატებითი გამარჯვებების და ამიერკავკასიის სპარსეთისადმი დაქვემდებარების შემდგომ. თუკი 570 წლებიდან, ვიდრე 604-605 წლებამდე ქართული ეკლესია სომხური ეკლესიისაგან სრულიად დამოუკიდებელი იყო, 604/5 წლებიდან სომხეთს უცდია ქართული ეკლესია კვლავ მოექცია თავისი ზეგავლენის ქვეშ ისევე, როგორც იყო VI საუკუნის 50-70-იან წლებამდე. 604/5 წლებიდან სომხური ეკლესიის ცდას - დაემორჩილებინა ქართული ეკლესია, საქართველოში გამოუწვევია საპირისპირო რეაქცია, რასაც 607-609 წლებში შედეგად მოჰყვა "განყოფა" ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის. სომეხთა კათოლიკოსმა აბრაამმა აუკრძალა სომხებს რაიმე კავშირი ჰქონოდათ ქართველებთან. თვით სომხური წყაროების თანახმად, სომხური ეკლესისაგან სრული დამოუკიდებლობა ქართული ერის ყველა ფენის სურვილი ყოფილა. მათ საერთო მისწრაფებას ახორციელებდა ქართლის დიდი კათოლიკოსი კირიონი. როგორც სმბატ მარზპანის ეპისტოლედან ჩანს, სომხური მხარე ქართველებს აფრთხილებდა, რომ თუ ქართული ეკლესია კვლავ გააგრძელებდა სომხეთისაგან დამოუკიდებლობის კურსს, იგი ამას შეატყობინებდა სპარსეთის მეფეს და დასჯიდა არა მარტო ეკლესიას, არამედ საერთოდ ქვეყანას. მართლაც, 614 წელს სპარსეთის სახელმწიფომ გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც ყველა ქრისტიანი არამარტო ამიერკავკასიაში, არამედ მის მთელ იმპერიაში უნდა დამმორჩილებოდა სომხურ ეკლესიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაასახლებდნენ. ჩანს, 614 წლის ე. წ. "სპარსული კრების" შემდეგ, საქართველოში მრავალი მონოფიზიტი გაჩენილა. ამას ხელს ისიც შეუწყობდა, რომ თვით ერისმთავარი სტეფანოზი სპარსული ორიენტაციისა იყო და მტრულად დახვდა ბერძნებს. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის "განხეთქილება მზადდებოდა მეექვსე საუკუნეში და დამთავრდა VII საუკუნის დამდეგს - 608 წელს". იმ დროს როცა ქართულმა ეკლესიამ თავი დაიხსნა მეზობელი ეკლესიის ზეგავლენისაგან, მას სჭირდებოდა ავტორიტეტული ეკლესიებისა და საეკლესიო მოღვაწეების დადასტურება სარწმუნოებრივ-კანონიკური თვალსაზრისით მისი მოქმედების სისწორის შესახებ.
თავისი მოქმედების სისწორის დასადასტურებლად კირიონმა სარწმუნოებრივ საკითხებზე მიწერ-მოწერა გამართა რომის პაპ გრიგოლ დიდთან (590-604), იერუსალიმის პატრიარქთანაც. "ქრონოგრაფის" ცნობით, ქართლის კათალიკოსს ურთიერთობა ჰქონდა ანტიოქიის პატრიარქ ანასტასი მღვდელმოწამესთან, რომელიც კირიონის თანამედროვე იყო. კირიონს მჭიდრო ურთიერთობა დაუმყარებია ბიზანტიის იმპერიის საპატრიარქოებთან. ამის გამო მას ბრალი დასდეს სახელმწიფო ღალატში. პირველსავე ეპისტოლეში აბრაამ სომეხთა კათალიკოსი კირიონს ბრალად სდებს ბუნებით თანაზიარობისაგან ანუ სომხური ეკლესიისაგან განშორებას და უცხო სამეფოსთან (ალბათ, ბიზანტიის საპატრიარქოებთან) "სიყვარულის ერთობას": "არის რაღაც, რომელიც დაუჯერებლად გვეჩვენება: უცხო სამეფოსთან რომ შექმნა მეფეთა-მეფის მონათაგანმა სიყვარულის ერთობა და ბუნებით თანამოზიარეს გაშორდე." მეფეთა-მეფის მონებში იგულისხმებიან თვით სომეხთა და ქართველთა კათალიკოსები, და საერთოდ სპარსეთის იმპერიაში მოქცეული ქვეყნის მოსახლეობა. კირიონი სპარსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნის კათალიკოსია, ამიტომაც ის მეფეთა-მეფის მონაა. ამ "მონის" სიყვარულის ერთობა "უცხო სამეფოსთან" იმაში გამოიხატებოდა, რომ ქართველი საეკლესიო მოღვაწე კავშირს დაამყარებდა "უცხო სამეფოში" შემავალ საეკლესიო მოღვაწეებთან, ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრირქოებთან. მართლაც, თავის პასუხში კირიონი დაუფარავად წერს, რომ მას სარწმუნოებრივი ერთობა აქვს იერუსალიმთან: "...თუმცაღა მეფეთა-მეფის მონები ვართ, სარწმუნოება იერუსალიმისა გვაქვს და გვექნება". "იერუსალიმის" ქვეშ შესაძლოა არა მარტო იერუსალიმის, ანტიოქიის საპატრიარქოც იგულისხმება, რადგანაც იერუსალიმი ქრისტიანობის სამშობლოა. მართლაც, ბერძნული "ქრონოგრაფი", რომელიც თავის ნაშრომში გამოიყენა ეფრემ მცირემ ("უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა") წერს, რომ ქართლის საკათალიკოსოს კავშირი აქვს ანტიოქიის პატრიარქ ანასტასი მღვდელმოწამესთან. ეს ცნობა კარგად შეეფარდება VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ქართლის საკათალიკოსოში შექმნილ ვითარებას." მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი