IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართული საეკლესიო გალობის მოამაგენი
ზებედე
პოსტი Nov 15 2006, 10:16 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II
ქართული საეკლესიო გალობა


IPB-ს სურათი
ქართული საეკლესიო გალობა ყვაოდა როგორც ჩვენს სამეფოში, აგრეთვე მის გარეშე მრავალ ქართულ მონასტრებშიაც. გალობას ქრისტიანობა მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წირვა-ლოცვაში და, საზოგადოდ, ღვთისმსახურებაში. ამით აიხსნება ის დიდი პატივისცემა, რომელშიაც ჰყავდათ მგალობლები ჩვენს წინაპართ. ისინი მუდამ იყვნენ სასურველნი პირნი ჭირსა და ლხინში, და ღვთიური ჰანგებით უღვიძებდნენ ხალხს სარწმუნოების თბილ გრძნობას.

ყველა ხალხს არა აქვს ნიჭი, შექმნას საკუთარი ნაციონალური გალობა. ზოგმა ვოკალური გალობა რომ ვერ შექმნა, მიჰმართა ინსტრუმენტალურ მუსიკას (კათოლიკენი). ჟ.ჟ.რუსსო თავის მსჯელობაში მუსიკაზედ (Diction de Musique) ამბობს: „საღმრთო საგალობელნი არ უნდა იყვნენ გამომხატველნი ვნების მღელვარებისა, არამედ მხოლოდ მისი დიდებულებისა, რომელსაც მიეწერებიან და ემსახურებიან“.

გალობაში არის ერთგვარი ფასდაუდებელი სიმდიდრე, რომელიც ძნელი მისაწვდომია და რომელსაც იწვევს ხმის ამაღლება-დადაბლება და გაგრძელება (Деян. Всел. Собор. изд. при Казан. дух. Акад. ტ. VI, გვ. 306; 75-ე მუხლი მეექვსე მსოფლიო კრებისა).

ზოგი ქრისტიანეთაგანი ცდილობს, შემოიღოს ეკლესიაში საზოგადო გალობა. აზრი ამ რეფორმისა არის ქრისტიანობრივ სარწმუნოების გაცხოველება ხალხში, მაგრამ ჩვენ ამას ვთვლით უსაფუძვლო საქმედ და უსარგებლო წყლის ნაყვად, რადგანაც პრაქტიკამ სულ სხვა გვაჩვენა: ამან ვერ უშველა მწვალებლობის გავრცელებას ხალხში, და ხალხი ისევ გარეგან ქრისტიანედ დარჩა.

საზოგადოდ, ახალი რაიმეს შემოღება ეკლესიაში უნდა დიდის აწონ-დაწონით ხდებოდეს. აქ საჭიროა შევნიშნოთ, რომ ქართულმა ეკლესიამ, მუდამ მბაძავმა და მიმდევარმა ძველი ქრისტიანული წესებისა, არ იცის საზოგადო გალობა, რომელიც ეკლესიაში დაშლილია XV მუხლით ლაოდიკიის საეკლესიო კრებისა (Деян. девяти помест. соб.; изд. Казан. дух. Акад. გვ.51).

ქართული საეკლესიო მდიდარი მელოდიები წარმოგვიდგენენ არათუ მხოლოდ საზოგადო საგალობლებს, არამედ ცალკე ფრაზების აზრს და სიტყვებსაც კი. ამ მხრით ჩვენი მელოდიები შეუდარებლები არიან, და უნდა ვმადლობდეთ გამჩენს, რომ ასეთი დიდი საუნჯე მოუნიჭებია ჩვენთვის, ჩვენი მორწმუნე ერისთვის.

ფრიად დიდი მნიშვნელობა გალობისა ცხადად ჩანს იქიდან, რომ იგი ხორცშესხმულ ჰყოფს, ჰმოსავს მთელ საგალობელს თვისი რბილი და ჰაეროვანი ფორმით: არომატით ავსებს მას, თავს დასტრიალებს, და, როგორც ადამანტი, იზიდავს კაცს გრძნეულ სამეფოში კეთილისა და მშვენიერებისა. ყველა ეს აუარებელი მუსიკალური სიმდიდრე შექმნა შრომისგან წელში გაღუნულმა უკვდავმა და მადლიანმა ქართველმა გლეხმა.

ჩვენი გალობის დასაწყისი უძველეს დროს ეკუთვნის, როდესაც ჩვენნი წინაპარნი, ქალდეველნი, ჯერ კიდევ წარმართნი იყვნენ. ჩვენს სიმღერა-გალობას ოთხი-ხუთი ათასი წლის ისტორია აქვს. ახლანდელ ჩვენს ხალხურ სიმღერას უწინ რელიგიური ხასიათი ჰქონდა და საკერპოებში გალობდნენ. ჩვენში შემოტანილმა ქრისტიანობამ ძველი სიმღერა მხოლოდ გააქრისტიანა, მისცა მას რელიგიური ხასიათი. ახლაც ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა ძალიან წააგვანან ერთმანეთს. შორიდან რომ მოისმინო სიმღერა ხალხისა, ვერც კი გაარჩევ, გალობენ თუ მღერიან; ასეთი მცირე გარჩევაა მათში.

ათასწლობით ატკბობს ქართული გალობა ჩვენს სმენას. გალობა იმთავითვე გვქონდა სამხმიანი და არა უნისონური, როგორც აქვთ ბერძნებსა და სომხებს. ჩვენი გალობის ზეგავლენა ეტყობა ბევრ ხალხს, განსაკუთრებით სლავიანებს, რომელთაც გულუხვად ისარგებლეს ბევრი ქართული კილოთი. ბერძნებისგან ქრისტიანობა მიიღეს, მაგრამ მათი გალობით კი ვერ ისარგებლებდნენ სლავიანები, რადგანაც თვით ბერძნებს არა ჰქონდათ გარმონიული მრავალხმოვანი გალობა.

ეკლესიაში გალობის დროს ქართველი კაცი თავის თავს ზეცაში გრძნობს, ქვეყნიურ ზრუნვას სტოვებს და ლმობიერი სულითა და მგრძნობიარე გულით შემოქმედის წინ დგას და ელის მისგან წყალობას. აქ უქარვდება მას ვარამი ქვეყნისა, და გულში ენერგება იმედი უკეთესი მომავლისა. ამით სულდგმულობდა პატარა საქართველო, წილხვდომილი დედისა ღმრთისა, და იმედიც არ უცრუვდებოდა. ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს საეკლესიო გალობას წარსულში.

საქართველოში გალობას ასწავლიდნენ როგორც ზეპირ-თქმულობით, ეგრეთვე ნოტებითაც. ძველი ქართული ნოტების ნიმუშები ჩვენამდე მოვიდა (იხილე „საუნჯე“ მოსე ჯანაშვილისა).

ეჭვგარეშეა, რომ ძველად ჩვენში სახარებისა და სამოციქულოს კითხვის ნოტებიც იყო. ეს ნოტები იწერებოდა სიტყვების თავზედ და სიტყვების ქვეშ. ჩვენამდე მოაღწია ერთმა ხელთნაწერმა, რომელშიაც არის ნოტური ნიშნები ასოების თავზედ და მათ ქვეშ. ამით აიხსნება, რომ კილოები სახარება-სამოციქულოს კითხვისა კარგად არის დაცული ჩვენში.

ჩვენში გალობა დასცეს მაჰმადიანებმა, რომელთაც საგალობლობის ბუდე - მონასტრები გაანადგურეს. არაერთხელ ჩააქრეს მათ კერა ჩვენი ტკბილი საეკლესიო გალობისა. იავარ-ჰყვეს ჩვენი საეკლესიო კულტურული ცენტრები. მათ ფანატიზმს საზღვარი არა ჰქონდა. ანადგურებდნენ ყველა იმას, რასაც კი ნიშანწყალი ჰქონდა ქრისტიანობისა: ამოაგდეს ჩვენში ბერობა, და ბევრგან სადაც უწინ ქრისტიანობა ყვაოდა, ძირიან-ფესვიანად ამოაგდეს იგი. უნდოდათ, მთელი საქართველო წაელეკნათ მაჰმადიანთა ოკეანეში, მაგრამ ღმერთი შეგვეწია და ღვთისმშობელმა დაგვიფარა. კურთხეულ იყოს სახელი უფლისა.

მონასტრების მოოხრების შემდეგ გალობას ვეღარსად სწავლობდნენ და იგი ეცემოდა, ჰქრებოდა და იკარგებოდა. შედეგი ამისა იყო ის, რომ ხალხმა გული აიცრუა ეკლესიებზედ, სადაც ძველებური მელოდიური გალობა აღარ გაისმოდა. ერთი დიაკონი რა რელიგიურ გრძნობას აღუძრავდა ხალხს? ქართული საეკლესიო გალობის მცოდნენი, ღვთის მადლით, კიდევ მოგვეპოებიან და, სრული იმედი გვაქვს, რომ ქართული გალობის აღდგენა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. ღმერთო, შენით!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზებედე
პოსტი Nov 15 2006, 08:26 PM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ეპისკოპოსი სტეფანე (ვასილი) კარბელაშვილი (1858-1936)


IPB-ს სურათი (კარბელაშვილები)
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრავალსაუკუნოვანმა მატიანემ მრავალი გამორჩეული სახელი შემოგვინახა, რომელთა მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა არა მარტო ეროვნული ეკლესიის, არამედ, მთლიანად ქართველი ერის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაზე. წინამდებარე წერილში გვინდა გიამბოთ საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის თვალსაჩინო მოღვაწის, ეპისკოპოს სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილზე. ამ პიროვნების შესახებ ცოტა რამ თუ იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ისიც მხოლოდ ქართლ-კახური გალობის გადარჩენასთან კავშირში. იგი ხომ მგალობელი კარბელაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ისიც ცნობილია, რომ ქართლ-კახური გალობა მეორენაირად „კარბელაანთ“ კილოდ იწოდება, მათ მიერ ამ დარგში გაწეული უდიდესი ღვაწლის გამო. მაგრამ ეპისკოპოს სტეფანე კარბელაშვილის საქმიანობა საყურადღებოა არა მხოლოდ ქართული საეკლესიო მუსიკის აღდგენა-დაცვის თვალსაზრისით. იგი მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის აქტიურ მოღვაწედ გვევლინება. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ეროვნული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში, ასევე ქართული სულიერი კულტურის სიძველეთა შესწავლისა და დაცვა-გადარჩენის მიმართულებითაც. იმდროინდელი ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების სინამდვილეში თითქმის არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რაშიც მას უშუალო მონაწილეობა არ მიეღოს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ მის პირად არქივსა თუ იმდროინდელ თვალსაჩინო საეკლესიო და საერო მოღვაწეთა პირად არქივებში დაცული დოკუმენტები ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან მისი საქმიანობის შესახებ..


ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი დაიბადა 1858 წლის 1 იანვარს, გორის მაზრის სოფ. ქვემო ჭალაში (საამილახვროში), ცნობილი სასულიერო მოღვაწისა და მგალობლის, გრიგოლ პეტრეს ძე კარბელაშვილის ოჯახში. ეპისკოპოსი სტეფანე თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ამ დღეს, მისი მამა მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი ჯვარპატიოსნის ეკლესიაში წირავდა, როდესაც, ზარების წინ, მამა გრიგოლს ბარძიმი გამოუბრძანებია და წარმოუთქვამს: „შიშითა ღვთისათა, სიყვარულითა და სარწმუნოებით მოვედით“, მისთვის ვაჟის დაბადება მიუხარებიათ. ეს ფაქტი თითქოს სიმბოლური იყო და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ვასილის ცხოვრება სწორედ ღვთის შიშით, სიყვარულითა და სარწმუნოებით წარიმართა. მასთან ერთად, კარბელაშვილების ოჯახში კიდევ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი აღიზარდა: ფილიმონი, სიდონია, ანდრია, პოლიევქტოსი და პეტრე.


დეკანოზი გრიგოლ კარბელაშვილი

მამა გრიგოლმა და მისმა მეუღლემ ანამ ზედმიწევნით კარგად შეასწავლეს შვილებს მშობლიური ენა, წერა-კითხვა და უძველესი ქართული სიმღერა - გალობა. სასწავლებელში შესვლამდე, 6 წლის ასაკში, ძმებმა ზეპირად იცოდნენ წირვის წესი რვა ხმათა მიხედვით. „... შემდეგ ამისა, ექვსი წლიდან, კერიასთან დამაწყებინა დავითნის კითხვა დედაჩემმა ანნამ და მთელი კანონი დამასწავლა. სხვა კი შევისწავლე მე ჩემი უფროსი დის, სიდონიას ხელმძღვანელობით“ - იგონებს მეუფე სტეფანე კარბელაშვილი.



მისი უფროსი ძმა, ფილიმონი, რომელსაც ნიმუშს ეძახდნენ კარგი გალობის, ქადაგებისა და მოძღვრობისათვის, ცნობილი იყო მთელს ქართლ-კახეთში. საოჯახო განათლებასთან ერთად მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილს თბილისის სემინარიაც დამთავრებული ჰქონდა და გარდა იმისა, რომ დაკავებული იყო თავისი უმცროსი და- ძმების აღზრდით, სკოლა ჰქონდა გახსნილი სახლში და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებს და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა. ფილიმონი შესანიშნავი მქადაგებელი ყოფილა მთელს იმ მხარეში, რომელსაც საუკეთესოდ შეეძლო ღვთის სიტყვის მორწმუნეთა გულებამდე მიტანას. ნიკო მესხიშვილის საშუალებით იგი ილია ჭავჭავაძეს კარგად გაუცვნია. წმ. ილია მართალს ძალიან მოწონებია ნიჭიერი, ჭეშმარიტად ქართული აზროვნების, საქართველოს წარსულისა და მისი ეკლესიის თავისუფლების მოტრფიალე ფილიმონი. ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ილიას თავის უკვდავ ნაწარმოებში „გლახის ნაამბობში“, მოძღვრის სახეში ფილიმონი ჰყავს გამოყვანილი.


მღვდელი ვასილი 1885 წელი

საოჯახო განათლების მიღების შემდეგ, ყმაწვილმა ვასილ კარბელაშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. სწორედ აქედან შეიგრძნო სწავლის ძირის სიმწარე: „... როზგისათვის წკეპლებს ჩვენვე გვაზიდინებდნენ ლიახვის ჭალიდან და დღეში ორჯერ და სამჯერ ვიწკეპლებოდით ხოლმე“ - ვკითხულობთ მის მოგონებებში. სიყმაწვილის წლებში ვასილი, ძმებთან ერთად, სოფლის ყოველდღიურ სამუშაოსაც ასრულებდა. ძმების ცხოვრება ისეთივე სადა და უბრალო იყო, როგორც ყოველი გლეხისა. მშობლებმა იგი სოფლის ყოველგვარ სამუშაოს შეაჩვიეს, მაგრამ შრომასთან ერთად, მათთვის სწავლა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.

კარბელაშვილების ოჯახში შექმნილი საუკეთესო გუნდი ხშირად ატკბობდა მლოცველებს ტაძარში, როდესაც მამა გრიგოლი მწირველი მღვდელი იყო. როცა ძმები გალობდნენ, მათ მოსასმენად სხვადასხვა სოფლებიდანაც კი მოდიოდნენ. მეუფე სტეფანე კარბელაშვილს ცხოვრების ბოლომდე გაჰყოლია ის საოცარი აღფრთოვანება, რასაც განიცდიდა ხოლმე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. დღესასწაულის წინ, ძმები გულმოდგინედ ალაგებდნენ და ასუფთავებდნენ ტაძარს და ამის შემდეგ, გალობითა და ზარების რეკვით ხვდებოდნენ მაცხოვრის აღდგომას.

მგალობელი ძმების დებიუტი 1864 წელს შედგა, როდესაც ვასილი ექვსის წლისა იყო. საზეიმოდ თავმოყრილ საზოგადოების წინაშე, 1 მაისს, ცხვილოს ციხის ახლოს, სამი ძმა: ანდრია, პოლიევქსტოსი და ვასილი გამოსულან ხალხური სიმღერების შესრულებით: „ყურშაო“, „ვინცა კაცია“, „ღიღინი“, „გვიბრძანე“, „ზამთარი“, „თამარ მეფე“, „შავლეგო“, „ესო მესო“ და სხვ. ზეიმზე მთელი საამილახვრო და საერისთავო ყოფილა თავშეყრილი, სადაც ძმებს დიდი მოწონება დაუმსახურებიათ.

1867 წელს 9 წლის ვასილი ძმებთან ერთად მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს სასწავლებლად. ძმებმა ამხანაგების საშუალებით, თბილისის სამინარიიდან დაიწყეს ქართლ-კახური სიმღერა-გალობის გავრცელება.




ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი სემინარიაში სწავლის პერიოდიდანვე გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე. ეს ის დრო იყო, როდესაც ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკა წალეკვით ემუქრებოდა ყოველგვარ ქართულს, რისი განსაკუთრებული ტენდენციაც ეკლესიის სფეროში შეინიშნებოდა. გრძნობდა რა უდიდეს მოვალეობას სამშობლოს წინაშე მეუფე სტეფანე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან. მისი წერილები ინტენსიურად იბეჭდებოდა გაზეთებში: „დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „საქართველო“, ჟურნალში -„კლდე“ და სხვ. მის პუბლიკაციებში გამოსჭვიოდა მშობლიური ეკლესიის აღორძინებისა და თავისუფლების მოპოვების სანუკვარი ოცნება. იგი „ვინმე ხუცესის“, „ბერი ბერდიას“, „ძველი სემინარიელის“ ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს ქართული ეროვნული საგალობლების აღორძინება-დაცვის, საქართველოს ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის, ქართული ენის სიწმინდის შენარჩუნების და ერისათვის სხვა მტკივნეულ საკითხებზე.

სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1882 წელს, იგი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კონსერვატორიაში, პროფ. კოშკინთან სწავლობდა მუსიკას. მისი სურვილი იყო საუკეთესოდ შეესწავლა სამუსიკო დამწერლობა, რათა ქართული საერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები გადაეღო ნოტებზე და ამგვარად შემოენახა შთამომავლობისთვის. გარკვეული მიზეზების გამო ვასილ კარბელაშვილი მალევე დაბრუნდა სამშობლოში და გამწესებულ იქნა ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიაში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ყოვლადუსამღვდელოესი გორის ეპისკოპოსის ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მიერ, ხოლო 1883 წლის 16 ოქტომბერს, ეგზარქოს პავლეს (1882-1887) მიერ იკურთხა მღვდლად. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც სამომავლოდ უნდა წარემართა მამა ვასილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, თითქოს ლოგიკური იყო, მაგრამ მას ვასილის პიროვნებაში ღრმად გადგმული ფესვებიც ჰქონდა, რადგანაც სწამდა, რომ სამშობლოს სამსახური იმ ძნელბედობის ჟამს ანაფორით უფრო სასარგებლო და ნაყოფიერი იქნებოდა.

სემინარიის დამთავრების შემდეგ ვასილ კარბელაშვილი 1882 წელს, მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კონსერვატორიაში, პსოფესორ კოშკინთან სწავლობდა მუსიკას. მისი სურვილი იყო საუკეთესოდ შეესწავლა სამუსიკო დამწერლობა, რათა ქართული საერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები გადაეღო ნოტებზე და ამგვარად შემოენახა შთამომავლობისათვის. გარკვეული მიზეზების გამო ვასილ კარბელაშვილი მალევე დაბრუნდა სამშობლოში და გამწესებულ იქნა ნავთლუღის წმიდა ბარბარეს ეკლესიაში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ყოვლადუსამღვდელოესის, გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მიერ, ხოლო 1883 წლის 16 ოქტომბერს, ეგზარქოს პავლეს (1882-1887) მიერ იკურთხა მღვდლად. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც სამომავლოდ უნდა წარემართა მამა ვასილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, თითქოს ლოგიკური იყო, მაგრამ მას ვასლის პიროვნებაში ღრმად გადგმული ფესვებიც ჰქონდა, რადგანაც სწამდა, რომ სამშობლოს სამსახური იმ ძნელბედობის ჟამს ანაფორით უფრო სასარგებლო და ნაყოფიერი იქნებოდა.


დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი
1917 წლის საეკლესიო კრების
მონაწილე (დეტალი)

სამღვდელო მოვალეობის შესრულების გარდა, მღვდელი ვასილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საღმრთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად სასულიერო და სამრევლო სკოლებში, ასევე უძღვებოდა ქართული გალობის შესწავლის საქმეს. სასწავლო-საგანმანათლებლო ქსელში მისი მოღვაწეობა ეროვნულ პრინციპებზე იყო დამყარებული და ხელს უწყობდა სასწავლებლებში ქართული ენის შესწავლის დანერგვას. მას აშკარა დაპირისპირება ჰქონდა ანტიეროვნული პოლიტიკის გამტარებელ რუს ჩინოვნიკებთან, რომლებიც შეურაცხყოფდნენ ქართულ ენას, ეროვნულ ღვთისმსახურებას და ა.შ. ცნობილია მისი გახმაურებული კონფლიქტი სასულიერო სემინარიის რეაქციონერ მასწავლებელ ნედელსკისთან, როდესაც საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. აღნიშნული დაპირისპირების შედეგი იყო ერთ-ერთი მიზეზი ვასილის გადასახლებისა იმპერიის შიდა გუბერნიაში შემახაში (დღევ. აზერბაიჯანი) 1903 წლის თებერვლის თვეში. გადასახლებას წინ უძღოდა 1903 წლის 2 იანვარს მისი მონაწილეობა მასწავლებლის, მოსე მეგრელიძის დაკრძალვაში. დაკრძალვამ მანიფესტაციის სახე მიიღო, რომელსაც მამა ვასილი ხელმძღვანელობდა და რაც შესანიშნავი საბაბი გამოდგა იმპერიის ხელისუფლებისათვის. მაშინდელი ეგზარქოსი ალექსი (1902-1905 წ.წ.) მღვდელ ვასილ კარბელაშვილს ახასიათებდა, როგორც ანტისახელმწიფოებრივი და ანტირუსული პოლიტიკის მომხრე ადამიანს. საქმის გამოძიებისას - დაზვერვის საიდუმლო მიწერილობაში, მამა ვასილი მღვდელ პოლიევქტოსთან ერთად დახასიათებულია, როგორც ხელისუფლებისათვის მეტად საშიში პიროვნება. ამასთან, აღნიშნულია, რომ ძმები, ვასილი და პოლიევქტოსი, კირიონ საძაგლიშვილის თანამოაზრენი და თანამებრძოლნი იყვნენ. ძმები ბუქარესტში გამომავალ ჟურნალ „Православный Востокь“-ში თანამშრომლობდნენ და ხელს უწყობდნენ მის არალეგარულ გავრცელებას საქართველოში. აღნიშნული ჟურნალი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ანტიიმპერიალისტური ხასიათით, სადაც მკაცრად იყო მხილებული საქართველოს ეგზარქოსისა და სხვა რუსი ჩინოვნიკების მიერ გატარებული პოლიტიკის ნამდვილი არსი.

მღვდელი ვასილ კარბელაშვილი ოჯახთან ერთად გადაასახლეს. მისი მეუღლე, მარიამ თეოფანეს ასული ჩიჯავაძე, ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და ავტოკეფალისტის, იოსებ ჩიჯავაძის და გახლდათ. მათ ექვსი შვილი აღზარდეს: ელიზბარი, თამარი, შალვა, ნინო, ელიზავეტა და ბარძიმი. საგულისხმოა, რომ ქალბატონი მარიამი ვასილ კარბელაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი საყრდენი იყო, რომელიც უდრტვინველად ზიდავდა მეუღლეობის მძიმე ტვირთს და სამშობლო საქმეებზე გადაგებული ვასილის გვერდით იდგა მთელი ცხოვრების მანძილზე. ვასილი ხომ ძირითადად ოჯახის ბიუჯეტიდან აღებული თანხებით აღასრულებდა მამულიშვილურ საქმეებს. ასე გამოსცა მან ქართლ-კახური საგალობლების კრებული 1896-1898 წლებში, რაც უდიდესი შრომისა და თავგანწირვის ფასად განახორციელა.

ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) განსაკუთრებული აქტიურობით იბრძოდა რუსული ბიუროკრატიული წყობილების შედეგად დაკნინებული ეროვნული თვითშეგნების აღსადგენად და ხელს უწყობდა მომავალი თაობის ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესს. იგი იბრძოდა სასწავლებლებში ქართული ენის დამკვიდრებისათვის, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა იმისათვის, რათა აღსაზრდელს მშობლიურ ენაზე შეეთვისებინა საღმრთო შჯული და ქრისტეს მაღალი მოძღვრება. მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო მომავალ ქართველ დედათა აღზრდა-განათლება და მათში ეროვნული სულისკვეთების ჩამოყალიბება.


ეპისკოპოსი
სტეფანე კარბელაშვილი


მეუფე სტეფანემ უდიდესი ამაგი დასდო ეგზარქოსების მიერ გაძარცვული მონასტრებიდან გაბნეული ქართული კულტურის უძველესი ნიმუშების თავმოყრისა და დაცვის საქმეს. იგი აქტიურად იბრძოდა ქართული საეკლესიო მუზეუმის დაარსებისა (1889 წ.) და შემდგომში მისი მუშაობის მიმართულებით; იყო ამ მუზეუმთან შექმნილ მეცნიერთა კომიტეტის წევრი, რომლის მიერ მოძიებულ და გამოკვლეულ იქნა არაერთი ისტორიული საბუთი და სიგელ-გუჯარი.

სტეფანე კარბელაშვილი იღვწოდა ძველი ქართული არქიტექტურული ნაშთების შესწავლისა და მოვლა-პატრონობისათვის. იგი მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მის მიერ აღწერილი და შესწავლილ იქნა ქართული არქიტექტრული ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით ის ძეგლები, რომლებიც არ იყვნენ შეტანილი იმ დროის თვალსაჩინო ისტორიკოსებისა და გეოგრაფების მიერ შედგენილ ნუსხებში. საქართველოს ამ უძველესი კუთხის ძეგლთა აღწერა მით უფრო იყო ყურადსაღები, რომ არაქართველი მოსახელობის (სომხების) მიერ მათი მითვისება ხდებოდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პრობლემას დღესაც არ დაუკარგავს აქტულობა.

ქართველი ერის მორალურ-ზნეობრივი სიწმინდისა და სარწმუნოების განმტკიცების მიზნით დეკანოზმა ვასილ კარბელაშვილმა დაბეჭდა და დღის სინათლეზე გამოიტანა ქართული სასულიერო მწერლობის უძველესი ნიმუშები.

საყურადღებოა, რომ ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში 1924 წელს, როდესაც აღდგენილი იქნა ბოდბის საეპისკოპოსო კათედრა, დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი ხელდასხმულ იქნა ბოდბელ ეპისკოპოსად. იგი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არ დამცხრალა ქართული ეროვნული ეკლესიის ისტორიული საფუძვლის განმტკიცებისათვის ბრძოლაში, მისი მოღვაწეობა ცარიზმის, მენშევიკური მთავრობისა და ბოლშევიკების მმართველობის უძიმესი წნეხის ქვეშ მიმდინარეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცხოვრების ბოლომდე ქართული ეროვნული საქმის ქომაგად დარჩა.

იგი გარდაიცვალა 1936 წელს და დაკრძალულია ნავთლუღის წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გუჯა   ქართული საეკლესიო გალობის მოამაგენი   Nov 15 2006, 10:16 AM
კანუდოსელი   გუჯა, ღმერთმა გაგა...   Nov 15 2006, 07:39 PM
გუჯა   [center] ეპისკოპოსი სტ...   Nov 15 2006, 08:26 PM
გუჯა   [center]წმიდა ეპისკოპო...   Nov 15 2006, 10:26 PM
Sotiris   ჩვენი გალობის დას...   Nov 16 2006, 09:03 PM
ჯამბაკური   საუბარია ალბათ ში...   Nov 17 2006, 02:05 AM
კანუდოსელი   იქნებ Sotirisi მართალი...   Nov 17 2006, 03:02 AM
ვეშაპო   Sotiris პირადად მე არ ვ...   Nov 17 2006, 01:53 AM
გუჯა   [center]წმიდა ექვთიმე ა...   Nov 17 2006, 11:14 AM
დათიკო   გუჯა იგი ეკლესიის ...   Nov 17 2006, 08:08 PM
ვეშაპო   ლუი! რა მაინტერეს...   Dec 6 2006, 12:44 AM
_MATASI_   საკურთხევლის კედ...   Jan 13 2007, 07:57 PM
Sotiris   ასეთი რამე მაინტერ...   Jul 10 2007, 09:20 PM
N. R.   Sotiris რომელ პუბლიკაც...   Jul 10 2007, 11:21 PM
zedazneli   Sotiris ვარიანტი არაა. ...   Jun 10 2008, 01:19 PM
ნანინა   მართლაც უდიდესი ღვ...   Jan 22 2010, 03:42 PM
ketev@ni   მართლაც დიდი გვაწლ...   Jan 22 2010, 05:04 PM
yipiani gio   http://www.alazani.ge/forum/index.php?showtopic=83...   Nov 16 2010, 12:18 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 09:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი