![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მირონის კურთხევის შესახებ
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე „თანამედროვე ქართულ მეცნიერებაში დამკვიდრდა აზრი, რომ ქართულმა ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლება მიიღო IX საუკუნეში. მართლაც, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია, რომ მირონის კურთხევის ნება იერუსალიმის პატრიარქს გამოსთხოვა ეფრემმა. ძველ ქართულ მწერლობაში დამკვიდრებული აზრით, მირონის კურთხევის ნება ქართულმა ეკლესიამ მიიღო ქალკედონის კრების - 451 წლის შემდეგ. ეკურთხებოდა თუ არა ქართულ ეკლესიაში მირონი V ს-დან, ამ საკითხის გარკვევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ მეზობელ სომხეთსა და ალბანეთში არსებულ მდგომარეობას. სომხურ ისტორიოგრაფიაში შემონახული ცნობების თანახმად, ქართველი ხალხი და სამღვდელოება ქართული ეკლესიის ღირსებას უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ალბანურისას. ამიტომაც, როდესაც სომხეთის პატრიარქმა ალბანეთის ეკლესიას ქართულ ეკლესიასთან შედარებით მიანიჭა უპირატესობა და იგი ქართულ ეკლესიაზე წინ დააყენა, ეს ქართველმა მამამთავარმა იუკადრისა და უხტანესის მიერ შეგროვილი ცნობების თანახმად, გაწყვიტა კავშირი სომხურ ეკლესიასთან. ალბანელი ისტორიკოსი მოსე კალანკატუაცი წერს, რომ სომხეთის „...მთავარმა საეკლესიო მოღვაწეებმა, სომხეთის ამპარტავანი ხასიათის მიხედვით, თვითნებური სურვილით განაწესეს აბრაამი - პატრიარქად, ალბანელი - არქიეპისკოპოსად, ქართველი - მიტროპოლიტად: აღშფოთდა ქართველი, რომელსაც კირიონი ერქვა და საწინააღმდეგო კამათი დაიწყო. ხოლო წმინდა მამათავარი აბრაამი ამბობდა, რომ ალბანელები ქართველებზე ადრე იყვნენ ქრისტიანები და მთავარეპისკოპოსობა მათ შეეფერებათ.“ ალბანეთის ეკლესიაზე უფრო დაბალ საფეხურზე დაყენება ქართულმა ეკლესიამ პატივისა და ღირსების დამცირებად მიიჩნია. ასეთი თვალსაზრისი არა მარტო მოსე კალანტატუელს, არამედ ძველ სომეხ ისტორიკოსებსაც ჰქონდათ. ამას მიიჩნევდნენ ზოგიერთ წრეებში საეკლესიო განხეთქილების მიზეზად. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართულ ეკლესიას თავისი ღირსება და პატივი არც ალბანურ და არც სომხურ ეკლესიაზე ნაკლებად არ მიაჩნდა. ამიტომ თუკი სომხურ, ანდა ალბანურ ეკლესიაში აკურთხებდნენ მირონს, მაშინ აუცილებლად ქართული ეკლესია იმავე უფლებით ისარგებლებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა სრული არ იქნებოდა და იგი ვეღარც შეედრებოდა თავისი პატივითა და ღირსებით იმ ეკლესიებს (ამ შემთხვევაში, ალბანეთისა და სომხეთისას), რომელთაც მირონის კურთხევის უფლება ჰქონდათ მოპოვებული. ალბანეთის ეკლესიას, მოსე კალანკატუელის თანახმად, მირონის კურთხევის უფლება ჰქონდა არა თუ IX საუკუნემდე, არამედ VI საუკუნეშიც. უფრო მეტიც, ამ დროს ალბანეთის ეკლესია სივნიეთის ეკლესიასაც კი აძლევდა მირონს, მოსე კალანკატუელი თავისი „ალბანეთის ისტორიის“ 48-ე თავს ასათაურებს ასე - „...სივნიელთა მოქცევა სომეხთაგან ალბანელებისაკენ და ხელდასხმისა და ზეთის [მათგან] მიღება.“ უხტანესი ამ მდგომარეობას ასე ხსნის: „...სომხეთი სპარსელებსა და ბერძნებს ჰქონდათ ერთმანეთში გაყოფილი... გაყოფილი საპატრიარქო საყდარი უარყვეს სივნიეთის უფლებმა და წინააღმდეგობის გამო არ დაეთანხმნენ რომელიმეს დამორჩილებოდნენ პეტრე ეპისკოპოსის ბრძანებით, რომელმაც ...უბრძანა თავის სამწყსოს, ხელდასხმა და მირონის კუთხევა ალბანელთაგან მიეღოთ, სანამ წმინდა გრიგორის საპატრიარქო საყდარი გაერთიანდებოდა. ამ დროიდან აქამდე ხელდასხმასა და მირონს სივნიელები ალბანეთაგან იღებდნენ...“ აქედან ჩანს, რომ როგორც ალბანელი მოსე კალანკატუელის, ისე სომეხი უხტანესის მიხედვით, ალბანეთი ეკლესია თვითვე აკურთხებდა მირონს ჯერ კიდევ სოხმეთის საკათალიკოსოს ორად გაყოფამდე, VI საუკუნის დასასრულამდე. იოანე კოგოვიტელი, გაყოფის დროინდელი სომეხი ქალკედონიტი კათალიკოსი, 590-611 წლებში ზეობდა. ალბანეთის ეკლესია VI საუკუნეში მირონს აკურთხებდა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ეკლესიასაც კი აწოდებდა მირონს. ზ. ალექსიძე წერს: „მოსე კალანკატუელის გადმოცემით, როცა სომხეთის საკათალიკოსო ორად გაიყო VI-VII სს-ის მიჯნაზე იოანესა (ქალკედონიტი) და მოსეს (მონოფიზიტი) შორის, სივნიეთის მმართველებმა არც ერთი აღარა სცნეს და ხელდასხმისათვის ალბანელთა კათალიკოსებს მიმართავდნენ ხოლმე. ალბანეთიდანვე იღებდნენ მირონს, სანამ აბრაამ ალბათანელმა არ გააერთიანა ორივე საყდარი.“ აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ ალბანეთის ეკლესიას მირონის კურთხევა შეეძლო VI საუკუნეში, ქართულ ეკლესიასასც ასეთივე უფლება ექნებოდა, რადგანაც ქართულ ეკლესიას ალბანურ ეკლესიაზე ღირსეულად და მეტი პატივის მქონედ მიაჩნდა თავი. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩვენს მეცნიერებაში ამჟამად დამკვიდრებულია თვალსაზრისი, თითქოს ქართულმა ეკლესიამ „...მხოლოდ IX საუკუნის 40-იანი წლებიდან მიიღო მისი დამზადების უფლება იერუსალიმის პატრიარქისაგან, რისი ინიციატორი და საქმის მომგვარებელი იყო აწყურის ეპისკოპოსი ეფრემი...“
ასეთი თვალსაზრისი არ არის მისაღები, რადგანაც გიორგი მერჩულის ცნობის არასწორ გაშიფრვაზეა დამოკიდებული. გიორგი მერჩულე, ჩანს, წერდა - „რამეთუ პირველად ა-სა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალიმით მოჰყვანდა, ხოლო ეფრემ ქრისტესმიერითა ბრძანებითა მიჰრონის კურთხევა ქართლს განაწესა იერუსალიმის პატრიარქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით. არამედ ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების...“ ამ ცნობაში შემდეგდროინდელ გადამწერს სწორად ვერ გაუხსნია ქარაგმა „ა-სა“; ქარაგმა - „ა-სა“ კონტექსტის მიხედვით უნდა გაიხსნას „აფხაზეთისა“ მაშინ აზრი ნათელი და სრულიად გასაგები გახდება. მწერალი წერს - თავიდან აფხაზეთის კათოლიკოსებს მირონი იერუსალიმიდან მოჰქონდათ, ეფრემის შემწეობით კი აფხაზეთისათვის საჭირო მირონის კურთხევა გადაწყდა ქართლში, რადგანაც აფხაზეთი ანუ დასავლეთი საქართველო ქართლია, ქართული ეკლესიის ნაწილია, რადგანაც წირვა-ლოცვა აქ ქართულ ენაზე წარმოებს. აზრი სრულიად ნათელი და გასაგებია. ამჟამად კი, როცა ნაცვლად აფხაზეთისა იკითხება „აღმოსავლისა“, ქარაგმის არასწორი გახსნის გამო, აზრი დაბნელებული, უშინაარსო და არასწორია - თითქოსდა აღმოსავლეთის ქვეყნების საკათალიკოსოებს თავდაპირველად მირონი იერუსალიმიდან მიჰქონდათ, ეს სრულიად მრუდე აზრი არ შეიძლება იყოს გიორგი მერჩულის დედნისა, რადგანაც გიორგი მერჩულე არის სრულიად სანდო, განათლებული, მოაზროვნე მოღვაწე. საქმე ისაა, რომ I საუკუნის 70-იან წლებში იერუსალიმი მთლიანად დაანგრიეს და მის ადგილზე ერთი მცირე სოფელიღა აღმოცენდა საუკუნის შემდეგ. IV საუკუნეში ელენემ და კონსტანტინე რომის იმპერატორმა ეს ქალაქი აღადგინეს, მაგრამ მისი ეპისკოპოსი ექვემდებარებოდა ხან ანტიოქიის ეპისკოპოსს, ხან კი კესარია-პალესტინის ეპისკოპოსს. მხოლოდ V საუკუნეში ქალკედონის კრების შემდეგ გამოვიდა იერუსალიმის ეპისკოპოსი კესარია-პალესტინის ეპისკოპოსის დაქვემდებარებისაგან და გადაიქცა საპატრიარქო ეკლესიად. ამიტომაც I-V საუკუნეებში აღმოსავლეთის ქვეყნების საკათალიკოსოები მირონს იერუსალიმიდან ვერ წაიღებდნენ. I საუკუნის 70-იან წლებამდე, როცა ქალაქი იერუსალიმი არსებობდა, მაშინ აღმოსავლეთის საკათალიკოსოები არ არსებობდნენ. ხოლო შემდეგ საუკუნეებში იერუსალიმი არ იყო არც საეკლესიო და არც საერთაშორისო მნიშვნელობის ქრისტიანული ცენტრი. ასეთი იყო მთელი აღმოსავლეთისათვის მხოლოდ ანტიოქია, ამიტომაც შეიძლება მართალია ეფრემ მცირე, როცა წერს, რომ ანტიოქიის საპატრიარქოში ეკურთხებოდა მირონი და სხვაგან არსადო. თუ „აღმოსავლეთისას“ ქვეშ ვიგულისხმებთ ქართლის კათალიკოსებს, მაშინ სწორედ „ქართლისა“ უნდა დაეწერა კიდეც ავტორს, მით უმეტეს, რომ რამდენიმე სიტყვის შემდეგ ნახსენებია სიტყვა „ქართლი.“ მაგრამ კონტექსტიდან ჩანს, რომ ამ ცნობაში ლაპარაკია ახლად შექმნილი აფხაზეთის საკათალიკოსოს მიერ მირონის მიღების შესახებ, კერძოდ, თავიდან აფხაზეთის კათალიკოსს მირონი იერუსალიმიდან მიჰქონდა, ხოლო შემდეგ განეწესა, რომ აფხაზეთის საკათალიკოსოს მირონი მიეღო არა იერუსალიმიდან, არამედ ქართლის საკათალიკოსოდან, რადგანაც აფხაზეთის ქვეყანა (ე. ი. დას. საქართველო) ქართლის ქვეყნის ნაწილია, ხოლო აფხაზეთის საკათალიკოსო ქართლის საკათალიკოსოს ანუ ერთიანი ქართული ეკლესიის ნაწილია, რადგანაც „...ქართულად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების.“ გიროგი მერჩულეს ახალი არაფერი უთქვამს, რადგანაც დასავლეთ საქართველოს უკვე მეფე ფარნავაზის დროიდანვე უწოდებდნენ ქართლს - მდინარე ეგრისწყლის აღმოსავლეთით მიმდებარე ქვეყანას, ვიდრე ალბანეთის საზვრამდე. გიორგი მერჩულეს ცნობიდან ისეთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ აფხაზეთის საკათალიკოსო დაარსების შემდეგ, ე. ი. 720-იანი წლებიდან, მირონს იღებდა იერუსალიმის საპატრიარქოდან, ხოლო 840-იან წლებში ის მირონს იღებდა უკვე მცხეთიდან - მსოფლიო მართლმადიდებლობის დასტურით. მართლაც, აფხაზეთის საკათალიკოსო 830 წელს ცნო ქართლის (ტაო-კლარჯეთის) სამეფო კარმა და ალბათ ქართლის (მცხეთის) საპატრიარქომაც, მალევე, ამ ცნობის შემდეგ ის მირონს მცხეთიდან იღებს - ე. ი. აფხაზეთის საკათალიკოსოში მირონი არ ეკურთხებოდა, დასავლეთ საქართველოში მირონი მცხეთიდან მიჰქონდათ, ქართული ეკლესიის ერთიანობის ნიშნად. ხოლო რაც შეეხება მცხეთას - აქ მირონი V საუკუნიდანვე ეკურთხებოდა. ისმის ასეთი კითხვა - რატომ მიჰქონდათ აფხაზეთში მირონი იერუსალიმიდან IX საუკუნის 40-იან წლებამდე? როცა დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთის აბაზგიის ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოს და ფოთის სამიტროპოლიტოს გაერთიანების შემდეგ წარმოქმნილმა ეკლესიამ ხატმებრძოლური ერესის გამო გაწყვიტა კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ახალმა ეკლესიამ კონსტანტინეპოლთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ, ჩანს, კავშირი დაამყარა იერუსალიმის საპატრიარქოსთან. არსებობს მსგავსი მაგალითიც: როცა გოთეთის ეკლესიამ VIII საუკუნის I ნახევარში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში წარმოქმნილი ხატმებრძოლური ერესის გამო კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლთან, გოთეთის მთავარი ეპისკოპოსი იერუსალიმში ჩავიდა კურთხევისათვის და იქ სამი წელი ელოდა კურთხევას (იხ. „ცხოვრება იოანე გუთელისა“). იოანე გუთელი ანტიოქიის საპატრიარქოში არ მივიდა იმ მიზეზის გამო, რომ ანტიოქიელი პატრიარქები არაბთა შემოსევების გამო არა ანტიოქიაში, არამედ კონსტანტინოპოლში იმყოფებოდნენ იმ დროს. ასევე, აბაზგიის საარქიეპისკოპოსოსა და ფაზისის სამიტროპოლიტოს გაერთიანებით შექმნილმა ახალმ ეკლესიამ, რომელსაც შემდგომ აფხაზეთის საკათალიკოსო ეწოდა, VIII საუკუნის I ნახევარში ხატმებრძოლობის გამო კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლთან და დაამყარა იერუსალიმის საპატრიარქოსთან. აღსანიშნავია და ყურადსაღებია, რომ იერუსალიმის საპატრიარქოში გოთეთის ეპისკოპოსი არ აკურთხეს და ის ქართლში (იბერიაში, მცხეთაში) ეკურთხა ქართლის კათალიკოსის ხელით. იოანე გოთელის მცხეთაში კურთხევის შესახებ ბერძნული წყაროებიც მიუთითებენ. ასევე სრულებით მსგავსია და ეთანხმება აღნიშნულ ფაქტს ის, რომ აფხაზეთის ეკლესიის მიმართაც ასევე მოქცეულა იერუსალიმის საპატრიარქო. მსგავსად გოთეთის დამოუკიდებელი ეკლესიისა, აფხაზეთის ეკლესიაც იბერიის - ქართლის ეკლესიისათვის დაუქვემდებარებია იერუსალიმის საპატრიარქოს. ჩანს, იერუსალიმსა და ქართულ ეკლესიას შორის იმ დროს კარგი ურთიერთობა არსებობდა. ცნობა იოანე გუთელისა და აფხაზეთის მცხეთაზე დამოკიდებულების შესახებ ერთმანეთის მსგავსია. იერუსალიმის საპატრიარქოს ნებით, აფხაზეთისათვის საჭირო მირონი მცხეთას (ქართლში) ეკურთხება, ასევე იერუსალიმის საპატრიარქოდან მოსული იოანე გუთელიც მცხეთაში ეკურთხება. უნდა დავასკნათ, რომ მირონი მცხეთაში V საუკუნიდანვე ეკურთხება. ხოლო დაახლოებით 720-830 წლებში დასავლეთ საქართველოს ის ნაწილი, რომელიც უფრო ადრე კონსტანტინოპოლზე იყო დამოკიდებული, მირონს იერუსალიმიდან იღებდა, ხოლო ამის შემდეგ მცხეთიდან.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 03:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი