IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
:_მარიამი_:
პოსტი Jul 28 2006, 01:59 PM
პოსტი #1


gvirila_mari
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 441
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 8



სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა


უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად, რაც არ გსურს იმას ვაკეთებთ, დაგვჯაბნა ცოდვებმა და ვნებებმა, მოწყალეო, ყოვლის შემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს, მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა, განგვაშორე მაცდური ეშმაკი, მფარველი ანგელოზი მოგვივლინე, მისივე ძალით გვიხსენი, შენ თვითონ თქვნი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ, შენ თვითონ თქვი მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არ გსურს, არამედ მის სინანულს მოელი. თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით:"ჩემთან მოსულს არ განვაგდებ". და აი, მოგეახლენით, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ, ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს, თუმცა ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით, მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა დავძლიოთ ჩვენი ბოროტი, ცოდვიანი ჩვევები.

ამინ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Georg
პოსტი Nov 24 2006, 12:41 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



"წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ცნობით, კონსტანტინოპოლში ყოფილა ქართული თარგმანი ე. წ. «დიდაქესი» ანუ «ათორმეტთა მოციქულთა მოძღვრებისა», რომელიც კანონიკური მწერლობის ერთ-ერთ ადრინდელ (IV ს.) ძეგლად ითვლება". . .


კანონიკა


ნომოკანონი ან სჯულისკანონი. ქართული კანონიკური მწერლობა მეათე საუკუნემდე

მიმოხილვა

ქართული ნათარგმნი კანონიკისა. ორიგინალური კანონიკური მწერლობა: კანონიკური ეპისტოლენი,

სამოქალაქო ხასიათის საკოდიფიკაციო შრომები და ადგილობრივი კრებების დადგენილებანი.

სიგელგუჯრები.



მართვა-გამგეობისა და ცხოვრების იურიდიულ ნორმებზე აგებისას ეკლესია ხელმძღვანელობს თავისი საკუთარი კოდექსით, რომელშიაც შედის მოციქულებისა და მსოფლიო და ადგილობრივი კრებათა კანონები, ეკლესიის ცნობილ მოძღვართა კანონიკური ეპისტოლენი და განმარტებანი, აგრეთვე სამოქალაქო კანონმდებლობა ეკლესიის საქმეთა გამო. ამ კოდექსს ბერძნულად ეწოდება Nomocanwn, ხოლო ქართულად სჯულისკანონი. საეკლესიო სამართლის ისტორიაში ჩვენ რამდენიმე ასეთი კრებული ვიცით; მაგალითად, მეექვსე საუკუნემდე შედგენილი ყოფილა ეგრეთ წოდებული სამოც ტიტლოვანი კრებული, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება. მეექვსე საუკუნეში პატრიარქს იოანე მმარხველს ან სქოლასტიქოსს შეუდგენია ორმოცდაათტიტლოვანი კრებული. იმავე მეექვსე საუკუნეში ვიღაც უცნობ ავტორს დაუწერია სხვა, თოთხმეტტიტლოვანი, კრებული, რომელმაც ხმარებიდან განდევნა ყველა წინადროისა და მისი თანამედროვე კრებული და თვითონ, როგორც უფრო ვრცელმა და ხმარებისათვის გამოსადეგმა, მათი ადგილი დაიკავა. ეს თოთხმეტტიტლოვანი კრებული თანდათანობით ივსებოდა და უმჯობესდებოდა. მეცხრე საუკუნეში ფოტი პატრიარქმა მას გაუკეთა უკანასკნელი და საბოლოო რედაქცია, რის გამო მან მიიღო სახელწოდება ფოტი პატრიარტის «დიდი სჯულისკანონისა». ეს კოდექსი სახელმძღვანელოდ იქნა მიღებული მთელი აღმოსავლეთის საქრისტიანოში.

მეათე საუკუნის ბოლომდე ქართულ ენაზე არ შენახულა არამცთუ რაიმე კანონიკური კრებული, არამედ ცოტად თუ ბევრად ეჭვმიუტანელი და კატეგორიული ცნობა ასეთი კრებულის არსებობის შესახებ D-r G. Peradze-ს ცნობით, კონსტანტინოპოლში ყოფილა ქართული თარგმანი ე. წ. «დიდაქესი» ანუ «ათორმეტთა მოციქულთა მოძღვრებისა», რომელიც კანონიკური მწერლობის ერთ-ერთ ადრინდელ (IV ს.) ძეგლად ითვლება. ამ თარგმანის შესახებ ის ლაპარაკობს ვინმე ფეიქრიშვილის მიერ 1923 წელს გადმოღებული ნუსხის მიხედვით. ავტორი, აღნიშნავს რა იმაში ხან – და ჰაე – მეტობის სისტემატურად ხმარების მაგალითებს, ასკვნის, რომ ის არის ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული ძეგლი ქართულ ენაზე, რომელიც გადმოთარგმნილია ბერძნულიდან თითქოს მეხუთე საუკუნის მოღვაწის იერემია იბერიელის მიერ[1]. ეს იერემია, ამბობს ის, თავისთავს ასე უწოდებს: «იერემია ურჰაელი, ქართველი მართლმადიდებელი, ყარიბობის გამო თავისიანებსა და სამშობლოს დაშორებული»[2]. ავტორს, სამწუხაროდ, არ მოჰყავს საბუთები იმისა, თუ რატომ უეჭველად ეს იერემია უნდა იყოს მთარგმნელი ამ თხზულებისა და არა სხვა ვინმე იერემია, მით უმეტეს, რომ მეხუთე საუკუნის იერემია ურჰაელი არ ყოფილა და არც უმოღვაწნია ურჰაში. თარგმანი რომ ძველი არაა, ამას ამჟღავნებს ისეთი ახალი ლექსიკური ფაქტები, როგორიცაა: «საარსებო, თანამცხოვრები, პირფერი, გარყვნილება, თვალთამთხრელი, პატიება, საზრდო პური, სინამდვილე, თვითშეგნება» და სხვ. ხან-ჰაე-მეტობაც კლასიკურ ნორმებს ხშირად ღალატობს და რაღაც ხელოვნურად შეთხზულის თუ რომელიღაც დიალექტიკური მოვლენის ნიშნებს ატარებს. ამიტომ საფიქრებელია, რომ ეს თარგმანი შესრულებულია უახლეს საუკუნეებში, ერთ-ერთი ქართველი მწიგნობრის მიერ თვით კონსტანტინოპოლში ან ათონის მთაზე, შესაძლებელია, მას შემდეგაც, რაც ფილოთეოს ბრიენიოსმა აღმოაჩინა და გამოსცა მისი ბერძნული ტექსტი კონსტანტინოპოლში[3].

ერთადერთი ადგილი, რომლის მიხედვით შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ მსოფლიო კრებათა დადგენილებანი ნათარგმნი იყო ძველადვე ქართულად, მოიპოვება კირიონ კათოლიკოსისა და სომეხთა მწყემსთმთავრის აბრაამის შორის მიწერ-მოწერაში (VI –VII სს.). უხტანესის გადმოცემით[4], კირიონი სწერს აბრაამს: «იქნება თქვენ მოისურვოთ გამოძიება და გაცნობა ჩვენი სარწმუნოებისა, - ამისათვის მე ვათარგმნინე და მოგართვით თქვენ წიგნები (resp. წერილი, (სომხური) ოთხთა კრებათა, რომლითაც ხელმძღვანელობენ ჰრომნი და რომელიც ანასტასია-წმიდასა და წმიდა სიონში იქადაგების». მოყვანილ ამონაწერში გაუგებარია, პირველ ყოვლისა, რა ათარგმნინა კირიონმა, რას წარმოადგენდა ეს წიგნი თუ წერილი: რაიმე წერილს ან ტრაქტატს ოთხ მსოფლიო კრებათა შესახებ, თუ წიგნს, კრებულს, რომელშიაც მოთავსებული იყო დადგენილებანი და აქტები ამ ოთხთა კრებათა? მერე – რა ენაზე ჰქონდა ეს «წერილი» თუ «წიგნი» კირიონს, ქართულზე თუ ბერძნულზე, ესე იგი რა ენიდან ათარგმნინა იგი კირიონმა სომხურად? ჩვენ გვგონია, რომ აქ იგულისხმება წიგნი, რომელშიაც მოთავსებული ყოფილა ოთხთა კრებათა დადგენილებანი, მაგრამ არა ყველა, არამედ მხოლოდ დოგმატიკური ხასიათისა, ეგრეთ წოდებული სარწმუნოებრივ-აღსარებითი ფორმულები, ან სიმბოლო სარწმუნოებისა, რომელიც სწორედ ოთხ კრებაზე ჩამოყალიბდა საბოლოოდ და რომელიც აღნიშნულ მომენტში შეადგენდა საცილობელ საგანს ქართველთა და სომეხთა შორის. აქ რომ სწორედ სარწმუნოებრივ-აღსარებითი ან დოგმატიკური ფორმულები იგულისხმება, ეს ნათლად ჩანს სიტყვებიდან: «რომელიც ანასტასია-წმიდასა და წმიდა სიონში იქადაგების». ყველაფერი, რასაც ჩვენ გწერთ, ამბობს კირიონი თავის წერილში, «კრებათა წიგნთაგან ამოღებულიაო», იგულისხმება «ძეგლის წერათა წიგნები», მაგრამ არა კანონიკური ხასიათისა, როგორც აკად. ი. ჯავახიშვილს მიაჩნდა («ქართული სამართლის ისტორია», I, 28), არამედ სწორედ სარწმუნოებრივ-აღმსარებლობითი ხასიათისა, დოგმატიკური ფორმულები. ასეთი ფორმულები კი, რასაკვირველია, იმთავითვე იქნებოდა ქართულად ნათარგმნი, მაგრამ ეს უფრო დოგმატიკური მწერლობის ძეგლია, ვიდრე კანონიკურისა.

საგულისხმოსა და მნიშვნელოვანს არაფერს წარმოადგენს სტეფანე მტბევრის სიტყვებიც, რომელიც გობრონის «ცხოვრებაში» იკითხება, სახელდობრ: სომხებმა «მოძღუართა მიერ წმიდათა კრებათა ღმრთივსულიერთა განწესებული კანონი საეკლესიოჲ შეურაცხყვესო»[5]. ამ სიტყვებს სტეფანე იმ შემთხვევაშიაც ადვილად იტყოდა, თვალითაც რომ არ ენახა «კანონი საეკლესიოჲ» ქართულ ენაზე.

ამნაირად, ჩვენ გვგონია, რომ პირველ პერიოდში კიდევ არ ყოფილა თარგმნილი ქართულად რაიმე კანონიკური კრებული. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ექვთიმე ათონელს მეათე საუკუნის გასულს უთარგმნია ქართულად იოანე სქოლასტიკოსის პენიტენციალური კრებული და მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებანი. ექვთიმე, რომელიც მოუცლელობის გამო ღამით თარგმნიდა წიგნებს დიდი შერჩევით, არ გადმოიღებდა ამ ძეგლებს, რომ ან ესენი, ან, მით უმეტეს, თოთხმეტტიტლოვანი კრებული ქართულად მის დრომდე ნათარგმნი ყოფილიყო. ექვთიმეს ეს შრომა იყო შემკრებლობითი ხასიათისა, მას მიზნად ჰქონდა დაკმაყოფილება იმდროინდელი კანონიკური კოდექსის მოთხოვნილებისა. ეს ჩანს ექვთიმეს სიტყვებიდან: «ყოველივე პირი და სახე სხუათა მათ პირველთა მამათა მიერ აღწერილისა რჩულისკანონისაჲ აქა შემოკრებულ არსო». მაშასადამე, ქართული საეკლესიო-იურიდიული მწერლობა, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მეათე საუკუნის გასულიდან უნდა დავიწყოთ.

პროფ. ვლ. ბენეშევიჩი ფიქრობს, რომ, ყოველ შემთხვევაში, მეათე საუკუნეში ქართულ ენაზე უკვე არსებობდა დიდი, თოთხმეტტიტლოვანი სჯულისკანონი პატრიარქი ფოტისაო[6]. თავის მოსაზრებას ის შემდეგზე ამყარებს: 1) ჩვენ ვიცითო, ამბობს ის, რომ სინას მთის ქართულ წიგნსაცავის კატალოგში, რომელიც მეათე საუკუნეს ეკუთვნის (№ 92), მოხსენებულია, სხვათა შორის, «ერთი დიდი კანონიო». მაგრამ საქმე ისაა, რომ კანონად აქ იგულისხმება არა «სჯულისკანონი», არამედ ლიტურგიკული კანონი, რომელიც ცნობილია «იერუსალიმის განჩინების და განწესების» სახელით[7]. ეს წიგნი, მართლაც, ორი რედაქციით არის ცნობილი სინას მთაზე: დიდით, მთლიანით ან სრულით, და შემოკლებულით, შერჩეულით ან მცირით. 2) მეთერთმეტე საუკუნის დამდეგს, ამბობს ბენეშევიჩი, ექვთიმე მთაწმიდელმა გადმოთარგმნა მეექვსე მსოფლიო კრების სჯულისკანონი, რომელსაც ის უწოდებს «მცირე შჯულის კანონს» და ამით, მაშასადამე, ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არსებობდა მეორე, უფრო ვრცელი სჯულისკანონიო. მეექვსე მსოფლიო კრების სჯულისკანონი ნაწილია დიდი სჯულისკანონისა, მაშასადამე, სრულიად ბუნებრივია, რომ იმ წიგნს, რომელიც შეიცავს მხოლოდ ნაწილს მთელისას, მან მცირე უწოდა. ექვთიმე ამ შემთხვევაში ისევე მოიქცა, როგორც სვინაქსრის გადმოთარგმნისას: მან გადმოიღო შემოკლებული, გამოკრებული სვინაქსარი, რომელსაც მან უწოდა «მცირე» სვინაქსარი, განსასხვავებლად სრული სვინაქსრისაგან, რომელიც ითარგმნა შემდეგ გიორგი მთაწმიდლის მიერ. 3) მელქისედეკ კათოლიკოსის 1040 წლის სიგელში, სადაც ჩამოთვლილია მის მიერ სვეტიცხოვლისადმი შეწირული წიგნები, მოხსენებულია, ამბობს პროფ. ვ. ბენეშევიჩი, «სჯულისკანონი ახალი ერთი». სიტყვა «ახალი» კიდევ არ ნიშნავს რომელიმე ახალ რედაქციას ან კრებულს; მელქისედეკს შეეძლო ასე ეწოდებია ექვთიმეს მიერ ნათარგმნ კრებულისათვის, რადგანაც ის ნათარგმნი იყო რაღაც 30 –35 წლის წინათ (მისი მამის, იოანეს, გარდაცვალების შემდეგ). სწორედ ამავე ხანებში ექვთიმეს მიერ ნათარგმნ მაკარი მეგვიპტელის «ებისტოლეთა» წიგნს XI საუკუნის ნახევრის ერთ «ანდერძში» ეწოდება «ახალთარგმნილი» (ხელნაწ. ქუთ. მუზ. № 181. ფ. 256 ბ).

საკითხს იმის შესახებ, თუ როდის ითარგმნა ქართულად სჯულისკანონი, ეხება აკად. ი. ჯავახიშვილიც თავის «ქართული სამართლის ისტორიაში»[8]. ისიც იმ აზრისაა, რომ სჯულისკანონი ქართულად გადმოთარგმნილი იყო გაცილებით ადრე არსენ იყალთოელამდე, თუ უფრო ადრე არა, მერვე-მეცხრე საუკუნეებში მაინც: «არსენ იყალთოელის თარგმანი პირველი ქართული თარგმანი არ უნდა ყოფილიყო, არამედ უკანასკნელი თუ არა, მეორე მაინცო» (გვ. 24). ამის დასამტკიცებლად, ვ. ბენეშევიჩის მოსაზრებათა გარდა, მას თავისი არგუმენტებიც მოყავს, თუმცა «საფიქრებელია», «ალბათ» და «მგონია»-ს სახით. მთავარ არგუმენტს მას ჩვენ მიერ გამოქვეყნებული[9]გრიგოლ ჩახრეხაჲსძის «ანდერძი» აძლევს, სახელდობრ, შემდეგი სიტყვები: «არარაჲს სხჳსათჳს მოვიჭირვე წერაჲ ამისი თჳნიერ რომელ სიყუარული მქონდა ცალკერძ წმიდისა მონასტრისა პატიოსნისა ჯუარისაჲ და მერმე ამის წმიდისა წიგნისაჲ. და ესე დავიდევ გონებასა ჩემსა, ვითარმედ უკუეთუ ღირს მყოს ღმერთმან და წმიდასა მონასტერსა პატიოსნისა ჯუარისსა შინა შეიწყნარონ, მაშა თჳთ კეთილ, და ვიდრე ცოცხალ ვიყო, არა დავაკლდები ხილვასა ამისსა; და თუ არა, ვიდრე ცოცხალ ვიყო, მე მქონდის, და შემდგომად ჩემსა, სადაცა ღმერთმან ინებოს». გრიგოლ ჩახრეხაჲსძეს, ამბობს აკად. ი. ჯავახიშვილი, «ჰშინებია, რომ მის მიერ გადაწერილი არსენ იყალთოელის თარგმანი შეიძლება ჯუარის მონასტერში არ მიეღოთ, არსენ იყალთოელის შრომა რომ დიდი სჯულისკანონის პირველი ქართული თარგმანი ყოფილიყო, დაუჯერებელია, რომ გრიგოლ ჩახრეხაჲსძეს შიში ჰქონოდა, ვაჲ თუ ჩემი გარდანაწერი არ მიიღონო. პირიქით, ის დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ მის საჩუქარს ორთავე ხელით მოეჭიდებოდნენ. სამაგიეროდ ამგვარი ეჭვი ბუნებრივად გვეჩვენება, თუ წარმოვიდგენთ, რომ არსენის შრომა ხელახალი თარგმანი იყო და ამაზე წინათაც ამ ძეგლის ქართული თარგმანი არსებობდა» (გვ. 24). კატეგორიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ეს გაუგებრობაზეა აგებული. არავითარ შიშს – ვაი თუ არსენ იყალთოელის თარგმანი ჯვარის მონასტერში არ მიიღონო – არ შეიძლება ადგილი ჰქონოდა, თუ მხედველობაში გვექნება გრიგოლ ჩახრეხაჲსძის ანდერძის ის ადგილი, სადაც ის არსენის თარგმანს უწოდებს «სულთა განმანათლებელს, ქრისტიანეთა წინამძღუარს და სჯულთა მასწავლელ წიგნს», ხოლო თვით არსენს – საუკუნოდ მოჴსენებულს და ჩუენ ქართველთათჳს ფრიად ჭირთა თავსმდებელს». არსენის შრომები ქართველთა შორის ყოველგვარ ეჭვს გარეშე იდგა. ამით აიხსნება, რომ საქართველოში დამკვიდრდა იოანე დამასკელის «წყარო ცოდნისა»-ს ის თარგმანი, რომელიც ეკუთვნის არსენ იყალთოელს, და არა ეფრემ მცირისა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ, როგორც ირკვევა, ანდერძის ზემომოყვანილ სიტყვებში ლაპარაკია არა არსენ იყალთოელის თარგმანის მიღებაზე ჯვარის მონასტერში, არამედ თვით ანდერძის დამწერის, გრიგოლ ჩახრეხაჲსძისა. საქმე ისაა, რომ ერთადერთი ნუსხა ამ ანდერძისა, რომელიც გელათის ხელნაწერში № 25 (ფ. 296) გვაქვს, წარმოადგენს არა გრიგოლის ავტოგრაფს, არამედ მის პირს. გადაწერისას ამ «პირში» დაშვებულია არა ერთი შეცდომა. ერთ-ერთ ასეთ შეცდომას წარმოადგენს «შეიწყნარონ» ნაცვლად «შემიწყნარონ»-ისა. გრიგოლის ავტოგრაფში ყოფილა: «უკუეთუ ღირს მყოს ღმერთმან და წმიდასა მონასტერსა ჯუარისსა შინა შემიწყნარონ, მაშა თჳთ კეთილ, და ვიდრე ცოცხალ ვიყო, არა დავაკლდები ხილვასა ამისსა; და თუ არა, ვიდრე ცოცხალ ვიყო, მე მქონდის, და შემდგომად ჩემსა, სადაცა ღმერთმან ინებოს». გრიგოლი, რომელსაც სურვილი ჰქონია ჯვარის მონასტერში ბერობისა, ამბობს: ეს წიგნი მე მიტომ გადავწერე, რომ, ერთი მხრით, სიყვარული მქონდა ჯვარის მონასტრისა, მეორე მხრით, თვითონ ამ წიგნისა. თუ ღმერთი მაღირსებს და მე ჯვარის მონასტერში შემიწყნარებენ, მიმიღებენ ბერად, ხომ კარგი: სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს წიგნიც იქ იქნება და მე, როგორც ამ მონასტრის ბერს, ის მუდამ თვალწინ მექნება. ხოლო თუ არ მიმიღებენ, მაშინ, იგულისხმება, არ შევწირავ მას და წიგნი ჩემთან დარჩება ჩემს სიცოცხლეში, ჩემი სიკვდილის შემდეგ კი იქ იყოს, სადაც ღვთის ნება იქნებაო. ანდერძში რომ თავდაპირველად «შემიწყნარონ» იყო და არა «შეიწყნარონ», ამას ადასტურებს სიტყვები «უკუეთუ ღირს მყოს ღმერთმან»; აქ რომ წიგნზე ყოფილიყო ლაპარაკი, ნათქვამი იქნებოდა: «ღირს ყოს» ან «იჩინოს».

მეორე დამამტკიცებელ საბუთად თავის მოსაზრებისა ი. ჯავახიშვილს მოყავს ის გარემოება, რომ, გრიგოლ ხანძთელის «ცხოვრებით», ერთ-ერთ საეკლესიო კრებაზე გუარამ მამფალი და გრიგოლ ხანძთელი თავიანთი აზრის სიმართლის დასამტკიცებლად მიუთითებენ «წმიდათა მოციქულთა და ღირსთა მათ მღდელთმოძღუართაგან განსაზღვრებულსა კანონსა», მათი დასაყრდენია «კანონი შჯულისაჲ» (გვ. 24). მაგრამ ასეთი მითითება კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს «კანონი» მათ დროს ქართულად იყო. მაშინდელ ქართლში, რასაკვირველია, საეკლესიო კანონებს იცნობდნენ და იყენებდნენ კიდევაც მათ, თუმცა ისინი ჯერ კიდევ თარგმნილი არ იყო, ისე როგორც, მაგალითისათვის, სახარებას იცნობდნენ და მისი მოძღვრებით ხელმძღვანელობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის გადმოთარგმნილი არ იყო.

ასე და ამრიგად, პირველ პერიოდში ჩვენში სჯულისკანონი ჯერ კიდევ არ ყოფილა ნათარგმნი.

კანონიკურ კრებულთა თარგმნისათვის პირველად ხელი მოუკიდია ექვთიმე ათონელს. როგორც მას ჩვეულებად ჰქონდა, ამ შემთხვევაშიაც, გადმოსათარგმნ ძეგლთა შერჩევისას, სახელმძღვანელო პრინციპად მან აიღო პრაქტიკული, ყოველდღიური მნიშვნელობა ცხოვრებისათვის ამა თუ იმ ნაწარმოებისა და თან ისიც გადმოთარგმნა არა იმ სახით, როგორც ის დედანში იყო, არამედ მისი შედგენილობისა და რედაქციის ცოტაოდენი შეცვლით ქართულ სინამდვილესთან შეფარდებით.

მეთორმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში, რუის-ურბნისის კრების შემდეგ, ქართულად ითარგმნა პატრიარქი ფოტის თოთხმეტტიტლოვანი «დიდი სჯულისკანონი». მთარგმნელი მისი არის, როგორც მტკიცედაა დამოწმებული თვით ნუსხებით, არსენ იყალთოელი. არსენის თარგმანი შემდეგში შეუვსიათ სხვადასხვა სტატიით. მაგალითად, შეუტანიათ შიგ მოციქულების პეტრესი და პავლეს კანონები, რომლებიც, მართალია, ბერძნულ დედანში არის, მაგრამ არსენის არ გადმოუღია, აგრეთვე ერთი საკმაოდ ვრცელი დამატებითი სტატია, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: “კანონი მეექუსე კართაგენს შინა შეკრებულთა მამათაჲ”. ეს სტატია საინტერესოა მით, რომ ბერძნულ ენაზე ის არ შენახულა; ის წარმოადგენს კრებულს, რომელშიაც განმარტებულია მეტად ვრცლად კართაგენის კრების არა მარტო მეექვსე, არამედ მეშვიდე და ორმოცდა მესამე კანონი, აგრეთვე მოციქულთა 69, ღანღრის კრების 19, პეტრე ალექსანდრიელის 15 კანონი, მოყვანილია შიგ ციტატები სხვადასხვა მამათა თხზულებებიდან, წარმოდგენილია ვრცელი ტრაქტატი სინანულისა და მარხვის შესახებ და სხვ. რედაქცია კანონებისა და ენა თარგმანისა სხვაა, ვიდრე თვით სჯულისკანონში, ასე რომ ისიც ნათარგმნია პეტრიწონული ლიტერატურული სკოლიდან გამოსული მწერლის მიერ, მაგრამ გაცილებით გვიან, ვიდრე თვით «სჯულისკანონი»[10].

მეთორმეტე საუკუნეში უნდა იყოს გადმოთარგმნილი ბერძნულიდან «კითხვანი მონაზონისა ვისნიმე, რომელთა აჴსნა გამოსცა პეტრე პატრიარქმან ხარტოფილაქსმან»[11]. ეს თხზულება, რომელიც სჯულისკანონში არ შესულა, წარმოადგენს მორწმუნეთა საეკლესიო-სარწმუნოებრივი ცხოვრებიდან სხვადასხვა კაზუსის განმარტებას.

ყოველდღიურ ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ ადგენდნენ სხვადასხვა პატარა კრებულს, რომელშიაც გათვალისწინებულია ესა თუ ის საკითხი მორწმუნეთა საეკლესიო-პრაქტიკული მოთხოვნილებისა. ასეთ კრებულს ქართულადაც თარგმნიდნენ. ჩვენამდე შენახულია, მაგალითად, «კითხვანი იოანე ოქროპირისა», სადაც შემდეგ საკითხზეა პასუხი გაცემული: «მოწესისაგან ოდენ ჯერ არს აღსარება ანუ კაცთა ყოველთა? რომელი სათნოება უმჯობეს არს ყოველთა სათნოებათა? რომელი ცოდვა უბოროტეს არს?» აქ, სხვათა შორის, შედარებით ვრცლადაა ლაპარაკი «კაცთა გამსყიდველთა შესახებ. ჩანს, ეს ტრაქტატი მაშინაა ნათარგმნი, როდესაც ჩვენში აღნიშნულმა სენმა განსაკუთრებით იჩინა თავი, ენაც მისი სწორედ ამ ეპოქისაა[12]». მეორე კრებული ამგვარივე ხასიათისაა «სახსნილონი სულმცირენი დიდთა რჯულისკაკონთაგან გამოცემულნი»[13]. აქ ლაპარაკია საქრისტიანო ეკლესიის მარხვათა შესახებ, აღნიშნულია მათი რაოდენობა და დრო. სხვათა შორის, ნათქვამია: «ალაჯორისა კჳრიაკე მსგეფსადმი ხსნილი არს ყოველთა კაცთა ქრისტიანეთაგან და ვინც იმარხვიდეს ერისკაცი ჴორცითა, მოწესენი წუელითა და კუერცხითა, კრულ, წყეულ და შეჩვენებულ იყვნენ შჳდთა კრებათა მადლითა». მარხვათა შესახებ სადისციპლინო საკითხები ხშირად გვხვდება ხოლმე სხვადასხვა კრებულში, როგორც კანონიკურში, ისე ლიტურგიკულში, მაგრამ კრებულები ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო და თან მათში საჭირო საკითხთა განმარტების მოძებნაც გაძნელებული იყო, ამიტომ წარმოიშვა ამგვარი სახელმძღვანელოები.

ყველაზე უფრო მწვავე და საჭირბოროტო იყო მორწმუნეთა ცხოვრებაში საკითხი ქორწინებაში «ნათესაობითი ხარისხის» შესახებ, საჭირო იყო ყველას სცოდნოდა – შესაძლებელია თუ არა ამა თუ იმ პირთა ქორწინება და ჯვრისწერა. ამ საკითხის საბერძნეთის ეკლესიაში მთელი ლიტერატურა და კანონმდებლობა არსებობდა როგორც საეკლესიო, ისე მასთან შეთანხმებული სამოქალაქო, სხვადასხვა პატარა თუ მოზრდილ კრებულთა სახით. ზოგიერთი ასეთი კრებული ქართულადაც უთარგმნიათ. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში კალიგრაფს გიორგი კარგარეთელს გადაუწერია ერთი ასეთი კრებული[14], რომელიც, როგორც ენისა და შედგენილობიდან ჩანს, გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს ნათარგმნი. ამ კრებულს ეწოდება: «დაყენებულთა და უჯეროთა ქორწინება-მზახლობათათჳს და განგდებულთა». ის ორი ნაწილისაგან შედგება: პირველს აწერია «ტინტლოსი მეშჳდე» და ამოღებულია მართლაც ბასილი მაკედონელის ეგრეთ წოდებული პროხირონის მეშვიდე ტიტლოსიდან. აქ გარკვეულია სამი სახე სისხლითა ნათესაობისა - «აღმართი, შთამართი და მგუერდილობითი», ნაჩვენებია ის პირნი, რომელთა შორის არსებობს ასეთი ნათესაობითი ურთიერთობა, და შეუძლიათ თუ არა მათ ერთმანეთთან შეუღლება. აგრეთვე ლაპარაკია ნათლისღებითი და შვილობილობითი ნათესაობის შესახებაც. მეორე ნაწილს აწერია: «ხარისხთათჳს ნათესაობისათა მესამისაგან წიგნისა ანასტიტუტონთასა»; აქ უნდა იგულისხმებოდეს მესამე წიგნი იუსტინიანე დიდის ინსტიტუციებისა, იმაში აღნიშნულია ექვსი ხარისხი თითოეული ზემოდასახელებული სისხლითი ნათესაობის სამი სახისა. მეთვრამეტე საუკუნის გასულს იოანე მიხეილის ძე ქსიფილინოს-პაპუწიშვილს გადმოუთარგმნია ბერძნულიდან მანუილ ქსანთინოსის რედაქცია ნათესაობითი ხარისხისა, რომლის შესახებ ჩვენ ზემოთ გვქონდა ლაპარაკი.

ჩამოთვლილთ გარდა, წმინდა საეკლესიო-იურიდიულ ნათარგმნ ძეგლთა შორის ჩვენ გვაქვს კიდევ ანტონ კათალიკოსის მიერ 1776 წელს სომხურიდან გადმოღებული პირველ სამ მსოფლიო კრებათა აქტები (A 618)[15]. რაც შეეხება საეკლესიო-სამოქალაქო ხასიათის იურიდიულ კოდექსებს, ისინი იმ სახით, რა სახითაც ბერძნულად ვიცით, ქართულად მაინცდამაინც არ უთარგმნიათ. დაახლოებით ამგვარ კოდექსს წარმოადგენს მეფის ვახტანგ მეექვსის იურიდიული კრებული, რომელშიაც მოთავსებულია, სხვათა შორის, «სომხური კანონები», ესე იგი, იმპერატორი ვასილისკოჲს (V ს.) იურიდიული შრომა, მეხითარ გოშის მიერ გადმოკეთებული, და «ბერძნული კანონები», ან მათე ბლასტარის შემოკლებული «სინტაგმა», არმენოპულის «ექუსწიგნთაგან» შევსებული. ვახტანგის კოდექსს მეცხრამეტე საუკუნეშიაც არ დაუკარგავს დიდხანს მნიშვნელობა და პოპულარობა[16].

ამით ამოიწურება ნათარგმნი კანონიკური მწერლობა ქართულ ენაზე. საქართველოს ეკლესია თავის მართვა-გამგეობაში ხელმძღვანელობდა აგრეთვე საკუთარი, ადგილობრივი კანონმდებლობით, რომლის ორგანოდ და წყაროდ ითვლებოდა: ა) კერძო პირთა განმარტებანი, ბ) კათოლიკოს-პატრიარქი ეპისტოლენი, გ) სამოქალაქო ხასიათის იურიდიული კოდექსები და დ) ქართულ ადგილობრივ კრებათა დადგენილებანი. როდესაც ეკლესიაში წამოიჭრებოდა ისეთი საკითხები, რომელთა გადაჭრისას საინტერესო იყო საბერძნეთის პრაქტიკა, ჩვენი წინაპრები მიმართავდნენ ხოლმე საზღვარგარეთულ ქართულ მონასტერთა ავტორიტეტულ წარმომადგენლებს და განმარტებას სთხოვდნენ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ექვთიმე ათონელის დროს, რომლისთვისაც მიუმართავს სხვადასხვა საკითხის გამო გიორგი ჭყონდიდელს. ექვთიმეს პასუხი და განმარტებანი[17], რომელთა შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა ლაპარაკი, შედგენილია სტოდიელთა მონასტრისა და ათონის პრაქტიკის ზეგავლენით და ის ამ მხრივაც საყურადღებოა. «კანონიკურ ეპისტოლეთაგან» ჩვენამდე დარჩენილა მხოლოდ ერთი, კათოლიკოს ანტონ პირველისა, რომელიც გამოუცია მას, ერეკლე მეფის ნებართვით, 1767 წელს. ეს ეპისტოლე შეიცავს 15 მუხლს: 1) მღვდლად დასადგენნი უნდა «სწავლულ იყვნენ შვიდთა საიდუმლოთა», 2) საეკლესიო წიგნთა «უცოდნელად მღვდელობა არა ჯერ არს, 3) მწყემსნი მოვალენი არიან სამწყსოს ასწავლონ «წმიდაო ღმერთო, მამაო ჩუენო, მიწყალე და მრწამსი», აგრეთვე პირჯვრისწერა და აღსარების თქმა, 4) ეკლესია წმინდად უნდა იყოს დაცული, შიგ უნდა იყოს ყველა სიწმინდის სამსახურებელი ჭურჭელი, საღვთისმსახურო წიგნები და უმნიშვნელოვანესი ხატები, 5) მწყემსნი უნდა ერიდონ მთვრალობასა და ნაყროვნებას, 6) ბავშვებს ეკლესიაში უნდა ნათლავდნენ ნორმალურ პირობებში, 7) მისანთა და მწამვდედთა შესახებ, 8) ხეთა და ძელთა, ნიშთა და ძეგლთა თაყვანისმცემელთა შესახებ, 9) კვირა-უქმე და დღესასწაულთა გატარების შესახებ, 10) პირუტყვის ბოროტის სიტყვით შეგინება, 11) ეკლესიის მამულის გაცემა-გაყიდვის შესახებ, 12) ეკლესიები უნდა იძენდნენ მხატვართაგან დამზადებულ ხატებსა და სტამბაში გამოსულ წიგნებს[18]. ამ საინტერესო დოკუმენტს ერეკლე მეფე შემდეგ სიტყვებს ურთავს: «ჩვენ, ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნება-ყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნის თავადთა, აზნაურთა, დიდ-ვაჭართა და გლეხთათა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთისგანმარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენს ხალხს ვაბრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქნელი გამოჩნდეს – ან მომწამლველნი, ან კაცის შემკრველნი, ან სიყვარულისა და სიძულვარის წამლის მიმცემნი, და ღვთის დიდად განმარისხებლისა და მოუტევებელის ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქნელნი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი ძალიანი და საანდაზოს ჯაჯაებით დაიხოცნენ. და ეს განჩინება ყოველმა ეპისკოპოსმა თავის სამწყსოს საყდრებში თავის ხალხს წაუკითხონ და გააფრთხილონ»[19]. საყურადღებოა ეს დოკუმენტი იმის გასათვალისწინებლადაც, თუ რა სასჯელს უნიშნავდნენ ხოლმე კანონთა დამრღვეველთ; მღვდელს – მღვდლობისაგან გადაყენებას, მღვდელმსახურების, გარდა წირვისა, აღკრძალვას, მრევლის ჩამორთმევას, ხოლო ერისკაცს – ორმოცი ჯოხის დაკვრას, დარბევას და განსაკუთრებულ შემთხვევაში სიკვდილით სასჯელს.

კანონიკური ეპისტოლეს ხასიათი აქვს იმ «სასჯულო მცნებას», რომელიც XV საუკუნეში მიუცია აფხაზეთის საკათალიკოსოსათვის ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქს მიხაილს იოაკიმე ბედიელის აფხაზეთის კათოლიკოსად დადგენილების გამო[20]. უეჭველია, პატრიარქი მიხაილი ამ «მცნებას» ბერძნულ ენაზე დაწერდა, მაგრამ, ვინაიდან ის, ალბათ, ქართულად გამოქვეყნდა, ერთი მხრით, და, მეორე მხრით, ქართველებისადმია უშუალოდ მიმართული, მას ჩვენ ვთვლით ქართულ საეკლესიო კანონმდებლობითს ძეგლად. «ეს ქარტა თქვენთვის აღვსწერეო», - ეუბნება მიხაილი ქართველებს ამ «მცნების» წინასიტყვაობაში, რომელშიაც გამოსჭვივის ძველი ანტიოქიური ტენდენცია ქართლისა და აფხაზეთის საკათოლიკოსოთა ანტიოქიის საყდარზე დამოკიდებულების შესახებ და რომელშიაც განსაზღვრულია აფხაზეთის საკათოლიკოსოს ტერიტორია: «ეპისკოპოსნი ლიხთამერეთს: ჭოროხს აქეთ, ოვსეთსა აქეთ, ზღუა პონტოს აქეთ, სადა დიდისა ბიჭვინთისა საზღუარი მიაწევს», აფხაზეთის კათოლიკოსისაგან იკურთხეოდიანო, ამბობს ის. ძეგლი გამომცემელს, თ. ჟორდანიას, 19 მუხლად დაუყვია, თუმცა რაიმე გარკვეული სისტემა აქ არ არსებობს. მცნებაში გათვალისწინებულია შემდეგი საგნები: 1) «უხვედრი ან უკანონო ქორწინება», - ვინც ირთავს სვინას ანუ მეყჳსს, სძალს, ბიძის ცოლს, ძმის ცოლს, ცოლის ასულს, ცოლის დედას, დობილს, დედობილს, თუ დედა-შვილი მამა შვილმა შეირთოს, გინა ორნი დანი ორთა ძმათა, ნატაცები ცოლქმრობა, ორცოლიანობა (§§ 1, 2, 13, 15, 18, 19); 2) «მრუშობა», - ხუცის, დიაკვნისა და მთავარდიაკვნის ცოლთან, დედინაცვალთან და დედობილთან (§ 1, 3); 3) «მარხვის შერევა», - მოციქულთა, ოთხშაბათ-პარასკევთა, მიძინების, ალაჯორი და ყველიერის კჳრიაკე (§§ 5, 17, 18); 4) «უქმეთა დარღვევა ან ახალის შემოღება», - კერძოდ, ვინც შაბათს ცხრაჟამითგან ორშაბათს განთენებამდე მუშაობდეს ან პარასკევსა მიწასა რევდეს (§§ 5, 16), - უკანასკნელი შენიშვნა უნდა იყოს შემდეგი დროის ინტერპოლაცია, ოსმალოთა ზეგავლენით ჩადენილი; 5) «მღვდელმსახურთა ზნეობრივი თვისებანი და მოვალეობანი», - ეპისკოპოსთა, მღვდელთა, მოძღვართა და ხუცესთა (§§ 2, 9, 10, 11, 13); 6) «ადამიანის მკვლელობა» (§ 14); 7) «სამონასტრო და საეკლესიო მამულთა მიტაცება» (§ 14); 8) «საეკლესიო კანონებისა და სამღვდელოებისადმი მორჩილება» (§§ 6, 7, 8, 12).

სამოქალაქო ხასიათის საკოდიფიკაციო შრომათაგან ქართული საეკლესიო სამართლის ისტორიისათვის მნიშვნელობას არაა მოკლებული არც გიორგი ბრწყინვალის ძეგლისდება და არც ბექა-აღბუგას სამართალი[21]; თუმცა ისინი სამოქალაქო კანონმდებლობის კოდექსს წარმოადგენენ, მაგრამ ალაგ-ალაგ შიგ ლაპარაკია ეკლესიისა და მის მსახურთა შესახებაც. გიორგი ბრწყინვალის ეპოქას უნდა ეკუთვნოდეს ის შესანიშნავი ძეგლი ჩვენი იურიდიული მწერლობისა, რომელსაც «ჴელმწიფის კარის გარიგება» ეწოდება[22]. ეს ძეგლი სხვადასხვა დროის მასალების მიხედვით შედგენილი, საბოლოოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, გამომცემლის სიტყვით, გიორგი ბრწყინვალის დროს გელათის მონასტერში. თუმცა ნაკლულობის გამო საეკლესიო და სასულიერო დაწესებულებათა შესახებ ამ ძეგლში სრული ცნობები არ შენახულა, მაგრამ ზოგიერთი საეკლესიო ინსტიტუტი მაინც საკმაოდ რელიეფურადაა აქ წარმოდგენილი, მაგალითად, ჭყონდიდელი და მოძღვართ-მოძცვარი. საეკლესიო და სასულიერო საქმეების გამგე, ამ ძეგლით, არის ჭყონდიდელი; გელათის მონასტრის გარდა, ყველა საყდარი, ეკლესია და მონასტერი, ხუცესი, მონაზონი და საეკლესიონი დასნი მისი საჴელოჲსანი იყვნენ, ვეზირთა შორის მას პირველი ადგილი უკავია. (გაგრძელება იქნება)


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
gvirila_mari   სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა   Jul 28 2006, 01:59 PM
mnate   მამა ვიტალი მართლა...   Jul 28 2006, 02:11 PM
guja   სქიმ-არქიმანდრიტი ...   Jul 28 2006, 07:04 PM
mnate   ნუ კანონიზებული ა...   Jul 28 2006, 07:06 PM
guja   რა თქმა უნდა მე კ...   Jul 28 2006, 07:22 PM
mnate   ეგაა მისი ცხოვრებ...   Jul 28 2006, 07:25 PM
IOANA   მამა ვიტალიზე წაკი...   Jul 28 2006, 10:32 PM
Georg   http://image.700up.com/uploads/9306549f08.jpg ...   Aug 31 2006, 05:43 PM
tekla   [url=http://image.700up.com][img]http://image.700...   Sep 2 2006, 11:13 PM
Cotne   მეც წავიკითხე ეს წ...   Sep 1 2006, 02:25 AM
mnate   გაიხარე :) კეტილი ი...   Sep 1 2006, 09:24 AM
david the iverian   საერთოდ მე პირადად...   Sep 1 2006, 10:50 AM
mnate   ნამდვილად :) ასეა ა...   Sep 1 2006, 10:57 AM
david the iverian   დიდმოწამეობა არის ...   Sep 1 2006, 05:55 PM
IOANA   მიძღვნილი წიგნიტ......   Sep 1 2006, 06:42 PM
david the iverian   http://orthodoxy.wanex.net/biografiebi/chumi_galob...   Sep 1 2006, 07:15 PM
მარიამი   რაც შეეხება ტერმინ...   Sep 1 2006, 07:58 PM
salome   დავით, გაიხარე ასე...   Sep 1 2006, 08:01 PM
liliana   დავით, გაიხარე ასე...   Sep 1 2006, 08:20 PM
salome   წიგნი იყიდება ხო ? :u...   Sep 1 2006, 08:22 PM
salome   მე ნამთხვევი ვარ ა...   Sep 1 2006, 08:04 PM
mnate   მართლაა? მაგარია, ...   Sep 1 2006, 08:11 PM
salome   მართლაა? მაგარია, ს...   Sep 1 2006, 08:11 PM
mnate   "სადაც არის" ას...   Sep 1 2006, 08:12 PM
salome   "სადაც არის" ას...   Sep 1 2006, 08:14 PM
david the iverian   salome პირველად მამა ა...   Sep 1 2006, 08:20 PM
mnate   ხო მე არასდროს მივ...   Sep 1 2006, 08:21 PM
მარიამი   მეორე გამოცემა მე ...   Sep 1 2006, 08:23 PM
david the iverian   salome მეც ძველი გამოც...   Sep 1 2006, 08:30 PM
salome   salome მეც ძველი გამოც...   Sep 1 2006, 08:33 PM
salome   http://e.foto.radikal.ru/0609/4a6ee3fe3543.jpg   Sep 1 2006, 08:48 PM
mnate   salome ეს საკუთარი შემ...   Sep 1 2006, 08:52 PM
salome   salome ეს საკუთარი შემ...   Sep 1 2006, 10:30 PM
david the iverian   salome ვინა მამა გაბრი...   Sep 1 2006, 09:43 PM
salome   salome ვინა მამა გაბრი...   Sep 1 2006, 10:41 PM
mnate   შემოქმედებას საკ...   Sep 1 2006, 10:33 PM
salome   შემოქმედებას საკუ...   Sep 1 2006, 10:34 PM
david the iverian   salome რატომ? ^_^   Sep 1 2006, 11:05 PM
salome   salome რატომ? ^_^ რავი, ს...   Sep 1 2006, 11:17 PM
david the iverian   ^_^ ^_^ ^_^ სტიქაროსნებ...   Sep 1 2006, 11:19 PM
salome   ^_^ ^_^ ^_^ სტიქაროსნებ...   Sep 2 2006, 12:21 AM
ალექსანდრე   david the iverian იმ განცდას ...   Sep 2 2006, 02:59 AM
shota   ეს თემა ემიგრანტე...   Sep 2 2006, 11:24 PM
Georg   tekla - გასაგებად გითა...   Sep 4 2006, 08:07 PM
tekla   tekla - გასაგებად გითა...   Sep 4 2006, 09:26 PM
david the iverian   ერთ ერთი ჩემი საყვ...   Sep 4 2006, 08:19 PM
liliana   იცით ეს წუთია დავა...   Sep 6 2006, 08:40 PM
ale   მამა ანდრიას ძმა მ...   Sep 6 2006, 08:52 PM
salome   მამა ანდრიას ძმა მ...   Sep 6 2006, 10:54 PM
liliana   ერთხელ მარტყოფში ...   Sep 6 2006, 11:03 PM
david the iverian   დიდი მადლი დაიმსახ...   Sep 6 2006, 11:50 PM
ალექსანდრე   david the iverian რომელი ხატი...   Sep 7 2006, 01:21 AM
judi   ale მამა ანდრეას დაც ...   Sep 7 2006, 11:15 AM
salome   ale მამა ანდრეას დაც...   Sep 7 2006, 11:17 AM
judi   salome რამდენადაც ვიც...   Sep 7 2006, 12:11 PM
salome   salome რამდენადაც ვიც...   Sep 7 2006, 12:17 PM
leqso   სტატია სქემარქიმა...   Sep 14 2006, 12:33 AM
mnate   leqso გაიხარე, მე ქართ...   Sep 14 2006, 10:50 AM
liliana   leqso გაიხარე, მე ქართ...   Sep 16 2006, 10:29 PM
gvirila_mari   მინდა მეც მოგითხრო...   Sep 15 2006, 05:59 PM
Georg   სქიმ-არქიმანდრიტი ...   Sep 16 2006, 10:21 PM
mnate   დზალიან მიყვარს მ...   Sep 16 2006, 10:26 PM
mnate   ხომ წაიკიტხე რა გი...   Sep 16 2006, 10:32 PM
Georg   ღირსი დავით გარეჯე...   Sep 16 2006, 10:57 PM
david the iverian   ჩემი ანგელოზია მამ...   Sep 16 2006, 11:10 PM
Georg   წმიდა სალომე უჯარმ...   Sep 16 2006, 11:37 PM
salome   :wub: :wub: :wub: :wub: ჩემი ან...   Sep 16 2006, 11:47 PM
maeasi   :wub: :wub: :wub: :wub: ჩემი ან...   Sep 17 2006, 02:29 AM
liliana   დავით გარეჯის ფერწ...   Sep 18 2006, 11:40 AM
salome   დავით გარეჯის მოხა...   Sep 18 2006, 11:42 AM
liliana   დავით გარეჯის მოხ...   Sep 18 2006, 11:44 AM
Georg   Liliana დიდი მადლობა ქ...   Sep 18 2006, 01:52 PM
liliana   Liliana დიდი მადლობა ქა...   Sep 18 2006, 02:34 PM
liliana   თუ აბრაჰამ I კათოლი...   Sep 18 2006, 07:46 PM
Georg   ივანე ჯავახიშვილ...   Sep 19 2006, 12:54 AM
Georg   არ ვიცი! აღნიშნუ...   Sep 19 2006, 10:37 AM
liliana   კათალიკოს პატრიარ...   Sep 19 2006, 10:46 AM
Georg   ეს ყველაფერი ძალზ...   Sep 19 2006, 11:19 AM
_MATASI_   მე წავიკითხე მამა ...   Nov 20 2006, 10:21 PM
usgar   მადლობა თქვენ ეს კ...   Nov 21 2006, 12:24 AM
დავით ივერიელი   gvirila_mari მარიამ რახელა...   Nov 21 2006, 12:40 AM
Georg   "წმიდამღვდელმოწ...   Nov 24 2006, 12:41 PM
Georg   "წმიდამღვდელმოწ...   Nov 25 2006, 06:44 PM
Georg   აქ უნდა ყოფილიყო წ...   Nov 28 2006, 01:00 AM
Georg   2006 წლის 6 და 7 დეკემბე...   Dec 7 2006, 04:11 PM
Mesxi   თქვე ის ინტერვიუ თ...   Dec 17 2006, 10:14 PM
ქავთარაძე   :_მარიამი_: ვაიმეეეე...   Dec 17 2006, 11:30 PM
zura.b.g.   http://orthodoxy.wanex.net/khatebi/skhvadaskhva/gr...   Dec 20 2006, 11:33 PM
solomony   ცალკე რომ არ გავხს...   Dec 25 2006, 02:44 AM
მარიამი   დავამატებდი, რომ წ...   Dec 25 2006, 10:41 AM
marine   ლოცვა წმ. სპირიდონ ...   Dec 25 2006, 12:19 PM
.:თამარი:.   ლოცვა წმ. სპირიდონ ...   Dec 25 2006, 04:48 PM
marine   ალბათ გეცოდინებათ,...   Dec 25 2006, 05:56 PM
bagusa   მამა ვიტალის სურათ...   Oct 18 2007, 12:05 AM
:სამეფო:   კი მარიამ მართალი ...   Dec 19 2007, 01:35 AM
marine   კი მარიამ მართალი ...   Dec 19 2007, 04:41 PM
:სამეფო:   http://i021.radikal.ru/0712/75/e637895bd45a.jpg ...   Dec 19 2007, 03:11 PM
benediqt16   არქიმანდრიტი გაბრ...   Dec 28 2007, 11:04 AM
თათარაშვილი   არქიმანდრიტი გაბრ...   Dec 28 2007, 12:27 PM
m16   ვა რა საინტერესო ს...   Dec 28 2007, 01:51 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 05:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი