წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamara |
Dec 15 2007, 02:29 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
საინტერესო იქნებოდა გადაგვეხედა ციური მნათობების ღვათებებს კავკასიის სხვა ხალხებშიც....
კავკასიურ-იბერიული ხალხების მითოლოგიური წარმოდგენებისთვის დამახასიათებელია მზის, მთვარის და სხვა მნათობების პერსონიფიკაცია. ქართულ მითებში მთვარე მამაკაცია, მზე - ქალი; ისინი ხან და-ძმანი არიან, ხან - ცოლ-ქმარი, ხან კი - დედა-შვილი. დაღესტნის მთიელები მთვარეს და მზეს ქალიშვილის და ჭაბუკის იერით გამოსახავდნენ, ამასთანავე ზოგიერთ მითში ისინი და-ძმად გვევლინებიან, ზოგში კი - შეყვარებულებად. აფხაზთა პანთეონში თავდაპირველად შედიოდა მზის ამოსვლის და ჩასვლის ღვთაება ხაიტი, რომელიც დაკავშირებული იყო ცოცხალთა სამყაროსთან, გარდაცვლილთა სამყაროსთან, ზღვასთან. ძველი წარმოდგენებით, ხაიტის საზღვაო სამეფოში მთებიდან უზარმაზარი ხვრელით ჩაედინება ყველა მდინარე. ხაიტის ქალური შესატყვისი - კოდოში, რომლის კულტიც გავრცელებული იყო აფხაზეთის სანაპირო ზოლში და ზოგიერთ მოსაზღვრე ადიღეურ ტომში (მაგ. შაფსუღებში), გამოისახებოდა მისადმი მიძღვნილი ტყეებისა და ცალკეული ხის თაყვანისცემით. მოგვიანებით აფხაზურ პანთეონში შევიდნენ ამრა (მზის პერსონიფიკაცია) და ამზა (მთვარის პერსონიფიკაცია). მთვარის ფაზების წარმოშობის შესახებ მითის მიხედვით, ამრა (მზე) - მშვენიერი ქალია, ხოლო ამზა - მისი ქმარი. ამზას მოსდევს მისი და - ეშმაკი. როდესაც დაეწევა გაქცეულ ძმას, იგი იწყებს მის ჭამას. ამ დროს ჩნდება ამრა, რომელსაც გაუგია უბედურების შესახებ. ის თავისკენ ექაჩება ამზას, ხოლო და - თავისკენ. კამათს ღვთაება გადაჭრის: 15 დღით იგი ამზას ეშმაკს აძლევს (რომელიც ამ პერიოდში თითქმის მთლიანად შთანთქავს მთვარეს), ხოლო 15 დღით - მის ცოლს ამრას. იგი ახერხებს მიუსწროს ამზას სიცოცხლის ბოლოს (როდესაც მთვარე ილევა) და ალერსით და ზრუნვით კვლავ შთაბეროს სიცოცხლე. სავსემთვარეობისას კვლავ ეშმაკი აღიდგენს უფლებებს. არსებობს მთვარეზე ლაქების ახსნის სხვადასხვა ვარიანტი: მეცხვარის მიერ ზევით ასროლილი და მთვარეზე გაბნეული ძროხის ნაკელი; ნართ სასრიყვას ჯოგი, რომელიც მთვარეზე ძოვს. ქართველთა წარმოდგენით ლაქები მთვარეზე დედის მიერ ცომში მოსვრილი ხელით შვილისთვის სილის გაწვნის კვალია. მრავალი კავკასიური ხალხის რწმენით მთვარის დაბნელება ხდება იმის გამო, რომ მას თავს ესხმის ურჩხული (დრაკონი), რომელიც მის შეჭმას ლამობს; არსებობდა ტრადიცია მთვარის დაბნელების დროს მისი მიმართულებით სროლისა, რათა ეხსნათ იგი. ინგუშების და ჩეჩნების მითოლოგიაში ციური მნათობებისადმი მიძღვნილი რამდენიმე სიუჟეტი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, პერსონიფიცირებული მზე (ან მზის ღმერთი) გელა დილით ზღვიდან ამოდის, ხოლო საღამოს კვლავ ზღვაში ჩადის. როდესაც იგი ჰორიზონტზე ამოდის, მისგან ზღვის ქაფი წვეთავს. წელიწადში ორჯერ (ბუნიობის დროს) დედამისს - აზას სტუმრობს (ზოგიერთი მითის მიხედვით, აზა მზის შვილია, ყოველივე ცოცხალის მფარველი; დაიბადა მზის სხივისგან და წარმოადგენს მზის სხივების მაცოცხლებელ ძალას). ერთ-ერთი მითის თანახმად, მზე და მთვარე ძმები არიან (თუმცა სხვადასხვა დედის შვილები), რომელთაც მუდმივად დევნის მათი ბოროტი და მოჟი, რომელსაც ცაზე თავისი ნათესავები შეუჭამია; როცა იგი მათ დაეწევა, ხდება დაბნელება. სხვა მითი მოგვითხრობს მზისა და სხვა მნათობების წარმოშობის შესახებ. მშვენიერ ქალიშვილს მისდევდა მასზე შეყვარებული სახელგანთქმული ოსტატი-მჭედელი, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს ქალიშვილი მისი და იყო: იგი მას გავარვარებული ოქროს კომბლით მისდევდა მანამდე, ვიდრე ორივენი არ მოკვდნენ. კომბლის ნაპერწკლები ვარსკვლავებად გადაიქცნენ, ჭაბუკი - მზედ, ხოლო ქალიშვილი - მთვარედ. დღემდე ჭაბუკი (მზე) ცდილობს დაეწიოს ცაზე მის შეყვარებულს (მთვარეს). http://geomythology.gol.ge/Iber-CaucasMythology.htm |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი