იმერეთის სამეფო (1462-1810 წწ.) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იმერეთის სამეფო (1462-1810 წწ.) |
marine |
Jan 28 2008, 03:03 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
იმერეთის სამეფო
1462-1810 წწ. (მიხეილ რეხვიაშვილი) XVI საუკუნე ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლა და იმერეთის სამეფოს წარმოქმნა მე -15 საუკუნის II ნახევარში საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო საბოლოოდ დაიშალა და დაიყო რამდენიმე სამეფო-სამთავროდ. აკად. ივ. ჯავახიშვილის დასკვნით „საქართველოს დაყოფა სამეფოებად და სამთავროებად ხანგრძლივი პროცესისა და ბრძოლის შემდეგ მომხდარა. ამასთანავე ერთბაშად კი არა, არამედ თანდათანობით. პირველად სამცხე-საათაბაგო ჩამოშორდა, შემდეგ სამეგრელო-აფხაზეთი და გურია, მერე კახეთის სამეფოც დაარსდა, მალე ქართლი და იმერეთიც ცალკე სამეფოებად გაიყვნენ, მაგრამ ეს მდგომარეობა საბოლოო არ ყოფილა: ბრძოლა საქართველოს მთლიანობის აღსადგენად შემდეგშიაც არ შეწყვეტილა. ამიტომ საქართველოს პოლიტიკური სურათი ცვალებადი იყო და ახლად შექმნილი ერთეულების სივრცე-საზღვრებიც მრავალჯერ შეცვლილა.“ ცნობები საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შესახებ მოგვეპოვება მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილი საისტორიო თხზულებებში. ეს თხზულებებია: ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით შედგენილი ე. წ. „სწავლულ კაცთა კომისიის“ კოლექტიური ნაშრომი, რომელიც ქართლის ცხოვრების უკანასკნელ გამოცემაში შეტანილია სათაურით: „ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი,“ უცნობი ავტორების მიერ შედგენილი „ახალი ქართლის ცხოვრება. მეორე ტექსტი“, „ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი“ და ვახუშტი ბაგრატიონის ფუნდამენტური შრომა „აღწერა სამოფოჲსა საქართველოჲსა.“ ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში კახეთში ყოფილა დაცული გადმოცემა, რომ ალექსანდრე პირველმა (1412-1442 წწ.) საქართველო თავის შვილებს დაუნაწილა: ერთს მისცა კახეთი, მეორეს - ქართლი და მესამეს - იმერეთი. თითქოს ამის ნიადაგზე წარმოქმნილიყოს სხვადასხვა სამეფოები. ამ აზრს ავითარებდა კახეთის მეფე ალესანდრე II რუს ელჩებთან საუბარში 1589 წელს. სწავლულ კაცთა კომისია აღიარებს, რომ ალექსანდრესა და კონსტანტინეს მეფობის დროს „არღარა იცვლებოდა ერისთავნი და არცა თავადნი, ყოველნივე ხევსა და სანახებსა და თემთა და ადგილთა მკვიდრ ქმნილიყვნენ, და, ვისცა მამულსა მისცემდა, მკვიდრად მიეცემოდა. და ყოველნივე ძლიერ იყვნენ: მთავარნი, ერისთავნი და თავადნი. ხოლო ამა ალექსანდრესა და კონსტანტინესა ჟამში განდგნენ იმერელნი, ოდიშარნი და გურიელნი, და არღარა მორჩილებდა ათაბაგი, და განდგა კახეთი.“ სწავლულ კაცთა კომისიის წარმოდგენით ამ დროს ცენტრი უკუდურესად დასუსტებულია. მას აღარ შეუძლია ერისთავთა და მთავართა შეცვლა. კომისიის წევრები დაშლის ფაქტს თავისებურად განმარტავენ, მათთვის უცნობია იმერეთისა და კახეთის მეფის წარმომავლობა. „ხოლო ესე ვერა ვსცანით, თუ ბატონი იმერეთისა და კახეთისა, რომლისა თესლისაგან არიან, და ანუ ვითარ უპყრიესთ ქვეყანანი იგი.“ ე. ი. სწავლულ კაცთა კომისია ვერ არკვევს იმერეთისა და კახეთის მეფეების ჩამომავლობას, მაგრამ მათ შრომას იქვე ახლავს შენიშვნა უცნობი ავტორისა, რომ „ეგნატაშვილს მტერობა უმგარი სიცრუე იმას, რომ იმერთა და კახთა... ჭეშმარიტად მეფენი არიან და ბაგრატოანნი.“ სწავლულ კაცთა კომისია იქვე წერს: „ხოლო იმერეთისა რომელთამე თქუეს: „ოდეს მამა ალექსანდრესი ბაგრატ მეფე ჩავიდა იმერეთს, მაშინ თვისნი მისნი დაუტევა და მიერითგან ძენი მისნი არიანო.“ როგორც ვხედავთ, ეს გადმოცემაც ზეპირსიტყვიერებიდან მომდინარეობს და სწავლულ კაცთა კომისიას ხელთ საამისო არც ერთი დოკუმენტი არ ჰქონია. საქართველოს დაყოფა-დანაწილების საკითხით ვახუშტი ბაგრატიონიც იყო დაინტერესებული. მან სწავლულ კაცთა კომისიისაგან სრულიად განსხვავებული დებულებანი წამოაყენა. ვახუშტი ბაგრატიონმა უარყო კახეთში გავრეცელებული გადმოცემა მეფე ალექსანდრეს მიერ საქართველოს დაყოფის შესახებ. მისი აზრით, ალექსანდრე მეფეს არ შეეძლო საქართველოს დანაწილება თუნდაც იმიტომ, რომ „არ იყო ჩვეულება მეფეთა და უფროსღა ბაგრატიონთა შინა, რათამცა განხეთქილება ექმნათ სამეფოსა, გარნა უფროს განუხეთქელობასა მცდელობდნენ და არცა რიდებდნენ სისხლთა, ვითარცა საჩინო არს.“ ვახუშტი დასძენს, რომ თუ კი მაინც და მაინც რომელიმე პროვინციას ჩააბარებდა მეფე თავის შვილებს ან ნათესავებს, ესენი მეფენი კი არ იყვნენ, არამედ ერისთავებიო. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 1 2008, 01:54 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მე-15 საუკუნის 50-იანი წლების საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას 1459 წელს საქართველოდან დასავლეთ ევროპაში გაგზავნილი იპისტოლეებიდანაც ვგებულობთ.
სამცხის მთავარს ყვარყვარე ათაბაგს თავისი თავი იმდენად დამოუკიდებლად მიაჩნდა გიორგი მეფისაგან, რომ უცხოეთში საკუთარ დესპანებს გზავნიდა და მიწერ-მოწერასაც დამოუკიდებლად აწარმოებდა. ბედიანი, რომელიც სამეგრელო-აფხაზეთის მთავრად ითვლებოდა, იმდენად დიდი უფლებებით ყოფილა მოსილი, რომ მეფედაც კი იწოდებოდა. დასავლეთ ევროპაში გაგზავნილ ეპისტოლეში გურიაც ცალკე ერთეულად იხსენიება, თუმცა ბედიანს და გურიელს ცალკე დესპანები არ გაუგზავნიათ ევროპაში. ზემოთ აღნიშნულის გაანალიზების შედეგად ივ. ჯავახიშვილი შემდეგ დასკვნას აკეთებს: „თუმცა გიორგი მეფე თავის თავს საქართველოს გამაერთიანებელ მეფეს უწოდებს, მაგრამ ნამდვილად არც სამეგრელო-აფხაზეთი, არც გურია და არც სამცხე-საათაბაგო პირდაპირ მას აღარ ემორჩილებოდა. მაშასადამე, მისი სამეფო მხოლოდღა იმერეთს, ქართლსა და ქიზიყ-კახეთს მოიცავდა. ამგვარად აშკარა ხდება, რომ შავ ზღვას გიორგი მეფის საბრძანებელი ჩამოშორებული ყოფილა.“ ევროპიდან დაბრუნებული დესპანების ცნობამ, რომ კოალიციის შექმნას განხორციელება არ ეწერა, საქართველოს მეფე-მთავრებს შორის ისევ ომი გამოიწვია. პირველი ათაბაგი იყო, რომელმაც ომი გააჩაღა და 1465 წელს ფარავანთან საქართველოს მეფე გიორგი მე-8 ტყვედ ჩაიგდო ხელში. ამ მდგომარეობით ისარგებლა ბაგრატ II იმერთა მეფემ. ის ქართლში გადმოვიდა, სადაც, როგორც ჩანს, ბევრი მომხრეები ჰყავდა და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა ბაგრატ VI-ის სახელწოდებით. ათაბაგი მიხვდა თავის შეცდომას, რომ სუსტი მეფის ნაცვლად ტახტი ხელში ჩაუგდო ძლიერსა და უფლებამოყვარე ბაგრატს. იგი სასწრაფოდ ათავისუფლებს გიორგი მეფეს ტყვეობიდან, მაგრამ უკვე გვიანღაა. გიორგი მეფე ტახტისათვის ბრძოლაში უძლური აღმოჩნდა - საქართველოს სამეფო ტახტს ვეღარ იბრუნებს. იგი იძულებული გახდა კახეთში წასულიყო, სადაც მას, როგორც ჩანს, ფეოდალთა ფართო ფენა მხარს უჭერდა, მაგრამ ბრძოლა მაინც უხდება კახეთის მთავარ დავითთან. ამ ბრძოლაში გიორგი იმარჯვებს და 1466 წლიდან გიორგი მე-8 მხოლოდ კახეთის მეფობით კმაყოფილდება. ასე ჩაეყარა საფუძველი კახეთის დამოუკიდებელ სამეფოს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 07:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი