ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი, მედეა, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი, მედეა, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი... |
marine |
Aug 1 2007, 10:45 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში ვისაუბროთ იმ ქართველ ქალებზე, რომლებმაც დიდი ადგილი დაიკავეს საქართველოს ისტორიაში.
მედეა (ძვ. წ. XIV - XIII სს.) მედეა - კოლხეთის მეფის აიეტის გრძნეული უმცროსი ასული, რომელსაც საბერძნეთიდან მოვლენილი ჭაბუკი იასონი ხილვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა, მედეას შემწეობით, მოიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან წაიყოლა საბერძნეთში. (ამ ამბავს ეძღვნება თქმულება არგონავტების შესახებ). ოქროს საწმისთან ერთად, აიეტმა მეფობაც დაკარგა. მისმა ნახევარ ძმამ პერსეს III მისი ადგილი დაიკავა. ათი წელიწადი ცხოვრობდნენ მედეა და იასონი ერთად. ჰქონდათ ოჯახი, ჰყავდათ შვილები.. და უეცრად.. მედეამ შეიტყო საშინელი ამბავი: იასონი მის მეუღლეობაზე ხელს იღებდა და ცოლად ირთავდა კორინთოს მეფის ასულს. მაშინ მედეამ მოღალატე ქმარს საცოლე მოუკლა. მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა შური იძიეს - მედეას შვილები დაუხოცეს. (ამ საშინელი ამბიდან გაივლის დაახლოებით ათასი წელიწადი და დიდი ბერძენი მწერალი ევრიპიდე დაწერს საქვეყნოდ ცნობილ ტრაგედიას "მედეა". სადაც მან კოლხი ქალი საკუთარი შვილების მკვლელად წარმოსახა.) ამიშ შემდეგ, მედეა წავიდა ათენში და ცოლად გაჰყვა მეფე ეგევსს. მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. როდესაც ტახტის კანონიერი მემკვიდრე თესევსი ეწვია ათენს, მედეამ თავის შვილთან ერთად დატოვა საბერძნეთი და აიასში ინკოგნიტოდ დაბრუნდა. იმხანად აიეტი აღარ ფლობდა სამეფო სკიპტრას. მედოსი დაეხმარა პაპას ძალაუფლების დაბრუნებაში. მედეა და მედიცინა მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, სხვადასხვა სახის ძილმომგვრელი, ძალმომცემი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების, ნელსახცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა.შ. წამლების მომზადება; სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა, შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა. მედეას შესახებ დაწვრილებით შეგიძილიათ წაიკითხოთ ლევან სანიკიძის წიგნი "ამბავი კოლხი ქალისა." თამარ მეფე (1166 - 1213) თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184 წწ.) და დედოფალ ბურდუხანის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგი გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი. მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს. 1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18 წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე. 1185 წელს დარბაზის გადაწყვეტილებით თამარი ცოლად გაჰყვა იური ბოგოლუბსკის. მალე იურიმ თავისი უარყოფითი პიროვნული თვისებები გამოამჟღავნა და 1187 წელს საქართველოდან გააძევეს. მათ მემკვიდრე არ ეყოლათ. 1188 წელს თამარი ცოლად გაჰყვა დავით სოსლას. დავითი იყო გიორგი I-ის ძის, დემეტრეს შთამომავალი, ბაგრატიონი. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი რუსუდანი და ლაშა-გიორგი. თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის რეფორმაც დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარის მეფოს დროს. ეს იყო საკმაოდ კარგად გააზრებული სისტემა, რომელიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას - ქვეყნის მართვას. თამარ მეფემ ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება. თამარის მეფობის დროს საქართველო გახდა უძლიერესი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ვრცელდებოდა მის ფარგლებს გარეთ. * * * თამარის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხელს უწყობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას. მისი მეფობის დროს აშენდა ვარძია, ქვაბთახევი, ბეთანია. განვითარდა მხატვრობა, ჭედურობა, ლიტერატურა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლებია ჩახრუხაძის "თამარიანი" და იოანე შავთელის "აბდულმესია", სადაც შექებულია თამარ მეფის სულიერი სისპეტაკე, გარეგნული სილამაზე, გონიერება, სახელმწიფოებრივი მმართველობა. არა მხოლოს ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი", სადაც თინათინის გამეფებას საფუძვლად უდევს თამარის გამეფების ისტორია. XII- XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ პერიოდ უწოდებენ "ოქროს ხანას". გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ და სამეფო ღვაწლმა მეფეს ჯანმრთელობა შეურყია. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1 (14) მაისი დააწესა. http://iberiana.iatp.ge/geowomen-ge.htm -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 1 2008, 04:41 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მაია წყნეთელი
(ხალხური) გლეხის ქალს, მაია წყნეთელს, მეფე ერეკლეს დროს უცხოვრია (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი). უასაკო ყოფილა, როცა ბატონს ძალით მიუყვანია სახლში და ნამუსი აუხდია. მაიას მშობლებს ვერ აუტანიათ ეს მწუხარება და მალე გამოსალმებიან წუთისოფელს. მამას ტყეში ჩამოუხრჩვია თავი, დედას შიმშილით თავი მოუკლავს. ერთ ღამეს ჩაუცვამს მამამისის ტანისამოსი, შემოურტყამს ხმალი, ხანჯალი, მხარზე მამის თოფი გადაუკიდია და წასულა თბილისსში. ასე ვაჟურად გამოწყობილი მისულა მეფე ერეკლეს კარზე და მფარველობა უთხოვია. მეფეს მიუღია იგი. მაიას სახელად მათე დაურქმევია. არ გასულა დიდი ხანი, რომ კახეთის მხარეს დასცემიან ლეკები. მეფეს შეუყრია საჩქაროდ ჯარი და თან გაუყოლებია შინაყმანიც. მათ რიცხვში ყოფილა მაიაც. ყველა კარგად გარჯილა მტერთან ბრძოლაში, მაგრამ მაისებრი ვაჟკაცობა ვერავის გამოუჩენია. ამ დროს მაია ოცი წლისა ყოფილა. მეფე გაუკვირვებია მის მხნეობას, სიმარდესა და ვაჟკაცობას. გახარებული გადახვევია, ორთავ თვალებში უკოცნია და უთქვამს: - აი, შენ კი გენაცვალე! კაციც შენა ყოფილხარ და ქუდიც შენ გხურებიაო! თბილისში რომ დაბრუნდნენ, მეფეს კიდევ მოსვლია ამბავი, სომხებს თათრის ჯარი შემოესიაო. მაშინ მდევარი შეუგროვებიათ. შემდგარა რჩეული ბიჭების დასტა, რომელიც პირველად უნდა შებრძოლებოდა მტერს. მათეც იქ იყო. ომი ყოფილა სოღანლუღს ქვევით. ხმალამოღებულ მაიას შეუჭენებია ცხენი მტრის გუნდში და მეთაურისათვის ანაზდად გაუგდებინებია თავი. არეულა მტრის ჯარი და ქართველებს ისე დაუმარცხებიათ, რომ ამბის წამღები კაციც აღარ დარჩენილა. მაია თურმე თავზარს სცემდა გარეშე და შინაურ მტერს, მისი დროის პირშავ კაცებს თორმეტი გოგო-ბიჭი მიუყიდიათ სპარსელებისათვის. ამ ამბის შესატყობინებლად მეფესთან ერთი მოხუცებული კაცი წამოსულა. მეფის კარზე მაია დახვედრია, მოხუცს თავისი გასაჭირი უთქვამს თუ არა, მაიას მაშინვე შეუკრებია თავისი ამგანაგები, შემსხდარან ცხენებზე და გამოსდგომიან ყიზილბაშებს. მისწევიან ლილოსთან, დაუხოცავთ, გაუთავისუფლებიათ დაყიდული გოგო-ბიჭები, მერე მეფის კარზე მობრუნებულან. მაია წამდგარა მეფის წინაშე და უთქვამს გლეხობის მძიმე მდგომარეობის შესახებ: - გლეხობა განადგურდა და გაწყდა, ბოროტმოქმედ კაცთაგან აოხრდა სოფლები. ბატონებმა დაჰყიდეს მთელი სოფლის გლეხობა; ვინც გადარცჰა, იმათ კიდევ გუთანში, ურემსა და კალოში სულს აძრობენ. მეფევ გთხოვთ, მოსპოთ ასეთი ავკაცობა და ბოროტმოქმედებაო.. მეფეს მეორე დღესვე მოუწვევია სასახლეში მღვდელმთავრები და ჯვარითა და სახარებით შეუჩვენებიათ ავნი კაცნი. ამგვარი საჩივრებით ისე შეუწუხებია მაიას ბოროტმოქმედნი, რომ მათ გადაუწყვეტიათ მაიას მოკვლა. ერთ დღეს მეფეს მაია სადღაც გაუგზავნია. ეს შეუტყვია მის მტრებს და გამოსდგომიან უკან; მაგრამ მაიას მდევარი დაუხოცავს. ერთ მათგანს მოუტყუებია: ერეკლეს ნებავს შენი სიკვდილიო. მაიას თავზარი დასცემია, ეჭვი გასჩენია, იქნებ მათლა უნდა მეფეს ჩემი სიკვდილიო, თან გული სტკენია, გადაუწყვეტია: -გავშორდები და ყაჩაღად გავალო. თრიალეთისაკენ გადასულა და დაბინავებულა ერთ ტყეში, რომლისთვისაც ხალხს "მაიას საბუდარი" დაურქმევია. აქედან გამოდიოდა თურმე გზებზე, უსაფრედებოდა გამვლელ-გამომვლელ თავგასულ გაცებს, ხოცავდა და ძარცვავდა მათ. ბოლოს შეუტყვიათ მტრებს მისი ბინა და დაუწყიათ დევნა. მაშინ მაიას დაუტოვებია თავისი საბუდარი და წასულა სომხეთისაკენ. დასახლებულა სოფლად და თავისი ვინაობა დაუფარავს. ერთ დღეს მეფე ერეკლე მისულა იმ სოფელში, სადაც მაია ყოფილა. ერთი სოფლიდან მეორეში აცილებდნენ თურმე მეფეს სოფლელები, მაიაც გაჰყოლია. იმჟამად უკვე მოხუცებული ყოფილა და მეფეს ვეღარ უცვნია. ხმა იყო გავარდნილი, რომ მაია დიდი ხანია რაც მოკვდაო. გზაში მეფეს მტერი შემოხვდა. მაიას მეტს თოფ-იარაღი არავის ჰქონია მზად. იმან კი თურმე ჯერ თოფი ესროლა მტერს, მერე კი ხმალდახმალ მიუხდა. ამის მხილველი სხვებსაც გული მისცემიათ, გამხნევებულან, შებმიან მტერს და გაუმარჯვიათ. მეფეს უკითხავს მაისათვის: შენ ძმობილო, ვინა ხარ ეგეთი გმირიო? - ბატონისაგან გამოდევნილი მათე გახლავარო. ამასთანავე ვაცხადებ დიდებული მეფის წინაშე, რომ მე ვარ დედაკაცი და არა მამაკაციო. ამის შემდეგ, მაიას გაუხდია კაცური ტანისამოსი და ჩაუცვამს ქალური; მაგრამ დიდხანს აღარ დასცლია სიცოცხლე. სპარსელები შემოსევიან საქართველოს, მაიაც გარევია ქართველთ ლაშქარში, ქალური ტანსაცმელი სცმია. სპარსელებს გაჰკვირვებიათ მისი მამაცობა და ხანებს უბრძანებიათ ცოცხლად მისი დაჭერა. მართლაც, დაუტყვევებიათ და თან წაუყვანიათ; მაგრამ მაია გზიდან გამოპარულა და ერევნის ბოლოს მოუკლავთ. 1959 წელს გადაიღეს ფილმი „მაია წყენეთელი.“ სადაც მაიას როლს ასრულებს ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი