თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 14 2008, 12:07 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვარძიის მონასტერი, ღვთისმშობლის ხატის ძალით აღსრულებული სასწაულები და „თამარის ცრემლებისგან“ მინიჭებული კურნებისა და შვილიერების მადლი
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სამონასტრო კომპლექსი ჯავახეთში ასპინძის რაიონში მდებარეობს. იგი მდინარე მტკვრის ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო კლდეშია გამოკვეთილი. ისტორიკოსთა განმარტებით, ვარძია სამ მონაკვეთად იყოფა. პირველი ნაწილი მოიცავს მთავარ, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებულ ტაძარს, სამრეკლოს, გამოქვაბულებს, სატრაპეზოს. მეორე ნაწილში გვხდება XVI საუკუნის მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია, სარწყავი არხის დიდი გვირაბი და სათავსები. დასავლეთით შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ორსართულიანი სახლი, საბაღე და სავენახე ტერასები, რომელიც X საუკუნის ე.წ. კლდის სოფელ ანანურს ეკუთვნის. მესამე ნაწილში შედის გამოქვაბულები, „თამარის ოთახი“, „სადარბაზო“, „წამლის სასახლე“, „სალხინო“, მარნები და რამდენიმე საცხოვრებელი გამოქვაბული. ისტორიული წყაროების თანახმად, ვარძიის მშენებლობა XII საუკუნეში გიორგი III-მ (1156-1184) წამოიწყო, მაგრამ დასრულება ვერ მოასწრო. მამის წამოწყებული საქმე თამარმა დაასრულა. მშენებლობაზე თორმეტი ათასი ადამიანი მუშაობდა. ზურგზე პატარა ჩანთები ჰქონიათ მოკიდებული, სადაც კლდის ნანგრევებს ყრიდნენ და ქვემოთ ჩამოჰქონდათ. ვარძია თავიდანვე სამეფო მონასტერი გახლდათ. იგი 1185 წელს აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ამავე სახელობისაა მთავარი ტაძარიც, რომელიც ვარძიის ანსამბლის ცენტრშია გამოკვეთილი. იგი დარბაზული ტიპისაა. გარდა ბიბლიური სცენებისა, ეკლესიის მოხატულობაში მეფე გიორგი III-ის, თამარ მეფის და რატი სურამელის ფრესკებიც გვხვდება (კომპლექსში სულ 15 ეკლესიაა). ვარძიის მონასტერში დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. სწორედ მას ავედრებდა თამარ მეფე ქართველთა გამარჯვებას. ბასიანის ბრძოლის წინაც ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა ქართველთა ლაშქარი და დროშა ცრემლთა ღვრით. მართლაც სასწაულებრივად დაუმარცხებიათ მტრის ურიცხვი ჯარი - დედა ღვთისამ უვნებლად დაიცვა მისდამი შევედრებული ერი, „არც ერთი კარგი, მეფისგან შესწავლილი“ მეომარი არ დაღუპულა. ამ სასწაულის გამო დაწერა იოანე შავთელმა იამბიკო - „ვარძიის ღვთისმშობლისანი“. მემატიანე კი ხატს „გამარჯვებულს“ უწოდებს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს ვარძიის ღვთისმშობლის ხატის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულს: ნავროზ ნაინს ეკლესია-მონასტრების მოსაოხრებლად საქართველოში ჯერი გამოუგზავნია. პირველად ვარძიის მონასტერი უნდა გაეძარცვათ, მაგრამ გზად ყოვლადწმიდა ქალწულის რისხვა მოეწიათ: მტრის ჯარის სარდალს მეხი დაეცა და ფერფლად აქცია. სასწაულმოქმედ ხატთან ასეთი ამბავიცაა დაკავშირებული: თმოგვის ციხის აღების შემდეგ შაჰ-აბასმა სპარსეთში მრავალი ქართველი წაიყვანა ტყვედ. ყაენს ერთ-ერთი ვაჟი განსაკუთრებით მოსწონებია და პირისფარეშად დაუყენებია. რამდენიმე წლის შემდეგ ჯავახეთის ოსმალთა ხონთქარი დაესხა თავს. მასაც უარავი ქართველი წაუყვანია ტყვედ, რომელთა შორისაც, ერთი ულამაზესი ქალი ყოფილა. ხონთქარს ქალი ძალზე მოსწონებია, თან წაუყვანია და თანამეცხედრისთვის მიურთმევია საჩუქრად. ერთხელ ხონთქარს სტუმრად შაჰი ეწვია. ოსმალთა მბრძანებელმა ჩინებული მასპინძლობა გაუწია. ღამით, როდესაც მოსასვენებლად დაწვნენ, შაჰ-აბასის ერთ-ერთმა მოსამსახურე ვაჟმა თვალი ვერ მოხუჭა; მეორე დღეს მარიამობა თენდებოდა, რომელსაც განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობილებით ხვდებოდნენ ვარძიის მონასტერში, ამ დღეს უამრავი მომლოცველი ადიოდა ვარძიაში. ვაჟი საქართველოზე მოგონებებმა გაიტაცა. ბოლოს ხმამაღლა ამოიოხრა, - ვარძიის ღვთისმშობელო, შენ გვიშველე ქართველებს და შემუსრე ჩვენი მტერიო. ამ სიტყვებს ხონთქრის თანამეცხედრის მოახლე ქალმა მოჰკრა ყური, ვაჟთან უჩუმრად მივიდა და ქართველადვე გამოელაპარაკა - ვინაობა ჰკითხა. და-ძმანი აღმოჩნდნენ. ერთმანეთს გადაეხვივნენ და თავ-თავიანთი თავგადასავალი უამბეს. როდესაც საუბრით გული იჯერეს, იქვე მდგარი ურემი დაინახეს. გადაწყვიტეს, მასზე ჩამომსხდარიყვნენ და ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისთვის ღამე გაეთიათ. მაგრამ დაღლილებს, ჩაეძინათ. ღვთის ძალით, ურემმა მოძრაობა დაიწყო და საქართველოში ჩამოვიდა - ვარძიის მონასტრის მახლობლად სოფელ აფენის ფერდობზე შეჩერდა. გამთენიისას და-ძმას გამოეღვიძა. ირგვლივ მიმოიხედეს თუ არა, მიხვდნენ, რომ სხვაგან იყნენ. და შეშინდნენ. ამ დროს ზარის რეკა შემოესმათ. გაიხედეს და ვარძიის მონასტერში მოკიაფე სანთლის შუქი დაინახეს: ალბათ ბურანში ვართ, აქ ვარძიის მონასტერს რა უნდა?! ნეტავ, წყალი მაინც იყოს სადმე, პირზე რომ შევისხათ და გამოვფხიზლდეთო! - უთქვამს ძმას. სიტყვა დაასრულა თუ არა, იქვე კლდიდან წყარო გადმოსულა (წყარო დღემდე მოდინება იმ ადგილას). და-ძმას წყალი შეუსვამს, პირი დაუბანია და დარწმუნებულა, რომ სამშობლოში იმყოფებოდა. XII საუკუნეში ვარძიის მონასტერში მოღვაწეობდა წმინდა იოანე შავთელი. იქვე შექმნა „გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი“. XIII საუკუნის 30-იანი წლებიდან - მონღოლთა ბატონობის დროს, ვარძიის მონასტერი სამცხელი ფეოდალების, ჯაყელთა გვარიდან გამოსული ათაბაგების გავლენის გავლენის ქვეშ მოექცა. 1238 წელს, აღდგომის წინა ღამეს, სამცხეში საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც გამოქვაბულები და სენაკებში ასასვლელი გვირაბები ჩამოანგრია. დააზიანა სტოას წინა ნაწილიც. ამის შემდეგ ვარძიამ სახე იცვალა - დანგრეული და დახურული გვირაბების ადგილას ღია ბილიკები გაჩნდა. ამავე პერიოდში, ბექა ჯაყელი-ციხისჯვარელის ათაბაგობის დროს აიგო ორსართულიანი სამრეკლო. 151 წელს სამონასტრო კომპლექსი სპარსელებმა დაარბიეს. მტერმა სხვა სიწმინდეებთან ერთად, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატიც გაიტაცა. 1578 წელს სამცხე თურქეთმა დაიპყრო. მათ მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები, მათ შორის, ვარძიის მონასტერიც შეავიწროეს. შეწყდა სამონასტრო ცხოვრებაც. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ (1828-1829 წწ.) მესხეთის ნაწილი კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. ამ ტერიტორიაში ვარძიის მონასტრის ტერიტორიაც შედიოდა, თუმცა მის აღდგენა-განახლებაზე არც ამის შემდეგ უზრუნია ვინმეს. უყურადღებოდ მიტოვებული მონასტერი ქურთი მეცხვარეებისა და ყაჩაღების თავშესაფრად იქცა. მის აკლდამაში ზამთრობით საქონელს აბინავებდნენ. 1854 წელს ბერძენმა კალატოზმა გიორგი პოპონდოპულომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული მთავარი ტაძრის გაწმენდა წამოიწყო. გააკეთა ხის კანკელი, გაწმინდა ტაძრის მახლობლად მდებარე ქვაბები და ეკლესიამდე მისასვლელი გზა. 1857 წელს ვარძია ხელახლა აკურთხეს. ორი წლის შემდეგ წირვა-ლოცვაც აღადგინეს. მსახურება საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აღევლინებოდა. ამის შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურიზმის ბაზა, შემდეგ კი - მუზეუმი დაარსდა. 1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ვარძიაში კვლავ განახლდა ღვთისმსახურება, 1999 წლიდან კი ბერებიც დასახლდნენ და სამონასტრო ცხოვრებაც განახლდა. ბერები სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. ვარძიას საფუძვლიანი აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები ესაჭიროება: ნაწილობრივ ჩაშლილია დასავლეთის კედელი, დაზიანებულია ძეგლის ცენტრალური ნაწილიც, იფიტება და იშლება კლდის ზედაპირი და სხვა. ერთ-ერთ სენაკში გვხდება კლდეში ამოკვეთილი პატარა აუზი, რომელშიც კლდიდან ამომავალი წყალი წყვეთავს. მას „თამარის ცრემლებს“ ეძახიან: წყარო 1184 წელს, სამონაზვნო ოთახის მშენებლობისას, შემთხვევით აღმოაჩინეს. მშენებლებმა შენიშნეს, რომ კედელი სველდებოდა. ამის შესახებ თამარ მეფეს მოახსენეს. მან კლდის ამოკვეთა ბრძანა, რის შემდეგაც, წყალმა წვეთებად დაიწყო დინება. მოგვიანებით, იმ ადგილას პატარა აუზი გააკეთეს, სადაც კლდიდან მომდინარე წყალი ჩაედინება. წყალი ცრემლის წვეთებივით გამოედინება. რადგან ქალაქ-მონასტრის მშენებლობაც თამარის სახელს უკავშირდება, წყაროსაც ამიტომ უწოდეს „თამარის ცრემლები.“ მას კურნების ძალა შესწევს, გამოირჩევა შვილიერების მადლითაც. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცოლ-ქმარს წლების მანძილზე შვილი არ ეძლეოდათ, „თამარის ცრემლები“ უხმევიათ, სურვილი ჩაუთქვამთ და ასრულებიათ. შორენა მერკვილაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი