"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
marine |
Feb 4 2008, 05:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმ. ილია მართალი. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს. ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმინდე შელახული. ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა. მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს. გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად; დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება. ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს. სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის; სწამდა იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად კი - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ. სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზნისა. ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფერებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია. დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმ. ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძროლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმ. ილია მართალი გამოუჩნდა. დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო. ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამედროვე ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს. მისი სული კიაფობს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს. წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა. შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე, საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა; თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით. წმ. ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვროდა და სიმართლეს ქადაგებდა. ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება. წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა, სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს. სამწუხაროდ ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმ. ილია მართალი ასხივებდა, ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო, მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმ. ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული. შევთხოვ ღმერთს, წმ. ილია მართლის ლოცვით უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 15 2008, 06:26 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
როდემდის, ჩემო მშობლიურო მიწა-წყალო, როდემდის?!
მღვდელი პეტრე კვარაცხელია ერი ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლნი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული ერთსულობით, ერთგულობით ძლიერია, – წერდა წმ. ილია მართალი. 60-იანელთა დევიზიც ხომ მამული, ენა, სარწმუნოება იყო. ქართული მამული ღვთივნაკურთხი, ღვთისმშობლის წილხვედრი და მაცხოვრის კვართის სავანე, ყოველთვის ინარჩუნებდა თვითმყოფადობას. ქართველი ერის ისტორიის დასაბამიდანვე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ინტერესებში ხშირად მოქცეულა ქართველთა სისხლით გაჟღენთილი მიწა. საქართველო ხშირად მიზეზიც გამხდარა ირანისა და ოსმალეთის ერთმანეთზე გადაკიდებისა, მაგრამ ქართველები უკომპრომისო ბრძოლას უცხადებდნენ მომხდურს და ასე მოაღწიეს თანამედროვეობამდე. საბრძოლო დროშა, რომელზეც იყო წარწერა: ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, არასოდეს დახრილა ძირს. წმ. ილია მართლის მიმდევართათვის ძირითადი ამოცანა ქართული მიწის ქართველთა ხელში შენარჩუნება იყო. XX საუკუნის ნახევარში ბურჟუაზიულ ურთიერთობათა ჩასახვამ და განვითარებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქართველი არისტოკრატია. ახალმა ეპოქამ, ცხოვრების ევროპეიზაციამ დიდი რაოდენობით ფულის საჭიროება წარმოშვა. ქართველი თავადაზნაურობის ძირითადი ნაწილისათვის ფულის ერთადერთ წყაროს მიწა წარმოადგენდა. არისტოკრატიის მხოლოდ მცირე ნაწილი საზრდოობდა სახელმწიფოს სამსახურის ჯამაგირით. თავადაზანაურთა მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთები თანდათან მცირდებოდა ოჯახის წევრებს შორის მიწის გაყოფის შემდეგ. მცირდებოდა მიწისაგან მიღებული შემოსავალიც. უსახსროდ დარჩენილი ქართველი არისტოკრატია სომეხი ბურჟუაზიისაგან ნასეხსები ფულით ცდილობდა მდგომარეობის ხსნას, მაგრამ დიდი ნაწილი ვალის დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა და იძულებული ხდებოდა ვალი მიწის გაყიდვით მიღებული შემოსავლისაგან დაეფარა. მყიდველი ძირითადად ისევ სომეხი ბურჟუაზია იყო. ასე ნელ-ნელა გადადიოდა სომეხი ბურჟუაზიის ხელში ქართული მიწა. ამ უმძიმესი სიტუაციიდან გამოსავალი ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა იპოვეს, თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებით. 1875 წელს გახსნილი თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს. ამ მდგომარეობამ საქართველო, ქართული მიწა იხსნა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამიერიდან უსახსროდ დარჩენილ ქართველ არისტოკრატიას შეეძლო ფული სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკისაგან მიეღო სესხად და არა სომეხი ბურჟუაზიისაგან. თუ ფულის მსესხებელი ვალს ვერ დააბრუნებდა, მისი მამული ბანკის საკუთრება ხდებოდა და არა სომეხი ბურჟუაზიისა. ამასთან ერთად, ბანკის მფლობელობაში გადასული მამული ძველ მფლობელს შეეძლო უკან დაებრუნებინა, თუკი მიწის ღირებულებას გადაიხდიდა. წმ. ილია მართლის ჩანაფიქრებმა ქართული მიწა ქართველების განკარგულებაში დატოვა. შთამბეჭდავია ზაქარია ჭიჭინაძის მოგონებები: ერთი გლეხი, ქალიშვილის გამზითვების მიზეზით მიწის გადასახადს დანიშნულ დროზე ვერ იხდიდა და ილიასთან ვალის გადავადების თხოვნით მივიდა. ქართველი ერის სულის მესაჭემ იგი სიყვარულით გაისტუმრა: ჯერ ქალიშვილი გაათხოვე და მერე მოდიო. ალბათ, ამ მაგალითის მიბაძვითაც შეიძლება ქვეყნის გადარჩენა. მითუმეტეს, რომ ეს დღეისათვის მეტად აქტუალურია, როცა უცხოელი ინვერსტორები ქართულ მიწას ეპატრონებიან. იქნებ, აუცილებელია, კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ მგზავრის წერილები, რათა მერე ჩვენც შეგვეძლოს დავრდომილის წამოყენება, უნუგეშოსთვის ნუგეშის მოფენა, მტირალისთვის ცრემლის მოწმენდა. ლელთ-ღუნიაც ხომ ქართველების გაუცხოების ნესტრით იყო ნაჩხვლეტი. როდემდის, ჩემო მშობლიურო მიწა-წყალო, როდემდის?! ბოლნისის ეპარქიის გაზეთი „სიონი“ №8, 2007 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი