"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
marine |
Feb 4 2008, 05:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმ. ილია მართალი. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს. ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმინდე შელახული. ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა. მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს. გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად; დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება. ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს. სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის; სწამდა იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად კი - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ. სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზნისა. ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფერებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია. დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმ. ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძროლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმ. ილია მართალი გამოუჩნდა. დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო. ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამედროვე ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს. მისი სული კიაფობს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს. წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა. შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე, საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა; თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით. წმ. ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვროდა და სიმართლეს ქადაგებდა. ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება. წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა, სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს. სამწუხაროდ ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმ. ილია მართალი ასხივებდა, ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო, მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმ. ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული. შევთხოვ ღმერთს, წმ. ილია მართლის ლოცვით უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamuna m |
Feb 19 2008, 05:53 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
უცნობი დეტალები წმიდა ილია მართლის ცხოვრებიდან
ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო ათწლეულების განმავლობაში წმიდა ილია მართლის მკვლელობის დეტალები და გარემოებანი საზოგადოებისთვის დამალული და ტაბუირებული იყო. ქართველი ერის ამ დიდ ტკივილზე საუბარი მხოლოდ უახლოეს წრეში და ისიც ჩურჩულითა და მინიშნებებით თუ შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ ქალბატონი მანანა ჭირაქაძის ეს მოგონება სააშკარაოზე პირველად გამოდის და ჩვენი გაზეთის მეშვეობით მკითხველი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეიგრძნობს იმ ავბედითი ჟამის მრუმე დღეების დინამიკას. წმიდა ილია მართლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამრავი რამ დაწერილა და უფრო მეტი ზეპირი გადმოცემებით მოსულა ჩვენს დრომდე. რა აღარ თქმულა მის სადიდებლად და სალანძღავად - სხვადასხვა თაობისა და მსოფლმხედველობის ქართველებს მისთვის „საქართველოს უგვირგვინო მეფეც“ უწოდებიათ და „გლეხთა სისხლისმსმელი წურბელაც“, დაფნის გვირგვინითაც შეუმკიათ მისი შუბლი და ტყვიითაც შეულეწავთ, ეროვნული ლიტერატურის კლასიკოსადაც უღიარებიათ და მავნებლადაც მოუნათლავთ, მისი ლექსები მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ საზრდოდაც გაუყოლებიათ და „მდარე პოეტურ ნაცოდვილარადაც“ გამოუცხადებიათ, მაგრამ ამ ბერმუხისათვის გვერდი ვერავის აუვლია და მის გიგანტურ ღვაწლზე თვალი ვერ აურიდებია. არ არსებობს მეტ- ნაკლებად წიგნიერი თაობა ქართველებისა, ვისაც ილიას შემოქმედება არ აღელვებდა, მისი ღვაწლი არ აღაფრთოვანებდა, პიროვნება არ ხიბლავდა და მისი ვერაგულად მოკვლა არ სტკიოდა. ყაჩაღის აღსარება ერთ- ერთი ზეპირი გადმოცემა ილია ჭავჭავაძის სიცოცხლის უკანასკნელი წლების შესახებ ჩემს ოჯახშიც არის შემონახული: 1921 წელს მაისში ზესტაფონის გიმნაზიის მოსწავლეებმა მოაწყეს გასაბჭოების საწინააღმდეგო მანიფესტაცია, რასაც მოჰყვა რეპრესიები. ამ მანიფესტაციის ყველა მეთაურს, მათ შორის ბიძაჩემს - მეშვიდეკლასელ ვასილ ჩანტლაძესაც, დაპატიმრება ელოდა. შეშინებულმა მშობლებმა შვილი დეიდასთან, ხარაგაულში, სოფელ ლაშეში „გადამალეს“. ბებიაჩემის უმცროსი და - ელენე თურმანიძე - ცოლად ჰყავდა ლაშელ გიორგი მაჭავარიანს. გიორგი მაჭავარიანის ბიძა - ედიშერ მაჭავარიანი ცნობილი ყაჩაღი იყო, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე აწრიალებული ჰყავდა ქვეყანა და, თანამედროვე ლექსიკით რომ ვთქვათ, „საიმპერიო მასშტაბის ძებნილი“ ბრძანდებოდა. საკუთარი იღბლისა თუ სხვა გარემოებათა წყალობით, იგი გადაურჩა ჟანდარმერიას, რევოლუციას. დამოუკიდებელი საქართველოს დამხობისა და გასაბჭოების შემდეგ კი საკუთარ სოფელში მშვიდი ცხოვრება დაიწყო. ეროვნული იდეალებით გულანთებული და წითელი ხელისუფლებისაგან შერისხული გიმნაზიელისათვის „მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი“ ყაჩაღი რაინდული შარავანდედით იყო შემოსილი და მასთან საუბარი, რა თქმა უნდა, მას ძალიან აინტერესებდა. ერთ- ერთი ასეთი საუბრის დროს სიტყვა ილია ჭავჭავაძესა და მის მკვლელობაზე ჩამოვარდა: - ვიცი, ვინც მოკლა ილია, - თქვა ედიშერმა - მარა, ბიძიკო, ნუ გინდა ამ საქმის ძიება. ზოგი აღარ არის ამქვეყნად, ზოგიც საქართველოდანაა გასული... ილიას ძალიან ერჩოდნენ სოციალისტები, განსაკუთრებით 905- ის რევოლუციის მზადების წლებში. ტერორისტებმა რამდენიმეჯერ მუქარის წერილი გაუგზავნეს და ერთი- ორჯერ კიდევაც დაუხვდნენ. იმ წლებში მთელ საქართველოში ატერორებდნენ თავად- აზნაურობას - ძარცვავდნენ და ხშირად ხოცავდნენ. ერთხელ ჩვენთან ერთი სოციალისტი მოვიდა და პარტიის სახელით საგურამოში წაყოლა გვთხოვა: ილია ბანკირია, მემამულე- თავადია და ფული ბევრი აქვს, წავართვათ, თქვენც იხეირებთ და ჩვენცო. შუაღამისას სამნი მივადექით საგურამოს - ის სოციალისტი, ისიდორა უკლება და მე. დავაბრახუნეთ. გამოვიდა მოურავი. - შენს ბატონთან გვაქვს საქმე! - ვუთხარით მოურავს. მოურავმა გვიცნო, ვინც ვიყავით, მაგრამ არ შეგვიშინდა და ხმამაღლა მოგვაძახა - ბატონს ძინავს, ვერ გავაღვიძებ, დილით მოდითო. - რა ამბავია მანდა? - გაისმა უეცრად მაღლა სართულიდან. - ბატონო, შენი ნახვა უნდათ. დილით მოდით- მეთქი და არა შვრებიან! ასძახა მოურავმა. - შემოიყვანე, ვინც არიან! უბრძანა იმან ზევიდან და მოურავიც შეგვიძღვა ეზოში. ავიარეთ კიბეები და ავედით მეორე სართულზე. - დაიცადეთ! გვითხრა მოურავმა და ერთ ოთახში შევიდა. მალე გამოვიდა და კაბინეტში შეგვიყვანა. ილია მანამდე შორიდან მყავდა დანახული ქალაქში და ახლა, ახლოდან უფრო სხვანაირი ჩანდა. შუა ოთახში იდგა სერთუკში გამოწყობილი ტანმორჩილი მოხუცი კაცი. მან სამივეს ხელი ჩამოგვართვა და გვითხრა: - საღამო მშვიდობისა, ბატონებო! ვიცი, რაზეც გარჯილხართ, გგონიათ, ილია თავადია და ფული ბევრი ექნებაო. უნდა გითხრათ, რომ ყვარლის მიწები უსასყიდლოდ გადავეცი გლეხებს და აქაური მამულებიც გლეხებს გადავეცი, ჩემთვის მხოლოდ იმდენი დავიტოვე, რაც ორი სულის წლიდან წლამდე შენახვას სჭირდებოდა. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს პური არა გვშივა, მაგრამ სიმდიდრით სწორედ ვერავის გავეჯიბრებით და წასართმევიც ბევრი არაფერი გვაქვს. იმას თუ ფიქრობთ, ილია ბანკირია და რაც ბანკში ფული შემოდის, შინ მიაქვსო, აქაც იმედი უნდა გაგიცრუოთ: ჯერ ერთი, რომ აღარა ვარ ბანკის თავმჯდომარე, მერე კიდევ, მართალია, ბანკი ფულს ატრიალებს და მოგებაც რჩება, მაგრამ ამ მონაგებით ჩვენ ვინახავთ ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, „ივერიას“, ვეხმარებით ქართულ თეატრს, სოფლის სკოლებს, ვბეჭდავთ წიგნებს და ფული შინ წასაღები კი არა, ზოგჯერ შინიდან მოსატანიც კი გვიხდება. მადლობა ღმერთს, თუ ცოტა რამეს მაინც ვახერხებთ. გაგიცრუვდათ მოლოდინი! მაგრამ, რადგანაც გარჯილხართ და ამ სიშორეზე ამოსულხართ, სულ გაწბილებულებს არ გაგიშვებთ, ცოტაოდენს ჩემს საკუთარ ფულს მოგართმევთ და მცირეზე ნუ დამძრახავთ! ილიამ კუთხეში მდგარი ბიურო გააღო და ასორმოცდაათი მანეთი მოგვაწოდა. მე არ მინდოდა ამ ფულისათვის ხელის მოკიდება, მაგრამ სოციალისტმა გამოართვა და წამოვედით. საგურამოდან მცხეთისკენ მოკლეებზე გადმოვედით. გზაში იმ სოციალისტს ვუთხარი, აიღე შენი წილი და აწი აღარ გაგვეკარო- მეთქი. გამთენიას მოვედით მე და ისიდორა მცხეთაში. დუქანში ასი მანეთის მელანი, კალმები, ფანქრები, საწერი ქაღალდი ვიყიდეთ, დავტვირთეთ ურემი და გავატანეთ საგურამოში, ილიასთან. მეურმეს დავემუქრეთ - სამ დღეში ამოვივლით და ვაი შენი ტყავის ბრალი, თუ დავალება რიგიანად არ შეგისრულებია- თქო... * * * დიდმა ილიამ მის გასაძარცვავად (უფრო კი დასაშინებლად!) მოსული ყაჩაღები ღირსეულად მიიღო, თანაგრძნობით ესაუბრა და ღირსეულადვე გამოისტუმრა, რითაც მათი გულები სამუდამოდ მოინადირა. (შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ვიქტორ ჰიუგოს „განკიცხულნი“- ს პერსონაჟი აბატი, რომელმაც „ერთი დაკვრით“ შეისყიდა კატორღელი ჟან ვალჟანის სული და იგი სხვა პიროვნებად აქცია). ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს ილია მართლის სულიერი და ზნეობრივი პორტრეტი: ჭეშმარიტი ქრისტიანი, სამშობლოს მხურვალე მოტრფიალე, ვისიც დღე ღამდებოდა და ღამე თენდებოდა მშობელი ქვეყნის მაჯისცემის ყურისგდებით, სხვაგვარად არ მოიქცეოდა, რადგან იგი კაცში, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს, უფლის ხატს ეძებდა, მის სულს ეხმიანებოდა, მისი პიროვნული ღირსების აღორძინებას ცდილობდა. * * * ეს ამბავი ბავშვობიდან ვიცი და, ვფიქრობ, ამ ცოდნამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში - წმიდა ილია მართალმა იმ ყაჩაღებთან ერთად ჩემი სულიც სამუდამოდ მოისათხევლა! ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჭირაქაძე გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marine |
Feb 19 2008, 06:01 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საგურამოდან მცხეთისკენ მოკლეებზე გადმოვედით. გზაში იმ სოციალისტს ვუთხარი, აიღე შენი წილი და აწი აღარ გაგვეკარო- მეთქი. გამთენიას მოვედით მე და ისიდორა მცხეთაში. დუქანში ასი მანეთის მელანი, კალმები, ფანქრები, საწერი ქაღალდი ვიყიდეთ, დავტვირთეთ ურემი და გავატანეთ საგურამოში, ილიასთან. მეურმეს დავემუქრეთ - სამ დღეში ამოვივლით და ვაი შენი ტყავის ბრალი, თუ დავალება რიგიანად არ შეგისრულებია- თქო... რა ლამაზი ამბავია თამუნა, უღრმესი მადლობა მოწოდებისთვის -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი