![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
toko: |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 9-January 08 წევრი № 3,587 ![]() |
ტერენტი გრანელი (კვირკველია) (1897-1934)
(ბიოგრაფიული ცნობები) ![]() ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. გავიდა ხანი. უბედურმა შემთხვევამ (სახლი დაეწვათ) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. უღარიბესი გლეხის შვილმა ბავშვობიდანვე გამოსცადა ცხოვრების სიმკაცრე. გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აღსავსე იყო წინააღმდეგობებით. იგი გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა იმ ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“ (გაზ. „ია“, 1919 წ.). ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე: „ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“ („სახალხო საქმე“, №202, 1918 წ.). ტერენტის სწყუროდა სწავლა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს. პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“. ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი. 1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს. 1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან. ...მარტის სუსხიანი ამინდია. რუსთაველზე გამვლელთა ყურადღებას იქცევს თეთრი სატინისხალათიანი ჭაბუკი, ია-იებით ხელში. გამვლელნი განცვიფრებით შეჰყურებენ მას. შუა ტანის, პროპორციულად, მკვიდრად ნაგები სხეული; საკმაოდ ლამაზ, შთაგონებულ სახეს უმშვენებს მაღალი შუბლი, უკან გადავარცხნილი ხვეული, წაბლისფერი თმა. მოცისფრო თვალების ჭკვიანი, აზრიანი გამომეტყველება თავისებურ იერს ანიჭებს ჭაბუკი პოეტის სევდიან სახეს. ქარიშხალგამოვლილს მიუგავს მზითა და წვიმით გარუჯული ნაწრთობი სახე, სპილენძისფერი რომ გადაჰკვრია. ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“. ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას. ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო. მეგბარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა. ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი. დიდ ხელმოკლეობას განიცდის. არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია. ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება. ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი. ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას. 1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“. სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა. უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. ![]() ...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ![]() ლერი ალიმონაკი გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1972 ისევ სიშორეზე მთვარიანი ღამის ორი საათია, შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე. ფიქრში უიმედო ხმები გადადიან, როცა სიშორეზე ტირის როიალი. ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა, ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით. ჩემი იმედები ისევ გაიბზარა, უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით. სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის. მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული. ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის, მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე. გული ასვენია მაღალ სიჩუმეში, თანაც სიშორეზე ტირის როიალი... 1924 ფარული ვედრება სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს. პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა, ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს. გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება, ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების. სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება, ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით. ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება, თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია. ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება, ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან. ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება, წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი. ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება, მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი. მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს, ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია. ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს, შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ… ღამის სტრიქონები რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ, ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა. მიხარია, რომ დამტოვეს მარტო, ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც. რა ვქნა, ისევ შურია და მტრობა, ალბათ ქარი გადაუვლის მაღლობს. ასე მარტო მიხარია ყოფნა, როცა თავს ვგრძნობ მე სიკვდილთან ახლოს. როგორც ქრისტე, ვიხედები მაღლა, ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს. მინდა ფრთები და მიწიდან გასვლა და გაფრენის სურვილია უფრო. უფსკრულია და უფსკრულში ვრჩები, და ახლოა ქარიშხალი ისევ. სიჩუმეა და ვსაუბრობ ჩემთვის, მე ვსაუბრობ და კედლები მისმენს. ახლაც დაჰქრის, არ ეშველა ქარებს და კიდია შორს მდუმარე ზარი. მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ და გავაღო დაკეტილი კარი. ყრუ ღამეა, მეშინია ოდნავ, ალბათ მოვა ჯიბგირი ან ქურდი. ალბათ ცაზე ღრუბელია ცოტა, ალბათ მოჩანს ვარსკვლავების გუნდი. ისევ მოდის ჩემს გულიდან წყრომა, ოდეს წვიმა დაეცემა მინას. და მე რა ვქნა შეზღუდული რომ ვარ, რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა! იმ ოთახში კვლავ საათი რეკავს და ეს გული უცნაურად იწვის. ახლა მინდა, ვარსებობდე ყველგან, მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ, ვიცი! ღამის ლანდი მე ფანჯრიდან ვნახე, ღამის ცეცხლი ეკიდება თვალებს. და ძვირფასო, ჩემს ბრწყინვალე სახელს, ვგრძობ, მსოფლიო აღიარებს მალე. რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ, ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა. მიხარია, რომ დამტოვეს მარტო, ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც... მკრთალი სილუეტი შავგვრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი, თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება. ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება. მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება, ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები, ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება, ვით მონაზონი, შავ ძაძებით შევიმოსები. თეთრი ვარსკვლავი კაბადონზე რომ გამოჩნდება, მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად. მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება, ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად. 1919 მკვდარი სურვილები დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები. რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია. სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით, ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება. თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას. და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი, დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით. ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი, არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების. მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა. გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია, ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია... 1923 * * * მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა, დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე. რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა, რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე! გარშემო დაწვა დღე უცნაური, დასდევს წამება იღბალს თანაბარს. ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური, ქალაქმა უცებ სული განაბა. ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს, ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს. მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ... 1926' ცისფერი სიშორე მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა, ღამე მომიახლოვდა, შავი და საშინელი. სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი. ეს გუგუნი მუსიკის, როცა მე მიხარია, თან ტირილი მინდება და მკლავებზე ტრაური. ჩემი მოპირდაპირე უხილავი ქარია და თვალებში გაისმის ღამეების ხმაური. მე ყოველთვის ასე ვარ და არავინ არ იცის, ბოროტება მიცქერის, როგორც შავი ყორანი. მე ისევ მენატრება სურნელება მაისის და ზაფხულის დღეები, ტკბილი მოსაგონარი. ქვევით საფლავებია და ზევიდან ფიქრები, (ალბათ გენიოსი ვარ და ცისფერი სიშორე). დაო, ასე მგონია, ბედნიერი ვიქნები, სადმე ახლოს თბილისთან თუ სამარე ვიშოვე. სულის მკრთალი ლანდები შენს გარშემო ივლიან, წვიმიანი წამოვა რიცხვი აუტანელი. ბედის კარი, ძვირფასო, ისევ დაკეტილია, საოცრება მოგელის შენ, ტერენტი გრანელი. ეს დარდები მოჰქრიან, როგორც თეთრი პეპლები, ო, მარადი წუხილის მეტი რა დაგვრჩენია. მხოლოდ მე ვარ დამწვარი, მხოლოდ მე ვიფერფლები, და დროა, საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია. მე მგონია გათავდა ჩემი გლოვა ამდენი, თუმცა ახლაც გარშემო ღალატი და შურია. ბრუნავს ჩემი ცხოვრება, როგორც კორიანტელი, დავიღალე და ისევ მოსვენება მწყურია. მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა, ღამე მომიახლოვდა, შავი და საშინელი. სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი. 1922 რკალიდან: კვირის წირვები თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას, დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები. შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები. მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით, ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცულს. წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით, ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს. ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში, როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე. მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში, და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი. კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები, თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა. ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები, მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე! 1920 |
![]() ![]() |
nino_ni |
![]()
პოსტი
#2
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები. რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია. სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით, ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება. თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას. და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი, დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით. ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი, არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების. მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა. გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია, ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია... მეც ძAლიან მიყვარს გრანელი.მისი სევდა და ცრემლი ყველა ლექსში მაოცებს. ეს ერთი ლექსია მისი რომელიც მიყვარს.ყველა რომ დავწერო ბევრი გამოვა ![]() ![]() ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე. მაგრამ განგებამ, ასე ინება და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, უსიყვარულოდ და უიმედოდ, დავეხეტები ცალი მიწაზე. ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე. ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ, მატოს დამადგა მძიმე უღელი, მარტოს მაწვალებს გადასარჩენად, მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი. რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?! რატომ დამტოვა მარტო, ეული?! რატომ არ მომცა მე სიყვარული, რომ გამიმთელოს გული სნეული?! გაივლის წლები, დრო შეიცვლება, მარტო დავრჩები, ისევ წყეული. ასე ყოფილა ეს ბედისწერა, უნდა დამტოვოს მუდამ ეული... * * * არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა, ახლა იშლება სივრცე ნახული. ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა, aქ დავდიოდი მთელი ზაფხული. და იბადება ყოველთვის კითხვა: - კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა! მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს, როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს. იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული, ისევ სივრცეა, არსებობს მიწა. აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში, მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა. არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა, ახლა იშლება სივრცე ნახული. ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა, აქ დავდიოდი მთელი ზაფხული *** არ შემიძლია და მე ავად ვარ, ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს. ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ, მე მივდიოდი, შენ არ იყავი. იყო ოცნება, როგორც შენობა, იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის. მკლავდა იღბალი და უშენობა, მე მივდიოდი, შენ არ იყავი. კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები, ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის. შენ მიდიოდი და მიგონებდი, შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი. ახლა ჩემს ირგვლივ მეტი ხალხია ახლა ჩემს ირგვლივ მეტი ხალხია, მე მაინც ვფიქრობ ცისფერ ღამეზე. ჩრდილია, ვწევარ და მეშინია, რომ სახურავი თავზე დამეცეს. შორი სივრცეა ხეების იქით, ვწევარ და ისევ წამი გავიდა. მზიანი დღეა, მაწვალებს ფიქრი და ზეცას ვუმზერ სახურავიდან. რას ვიზამ, სიკვდილს ვერ გავექცევი, ის ფარულია, აი ეს ჩნდება. ახლა მებრძვიან, ჩემი ლექსები არ ვიცი, როდის დაიბეჭდება. ახლა ეს ფიქრი შენსკენ არ მოდის ახლა ეს ფიქრი შენსკენ არ მოდის, (სადღაც იკივლეს უცებ ქალებმა). ისევ გაჩნდება წყნარი ამინდი და ქარი ტყეში დაიმალება. სადღაც წევს მკვდარი დაუმარხავი და იქ ვიღაცა ღონდება თანაც. სადღაც ეზოში უკრავს არღანი და არღნის ირგვლივ ბავშვები დგანან თანაც ასე ვწერ და ვგრძნობ უფრო მეტს ეს იცის მხოლოდ ღამის დარდებმა. იქ, სადღაც სხედან და საუბრობენ და ხან დუმილი ჩამოვარდება. ჩემო ზოზია, მე წავალ მალე ჩემო ზოზია, მე წავალ მალე, არარაობა გამაბნევს ქარში. ამ ნათურების ცოფიან თვალებს, ჩუმი სანთლები შეცვლიან მაშინ. ჩემო ზოზია, მე წავალ მალე, დედის აჩრდილი მიმელის გზაში. ამ ნათურების ცოფიან თვალებს, ქრისტეს თვალები შეცვლიან მაშინ. ექსკურსია ცისკენ ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს, არ მინდა გული სამარეს მივცე; მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან, მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ. იქ უხილავი მხარე მიცდიდა და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე; მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან, მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ. იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა და გაგიჟებას ველოდი ისევ; მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან, მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ. ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს, არ მინდა გული სამარეს მივცე; მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან, მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ გალაკტიონი გალაკტიონი ყოველთვის დიდი, გალაკტიონი ზეცისკენ მიდის. გალაკტიონი ზეცისკენ მიდის, გალაკტიონი ყოველთვის დიდი გიტარა გაქრნენ ღრუბლები, გამოიდარა. მე ვიღუპები, ჩემო გიტარავ. ეს ცა შიშველი ვინ მოგვიტანა შენ თუ მიშველი, ჩემო გიტარავ. და ბედმა, მგონი, დღე გაგვიმწარა. და შენ მაღონებ, ჩემო გიტარავ. დადგა კარგი დღე, გამოიდარა. სევდა წაიღე, ჩემო გიტარავ. გალაკტიონს ერთად ვხეტიალობდით თბილისის ბულვარებში, რესტორნებში, ბაღებში, - მე არსად არ გტოვებდი. შენ პოეტად შეგიცნეს, როს ჩაგხედეს თვალებში, მე კი დავრჩი მტკვრის პირად - უსახელო პოეტი. გულიდან სისხლის წვეთები მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი. მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის. თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი. წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ. მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე. ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი. მოვედი ადრე. და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული. ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე. და მეშინია... ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება. მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული. ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან. პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას. მე არ მინდოდა სიცოცხლე. არც სიკვდილი. მე რაღაც სხვა მსურდა. ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების. მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან. და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე. მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით: მე მინდა გაფრენა. მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი. ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა. არა სიცოცხლე. არა სიკვდილი. არამედ რაღაც სხვა. ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი. კმარა სიჩუმე, ქარიშხალს ველი, დღეს გულში ლექსი დავაბინავე. ღამეა ჩუმი, ღამეა ვრცელი და ვარსკვლავები ცაზე ბრწყინავენ. და ცხრა გათავდა, ათია სრული, უკვე ღამეა, უკვე აცივდა. დე იყოს ცრემლი, იყოს უფსკრული, იყოს წამება, იყოს დაცინვა es leqsi lado asatianma miudzgvna terenti granels თოვს და ანათებს სადღაც კანდელი, დიდი სასახლის ბრწყინავს კარები შენ კი, ვით თოვლის თეთრი ფატელი, დაღუპვისაკენ მიექანები. აგიტანს შიში და ჟრუანტელი, გაგითეთრდება თვალთა უპენი, ნუთუ, ვით თოვლის თეთრი ფანტელი, შენც ისე მშვიდად დაიღუპები?! თოვს, და თოვაში აქ დგახარ მარტო და ძაღლის ხმაზე გაბმულად სტირი. ეს შენ იცოდი ზამთრის ღამეში რა აწუხებდა მშობლიურ თბილისს. ეს შენ იცოდი. მაგრამ მეც ვიცი, რადგან მე შენი ვარ ნათესავი, მეც მიმიღია პოეტის ფიცი, მეც მაწვალებდა ლექსი შენსავით თოვს და თოვაში გიგონებ ძმაო, ჩანს დათოვლილი საყდარი შენი. თეთრი ხალათით დგახარ ამაოდ გათოვს, გათოვს ... და არავინ გშველის. თოვს და თოვაში გიგონებ, ძმაო. ვინ გაგიყუჩებს ტკივილს და ვარამს? მჭკნარი ფოთოლი დახვალ ამაოდ, აქამდის არვინ არ შეგიყვრა. ათოვს თბილისს და თბილისის ღამეს, გათეთრებულა საყდარი ჯვარით, -აქ უცხოვრია ტერენტი გრანელს- იტყვის მშვიდად და ჩაივლის მგზავრი. მე და გალაკტიონი ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია. ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს, ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია. გალაკტიონში მიწა ანათებს და ჩემში უფრო ზეცის სხივია. შორს ქარი კივის, ახლო მტერია, ახლა ღამდება, შვიდია სრული. გალაკტიონში ლურჯი ფერია და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია. ფარული ვედრება სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს. პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა, ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს. გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება, ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების. სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება, ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით. ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება, თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია. ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება, ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან. ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება, წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი. ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება, მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი. მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს, ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია. ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს, შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ… ფიროსმანიშვილს შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით, ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში, არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე, დაგდევდა ლანდი, მთვარისაგან განაბრაზები. ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები, ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში, შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით. ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე, სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი, ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს. შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე, ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხისამარა, საშინელებამ უცნაურათ დაგასამარა. საიდუმლო მiსალმება ჭლექიან სამრეკლოს ზამთრის დღეები, ყრუ სიცივე და პროცესია, ნელი სურვილი, შუაღამის თეთრი გოდება. ჩემი სავანე უდაბნოა და შეცოდება, ვერ გავექეცი მზერამოღლილს და მიზეზიანს. ზარების რეკა წერტილებით შემომესია, უიღბლო ყოფნის სინანული სულში გროვდება. საქართველოში მხოლოდ შენ ერთს თუ გაგონდება გაბრწყინებული ჩემი სახე, ვით ეკლესია. ო, ჩემი სული უერთდება ქალაქს მტვერიანს, დავიკარგები, როგორც მამის ძველი ნისია, როცა იელვებს კვირეები და ისტერია. მე მენატრება ღამეები, ძილი მეფური, რომ სულში ირგვლივ ბოროტების შავი ნისლია და ჩემი ტანი, ცოდვებისგან დამძიმებული. სამშობლოს რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი, უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი. მე მაფიქრებს საქართველოს ბედი, მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს. როგორც ოხვრა შორეული გედის, ანდა როგორც მარმარილო ცივი,- მე მაფიქრებს საქართველოს ბედი, მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს. ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი, შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს. მე მაფიქრებს საქართველოს ბედი, მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს. რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი, უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი. მე მაფიქრებს საქართველოს ბედი, მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს. * * * უფროა გრძნობა, უფრო ანთება, ისევ აპრილის დღეა მზიანი, გაზაფხულია, ნელა ღამდება და სადღაც ტირის ადამიანი. მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე, ისევ აპრილის დღეა მზიანი. სადღაც ლანდივით დადის მიწაზე, ვიღაც მწუხარე ადამიანი. მე ისევ მინდა გავექცე იღბალს, ისევ აპრილის დღეა მზიანი. ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც, ლოცულობს ვიღაც ადამიანი. უიმედო სივრცეები მოვალ ქარში, წვიმაში, როცა ოხვრა ვარდება. მოვალ და შენს წინაშე გავიშლები დარდებად. მალე გლოვა მომელის, ხმები სევდანარევი; მოკვდა ფიქრი, რომელიც მაწვალებდა ქარივით. შენ სანთელი დაირქვი და ეს აღარ იციან. მე მივდივარ და ირგვლივ უიმედო სივრცეა. ბედმა ისევ ინათა, როგორც მახსოვს, ასეა. და ვიღაცამ მინასთან თეთრი კუბო ასწია. ფიქრთან ასე ვერთობი, ფიქრი არის გალია. ღამის სივრცემ წვეთობით ჩემი სისხლი დალია. სიშორის ცეცხლი ფერმიხდილი ქალი გაეშურა ვაჟთან. და საღამო მკრთალი სიზმარივით გაჩნდა. გადაეშვა ქარი და ბურუსი ადგა. და უცნობი მკვდარი ასვენია სადღაც. სიჩუმეა სულის და ოცნება ხშირი. და მიყვება გული როიალის ტირილს. აელვარდა გუშინ უიმედო მინა. და წამებულ სულში საოცრებას ძინავს. ყოველივე მორჩა მგლოვიარე კართან. ეშაფოტი მოსჩანს საფლავების გარდა. მწუხარებას მალავს ეს თვალები ერთობ. მეც მომეცი ძალა, შენ, წმინდაო, ღმერთო! ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ დავწვები ლოგინში და ფანჯრიდან მოჩანს ერთი ვარსკვლავი, რომელსაც მე ვეძახი ჩემი ბედის ვარსკვლავს. ხშირად მას ფარავენ ღრუბლები ღამეების. ხან აინთება და ხან ჩაქრება. მე მგონია, იმ ვარსკვლავიდან მიხმობს ჩემი გაფრენილი სული. რა ვქნა, როდესაც ლეშს არ შეუძლია შეასრულოს სულის მოწოდება. მე ისევ მიწაზე ვრჩები. ჩემ და იმ ვარსკვლავს შორის გაბმულია რაღაც უხილავი ძაფი, რომელიც მე მაერთებს მთელ ზეციურ სამყაროსთან. იმ ვარსკვლავს მე ახლაც ვხედავ და ვწერ ამ სტრიქონებს. ის ობლად ანათებს ცაზე, მეც ობოლი ვარ მიწაზე. სად იმალება ის უხილავი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეერთება. მე ეს არ ვიცი. იქიდან მიხმობს ვიღაც. ჩემი თვალები ვერასოდეს ვერ იხილავენ იმ ვარსკვლავის ცისფერ სივრცეს, რომელსაც მე ყოველ ღამე ვუმზერ. ის შორს არის ჩემგან. თუმცა ჩემი სულის მეგობარია. დიდება შენ, შორეულო ვარსკვლავო, დიდება შენ!.. ვწევარ და ვფიქრობ და კედელს ვუმზერ ვწევარ და ვფიქრობ და კედელს ვუმზერ, ფიქრი ჩუმია და ასე მკრთალი. ვწევარ და ვფიქრობ მე შორეულზე და ისევ მესმის ხმა როიალის. ასევ ღამეა და მთვარე სავსე, ღამეა ჩუმი და ასე მკრთალი. ვწევარ და ვფიქრობ მე უხილავზე და ისევ მესმის ხმა როიალის. და ეს ოცნება გაჰქრება მერე, ჩემი ოცნება, ყოველთვის მკრთალი. ვწევარ და ვფიქრობ მე სილურჯეზე და ისევ მესმის ხმა როიალის. ვიცი მსჯელობენ იქ სადღაც ჩემზე და მაგონდება ის ქალი მკრთალი. ვწევარ და ვფიქრობ დაღუპულ გემზე და ისევ მესმის ხმა როიალის. "მოვკვდები ღამით. გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის...ასე გათავდება სინათლე, გაქრებიან მოგონების წამები. გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს. ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს, და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას. ჩემი კუბო იქნება სადა და პროცესია უცრემლო. მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო. ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი. ბალდახინი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი "Memento mori" არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან სტრიქონები. მოვა უიმედობა. პანაშვიდი გათავდება ქარში...." View ეხლა დავაკოპირე ვიღაცის საიტეზე აგმოვაჩინე ![]() ![]() წეღან კიდე დავწერე ბევრს არ დავწერ.ისედაც ბევრი დაგიწერიათ მეთქი ![]() -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 01:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი