IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ტერენტი გრანელი, XX საუკუნის პოეზია
toko:
პოსტი Jan 9 2008, 09:01 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 9-January 08
წევრი № 3,587



ტერენტი გრანელი (კვირკველია) (1897-1934)
(ბიოგრაფიული ცნობები)
IPB-ს სურათი
ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

გავიდა ხანი. უბედურმა შემთხვევამ (სახლი დაეწვათ) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. უღარიბესი გლეხის შვილმა ბავშვობიდანვე გამოსცადა ცხოვრების სიმკაცრე. გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აღსავსე იყო წინააღმდეგობებით. იგი გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა იმ ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“ (გაზ. „ია“, 1919 წ.).

ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:

„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“ („სახალხო საქმე“, №202, 1918 წ.).

ტერენტის სწყუროდა სწავლა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს. პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.

1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

...მარტის სუსხიანი ამინდია. რუსთაველზე გამვლელთა ყურადღებას იქცევს თეთრი სატინისხალათიანი ჭაბუკი, ია-იებით ხელში. გამვლელნი განცვიფრებით შეჰყურებენ მას. შუა ტანის, პროპორციულად, მკვიდრად ნაგები სხეული; საკმაოდ ლამაზ, შთაგონებულ სახეს უმშვენებს მაღალი შუბლი, უკან გადავარცხნილი ხვეული, წაბლისფერი თმა. მოცისფრო თვალების ჭკვიანი, აზრიანი გამომეტყველება თავისებურ იერს ანიჭებს ჭაბუკი პოეტის სევდიან სახეს. ქარიშხალგამოვლილს მიუგავს მზითა და წვიმით გარუჯული ნაწრთობი სახე, სპილენძისფერი რომ გადაჰკვრია.

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას. ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.

მეგბარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი.

დიდ ხელმოკლეობას განიცდის. არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“.

სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა.

უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.
IPB-ს სურათი
...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.IPB-ს სურათი

ლერი ალიმონაკი
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1972

ისევ სიშორეზე

მთვარიანი ღამის ორი საათია,
შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე.
ფიქრში უიმედო ხმები გადადიან,
როცა სიშორეზე ტირის როიალი.

ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა,
ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით.
ჩემი იმედები ისევ გაიბზარა,
უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.

სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები
და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის.
მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები
და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.

ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის,
მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე.
გული ასვენია მაღალ სიჩუმეში,
თანაც სიშორეზე ტირის როიალი...

1924

ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…


ღამის სტრიქონები

რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც.

რა ვქნა, ისევ შურია და მტრობა,
ალბათ ქარი გადაუვლის მაღლობს.
ასე მარტო მიხარია ყოფნა,
როცა თავს ვგრძნობ მე სიკვდილთან ახლოს.

როგორც ქრისტე, ვიხედები მაღლა,
ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს.
მინდა ფრთები და მიწიდან გასვლა
და გაფრენის სურვილია უფრო.

უფსკრულია და უფსკრულში ვრჩები,
და ახლოა ქარიშხალი ისევ.
სიჩუმეა და ვსაუბრობ ჩემთვის,
მე ვსაუბრობ და კედლები მისმენს.

ახლაც დაჰქრის, არ ეშველა ქარებს
და კიდია შორს მდუმარე ზარი.
მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ
და გავაღო დაკეტილი კარი.

ყრუ ღამეა, მეშინია ოდნავ,
ალბათ მოვა ჯიბგირი ან ქურდი.
ალბათ ცაზე ღრუბელია ცოტა,
ალბათ მოჩანს ვარსკვლავების გუნდი.

ისევ მოდის ჩემს გულიდან წყრომა,
ოდეს წვიმა დაეცემა მინას.
და მე რა ვქნა შეზღუდული რომ ვარ,
რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა!

იმ ოთახში კვლავ საათი რეკავს
და ეს გული უცნაურად იწვის.
ახლა მინდა, ვარსებობდე ყველგან,
მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ, ვიცი!

ღამის ლანდი მე ფანჯრიდან ვნახე,
ღამის ცეცხლი ეკიდება თვალებს.
და ძვირფასო, ჩემს ბრწყინვალე სახელს,
ვგრძობ, მსოფლიო აღიარებს მალე.

რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც...

მკრთალი სილუეტი

შავგვრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება.
ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი
და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება.

მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება,
ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები,
ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება,
ვით მონაზონი, შავ ძაძებით შევიმოსები.

თეთრი ვარსკვლავი კაბადონზე რომ გამოჩნდება,
მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად.
მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება,
ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად.

1919



მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

1923

* * *

მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე!

გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.

ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ...

1926'

ცისფერი სიშორე

მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა,
ღამე მომიახლოვდა, შავი და საშინელი.
სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან
და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი.

ეს გუგუნი მუსიკის, როცა მე მიხარია,
თან ტირილი მინდება და მკლავებზე ტრაური.
ჩემი მოპირდაპირე უხილავი ქარია
და თვალებში გაისმის ღამეების ხმაური.

მე ყოველთვის ასე ვარ და არავინ არ იცის,
ბოროტება მიცქერის, როგორც შავი ყორანი.
მე ისევ მენატრება სურნელება მაისის
და ზაფხულის დღეები, ტკბილი მოსაგონარი.

ქვევით საფლავებია და ზევიდან ფიქრები,
(ალბათ გენიოსი ვარ და ცისფერი სიშორე).
დაო, ასე მგონია, ბედნიერი ვიქნები,
სადმე ახლოს თბილისთან თუ სამარე ვიშოვე.

სულის მკრთალი ლანდები შენს გარშემო ივლიან,
წვიმიანი წამოვა რიცხვი აუტანელი.
ბედის კარი, ძვირფასო, ისევ დაკეტილია,
საოცრება მოგელის შენ, ტერენტი გრანელი.

ეს დარდები მოჰქრიან, როგორც თეთრი პეპლები,
ო, მარადი წუხილის მეტი რა დაგვრჩენია.
მხოლოდ მე ვარ დამწვარი, მხოლოდ მე ვიფერფლები,
და დროა, საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია.

მე მგონია გათავდა ჩემი გლოვა ამდენი,
თუმცა ახლაც გარშემო ღალატი და შურია.
ბრუნავს ჩემი ცხოვრება, როგორც კორიანტელი,
დავიღალე და ისევ მოსვენება მწყურია.

მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა,
ღამე მომიახლოვდა, შავი და საშინელი.
სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან
და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი.

1922
რკალიდან: კვირის წირვები

თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას,
დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები.
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს
და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.

მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცულს.
წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით,
ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.

ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში,
და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.

კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა.
ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები,
მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!

1920



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
natiako
პოსტი Apr 9 2008, 05:47 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 823
რეგისტრ.: 6-August 07
წევრი № 2,575



ბარათი

მე დავდიოდი შენთან ყოველთვის,
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
მე დავდიოდი, ახლაც მოვედი,
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.
მე დავდიოდი შენთან მარადის,
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
შენთან მომქონდა წმინდა ბარათი,
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.



მე ეს ლექსი მიყვარს ტერენტისი ძალიან, შეიძლება წერია კიდეც აქ smile.gif


--------------------
ო ღმერთო, როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემიძლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
toko:   ტერენტი გრანელი   Jan 9 2008, 09:01 PM
toko:   ჩემი გვარი გრანელი...   Jan 10 2008, 02:00 AM
staywhite   ძალიან ტრაგიკული ბ...   Jan 10 2008, 02:17 AM
მართა   toko: გაიხარე კარგია მ...   Jan 10 2008, 04:39 AM
nuca_ge   ჩემი უსაყვარლესი ...   Jan 10 2008, 08:38 PM
nuca_ge   ეს ლექსი ძალიან მი...   Jan 10 2008, 09:53 PM
toko:   "ყოველთვის, როცა ...   Jan 11 2008, 07:21 PM
toko:   "იმედი არ ჩანს, ბე...   Jan 11 2008, 07:36 PM
nuca_ge   *** არ ვესალმები ამგ...   Jan 12 2008, 12:58 AM
nuca_ge   ჩ ე მ ო ზოზია მე წ...   Jan 12 2008, 01:10 AM
nuca_ge   *** მაღალო ცაო, ისევ შ...   Jan 12 2008, 01:24 AM
Gruzinski   გაიხარე ნინ :მპუა: ...   Jan 12 2008, 01:33 AM
nuca_ge   აი ეს არის კიდე ჩემ...   Jan 12 2008, 02:51 AM
თემო   გივი ცქიტიშვილს აქ...   Jan 12 2008, 10:01 AM
toko:   თემო სად შეიძლება ...   Jan 12 2008, 07:00 PM
nuca_ge   *** მე შენზე ვფიქრობ ...   Jan 31 2008, 08:35 PM
kato_Bato   nuca_ge გახარე:) ამ ლექს...   Jan 31 2008, 11:13 PM
nuca_ge   kato_Bato თუ გინდა მაგ ლე...   Feb 1 2008, 02:21 AM
_Matasi_   ...და მჯერა სიცოცხლე...   Feb 1 2008, 02:38 AM
თემო   გრანელის პოეზიას მ...   Feb 1 2008, 12:03 PM
marselioza   გრანელის პოეზიას ...   May 6 2008, 10:02 AM
tiko282   ასე თეთრია ეს ჩემი ...   Feb 1 2008, 03:48 PM
kato_Bato   nuca_ge ვინ კითხულობს? ...   Feb 4 2008, 04:05 PM
მარიამი   პ.ს. ხომ არ გაქვთ აუ...   Feb 4 2008, 04:05 PM
_Matasi_   Your Download-Link:terenti1.mp3 http://files.ge/f...   Feb 4 2008, 04:28 PM
მარიამი   ესეც ჯინორია (ერთი ...   Feb 4 2008, 04:50 PM
Elke   ესეც ჯინორია (ერთი ...   May 13 2008, 10:18 PM
nuca_ge   kato_Bato ვინ კითხულობს ...   Feb 4 2008, 08:39 PM
nuca_ge   http://bin.ge/file/133784/terenti2.mp3.html ა...   Feb 4 2008, 08:54 PM
ართი ვარდი   როგორ მიყვარს ტერე...   Feb 4 2008, 11:03 PM
kato_Bato   :მპუა: :მპუა: :მპუა: :მ...   Feb 4 2008, 11:32 PM
მარიამი   :მპუა: :მპუა: :მპუა: :მ...   Feb 4 2008, 11:40 PM
kato_Bato   მარიამი :cocxali: :cocxali: :cocx...   Feb 4 2008, 11:44 PM
_Matasi_   მარიამი გაიხარეეე ...   Feb 5 2008, 02:34 PM
მარიამი   _Matasi_ კატოს დვდ-დისკი...   Feb 5 2008, 02:37 PM
_Matasi_   მარიამი კიიი მინდ...   Feb 5 2008, 02:41 PM
მარიამი   მარიამი კიიი მინდ...   Feb 5 2008, 02:44 PM
nuca_ge   მარიამი მეც რო მი...   Feb 5 2008, 04:55 PM
მარიამი   მარიამი მეც რო მი...   Feb 5 2008, 09:31 PM
nuca_ge   რიგში ჩადექი და იქ...   Feb 5 2008, 09:41 PM
მარიამი   http://church.ge/index.php?s=&showtopic=62...ndpo...   Feb 6 2008, 12:10 PM
mariam_andria   "არა სიცოცხლე,არა...   Feb 6 2008, 03:27 PM
tiko282   ვარ ასეთი, ვარ ყოვე...   Feb 7 2008, 03:27 PM
xatuna   *** სადღაც სდუმს მთე...   Feb 11 2008, 04:36 AM
nuca_ge   MEMENTO MORI ახლა უფრო ხში...   Feb 11 2008, 07:54 PM
nuca_ge   გულიდან სისხლის წვ...   Feb 12 2008, 12:53 AM
მაეასი   ''მგრუზავს'' ტ...   Feb 12 2008, 12:57 AM
nuca_ge   ''მგრუზავს'' ტ...   Feb 12 2008, 01:31 AM
tiko282   * * * * * * * * * * * * * * * * * * არ ვხ...   Feb 19 2008, 01:19 AM
ana-bana   -------------განშორების შე...   Feb 22 2008, 04:52 PM
nuca_ge   ეს ლექსი გამახსენდ...   Mar 3 2008, 07:42 PM
khatia_   ძალიან მიყვარს,ტერ...   Mar 26 2008, 01:36 AM
khatia_   *** შენ დედამიწავ,უფ...   Mar 26 2008, 01:50 AM
taicko   იცით რა მაინტერესე...   Mar 28 2008, 02:13 PM
mari touchet   იცით რა მაინტერეს...   Mar 28 2008, 03:33 PM
taicko   დედა ხუთი წლისას გ...   Mar 30 2008, 09:47 PM
kh@tia   1934 წლის გვიან შემოდ...   Mar 28 2008, 03:30 PM
kh@tia   პოეტი თავის მეტად ...   Mar 28 2008, 03:42 PM
mari touchet   ტერენტიმ გადაწყვი...   Mar 28 2008, 03:48 PM
nino_ni   დარჩა სიხარულის მხ...   Apr 1 2008, 12:14 AM
natiako   ბარათი მე დავდიოდ...   Apr 9 2008, 05:47 PM
taicko   მისი მსოფლმხედველ...   Apr 22 2008, 10:12 PM
iisperiTOVLI   ტერენტი გრანელი (კ...   May 6 2008, 06:37 AM
kh@tia   ... სულს მარტოობა უნ...   May 6 2008, 11:17 AM
ქავთარაძე   გენიოსი! გენიოსი...   May 7 2008, 10:59 PM
georgevna   T I K O ბარემ სრული ვერ...   May 16 2008, 01:18 AM
KAIROS   ჰმ, თავის დროზე სემ...   May 16 2008, 02:34 AM
ქავთარაძე   სურათები გაქვთ ვინ...   May 17 2008, 10:14 PM
T I K O   სურათები გაქვთ ვი...   May 19 2008, 03:20 PM
georgevna   გალაკტიონ ტაბიძის ...   May 18 2008, 12:35 AM
georgevna   ჩემო ძვირფასო დაო ...   May 18 2008, 12:46 AM
T.L.   " ნაზი ბუნების ტე...   Jun 20 2008, 01:38 PM
T.L.   " "7შაური მასესხ...   Jun 23 2008, 12:32 PM
nuca_ge   სიცოცხლის გრადაცი...   Jun 25 2008, 07:25 PM
T.L.   რადიო გადაცემის ჩა...   Aug 20 2008, 04:49 PM
milana   რადიო გადაცემის ჩ...   Apr 30 2009, 01:58 AM
nuca_ge   ხსოვნის სიმაღლე დ...   Sep 5 2008, 10:48 PM
ბარბარე   თიკო,ამას ვერ გად...   May 27 2009, 08:34 PM
nino84   ......მე ამდენ დარდებს...   May 27 2009, 08:54 PM
ბარბარე   გრანელის ჩანწერებ...   Jun 4 2009, 05:48 PM
ana.anu   ''არა სიცოცხლე,ა...   Jun 8 2009, 11:14 PM
nino84   [url=http://www.radikal.ru][img]http://s57.radik...   Jun 9 2009, 09:18 PM
damiane80   "გააჩმახაო ამდენ...   Jun 9 2009, 10:03 AM
ქევანა   ბავშვობაში, ნუ სკო...   Jun 9 2009, 10:18 PM
salomeaa   ,,სხეული კვდება, გულ...   Jun 13 2009, 10:11 PM
nino84   ფიქრიდან ვხედავ შო...   Jun 14 2009, 09:22 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 01:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი