ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
*ნინო* |
Apr 17 2008, 02:07 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
ერთი კონსტანტინეპოლელი მდიდარი კაცი, რომელიც ძალიან მოწყალე და ქველმოქმედი იყო, სადაც კი ჩაივლიდა, ქალაქში თუ მის გარეთ, მუდამ გლახაკებით იყო ხოლმე გარშემორტყმული. იგი ვითომ იგერიებდა და იშორებდა მათ, სინამდვილეში კი ხელში მოწყალებას უდებდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ადამიანთაგან დაეფარა თავისი ქველმოქმედება. როცა მარტო შეხვდებოდა გლახაკს, მაშინ კი ხელზე ეამბორებოდა და ისე აძლევდა მოწყალებას.
ერთხელ მისმა ახლო მეგობარმა ჰკითხა, როგორ გახდი ასეთი მოწყალეო. მან უამბო, პატარა რომ ვიყავი, ათიოდე წლის, ერთხელ ეკლესიაში შევედი სალოცავად. იქ ვიღაც ღმრთივსულიერი ბერი ქადაგებდა და მრევლს ასწავლიდა, გლახაკისათვის მიცემული მოწყალება ქრისტესთვის სესხებააო. არ დავიჯერე მისი სიტყვები, ვიფიქრე, როგორც მსმენია, ქრისტე ზეცაშია, მამის მარჯვნივ და ქვეყნიდან სესხს როგორ აიღებს-მეთქი. ამ ფიქრებით გავემართე შინისაკენ. გზაზე ერთი ჩამოძონძილი გლახაკი მოდიოდა. მის თავს ზემოთ კი ცხადად დავინახე, რომ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იდგა. უცებ გლახაკს ვიღაც მოწყალე ადამიანი შეხვდა და პური მისცა. როცა ღატაკმა მის გამოსართმევად ხელი გაშალა, მასთან ერთად მაცხოვარმაც გაუწოდა ხელი მოწყალების მიმცემს და პური გამოართვა. შემდეგ იქვე პირისპირ აკურთხა და დალოცა იგი. ეს რომ ვიხილე, ვირწმუნე, რომ ვინც გლახაკს აძლევს მოწყალებას, ქრისტეს აძლევს მას. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახე, რომელიც გლახაკებს თავთან უდგას, გარემოცული ვარ ღმრთის შიშით და შინაგანად ანთებული მისდამი სიყვარულით. მაქვს მოწყალების გაღების სურვილი და შეძლებისდაგვარად გავცემ ხოლმე მას, რადგან მოწყალება გალხაკისთვის მიცემა კი არ არის, არამედ ქრისტესთვის მიცემაა, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. მართალი და მოწყალე კაცი, სახელად მარტიანე, არავითარ ქონებას არ ინახავდა, ყველაფერს გლახაკებს და უცხო მგზავრებს აძლევდა. ერთხელ, როცა უკვე ყველაფერი დაერიგებინა და აღარაფერი ჰქონდა ერთი დანისა და ჩასაცმელის მეტი, ქალაქის კარიბჭესთან შიშველი გლახაკი შეხვდა და მოწყალება სთხოვა. მის ნახვაზე მარტიანე ძალიან შეწუხდა. არადა მისაცემი აღარაფერი ჰქონდა გარდა იმ ერთადერთი სამოსისა, რომელიც თავად ეცვა. მან აიღო დანა, გაჭრა ის სამოსელი შუაზე, ნახევრით შიშველი გლახაკი შემოსა და ნახევარი ისევ ჩაიცვა. ამის გამო ბევრმა გაკილა, მაგრამ იმ ღამით მას ძილში ეჩვენა ქრისტე მრავალი ანგელოსით გარეშემოცული. მას სწორედ ის სამოსი ემოსა, რომელიც მარტიანემ გლახაკს ჩააცვა. მაცხოვარმა უთხრა, ჰოი, მარტიანე, შენ ამ დიდებული სამოსით შეგმოსავ და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებო. ამ სიტყვებზე მარტიანეს გამოეღვიძა და ადიდა უფალი. ამის შემდეგ იგი კვლავ დაუზარელად შრომობდა და უხვად იძლეოდა მოწყალებას. ამიტომ ღმრთისთვის სათნო იყო იგი და უფალმა სასწაულთმოქმედების - მკვდართა აღდგინების, ავადმყოფთა კურნების და ეშმაკთა განდევნის მადლი მისცა. შემდეგ კი მშვიდობით მიიცვალა უფლისადმი და სუფევს უკუნითი უკუნისამდე. ერთ ქრისტეან დედაკაცს წარმართი ქმარი ჰყავდა. ღარიბები იყვნენ. სულ ორმოცდაათი ვერცხლი ჰქონდათ. ქმარმა ცოლს უთხრა, ეს რომ ერთბაშად დავხარჯოთ, მერე აღარაფერი გვექნება. მოდი, ისე გავასესხოთ, რომ მონაგები ავიღოთო. კეთილმა ქალმა უპასუხა, თუ გინდა, რომ იგი მონაგებით დაგიბრუნდეს, ქრისტეანების ღმერთს მიეციო. ქმარმა უთხრა, მითხარი, სად არის და მივცემო. ქალმა მიუგო, თუკი მისცემ მას ვახშად, გაჩვენებ. იცოდე, რომ არაფერს დაკარგავ და უფრო მეტს მიიღებო. ქმარი დათანხმდა. ქალმა იგი ეკლესიაში წაიყვანა, აჩვენა გლახაკები და უთხრა, მიეცი ამათ ეგ ვერცხლი. ქრისტეანთა ღმერთი ამათგან მიიღებს, რადგან ესენი ყველანი მისნი არიანო. კაცმა სიხარულით გაუნაწილა გლახაკებს ის ორმოცდაათი ვერცხლი და ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა. სამი თვის შემდეგ მათ საზრდო გამოელიათ. ქმარმა ჰკითხა ცოლს, საჭმელი სულ გაგვითავდა და აღარ აპირებს ქრისტეანთა ღმერთი ჩვენი ვახშიდან მონაგების მოცემასო? ქალმა უპასუხა, წადი იქ, სადაც ასესხე, მოგცემს რამდენიც გეკუთვნის და გვეყოფაო. წავიდა კაცი ეკლესიაში, სადაც ვერცხლი გაუყო გლახაკებს. ყველაფერი მოიარა და ვერავინ ნახა ისეთი, ვინც ვახშს მისცემდა. ერთადერთი გლახაკი იჯდა. ბოლოს გადაწყვიტა მისთვის ეკითხა, მაგრამ წინ რომ დაიხედა, დაინახა, რომ ფეხებთან მარმარილოზე ერთი ვერცხლი იდო. აიღო და წავიდა შინ. ცოლს გაკვირვებულმა უამბო, წავედი თქვენს ეკლესიაში, როგორც შენ მითხარი. ქრისტეანთა ღმერთი ვერსად ვნახე და არც არაფერი მოუცია, მაგრამ იქ, სადაც გლახაკებს ის ორმოცდაათი ვერცხლი დავუნაწილე, აი, ეს ერთი ვერცხლი იდოო. ბრძენმა დედაკაცმა უთხრა, სწორედ მან მოგცა ეგ უხილავად. უხილავია ღმერთი და უხილავი ძალით განაგებს სოფელს. ახლა წადი, ბატონო ჩემო, იყიდე მაგით რაიმე სურსათი, რომ ვისადილოთ. იგი სხვა დროსაც მოგცემსო. წავიდა ეს კაცი, იყიდა იმ ვერცხლით პური, ღვინო და თევზი და მიუტანა ცოლს. ქალმა თევზს მუცელი რომ გაუჭრა და ნაწლავები ამოიღო, შიგ პატიოსანი ქვა იპოვა. ვერ მიხვდა რა იყო და შეინახა. ქმარი რომ მოვიდა, აჩვენა მას ის ქვა და უთხრა, ბატონო ჩემო, აი, ეს იყო თევზის მუცელშიო. კაცმა რომ ნახა, გაუკვირდა მისი ბრწყინვალება. ვერც ის მიხვდა რა ქვა იყო, მაგრამ გადაწყვიტა გაეყიდა. მივიდა იგი ძვირფასი თვლების შემსყიდველთან და ჰკითხა, იყიდი ამ ქვასო? ვაჭარმა მიუგო, რამდენს აფასებო, კაცმა უპასუხა, შენ უკეთ იცი ამის ფასიო. მაშინ ხუთი დრაჰკანი შესთავაზა. ამ კაცს ეგონა დამცინისო და გაიკვირვა. ვაჭარმა იფიქრა, ეცოტავაო და ახლა ათი დრაჰკანი შეაძლია. კაცს ისევ ეცინებოდა და ვერაფერს ეუბნებოდა. ასე ასწია ვაჭარმა ფასი ოცდაათამდე და ორმოცდაათამდე. მაშინ კაცმა იფიქრა, ეს ქვა რომ ძალიან ძვირფასი არ იყოს, ორმოცდაათ დრაჰკანს არ შემომთავაზებდაო და დაიწყო ძვირად დაფასება. საბოლოოდ ვაჭარმა სამასი დრაკჰანი გადაუხადა. მისცა ამ კაცმა ის ქვა და დაბრუნდა შინ გამხიარულებული. ცოლმა ჰკითხა, რამდენად გაჰყიდეო. მან უჩვენა სამასი დრაჰკანის ოქრო-ვერცხლი, აი, როგორ გავყიდეო. კეთილმორწმუნე დედაკაცს აკვირვებდა ღმრთის კაცთმოყვარება და ადიდებდა მის სიკეთეს. ქმარს უთხრა, ხედავ, როგორი კაცთმოყვარე და კეთილია ქრისტეანთა ღმერთი. მან არათუ ორმოცდაათი ვერცხლი, არამედ ბევრად მეტი მოგცა. იცოდე, ბატონო, რომ არც ცაში და არც ქვეყანაზე არ არის მის გარდა სხვა ღმერთი. მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთიო. ამის შემდეგ მისი ქმარიც მოინათლა და ქრისტეანი გახდა. ასე აღსრულდა მოციქულის სიტყვები: „განწმდების ქმარი ურწმუნო ცოლისაგან მორწმუნისა“. იმ დღიდან იგი ყოველთვის სწყალობდა გლახაკებს, რადგან მოწყალების გზით ჰპოვა ნათელი ჭეშმარიტებისა და ადიდებდა ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე. ბონიფანტე მოწყალე, ფერენტიელი ეპისკოპოსი (VI ს.), ბავშვიბიდანვე ღარიბთა შემწყნარებელი იყო. როდესაც შემთხვევით ვინმეს შეუმოსავს დაინახავდა, თავისას იხდიდა და აძლევდა, თვითონ კი სახლში ხანდახან ზედა ან ქვედა სამოსის გარეშეც ბრუნდებოდა. დედა გაჭირვებული ქვრივი იყო და ამიტომ ხშირად ბრაზობდა და ამბობდა: „არ იქცევი სამართლიანად, შვილო, თავად ღარიბი - ღარიბებს აცმევ“. ერთხელ, როდესაც ბეღელში შევიდა, სადაც მთელი ზაფხულის სამყოფ პურს აცხობდნენ, ცარიელი დახვდა, რადგანაც ბონიფანტეს დედის უჩუმრად ყველაფერი ღარიბებისთვის დაერიგებინა. ქალმა ტირილი დაიწყო, სახეში იცემდა და ამბობდა: „რაღა ვქნა, საიდან მოვიტანო მთელი ზაფხულის სამყოფი პური? რითი გამოვიკვებოთ მე და მთელი სახლი?“ ბონიფანტე სიტყვით ცდილობდა დედის დაწყნარებას, მაგრამ დედის უზომო წუხილის გამო ვერ შესძლო. ამიტომ სთხოვა, რომ ცოტა ხნით გასულიყო ბეღლიდან. დედა გავიდა, ბონიფანტემ კარი ჩარაზა, დაემხო მიწაზე და ღვთისადმი ლოცვა აღავლინა. უცბად ბეღელი ხორბლით გაივსო. იგი ღმერთს ჰმადლობდა, შემდეგ კი დედას უხმო და დაანახა ხორბლით სავსე ბეღელი. დედა დაწყნარდა და ადიდა უფალი. მას შემდეგ აღარ უკრძალავდა შვილს ღარიბებისათვის მოწყალების გაღებას, ხედავდა, რომ შვილის უდიდესი რწმენის ძალით მოწყალების გაღებისას არ ღარიბდებოდნენ და რასაც შესთხოვდნენ უფალს - ღებულობდნენ. ერთი მონასტრის წინამძღვარი ყოველგვარი სათნოებებით გამოირჩეოდა და ღატაკთა მიმართ მოწყალე იყო. იგი დღედაღამ ღვთის მიმართ ასეთ ლოცვას აღავლენდა: „უფალო! ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი გულმოწაყლების იმედი მაქვს. შენი წყალობით ცხონებას ვიმედოვნებ. გევედრები მეუფეო, ნუ განმაშორებ ჩემს ძმებს მომავალ საუკუნეში; ისინიც ჩემთან ერთად დაამკვიდრე სასუფეველში. დიდხანს ლოცულობდა კაცთმოყვარე წინამძღვარი და უფალმა ასეთი სახით გამოუცხადა მას თავისი ნება: მათთან ახლოს მყოფ სხვა სავანეში ტაძრის დღესასწაული მოახლოვდა; წინამძღვარი თავის ძმებთან ერთად მიიპატიჟეს. მას არ სურდა თავისი მონასტრიდან გამოსვლა, მაგრამ ძილში ზეციური ხმა ჩაესმა: „წადი, მაგრამ შენზე ადრე შენი მოწაფეები გაგზავნე, თვითონ კი მათ შემდეგ მიდი“. როდესაც დღესასწაულის დღე დადგა, ძმები წავიდნენ სადილზე და გზად ღატაკი, დაძონძილი კაცი დაინახეს, რომელიც ძლივს ითქვამდა სულს. მათ შეკითხვაზე, თუ რა სტკიოდა, საბრალომ მომაკვდავის ხმით ძლივს უპასუხა: - გზად მივდიოდი, მაგრამ მხეცი დამესხა თავს, დამგლიჯა და დამაგდო, არავინ გამოჩნდა, რომ სოფელში წავეყვანე. - გვეჩქარება, - უპასუხეს ბერებმა, - არაფრით შეგვიძლია დახმარება. ამ სიტყვებით მათ გზა განაგრძეს. მალე იმავე ადგილას წინამძღვარმა გამოიარა და დაინახა, როგორ კვნესოდა საბრალო ადამიანი. როდესაც შეიტყო, რაც დაემართა, შეეკითხა: - აქ ცოტა ხნის წინ ბერებს არ ჩაუვლიათ? ნუთუ მათ ვერ დაგინახეს? - იყვნენ, - უპასუხა სნეულმა, - გაიგეს ჩემი ამბავი და გზა განაგრძეს, მითხრეს, რომ მხარზე ვერ მომიკიდებდნენ და ვერ წამიყვანდნენ. - შეგიძლია, ნელ-ნელა გამომყვე? - ჰკითხა ბერების საქციელით განაწყენებულმა წინამძღვარმა. -არ შემიძლია, - უპასუხა გლახაკმა. - მაშინ მხრებზე შემაჯექი, - უთხრა წინამძღვარმა, - ღვთის შეწევნით მიგიყვან... დიდხანს უარობდა დაუძლურებული გლახაკი, ამბობდა, რომ წინ შორი გზა ედო, ის კი მძიმე იყო. სთხოვდა, რომ სოფლიდან გამოეგზავნა ვინმე მის წასაყვანად, მაგრამ ღვთივსათნო წინამძღვარმა, ყველაფრის მიუხედავად, იგი ხელში აიყვანა და წაიყვანა. თავდაპირველად ჩვეულებრივ ადამიანურ სიმძიმეს გრძნობდა, შემდეგ კი ტვირთი სულ უფრო და უფრო შემსუბუქდა, ბოლოს კი თითქოს მხრებზე არანაირი სიმძიმე არ ჰქონდა. წინამძღვარმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა; უეცრად უძლური მოხუცებული გაქრა და ზეციდან მოესმა ხმა: „შენ მუდამ ლოცულობ შენი მოწაფეებისათვის, რათა ისინი შენთან ერთად შევიდნენ ცათა სასუფეველში; მაგრამ მათი საქმეები შენგან განსხვავებულია. ასე რომ, ასწავლე მათ შენს კვალზე სიარული, სხვანაირად ისინი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევენ. მე მართლმსაჯული ვარ, თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“. ერთხელ ქუჩაში მიმავალ იოანე მოწყალეს მიუახლოვდა ფრიად პატივცემული ადამიანი, რომელსაც ქურდებმა მთელი ქონება მოპარეს. წმიდა იოანემ ბრძანა, მისთვის 15 ფუნტი ოქრო მიეცათ. მაგრამ ეკლესიის ხაზინაში ოქრო ცოტა დარჩენილიყო და იკონომოსებმა არ შეასრულეს პატრიარქის ბრძანება და მხოლოდ 5 ფუნტი მისცეს, როდესაც წმიდა იოანე სახლში ბრუნდებოდა, მას ერთი მანდილოსანი მიუახლოვდა და ქარტია გაუწოდა, რომელშიც ეწერა, რომ იგი 500 ფუნტ ოქროს სწირავდა ეკლესიას. პატრიარქმა სულიწმიდის მადლით განჭვრიდა, რომ ქალმა იმდენი არ გაიღო, რაც განზრახული ჰქონდა. მან იკონომოსებს გამოჰკითხა, თუ რა რაოდენობის მოწყალება გაიღეს და შეიტყო, რომ მისი კურთხევა არასწორად შესრულდა და ამხილა მათი სიცრუე, სიხარბე და ურჩობა. მან გაუმხილა ისიც, რომ ერთ პატივცემულ ქალბატონს სურდა 1500 ფუნტი ოქროს შეწირვა, მაგრამ რადგან თქვენ სიძუნწე გამოიჩინეთ, უფალმა მხოლოდ 500 მოგვცაო. ამის შემდგომ პატრიარქმა მოიხმო ეს ქალბატონი, რომელმაც იკონომოსების თანდასწრებით გაამხილა სიმართლე და ყველას უამბო, რომ მას, მართლაც, 1500 ფუნტი ოქროს შეწირვა სურდა, ასეც დაწერა წერილობით მოწმობაში, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასში სიტყვა - ათასი წაშლილი იყო და მხოლოდ 500 ეწერა, მაშინ მან გადაწყვიტა, რომ ასეთი იყო უფლის ნება და ისიც შესაბამისად მოიქცა. ეკონომებს შეეშინდათ და შერცხვათ, პატრიარქის ფეხებთან დაემხნენ და შენდობა ითხოვეს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი