IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
:_მარიამი_:
პოსტი Jul 28 2006, 01:59 PM
პოსტი #1


gvirila_mari
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 441
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 8



სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა


უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად, რაც არ გსურს იმას ვაკეთებთ, დაგვჯაბნა ცოდვებმა და ვნებებმა, მოწყალეო, ყოვლის შემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს, მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა, განგვაშორე მაცდური ეშმაკი, მფარველი ანგელოზი მოგვივლინე, მისივე ძალით გვიხსენი, შენ თვითონ თქვნი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ, შენ თვითონ თქვი მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არ გსურს, არამედ მის სინანულს მოელი. თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით:"ჩემთან მოსულს არ განვაგდებ". და აი, მოგეახლენით, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ, ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს, თუმცა ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით, მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა დავძლიოთ ჩვენი ბოროტი, ცოდვიანი ჩვევები.

ამინ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
G_I_O_R_G_I_
პოსტი Dec 25 2006, 02:44 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ცალკე რომ არ გავხსნათ ხოლმე თემები აქ დავწეროთ იმ წმინდანებზე ვისი ხსენების დღეც იქნება

წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი (დაახ. 348)

წმიდა სპირიდონი III საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. სპირიდონი მწყემსი იყო და ცოლ-შვილი ჰყავდა. იგი წმიდა და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა - იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას 306-337 წ.წ.) სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას ეპისკოპოსობაშიც არ შეუცვლია ცხოვრების წესი, ძველებურად მწყემსავდა პირუტყვს და კვლავ მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უქადდა. წმიდა სპირიდონმა, წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამო კვლავ შიმშილობა ჩამოვარდა, რამაც პურის ვაჭრების სიხარული გამოიწვია, რადგან მათ პურის მაღალ ფასებში გაყიდვა შეეძლოთ.

იმ დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა, რომელმაც სხვა ქვეყნებში დიდძალი პური შეიძინა, გემებით მშობლიურ ქალაქში ჩამოიტანა, ბეღლებში შეინახა და პურის კიდევ უფრო გაძვირებას დაელოდა. მან პურის გაყიდვა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.

ამ დროს მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად, რათა ის და მისი ცოლ-შვილი შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ხარბი ვაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა: ნუ ტირი, სახლში წადი, სულიწმიდამ მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმა წამოვიდა, ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი თავისი სახლეულით ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა, დახმარებოდნენ, რათა ღატაკად არ ქცეულიყო. ბოლოს იგი იმ ღარიბ კაცსაც მიადგა, რომელსაც დახმარების ხელი არ გაუწოდა და პური სთხოვა. თუმცა ამ შემთხვევამ ჭკუა ვერ ასწავლა - მას სხვა ბეღლებიც ჰქონდა.

ერთხელ მასთან ერთი მიწათმოქმედი მივიდა პურის სასესხებლად იმ პირობით, რომ მოსავლის აღების დროს ჩაასესხებდა. ვაჭარმა ფული მოსთხოვა. მიწათმოქმედი ატირებული მიადგა წმიდა სპირიდონს, რომელმაც იგი დაამშვიდა და სახლში გაგზავნა. მეორე დილას კი მთელი ზოდი ოქრო თავად მიუტანა და უთხრა: `წაუღე ეს ოქრო ვაჭარს და გამოართვი იმდენი პური, რამდენიც გსურს, ხოლო რაცა მოსავალს აიღებ, პური ჩაასესხე და ოქრო უკან მოიტანეო". როდესაც მიწათმოქმედმა მას ოქრო დაუბრუნა, წმიდა სპირიდონმა მიუგო: `წავიდეთ, ძმაო, და ეს ოქრო კვლავ მას დავუბრუნოთ, ვინ იგი გვიბოძა". ისინი ბაღში შევიდნენ. წმიდანმა ოქრო მიწაზე დადო და ილოცა: `უფალო ჩემო, იესო ქრისტე, რომელმან ყოველივე შენი ნებით ქმენ, რომელმან ფარაონის თვალწინ მოსეს კვერთხი გველად აქციე, ინებე, რათა ეს ოქრო ისევ იმ ცხოველად იქცეს, რომელიც შენ ოქროდ გარდაჰქმენ". ამ სიტყვებზე ზოდი შეინძრა და გველად იქცა, რომელიც სწრაფად გასრიალდა. ამის შემხედვარე მიწათმოქმედმა კანკალი დაიწყო, მიწაზე დაეცა და იძახდა: მე ამ სასწაულის ხილვის ღირსი არა ვარო.

ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა.

ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა.

წმიდანის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როდესაც წარმოთქვა: `მშვიდობა ყოველთა", მას და დიაკონს დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: `და სულისაცა შენისა თანა." შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: `უფალო, შეგვიწყალე!" ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა.

წმიდა სპირიდონს ადამიანთა ცოდვების ხილვაც შეეძლო. ერთხელ მან უარი უთხრა ცოდვილ ქალს, რომელსაც სურდა, მისთვის, როგორც სტუმრისათვის, ფეხები დაებანა. და შემდეგ, როდესაც სიყვარულით ამხილა იგი, დედაკაცმა მოინანია ცოდვები და წყლის ნაცვლად ცრემლით დაბანა ფეხები წმიდა მღვდელმთავარს.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერელი - სტუმართმოყვარეობით მას პატრიარქ აბრაამს ადარებს. სოზომენი კი თავის საეკლესიო ისტორიაში წერს: დიდი მარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა წმიდა სპირიდონის სახლს მწირი მოადგა. მეუფემ ასულს მიმართა: `სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე". მარხვის გამო საკვები მომარაგებული არ იყო, რადგან მღვდელმთავარი საზრდელს მხოლოდ გარკვეულ დღეებში იღებდა, ამიტომაც ქალიშვილმა მიუგო, არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მიუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძებზე უარი თქვა; მასპინძელმა მიუგო: `მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: `რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის" (ტიტე 1, 15).

წმიდა სპირიდონს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისათვის დაერიგებინა, ნაწილი კი სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ ხელს გაიშვერდა ხოლმე ბეღელისაკენ, საიდანაც ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენს იღებდა, ხოლო შემდეგ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე აბრუნებდა.

ერთხელ ქურდებმა წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განიზრახეს, მაგრამ უჩინარმა ძალამ ისინი იქვე შებოჭა. დილით მეუფე ფარასთან მივიდა, გაკოჭილი ავაზაკები იხილა, ლოცვის ძალით გაათავისუფლა ისინი და დიდხანს შეაგონებდა, დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით ეშოვნათ. ბოლოს უძილო ღამისათვის ორივეს თითო ცხვარი აჩუქა.

წმიდა სპირიდონი მონაწილე იყო 325 წელს ნიკეაში გამართული პირველი მსოფლიო კრებისა, რომელზეც არიოზის ცრუსწავლება დაიგმო. კრების დაწყებამდე ეპისკოპოსები ხშირად იკრიბებოდნენ და არიოზს მწვალებლობის დაგმობისკენ მოუწოდებდნენ ხოლმე; მათ შორის იყო ერთი ფილოსოფოსი, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. მასთან პაექრობაში წმიდა სპირიდონიც ჩაერთო, რომლის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახვა კაცობრივი ამაობრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე. `მისმინე, ფილოსოფოსო, - მიუგო წმიდა სპირიდონმა, - რას გეტყვი: ჩვენ გვწავს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისაგან შექმნა ცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა ჩვენი ხსნისათვის და შემდეგ აღდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა კაცთა მთელი მოდგმა; გვწამს, რომ იგი ერთარსი და თანასწორია მამისა". ამ სიტყვების შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობარს უთხრა: `ვიდრე არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლურ იქმნა, რადგან ადამიანს არ ძალუძს წინ აღუდგეს ღმერთს. თუ რომელიმე თქვენგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი პირითაც თვით უფალი მეტყველებდა".

კრების მსვლელობისას წმიდა სპირიდონმა უფრო დიდი სასწაული მოახდინა. იმისათვის, რომ თვალნათლივ, მაგალითის სახით ეჩვენებინა მოწინააღმგებისათვის (არიანელთათვის), თუ როგორაა ყოვლადწმიდა სამება ერთიც და სამიც, ანუ სამპიროვანი და ერთარსი, ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო აგური, ხელი მოუჭირა და ყველამ დაინახა, როგორ ავარდა აგურიდან მაღლა ცეცხლი, ხოლო წყალი ქვემოთ ჩამოიღვარა, აგური კი უცვლელი დარჩა. `აქ სამი სტიქიაა (ცეცხლი, წყალი და თიხა), აგური კი ერთია; ასევე ყოვლადწმიდა სამებაც - სამი პირი და ერთი ბუნება, - განუცხადა მოწინააღმდეგეებს სპირიდონმა.

კრების დამთავრებისთანავე, სხვა მღვდელმთავრების მსგავსად, წმიდა სპირიდონმაც საკუთარ ქალაქს მიაშურა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მისი ქალიშვილი ირინე, რომელმაც თავისი სიყმაწვილე უბიწო და ღვთივსათნო ცხოვრებაში გაატარა. ირინეს დაკრძალვამდე წმიდა სპირიდონთან ერთი დედაკაცი მივიდა და შესჩივლა: თქვენს ასულს ოქროს სამკაული ჩავაბარე შესანახად და ახლა მას ვიღა დამიბრუნებსო. მეუფემ მთელ სახლში ეძება სამკაული, მაგრამ ვერსად მიაგნო. მაშინ იგი მივიდა განსვენებულთან და უთხრა: `შვილო, ირინე, სად არის ამ დედაკაცის მიერ მობარებული სამკაული?" ქალიშვილი თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ალაპარაკდა და დაასახელა ის ადგილი, სადაც სამკაული ინახებოდა. შემდეგ წმიდა სპირიდონმა მიუგო: `ახლა კი იძინე, შვილო, ვიდრე უფალი მეორედ მოსვლის ჟამს არ გამოგაღვიძებს". ამის მხილველნი განცვიფრდნენ, წმიდა სპირიდონმა კი სამკაული მოძებნა და დედაკაცს გადასცა.

იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძე, კონსტანცი ავიდა (337-361 წ.წ.). ერთხელ ანტიოქიაში ყოფნისას იგი მძიმე სენმა შეიპყრო. ექიმებმა ვერაფერი იღონეს მეფის განსაკურნებლად, რის გამოც მან ისინი დაითხოვა და საშველად უფალს მიმართა. ღამით მან სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელმაც მღვდელმთავართა მთელი გუნდი წარუდგინა, შემდეგ ორ მათგანზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი განკურნება მხოლოდ მათ შეეძლოთ. მათგან ერთ-ერთი ჯერ ეპისკოპოსი არც იყო. მეფემ ახლომახლო ოლქების ყველა ეპისკოპოსი შეაკრებინა, მაგრამ მათ შორის ხილვისას ანგელოზის მიერ დასახელებულნი არ იყვნენ. ისინი არც ხელმეორე შეკრებაზე ჩანდნენ. მაშინ იმპერატორმა მთელი იმპერიის ეპისკოპოსთა შეკრება ითხოვა. როცა ტრიმიფუნტში მეფის ბრძანებამ ჩააღწია, წმიდა სპირიდონს უფლისაგან უკვე ყოველივე ნაუწყები ჰქონდა. მან წაიყვანა თავისი მოწაფე ტრიფილი (შემდგომში ლევკუსიის ეპისკოპოსი, ხსენება 13 ივნისს) და ანტიოქიაში ჩავიდა. სპირიდონს ფინიკის კვერთხი ეჭირა და იმდენად უბრალოდ ეცვა, რომ სასახლის კარისკაცმა იგი შენობაში არ შეუშვა, მეტიც, ხელიც კი გაარტყა. წმიდანი მაცხოვრის შეგონების მიხედვით მოიქცა და მეორე ლოყაც მიუშვირა. კარისკაცი მიხვდა, რომ მის წინაშე ეპისკოპოსი იდგა, შეიგნო საკუთარი შეცოდებაც და შენდობა ითხოვა.

მეფემ შესვლისთანავე იცნო ხილვაში ნანახი ეპისკოპოსი და მისი მოწაფე. მიუახლოვდა, დაუჩოქა და ტირილით სთხოვა კურნება. მღვდელმთავარმა თავზე ხელი შეახო თუ არა, კონსტანცი მეყსეულად განიკურნა. იმპერატორის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მთელი დღე მან წმიდა სპირიდონთან გაატარა, რომლისაგან მრავალი საჭირო დარიგება მიიღო - როგორც მონარქმა და როგორც უბრალო მოკვდავმა. ამასთან, წმიდანმა შეაგონა მეფე, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო არაფერი ჩაედინა (ცნობილია, რომ კონსტანცი მანამდე არიანელებს თანაუგრძნობდა). იმპერატორს სურდა, უხვად დაეჯილდოვებინა წმიდა სპირიდონი, მაგრამ მან მიუგო: `არ ეგების სიყვარულის საზღაური სიძულვილით იქნას გადახდილი, რამეთუ ის, რაც მე მოვიმოქმედე, სიყვარულია, ხოლო ოქრო კი ყოველგვარი სიავისა და სიძულვილის წყაროა".

მხოლოდ მეფის უკიდურესი დაჟინების შემდეგ დათანხმდა წმიდა მამა ოქროს აღებას, მაგრამ ის მაშინვე უპოვართ დაურიგა. წმიდა სპირიდონის დარიგების თანახმად, იმპერატორმა მღვდლები, დიაკვნები და სხვა საეკლესიო მსახურები გადასახადებისაგან გაათავისუფლა.

წმიდა მღვდელმთავარი ზოგჯერ სიმკაცრესაც იჩენდა. განსაკუთრებით ამპარტავნებისა და ცუდმედიდების მიმართ. ერთხელ იგი ქალაქ ერითრას ტაძარში შევიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ დიაკონს მოკლე ლოცვის აღსრულება სთხოვა. მკის ჟამი იყო და ძალზე ცხელოდა. გარდა ამისა, მეუფე მგზავრობით იყო დაღლილი, დიაკონმა კი საკუთარი ხმისა და გალობის უნარის წარმოჩინების მიზნით განგებ გააგრძელა ლოცვა. მაშინ წმიდა სპირიდონმა მკაცრად შეხედა დიაკონს და უბრძანა, დადუმებულიყო. დიაკონი იმავე წუთს დამუნჯდა. ყველას შიშის ზარი დაეცა. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო და ყველა სასწაულის სანახავად გამოეშურა. დიაკონი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა სპირიდონს და ხელებით ანიშნა, მისთვის მეტყველების უნარი დაებრუნებინა. იგივეს ევედრებოდნენ წმიდა მღვდელმთავარს დიაკვნის ახლობლები და მეგობრებიც. ბოლოს მეუფემ დიაკონს დაუბრუნა მეტყველება, მაგრამ იგი სამუდამოდ ენაბრგვილი დარჩა და ხმაც დაუსუსტდა, რათა შემდგომში კვლავ არ ეამპარტავნა თავისი ნიჭით.

ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. პატრიარქი ბევრს ლოცულობდა და უფალს კერპის შემუსვრას სთხოვდა. ერთ ღამესაც მას ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმიდა სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, იგი გემით გაემგზავრა ალექსანდრიისაკენ. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: `მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება".

მთელი ქალაქი სიხარულით შეეგება წმიდა საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეს წმიდა სპირიდონი სამკალად წავიდა. პაპანაქება სიცხეში მკის დროს ყველამ დაინახა, როგორ დაეშვა ზეციდან ცვრის ღრუბელი და წმიდანს თავზე დაადგა. შემდგომ მას თმის ნაწილი გაუყვითლდა, ნაწილი გაუშავდა და ნაწილი გაუთეთრდა. მეუფემ თავზე ხელი გადაისვა, უკანასკნელად დამოძღვრა იქ მყოფნი და უთხრა, რომ დადგა მისი სულისა და სხეულის გაყრის დრო. წმიდა სპირიდონი ლოცვით აღესრულა. იგი ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დაკრძალეს. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ იგი არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმიდანის ნეშტი ჯერ სერბიაში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში. წმიდანის მარჯვენა ხელი რომშია დაცული.




თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
თბილისი, 2004 წელი


დღეს გახლავთ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღე მე პირველად წავიკითხე ამ წმინდანის ცხოვრება და გამიკვირდა რომ ასეთი დიდი წმინდანი არ ვიცოდი მის მიერ აღსრულებული სასწაულები გასაოცარია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
gvirila_mari   სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა   Jul 28 2006, 01:59 PM
mnate   მამა ვიტალი მართლა...   Jul 28 2006, 02:11 PM
guja   სქიმ-არქიმანდრიტი ...   Jul 28 2006, 07:04 PM
mnate   ნუ კანონიზებული ა...   Jul 28 2006, 07:06 PM
guja   რა თქმა უნდა მე კ...   Jul 28 2006, 07:22 PM
mnate   ეგაა მისი ცხოვრებ...   Jul 28 2006, 07:25 PM
IOANA   მამა ვიტალიზე წაკი...   Jul 28 2006, 10:32 PM
Georg   http://image.700up.com/uploads/9306549f08.jpg ...   Aug 31 2006, 05:43 PM
tekla   [url=http://image.700up.com][img]http://image.700...   Sep 2 2006, 11:13 PM
Cotne   მეც წავიკითხე ეს წ...   Sep 1 2006, 02:25 AM
mnate   გაიხარე :) კეტილი ი...   Sep 1 2006, 09:24 AM
david the iverian   საერთოდ მე პირადად...   Sep 1 2006, 10:50 AM
mnate   ნამდვილად :) ასეა ა...   Sep 1 2006, 10:57 AM
david the iverian   დიდმოწამეობა არის ...   Sep 1 2006, 05:55 PM
IOANA   მიძღვნილი წიგნიტ......   Sep 1 2006, 06:42 PM
david the iverian   http://orthodoxy.wanex.net/biografiebi/chumi_galob...   Sep 1 2006, 07:15 PM
მარიამი   რაც შეეხება ტერმინ...   Sep 1 2006, 07:58 PM
salome   დავით, გაიხარე ასე...   Sep 1 2006, 08:01 PM
liliana   დავით, გაიხარე ასე...   Sep 1 2006, 08:20 PM
salome   წიგნი იყიდება ხო ? :u...   Sep 1 2006, 08:22 PM
salome   მე ნამთხვევი ვარ ა...   Sep 1 2006, 08:04 PM
mnate   მართლაა? მაგარია, ...   Sep 1 2006, 08:11 PM
salome   მართლაა? მაგარია, ს...   Sep 1 2006, 08:11 PM
mnate   "სადაც არის" ას...   Sep 1 2006, 08:12 PM
salome   "სადაც არის" ას...   Sep 1 2006, 08:14 PM
david the iverian   salome პირველად მამა ა...   Sep 1 2006, 08:20 PM
mnate   ხო მე არასდროს მივ...   Sep 1 2006, 08:21 PM
მარიამი   მეორე გამოცემა მე ...   Sep 1 2006, 08:23 PM
david the iverian   salome მეც ძველი გამოც...   Sep 1 2006, 08:30 PM
salome   salome მეც ძველი გამოც...   Sep 1 2006, 08:33 PM
salome   http://e.foto.radikal.ru/0609/4a6ee3fe3543.jpg   Sep 1 2006, 08:48 PM
mnate   salome ეს საკუთარი შემ...   Sep 1 2006, 08:52 PM
salome   salome ეს საკუთარი შემ...   Sep 1 2006, 10:30 PM
david the iverian   salome ვინა მამა გაბრი...   Sep 1 2006, 09:43 PM
salome   salome ვინა მამა გაბრი...   Sep 1 2006, 10:41 PM
mnate   შემოქმედებას საკ...   Sep 1 2006, 10:33 PM
salome   შემოქმედებას საკუ...   Sep 1 2006, 10:34 PM
david the iverian   salome რატომ? ^_^   Sep 1 2006, 11:05 PM
salome   salome რატომ? ^_^ რავი, ს...   Sep 1 2006, 11:17 PM
david the iverian   ^_^ ^_^ ^_^ სტიქაროსნებ...   Sep 1 2006, 11:19 PM
salome   ^_^ ^_^ ^_^ სტიქაროსნებ...   Sep 2 2006, 12:21 AM
ალექსანდრე   david the iverian იმ განცდას ...   Sep 2 2006, 02:59 AM
shota   ეს თემა ემიგრანტე...   Sep 2 2006, 11:24 PM
Georg   tekla - გასაგებად გითა...   Sep 4 2006, 08:07 PM
tekla   tekla - გასაგებად გითა...   Sep 4 2006, 09:26 PM
david the iverian   ერთ ერთი ჩემი საყვ...   Sep 4 2006, 08:19 PM
liliana   იცით ეს წუთია დავა...   Sep 6 2006, 08:40 PM
ale   მამა ანდრიას ძმა მ...   Sep 6 2006, 08:52 PM
salome   მამა ანდრიას ძმა მ...   Sep 6 2006, 10:54 PM
liliana   ერთხელ მარტყოფში ...   Sep 6 2006, 11:03 PM
david the iverian   დიდი მადლი დაიმსახ...   Sep 6 2006, 11:50 PM
ალექსანდრე   david the iverian რომელი ხატი...   Sep 7 2006, 01:21 AM
judi   ale მამა ანდრეას დაც ...   Sep 7 2006, 11:15 AM
salome   ale მამა ანდრეას დაც...   Sep 7 2006, 11:17 AM
judi   salome რამდენადაც ვიც...   Sep 7 2006, 12:11 PM
salome   salome რამდენადაც ვიც...   Sep 7 2006, 12:17 PM
leqso   სტატია სქემარქიმა...   Sep 14 2006, 12:33 AM
mnate   leqso გაიხარე, მე ქართ...   Sep 14 2006, 10:50 AM
liliana   leqso გაიხარე, მე ქართ...   Sep 16 2006, 10:29 PM
gvirila_mari   მინდა მეც მოგითხრო...   Sep 15 2006, 05:59 PM
Georg   სქიმ-არქიმანდრიტი ...   Sep 16 2006, 10:21 PM
mnate   დზალიან მიყვარს მ...   Sep 16 2006, 10:26 PM
mnate   ხომ წაიკიტხე რა გი...   Sep 16 2006, 10:32 PM
Georg   ღირსი დავით გარეჯე...   Sep 16 2006, 10:57 PM
david the iverian   ჩემი ანგელოზია მამ...   Sep 16 2006, 11:10 PM
Georg   წმიდა სალომე უჯარმ...   Sep 16 2006, 11:37 PM
salome   :wub: :wub: :wub: :wub: ჩემი ან...   Sep 16 2006, 11:47 PM
maeasi   :wub: :wub: :wub: :wub: ჩემი ან...   Sep 17 2006, 02:29 AM
liliana   დავით გარეჯის ფერწ...   Sep 18 2006, 11:40 AM
salome   დავით გარეჯის მოხა...   Sep 18 2006, 11:42 AM
liliana   დავით გარეჯის მოხ...   Sep 18 2006, 11:44 AM
Georg   Liliana დიდი მადლობა ქ...   Sep 18 2006, 01:52 PM
liliana   Liliana დიდი მადლობა ქა...   Sep 18 2006, 02:34 PM
liliana   თუ აბრაჰამ I კათოლი...   Sep 18 2006, 07:46 PM
Georg   ივანე ჯავახიშვილ...   Sep 19 2006, 12:54 AM
Georg   არ ვიცი! აღნიშნუ...   Sep 19 2006, 10:37 AM
liliana   კათალიკოს პატრიარ...   Sep 19 2006, 10:46 AM
Georg   ეს ყველაფერი ძალზ...   Sep 19 2006, 11:19 AM
_MATASI_   მე წავიკითხე მამა ...   Nov 20 2006, 10:21 PM
usgar   მადლობა თქვენ ეს კ...   Nov 21 2006, 12:24 AM
დავით ივერიელი   gvirila_mari მარიამ რახელა...   Nov 21 2006, 12:40 AM
Georg   "წმიდამღვდელმოწ...   Nov 24 2006, 12:41 PM
Georg   "წმიდამღვდელმოწ...   Nov 25 2006, 06:44 PM
Georg   აქ უნდა ყოფილიყო წ...   Nov 28 2006, 01:00 AM
Georg   2006 წლის 6 და 7 დეკემბე...   Dec 7 2006, 04:11 PM
Mesxi   თქვე ის ინტერვიუ თ...   Dec 17 2006, 10:14 PM
ქავთარაძე   :_მარიამი_: ვაიმეეეე...   Dec 17 2006, 11:30 PM
zura.b.g.   http://orthodoxy.wanex.net/khatebi/skhvadaskhva/gr...   Dec 20 2006, 11:33 PM
solomony   ცალკე რომ არ გავხს...   Dec 25 2006, 02:44 AM
მარიამი   დავამატებდი, რომ წ...   Dec 25 2006, 10:41 AM
marine   ლოცვა წმ. სპირიდონ ...   Dec 25 2006, 12:19 PM
.:თამარი:.   ლოცვა წმ. სპირიდონ ...   Dec 25 2006, 04:48 PM
marine   ალბათ გეცოდინებათ,...   Dec 25 2006, 05:56 PM
bagusa   მამა ვიტალის სურათ...   Oct 18 2007, 12:05 AM
:სამეფო:   კი მარიამ მართალი ...   Dec 19 2007, 01:35 AM
marine   კი მარიამ მართალი ...   Dec 19 2007, 04:41 PM
:სამეფო:   http://i021.radikal.ru/0712/75/e637895bd45a.jpg ...   Dec 19 2007, 03:11 PM
benediqt16   არქიმანდრიტი გაბრ...   Dec 28 2007, 11:04 AM
თათარაშვილი   არქიმანდრიტი გაბრ...   Dec 28 2007, 12:27 PM
m16   ვა რა საინტერესო ს...   Dec 28 2007, 01:51 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 06:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი