წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Apr 29 2008, 08:43 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
წესები მიცვალებულზე სვანეთში (ბესარიონ ნიჟარაძე)
თავდაპირველად მე აღვწერ სურათს მომაკვდავის უკანასკნელის ჟამისას. ეს სურათი, სხვათა შორის, გვიხატავს ხალხის თავისებურ შეხედულებას მომაკვდავის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზე და, მაშასადამე, გვიხატავს ეთნიურ თავისებურებას სვანებისას, რასაც უმთავრესად ეხლაც და შემდეგშიაც მივაქცევ ყურადღებას ყოველს ჩემს ეთნოგრაფიულს შენიშვნებიში სვანების შესახებ. როდესაც ავადმყოფი უკანასკნელ დღეშია, მას გარს ახვევია ნათესაობა, რომელიც გარდა იმისა, რომ უკანასკნელს სალამს აძლევს მომაკვდავს, ეკითხება გაუმჟღვავნოს თუ რა მოელის მას - ნათესაობას - მომავალში. სვანებს ღრმადა სწამთ, რომ მომაკვდავის სული უკანასკნელ ხანებში "საიქიოსაა" ქრისტესთან; იგი გარეული ნათესავ მიცვალებულთა სულებში და, მაშასადამე, სვანების წარმოდგენით, ნამდვილად ხედავს და იცის "იმა სოფლისა" ამბავი. როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, სვანები მომაკვდავს წინასწარმეტყველების ნიჭს აწერენ; მათი აზრით, მომაკვდავმა დაჭეშმარიტებით იცის ყოველი კაცის, ოჯახის, სოფელ-საზოგადოების და მთელი სვანეთის ბედისწერა მომავალში და რასაც იტყვის ვინმეზე - ჭეშმარიტებაა. რაკი ეს ასეა, ყოველი დამსწრე მონათესავე და უნათესავოც, ვალად რაცხს რამდენიმე კითხვა მისცეს მომაკვდავს, უკანასკნელისათვის ვითომ ცხადი, მაგრამ ცოცხალთათვის ბუნდოვან მომავალზედ. პირველად ნათესავი ეკითხება მომაკვდავს, თუ როგორ არიან ამის საკუთარი მიცვალებულები სიქიოში - ცხოვნებულნი თუ წაწყმენდილნი; ემდურიან მას, თუ კმაყოფილნი არიან და სხვა. შემდეგ ეკითხება - რამდენი წლის სიცოცხლე აქვს მას, დამკითხავს, ანდა მის ოჯახიდან, სახელდობრ ვინ არის განწირული სასიკვდილოდ და როდის შეემთხვევა რამ ჩხუბი, ნივთიერი ზარალი მას ან მის ოჯახს, თუ მოელის რაიმე ბედნირება (მაგ. ვაჟის შეძენა ბედნიერებად ითვლება). ბოლოს ეხვეწება მომაკვდავს უშუამდგომლოს მის მიცვალებულთან, რათა მათ არ აიცრუონ გული მასზე, არ გამოიმეტონ და არ დააბეზღონ ქრისტესთან, თუ მან სხვადასხვა მიზეზების გამო საჭირო წერები (საკურთხი და სხვა) ხანდახან თავის დროზე ვერ აუსრულოს და სხვა. თუ მომაკვდავი საზოგადოებაში ცნობილია ჭკვიან კაცად და ამსთან ღრმა მოხუცია, რომელსაც თავის სიცოცხლეში ბევრი რამ უნახავს და გამოუცდია, მაშინ მას საზოგადო და საქვეყნო საქმეებსაც ჰკითხავენ, ხოლმე. აი აგერ მოდის ხანში შესული დარბაისელი სვანი, მიდის მომაკვდავთან და მიუჯდება. ყველანი ჩუმდებიან. მოხუცი დარბაისლურ სახეს მიიღებს და ეკითხება მომაკვდავს: როგორი წელიწადი იქნება მომავალ წელს, გლახა სნეულება ხომ არ გამოსჩნდება; როგორი მომავალი ელის საზოგადოდ სვანეთს. მომაკვდავი იძლევა პასუხს, ხან სასიამოვნოსა და ხან საწყენს: ეს მისი წინასწარმეტყველბის ნიჭზეა დამოკიდებული. აქ მოიყვანენ ერთ მაგალითს. წარსული წლის ოქტომბერში თავისუფალი სვანეთის ერთ საზოგადოებაში მიიცვალე გლეხი გეგი ბეშიძე, ას წელს გადასული ღრმა მოხუცი, ცნობილი ჭკვიან გლეხად და ძველი ხალხური სიმღერების მცოდნედ. პირველს ორ კითხვაზე ბეშიძემ სანუგეშო პასუხი მისცა თურმე, ე. ი. წელიწადიც კარგი მოვა და არც რა სნეულება გამოჩნდებაო; მესამე კითხვაზე კი, როგორც გადმომცა თვით მკითხველმა და სხვა დამსწრეებმა, სხვაფრივ მიუგოო. აქ, ვგონებ უადგილო არ იქნება ისიც გავიხსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ, რუსის მმართველობის შემოსვლამდე, რამდენიმე მომაკვდავმა იწინასწარმეტყველა თურმე, რომ სვანეთს დაიპყრობდა "წითელი და და ქერა" კაცებიო, ე. ი. რუსი, რომლის სახელი ჯერ არა სცოდნიათ. თუ მომაკვდავს ენა არა აქვს ჩავარდნილი, იგი იძლევა პასუხს კითხვეზე და თავისი ფიქრით (თუკი ფიქრი შეუძლია) ნამდვილ პასუხსაც, მაგრამ როდეს გონებადაკარგულია, მაშინ კი ბევრს ახირებულს და არასაამო პასუხს გააგონებს თავის უმადურ დამკითხავებს. ამის დამქერი ბერჯერ ყოფილა დამსწრე ამგვარი სცენებისა, როდესაც უგონო მომაკვდავს გიჟივით პირდაპირ მიუთითებია რომელიმე გარსშემოხვეულზე და უთქვამს: -შენ გაის ამ დროზე მოკვდები, რადგან შენი მიცვალებულები გემდურებიან. შენ კი, - ეუბნება მეორეს, რომელიც ეკითხება, - ვაHიშვილი მეყოლება თუ არაო, არ თუ ვაჟი არ შეგეძინება, ქალიშვილიც მოგიკვდება და შენც მალე მოკვდებიო. შენ, - მიუბრუნდება მესამეს, - მგზავრად არსად წახვიდე, თორემ მოკვდებიო. რისთვის ეწევა ზემოთ ნაჩვენებ სამ კაცს მომაკვდავის მიერ "ნაწინასწარმეტყველევი" უბედურებანი? ამისი მიზეზი ერთია ყველასათვის: სახელდობრ ის, რომ მათი მიცვალებულების სულნი ემდურიან. ხალხის აზრით, მიცვალებულთ უფლება აქვთ სიკდვილ-სიცოცხლისა თავისიანზე. ამით აიხსნება ხალხში არსებული სასტიკი წყევლა: "აი შენ კი წაგიღონ შენმა მკვდრებმაო!" თავდება ეს კითხვებით წვალება მომაკვდავისა. იგი ეს არის ჰკარგავს გონებას, მეტყველების უნარს. საჭიროა ზიარება. მომაკვდავს აზიარება პაპი, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი არ იქნებოდა, მაშინ ერის კაცსაც ნება ჰქონდა, როგორც თავისისი, ისე სხვისი ზიარებისა, ოღონდ ზიარების ნაწილი უნდა ჰქონოდა პაპისაგან მიცემული, რომელსაც ხალხი ეძახის "პაპა ჟაგ" ("პაპის წამალს"). ერის კაცით ზიარება ხშირი იყო სვანეთში, მეტადრე როცა კაცს სიკვდილი გზაზე მოეწეოდა. მგზვრი და მონადირე მუდმივად თან ატარებდნენ "ნაწილს" საჭიროებისათვის. სიკდილის წინ ზიარება იყო პირველი და უკანასკნელი სვანისათვის თავის სიცოხცლეში... ...ტირილის გათავებისას მიცვალებულს პაპები წესს აუგებენ (ლიგლობ) გალობით და შემდეგ გაასვენებნ დასამარხად. მიცველებულს მთელი ხალხი მიჰყვება საფლავამდე ამი რიგით: მიცვალებულს წინ მიუძღვის ერთი კაცი, რომელსაც ხელში უჭირავს ჯამის მსგავსი ხის ჭურჭელი და შიგ უდევს სამი პაწია პური; პურებს შუა დგას თაფლიანი ხის სასმისი. ამ ჭურჭელს თავისი მოწყობილობით სვანურად ჰქვია "ლევდუნი" და წამღებ კაცს "ლევდუნი მუესგი". ამ კაცმა საფლავამდე ისე უნდა იაროს, რომ უკან არ მოიხედოს, თორემ თუ მოიხედა, კიდევ მოკვდება ვინმე მიცვალებულის ოჯახშიო. როცა საფლავთან მიაღწევს ჯამს იქ დასდგამს და ამით თავდება მისი როლი. ამ კაცის უკან მიაქვთ მიცვალებული, მას მისდევენ პაპები, ჭირისუფლები, ქალები და ბოლოს მამაკაცები ზარით. მამაკაცები ქუდმოხდილნი არიან და ბეჭებზე ჯოხები აქვთ იმნაირად შემოდებული, რომ ჯოხის ზედაწვერი პირდაპირ ცისკენ არის მიშვერილი... ...თუ კაცი თავის სოფლის გარეთ, მგზავრობაში, სანადიროს ან სადმე სხვაგან მოკვდა და უნდა მოასვენონ დასამარხავად, მაშინ საჭიროა წინ უძღოდეს მას პაპი, მეჭიანურე ჭიანურით ხელშI და კიდევ ერთი სხვა კაცი, რომელსაც ხელში ჰყავს მამალი. სვანები ფიქრობენ, რომ ამ დროს მიცვალებულის სული მამალში შედის და მიჰყვება ჭიანურის ხმას სასაფლაომდე. უამისოდ კაცის სული მიცვალების ადგილას რჩება და გზას ვერ იგნებს საიქიოსკენ. პირველ შაბათს, რომელიც მოჰყვება მიცვალებულის დამარხვას, ჭირისუფალი უკლავს საფლავზე პატარა ცხვარს, ე. წ. "ვერლიმ ლეყვჟი" ("მიწის მსხვერპლი"). ეს ცხვარი ათ ყველჩართულ პურთან (ლეფანე) ეძლეოდა უწინ პაპებს და ეხლა - მღვდლებს. მეორე ამხელავე ცხვარი საფლავზე უნდა დაიკლას წლისთავზე. ამ ცხვარს "პეტრეს (მოციქულის მსხვერპლს" ეძახის ხალხი ("პეტრე ლეყვეჟე"). ცხვრის ტყავი და ათი ყველიანი პური აქაც პაპებსა და მღვდლებს მიაქვს. მამაკაცებს მიცვალებულზე სამი კვირა უნდა ემარხულათ, სახსნილო არ უნდა ეჭამათ. შერევის შემთხვევაში მიცვალებულის სუფრა უნდა ეკურთხოს, რომელზედაც წვრილფეხ საქონელს ჰკლავენ და პატიჟობენ ახლო ნათესავებს. დედაკაცების მარხულობის ვადა კი ერთი წლიდან სამ წლამდე გასწევდა. მე ვიცი ერთი მოხუცი დედაკაცი, რომელიც ცხრა წელი იყო მარხულად, რადგან ზედი-ზედ ერთი მეორის მიყოლებით ყოველი სამი წლის თავზე მოუკვდა ორი შვილი და ქმარი. ქალების შერევის დროსაც, როგორც კაცებისას, მიცვა;ებულს საკურთხი უნდა გაუკეთდეს; განსხვავება აქ მხოლოდ ხარჯში იყო, ე . ი. ქალების შერევის დროს უფრო ბევრი დაპატიჟებული ხალხი ეყოლება ჭირისუფალს და ამისთვის მეტი ხარჯიც მოუვა. მოხდება ისეც, რომ რამდენიმე ქალი, ერთი და იგივე მიცვალებულისათვის მარხულნი (დედა, დები, ცოლი), გაიხსნილებენ. როდესაც მასპინძელს საკურთხი მზად ჰქონდა, პაპი (ეხლა მღვდელი) აკურთხებდა მას. საკურთხი გაჩაღებული უნდა ყოფილიყო წმ. სანთლებით. კურთხევის შემდეგ პაპი არყიანს კათხაში ხორცის ნაჭერს ჩააგდებდა და მიაწვდიდა შერეულ ქალს. ქალი ჯერ მოთქმით დაიტირებდა მიცვალებულს და მერე მოსვამდა კათხიდან არაყს, რომლეშIც ხორცის ნაჭერი ჰქონდა ჩაგდებული პაპს. ერთი წლის განმავლობაშI მიცვალებულს მისი ჭირისუფალი ყოველ სადილ-ვახშამზე დაუდგამდა ერთი კაცის ჯერ კერძს - სასმელ-საჭმელს. სანამ ჯალაბი ისადილებს ან ივახშმებს, მანამდე ამ ერთი კაცის ჯერს დაწყობენ ცალკე სუფრაზე - ხსნილში სახსნილოს და მარხვში სამარხვოს, რაიმე სასმელსაც დადგამენ, თუ აქვთ, თუთუნიან ყალიონსაც, თუ მიცვალებული ეწეოდა. ამვე სუფრაზე დაასობენ ანთებულ წმინდა სანთელს და ერთი ოჯახის წევრთაგანი, რომელიც საკურთხი სუფრიდან მოშორებით დგას, მიცვალებულს შენდობას შეუთვლის შემდეგი სიტყვებით (რასაკვირველია, სვანურად): "შენდობილი იყავ, შე საბრალოვ, ქრისტემ გაგხადოს თავისი სუფრის მონაწილედ. თუ რამე გეკადრებოდეს, მიიღე ჩვენგან, რასაც ჩვენ ვერ გავწვდეთ შენი სურვილის დასაკმაყოფილებლად, ის ქრისტემ შეგისრულოს. და გთხოვთ ჩვენი მზე და მფარველი იყოთ, რომ დავრჩეთ შენის სულის მოსახსენებლად და შენდობის შემთვლელად." დამთავრებისას კაცი ერთს შემოტრიალდება, დაიჩოქებს, მივა საკურთხთან, ერთს ლუკმას იქიდან ცეცხლში ჩააგდებს და ამით გაათავებს საქმეს... -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი