IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 02:19 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



მოდით ვისაუბროთ მაცხოვრის ფერისცვალების შესახებ.
ზაფხულია, ფორუმელების აქტივობა მაღალია, ფერისცვალების დღესასწაულამდე ბევრი წაიკითხავს და გაეცნობა თემას.



ფერისცვალება იესუ ქრისტესი
(6 აგვისტო / 19 აგვისტო)


ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 12:56 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



კომენტარები ალბათ ფერისცვალების დღესასწაულისკენ უფრო მოიმატებს, მანამდე კი პატარა მონახაზს დავდებ

სინოპტიკურ სახარებებში მოთხრობილია მაცხოვრის ფერისცვალების შესახებ თაბორის მთაზე.
ეს მოვლენა აღწერილია მათეს სახარების მე-17 თავის 1 – 13, მარკოზის სახარების მე-9 თავის 2 – 13 და ლუკას სახარების მე-9 თავის 28 – 36 მუხლებში.
მახარებლები მაცხოვრის ფერისცვალებას შემდეგნაირად გადმოგვცემენ:
1. მათეს სახარება _ ,,1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. 2. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. 3. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს. 4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩეუნდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა. 5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ. 6. და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. 7. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! 8. და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. 9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. 10. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? 11. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი. 12. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან. 13. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ.''
2. მარკოზის სახარება _ ,,2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად. 4. და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს. 5. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. 6. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ. 7. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ. 8. და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა. 9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. 10. და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? 11. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? 12. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს. 13. არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.''
3. ლუკას სახარება _ ,,28. და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. 29. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. 30. და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. 31. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. 32. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. 33. და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა. 34. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. 35. და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ. 36. და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.''



რათა უფრო იოლად მოგვეყარა თავი აღნიშნული მოვლენის თაობაზე არსებული განმარტებებისათვის, იგი 8 ნაწილად დავყავით.
აღნიშნული მოვლენის თაობაზე უამრავი განმარტება არსებობს, ჩემს მიერ შედგენილი თანამიმდევრობით შევეცდები მათი ნაწილი გადმოვცე.









1.
 მათეს სახარება _ და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან.
 მარკოზის სახარება _ და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი
 ლუკას სახარება _ და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად.
ფერისცვალების დღესასწაულზე საუბარს წმ. ეფრემ ასური შემდეგნაირად იწყებს: `უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა. (მთ. 16.28) და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი (მთ.17; 1-2).~ მოციქულები, რომლებმაც `არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა~, ეფრემ ასურისთვის ის მოციქულები არიან რომლებიც თან ახლდნენ მაცხოვარს თაბორის მთაზე.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში აღნიშნულ მოვლენას შემდეგნაირად განმარტავს: `ისინი მაღალ მთაზე აიყვანა, რათა ეჩვენებინა, რომ ვინც არ ამაღლდება, ის ღირსიც არ არის ამგვარი ხილვისა. ქრისტე ასე იმიტომ იქცევა, რომ მას ჩვეულებად ჰქონდა თავისი დიადი სასწაულები საიდუმლოდ აღესრულებინა, რათა მრავალთათვის ხილული ღმერთი, ვითარცა მოჩვენება, კაცად არ მიეჩნიათ.~ ლუკას სახარების განმარტებისას იგი განავრცობს მთაზე ასვლის მნიშვნელობის განმარტებას : `იესოს სალოცავად ადის მთაზე; რადგან ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ განმარტოებით, ამაღლებულად, მიუჯაჭველად რაიმე ზეციურზე~. მარკოზის სახარების განმარტებისას იგი დასძენს: `ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება მას. მისი ნაამბობი მოიცავს იმ დღესაც, როდესაც უფალმა აუწყა თავისი მოსალოდნელი ფერიცვალების შესახებ და იმასაც, როცა აღიყვანა (მოწაფეები მთაზე), მაშინ როდესაც მარკოზი საუბრობს მხოლოდ შუალედურ დღეებზე. უფალს მიჰყავს და აჰყავს მაღალ მთაზე მხოლოდ სამი რჩეული მოციქული _ პეტრე, როგორც მისი აღმსარებელი და შემყვარებელი, იოანე, როგორც მის მიერ შეყვარებული და იაკობი, როგორც დიდი მქადაგებელი და ღმრთისმეტყველი, რომელიც იმდენად სამძიმო იყო იუდეველთათვის, რომ ჰეროდემ, რომელსაც სურდა მოეგო იუდეველთა გული, მოკლა იგი. ისინი აჰყავს მაღალ მთაზე, რათა სასწაული მით უფრო დიდებული იყოს, ხოლო `მარტონი~ (განმარტოებით) აჰყავს იმიტომ, რომ სურს საიდუმლო განუცხადოს. თავად ფერიცვალების ქვეშ იგულისხმება არა არსებითი ცვლილება ქრისტეს იერსახისა, არამედ მისი გაბრწყინება გამოუთქმელი ნათლით, ამასთან, ბუნებრივი იერსახე მისი იგივე რჩებოდა, რაც ადრე იყო.~ სხვაგან ამბობს (მეუფე ზოსიმეს განმარტებებში ეს სიტყვა ნეტ. თეოფილაქტეს მიეწერება) _ „თუ კი, უფალი მარტო იუდას დატოვებდა ქვევით, დანარჩენებს კი წაიყვანდა, მაშინ ზოგიერთებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამან შეურაცხყო იუდა, რომ ამიტომაც გასცა მან თავისი უფალი, მაგრამ უფალმა ქვევით დატოვა რვა მოწაფე, რათა სამი განედიდებინა ჩვენებით, ხოლო დანარჩენები გაეხადაა ნეტარნი გაგონილის რწმენით, როგორც თავადვე ამბობს: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ, და ვრწმენე“ (ინ. 20,29).
მეუფე ზოსიმეს განმარტებებში საინტერესო მიგნებაა, რომ `უფალმა გაიყოლა სამი გამორჩეული მოციქული, ვინც ადრევე გახადა ღირსი გამხდარიყო მოწმე იაიროსის ასულის აღდგინების უდიდესი სასწაულისა გეთსიმანიის ბაღში;’’
წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „მან წაიყვანა პეტრე, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტეს ღვთაებრიობაზე მისი მოწმობა მტკიცდებოდა მამის მოწმობითაც, და რათა დაერწმუნებინა იგი თავის სიტყვებში, რომ თვით ზეციურმა მამამ გაუხსნა ეს მოწმობა; მან წაიყვანა იაკობი, რადგან სხვა მოციქულებზე უწინ ჰქონდა სურვილი მომკვდარიყო ქრისტესათვის; და ბოლოს, წაიყვანა იოანე, ქალწული და ღვთისმეტყველების წმიდა ორღანი, რათა მას ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისათვის და დაექუხა: „პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი“.
ფერისცვალების დღესასწაულის შესახებ ლუკას სახარებაში აღწერილი ამბები შეტანილია ფერისცვალების დღესასწაულზე საკითხავ სადღესასწაულო სახარებაში. საღესასწაულო სახარებების განმარტებებში მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო წერს: `წმიდა ლუკას გადმოცემით, ეს მოხდა დაახლოებით რვა დღის შემდეგ იმ დროიდან, როცა მოციქულმა პეტრემ, ყველა სხვა მოწაფის სახელით ცხოველი ღმერთის ძედ აღიარა უფალი იესო ქრისტე, ხოლო თავად მაცხოვარმა, დამოძღვრავდა რა თავის მოწაფეებს, თავისი მომავალი ვნების შესახებ აუწყა მათ, რომელთა მიერაც იგი თავისი ზეციური მამის დიდებაში უნდა შესულიყო, აგრეთვე უთხრა მათ ისიც, რომ მის მიმდევართათვის აუცილებელი იყო ჯვარის ტვირთვა. ხოლო მახარებლები მათე და მარკოზი ამბობენ, რომ ეს მოხდა პეტრეს აღიარებიდან ექვსი დღის განსვლის შემდეგ (მათე 17,1; მარკოზი 9,2).
ნუთუ წმიდა მახარებელი ლუკა აქ ეწინააღმდეგება მათესა და მარკოზს? არა, არ ეწინააღმდეგება, ხოლო თუკი მათ შორის განსხვავებულობაა ამ საკითხში, იგი დიდის ალბათობით აიხსნება იმ ვარაუდით, რომ ლუკა შუალედურ დღეებს თვით მოვლენათა აღსრულების დღეებსაც მიათვლის - პეტრეს აღიარებისას და ფერისცვალებისას და ამიტომ არც თუ განსაზღვრულად ამბობს: „და იყო შემდგომად სიტყვათა ამათ ვითარ რვა დღე ოდენ“-ო; მათე და მარკოზი კი მხოლოდ შუალედურ დღეებს აღრაცხავენ და სავსებით განსაზღვრულად აღნიშნავენ - შემდგომად ექვსისა დღისაო. ამრიგად ექვსი დღის შემდეგ, თუკი თვით მოვლენათა დღეებს არ მივათვლით, და დაახლოებით რვა დღის შემდეგ, თუკი მოვლენათა დღეებსაც აღვრაცხავთ, მაცხოვარმა თავისთან ერთად სამი ყველაზე სრულყოფილი მოწაფე წარიყვანა - პეტრე, იაკობი და იოანე, რომელნიც სხვებზე მეტად იყვნენ შემძლენი მისი დიდება შეემეცნებინათ, და ერთს მაღალ მთაზე ავიდა, გადმოცემით თაბორისაზე. რისთვის? - ამის შესახებ მას არაფერი უთქვამს თავისი რჩეული მოწაფეებისათვის, მაგრამ მათ ინიშნეს, რომ ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან შემთხვევებში, ახლაც, იგი „აღვიდა მთასა ლოცვად“.
აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და რომის კათოლიკური ეკლესიის წევრებს შორის ამ საკითხშიც - თუ რომელი მთა იყო უფლის ფერისცვალების მთა, აზრთა სხვადასხვაობაა. გვიანდელი დროის კათოლიკე და პროტესტანტი ღვთისმეტყველები მიიჩნევენ, რომ უფლის ფერისცვალების მთა იყო ერმონის მთა. ამ თავიანთ შეხედულებას ისინი შემდეგი მოსაზრებებით ასაბუთებენ: ა) სახარების გადმოცემით უფალი ფილიპეს კესარიის სანახებში იმყოფებოდა იმ დროს, როცა თავისი სამი მოწაფითურთ მაღალ მთაზე აღვიდა სალოცავად, ეს ქალაქი კი პირდაპირ მთის ძირას მდებარეობდა, მაშინ, როდესაც თაბორის მთა საკმაოდ მოცილებულია ამ ადგილიდანო. მაგრამ ჩვენის მხრივ უნდა შევეპასუხოთ მათ, რომ სახარების ისტორიიდან არა ჩანს, რომ უფალი დიდხანს დარჩენილიყოს ფილიპეს კესარიაში. 6 დღის განმავლობაში კესარიიდან მას საკმაოდ დიდი მანძილის გავლა შეეძლო. გარდა ამისა, სახარებიდან ჩანს, რომ ფერისცვალებამდეც იგი გალილეაში ქადაგებდა და ფერისცვალების შემდგომაც მას აღმოსავლეთში კი არ ვხედავთ, არამედ გალილეაში და კაპერნაუმში (მათე 17,24-27), ეს ქალაქი კი არც თუ ისე შორსაა თაბორის მთიდან, დაახლოებით ერთი დღის სავალზე. ბ) კათოლიკეთა და პროტესტანტთა მეორე არგუმენტი ერმონის მთის სასარგებლოდ შემდეგია: უფალი იესო ამ დროს, მტრების მხრიდან დევნის მიზეზით, განმარტოებულ ადგილს ეძიებდა, ხოლო თაბორის მთა იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს არ ყოფილა დაუსახლებელი, განმხოლოებისათვის შესაფერისი ადგილი, რადგან მის თხემზე ციხე-სიმაგრე იყო აშენებული, შემოვლებული დიდი გალავნითო. ამაზეც ჩვენ მივუგებთ, რომ მართალია, ეს ციხე-სიმაგრე მეფემ ანტიოქე დიდმა აღაშენა ქრისტეს შობამდე 218 წელს, მაგრამ სრულიად უცნობია, იესო ქრისტეს დროს კვლავაც იდგა იგი, თუ არა. და თუკი იოსებ ფლავიოსის ცნობით, იუდეველთა ომის დროს რომაელთა წინააღმდეგ ეს მთა გამაგრებულ იქნა აჯანყებულ ებრაელთა მიერ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უფლის ფერისცვალების დროსაც ასე იყო (როგორც ვიცით, ეს ომი ქრისტეს შობიდან 70 წელს იყო, ანუ ორმოცი წლის შემდგომ ფერისცვალებიდან). გარდა ამისა, არანაირად არ მტკიცდება, რომ ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების დროს ფერისცვალების მთა - თაბორის მთა მთლიანად იყო დასახლებული და ნაგებობებით დაფარული ისე, რომ მასზე აღარ რჩებოდა მყუდრო ადგილი განმხოლოებული ლოცვისათვის. გ) მესამე არგუმენტი: და ბოლოს, კათოლიკენიდა პროტესტანტები ამტკიცებენ, რომ ერმონის მთა, თავისი კოლოსალური სიდიდით და განლაგებით, თითქოს, ყველაზე მეტად შეესატყვისება უფლის ფერისცვალების უდიდეს მოვლენას. თავის თხემზე იგი სამ ცალკეულ მწვერვალად განიყოფა, რაც მასზე მყოფი მთავარი მოქმედი პირებისათვის ყველაზე შესაფერად მიაჩნიათ: შუათანაზე, ალბათ, თავად იესო იმყოფებოდა, გვერდითა მწვერვალებზე კი - მოსე და ელიაო. მაგრამ ეს სამი მწვერვალი მხოლოდ პოეტის ან მხატვრის ფანტაზიას შეიძლება მოსახერხებელ ადგილად მოეჩვენოს განმხოლოებული ლოცვისათვის და ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველის გამოცხადებისა და საუბრისათვის უფალი ესო ქრისტესთან მისი იერუსალიმში ასვლისა და ვნების შესახებ. გარდა ამისა, ერმონის მთა ისეთი რთული რელიეფისაა, რომ მასზე ასვლაც კი დიდ სიძნელეს წარმოადგენს, ხოლო მის თხემზე გაბატონებული მკვეთრი და მუდმივი ძლიერი ქარის გამო შეუძლებელია ადამიანისათვის იქ უხიფათოდ დარჩენა. და საერთოდაც, არის რა დაფარული მარადიული თოვლით, ერმონის მთა, ნაკლებ სავარაუდოა მოსახერხებელი ადგილი ყოფილიყო ღამეული ლოცვისათვის. „მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, - შენიშნავს ბ-ნი ოლესნიცკი, - რომ ფერისცვალების ადგილის გადატანაში ერმონის მთაზე მკვლევარნი მხოლოდ ნატურალისტურ საფუძვლებს ეძიებენ ფერისცვალების თვით ფაქტის ასახსნელად: მათ ესაჭიროებათ სინათლის განსაკუთრებული არეკვლის ადგილი მონახონ, სადაც ადამიანის ფიგურა უჩვეულო ბრწყინვალებას შეიძენდა; ერმონის მთაზე კი ასეთ ბრწყინვალებას ისინი მარადიულ თოვლზე არეკლილ მზის სხივებში ხედავენ. მაგრამ განა ჭეშმარიტი საღმრთო ნათელის გამოვლინებისათვის საჭიროა მსგავსი ან რაიმე სხვა სახის გარემოებანი?! განა უფალ იესო ქრისტესათვის სულ ერთი არ იქნებოდა, რომელ მთაზე ავიდოდა საღმრთო ნათელის გაბრწყინებისათვის, - ამ ვეება ერმონისაზე, თუ სხვაზე, ნაკლებ კოლოსალურზე?“ („წმიდა მიწა“, ტ.II, გვ.433). ეკლესიის წმიდა გადმოცემა უძველესი დროიდანვე თაბორის მთას აღიარებს უფლის საკვირველი ფერისცვალების წმიდა ადგილად~.
წმიდა იოანე ოქროპირი მათეს სახარების კომენტირებისას წერს: ` ხოლო ლუკა რვასა დღესა იტყÂს, არა თუ წინააღუდგების მათეს, არამედ ფრიადცა ეწამების; რამეთუ იგი მასცა დღესა, რომელსა შინა ეტყოდა სიტყუათა მათ, და მასცა, ოდეს-იგი მთად აღვიდა და ფერი იცვალა, თანააღჰრაცხავს, ხოლო მათე შორის გარდასრულთა მათ ხოლო იტყÂს. და ორივე ესე ერთ არს.
იხილეთ უკუე, ვითარ მათე განცხადებულად აღსწერს, ვითარმედ სხუანი იგი უფროისს მისსა პატივცემულ იქმნეს. ამას იოვანეცა მრავალგზის იქმს, დიდთა მათ ქებათა პეტრესა ჭეშმარიტებით წარმოიტყვის, რამეთუ შურისა და ზუაობისაგან უცხო იყო კრებული წმიდათა მათ მოციქულთაი.
რაისათვის-მე უკუე სამნი იგი ხოლო წარიყვანნა? ესე ამისთვს, რამეთუ უზეშთაესსა საზომსა იყვნეს იგინი. პეტრე მხურვალისა მისთის სიყუარულისა წარემატა და თავ იქმნა კრებულისა მის მოციქულთაისა; და იოვანე ფრიადისა მის სიწმიდისა და სიმშვდისა და სიკეთისათვის სულისა მისისა უფროის ყოველთა შეყუარებულ იყო. ეგრეთვე იაკობ ფრიადისა სიმხურვალისაგან ჰრქუა, ვითარმედ: ძალ-გÂც სუმად სასუმელი იგი, და არა ხოლო თუ თქუა, არამედ აღასრულაცა სიტყუაი თვსი და პირველ ყოველთა მოციქულთასა მიიღო სასუმელი ქრისტესთვის სიკუდილისაი. რამეთუ ესოდენ ფიცხელ იყო იგი და მძიმე ჰურიათა მიმართ, ვიდრეღა ჰეროდე დიდად ნიჭად მიჰმადლა ჰურიათა მოკლვაი მისი. ესრეთ უმეტესსა საზმოსა იყვნეს სამნი ესე. ამისთვს იგინი მიიყვანნა, რაითა უმეტესად უძლონ ხილვად; რამეთუ ხილვაი იგი საზომისაებრ სათნოებისა იქმნებოდა. ამის უკუე ხილვისათვის იყო სიტყუაი იგი, ვითარმედ: `არიან ვიეთნიმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოი სიკუდილისაი, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაი მომავალი დიდებითა თვისითა~. ესე იგი არს: ვიდრემდე იხილონ სახე განცხადებული, თუ ვითარ მეგულების მეორედ მოსლვად.
ხოლო სახელები არა თქუა სამთა მათ, არამედ ესრეთ უცნაურად მიუთხრა, რაითა არარაი კაცობრივი შეემთხვიოს სხუათა მათ, რამეთუ ყოველნი სურვიელ იყვნეს ხილვად დიდებისა მის. ხოლო უწინარეს ესოდენთა დღეთა ამისთვის თქუა ესე, რაითა განმზადებულ იქმნენ გონებანი მათნი ხილვისა მისთვის და სურვიელ, და არა მოულოდებელად შეემთხვიოს და განცვიბრდენ.













2.
 მათეს სახარება _ და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი.
 მარკოზის სახარება _ და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.
 ლუკას სახარება _ და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `როცა საუბარი ფერისცვალებაზეა, ნუ იფიქრებ, რომ უფალმა მაშინ თავისი სხეული უარყო, რადგანაც აქ მის სახესა და სამოსელზეა ლაპარაკი. იგი გაბრწყინდა მაშინ, როცა მისმა ღვთაებრიობამ რამდენიმე სხივი გამოასხივა და გაბრწყინდა იმ ზომით, რა ზომითაც მისი ხილვა შესაძლებელი იქნებოდა. ადრე იმიტომაც უწოდა ფერისცვალებას სასუფეველი ღმრთისა (მ.16,28), რომ ამ დროს გამოავლინა თავისი ძალაუფლების გამოუთქმელობა და გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძეა ზეციერი მამისა. ამასთან, სახის გამოუთქმელი გაბრწყინებით მისი მეორედ მოსვლის დიდებაც გვიჩვენა.~
წმ. ეფრემ ასური ამბობს: „უფალმა, გამოუცხადა მათ თავისი სამეფო თავის დამდაბლებამდე და თავისი ღირსება თავის უღირსებამდე, რათა როცა მას იუდეველები ჯვარზე გააკრავდნენ, მათ სცოდნოდათ, რომ ჯვარს აცვეს არა უძლურების გამო, არამედ ღვთიური დაშვებით. საკუთარი ნებით, ქვეყნის გადასარჩენად“.
მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: „ლოცვის სული, შეერთო ღვთის სულს, გადაიქცა იესოს სულის ნათლად; ამ ნათლის ჭარბი ნათება ვერ დაეტია რა სულში, გადმოიღვარა სხეულზეც და გაიბრწყინვა მის სახეზეც: და განჰბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, - ვერ იტევდა რა აქაც, ღვთაებრიობის სხივებს, გამოდიოდა რა მისი სხეულიდან, ასხივებდა და ასხვაფერებდა თვით მის სამოსელსაც: ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი, „ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ხელეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად“ (მრკ. 9,3).
გრიგოლ დიაჩენკო კი გვეუბნება: ,,და იყო ლოცვასა მას მისსა“; - რაზე ლოცულობდა მაცხოვარი თაბორის მთაზე?ამის შესახებ წმიდა მახარებლები არაფერს გადმოგვცემენ. მაგრამ ჩვენ ნაწილობრივ მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ ჩვენი უფლის იმჟამინდელი ლოცვის საგანი. უშუალოდ თავისი ყოვლადდიდებული ფერისცვალების წინ უფალი იესო საუბრობდა ჯვარზე, თავის მომავალ ვნებებზე და იმაზეც, რომ მისი ყველა მიმდევრისათვის გარდაუვალია ჯვარის ტვირთვა. რაოდენი ღრმა გრძნობა უნდა აღეძრა მაცხოვრის სულში ჯვარის ამგვარ სულიერ განჭვრეტას. ადამიანის ბუნება შეძრწუნდება ხოლმე ტანჯვის მოლოდინში. როგორც კი ესმა პეტრეს ჯვარის შესახებ, მან უმალვე შეპასუხება დაუწყო უფალს. როგორ უნდა შეთავსებოდა საღმრთო დიდება ღრმა დამდაბლებას, უმძიმეს ჯვარის მიერ სატანჯველთ? მაგრამ ეს მხოლოდ კაცობრივი გაცბუნებაა. სულ სხვაა საღმრთო განგებულების მიერი გეგმა კაცთა მოდგმის ხსნის შესახებ. იესო ქრისტე ყოველივეს წინასწარ ჭვრეტდა, - იმასაც, რაც ჯვრამდე იქნებოდა, და იმასაც, რაც ჯვრის შემდეგ უნდა ყოფილიყო. ღმერთის რისხვა მძიმედ აწვა თავს მთელს კაცთა მოდგმას. არანაირი საშუალება არ ჰქონდათ ადამიანებს ღმერთის დამწყალობნებისათვის. ადამიანები ამქვეყნად ტანჯვა-ვაებით განვლიდნენ თავიანთ ცხოვრებას და სიკვდილის შემდეგაც სატანჯველად შთაიგდებოდნენ ჯოჯოხეთად. მაგრამ, აი, მაცხოვარი აზრით სჭვრეტს უკვე აღსრულებად გამოსყიდვასაც მთელი კაცთა მოდგმისა. საკვირველნი და აღურაცხელნია მისი ნებაყოფლობითი სიკვდილის ნაყოფები ცოდვილი კაცთა მოდგმის ხსნისათვის. აწ უკვე სიყვარულში განეცხადება ღმერთი ამა ქვეყანას. რისხვის შვილები საღმრთო მადლის ძეებად შეიქნებიან. სიკვდილი კარგავს თავის საწერტელს. ღმერთის ძის მორწმუნენი სიკვდილისაგან საუკუნო ცხოვრებად გადასახლდებიან. აი, ყოველივე ამაზე ფიქრობდა მაცხოვარი ფერისცვალების წინ და სწორედ ეს შეადგენდა მისი აზრებისა და მოწაფეებთან საუბრების საგანს. მაგრამ იგი თაბორის მთაზეც ლოცულობს. რაზე? - ვინ გულისხმა-ჰყოს მის ლოცვის საიდუმლო? არ არსებობს ლოცვისათვის უფრო მნიშვნელოვანი საგანი, ვიდრე ჯვარია. მაცხოვარი ევედრება ზეციურ მამას ცოდვით აღსავსე კაცობრიობის შერიგების შესახებ თავისი ჯვარისმიერი მსხვერპლშეწირვის გულისთვის, მრისხანების შეცვლის, გაუქმებისა და ცათა განხმის შესახებ ადამიანთათვის.
და უფლის ამ მგზნებარე ლოცვის დროს ყოვლადდიდებული ფერისცვალებაც აღსრულდა. „და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაი პირისა მისისაი სხვა“, ანუ მისი პირისახის შესახედაობა შეიცვალა. მახარებელი მათე და მარკოზი გადმოგვცემენ, რომ უფალმა იესო ქრისტემ ფერი იცვალა თავის მოწაფეთა წინაშე (მათე 17,2; მარკოზი 9,2). იგი მათ თავისი ზეციური დიდებით გამოეცხადა: მისი პირისახე მზესავით გაბრწყინდა, ხოლო შესამოსელი თოვლივით სპეტაკი და ელვარე შეექნა. წმიდა მახარებელმა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში უფლის პირისახე ფერცვალებული - მზესავით გაბრწყინებული იხილა. „და პირი მისი, გადმოგვცემს იგი თავის ხილვას. - ვითარცა მზე ბრწყინავს ძალითა თვისითა“ (იოანეს გამოცხადება 1,16). მართალნი მორწმუნენი სწორედ ამ ღვთაებრივ ნათელში სჭვრეტენ უფალს მომავალ საუკუნეში - ახალ იერუსალიმში, ცათა სასუფეველში. „და ქალაქსა მას არა უხმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა არს კრავი იგი“ (გამოცხ. 21,23). მახარებელი ლუკა, რომელიც თავის სახარებას წარმართებისთვის წერდა, არ იყენებს გამოთქმას - „ფერი იცვალა“ („მეტამორფოზა“), ალბათ, იმიტომ, რომ საბაბი არ მიეცა წარმართებისათვის თავიანთი წარმართული სწავლებანი მიესადაგებინათ სახარებისმიერი თხრობისათვის და ეფიქრათ რაღაც გადასახლებებზე, გარდაქმნებსა თუ მეტამორფოზებზე. ამიტომაც ამბობს იგი: „და იყო... ხილვაი პირისა მისისაი სხვა, და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე“. ყოვლადდიდებული ღვთაებრივი ნათელი უფლის მხოლოდ პირისახიდან კი არ ვრცელდებოდა, არამედ მთელი მისი ღმერთკაცობრივი ბუნებიდან და სამოსელთაც განაბრწყინებდა, რომელნიც ისეთნი სპეტაკნი შეიქნენ, რომ, მახარებელ მარკოზის თქმით, ამქვეყნად ვერც ერთი მათეთრებელი - „მმურკნვალი“ - ვერ შესძლებდა მათს ასე გათეთრებას (მარკ 9,13). ძველ დროში ადამიანთა შესამოსელი, უმთავრესად ცხვრის მატყლისაგან ნაქსოვი და თეთრი ფერისა იყო. მათი გაწმენდისა და გარეცხვისადგის, ანუ გათეთრებისათვის, როცა ქსოვილს არა მარტო რეცხავდნენ, არამედ საგანგებო მოთელვით აღადგენდნენ კიდეც, სამი დღე იყო საჭირო, ხოლო ჭრელი სამოსისათვის - ერთი დღე. ამ დროს იყენებდნენ საგანგებო მინერალებს, ნივთიერებებს და საპნებს, რომელთა ცუდი, სპეციფიკური სუნის გამო ეს „მმურკნვალი“, ანუ სამოსლის მათეთრებელნი, განმაახლებელნი, თავიანთ საქმეს ქალაქის გარეთ აკეთებდნენ. იერუსალიმშიც იყო ეგრეთ წოდებული მმკურნვალთა ველი, ქალაქის გალავანს გაღმა, ჩრდილო-დასავლეთის მხარეს (IV მეფეთა 18,17; ესააა 7,3; 36,2). სამოსის გათეთრება-განახლების ხელოვნება განსაკუთრებით მაღალ დონეზე იყო რომაელებში.’’





--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ზვარე   ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი   Jul 4 2008, 02:19 AM
ზვარე   კომენტარები ალბათ ...   Jul 4 2008, 12:56 PM
ზვარე   http://i064.radikal.ru/0807/fb/feaefb24998b.jpg 3...   Jul 4 2008, 01:26 PM
korti   http://i036.radikal.ru/0807/b2/6f542de9055a.jpg   Jul 4 2008, 01:28 PM
ზვარე   4.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 01:29 PM
korti   http://i067.radikal.ru/0807/f1/c99b44da84d8.jpg   Jul 4 2008, 01:31 PM
ზვარე   5.  მათეს სახარება _...   Jul 4 2008, 01:32 PM
korti   http://i073.radikal.ru/0807/2c/435055735caf.jpg   Jul 4 2008, 01:33 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:34 PM
korti   http://i082.radikal.ru/0807/a8/9c885f2d73c8.jpg   Jul 4 2008, 01:36 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:37 PM
ზვარე   8.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 02:46 PM
ზვარე   ფერისცვალება იესუ ...   Aug 18 2008, 07:32 PM
tamuna m   მთავარეპისკოპოსი ...   Aug 18 2008, 07:55 PM
paraziti   ყველას ყველას გილო...   Aug 19 2008, 03:00 PM
ლალი   აქაც გილოცავთ ყველ...   Aug 19 2008, 03:34 PM
zviadauri   ეწეოდეს სრულიად სა...   Aug 19 2008, 03:43 PM
marine   +   Jan 20 2018, 09:14 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 10:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი