![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
1 მზემ ბორვცვებს იქიდან ამოაჭყიტა და ფორუმის დასახლებას ირიბი სხივები გადააფინა. ბიძია თომა აივანზე გამოვიდა, გაიზმორა და სოფელს თვალი მოავლო. მეზობელ ეზოში თავწაკრული Kato_Bato მამალს დასდევდა დასაჭერად. - დილა მშვიდობისა მეზობელო! - მშვიდობა და არგადარ... სიკეთე ნუ მოგიშალოს! - სტუმრებს ელოდები თუ რას ერჩი მაგ მამალს? - დღეს ჩემი საბა ჩამოდის ქალაქიდან თავისი ცოლით და პატარებით. შვებულება ოუღია ორკვირანი. - ვახ, მოსალოცი ამბავია. ძალიან დაგვივიწყა მაგ ბიჭმა. - რა ქნას ნენა, სამსახურს თავს ხომ ვერ დაანებებს? ბიძია თომამ რეზინის ჩექმები ამოიცვა, ბადე მხარზე გადაიგდო და სათევზაოდ გაეშურა. სოფელი ნელ-ნელა იღვიძებდა. M.M. თავისი სახლის წინ გამართულ ძელსკამზე ჩამომჯდარიყო და ელოდა როდის მოიცლიდა მისი კარის მეზობელი k@the შაირობისთვის. - დილა მშვიდობის M.M., როგორ ხარ? - ეჰ, აბა როგო ვიქნები ჩემი დედაკაცის ხელში... - M.M.-მა ცუღლუტად გაიღიმა და ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა. არადა ყველამ იცოდა მისი და *******-ს სანიმუშო ცოლ-ქმრობის ამბავი. სოფელში ქალ ვაჟი რომ დაქორწინდებოდა, ასე ლოცავდნენ: M.M. და *******-სავით ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო. - რა გინდა ძმაო, მოდერი ქალი გინდოდა და გერგო კიდეც - ღიმილითვე მიუგო ბიძია თომამ და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ნათიას "კოლხოზნიკის" რახრახი შემოესმა უკანიდან. ამ "კოლხოზნიკს" თუმცა ხანდახან კარი სძვრებოდა და არც კომფორტულობით გამოირჩეოდა, მაგრამ admin-ის "ზაპოროჟეცთან" ერთად საუკეთესო მანქანად ითვლებოდა სოფელში. - ზღვისკენ, ნათი? გამაყოლე მეცა ნათიამ გაუჩერა და თემომ წესიერად ვერც მოასწრო სავარძელზე მოკალათება, რომ მკვეთრად მოწყვიტა მანქანა ადგილიდან და გაზის პედალს ბოლომდე დააწვა. "ესღა უნდა ჩემ ბებერ ძვლებს?" - გაიფიქრა ბიძია თომამ და ოღროჩოღრო გზაზე წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა, მის წინ სკოჩით მიმაგრებულ ხის უჯრას ჩაებღაუჭა, რომელიც "ბარდაჩოკის" მაგივრობას სწევდა. უჯრა გადმოიხსნა და იქიდან შოკლოლადები გადმოცვივდა, თუმცა მალევე აკრიფეს. ნათიამ თანამგზავრი სენატის კლდესთან ჩამოსვა, თვითონ კი სანაპიროს გაუყვა. მთელი დღე ასე დადიოდა ხოლმე და სილაზე გამორიყულ დელფინებს ეძებდა. რომელსაც ცოცხალს მიუსწრებდა, ზღვაში უშვებდა, მკვდრებს კი მარხავდა. ბიძია თომა შუადღისას დაბრუნდა სოფელში. ბევრი ვერაფერი დაეჭირა, თუმცა მისთვის მთავარი თევზაობის პროცესი იყო და არა შედეგი. თევზი ცოლს ჩააბარა, ჩექმები და ბადე აივანზე დატოვა და თვითონ თავისი "სასაუბროსაკენ" გაემართა. "სასაუბრო", ანუ ბიძია თომას ქოხი, როგორც მას ყველა ეძახდა, მთელი სოფლის მოხუცების თავშეყრის ადგილი იყო. ბიძია თომამ ის ათიოდე წლის წინ ააშენა. ქოხი ოთხ ბოძზე იყო შეყენებული. უკანა ორი ბოძი თემოს ღობის ნაწილი იყო, წინა ორი კი გზისპირზე იდგა. სიმართლე რომ ითქვას, გზისპირზე კი არა, სავალ ნაწილზე, მაგრამ ამ პტარა უწესრიგობაზე admin-იცა და მცხოვრებლებიც თვალს ხუჭავდნენ. სასაუბროში ასვლისთანავე მასპინძელმა ვიღაცის ნაბიჯებს მოჰკრა ყური კიბეზე. კიბის ძალუმი ჭრაჭუნის მიხედვით დაასკვნა, ქავთარაძე იქნებაო და არც შემცდარა. მისალმების შემდეგ ბიძია თომამ კედელთან მიდგმული სკივრიდან (რომელიც სკამის მოვალეობასაც ასრულებდა) ერთი გრაფინი არაყი, ორი ჭიქა და პატარა პარკით ორცხობილა ამოიღო. მაგიდაზე სუფრის მაგივრად "Feigenblatt"-ის რამდენიმე ფურცელი ეფარა. ამ გაზეთს ფორუმის გერმანული დიასპორა გამოსცემდა k@the-ს თაოსნობით. მთელი ტირაჟი გამოსვლის დღსევე იყიდებოდა, რადგან შესანიშნავ რბილ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და იაფიც ღირდა. - ღვინო არ გაქვს? - აღარ, გამითავდა. მერე გადავალ, იქნებ komisia-ს გამოვტყუო რამე. უნდა მახვეწნინოს, ხო ვიცი. - რა გაქ სახვეწარი, ორი ორასლიტრიანი ქვევრი არ აქვს სავსე სახლის უკან? - მაგას ხელს არ ახლებს, ფორუმის ასი წლის იუბილესთვის ვინახავო. - ბიჭო, რა დაძველებული იქნება! გადავყვებით კიდეც, მეტი კი არ გვინდა ბებრებს. ნელ-ნელა შეყვნენ ლაპარაკს და არაყს, თან სხვების მოსვლის იმედიც ჰქონდათ. - ტიტუუუუ!!! - თამარი_ცქნაფოს აივანს შემზარავი კივილი მოსწყდა, გარშემო ბორცვებიდან აირეკლა და მთელ სოფელს მოედო. მთელმა სამეზობლომ მის ეზოში მოიყარა თავი. ცქნაფო აივანზე იდგა, ცალ ხელში გაზეთი ეჭირა, მეორეს თავში იცემდა და გულსაკლავად მოთქვამდა: - შენ გაჩენას რატო გომბეშო არ გავაჩინე და შენ გაზრდას რატო ბულდოგი არ გავზარდეეეე..... რავა შემარცხვინე და გამათახსირე ამხელა მოდერი ქალიიიი... რეიზა მომჭერი თავი და გამომაჭენე დუნიაზეეეე... როგორც გაირკვა, თამარი_ცქნაფოს თავისი შვილის ინტერვიუ წაუკითხავს გაზეთში, სადაც მის ნალაპარაკევში მთელი სამი (!) გრამატიკული შეცდომა აღმოაჩინა. ცქნაფო როგორც იყო დაამშვიდეს, გაზეთს გაეპარებოდა კორექტურაო და ყველა სახლებში წავიდ-წამოვიდა. მზე ნელ-ნელა ბორცვებს მიეფარა და ადგილი მთვარეს დაუთმო. ბიძია თომას ეზოში კაკლის ხის ტოტზე ჭოტი შემოჯდა და რამდენჯერმე გულსაკლავად დაიკივლა. უეცრად რაღაცამ იგრიალა და ჭოტი ქვასავით დაენარცხა მიწაზე. კმაყოფილმა staywhite-მა თოფი მხარზე გაიდო და ოთახში შებრუნდა. გაგრძელება იქნება. შენიშვნები, შეკითხვები თუ სურვილები შეგიძლიათ დაწეროთ, ზედმეტ კომენტარებს გთხოვთ მოერიდოთ. M.M. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
10 მესამე დღეა გადაუდებლად ბარდნიდა. ფორუმის დასახლება თოვლის სქელ საბანში გახვეულიყო. საკვამურებიდან ამოსული ბოლის სვეტები შვეულად მიემართებოდნენ საავადმყოფოს პალატის ჭერივით გათეთრებული ცისაკენ. ბიძია თომა ეზოში ბილიკის გაკვალვას მორჩა და ქალაქიდან რამდენიმე დღით ჩამოსულ შვილიშვილს წამოადგა თავზე. ბიჭს მუხლებზე წიგნი გაეშალა და ყურადღებით კითხულობდა. - რა არი, რა დალაქული გაქ წიგნი?! პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიო სისუფთავეს. იყო ასეთი მოკრივე, ვიაჩესლავ სტოპუდოვკინი, მეტსახელად "გლიბა". თავის მემუერებში ისა წერდა, რო... - იყო? ახლა პენსიაზე გავიდა? - ეჰ, პენსიაზე კი არა, მარილზეც გავიდა უკვე კარგა ხანია. მაგარი იყო. დაუამარცხებელი არა ყოფილა, ხან იგებდა, ხან აგებდა, მაგრამ ყველა გამარჯვება ნოკაუტით აქ მოპოვებული. სამი კაცი შემოაკვდა კიდეც რინგზე. ტექნიკა არ უვარგოდა, თორე არნახული ჯანის პატრონი იყო. მაგის ცოლს, პრასკოვია ივანოვნას, პირადად ვიცნობ. პატარა ტანის ქალია, სათნო და წყნარი. ამბობდა ხოლმე, ნეტარსახსენებელი ჩემი ქმარი ოჯახში ისეთი ნაზი მოქცევისა იყო, ვე... - კარგი პაპა, სამეცადინო მაქ ეხლა, საკონტროლო უნდა ვწეროთ მალე. - ჯერ გითხრა რას წერდა "გლიბა" სისუფთავეზე. ზეპირად მახსოვს ციტატა ქართული თარგმანიდან: "ადამიანმა სისუფთავე არასოდეს არ უნდა დაივიწყოს. მე როცა მოწინააღმდეგეს მუცელში ვურტყამ, სულ თვალი მიჭირავს, რომ პირიდან ამონთხეული კუჭის შიგთავსი ზედ არ შემომესხას." ემაგ მათემატიკას რო ჩაჰკირკიტებ, ეგ კი არაა მთავარი. მათემატიკამ შეიძლება ფული კი გაშოვნინოს, მაგრამ ადამიანობას ვერ გასწავლის. დიდი ადამიანების ნააზრევი უნდა იკითხო და ცხოვრებაში გამოიყენო, მაშ! გადავალ ეხლა ქოხში, ვინმე იქნება ამოსული, დაველაპარაკები ხალხს. ქოხში მართლაც დაუხვდნენ თათარაშვილი და maZiebeli. მაგიდაზე სანახევროდ უკვე შევსებული კროსვორდების გაზეთი გაეშალათ და გატაცებით განაგრძობდნენ შევსებას. - ეს არი კროსვორდი "პ', ყველა სიტყვა პ-ზე იწყება. აბა, წარმონაქმნი მზის ზედაპირზე. - პროტუბერანეცი. - ნაწლავის კედლის ტალღისებრი შეკუმშვა? - პერისტალტიკა. - ძველბერძნული საბრძოლო ხელოვნება? - პანკრატიონი. - საღვთისმსახურო წიგნი? - პარაკლიტონი. - ერთუჯრედიანი ორგანიზმიც გეცოდინება, თერთმეტი ასოა. - პლაზმოდიუმი. - იგივეა, რაც მომლოცველი. - აუ, ენის წვერზე მადგას! მოიცა, ეხლავე... ფუ, მჭადის სახელი რო დაგავიწყდება კაცს! ამ დროს კარი გაიღო და ქოხში თოვლით დაფარული piligrimi შემოვიდა. - პილიგრიმი! - რა იყო, რა გაგიხარდა ჩემი მოსვლა? - შენი მოსვლა კი არ გამიხარდა, კროსვორდის პასუხია პილიგრიმი. უფრო სწორად, - დაიბნა maZiebeli - შენი მოსვლა განა არ გაგვიხარდა, უბრალოდ... მოკლედ, ხვდები რისი თქმაც მინდა. ქოხის კარი კიდევ ერთხელ გაიღო. - გამარჯობა თქვენი, admin-იც აქ ხო არ არი? - კარიდანვე იკითხა M.M.-მა. - არა, აქ არაა. შემო და კარი დახურე, გაივსო ოთახი თოვლით! - არა მცალიან. ეხლა აქეთ ვიყავ და ბარემ ვიკითხე. რახან აქ არ არი, სახლში გაუვლი. - რა იყო, რა მოღუშული ხარ დღეს? - მა როგო ვიქნები, როცა ამოტოლა საფრთხე ემუქრება სოფელსა? - უპასუხა M.M.-მა და კარი სასწრაფოდ გაიხურა. ქოხში მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს. ქარმა საიდანღაც მშიერი ტურის სევდიანი ყმუილი მოიტანა და ფორუმელების გულებში განგაშის გრძნობა კიდევ უფო გააძლიერა. ხალხო, როლებს რაც შეეხება, თანდათან დაემატება კიდევ ხალხი. ხუთიათას კაცს ვერა, მაგრამ კიდევ ბევრს ჩავრთავ ალბათ, თუ არ მომბეზრდა და არ დავამთავრე მალე. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი