მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
lch |
Apr 25 2009, 06:44 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!
ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულთა დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!!! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!! თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ამ თემას ვხსნი არა ურთიერთ დაპირისპირებისთვის და ურთიერთ შეურაწყოფის მიყენების მიზნით, არამედ რათა ყოველმა ჩვენგანმა მშვიდად და ურთიერთ პატივისცემით გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ამ ახალ გადაწყვეტილებაზე: კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)... ეს არის ხელშეკრულების ძირითადი თეზა, ეს მომდინარეობს ჩვენი უწმინდესისგან, დიდება მას!!! მაგრამ ჩემთვის პირადად მონასტერი დღესდღეობით არის ერთადერთი სიმშვიდის, სულიერების წყარო, ადგილი (ოაზისი) სადაც შეიძლება აქაურ (ქალაქის, ერის საერთოდ) დაძაბულ და გაუსაძლის ცხოვრებას "გაექცე" და თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც შეეფარო... ეხლა, ამ გადაწყვეტილებით კი "სოდი"-ს, "კუდი"-ს, "შსს"-ს და ვიღაცა შაშკინის დამქაშებს საქართველოს ყველა მონასტერში წანწალის და კონტროლის უფლება მიეცემა... და ეს დაარღვევს მონასტრული ცხოვრების მთელს წყობას... მე, როგორც მიწა მეუფებისა ჩვენისა, უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი, ამ გადაწყვეტილებას მორჩილებით ვიღებ. იმ მონასტერთან, სადაც მე მრავალი წლეია მიხდება ურთიერთობა (და გარკვეული პერიოდით ცხოვრებაც კი), ასეთ სიტუაციაშიც (თუ მართლაც მოხდა) არ გავწყვეტ ურთიერთობას, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი რაღაც ყველგან შექმნის რაღაც დაბრკოლებებს... საინტერესოა თქვენი აზრიც... ვიმსჯელოდ ამ საკითხზე (ვიმეორებ შეურაწყოფებისა, ქილიკის და განკითხვის გარეშე).... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
კანონისტი |
May 6 2009, 10:58 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მთავრობას შორის მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდეგომში - ეკლესია), რომელსაც წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საქართველოს მთავრობა _ რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური: - ვაღიარებთ რა ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან; - ვაცნობიერებთ რა ეკლესიის უდიდეს მნიშვნელობას ერის სულიერ განვითარებაში; - ვადასტურებთ რა ეკლესიის კეთილისმყოფელი როლის გასაძლიერებლად და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებობას; - შეგნებული გვაქვს რა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, როგორც თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ალტერნატივის სახით სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული უფრო მსუბუქი სახის სასჯელის მნიშვნელობა; - ვგრძნობთ რა პასუხიმგებლობას ყოველი მსჯავრდებული პირის მიმართ და გამოვთქვათ მზადყოფნას ურთიერთთანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ასეთ პირთა რესოციალიზაციას საეკლესიო ცხოვრებაში მათი ჩართვისა და ამავე ფარგლებში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაში მათი აქტიური მონაწილეობის ფორმით; - მივიჩნევთ რა მნიშვნელოვნად მსჯავრდებულთა სულიერად გაძლიერების აუცილებლობას; `საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების~ პირველი მუხლის საფუძველზე და 2001 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის გათვალისწინებით ვდებთ შემდეგ შეთანხმებას: მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. წინამდებარე შეთანხმებით დადგენილია ეკლესიასა და მთავრობას შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3_მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდასთან დაკავშირებული ღონისძიებათა გატარების წესი და ფორმები. 2. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების უშუალო განხოციელებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) მუხლი 2. თანამშრომლობის პრინციპები და საგანი 1. მხარეებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებს. 2. თანამშრომლობის საგანს წარმოადგენს მსჯავრდებული პირებისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდის უზრუნველყოფის მიზნით ეკლესიისა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული საქმიანობა. 3. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, თანამშრომლობის სფეროში მის მიერ ორგანიზებული ღონისძიების შესრულებისთვის და რომ ამის თაობაზე აცნობებს მეორე მხარეს. 4. ეკლესია უფლებამოსილია წარუდგინოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შუამდგომლობა ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სამინისტროს შესაბამისი სამსახური იღებს ვალდებულებას განიხილოს წარდგენილი შუამდგომლობა და მიიღოს გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. სამინისტრო უზრუნველყოფს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირის დასწრებას შუამდგომლობის განხილვისას. 5. ეკლესია იღებს ვალდებულებას, მსჯარდებულის თანხმობით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უზრუნველყოს მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ მონასტრებსა და საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობებში, აგრეთვე ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა დაწესებულებებში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონიკური სამართლის ფარგლებში. 6. იმ მონასტრებისა და საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობების, აგრეთვე ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც მსჯავრდებულმა შეიძლება მოიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ეკლესია. 7. ეკლესია შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის სამსახურს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსის და პირობების აღწერილობით, ასევე სასარგებლო შრომის მოხდის კონკრეტული ადგილის (გეოგრაფიული მდებარეობა, დაწესებულების დასახელება და საქმიანობა) მითითებით. შუამდგომლობით განისაზღვრება აგრეთვე ეკლესიის მიერ უფლებამოსილი იმ პირის ვინაობა და ტელეფონის ნომერი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს ეკლესიის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. 8. მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისას შესრულებული სამუშაოს სახისა და მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს ეკლესია, რომელსაც სამინისტროსთან ურთიერთობებში წარმოადგენს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი. 9. მსჯავრდებულის ქცევის, მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლს და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის მდგომარეობის შეფასებას ახორციელებს სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი. 10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ეკლესია უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს მსჯავრდებულის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე. 11. სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულებისას ითვალისწინებს ეკლესიის რეკომენდაციებს. მუხლი 3. სასჯელის მოხდისათვის საჭირო პირობების შექმნა ეკლესია უზრუნველყოფს ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში, საღვთისმსახურო წესებისა და კანონიკური ნორმების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისათვის საჭირო პირობების შექმნას. მუხლი 4. მსჯავრდებულის შეხვედრა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან 1. მხარეები უზრუნველყოფენ მსჯავრდებულის შეხვედრას ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. 2. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში უფლება აქვს შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ეკლესიის მიერ სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას. 3. ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელს წინა პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობის თაობაზე, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის აუცილებლობიდან, აგრეთვე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ობიექტური გარემოებებიდან. 4. მსჯავრდებულს უფლება აქვს ოჯახის წევრებთან შეხვედრის მიზნით ეკლესიის მიერ უფლებამოსილ პირთან წინასწარი შეთანხმებითა და სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობით, არაუმეტეს თვეში 4 დღისა, დატოვოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილი. 5. მსჯავრდებულთან შეხვედრის მსურველი პირი ვალდებულია, შეხვედრის თაობაზე ეკლესიის მიერ უფლებამოსილ პირს შეატყობინოს შეხვედრამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. 6. ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მსჯავრდებულისათვის დამატებითი შეხვედრის უფლების მიცემის შესახებ, თუ კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიების გამოყენება. მუხლი 5. შეთანხმების ძალაში შესვლა ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი